ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი


ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდა და წინ მოუძღოდა ჯარსა. ჯარი, გრძლად და ლამაზად დამწკრივებული, ფეხდაფეხ მისდევდა მეფესა. გზა საინგილოზე მიდიოდა. ერეკლე შემოვიდა ერთს განიერს ორღობეში, რომლის აქეთ-იქით ჩამწკრივებული იყო დიდრონი ვენახები და ბაღები, სავსე დამკრახული და დაბრაწული ხილითა.

უცებ მეფეს თავზე ვიღაცამ გადმოაყარა მთელი ბღუჯა ქლიავი. გაოცებულმა მეფემ თავისი ბედაური შეაყენა. გაჩერდა ჯარიცა. მიიხედ-მოიხედეს და იქვე ვენახის ღობესთან დაინახეს ვეებერთელა ქლიავის ხეზე თორმეტიოდე წლის ინგილო გოგონა, რომელსაც ქლიავი ესროლა მეფისთვის.

მხლებელნი მეფისა წამსვე ჩამოიჭრნენ ცხენებიდან, აცვივდნენ ღობეზე და შეჰყვირეს პატარა ქალსა: „შე ბრიყვო, შე საძაგელო, ეს რა ჰქენი? მეფე ერეკლეს თავზე ქლიავის გადმოყრა როგორ გაბედე? ჩამო ეხლავ ხიდან და ბოდიში მოითხოვე მეფის წინაშე, თორემ შავი დღე დაგადგება“.

- რაო? მეფე ერეკლეო? - განცვიფრებით ჩამოსძახა ზევიდან გოგონამ. - რას ამბობთ? ეგ რომ ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე იყოს, განა სპარსულს ქუდს თავზე დაიხურავდა? არა, ეგ ტყუილია. მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე სპარსელს, ჩვენს მოსისხლე მტერსა და არა მეფე ერეკლეს, რომელიც ყველა ქართველს ღმერთივით გვიყვარს და თქვენ სულ ტყუილად მემუქრებით. არც ძირს ჩამოვალ და არც ბოდიშს მოვიხდი. და უფრო მაღლა წავიდა ხეზე.

ეს პასუხი გაიგონა მეფე ერეკლემ, გულიანად გადაიხარხარა, მოიხადა სპარსული ქუდი, რომლის ტარებას დაეჩვია ყმაწვილობაში, სპარსეთში ყოფნის დროსა, დაანახვა თავისი მშვენივრად მოყვანილი ქართული თავი და შესძახა პატარა ქალსა: „ყოჩაღ, ქალო! სრულიად მართალი ხარ. სპარსული ქუდი სწორედ რომ არ უნდა მეხუროს მე. ქართველი მეფე გარეგნობითაც, ტანისამოსითაც ქართველი უნდა იყოს. კარგი, ჩინებული დარიგება მომეცი შენ მაგ ქლიავის სროლითა. ბარაქალა შენს ქართველ ქალობასა!“

ამასთან ერეკლემ იკრა ჯიბეზე ხელი, ამოიღო მთელი ბღუჯა თეთრი ფული, მისცა თავის მხლებლებს და უბრძანა: „საჩუქრად მიეცით ეს მაგ სამაგალოთო ქართველ გოგოცუნასო“.

გოგო ახლა კი მიხვდა თავის შეცდომას და შეწუხდა ძლიერ, საჩუქარი შორს დაიჭირა, ცივს უარზე დადგა, მაგრამ მხლებელმა უთხრა მოსარბილებლად: „განა მეორედაც გინდა აწყენინო მეფესა? მეფის წყალობაზე უარის თქმა ვის გაუგონია? თუ გსურს, შენი შეცდომა გაასწორო და ერეკლე მეფეს აამო, ეს ფული მიიღე საჩუქრადა“.

მაშინ კი გოგო დაეთანხმა, ზევიდან ქვემო ტოტზე ჩამოვიდა, მოსწვდა ძირსა, გამოართვა ფული და ჯიბეში ჩაიჩხრიალა; მერმე შურდულივით ავარდა ქლიავის კენწეროზე, კარგად გამოჩნდა, გასწორდა ტოტზე, მეფეს დაბლა დაუკრა თავი და წკრიალა ხმით გადმოსძახა: „მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!“

„ქართველ ქალსაც გაუმარჯოს!“ - შესძახა მამობრივი ხმით მეფე ერეკლემ, დასძრა თავისი ბედაური და ჯერ კიდევ თავმოხდილი გაუძღვა ჯარსა. ჯარი, ამაყი თავისი მამაცი მეფით და თავისი ვაჟკაცობით, უკან მისდევდა მწყობრად და თანაც აგუგუნებდა მშვენიერს ქართულს სიმღერასა. ქართველი ქალი კი იდგა ამართული ქლიავის კენწეროზე, თვალს არ აშორებდა მიმავალს მეფესა და მის ჯარსა და, შეწყდებოდა თუ არა სიმღერა, ჰაერში გაისმოდა მისი ზარივით ხმა: „მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!“ „ქართველ ჯარს გაუმარჯოს!“ ამ სახით იდგა ქართველი ქალი დიდხანს და გრძნობდა იმისთანა სიხარულს, იმისთანა ნეტარებას, რომელიც წინათ სიზმრადაც არ მოსჩვენებია. ქალს უზომოდ ახარებდა ნახვა სანატრელის მეფისა, მასთან საუბარი, მისი მამობრივი ქება, მისი მეფური საჩუქარი. ქალი, სიხარულით დამთვრალი, ჩამოვიდა ხიდან მხოლოდ მაშინ, როდესაც შორეულმა ნისლმა დაჰფარა მეფეცა და მისი ჯარიცა.

მაგრამ ამ ადგილიდან ქალს წასვლა აღარ უნდოდა. ის სიყვარულით შესცქეროდა ხან იმ ადგილს, სადაც მეფე ერეკლე ედგა და ელაპარაკებოდა და ხან ქლიავის ხესა, რომელთანაც იმ დღიდან შეერთდა, შეხორცდა მის გონებაში ბედნიერი წამი, უტკბილესი შემთხვევა. ერთი საათის წინათ უბრალო ხეხილი ახლა ამ პატარა ქალის თვალში გადაიქცა გულითად მეგბრად, ძვირფას მოკეთედ, თითქმის კეთილ სულიერად გადაიქცა სამუდამოდ, საუკუნოდ.

ბოლოს გოგოცუნა გამოფხიზლდა ჭარბი სიხარულისგან, მოაგონდა თავისი დედ-მამა და მოჰკურცხლა შინისაკენ, რათა ეხარებინა მათთვის თავისი საარაკო ბედნიერება. II

გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთს ინგილო გლეხს თავის დარბაზში ქორწილი ჰქონდა გაჩაღებული. დედოფლად იყო ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალი, ახლად შეღერებული და ისეთი ეშხიანი, რომ კაცი თვალს ვერ მოაშორებდა. მის ჭკვიანსა და მიმზიდველ სახეზე თამაშობდა, ბრწყინავდა სხივი პირველის ქალწულებრივის სიყვარულისა. ეს სიყვარული აენთო უმანკო ქალის გულში ერთს საუკეთესო ინგილო ვაჟკაცსა, რომელიც მას გვერდს უმშვენებდა. ამასაც პირისახეზე ცხადად ჰქონდა აღბეჭდილი ნეტარება პირველის უმანკო სიყვარულისა. პირველის წმინდა სიყვარულს უმანკო ქალისას პასუხს უგებდა, ბანს აძლევდა პირველი და წმინდა სიყვარული უმანკო ვაჟისა. „ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“, ფიქრობდა და ამბობდა ყველა, ვინც კი ამ მეფე-დედოფალს ერთად ჰხედავდა.

დაიწყო თუ არა საქორწილო ლხინი, თამადამ ბრძანების კილოთი წარმოსთქვა ხმამაღლა: „სმენა იყოს და გაგონება! ეს ღმერთმა აცოცხლოს და ადღეგრძელოს ჩვენი გმირი მეფე ერეკლე, გამარჯვება ნუ მოაკლოს ლეკებზე, სპარსელებზე, ოსმალებზე, სამხრეთსა და ჩრდილოეთზე“. „ადღეგრძელოს, ადღეგრძელოს!“ - შესძახეს ისეთი აღტაცებით სტუმრებმა, რომ კაცს შეეშინდებოდა, ჭერი არ ჩამოინგრესო.

სწორედ ამ წუთს უცებ გაიღო დარბაზის კარები, შევიდა ერთი უცხო ვაჟკაცი, მშვენიერს ტანისამოსში გამოწყობილი, და სალამი მისცა: „აგაშენოთ ღმერთმა და აბედნიეროს მეფე-დედოფალი!“ მერმე სთქვა: „რა ჩინებულს დროს მოვედი და მე გამომგზავნა მეფე ერეკლემ და მიბრძანა: „ეს საჩუქარი მიართვი იმ ინგილო ქალსა, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მთელი მუჭა ქლიავი უთავაზა ჩემს სპარსულს ქუდსაო“, და გადასცა დედოფალს ვეებერთელა ქისა, სავსე ბაჯაღლო ოქროებითა. მზითევიც გამომატანა და აი კიდეც მოაქვთო, და ამ დროს კარზე მოადგათ რამდენიმე ურემი, დატვირთული მშვენიერი მზითვის ნივთეულობითა.

დატრიალდა ისეთი სიხარული, ასტყდა ისეთი ქება და დიდება ერეკლესი, მისი კაცთმოყვარეობისა, რომ არც ენით ითქმის და არც კალმით აიწერება სავსებით. არ დარჩა არც ერთი ლექსი იმ მრავალ სადიდებელ ლექსთაგანი, რომელნიც ერეკლეზე იყვნენ გამოთქმულნი, რომ არ ემღერნათ სტუმრებს უსაზღვრო აღტაცებით. მღეროდნენ კაცნიც, ქალნიც, დიდნიც და პატარანიცა და ადიდებდნენ მეფე ერეკლესა. მეტადრე დედოფალი სამოთხის ნეტარებასა გრძნობდა. ისე მზითევი არ ახარებდა, როგორც ყურადღება სათაყვანო მეფისა.

გავარდა ფიცხლავ ეს ხმა მთელს საინგილოში და ყველა ინგილო ქალი თუ კაცი, მზითევის გაგზავნას მეფისაგან საკუთარ, პირად ჯილდოდ სთვლიდა, მთელის საინგილოს დასაჩუქრებლად მიაჩნდა. და ეს განაპირა კუთხე საქართველოსი მთლად აივსო მხურვალე მადლობითა და უზომო ერთგულებით მეფისადმი. III

ამის შემდეგ განვლო კიდევ ოცდახუთმა წელმა. კრწანისის ველზე თბილისის პირში საშინელი ომი იყო. ხუთი ათასი ქართველი ებრძოდა სამშობლოს დასაცველად სამოცდაათიათას სპარსელსა. ოთხმოცი წლის ერეკლე მეფე, ჯერ კიდევ მხნე და გულადი, ლომივით იბრძოდა და თავს სრულიად არ ზოგავდა. მისი სიცოცხლე ყოველ წამს საფრთხეში იყო. ხან მის ახლო, ხან მის გვერდით, ხან მის წინ იბრძოდნენ, სხვათა შორის ორნი რჩეულნი ვაჟკაცნი, რომელნიც თავისი საოცარი სიმამაცით, თავისი თავგანწირულობით მეფისათვის, ყველას ყურადღებას იპყრობდნენ, ყველას აკვირვრებდნენ, არა ერთხელ აქციეს მათ უკან მტერი, მეფეზე მოსული, არაერთხელ მიუშვირეს მათ საკუთარი მკერდი მტრის ტყვიასა და ხმალს, მეფისათვის დამიზნებულს, არა ერთს სპარსელს დაუბნელეს მზე. მაგრამ თავისი სიცოცხლე კი შესწირეს მეფესა და საქართველოს. ეს ორივენი დაიხოცნენ კრწანისის ველზე გმირულის სიკვდილით მეფე ერეკლეს თვალის წინ.

ვინ იყვნენ ეს ნორჩნი ვაჟკაცნი?

იგინი იყვნენ უფროსი ვაჟიშვილები ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალისა და ნათლულნი თვით მეფე ერეკლესი.

დედას მალე მოუვიდა საინგილოში ამბავი: შენმა შვილებმა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინეს, არა ერთხელ გადაარჩინეს სიკვდილს თავისი ნათლია მეფე, მრავალს სპარსელს დაუბნელეს მზე და თავი შესწირეს მეფესა და საქართველოსაო.

„ვმადლობ, მხურვალედ ვმადლობ უფალსა, რომ მან აღირსა ჩემს შვილებს გმირული სიკვდილი, სიკვდილი სახელოვანი მამულიშვილებისა“, - წარმოსთქვა დედამ იმისთანა ხმით, რომელშიაც დიდ ნუგეშთან უღრმესი და უმწარესი დედობრივი სიმწუხარე ცხადად ისმოდა. „ტყუილად კი არ მძულდნენ პატარაობიდანვე სპარსელები ისე ძლიერ, რომ მზად ვიყავი, ყოველს მათს დანახვაზე ზედ შევკვდომოდი. გული თითქოს მაშინვე მეუბნებოდა, რომ ეს მტარვალები შენცა და შენს საქართველოსაც დიდს უბედურებას მიაყენებენო და აჰა წინათგრძნობა გულისა მთლად ამიცხადდა“.

„მაგრამ, ნუ გაუხარდებათ მტრებსა“, - განაგრძო სამაგალითო დედამ: - „ღვთის წყალობით, მე კიდევ მყავს ოთხი ვაჟი და ორი ქალი. მე მათ დავზრდი უფრო უკეთესს, უფრო გულმხურვალე მამულიშვილებად და ისინი სხვა ქართველი დედების აღზრდილ მამულიშვილებთან ერთად გადაუხდიან მტერს სამაგიეროს და ჩვენს საქართველოს დააყენებენ ბედნიერს გზაზე.