პატარა პრინცი

please do not remove empty parameters (see the template documentation).
პატარა პრინცი
by [[Author:{{{author}}}|{{{author}}}]]
(თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა) ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოები;


პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას:

ლეონ ვერტს. როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.

I

ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელიშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. აი იმ ნახატის ასლი.


წიგნში ეწერა: „მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო“.

მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო ჩემი ნახატი ნომერი 1.


ჩემი შედევრი დიდებს ვუჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ-მეთქი. „განა ქუდი საშიშია?“ - მომიგეს მათ.

მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა! ჩემი ნახატი ნომერი 2 ასეთი იყო:


დიდებმა მირჩიეს ხელი ამეღო მახრჩობელა გველების ხატვაზე, შიგნიდან იქნობოდა, თუ გარედან, და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. ამიტომ იყო, რომ ექვსი წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრობის ბრწყინვალე კარიერაზე. ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატის უგულებელყოფამ გული გამიტეხა. დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.

ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავის ხელობა შევისწავლე. თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონისაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე.

ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ სერიოზულ ადამიანს შევხვედრივარ, დიდხანს მიცხოვრია დიდებს შორის და საშუალება მქონდა ძალიან ახლო გავცნობოდი მათ. მაგრამ ამან მაინცდამაინც ვერაფერი შემატა მათ ჩემს თვალში.

როცა ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელიც სხვებზე უფრო ნათელი გონების პატრონი ჩანდა, ჩემს ნახატ ნომერ 1-ს ვუჩვენებდი, რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა, ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა. მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ - „ქუდიაო“. ამის შემდეგ აღარაფერს ვუყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერ ტყეებსა და ვარსკვლავებზე, მათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს ვუბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე, და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს.

II

ასე მარტოდმარტო ვცხოვრობდი და არავისთან შემეძლო გულითადი საუბარი, ვიდრე ერთხელ, ამ ექვსიოდე წლის წინათ, საჰარის უდაბნოში არ მომიხდა იძულებით დაშვება. ჩემი თვითმფრინავის ძრავას რაღად დაუზიანდა და, ვინაიდან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრი მყავდა, გადავწყვიტე, თავად მეცადა დაზიანებული ნაწილის შეკეთება. ამაზე იყო ახლა დამოკიდებული ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე. სასმელი წყლის მარაგი დიდი-დიდი ერთი კვირა თუ მეყოფოდა.

ღამით სილაზე დავიძინე დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ უდაბნოში. გემის დაღუპვის შემდეგ შუაგულ ოკეანეში ტივზე შერჩენილი მეზღვაურიც კი არ იქნებოდა ჩემსავით მოწყვეტილი მთელ ქვეყანას. და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სისხამ დილით უცნაურმა წკრიალა ხმამ გამაღვიძა:

- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი!

- რა?

- ბატკანი დამიხატე!

ელდანაკრავივით წამოვვარდი ზეზე, თვალები მოვიფშვნიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა. აი, მისი ყველაზე უკეთესი პორტრეტი, რომლის დახატვაც შემდეგ შევძელი. ჩემი ნახატი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ორიგინალს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დიდებმა ამიცრუეს ხატვაზე გული, როდესაც ჯერ კიდევ ექვსი წლისა ვიყავი, და მეც ვარაფრის დახატვა ვერ ვისწავლე, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.


გაოცებული მივჩერებოდი ამ მოულოდნელ ზმანებას და თვალებს არ ვუჯერებდი. არ დაგავიწყდეთ, რომ უდაბნოში ვიყავი, მრავალი ათასი მილით დაშორებული ადამიანის სამკვიდრებელს. ბიჭუნა კი არც გზააბნეული ჩანდა, არც დაღლილობით, შიმშილითა და წყურვილით ღონემიხდილი და არც შეშინებული. იგი არაფრით მოგაგონებდათ ბავშვს, რომელსაც გზა აბნევია შუა უდაბნოში, ადამიანთა საკვიდრებლიდან მრავალ ათას მილზე. როგორც კი მოვიკრიბე ძალღონე და შევეკითხე:

- კი მაგრამ... აქ რას აკეთებ?

პასუხად მან ძალიან ნელა და დინჯად გამიმეორა, თითქოს უაღრესად დიდმნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობსო:

- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი...

როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილით დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი. მაგრამ უცებ მომაგონდა, რომ მე გეოგრაფიაში, ისტორიაში, არითმეტიკასა და მართლწერაში უფრო ვიყავი გაწაფული და, ცოტა არ იყოს, მკვახედ ვუთხარი, ხატვა არ ვიცი-მეთქი. მაგრამ ბუჭუნამ მომიგო:

- ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიხატე ბატკანი.

ვინაიდან ბატკანი არასოდეს დამეხატა, დავხატე ის, რაც შემეძლო - ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან, და სახტად დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა:

- არა! არა! არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს. მახრჩობელა გველი ძალიან საშიშია, სპილო კი - ძალიან დიდი. აქ, ჩემთან, ყველაფერი ძალზე პატარაა. მე მხოლოდ ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი.

და მეც დავუხატე.

იგი გულისყურით დააქცერდა ჩემს ნახატს და მითხრა:

- არა, ამას ძალიან ავადმყოფური იერი აქვს, სხვა დამიხატე. სხვა დავუხატე.

ჩემმა მეგობარმა წყნარად და მოწყალედ გამიღიმა:

- შენც ხომ ხედავ, რომ ეს ბატკანი არაა. ეს უკვე ყოჩია. რქები აქვს...

ისევ დავუხატე, მაგრამ მან ესეც დამიწუნა.

- ეს ძალიან ბებერია. მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.

უკვე ამევსო მოთმინების ფიალა... ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი, და კალმის რამდენიმე მოსმით ეს დავუხატე.


თანაც დავძინე:

- აი ყუთი. ბატკანი, რომელსაც შენ მთხოვდი, შიგ არის და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინდა სახე ჩემს პატარა მსაჯულს.

- სწორედ ის არის, მე რომ მინდოდა! როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება?

- რატომ მეკითხები?

- იმიტომ, რომ იქ ჩემთან, ყველაფერი ძალიან პატარაა.

- მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე...

იგი ისევ დააცქერდა ნახატს:

- არც ისე პატარაა... შეხედე! უკვე ჩასძინებია...

ასე გავიცანი პატარა უფლისწული.

III

კარგა ხანი მოვუნდი იმის გაგებას, თუ საიდან მოვიდა იგი ამ უდაბნოში. პატარა უფლისწული კითხვებს კითხვებზე მაყრიდა, ჩემს კითხვებზე კი სიტყვას ბანზე მიგდებდა. შემთხვევით თუ წამოსცდებოდა თითო-ოროლა სიტყვა, რომელთა შემწეობითაც თანდათან აეხადა ფარდა ყველაფერს. ასე მაგალითად, პირველად რომ დაინახა ჩემი თვითმფრინავი (თვითმფრინავს არ დავხატავ, რადგან იგი გაცილებით უფრო ძნელი დასახატია), შემეკითხა:

- რა საგანია ეს?

- ეს საგანი არ არის. ამან ფრენა იცის. ეს თვითმფრინავია, ჩემი თვითმფრინავი.

და მე თავმომწონედ ვამცნე მას, რომ ფრენა შემეძლო.

- როგორ! შენ ციდან ჩამოვარდი?! - წამოიძახა მან.

- ჰო, - გულიბრყვილოდ მივუგე მე.

- საოცარია...

და პატარა უფლისწულმა ხმამაღლა გადაიკისკისა, რამაც ძალიან მატკინა გული. არ მიყვარს, როცა გასაჭირში მყოფს აგდებულად მექცევიან. შემდეგ კი დასძინა:

- მაშ შენც ციდან მოხვედი! რომელია შენი პლანეტა?

ამ სიტყვებმა უეცრად მოფინა ნათელი მისი აქ მოსვლის საიდუმლოს და საჩქაროთ შევეკითხე:

- შენ სხვა პლანეტიდან ხარ?

პატარა უფლისწულმა პასუხი არ გამცა, თავი წყნარად გაიქნია და მზერა ჩემს თვითმფრინავს მიაპყრო.

- მაგრამ ამით შორიდან ვერ მოხვიდოდი... - მითხრა მას და ოცნებაში ჩაიძირა. კარგა ხანს იდგა გარინდებული. შემდეგ ჯიბიდან ჯიბიდან ბატკანის სურათი ამოიღო და დიდხანს დაჰყურებდა თავის განძს.

ალბათ წარმოიდგენთ, როგორ დამაინტერესა მის მიერ გაკვრით ნახსენებმა „სხვა პლანეტამ“ და გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით შემეტყო პატარა უფლისწულის ცხოვრება.

- საიდან მოხვედი აქ, ჩემო პატარა ბიჭო? რას ნიშნავს „იქ, ჩემთან“? სად უნდა წაიყვანო ჩემი ბატკანი?

იგი ერთ ხანს დუმდა ფიქრებში დანთქმული. შემდეგ კი მომიგო:

- რა კარგია რომ ყუთი მაჩუქე. ღამღამობით სადგომად გამოადგება ჩემს ბატკანს.

- რაღა თქმა უნდა, ჭკვიანად თუ იქნები, თოკსაც გაჩუქებ ბატკნის დასაბმელად და პალოსაც.

ჩემმა სიტყვებმა თითქოს შეაკრთო პატარა უფლისწული.

- დასაბმელად? რა სასაცილო აზრია!

- თუ არ დააბი, დასმე წავა და დაიკარგება...

ჩემმა მეგობარმა კვლავ ხმამაღლა გადაიკისკისა.

- სად წავა?

- სადაც მოისურვებს. ააღერებს თავს და სულ პირდაპირ ივლის...

- ამას მნიშვნელობა არა აქვს. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერი ძალიან პატარაა! - დინჯად შენიშნა პატარა უფლისწულმა და ნაღვლიანად დაუმატა:

- პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ...

IV

ამრიგად, კიდევ ერთი უაღრესად საყურადღებო რამ შევიტყვე: პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, სახლზე ოდნავ დიდი ყოფილა მხოლოდ. მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. კარგად ვიცოდი, რომ გარდა ისეთი დიდი პლანეტებისა, როგორიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი და ვენერა, რომლებსაც ჩვენ სახელებიც კი შევაქვით, არსებობს მრავალი სხვა პლანეტა, რომელთა შორისაც ზოგი ისეთი პატარაა, რომ მათი დანახვა ტელესკოპითაც კი ჭირს. როცა ასტრონომი ასეთ პლანეტად აღმოაჩენს, იგი მას სახელის ნაცვლად ნომრით აღნიშნავს. მაგალითად, „ასტეროიდი 3251“.

მე სერიოზული საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, ასტეროიდი ბ612 უნდა ყოფილიყო. ეს ასტეროიდი მხოლოდ ერთხელ, 1909 წელს შენიშნა ტელესკოპით ერთმა თურქმა ასტრონომმა. ამ აღმოჩენის შესახებ მან ვეებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს. მაგრამ, რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები!

მაგრამ ასტეროიდ ბ612-ს უნდა უმადლოდნენ, რომ თურქეთის დიქტატორმა ბრძანება გასცა, ყველა მის ქვეშევრდომს ევროპულად ჩაეცვა, და ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, სიკვდილით დასჯა ელოდა. 1920 წელს, ამჯერად უკვე ევროპულ კოსტუმში დიდებულად გამოწყობილმა ატრონომმა ხელმეორედ მოახსენა კონგრესს თავისი აღმოჩენა. და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა.


ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ აღვნიშნე, რომ დიდებს გაეგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!

და სწორედ ასევე, თუ მათ ეტყვით: „იყო ერთი პატარა უფლისწული, და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ იგი მშვენიერი იყო, იცინოდა და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ბატკანი, ხოლო ვისაც სურს ჰყავდეს ბატკანი, რა თქმა უნდა, არსებობს კიდეც“. ამ სიტყვებზე ისინი მხრებს აიჩეჩავენ და ბავშვად ჩაგთვლიან. მაგრამ თუ ეტყვით, რომ პლანეტას, საიდანაც იგი მოვიდა, ასტეროიდი ბ612 ჰქვია, ეს მათ სავსებით დაარწმუნებს და მეტი შეკითხვით აღარ შეგაწუხებენ. რა გაეწყობა, ასეთი ხალხია დიდები. ნუ გავუბრაზდებით მათ. ბავშვებს დიდი მოთმინება მართებთ დიდების მიმართ.

მაგრამ ჩვენთვის, ვისაც გვესმის ცხოვრების აზრი, მნიშვნელობა არა აქვს ციფრებს. მე მერჩივნა, ამ ამბის თხრობა ზღაპარივით დამეწყო:

„ოდესღაც, უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა მეგობარი...“ და ის, ვისაც ესმის ცხოვრების ავკარგი, გაცილებით უკვეთ მიხვდება ჩემი მოთხრობის აზრს.

არ მინდა უგულოდ წაიკითხოს ვინმემ ჩემი წიგნი. ძალიან მიმძიმს ამ მოგონების გადმოცემა. უკვე ექვსმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც პატარა უფლისწულმა მიმატოვა და თან წაიყვანა თავისი ბატკანი. და თუ ახლა ვცდილობ დაგიხატოთ იგი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამავიწყდეს. მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია. ყველას არა ჰყავს მეგობარი და თუ მე იგი დავივიწყე, მაშინ იმ დიდებს დავემგვანები, რომლებსაც ციფრების გარდა აღარაფერი აინტერესებთ.

ამიტომ ვიყიდე ისევ საღებავების ყუთი და ფერადი ფანქრები. ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ხელახლა მოჰკიდო კაცმა ხატვას ხელი, მით უმეტეს, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე მახრჩობელა გველის გარდა არაფერი დაგიხატავს და ისიც მაშინ, როცა ექვსი წლისა იყავი. ცხადია, რაც შემიძლია ვეცდები კარგად გადმოგცეთ მისი სახე. მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ შევძლებ. ზოგ ნახატს არა უშავს, ზოგი კი სრულებით არა ჰგავს. ცოტათი სიმაღლეშიც ვცდები: ზოგან უფლისწული ძალიან მაღალი გამომივიდა, ზოგან კი - ძალიან დაბალი. არც ის მახსოვს კარგად, რა ფერის ტანსაცმელი ეცვა. მაგრამ მე ძალღონეს არ ვიშურებ და, მთელი მონდომებით ვხატავ. ცხადია, უფრო საყურადღებო დეტალების გადმოცემაშიც შეიძლება შევცდე. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იქნება. ჩემი მეგობარი არასოდეს არაფერს არ მიხსნიდა, ალბათ მასავით გულთმისანი ვეგონე. მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, მე არ ძალმიძს მასავით დავინახო ყუთში დამწყვდეული ბატკანი. შესაძლოა ცოტათი დიდებს ვგავარ. ალბათ დავბერდი.

V

ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი უფლისწულის პლანეტაზე, იმაზე, თუ როგორ დატოვა მან იგი, ანდა, როგორ იმოგზაურა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვებოდა პატარა უფლისწული თავის ამბებს, როცა შემთხვევით სიტყვა მოიტანდა. ასე შევიტყვე მესამე დღეს ბაობაბების მიერ გამოწვეული უბედურების ამბავი.

და ამასაც ბატკანს უნდა ვუმადლოდე. უეცრად, თითქოს რაღაცამ დააეჭვაო, პატარა უფლისწული შემეკითხა:

- ხომ მართალია, რომ ბატკანი პატარა ბუჩქებს ჭამს?

- სრული სიმართლეა.

- როგორ მიხარია!

ვერ მივხვდი, რატომ უნდა ყოფილიყო ასე მნიშვნელოვანი ის, რომ ბატკანი ბუჩქებს ჭამს. მაგრამ პატარა უფლისწულმა დასძინა:

- რაკი ეგრეა, ბაობაბსაც რომ შეჭამს?

მე ავუხსენი, რომ ბაობაბი ბუჩქი კი არა, ტაძრის ოდენა ხეა და, სპილოების მთელი ჯოგიც რომ დაასიო, ვერაფერს დააკლებს-მეთქი.

სპილოების ხსენებაზე პატარა უფლისწულს გაეცინა:

- ოღონდ სპილოები ერთმანეთის ზურგზე უნდა შეგვესვა...


შემდეგ კი დინჯად განმიმარტა:

- სანამ ბაობაბი ასეთი დიდი გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა.

- მართალია, მაგრამ რატომ გინდა, რომ შენმა ბატკანმა პატარა ბაობაბები შეჭამოს?

- როგორ თუ რატომ! - ისე მომიგო მან, თითქოს ეს ამბავი თავისთავად ცხადი ყოფილიყოს. მე კი თავისმტვრევა დამჭირდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად.

და მართლაც, როგორც შევიტყვე, პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლენეტაზე, კარგი მცენარეებიც ხარობს და ცუდიც. კარგ მცენარეს კარგი თესლი გამოაქვს, ცუდს კი - ცუდი, მაგრამ თესლი უხილავია. მას მშვიდად სძინავს მიწის იდუმალ წიაღში, სანამ გამოღვიძებას არ მოისურვებს. და აი - პატარა თესლი თვალებს მოიფშვნეტს, გაიზმორებს და გაუბედავად აღმართავს მზისკენ მშვენიერ, უწყინარ, პატარა ყლორტს. თუ ეს ბოლოკის ან ვარდის ყლორტია, დე იხაროს, სადაც მოესურვება. მაგრამ თუ იგი ცუდი მცენარეა. მაშინვე უნდა ამოიძირკვოს. პატარა უფლისწული პლანეტაზე თურმე ბაობაბების საშინელი თესლი გაჩენილა... ეს თესლი მთელი პლანეტის ნიადაგს მოსდებია. ბაობაბი კი ისეთი მცენარეა, რომ დროზე თუ არ მიხედე, მერე ვეღარ მოიცილებ. მთელ პლანეტას მოედება, ღრმად გაიდგამს ფესვებს და თუ პლანეტა ძალიან პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, მათ შეუძლიათ ნაფლეთებად აქციონ იგი!

- მთავარია დისციპლინა, - მითხრა პატარა უფლისწულმა, - როგორც კი დილით ხელ-პირს დაიბან, გულმოდგინედ უნდა შეუდგე შენი პლანეტის დასუფთავებას. როგორც კი შეამჩნევ ბაობაბის ახლადამოწვერილ ყლორტებს და მიხვდები, რომ ეს ბაობაბია და არა ვარდის ბუჩქი, რომელსაც იგი თავდაპირველად ძალიან ჰგავს, ხელადვე უნდა ამოძირკვო. ეს ძალიან მოსაბეზრებელი საქმეა, მაგრამ ძალიან ადვილიც.


ერთხელ პატარა უფლისწულმა მირჩია კარგად დამეხატა ბაობაბი, რომ ჩვენი ქვეყნის ბავშვებს უკეთ გაეგოთ ყველაფერი.

„თუ ოდესმე იმოგზაურებენ - მითხრა მან, - გამოადგებათ. ზოგიერთი სამუშაოს სახვალიოდ გადადებას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ როცა საქმე ბაობაბს ეხება, დაყოვნება დამღუპველია. მე ერთი პლანეტა ვიცოდი, სადაც ზარმაცი კაცი ცხოვრობდა. მან დროზე ვერ შენიშნა სამი პატარა ბუჩქი და...“


პატარა უფლისწულის მონაყოლის მიხედვით მე დავხატე ის პლანეტა. ძალიან არ მიყვარს მორალისტის ტონით ლაპარაკი, მაგრამ რადგან ბევრმა არ იცის, რა საფრთხე მოელის ადამიანს, თუ იგი ასტეროიდზე მოხვდა, გადავწყვიტე დავარღვიო ჩემი ჩვეულება და ვამბობ: „ბავშვებო! უფრთხილდით ბაობაბს!“ მინდა ჩემს მეგობრებს დავანახო ის საფრთხე, რომელიც მათ დიდი ხანია ემუქრება და ვერ ხედავენ, ისევე როგორც მე ვერ ვხედავდი. ამიტომ ვიშრომე ამდენი ამ სურათზე და არც ვნანობ. იქნებ მკითხოთ, რატომ არ არის ამ წიგნში სხვა ისეთი დიდი ნახატი, როგორიც ამ ბაობაბების სურათია. პასუხი მარტივია: ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ხოლო როცა ბაობაბებს ვხატავდი, შეგნებული მქონდა, რომ ამ სურათის დახატვა აუცილებელი იყო და ეს შეგნება მაძლევდა ძალას.

VI

ო, პატარა უფლისწულო. მე თანდათან შევიტყვე შენი სევდიანი ცხოვრების ამბავი. დიდი ხნის განმავლობაში შენი ერთადერთი გასართობი ჩამავალი მზის ცქერა ყოფილა. ეს ახალი აბავი ჩვენი გაცნობის მეოთხე დღეს შევიტყვე, როცა მითხარი:

- ძალიან მიყვარს მზის ჩასვლა: წამოდი, ვუცქიროთ.

- კი მაგრამ, საჭიროა დავიცადოთ...

- რას უნდა დავუცადოთ?

- მზის ჩასვლას.

თავდაპირველად ჩემმა ნათქვამმა ძალიან გაგაოცა, შემდეგ კი ჩაგეცინა და მითხარი:

- მუდამ შინ მგონია თავი!

და, მართლაც ყველამ იცის რომ, როცა ამერიკაში შუადღეა, საფრანგეთში მზე უკვე ჩადის. და თუ შეძლებ ერთ წუთში ჩახვიდე საფრანგეთში, მოუსწრებ მზის ჩასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, საფრანგეთი ძალიან შორსაა. შენთვის კი, შენს პატარა პლანეტაზე, საკმარისი იყო რამდენიმე ნაბიჯზე გადაგედგა სკამი და, როცა მოისურვებდი, მაშინ დაგენახა დაისი...


- ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!

და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინე:

- როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს...

- მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?

პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა.

VII

მეხუთე დღეს, ამჯერადაც ბატკნის წყალობით, ფარდა აეხადა პატარა უფლისწული ცხოვრების საიდუმლოს. უეცრად, თითქოს ამ კითხვამდე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიდაო, შემეკითხა:

- თუ ბატკანი ბუჩქებს ჭამს, ყვავილიც ხომ შეიძლება შეჭამოს?

- ბატკანი, - მივუგე მე, - ყველაფერს ჭამს, რასაც კი მისწვდება.

- ეკლიან ყვავილებსაც?

- ელიანსაც.

- მაშ, ეკალი რაღა საჭიროა?

ეს კი აღარ ვიცოდი. იმ წუთს საქმით ვიყავი გართული. ძრავაზე ერთი ჭანჭიკი ძალზე მოჭერილი იყო და მის მოშვებას ვცდილობდი. შეშფოთებული ვიყავი, - ვხედავდი, რომ ჩემი თვითმფრინავი სერიოზულად იყო დაზიანებული, სასმელი წყალი კი უკვე მელეოდა, რაც კარგს არაფერს მიქადდა.

- რაღა საჭიროა ეკალი?

თუკი პატარა უფლისწული რაიმეს შეგეკითხებოდა, აღარ დაგეხსნებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. იმ ჭანჭიკს კი მოთმინებიდან გამოვყავდი და რაც ენაზე მომადგა, ის მივუგე.

- არაფრისთვის არ არის საჭირო. ყვავილები მხოლოდ სიავით ისხამენ ეკლებს!

- ოჰ!

წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი პატარა უფლისწულმა, ცოტა არ იყოს, მკვახედ მომახალა:

- არა მჯერა! ყვავილი სუსტი და გულიბრყვილო არსებაა და რაც შეუძლია იმაგრებს გულს. მას ჰგონია, რომ თავისი ეკლებით თავზარს სცემს მტერს.

მე არაფერი ვუპასუხე, რადგან ჩემი დარდი მაწუხებდა: „თუ ეს ჭანჭიკი ახლაც ვერ მოვუშვი, - ვფიქრობდი გულში, - ამ ჩაქუჩით დავლეწავ-მეთქი“.

მაგრამ ფიქრები კვლავ პატარა უფლისწულმა გამაწყვეტინა:

- და შენ ნამდვილად გგონია, რომ ყვავილი...

- არა! არა! მე არაფერი არა მგონია. მე მხოლოდ ისა ვთქვი, რაც ენაზე მომადგა. ხომ ხედავ, როგორი სერიოზული საქმე მაქვს!

მან გაოცებით შემომხედა:

- სერიოზული საქმე?

იგი დაკვირვებით შემომცქეროდა მანქანის ზეთით გათხუპნულს, რაღაც საგანზე რომ ვიყავი დახრილი, რომელივ მის თვალში ალბათ ძალიან უშნო იყო.

- შენ დიდებივით ლაპარაკობ! - თქვა მან.

ცოტა არ იყოს, შემრცხვა. იგი კი შეუბრალებლად განაგრძობდა.

- ყველაფერი გეშლება... ყველაფერს ერთმანეთში ურევს!

იგი მართლაც ძალიან იყო აღშფოთებული. თავი გაიქნია და ქარმა ოქროსფერი კულულები აუშალა.

- მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ იგი კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!

- რა არის?

- სოკო!

პატარა უფლისწული მთლად გაფითრდა მრისხანებისაგან.

- მილიონი წლებია ყვავილები ეკლებს ისხამენ, მილიონი წლებია ბატკნები ყვავილებს მაინც ჭამენ. ნუთუ სერიოზული საქმე არ არის იმის გაგება, რატომ შრომობენ ყვავილები ეკლების გამოსასხმელად, რომლებიც მათ არაფრად არგიათ. ნუთუ არაფერია ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ? განა ეს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე იმ ჩასუქებული წითელი ვაჟბატონის არითმეტიკა? თუ მე ქვეყნად ერთადერთი ყვავილი მეგულება, რომელიც მხოლოდ ჩემს პლანეტაზე ხარობს, და თუ პატარა ბატკანს ერთ მშვენიერ დღეს შეუძლია მოსპოს იგი, ისე რომ არც კი იცოდეს რას აკეთებს, განა ეს მნიშვნელოვანი არ არის?

პატარა უფლისწულს სახე წამოუფაკლდა.

- თუ ადამიანს უყვარს ყვავილი, რომლის მაგვარი არცერთ ვარსკვლავზე არ მოიძებნება, ეს საკმარისია, რომ იგი ბედნიერი იყოს ამ ვარსკვლავის დანახვაზე. „იქ, სადღაც, ჩემი ყვავილი ხარობს...“ - ფიქრობს იგი. მაგრამ თუ ყვავილი ბატკანმა შეჭამა, მისთვის ყველა ვარსკვლავი ჩაქრება ცაზე! და ეს მნიშვნელოვანი არ არის?

მან მეტი ვერაფერი თქვა და უეცრად აქვითინდა. ბინდი ჩამოწვა. მე დავყარე ჩემი იარაღები. რა ფასი ჰქონდა ახლა ჩემს ჩაქუჩს, ჭანჭიკს, წყურვილს ან სიკვდილს, როცა ერთადერთ ვარსკვლავზე, ერთ პლანეტაზე, ჩემს პლანეტაზე - დედამიწაზე - პატარა უფლისწულს ნუგეში სჭირდებოდა! მე ხელში ავიყვანე იგი და დავარწიე. თან ვარწმუნებდი: „ყვავილს, რომელიც შენ გიყვარს, არ ელის საფრთხე... მე დაგიხატავ პირსაკრავს ბატკნისათვის... მე დაგიხატავ ჯავშანს ყვავილისათვის... მე...“ აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ ჩავწვდომოდი მის სულს, როგორ ამოვდგომოდი მხარში... ცრემლების ქვეყანა ხომ ისეთი იდუმალებით მოცული სამყაროა.

VIII

მალე შემთხვევა მომეცა უფრო ახლოს გამეცნო ეს ყვავილი. პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყოველთვის ხარობდნენ უბრალო ყვავილები, რომლებსაც ფურცლები მხოლოდ ერთ წყებად ჰქონდათ, ძალიან მცირე ადგილი ეკავათ და არავის აწუხებდნენ თავიანთი არსებობით. დილით ისინი მორცხვად გამოიხედავდნენ ბალახებიდან და იმავე საღამოს ქრებოდნენ. ერთ დილას კი თესლიდან, რომელიც არავინ იცის, საიდან გაჩნდა პატარა უფლისწულის პლანეტაზე, მოულოდნელად ახალი ყლორტი ამოიზარდა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააცქერდა ახალ მორჩს, რომელიც მისი პლანეტის არცერთი სხვა მცენარის ღეროს არ ჰგავდა. ხომ შეიძლებოდა, რომ იგი ბაობაბის ახალი ჯიში ყოფილიყო? მაგრამ ბუჩქმა მალე შეწყვიტა ზრდა და კოკორი გამოიღო. პატარა უფლისწულმა, რომელსაც არასოდეს ენახა ასეთი კოკორი, მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. ყვავილს კი ჯერ არ დაემთავრებია მორთვა-მოკაზმვა თავის მწვანე სანთიობოში. იგი გულდასმით ირჩევდა ფერებს და ნელ-ნელა იმოსებოდა საგანგებოდ შერჩეული ნაირ-ნაირი ფურცლებით. მას არ სურდა ულაზათოდ მოსულიყო ამქვეყნად, როგორც ეს მინდვრის ყაყაჩოებს სჩვევიათ ხოლმე. სურდა ყველასათვის მოეჭრა თვალი თავისი სინატიფით. იგი დიდი კეკლუცი არსება იყო! მისი საიდუმლო სამზადისი კარგა ხანს გრძელდებოდა. და აი ერთ დილას, ამოვიდა თუ არა მზე, იგი გაიფურჩქნა.

და, თითქოს ასე გულმოდგინედ არ ემზადებოდაო, დაამთქნარა და წარმოთქვა:

- ოჰ! ძლივს არ გავიღვიძე... გთხოვთ მომიტევოთ.... ჯერ დავარცხნილიც არა ვარ.

პატარა უფლისწულმა ვერ დაფარა თავისი აღტაცება:

- რა მშვენიერი ხართ!

- მართლა? - ნაზად მიუგო ყვავილმა. - მე ხომ მზესთან ერთად დავიბადე.

პატარა უფლისწული, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ იგი მაინცა და მაინც კდემამოსილი არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, მომხიბვლელი რამ იყო!

- მგონი საუზმის დროა, - დასძინა ცოტა ხნის შემდეგ ყვავილმა. - იქნებ გაისარჯოთ და იზრუნოთ ჩემზე...

პატარა უფლისწული ძალიან შეცბუნდა, მერე სარწყული მოიტანა და ყვავილი წყლით მორწყო.

მალე ყვავილმა თავისი ცუდმედიდობით და ჭირვეულობით მთლად გააწამა საბრალო უფლისწული. ერთხელ, თავის ოთხად ოთხ ეკალზე რომ ლაპარაკობდა, უფლისწულს უთხრა:

- მობრძანდნენ ერთი ის ვეფხვები, ბრჭყალებს რომ უქებენ.

- ჩემს პლანეტაზე ვეფხვები არ არიან, - განუმარტა პატარა უფლისწულმა, - და, ასეც რომ იყოს, ვეფხვები ბალახს არ ჭამენ.

- მე ბალახი არა ვარ, - შენიშნა განაწყენებულმა ყვავილმა.

- მომიტევეთ...

- ვეფხვები ვერ შემაშინებენ, მაგრამ ორპირი ქარისა კი ძალიან მეშინია. თეჯირი ხომ არა გაქვთ?

„ორპირი ქარის შიში უბედურებაა მცენარისათვის, - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, - ეს ყვავილი ძალიან მგრძნობიარე ყოფილა...“

რომ მოსაღამოვდება, სარქველი დამახურეთ. აქ, თქვენთან ძალიან ცივა. ძალიან მოუწყობელია აქაურობა. იქ, საიდანაც მე მოვედი...

და უცებ ხმა გაკმინდა. იგი ხომ პატარა თესლის სახით მოვიდა ამ პლანეტაზე და არ შეეძლო რამე სცოდნოდა სხვა ქვეყნებზე. ასეთი მტკნარი სიცრუე რომ წამოსცდა, დარცხვენილმა ორჯერ ჩაახველა, რომ პატარა უფლისწულისთვის მისი დანაშაული ეგრძნობინებინა.

- თეჯირი სადაა?..

- მის მოსატანად ვაპირებდი წავსლას, მაგრამ თქვენ მელაპარაკებოდით!

მაშინ ყვავილმა უფრო ძლიერი ხველა ატეხა, რომ პატარა უფლისწულს სინდისის ქენჯნა ეგრძნო.

თუმცა პატარა უფლისწული თავს ევლებოდა თავის სატრფოს, მაგრამ მალე შეერყა მისდამი რწმენა. იგი გულდასმით უსმენდა მის უმართებულო სიტყვებს და ძალიან უბედურად თვლიდა თავს.

„არ უნდა დამეგდო მისთვის ყური, - გამანდო ერთხელ, - არასოდეს არ უნდა მოუსმინო ყვავილებს. მარტო მათი ქცერით და სურნელებით უნდა დატკბე. ჩემმს ყვავილმა მთელ ჩემს პლანეტაზე მოჰფინა სურნელება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დავმტკბარიყავი ამით. ვეფხვებისა და ბრჭყალების ამბებს არ უნდა გავებრაზებინე, უფრო მეტად უნდა შემბრალებოდა იგი...“

და მერე დასძინა:

- მაშინ არაფერი გამეგებოდა! მისი საქციელისათვის უნდა მიმექცია ყურადღება და არა მისი სიტყვებისათვის. იგი მე სურნელებას მაკმევდა და ცხოვრებას მინათებდა. არ უნდა გამოვქცეოდი! მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა. ყვავილი ხომ ისეთი ცვალებადია! მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის არა გამეგებოდა რა.

IX

თავისი პლანეტიდან გაქცევისას იგი ალბათ გარეულ ფრინველთა გუნდს შეუერთდა. იმ დილას მან საგულდაგულოდ დაალაგა თავისი პლანეტა: გულმოდგინედ ამოწმინდა მოქმედი ვულკანები. მას ორი მოქმედი ვულკანი ჰქონდა. ამ ვულკანების ცეცხლზე იმზადებდა დილით საუზმეს. უფლისწულის პლანეტაზე ერთი ჩამქრალი ვულკანიც იყო, რომელიც ყოველი შემთხვევისათვის ასევე გულდასმით ამოწმინდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, „არავინ იცის, რა მოხდება“. თუ ვულკანი კარგადა გაქვს გაწმენდილი, მისი ცეცხლი თანაბრად ანთია და არასოდეს ამოიფრქვევა. ვულკანის ამოფრქვევა ხომ გაუწმენდავი ღუმელის მილში გაჩენილ ხანძარსა ჰგავს. დედამიწის მკვიდრნი, ძალიან პატარები ვართ და ძალგვიძს ამოვწმინდოთ ჩვენი ვულკანები. ამიტომაა, რომ მათ ამდენი უსიამოვნება მოაქვთ ჩვენთვის.


მართალია, გამგზავრების წინ ძალიან დანაღვლიანებული იყო, მაგრამ მაინც ამოძირკვა ახლადამოწვერილი ბაობაბის ფესვები. მას ეგონა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და ეს ჩვეულებრივი სამუშაო განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრიდა იმ დილით. როდესაც უკანასკნელად მორწყო ყვავილი და სარქველი უნდა დაეხურა, თვალები ცრემლით აევსო.

- მშვიდობით, - უთხრა ყვავილს.

მაგრამ ყვავილმა ხმა არ გასცა.

- მშვიდობით, - გაუმეორა პატარა უფლისწულმა.

ყვავილმა დაახველა. მაგრამ ეს გაციების ბრალი არ იყო.

- სულელი ვიყავი, - თქვა ყვავილმა ბოლოს, - მომიტევე და ეცადე ბედნიერება ჰპოვო.

პატარა უფლისწული გააოცა იმან, რომ ყვავილს საყვედური არ უთქვამს. იგი ადგილზე გაქვავდა, შეცბუნებული და დაბნეული. ვერ გაეგო ამ უჩვეულო სინაზის მიზეზი.

- დიახ, მიყვარხარ, - განაგრძო ყვავილმა - ჩემი ბრალია, რომ ეს არ იცოდი. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. შენც ჩემსავით სულელი იყავი. გისურვებ ბედნიერებას... ეს მინის სარქველი კი გადააგდე, ახლა იგი აღარ მჭირდება.

- კი მაგრამ, ქარი...

- მე ისე გაციებული ვარ... ღამის სიგრილე მარგებს კიდეც. მე ხომ ყვავილი ვარ.

მაგრამ ნადირებმა რომ...

- თუ პეპლების გაცნობა გსურს, ორი ან სამი მუხლუხოს ატანაც უნდა შესძლო. პეპლები ალბათ, ძალიან ლამაზები არიან. მათ გარდა სხვა ვინღა მომაკითხავს? შენ ხომ შორს იქნები. მეც ხომ მაქვს ბრჭყალები. - და მან თავისი ოთხი ეკალი დაანახა პატარა უფლისწულს.

- ნუღა აყოვნებ, - დასძინა მან, - ეს აუტანელია! რაკი წასვლა გადაწყვიტე, წადი.

მას არ უნდოდა, რომ პატარა უფლისწულს მისი ცრემლები დაენახა. იგი ძალიან ამაყი ყვავილი იყო.

X

პატარა უფლისწულის პლანეტის ახლო მეზობლები იყვნენ ასტეროიდები - 325, 326, 327, 328, 329 და 330 და მან გადაწყვიტა, უწინარეს ყოვლისა, ეს პლანეტები დაეთვალიერებინა, რომ უქმად არ ყოფილიყო და ცოდნაც შეეძინა.

პირველ ასტეროიდზე ერთი მეფე ცხოვრობდა. მას ძოწეული და ყარყუმის ბეწვი ემოსა და ძალიან უბრალო, მაგრამ მაინც ძალიან დიდებულ ტახტზე იჯდა.


- აა, აი ჩემი ქვეშევრდომიც! - წამოიძახა მეფემ პატარა უფლისწული დანახვისთანავე.

- ნეტა ვინ ვგონივარ? - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. - იგი ხომ პირველად მხედავს!

მან არ იცოდა, რომ მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.

- მომიახლოვდი, რომ უფრო კარგად დაგინახო, - ბრძანა მეფემ, რომელიც უზომოდ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომი მაინც ჩაიგდო ხელში.

პატარა უფლისწულმა თვალი მოავლო იქაურობას, - იქნებ სადმე ჩამოვჯდეო, მაგრამ ყარყუმის მშვენიერი მოსასხამი მთელ პლანეტას ფარავდა. იგი ისევ ისე იდგა ფეხზე. მერე კი დაქანცულმა უცებ დაამთქნარა.

- ეტიკეტის თანახმად, არავის აქვს უფლება მეფის წინაშე დაამთქნაროს, - თქვა მეფემ, - გიკრძალაც მთქნარებას.

- თავი ვერ შევიკავე, - მიუგო დარცხვენილმა პატარა უფლისწულმა, - დიდი ხანია გზაში ვარ და არ მიძინია.

- რაკი აგრეა, - თქვა მეფემ, - გიბრძანებ დაამთქნარო, დიდი ხანია არავის მთქნარება არ მინახავს, საინტერესო სანახაობაა. აბა, დაამთქნარე. ასეთია ჩემი ბრძანება.

- მერიდება, არ შემიძლია... - ამოილუღლუღა პატარა უფლისწულმა და გაწითლდა.

- ჰმ, ჰმ... რაკი ეგრეა, გიბრძანებ ხან ამთქნარო, ხან კიდევ...

მეფემ რაღაც წაიბურტყუნა და თითქოს გაბრაზდა კიდეც.

მეფისათვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ უყოყმანოდ დამორჩილებოდნენ მის ბრძანებას. იგი ვერ იტანდა ურჩობას. იგი აბსოლუტური მონარქი იყო, მაგრამ ვინაიდან კეთილი მეფე იყო, გონივრულ ბრძანებებს იძლეოდა.

„თუ ჩემს გენერალს ვუბრძანე, თოლიად იქცეს, და მან ბრძანება ვერ შეასრულა, ეს ჩემი ბრალი იქნება და არა მისიო“, - ამბობდა იგი.

- შეიძლება დავჯდე? - გაუბედავად შეეკითხა პატარა უფლისწული.

- გიბრძანებ დაჯდე, - მიუგო მეფემ და ზვიადად აიკრიფა ყარყუმის მოსასხამის კალთა.

პატარა უფლისწული გაოცებული იყო: პლანეტა ასე პატარაა და ვისზე მბრძანებლობს ეს ხელმწიფეო.

- თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ, ერთი რამ გკითხოთ.

- გიბრძანებ მკითხო, - სწრაფად მიუგო მეფემ.

- თქვენო უდიდებულესობავ... ვისზე მბრძანებლობთ?

- ყველაფერზე, - უბრალოდ მიუგო მეფემ.

- ყვალფერზე?

მეფემ თავის პლანეტაზე, მეზობელ პლანეტებზე და ვარსკვლავებზე მიუთითა.

- ნუთუ ეს ყველაფერი თქვენი საბრძანებელია? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ყველაფერი, - მიუგო მეფემ.

იგი ხომ არა მარტო აბსოლუტური მონარქი, არამედ მსოფლიო მონარქიც იყო.

- ვარსკვლავებიც თქვენ გემორჩილებათ?

- რა თქმა უნდა, - მიუგო მეფემ. - ისინი დაუყოვნებლივ ასრულებენ ჩემს ნება-სურვილს. ურჩობას ვერ ვიტან.

ასეთმა ძალაუფლებამ აღტაცებაში მოიყვანა პატარა უფლისწული. მას რომ ამდენი ძალა ჰქონოდა, მზის ჩასვლას ორმოცდაოთხჯერ კი არ იხილავდა, არამედ სამოცდათორმეტჯერ, ასჯერ და ორასჯერაც კი, ისე რომ ერთხელაც არ გადაადგილებდა სკამს. თავის მიტოვებული პლანეტის მოგონებაზე პატარა უფლისწულს სევდა შემოაწვა და ამან გააბედვინა, რომ ეთხოვნა:

- მინდოდა მზის ჩასვლა მენახა... მოიღეთ მოწყალება... უბრძანეთ მზეს, რომ ჩავიდეს...

- მე რომ გენერალს ვუბრძანო, ყვავილიდან ყვავილზე პეპელასავით იფრინე, ტრაგედია დაწერე, ან თოლიად იქეცი-მეთქი, და მან ბრძანება ვერ შეასრულოს, ვინ იქნება დამნაშავე, ის თუ მე?

- თქვენ, - მტკიცედ მიუგო პატარა უფლისწულმა.

- სრული სიმართლეა, - დაუდასტურა მეფემ. - ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია.

- კი მაგრამ მზის ჩასვლა? - მოაგონა პატარა უფლისწულმა, რომელიც რაკი ერთხელ შეგეკითხებოდათ რაიმეს, არ დაგეხსნებოდათ, სანამ პასუხს არ მიიღებდა.

- მზის ჩასვლასაც იხილავ: ვუბრძანებ, რომ ჩაესვენოს, მაგრამ ხელმწიფობის სიბრძნის თანახმად, ხელსაყრელ პირობებს დაველოდები.

- როდის დადგება ეს პირობები?

- ჰმ, ჰმ, - წაიბურტყუნა მეფემ და სქელ კალენდარს დაუწყო ფურცვლა. ეს იქნება... ჰმ... დღეს ეს იქნება შვიდ საათზე და ორმოც წუთზე. მაშინ დარწმუნდები, როგორ სრულდება ჩემი ბრძანება.

პატარა უფლისწულმა დაამთქნარა. დასანანი იყო, რომ აქ მზის ჩასვლას მაშინ ვერ ნახავდი, როცა მოისურვებდი. და, გარდა ამისა, აქ ცოტათი მოსწყინდა კიდეც.

- მე აქ საქმე აღარა მაქვს, - უთხრა მან მეფეს. - ისევე უნდა გავუდგე გზას.

- ნუ წახვალ, - მიუგო მეფემ. იგი ხომ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომის მბრძანებელი გახდა. - დარჩი და მინისტრად დაგნიშნავ.

- რის მინისტრად?

- მე შენ დაგნიშნავ... იუსტიციის მინისტრად!

მაგრამ აქ რომ არავინაა გასასამართლებელი?

- ვინ იცის, - მიუგო მეფემ. - მე ჯერ კიდევ არ შემომივლია ჩემი სამეფო. ძალიან მოვხუცდი. ეტლისათვის ადგილი არა მაქვს, ფეხით სიარული კი მიჭირს.

პატარა უფლისწული წინ გადაიხარა და ისევ მოავლო პლანეტის მეორე მხარეს თვალი.

- მე უკვე დავათვალიერე მთელი პლანეტა! - წამოიძახა მან. - კაცის ჭაჭანება არსადაა...

- მაშინ საკუთარი თავი გაასამართლე, - უთხრა მეფემ. - ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.

- საკუთარ თავს მე ყველგან გავასამართლებ, - მიუგო პატარა უფლისწულმა, - ამისთვის აქ დარჩენა არ არის საჭირო.

- ჰმ, ჰმ... - წარმოთქვა მეფემ - მგონი ჩემს პლანეტაზე, სადღაც ერთი ბებერი ვირთხა ცხოვრობს. ღამღამობით მესმის ხოლმე მისი ფხაკუნი. შეგიძლია ის გაასამართლო. დროდადრო სიკვდილს მიუსჯი. მისი სიცოცხლე შენს მართმსაჯულებაზე იქნება დამოკიდებული. მერე კი ყოველთვის შეიწყნარებ. ვირთხას უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მის გარდა არავინა გვყავს.

- არ მიყვარს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, - თქვა პატარა უფლისწულმა, - მიჯობს, გზას გავუდგე.

- ნუ წახვალ, - უთხრა მეფემ.

პატარა უფლისწული უკვე მზად იყო წასასვლელად, მაგრამ არ უნდოდა ეწყენინებინა მეფისათვის.

- თუ თქვენს უდიდებულესობას ნებავს, რომ მისი ბრძანება უსიტყვოდ სრულდებოდეს, - თქვა მან, - გონივრული ბრძანება უნდა გასცეს. მაგალითად, თქვენ შეგეძლოთ გებრძანებინათ ჩემთვის, დაუყოვნებლივ გავდგომოდი გზას. მგონია, ახლა ამისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია...

მეფემ არაფერი უპასუხა. პატარა უფლისწულმა ერთ ხანს უცადა. მერე კი ამოიოხრა და გაუდგა გზას.

- ჩემს ელჩად გნიშნავ! - სწრაფად მიაძახა მას მეფემ მბრძანებლის მედიდური იერით.

„უცაური ხალხია დიდები“, - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და განაგრძო გზა.

XI

მეორე პლანეტაზე ერთი პატივმოყვარე კაცი ცხოვრობდა.

- აი ჩემი თაყვანისმცემელიც! - წამოიძახა მან, როგორც კი თვალი მოჰკრა პატარა უფლისწულს.

პატივმოყვარე კაცის თვალში ხომ ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია.

- გამარჯობა, - მიესალმა მას პატარა უფლისწული, - რა სასაცილო ქუდი გახურავთ!

- ამ ქუდით მე სალამს ვიძლევი, - მიუგო პატივმოყვარემ. - როცა აღფრთოვანებით მესალმებიან, ქუდს ვიხდი ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არავინ მოდის.


- მართლა? - შეეკითხა პატარა უფლისწული, თუმცა ვერაფერს მიხვდა.

- აბა ტაში შემოჰკარი, - უთხრა პატივმოყვარემ.

პატარა უფლისწულმა ტაში შემოჰკრა. პატივმოყვარემ ქუდი მოიხადა და მოწიწებით დაუკრა თავი.

„აქ უფრო გაერთობა კაცი, ვიდრე მეფესთან“, - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შემოჰკრა ტაში. პატივმოყვარემ კვლავ მოიხადა ქუდი და დაუკრა თავი.

ასე გაგრძელდა ხუთი წუთი. ბოლოს პატარა უფლისწული დაიღალა ამ ერთფეროვანი თამაშით.

- რა უნდა ქნას კაცმა, რომ ეს ქუდი დაგივარდეს? - შეეკითხა პატარა უფლისწული.

მაგრამ პატივმოყვარეს არ გაუგონია მისი ნათქვამი: პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.

- ხომ ნამდვილად მცემ თაყვანს? - შეეკითხა იგი პატარა უფლისწულს.

- რა არის თაყვანისცემა?

- თაყვანისცემა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე მე ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოხდენილი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ჭკვიანი კაცი ვარ.

- მაგრამ შენ ხომ მარტო ხარ ამ პლანეტაზე.

- მაამე და მეცი თაყვანი.

- თაყვანს გცემ, - უთხრა პატარა უფლისწულმა და ოდნავ აიჩეჩა მხრები, - მაგრამ რად გინდა ეს თაყვანისცემა?

და იგი სწრაფად გაეცალა იქაურობას.

„დიდები მართლაც უცნაური ხალხია“, - გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

XII

მომდევნო პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა სულ ცოტა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ამ პლანეტაზე ნანახმა საგონებელში ჩააგდო,


- რას აკეთებ აქ? - ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა.

- ვსვამ, - პირქუშად მიუგო ლოთმა.

- რატომ სვამ?

- რომ დავივიწყო.

- რა უნდა დაივიწყო? - ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალობოდა იგი.

- დავივიწყო, რომ მრცხვენია, - გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

- რისი გრცხვენია? - შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა რომ დახმარებოდა მას.

- მრცხვენია, რომ ვსვამ!.. - დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.

პატარა უფლისწული დაიბნა.

„დიდები მართლა უცნაური ხალხია“, - გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

XIII

მეოთხე პლანეტა საქმოსანს ეკუთვნოდა. იგი ისე იყო ჩაფლული საქმეში, რომ არც კი აუღია თავი პატარა უფლისწულის გამოჩენაზე.

- გამარჯობა, - მიესალმა მას პატარა უფლისწული. - სიგარეტი ჩაგქრობიათ.

- სამს მივუმატოთ ორი, იქნება ხუთი. ხუთი და შვიდი - თორმეტი. თორმეტი და სამი - თხუთმეტი. გაგიმარჯოს. თხუთმეტი და შვიდი - ოცდაორი. ოცდაორი და ექვსი - ოცდარვა. იმის დროც არა მაქვს, რომ სიგარეტს მოვუკიდო. ოდსაექვსი და ხუთი - ოცდათერთმეტი. უჰ... სულ იქნება ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი.

- რა ხუთასი მილიონი?.. - შეეკითხა პატარა უფლისწული.

- აა, შენ ისევ აქა ხარ? ხუთასი მილიონი... არც კი ვიცი, რა... იმდენი საქმე მაქვს. მე სერიოზული კაცი ვარ, სალაყბოდ არა მცალია! ორს მივუმატოთ ხუთი, იქნება შვიდი...

- რა ხუთასი მილიონი? - გაუმეორა პატარა უფლისწულმა. იგი ხომ ვერ დამშვიდდებოდა, სამან პასუხს არ მიიღებდა. საქმოსანმა თავი ასწია.


- ორმოცდათოთხმეტი წელია, რაც ამ პლანეტაზე მცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შემიშალეს ხელი. პირველად, ამ ოცდაორი წლის წინათ, ღმერთმა იცის საიდან გაჩნდა მაისის ხოჭო და ისეთი საშინელი ბზუილი ატეხა, რომ ოთხი შეცდომა მომივიდა ანგარიშში. მეორედ - ეს იყო თორმეტი წლის წინათ, ნეკრესის ქარმა დამრია ხელი. ალბათ იმიტომ, რომ არ ვვარჯიშობ. საყიალოდ არა მცალია. მე საქმის კაცი ვარ. მესამედ კი აი!.. ჰო, სად შევჩერდი? ხუთას ერთი მილიონ...

- რა იქნება ხუთასი მილიონი?

საქმოსანი მიხვდა, რომ ასე ადვილად ვერ დაიხსნიდა თავს.

- ხუთასი მილიონი აი ის პატარა რაღაცეები, ხანდახან რომ მოჩანან ცაზე.

- ბუზები?

- არა, პაწაწინები, რომ ციმციმებენ...

- ფუტკრები?

- არა, არა, სულ პაწაწკინტელები რომ არიან, ოქროსფერები, უქნარებს რომ ამაო ოცნებებს აღუძრავენ ხოლმე. მაგრამ მე ოცნებისთვსი არა მცალია, მე საქმის კაცი ვარ.

- აა, ვარსკვლავები?

- ჰო, ჰო, ვარსკვლავები.

- მერე რად გინდა ხუთასი მილიონი ვარსკვლავი?

- ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი. მე საქმის კაცი ვარ და სიზუსტე მიყვარს.

- კი მაგრამ რად გინდა ამდენი ვარსკვლავი?

- რად?

- ჰო.

- აღარაფრად. მე მათი მფლობელი ვარ.

- ვარსკვლავების მფლობელი?

- დიახ.

- მაგრამ უკვე ვნახე ერთი მეფე, რომელიც...

- მეფეები არაფერს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ - „მეფობენ“. ეს სრულიად სხვადასხვა რამაა.

- მერე რად გინდა ვარსკვლავები?

- მათ სიმდიდრე მოაქვთ ჩემთვის.

- სიმდიდრე რაღად გინდა?

- სხვა ვარსკვლავების საყიდლად, თუ ისინი ვინმემ აღმოაჩინა.

„ესეც თითქმის ისე მსჯელობს, როგორც ის ლოთი“, - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შეეკითხა:

- როგორ შეიძლება გახდეს კაცი ვარსკვლავების მფლობელი?

- ვის ეკუთვნიან ვარსკვლავები? - წამოიღრინა უცბად საქმოსანმა.

- არ ვიცი. არავის.

- მაშასადამე ისინი მე მეკითვნიან, რადგან პირველად მე მოვიფიქრე მათი მფლობელობა.

- და ეს საკმარისია?

- რა თქმა უნდა, თუ შენ ალმასს იპოვი, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია. თუ შენ აღმოაჩენ კუნძულს, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია. თუ შენ სხვაზე ადრე მოიფიქრე რაიმე, შენ შეგიძლია პატენტი მოითხოვო, იგი შენი კუთვნილებაა. მე ვარსკვლავების მფლობელი ვარ, რადგან ჩემამდე არავის უფიქრია, დაპატრონებოდა მათ.

- ეს მართალია, - თქვა პატარა უფლისწულმა. - მერე რად გინდა ისინი?

- ისინი ჩემს განკარგულებაში არიან, - მიუგო საქმოსანმა. - მე მათ ვითვლი და შემდეგ ისევ თავიდან ვითვლი. ეს ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ მე საქმის კაცი ვარ!

პატარა უფლისწული მაინც ვერ დააკმაყოფილა პასუხმა.

- მე თუ აბრეშუმის ყელსახვევი მაქვს, შემიძლია ყელზე შემოვიხვიო და თან ვატარო, - თქვა მან. - მე თუ ყვავილი მაქვს, შემიძლია მოვწტვიტო და ისიც თან ვატარო. მაგრამ შენ ხომ არ შეგიძლია მოწყვიტო ვარსკვლავი!

- არა, მაგრამ მე შემიძლია ბანკში შევინახო იგი.

- რას ნიშნავს ეს?

- ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ქაღალდზე ვწერ ჩემი ვარსკვლავების რიცხვს, შემდეგ ამ ქაღალდს უჯრაში ვდებ და გასაღებით ვკეტავ.

- მეტი არაფერი?

- ეს სავსებით საკმარისია.

„კარგი გასართობია! - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, - და საკმაოდ პოეტურიც, მაგრამ არც თუ ისე სერიოზული“.

სერიოზულობაზე მას თავისი საკუთარი შეხედულება ჰქონდა, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა დიდების შეხედულებისაგან.

- ჩემს პლანეტაზე, - თქვა მან, - არის ერთი ყვავილი, რომელსაც ყოველ დილას ვრწყავ, და სამი ვულკანი, რომლებსაც კვირაში ერთხელ ვასფთავებ. მათ შორის ჩამქრალ ვულკანსაც. ვინ იცის, რა მოხდება. ჩემი მფლობელობა სასარგებლოა ვულკანებისთვისაც და ყვავილისთვისაც. მაგრამ შენ არაფერს არ რგებ ვარსკვლავებს...

საქმოსანმე პირი გააღო, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერდა და პატარა უფლისწული გაეცალა მას.

„დიდები ნამდვილად საოცარი ხალხია“, - გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

XIV

მეხუთე პლანეტა ძალიან საინტერესო პლანეტა იყო, მაგრამ იგი ყველაზე პატარა აღმოჩნდა. პლანეტაზე ისე ცოტა ადგილი იყო, რომ მხოლოდ ერთი ფარანი და მეფარნე ეტეოდა. პატარა უფლისწული ვერ მიმხვდარიყო, რა საჭირო იყო ფარანი და მეფარნე სადღაც ცაში მიკარგულ პატარა უკაცრიელ პლანეტაზე, სადაც სახლიც კი არ იდგა.

„იქნებ ამ კაცის ცხოვრება უაზროა, მაგრამ არც ისე უაზრო, როგორც მეფის, პატივმოყვარისა და საქმოსანისა, - გაიფიქრა მან. - მის სამუშაოს რაღაც აზრი მაინც აქვს. როცა იგი ფარანს აანთებს, თითქოს ერთი ახალი ვარსკვლავი ან ყვავილი ჩნდება ქვეყნად. ხოლო როდესაც ფარანს აქრობს, თითქოს აძინებს ვარსკვლავს ან ყვავილს. მშვენიერი საქმეა და ნამდვილად სასარგებლოც, რადგან ლამაზია“.


და მიუახლოვდა თუ არა პლანეტას, პატივისცემით მიესალმა მეფარნეს.

- გამარჯობა! რატომ ჩააქრე ფარანი?

- ასეა დაწესებული, - მოუგო მეფარნემ, - დილა მშვიდობისა.

- რა არის დაწესებული?

- ის, რომ ფარანი ჩავაქრო. საღამო მშვიდობისა.

და მან ხელხლა აანთო ფარანი.

- ხელმეორედ რატომ აანთე?

- ასეა დაწესებული, - გაიმეორა მეფარნემ.

- ვერაფერი გავიგე, - თქვა პატარა უფლისწულმა.

- აქ გაუგებარი არაფერია, - უპასუხა მეფარნემ, - წესი წესია. დილა მშვიდობისა.

და ისევ ჩააქრო ფარანი.

შემდეგ წითელუჯრედებიანი ხესახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და თქვა:

- ძნელი ხელობა მაქვს. ოდესღაც ამ სამუშაოს აზრი ჰქონდა. დილით ჩავაქრობდი ხოლმე ფარანს, საღამოს კი ისევ ავანთებდი. დანარჩენ დროს ვისვენებდი, ღამით კი მეძინა...

- მას შემდეგ წესი შეიცვალა?

- არა, წესი არ შეცვლილა და უბედურებაც ეს არის! საქმე ისაა, რომ რად დრო გადის, პლანეტა უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს, წესი კი უცვლელი რჩება!

- მერე? - შეეკითხა პატარა უფლისწული.

- მერე და პლანეტის სრულ შემობრუნებას ახლა მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება და ერთი წუთითაც ვეღარ ვისვენებ. ყოველ წუთს ვანთებ და ვაქრობ ფარანს.

- საოცარია! მაშ შენთან დღე მხოლოდ ერთი წუთი გრძელდება!

- საოცარი არაფერია, - მიუგო მეფარნემ, ჩვენ უკვე მთელი თვეა ვსაუბრობთ.

- მთელი თვე?

- დიახ. ოცდაათი წუთი. ოცდაათი დღე. საღამო მშვიდობისა.

და კვლავ აანთო ფარანი.

პატარა უფლისწული შეჰყურებდა მეფარნეს და უფრო და უფრო მოსწონდა ეს კაცი, რომელიც ასე ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას. უცებ მოაგონდა, როგორ გადადგამდა ხოლმე თავის პლანეტაზე სკამს, რომ უფრო დიდხანს ეცქირა მზის ჩასვლისთვის, და მეგობრის დამხარება განიზრახა.

- მე ერთ ხერხს გასწავლი და, როცა მოისურვებ, შეგიძლია დაისვენო... - უთხრა მას პატარა უფლისწულმა.

- მე ეგ მუდამ მსურს, - თქვა მეფარნემ, რადგან შეიძლება კაცი საქმის ერთგულიც იყოს და თან ზარმაციც.

პატარა უფლისწულმა განაგრძო:

- შენი პლანეტა იმდენად პატარაა, რომ შეგიძლია სამი ნაბიჯით შემოუარო. ოღონდ ისე უნდა იარო, რომ მზე მუდამ დაგყურებდეს. დასვენება რომ მოგინდება, იარე... და დღეც იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენსაც მოისურვებ.

- ეგ მე ბევრს ვერაფერს მიშველის, - თქვა მეფარნემ - მე ხომ ძილი ყველაფერს მირჩევნია.

- მაშ ცუდად ყოფილა შენი საქმე, - თანაგრძნობით უთხრა მას პატარა უფლისწულმა.

- დიახ, ცუდადაა, - დაუდასტურა მეფარნემ. - დილა მშვიდობისა.

და ჩააქრო თავისი ფარანი.

„ამ კაცს, - ფირქობდა გზაში პატარა უფლისწული, - ალბათ მეფეც აბუჩად აიგდებდა, პატივმოყვარეც, ლოთიც და საქმოსანიც. ჩემი აზრით კი, მათ შორის მხოლოდ ეგ არ არის სასაცილო, ალბათ მარტო თავის თავზე რომ არ ზრუნავს, ამიტომ“.

პატარა უფლისწულმა ღრმად ამოიოხრა: „აი, ერთადერთი კაცი, რომელსაც მე დავუმეგობრდებოდი, - გაიფიქრა მან. - მაგრამ მისი პლანეტა მართლაც ძალიან პატარაა ორი კაცისათვის...“

პატარა უფლისწულს თავისი თავისთვისაც ვერ გაემხილა, რომ ამ პლანეტასთან გამოთხოვებამ იმიტომაც დასწყვიტა გული, რომ დღე-ღამეში აქ ათას ოთხას ორმოცჯერ შეეძლო ენახა მზის ჩასვლა.

XV

მეექვსე პლანეტა წინანდელთან შედარებით ათჯერ უფრო დიდი იყო, ამ პლანეტაზე ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ვეება წიგნებს წერდა.

- აი მოგზაურიც! - წამოიძახა მან, როგორც კი პატარა უფლისწულს მოჰკრა თვალი.


პატარა უფლისწული მაგიდაზე ჩამოჯდა, რომ სული მოეთქვა. მან ხომ ამდენი იმოგზაურა!

- სადაური ხარ? - ჰკითხა მოხუცმა.

- რა წერია ამ დიდ წიგნებში? - კითხვითვე უპასუხა პატარა უფლისწულმა. - რას აკეთებთ?

- მე გეოგრაფი ვარ, - მიუგო მოხუცმა.

- რა არის გეოგრაფი?

- გეოგრაფი სწავლულია, რომელმაც იცის, სად მდებარეობს ესა თუ ის ზღვა, მდინარე, ქალაქი, მთა და უდაბნო.

- ძალიან საინტერესოა! - თქვა პატარა უფლისწულმა. - როგორც იქნა, დავინახე ადამიანი, რომელსაც ნამდვილი საქმე აქვს.

და მან თავლი მოავლო გეოგრაფის პლანეტას. ასეთი დიდებული პლანეტა ჯერ არ ენახა.

- რა ლამაზია! ოკეანეები თუ არის თქვენს პლანეტაზე?

- ვერ გეტყვი, - თქვა გეოგრაფმა.

- ა! - პატარა უფლისწული არ მოელოდა ასეთ პასუხს! - არც მთები?

- ვერც მაგაზე გიპასუხებ.

- ქალაქები, მდინარეები ან უდაბნოები?

- ვერც მაგაზე გეტყვი რამეს. რაც არ ვიცი, არ ვიცი, - მიუგო გეოგრაფმა.

- მაგრამ თქვენ ხომ გეოგრაფი ხართ?

- დიახ. - მიუგო გეოგრაფმა - გეოგრაფი, და არა მოგზაური. მე ერთი მოგზაურიც არ მყავს ჩემს პლანეტაზე. გეოგრაფის საქმე არ არის ქალაქების, მდინარეების, მთების, ზღვების, ოკეანეებისა და უდაბნოების დათვალიერება. გეოგრაფი ვერ იხეტიალებს. იგი თავის საწერ მაგიდასთან უნდა იჯდეს. სამაგიეროდ, იგი მოგზაურებს იღებს, შეკითხვებს აძლევს მათ და იწერს თითოეულის ნაამბობს, თუ რომელიმე მათგანის ნაამბობი დააინტერესებს, ამოწმებს, - წესიერი კაცია თუ არა მოგზაური.

- რატომ?

- იმიტომ, რომ თუ მოგზაურმა ტყუილი თქვა, გეოგრაფიის წიგნში ყველაფერი აირევა. ასევე უნდა შემოწმდეს იმ მოგზაურის ნაამბობიც, რომელიც ღვინოს ეტანება.

- რატომ? - იკითხა პატარა უფლისწულმა.

- იმიტომ, რომ მთვრალ კაცს ყველაფერი ორად ეჩვენება. და გეოგრაფი, რომელიც მას დაუჯერებს, ერთი მთის მაგიერ ორს ჩაწერს.

- მე ერთ კაცს ვიცნობ, - თქვა პატარა უფლისწულმა, - იგი ალბათ ძალიან ცუდი მოგზაური იქნებოდა.

- შეიძლება. ამრიგად, თუ მოგზაური წესიერი კაცი ჩანს, მის აღმოჩენას ამოწმებენ.

- მიდიან და ნახულობენ?

- არა, ეს ძალიან გაართულებდა საქმეს. უბრალოდ, მოგზაურს დამამტკიცებელ საბუთებს თხოვენ. მაგალითად, თუ მან დიდი მთა აღმოაჩინა, ამის დასამტკიცებლად იმ მთიდან ქვები უნდა მოიტანოს.

გეოგრაფი უცებ გამოცოცხლდა.

- შენც ხომ შორეული ქვეყნიდან ჩამოხვედი! მაშასადამე, შენც მოგზაური ხარ! ამიწერე შენი პლანეტა!

გეოგრაფმა თავისი დავთარი გადაშალა და ფანქრის წვერი წაუმახა. მოგზაურის ნაამბობს ჯერ ფანქრით იწერენ ხოლმე, მერე კი როცა მოგზაური სათანადო დამამტკიცებელ საბუთებს წარმოადგენს, მელნით გადაიწერენ.

- აბა, გისმენ, - თქვა გეოგრაფმა.

- ჩემი პლანეტა არც ისე საინტერესოა, - თქვა პატარა უფლისწულმა. - იგი სულ პატარაა. იქ სამი ვულკანია, ორი მოქმედი, ერთი კი ჩამქრალი. თუმცა ვინ იცის...

- დიახ, ვინ იცის, რა მოხდება, - კვერი დაუკრა გეოგრაფმა.

- ერთი ყვავილიცა მაქვს.

- ჩვენ ყვავილებს არ აღვნიშნავთ, - თქვა გეოგრაფმა.

- რატომ? იგი ყველაზე ლამაზია ჩემს პლანეტაზე.

- იმიტომ, რომ ყვავილი ეფემერულია.

- რა არის „ეფემერული“?

- გეოგრაფის წიგნები ყველაზე ძვირფასი წიგნებია და არასოდეს ძველდება. მთა ძალიან იშვიათად იცვლის ადგილს და ოკეანეც ძალიან იშვიათად შრება. ჩვენ მხოლოდ მარადიულ საგნებზე ვწერთ.

- მაგრამ ჩამქრალმა ვულკანმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაიღვიძოს, - შეაწყვეტინა პატარა უფლისწულმა. - რა არის „ეფემერული“?

- ჩამქრალია ვუკანი, თუ მოქმედი, ამას ჩვენთვის არავითარი მნიშნველობა არა აქვს, - თქვა გეოგრაფმა. - ჩვენთვის მთავარია მთა. იგი არ იცვლება.

- კი მაგრამ, რა არის „ეფემერული“? - ისევ გაუმეორა პატარა უფლისწულმა, რადგან ვერ მოისვენებდა, სანამ კითხვაზე პასუხს არ მიიღებდა.

- ეფემერული არის ის, რასაც დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.

- მაშ, ჩემს ყვავილს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია?

- რა თქმა უნდა.

„ჩემი ყვავილი ეფემერულია, - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. - მას მხოლოდ ოთხი ეკალი აქვს თავის დასაცავად. მე კი მარტოდმარტო მივატოვე იგი ჩემს პლანეტაზე“.

და მან პირველად ინანა, რომ მიატოვა ყვავილი. მაგრამ მერე ისევ მოიკრიბა მხნეობა.

- რომელი ქვეყნის ნახვას მირჩევდით? - ჰკითხა მან გეოგრაფს.

- დედამიწის, - მიუგო გეოგრაფმა. - მას კარგი რეპუტაცია აქვს...

და პატარა უფლისწული გაუდგა გზას, მაგრამ ფიქრებით თავის ყვავილთან იყო.

XVI

მეშვიდე პლანეტა, რომელსაც იგი ეწვია, დედამიწა იყო. დედამიწა უბრალო პლანეტა არ გეგონოთ! ამ პლანეტაზე ასთერთმეტი მეფეა (მათ შორის, რა თქმა უნდა, ზანგი მეფეებიც), შვიდი ათასი გეოგრაფი, ცხრაასი ათასი საქმოსანი, შვიდი მილიონ ხუთასი ათასი ლოთი და სამასთერთმეტი მილიონი პატივმოყვარე - ესე იგი, სულ დაახლოებით ორ მილიარდამდე ადამიანი.


დედამიწის სიდიდე რომ უფრო კარგად წარმოიდგინოთ, საკმარისია იცოდეთ, რომ სანამ ელექტრონს აღმოაჩენდნენ, ექვსივე კონტინენტზე მეფარნეთა მთელი არმია ჰყავდათ, რომელიც ოთხას სამოცდაორი ათას ხუთას თერთმეტი კაცისაგან შედგებოდა.

შორიდან ეს დიდებული სანახაობა იყო. ამ არმიის მოძრაობა საბალეტო დასივით იყო აწყობილი. პირველად სცენაზე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეფარნეები გამოდიოდნენ, აანთებდნენ თავიანთ ფარნებს და დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგ რიგ-რიგობით გამოდიოდნენ ჩინეთისა და ციმბირის მეფარნეები. ჩამოუვლიდნენ წრეს და კულისებში გაიკრიფებოდნენ. მათ შემდეგ დგებოდა რუსეთის და ინდოეთის მეფარნეთა რიგი. ამათ მოჰყვებოდნენ აფრიკისა და ევროპის, შემდეგ სამხრეთ ამერიკის, მერე კი ჩრდილოეთ ამერიკის მეფარნეები. და არცერთს არ ეშლებოდა სცენაზე გამოსვლის რიგი. მართლაც რომ დიდებული სანახაობა იყო!

მხოლოდ ორი მათგანი იყო არხეინად - ის, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსის ერთადერთი ფარანი უნდა აენთო, და მისი სამხრეთპოლუსელი თანამოძმე. მათ მხოლოდ ორჯერ უნდა შეესრულებინათ წელიწადში თავისი მოვალოება.

XVII

როცა მოსწრებული სიტყვა გინდა თქვა, ზოგჯერ უნებურად ტყუილიც უნდა მოიშველიო. აი ახლაც, მეფარნეებზე რომ გაიმბობდით, ცოტათი გადავაჭარბე კიდეც და ვინც საკმაოდ არ იცნობს ჩვენს პლანეტას, შეიძლება მცდარი წარმოდგენაც კი შეექმნას მასზე. ადამიანებს არც ისე დიდი ადგილი უჭირავთ დედამიწაზე. დედამიწის ორი მილიარდი მკვიდრი რომ ერთად შეგროვილიყო, ისე როგორც ეს მიტინგებზე ხდება ხოლმე, თავისუფლად დაეტეოდა მოედანზე, რომელსაც ოცი მილის სიგრძე-სიგანე ექნებოდა. ამრიგად შესაძლებელი გახდებოდა მთელი კაცობრიობა წყნარი ოკეანის ერთ ყველაზე პატარა კუნძულზე მოგვეთავსებინა.

დიდები ამას, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ. მათ ჰგონიათ, რომ ძალიან დიდი ადგილი უჭირავთ დედამიწაზე. მათ თავიანთი თავი ბაობაბებივით ბუმბერაზი ჰგონიათ. კარგი იქნებოდა, თუ ურჩევდით, ზუსტად გამოენგარიშებინათ ყველაფერი. ეს რჩევა ეამებოდათ კიდეც. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თქვენ კი ამაოდ ნუ დაკარგავთ დროს. თქვენ ანგარიში არ გჭირდებათ, ისედაც გჯერათ ჩემი.

დედამიწაზე რომ დადგა ფეხი, პატარა უფლისწულს ძალიან გაუკვირდა, რომ ვერავინ დაინახა. ვაითუ, სხვა პლანეტაზე მოვხვდი, გაუელვა ფიქრმა, მაგრამ ამ დროს სილაში რაღაც დაგორგლილი შეირხა, რომელსაც მთვარის სხივის ფერი დაჰკრავდა.


- საღამო მშვიდობისა, - გაეხმიანა მას პატარა უფლისწული ყოველი შემთხვევისთვის.

- საღამო მშვიდობისა, - მიუგო გველმა.

- რომელ პლანეტაზე ჩამოვედი? - იკითხა პატარა უფლისწულმა.

- დედამიწაზე, - მიუგო გველმა. - აფრიკაში.

- ა!.. დედამიწაზე ადამიანი არ ცხოვრობს?

- ეს უდაბნოა. უდაბნოში კი არავინ ცხოვრობს. დედამიწა დიდია, - უთხრა გველმა.

პატარა უფლისწული ქვაზე ჩამოჯდა და ზეცას მიაპყრო თვალი.

- ნეტავ რატომ კიაფობენ ვარსკვლავები, - ჩაილაპარაკა მან. - ალბათ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, ყველამ უნდა იპოვოს თავისი ვარსკვლავი. შეხედე, აი ჩემი პლანეტა - იგი სწორედ ჩვენს ზემოთაა, მაგრამ რა შორსაა აქედან!

- ლამაზი პლანეტაა, - თქვა გველმა. - რამ მოგიყვანა აქ?

- ყვავილს დავემდურე.

- ა!..

და ორივენი დადუმდნენ.

- ადამიანები სად არიან? - ისევ იკითხა პატარა უფლისწულმა. - უდაბნოში ცოტა არ იყოს, მარტოობაა...

- ადამიანთა შორისაც მარტოობაა, - მიუგო გველმა.

პატარა უფლისწული ყურადღებით დააქცერდა გველს.

- უცნაური არსება ხარ, - უთხრა მან ბოლოს, - თითივით წვრილი.

- სამაგიეროდ მე მეფის თითებზე მეტი ძალა მაქვს, - მიუგო გველმა.

პატარა უფლისწულს გაეღიმა.

- არც ისე ღონიერი ჩანხარ... ფეხებიც კი არა გაქვს... მოგზაურობასაც კი ვერ შეძლებდი...

- მე შემიძლია ყოველ ხომალდზე უფრო შორს წაგიყვანო, - უთხრა გველმა და ოქროს სამაჯურივით შემოეჭდო კოჭზე.

- ყველა სულდგმულს, რომელსაც კი შევეხები, მიწას ვუბრუნებ, რადგან ყველა მიწის შვილია, - თქვა მან. - მაგრამ შენ წმინდა ხარ და ვარსკვლავიდან მოფრენილი...

პატარა უფლისწულმა არაფერი უპასუხა.

- მებრალები, - განაგრძნო გველმა. - მეტისმეტად უმწეო ხარ ამ დედამიწაზე, რომელიც გრანიტისაგან არის შექმნილი. როცა ძალიან ინანებ, რომ მიატოვე შენი პლანეტა, მე შემიძლია დაგეხმარო. მე შემიძლია...

- ო! მივხვდი, რისი თქმაც გსურს, - უთხრა პატარა უფლისწულმა. - მაგრამ მუდამ იგავებით რატომ ლაპარაკობ?

- მე ყველა იგავის ამხსნელი ვარ, - თქვა გველმა.

და ორივენი დადუმდნენ.

XVIII

პატარა უფლისწულმა მთელი უდაბნო გადასერა და მხოლოდ ერთადერთ ყვავილს წააწყდა, სამფურცელა, პატარა ყვავილს.


- გამარჯობა, - უთხრა პატარა უფლისწულმა.

- გაგიმარჯოს, - მიუგო ყვავილმა.

- ადამიანები სად არიან? - თავაზიანად შეეკითხა პატარა უფლისწული.

ყვავილს მხოლოდ ერთხელ ენახა ქარავანი, რომელმაც შორიახლოს ჩაუარა.

- ადამიანები? ვფიქრობ, ექვსი თუ შვიდი ადამიანი არსებობს მხოლოდ. მე ისინი ამ რამდენიმე წლის წინათ დავინახე. მაგრამ არავინ იცის მათი ასავალ-დასავალი. ალბათ ქარი თუ ერეკება სადმე. მათ ხომ ფესვები არა აქვთ. უფესვოდ კი ძალიან ძნელია ცხოვრება.

- მშვიდობით, - უთხრა პატარა უფლისწულმა.

- მშვიდობით, - მიუგო ყვავილმა.

XIX

შემდეგ პატარა უფლისწული ერთ მაღალ მთაზე ავიდა. მანამდე მას არასოდეს ენახა მთები, თავისი სამი ვულკანის გარდა, რომლებიც მხოლოდ მუხლამდე წვდებოდა. ჩამქრალ ვულკანს კი სკამად ხმარობდა ხოლმე.

„ასეთი მაღალი მთიდან, - გაიფიქრა მან, - თვალის ერთი გადავლებით დავინახავ მთელ პლანეტას და ყველა ადამიანს...“

მაგრამ წაწვეტილი კლდეების გარდა ვერაფერი დაინახა.


- გამარჯობა, - წარმოთქვა მან ყოველი შემთხვევისთვის.

- გამარჯობა... გამარჯობა... გამარჯობა... - გამოეხმაურა ექო.

- ვინა ხართ? - იკითხა პატარა უფლისწულმა.

- ვინა ხართ?.. ვინა ხართ?.. ვინა ხართ?.. - გაიმეორა ექომ.

- მიმეგობრეთ, მარტო ვარ ქვეყნად! - თქვა პატარა უფლისწულმა.

- მარტო ვარ ქვეყნად... მარტო ვარ ქვეყნად... მარტო ვარ ქვეყნად... - კვლავ გაიმეორა ექომ.

„რა უცნაური პლანეტაა! - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. - მთლად გამოფიტული წვეტიანი კლდეებით დაფარული და დაშაშრული. მის ბინადართ არაფრის მოფიქრების უნარი არ შესწევთ და მხოლოდ იმას იმეორებენ, რასაც ვინმე ეტყვით... ჩემი ყვავილი კი მუდამ თვითონ წამოიწყებდა საუბარს...“

XX

ბოლოს ქვიშრობზე, კლდე-ღრესა და თოვლში დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ პატარა უფლისწული გზას წააწყდა. გზა კი მუდამ ადამიანის სადგომისაკენ მიემართება.


- გამარჯობა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

იგი ვარდებით მოფენილ ბაღს მისდგომოდა.

- გაგიმარჯოს, - მიუგეს ვარდებმა.

პატარა უფლისწული დააცქერდა მათ და შენიშნა, რომ ყველა ყვავილი მის ყვავილს ჰგავდა.

- ვინა ხართ? - შეეკითხა მათ გაოგნებული პატარა უფლისწული.

- ჩვენ ვარდები ვართ, - მიუგეს ვარდებმა.

- საკვირველია... - აღმოხდა პატარა უფლისწულს.

და საშინელი სევდა შემოაწვა გულზე. მისი ყვავილი სულ იმას ეუბნებოდა, ჩემი მსგავსი არსად მოიძებნება მთელ ქვეყანაზეო. აქ კი, მხოლოდ ერთ ბაღში, ხუთი ათასი მსგავსი ყვავილი ხარობდა!

„მას რომ ეს ვარდები დაენახა ძალიან განაწყენდებოდა... - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. - საშინელ ხველას ატეხდა, ოღონდ კი სასაცილო არ გამხდარიყო, და მომაკვდავად მომაჩვენებდა თავს... მე კი იძულებული ვიქნებოდი ისე დამეჭირა თავი, თითქოს სიკვდილისაგან ვიხსენი, თორემ ჯიბრით მართლაც მოკვდებოდა, რომ მე შევერცხვინე...“ - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა.

„მე მეგონა, რომ უმდიდრესი ადამიანი ვიყავი, რაკი ისეთი ყვავილი მქონდა, რომლის მაგვარი მეორე არ მოიძებნება ქვეყნად. მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ვარდის პატრონი ვყოფილვარ. ჩვეულებრივი ვარდის და სამი ვულკანისა, რომლებიც მხოლოდ მუხლამდე მწვდებიან და რომელთაგან ერთი იქნებ სამუდამოდაა ჩამქრალი... ამ სამფლობელოს პატრონს დიდი უფლისწული არ მეთქმის...“

იგი მოლზე დაემხო და ატირდა.

XXI

ამ დროს მელია გამოჩნდა.

- გამარჯობა, - მიესალმა მელია პატარა უფლისწულს.

- გაგიმარჯოს, - თავაზიანად მიუგო პატარა უფლისწულმა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა.

- მე აქა ვარ, - გაისმა ხმა, - ვაშლის ხის ძირას.


- ვინა ხარ? - შეეკითხა პატარა უფლისწული, - სანდომიანი იერი გაქვს...

- მე მელია ვარ, - მიუგო მელიამ.

- მოდი მეთამაშე, - შესთავაზე პატარა უფლისწულმა, - ძალიან უბედური ვარ.

- შენთან თამაში არ შემიძლია, - მიუგო მელიამ, - მე მოუშინაურებელი მელია ვარ.

- მომიტევე, - უთხრა პატარა უფლისწულმა.

და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დასძინა:

- არ არის „მოშინაურება“?

- შენ აქაური არ უნდა იყო, - უთხრა მელიამ, - რას დაეძებ აქ?

- ადამიანებს დავეძებ, - თქვა პატარა უფლისწულმა - რა არის „მოშინაურება“?

- ადამიანებს, - თქვა მელიამ, - თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა. მაგრამ მათ ქათმებიცა ჰყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ?

- არა, - მიუგო პატარა უფლისწულმა. - მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს „მოშინაურება“?

- ეს ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. იგი მიჩვევას ნიშნავს.

- მიჩვევას?

- სწორედ მაგას, - მიუგო მელიამ. - შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის...

- მგონი მიგიხვდი, - თქვა პატარა უფლისწულმა... - ერთ ყვავილს ვიცნობ... მან, მგონი, მომიშინაურა...

- შეიძლება, - მიუგო მელიამ, - რა არ ხდება ამ დედამიწაზე.

- ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

მელიას ცნობისმოყვარეობა და გაოცება დაეტყო.

- სხვა პლანეტაზე მოხდა?

- დიახ.

- მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?

- არა.

- საინტერესოა! ქათმები?

- არა.

- სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, - ამოიოხრა მელიამ.

და ისევ დაუბრუნდა თავის იდეას.

- ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში...


მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.

- სიამოვნებით მოგიშინაურებდი, - მიუგო პატარა უფლისწულმა - მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო.

- მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, - თქვა მელიამ. - ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც მეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე.

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...

მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან.

- უკეთესი იქნება, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოხვიდე, - უთხრა მელიამ, - მაგალითად, თუ ყოველთვის ნაშუადღევის ოთხ საათზე მოხვალ, სამ საათზე უკვე ვიგრძნობ ბედნიერებას და, რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო მომემატება ხალისი. ოთხ საათზე კი მღელვარება და მოუსვენრობა შემიპყრობს და შევიცნობ ბედნიერების ფასს! მაგრამ თუ შენ სხვადასხვა დროს მოხვალ, აღარ მეცოდინება როდისთვის მოვამზადო გული შენს შესახვედრად. აქ ერთგვარი რიტუალის დაცვაა საჭირო.


- რიტაული რა არის? - შეეკითხა პატარა უფლისწული.

- ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, - მიუგო მელიამ. - რიტუალი განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისაგან, ერთ საათს - დანარჩენი საათებისაგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს, ასეთი რიტუალი აქვთ: ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ცეკვავენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი! ამ დღეს ზვრებამდეც კი შემიძლია გავისეირნო. მონადირეები რომ ყოველთვის ცეკვავდნენ, მაშინ ყველა დღე ერთნაირი იქნებოდა და ვერასდროს მოვითქვამდი სულს.

ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. მაგრამ დადგა განშორების დღე.

- ო!.. - ამოიოხრა მელიამ, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ.

- შენი ბრალია, - უთხრა პატარა უფლისწულმა. - მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე...

- მართალია, - თქვა მელიამ.

- ახლა კი უნდა იტირო!

- მართალია.

- მერე და, რა მოიგე?

- დიახაც მოვიგე, - მიუგო მელიამ. -მოიგონე რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე.

და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა:

- წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. გამოსამშვიდობებდლად რომ მობრუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება.

პატარა უფლისწული ვარდებისკენ გაემართა.

- თქვენ სრულებით არ გავხართ ჩემს ვარდს, - უთხრა მათ პატარა უფლისწულმა, - თქვენ ჯერ არარანი ხართ. თქვენ ჯერ არავის მოუშინაურებიხართ. და არც თქვენ მოგიშინაურებიათ ვინმე.

- თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც მე პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისაგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად.

ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს.

- თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, - განაგრძო მან. - არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.

და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა.

- მშვიდობით... - უთხრა მან მელიას.

- მშვიდობით, - მიუგო მელიამ. - აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.

- თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

- თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.

- თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე...

- ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

XXII

- გამარჯობა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

- გაგიმარჯოს, - მიუგო მეისრემ.

- რას აკეთებ აქ? - შეეკითხა პატარა უფლისწული.

- მგზავრებს ვანაწილებ, - მიუგო მეისრემ, - ათას-ათას კაცად ვაჯგუფებ და ხან მარჯვნივ ვისტუმრებ და ხან მარცხნივ.

ამ დროს ისეთი გრუხუნით ჩამოიქროლა გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა, რომ მეისრის ჯიხური შეაზანზარა.

- სად მიჰქრიან? - იკითხა პატარა უფლისწულმა. - რას დაეძებენ?

- ეს თვითონ მემანქანემაც არ იცის, - მიუგო მეისრემ.

ახლა მეორე გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა ჩაიგრუხუნა მეორე მიმართულებით.

- უკვე გამობრუნდნენ უკან? - იკითხა პატარა უფლისწულმა.

- ესენი სხვა მგზავრები არიან, - მიუგო მეისრემ.

- არ მოსწონთ ის ადგილი, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ?

- არავის მოსწონს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, - მიუგო მეისრემ.

ამასობაში მესამე ჩქარმა მატარებელმა ჩამოიქროლა.

- ესენი პირველი მატარებლის მგზავრებს მისდევენ? - იკითხა პატარა უფლისწულმა.

- არავის არ მისდევენ. - მიუგო მეისრემ. - მათ ვაგონებში სძინავთ ან სხედან და ამთქნარებენ. მარტო ბავშვები არ შორდებიან ფანჯრებს და ცხვირი სარკმლის მინაზე აქვთ მიჭყლეტილი.

- მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ, - თქვა პატარა უფლისწულმა. - ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის. და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან.

- ისინი ბედნიერები არიან, - თქვა მეისრემ.

XXIII

- გამარჯობა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

- გაგიმარჯოს, - მიუგო ვაჭარმა.

ეს იყო წყურვილის მომკვლელი აბებით მოვაჭრე. საკმარისია ერთი ასეთი აბი გადაყლაპოს კაცმა და მთელი კვირა აღარ მოწყურდება.

- რა საჭიროა ეს აბები? - შეეკითხა მას პატარა უფლისწული.

- იგი დროის დიდ ეკონომიას იძლევა, - მიუგო ვაჭარმა - ექსპერიმენტებმა გამოიანგარიშეს, რომ კვირაში შეიძლება ორმოცდაცამეტი წუთი დაზოგო.

- მერე რად უნდათ ეს ორმოცდაცამეტი წუთი?

- რამეში მოიხმარენ.

„მე რომ ორმოცდაცამეტი თავისუფალი წუთი მქონოდა, - გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, - ნელა გავისეირნებდი წყაროსაკენ...“


XXIV

უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც ამ უდაბნოში მარცხი მომივიდა და სასმელი წყალის სწორედ მაშინ გამომელია, როცა პატარა უფლისწული აბებით მოვაჭრის ამბავს მიყვებოდა.

- შენი თავგადასავალი მშვენიერია, - ვუთხარი მე პატარა უფლისწულს. - მაგრამ ხომ ხედავ, ჯერაც არ შემიკეთებია თვითმფრინავი, სასმელი წყალიც არა მაქვს და, მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ნელა გავისეირნო წყაროსკენ.

- ჩემმა მეგობარმა მელიამ მითხრა, რომ...

- ჩემო კარგო ბიჭო, რა დროს მელიაა!

- რატომ?

- იმიტომ, რომ წყურვილით სიკვდილი გველის.

მან ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი და მომიგო:

- მეგობარი ყოველთვის კარგია, სიკვდილის წუთებშიც კი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მელიას მეგობრობით...

„წარმოდგენაც არა აქვს მოსალოდნელ საფრთხეზე, - გავიფიქრე მე. - მას ხომ არასოდეს გამოუცდია შიმშილი და წყურვილი. მისთვის მზის სხივიც კმარა...“

პატარა უფლისწულმა შემომხედა და ფიქრი გამაწყვეტინა:

- მეც მწყურია... - მითხრა მან. - წამოდი, ჭა მოვძებნოთ...

მე უიმედოდ ჩავიქნიე ხელი: რა აზრი ჰქონდა ალალბედზე ჭის ძებნას ამ თავლუწვდენელ უდაბნოში. მაგრამ მაინც გავუდექით გზას.

დიდხანს ვიარეთ ხმაამოუღებლად. დაღამდა. ცაზე ვარსკვლავები აენთნენ. წყურვილით ღონემიხდილი და გაოგნებული ძლივსღა ვარჩევდი ვარკვლავების ციმციმს. პატარა უფლისწულის სიტყვები მაინც მიტრიალებდა თავში.

- შენც იცი, რა არის წყურვილი? - შევეკითხე მე.

მაგრამ პასუხი არ გამცა.

- წყალი გულსაც რგებს... - თქვა უბრალოდ.

მე ვერ გავუგე, მაგრამ აღარაფერი ვკითხე... კარგად ვიცოდი, რომ კითხვაზე პასუხს ადვილად არ გამცემდა.

იგი დაიღალა და სილაზე დაეშვა. მე გვერდით მივუჯექი. კარგა ხანს ვდუმდით. მერე კი თქვა:

- ლამაზია ვარკვლავები, მეტადრე იმიტომ, რომ იქ, სადღაც, ერთი ყვავილი ხარობს, რომელიც აქედან არა ჩანს...

- მართალი ხარ, - მივუგე მე და თვალი მოვავლე მთვარის შუქით განათებულ დატალღულ ქვიშას.

- უდაბნოც ლამაზია, - დასძინა მან.

მართლაც ლამაზი სანახავი იყო უდაბნო. მე ყოველთვის მომწონდა იგი. ზიხარ სილის ბორცვზე, ირგვლივ არაფერი ჩანს. არაფერი ისმის. და მდუმარებაში მაინც ანათებს რაღაც...

- იცი, რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი? - თქვა პატარა უფლისწულმა, - იმიტომ, რომ სადღაც, მის წიაღში, წყარო იმალება...

მე გავვოცდი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რას მოასწავებდა ეს იდუმალი ელვარება, უდაბნოს სილა რომ გამოსცემს ხოლმე. ოდესღაც, პატარა რომ ვიყავი, ერთ ძველისძველ სახლში ვცხოვრობდი. ხალხში ხმა დადიოდა, ამ სახლში განძია დაფლულიო. ეს განძი, რა თქმა უნდა, არავის უპოვია, და ალბათ არც არავის უძებნია, მაგრამ სახლი გრძნეულებით იყო მოცული. თითქოს გულში რაღაც საიდუმლო აქვს ჩამარხულიო...

- მართალი ხარ, - მივუგე მე პატარა უფლისწულს. - სახლი იქნება, ვარსკვლავი თუ უდაბნო, ლამაზი მათში ის არის, რაც არა ჩანს.

- მიხარია, რომ ჩემს მელიას ეთანხმები, - მითხრა პატარა უფლისწულმა.

მერე კი ჩაეძინა. მე ხელში ავიყვანე იგი და გზა განვაგრძე. აღელვებული დავყურებდი მას. ასე მეგონა, თითქოს უძვირფასესი განძი მეჭირა ხელში და მასზე სათუთი არაფერი იყო ქვეყნად. დავცქეროდი მთვარის შუქით განათებულ ფერმკრთალ შუბლს, მინაბულ თვალებს და ოქროსფერ კულულებს, რომლებსაც ქარი ელამუნებოდა, და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რასაც ახლა ხედავ, ნაჭუჭია მხოლოდ, ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს-მეთქი.

უფლისწულს ოდნავ გაპობილ ბაგეზე წყნარი ღიმილი გადაეფინა.

„ის რაც უფრო დიდ აღტაცებას მგვრის, - გავიფიქრე მე, არის მისი ერთგულება ყვავილისადმი, ვარდზე ოცნება, რომელიც ჩირაღდანივით ანთია მის სულში მაშინაც კი, როცა მას სძინავს...“ და ჩემთვის აშკარა გახდა, რომ იგი უფრო სათუთი იყო, ვიდრე მეგონა, მივხვდი, რომ ჩირაღდანს უნდა გაუფრთხილდე, თორემ ქარის ერთ შემოქროლვას შეუძლია ჩააქროს იგი...

ასე ვიარე, ვიდრე განთიადისას ჭას არ წავაწყდი.

XXV

- ადამიანები, - თქვა პატარა უფლისწულმა, - ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან.

- მაგრამ ამაოდ... - დასძინა შემდეგ.

ჭა, რომელსაც ჩვენ მივაგენით, არ გავდა უდაბნოს ჭას. ჩვეულებრივად, საჰარის უდაბნოს ჭა სილაში ამოთხრილი ორმოა. ეს კი ნამდვილი სოფლური ჭა იყო. მაგრამ ახლომახლო სოფელი არ ჩანდა და თავი სიზმარში მეგონა.

- უცნაურია, - ვუთხარი პატარა უფლისწულს, - ყველაფერი თავის ადგილზეა: გორგოლაჭი, ვედროცა და თოკიც...

მან გაიცინა, ჭასთან მივიდა, თოკი აიღო და გორგოლაჭი დაატრიალა. გორგოლაჭი ისე აჭრიალდა, როგორც ძველისძველი, უქმად დებით დაჟანგული ფლიუგერი.

- გესმის? - თქვა პატარა უფლისწულმა, ჩვენ გავაღვიძეთ იგი და ისიც ამღერდა...

არ მინდოდა, რომ იგი დაღლილიყო.

- მე ამოვიღებ, - ვუთხარი უფლისწულს. შენთვის ეს ვედრო ძალიან მძიმეა.

ნელა ამოვიღე წყლით სავსე ვედრო და ჭის გვიმზე დავდგი. ჯერ კიდევ მესმოდა გორგოლაჭის ჭრიალი, ჯერ კიდევ ტოკავდა ვედროში წყალი და მის ზედაპირზე მზის შუქი ლივლივებდა.

- ეს წყალი მწყუროდა, - თქვა პატარა უფლისწულმა, - დამალევინე.

და მხოლოდ ახლა მივხვდი, რასაც დაეძებდა იგი!

ვედრო ტუჩებთან მივუტანე. მან თვალები მოხუჭა და წყალს დაეწაფა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი არ იყო. ეს წყალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გადალახულმა გრძელმა გზამ, გორგოლაჭია ჭრიალმა და ჩემი ხელების ძალამ დაბადა და ახლა საჩუქარივით ეფონებოდა გულს. ბავშვობისას ასე მახარებდა ხოლმე საშობაო საჩუქრები: სანთლების ციმციმი შობის ხეზე, შუაღამის წირვის მუსიკა და ადამიანების ალერსიანი ღიმილი.

- შენი პლანეტის ადამიანებს, - მითხრა პატარა უფლისწულმა, - ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ... მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ.

- ვერ პოულობენ... - დავუდასტურე მე.

- ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა.

- მართალია, - ისევ მივუგე მე.

- მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს...

მე წყალი შევსვი და შვებით ამოვისუნთქე. განთიადისას უდაბნოს ქვიშას თაფლის ფერი დაჰკრავს და ამ ფერის ცქერაც ბედნიერებას მგვრიდა. ან კი რა მქონდა სადარდებელი?

- დანაპირები უნდა შემისრულო, - წყნარად მითხრა პატარა უფლისწულმა.

- რა დანაპირები?

- ხომ გახსოვს, პირსაკრავს რომ შემპირდი ჩემი ბატკნისათვის... ხომ უნდა ვიზრუნო ჩემს ყვავილზე!

ჯიბიდან ჩემი ჩანახატები ამოვიღე. პატარა უფლისწულმა გადაათვალიერა ისინი, გაიცინა და თქვა:

- შენი ბაობაბი ცოტათი კომბოსტოს მიაგავს...

- ო?!

მე კი ისე ვამაყობდი ჩემი ბაობაბებით!

- შენს მელიას კი... ყურები რქებს მიუგავს... ძალიან გრძელი ყურებია.

და მან კვლავ გაიცინა.

- შენ მე უსამართლოდ მექცევი, ჩემო კარგო ბიჭო. მე ხომ არაფრის ხატვა არ ვიცოდი, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.

- არა უშავს, - დამამშვიდა მან, - ბავშვები მაინც მიხვდებიან.

მე პირსაკრავი დავუხატე ბატკნისთვის. ნახატი რომ გავუწოდე, ეჭვმა გამკენწლა.

- შენ რაღაცას აპირებ და არ მიმხელ...

მაგრამ მან პასუხი არ გამცა, მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა:

- ხვალ წელიწადი შესრულდება, რაც დედამიწაზე ჩამოვვარდი.

მცირე ხნის დუმილის შემდეგ კი დასძინა:

- ის ადგილი ძალიან ახლოა...

და სახე წამოუფაკლდა. ისევ შემომაწვა გულზე უცნაური სევდა და შევეკითხე:

- მაშ, ამ ერთი კვირის წინათ, პირველად რომ დაგინახე, შემთხვევით არ დაეხეტებოდი მარტოდმარტო ამ უდაბნოში? იმ ადგილას ბრუნდებოდი, სადაც მაშინ ჩამოვარდი?

მას ისევ წამოუფაკლდა სახე.

- წელიწადი რომ შესრულდა, იმიტომ? - გაუბედავად დავძინე მე.

პატარა უფლისწული კვლავ წამოჭარხლდა. იგი არასოდეს მაძლევდა კითხვაზე პასუხს, მაგრამ განა გაწითლება დასტურს არ ნიშნავს?

- ვაი თუ... - მაგრამ პატარა უფლისწულმა სიტვა გამაწყვეტინა:

- დროა შენს საქმეს შეუდგე. მანქანას მიხედე. მე აქ დაგელოდები. ხვალ საღამოს მოდი...

მაგრამ ამან ვერ დამამშვიდა. მელიას ნათქვამი მაგონდებოდა - რაკი ვინმეს მოაშინაურებინებ თავს, ცრემლიც უნდა ღვარო.

XXVI

ჭასთან ქვის ძველი კედლის ნანგრევები იყო. მეორე დღეს, მუშაობა რომ მოვათავე და დავბრუნდი, შორიდანვე მოვკარი თვალი პატარა უფლისწულს. იგი კედელზე იჯდა. და შორიდანვე შემომესმა მისი ხმა:

- ნუთუ არ გახსოვს? - ეუბნებოდა იგი ვიღაცას, - ეს აქ არ იყო...

ალბათ ვიღაც შეეპასუხა, რადგან მან ისევ გაიმეორა:

- დიახ, დიახ, სწორედ დღევანდელ დღეს, მაგრამ აქ არა...

ნაბიჯს ავუჩქარე. კედელთან არავინ ჩანდა და არც ხმა ისმოდა. პატარა უფლისწული კი ისევ უმტკიცებდა ვიღაცას:

- ...რა თქმა უნდა. შენ შენიშნავ, სად იწყება ჩემი ნაფეხურები სილაზე და იქ დამელოდები. ამაღამ მოვალ.

ახლა მხოლოდ ოციოდე მეტრი მაშორებდა კედელს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვხედავდი.

მცირე ხნის დუმილის შემდეგ პატარა უფლისწულმა იკითხა:

- კარგი შხამი გაქვს? დარწმუნებული ხარ, რომ დიდხანს არ მაწამებს?

თავზარდაცემული ადგილზე გავქვავდი. მაგრამ ჯერ კიდევ ვერაფერს მივმხვდარიყავი.

- ახლა კი წადი, - თქვა პატარა უფლისწულმა, - ძირს უნდა ჩამოვიდე.

დაბლა დავიხედე და თოფნაკრავივით შევხტი. კედლის ძირას მოყვითალო გველი დავინახე, რომელსაც თავი პატარა უფლისწულისკენ აეღერა. ასეთი გველის შხამი ნახევარ წუთში ჰკლავს ადამიანს.

სწრაფად წავიღე ხელი ჯიბისკენ, სადაც რევოლვერი მედო, და გველისაკენ გავექანე. მაგრამ ჩემი ფეხის ხმაზე იგი წყნარად გასრიალდა სილაზე წყაროს ნაკადივით და აუჩქარებლად მიიმალა ქვებში ლითონისებური მსუბუქი წკრიალით.


კედლისკენ გავიქეცი და ხელში ავიტაცე ჩემი პატარა უფლისწული. მას თოვლის ფერი ედო.

- ეს რა ამბავია? გველებს ელაპარაკები?

სწრაფად შემოვხსენი ოქროსფერი ყელსახვევი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. შემდეგ საფეთქლები დავუნამე და წყალი შევასვი. ვერ ვბედავდი რაიმე მეკითხა. მან დაფიქრებით შემომხედა და კისერზე მომხვია ხელები. გული ნატყვიარი ფრინველივით უცემდა.

- მიხარია, მანქანა რომ შეგიკეთებია. ახლა შეგიძლია დაბრუნდე შინ...

- საიდან იცი?

სწორედ ის იყო, უნდა მეთქვა, ბედმა გამიღიმა და თვითმფრანავი შევაკეთე-მეთქი.

მან პასუხი არ გამცა და განაგრძო:

- დღეს მეც დავბრუნდები შინ...

მერე კი ნაღვლიანად დასძინა:

- ოღონდ ჩემი გზა უფრო შორია და უფრო ძნელი...

ვგრძნობდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო. ჩვილი ბავშვივით მივიხუტე იგი მკერდზე, მაგრამ ასე მეგონა, თითქოს ხელიდან მისხლტებოდა და უფსკრულში ვარდებოდა, მე კი ძალა არ შემწევდა შემეკავებინა...

იგი ჩაფიქრებული გასცქეროდა სივრცეს...

- მე მყავს შენი ბატკანი, მაქვს მისთვის ყუთი და პირსაკრავი...

და ნაღვლიანად გაეღიმა.

დიდხანს ვიდექი ასე. ვგრძნობდი, რომ იგი ნელ-ნელა იკრებდა ძალ-ღონეს.

- ჩემო პატარა ბიჭო, შენ შეშინებული ხარ...

რაღა თქმა უნდა, შეშინებული იყო, მაგრამ მან წყნარად გაიცინა:

- ამ საღამოს უფრო შემეშინდება...

უბედურების წინათგრძნობა სისხლს მიყინავდა. ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ამიერიდან ვეღარასოდეს გავიგონებდი მის სიცილს, რომელიც ისე საჭირო იყო ჩემთვის, როგორც წყარო უდაბნოში.

- ჩემო კარგო ბიჭო, ერთხელ კიდევ გამაგონე შენი სიცილი...

- ამაღამ წლისთავი შესრულდება, მითხრა მან. - ამაღამ ჩემი ვარსკვლავი სწორედ იმ ადგილას იქნება, საიდანაც შარშან დავეშვი.

- ჩემო კარგო ბიჭო, ხომ მართალია, რომ გველის, პაემანისა და ვარსკვლავის ამბავი ცუდი სიზმარია მხოლოდ?..

მან პასუხი არ გამცა.

- რაც მთავარია, ის არ ჩანს... - თქვა მან.

- მართალი ხარ...

- ისევე, როგორც ყვავილი. თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც ვარსკვლავზე ხარობს, სიხარულით შესცქერი ღამით ცას და ყველა ვარსკვლავი ჰყვავის შენთვის...

- მართალი ხარ...

- ან კიდევ, წყალი. შენ რომ წყალი დამალევინე, იგი მუსიკას ჰგავდა იმ გორგოლაჭისა და თოკის წყალობით... გახსოვს, რა გემრიელი იყო...

- მართალი ხარ...

- ღამ-ღამობით შენ ვარსკვლავებს შეხედავ ხოლმე, ჩემი ვარსკვლავი ისე პატარაა, რომ არ შემიძლია დაგანახო. თუმცა ასე სჯობს. იგი შენთვის მხოლოდ ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება ვარსკვლავთა შორის. და შენ გეყვარება ვარსკვლავებით მოჭედილი ცა: ყველა ვარსკვლავი შენი მეგობარი იქნება... და კიდევ ერთი რამ უნდა გაჩუქო.

და მან ისევ გადაიკისკისა.

- ჩემო კარგო ბიჭო, ჩემო პატარა უფლისწულო, რომ იცოდე, როგორ მიყვარს შენი სიცილი!

- ჩემი საჩუქარიც ეს არის... როგორც ის წყალი, შენ რომ შემასვი...

- ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.

- ყველას თავისი ვარსკვლავები ჰყავს. მაგრამ ეს ვარსკვლავები სხვადასხვანაირია. ზოგისთვის, მაგალითად, მოგზაურისთვის - ვარსკვლავები მეგზურებია. სხვებისთვის - მხოლოდ მოციმციმე სინათლეებია ცაზე. სწავლულისთვის ვარსკვლავები პრობლემაა, იმ საქმოსანისთვის კი - ოქრო იყო. მაგრამ ესენი მდუმარე ვარსკვლავებია. შენ კი ისეთი ვარსკვლავების მფლობელი იქნები, რომელთა მსგავსი არავისა ჰყავს...

- ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.

- როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან.

და მან კვლავ გაიცინა.

- და როცა გამომიგლოვებ (გამოუგლოვებელი არაფერია ქვეყნად), კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფანჯარას რომ გამოაღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება... შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ, როგორ შესცინი ცას. „მე ყოველთვის შევხარი ვარსკვლავებს!“ - ეტყვი შენ მათ და ისინი იფიქრებენ, რომ შეიშალე. არ რა ცუდ საქმეს გიპირებ.

და მან კვლავ გაიცინა.

- ვარსკვლავების ნაცვლად შენთვის თითქოს ურიცხვი პაწია ეჟვნები მეჩუქებინოს, რომლებმაც სიცილი იციან...

და მან ისევ გადაიკისკისა. შემდეგ კი ისევ სერიოზული იერი მიიღო.

- ამაღამ... იცი რა... ნუ მოხვალ...

- მე შენ არ მოგშორდები...

- მე ალბათ გატანჯული სახე მექნება... ალბათ ცოტათი მომაკვდავისაც... ნუ მოხვალ არ არის საჭირო ამის ნახვა...

- მე შენ არ მოგშორდები...

იგი შეწუხდა:

- ამას გველის გამო გეუბნები... უცებ შენც არ დაგგესლოს... გველი ბოროტია. უხარია, ვინმეს რომ უკბენს.

- მე შენ არ მოგშორდები.

მერე კი უცებ დამშვიდდა.

- მართლა! მას ხომ შხამი აღარ ექნება, რომ მეორედ დაგესლოს ვინმე.

იმ ღამეს ვერც კი შევნიშნე, როგორ წავიდა. ჩუმად გაპარულიყო. რომ დავეწიე, მტკიცედ და სწრაფად მიაბიჯებდა.

- შენც აქ ხარ!.. - თქვა მან და ხელი ჩამკიდა. იგი ისევ შეწუხებული ჩანდა.

- ტყუილად მომყვები. დაიტანჯები. მოგეჩვენება, თითქოს ვკვდები, მაგრამ ეს მართალი არ იქნება...

მე ვდუმდი.

- ხომ იცი... ეს ძალიან შორსაა. არ შემიძლია, თან წავიღო ეს სხეული, ძალიან მძიმეა.

მე ვდუმდი.

- მაგრამ იგი ძველი მიტოვებული ნაჭუჭი იქნება მხოლოდ. ძველი ნაჭუჭი კი რა დასანანია...

მე ვდუმდი.

იგი ცოტათი შეშინებული იყო. მაგრამ ისევ მოიკრიბა ძალ-ღონე.

- მეც შევხედავ ხოლმე ღამ-ღამობით ვარსკვლავებს და ყველა ვარსკვლავი ჭრიალა გორგოლაჭიან ჭად იქცევა, ყველა ვარსკვლავი სასმელ წყალს მომაწვდის...

მე ვდუმდი.

- ხომ კარგია? შენ ხუთასი მილიონი ეჟვანი გექნება, მე კი ხუთასი მილიონი წყარო...


მეტი ვეღარაფერი თქვა, რადგან ტიროდა...

-აი ის ადგილიც. ერთი ნაბიჯი გადამადგმევინე მარტოს.

და ჩაიკეცა, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.

- ხომ იცი... ჩემი ყვავილი... მე უნდა ვიზრუნო მასზე! იგი ხომ ისეთი სუსტი და ისეთი გულუბრყვილოა. ოთხი საცოდავი ეკლის გარდა არაფერი აქვს, რომ თავი დაიცვას...

მეც მომეკვეთა მუხლები და ჩავიკეცე.

- სულ ეს არის... -თქვა მან.

ცოტა ხანს კიდევ ყოყმანობდა. შემდეგ წამოდგა და ერთი ნაბიჯი გადადგა მხოლოდ.

მე განძრევაც აღარ შემეძლო.

უცებ მის ფეხებთან ყვითლად გაიელვა რაღაცამ. პატარა უფლისწული ერთ წამს უძრავად იდგა, არ დაუკვნესია. მერე კი ნელა წაიქცა, როგორც ხე. დაცემის ხმაც კი არ გამიგია, რადგან ირგვლივ უდაბნოს სილა იყო.


XXVII

მას შემდეგ ექვსმა წელმა განვლო... მე არავისთვის არ მიამბნია ეს ამბავი. ჩემს ამხანაგებს უხაროდათ, უვნებლად რომ დავბრუნდი უდაბნოდან. მე ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ამხანაგებს ვეუბნებოდი, დავიღალე-მეთქი...

მერე ცოტათი დავმშვიდდი, თუმცა ამას დამშვიდება არ ეთქმის... მე მწამს, რომ იგი დაბრუნდება თავის პლანეტაზე, რადგან რომ ინათა, მისი სხეული ვერსად ვიპოვე. ის ხომ არც ისე მძიმე იყო... ღამ-ღამობით კი ვარსკვლავებს ვუსმენ ხოლმე. თითქოს ხუთასი მილიონი ეჟვანი წკრიალებს ციდან...

მაგრამ ერთი რამ მაშფოთებს: როცა ბატკნისთვის პირსაკრავს ვუხატავდი, თასმის დახატვა დამავიწყდა! უთასმოდ კი პატარა უფლისწული პირს ვეღარ აუკრავს ბატკანს. და ახლა ჩემს თავს ვეკითხები: „რა ამბავია ახლა მის პლანეტაზე? ხომ არ შეჭამა ბატკანმა ყვავილი?“

„ რა თქმა უნდა არა! - ვამბობ ზოჯგერ. - პატარა უფლისწული მინის სარქველს ახურავს თავის ყვავილს ღამ-ღამობით და ფხიზლად დარაჯობს ბატკანს“... ამას რომ ვფიქრობ, ბედნიერი ვარ და ყველა ვარსკვლავი წყნარად მიცინის ციდან.

მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ: ხომ შეიძლება რომ ადამიანს საქმე დაავიწყდეს. ხომ შეიძლება, რომ ერთ საღამოს მინის სარქველი არ დაახუროს ყვავილს ან ბატკანი გაეპაროს ღამით ყუთიდან? და ამის გაფიქრებაზე ეჟვნების წკრიალი ცრემლებად იცვლება...

ეს ამბავი დიდი საიუდმლოებითაა მოცული. ჩემთვის ისევე როგორც თქვენთვის, ვისაც პატარა უფლისწული გიყვართ, მთელი ქვეყანა შეიცვლება, თუ სადღაც, სამყაროს რომელიღაც უხილავ მხარეში ბატკანმა, რომელიც თვალით არ გვინახავს, ვარდი შეჭამა.

ახედეთ ზეცას და იკითხეთ: „შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა?“ და დაინახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი...

მაგრამ დიდები ვერასოდეს მიხვდებიან რამოდენა რამაა ეს!


ეს პეიზაჟი ყველაზე მშვენიერი და ყველაზე სევდიანი პეიზაჟია ჩემთვის ქვეყნად. ეს სწორედ ის სურათია, წინა გვერდზე რომ იყო, მაგრამ მე ხელმეორედ დავხატე იგი, რომ სამუდამოდ აღმებეჭდა თქვენს მეხსიერებაში. ამ ადგილას მოევლინა პატარა უფლისწული დედამიწას და ამ ადგილიდანვე გაუჩინარდა.

ყურადღებით დააქცერდით ამ სურათს, რომ ნადვილად იცნოთ იგი, თუ ოდესმე აფრიკის უდაბნოში იმოგზაურეთ. ამ ადგილას თუ გაიაროთ, ნუ აჩქარდებით, შეჩერდით ერთ ხანს. სწორედ ამ ვარსკვლავის ქვეშ, და ყმაწვილი თუ დაინახოთ, რომელიც იცინის, შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და ოქროსფერი თმა აქვს, უთუოდ მიხვდებით, ვინც არის იგი. და თუ ეს მოხდა, გთხოვთ მანუგეშოთ - შემატყობინოთ, რომ იგი დაბრუნდა.