შაშვო, მასვე ჰმღერ

შაშვო, მასვე ჰმღერ
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1899 წ.


შაშვო, მასვე ჰმღერ, რასაცა
ჰმღერდი ასის წლის წინადა!
არც ვისა სწყევლი, არც სტირი,
არც ვის რასა სთხოვ წილადა;
მწუხრი დგება, თუ თენდება,
ჰზიხარ, ჰღიღინებ ტკბილადა…
ყრმას ჰგევხარ, აკვანს მწოლარეს,
გამზადებულსა ძილადა…
ღმერთი გიცნია მამადა
და თავი იმის შვილადა!
ან რად იჩივლებ? გუნება
შენი აიმღვრეს რაზედა?!
გწადიან – ბარში იცხოვრებ,
გწადიან – წახვალ მთაზედა.
არ გერჯის გული, ლამაზო,
ფიქრს და აზრს სხვადასხვაზედა.
მოგშივა? – არას იდარდებ,
გაიკვებები მზაზედა.
ისე მოჰკვდები, რომ ერთხელ
არ დაიხედნო ტანზედა.
შენ არ გადარდებს ჭაღარა,
კაცთ რო დაგვთოვნის თმაზედა.
ერთხელ არ მიგიხედია
გზას თავის დანაკვალზედა.
ერთხელ აროდის არ იტყვი:
„სიყმე მოვღალე რისადა?!“
გიგალობია გულწყნარად,
ფრთა გიცემია ფრთისადა.
არც როდის მადლობა გითქვამ
თავის მკვებელის ხისადა,
მიტომ რომ ყველას ვალად ჰხად,
ჰსახავ მსახურად თვისადა.
არ გითხოვია: „მიშველე“
შენ არასოდეს ღვთისადა,
როგორც ცხვარს მინდვრად უცქერი,
ისე გიცქერავ მგლისადა.
მშვიდი, ბავშური გუნება
არ აგმღვრევია მტერზედა;
წუთიერი გაქვს წუხილი
სიძულვილ-სიყვარულზედა.
მოვალეობის უღელი
არა გდგომია ქედზედა.
არც როდის არ გიფიქრნია
არც სხვის, არც თავის ბედზედა.
ან რისგან დაგეღალება,
ვფიქრობ, გული და გონება,
როცა თვით სიხარული ხარ,
არ გიგემია მონება.
სამშობლოს ვერვინ წაგართმევს,
ვერც სახლ-კარს შეგეცილება;
ესეც რომ მოხდეს, შენ მაინც
იმღერებ, გაგეცინება,
და სადმე მივარდნილს ადგილს
ხის ტოტზე დაგეძინება,
უდარდელობის საბანი
საამოდ დაგეფინება.
უცრემლო თვალნი აროდის
არ გიბანია ცრემლითა,
ოც წლობით გული დაჭრილი
არ გიზიდნია მკერდითა.
სრულაც არ გეპრიანება
მკვდარსა ადგომა მკვდრეთითა,
სიკვდილსა სიცოცხლედა ჰქმნი
ლაღის გუნების დებითა.
არ უწყი კაცთა ვნებანი,
არც ის, ჩვენ რისთვის ვწყდებითა…
ბევრში მოგნატრი და ბევრში
ვერ მოგიხსენებ ქებითა!