იავნანამ რა ჰქმნა?

იავნანამ რა ჰქმნა?
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში აღწერილია ქართველი გოგონას ლეკთა მიერ მოტაცების ამბავი და ლეკთა და ქართველთა ურთიერთობა.


გადამწერი ნიკა თოხაძე

წიგნის პირველი გარეკანი

სარჩევი edit

როგორ დაიწერა "იავნანამ რა ჰქმნა?” edit

ღრმად ჩამრჩა ხსოვნაში ერთი პატარა ეპიზოდი, რომელიც მამაჩემმა ჩემი ბავშვობის წლებში მიამბო. იაკობი გაურბოდა ღამით წერას, ღამე იშვიათად წერდა, რადგან ღამის თევა და უძილობა თენთავდა მის დაძაბუნებულ ორგანიზმს. ადრე იძინებდა, მაგრამ ასევე ადრე იღვიძებდა. მთელ დღეს ფუსფუსებდა, მოძრაობაში ატარებდა, უსაქმოდ იშვიათად ნახავდით. დიდ უპირატესობას აძლევდა მოძრაობას, შრომას.

 
«– ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო, – ხშირად იტყოდა ხოლმე.»

განსაკუთრებით დილით უყვარდა წერა. წერით რომ გულს კარგად იჯერებდა, შემდეგ კითხულობდა ან სტუმრებს ესაუბრებოდა.

იაკობი თავისი სიტყვის პატრონი იყო, მტკიცე რეჟიმის დაცვით ატარებდა ლამაზ და შინაარსიან ცხოვრებას, მაგრამ, თურმე ნუ იტყვი, მასაც სცოდნია დაკანონებული რეჟიმის დარღვევა. ეს ასე მოხდა: ერთხელ ნამგზავრ მამაჩემს იაკობის სასტუმრო ოთახში ტკბილად ეძინა. შუაღამისას ძილი გაუფრთხო ხმაურმა, რომელიც იაკობის სამუშაო ოთახიდან გაისმა: – "ქეთოს იტაცებენ”, – მოესმა გარკვევით. ანდრია წამოდგა, საათს დახედა, შეაღამე გადასული იყო. ვინ უნდა იყოს ამ დროს იაკობთან?! – გულში გაივლო და საწოლ ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა ამბის გასაგებად. ნელი ნაბიჯით მივიდა იაკობის სამუშაო ოთახის კართან, კარის მაგიერ ჩამოფარებული ფარდის ერთი ნაწილი ფრთხილად გასწია და რას ხედავს: იაკობს საშინაო გრძელი ხალათი აქვს წამოსხმული და ოდნავ აღელვებული, ნელი ნაბიჯით დადის ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხან შეჩერდება, ჩაფიქრდება, თითქოს რომელიმე მოკამათესთან საპაექროდ ემზადებაო... იაკობმა ერთხელ კიდევ წარმოთქვა: "ქეთოს იტაცებენ” და ისევ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას. წერს თავაუღებლად, ხელგაკვრით. იაკობის ისეთი შთაგონებული და ნაპერწკლიანი თვალები არასოდეს არ უნახავს ანდრიას.

იაკობს წერაში შემოათენდა. განთიადისას ძილი მოერია. წამოდგა, დაწერილი ფურცლები ერთიმეორეზე დასტა–დასტა დაალაგა საწერ მაგიდაზე, სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე "იავნანა” ჩაიღიღინა და ლოგინს მიაშურა.

მთაწმინდიდან წამოსული დილის ნიავი ღია ფანჯარაში შეიჭრა, თითქოს ნაწერი ფურცლების ზვინს მოეალერსაო, შეაშრიალა და იატაკზე ფოთლებივით მიმოფანტა.

ღამენათევ იაკობს გვიან გაეღვიძა. სტუმარს მოუხმო, ბოდიში მოიხადა, – წუხელ ალბათ ძილი გაგიფრთხეო. შემდეგ კი მოკრძალებით მიმართა:

 
«– მიდი, გეთაყვა, ანდრია, საწერ ოთახში გაფანტული ფურცლები ერთიმეორეზე დაალაგა ნომრების მიხედვით და აქ მომიტანეო.»

ანდრიამ უყოყმანოდ შეასრულა იაკობის თხოვნა: გაბნეული ფურცლები შეაგროვა და იაკობს მიუტანა. ნაწერი ფურცლების ერთ თავფურცელს ყაყაჩოს მელნით დაწერილი ტანწერწეტა ლამაზი ასოებით ეწერა: "იავნანამ რა ჰქმნა?”.

 
«– ეს მოთხრობა კავთისხევში დავწერე, ჩემი მეგობრის სახლში. წუხელის ცოტაოდენი შალაშინი გავკარი და ახალი საჩუქარი მოვუმზადე ჩვენს ბალღებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საჩუქარია, დაე, ეს ჩვენმა პირუთვნელმა მკითხველმა განსაჯოს, – კმაყოფილებით უთქვამს იაკობს ანდრიასათვის.  »


წყაროები edit

  • წყარო: სრესელი ი. – რამდენიმე ეპიზოდი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან. – თბილისი. – 1965.