1633 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა გიორგი ყორღანაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: - დაკარგულია

პირი: - 1450-16/93 - გადაწერილი დედნიდან რუსული მმართველობის პირების დავთარში



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფემან, პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდი ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერდგულთა და თავდადებით ნამსახურსა ყმათა, ყორღანაშვილს გიორგის და შენთა ძმათა: ზაალს, ავთანდილს , შალვასა, დავითას, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და ამოვარდნილის ბარათაშვილის ზაქარიას კერძს დვალთას დაგვიაჯენით, და ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და, ვითაც რომე ყიზილბაშში ბევრი გვემსახურე, იმისად სამუქფოდ შეგიწყალეთ და გიბოძეთ საბარათაშვილოში, დვალთას, რისაც მქონებელი ზაქარია და მისნი შვილნი ყოფილიყვნენ მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა და ვენახითა, შენითა და ოხერითა, საძებრითა და უძებრითა, სახმარითა და უხმარითა, რისაც მქონებელი ყოფილიყვნენ, ყოვლითურთ თქვენთვინ და თქვენთა შვილთათვის გვიბოძებია სამკუიდროდ და საბოლოოდ.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩვენგან, არა შემდგომად სხუათა მეპატრონეთაგან.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, ვინცა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთავეთ და ნურას შეუშლით და შეეცილებით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე. თუ სხუა წიგნი ჰქონდეს ვისმეს და გამოჩნდეს, იგი ყოველივე ამით გაგვიცუდებია.

დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკა, ხელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრის - თუმანიშვილის ბირთუელისათა.

დედანს ჰქონია როსტომ მეფის ოთხკუთხა ბეჭედი.

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი ტკა, რაც უდრის 1633 წელს.

კომენტარები

edit

ყორღანაშვილები – ქვემო ქართლში მცხოვრები სამეფო აზნაურთა საგვარეულო. უკვე XVI საუკუნეში ცნობილია მათი წარმომადგენელი პროირანული ორიენტაციის კახაბერ ყოღანაშვილი, რომელიც დაეხმარა ყიზილბაშებს მეფის დატყვევებაში. სწორედ სიმონის ღალატისთვის დასაჯა იგი საჩინო ბარათაშვილმა. როსტომის მმართველობისას, ჩანს, ყორღანაშვილები მამულებს იფართოებენ ბარათაშვილების ბეითალმანი მიწების ხარჯზე. - დოკუმენტური წყაროები, II, გვ.76

პუბლიკაცია

edit