"ახალი ქართლის ცხოვრება" (მესამე ტექსტი) (1959)




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







"ახალი ქართლის ცხოვრება" (მესამე ტექსტი)




პუბლიკაცია

edit

1959 - ქართლის ცხოვრება - ტომი II - ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით

ტექსტი

edit

"ახალი ქართლის ცხოვრება" (მესამე ტექსტი)

edit
სახელითა ღ(ვ)თისათა აწ ვიწყოთ ცხოვრება ბაგრატოანთა მეფობისა

ქორონიკონსა რ~მბ: დაჯდა მეფედ ძე გიორგისა ბაგრატ და ძმა მეფისა ალექსანდრესი. და ჰყვანდა ცოლად დედოფალი ელენე, და ეხნეს ამათ ძენი ალექსანდრე და დავით. და იყო მეფობასა შინა მეფეთ-მეფისა ბაგრატისსა დიდი მოსუენება ქრისტიანეთა.

ამისა ჟამსა შინა იყო ყაენი ასან-ბეგ, მორჭმული და ორისავე საყაენოსა მპყრობელი. არაოდეს დარბეულ იყო ქართლი დიდისა თემურის უკანის, იყო შენება და განსუენება. ამას ჟამსა შინა არა იყო ხარაჯა და არცა მალი ქართლსა შინა, არამედ განთავისუფლდეს ყოველნი სამეფონი და არენი ქართლისანი მონებისაგან თურქთასა.

ესე მეფე ბაგრატ იყო მორჭმული, სახელოვანი. ამას ჰქონდა ქართლი, სომხითი, და მონებდეს ლორის პატიახშნი, კახეთისა, შარვანისა და სამცხისა. და ჰყვეს იმერელნი, ოდიშარნი, გურულნი, აფხაზნი, სუანნი, ჯიქნი და მთიულნი კავკასიანნი.

ამას შინა უკუდგა დადიანი და გურიელი. და უკუიტანნეს ოდიშარნი და აფხაზნი. შეჰყარნეს ერთად და არღარა მსახურეს ბაგრატ მეფესა. წყინა მეფემან და შეიყარა ლაშქარი, მივიდა და დადგა ცხენის-წყალსა ზედა; იქით ისინი მოადგეს. ქმნეს რაზმი და შეიბნეს. იპრიანა ღმერთმან და გაიქცნეს დადიანი, ოდიშარნი. დაჴოცნეს და დაატყუევეს და მოსწყჳტეს ქართველთა, მიჰყვეს თანა, ჩაუდგეს შინაგან, დაწვეს და დააქციეს ციხენი, სიმაგრენი. მობრუნდეს გამარჯუებულნი და წარმოიტანეს თანა ტყუე და მძევალი. ამას ზედა არღარა ჰქონდა თავი ჴელთა მეფესა, ლიხთ იქით იყო და ქართველნი თანა იახლნეს.

ქორონიკონსა რ~მდ: შეიყარა ყაენი უზუნ-ასანლ და მოვიდა სომხითს. მოადგეს ბარათიანთა, და ორბეთისა ძირსა დიდად კარგად დახუდეს ბარათიანნი, და გამაგრდეს, და ვერა უყვეს რა, მოვიდეს და ტფილისი აიღეს. თჳთ ყაენი მუხრანს დადგა. აღივსო ქართლი ლაშქრითა, მოოჴრდა სრულ ქართლისა ადგილი. იჴმნა ყაენმან ბარათიანნი, მოინდუნა, ნახნა და შეიწყალნა, მოსცნა მრავანი და აღავსნა პირთამდის. ამას ზედა აიყარა ყაენი და წარვიდა, და გამოუშუნა ბარათიანნი შეწყალებულნი, და უბოძა მრავალნი მისაცემელნი.

ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი.

ქორონიკონსა რ~ნ: კუალად უზუნ-ასან ყაენი მოვიდა სამცხეს, ყუარყუარეს უშუელა. ჩიხორს შეიბნეს მეფე ბაგრატ იმერეთისა, და ათაბაგს ყუარყუარეს გაემარჯუა. ქორონიკონსა რ~ნა: ქართველთა მეფემან თავრეზს გილაქმა და თემურა ააოჴრა. ქორონიკონსა რ~ნგ: მეფე ბაგრატ იმერეთისა დაიჭირა ყუარყუარემ ტყუედ, და დაატყუევა ციხესა შინა.

ქორონიკონსა რ~გ: ათაბაგი ბაადურ გარდაიცვალა წლისა კ~ა, ოკდომბერსა ი~, დასაბამითგან ქორონიკონსა ექუსიათას ცხრაას ოთხმოცდაორსა.

ქორონიკონსა რ~ჲდ კუალად შეიკრიბა ერი ურიცხჳ და წარმოემართა უზუნასან ძალითა დიდითა სამცხესა ზედა. ესმა ესე ყუარყუარეს და ორთა ძეთა მისთა, რამეთუ პირისპირ განწყობა ვერ ძალ-ედვათ სიმრავლისაგან ურიცხვობისა სპათა მათთასა, და ჰქმნეს განზრახვა, რათა სამთაგან ერთი წარსრულ იყო და დაეცხრო გულისწყრომა მძლავრისა მის, რათა არღარა მოსრულ იყვნეს ქუეყანასა სამცხისასა. მოვიდა სამცხეს და მერმე მოიწივნეს აწყუერს და მოსრნეს მრავალნი ქრისტეანენი, მღდელნი და მონაზონნი და ერისკაცნი, და წარტყუევნნეს სრულიად სამცხე.

აღიყარა ყაენი და წარვიდა საყაენოსა თჳსსა და ტყუე ჰყვეს ხატი აწყუერისა ღმრთისმშობელი, და წარიყვანეს ქუეყანასა მათსა. და იქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა. აღდგეს ყოველნი და შთავიდეს ქართლს, ვიდრემდის მწირობდენ მუნ შჳდ წელ.

მიიცვალა ძე მეფისა ალექსანდრესი მეფე გიორგი კახთა და დაჯდა მის წილ ძე მისი ვახტანგ. და გარდაჴდეს მცირე რამე ხანი და წარვიდა კოსტანტინე თათარშიგან. და სხუამან ვერავინ ბედა ქართველმან დარბაისელმან წარსლვა თათარშიგან და ბატონის ხლება. დიდად ერთგულად და კარგად იყვნეს ბარათასშვილნი. და იგინივე წარყვეს თანა და მსახურეს. და წარყვა მზეჭაბუკსა, პირმშო შვილი ყუარყუარესი. იპრიანა ღმერთმან და იწყინა ამოწყუეტა საქრისტეანოსა.

შეედვა ყაენსა სენი სასიკუდინე, ქმნა ღმერთმან და მოკუდა ყაენი უზუნჰასან. და მიიღო პატრონობა ძემან მისმან სულთანმან, და ძმა მისი აღუბ ეშურებოდა მიღებად პატრონობასა.

დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი, და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუჴდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დაჴოცეს მრავალი თათარი. ხოლო სულთანი და მკითხველნი სჯულისა თათრისანი უქადაგებდენ სჯულსა თჳსსა. ხოლო იცოდა მზეჭაბუკ არაბული და სპარსული და თათრულიცა. ესეოდენ სწავლულ იყო ენითა და წიგნითა მათითა, ვითარმედ ყოველსავე ღრმათა სცნობდა და მისგან ესრეთ აღმოვიდოდეს საღმრთონი სიტყუანი პირით მისით; და სჯულისა მათისაგანცა ყოველივე ზედამიწევნით უწყოდა და მათისავე სჯულისა წიგნთაგან დაუყოფდა მედგარსა პირსა მათსა და მიერ დღითგან ვერღარა-ვინ იკადრა ამის პირისათჳს სიტყჳსა ყოფად წინაშე მისსა. ხოლო მიეცა ძლევაცა ესევითარი რამეთუ იყო უსჯულოსა მის მთავრისა კაცი ერთი, ფალავანთა თავი, დიდი და გოლიათი, რომელსა სახელად მალანი ეწოდებოდა, და ჰმატდა ყოველთა კაცთა სიდიდითა, ვითარ წყრთა ერთი ანუ უფროსცა, და არავინ გამოჩინებულ იყო სიმრავლესა მას შინა მრკინობელ მისსა. ამან ინება ოდესმე განმცდელობა მზეჭაბუკისი და, ვითარცა ცნა ესე, არღარა ჰპოვნა. არამედ ვითარცა ლომმან მსწრაფლ შებმა უყო და მინდობილმან ღმრთისა და ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღმრთისმშობელისამან აღიყვანა და უპატიოდ მიწასა ზედა დასცა.

ესე რა იხილეს ყოველთა მათ ლაშქართა, დიდებულთა ერთა, დიდად განკჳრვებულ იქმნნეს და თქმად რასამე უღონო იყვნეს, ესენი და სხუანი უმრავლესნი მჴნე ქველობანი მოენიჭნეს, ბრძანა ღმერთმან და წარმოავლინა დიდითა პატივითა სულტანმან კოსტანტინე და წარმოატანა თანა მზეჭაბუკცა; და მოვიდა კოსტანტინე თათართათ, ყაენისგან შეწყალებული. მას უკანის მძლე ექმნა სულტანსა იაღუბს, დაიპყრა პატრონობა და დაჯდა ყაენად ასან-ბეგის შვილი იაღუბ-ბეგ განზრახვითა ეშმაკისათა.

ამას შიგან გამოჴდა ხანი და სოფელმან მისი ბეგარა არ დაიკლო. მიიცვალამეფე ბაგრატ რაჭასა, და იყო დიდი გლოვა და მწუხარება სამეფოსა ზედა; აღიღეს და დამარხეს გელათს, მათსა სამარხოსა შიგან. ამასვე შიგან გამოჴდა ხანი.

ქორონიკონსა რ~ჲვ: დაჯდა მეფედ ალექსანდრე მეფის ძის. დიმიტრის შვილი კოსტანტინე და მეფობდა კეთილითა მეფობითა: არღარა იყო წყენა თათართაგან; მოიმორჩილნა იმერელნი, ოდიშარნი და აფხაზნი; მსახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს კახნიცა; არა სადათ იყო წყენა ქრისტიანეთა; იყო მოსუენება და დაწყნარება.

არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

მაშინ ოდეს მოვიდა უზუნ-ასან მძლავრითა ლაშქრითა და წარიყვანეს ხატი იგი აწყუერისა ღმრთისმშობელი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა, ესევითარი რისხვა ღმრთისა მიავლინა: არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყუმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა.

და იქმნა დიდი გამოძიება მათ შორის უცხოსა ამისთჳს საქმისა და იტყოდეს: "რაჲ-მე არს ესე?" რომელნიმე იტყოდეს: "შენდომით იქმნა". ხოლო სხუანი სხუასაცა რასამე მიზეზსა მოიღებდეს. ხოლო უბრძნესთა კაცთა მის ქუეყანისათა ესრეთ თქუეს: "ოდეს-იგი საქართველოს ვილაშქრეთ, მაშინ ერთისა დიდისა საყდრიდაღმენ ფიცარი ერთი, შემკული მრავლითა პატივითა, ვიხილეთ და წარმოვიღეთ; და მგზავრობასა მას. ჩუენსა უცხო სასწაული ვიხილეთ მისგან, რამეთუ მწუხრსა ჩავასუენით უღრმესსა ადგილსა ბარგისასა და, ვითარცა განთენდის, აღმოვიდის სიღრმისაგან და მაღლად მჯდომარე იხილვებოდის და ვითარცა მზე ბრწყინევდის. და საქმე ესე უეჭუელად მისგან იქმნა ქუეყანასა ჩუენსა და, თუ გნებავს განრინება ჭირისა მისგან, იგი მოვიძიოთ და ქუეყანასა მათსა განუტეოთ".

მაშინ მოიძიეს წმიდა ესე ხატი და, ჰპოვეს რა, ესრეთ განიზრახეს: "მოვედით და დავაკრათ კიცუსა უჴედსა და, უკეთუ წარვიდეს მართლიად გზასა თჳსსა, უწყოდეთ, რამეთუ ამისგან არს ესე ყოველი; და უკეთუ მიიქციოს სხჳთ-კერძო, მაშინ შეხდომით რამე იქმნა და არა ამისგან".

და ვითარცა დააკრეს კიცუსა მას ზედა წმიდა ესე ხატი, ესრეთ მართლიად წარმოემართა გზასა სამცხედ მომყვანებელსა, ვითარმცა საჩინო მჴედარი და აღჳრითა მპყრობელი და მმართებელი.

და ვითარცა იხილეს უცხოთესლთა საკჳრველება ესე, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, და წარმოგზავნეს პატივითა. და თანა-წარმოჰყვა სიმრავლე ცხენებისა ფრიადი, რომელთა ზურგები ჩადრეკილები დღესცა ჰქადაგებს მაშინდელსა სასწაულსა. ხოლო უცხოთესლთა მათ არა-რა იზრუნეს ცხენებისა მათისათჳს, ვინათგან უზომოსა მის ჭირისაგან ჴსნასა მოელოდეს. და განგებითა საღმრთოთა მცირედთა ჟამთა სამცხეს მოიწია ადგილსა, რომელსა აწ ელავსი ეწოდების, და იქმნა დიდებული სასწაული. რამეთუ მყის განათლდა სრულიად სამცხე და განბრწყინდა წესისაებრ პირველისა.

და ვითარცა იხილეს ყოველთა ანასდათი იგი შეცვალება ბნელისა ნათლად და მიხედეს ადგილსა მას და სახედ ელვისა ბრწყინვიდა ხატი ყოვლად-წმიდისა, განკჳრვებულთა თქუეს: "რაჲმე არს ესე ელვის სახედ ბრწყინვალე?" და მიერითგან ეწოდა ადგილსა მას ელავსი.

და შეკრბეს ყოველნი და მივიდეს და იხილეს ხატი ესე ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვალეს მჯდომარე კიცუსა ზედა, და სიმრავლე ცხენებისა გარემოს. მისსა; განკჳრდეს უცხოსა მას ელედა საკჳრველსა და ადიდეს ღმერთი და ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობელი, და ცრემლითა მჴურვალითა ღაღად-ჰყვეს მისსა მიმართ: "კურთხეულ არს მოსლვა შენი, დედაო სახიერისა ღმრთისაო, რასათჳს დაგჳტევენ ესეოდენთა ჟამთა ბნელსა შინა, რომელთა შენ მიერ ვიხილეთ საღმრთო ნათელი ძისა შენისა?"

და ვითარცა ესმა ხატისა სასწაულითა მოსლვა მესხთა ქართლს მყოფთა, ვითარმედ სამცხე განათლდა, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად და თქუეს: "უეჭუელად ხატი ყოვლად-წმიდისა მოსუენდა. აღვდგეთ და წარვიდეთ ქუეყანასა ჩუენსა". ხოლო მეფე კოსტანტინე აყენებდა და არა უტევებდა წარმოსლვად; და ვითარცა ჰპოვეს ჟამი მარჯუე, აღდგეს ღამესა ერთსა და წარმოემართნეს ყოვლით სახლეულით მათითურთ.

და ესმა მეფესა, ვითარმედ მესხნი წარვიდეს, აღიმჴედრა ლაშქრითა თჳსითა და დევნა უყო, ვითარცა იგი ოდესმე ფარაო ისრაილთა, და მოეწივნეს ადგილსა, რომელსა არადეთი ეწოდების. ხოლო მესხნი მოუბრუნდეს სახლსა ზედა ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღვთისმშობელისასა, და განეწყვნეს ურთიერთას, და შეიბნეს კოსტანტინე მეფე და ყუარყუარე ათაბაგი და მესხნი.

ქორონიკონსა რ~ოა, თუესა აგვისტოსა ი~გ, ათაბაგს და მესხთ გაემარჯუა. და ესევითარი ძლევა აღადგინეს მესხთა ქართველთა ზედა, რომლისა მსგავსი არა სადა სმენილ არს, და მოსრნეს მრავალნი წარჩინებულნი. მეფისანი. ხოლო მეფე ლტოლვილი მცირედითა მჴედრითა განერა და უკუნ იქცა სახედ თჳსად. ხოლო მესხნი უკმოიქცეს ძლევა-შემოსილნი მშჳდობით და მადიდებელნი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისანი, და მოვიდეს სამცხეს.

ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი ორნი. მერმე, ვითარცა წესი არს და ჩუეულება ეშმაკისა, აღძრნა ეშმაკმან მოძულემან კეთილისამან თათარნი ქრისტეანეთა ზედა, შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ თურქმანთა და მომართეს სამცხეს.

ქორონიკონსა რ~ოგ: მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა, მოუმცნეს მეფესა ქართლისასა, რათა ქუემოთ ქართველნი შეუჴდენ სამცხეს. ვითარცა ესმა ესე ყუარყუარეს და ძეთა მისთა მზეჭაბუკს და ბაადურს, შემოკრიბნეს სპანი თჳსნი და დაადგრეს სიმაგრესა ადგილსა ქვიანისა მთისასა, რათა უკუე მიიწივნეს რა მათდა, მყის განეწყვნენ და შებმა უყონ. და სხუათა ყოველთა თემთა და ქუეყანათა მათთა უბრძანეს ციხეთა და სიმაგრეთა შინა ყოფა და გამაგრება, ვითარცა-იგი ეპისკოპოზსაცა წმიდისა ამის დედა-ქალაქისასა უბრძანეს, რათა ხატი ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღმრთისმშობელისა ციხესა საჭურჭლეს შინა დაასუენონ.

და ვითარცა ესრეთ იქმნა, ქორონიკონსა რ~ოდ მოვიდა ყაენი იაღუბ ურიცხჳთა ერითა და უბრძანა ერთსა თავადსა და ლაშქარსა მისსა, რათა ჩაუდგეს სამცხეს. ჩაუდგნენ და მოიცვეს სრულიად და იავარ-ჰყვეს ქუეყანა სამცხისა, და მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქსა ახალციხისასა. ჰბრძოდეს დიდხან და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი, და დაიპყრეს ჴელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი. მერმე აიყარნეს და მოადგეს ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა, და მოწვეს აწყუერი და მოაოჴრეს ქალაქი, და ციხესა ვერ უძლეს ბრძოლითა აღებად და წარსლვა ინებეს.

მაშინ ეზრახნეს ციხოვანთა და უქადეს მშჳდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა. ამას ზედა გამოენდვნეს, შესცთენ მცველნი იგი ციხისანი და მაწყუერელი და მას თანა სხუანიცა ჩინებულნი განიზრახნეს, აღიხუნეს კლიტენი ციხისანი და თჳნიერ თხოვისა და ბრძოლისა უღმრთოსა მას მთავარსა მიართუეს და მან გაიხარა ფრიად და აღუთქუა, ვითარმედ არა-რა ავნოს მათ. და გამოენდვნეს და ვითარცა შევიდეს ციხესა მას შინა, მიეტევნეს ვითარცა მჴეცნი და იავარ-ჰყვეს ყოველი საჭურჭლე საყდრისა, და ერი ურიცხჳ დედებით და ყრმებითურთ რომელნიმე მოსრნეს მახჳლითა, ხოლო სხუანი ტყუედ წარიყვანნეს.

ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩუენისა, შემკობილი თუალთა მიერ პატიოსანთა, ცოდვათა ჩუენთაგან ტყუე-ჰყვეს და მიჰგუარეს უსჯულოსა მას მთავარსა. ხოლო მას ფრიად განუკჳრდა შემკობილება ხატისა მის და პატიოსნება თუალთა, და ბილწითა ჴელითა თჳსითა განძარცუა შემკობილება ხატისა. და შემდგომად ამისსა აღაგზნეს ცეცხლი ფრიად დიდძალი და მას შინა შთააგდეს. ხოლო ცეცხლი იგი დაშრტა და ხატსა ყოვლადვე არა შეეხო, არცა-თუ ნაბრძჳლი აჩინა, რომელი-ესე მრავალთაგან და თჳთ თუალითაცა ჩუენითა სახილველ იქმნა. ესე-რა სასწაული იხილა ერთმან ვინმე ლაშქართა მათ შინა მყოფთაგანმან ქრისტიანემან და სჯულითა არამართლმადიდებელმან, აღიპყრა ხატი იგი ყოვლად-წმიდისა და წარახჳა ფაკელსა წმიდასა ამას შინა.

მაშინ ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვილი გაუზახა და მისი უკეთესი ლაშქარი, მალვით მივიდეს და დაესხნეს შეუგრძნად დმანისს და ქუეშისჴევსა, წარმოიღეს ტყუე-ალაფი უამრავი დაუვარდა ჴმა ბარათიანთა, გარდაუდგეს წინა ცოტათა ლაშქრითა. იპრიანაღმერთმან, ესე გაემარჯუათ, რომე ერთისა ქართველისაგან ასი და ორასი მოიკლა. დაჴოცეს და ამოსწყჳტეს, დაატყუევეს და ცოტა რამე გარდამოეხუეწა ცხენ-კეთილი და თავად კარგი კარგად იყო სულხან ბარათაშვილი, ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არ იყო, და სხჳს ნაჴოცისა ანგარიში არ იქმნებოდა.

რანიღაც გარდაიხუეწნეს, მივიდეს ყაენსა თანა ერთობ. ეწყინა და დაუმძიმდა ლაშქართა ამოწყუეტა და ამას ზედა აიყარა ყაენი სამცხით და წარვიდა. და დატყუევდა აწყუერისა ღმრთისმშობელი თუესა სეკდემერსა კ~ე, და მოქალაქენი, და რაცა ციხესა შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წარვიდა ყაენი მისსა საყაენოსა.

ხოლო რომელი ზემო ვაჴსენეთ, კაცმან ქრისტიანემან და სჯულითა არამრთლმადიდებელმან წარასუენა ქუეყანასა მათსა. ვითარცა ესმა ესე ყუარყუარეს და მეუღლესა და ძეთა მისთა, განრისხნეს გამცემელთათჳს ციხისათა და სიკუდილად დასცა ბრძანეს მაწყუერელისა და სხუათა ყოველთა, რომელნი შინა-გამცემელ იქმნნეს. და იძლია ბუნებითისა მოწყალებისაგან, არღარა სიკუდიდ დასაჯნა, არამედ ექსორია ყვნა.

ამისა შემდგომად მოიძიეს სხუა ეპისკოპოზი და ჰპოვეს საზღვართაგან პონტოსათა, ქალაქით ტრაპიზონელი, სახელით სვიმეონ, რამეთუ მაშინ საჭეთ-მპყრობელობდა საყდარსა ტბეთისასა. ამას მიუბოძა უკანასკნელ მაწყუერელობა. ხოლო ვითარცა ზემორე ვთქუ, ეპყრა კაცსა მას ხატი იგი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩუენისა აწყუერისა ღმრთისმშობელისა დიდითა პატივითა; გამოეცხადა კაცსა მას და რქუა: "უკეთუ არა წარმიყვანო ქუეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი მოვაწიო შენ ზედა" და წარმოვიდა მსწრაფლ კაცი იგი და აუწყა ყოველივე პატრონსა ყუარყუარეს და მანუჩარს. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა და მსწრაფლ წარგზავნნეს კაცნი სარწმუნონი, და დაიჴსნა პატრონმან მანუჩარ, და ვითარცა მივიდეს, იცნეს იგი და დაცვივნეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-ცეს, და აღიჴუეს, და წარმოასუენეს წმიდა იგი ხატი, აღიყვანეს და დაასუენეს საყდარსა თჳსსა აწყუერისასა.

ამას შიგან გამოჴდა ცოტა ხანი და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ, და დაუწყო შენება ქაოზიანთა და არჯაყალისა ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არ დაანებეს, და აუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი და აშუელა ლაშქარი ხალიბეგს. შეიყარნეს და მოადგესტფილისსა, ებრძოლეს მრავალ-დღე და ვერა-რა ავნეს, რამეთუ სიმტკიცესა ზედა ეგნეს; და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე ციხის წაღებისა.

მერმე შეიყარნეს ბარათიანნი და შემოუთუალეს მეფესა კოსტანტინეს და ითხოვეს მისგან შუელა. მეფემან გაგზავნა ციცის-შვილი ქაიხოსრო და ჯავახის-შვილი ჯავახი ცოტათა აზნაურისშვილითა და ლაშქრითა. წარუძღუეს წინა ბარათიანნი, მივიდეს და დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დაჴოცეს, ასრე რომე თუ არა მაცნე წავიდა სადმე, ვერცა ერთი წაუვიდა, აივსნეს აბჯრითა, ალაფითა და ბარგითა პირთამდის.

ხოლო ვითარცა ესმა ესე ქალაქს მდგომთა თურქმანთა, უკუ-ეყარნეს ციხესა ტფილისისასა და წარვიდეს ჩაღმა, გარდაუდგეს კუმისის ბოლოს, შეებნეს წინამავალსა ლაშქარსა, გაიქცივნეს და და ჴოცეს, ასრე რომე თათარსა თავსა სჭრიდეს და ვენაჴისა ღობესა და მარგილზედა აცუემდეს. მერმე განრისხდა ღმერთი და მოუჴდა ზემოთ ბუსუნი, შუა შეიყარნეს და რაცა ბარათიანთა ქაიხოსრო და ჯავახმან ქმნეს არცა წინა გმირთა უქმნია, ასრე რომე ულუსსა ლაშქარსა ომითა და ჴრმლითა წამოვიდეს, და ცოტა ლაშქარი დაზიანდა, და თჳთ მორჩეს ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა.

ამას ზედა წარვიდა თურქმანი ლაშქარი შერცხუენილი და ორბეთისა ძირსა დადგნენ. ეცადნეს თათარნი და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის.

ამას ზედა ადგა ხალიბეგ და სხუანი ყაენის თავადები, მივიდეს, შეეხუეწნეს ყაენსა.

რა გამოჴდა წელიწადი ერთი, აშუელა ლაშქარი, მოირთო ძალი და წარმოემართა სომხითისა და ორბეთისა ძირზედა, მომართა ციხესა კოჟრისასა, მოადგა გარე და დაუწყეს ომი და თოფსა სროლა. აწყუდინეს შინაგან სოლაღას-შვილნი. იყო დიდხან ომი და შეაწუხნა მეტმან თოფისა საქმემან და ცოტა ციხეცა დააქციეს. ვერღარა დაუდგ ეს, ამისთჳს რამეთუ მეშუელი აღარა ჰყვათ, ერთსა ღამესა თოვლმან უკუყარნა და გამოვიდეს ციხით, და ციხე დაუგდეს ცარიელი, თჳთ მიმართეს მთათა და სიმაგრეთა.

ხოლო ვითარცა განთენდა, ნახეს თათართა ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა პოვეს, მიჰყვეს ჴელი და დააქციეს.

ვითარცა ესმა მეფესა აღება ციხესა, დაუმძიმდა, რამეთუ მეფე შეყრილი ნიჩბის წყალზედა იდგეს, ამას ზედა ადგეს თათარნი და მოადგეს ტფილისისა ციხესა და იყო ყოველთა დღეთა ომი და ესროდეს თოფსა და არა იყო ღონე ციხისა წაღებისა. რამეთუ მჴარი ბარათიანთაგან ჰქონდა, ეუბნებოდა მეფეს კაცთა და არა უშუელეს. იმერელნი უკუდგომით იყვნეს, და არცარა მესხთ უშუელეს. ამისთჳს ომი ვერ გაბედა მეფემან, ადგეს დიდსა ხანსა ქალაქსა. და შეეწყინა ომი თათართა, ციხეს ვერა უყვეს რა მერმე აკაზმეს ლაშქარნი და გამოარჩიეს დარბევა ორბეთისა ძირისა აარჩიეს ათას ხუთასი ისპაი კაცი და სხუა წვრილი კაცი ლაშქრისა მრავალი და ცისკრისა ჟამსა შეუდგეს ორბეთისა ძირსა. დაესხნეს და იფორაქეს და ამოსწყჳდეს მთისა სოფლები; იშოვეს განძი, ტყუე და ალაფი ურიცხჳ. ამას ზედა ესმა ბარათიანთა და იგინი იყვნეს ენაგეთს და მათ თანა იყვნეს ქაიხოსრო თურმანის ძე და სხუა მეფისა ყმები ცოტაოდენი. დავარდა ჴმა და მოჰმართეს ასრე, ვითა ვეფხთა. წამოვიდა აქეთ სულხან ბარათას-შვილი და მისნი ძმანი; აქათ სხუანი ბარათიანნი მიეწივნეს უკანა, შეიბნეს და გააქცივნეს, მისჯარნეს ჴევსა და ჴირჴალსა. ასრე ჴოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა მართუეთა.

ხოლო მოსცა ღმერთმან ძლევა ქრისტეანეთა და დაჴოცეს ურიცხჳ, რამეთუ არა იყო განცდა მკუდრისა; სისხლისა რუ დიოდა; რაცა სიკუდილსა მორჩეს, ჴელთა დაიაყრნეს; ერთი ასეთი თავადი დარჩა ბარათაშვილს მერაბს, რომე ყაენის კარზედა მას არავინ სჯობდა, და მეყჳსიცა იყო ყაენისა. ასეთი ძლევა მოსცა ღმერთმან ბარათიანთა, რამეთუ ერთისა ტყჳსა დედაკაცისაგან სამი და ოთხი მუსულმანი მოიყვანებოდა ყელ-დოლბანდიანი, რამეთუ პირველსა ომსა ვეღარ მოესწრნეს ქაიხოსრო ჯავახი, ქავთარ სოლაღას-შვილი და სხუანი დარბაისელნი. მოხუდეს უკანა მომდევარნი და რჩეულნი ჩაღდაულად დიდნი ლაშქარნი აქათ, არცა ამათ დაუგდეს გზა. შეიბნეს ოცი კაცი სამასამდის ისპასა თათარსა ჴრმლითა წინადაუდგა, იპრიანა ღმერთმან და მორჩეს მშჳდობით. ორჯერ და სამჯერ ცხენები დაუჭრეს, ჩამოყრილნი ზედავე შესხდეს. ჩუენი ქართველთაგანი ერთის თურმანის-ძის. მეტი არა დაგუაკლდა, იგიცა ჯარმან გაიტანა დიდისა ულუსისა ლაშქრისაგან ცოტანი ჩაღთაულნი წავიდეს მაცნედ, სხუა ყველა დაიჴოცა და ჴელთა დარჩა.

რა ესე ესეა ქალაქს მდგომთა თათართა, შეშინდეს, დააგდეს და უკუ-ეყარნეს ციხესა: თუმცა ბარათიანთა არა გამარჯუებოდა, ძალად ქალაქსაც წაართმევდეს და ქართლსაცა შემოეჭიდებოდეს. ამას ზედა იპრიანა ღმერთმან. და წყალობით მოხედნა ბარათიანთა მოჭირვებასა და მას უკანის თათართა ძალი ვერღარა უკადრებია და არცაღა რბევა, გატყდეს და შეშინდეს შეწევნითა ღმრთისათა.

და ვითარცა მცირედნი დღენი გარდაჴდეს, შემდგომად ტყუეობით მოსლვისა წმიდისა მის ხატისა, რამეთუ არა დაუტევა უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალათასა. არამედ ვინმე იტყოდეს: "ძლიერებათა შენთა უფალო", ანუ ვინმე სასმენელ ყვნეს "ქებულებანი შენნი", რამეთუ მიავლინა ყოვლად-წმიდამან დედოფალმან რისხვა საშინელი სახლსა ზედა იაღუბისასა, და ნათესავსა მისსა, და ყოველსა გუარსა მისსა. და მცირესა ჟამსა სრულიად, დაემჴუნეს და მოისპნეს და აღოჴრდეს. რამეთუ იაღუბს უღმრთოსა ესევითარი სიკუდილი ეუფლა, რომლითა ლელითა იკადრა წმიდისა ამის ხატისა მახჳლისა შეხება, მითვე ჴელითა განზავა სასმელი მაკუდინებელი, რეცა-თუ კეთილ. საგონებელ უჩნდა შეცთომილსა მსჯავრითა მით საღმრთოთა, და შესუა მან, და მიუძღუანა მისგან დედასა თჳსსა და ძმასა. და მიიღეს მათცა. და შესუეს, რამეთუ არა ეგებოდა ურჩება მათგან. და ვითარცა სუეს, ერთბამად მოსწყდეს ერთსა შინა ჟამსა სიკუდილითა სალმობიერითა. და მათ თანა სხუანიცა მთავრნი და წარჩინებულნი სახლისა მათისანი მოისრნეს, რომელნიმე მახჳლითა და სხუანი სიკუდილითა უცნაურითა. და მიერითგან სრულიად დაემჴუა მთავრთბა მათი, უკეთუ ცოდვათა ჩუენთა სამხილებელად მიშუებითა ღმრთისათა მოივლინნეს და სახლი ღმრთისა და წმიდანი სამსახურებელნი დათრგუნნეს. არამედ ყოვლად-წმიდამან ღვთისმშობელმან შეურაცხება ხატისა თჳსისა არა თავს-იდვა და ესევითარი რისხვა მიუვლინა, ვითარემდ ნათესავი მათი ვიდრე დღეს-აქამომდეცა არღარა სადა იპოვების.

ქორონიკონსა რ~ოზ: ახალციხეს თათარნი მოვიდეს. ამასვე წელიწადსა ალექსანდრე ქუთაისი აიღო, ძემან ბაგრატისმან.

ქორონიკონსა რ~ოთ: მიიცვალა მეუღლე ყუარყუარე ათაბაგისა, ბატონი დედისიმედი, წლისა ნ~დ, სეკდემბერს ი~ჱ.

ქორონიკონსა რ~პგ: ბაგრატ დაიბადა, ძე ალექსანდრესი, თებერვალსა კ~გ. კახეთის მეფესა ვახტანგსა და ძმასა მისსა ბატონს ალექსანდრეს ჩხუბი ჩამოუგდეს კახთა და შეამდურეს. და იყო შფოთი მათ შუა, იყო დიდხან შური მათ შუა და ვერ შეიწყვნეს.

მერმე მეფე კოსტანტინე და კათალიკოზი დოროთეოს შუა ჩამოუვიდნენ, და შეიწყვნეს მეფე კახეთისა ვახტანგ და ძმა მათი ბატონი ალექსანდრე, ქორონიკონსა რ~პჱ.

ამასვე ქორონიკონსა დიდი ბატონი ყუარყუარე მიიცვალა წლისა პ~ბ, ივნისს ა~.

ქორონიკონსა რ~ჟ: ათაბაგი ბატონი ქაიხოსრო მიიცვალა წლისა ნ~გ, მაისსა ვ~.

ქორონიკონსა რ-ჟა; მეფე კოსტანტინე მიიცვალა, და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით და ბარათაშვილის დავითის ქალი დედოფალი ნესტან-დარეჯან.

ქორონიკონსა რ~ჟგ დიდისა მონასტრისა გენათისა წინამძღუარი მანასე მიიცვალა.

ქორონიკონს რ~ჟზ: აიღო გორი ალექსანდრე, ძემან ბაგრატისმან თუესა აგვისტოსა ვ~. ამასვე წელსა ქუთათისს თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი; და ციხე ვერა აიღეს, და აურაცხელნი ტყუენი წაასხეს ქრისტეანენი. თუე იყო ნოემბერი კ~გ.

ქორონიკონსა რ~ჟჱ: მარტსა ი~ბ, მიიცვალა დედოფალი თამარ. აპრილსა ა~ ამასვე წელსა მეფეთ-მეფე ალექსანდრე მიიცვალა. ამასვე წელსა დაჯდა მეფედ იმერეთს ძე მისი ბაგრატ. ამასვე წელსა იქმნა ბრძოლა ძლიერი ქართლის მეფეს დავითსა და ბაგრატს შუა. ამისთჳს ბევრის ტყუენვისა და რბევისაგან ძალი ქართლისა შემცირებულ იყო; აღეღო და დაეჭირა გორი ალექსანდრეს, მამასა ბაგრატისასა. ამას ზედა მოეჴმარნენ ქართლის მეფეს დავითს კახეთის მეფე ვახტანგ და ათაბაგი მზეჭაბუკ. დავით მეფე ვეღარ მოესწრო, მოხისს შეება ბაგრატ ვახტანგსა და მზეჭაბუკს და გაემარჯუა თუესა ივნისსა გ~.

ამასვე წელსა მიიცვალა ბატონი დედოფალი ელენე, დედა ალექსანდრესი, ნოემბერსა გ~.

ამასვე წელიწადსა აღესრულა კახთა მეფე ვახტანგ და დაჯდა მის წილ კახეთს ძმა მისი ალექსანდრე. ესე ალექსანდრე იყო კაცი კეთილი და ღმრთისმოყუარე, დიდად შემწე წმიდათა ეკლესიათა, შემამკობელი ხატთა და ჯუართა. ამან ალექსანდრე და დედმან მათმან ბაგრატიონმან დედოფალმან ნესტან-დარეჯან დაქცეული და დაძველებული აღუშენა ალავერდსა სამჴრენი და გუმბათნი, და დაასატვინა და შეამკო ჯუარითა და ხატითა. წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა, და შემდგომად ამისა ყოველნივე საეპისკოპოზო ეკლესიანი კახეთისანი შეამკუნა და შესწირნა ყოველნივე საეკლესიო სამკაულნი.

და ესუა ძენი ორნი, უხუცესსა ეწოდა გიორგი და უმრწემესსა ეწადა დიმიტრი. ამან გიორგი დაიწყო ბრძოლა ქართლსა ზედა, რამეთუ დაპყრობა უნდოდა ქართლისა. ხოლო მამა მისი ალექსანდრე და ძმა მისი დიმიტრი ევედრებოდეს: "რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა, კმა არს შენთჳს კახეთიცა". და არა მისცეს თავი ჴელთა და გარდაუდგნენ წინა საფურცლეს. ამას ზედა აღივსო შურითა. გიორგი და ღალატით მოკლა მამა თჳსი ალექსანდრე საფურცლეს ჩალასა შინა. აღიღეს და დამარხეს კახთა მეფეთა სასაფლაოსა ალავერდს შიგნით საყდარსა უკანა ეკუდერსა შინა. და მერმე შეიპყრა ძმა თჳსი დიმიტრი და დასთხარა თუალები. მაშინ იყო ქორონიკონი რ~ჟთ. და მერმე ცოლითა და შვილითა გამოაგდო დიმიტრი და მოვიდა მცხეთას და სვეტს-ცხოველს შემოეხუეწა. და იყო რაოდენიმე ხანი. ამის მოქმედებისათჳს ავ-გიორგი უწოდეს.

ხოლო რაჟამს მოკლა გიორგიმ მამა თჳსი ალექსანდრე, მაშინ თჳით დაიპყრა კახეთი. და მეფობდა ქართლსა ზედა მეფე დავით, კაცი მშჳდობის-მყოფელი და სათნო ღმრთისა. ხოლო მეფესა დავითს ჰყვანდა ძმა გიორგი, ბაგრატ და ალექსანდრე და მელქისედეკ მონაზონი. და მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი დოროთეოს. ხოლო აღიღო შური მახჳლითა ავ-გიორგი მეფესა დავითს ზედა და ქმნა მრავალი ბოროტი საქართველოსა ზედა. ხოლო ეკრძალებოდა სახლსა ავ-გიორგისასა მეფე დავით და სპანი მისნი ყოველნივე. და ამას ზედა უფროსღა განლაღნა ავ-გიორგი და უჴდებოდა საქართველოსა, და მრავალგზის იავარ-ყო საქართველო, და უფროსღა ზემო ქართლი მრავალგზის წარმოსტყუევნა, ვიდრე იმერეთის საზღვრამდე. და თჳთ მეფე დავით შეწყუდეულ ყო ციხესა შინა ატენისასა და ბრძოდა მრავალ-დღე და ვერ წაუღო ციხე იგი ატენისა. და წარვიდა სახედ თჳსად, და წარიღო ნატყუენავი მრავალი.

მაშინ ეზრახნეს უმრწემესნი ძმანი მისნი მეფესა დავითს, ვითარმედ: "ამიერითგან ვერღარა შემძლებელ ვართ დათმენად ბოროტისა მის კაცისა მიერ, რამეთუ კახეთიცა ვიდრე აქამომდე მამათა ჩუენთა ეპყრათ, და სრულიად კახეთი საბრძანებელთა სახლისა ჩუენისაო დამონებულ იყნეს. და აწ ესრეთ აღზუავნეს ჩუენ ზედა ვიდრეღა საქართველოსაცა ზედა უფლებულ არს და ჰნებავს სრულიად მიმძლავრებად თჳსად. და აწ ჩუენცა აღვსდგეთ მათ ზედა და ვბრძოდეთ მათ". არამედ მეფემან დავით არა ინება, რამეთუ მსგავსად სეხნად სახელისა მისისა დავითისებრ მშჳდ იყო და არა შურისმეძიებელ, ვითარ-იგი საულისთჳს მშჳდ იყო.

ხოლო ვინათგან არა უსმინა, მაშინ სთხოვა უმრწემესმან ძმამან მისმან ბაგრატ მეფესა დავითს მუხრანი საუფლისწულოდ და დროშა, და დარაჯად გამოითხოვა ერისთავი ქსნისა და ჴეობა არაგჳსა. ხოლო მეფემან დავით მისცა და ესრეთ წარმოემართა და მოვიდა მუხრანს ციხე მტუერისა, რომელ არს ციხის-ძირის თავსა და დადგა მუნ.

სცნა რა ესე ავ-გიორგი, შემოკრიბნა სპანი თჳსნი, რაოდენ ძალ-ედვა, და წარმოემართა, მოვიდა და მოადგა გარე ციხესა მას მტუერისასა. და ადგა სამსა თუესა და ვერ უძლო აღებად. მაშინ ავ-გიორგი მიუძღუანა ღჳნო ერთითა საღჳნითა და მიუმცნო ესრეთ ბაგრატს: "ვინათგან ესეოდენი ჟამი არს ციხესა მაგას შინა შეწყუდეულ ხარ და არა ჯერ არს ძისა მეფისა შეჭირვება უღჳნობითა და შეიძღუენ ღჳნო ესე და სუ ამისაგან ნუგეშინის საცემელად შენდა, რამეთუ პური და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა".

და ვითარცა მიართუეს ბაგრატს სიტყუა ესე და ღჳნოცა იგი, მაშინ აქუნდაციხესა მას შინა ორაგული ახალი და ღჳნისა მის წილ წარმოსცა ორაგული იგი, მეტყუელმან ესრეთ: "ეგეოდენი ჟამი არს, ვინათგან მდგომარე ხარ პირსა ზედა ქსნისასა და არა მოგსლვიან ორაგული და ესრეთ სიმტკიცით არს ცხოვრება ჩუენი. აწ მიირთჳ ესე, და ამით საცნაურ არს, რომელ ვერ ძალ-გიძს აღება ციხისა ამის".

ხოლო მოართუეს რა ავ-გიორგის ორაგული იგი, მაშინ სცნა სიმრავლე საზრდელთა და სიმტკიცე ციხისა მის და შეუწუხდეს სპანიცა მისნი. მაშინ აღიყარა და წარვიდა სახლად თჳსად, და მუნ დაჰყო მცირედ. და შემდგომად მცირედისა ხანისა წარმოვიდა ზემო ქართლად და წარმოსტყუევნა იგი ძლიერად და წარმოიღო იავარი მრავალი და წარმოვიდა უშიშრად.

სცნა რა ესე ბაგრატ, მპყრობელმან მუხრანისამან, შემოიკრიბნა მცირედნი სპანი თჳსნი და დაუმზირდა ჴევსა მას, რომელ არს ძალისსა და ჭაპურს შუა. ხოლო რომელნიმე სპანი ავ-გიორგისნი წინათკენ წარმოსრულ იყვნეს ნაშოვრითა. ხოლო ავ-გიორგი უკანით-კერძო წარმოემართა ნადირობითა და შექცევითა. და ვითარცა მოიწია მუნ, სადა ბაგრატ მზირად განწყობილ იყო მაშინ მიეტევნეს გულითა სრულითა და მსწრაფლ დაემჴუა სილაღე და ამპარტავანება მისი. ძალისს შეიბნეს; და შეიპყრა თჳთ ბაგრატ, და შეიქმნა სარტყელი და შეუკრა მჴარნი.

ხოლო იყო ავ-გიორგი ენითა ბრგუნილ, რქუა ავ-გიორგი ბაგრატს: "ვის ეკადრება შეპყრობა და შეკრვა მჴრისა?" და რქუა ბაგრატ ავ-გიორგის: "ჯერეთ ესე მოვაწიე შენ ზედა და აწ გამცნებ, თუ რა მოიწიოს შენ ზედა, ვინ ხარ და რა კაცი ხარ,რეგუენი და ჭკუა-მცირე". ხოლო ავ-გიორგისთანაც მყოფნი რომელნიმე კახნიცა შეიპყრნეს და სხუანი ლტოლვილნი შეიქნეს და წარმოართუეს ნატყუენავი, რომელი წარმოეღოთ მათცა მრავალი. და წარიყვანეს შეპყრობილი ავ-გიორგი და პატიმარ-ყო, ციხესა მას შინა მტუერისასა, ქორონიკონსა ს~ა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფიდ.

ხოლო ბაგრატ მიუმცნო საქმე ესე ძმასა თჳსსა მეფესა დავითს, და განიხარა სიხარულითა დიდითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავ-გიორგი ციხესა მას შინადა მოკუდა. ხოლო სცნა რა სიკუდილი მისი მეფემან დავით, შეწუხნა. მაშინ აღიღეს გუამი მისი და წარიღეს მცხეთას ეკლესიასა მთავარ-ანგელოზისასა ჩრდილოეთით-კერძო და მას შინა დამარხეს, და აღასრულეს წესი დაფლვისა, და კეთილად მოურნე ექმნეს, ვითარცა ჯერ არს მიცვალებულთათჳს. ხოლო დაშთა ავ-გიორგის ძე ერთი და ეწოდა სახელი ყრმასა მას ლევან.

ამისა შემდგომად განილაშქრა მეფემან დავით კახეთსა ზედან და დაიპყრა სრულიად კახეთი, და მტკიცედ ეპყრა იგი ჟამსა რაოდენსამე. ხოლო მეფე დავით განაგებდა კეთილად ქართლსა და კახეთსა.

და იყო ყრმა იგი ლევან დედითურთ სახლსა შინა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა. რამეთუ იყო მეყჳსი დედა იგი ლევანისა ჩოლაყასშვილის გარსევანისა, რომელი იყო სახლთ-უხუცესი კახის ბატონისა.

მაშინ აუწყეს მეფესა დავითს ყრმისა მისთჳს ლევანისა, რამეთუ აღორძინებულ არს კახეთსა შინა. და წარავლინა ძმა თჳსი ბაგრატ და ერისთავი ქსნისა და ამილახორი, რათამცა მოიძიონ ყრმა იგი, თუ სადა არს. მაშინ იწყეს ძიება მკჳდრთა მათ კახეთისა სახლთა შინა დიდთა და მცირეთასა. და განავლინეს ბრძანება და შემოიფიცეს ყოველნივე, რათამცა გამოაცსადონ ყრმისა მისთჳს, თუ სადა არს. და ესრეთმოვლეს რომელნიმე კახეთისა კერძონი.

მაშინ წარიყვანეს ლევან მოსკოვისა კნიაზთანა, და დედა მისი დედოფალი ელენე აღიყვანეს ციხესა მაღრანისასა, და განამაგრეს ციხე იგი, და მერმე მივიდეს ბაგრატ და ერისთავი ქსნისა და ამილახორი სახლსა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა. და მას ღამესა კეთილად უმანსპინძლა, და დღესა მეორესა დაუმტკიცა ფიცით გარსევან, ვითარმედ: არა არს სახლსა ჩემსა, და რომელიცა იხილეთ თუალითა თქუენითა სხუა არავინ არს სახლსა შინა ჩემსა".

ხოლო იყო რაოდენიმე ხანი. კუალად მოვიდა ლევან სპითურთ რუსით, და შთამოვიდა კახეთს, და შევიდა ციხესა მას შინა ოჩონისასა, რომელ არს თავსა ივრისასა. მაშინ კახნი ყოველნივე მივიდეს მის თანა და შეჰფიცეს და მიერთნეს ლევან, წარმოიყვანეს და გაიბატონეს. და დაიპყრა კახეთი ლევან.

ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან დავით, შემოიყარა სპანი თჳსნი და წარემართა კახეთსა ზედა გადავლო გომბორი და შთავიდა კახეთად. მაშინ კუალად იპყრა კახეთი და შემოეყარნეს კახნი ყოველნივე.

ხოლო ლევან ივლტოდა; წარვიდა და შევიდა ციხესა მას შინა, რომელ არს თავსა მაღრანისასა. ხოლო მიადგა მეფე დავით და მოიცვა გარემონი ციხისა მის, და ბრძოლა უყო ძლიერად.

ამას ჟამსა შინა მივიდეს ურიცხუნი სპანი ოსმალთანი, და მოაოჴრეს სრულიად სამცხე, და ვერ აღუდგეს მესხნი წინა წარმოვიდეს მუნითგან და მოვიდეს ქართლს. და ვერავინ აღუდგა წინა, რამეთუ ქართველნი ყოველნივე კახეთს იყვნეს ლაშქრად. და ვითარცა ესმა მეფესა დავითს მოსლვა იგი ოსმალთა, ჯერეთ არა გამოაცხადა, ამისთჳს რომე ძლიერად შეეჭირვებინა ციხესა მყოფნი, და მცირედსა ხანთა შინა ეგულებოდა აღება ციხისა მის, და წარავლინა მოციქული მეფემან დავით ამილახორი და მთავარ-ეპისკოპოზი, და სთხოვა ციხე.

მაშინ ფრიად შეჭირვებულ იყვნეს ციხესა შინა მყოფნი, და ვერ ძალ-ედვათ გამაგრება ციხისა მის. და რა ესძა საქმე ესე დედასა ლევანისასა მისლვა ამილახორისა და მთავარ-ეპისკოპოზისა, და არღარა ჰქონდათ ღონე ციხის მიცემისაგან კიდე. რა შევიდა მთავარ-ეპისკოპოზი და ამილახვარი ხილვად დედისა ლევანისა, მაშინ აღდგა დედა იგი ლევანისა და მიეგება შემთხუევად მთავარ-ეპისკოპოზისა. და რა მივიდა, თქუა მთავარ-ეპისეოპოზმან იდუმალ: "მაგრა იყავით, რამეთუ ღამესა ამას უკუ-ვეყრებით ციხესა ამას და წარვალთ ქართლს". მაშინ წარვიდა დედა იგი ლევანისა სიხარულით, და აუწყა საქმე მეციხოვანთა მათ და განამტკიცნა იგინი.

ხოლო დღესა მეორესა სთხოვეს ციხე და მათ დიდად უარჰყვეს მიცემა ციხისა და შემოუთუალნეს სიტყუანი მაგარნი. მაშინ წარმოვიდეს მოციქულნი იგი და აუწყეს მეფესა მას დავითს. ხოლო მსწრაფლ აიყარა მეფე დავით და წარმოვიდა ბრძოლად ურუმთა, მოიწია ზემო ქართლს. მაშინ ეწყვნეს ძლიერად ოსმალთა და ძალითა მრავალ-მოწყალისა ღმრთისათა მიეცა განმარჯუება ქართველთა. და მოსწყჳდნეს მრავალნი ოსმალთაგანნი, და სხუანი შეიპყრეს და ტყუე-ყვნეს, და წარმოართუეს ალაფი და ნაშოვარი მითი, და სხუანი რომელნიმე ლტოლვილნი წარვიდეს სახედ თჳსა.

მაშინ რაჟამს წარმოვიდა მეფე დავით, კუალად დაიპყრა ლევან კახეთი. და შემოეყარნეს კახნიცა სრულიად. და იყო მაშინ ლევან წლისა შჳდის. ხოლო რაჟამს ესმა მეფესა დავითს პყრობა კახეთისა, მაშინ შეიყარნა სპანი და წარვიდა კუალად კახეთსა ზედა, მივიდა საგარეჯოს, და შემოეყარნეს გარესჯელნი და მას-აქათნი კახნი ყოველნივე.

მაშინ ლევან იდგა ქისიყს და ახლდეს რომელნიმე კახნი მივიდა მეფე დავითცა ქისიყსა და ეწყვნეს ურთიერთას. და სძლო სამართალმან ლევანისამან, რამეთუ ესრეთ, მოწყალე არს ღმერთი ქურივთა და ობოლთათჳს. და მცირითა სპითა განემარჯუა ლევანს მეფესა დავითს ზედა. და მეოტ იქმნა და წარმოვიდა ქართლსა.

მაშინ ლევან მტკიცედ იპყრა კახეთი. და შემდგომად მცირედისა დაემძახა ლევან, მპყრობელი კახეთისა, გურიელსა და მოიყვანა ასული გურიელისა ცოლად, და ეწოდა თინათინ. და ამან გურიელის ასულმან თინათინ ჟამსა სიყრმისა თჳსისასა იხილა ჩუენებასა შინა ესრეთ, რომე მიჰყვანდა იგი სძლად კაცსა ვისმე მთავართაგანსა და გზასა ზედა დაისადგურეს დღესა ერთსა; და მას ადგილსა, რომელსა მდგომარე იყვნეს, იხილა მუნ შინდი ერთი მდგომარე, და იყო შინდი იგი თეთრი; და აუწყებდა ვინმე კაცი სამღდელოთაგანი, რათამცა აღუშენოს მონასტერი დედასა ღმრთისასა ადგილსა მას, სადა იდგა შინდი იგი თეთრი. და ესრეთ იხილა ჩუენება იგი.

ხოლო რაჟამს სთხოვა ლევან მპყრობელმან კახეთისამან გურიელსა ასული იგი მისი თინათინ ცოლად, მაშინ მოსცა გურიელმან და წარმოიყვანეს კახეთს. მაშინ მიიწივნეს იგინი შუამთას და მუნ განისუენეს მას დღესა. ხოლო მიმოიხედვითა ასული იგი გურიელისა თინათინ და იხილა მუნ შუამთას შინდი იგი თეთრი, რომელი პირველ ეხილვა ჩუენებასა შინა, და მოეჴსენა ჩუენება იგი და შინდი, რომელი მდგომარე იყო ნიშად ეკლესიისა მის მომასწავლებელად. მაშინ გულისჴმა-ჰყო და სარწმუნო იქმნა განგებულებასა მას ზედა. ხოლო რაჟამს იქორწინა, შემდგომად მცირედისა ჟამსა იწყო შენებად შუამთას მონასტერსა დედისა ღმრთისასა, რამეთუ ფრიადი მოსწრაფება აჩუენა და ჟამსა რაოდენსამე შინა აღაშენა იგი, შეასრულა და შეამკო ყოვლისავე სამონასტროსა წესთა და სამკაულითა, და შესწირნა აგარაკნი და დაბანი, და დაადგინა მას ზედა მოძღუართ-მოძღუარი. და იგი შემზადა სამარხოდ თჳსად.

ხოლო შვა ამან გურიელის ასულმან თინათინ ძენი ორნი: სახელი ერთისა მის ალექსანდრე და მეორისა მის ვახტანგ. და ამისა შემდგომად მიიცვალა გურიელის ასული თინათინ, და დაუტევა. ანდერძი, რათა არა დამარხონ გუამი მისი ქმრისა თჳსისა ლევანის თანა, არამედ დაემარხოს იგი შუამთას თჳსსა აღშენებულსა მონასტერსა. და ყვეს ეგრეთ. და ამისთჳს არა დაემარხა ქმრისა თჳსისა თანა, რამეთუ ლევან იყო სიძვისა და მრუშების მოყუარე.

და კუალად ისუა ლევან ცოლი სხუა, ასული შამხლისა, რომელსა ეწოდა შამხალსა მას სახელად ყარამუსალ. და კუალად მიეცა შამხლისა ასულისა თანა ძენი სამნი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო. გაგრძელება დასაწყისი


ხოლო მეფე ქართლისა დავით მეფობდა კეთილად მშჳდობით.

ქორონიკონსა ს~ვ: აღიძრა ყაენი და წარმოვიდა ულუსითა საქართველოსა საქრისტეანოსა; ხატთა და ჯუართა ყველასა ატყუევებდეს. პატრონმან მეფემან დავით თჳსი შვილი რამაზ გაგზავნა და ყაენს წინა მიაგება, და დაიჴსნა საქრისტეანო. და დაჰყო რაოდენიმე ხანი და მერმე დღითა აღსავსემან აღირჩია კეთილი ნაწილი და იქმნა მონაზონ, და უწოდეს სახელად დამიანე. და ესხნეს ძენი სამნი: ლუარსაბ, დიმიტრი და რამაზ.

ქორონიკონსა ს~ზ: მიიცვალა დიდისა მონასტრისა გენათისა მოძღუართ-მოძღუარი ილარიონ პატრონი, თუესა მაისსა ვ~, და გორის-ჯუარით აქა გელათს მოასუენეს.

ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფის ბაგრატის შვილი მუცლის ტკივილითა, და იყო მეფე დავით-ყოფილი დამიანე სინანულსა და ვედრებასა ღმრთისასა, რამეთუ აღეშენა სენაკი მცხეთას და იყოფებოდა სიმართლით. მაშინ იყო ქორონიკონი ს~იდ.

ჟამსა ამას ჯდა კათალიკოზი მელქისედეკ, ძმა მეფის დავითისა.

ქორონიკონსა ს~იდ: მისცეს ბაგრატს ქართლი მეფესა იმერეთისასა, არადათის წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა.

ამასვე წელსა მიიცვალა მეფე დავით. ტფილისის ქალაქს, და დამარხეს მცხეთას.

ამასვე წელსა იქორწინა ძემან მისმან ლუარსაბ, და შეირთო ცოლად მეფის ბაგრატის ასული თამარ, მარტსა კ~ე.

და მეფობდა ლუარსაბ ძალითა და შეწევნითა ბაგრატისითა. და იყო ყაენად შაჰისმაილ, მეოთხე შვილისშვილი იყო შიხისა მის, რომელი გამოჩნდა პირველ არდაველს. და დაიპყრა შაჰ-ისმაილ სამკჳდრო თჳსი არდაველი, და მუნითგან იწყო ბრძოლად სპარსეთისა და დაიპყრა სპარსეთი.

ქორონიკონსა ს~ივ: მიიცვალა იმერელი ბატონისშვილის ვახტანგის ცოლი, კახთა მეფის ასული ხვარამზე.

ქორონიკონსა ს~იზ: მიიცვალა ქუთათელი გერასიმე, იანვარსა ი~ ამასვე წელიწადსა დაჯდა მათი ძმისწული სვიმონ, და წარვიდა და ეკურთხა საყდარსა ბიჭვინტისასა.

ამასვე ქორონიკონსა მეფეთ-მეფემან ბაგრატ განყო ლიხთ-იმერი სამ საეპისკოპოზოდ, ბრძანებითა აფხაზეთისა კათალიკოზისა აბაშიძისათა. ინება ღ(ვ)თივ-გჳრგჳნოსანმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და დედოფალთა დედოფალმან ელენე დიდისა და ცათა მობაძავისა საყდრისა, ახლისა იერუსალიმისა, გენათისა ეპისკოპოზისა მელქისედეკისა საყუარელის ძისა, საუკუნოდცა არს ჴსენება მათი.

ამასვე დროსა იმავე პატრონმან გააჩინა ხონელ ეპისკოპოზად მჩხეტის-ძე მანოელ მისვე აფხაზეთისა კათალიკოზისა ჴელითა საყდართა შიგან ბიჭვინტისათა, ქორონიკონი იყო ს~იზ: წარვედით აფხაზეთს საკურთხეველად ივნისსა კ~, და მოვედით ივლისსა კ~.

ამასვე ჟამსა მონაზონ იქმნა გიორგი, ძმა დავით მეფისა, და უწოდეს სახელად გერასიმე. და ბაგრატცა, ძმა მეფის დავითისა და გიორგისა, რომელი უფლებდა მუხრანს, იგიცა მონაზონ იქმნა, და უწოდეს სახელად ბარნაბე.

ხოლო რაჟამს მონაზონ იქმნა ბაგრატ მპყრობელი მუხრანისა, და ესხნეს მას ძენი ოთხნი: ერეკლე, არჩილ, აშოთ და ვახტანგ. მაშინ მტკიცედ ეპყრა ქართლი მეფესა ლუარსაბს. ხოლო კათალიკოზი მელქისედეკ პირველვე განძებულ იყო და იდგა მონასტერსა არმაზისასა, და იყო კათალიკოზად გერმანე, და ტფილელად დომენტი, და მროველად გედეონ.

ქორონიკონსა ს~ით: ივლისსა ი~ა მიიცვალა მჴეცის-ძე სარგის.

ხოლო ოდეს დაიპყრა ქუეყანა სპარსეთისა შაჰ-ისმაილ, მაშინ წარმოემართა და განიგულა დაპყრობა საქართველოსი, მოვიდა ძალითა დიდითა და სპითა ურიცხჳთა, და დაიბანაკა აღჯაყალას. მაშინ სცნა რა მეფემან ლუარსაბ, შემოიყარა სპანი თჳსნი და დადგა ტფილისს, განამაგრა ციხე-ქალაქი.

ხოლო შაჰ-ისმაილ წარმოგზავნა ამირსპასალარი ყარაფირილ სპითა ურიცხჳთა. კუალად შემდგომად მცირედისა წარმოგზავნა მიშკარბაში ელიასბეგ სპითა ურიცხჳთა. და შემდგომად მათსა თჳთცა წარმოვიდა. მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ ტფილისით და მივიდა ღელესა მას თელეთისასა, და მუნ განაწყო სპა თჳსი. და რაჟამს მოვიდა ყარაფირი ამირსპასალარი, და ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და მჴნედ იბრძოდეს სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომნი, და მოსწყჳდნეს ურიცხუნი თათარნი. მიდრკეს იგინი და ოტებულნი ივლტოდეს, ვითარცა ჯოგი კანჯრისა ლომთაგან დანქრეული.

მაშინ შეემთხვია წინათ-კერძო მიშკარბაში ელიასბეგ. ოტებულთა მათ ყიზილბაშთა. და კუალად უკუმოაქციანნა ლტოლვილნიცა იგი, და თჳსითა სპითა წინაგანეწყვნეს ქართველთა. კუალად შეიქმნა ბრძოლა ძლიერი, უძლიერესი პირველისა, და ძალითა ღმრთისათა კუალად მძლე ექმნეს ქართველნი და მოსრეს უმრავლესი პირველისა ომისა. და იოტნეს იგინი და მიჰყვნენ უკანა მათსა ქართველნი, სრვიდეს. და ამოსწყჳდნეს მრავალნი. და აღმოვიდა შაჰ-ისმაილიცა ყოვლითავე ძალითა თჳსითა და სპითა უმრავლესითა. ესრეთ მოიწია მთასა თელეთისასა, რომელ არს კერძოთა ტაბაჴმელისათა. გარდმოხედნა შაჰ-ისმაილ და იხილნა სპანი თჳსნი ძლიერად ოტებულნი და მიმოდანქრეულნი, და უმრავლესნი დაჴოცილნი, და უკანა მათსა ქართველნი ფიცხლად მდევნელნი და განლაღებულნი მათ ზედა. ამას ზედა შეწუხნა შაჰ-ისმაილ, და შემოუტივეს შაჰ-ისმაილ და სპათა მისთა ყარაყოინლუთა.

მაშინ დაშთეს ქართველნი წინათ-კერძო და უკანა მათსა შაჰ-ისმაილ და სპანი მისნი, რამეთუ ფრიადისა ომისაგან მაშურალთა ქართველთა, რაც ოდენ ძალ-ედვათ, ძლიერად ბრძოლა უყვეს, და განგრძობასა შინა ომისასა იძლივნეს სპანი ქართველთანი. მაშინ ივლტოდა მეფე ლუარსაბ და მივიდა ზემო ქართლს, და კუალად ენება შეკრება სპათა და ბრძოლად არამედ ვერღარა უძლო ადრე შეყრა, რამეთუ დაიფანტნეს ქართველნი.

და წარმოვიდა შაჰ-ისმაილ და გარე-მოადგა ციხესა ტფილისისასა და ბრძოლა უყო ძლიერად. მაშინ აღუთქუეს ნიჭი დიდი ციხისთავსა მას ტფილისისასა, და ესრეთ მოინდო ციხისთავი იგი, და მისცა ციხე. და დაიპყრა ციხეცა და ქალაქი, და ქმნა მრავალი ბოროტი. შემუსრნა წმიდანი ეკლესიანი, და შეაგინნეს სიწმიდენი, და მრავალნი ხატნი და ჯუარნი წარყვნეს. და თჳთ შემუსრა ჴელითა თჳსითა სიონთა ღმრთისმშობელი და განძარცუა მრავალფასი სამკაული, ქართველთა მეფეთაგან სასოებით შემკული; ამან უღმრთომან მიჰყო წარმდებად ბილწი ჴელი თჳსი და შემუსრა, და უფასონი იგი თუალნი და მარგარიტნი თჳთ წარიღო, და წმიდა იგი ფიცარი განაშიშულა მძლავრმან უსჯულომან შაჰ-ისმაილ, და დასდვა თავსა ზედა განსავალსა მას ჴიდისასა, რომელ არს ციხესა შინა ტფილისისასა.

და შეიპყრნეს მრავალნი ქრისტეანენი, და მიჰკრიბეს ჴიდსა მას ზედა და მძლავრებით აიძულებდეს ფერჴითა დათრგუნვად ხატსა მას. რომელთამე ქრისტეანეთა ფრიად უარ-ჰყვეს განსლვა ჴიდსა მას ზედა და დათრგუნვად ხატსა მას წმიდისა დედოფლისა ჩუენისასა, და მრავალთა აღირჩიეს სიკუდილი და არა დათრგუნეს ხატი იგი, და წარეკუეთნეს წმიდანი და ყოვლად ქებულნი თავნი მათნი, და აწ იმოთხვენ ყუავილთა მათ შინა დაუჭნობელთა, წმიდათა ორმეოცთა მოწამეთა თანა. ხოლო რომელნიმე ქრისტეანეთაგანნი მომედგრდეს უძლურებითა ჴორცთათა და დაკლებულ იქმნეს სასუფეველისაგან, რამეთუ ვერა-რა ივაჭრეს, და განვიდეს კრებისაგან ცალიერი.

ხოლო ოდეს აღასრულა ყოველივე სიბოროტე თჳსი მძლავრმან უსჯულომან შაჰ-ისმაილ, მაშინ გარდაუტევეს ხატი იგი წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა მდინარესა მას შინა მტკუარსა და წარიღო ხატი იგი წყალმან მან, და განვიდა ქუემოთ-კერძო წიაღ მდინარისა მის. ეჰა საკჳრველება ესე და სასწაული ხატისა მის, რამეთუ არავე განეშორა ტაძარსა თჳსსა, არამედ იყო რამ წიაღ მდინარისა მის, ხე ტირიფისა მდგომარე, და ძირსა ზედა მისა მიყრდნობილი წაღმართ სუენებული იხილა ვინმე მწყემსმან, მიმავალმან კახეთად, და განსავალსა წყლისასა აღიღო და განიხარა ფრიად, და თაყვანის-ცა მწყემსმან მან აღიღო და მიართუა მპყრობელსა მას კახეთისასა ბატონს ლევანს; და მხიარულ იქმნა დიდად და მიანიჭა მწყემსსა მას წყალობა მრავალი. და იწყო მეორედ შემკობად ხატისა მის და, რაც ოდენ ძალ-ედვა, აჩუენა მოსწრაფება დიდი და ესრეთ შეამკო, ვითარცა აწ იხილვების სიონისა ღმრთისმშობელი. და კუალად ზედა-წერილ არს ხატსა მას ზედა ცხოვრება კახეთის მპყრობელის ლევანისა. ხოლო ოდეს განასრულა ხატი წარმოგზავნა ხატი იგი პატივითა დიდითა სიონსა შინა, და არს მიერითგან ვიდრე აქამომდე ზე-აღმკულ ლევანის მიერ.

ხოლო აღაშენა შაჰ-ისმაილ მეჩითი სჯულისა თჳსისა ყურესა მას ჴიდისასა, და შეაყენნა მცველნი თჳსნი, და განამაგრა ციხე, და წარვიდა. და ამას შინა შემოიკრიბნა სპანი თჳსნი მეფემან ლუარსაბ, და წარმოემართა შაჰ-ისმაილსა ზედა, და ეგულვა კუალად ბრძოლა მისი. და რაჟამს ცნა აღება ციხისა მის და შექცევა შაჰ-ისმაილისა, დაუმძიმდა ფრიად. მაშინ კუალად იპყრა ქართლი მეფემან. და ამასვე ჟამსა შინა ეწია რისხვა ღმრთისა ულხინებელი შაჰ-ისმაილს. და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა, და დაჯდა მის წილად ძე მისი შაჰ-თამაზ.

ხოლო შაჰ-ისმაილ იყო კაცი მზაკუარი, და ამან გამოაჩინა სჯული შიასი და იწყო ძაგებად და გინებად სჯულისა ოსმალთასა, და განთქმულ ჰყო სახელი ალიასი, და იწოდა თავი თჳსიმედ ალიასა, და მიერითგან ირწმუნეს ყიზილბაშთა ძედ იმამისა, და ვიდრე აქამომდე სწამსთ, და უპყრიესთ მტკიცედ. ხოლო გამდიდრდა შაჰ-თამაზ უფროს მამისა თჳსისა და დაიპყრა მრავალი ქუეყანა უცხოთა, რომელი არა ეპყრა მამასა მისსა.

ხოლო მეფემან ლუარსაბ დაიპყრა ტფილისი, და აღიღო ციხე ტფილისისა და გაამაგრა. მაშინ შაჰ-თამაზ იდგა ყარაბაღს, დაესმა აღება ტფილისისა ციხისა, შემოიკრიბა სიმრავლე სპათა რჩეულთა და ესე იდუმალ წარმოემართა ტფილისსა ზედა. და ამას ჟამსა შინა მიიცვალა ტფილისს ძე მეფის ლუარსაბისი ყრმა მცირე. და წარიღეს ყრმა იგი მცირე მცხეთას სამარხოსა თჳსსა, და წარიყვნეს თანა მეფე და დედოფალი. და რომელსაცა დღესა განვიდეს ტფილისით, მასვე ღამესა შემოვიდა შაჰ-თამაზ ტფილისსა შინა, და დაიპყრა სრულიად ქალაქი და ზეგარდამოთა განგებითა ღმრთისათა მორჩეს დიდსა განსაცდელსა მეფე და დედოფალი და მათ თანა მყოფნი ქართველნიცა.

ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან, წარვიდა სიმაგრეთა შინა, და ეგრეთვე სრულიად ქართველნი წარვიდეს სიმაგრეთა შინა. ამისთჳს ვერღარა შემოიკრიბა სპანი თჳსნი მეფემან, რამეთუ იყვნეს დაუხიზნავნი ქართველნი, და ყოველნივე დასახიზნავად წარვიდეს.

მაშინ შაჰ-თამაზ მოაწია მრავალი ბოროტი ტფილისსა ზედა: შეიპყრეს და განსძარცვეს ხატი იგი მეტეხისა, სახე წმიდისა ღმრთისმშობელისა, და ამოსწყჳდნა მრავალნი სულნი. ხოლო ციხისთავსა გულბაადს შეეშინა დიდად მეფისა თჳსისაგან: ნუ უკუე ესე საქმე ესე დამადვას მეფემანო", და გარდამოვიდა ციხით, და მივიდა შაჰ-თამაზთანა; და მიანიჭა წყალობა მრავალი და სხუანი მეციხოვანნი რომელნიმე წარვიდეს სახლსა და რომელნიმე მიერთნეს ყიზილბაშთა.

მაშინ ციხისთავმან გულბაად და სხუათა მეციხოვანთა დაუტევეს სჯული თჳსი და მიიქცეს სჯულსა მაჰმადისსა. და დაიპყრა შაჰ-თამაზ ციხე იგი და განამაგრა, და თჳთ შეიქცა და წარვიდა ყარაბაღს. მაშინ შეურიგდა მპყრობელი კახეთისა ბატონი ლევან, და წარვიდა შაჰ-თამაზ ნახჩევანს ქუეყანასა სომხითისასა, და დაიმორჩილნა ყოველნივე ურჩნი და ჰყვნა საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა.

ქორონიკონსა ს~კა: დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად ზღჳთ ნავებითა, და შეიბნეს თუესა იანვარსა ოცდაათსა. პირველსა დღესა ამათ გაემარჯუა; მეორესა დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშართათჳს, უღალატეს. და გამოექცნეს, დადიანი და გურიელი და გურიელის ლაშქარი დაუტევეს; მოეტევნეს; ჯიქნი და შეიბნეს: მრავალი დაჴოცეს დადიანმან, გურიელმან და გურიელის ლაშა ქართა. მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურშვილნი. დაღალულნი ომისაგან შეჩუენებულმან ცანდია ინალდიფითა გაინდვნა, დადიანი გააშიშულეს, სრულიად შიშუელი დაჭრეს გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ეპისკოპოზნი, და მისნი ლაშქარნი ტყუე ყვეს. წარვიდა მალაქია კათალიკოზი და გამოიჴსნნა ცოცხალნი, და მკუდარნი ფასით იყიდნა.

ქორონიკონსა ს~კგ: მერე ალექსანდრე, ძე ლევანისა, იშვა.

ამასვე ქორონიკონსა მურჯახეთს შეიბნეს; აგვისტოს ი~გ, დღესა ხეთშაბათსა, შეიბა მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაგი ყუარყუარე ახალქალაქსა, და დაიჴოცნეს მრავალნი კაცნი, და გაემარჯუა მეფესა, და ჴელთ დარჩა ყუარყუარე და მისნი ლაშქარნი, და დაიპყრა სრულიად საათაბაგო ძემან ალექსანდრესმან.

და ჟამსა ამას ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა იყო სამცხეს, და ვითარცა ესმა დაპყრობა სომხითისა, წარმოემართა იგიცა და მოვიდა შაჰ-თამაზთანა მიზეზითა ამით, რაჟამს გაემარჯუა ბაგრატს ყუარყუარე ათაბაგსა ზედა, და დაიპყრა ბაგრატ საათაბაგო. მაშინ ოტებულ იქმნა ოთარი შალიკაშვილი, ივლტოდა იგი, და თანა-წარიყვანა ძე ათაბაგის ყუარყუარესი ქაიხოსრო. მივიდეს სტამბოლს და მოაჯე ექმნნეს ხვანთქარს. და შეიწყალა ხვანთქარმან, და მოსცა ჯარი მრავალი, და თოფი, და ზარბაზნები დიდ-დიდნი, და უჩინა ამირსპასალარად მუსტაფ ფაშა, და წარმოგზავნა იგინი ბრძოლად ბაგრატისა.

ხოლო ესმა რა ამბავი ესე ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა, ამისთჳს წარვიდა შაჰ-თამაზთანა, და არავინ წარიყვანა კაცნი უჭაღარონი, არამედ აარჩინა კაცნი ჭაღარანი, და წარიყვანნა დიდებულნი და მცირენი, მოხუცებულნი, ჭკუისმყოფელნი, ჭაღარანი, კაცნი მსგავსნივე მისნი.

ხოლო იყო შაჰ-თამაზ აიდარბეგს, და მივიდა ბაგრატ. დიდად პატივ-სცა ყაენმან, და დაისუა წინაშე, აქა მოხუცებულნი მიმყოლნი მისნი. და უბრძანა ყაენმან ბაგრატს, რათა მოსწიოს მშჳლდსა, და მოუტანეს მშჳლდი ძლიერი ბაგრატს. ხოლო, ბაგრატ არა რამე თავს-იდვა, და ეპყრა მცირე რამე ნატეხი წვრილი ჯოხი, და მით ასწია. ხოლო ყაენმან გაიცინა, და მისცა საბოძვარი დიდი და გამოისტუმრა. ითხოვა ბაგრატ მისგან შეწევნა და ძალი ოსმალთა ზედა. და იყო მაშინ შაჰ-თამაზ ფრიად უცალო, ვერა ათხოვა ჯარი, და მისცა საბოძვარი მრავალი, და მით შემწე ეყო. და წარვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა სამცხეს.

მაშინ წარავლინა ბაგრატ კაცი და ითხოვა გურიელისაგან შეწევნა. და წარმოვიდა გურიელი სპითა თჳსითა და მოვიდა ბაგრატის თანა.

ქორონიკონსა ს~კე: მეფე სვიმონ იშვა, ძე ლუარსაბისი.

ქორონიკონსა ს~ლა: ხვანთქრის ფაშები მოვიდეს, კ~ბ ათასი, და სრულიად ტაო ამოსწყჳდეს. მოუჴდა ბაგრატ მეფე და ეწყვნეს ურთიერთას, იქმნა ბრძოლა ძლიერი. მისცა ღმერთმან გამარჯუება ბაგრატს და იოტნეს ოსმალნი, მოსრნეს მრავალნი მახჳლისათა. მაშინ მოკლეს თჳთ მუსტაფ ფაშა, და სხუანი ივლტოდეს ოსმალნი. და იშოვნეს მრავალნი საგანძურნი, და დაიპყრა მტკიცედ საათაბაგო.

ამისა შემდგომად კუალად წარვიდა ხვანთქართანა ოთარი შალიკაშვილი, და ქაიხოსრო ძე ათაბაგისი, ესმა რა ხვანთქარსა, დაუმძიმდა ფრიად. და კუალად წარმოავლინა აზრუმისა ფაშა, და დიარბექირისა, და სხუანიცა მრავალნი, და შეკრბა სპათა სიმრავლე ურიცხჳ. და ესრეთ წარმოემართა სამცხესა ზედა. სცნა რა ესე ბაგრატ, წარმოუვლინა კაცი და ითხოვა შეწევნა მეფისა ლუარსაბისაგან.

ხოლო მეფე ლუარსაბ იყო კაცი სახიერი და ფრიად ზრუნვიდა საქართველოსათჳს, და ეძჳნებოდა უცულოთა ზედა-მოსვლისათჳს და დაკნინებად საქრისტეანოსა. მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და წარემართა შეწევნად ბაგრატისა რამეთუ ამან მეფემან ლუარსაბ მრავალგზის აწვივნა იმერელნი, მესხნი და კახნი შეწევნად უსჯულოთა ზედა, არამედ იგინი არა თანა-შემწე ექმნეს. და ესოდენ უმეტეს მოურნე იყო მათთჳს, ვითარცა მამა შვილთათჳს ტკბილ არს და ლმობიერ, ეგრეთვე ესეცა ტკბილ იყო მათთჳს და არა ძჳრის მოაჴსენე. და ვითარცა წარვიდა ესე, მაშინღა წარვიდა გურიელი სპითა თჳსითა. და შეკრბეს ყოველნივე სამცხეს.

ხოლო მოვიდეს ოსმალნი ურიცხუნი ბასიანს, ქორონიკონსა ს~ლგ, და მივიდეს ესენიცა მუნ, სადა ოსმალნი დაბანაკებულ იყვნეს. ხოლო იქმნა რამე განზრახვა ქართველთა შორის და მესხთა. თქუეს ქართველთა და აღირჩიეს მეწინავედ მისლვა, არამედ მესხთა არა თავს-იდვეს, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: "ძუელითგანვე მეწინაობად მისლვა მესხთათჳს განწესებულ არს და აწცა ჯერ არს ჩუენდა მისლვაო, და რამეთუ რიგი ესე და წესი ძუელითგანვე გუაქუსო".

ხოლო უმეტეს ქართველთა არა უსმინეს, და იქმნა ცილობა ურთიერთას შორის, და აღეგზნა შური დიდი. აჰა იხილეთ, მსმენელნო, გაბედვა და მკუეთელობა საქმისა, ვითარ იგი ჰყვეს მაშინ ლომ-ვეფხებრ მჴეც-ქმნილთა რჩეულთა მათ სპათა ქართველთა უსჯულოთა მათ ზედა, და მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა ელვა ქუხილისა ცისა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და შეიბნეს სოხოიტს ზედა იმერელი მეფე ბაგრატ, და ქართლის მეფე ლუარსაბ, და ათაბაგი პატრონი ქაიხოსრო, და სრულიად საქართველო იყო, და ორი ფაზა იყო. და მეფენი მეოტ იქმნეს.

მაშინ შურითა ბოროტითა აღსავსეთა მესხთა ინებეს განდრეკილება, და არღარა მიჰყვნენ ომსა შინა. ხოლო სცნეს რა განდრეკილება მესხთა, უფროსად განიწირნეს თავნი თჳსნი ქართველთა და იმერელთა, და გარგრძელდა ომი, და მოისრნეს მრავალნი იმიერ და ამიერ, და უფროსღა მოსწყჳდნეს ოსმალნი, ვიდრე ოთხი ზომა მოისრა. მაშინ მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო და სხუანი მრავალნი ქართველნი და იმერელნი. ქმნეს სახელი დიდი, და შემუსრეს ყოველივე საომარი საჭურველი, და ესრეთ დარჩნენ, რომ საბრძოლველი იარაღი აღარა ჰქონდათ. და იყო ომი ძლიერი დილითგან ვიდრე მწუხრადმდე.

მაშინ სიმრავლისაგან სპათასა იოტნეს სპანი ქართველთანი, დამაშურალთა ქართველთა სძლეს ოსმალთა და მეოტ იქმნენ, და ლტოლვილი წარმოვიდა მეფე ლუარსაბ ქართლს და ბაგრატ იმერეთს.

ხოლო დაიპყრეს ოსმალთა სამცხე-საათაბაგო, და აღიღეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი სამცხისანი, და გააბატონეს ქაიხოსრო, ძე ყუარყუარესი, და იქმნა ათაბაგ. მაშინ შემოიკრიბნა მესხნი დიდნი და მცირენი ყოველნივე, და მთავრობდა ოთარი შალიკაშვილი. ხოლო ათაბაგი ქაიხოსრო დაემოყურა მპყრობელსა მუხრანისასა ბაგრატს, მოიყვანა ცოლად ასული ბაგრატისი დედისიმედი და იქორწინა. და იყო ქალი ლაღ და ამპარტავან, გლისპი და არა მოშიში ღმრთისა.

ქორონიკონსა ს~ლდ: აწყუერისა ღმრთისმშობელი ტყუედ წაასუენა ციხისჯუარს იმერელ მეფემან ბაგრატ.

ქორონიკონსა ს~ლ: ტაოს ქუეყანა დაიჭირეს თათართა ურუმთა.

ქორონიკონსა ს~მა: არტანუჯი წაგუართუეს ურუმთა, და არსიანამდის დაიჭირეს ფარნაკანი, და სრულ არტანი დაიჭირეს, და ფარნაკანი აღაშენეს, აწყურისა ღმრთისმშობლის შეწევნითა სამცხეს ვერ გარდმოვიდეს, და მძლავრობდენ ფრიად ყოვლისავე მესხთა ზედა და ვერღარა შეუძლეს ტჳრთვად ბოროტის ყოფასა ოსმალთასა. მაშინ ოთარმან შალიკაშვილმან და ათაბაგმან და ყოველთავე მესხთა წარავლინეს მოციქული თჳთმპყრობელის ერანის მპყრობელის შაჰ-თამაზის თანა, და ფრიად მოაჯე ექმნეს, ებირნეს და ითხოვეს მისგან შეწევნა, და აღუთქუეს მორჩილება და დამონება ვითარცა პირველ.

ხოლო ვითარცა ესმა შაჰ-თამაზს, განიხარა ფრიად და წარმოემართა სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა; მოესწრა ყაენი შაჰ-თამაზ. ბატონი ქაიხოსრო მოვიდა; ვარძია, თმოგჳ, და ვანის ქუაბი, და აწყური, ასპინძა, ვარნეთი და სრულიად სამცხის ციხეები აღიღო, და ვარძიისა ღმრთისმშობელი და სრულიად ციხეები ბატონს ქაიხოსრის. მოსცა. და წარვიდა ყაენი და ჩავიდა სომხითს, და დაჴოცნა [...] და ვახუშტი დიასამიძე, და ამაონ ტყუედ წაიყვანა მარიამობის თუესა.

ამასვე ქორონიკონსა ციხისჯუარიდამ აწყურისა ღმრთისმშობელი ტყუედ წაასუენეს იმერეთს.

ხოლო სცნა რა საქმე ესე ხვანთქარმან სულთან სულეიმან, წარმოვიდა იგიცა ძალითა მრავლითა და გულისწყრომითა მესხთა ზედა.

მაშინ შაჰ-თამაზ ვერღარა უძლო წინააღდგომად მისსა და მოიპოვა მზაკუარება ესე, და მიუმცნო ოთარს შალიკაშვილსა სიტყუანი გულისწყრომისანი. მიუწერა წიგნი რისხვისანი, და ექადდა მოკუეთასა თავისასა, და სრულიად იავარ-ყოფასა ქუეყანისა მათისასა. ამისთჳს მოსწერა ესე წიგნი, რომ ოთარს მიეგზავნა ხვანთქრისათჳს, რომ შაჰ-თამაზ ჩემი მტერია და ესრეთ მექადვისო, და მით მორჩომოდა ხვანთქარსა. ვითარცა მიუვიდა წიგნი იგი ოთარსა, მეყსეულად წარუვლინა წიგნი სულთან სულეიმანს, და მიუმცნო სიმართლე თავისა თჳსისა და უბრალო-ყოფა მისლვისათჳს ყაენისა.

მაშინ მიხედა ღმერთმან მესხთა, და შეიბრალა სულთანმან და წარვიდა სახიდ თჳსად სულთანი, და წარვიდა ყაენიცა. ხოლო ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა, აქუნდა შური დიდი დადიანისა, რამეთუ მაშინ ოდეს შეება ურუმთა ბაგრატ, ესე დადიანი არა თანამწე ეყო მას. ამისთჳს განიზრახა და მოაწვია დადიანი ლეონ ჭალასა ხონისასა, და ღალატად შეიპყრა იგი ბაგრატ მპყრობელმან იმერეთისამან და პატიმარ ჰყო. მაშინ მიუმცნო გურიელსა საქმე ესე, და აწვია იგი განლაშქრებად ოდიშსა ზედა და აღუთქუა ნახევარი ოდიშისა.

ხოლო გურიელმან არა უსმინა და თქუა გულსა შინა თჳსსა: "ვინათგან ოდიშიცა დაიპყრას, განლაღნების და მერმე აღიძრვის ჩემ ზედაცა ბოროტის-ყოფად უეჭუელად". ხოლო რაჟამს სცნა ბაგრატ არა მოსლვა გურიელისა, მაშინ ენება თუალებისდაწვა დადიანისა და არღარა ინება, და ჰყვანდა იგი პატიმრად გელათს სამრეკლოსა შინა.

მაშინ ათაბაგმან ქაიხოსრო, სცნა რა შეპყრობა დადიანისა, აღძრა ჩხეიძე ხოფილანდრე და გააპარა დადიანი, და მიიყვანა ათაბაგთანა. ხოლო ათაბაგმან და გურიელმან წარიყვანეს და გააბატონეს იგი ოდიშს, და კუალად იპყრა დადიანმან ოდიში.

ამისა შემდგომად გაუწყრა ხვანთქარი გურიელსა, და მოიჴსენა ძჳრი პირველი, რაჟამს იგი თანაშემწე ეყო ბაგრატს, და მოსწყჳდნეს სპანი მრავალნი ხვანთქრისანი. ამისთჳს წარგზაინა სპანი მრავალნი გურიასა ზედა, და მოვიდეს ბათომს, და იწყეს შენებად ციხისა. მაშინ შემოიკრიბა სპა თჳსი გურიელმან და წარვიდა მათ ზედა, და მისცა ღმერთმან ძლევა და გაემარჯუა გურიელსა. დაუტევეს ბათომი, და შევიდეს ზღუასა შინა ნავებითა. და აღუდგეს მათ ღელვანი მძაფრნი, და განყარნა იგინი ჭორასს გაღმართ; და იყო იგი მდინარე ჭორახი აღდიდებულ, და ვერღარა განვლეს იგი ცხენებითა გურიელმან და სპათა მისთა.

მაშინ მივიდეს გონიას, და იწყეს შენება ციხისა; და გამაგრდენ ოსმალნი და იწყეს მძლავრება, ამოსწყჳტეს ჭანეთი, და თჳთ დაიპყრეს. ხოლო გურიელმან ითხოვა შეწევნა ბაგრატისაგან და დადიანის ლეონისაგან. მაშინ დადიანმან შემოიყარა სრულიად აფხაზნი და ოდიშარნი, და წარვიდა.

ხოლო ბაგრატცა წარავლინა ძმა თჳსი ვახტანგ, და სპანიცა იმერელნი წარატანნა კაცი ხუთასი. და აუწყა ბაგრატ ძმასა თჳსსა ვახტანგს: "ამას წადიერ იყავ, რათა არა ჰყონ დადიანმან და გურიელმან ერთობა. და უკეთუ იგინი გაერთდენ, მრავალი ბოროტი გუეწიოს ჩუენ მათ მიერ, და ეცადე, რომე დადიანი არ შეეყაროს გურიელსა", რამეთუ მაშინ იდგა დადიანი თუალსა რიონისასა.

და ვითარცა მივიდა ვახტანგ საჯავახოს, მიუმცნო დადიანსა, ვითარმედ: "შენცა უწყი, ვითარცა მე ფიცი ვარ შენი და არა-რას დაგიფარავ. ესე უწყოდე, რამეთუ ძმამან ჩემმან ბაგრატ და გურიელმან შეთქმულება ყვეს შენ ზედა; და თუ მოხვალ გურიას, ღალატი ნებავსთ შენი. მაშინ სცნეს რა ესე მეგრელთა მოშიშართა, არღარა ინებეს წამოსლვა გურიას, და მივიდა ვახტანგ როსტომ გურიელთანა ბათომს.

ხოლო ვინათგან არღარა მოვიდა დადიანი, ვერღარა შეუძლო გურიელმან ბრძოლად ოსმალთა, და ვერცაღა განვიდეს გაღმა, რამეთუ არა აქუნდათ ნავები. მაშინ ოსმალნი უფროსღა განძლიერდეს, და აღაშენეს ციხეები. ხოლო წარმოვიდა ვახტანგ იმერეთს.

ამისა შემდგომად მიიცვალა ბაგრატ, მპყრობელი იმერეთისა, და დამარხეს გელათს. და დაიპყრა იმერეთი ძემან მისმან გიორგი.

და ეპყრა როსტომს გურია წელსა ი~ბ, და მიიცვალა იგიცა, და დაეფლა შემოქმედს. და ესხნეს ძენი სამნი, და უხუცესსა ეწოდა გიორგი და ესე დასუეს გურიელად. ხოლო ესუა ასული როსტომ გურიელისა ძესა დადიანისასა ცოლად. და შემდგომად სიკუდილისა მისისა განუტევთ ქალი იგი ძემან დადიანისმან და ქმნა დიდი ბოროტი, რამეთუ ბიძასა თჳსსა წაართუა ცოლი და თჳთ შეირთო ცოლად.

და გამოჴდა ხანი რამე და კუალად ერთობა ყვეს გიორგი გურიელმან და დადიანმან ლეონ. და შეირთო გურიელმან ასული დადიანისა ცოლად, და შემდგომად მცირედისა მანცა განუტევა ასული დადიანისა, და იძია შური.

სცნა რა ესე გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მაშინ ეზრახა გურიელსა და ყვეს ერთობა. რამეთუ ჰყვა მას სძალი ქურივი, და მისცა იგი ცოლად გურიელსა გიორგის შურად დადიანისა, და იწყეს მტერობად დადიანისა. და ვერღარა შეუძლო წინააღდგომა მათი დადიანმან, და მეოტად წარვიდა სტამბოლს, და მოაჯე ექმნა ხვანთქარსა და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ მოსცა ხვანთქარმა სიმრავლენი სპათანი აზრუმელნი და ტრაპიზონელნი, წარმოვიდეს და მოიწივნეს სატყეპელას.

ხოლო გურიელმან ვერღარა უძლო წინაგანწყობა მათი სიმრავლისაგან სპათასა. მაშინ წარავლინა მოციქული ხუეწნად დადიანსა, და მისცა სისხლი განტევებისათჳს ასულისა მისისა, ფლური ათასი, და შერიგდენ დადიანი და გურიელი.

ხოლო გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მოაწვია სახლსა თჳსსა ჯავახ ჭილაძე და ღალატითა მოკლა იგი. მაშინ იწყინა საქმე ესე გურიელმან და დადიანმან, და მივიდეს და დაიპყრეს საჯავახო და განიყვეს: ნახევარი დადიანმან დაიპყრა და ნახევარი გურიელმან. ამისა შემდგომად წარვიდა დადიანი ნადირობად, და ჯაიანმან შეაძგერა ცხენი და მოკლა დადიანი, და დასუეს ძე მისი უხუცესი გიორგი დადიანად.

მაშინ გურიელმან გიორგი გარდიბირა უმრწემესი ძმა მისი მამია, ესე მოიყვანა გურიას და შერთო გურიელმან დაჲ თჳსი ცოლად მამიას, ძესა დადიანისასა. ხოლო ულაშქრა გურიელმან, წარვიდა ლაშქრითა და მივიდა ზუგდიდს, და მუნ შემოება დადიანი და გაემარჯუა გურიელსა და წარიოტეს დადიანი, და დასუა დადიანად მამია,

და წარვიდა გურიელი სახიდ თჳსად. მაშინ დადიანმან გიორგი შემოიყარნა სპანი აფხაზთანი და წარმოემართა. და კუალად მოუვიდეს ჯიქნიცა შეწევნად და ჩერქეზნიცა. მაშინ ათხოვა გურიელმან ჯარი დადიანსა მამიას. და ეწყვნენ ურთიერთას.კუალად გაემარჯუა მამიას, და ივლტოდა გიორგი დადიანი.

ხოლო დადიანი გიორგი მოაჯე ექმნა მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის. მაშინ აღუთქუა შეწევნა მპყრობელმან იმერეთისამან, რამეთუ ჟამსა ამას ესუა ცოლად გიორგის, მპყრობელსა იმერეთისასა, ასული ჩერქეზის ბატონისა. და კუალად ჰყვანდა გურიელსაცა მეორე დაჲ მისი ცოლად, და კუალად მესამე დაჲ ამათი იყო გაუთხოვარი სახლსა შინა იმერეთის მპყრობელის გიორგისასა, რომელი აღეზარდა მათ. და ესე უმცირესი ასული ჩერქეზის ბატონისა სთხოვა დადიანმან გიორგი მპყრობელსა იმერეთისასა. მაშინ აუწყა საქმე ესე გურიელსა და მან ესრეთ უპასუხა: "ვინათგან დადიანსა ნებავს გაერთება ჩუენი, მომცეს საუპატიო და სისხლი დისა ჩემისა განტევებისათჳს, ვითარცა მე მივეც სისხლი განსატევებელად დისა მაგისისა, და იყოს მშჳდობა ჩუენ ყოველთა შორის. და იქმნას დადიანი მოყუარე და ქვისლი თქუენი და ჩემი". მაშინ დაურთო ნება და აღუთქუა მიცემა სისხლისა გურიელსა დადიანმან. ხოლო არა აქუნდა თეთრი, და მისცა გირაოდ ხოფი; რომელიცა სისხლი გურიელს მიეცა, ეგეოდენისა მიცემა აღუთქუა; და ამის გირაოი დაუდვა ხოფი. და მაშინ მისცეს ასული იგი ჩერქეზის ბატონისა და გაერთდენ სამნივე.

ხოლო სცნა რა საქმე ესე მამია დადიანმან, იგიცა ლმობიერ იქმნა უხუცესობისათჳს ძმისა თჳსისა, დაურთო ნება და დაანება დადიანობა. მაშინ მამია დადიანს მისცეს სარჩოდ ლომკაცის ჭილაძისეული და რევანოზისეული, და ესრეთ შეითჳსნეს ურთიერთას და იქენა მშჳდობა სამთავე საბატონოთა შინა. ხოლო სცნა რა ესე დათულიამ, ბიძამან დადიანის გიორგისამან, შემოიყარა საჯავხოელნი და წარვიდა საღალატოდ დადიანის გიორგისა. აგრძნა საქმე ესე დადიანმან, და ვერღარა უღალატა, და წარვიდა საჯავახოს დათულია. ხოლო დადიანმან და მპყრობელმან იმერეთისამან შეუთუალა გურიელსა და აუწყა ღალატი დადიანისა, და მიუმცნეს ესრეთ: საჯავახო" შენთჳს დაგჳნებებია და დათულიას უღალატეო".

ხოლო გურიელმან უღალატა და შეიპყრა დათულია, და დაატყუევა უზურგეთს, და თჳთ დაიპყრა საჯავასო. მაშინ შეუთუალეს გურიელს სიკუდილი დათულიასი, და გურიელმან არ მოკლა, ესრეთ შეუთუალა: "შენის სახლის კაცს მე არ მოვკლავო, შენ მოკალო". და მერმე ამათ გაგზავნეს კაცი, და მოაშთვეს იგი. ამის შემდგომად მოკუდა დადიანი გიორგი, და კუალად დაიპყრა მამიამ დადიანობა. ხოლო დაშთა დადიანს ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. მაშინ განირისხა ღმერთი მამია დადიანმან, წაართუა დედასა მისსა, და წარმოიყვანა ყრმა იგი, და შხეფის ციხეში დაატყუევა, და იყო ყრმა იგი გამოუცდელი, და ვერ გაუძლო ტყუეობასა, შეწუხდა ყრმა იგი განშორებისათჳს დედისა თჳსისა, და გარდმოიგდო თავი თჳსი ციხისა მისგან და ესრეთ აღესრულა იგი.

ხოლო ჟამსა მას შინა შეითქუნეს მეფე ქართლისა ლუარსაბ, მპყრობელი კახეთისა ლეონ და ათაბაგი ქაიხოსრო. ამათ შეკრეს პირობა, და დაუწყეს რბევა და ოჴრება ქუეყანასა ყიზილბაშისასა ადარბადაგანსა. მაშინ განუდგა შაჰ-თამაზს მპყრობელი შირვანისა ასანბეგის შვილი დავრიშ მაჰმად მაშინ შაჰ-თამაზ შემოიყარა სიმრავლენი სპათანი, წარმოვიდა და წამსავე მოიწია ყარაბაღს. მაშინ წარავლინა კაცი და შეუთუალა ლევანს, მპყრობელსა კახეთისასა, და გარდამოიბირა იგი. და მივიდა ლევანშაჰ-თამაზთან. და იყო განდგომილ დავრიშ მაჰმად, ძე ასანბეგისა, რამეთუ ჟამსა მას ოდეს ეპყრა შაჰ-ისმაილს შაქისი, მას ჟამსა მიუჴდა ბატონი ლევან ასანბეგს, და იავარჰყო შაქისი, და მოკლა ასანბეგ. ამისა შემდგომად მოიყვანეს ძე მისი დავრიშ მაჰმად, და გააბატონეს შაქელთა, და მტერ იყვნეს ურთიერთას დავრიშ მაჰმად და ბატონი ლევან.

ხოლო შაჰ-თამაზ გაუძახა ლაშქარი თჳსი შირვანსა ზედა, მაშინ დავრიშ მაჰმადი შეიყარა სპა თჳსი, დაესხა თავსა, და მოსრა მრავალი ჯარი შაჰ-თამაზიც და გამოაქცინა იგინი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფმვ.

ხოლო შაჰ-თამაზ აღიყარა სპითა ურიცხჳთა, და წარვიდა შირვანს, და მისწერა შაჰ-თამაზ წიგნი დავრიშ მაჰმადს მისლვად მის თანა, და აღუთქუა არა მოჴსენებად ძჳრსა, არამედ მინიჭებად მრავლისა პატივისა. ხოლო მან არა ისმინა მისი, და უფროსად განამაგრა ციხეები, და ეგო სიმტკიცესა ზედა.

მაშინ წარავლინა ბატონი ლევან სპითა მრავლითა მის ზედა. და მივიდეს რა, შაქისი მოაოჴრეს, და იავარ-ჰყვეს სრულიად შაქისი, და გარე-მოადგეს ციხესა მას, რომელსა შინა იყო დავრიშ მაჰმად. და იყო ხანსა რაოდენსამე, და ვერღარა უძლო გამაგრება, და ღამით განვიდა ციხისა მისგან. ხოლო სცნა რა ბატონმან ლევან, დევნა უყო, მიეწია და შეიბნეს, და გაემარჯუა ბატონს ლევანს, და მოკლეს დავრიშ მაჰმად, და შემოიქცა გამარჯუებული, და მოართუა თავი დავრიშ მაჰმადისა შაჰ-თამაზს. ხოლო უყო წყალობა მრავალი ბატონს ლევანს, და წარმოვიდა სახიდ თჳსად კახეთს.

მაშინ შაჰ-თამაზ წარვიდა ყარაბაღს, და შემდგომად მცირედისა წარმოემართა კუალად ტფილისსა ზედა, და ქმნა მრავალი ბოროტი, მოაოჴრა სრულიად ტფილისი და აღიღო ციხე ტფილისისა და შეაყენნა მცველნი თჳსნი და ვერა-რა ავნო მეფესა ლუარსაბს, რამეთუ ჟამსა მეფობისა მისისასა არა მორჩილ ექმნა ყიზილბაშთა, არცა ოსმალთა, და მრავალი ჭირი შეაჩუენა ორთავე, და არა დაამონა საქართველო უსჯულოთა სახარკოდ. მაშინ შაჰ-თამაზ ინება მოყურობა ქაიხოსრო ათაბაგისა, და არა ჰყვანდა ასული ათაბაგსა. მაშინ ოთარს შალიკაშვილს გამოართუა ასული, რომელი იყო მეყჳსი ათაბაგისი, და მის წილად წარუგზავნა შაჰ-თამაზს, და მან შეირთო იგი ცოლად, და დიდად საყუარელ უჩნდა ქალი იგი, და მიერითგან იყო ფრიად კეთილისმყოფელ ათაბაგისა.

სცნა რა ესე მეფემან ლუარსაბ, შეიყარა სპა თჳსი და მიუჴდა ათაბაგსა, და წარუღო თემნი და დაბანი მრავალნი, ააოჴრა და წარმოვიდა გამარჯუებული. ხოლო ათაბაგმან ქაიხოსრო მიუმცნო ესე ყოველივე შაჰ-თამაზს, რამეთუ მას ჟამსა წარმოსრულ იყო მტერობად ათაბაგისა აზრუმის ფაშა ისკანდარ, და აუწყა იგიცა შაჰ-თამაზს, ქორონიკონსა ს~მდ.

ამისა შემდგომად ხვანთქარი სულთან სულეიმან გამოვიდა, და ყაენს ჩაუდგა, კარი აღაშენა, და უკმობრუნდა, და ასიანს მოვიდა. მაშინ ყაენმან შაჰ-თამაზ შეიყარა სიმრავლენი სპათანი, და წარმოდგა, და მოვიდა არტანს. მაშინ გაგზავნა შაჰ-თამაზ ძე თჳსი მირზა ისმაილ კარს, და დაიპყრა კარი, აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და რომელნი იყვნეს ყმანი ხვანთქრისანი მოსრნა პირითა მახჳლისათა, და განსდევნნა იგინი, და თჳთ დაიპყრა კარი. ხვანთქარი წარვიდა.

ხოლო ვინცა იყვნეს განდგომილნი ათაბაგისნი, ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა, და აღიღო ციხენი და სიმაგრენი მათნი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი, და მრავალნი ხატნი და ჯუარნი, და დაამონნა ურჩნი და განდგომილნი ათაბაგისნი, და მივიდეს ომან და შერმაზან და ივჯუშ, განდგომილნი ათაბაგნი. ხოლო შაჰ-თამაზ შეიპყრა და მკვლელ ექმნა ივჯუშს და შერმაზანს, და მისიცა მამული მათი ათაბაგსა. და რაჟამს განაგო საქმე მუნებური, მაშინ უკმობრუნდა ყაენი ბოროტის-ყოფად ქართლსა ზედა სპითა ურიცხჳთა, ჩამოვლო თრიალეთი და იავარ-ჰყო. წარმოემართა საბარათიანოს ზედა და მოაოჴრა იგიცა. მაშინ მიადგა ციხესა ბირთჳსისასა და ვერა აღიღო; და აღუთქუა ნიჭი დიდძალი მეციხოვანთა და მოიბირნა იგინი, და დაანებეს ციხე. და რომელნიცა იყვნეს ბარათიანნი ციხესა მას შინა არღარა დაინდო: რომელნიმე ამოსწყჳდნა, და რომელნიმე შეიწყალნა დადააყენნა მამულსა თჳსსაზედა, სხუანი მრავალნი ტყუედ ჰყო.

მაშინ მეფემან ლუარსაბ ვერღარა შემოიკრიბა სპანი თჳსნი, რამეთუ ფრიად მოსურნე იყო წინაგანწყობად ყიზილბაშთა. და ვინათგან ჯარი არღარა ჰყვანდა, ესრეთ იყო ჩუეულება მისი მცირითა კაცითა ზედა-დაესხმოდა თარეშთა ანუ სიმაგრეთა შინა, და ესრეთ მოქმედებითა მრავალნი ყიზილბაშნი ამოსწყჳდნა.

ხოლო შაჰ-თამაზ მივიდა გორს და აღიღო ციხე წედისისა, ციხე ძალათ აღიღეს, და ვერის ციხე ნებით მოსცა ფარსადან, და უვნებელად ციხოვანნი მორჩნენ, და იქიდამ მიადგა ციხესა ატენისსა, რომელ არს თავსა საცივისასა, რამეთუ მას შინა იდევნეს დედა და დაჲ მეფისა ლუარსაბისი, და სხუანი მრავალნი ჯალაბნი თავადთანი. ამისთჳს გარედამ ყაენის ლაშქარი შემოადგა და შიგნიდამ ქართველნი დაუწყეს ერთმანეთს ცემა და ბრძოლა, და მრავალნი ყიზილბაშნი დაიჴოცნენ, და ციხის აღება გაძნელდა, ამისთჳს რომე არც სიბა მიიტანებოდა, და არც შეეთხრებოდა, და. არც სით თოფი ესროლებოდა. და თათართ ერთი ფარეში, კავთისჴეველი ბეთიაშვილი, ფარეში მეფის ლუარსაბის დიდისა, დაიჭირეს, და სიკუდილის შიშით იმან უთხრა: "თუ არ მომკლავთო, ციხეს აგაღებინებო" და ამათაც უვნებელობის ფიცი უთხრეს. და იმან ეს ამბავი უთხრა: "ჭის წყალი დალევიაო, და ჩრდილოეთისაკენ მომცრო წყალი ჩამოუდისო, და იმ წყაროს მისაპარავი გზა აქუსო, გასწავლიო და ის დაუჭირეთო. და ღონე გაუწყდებისო, და ციხეს მოგცემენო".

იმ წყლის გზა ასწავლა, ყიზილბაშო წყალი უკუ-უჭირეს, ციხოვანთ მშუელელი აღარსაით გაუჩნდათ, და უწყლოობამაც ძალი უყო, და მრავალი ყიზილბაში და ქართველნი იმ ციხის აღებაში ამოსწყდენ, და ციხე აიღეს. დედოფალი ნესტან-დარეჯან, დედა ლუარსაბისი, და დაჲ, და მრავალნი სხუანი ჯალაბნი თავადთანი [ტყუე ყვნა და წარვიდა].

ქორონიკონსა ს~მდ: მეფის ლუარსაბის დედა და დაჲ ქუეითი წარასხეს ციხითგან ზედა ველამდის, და მერმე მეაქლემეთ მისცეს, და წარიყვანეს. მეფე ლუარსაბ ხან აჩაბეთის სიმაგრეში და ხან იმერეთს იყო. მაშინ წარმოსტყუენა ციხე იგი ატენისა, დაყაენი აიყარა და ყარაბაღში წავიდა, და წარიყვანა უმრავლესნი ტყუეთანი.

ხოლო ესმა რა საქმე ესე მეფესა ლუარსაბს, მაშინ წარმოუდგა უკანა ყიზილბაშთა, და ამოსწყჳდნა მრავალნი თათარნი, და წაართუა ურიცხჳ ალაფი, და ვერღარა წაართუა დედა თჳსი.

და რა მივიდა შაჰ-თამაზ ერევანს, მაშინ სცნა დედამან მეფისა ლუარსაბისმან გაუპატიოება თავისა თჳსისა. ამისთჳსცა რომელნიმე იტყჳან: "შესუა წამალი სასიკუდინე და მოიკლა თავი თჳსი და არა შეამთხვია თავსა თჳსსა საქმე უჯერო". ხოლო რომელნიმე იტყჳან: "სასჯელითა და უპატიოებით აღესრულა".

ხოლო უკმოიქცა მეფე ლუარსაბ ფრიად მწუხარე, და წარვიდა შაჰ-თამაზცა ადგილსა თჳსსა, და დასუა ხანები ყაზახს, შამშადილოს, და დასუა სულთანი განჯას, და კუალად ეპყრა მათ ციხეცა ტფილისისა, და იყო ესე ყოველი ჴელდებული განჯას მჯდომისა სულთნისა, და ყოველნი გარემონი ყიზილბაშთანი მიუჩინა ციხესა მას ტფილისისასა, რათა არღარა იპყრას მეფემან ლუარსაბ.

ხოლო მწუხარე იყო ფრიად ესრეთ განძლიერებისათჳს უსჯულოთასა მეფე ლუარსაბ, სრულ საქართველოს მეფეთა და მებატონეთა ზედა, ძუელთა და ახალზედ ნამეტავად ნაქები იყო. თავად სარდლად, მერმე მამაცად და უხობით პურად გამცემად, სამართლის-მოქმედად და ყმა მორჩილი, ცხენოსან-ცეროსანი, უშიშარი ომში, ამაყი, ქრისტეანობის სჯულზედ მაგარი, და ურუმთა და ყიზილბაშთ ნამეტავად მისგან ეშინოდათ. და მეზობელნი ვითაც ყმანი ეგრეთ ემსახურებოდეს, და სხუათა ყმობის თქმა არა იკადრა.

ამისთჳს შაჰ-თამაზს ყაენმან ხუთჯერ ამაზედ ილაშქრა, და არას საქმით ვერც მოამშჳდა, ვერც მოკლა, ვერც დაიჭირა, და ვერც შეიხუეწა, ამისთჳს რომე ცოტას შემოებმოდა, ამოსწყუედდა და ბევრს უკუ-ეფერებოდა, და ღამით დაესხმოდა და გზებზე წაეწეოდა, და მრავალს ნავნებს იქმოდა. ხოლო რომელნიმე ზემო აღწერილ არს მოოჴრება საქართველოსი.

ვერ გაუძლო გონებამან მეფეს ლუარსაბს; ამისთჳსცა შემოიკრიბნა სპანი თჳსნი, და დაუწყო ჴდომა და რბევა, და ამოსწყჳდნა მრავალნი. და რაოდენიცა ეპყრა მათ კერძონი და ადგილნი საბარათიანო, იგი ყოველნივე წარმოართუა, და განდევნა, და დაიპყრა რაოდენიცა ეპყრა არენი და თემნი საქართველოსანი, თჳნიერ ტფილისისა ციხისა.

შავერდი სულთან, განჯის ხანი, ყაენს ამ ალაგების მცველადდაეყენებინა, და რა მეფის ლუარსაბის ლაშქრის შეყრა გაიგონა, მანცა არაზის-აქათი ლაშქარი შემოიყარა და მეფეზე წარმოვიდა.

რა ეს შეიტყო, მეფე ლუარსაბ გორითგან გარის ვარხუნას მივიდა, იქითგან შავერდი სულთან წამოვიდა და მოვიდა ქართლად. და იმ ღამეს მეფე ლუარსაბს სიზმარი ენახა. და მეორეს დილას კათალიკოზი და საქართველოს თავადნი და თავისი შვილები მოიჴმო და ასრე უთხრა: "სიზმარი ვნახეო, მართალი და ჭეშმარიტად დასაჯერიო, რომ უსაცილოდ ჩუენ გავიმარჯუებთო, და ყიზილბაშნი გაიქცევიანო, და ამ ომში მე მომკვლენო, და ჩეეს მომკვლელსაც ქართველნი მოჰკვლენო".

მაშინ ჰყვანდა მეფესა ძენი სამნი: სვიმონ, და დავით, და ვახტანგ. და მაშინ უხუცესსა შვილსა სვიმონს ჴელი მოჰკიდა და ქართველთ უბრძანა: "ჴელმწიფობა ამისთჳს მიმიცემიაო, და კიდეც ეს ღირსაო" და შვილთაც ასე უანდერძა: "უფროს ძმას დაემორჩილენითო" და ყველას უბრძანა, და ფერჴთ აკოცეს, და მეფე აკურთხეს. და ასრე ანდერძი დაუგდო: "ჩემის სიკუდილით ნუ მოიშლებითო, და ნურც ჩემის სიკუდილის ჴმას დააგდებთო. რა ყიზილბაშნი გალახოთო, მას უკან მცხეთას მიწას მიმაბარეთო. ჩემს გლოვა-ტირილს დაეჴსენითო, ქუეყნის შენახვას გაფრთხილდითო".

რა ესე სიზმარი მეფისაგან გაიგონეს, სრულ ყველანი ატირდენ და ასრე მოაჴსენეს: "რადგან მაგისთანა სიზმარი გინახავს, ამ-გზობით ნუ შევებმითო და უკუ-ვეცალნეთო". ეს სიტყუა მეფემან შორს დაიჭირა და ასე უპასუხა: "დღეს-აქამომდე ხვანთქარსა და ყაენს ზურგი არ შევაქცივე; რით იქნების, რომ ახლა ერთს ყაჯარს პირი ავარიდოო" ქართველნი დიდად ეაჯნეს, მაგრამ მეფემან ლომ-გუნებისამან ზრახვას სიკუდილი არჩია.

და რა სულთან შავერდი რაზმ-წყობით მოახლოვდა, და არა ინება მეფემან ომი მინდორსა ზედა, და ჩავიდა გარისს, და უთავა ქართველთა უხუცესი ძე თჳსი სვიმონ, და მივიდა სვიმონ სპითა თჳსითა მეწინავედ, და თჳთ მეფე უკან-კერძო მდგომარე იყო, და ახლდა თანა კათალიკოზი და ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი. რა მოვიდეს ყიზილბაშნი, მაშინ მიეტევა მათ სვიმონ და სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომი განძჳნებული, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ მოეცა ღმრთისა მიერ ძლევა ქართველთა, და მოსწყჳდნეს ურიცხუნი სპანი თათართანი, და წარიქცივნეს იგინი, და ივლტოდეს. და დევნა უყვეს უკანა მათსა და დაანქრივნეს, რამეთუ ვერღარა უძლეს ზოგად წარსლვა, არამედ დასწყჳდნეს ურთირთას; და ვიდოდეს შეცთომილნი ღელეუშენთა და ტყეთა მიმართ. და ერთ-კერძო წარივლტოდა სულთანი იგი შავერდი-ბეგ.

ხოლო მაჰმად სულთან სპითა თჳსითა შელტოლვილ იყო ტყესა შინა შეშინებული, და ვერღარა ეძლო წარსლვა დღისით. მაშინ იხილა მეფე ლუარსაბ მცირედითა კაცითა, შემოუტივა მეფესა, და განმჴნდეს ძალითა ღმრთისათა მეფე და მის თანა მყოფნიცა ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი, და იქმნეს ვითარცა ჭაბუკნი. და კუალად იქმნა ბრძოლა ძლიერი, და სძლო მეფემან, და წარიქცინნეს იგინი, და მოსწყჳდნეს მრავალნი ყიზილბაშნი.

ხოლო მეფემან იხილა მაჰმად სულთან, და არა აქუნდა ოროლი ჴელთა, რამეთუ შეემტვრია კაცსა ზედა; და განაფიცხა ტაიჭი თჳსი მეფემან, შეაძგერა ცხენსა მაჰმად სულთანისასა, და დაანარცხა მიწასა ზედა. კუალად მიეტევა სხუასა. რამეთუ ყოველივე საბრძოლველი იარაღი დაემსხვრია მეფესა და იბრძოდა ცხენითა თჳნიერ საჭურველისა. და რა მისდევდა სხუასა ყიზილბაშსა, იყო რამე თხრილი და დანახეთქი მიწისა, და შთაუვარდა ფერჴი ცხენსა მეფისასა, და წარმოექცა ცხენი მეფესა. მაშინ მოუჴდა ყიზილბაში ერთი, სახელით ზაქირ, და იქადა მახჳლი, სცა თავსა მეფისასა და სწყლა სასიკუდინედ, შეჯდა ცხენსა მეფისასა და ივლტოდა. სცნეს რა ქართველთა, დევნა უყვეს ძლიერად და მიეწივნეს, და მოკლეს იგიცა, და სულთან მაჰმად, და სპანი მისნი ყოველნივე ამოსწყჳდნეს.

მაშინ სვიმონს გამარჯუებოდა ძლიერად და სდევნიდა სულთანსა განძისასა შავერდის, და სრვიდეს სპათა ვითარცა მხალთა მდელოსათა. და აუწყეს სვიმონს საქმე ესე, და მყის შემოიქცა და მოვიდა მეფეს თანა, და მწუხარე იქმნა ფრიად და წარვიდეს. ყიზილბაშნი განჯას, და დაიპყრნა სვიმონ ალაგნი საქართველოსანი ყოველნივე.

და იცოცხლა მცირესა ხანსა დაწყლულებისა მისგან მეფემან ლუარსაბ, და მასვე წყლულებასა შინა მიიცვალა იგი, ვითარცა წმიდა მოწამე ვახტანგ და დავით მეფე. და აღიღეს წმიდა გუამი მისი და დამარხეს სამარხოსა თჳსსა მცხეთას ღ(ვ)თივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა. და იქმნა გლოვა და მწუხარება ქართველთა მიერ, ქორონიკონსა ს~მვ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფიზ. გაგრძელება წინა ნაწილი


და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილ სვიმონ. და იყო ჟამსა ამას შინა კათალიკოზი ნიკოლაოზ. მაშინ წარიყვანეს სვიმონ და აკურთხეს მეფედ მცხეთას და მცხეთით გორს მივიდა. და ქალაქი ყიზილბაშთ ეჭირა, და გარეშე კაცნი მეფეს სვიმონს ემსახურებოდენ. მაშინ დაემზახლა მეფე სვიმონ კახსა ბატონსა ლევანს. და მისცა ლევან ასული თჳსი, ნაშობი შამხლისა ქალისაგან. და წარმოიყვანა იგი მეფემან სვიმონ და ჰყვეს ქორწილი სახელოვანი და ეპყრა მტკიცედ საქართველო.

ქორონიკონსა ს~მჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ დაიჭირეს თათართა. აღიძრა მეფე სვიმონ მტერობად და შურად ყიზილბაშთა, და იკრებდა სპასა თჳსსა სვიმონ, რათა აღიღოს ციხე ტფილისისა. ესმა ესე ამბავი ნაპირის მცველს ყარაბაღის ბატონს, და იმანცა არეზის-წყალს გამოღმართი ლაშქარი შეიყარა, და ქალაქს მოსაშუელებლად წარმოვიდა.

მაშინ ესმა მეფესა სვიმონს, შემოიყარა სპანი საქართველოსანი, და ჩამოვიდა ციხედიდს, და მიუწერა ცოლის-ძმასა თჳსსა კახის ბატონის შვილს გიორგის და ითხოვა მისგან შეწევნა და წარმოვიდა გიორგი სპითა თჳსითა და შემოიყარა ციხედიდს.

მაშინ სცნეს საქმე ესე სპარსთა, შემოიყარნეს სპანი მრავალნი და წარმოემართნეს ტფილისს, რამეთუ ჟამსა მას უშენ და ოჴერ იყო კაცთაგან ხუნანი, და ღვინჭრობი, და ვაშლოვანი. მოვიდნენ და დადგნენ იაღლუზას ღამესა ერთსა, და შემოვიდეს ციხესა ტფილისისასა, რამეთუ მათ ეპყრა ციხე იგი. ჟამსა მას ქართველთ ხანდაგი გაეთხარათ, ამისთჳს რომე არამც მოპარვით ყიზილბაშნი თავს არ დაესხნენ, და ტფილისითგან წარმოვიდეს უგრძნობელად. და მიმართეს ციხედიდს.

ხოლო მეფემან წინათვე ყარაულად გამოაყენა გერმანოზის-შვილი სოფელსა შინა მუხათგუერდისასა, გარდაჴდად დღესასწაულსა აღდგომისასა, და ეგულებოდა კუალად მუნ ჩასლვად, და შეკრვად გზებისა. და ამას შინა უგრძნობელად შეუვლეს ყიზილბაშთა მუხათგუერდი. მივიდეს და, სადაცა ხანდაგი იყო, ხანდაგთან ჩამოჴდეს, და ის ხანდაგი გაასწორეს, შეუგრად დაესხნეს დღესა აღდგომისასა, აქათ ქართველთა და იქით ყიზილბაშთ რაზმი დააწყვეს. და ყიზილბაშთ მეწინავეში და ქართველთ ლაშქარში ომი და ცემა გაჴშირდა, და ქართველნი ნამეტავად თავგამომეტებით იბრძოდეს, და მრავალი ყიზილბაში მოკლეს.

და რა განჯის ხანმა ასრე თავგამომეტებით ქართველთ ომი ნახა, ყიზილბაშთ ასრე უთხრა: "გზა შორსა გუაქუსო, რომ გავიქცეთო, და ვერსად გავატანთო, უკან დაგუეწევიან და დაგუჴოცენო. მუხანათობით სიკუდილს ისევ ვამჯობინოთო, რომ ძალმიცემით ომში ამათვე შევაკუდეთო". ყველამ "ჰალა, ჰალა" დაიძახეს, და შეუტივეს ჴმალ-დაწვდილთა და იქიდამ ქართველთ წამოუშინეს. და ორგნითვე კარგად იყვნენ, მაგრამ ყიზილბაში უფრო ბევრი მოკუდა, და გაქცევასაც აპირებდენ. და კახის ჯარმან შექნა ტირილი და თავს-ცემა, რომე ბატონიშვილი გიორგი მოკლესო. ომისა აღარა ინაღვლეს რა, მკუდარი საომარით გამოიტანეს, და ომი და ბრძოლა გაუშუეს. ამაზედ ყიზილბაშთ დრო დაისცეს, მოშლილთა და მტირალთ ლაშქართ კიდევ შემოუტივეს, და ყიზილბაშთ გაიმარჯუეს, და სხუანი მრავალნი თავადნი და აზნაურნი და მსახურნი ქართლისანი უფროსღა მოსწყჳდნეს, და დარჩათ ძლევა ყიზილბაშთა, და შეიცეს ქართველნი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფო, ქორონიკონსა ს~მთ.

იმავ ღამეს შავერდი სულთან ქალაქს შევიდა, და მეფე სჳმონ თავისის ლაშქრით გორს მივიდა. და კახის ბატონის შვილი გიორგი მოკლული ლევანს მიუტანეს. შეიქმნა გლოვა და ტირილი შვილისათჳს ბატონის ლევანისა ერთობილად კახთა. და ასრევე გორს ნესტან-დარეჯან დედოფალს საყუარელის ძმის გიორგი ბატონისშვილის. მოკვლა გაუმჟღავნეს. და საქართველოს ჯარი მოვიდა, იტირეს, იგლოვეს, და საორმოცედ ბატონი დედოფალი, ქართლის თავადები ჯალაბობრივ კახეთს მამის მისატირებლად და საყუარელის ძმის სატირლად ალავერდს მივიდნენ, და ორმოცამდინ მამასთან იყო, იტირა, იგლოვა და ისევ ქართლს მოვიდა.

ამავე წელსა და ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი აშოთან მოკლეს ფხოველთა. ხოლო იყო უმრწემესი ძმა მეფისა სვიმონისი, სახელით დავით, და შემოსწყრა ძმასა თჳსსა მეფესა სვიმონს, და წარვიდა შაჰ-თამაზ ყაენის კარსა. ყაენი ყაზმინს იყო და, რა დავითის მოსვლა ჴელმწიფეს მოაჴსენეს, დიდად იამა, და სრულ ბეგლარი, ვინც კარზედ იყო, წინ მიაგება, და უფროსი-ერთი ბარათიანნი თან ახლდენ, და მისის ძმის მეფის სვიმონისაგან შემომწყრალი იყო. ამისთჳს უფრო დიდად პატივ-ცეს და შვილობის რაყამი უბოძეს. და მეჯლიშშიგან ყაენმან თჳსსა სიახლოვეს დაისუა, და ვითაც ჴელმწიფესა ქუეშ მოუფინეს, და დორი დაუდვეს, და ზედ დასუეს. და მისი თავადები მეჯლიშში დასხეს, და ალაგ-ალაგ შუაში ჩაუსხდენ. და ცოტას ხანს უკან ჰგმო ღმერთი და გათათრდა, და უწოდეს სახელად დაუთხან. და მისთანანიცა დაათათრეს და საჴელმწიფო იარაღი ყოველი რამე უბოძეს და მის თავადთა და აზნაურის შვილთა ხალათი, სახარჯო, ცხენი და იარაღი გაუკეთეს და უბოძეს. რაც ბატონ-ყმათ მიეცა, სრულ ცხრაათასის თუმნისა იყო. და ქალაქისა და სომხით-საბარათიანოს მეფობა მისცეს, და რაყამში შვილობით ჩაწერეს, და მესტუმრე თან გაატანეს, და დიდის პატივითა და მორჭმით გაისტუმრეს. და წელიწადში თჳთოს ნაპირის ხანს მეფის დავითის მცველად თავისის ლაშქრით მოუყენებდენ ქალაქის ციხეში.

მაგრამ მეფე სვიმონ არ ეჴსნებოდა, და სომხით-საბარათიანოს არბევდა, და ქალაქის აღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ აიღო. კიდევ მეფემან სვიმონ ლაშქარი შეიყარა საქართველოს ცხენოსან-ქუეითნი, და წარვიდა ბრძოლად დაუთხანისა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჲჱ. მოვიდა და დადგა დიღვამს. სცნა რა ესე დაუთხან ქალაქზე წამოსვლა სვიმონისი, იმანაც სომხით-ბარათიანნი, თათარნი და მოქალაქენი შემოიყარნა, და ძმას საომრად მიეგება. ნახა რომე მეფის სვიმონის ლაშქარი ბევრი იყო. შეება დიღომს. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე, ხოლო დაუთხანისა მოსწყდეს ორი ათასნი, სძლიეს სპათა სვიმონისთა, და წარიქციეს. დაუთხან, და მეოტი ისევ ქალაქში შემოვიდა. მაგრამ ყარამანალუს ხალიფა რომე ყიზილბაშის სარდალი იყო, ჭკუა-ნაკლები და ამაყი კაცი იყო, მეფეს დავითს არ დაუჯერა, და სამარტოოდ სახელს ეძებდა, მეფეს სვიმონს შეება, და ძალმიცემით და თავგამომეტებით ძალზედ იბრძოდა, და ბევრი ნავნებიცა ქმნა, მაგრამ თჳითანაც მოკლეს და ჯარიც ამოუწყჳტეს.

ეს ამბავი დავით მეფემან ყაენს მისწერა, და ლაშქარი სთხოვა, და ყაენის ბრძანება იქმნა, და ასან-ბეგჰ ყარამანლუ სარდლად უჩინეს, და დიდის ლაშქრით მეფეს დავითს. მოაშუელეს; დავით მეფემანც თავისი ლაშქარი შეიყარა და მეფეს სვიმონზე გაილაშქრა.

მეფე სვიმონ დიღომს იდგა, და შეიბნენ, ქორონიკონსა ს~ნე. იქმნა ბრძოლაძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე, ხოლო დაუთხანისა მოსწყჳდნეს ორი წილი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა სვიმონს და წარიქციეს. დაუთხნა მეოტი, და შევიდეს ციხესატფილისისასა მხოლოდ, და სპანი მისნი რომელნიმე მოსრნეს და რომელნიმე დაიპყრნეს. მაშინ მოადგა მეფე სვიმონ ციხესა ტფილისისასა, და ეგონა მოქალაქენი მომივლენო. ყაენის შიშით მოქალაქენი არ მოუვიდნენ, და ცოლშვილი იმათაც ციხეში შეასხეს, და ციხიდამ შექმნეს ბრძოლა და თოფთა და ზარბაზანთა სროლა, და აღარც ბარათიანნი მოვიდნენ, და ციხიდაღმეც კაცნი დაუჴოცნეს, და იდგნენ ჟამსა რაოდენსამე, და შეაწუხნეს ფრიად.

ხოლო წარავლინეს კაცი, და აუწყა ამირსპასალარსა შაჰ-თამაზისსა უსეინ-ბეგს. შაწუხება თჳსი დაუთხან და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ წარმოვიდა უსეინ-ბეგ სპითა ურიცხჳთა და ღამე შემოვიდა ციხესა შინა ტფილისისასა. და ვერა სცნა მეფემან სვიმონ მოსვლა მისი და წარვიდა სამადლოს. ამას ზედა მოიცა ძალი და განლაღნა დაუთხან, განვიდა ციხით და მივიდა სამადლოს.

ქორონიკონსა ს~ნვ: ეწყვნეს მეფე სვიმონ და დაუთხან ურთიერთას, შეიქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ განლომნეს მეფე სვიმონ და სპანი ქართველთანი, და მოსცა ღმერთმან ძლევა მეფესა და ქართველთა. კუალად წარიქციეს დაუთხან, და ყიზილბაშნი მრავალნი ამოსწყჳდნეს და უმრავლესნი დაიპყრნეს და დევნა უყვეს. მაშინ ლტოლვილნი შეიხუეწნეს ციხესა შინა ტფილისისასა, და მივიდა მეფე სვიმონ, და ადგა ციხესა მას ჟამ რაოდენმე და ვერა აიღეს; და წარვიდა გამარჯუებული და აღვსილი საშოვრითა მრავლითა.

ხოლო დაუთხან აუწყა საქმე ესე შაჰ-თამაზს, და მოაჯე ექმნა კუალად შეწევნად. მაშინ მოუმცნო შაჰ-თამაზ შამხალსა, რომელსა ეწოდა ჩერქეზ, და სულთანსა შაქისასა, და ყარაბაღელთა, და გარემოთა ყოველთა ყიზილბაშთა, რათა შემწე ეყონ დაუთხანსა.

ხოლო შეიყარა სპანი ურიცხუნი, და მოვიდეს საზღვართა ქართლისათა. მაშინ წარვიდა ყორღანაშვილი კახაბერი და წინა-მიეგება მათ განჯას, რამეთუ ფრიად ეშიშოდეს ყიზილბაშთა მოსლვად საქართველოსა შინა. ხოლო ამან ყორღანაშვილმან იტვირთა სისხლი მათი და წინამძღუარ ექმნა მათ, რამეთუ ვერ ძალ-ედვათ თჳნიერ მისსა შემოსვლა საქართველოსა შინა.

მაშინ შემოიყარა მეფემან სვიმონ სპანი საქართველოსანი და მივიდა ფარცხისს, რამეთუ მუნ მდგომარე იყვნეს ყიზილბაშნი, და იყვნეს ათგზის უმრავლეს ქართველთა. მაშინ მიეტევნეს ქართველნი გულითა სრულითა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიდრიკნეს ყიზილბაშნი პირველსავე კუეთებასა ზედა. და განმჴნდეს სპანი ქართველთანი მათ ზედა, სრვიდეს და იპყრობდეს.

ამას შინა მოუჴდა მეფე სვიმონ ერთსა ჭურვილსა ყიზილბაშსა, სცა ძლიერად ოროლითა და დაანარცხა მიწასა ზედა, და მოკლა იგი. და კუალად სილაღით მიეტევა სხუათა, და განშორდა სპათა თჳსთა მაშინ იცნა იგი ყორღანაშვილმან და უთხრა ყიზილბაშთა: "ესე არს მეფე სვიმონო" ხოლო მათ მიმართეს, და შემოერტყნეს გარე, და სიმრავლითა მათითა შეიპყრეს მეფე სვიმონ, ქორონიკონსა ს~ნზ, და ვერა სცნეს ქართველთა შეპყრობა მისი. ამისა შემდგომად ჰქმნეს სახელი დიდი და იბრძოლეს, და მოსრნეს მრავალნი ყიზილბაშნი. და ვითარა სცნეს შეპყრობა მეფისა, დამაშურალნი ფრიად სიფიცხლისაგან ომთასა, იარაღი არღარა აქუნდათ, ყოველივე შეემუსრათ. მაშინ უკუმოეცალნეს ქართველნი, და წარიყვანეს მეფე სვიმონ და მიიყვანეს დაჭერილი ტფილისის ქალაქს, და დიდის პატივით ყაენთან გაისტუმრეს ყაზვინს. შაჰ-თამაზ ყაენთან. ხოლო ყაენმან დიდად პატივ-სცა და მისცა საბოძვარი მრავალი, და აიძულეს დატევებად სჯულისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა უსმინა მათ, არამედ მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ამისთჳსცა განრისხდა ყაენი, და წარავლინეს იგი, და ტყუე ჰყვეს ციხესა შინა ალამუტისასა.

ქორონიკონსა ს~ჲა: პატრონი ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნ~ა თებერვალს ი~გ გათავდებოდა მიიცვალა ყაზმინს ენკენისთუეს კ~თ, დღესა სამშაბათსა, მეცხრესა ჟამსა, მთოვარეს ბ~.

ამასვე ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ შირაზს გაგზავნეს ყაზმინიდამა ღჳნობისთუეს კ~ბ, დღესა ხუთშაბათსა.

ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა კახი ბატონი ლევან ქრისტეს აქეთ ჩ~ფოე, ქორონიკონსა ს~ჲგ, და დაჯდა მის წილად პირმშო ძე მისი ალექსანდრე და მან დაიპყრა კახეთი.

ესე ალექსანდრე იეო ნაშობი გურიელის აულისა, ხოლო ელიმირზონ და ხოსრომირზა-ნაშობი შამხლის ასულისაგან, პირველ მეფობასა ლევანისასა. ესენი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა დედითაც გამო იყვნენ მეფის სვიმონის ცოლისა, და სამშობლოდ ჰყვანდათ შამხალი, და ამ ორის გზითა და ზურგით უფროს ძმას არა თავს უდებდენ, სძულობდენ.

და შემდგომად ლევანის სიკუდილისა განიყვნეს კახნი: რომელნიმე მიერთნენ ალექსანდრეს და რომელნიმე ელიმირზონს და ხოსრო-მირზას. და არს ჩუეულება ესე კახთა ძუელითგან, და იქმნა შური დიდი ძმათა შორის. მაშინ წარვიდეს ელიმირზონ და ხოსრო-მირზა და მივიდეს თორღას. ხოლო ალექსანდრემ შემოიყარა თჳსნი კერძნი კახნი და წარვიდა მათ ზედა. და ვითარცა მივიდა, ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა, და მოიკლა ომსა მას შინა ორნივე ძმანი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა, და ძმისწულნი, და დაიპყრა სრულიად კახეთი ალექსანდრემ.

ხოლო დაუთხანს ეპყრა ტფილისი და საბარათიანო, და იჯდა დმანის-ჴევს ციხესა შინა. და ცოლი მეფისა სვიმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან იყო კავთისჴევს, და ჰყვა ძე ერთი მცირე, რომელსა ეწოდა გიორგი. და ოდეს დაიდასტურეს ქსნის ერისთავმან და ამილახორმან ტყუეობა მეფისა სვიმონისა და სიკუდილი ცოლის ძმებისა მისისა, კახის ბატონის შვილებისა, მაშინ განირისხეს ღმერთი. სძლია ანგარებამან და ვეცხლის-მოყუარებამან, შეესივნეს დედოფალსა ნესტან-დარეჯანს და იავარ-ყვეს საუნჯენი მისნი, და წარიღეს ყოველივე, რაცა აქუნდათ, მეფისა სვიმონისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა, და მიმოაქუნდათ ყოველთავე დიდთა და მცირედთა, რამეთუ იტყოდეს სიტყუასა ამას ერთგულნი ყმანი მეფისანი, რომელსა აწცა იტყჳან ანდაზად, და არს სიტყუა ესე მაშინ თქმული: "ვაჰმე, ბატონის სვიმონის საქონელო" და წარიღეს ყოველივე საუნჯენი მეფისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა.

და იყო ჟამსა ამას ამირსპასალარი საბარათიანოსა ბარათასშვილი საჩინო, კაცი ფრიად კეთილი, და ესე არა მორჩილებდა დაუთხანს, რამეთუ იყო ერთგული მეფისა სვიმონისა. დღესა ერთსა მოვიდოდა იგი კოჭრის-კერძოდ და, ვითარცა მივიდა თავსა გელიყარისასა, შეემთხვია მუნ წინ ყორღანაშვილი კახაბერი, რომელი მოუძღუა ყიზილბაშთა, ოდეს შეიპყრეს მეფე სვიმონ. ხოლო იცნა საჩინო ბარათაშვილმან კახაბერი იგი ყორღანაშვილი, შეიპყრა იგი და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა, და მიგორევდა ყორღანაშვილი და იტყოდა თჳთვე ლექსსა ამას:

ყორღანას-ძე" ქარაფიდანა, ხელი ჰკრეს და გარდაფრინდა".

ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესუა ცოლად ასული ამილახორისა თინათინ. და ესხნეს ალექსანდრეს ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე და როსტომ; და ჰყვა ასული ერთი ნესტან, რომელსა ეწოდა დარეჯან. და ესე ნესტან-დარეჯან მიათხოვა დადიანს მანუჩარს, ძესა მამია დადიანისასა, და წარგზავნა ზითვითა დიდითა.

ხოლო ძე მისი ერეკლე ურჩ ექმნა მამასა თჳსსა ალექსანდრეს, და წარვიდა სტამბოლს. მაშინ მიესმა შაჰ-თამაზს, განრისხნა და წარმოემართა, რამეთუ ჰგონებდა განდგომილებასა ალექსანდრესსა, და მოვიდა სპითა ურიცხჳთა ყარაბაღს. და შეწუხნა ფრიად ალექსანდრე. მაშინ სახლთხუცესმან ჩოლაყაშვილმან მოიპოვა ღონე რაჲმე და რქუა ალექსანდრეს და კახთა: "უკეთუ იქმნას საქმესა მას ზედა სიმრავლე ცოდვისა, იყავნ ზოგად ყოველთათჳს, და მე განვარინო კახეთი რისხვისაგან შაჰ-თამაზისა". ხოლო მისცეს ყოველთავე დიდებულთა კახეთისათა ჴელითწერილი.

ხოლო ჟამსა მას გარდაცვალებულ იყო ქაიხოსრო ათაბაგი, და იპყრობდა ძე მისი მცირე მანუჩარ. მაშინ წინააღრჩევითა ჩოლაყასშვილის სახლთხუცისათა წარავლინეს კაცი და მიუწერეს დედისიმედსა, ცოლსა ქაიხოსრო ათაბაგისსა, ესრეთ, ვითარმედ: შალიკაშვილს" ვარაზს ნებავს ღალატი შენთჳს და ძისა შენისა მანუჩარისთჳს, რამეთუ მაგას ნებავს დაპყრობა საათაბაგოსი, და მოჰყავს ყაენი სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა. და აწ, უკეთუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარცა ორგული და მკვლელი ძისა შენისა, და არღარა მოვალს შაჰ-თამაზ და წარვალს სახიდ თჳსად, და უმეტესად მტკიცედ იპყრობ ქუეყანასა მაგას".

ხოლო ესე დედისიმედი იყო ჭკუით სულელი და უღ(ვ)თო. ვითარცა ესმა საქმე ესე, ვერ გულისჴმა ჰყო მზაკუარება იგი კახთა, და სარწმუნო-ქმნილმან სიტყუასა ამას ზედა შეიპყრა ღალატად შალიკაშვილი ვარაზა და მოკლა იგი, და დასთხია სისხლი უბრალო, რამეთუ ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგუარად ერთგული და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზისა.

ხოლო ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი ვარაზისი, განრისხნა ფრიად. მაშინ არღარა მოვიდა კახეთსა ზედა, არამედ მივიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყჳდა სრულიად სამცხე-საათაბაგო და ქმნა მრავალი. ბოროტი, და წარავლინა კაცი ხვანთქართანა, და ინებეს მშჳდობისა ყოფა ურთიერთას, და განიყვეს ქუეყანა ჟამსა მას და შერიგდენ.

მაშინ დარჩა წილად ხვანთქარსა იმერეთი, ოდიში, გურია და საათაბაგო ქართლისა საზღვრამდე; დარჩა კარი საზღვრამდე აბოცისა და ერევანისა და სომხითი საზღვრამდე, რომელსა აწ თურქისტანად უწოდენ, ვიდრე ბაღდადადმდე.

ხოლო შაჰ-თამაზ დაიპყრა ქართლი, კახეთი, ერევანი, ქურთისტანს-აქათი, და მიერითგან იყო ურთიერთას შორის ერთობა და მშჳდობა ვითარცა ერთგულნი მოსავნი მაჰმადისანი. ხოლო ბატონმან ალექსანდრე წარავლინა ძე თჳსი კოსტანტინე შაჰ-თამაზისა თანა, და წარატანა ძღუენი მრავალი და მოაჯე ექმნა ფრიად, და მიუმცნო ურჩება ძისა თჳსისა ერეკლესი, რომელ "ურჩებითა ჩემითა წარვიდა ხვანთქართანა". მაშინ უსმინა შაჰ-თამაზ აჰა ბატონის ალექსანდრესი, და წარვიდა სამყოფსა თჳსსა, და თანა წარიყვანა კოსტანტინე ყრმა მცირე მძევლისა მსგავსად.

შემდგომად ამისა გარდაჴდა მცირე რამე ხანი.

ქორონიკონსა ს~ჲდ: მაისსა ი~ე, დღესა სამშაბათსა, ყაენი შაჰ-თამაზ მოკუდა და უსტა-ჯალუანთა და იოთამის შვილმან ალიხან-სულთან აიდარ-მირზას ბატონობა მოინდომეს. ჯარგაზმა შამხალ ავშართა და ვინცა მათი ოიმატი იყო მოუჴდენ, აიდარმირზა მოკლეს, უსტა-ჯალუანი ამოსწყჳდეს და ისმეილ-მირზას გამოსაყვანად კაცი გაგზავნეს.

ამავე ქორონიკონსა და ამავე მაისსა ოცდაორსა შაჰ-თამაზის შვილი შაჰ-ისმაილი ტყუედ იჯდა ციხესა ყალყაას დაგამოიყვანეს დღესა სამშაბათსა. და ამავე მაისსა კ~ვ არდაველს ქალაქში მოვიდა და კ~ჱ ყაზმინისაკენ წავიდა.

და დასუეს ყაენად შაჰ-ისმაილ, და მეფე სვიმონ ალამუტის ციხითგან გამოიყვანა, ყაზმინს მოაყვანინა, და საქართველოს ბატონობა მისცა, და მრავალი სხუა წყალობა დამართა, საჴელმწიფო მორთულობა ყოვლის ქარხნებისაგან გაურიგა.

რა ეს ამბავი ტფილისის ქალაქს მჯდომს მეფეს დავითს მოუვიდა, იწყინა და ხვანთქართან ჩაფარი გაგზავნა, და ლაშქარი სთხოვა.

ამავე წელს ივნისსა ათაბაგი ყუარყუარე, და ძმა მათი პატრონი მანუჩარ, და ბიძაშვილი მათი, მუხრანის ბატონის არჩილის შვილი, პატრონი ერეკლე მგელციხეს წავიდეს ყაენთან ელჩის გასაგზავნელად. ავ-კარგად სამოცამდის კაცი იახლა, სამწუბთ-ღელეში დავდეგით. აცნობა ოლადის ქვაბიდამა ბედიანის-შვილმან იასონ ვარაზაშვილს კოკოლასა, და მის ძმასა ლაშქარასა, და მის ბიძას გურგაქსა.

იახლნეს თანა დიასამიძის ელიას შვილი ავთანდილ და მისი ძმა შერმაზან, ამატაკის შვილის როსტომის შვილი ამატაკ და აბდუყაფარ, და მათი ძმისწული როსტომ, და ამატაკის ვაჟი სეხნიაი ესენი დაეკაზმნეს ხუთასამდი კაცი და წამოვიდეს, და ორთვალთ-ჴიდს გამოვიდეს, ბორგს მივიდეს.

იქ ფანასკერტელი იობის შვილი ჯირასონ გუერდს იახლა, საუბარს შეესწრა კაცსა: "თუ გულმართლა ბატონებზე თავ-დასასხმელად და დასაჴოცლად მიდიანო". იარა და აცნობა უგუბოს დოლენჯის-შვილს ყანდურალის: "თუ გულმართლა ბატონის. შვილებს დაჴოცენ, ფიცხლა აცნობეო". წარმოვიდა ყანდურალი და აცნობა ბატონებსა; ქათამს ეყივლა. ადგეს ბატონები და, ვინც იყო, დაეკაზმნეს, ოცამდი შეკაზმული კაცი იყო, ბარგი აჰკიდეს, დიდხანს იქივ იბრუნეს და არ მოვიდეს. უკმოიგეს ოჴერათ თავს სიმაგრესა. ივნისს ლ~, შაბათს დღეს, განთიად, დაესხნეს ნასადგომევსა, სხუა აღარა დახუდათ-რა, თუხარლიანთ კარავი და ბარგი დახუდა და ის დაიფორაქეს; ჯორები კიდევ მოსცეს ჩუენი და მათი კაცი გარდაიკიდნეს ერთი მოკლეს და ერთი ჴელთ დაიჭირეს ჩუენთა, წავიდეს გაწბილებულნი, ეკუეხათ: "თუ არ გაგუსწრებოდეს, თავებს დავსჭრიდით და მკუდარს ასო-ასო ავიქმოდით; და ეს გუექნა თუ, მარტვილებსაც არ გაუშვებდით ცოცხალსა".

დავარდა ჴმა, დაიწყო ჩუენმან ლაშქარმან მოდენა, გაემართნეს პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ და ერეკლე სახელსა ზედა ღმრთისასა, და მივედიო ზედა თმოგუს, და თმოგჳს ქალაქი მოვარბიეთ და იქვე ზედა თმოგუს ამოვედით. და პატრონი დედა მათი დედისიმედ-ყოფილი დებორა იქ მოვიდა. და ორშაბათს ვანის ქუაბს მოვადეგით, და ოთხშაბათს იერიშით აღვიღევით, და პარასკევს დღეს ავიყარენით, ჩაუდეგით, რჩეულიან[ნ]ი შემოვიწყვენით, კვირას დღეს ოლადის ქუაბი ავიღევით, ამოვედით, კარწახს დავდეგით ივლისსა ი~თ, დღესა ხუთშაბათსა.

ქორონიკონსა ს~ჲდ: ერეკლე შევკაზმეთ, მუხრანის ბატონის. არჩილის შვილი, წლისა ი~ვ, სამის თჳსა და სამის კჳრისა. მიუჴედით ფოსოს, სახლი დავწვით და ამოვწყჳდეთ. გაუძახეთ ლაშქარი, დარღუეულთ ხიზანი და ალამი გამოვიღეთ, და მოვედით და პალაკაციოს დავდეგით. იქიდამა თეთრ-ციხის გარეშემო დავწვით ალაბუტი და კამროანი. ყაენთან ელჩი გავგზავნეთ, და ამავე თუესა, ივლისსა კ~, დღესა შაბათსა, შალიკაშვილის ზემბადის შვილმან მათივ ნაქონები ოლთის ციხე წაართუა, ჩუენ თათარნი შუა შემოვიდეს, გამოუდეგით, წამოვედით მგელციხეს შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით, და მერმე აწყუერს წავედით.

ამავე ქორონიკონსა, აგვისტოს ოცდათერთმეტსა, ვარნეთის ციხეს უღალატეს მგელციხიდამ, და ენკენისთუეს ოთხსა დიასამიძემან დემოთის საღალატოი აზნაურისშვილები და მსახურები გაგზავნა, და ვეღარ უღალატეს. და ჩვიდმეტი ჴელთ დარჩა აჯარს შალვაშვილს, ციხისთავსა. პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძასშვილი, მგელციხეს იყვნეს და შალიკაიანთ აზნაურშვილებს თავს დაესხნეს აზნაურშვილები გარდაეხუეწნეს. ერეკლე მოეწია, კაცი ჩამოაგდო, და კარგი ცხენი დარჩა, და ჩუენც მოვედით სამცხიდამა, და შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით.

ამავე ქორონიკონსა ს~ჲდ, ივანობისთუეს კ~დ, ბატონი არჩილ შირაზიდამ ყაზმინს მოსრულ იყო ცოლშვილიანად. მერმე ჩაუდეგით. ფოსო ამოვწყჳდეთ და შახთან ელჩი გავგზავნეთ, უკმოვბრუნდით, სამცხეს მოვედით.

ქორონიკონსა ს~ჲე, მარტში, მოგჳჴდა კოკოლა და აჩხიის ქუაბი წაგუართუა. წავიდა ბატონი მანუჩარ და იმავე წამს წაართუა, ერეკლე თან ახლდა. მერმე გურგაქ უკუადგა, კოკოლა თავის ძმისწულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე შემოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა და კიდევ უკუადგა ბატონს მანუჩარს. უკმობრუნდა ბატონი მანუჩარ, ჩაუდეგით კიდევ გაზაფხულზე, ვეუბნენით და არ შემოგუეწყვნენ, დაურბიეთ ფოსო. ელჩი გავისტუმრეთ და უკმოვბრუნდით.

ამასვე ქორონიკონსა: სახელსა ზედა ღმრთისასა გავილაშქრეთ, ენკენის-თჳს ნახევარს ქაჯის-ციხეს მოვადეგით. ღჳნობის-თჳს ორს გურგაქ შემოგუეწყო და ველი მოგუცა. გავბრუნდით, ურთის ციხე-საყდარი წავართვით, კოკოლას კერძად იყო, და ციხე დავაქციეთ, სიმაგრე რაც იყო დავწვით, საყდარი გაუშვით ფოსო მოვარბიეთ და ელჩი გაუშვით ყაენთან; მოვბრუნდით, მგელციხეს მოვედით, ბოსტოღანაშვილმან მატამა უხუცესი მისი ძმა მოკლა, ათამირძა ერქუა. წამოვიდა ბატონი მანუჩარ, დაიჭირა მატაი და თუალები დასწვა მას და მასთან მყოფთა ყმათა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ, მგელციხეს მოვიდა, ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ იქ დადგეს, და ბატონი დედისიმედი წამოვიდა, ახალციხეს მოვიდენ.

ქორონიკონსა ს~ჲვ გამოჩნდა კუდიანი ვარსკულავი, ოდეს მისებრი არავის უხილავს.

ესე შაჰ-ისმაილ იყო კაცი უწყალო და მსმელი სისხლისა. ამისთჳს არა ინებეს ყიზილბაშთა უფლება მისი, და ეწამებოდენ სჯულითა სცნობსა და თუესა მეექუსესა მოწამლვით მოკლეს ყიზილბაშთა შაჰ-ისმაილ ყაენი, გიორგობის-თჳს კ~გ, და მისივე ძმა შაჰ-ხუჯაბანდ გააჴელმწიფეს. ესე შაჰ-ხუდაბანდა იყო კაცი უღონო და თუალით ბრმა, და ვერა კეთილად წარმართა საქმე თჳსი წესისაებრ.

ქრისტეშობის-თჳს ოცდათერთმეტს ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ თმოგუს მოადგეს სამშაბათს დღეს იანვარს ე~, კჳრას დღეს, ქორონიკონსა ს~ჲვ, პატრონი დედისიმედი და ბატონი ბექა ყუელს მოადგეს.

ამასვე იანვარს ოთხშაბათს, თმოგჳ წაართვეს, და აქეთ იმავე დღეს ყუელი წავართვით. ოთხშაბათს, გიორგობის-თჳს ზ~, ბატონს ერეკლეს ცხენი წამოექცა, საქმე სათუოდ გაუჴდა. ასრე საძულად დასცა, უცხოფერს ფათერაკს მორჩა. ეგრეთვე მეცამეტეს დღეს წარვიდა სანადიროდ, ქარაფის ძირს იჯდა; ჩამოაგდო ქვა, დაეცა, თითის წუერი ძულითურთ მოჰკუეთა, გონჯად დალეწა, ორს თუეს ძლივ გაუმთელდა. მისთჳს. არც თმოგუს იყო და არც ყუელს.

შეიყარა კოკოლამა ყარახან, წამოვიდა თმოგუზე მოსაშუელებლად, ვეღარ მოეწრა, ციხე ორივ წაერთმევინა. ყუელიდამე თმოგუს წავიდა დედისიმედი. იქიდამ ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბია; და გურგაქს ქაჯის-ციხე გაუბარაქიანა.

ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ ახალციხეს წამოვიდეს, და ბატონი დედისიმედი თმოგუს დადგა. თმოგჳს ციხეს რაც დახირა უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა. და თუალშუენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხეების შოვნა შესთვალა, და ურუმთ აშლა აცნობა. და ურუმთ საჩქარო ჴმა დაუვარდა, პატრონი დედისიმედი ახალციხეს შვილებთან მოვიდა. პატრონმან მანუჩარ და პატრონმან ერეკლე ლაშქარი შეიყარეს, წავიდეს და ურუმთ პირს მიუდგეს. პატრონი ყუარყუარე ცოტად უგუნებოდ იყო, ის ვეღარ წავიდა, ზღუდერს ჩავედით.

ამასობაში ოთმანიანნი, რვა ათასი კაცი, თებერვალს კ~ვ ოთხშაბათს დღესა, დაესხნეს ყარასანს, გაუდრკა საილათოდ, წაუდგეს ურუმნი, და ათიოდე კაცი მოუკლეს. მობრუნდეს, გორი დაუწვეს, და იმავ ზარიშატში დადგეს. მობრუნია ყარახან, ექუსასი კაცი ახლდა, დაესხა თავსა, ამოსწყჳდნა ურუმნი, და გააქცივნა სახელსა ზედა ღმრთისასა. გაემარჯუა ყარახანს და აღივსნეს საქონლითა და იარაღითა მობრუნდა ბატონი მანუჩარ, და აწყუერს ჩამოვიდა.

ამავე ქორონიკონსა გამოვიდა ჯარი ხვანთქრისა, და დაიპყრეს თავრიზი, ერევანი, განჯა, ყარაბაღი ვიდრე სულთანიადმდე, და ყოველი ადგილი ადარბადაგანისა.

ამავე ქორონიკონსა, მაისსა კ~ა, დღესა ოთხშაბათსა, წარვიდა მუხრანის ბატონის არჩილის შვილი ერეკლე სურამს ნესტან-დარეჯან ქართლის დედოფალთანა. დედოფალი ღარიბად იყო, მისთან სამყოფლად ჩავიდა.

ამასვე ქორონიკონს მიიცვალა აფხაზეთის კათალიკოზი ევდემონ ჩხეტის-ძე.

ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფეთ-მეფის გიორგის შვილი ბაგრატ თუესა მაისსა კ~ბ. და დედა მათი შარვაშიძის ქალი დედოფალი რუსუდან მიიცვალა აგვისტოს დ~.

ამასვე ქორონიკონსა, მარიამობის-თუეს ზ~, ხუთშაბათს დღეს, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს, სამშაბათამდის ყოველთ დღეთ ომში იყვნეს, ციხოანნი გოგორისშვილი როინ და მისი ძმა ბერი მრუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყვნეს მათის ძმითა, და ღ(ვთ)ის შეწევნით უკუეყარნეს, და ციხე ჩუენვე დაგურჩა, ჩუენთა გაემარჯუა.

პარასკევს დღესა, ჱ მარიამობის-თუესა, ქაჯის-ციხე, ველი და თეთრ-ციხე წაგუართუეს ურუმთა. და ქაჯის-ციხის მეციხოვნენი სრულიად შემოეჴოცნეს. და თ~, შაბათს დილასა, ძურძანასა და წინწალს შუა აზრუმისა და ვანის ფაშა მოვიდეს, და სულთანი და ყარახან ბაზუქლუ და კიდევ მუღანლუს ბატონი იქ შეიყარნეს. მაჰმად სულთან გორაზე წამოდგა, მისი ვინც იყო გუერდს მოიყენა, და სხუა ბატონები შეებნეს ურუმთა, პირველად გაიმარჯუეს ყიზილბაშთა. და მერმე ურუმნი მოერივნეს და გაიმარჯუეს, მაჰმადი სულთან გამოიქცა, გარდაეხუეწა.

იმავ კჳრას, ათსა მარიამობის-თუესა, პატრონი მანუჩარ ქაჯის-ციხეს შეეყარა, ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხეების აღებასა ვერ მიეწრა. ამილახორის შვილი ქოიარ მიეგება არტანს და ორი ციხე მას შესძღუნა, ლალა ფაშასა, მარიამობისთჳს ორსა.

აგრევე არფაქსად ჰპირებოდა ექუსით ციხითა მას წინათ, და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღუნა, და პატრონს მანუჩარს თან მიჰყვა. იმ წამს გამოჰგუარეს, ციხეები გამოართუეს და ხახული სასანჯახოდ მისცეს.

პატრონმან მანუჩარ ი~ზ ამავე თუესა თმოგჳს ციხე მისცა ლალა ფაშასა. ახალქალაქი უწინ წაართუეს, კოკოლას მეციხოვნე იდგა და იქიდამ მისცა თმოგჳ.

გაიარეს, წავიდეს ტფილისის ქალაქზე, ი~ზ დაუთხან დაწვა და გაეცალა, ლორეს. ჩავიდა. ტფილისს ჩავიდეს ურუმნი, ფაშა დასუეს, და გორს ხანჯახი.

დაუთხან ხვანთქართან წავიდა, და იქ დიდი პატივი მიაპყრეს, ორი საფაშო სარჩოდ გაუჩინეს და თჳთან კარზედ შეინახეს; და მისნი ორნი შვილნი, ბაგრატ და ხოსროვ, მამას არ გაჰყვნენ. კახის ბატონას სიძე იყო ბატონი ბაგრატ, სიმამრისას დადგა. და უმცროსი ძმა ხოსროვ-მირზა ისიც ძმასთან დადგა, და ბოლოს ყაენის კარზე ჩავიდნენ.

როდესაც ტფილისს ფაშა დასუეს და გორს ხანჯახი, მუხრანის ბატონის შვილი პატრონი ვახტანგ, ერისთავი ელისბარ და ამილახორი ბარძიმ ერთად შეიყარნეს. ლალა ფაშამ ლაშქარი გაუძახა დედოფალსა და სრულიად ქართლსა. ესენი მივიდეს და ამათის წყალობით ლაშქარი დააბრძნეს. თემი აღარ ამოსწყდა, მათ მათი მამული მისცეს, ოთხი დღე არ დააყოფინეს და დააბრუნეს, მათს მამულმი მოვიდეს, სომხითართ ბევრი აწყინეს, ლაშქარი გამოეშუა ლალა ფაშასა. აღმოიარეს ქართლი, დაუდგეს იმერელნი წინა და მწვედ ამოსწყჳდეს. მეორედ ერეკლე დაემწყუდია შიგა ომში, პატრონის არჩილის შვილი, და მას გაემარჯუა, უცხოფერად შებმულიყო. ცხენი ქუეშ გამოეკლათ მისთჳს, თექუსმეტი მუზარადს ჰქონდა ნაკრავი ისარი, ორმოცამდი აგრევე ჯაჭუს. და ვერც ჯაჭჳდა ვერც მუზარადი ვერ გაეკუეთა, ერთი ჴრმალი ხანჯარს სცემოდა, ხაჯრის ტარი ზედ დაეჭირა. ექუსი აზნაურშვილი მძიმედ დაუჭრეს, დაუკოდეს; გამარჯუება ერეკლეს დარჩა, გამოაქციეს თათარნი, უფროსი ერთი დაჴოცეს და ამოსწყჳდეს.

ენკენის-თუეს ერთს იმერელნი შეიბნენ და გაიმარჯუეს, და ქართველნი და ერეკლე ენკენის-თუეს ი~ შეიბნეს და სრულიად ამოსწყჳდეს. ორავჟანდასშვილი მოვიდა, და ლალა ფაშასთან პატრონს მანუჩარს ის მიუძღუა; ახალქალაქიდამ ფაშა და პატრონი მანუჩარ ქართლს წავიდეს. ორავჟანდასშვილი ქაიხოსრო აქათ გამოეგზავნა.

ქორონიკონსა ს~ჲვ: ენკენის-თუეს დ~, ხუთშაბათს, ქორწილი უყავით მასთან პატრონის შვილს თამარს, და საშინელმან აწყურისა ღმრთისმშობელმან და წმიდამან ნიკოლოზ ქორწილი ბედნიერად მოუჴდინოს, ჭამა აგურიანში იყო თათართ შიშითა, დია ჩუენი უგუნებო ქორწილი იყო.

აგრევე კახი მეფე, ბატონის ლევანის შვილი პატრონი ალექსანდრე, მიეგება ლალა ფაშასა, სათის-ჭალას შეეყარა, და შაქისა და შარვანზე წავიდეს.

ამაზე შერაშანშაშვილი მოვიდა ყაენიდამა, თუალშუენიერთან იყო. ეს ამბავი მოიტანა: მანუჩარისა" ლალა ფაშასთან მისვლა შეიტყო ყაენმან, თუალშუენიერს კაცები გამოუგზავნა, სადგომი დააგდებინეს, და ყორჩიბაშს მიაბარეს. მარიამობის-თუეს კ~ვ, ორშაბათს დღესა, დაიჭირეს თუალშუენიერი". შირვანი დაიჭირეს, ციხე ააშენეს და ოსმან ფაშა შეაყენეს მისით ლაშქრითა, და შემობრუნდეს. ალექსანდრეს შვილი არაგუამდის მოჰყვა, და დაბრუნდა; ლალა ფაშა მუხრანს დადგა, გორი გაამაგრა.

და მიესმა საქმე ესე შახუდაბანდას. მაშინ დედამან შახუდაბანდასამან, ასულმან ოთარ შალიკაშვილისამან, მოიყვანა მეფე სვიმონ და, ვითარცა წესი არს ქართველთა დედათა, ეგრეთვე ყო ამან, წარმოუგზავნა ლეჩაქი: "საბურველი ესე დედათა მომიხუევია ჴრმლის შენისა ჴეტარსა ზედა, შენ იცი და ჴრმალმან შენმან. და აწ მოგჳცემია შენთჳს სამეფო შენი საქართველო და სხუაცა მრავალი საბოძვარი, წარვედ და განამაგრე საქართველო, რათა არა წარგჳღონ ოსმალთა. და იყავ თანამწე და ერთგულ საჴელმწიფოთა ჩუენთ". ხოლო მისცეს საბოძვარი ურიცხჳ, და ესრეთ წარმოემართა მეფე სვიმონ.

და მოაბით მოიყვანეს ავადმყოფი მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ ერთის შვილითა და ბევრი ტყუე თან მოიტანა. ღჳნობის-თჳს ნახევარს მოვიდა; ლალა ფაშა ქართლსავე იდგა, მოვიდეს სომხითს და დალაპარაკდეს, ავადმყოფი იყო, მისით მიზეზით ვეღარ ნახა, აიყარა ლაშქარი. ღჳნობის-თჳს ერთსა, პარასკევს დღესა, მოდენა დაიწყო, აწყუერს ვიდეგით. ორშაბათს პატრონი მანუჩარ გამოეშუა, წინათ მოვიდა. სამშაბათს პატრონი ყუარყუარე წინ მიეგება, თჳთონ ლალა ფაშაც მოვიდა, და გაღმა ლეკზე დადგა. ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდამა, და ლალა ფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო. შაბათს ცისკრისას აიყარა და წარვიდა. პატრონი ყუარყუარე თან გაჰყვა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარ თანწაჰყვა, ათს დღეს ძლივ ლაშქარი განწმდა. სამშაბათს დღეს ამბავი მოვიდა პატრონი ყუარყუარე აღარ დაბრუნდაო. წაუდგა პატრონი დედისიმედი, ჯაყამდის სდია, ვერ მიეწია; აზნაურისშვილები წაუყენა, ვეღარ დააბრუნა, ისრე დედისა და ცოლშვილის გამოუსალმებელი წავიდა. ოლთისი სასანჯახოდ მისცეს, იქივ მივიდა. პატრონი მანუჩარ მოვიდა აწყუერს.

მობრუნდა მეფე სვიმონ, გორი აიღო, ქართლში გაძლიერდა და, ვისაც დედოფალსა და ბატონის შვილს გიორგიზე უმტყუენნეს, ზოგნი მეფეს დავითს თან გაჰყვნენ ურუმში და ზოგნი იმერეთსა და კახეთს გარდაიხუეწნეს. და ქსნის ერისთვის მამული ზოგი ბატონს ნესტან-დარეჯანს დედოფალს საუპატიოდ მისცეს, და ზოგი ბატონისშვილს მისცეს. და ამილახორის კასპი სუეტს ცხოველს შეუწირეს, და აზნაურშვილნი სახასოდ დაიჭირა, და გორის მოურაობა სულხან თურმანის-ძეს მისცა.

მუხრანის ბატონი ვახტანგ, ტაძრად მიყვანების დღეს ჴელთ დაიჭირა პატრონმან სვიმონ მეფემან, და კეხვის ციხეში ტყუედ ჩააგდო. ლალა ფაშას ლაშქარი და მირზა-ალი გამოეგზავნა პატრონს მანუჩართანა, ქართლს გაეძახა, ქართლს ვერ ჩაუვიდეს, სადგერს დადგეს და ამოსწყჳდეს სადგერი, წმიდის გიორგის. განძი წაჴდა. მეორედ კიდევ სანახები გამოეგზავნა. შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუჴდა და ზემო ქართლი დაერბივა. მოუვიდა კაცი პატრონს ყუარყუარეს, ოლთისს აღარ დააყენეს, აზრუმს მიიყვანეს, შობის წინა დღეს წაიყვანეს.

მოუჴდა შაჰ-ხუდაბანდას ცოლი ბეგუმ შირვანსა, შეიბნეს, ამოსწყჳდეს ლაშქარნი, ციხე დაწვეს, დააქციეს, ხაზინა ყველა ჴელთ დარჩა. თათარხანი ჴელთ დაიჭირეს, ყაზმინს ტყუედ წაიყვანეს, მოერივნეს ყიზილბაშნი, ოსმან ფაშა დემურყაფს უკუ-რჩა. წავიდა ყაზმინს ბეგუმ. დაიჭირეს ბეგუმ გამარჯუებული ჴელთა, ისიც მოკლეს და თათარხანიცა, ყაენმან დააჴოცინა.

ყაენი შაჰ-ხუდაბანდა ცოლის სიკუდილს უკან ყიზილბაშთ დაჩაგრეს, და ადრიბეჯანი და შირვანი ურუმთ დაიჭირეს. განჯის ხანი, შაჰვერდი სულთან, კახეთს მივიდა, და ბატონს ალექსანდრეს შეეხუეწა. იმან შეხუეწილი კაცი დააჭირვინა და ხონთქარს გაუგზავნა.

ქორონიკონსა ს~ჲზ: მარტს კ~გ პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ კოსტანტინუპოლის წარვიდეს აზრუმიდამა. აპრილს კ~, ორშაბათს, გადგეს. მას-უკან მოვიდა ამბავი, ბატონი თუალშუენიერი მარიამთბის-თჳს ოცდასამს ჴელთ დაიჭირეს. ღჳნობის-თჳს ა~, ორშაბათს დღესა, ალამუტის ციხეში ტყუედ წაიყვანესო.

ჟამი შეიქმნა; მაისს ლ~ა, შაბათს საღამოსა, ხოსიტა გააცხელა საკანაფეს, პატრონის ყუარყუარეს შვილი; ღვთის შეწევნით გარდაიჴადა. ივნისს ი~თ ბატონი ბექა გააცხელა და ღვთის შეწევნით მანც გარდაიჴადა. ბევრი გააცხელა ჩუენში და არავის რა დაუზიანდა.

მეორედ მოვიდა ლაშა თაშა და კარი აღაშენა, ტფილისის ქალაქს ლაშქარი გაგზავნა, და ნუზლი შეუტანინა.

მარიამობის-თუეს კ~ვ პატრონი დედისიმედი გააცხელა ხუთშაბათს დღესა. და ორშაბათს დღესა ბერის პატრონის ბასილის ჟამით გაცხელება მოვიდა, და საფარას საბურთეზე გაეცხელებინა. იმ წამს წაბრძანდა პატრონი დედისიმედი, ორნი დედაშვილნი ერთს კარავში დაწვნეს. ენკენის-თჳს გ~ პარასკევი განთენდებოდა, ღმერთი განრისხდა, ბატონი ბასილი მიიცვალა ი~ე წლისა და კ~ბ დღისა, ღამით ჟამსა ბ~. და წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ზღუდერს ჩამოვიდა, და ღჳნობის-თუეს უსკუდარიდამ პატრონის შვილების გამოშუების მახარობელი მოუვიდა.

ამასვე ქორონიკონსა, გიორგობის-თუეს, პატრონი მანუჩარ მოვიდა კოსტანტინოპოლიდამა, ფაშობა უბოძა ხვანთქარსა და სრულად მისი მამული, ორს თუეს პატრონი ყუარყუარე თორთომს დაეყენებინა, არ გამოეშუა.

ქორონიკონს ს~ჲჱ: იანვარს ჱ პატრონი ბექა ვალიდამა გავაყენეთ. ლალა ფაშა წარსულიყო, და ბექა ოლთისს დადგომილიყო. პატრონი ყუარყუარე, ღვთის წინაც შეურცხვენელი და კაცთანაცა, ფილაჯანი დაეცა ხვანთქართანა, და ქართველობით გამოეშუა, მისის საბატონოს წყალობა ექნა, და მარტში მობრძანდა. ივანობის-თუეს ნახევარს ბექა მოიყვანეს, და თჳთან ორნივ ბატონები ლორეს წავიდეს, დაარბიეს და გამარჯუებულნი მოვიდეს. მას-უკან მეორეს წელიწადს სინან ფაშა მოვიდა, და ტფილისს წავიდა, და ორნივ თან გაჰყვეს, პატრონი ყუარყუარე თრიალეთიდამ მოებრუნებინა, იმერეთს მოციქულად გაეგზავნა, და პატრონი მანუჩარ თანა წარეტანა.

ქორონიკონსა ს~ჲჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი, მუხრანის ბატონი ვახტანგ, მიიცვალა ივანობის-თჳს დამდეგს.

ქორონიკონსა ს~ჲთ: პატრონმან მანუჩარ გჳრგჳნი იკურთხა ფებერვალს. და ბექა კოსტანტინუპოლეს წაიყვანეს.

ამავე ქორონიკონსა, მარიამობის-თჳს დ~, პატრონი არჩილ მობრძანდა აწყუერს, დიდის ხნის უნახავნი და-ძმანი შევიყარენით, ღჳნობის-თუეს წაბრძანდა.

ამავე ქორონიკონსა, გიორგობის-თჳს კ~ე, პატრონი ყუარყუარე და მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ მიიცვალა.

ხოლო მეფემან სვიმონ ყორღანაშვილის კახაბერის ცოლშვილნი და სახლეულნი ყოველნივე შთააყრევინა კლდესა მას გელიყარისასა, და იტყოდე პირველსავე მას ლექსსა. და სხუანი ნათესავნი მისნი ივლტოდეს: რომელნიმე ყიზილბაშშია და რომელნიმე საათაბაგოსა შინა.

ხოლო დაუთხანს ჰყვა ძე ერთი მეუღლისა თჳსისა თანა, რომელსა ეწოდა ბაგრატ. და შემდგომად დაუთხანის წარსლვისა არცაღა ეს დააყენეს ბიძასთან, წარიყვანეს ყაენთან. და მუნ გათათრდა. ამის ბაგრატის დედა მეყჳსი იყო, გუარით კახი ბატონის ალექსანდრესი ახლო. ხოლო ჩამოვარდა შური კახ ბატონსა და მეფეს სვიმონს შუა დაჴოცისათჳს ელიმირზონისა და ხოსრო-მირზასთჳს. და ესე ალექსანდრე უფრო მოყურობდა დაუთხანს. მიზეზისა ამისთჳს დიდად მოშურნე ექმნა კახი ბატონი ალექსანდრე მეფესა სვიმონს.

მაშინ ტფილისი და ციხე ტფილისისა ეპყრათ ურუმთა, და მეფე სვიმონ იდგა დიღომს დედოფლითურთ. ხოლო კახი ბატონი ფრიად მოშიში იყო მეფისა სვიმონის. მიერ, "ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს ამოწყუედისათჳს ცოლის ძმებისა თჳსისა": ოდეს დაჴოცა ალექსანდრე ძმანი თჳსნი, იგინი იყვნენ ცოლისძმები მეფისა სვიმონისა. ამისთჳსცა მიესმა ალექსანდრეს მცირითა კაცითა ყოფნა მისი დიღომს, შემოიყარა კახნი და წარმოემართა ღამით, და დაესხა უგრძნობელად მეფესა სვიმონს.

ხოლო მეფემან სვიმონ თჳთ მხოლომან კნინღა განარინა თავი თჳსი სიკუდილსა. მაშინ შეესია და იავარ-ჰყო საჭურჭლე და ბარგი მისი, და სირცხვილთა საფარველი დედოფლისა, დისა თჳსისა, თჳთ მანვე ალექსანდრე აიცვა წუერსა ზედა შუბისა თჳსისასა. და ქმნა მრავალი უკადრისი საქმე, და წარმოვიდა. მივიდა და დადგა მარტყოფს, [ადგილსა] რომელსა ჰქჳან ჭოტორი.

ხოლო მეფემან სვიმონ შემოიყარა სპანი ქართველთა, და წარვიდა გულითა სრულითა ალექსანდრესა ზედა. და წინათვე წარავლინა კაცი და მიუმცნო ესრეთ: "ვინათგან შენ იკადრე ეგევითარი ბოროტი, რომელი არა არს წესი მეფეთა, და მუხთლად დამესხი შეუგრად მძინარესა, და აწ უწყოდე, რამეთუ წარმოსრულ ვარ შენ ზედა ბრძოლად. და უკეთუ ხარ კაცი გამოცდილ მამაცობასა შინა, დამხუდი, რამეთუ უმჯობეს არს ომი გამოცხადებული უფროს ღალატად ნაქმარსა" მაშინ მივიდა მეფე სვიმონ და შეიბნეს, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიეცა ძლევა მეფესა სვიმონს და ქართველთა. და ივლტოდა ალექსანდრე, და შეიპყრეს კახნი თავადნი, რომელ მცირედნი ძნიად განერნეს.

და წარმოვიდა მეფე სვიმონ გამარჯუებული, და წარმოასხეს პყრობილნი კახნი დარბაისელნი, და დააფიცეს მცხეთას სუეტსა ცხოველსა ზედა. ესრეთ დააფიცეს კახნი, ვითარმედ: "ღმერთმან სამართლის მოქმედმან კახს კაცს ნურაოდეს გაუმარჯოსო ქართველს კაცს ზედაო, არცა დიდთა და არცა მცირედთაო". და ოდეს ესრეთ დააფიცეს, მაშინ მიანიჭა ყოველთავე კახთა წყალობა და ხალათები. და ესრეთ განუტევნა იგინი მშჳდობით და არღარა ემტერებოდა მიერითგან. და უკეთუმცა ენება მეფესა სვიმონს, მაშინ დაიპყრობდა სრულიად კახეთსა და ალექსანდრესაცა. ხოლო იქმნა ომი ესე ქორონიკონს ს~ჲთ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპბ.

ამისა შემდგომად გამოვიდა დიდი ამირსპასალარი ხვანთქრისა, მაჰმად ფაშა, ჩამოვლო ზემო ქართლი და აღიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი თჳსნი. და თჳთ წარმოვიდა და დაიბანაკა მუხრანს, და მუნ დახუდა მეფე სვიმონ შეყრილი. მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი, და ეკუეთნეს სპანი ქართველთანი ძლიერად, და შეიბრალა ღმერთმან, და მიეცა ძლევა ქართველთა, და გაემარჯუა მეფესა სვიმონს. ამოსწყჳდნეს მრავალნი სპანი ოსმალთანი, და შეიპყრნეს ურიცხუნი; კნინღა განერა თჳთ ფაშა, და ივლტოდა მცირედითა კაცითა, და შეიხუეწა ციხესა ტფილისისასა, ქრისტეს აქეთ 6 ჩ~ფპბ.

ხოლო მეფე სვიმონ მოვიდა დიღომს და მოაწვია მუნ ყოველნი თავადნი ქართლისანი ყალბიანადლ, და შემოკრბეს ყოველნივე დარბაისლის ცოლნი დედოფლისათანა. და აღიყარნეს დიღომიდამე, განვიდეს ტბასა ლილოსასა, და დადგნენ მუნ მას ზედა, რომელ არს გორა მაღალი, რამეთუ მუნ ახლდეს ყოველნივე დიდებულნი და მცირენი სპანი ქართველთანი, თჳთ დედოფალი და ჯალაბანი თავადთანი.

ხოლო გამოვიდა ტფილისის ციხიდამე მროწეულნი ზროხათა. მაშინ გაუძახა მეფემან სვიმონ მცირედნი სპანი თჳსნი, და წარმოიღეს მროწეული იგი. ხოლო კაცნი იგი ივლტოდეს, და გამოვიდეს ციხიდამ მრავალნი სპანი ოსმალთანი, და იყვნეს განწყობილნი მეფე და სპანიცა ქართველთანი. მსწრაფლ მიეტევნეს იგინი, ვითარცა ლომნი, და პირველსა კუეთებასა ზედა წარიქცივნეს სპანი ოსმალთანი, და მოსწყჳდნეს მრავალნი მათგანნი, და უმრავლესნი შეიპყრნეს. და უჭვრეტდეს თჳთ დედოფალი და დარბაისელთა ჯალაბნი თუალითა, და მისდევდეს ოტებულთა ოსმალთა სპანი ქართველთანი, და ვიდრე ციხისა კარამდე სრვიდეს და იპყრობდეს. და ესრეთ გამარჯუებულნი გამობრუნდეს, და მოვიდა მეფე სვიმონ სიხარულითა და ნაშოვრითა დედოფალსა თანა, და იყო შუება და განცხრომა ზოგად ყოველთა შორის.

ქორონიკონსა ს~ო: პატრონს მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა, ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს, და თემი ჩუენვე დაგვრჩა. მაშინ ყაენი განჯას მოვიდა, და პატრონს მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და პატრონს დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი.

ქორონიკონსა ს~ოა: თუალშუენიერი ორმოდამ ამოიყვანეს და ყაენთან მოიყვანეს. ამავე ქორონიკონსა, მარტს კ~დ, კჳრას დღეს ბზობას, პატრონმან მანუჩარ მეფეთმეფის პატრონის სვიმონის ქალი, პატრონი ელენე, მოიყვანა. დასასრული წინა ნაწილი


ქორონიკონსა ს~ობ: მიიცვალა ბარათასშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ, და ნებითა და ბრძანებითა ღმრთისათა კათალიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კ~, დღესა შაბათსა.

ამასვე ქორონიკონსა სარდალი ვარად ფაშა მოვიდა ახალციხეს საშენებლად, ვეღარ დადგა, წავიდა და თემი ჩუენვე დაგვრჩა.

შემდგომად მცირედისა კუალად შეიყარა სპა თჳსი და წარვიდა ლორეს, რამეთუ ოსმალთა ეპყრა იგი. და ვითარცა მივიდა, მაშინ გამოვიდა ფაშა სპითა მრავლითა, და ეწყვნეს ურთიერთას, და იქენა ბრძოლა ძლიერი. და მისცა კუალად გამარჯუება ღმერთმან მეფესა სვიმონს, და ამოსწყჳდნეს მრავალნი ოსმალნი, რიცხვით ოთხას სამოცდაცამეტნი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპვ, ქორონიკონსა ს~ოგ. და აღიღო სიმაგრენი და ქუაბები ვითარ ცხრა ლორისანი, რომელი ეპყრა ოსმალთა. და თჳთ დაიპყრა თჳნიერ ციხისა მის და იგი მხოლო ეპყრათ ოსმალთა. მაშინ მიადგა ციხესა მას ლორისასა, აპრილსა ა~, და აღიღო ივნისსა ი~.

ამასვე ქორონიკონსა ყაენმან სამცხე ამოსწყჳდა ხოლო დაიპყრა მეფემან სვიმონ სრულიად ლორე და წარმოვიდა გამარჯუებული სახიდ თჳსად.

ხოლო შემდგომად მცირედისა კუალად შეიპყრა და მივიდა ტაბაჴმელას. მაშინ სცნა რა ასან-თაშამ, იდუმალ გამოვიდა იგი ციხისაგან სპითა მრავლითა. აგრძნა ესე მეფემან და ეწყვნეს ურთიერთას. იქმნა ომი ძლიერი, და მისცა ღმერთმან გამარჯუება ქართველთა. და მაშინ მეფე სჳიმონ გალომებული მიეტევა ერთსა წარჩინებულცა ბეგსა ოსმალსა და წარიქცია იგი. და მივიდა კაცი იგი და შთაიჭრა დიდსა მას ჴევსა ტაბაჴმელისასა ცხენითურთ. და ესრეთ თქმულ არს, ვითარმედ არა მომკუდარ არს კაცი იგი, და ივლტოდეს ოსმალნი. და მოისრა მაშინ ოსმალი კაცი ვითარ ხუთასი.

ხოლო მიადგა ციხესა მას ტფილისისასა, და აღიღო გალავანი ტფილისისა, და უკან ციხე. და შემდგომად ამისა აღიღო დიდი ციხე იქით ტფილისისა და ქალაქი ტფილისისაცა და მოსრნა ყოველნივე რაოდენნიცა იყვნეს ციხესა მას შინა. და თჳთ დაიპყრა ყოველივე.

მაშინ მიესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, შეუძნდა ფრიად. და წარმოავლინნა უმრავლესნი სპანი თჳსნი; და უჩინა ამირსპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთაგანი, და მოვიდა ლორეს, და აღიღო ციხე ლორისა, და დაიპყრა ლორე. მოვიდა და დაიბანაკა ხატის სოფლისა ბოლოს.

მაშინ მეფემან სვიმონ შეჰყარა სპა თჳსი, მივიდა და დაიბანაკა ხრამის გაღმა, რამეთუ მოიპოვა ღონე რამე მეფემან სვიმონ, და მოირთო ელჩად თჳთ, და მივიდა ფაშას თანა სვიმონ მეფისა მაგიერად, და მიუთხრნა სიტყუანი ლიქნისანი, ვითა: "თქუენცა გასმიან, თუ რაოდენნი ჭირნი და პყრობილებანი და ტყუეობანი მოწევნულ არიან ყიზილბაშთა მიერ ჩემ ზედა. და აწ არღარა ძალ-მიძს ესეოდენი სისხლი და ბრძოლა ხვანთქრისა და სპათა მისთა, რამეთუ საქმე ესე არა ნებითა ჩემითა მიქმნიან, არამედ მძლავრებითა ყიზილბაშთათა. ამიერითგან არღარა მნებავს მონება ყიზილბაშთა, და აღმირჩევიეს მორჩილება ხვანთქრისა უფროს ყიზილბაშთა. და აწ, უკეთუ თქუენცა გნებავს, შევრიგდეთ და ვიყვნეთ მშჳდობით, და აუწყეთ ხვანთქარსა დამონება ჩუენი, და ამიერითგან ვიქმნებით მორჩილ ბრძანებისა მისისა".

ხოლო ვითარცა ესმა ფაშასა მას საქმე ესე, განიხარა ფრიად და მიუმცნო მეფესა სვიმონს, ვითარმედ: "კეთილად განგიზრახავს, და ჩუენცა სარწმუნოდ გვიჩნს სიტყუა შენი. აწვე გავრიგდეთ და ამიერითგან იყოს მშჳდობა და ერთობა ჩუენ შორის".

და წარმოვიდა მეფე სვიმონ სპათა თჳსთა თანა. მაშინ განიმსტრო ბანაკი იგი ოსმალთა და იხილა ყოველივე საქმე ესე, და სიმაგრე მათი, და სიმრავლე მებრძოლთა მათთა და მასვე ღამესა წარვიდა მათ ზედა: შემოვლო ხატის-სოფლის გორასა, და დაესხა თავსა ოსმალთა, და მოსწყჳდნა მრავალნი პირითა მახჳლისათა, სხუანი შეიპყრნა უმრავლესნი და გაემარჯუა ძლიერად. და იავარ-ყვეს ბარგი მათი, და წარმოიღეს საშოვარი ურიცხჳ, და მთვიდეს გამარჯუებულნი ტფილისს, და განისუენა მცირედ.

და კუალად შემოიყარნა სპანი ქართველთანი. და იყო მაშინ ათაბაგიცა მანუჩარ სიძე მისი მას თანა, წარვიდა და მიადგა ციხესა დმანისისასა, რამეთუ მაშინ ოსმალთა ძლიერად ეპყრათ დმანისი და ციხცა დმანისისა. ხოლო აღიღო ციხე და დაიპყრა დმანის-ჴევი და გარემონი ადგილნი, რომელი ეპყრათ ოსმალთა. მაშინ წარვიდა. ათაბაგი მანუჩარ და კულად იპყრა საათაბაგო. და განძლიერდა ფრიად მეფე სვიმონ. ხოლო ჟამსა ამას შინა იყო მოსუენებით მეფე და სრულიად საქართველო, რამეთუ ვერღარა უძლეს ოსმალთა მოსლვად საქართველოსა ზედა.

ქორონიკონსა ს~ოე: აქა შაჰ-ხუდაბანდის შვილი ამზაი-მირზა დალაქმა მოკლა.

აქა მაწყუერელი გაგზავნეს კოსტანტინეპოლეს, და მესაპატიონი კაცნი მძევლად მისცნეს შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორის შვილი ქოიარ. და მძევლები დაუჭირეს, და პატრონი მანუჩარ ვერღარა მიენდო.

ამავე ქორონიკონსა ახალციხე და გორი აღაშენეს ურუმთა. აგვისტოსა, დასაბამითგან წელთ შვიდათას ოთხმოცდათოთხმეტსა, მეფე სვიმონ საშუელად მოვიდა. აღარ შეაბეს, მესხთა თემი დაარბიეს და წარვიდეს.

ბევრ-რიგი მოღალატე შემოადგეს პატრონს მანუჩარს. ვეღარ დაუდგნა და ახალდაბას ცოლი წაიყვანა და წავიდა. პატრონი დედისიმედი და პატრონის ყუარყუარეს შვილი, პატრონი ქაიხოსრო, საკანაფეს ციხეში დადგეს. და დიასამიძემან ელია დემოთიას ციხეს სავალინაშვილი საღალატოდ შეიყენა. უღალატეს, ციხე წაართუეს და ბევრი საქონელი და სალარო დაიჭირეს.

და გოგორის-შვილმან ბეჟან ციხისჯუარი უკუ-იჭირა და მისცა ფაშასა. შემოგვიყენეს მოღალატენი და ვეღარც ჩუენ დაუდგენით და ჩავედით ახალდაბას.

მარტს ნახევარს, გაზაფხულ, ყაენი ხუდაბანდის შვილი, აბასი მირზა, გამოვიდა, არდაველს მოვიდა. ოზბეგნი ხუარასანს წამოეჭირნეს, დაბრუნდა, იქითვე წავიდა და თუალშუენიერი თან წაიტანა. თავრეზს რომ ჩავიდეს, იქ ომი იქმნა. სამჯერ შეიბა თუალშუენიერი, სამჯერვე გაემარჯვა კიდეც დაჴოცნა, ჴელთაც დაიჭირნა. ყაენს მიუსხა. ყაენმან მამულიც დიდი მისცა და ჯილდოცა.

მერმე პატრონი მანუჩარ აღარ მიენდო, ღონე ვეღარა მოიგონა რა. დაგვიწყეს მოციქულობა. პატრონი დედისიმედი და პატრონი მისი შვილისშვილი, პატრონი ქაიხოსრო, გამოუგზავნეს ახალციხეს ფაშას თანა შობის წინა დღეს.

ყიზილბაშთა განდევნეს შახუდაბანდა ყაენი და დასუეს მის წილად ძე მისი შააბაზ. და გამოვიდა ესე შააბაზ და აღიღო თავრეზი და ყოველივე ადარბადაგანი. თჳნიერ ერევნისა და ბაღდადისა. და იყო ფრიად მწყალობელ შააბაზ მეფისა სვიმონისა. და კუალად უფროსად განმდიდრდა მეფე სვიმონ და განძლიერდა. და არღარა იყო მტერობა. რამთუ ყვეს მშჳდობა ალექსანდრე, მპყრობელმან კახეთისამან, და მეფემან სვიმონ. რამეთუ ჟამსა ამას მოკუდა პატრონი იმერეთისა გიორგი და დაჯდა კოსტანტინე. და მცირედსა ხანსა შინა მოკუდა კოსტანტინე და დაჯდა ძმა მისი ლეონ. და მტერობდენ ურთიერთას დადიანი მანუჩარ და ლეონ მპყრობელი იმერეთის, რამეთუ ესუა ცოლად დადიანს მანუჩარს ასული კახის ბატონს ალექსანრესი ნესტან-დარეჯან. და ჰყვა დადიანს მანუჩარს მას თანა ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. ამას ჟამსა შინა მოკუდა ცოლი დადიანისა ნესტან-დარეჯან, და შეირთო ასული ათაბაგისა თამარ.

ხოლო რაჟამს განძლიერდა მეფე სვიმონ, მაშინ განიზრახა დაპყრობა იმერეთისა: შემოიყარა სპანი ქართველთანი და წარვიდა დაპყრობად იმერეთისა. სცნა რა ესე ლეონ მპყრობელმან იმერეთისამან, შეიყარა მანცა სპანი იმერთანი, თჳნიერ დადიანისა და გურიელისა, და წარვიდა და დაიბანაკა გოფანთოს. მაშინ გარდმოვლო მთა ლიხისა მეფემან სვიმონ და მივიდა გოფანთოს, და ეწყუნენ ურთიერთას. იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა სვიმონს, და ივლტოდა ლეონ მპყრობელი იმერეთისა.

მაშინ დაიპყრა მეფემან სვიმონ იმერეთი, და გამოართუა დიდებულთა თავადთა მძევალნი და წარმოვიდა ქართლს, რამეთუ მას ჟამად გორის ციხე ეპყრა ოსმალთა. ამისთჳს ვერა დაადგრა იმერეთს. და ოდეს წარმოვიდა მეფე სვიმონ, მაშინ კუალად დაიპყრა იმერეთი ლეონ. და აღიღო შური დადიანზედა, რამეთუ არა თანამწე ექმნა იგი მეფესა სვიმონსა ზედა, და იწყეს მტერობა ურთიერთას. შეიყარა ამიერ მპყრობელი იმერეთისა ლევან და იმიერ დადიანი მამია. ეწყუნენ ურთიერთას და გაემარჯუა დადიანსა, და შეიპყრა მპყრობელი იმერეთისა ლეონ. და პყრობილ ყვეს იგი ოდიშს ციხესა შხეფისასა, და მუნ მოკუდა ლეონ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჟბ, ქორონიკონს ს~ოჱ.

სცნა რა ესე მეფემან სვიმონ, შეიყარნა სპანი თჳსნი და გარდავლო მთა ლიხისა და ჩავიდა ქუთაისს, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჟგ, ქორონიკონსა ს~ოთ. მაშინ ძმისწული ლევანისა ბაგრატ იყო ციხესა შინა ქუთაისისასა განმაგრებულ. მიადგა მეფე სვიმონ ციხესა მას და აიღო იგი, გამოიყვანა ბაგრატ, ძმისწული ლეონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი იმერეთისანი, და გამოართუა მძევლები და დაიპყრა მტკიცედ იმერეთი, და წარმოიყვანა ბაგრატ თანა.

და ოდეს მოკუდა მპყრობელი იმერეთისა ლევან უძეოდ, რამეთუ არა დაშთა თესლი მისი, და არღარავინ იყო სხუა სახლსა შინა მათსა, თჳნიერ ძე კოსტანტინესი როსტომ. და რაჟამს წარვიდა მეფე სვიმონ ქართლს, ამან როსტომ მოიყენა დადიანი მამია, და მისცა ქალი დადიანმა, და წარმოიყვანა იგი და გააბატონა. და დაიპყრა იმერეთი როსტომ. მიადგეს ციხესა ქუთაისისასა და აღიღეს იგიცა. ხოლო რაჟამს ესმა მეფესა სვიმონს საქმე ესე, შეიყარა და წარმოვიდა, ქრისტეს აქეთ ამასვე ქორონიკონსა გარდავლო მთა და მივიდა რაჭას, და აღიღო. ციხე კვარისა, და ციხე სკანდისა, და ციხე კაცხისა. მივიდა ქუთაისს და აღიღო ციხე, და დაიპყრა კუალად იმერეთი. და ვერღარა დაუდგა როსტომ და წარვიდა ოდიშს დადიანისა თანა.

მაშინ წარვიდა მეფე სვიმონ დადიანსა ზედა, ჩავიდა და დაიბანაკა ოფიშკჳტს, დიდებითა და ძალითა მრავლითა. და წარიღო თანა ზარბაზნები დიდ-დიდნი სახელოვანნი, რომელი აწცა არს ზუგდიდს, და უდიდესი ზარბაზანი ერთი არს რუხს დღესცა. მაშინ დადიანმან მოუგზავნა მოციქული მეფესა სვიმონს, რათამცა პატივ-სდვას მას და შეირიგოს სიძე მისი როსტომ, და მისცეს სარჩო მამული: "და იყოს დამონებულ და მორჩილ ბრძანებისა თქუენისა, და მეცა ვიქმნები დამორჩილებულ, ვითარცა ერთი თავადი შენი ერთგული და მონა-მორჩილი ბრძანებისა თქუენისა, და ესრეთ ერთობით დაიმკჳდრე საქართველო, ვითარცა პირველ დავით აღმაშენებელმან".

ხოლო მეფემან სვიმონ არა მოიჴსენა განლაღებულმან თქმული იგი სოლომონისი, ვითარმედ: "რაჟამს ამაღლდე ღმრთისა მიერ, მაშინღა უფროს ჯერ არს შენდა დამდაბლება თავისა შენისა, რამეთუ არა უსმინა დადიანსა განზრახვა იგი ფრიად სარგებელი მათი და უმჯობესი ზოგად ყოველთათჳს.

მაშინ სილაღით და კადნიერებით მიუმცნო მეფემან სვიმონ. ვითარმედ: "ვერ ეგების საქმე ეგე, არამედ მოსრულ ვარ ბრძოლად თქუენდა. უკეთუ ძალ-გიძს წინაგანწყობად ჩუენდა, აჰა ჟამი სიმჴნისა თქუენისა".

სცნა რა ესე დადიანმან მამია, შემოიყარნა სრულიად ოდიშარნი და რომელნიმე თავადნი იმერელნი თანა-გარდაყოლილნი როსტომისანი. წარმოემართნეს მსწრაფლ, და განთიადისა ჟამსა დაესხა თავსა მეფესა სვიმონს უგრძნობელად. მაშინ მეფე სვიმონ და სპანი მისნი შესხდეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. არამედ სძლო სამართალმან დადიანისამან და მიეცა გამარჯუება ქართველთა ზედა.

რამეთუ ჰყვანდა მეფესა ცხენი ორი რჩეული: ერთსა ეწოდა ფალავანი და მეორესა შურდანი. რამეთუ იყო მეფე სვიმონ მრავალგუარად გამოცდილი ბრძოლასა მინა და პირველსავე ჯარის მიდგომას სცნობდა: უკეთუ გაემარჯუებოდა, მაშინ შეჯდებოდა ფალავანზედა; და უკეთუ დაუმარცხდებოდა, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა ზედა და წარმოვიდოდა. და არავინ უწყოდა ესე, გარნა საამ თურქისტანისშვილმან, და მზერდა ესე თურქისტანისშვილი საქმესა მეფისასა, რომელსა ცხენსა ითხოვსო-და ესრეთ იყო ჩუეულება მისი. მაშინ მოითხოვა შურდანი. სცნა რა ესე თურქისტანისშეილმან, რომელი იყო კაცი ყრმა, ახალ-ვაჟკაცი, და მზერდა საქმესა მეფისასა, მოაჴსენა: "მეფეო. რა არს მიზეზი შურდანზედ შეჯდომისა თქუენისა? ნუმცა მიხილავს თუალითა ჩემითა ლტოლვა მრავალჯერ გამარჯუებულისა და სახელოვანისა თავისა თქუენისა, და მე აქადამ შუბ-მოუქნეველი ცოცხალი არ წავალო".

მაშინ მიეტევა გამარჯუებული. შეისწრაფა რაზმთა შინა, სცა ოროლითა და გარდააგდო კაცი, და ქმნა სახელი დიდი დამარცხებულსა ომსა შინა. ხოლო მეფემან სვიმონ სცნა რა გაჭირება ომისა და გამარჯუება მამია დადიანისა, მაშინ უკუნ იქცა და წარმოვიდა მარტო თავ-კაცად, ამოვლო იმერეთი და მოვიდა კოლიბაურს.

ხოლო ოდეს წარმოემართა მეფე სვიმონ და წარვიდა ბრძოლად მამია დადიანისა, მაშინ დაიბანაკა კოლიბაურს. მაშინ ერთმან ვინმე დედაკაცმან კოლიბაურელმან მიართუა მეფესა სვიმონს შვილი თჳსი. და ფრიად ევედრა დედაკაცი იგი, რათამცა იახლოს და წარიყვანოს შვილი მისი, ხოლო მეფემან სვიმონ არა იახლა იგი და უბრძანა: "დედაო, ესე არა უწყი, რომე კაცითა მთვრალი ვარო". და რაჟამს ოტებული მხოლოდ წარმოვიდა, მივიდა მუნვე კოლიბაურს. მაშინ დედაკაცი იგი სთოჴნიდა ახოსა, და იხილა დედაკაცმან მან მეფე სვიმონ მომავალი მარტო უკაცოდ. მიეგება დედაკაცი იგი და იცნა მეფე სვიმონ. და სცნა დედაკაცმან მან დამარცხება მეფისა სვიმონისა. მაშინ მოაჴსენა: "ჴელმწიფეო, კაცისაგან რომ მთვრალი იყავ, ვეჭობ ახლა კი გამოგფხიზლებიაო". და რა ესმა მეფესა სვიმონს, გაუკჳრდა და მადლობა შეწირა ღმერთსა და წარვიდა.

მაშინ წარმოვიდა თურქისტანისშვილიცა და ყოველნივე ქართველნი; და მრავალნი ამოსწყჳდეს მუნ, და სხუანი წარმოვიდეს ოტებულნი. და დაშთა მუნ მრავალი საუნჯე და დიდნი თოფნი და ზარბაზანნი, რომელი არს დღესცა ზუგდიდს.

ხოლო მეფემან სვიმონ გარდაალო მთა ლიხისა, ჩავლო ზემო ქართლი მხოლომან, თჳნიერ კაცსა, და მივიდა კავთისხევს. რამეთუ ფრიად დაშურა და ვერღარა ძალ-ედვა სლვა, მიადგა ერთსა მუნ მკჳდრსა მცირეთაგანსა გლეხსა და ინება მუნ მცირედ-ჟამ განსუენება.

და გამოვიდა სახლისა მისგან ქალი ერთი და ვერა იცნა მეფე სვიმონ. მაშინ აწვია და უსადგურა კეთილად, და მოუმზადა სერი და მიართუა მას. და მიიღო მცირედი საზრდელი, და მერმე მოაჴსენა ქალმან მან და ჰკითხა ამბავი ლაშქრისა და მეფისა: "თუ მეფე რა იქმნა, ანუ ცოცხლებით არისო, ანუ გამოვიდა ომისაგან მშჳდობითო".

ხოლო მეფემან უბრძანა: "არა უწყი რა მეფისაო". ამისა შემდგომად ჰკითხა ქმრისა თჳსისა და ანიშნა ნიშანი ქმრისა თჳსისა. და უბრძანა: "არა უწყი რა მათი, თუ რა შეემთხუა ლაშქართა მეფისათაო". ხოლო ქალი დიდად მწუხარე იქმნა და ტიროდა მეფისათჳს უფროს, ვიდრე ქმრისა მისისა, და იტყოდა: "ნეტარ თუმცა ღმერთმან მიხედოს წყალობითა და გუაღირსოს მეფისა სვიმონის ცოცხლებით გამოსლვა, და სხუანი ყოველნივე სპანი მისნი ჭირისა მისისა სანაცვლო იყოსო".

მაშინ ფრიად მხიარულ იქმნა მეფე გულსა შინა თჳსსა ერთგულობისათჳს დედაკაცისა მის, და მერმე წარვიდა სახიდ თჳსად. ამისა შემდგომად მოვიდა ქმარი ქალისა მის; და უყო წყალობა ფრიადი მეფემან სიტყჳთა მის ქალისათა, და ებოძა ყვა და საჴელო და სხუა საბოძვარი მრავალი. და მიერითგან აზნაურ იქმნა კაცი იგი, რომელ აწცა არიან ქულივიძენი.

ხოლო ესმა ლორის ციხესა შინა მყოფთა დამარცხება მეფისა სვიმონისა. მაშინ გამოვიდეს და იავარ-ყვეს რომელნიმე კერძონი საქართველოსანი, და დაიბანაკეს ტაშირზედა. და იყო სიხარული დიდი ოსმალთა შორის. ხოლო მეფემან სვიმონ კუალად შემოიყარა მცირედნი რამე სპანი ქართლისანი, რაოდენნიცა დაშთომილ იყვნეს, და წარვიდა ლორეს ოსმალთა ზედა უგრძნობელად. და ეწყუნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა, და აღიღეს ციხე ლორისა და მოსრნა იგინი პირითა მახჳლისათა, და დაიპყრა ლორე და წარმოვიდა გამარჯუებული სახიდ თჳსად.

ამისა შემდგომად წარვიდა ზემო ქართლს და მივიდა გორიჯუარს, რამეთუ ჟამსა მას ეპყრა ციხე გორისა ოსმალთა. მაშინ მეფე სვიმონ დაჯდა გორასა მას ზედა გორიჯურისასა და სმიდა ღჳნოსა და სჭამდა თრიაქსაცა. ესე ჩუეულება ესწავა ყიზილბაშთა შინა. ხოლო ოდეს განმხიარულდა ღჳნითა და თრიაქითა, გახედა გორის ბოსტნებსა და იხილა ახალი მწუანვილი. მაშინ უბრძანა მეფემან მუნ მყოფთა: "აჰა, რჩეულნო სპანო ჩემნო ქართველნო, მნებავს ახალ-აღმოცენებული იგი მწუანვილი მოღებად ჩემს წინაშე, და რა საკადრებელ არს ესე სიმჴნისა თქუენისაო". ესმა რა ესე ქართველთა, მყის ისწრაფეს და განვიდეს გაღმა გორის ბოსტნებსა შინა და დაგლიჯეს მწუანვილი. მაშან დაუშინეს ოსმალთა თოფნი და დიდნი ზარბაზანნი, და მოკლეს კაცნი მრავალნი, დიდნი და მცირენი.

რამეთუ მუნ მოკლეს ბატონისშვილი გოჩა, რთმელი იყო პაპის ძმისწულიმეფისა სვიმონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი და აზნაურშვილნი ამოსწყჳდეს მწარეს ხახვისათჳს. და მაშინ განგმეს მეფე სვიმონ. და ამა სვიმონს უწინაცა სძრახევდენ ჭკუასა ტყუეობას უკან. და ყიზილბაშნი და ოსმალნი დელუ-სვიმონს უწოდდენ, რომელ არს ხელი. ხოლო შეუძნდა ფრიად საქმე ესე მეფესა, და შემდგომად მცირედისა შემო ყარა სპანი ქართველთანი, და გარემოადგა ციხესა გორისასა; და ბრძოლა უყო ციხესა გორისასა და აღიღო იგი, და ამოსწყჳდნა ყოველნივე ოსმალნი მეოფნი ციხესა შინა.

ხოლო ესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, განრისხნა ფრიად ესეოდენისა სპათა მისთა ამოწყუედისათჳს, არა თუ ერთგზის. არამედ მრავალგზის და წარმოავლინა ამირსპასალარი თჳსი ვეზირი ჯაფარ ფაშა და გამოატანა თანა სიმრავლენი სპათანი ურიცხჳ. წარმოვიდეს და დაიბანაკეს ნაჴიდურს. მაშინ მეფემან სვიმონ შემოიყარნა სპანი თჳსნი, მივიდა და დაიბანაკა თავსა საღირაშენისასა. და მერე განიზრახა თჳსაგან საქმე არა კეთილი და არა აუწყა სპათა თჳსთა, არამედ მინდობითა თავისა თჳსისათა ყო რასაქმე საქმე ესე და არა ითხოვა ღმრთისა მიერ შეწევნა, რამეთუ ესრეთვე ქმნა მეფემან სვიმონ, და წარვიდა ათითა ცხენოსნითა მარტო, რა წარიტანა ერთი საყვირისა მცემელი მექანარე და ეგულებოდა განმსტრობა ბანაკისა მის ოსმალეთისა.

მივიდა და გარდაადგა თავსა ნაჴიდურისასა, რომელ არს მცირე ეკლესია, და მუნითგან განისილა ბანაკი იგი ოსმალთა. მაშინ უბრძანა მეფემან დაცემა ქანარისა, რათა აღრივნეს სპანი მათნი. ხოლო ვითარცა ესმა ოსმალთა ჴმა საყვირისა, თქუეს უცილოდ მოსვლა მეფისა სვიმონისა. შეიჭურნეს მყის და აღსხდეს ჰუნეთა ზედა. და მოეტევნეს ამიერ კერძო, სადა მდგომარე იყო მეფე. და რა სცნა მეფემან, მოისწრაფა სპათა თჳსთა თანა. ხოლო მათ დევნა უყვეს ძლიერად, მიეწივნეს და იხილეს მეფე სვიმონ, რამეთუ ცხენი მისი შთაფლულ იყო ლიასა შინა ბოლოს ფარცხისისასა და თჳთ მდგომარე იყო. ამას ზედა მივიდეს ოსმალნიცა და გარემოადგეს. და იწყო ბრძოლად მხოლომან და, რაოდენ ძალ-ედვა, აჩუენა სიმჴნე თჳსი, არამედ სიმრავლენიოსმალთანი ზედა დაესსნეს და შეიპყრეს იგი, ქრისტეს აქეთ ჩ~ქ.

მაშინ სცნეს რა მეფობა მისი, განიხარეს ფრიად და მსწრაფლ იჴმიეს სივლტოლა, აღიყარნეს და წარვიდეს ლორეს. მაშინ მიესმა ქართველთა საქმე ესე, რამეთუ გიორგი, ძე მეფის სვიმონისა, მუნ იყო ქართველთა შორის, წარმოუდგეს ოსმალთა უკან და დევნა უყვეს ძლიერად, და ვერღარა მიეწივნეს. მაშინ ოსმალთა აღიღეს ციხე ლორისა, და შეაყენეს მცველნი თჳსნი, და წარვიდეს, და წარიყვანეს თანა მეფე სვიმონ, და მიიყვანეს სტამბოლს. ხოლო გიორგი, ძე მისი, განაგებდა ქართლსა, წარავლინა კაცი სტამბოლს და აღუთქუა საჴსარი მამისა თჳსისა ხოლო მათ სთხოვეს საჴსარი მრავალი და აღუთქუეს განტევება მეფისა სჳმონისა.

ხოლო ხვანთქარმან მიუმცნო მეფესა სვიმონს დადება ხარკისა საქართველოსა ზედა და დამორჩილებად ბრძანებისა მისისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა ნება სცა, ამისთჳს რომე ყაენის ბეგარა. ქართლსა შინა ამან განწესა, კომლის თავს გლეხზედ მარჩილი ასი, რამეთუ ამა თეთრითა იყიდდეს ტყუესა შჳდსა და წარუგზავნიდეს ყაენსა.

მაშინ გიორგი, ძემან მეფისა სვიმონისამან, აღიღო ყოველივე საუნჯე მამისა თჳსისა, ანუ რომელიცა თჳსი ჰქონდა და სხუა სადაცა მონასტრებისა საქონელი იყო, ანუ რომელიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ მოკრიბეს ზოგად, და წარგზავნეს. საჴსრად მეფისა სვიმონისა. და ვიდრე საქონლისა მისლვადმდე, მიცვლილ იყო მეფე სვიმონ საპყრობილესა შინა, და ესეოდენი საუნჯეცა მუნ დაშთა.

ხოლო იყო მუნ სტამბოლს ერთი გორელი ვაჭარი, რომელსა ეწოდა დიაკუნისშვილი. და ამან იშოვნა ძუალნი, სვიმონ მეფისანი, და წარმოიღო იგი და მოართუა გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს. და ყვეს გლოვა დიდი, და დამარხეს სამარხოსა თჳსსა მცხეთას. ხოლო რომელმანცა მოიღო ძუალნი მისნი იგი დიაკუნისშვილი ყოვლითურთ სახლეულით მისით გაააზატეს, და შესწირეს პატიოსანსა და ცხოველს-მყოფელსა ჯუარის მონასტერსა სალხინებელად და საოხად მეფისა სვიმონისა. და არიან აწცა გორს დიაკუნისშვილები ყმანი ჯარის მონასტრისანი.

ხოლო გიორგიმ დაიპყრა ქართლი და მეფობდა კეთილად. ამისა შემდგომად შემოიყარნა ქართველნი და წარვიდა ლორესა ზედა. და აღიღო ციხე და დაიპყრა ლორე მეფემან გიორგი.

და ამას ჟამსა შინა მიიცვალა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს აქეთ ჩ~ქიდ; და არა დაშთა როსტომს ძე, ხოლო ჰყვა ნაშობი მჴევლისა, რომელსა ეწოდა გიორგი, და ესე გააბატონეს იმერელთა.

ამავე ჟამთა მინა მოკუდა დადიანიცა მამია, და დაუშთა მას ძე ერთი, სახელით ლევან. ესე იყო ნაშობი კახის ბატონის ასულის ნესტან-დარეჯანისა. ესე ლევან წარმოიყვანა კახმან ბატონმან ალექსანდრე, პაპამან მისმან, და აღზარდა კახეთს. ხოლო შემდგომად მამია დადიანისა ესე ლევან, ძე მისი, წარმოიყვანეს ოდიშართა და დასუეს დადიანად.

ამასვე ჟამთა შინა წარმოემართა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა. მაშინ იჴმო ყაენმან მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სპითა მათითა, და წარვიდეს. და რა მივიდენ, დიდად მოეწონა შააბაზს სპანი ქართველთა და კახთანი, და უბრძანა ყოველთავე სპათა მისთა იერიში ერევნის ციხისა. მაშინ სიმჴნე დიდი აჩუენეს ქართველთა უმეტეს ყიზილბაშთა და მივიდეს მეწინავედ, და აღიღეს ციხე ერევნისა. დადაიპყრა შააბაზ ერევანი და შეაყენა ციხესა შინა სპანი თჳსნი. ხოლო სთხოვა შააბაზ მეფესა გიორგის ლორე და ციხე ლორისა, და შეუძნდა ფრიად. და რამეთუ არა ეძლო უარი შააბაზისა, და დაანება ლორე და დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ. და შეაყენნა სპანი თჳსნი და მიიქცა სახიდ თჳსად, რამეთუ იყო ყაენი შააბაზ კაცი მზაკუარი და აღსავსე ყოვლითავე სიბოროტითა. პირველად ესე წყალობა უყო მეფესა გიორგის. ერთგულობისა ნაცვლად მამისა თჳსისა.

მაშინ წარმოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა თჳსსა. და შემდგომად მცირედისა წარმოვიდეს ძენი კახის ბატონის ალექსანდრესი დავით და გიორგი და ესტუმრნეს მეფე გიორგის, მამიდას-შვილსა თჳსსა. მაშინ მიეგებნეს წინა ავლაბარში მეფე გიორგი და განიხარეს ნახვა ურთიერთას. და წარმოუძღუა და დააყენა და ისტყუანა იგინი კეთილად, და უმზადა სერი დიდი, და იყოლხინობა და გამოჩუენება დიდი. და ესრეთ იყვნეს დღეთა რაოდენთამე. და მერმე კუალად შინაგან თჳსსა მოაწვივნა იგინი. და წარვიდა დავით და რაოდენ[ნ]იმე კახნი იახლნეს თანა. ხოლო გიორგი მიზეზ ყო სნეულება ბევრთა ღჳნისა სმათა მიერ და არა წარვიდა. მაშინ შეექცეს ლხინსა იგინი. ხოლო გიორგიმ, უმცირესმან ძმამან დავითისამან, განიზრასა ზრახვა ბოროტი ძმისა თჳსისა დავითისთჳს, და ეგულებოდა ღალატად სიკუდილი მისი. ესე ბოროტი აღრჩევა გაანდო ერთგულთა ყმათა თჳსთა, რამეთუ იყო ესე გიორგი კაცი გამცემი და მოყუარე ყმათა. და იყვნენ კახნი უმრავლესნი ამის კერძო, და ერთგულნი დიდად.

ხოლო უხუცესი ძმა მისი დავით იყო კაცი კადნიერი და მრისხანე. ამისთჳსცა დიდად ერთგულ იყვნენ გიორგისა კახნი. მაშინ შემოიფიცა ერთგულნი ყმანი თჳსნი გიორგიმ, და დაასკუნეს ღალატად სიკუდილი დავითისა ღამესა მას, რამეთუ ეგულებოდათ ღჳნითა მთვრალსა ღალატი დავითისი. და იმარჯუებდა ჟამსა აღსრულებად ძმისა მკლველებრთა გულის-სიტყუათა წარეწყმედელთა სულისათა.

ხოლო იყო ვინმე მათ შინა მყოფი ღმრთის-მოყუარე კაცი ჩოლაყაშვილი. და ამან არა თავს იდვა დაფარვად საქმე ესე, არამედ წარვიდა და აუწყა დავითს ღალატი იგი მისთჳს განმზადებული. მაშინ დავით აღდგა მყის სერისა მისგან და წარმოვიდა. რამეთუ ვერ აგრძნა საქმე ესე მეფემან გიორგი, და მივიდა დავით კარავსა ძმისა თჳსისა გიორგისსა, და იხილა ძმა თჳსი აღჭურვილი კარავსა შინა. და რქუა დავით: "ძმაო, ვის ზედა აღჭურვილხარ, ანუ ვის ზედა მიმავალხარ ბრძოლად?" ხოლო მან ვერა რაჲ სიტყუა უგო. და შეიპყრა იგი და მის თანა შეთქმულნიცა იგი კახნი და წარიყვანა იგი და პატიმარ ყო ციხესა შინა თორღასა, და თორმეტნი ყმანი მისნი ჭოეთის ციხიდამან გადმოყარნა და დაჴოცნა, და თჳსი დაიპყრა კახეთი. და იქმნა ურჩ და წინააღმდგომ მამისა თჳსისა ალექსანდრესი. რამეთუ მძლავრებით მიუღო კახეთი და თჳთ დაიპყრა და იბატონა თუესა ექუსსა. და მერმე ურჩებისა მისთჳს ეწია მსწრაფლ გულისწყრომა ღმრთისა და მოკუდა იგი. და შემდგომად კუალად იპყრა კახეთი ალექსანდრემ, და გამოიყვანა ძე თჳსი გიორგი პატიმარი ციხისაგან, და რამეთუ სხუა არღარა ჰყვა მე თჳნიერ მისსა.

ხოლო დავითს ესუა ცოლად ასული მუხრანის ბატონის აშოთანისა. და ესე იყო ღუაწლ-მრავალი და სამგზის სანატრელი დედათა შორის ახოვანი დედოფალი და მოწამე ყოვლად ქებული ქეთევან. და ამას დაუშთა დავითის მიერ ძე ერთი ყრმა მცირე თეიმურაზ. და ფრიად შიშნეულ იყო და ზრუნვიდა ქეთევან მხოლოდ შობილისა ყრმისა მისისათჳს, ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს გიორგიმ, რომელ ყო ძჳნად მის ზედა დავით. მისთჳსცა ქეთევან იჴმია გონიერება კეთილი და წარგზავნა ძე თჳსი თეიმურაზ შააბაზ ყაენთანა. და წარჰყვა თანა შერმაზან ჩოლაყაშვილი.

ხოლო მივიდეს რა, დიდად პატივ-სცა შააბაზ, და ითჳსა ვითარცა ძე თჳსი, რამეთუ მაშინ დიდად წადიერ იეო შააბაზ და ღონეჰყოფდა დაპყრობად საქართველოსა. ხოლო ალექსანდრეს, მპყრობელსა კახეთისასა, პირველ ოდესმე მიეცა ძე თჳსი კოსტანტინე შააბაზ ყაენისათჳს, და აღზარდა სჯულსა თჳსსა ზედა.

ესე კოსტანტინე წარმოგზავნა შააბაზ, და წარმოატანა თანა სპანი შირვანისა და ყარაბაღისანი. და ჴელითა კოსტანტინესითა წარმოუგზავნა მამასა მისსა ალექსანდრეს. ხალათი. მაშინ შააბაზ მზაკუარებითა თჳსითა აღჭურა და ამცნო კოსტანტინეს, ვითარმედ: "არღარავინ დაშთომილ არს სახლსა მამისა შენისასა თჳნიერ შენსა, წარვედ და უღალატე მამასა შენსა და ძმასა შენსა და დაიპყარ შენთჳს კახეთი, და მეცა ვიყო თანაშემწედ შენდა, და მიიღო ჩემგან პატივი და წყალობა ურიცხჳ". ესე აცთუნა ბოროტმან მან, და წარმოგზავნა მკვლელად მამისა და ძმისა თჳსისა. ხოლო მან უბადრუკმან ირწმუნა განზრახვა ესე ბოროტი. ჵი, დიდი ესე უგუნურება, რამეთუ ვინ სადა იხილა თჳნიერ სულელთა და ხელქმნილთა, რათამცა სარწმუნო იქმნა განზრახვათა მტერისათა.

მაშინ წარმოემართა კოსტანტინე. და რა მოიწია საზღვართა კახეთისათა, მაშინ წარავლინა კაცი და მიუმცნო მამასა თჳსსა ალექსანდრეს, ვითარმედ: "წარმოვედ დასტურითა შააბასისათა, რამეთუ ფრიად მსურის ხილვად შენდა".

მაშინ ფრიად განიხარა ალექსანდრემ, და წარვიდა, და თანა წარიყვანა ძე თჳსი გიორგი, და მიეგებნეს წინა. იხილეს რაჲ ურთიერთას, განიხარეს სიხარულითა დიდითა და განისუენეს მცირედ. მაშინ მიუძღ[უ]ნა კოსტანტინემ ხალათი იგი, რომელი წარმოეცა შააბაზს ალექსანდრესთჳს, და იყვნეს მუნ შუებით და სიხარულით.

ხოლო კოსტანტინეს აშფოთებდა ბოროტი იგი გულისთქმა, და აღდგა მკლველად მამისა თჳსისა და ძმისა. დღესა ერთსა განაზრახნა სპანი იგი შირვანელნი და განიგულა წარწყმედა სულისა თჳსისა, და სიკუდილი მამისა და ძმისა თჳსისა. მაშინ მიუწოდა ალექსანდრეს და გიორგის [...]

გადამწერთა ანდერძი

წყალობითა ღ(ვ)თისათა სრულ იქმნა ქართლისა ცხოვრება ესე ჴელითა ჩემ უღირსისა მღდლისა ქალაქსა ტფილისისასა, ჯვარის საყდრის დეკანოზის იოანესითა, დედასა ზედა სვეტის ცხოვლისასა. რამეთუ ვიდრე აქამომდე აღეწერათ, და ამისგან უსრულესი ქართლის ცხოვრება არსად იპოებოდა. ვითხოვ მხილველთაგან შენდობით მოხსენებასა, რამეთუ ფრიად დავშუჱრ და ვეცადე სიმართლესა, ვითარცა თქვენცა იხილავთ: აპრილის თთვის 24, ქრისტეს აქეთ ც 1761. ქართულს ქრონიკონს უმთ.

ქ. სამი დედანი ვნახე. ამის მეტი არ ეწერა, და სიტყვანიცა და ლექსნიცა ესრეთ ეწერნეს. სხვა თუ არის სადმე მეტი და ან თვით ამისსავე ავქსონს ლექსსა და სიტყვას დაუწუნებო, თქვენ იცით და მან. მე შენდობილმცა ვიყო აღმწერი აღმომკითხავთაგან, ცოდვილი ზაქარია, ძე დეკანოზისა, უღირსი მდღელი: აგვისტოს წელს ქრისტესით ჩ~ღმა.