ვინათგან მოსე, მხილველი ღმრთისა და წინასწარ-მეცნი ყოფადთა, ეურჩა განმგზავნსა ისრაელთადმი. მათდა მომღები ენა-მძიმობისა, მიერულა ურულოსა, ვითარ ყოფადთა დამსახსა, ვითარ ესევითარისა შემკადრე ვიქმნა მე, ვერ-მეტყჳ თქმათა აღმატებულებისა. უკეთუ იგი, სიტყუათა ცეცხლისათა გარდანაცი, კუერთხისა გუელადობითა და ჴელის ფერთა ქცეულებითა მბრძოლთა ვერას ამცნობდა, ვითარ დავსცე სულამიტისა სახედ აღსაყჳრსა "ქებასა ქებათასა" რომელსა-იგი გალობს სიბრძნითა მეიგავე სოლომონ, რომლისაგან შთამოთესლოვნებისა ვერ-საკმო არსა შემსხმელად
ულუმპიანობათა მათ გარდაცემასა, - თამარისსა ვიტყჳ, - ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა დავით მის პირველისა, არსთა დამწყისაცა ჴელით-ქმნულებით მოქადულ-[2]მყოფელისა ღმრთისა. რომელი სახუეველთაგან აღმსჭუალავს შორის სულსა, გულსა შინა, ერთმთავრობა-ერთუფლებასა ერთისა კაცისასა, ერთისა ღმრთისა და კაცისა სრულისა მიერ სრულ კაცად აღმოჩენით აღმოჩენილსა და აღმობრწყინვებულსა. ვინაცა ამან შეაყო თჳსისა სულისა წყარო ხედვათა პირველსა ამას წყაროსა ქრისტესა, ნათელსა მამისასა, რომელმან მოიგონნა ხუთნი საგრძნონი: ხედვა, სმენა, შეხება, გემოსხილვა და განრჩევა. და დაამორჩილნა კლდესა მას ქრისტესა ასფოდელოდ-ქმნითა გონებისათა, არა არს მექმნი ნებისა თჳსისა.
ესე შვილ იქმნა მშობელთა ძირ-რტოებათა, შესატყჳსთა და შეზავებულთა, ვითარ საცნაურ არს ხე ნაყოფისაგან და ნაყოფი ხისაგანი დავითიანთაგან და ხუასროიანთაგან და პანკრატონიანთა, რომელთა სახელი უფროს მზისა იცნობებოდა და ყოვლისა ქჳშისა. და მის მინადებისა, რომელმან ნებროთისა ჰასაკითა მოიგო ჰაოსის ძეთა სამთავრები, რომელთა შემსსმელად ჴამს ომიროს მერაბამე იგი. იდიდსიტყუა ალექსანდრესადმი პლუტარხოს ზემომაღლელი ისტორიათა მწერლობასა შინა ჴელმწიფეთა შემსხმელობისასა, ვითარ ჟამთა და ჟამთა ზეგარდმო ჩინებითა აღმონათდებიან ქუეყანის მფლობელნი, და მიიღებს თჳთეული საქმისა შესატყჳსებასა, აღმკულებასა სიტყჳთა და საქმითა, და ვინმე საგმობნი აღძეგლნა ბოროტთა საქმეთა შინა.
აწ მე, რომელი გინა თუ მიხილავს, გინა თუ ბრძენთა და გონიერთა კაცთაგან მასმიან, გარდავსცე ისტორიასა და ვასილოღრაფსა, რომელ არს "მოთხრობა მეფეთა" ვინათგან ლუკა აღმავლობასა სიტყჳსასა იქმს სეითისა," ადამისა და ღმრთისა", მეცა [3] ესრეთ ვიწყო ამის თამარისა, სამგზის სანატრელისა და სამებისაგან ოთხად თანააღზავებულისა, რომელი ეთეროან იქმნა ჴელმწიფეთა შორის, რომლისა სახე და სახელი თჳსისა ადგილსა სიტყუამან საცნაურ ყოს.
მამა იქმნა გიორგი, მეფე მეფეთა, ძე დიმიტრი მეფისა, რომელსა დავითცა ესუა ძედ, ძესა დავითიანისასა, და აღმოსავლეთისა და კერძო-ჩრდილოეთისა მეციხოვნისა და ზღვართა დამდებლისა და ზღუათა ზღუამდინ მპყრობელისა, რომლისა დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოჩენ; იოვანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მითხრობა.
დიმიტრისა, მჴნესა ჴდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა შინა, ორ ძე ებადესა, რომელთა დავით და გიორგი [ეწოდებოდა სახელა]. მარჩეველი ძისა უმცროსისა მლარწველი მკიცხველი იქმნა, ვითარ ისააკი იაკობისდამი. და ვედრებისა შემასმენელმან ღმერთმან დავითის დღეთა შემცირებითა სრულ ყო პირველ მამისა. და მამამან ძითური ძე ტკბილი, შემგუარი მამისა, აღამაღლა თავისა თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა - მზე მნათობთა შორის; ალექსანდრე და ქაიხოსრო მპყრობელთა შორის; აქილევ, სამბსონ და ნებროთ გმირთა შორის; სპანდიარ, თაჰამთა და სიაოშ გოლიათთა შორის; სოლომონ, სოკრატ და პლატონ ბრძენთა შორის.
[4] ამას თჳსსა მეფობასა შინა მოგუარა ცოლი მამამან, ასული მეფისა ხუდდანისი, სახელით ბურდუხან, ესე თჳთ ვითარი შესატყჳსი ქმრისა პირ-მზისა, ტან-ზომისა, თჳთ მზე-მზეთა შუენებითა და მომფენაობითაცა, ვითარ ითქმის, ცოდვილთა და მართალთა ზედა, რომელი ჰყუარობდა მართალთა და სწყალობდა ბრალეულთა. რომლისათჳს თუ ვთქუა სახეები გარეშეთა გინათუ ვიეთმე სატრფიალოთა, თჳთ მისავე ქრისტე-შემოსილობისაგან მაქუ[ს] შიში და კდემა; რომელი ეკატირინესა და პენელოპის, ირინექმნილისა, და თჳთ მარიამ განმანათლებელისა ცისა და ქუეყანისა ესახების, თჳნიერ ქმრისა მყოფლობისა, მადლითა, სიბრძნითა, შეწევნითა და მეოხებითა. ნუ უკუე ზეშთა განზიდვითა დამრუმდეს თუალი გონებისა და ვიმთხრებლე ნეშთად წყენა სახეობითა, რომელ უმარჯულო და უმარცხულო მავალი გზებისა გზისასა მაბრალებდეს გარდაქცეულებასა ესევითარსა.
აწ ვიწყო ძალისაებრ და ღონე-მიწუდომისა ესე. შვილისა ნათელ-შემოსილისა მამა იგი გორგასლიანი, აღმასრულებელი ვახტანგისა ნეტარებათა, რომელი დავითს მამადობათა შინა ღმრთისა ქენებით აღთქმულსა აღდგინებად ტომთაგან მისთა, მისებრ მპყრობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. ამისთჳსცა ესევითარად დალექსავს მლექსავი ვინმე და იტყჳს:
[5]
შენ, ვახტანგ, სანატრელი ხარ შენთჳსა ღმრთისა მაქებარისა, ცნამცა შენი მტერთა ძლევა, თჳთ მზეებრ მაშუებარისა, მუსულმანთ-ამწყუედელისა, ქრისტიანთ მშენებარისა, და ვინ დაგბადა მანვე უწყის დაბადება ბუნებისა.
ამან რა იპყრა შარავანდედი მეფობისა, შჳდ სამეფოდ განწესებული, აღმკულმან ზენათა პორფირითა და გჳრგჳინთა, აღიჭურნა მკლავნიცა მუსრვად და მოწყუედად წინააღმდგომთა ქრისტეს სულისათა: აგარიანთა, ისმაიტელთა და მამადიანთა.
პირველად წყალობისა მიმფენმან იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქუემოთა, დიდებულთა და აზნაურთა, სპასალართა და სპასპეტთა, შინაურთა და გარეშეთა - ჴელ ყო შეყრად და გამართებად ქალაქსა ზედა კაღზევანსა და წარმოტყუენა ყოველი ჴევნები კლდოვანი და ქალაქები აშორნისა, სომეხთა მეფედ წოდებულისა შაჰერმენისა.
და შემდგომად ამისსა კუალად შემყრელმან სპათა მისთამან მიმართა დიდად ქალაქად და სახელგანთქმულად [დვინად,] აწ რომელ არს არარატისა ძირსა ზღვარი სომხითისა და ადარბადაგანისა, მამული თრდატ გოლიათისა, რომელი ოდესმე ღორ იქმნა მიზეზითა გრიგოლ პართისათა მდგომელმან წყობად და განმზადებულმან თჳთ წინამსრბოლობითა იჴუმია კუეთება, რომელნი მოაწყუდივნა ქალაქსა გარეთ. კუალად შემ[ზა]ხებელმან სპათა მისთამან გამოიღო და წარმოტყუენა ქალაქი, რომლისა სიმრავლემან ტყუეთა და საუნჯეთამან დაფარა პირი ველთა და მთათა. ვინათგანცა აღივსო სამეფო ქალაქი ტფილისი, რომელ ტყუესა თჳთო რამად გინა ფუკად მომსყიდავთა[6]გან მომსყიდელობდეს. შემდგომად ამისად მნადირებელი და მომნადირებელი მთათა და ბართა მოვლიდა ვითა იონათან მშჳილდ-კაპარჭოსანი, ვითარ, ჩუბინ უცდენელა მსროლელი, მყის სისრა-მყოფი მტერთა და მჴეცთა ზედა, ვითარ არტემისა, სახედ, რომელი ითქმის "მთაფოლო", რომელ არს ღმერთი მონადირე.
კუალადცა ინება შეყრად და გალაშქრებად, და მიმართა დიდად ქალაქად ანისად, რომელი ძუელ ოდესმე ბერძენთა მეფეთა სახლი და საჯდომი იყო, რომელსა შინა მოდღესამდე არს ათას და ერთი ეკლესია. და მირიდებითა ბერძენთათა და მიმოცვალებითა ჟამთათა დიდად-გუარიანთა ვიეთმე შადადიანთა გამგეთა დადგმულთა ამას ზედა მყის მიმჴდომმან სამ დღე იყო ომთა სიმრავლე და ძგერა ჰუნეთა, სიტყჳთ და საქმით ბოლოდ დასტეხნეს; ვითარცა აკანაფიანმან ამფხურელმან და მეხის-ტეხის მყოფელმან შორის ელვებსა, გარდახვეწასა შინა შადადიანისა ჴელთ იგდო ქალაქი ნებისაებრ თჳსისა და არა დამბრუნებელმან და შემტყობელმან დაიმჭირა სადგომად, ტახტისა მისისა შესანახავად და გასამაგრებლად დამგდებელმან ივანე ორბელისა, მანდატურთ-უხუცესისა და ამირ-სპასალარისა, თანაშემწეობითა სარგის მჴარგრძელისათა და სხუათა თემისა დიდებულთა აზნაურთათა ურვა-ქმნილმან მოჰმართა თჳსთა სანადიროთა სათამაშოთა და გასახარებელთა.
რომლისა ჯავრისაგან აღ[ი]ძრა ნაღველ-ფიცხელობა და ქედმაღლობა აგარიანთა და ისმაიტელთა. და შარიარმან სულტანად მწოდებელმან თავისამან მაწვეველ იქმნა ყოვლისა შამისა, ჯაზირისა და დიარბაგისა თურქთა თანა გარდმანისათა: არდოხის ძე, [7] რომელი პაპის მისისაგან დიდგვართა კუზის ძე იყო, რომლისა მამამან, ლაშქრობათა შინა სპა-მრავლად სახელგანთქმულმან, გამოჩენილი ივანე აბულეთი ძე ლტოლვილ ყო; სალდუხ სელჩუკიანი, რომელი სულტანთა გუარსტომობდა სრულიად, მრავალთა დიდთა მეპატრონეთა და ფადაშაჰთა სპარსეთისათა თანა, მსგავსად მჴეცთასა აღმლესველი კბილთა, დიდითა და მიუწდომელითა ძალითა და უჰამრავითა ლაშქრითა მოვიდა და მოადგა ანისსა, ყოველთა დღეთა კართა ზედა მბრძოლი მაშქერებელი და მაძგერებელი ცხენთა და აბჯართა.
ხოლო ცნა ესე მეფემან მეფეთამან გიორგი ნაჭარმაგევსა სახლსა სათამაშოსა შინა, კაცმან მამადმან და ზეს გამომდებელმან წყობათა შინა, იჴმნა დასნი და დასნი და ზედადამმართველმან ერთმანერთთა ზენა-ქუენათა, ვითარ ყოველთა ხილულთა ზესთაობასა წინააღმდგომ ექმნა ჩრდილოსა და აღმოსავალსა. და ვითარ ითქმის, გმირი სრბად გზასა. შეირტყა და წარემართა და სუფევდა", არღა დამხედველი მცირეთა, და ყოვლადვე არღა მომლოდინე ექმნა სახელგანთქმულთა ჭაბუკთა ლიხთ-იმერთა და ვიეთთამე ამერთაცა მინდობილი წყალობათა შემძლისა, ვითარ იტყჳს ისტორია ისქანდარ მაკიდოვნელისა, და ხადა ძალსა ძალთასა, რომელი მეუფებს ცასა ცათასა და თუალავს სიმრავლესა გარემომდგომთა მტერთასა. არცა განმლეობასა მტერთასა მახვილთა ელვისა, გარდამავალი მთათა შთავიდა შირაკად. რომელსა თანავაზირობდეს იოვანე მწიგნობართ-უხუცესი და სუმბატ სვიმონ-ქმნილი, რომელი სხუათა საჭურთა თანა საქმითასა აღჭურვილ იყო და მით მშლელ მისლვისათჳს სიმცროსათჳს სპათასა. არა დამორჩილდა მჴნე მჴნეთა და გოლიათი გოლიათთა, ჭეშმარიტად მიმღები მოწამეთა ღუაწლთა და გჳრგჳნსა, თჳთ სეხნაი ვითაცა მიმსგავსებული გიორგი: მან თუ ერთი [8] ვეშაპი, ამან კულა ბევრნი ბევრთა სახენი ასპიტთა და იქედნეთნი სძლივნა უძლეველმან მჴედარმან, მართობთაცა შინა გონებისათა მიმართ. მხილველმან სარკინოზთა სპაებისამან გარდასლვითა მლოცველმან და მავედრებელმან, თუალთა ზეცად აღმპყრობელმან აღსაჭურველეს მიმცემელმან იოვანესდა ძელისა ცხოვრებისა მიძღუანვად. და ამჴედრდეს გულითა განჴშრვებულითა და ურთიერთას განამჴნობდეს. და შვილნი ცხოვრებისანი სიკუდილსა არა რიდებდეს თავსა.
ხოლო მეფემან მტკიცედ აზევებულმან ჰუნესა ზედა ჴმითა მით ხოსროვანითა გასცა ღაღადი და სწავლა გულსა მჴედართასა, ვითარმედ: "კაცნო ძმანო ერთსულნო და ერთ-სრჯულნო! თუ რაზომ დიდად კეთილ არს საღმრთოთა სჯულთა და ქრისტეს სახარებისათჳს სიკუდილი, რომელნი სამარადისოდ ვნატრით ქრისტეს კუალთა შემდგომთა და მომკუდართა მათ თჳთ ბუნებითა მკუდართა სხეულთაგან და ხედავთა, თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მჴნებრივ სიკუდილი, ვიდრე სენითა განდნობითა განლეულებასა შინა, რამეთუ სახე და სახელი კეთილისა საუკუნოდ გზად გუყუების. რამეთუ გუასმიეს ძუელთა მომთხრობელთაგან, თუ რაოდენნი კუეთებანი თავს ისხნეს საღმრთოთა სჯულთათჳს ტომმან ებრაელთამან არტარქსერქსის ზე, ელენთა - ოდეს-იგი იძღუანებოდეს თ[ემისტ]ოკლეოს მიერ უცთომელისა სპასპეტისაგან სოფლისა მქონებელსა მძლესა არტარქსერქსის ზედა, რომელმან ზღუაცა მტკიცე ყო უომრად სპაებთათჳს, ხოლო ათინელთა ერთისა ოდენ ქალაქისაგან უკუნრღუეულ იქმნა. აწ ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, ჩემთჳს განლახურილისა აღვიხუნეთ ლახუარნი და ჰოროლნი, და უგმირნეთ ურწმუნოთა ღვთაებისა მისისათა".
და წარმომთქუმელმან უკანასკნელთა-ლოცვათამან მოუწოდა ამირახორსა მისსა [9] სუმბატის ძესა ლიპარიტს, ბექასა სურამელსა, ქირქიშს აბულეთის ძესა და სამ ათასთა თანა მბრძანებელმან, მუნცა ღიმილითა და სიცილითა მლაღობელმან: "მოყმენი იგიცა ვჯობთ, რომელმანცა უმსწრაფეს უხეთქნეთ დროშის მქონესა, და დაცემითა მისთა დავსცეთ ბანაკი ნავალისი, მასმიეს და კედრისა შთამოსულთა".
ესრეთ სასოებით მოქადულმან განვლნა რაზმნი და სუმპერაზმანი, განაწონნა კინენი მსავსად აფროდისისა მქონესა წყობისა მამტკიცებელისასა.
და ვითარ იხილეს დროშა დაცემული მკლავითა აქილიანითა, იქცევისი მკუეთრ მკუეთელად, იჴმიეს სივლტოლა ძალისაებრ ჰუნეთასა. რომელსა შინა აღესრულა სიტყუა წარქცევად ერთისაგან ამირსპასალარნი, დიდებულნი და ლაშქარნი. ამათ აქათ და მათ მუნით ადინეს ღუარი სისხლისა. და თჳთ მეფე ალექსანდრეს სუითა და სიაოშის მოყმეობითა სდევდა მრავალგზის გამომცვლელი რაზმთა, სცემდა და იცემებოდა, სრვიდა და ისროლებოდა, და ბუმბერაზნი მისნი თანაშემწეობდეს.
მხედველნი ვითარცა ერნი ისრაელისანი, და მზეცა, ისუ-ნავეთებრ, მდეგი ვეღარა მპყრობელი ეტლთა განგებითა მსრბოლობისა[თა], შთაეწურა დევნასა შინა მათსა.
და კუალად შემქცეველთა იხილეს სიმრავლე სრვილისა და მოსრვილისა, ჴელმწიფეთა და დიდებულთა, აზნაურთა ლომთა და მონათა, სიმრავლე კარავთა და სარაფარდათა, სიმდიდრე თუალთა და მარგალიტთა, ოქროთაჭედილთა და უჭედელთა, აქლემთა, ცხენთა და ჯორთა და ყოველთა განძთა, სოფლისა სიმდიდრეთა და მონა გებთა აღსარიცხად გარდარეული. ცოცხალთა უამრავთა თანა იხილეს ოთხთა კუდართა მიერ აპყრობა ჴელისა, რომელი რქუა ათასისადა ათასთა ესრე სახედ მგებარეთადა ქმნა, რათა იწყეს შეკრება ორმოთა ზედა.
[10]და იხილნა მეფემან კოსტანტინე საყუარელნი და საკუთარნი ვეზირნი, სპასალარნი, ჴელისუფალნი და თავადნი, დიდებულნი და აზნაურნი, მონანი და მოყმენი. და შეხადეს მას ყოველმან ერმან და ესრეთ ჰქუეს შემოსილსა ჴელმწიფესა დაკოდილთა და ნაცემთაცა: "მშჳიდობა რა[დ]ცამცა სახე[დ[ დაისასახოდ[ა], თუ ვითარ მხიარულნი და მმადლობელნი ღმრთისანი და ღმრთისაგან მის სახედ ჩენილისა პატრონისანი იშუებდეს ფრიად მპოვნელნი მამა ძისა და ძე მამისა, ძმა ძ[მ]ისა და თჳსი ნათესავისა, პატრონი ყმისა და ყმა პატრონისა. გამარჯუებულნი და აღვსილნი ყოვლითურთ სიხარულითა იღიმოდეს, ამბორს უყოფდეს ურთიერთას.
და ამას ესევითარსა განსაცხრომელსა და სახარულევანსა მეფობასა შინა თჳთ მეფე მისით სპითურთ გარდამავალი თაყუანისმცემელ ექმნა ზენასა განგებასა. არა სრჯულთა სიმტკიცეთა, არცა მსხვილ-ბარკალ[თა] მამაკაცისათა, არამედ მას ზენასა ხუედრსა და ზეშთა წმიდასა განგებასა უგალობდა, დამხედ სიმდაბლითა დავარდა წინაშე უფლისათ ღმრთისა საბაოთისთა ძალთასა და ცრემლთა მიერ სულ-დართულ დაჯდა განსუენებად და აღებად ბევრისა ბევრეულთაგან ნიჭთა მცირედ მცირედისათა.
და ეგრეცა აღვსილმან საჭურავთა და საჭურჭლეთა მიერ, აღმსხმელმან ჴელმწიფეთა და დიდებულთამან, აზნაურთა და მონათამან მარადის, სამ დღე დამყოფელმან კართა ანისისთა და მაურვებელმან ქალაქისამან და მას შინა დამყენებელმან ამირისამან და ლაშქართა ამყრელმან პირითა მხიარულითა წარმოავლინა მახარობელი წინაშე ფილოსოფოსთა და პატრიაქისა, რომლისა ლოცვა თანამწედ ჰქონდა. და თჳთ ნათლითა პირითა პირველად მივიდა გამზრდელისა მისისა წინაშე, თამარსა დედოფალსა დედოფალთასა, რომელმან დაივლტო პირველად ცრემლითა და მერმე სიხარულითა გარდარეულითა. და კუალად შეეყარა ცოლსა თჳსსა ურცხუენელითა პირითა და ახოვნითა სახითა.
ამას ესევითარსა მისსა მორჭეულობასა და გაზეებასა და აღმატებულებასა რომელმან [11] აღვლნა ყოვლითურთ საზღვარნი პაპათა და მამათანი, და განისმა ამოწყვეტა შამისა და ჯაზირის, სომხითისა და არზრუმის ლაშქართა, ჴელმწიფეთა და დიდებულთა. მიესმა სულტანსა ხუარსნისას და ერაყისასა, და ხალიფას მპყრობელსა დიდისა ბაბილოვნისასა და ცრუ სჯულისა მდებელსა სარკინოზობისასა, და ვარაზგ ათაბაგსა სპარსეთისასა. და მწუევართა და შემკრებელთა ისლემობისათა მოაჴსენეს და ძებნეს ცაეცხლითა განლეულნი ძუალნი ზორო[ა]სტროსისნი, რომელი იყო პირველ[ი] მეფე და ვარსკულავთ-მრიცხველი სპარსთა შორის, რომელთათჳს ითქ[უა] ესრეთ: "ვიდრემდის გაქუნდეს ესე, არა მოაკლდეს მეფობა სპარსთა". და შეიყარნეს რანს და მომართეს ქუემო კერძოსა ქუეყანასა სომხითისასა, და მოადგეს ციხესა გაგისასა. აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველნი საზღვარნი.
ცნა ესე სახელგანთქმულმან და უძლეველმან მჴედარმან და უებრომან ჭაბუკმან გიორგი მეფემან და მსწრაფლ შემყრელმან შვიდთავე მისთა სამეფოთა, იმერთა და ამერთამან, და გამოასხნა ოვსნი და ქუეყანანი დიდძალნი და მომართა სულტანსა, მყოფსა აურაცხელითა და უამრავითა ლაშქრითა. რამეთუ იყვნეს აქეთცა სიკეთე და სისრულე დაუსრულებელი, და მომართეს და გავიდეს [ადგილთა] მათ, ლაშქართასა. და ვითარცა ცნა ესე სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა ფალავანთა და დიდებულთა მათთა, თქუეს ვითარმედ: "არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა და უფროსღა გაგის შინა მყოფთა განვლეს წყალი ეკლეცისა, რომელსა შინა მსწრაფლ მსრბოლობამან და ჯარმან [შეაყენა ისინი], და ეწივნეს მწუერვალნი ლაშქართანი, დაუწყეს ჩამოყრა.
ესე ვინათგან ცნა ჴელმწიფემან და სუე-განდიდებულმან, მკლავმან აქილიანმან და გულმან მაღნინტოანმან, მიეტევა სახედ მჴეცისა, გარნა უქმ იქმნავე ესევითარ[ი] [12] ძლევად განმზადებულება. ანტაკრა ექმნეს ვიეთნიმე დიდებულთაგანნი ვიდრე სადვეთაცა დაჭიდებადმდე, ხოლო უფროსღა ვარდან კოლონკელის ძე, რომელსა მას ჟამსა ერისთაობაცა ეპყრა ჰერეთს, კაცი დღითა მომწჳსებული და ბრძოლათა შინა ძლიერი და გამოცდილი. ნუ უკუე შურმან და მტერობამან ყო ერთი-ერთისამან. რამეთუ კეთილისა და სრულისა ნაქმრისა დარღუევა ორთა ვნებათა მიერ; ანუ მოკლებისაგან ძალისა, ანუ შურისა. ხოლო ურჩეულეს ყოველთა ძალთა და ყოველთა ზესთა ძეს [ღმერთი] ვითარ მბადი ყოველთა ძალთა და მოქმედებათა. და არავინ ეკუეთნეს მის მიერ ურჩეულესად დაბადებულსა მოკლება[დ] ოდესმე ძალისა. რამეთუ მიზეზთა მიერ ზესთა ძალთასა აღეგო იგი. კუალად თუ შურისა მიერ დასდევ იგი დასარღუეოდ, ვითარ ეგოს ურჩეულესი ყოველთა თჳს ზემო მქონეობასა და ბუნებით-კეთილობასა შორს? რამეთუ უცხო არს კეთილისაგან შური, ვითარ სახენიცა ცხად ჰყოფენ.
და არა მიუშუეს მეტყუელთა ამისთა; "ვინათგან გაქცეულა სულტანი ყოვლითა სპითა მისითა, ნუღარა აღზევებულ მკადრებლობ ღმრთისა". ესრეთ მიზეზი უმიზეზო, სიტყუა უსიტყუე, საქმე უქმი. გარნა ვინათგან მეფე ცნობითა ბრძენი და მომსმენი იყო, დამორჩილებული კუალად ეგო, გამყრელი ლაშქართა თჳსსავე შუებასა, სიხარულსა და ნადირობასა.
შემდგომად ამისსა სულტანი და ათაბაგი ყოვლითა ძალითა მათითა და სპითა მათითა აღვიდეს გელაქუნად, მომტყუებელი ძალისა მოვიდა და მოადგა კართა ანისი[13]სათა, და ზემოთ შაჰარმენი და ყოველი ჴელმწიფე არაბეთისა. მას ჟამსა შინა ანისსა განამტკიცებდა თორელი, დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე, და განამზადნა საბრძოლველნი და მანქანანი, დამრღუეველმან და მარბიელმან და ამაოჴრებელმან გარეთთა ქუეყანათამან.
ესე ამბავი ვითარ მოისმა ქუეყანასა ამას, და მიიწია წინაშე მეფისა, რომელი მცირედითა ლაშქრითა, მონადირე და მხიარული, დგა შორის მთათა ლორისა და დმანისისათა. რომელსა წინაშე მოსრულ იყოცა მოციქული სულტნისა, კაცი მოგჳ და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართა დგომისა, ვითარ ითქმის ინდოთა აღწერილსა ქილილა-დამანასა შინა იგავი ბუთა და ყუავთა, ეგრეთვე ამან, სახედ ყუავისა გამომცდელმან ლაშქართამან, მოისხნა ფრთენი და აფრინდა, და მივიდა წინაშე სულტნისა და ათაბაგისა, და მეტყუელმან ესრეთ თქუა: "აჰა, ჟამი კუალად-გებისა ჩუენისა. უკუეთუ აწ არა მიხუდეთ, სხუა ჟამი ვეღარა ჰპოვოთ".
ვინათგან იხილა მცირედითა მდგომი, და განლაღებული ამას ზედა ძალითა შემმართებელითა მკლავ-მაგრისა, სუე-ამაღლებულისა მეფისა წარმმართველმან ღამისამან ჟამსა განთიადისასა მძინარეთა ზედა დამსხმელ ექმნეს ესრეთ, რომელ ძლითღა იჴუმია სწრობა შეჭურვისა და [ა]მჴედრებისა. ამას ზედა ივანე ამირ-სპასალარმან და სხუათა დიდებულთა კნინღა და შეპყრობისა სახედ წარმოიყვანეს და გამომართეს მეტყუელთა ამისთა: "ნუ უკუე, მეფევ, ჟამი არს ომისა, და ჟამი არს სივლტოლისა, ვინათგან ყოველსავე საქმესა ჟამი მიაჩანს. რამეთუ ოდესმე ალექსანდრეცა იძლივა დედაკაცისა მიერ, და ეგრეთვე სამბსონ [დალილასაგან და სოლომონ] სიბილასაგანი". და [14] სხუანი სახენი ჴელმწიფეთა ძლეულებისანი წინაუყენეს, - "ნუ უკუე რათამე განვარისხეთ ზე-მეპყრი შარავანდედობისა შენისა და საწთოდ იმამებრივა მამამან ძისა სწორად აღზევებულსა ძესა დავითიანსა ზედა. ვინათგან იგი საულისაგან იდევნებოდა, მეფე და წინასწარმეტყუელი, უფროსღა მამად ძისა ღმრთისა განჩინებული. აწ ჩუენცა თავსმდებელთა ვიჴუმიოთ სივლტოლა, და კუალად შემძლევმან ძლევათამან ჩუეულებითავე მოგუაგოს უძლეველობა".
და ესრეთ იძულებითა წარმოყვანილი და გამომართებული მრავალგზის იგი და მისნი მოყმენი რაზმსავე შინა იპოვნეს გარე-უკუნმქცეველნი და დამჴოცელნი სპათა მისთანი, რომელთა ესევითარი სიმჴნე, უცხო და განსაკრთომელი საქმე [იხილვა, რამეთუ] არა დიდებული, არა აზნაური, არა ვარგი და საცნაური აზნაურის ყმაცა დაკლებულ იქმნა მათ ლაშქართა შინა, თჳნიერ ერთისა ჯუარი[ს]მტვირთველისა ქანის ძისადა ერთისა ბედითის კაცის აზნაურის კიდე, გარნა ჯუარი წარმოყვანებულ იქმნა მშჳდობით.
ჵი, განსაკრთომელი სიმჴნე და სიქუელე და ჴელი საუფლო! ვითარ რომელთა წყობათა შინა სმენილ არს, გინა ძუელთა გინა ახალთა, ესრეთ უვნებელობა უგრძნეულად დამსხმელობასა შინა შემდგომად ამისად და ვინ[ა]ცა იხილეს ისლემთა განმფრჴობი ჴელთა მათთაგან, მეტყუელთა ესრე განიზრახეს: "ვინათგან უგრძნეულოდ დამსხმელთა ვერ ჴელთ ვიგდეთ, აწ გრძნობილისა დევნა-[დევნა] არს აჩრდილთა და წიაღითა პყრობა ქართა. აწ უკუნ ვიქცეთ, რომელი მოგუცა ღმერთმან ამისნი მმადლობელნი, თჳსადვე მამულად".
[15] ხოლო ესე ესრე სახედ იპყარ ყოველმან მცნობელმან და წარმკითხველმან ამისმან: "საზღვარი დასდევ და არა გარდაჴდეს. და ვითარ მზე, დიდი ბასილი, მნათი კესარი[ი]სა ბუნებითმეტყუელობასა შინა არსთა ქმნილებისასა "ექუსთა დღეთასა", [იტყჳს], ვითარ: "ჩიტი ალკუნი ბაგესა ზედა ზღჳსასა დამსხმელ იქმნების კუერცხთა, ოხრანი და ღელვა-ტეხილობანი ზღჳსანი ვერ გარდაჴდებიან ბრძანებასა ღმრთისასა; და მცველ ექმნების თესლოვანებასაცა ალკუნისასა". აწ უკუეთუმცა მიუშუა ზენასა განგებისასა და არა წინააღმდგომ ჰქონდეს გაქცევასა სულტნისასა, დამცაქაცეულ იყვნეს ყოველნი მაღნარნი სარკინოზობისანი. და ეგრეთვე, არათუმცა უკუნ ექცივნეს შიშსა და სიმჴნესა მეფისასა და სპათა მისთასა, წარტყუენილ იყვნესმცა უმანკონი არენი და ადგილნი.
შემდგომად ამისა უბოძა ანისი თჳსსავე მემამულესა და ითაყუანა თავისა თჳსისა ყმად. და თჳთ შემოეხუეწა ელდიგუზ ათაბაგი და ჩამოდგა შუა სულტანსა და ქართველთა, და ითხოვა ზავი. აქეთ დედოფალი რუსუდან, და[ჲ] მათი, სულტნის ცოლყოფილი ჩამოდგა, და შეიქმნა მშჳდობა და ზავი ჟამ რაოდენმე.
თჳთ მეფე დაჯდა სიხარულად და განსუენებად და ნადირობად. ოდესმე, ჟამსა ზამთრისასა, გარდავიდის ლიხთ-იმერეთს და მიუწიის ზღუად პონტოსა, მოიწიის და მოინადირის ალანთა ქუეყანა, რომელ არს აფხაზეთი, ოდესმე გურგენის ზღუადმდე. და ამას შინა სუფევდა და იხარებდა სუფევითა ულუმპიანითა. და ვინათგან უღონო იქმნეს ლაშქარნი და დიდებულნი ამის სამეფეოსანი, მკადრებელნი [იტყოდეს] ესრეთ: "არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თჳნიერ ლაშქრობისა და რბევისა" და მომსმენელმან მეფემან წარსცნა ზავნი და ფიცნი შინა და ესრე სახედ ილაშქრა ლიხთ-იქით [16] ყოფასა შინა დამსკუნელმან ლაშქრობისამან და ერთსა დღესა შინა პაემან-შემქმნელმან უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევა ოლთისიცა და ბანისა, მესხთა და თორელთა - კარისა და აშორნისა, და ამირ-სპასალარსა და სომხითართა - აქეთ ვიდრე განძამდის; თჳთ ხასაგანიანთა, ლიხთ-იმერთა და ქართველთა - განძას დამართებით მტკურის პირი იმიერ და ამიერ ხოლთამდის, ჰერთა და კახთა - ალაზნის შესართავით ვიდრე შარვანამდის. იქმნა ესევითარი უცხო ლაშქრობა, რომლისა სი[გ]რძე არაოდეს ვის ეხილვა.
მჴნედ და მსწრაფლ მავლობისა მისისა რომელთამე ვინღა თქჳს? ნუ უკუე და უმსწრაფლეს ამბაკომისა, დანიელის ანუ თუ ილიასი, სინასა შინა წვიმისა ერთი ღრუბლითა შემკრებელისა ანუ თუ ელვისა ეტლითა აღმავალისა? ნუ უკუე და ჰნიელ მსგავსი მღასოსა, ფერჴთა წყალ-მცენარისა, ანუ ვეფხისა მის ფრთოვანისა წამსა შინა მლაშქვრელმან და აღვსებულმან აურაცხელითა და მიუწდომელითა საუნჯითა გარდმფრინველობისა ნავროზობითა გეგუთსვე ეგო, რომელ მუნ მყოფთა ძლითღა სამე ირწმუნეს ყოფა ამისი.
ხოლო აწ ესევითარნი რა ენამან, ანუ რა გონებამან თჳთეულისა ჴელ ყო მოთხრობად, საწყენ სამე იქმნას აღწერილი განგრძობითა სათქმელთათა. ვინათგან დავითიანობა და სოლომონიანობა მოჰგვარობდა ცხებულსა ღმრთისასა, ამასცა სოლომონიანებრ ჰმონებდეს ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.
მოვიდა ოდეს ანდრონიკე კომნიანოსი ცოლითა სახებრწყინვალითა და შუენიერითა, [17] თანა შვილებითურთ და დისწულითა, მამის ძმისწული დიდისა მანოელ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა მეფისა. და ვითარ მართებდა, ეგრეთ მმადლობელმან ღმრთისამან შეიწყნარა და მისცა პატივი შესატყჳსი სახლის-შვილობისა მისისა. და მიმცემელმან ქალაქთა და ციხეთამან კმასაყოფელთამან დაუდგნა საჯდომნი სიახლესა საყდრისა თჳსისასა, პირისპირ მამის დისწულისა მისისა აღსართანისასა, რომელი მეფე იყო შარვანისა და ზღჳს პირისა დარუბანდით ხირხალამდის, რომელი მეფესა უჩნდა ვითარცა შვილ-ყოფად ვითარცა ერთი დიდებულთა მისთაგანი. ესე შარვანშა შემოეხუეწა ოდესმე დაჭირებული დარუბანდელთა ხაზართაგან. მაშინ შეიყარა ლაშქარი იმიერით და ამიერით, თჳთ ძმა ბერძენთა მეფისა ანდრონიკე წარიყვანა წინაშე და მივიდა ვიდრე კართამდის დარუბანდისათა. მოაოჴრა ქუეყანა მუსკურისა და შარაბამისა, და აიღო ქალაქი შაბურანი, რომლისა კართა თჳთ მჭვრეტელობასა შინა მეფისასა მოსაწონელ იქმნა ანდრონიკე თჳთ მისგან და ყოველთა სპათა მისთაგან. და უბოძა ქალაქი იგი მამის დისწულსა მისსა შარვანშას, და მუნიდაღმან, მომრბეველი ბასიანისა, რომელი-ესე უცხო იყო შესაძლებელად კაცობრივისა ძალისაგან, შემოქცეული მუნით და გამარჯუებული იშუებდა და იმოთხვიდა საყოფელთა მისთა.
ოდესმე გამგზავნელი სპათა და სპასალართა მისთა, მიუწიის ნახჩევნის კარამდის, ოდესმე მასისამდის და ღაღუამდის, ოდესმე ბარდავამდის და ბელაყანამდის. ამას ესევითარსა მარჯუებასა და ზეობასა შინა განამრავლნა საჭურჭლენიცა, და დადვა თჳთ მისით მონაგები და მისთა ტყუეთაგან მონაგები ციხესა შინა უჯარმოისასა, რომელი აგებულ იყო ვახტანგ გორგასლისაგან, რომელსა შინა თჳთ აღესრულა ლომი იგი ლომთა [18] და გოლიათი გოლიათთა. სანადიროთა ქორთა და ძაღლთა სიმრავლე და სიტურფე და მოკაზმულობა არაოდეს ვისგან ქმნილა, არცა წიაღ-მართ ყოფად არს.
ამას ესევითარსა და სრულყოფასა ყოვლისა სოფლისასა და საწუთროთა გემოთა საწადელთასა მოიწიფა ძმისწული მისი, შვილი დავით ძმისა მისისა უხუცესისა, სახელით დემეტრე, სახე-კეთილი და ყოვლითა ჴელითა მარჯუე, ნასწავლი, მსგავსი სახლიშვილობისა მათისა, გარნა რომელი ცუდ იქმს ყოველთა სიკეთეთა და სწავლულებათა, სახე-უკლებობათა და ჭაბუკებათა, იგი ექმნა მკლველ და შემმწარებელ ჟამთა ცხოვრებისა მისისათა: უშიშობა ღმრთისა და გარდამავლობით მოქმედება სჯულისა ქრისტეს მცნებათასა, ვითარ თანაშთამამავლობა და გუართა უბედურობა ამის სამეფოსა კაცთა. ვინათგან დავითცა. მამამან მისმან, ღალატსა და განდგომილებასა შინა მამისა მის დემეტრესსა ამოსწყჳტნა ამის სამეფოსა დიდებულნი რომელნიმე ექსორია-ქმნითა, რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა, აქაცა მსგავსად მისა შევიდა ეშმაკი გულსა და გონებასა მისსა და მის მიერ შერისხდა ღმერთი ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიმდგომთა მათთა: სამცხეთართა, ჰერეთთა, კახეთთა და სადაცა ნათესავი და ნატამალი მსმენარი მათდა იყო. იქმნა განდგომა, ბრძოლანი, კლვანი, სისხლნი და რბევანი. და არა მიმშუებელმან ღმერთმან, მოქმედმან სამართალთამან, რომელ[მან] დავითის ზე აბესალომს არა მისცა უფლება - რომლისათჳს ითქმის წმიდასა შინა სახარებასა: "უკუეთუ ჰქუას მშობელსა შვილმან "კორბან" - ნიჭი, ჩემგან სარგებელ ყოფად სიკუდილითა მოაკუდინა. ამისთჳსცა მიცსა გიორგისვე ძლევა, მძლეთა მძლესა.
და შემყრელმან ლაშქართამან ტფილისით ქალაქით მიმართა სომხითის მთასა [19] ყოფობასა შინა, იოტნა გააქცივნა, შეიხუეწნა ციხესა ლორისასა, და მოუხუნა ყოველნი სიმაგრენი და ციხენი. ვინაცა წამოუვიდა დემეტრეს სარგის მჴარგრძელი, შვილითა და ძმისწულითა მისითა, ძმა და საყუარელი ორბელთა. ესე შეიყუარა და შეიტკბო მეფემან, და მისცა მისანდობლობა გუარისშვილობისა მისისა. და მომრბეველმან ტაშირისა და ლორის კართამან დაიბანაკა აგარათა. და გაგზავნა ლაშქარნი, რომელნი დარჩომილ იყვნეს ერთგულად მისად და სხუა თემისა და თემის: მესხნი, თორელნი, ქართლელნი, სომხითარნი და თჳთ გაზრდილი მისი მეჯინიბეთ-უხუცესი ჭიაბერი, და მივიდეს ქუეყანასა ჰერეთისასა და მუნით მოვიდეს ჰერეთის ერისთავი და ყოველნი ჰერნი სრულითა ლეკითა და კავკასითა. და შეიქმნეს ჟამნი ფიცხელნი და კუეთარკუეთებანი, რამეთუ იყვნესცა გამოცდილნი და ლომნი ჭაბუკნი. ამას შინა სძლო მსჯავრისა და სიმართლისა მქონებელმან, და გააქცივნეს ჰერნი, დიდებულნი აზნაურნი, და ლეკნი. შეიპყრნეს[...] და გრიგოლ ასათის ძე, ფიცხლა დაიკარგა ომსა შინა, თჳთ ჴრმლის დაკოდილობითა და გამოკლვითა ცხენისათა შეიპყრეს ივანე ვარდანის ძე, რომელი ითქმოდა პირველითგანვე მთხრებლად მთხრებლისად, და თანა შოთაცა, ძე ართავაჩოსძისა. ესენი ვითარცა შინათ-გამცემალნი განზრახ განგებითა ჴელთ იპყრნეს, წამოსრულთა მოასხეს წინაშე მეფისა, მარჯუება-აღმატებულისა. და გაიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, ვინათგან ხედვიდა მარჯუებისა მომცემსა ღმერთსა.
მაშინ მეფე აგარას მყოფი აღვიდა და მოდგა ლორესა. მუნიდაღმან წარსრულ იყვნეს სპარსეთს ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტ. მეჯინიბეთ-უხუცესი ქავთარ ივანეს ძე, რომელნი-ესე გიორგისაგანვე იყვნეს ჴელისუფალნი, და ანანია დვინელი; ზოგნი შაჰარმენისა, ზოგნი ელდაგუზის ძეთასა. დაღაცათუ [20] უშუელეს და მოჰყვეს, ეგრეთვე უქმადვე უკუნ აქცია მართლმსაჯულებამან ქრისტესმან. ამას შინა დაუღონოვდეს ლორეს შინა მდგომნი. დემეტრე, გარდამომბმელი საბლისა, გარდამოჴდა ციხისაგან და მომართა თავისავე ბიძასა. და ამირსპასალარი და სხუანი, რომელნი დარჩეს ციხესა შინა, გამოასხეს მსგავსად სუისა და ეტლისა მათისა. აიღო ლორე და დაიმჭირა თავისა თჳსისათჳს. ხოლო მას ჟამსა თჳთ მორჭმული და ზეამაღლებული წარმოვიდა ურჩთა და მტერთა მისთა [ზედა] და შემსგავსებული საქმეთა მათთა მიაგო მისაგებელი. თჳთ მოვიდა ნაჭარმაგევს, იშუებდა და იხარებდა შემრისხველი მტერთა მისთა.
შემდგომად ამისსა მეორესა წელიწადსა შეიყარა ყოვლით სამეფოთ მისით შემოქცეული ღანუყით ნაჭარმაგევსა. შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა.
[21] განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა ზენისა მის ხუედრისა შარავანდედთა მნებებელისათა მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა. და დაისუა მარჯვენით მისსა მეფე და დედოფალი, შემკული და შემოსილი პირად-პირადითა ფესუედითა ოქროანითა, ბისონითა და ზეზითა, რომელსა ხადა მთად ღმრთისად, მთად პოსილად და მთად შეყოფილად, და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა, ოქროსა მის ოფაზისა, აღმკული იაკინთთა, ზმირთა და სმარაგდოთა მიერ. და მდიდარნი ერისანი ლიტანიობდეს წინაშე პირსა მისსა. და თჳთ მეფე, მაფიცებელი ერთგულობისა და ერთსულობისა მისისათჳს და ცრემლით მლტოლველი და შემვედრებელი ღმრთისა, მაკურთხეველ ექმნა აბრამიანთა ისაკისადმდე, და ისაკიანთა იაკობიასადმდე და იაკობიანთა ვიდრე იოსებიანთადმდე, რომელი ჩანს ვითარ მზე უღრუბლო ჰ[აე]რისა მიდღევანდლად დღედმდე, კურთხევა მამისა შვილსა საყუარელსა, ნანარსა და მშჳდსა დავითიანებრსა ზედა, რომელი მსგავსად ლოდისა მის გამოვიდა მთისა მის, დანიელისაგან ხილულისა, იმატა, იმატოს და მერმეცა იმატა, ვიდრემდის იქმნა მთა დიდ, ლოდ საკიდურ და არა ლოდ შებრკოლებისა. და შემუსრა ყოველი ხატი და ყოველი კერპოვნება ოქროთა და ვეცხლისა, რკინისა რვალისა და კეცისა, რომელიმე უხილავთა ძალთა ძეგლები და ანდრიანტები, რომელიმე ხილულთა მბრძოლთა და წინააღმდგომთა.
[22] შემდგომად ამისა დღეკეთილობასა და სუესრულებასა შინა მოიწია თანანადები სოფელსა ამას შინა, არამედ მოსრულთა, გარნა უჟამო და შეუსწორებელი შემცირებით განწესებულთა მოქცევათა, და მიიცვალა დედოფალი [ბურდუხან], დედა თამარისი, სწორი ძისა ღმრთისა დედისა. და თუ ვითარ ჟამთა. და ვაებათა სიმრავლენი იქმნეს, შესატყჳსნი მოსაწყვარისანი, რომელმანცა ენამან გამოთქუა? გარნა ესეოდენ ვთქუათ პატივად და სიმტკიცედ მოსაწევართა.
მეფესა, გეგუთს მყოფსა, უთხრეს ესეოდენ ზარგანჴდილობა. თმათა და წუერთა ამფხურელმან, მსგავსად მათ აბესალომ ოქრსთმოსნისათა, და ცრემლთა ნაკად-დენითა ათასეულთა და ბევრეულთა მცემელმან მკერდსა, მკულელ უღონო ქმნილმან აღიკუეცნა თმანიცა თავისა მისისანი, სოფლისანი, და ესევითარითა შემუსრვილითა [გულითა] აღისწრაფა შეყრა საყუარელისა და ტკბილისა დედისაგან უსამშობლო ქმნილისა, რომელსა ნათელი ცისკროვნება ჰაერისა მისისა სიმრუმედ გარდაქცეოდა. და ნაკადნი ცრემლთანი ოთხთავე თუალთაგან, მოხუევასა შინა ურთიერთას, მსგავსად სამოთხისა მომცენარეობდეს სახედ გეონისა, ვინათგანცა ესრე იქმნა ქუეყანა ქართლისა, კუალად ნუგეშინის-მცემელი და შემატკბობელი შვილისა საყუარელისა და სატურფოსა უმეტეს ზომისა იმედის მდებელ ექმნა ორკერძოვე სიყუარულისა მინიჭებითა და ჟამისა უქმნელობითა. დააგდო ქართლი და მიჰმართა ჩაღმართ. ვითარცა წესი იყო, რა გარდაჴდა ჟამი ამის ვამისა და მისაწევრისა მოქცევისა, კუალად იშუებდა მონადირე მთათა და ბართა, ბრძანებითა მპყრობელი აღმოსავლეთისა და [დასავლეთისა], ჩრდილოსა და სამჴრისა. სძღუნობდეს და სძმობდეს მას მეფენი ბერძენთანი, [იერუ]სალიმს [23] ალამანთანი, და ჰრომთანი, და ჰინდოთანი, და ხონელნი; და ეგრეთვე სულტანნი ხორასნისა, ბაბილოვნისა, შამისა, ეგჳპტისა და იკონიისანი ჰმონებდეს, და შემდგომნი ამათნი სკჳთნი, ხაზრნი, ალანნი, ხუარასანი და ხუარაზმშა, და ბერეთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი და შუამდინარელნი, და ყოველნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით მაღრიბამდე.
ამას ესევითარსა სისრულესა სოფლისა მონაგებთა და დიდებათასა აჰა მოიწია ჟამი ევას წყევისა და ადამის ცთომათაგან დანასაჯი აბელ მართლისათ ვიდრე ზაქარიასა და ძმისა მისისა იოვანესამდის, აღმსარებელთა მართალთასა, ჯოჯოხეთად ტვირთვად სამოელ მკლველისა ჩუენისა და თჳთ თავისა მკლველისა, ცით ცათათ უფსკრულად ქუესკნელსა შთასრულისა, ანგელოზობისა და ნათელ-მოსილობისა სიბნელედ მყვისა და ეშმაკად გარდაქცეულისა, რომლისა ჴელთა შინა იპყრობოდეს მყუარებელნი და ყუარებულნი ღმრთისანი. ამისად ჴსნად მნებებელმან ღმერთმან კაცთა ცთომილთა კაცობრივითა სახითა იმოქმედა, არა ძლიერებისა მომმძლავრებელმან, ვინათგან ოცდა ათცამეტთა წელთა ქმნენ ნიშნი და სასწაულნი და იმეუფა ქუეყანასა ზედა მეუფემან და მექმემან ცისა და ქუეყანისამან. ამისად შემდგომად, თავისა-მსხმელმან ცოდვათა და ცთომათა მედინისა ამის და ხრწნადისა სოფლისათამან, მიიღო სიკუდილიცა უკუდავმან, გარნა ჴორცთა ჩუენისაგან თბისა, ჩუენისა დაჴსნისათჳს, ჩუენისა მიმხუმელმან. და ვინათგან ღმერთმან და ძემან, უწინარეს საუკუნოთა უკუდავმან, არცაღა მისგან მოსილნი ჴორცნი უკუდავ ყვნა, სხუა რამცა ვსახე, სხუა რამცა გავისახე, რამცა ნუგეშინის-მცემელი სხუა რამცა, ოთხთა სტჳქოთაგან დამჭირვად სული სხეულსა შინა მსმენელმან ამისმან? თუმცა [პირ]ველ იგი მზე მზეთა და შარავანდი ჴელმწიფობისა, ახალი [24] ნებროთ, ალექსანდრე და აქილევ, ქუეყანით ცად მიიმართა, და ამანცა მასვე მსგეფსსა მის ვნებისასა ივნო; ესრეთ "ვითარცა იგი ცათა შინა, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა": ვინათგან მან ჴორცითა, სიგლახაკითა და სიმდაბლითა, წარვლნა ჟამნი ოცდა ათცამეტისა მოქცევისანი, ხოლო ამან არა ესრეთ, გარნა ვითარცა სახედ-ჩენილმან ღმრთისამან.
ესერა ესევითარი საგოდი და მოსაწევარი მოსაწევართა, განსახეთქელი კლდეთა და განსაპობელი კართა საბლისა და საშინელება შთამოსაცჳვრი მანანათა და ვარსკულავთა, ესმა სამ-მნათობიერსა მეფეთ-მეფისაგან მეფედ ქმნულსა თამარს ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს, ყოვლითურთ სამოთხის მსგავსი სამყოფი იქმნა მსგავს ჯოჯოხეთისა, და შუებათა წილ და სიმღერისა აჰჴდეს ჴმანი ვაებისა და ტყებისანი, და ნათელთა წილ მიუაჩრდილებელთა შეიმუსრნეს არსნი და საგონებელ-არსნი. და თამარი, პირი იგი ეთეროვანი, და უკიმირო ჰაერი, და უმრუმო ნათელი შეიზღუდა ბნელითა. [თმათა] დამთხურელსა თამარსა უსწრობდა წყარო სისხლის წყაროსა ცრემლთასა. და წარსრულმან პატრიაქმან და დიდებულთა კმასაყოფელთა წარმოიყვანეს სამშჳლდით, მთხრობელთა საზაროთა და საშინელისა და მიუწდომელისა სათქმელისათა, [დაჲ] მეფისა დედოფალი რუსუდან თანა გაზრდილითა მისითა, რომელთადა შემყრელნი იყვნეს. მომსუეველნი ურთიერთისანი და მოლტობილ[ნ]ი სისხლ-რეულითა ცრემლითა შევიდეს ტაძარსა სამეუფოსა. ამხილველთა თუალთა მათთასა, მხილველთა საყდრისა ცამდი ამაღლებულისათა ნათელმზე-გაბაონიანისა და [25] შუქის-ჰალონიანისა საჯდომისა მარმენიონთა და სუეთაგან პოეს დაცლილად. მიმოიხილეს გარემოს და იხილეს მიქაელ პატრიაქი ყოველთა ებისკოპოზითერთ მდგომი ვაზირი ანტონი, და ამირსპასალარი ყუბასარ, და სხუანი ჴელისუფალნი: ყუთლუ-არსლან მეჭურჭლეთ-უხუცესი, ვარდან დადიანი ჩუხჩარხი, ჭიაბერი მეჯინიბეთ-უხუცესი, აფრიდონ მსახურთ-უხუცესი, ივანე[...] და დიდებულნი აზნაურნი მონანი და მოყმენი თანა პორფირი და გჳრგჳნი სკიპტრითა და საჭურველითა სჳანად ჴმარებულითა. და კუალად ამხილველთა იხილეს კედლებიცა სრისა სავსე მეომართა, რაზმები, სპები, მონასპები, ქალაქები და ციხეები აწყუედილი და ოჴერ-ქმნილი. და თჳთ იხილეს ტანითა გორგასლიანითა და მკლავითა აქილიანითა და პირითა მნათობიერითა კაცი იროად საგონებელი. რომლითაცა ენითა გამოთქუან ანუ რომელიცა შემოვიდა სახე უსახოსა მის დღისა? რანი გლოვანი, რანი ტყებანი, რანი ვაებანი, რანი სისხლ-რეულთა ცრემლთა ნაკადნი ათასკეცნი რანი მოთქმანი და მოჴსენებანი ადამისნი აბელის მართლისადმდე, დავითისნი იონათანისადმდე და იაკობისნი იოსებისადმდე.
ამას ესევითარსა უნუეშინის-ცემულობასა უჭურო-ქმნასა სხუაებისასა, შთაცმასა და დაფენასა ძაძისასა, კიდე-ქმნასა ყოვლისა სანოვაგისასა - ესენი ესთამდის.
ხოლო ამიერითგან ვიწყო წყობად, ბრძოლად გონებისად მიმზიდავმან, და მკუეთებელმან მსგავსად ქვისა და რკინისამან აღმოვშობო ცეცხლი სიყუარულისა და ქებისა და სურვილისა, აღვატყინო და აღვამაღლო საჴმილი ცამდინ. მუნ შიგან აღმოვაჩინო ეთერიცა ცეცხლისა და ქუეყანა ცეცხლთაგან მლეველი ურჩთა და ცეცხლებრ ღონე და მოჴმარებული მეგობართა და მოყუარეთა. თუ მაშინ ნაბუქოდონოსორ სამთა ყრმათა თანა ოთხებად იხილა ერთი სამებისაგანი, აქა კულად სამებისა, თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული.
ხოლო შემყრელთა შჳდთავე ამის სამეფოსა მეთქუ-მეტყუთა ჰკადრეს და მოაჴსენეს [26] დედოფალსა რუსუდანს: "დღეს შენა სჩან მშობელთა ამათთა ნაცვლად და ვინათგან ვხედავთ ყრმასა თამარს გონებითა და ყრმებრივითა, არამედ მეცნიერ[ი]თა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა, მომსმენელად და პატივისმცემელად შენდა, ხუედრთაებრ ჩუეულებითა, და უჩინოდ გხედვიდეს სახედ მშობელთა, არქუ მთქმელმან-მბრძანებელმან და მომჴსენებელმან შეცვალება. ამის ესევითარისა შეითისაგან და, სადა ძმასა თქუენსა და მამასა მათსა დაუსუამს ზეობასა და სიმჴნესა შინა მათსა, მუნ ჴელ-ყოს განბრწყინვებად ჴელმწიფობასა და შარავანდედობასა ტომის-გუარისა თქუენისა. უკეთუმცა არა შემეცნებულ იყო სისრულესა და პყრობასა ულუმპიანობისა და, ზეშთა სთქუათ, ამთავრებისასა მანიაკი იგი გჳრგჳნი მეფობისა, არმცა მრწმუნებელ ქმნილ იყო საყდარსა დავითისსა და ბეჭედსა სოლომონისსა. აწ ვინათგან მან ჴელ-ყოს ჴელითა მეფობასა და კურთხევითა გჳრგჳნოსან-ყოფად აღვიდეს, და ამაღლდეს და და ოდეს საყდარსა თჳსთა მამათასა აღპყრობითა და აღძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა და კურთხევითა მელქიზედეკისათა, რომელი ყო აბრამის მიმართ, და მან დაიპყრნეს კიდენი ქუეყანისანი და მეფობდეს იგი ზღჳთი-ზღუადმდე".
ამისმან მსმენელმან, მომწონებელმან და მაჯერებელმან დედოფალმან უბრძანა და მოაჴსენა თამარსა, მეფესა და დედოფალსა და მორჩილებდა პირველსავე ბრძანებასა აწ კადრებულსა დიდებულთა შჳდთავე სამეფოთასა და, მსმენელი ჰაჯისა, ძალითა-სამე დამორჩილ იქმნა.
აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა [მამა]-პაპეულთა აღსუეს მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა. და მოიღეს გჳრგჳნი, და აღიღეს ჴმა მგალობელთა და ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ-მფლობელობისა, და მოაჴსენეს მთასა ზეთისხილთასა ჯუარი გამოჩენილი კოსტანტინესთჳს. და ამას ესევითარსა შესხმასა და გალობასა შინა, ვინათგან ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გჳრგჳნსა თავსა სამეუფოსა, აწჳეს მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი, მთავარ[27]ეპისკოპოსი ქუთათელი ანტონი საღირის-ძე, მიღებად გჳრგჳნისა, და ცალის-კერძისა კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა და სრულ ყვეს მოჴელეთა სჳანთა და დიდებულთა ვარდანის-ძეთა, საღირის-ძეთა და ამანელის-ძეთა მოღება და დადება ჴრმლისა. ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა, და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული და შუება და იმედი უიმედო-ქმნილთა. თაყუანისცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შჳდისავე სამეფოსათა. და დაიპყრა ჟამიერად თჳთოეულმან თჳსი ადგილი. თამარ შჳდ-მნათობიერი იდიდა მისგან, რომელმან წამოაჩინნა და აღმოაჩინნა ექუსთა შინა დღეთა ყოველნი არს-საჩენნი და განსუენებად სცა მეშჳდესა.
ესე თამარ არს, რომლისათჳს თქუა განსუენებად სულსა შინა მშჳდსა და წრფელსა და მოქადულ იქმნა მოქმედი აღზრდილისა აღთბებისა. აწ მხილველმან იხილა და იყო ნათელი უმეტეს ნათლისა მის პირველისა, "და იყო ნათელი და უწოდა ნათელსა მას დღე", ამას უწოდა ნათელი ულუმპიანთა შორის დიდსუეობისა. და ამან, განმზადებელმან სიბრძნისა შჳდთა სუეტთამან, აღაშენა მათ ზედა ტაძარი და სადგური შჳდთა მადლთა შჳდთავე სამპყრობელოთა განმანათლებელად. და შჳდგზის დღესა შინა მადიდებელმან ღმრთისამან შჳდწილ განწმენდილ ყვნა სიტყუანი სახედ მობადისა და მეფისა, ვითარ იტყჳს რომელსამე ესაია და რომელსამე დავით. "და პატივისმცემელი შჳდთა უფროსღა ნაწილ-ჰყოფს და მერვისა მისთჳს, სიტყჳსაებრ სოლომონისსა, განმაბრწყინვებელი შჳდ არვედ ერთად; კუალად შჳდცა და სამეოცდაათ შჳდცა ყვის შჳდეულსა თჳთოეულსა შინა შემნდობლობა ბრალეულთა. და შჳდთა მათ სარტყელთა [28] ცისათა და მნათეთა სფეროსთა. რომელ არიან: კრონილს, ზევს და აფროდიტე, ერმი, აპოლონ და არეა-ამათ შეასახა სფერო მიწიერი ხუთთა მათ საგრძნოს-ცნობათათა შჳდმყოფელად თანადართვითა სულისა და გონებისათა, და ოდესმე რომელიმე აღებაძვის ზენასა მნათსა ქუენა მნათი, გინათუ შუენებითა უცხოთა და უსახოთა, გინათუ სიბრძნის-მპყრობელობითა, გინათუ მზეებრ უხუებითა და მომფენობითა მართალთა ზედა და ცოდვილთა ზედა გინათუ მძლეველობითა სძლევდა საჭიროთა მიმართ.
და ესრეთ განსწავლნა ხუთნივე საგრენობელნი, და შეიზღუდა შიშითა ღმრთისათა, ხედვა, ყნოსა, სმენა, გემოს-ხილვა და შეხება, და ულიქნავად სატანას და გუელისა მიერ და ესრეთ მარად წარმდინარე ესე საწუთო და ქუე დამზიდველი, მსგავსად სოლინართა, შეუხებელმან ბიწისამან უვნებელად წარიჴადნა, და ესეოდენთა დიდებათა და სიმდიდრეთა გარდარეულთა და სიმაღლესა შინა ესრეთ იყო, ვითარმცა ყოვლად არა რაჲ ჰქონებოდა, და უადარეს და უგლახაკეს ყოველთა კაცთასა შეერაცხა თავი თჳსი, მომჴსენებელი ჴმისა მის: შიშველი გამოვედ დედის მუცლით ჩემითგან. და შიშველსა მეგულების წარსლვად. და ესეოდენსა ამა; ღმრთისმსახურებასა და კრძალულებასა შინა ნუ უკუე ქუეყნიერი ესე მეფობა უდიდებელად და განუგებელად დაუტევა, ნუ იყოფინ, არამედ უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა და ფილოსოფოსთასა, კეთილად განაგო, და შეამკო, და წარმართა, რომელი-ესე შეუძლებელ არს სხუათა კაცთა მიერ ჴმისაებრ სამეუფოსა, ვითარმედ: ორთა უფალთა მონება შეუძლებელ არსო, არამედ ამან პირველად მეძიებელმან სასუფეველისამან და ზენასა სუფევისა მოსურნემან ქუენაცა ესე დიდება და სიმდიდრე უხუებით და სავსებით მიიღო აღთქმისაებრ უტყუელისა: "პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს. რამეთუ აღიმაღლა მაღლად გონება და მდაბლითა სულითა განიცადა სიდიდე საქმისა მისდა ხუედრებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თჳსსა ზედვა, და ვითარცა ორბმან ფრთე-მალემან აღიფრინვა ზე და მიმოავლნა გუგანი სახედველთანი.
და სივრცითა გონებისა თჳსისათა შემოიკრიბა ყოველივე საღმრთონი და საერონი წესნი და განგებანი.
[29] ამათ და ესევითართა მნათთა და ზოდთა თუ ვინ ეძიებს, თჳს[თა] ძალთა თჳთებასა აღაორძინებს თანაჰასაკისასა უმეტესად-უმეტეს. გარდაითავისა მონაბერმან ზენათა სუეთამან ავღუსტიანმან, ვითარცა სამოთხე, დასხმული ჴელითა ღმრთისათა და სულნელებითა მით მადედლებელითა საყნოსელთათა. და შეკრიბნიან შორის მისსა ძღუენნი გონებათანი და სულთანი, გრძნობათანი და ნერგოვნებათანი; და გონება ღმერთუქმნია და სული მხედ მსედავისა არსთასა, და მუნ შინა ჰგიეს, ულიქნავი სატანას და გუელისა მიერ. აჰა იხილვებისცა, ვითა სოლინარი, მცენსა თანა მედინთა ნაკადისათა, და ვითარ პითოდორა და კრიტია შენებულთა ხედვათაგან განსაცადნი. და ჴელ-ყო ქაიხოსროს მსგავსმან ჴელმწიფემან წყალობად და შეწყალებად, განცემად და მინებებად. განჴსნილითა მით თუალითა განჴსნა საჭურჭლენი მონაგებნი პაპათა და მამათა მისთანი. პირველ ესეოდენი ნაწილი დაუდვა პირველსა მას და კუალადსა და პირველისა მის ზეცისათჳს და კუალადისა ქუეყანისა ჩუენისათჳს, რომლისა მცნებანი იპყრნა, მაღლისა და განურყუნელისა, განრყუნად შეუხებელსა ადგილსა დამდებელმან; და ესეოდენისა დღეინდლადმდე წარმო[მ]დგინებელ იქმნა დარსა წარგებად მშობელთამდე. რომლისა რიცხჳ ურიცხუ არს და ჰამარი უჰამრავი. და იჴსნნა მოვალენი ვალთაგან, და მისცა ობოლთა ღონე და ქურივთა ჴელმწიფობა ქორწინებად, და ღონიერ ყვნა გლახაკნი და მდიდარ ღონიერნი. და თჳთ დედოფალი რუსუდან სწორად აღსარებულ იყო, თჳთ მისთჳს და გაზრდილისა მისისათჳს, მიცემითა ქალაქთაცა, ჴევთა, სოფელთაცა სამსჭუალთათა.
[30]ამას ესევითარსა შინა დაწყებასა წყალობისასა იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქუემოთა შჳდთავე თემთასა იწყეს რომელთამე ძუელებრი კაცთა დაუდგრომელობისა შე[მსგავსებული] საქმე; და დიდებულთა ვიეთმე ჴელისუფალთა ყვეს ფიცი ესრეთ, ვითარმედ: "აღარ ვეგებით ძუელთა ჴელისუფალთა და გამგებელთა საქმისათა ფარმანსა ქუეშე მყოფნი, ვინათგან მათგან დაძრცვილნი და უნატოდ გაძეულნი ვართ, და გუარიანნი და მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახელოდ გასრულ ვართ უგუაროთა და უჴმართაგან".
დაღაცათუ ერთგული და კარგი მოყმე და ჭაბუკი იყო ყუბასარ, გაზრდილი პატრონთაგან, და იყო ამირსპასალარი და მანდატურთ-უხუცესი, გარნა სენისა მიერ ფილენჯად წოდებულისა მოღებოდა ენა, ჴელი და ფერჴი. და აწჳეს მეფესა თამარს მოღებად ყოვლისა დიდებულისა ქონებისა და სიმდიდრისა, გარნა უქმ იქმნა განზრახვა მათი, ვინათგან თამარი სახიერ იყო და მოწყალე, მოიჴსენა სიყუარული, სამსახური და ზრდილობა მისი, თჳნიერ ჴელისუფლობისა და ლორისაგან კიდე არა რა დააკლო, და ეგრეცა სიყუარულითა დიდითა და პატივითა დაიჭირა დღემდი მიცვალებისა.
კუალად აფრიდონ, აზნაურისა ყმობისაგან ღმრთის მობაძაობითა კაც-ქმნილი, მიიწია მსახურთ-უხუცესობამდის, თმოგვისა და სხუათა ციხეთა და ქუეყანათა პატრონობამდის აღზეებული, - მოიშალა და დაიმჴო ნებითა დათნევითა ლაშქართათა. და ბრძოლამყოფთა ჴელისუფლობისა და დიდებისათჳს ურთიერთს დაუწყეს ზიდვა.
და ესეცა უცხო მოსაგონებელი: ყუთლუარსლან, ცხოვარმან ჯორის სახ[ედ] ორ ბუნებისა მყოფელმან, ვითარ მისცემს ბიჭთა გონებისა მზაკუარება, მომღებელმან [31] წესსა რასამე სპარსთა განაგისსა, ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა და სანახებსა საღოდებლისასა და თქუა: "დასხდომილნი მუნ შიგა, განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა; მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებული ჩუენი".
ესე ვიეთ საწყენელ იყო - დასასრულისა ჴელმწიფობისა პატრონისასა მიმცემელი - ესრეთ იწყინა, და გაიკჳრვა, და გაიგონა უკლებელმან გონებითა და საუნჯემან სიბრძნისამან. და მოიღონა ჴელით გდება თავისა მის მოქმედთასა და, თანაზრახველ მყოფელმან ერთგულთა და საკუთართა მისთამან, შეიპყრა ყუთლუ-არსლან, მეჭურჭლეთ-უხუცესი და აწ თავისა თჳსისა ამირსპასალარად და სომხითს სომეხთა მეფისა ადგილსა ლორეს დაჯდომად განმზადებული.
და ვითარცა ცნეს ესე ლაშქართა თანაშეფიცულთა და თანაშემწეთა მისისა მის გზად-გამყუელობისა და უკეთურებისათა, შეიყარნეს და უკუადგეს თამარს, დაადგინეს ახალი სიმტკიცე ყუთლუ-არსლანის გაშუებულობისა და, არა მიშუებისა ვნებად მისსა მეტყუელნი, განემზადნეს ისანისაცა შემობმად გარნა ვინათგან ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი შემწე და თანამბრძოლ [ექმნებოდა] მბრძოლთა მათ მისთა, და [32] ვის წილ ამღებელი ჭურისა და ფარისა ეკუეთებოდა დამჴობად წინააღმდგომთა მისთა. ცუდ სამე იქმნა განზრახვა მათი, ვითარ განზრახვა აბიათარ მღდელისა და იოაბ სპასპეტისა, რომელნი ეთანებოდეს ორნიას, ძმასა სოლომონისსა; და ამას შინა თამარ, წარმგზვნელმან ორთა საპატიოთა დიოფალთამან, რომელი იყო ერთი ხუაშაქი ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთ-ერისთავისა რატისი, და ერთი კრავაჲ ჯაყელი, დედა აწ მყოფთა სამძივართა, უბრძანა ფიცით მონდობა და სხჳსა არავისი ბრალობა. და მოჰყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა და წინაშე მოსრულთა დავრდომით თაყუანის-ცეს, აღიღეს ფიცი პატრონისაგან და მისცეს მათ პირი ერთგულობისა და ნების-მყოფლობისა მათისა.
კუალად დაჯდა ცხებული ღმრთისა თამარ მეფე საყდართა მათ ცამდი აღმართებულთა შუენებითა მით აფროდიტიანითა და სიუხჳთა მით მზეებრითა აპოლონიანითა, სატრფო საჭურეტი დაბნედამდის და გაჭრამდის ყოველთა გამცდელ-მხედთა და შეპყრობამდის წყალ-ჯავარითა მით უმსგავსოთა სახითა მით ღმრთივ-ქმნულითა. იურვის და იურვოდა ურვა-ქმნისათჳს ყოველთა შეურვებულთათჳს.
პირველად გარდაცვალებასა [ქართლისა კათალიკოსისა, ჭყონდიდელისა და მწიგნობართ-უხუცესისა მიქაელ მირიანის ძისსა და ამირსპასალარისა გამრეკელისა თორელისსა] და გამორჩევასა შინა ორთა - ვაზირთა და სპასპეტთასა, - თანადგომითა და ერთ-ნებაობითა შჳდთავე სამეფოთა დიდებულთათა ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდლად და მწიგნობართ-უხუცესად და ვაზირად [ანტონი], გაზრდი[33]ლივე მამისა მათისა, ბრძენი და გონიერი, პატრონთათჳს სჳანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა. და განაჩინა ამირსპასალარი სარგის მჴარგრძელი, კაცი გუარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა, და უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა, და წყალობა ყო ძისაცა მისისა ზაქარიას
ესე ზაქარია და ივანე მჴარგრძელის ძენი, დაღაცათუ მეფეთათჳს ერთგულნი იყვნეს და დიდად გამოცდილნი ლაშქრობათა შინა, კაცნი სახელოვანნი, არამედ სჯულითა სომეხნი იყვნეს. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნით მეცნიერი იყო. რომლისათჳსცა გულისჴმა-ჰყო სიმრუდე სჯულისა თჳსისა, ნათელ-იღო და იქმნა ჭეშმარიტი ქრისტიანე. რომელი ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს.
დალოცვითა, და ითაყუანა დარბაზის ყმად უმცროსი შვილი მისი ივანე. და განაჩინა და უბოძა ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესობა, და მისცა არგანი ოქროსა ჴელთა მისთა, და შთააცუეს ტანსა მისსა სკარამანგი, და დასუეს ხელებითა ოქრო-ჭედილითა რომელნიმე მარჯუენით მისსა და რომელნიმე მარცხენით. და კუალად უბოძა მეჭურჭლეთ-უხუცესობა დიდსა და გუარიანსა კაცსა კახაბერს ვარდანის ძესა, და მსახურთ-უხუცესობა ვარდანს დადიანსა, ჩუხჩარეხობა მარუშიანსა, ძესა ჩუხჩარეხისასა ვინაცა მათ ორთავე მამანი მომჴცოვნებულ იყვნეს, და დასდვა მამისა პატივი მათისა და დასხნა სასთაულითა. და უბოძა ამილახორობა გამრეკელსა თორელსა, რომელი ამირსპასალარცა იქმნა შემდგომად სარგის მჴარგრძელისა.
და ერისთავნი მის ჟამისან ისენი იყვნეს: ბარამ ვარდანის-ძე - სუანთა ერისთავი; კახაბერი კახაბერის-ძე - რაჭისა და თაკუერის - ერისთავად; და ოთაღო შარვაშის-ძე - [34] ცხუმის ერისთავად; ამანელის-ძე - [არგუეთის ერისთავად]; და ოდიშის ერისთავად - ბედიანი. ლიხთ-ამერით: ქართლის ერისთავად - რატი სურამელი; და კახეთის ერისთავად - ბაკურ-ყმა ძაგანის-ძე; და ჰერეთის ერისთავად - გრიგოლის ძე ასათ, რომელმან მისტაცა მძლავრობით და მორევით საღირს კოლონკელის-ძესა და მცირედ-ჟამ ქონებასა შინა იაჯა არიშიანის ადგილსა დაჯდომა სასთაულითა, და ჴელთ-უდვა შვილსა მისსა გრიგოლს ჰერეთის ერისთაობა; და სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი. და სხუანი ჴელის-უფალნი, ტაძრისა და საყდრისა სამეუფოსა წინაშე მდგომელნი, განაჩინეს წესისაებრ სახლისა.
ამას შინა აღავსნა ეპისკოპოსნი და საყდარნი შესაწირავითა, თავისუფალ ყვნა ეკლესიანი ხარაჯისა და ბეგარისაგან; გააზნაურდეს ქუეყანისა მოქმედნი, და გადიდებულდეს აზნაურნი, და გაჴელმწიფდეს დიდებულნი მეფობასა შინა ამისსა, რომელი აწ ჩანს დაწერასა შინა ამისსა ათერთმეტთა მოქცევთა ჟამთა თამარ სამგზის სანატრელიასათა, რომელმან სიმშჳდითა დავითიანითა, სიბრძნითა სოლომონიანითა, სიმქნითა და საურავთა დღესისთა ხვალისა არ-მიგდებითა ალექსანდრიანითა, იპყრნა ზღჳთ პონტოსით ზღუადმდე გურგანისად და სპერითგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი ხაზარეთამდის და სკჳთთამდის. მიმხმელ იქმნა ცხოვრებითა და ნეტარებითა, რომელმან ესევითარი იჴმია ფრიადება ცნობიერებისა და სიმშჳდე გონიერებისა, ვიდრემდის ამისსა განგებასა ათორმეტსა წელიწადსა შინა არცა თუ ტაჯგანაგი უბრძანა ვის სადმე კრვად. კიდემქონებელი ყოვლისა მესისხლეობისა და მბნელობლობისა და ასოთა მიღებისა, ნება-აღმსრულებელი, შიშისა და ზარისა დამდებელი, [35] მშჳდი და მშჳდობის მყოფელი იშუებს და სუფევს სამეუფოთა და სამფლობელოთა შინა მისთა, რომელი არა სადა ვის უხილავს, თჳნიერ ამისსა, ესევითარსა კაცისა უვნებლობასა შინა უვნებელად და მშჳდობით დაჭირვა და მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონება-ურჩებისა.
ხოლო სხუანი ზნენი: გამ[მ]არჯუებლობანი, აღვლანი საზღვართა მიმართ, მამადობანი მამათა და ტომთა მისთანი, ოდესმე რაინდობანი და მკჳრცხლ-მოქმედობანი და მჴედრობანი მჴედართანი, იროელად საგონებლობანი, ოდესმე ნარნარად და წყნარ-მშჳდად მეპასუხობანი, თუ რანი და რაოდენ იქმნეს, წინამდებარისაგან ეუწყენ მსმენელთა.
პირველი ქმარი თამარისი
editრათა სრულ იქმნას წყალობა და წადილი პატრონისა ტკბილისა და სახიერისა ლაშქართა და სპათა მისთა ზედა, შეიყარნეს შემჭირნენი და ზრახვა ყვეს ძებნა წაღმართისა და მოყვანა ქმრისა. რომლისათჳს ჴამდა თუმცა ყოფილიყო ჟამი გმირთა და გოლიათთა ყოფისა, ანუ-მე გარეშე წოდებულთა ელინთა სისხლისა დათხევისა, ანუ-მე გაჭრანი მიჯნურთა ცოფ-ქმნილთანი.
ვითარ თამთა თუმიანისთჳს,
ვითარ ამირან ხორაშნისთჳს,
[36] ვითარ ხოსრო - შანშა ბანუისთჳს,
ვითარ მზეჭაბუკ მზისათჳს ხაზართასა,
ვითარ იაკობ რაქელისთჳს და
იოსებ ასანეთისთჳს,
დავით ბერსაბესთჳს და აბისაკისთჳს,
ვითარ პელოპი მჴნედ მბრძოლი იპოდამისთჳს, ონომაოს ასულისა,
ვითარ პლუტონ პერსეფონისთჳს,
ვითარ რამინ ვისისთჳს,
ვითარ ფრიდონ შაჰრინოს-არნავაზისთჳს,
ვითარ შადბერ აინლიეთისთჳს
და უჩნდა საჴამსოდ, თუმცა გამოჩენილ იყვნეს ვინმე ანუ გმირნი სახენი გმირთანი, ანუ მამანი სახენი მამათმთავართა შუენიერთა და კეთილად მბრძოლთანი, ანუ მსგავსნი გარეშეთანი, სისხლდამთხეველნი შეყუარებულთათჳს, ანუ მიჯნურნი ლომნი და მზენი, მჴეცებრ გაჭრილნი ამის მზისა და უმეტეს მზისა და თჳთ მათ მითხრობილთა მზედ და მნათობლად საგონებელთა უბრწყინვალესისა და უნათლესისათჳს.
გარნა ვინათგან ცუდ საგინებელ იქმნა და აღარ დაებადა ღმერთსა სწორი ამისი, არცა მგონიეს თუ დაბადებად არს, გამო-ვინმე-ჩნდა მეტყუელი მკჳდრთა ტფილისისათა შინა, თავადი და მეფეთ-მეფისაგან წყალობა-ჴელდასხმული და ამირა ქართლისა და ტფილისისა, სახელით აბულასან, და მეტყუელმან თქუა: "მე ვიცი შვილი ჴელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა, რომელსა მონებენ სამასნი მთავარნი რუსთანი. და იგი, მცირე დარჩომილი მამისაგან, ექსორია-ქმნით დევნული გარდამოიხუეწა ბიძისა, სავალათად სახელწოდებულისაგან. და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა ქალაქსა".
[37] მაშინ მომსმენართა მისთა უჴმეს ერთი მკჳდრთაგანი დიდ-ვაჭარი ზანქან ზორაბაბელ. მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ზნეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარე პაემნითა მოყმე სახე-კეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად. ამისთა მნახველთა და გამცდელთა - პატრიაქმან, დიდებულმან, ვაზირთა და სპათა - მოაჴსენეს თამარს, და მათგან ნება-დაურთავი განმზადეს ქორწილი. რამეთუ თამარ ჭეშმარიტი იყო და მტკიცე სულთა ზედა, და ვიეთნიმე დაღონებულობით აწუევდეს ალექსის მოყვანასა ქმრად, რომელი ახლოს სთჳსობდა და მამულად მამის ძმისწული იყო ბერძენთა მეფისა - ესე მას ჟამსა აქა მყოფ იყო, - და შიშითა ამისის ქმნისათა ყოვლად უწადინელმან ქორწინებისამან იაჯა ჴსნა ქმროსნობისაგან. ხოლო არა მშუებელმან დედოფალმან და სპათა აიძულეს ქმნად. და ვითარ იყო ხუედრი და რიგი ულუმპიანობისა და შარავანდედობისა მათისა, ეგრეთ იქმნა ქორწილი სახედაუდებელი და იგავ-მიუწდომელი; სიმრავლენი სახეობათანი, ძღუნობანი და ნიჭებანი თუალთა და მარგალიტთანი, ოქროჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა და ლართა კერულთა და უკერელთანი, მსგეფსამდი სხარული, შუება, ძღუნობანი, გაცემანი.
ხოლო მე ესეცა გაუწყო საბრალო და საძნაური საქმე: რამეთუ მოსრულ იყვნეს ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახე-კეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოველნი, ღირსნი და მონდობილნი ჭაბუკობისანი, ვითარ: "ღირს რამცა ვიყავით [38] მოწონებად და მიხდომად ბედსა ამას საზესთოსა". და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი წარსრულთა თჳსად მამულად ერთსა მათგანსა შეემთხჳა მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი. რომლისათჳს ვერ გამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს საყდარსა შინა წმიდის რაჟდენისს, რომელი მუნვე დაკრძალეს.
და სხუანი რაოდენნი ჴელმწიფეთა ძენი ამისთჳს გაჭრით გამიჯნურებულნი და ხელქმნილნი ვერღარა სთმობდეს სურვილსა მისსა, ქვემორე სიტყუამან საცნაურ ჰყოს.
ამისდა შემდგომად ჴელ-ყვეს გალაშქრებად. და გავიდა ტფილისით მეფე რუსთა და უფროსღა აფხაზთა, და ააბეს დროშა სჳანი და ჴმარებული, და წარიძღუანეს ძელი ცხოვრებისა, მცველი და მფარველი მეფეთა სკიპტრისა. პირველ ილაშქრეს ქუყანასა კარისა და კარნიფორისასა და მოარბიეს ვიდრე ბასიანამდის და გამარჯუებულნი და აღვსებულნი შემოიქცეს და მოვიდეს წინაშე პატრონსა მას ღმრთივ-განათლებულსა, და აღივსნეს სიყუარულითა და სიხარულითა.
ამისგან უწინ მოვიდეს ლაშქარნი არანისა და გელაქუნისა თურქთანი ქუყანასა პალაკაციოს და ძაღლის-ჴევაი წოდებულსა და მომრბეველთა ზედა გამრეკელი კახას ძე მიუჴდა; და სჳსაგან თამარ უძლეველისა მცირეთაგან დიდნი იძლივნეხ გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და მოიღეს არმაღანი წინაშე თჳთმპყრობელისა.
და მასვე ჟამსა მოვიდეს კარნუქალაქელნი, შამელნი და თურქნი გარმ[ია]ნისანი ცხენოსანნი და ქუეითნი, და აივსო შავშეთისა და კლარჯეთისა ქუეყანა. აქათ შეიყარნეს გუზან აბულასანის ძე ტაოელი და მის ქუეყანისა ლაშქარნი, და ბოცო და ვინცაღა იახლა, მიესწრნეს მესხნი და მარბიელ-გაშუებულთა შეებნეს მუნვე. ბედმან და სუემან თამარისმან სძლია, გააქცივნეს მუნცა და დაჴოცნეს. და მუნითცა მოიღეს ურიცხჳ კაცი და ცხენი წინაშე მეფისა ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა და დღითი-დღე აღმატებულისა და წარმართებულისა ამას შინა იხარებდეს, იშუებდეს, ნადირობდეს, მხიარულობდეს.
[39] ამისდა შემდგომად წარვიდეს მჴარგრძელნი, ძენი სარგისისნი და ვარამისნი, მოყმენი პირ-წაღმართნი, უხუცესნი ზაქარია და ზაქარია დალოცვილნი, ივანე და სარგის დაულოცველნი, და ილაშქრეს ქუეყანასა დვინისასა. და გამარჯუებულთა და ალაფაღებულთა მოეწივნეს ლაშქარნი დვინელნი [და სურმანელნი]. და კმა იყო ლომისა სიფიცხედ, ვინაცა ბოლოდ გააქცივნეს. და გამარჯუებულნი და აღვსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე მეფეთა და მათ წყალობის მყოფელთა გარდაიჴადეს მადლი.
შემდგომად ამისა გამოსლვასა ხანისასა ლაშქრობდეს ქუემონი ქუემოთ, და ზემონი ზემოთ, და შუანი შუათ, და ყოველგან ძლევა-შემოსით და გამარჯუებით.
და კუალად მეფემან, შემყრელმან სპათამან ბრძანებითა თამარისითა, მიმართა [დვინად], მოაოჴრა ქუეყანა პართთა, და წარმომღებელი და გამომღებელი ქალაქისა და მას შინა მყოფთა საუნჯეთა და ტყუეთა მოვიდა თამარს სუე-სრულსა და ნათელ-ბრწყინვალესა წინაშე, რომლისა თუალი უღამო და დღე უუკუნო, და საწადელ და საშუებელ სულისა და ჴორცთა. ამას შინა ოდესმე მოისვენიან ლაშქრობათაგან, და მშუებელნი გარდავიდიან იმერთა ქუეყანათა წესისაებრ და ჟამსა ოდესმე ჩავიდიან შარვანისა ზღვრამდე, და მოვიდის შარვანშა დიდითა ნიჭითა და ძღუნითა, და, ერთგან მომნადირებელნი მინდორთანი და მხიარულნი, კუალად განიყარნიან. და უბოძის საბოძუართა სიმრავლე და წარგზავნის პატივითა ძმებრივითა, და მონებდა და მსახურებდა იგი მონებითა ყმებრივითა.
შემდგომად ამისსა შეიყარა დიდძალითა ლაშქრითა და მიმართა გელაქუნად, რომელი ძნელ იყო შესამართებლად ზღჳს ქჳშასახეობითა თურქმანთათა; დაესხნეს, ამოსწყჳტეს და აღიღეს დიდძალი ნატყუენავი და იავარი. გამომართულთა მოეწია ყოველი თურქმანობა გელაქუნისა, წინაძღომითა შამელთა დიდებულთა როსტომ და [40] იალღუზ-ალფესითა, რომელნი მას შინა დაემჭირნეს ყიზილ-არსლან ათაბაგსა. და ვითარ წყობა და რაზმი ერთმანერთს განეწყვნეს, იმათებურეს მოყმეთა თამარისთა: და უსწრობდა ბერი ყრმასა და ყრმა ბერსა, პატრონი ყმასა და ყმა პატრონსა; გააქცივნეს, და ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. და მოვიდეს თჳსადე სამეფოდ წინაშე მეფისა და დედოფლისა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლისა, ჩრდილოეთისა [და სამჴრეთისა].
შემდგომად ამისსა წუევითა ასათ გრიგოლის ძისათა დიდი და სასახელო ილაშქრეს განძას ქუემოთ ბელაყნამდის, შემდგომად ზემო-კერძო რაჴსისა პირი მასისამდე. მუნცა დიდთა ლაშქართა მოწევასა შინა ისახელეს თავი ბუმბერაზთა ამის სამეფოსათა, თჳთ მეფისა უჭურეტელობასა შინა, ვარდან დადიანმან მსახურთ-უხუცესმან, ოთხსავე მჴარგრძელთა და სხუათა დიდებულთა და აზნაურთა დიდი დაჭირებული ომი გარდაიჴადეს, და გააქცივნეს და შემოიქცეს მუნითცა გამარჯუებულნი და აღვსებულნი სიხარულითა.
ამას ესევითარსა მშჳდობასა, მარჯუებასა და ზეობასა შემოვიდა უცხო რამე და უმსგავსი საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან: შევიდა სატანა გულსა სუე-უბედურისა რუსისასა, სკჳთ-რამე სახელდებულისა, და სიტყჳთ აღიძრა წყენად თამარისა, ჴელმაიფეთა მზისა და მეფეთა ელვა-ცისკროვნებისა, და იუდა-მყოფელმან თავისა მისისამან აღარ იცოდა რამცა ექმნა. ძლეული და ტაძარ-ქმნილი შჳდთა სულთა უბოროტესთა პირველისათა სოდომურიცა მოიპოვა ქცევა დაქცევითა [41] დაქცეულმან და წარწყმედითა წარწემედულმან. ამას ესევითარისა უცხოსა და ურიგსა საქმისა შემოსლვასა შინა ითმენდა თამარ წყნარი და ნარნარი, ცნობიერი და გონიერი, და ორ წლამდის გინა უმეტეს იყო განსაცდელისა უცხოსა თმენასა შინა.
და ვითარცა უგრძნეს ესე ვაზირთა და დიდებულთა, განკჳრვებულთა ერთჴმა ყვეს მცნობელთა ამისთა, ვითარმედ ესე მისვე ძუელისა მტერისა არს, რომელმან მოაკულევინა ძმასა ძმა და მამასა შვილი და ექსორია-ქმნა პირველი იგი კაცი სამოთხით, ვითარ ესე აწ ხილულისა ამის სამოთხისა და უბრწყინვალესისა ედემისადა შეუმზადებია ექსორი-ქმნა, რამეთუ მისვე ძუელისა ხაკან სკჳთისა შემსგავსებულად მოსდგომია აქაცა. მუნ თუ იგი მოადგა დედოფალსა ქალაქთასა, აქა ესე დედოფალსა დედოფალთასა და მეფესა მეფეთასა. ბოლოდ რაღა თჳნიერ ამისსა ვერღარა მინდობილთა უღონო ქმნილისა მის ეშმთა ბომონისა ჴელ-ყვეს ცრემლ-მდინარეობასა შინა თამარისსა ჯერცა მოწყალისა და გაურისხებელისასა, და წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა, ვინათგან რომელი სიკუდილსა ემართლებოდა და არავის მისცა სასიკუდინოდ, იგივე სიუხჳთა მზეებრითა არავის მიეშუა გაძრცუასა, და ვინაცა ჩასმული ნავითა ზღუად მიიწია კოსტანტინეპოლედ, და იყოფოდა ჟამთა რაოდენთამე მუნ.
[42] ამისსა, შემდგომად უფროს და უფროს, უკეთ და უკეთ მთავრობასა და ჴელმწიფებასა ათქმევს ყოველსა მწირსა ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი, თანაშემწე და თანამძლე ბრძოლათა შინა, და არა-მსგავსებული ბედი და სუე პაპათა და მამათა მისთა, ნუ უკუე არცა ბედისა ოდენ მინდობილთა წარმართთა.
რამეთუ ამას სძღუნობდეს ყოველნი მეფენი აღმოსავლით დასავლეთამდი. ამისთჳს ხელდებიან ყოველნი მსმენნი ესრეთ სახებრწყინვალეობისა მისისანი რამეთუ ბერძენთა მეფისა მანოელისა შვილი უხუცესი იყო გაჭრითა და გახელებით, არათუმცა ანდრონიკეს, ჟამსა მის მეფობისასა და მისგან ბერძენთა ამოწყუედისასა, შეეპყრა და განეპატიჟა იგი მოყმე პოლიკარპოს. მსგავსი - ასურასტანისა და შუამდინარისა ანტიოქელისა მეფისა შვილი იყო: უკუეთუმცა ჰქონებოდა გზა მრავალ-გუართა ბარბაროზთა შუაყოფისაგან, წამსაცა შინა აქა პოვნილ იყო. კუალად სულტნისა ყიზილ-არსლანის შვილთაგანი ერთი, ამბვისა სმენითა ჴელ-ქმნილი. ძალითღა-სამე დაიმჭირა მამამან სჯულისა დაგდებისა შიშითა.
ხოლო ახლო მყოფთა ესევითარი აქუნდა ტრფიალი, რომელ არცა უღირსთა უღირსობისა აქუნდა კდემა-რცხუენა, არცაღა თჳსთა თჳსობისა გავლენა. ვინაცა სახედ მზისა შარავანდნი ცისაგან იშუქებდეს მიწიერთა საჭურეტლად, ეგრეთვე ქუეყანისაგან თამარის ჴელმწიფობისა შარავანდთა ნათელთა ბრწყინვლებანი ეფინებიან იატაკსა ამას ზედა ცისასა.
[43] მცნობელმან ამისმან სალდუხის ძის ძემან, სახელით მუტაფრადინ, აღარ დამხედმან მშობელთა არნებობისამან და დამგდებელმან მუჰამედისამან, სჯულისა ტკბილისამან, რომელმან მოზიდვითა კაცთათა უმოძღურა კაცთა საწუთრო ესე ნებასა ზედა თჳსსა, სურვილითა და სმენა-სატურფოთა სახეთაგან ძლეული მოვიდა წინაშე თჳიმფლობელისა, ყოველთა მეფეთა უზესთაესისა ამის თამარისა სამფლობელოთ თჳსით დიდითა ლაშქრითა, მრავლითა დიდებულითა, ხოჯაებითა და საჭურისითა, მონებითა და მჴევლითა, ბარგითა და სიმდიდრითა, საჴელმწიფოთა ძღუნითა კმასაყოფინელითა, თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა თანა ავასებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა. და წესისაებრ სახლისა საჴელმწიფოსა მიეგებნეს დიდებულნი პატივითა და სიყუარულითა, მოიყვანეს სრად სამეფოდ, რომლისა პაპა სალდუხ ეზდინი პაპასა ამათსა დემეტრეს, ჴელმწიფესა დიდსა და სახელ-განთქმულსა, ჭაბუკსა გორგასლიანსა, ძალითა და ღუაწლთა სიმრავლითა ჴელთ-ეგდო და მოეყვანა. აწ ამან სიტყჳთა, და ნუ უკუე არცაღა სიტყჳსა ღირსებითა, მოიყვანა ვითარცა მონა მოხარკე ნელიად და წყნარად და მიმყოვრებითრე უდარბაზა, რომელმან ნახვასავე თანა რამინისებრი აჩუენა ცრემლთა ნაკადთ-მრავლობა. დასუა პატივითა ტახტსა თანა ხელითა, და იქმნა სიხარული გამოუთქმელი, ვითა მართებს ნადიმსა და წყლიანობასა ამის სახლისა დიდებულთა მოყმეთა, უკლებლობასა მრავალგუართა სახეობათა, მუტრიბთა და მოთამაშეთა განწყობილობათა, ნიჭთა და საბოძუართა და შემოსათა ვინაცა იქმნა უჰამრავი. ამას ესრეთსა სიყუარულსა, პატივსა და ბოძებასა შინა დაყო ჟამი ზამთრისა სომხითს და ტფილისს მომწონებელმანლ სანადიროთა ქუეყანათა და მოყმეთამან თჳთ თავადის პატრო[44]ნისამან, რომლისა სიკეთისა მითხრობა კაცთაგან შეუძლებელ არს და ჟამსა ღანუყობისასა თანაწარმტანელთა აჩუენეს საყოფნი სანადირონი, მინდორნი მოედანნი ქუემო კახეთისანი და რანისანი. და რანისა დიდებულნი მოყმენი და ლაშქარნი, განაღამცა მომწონებელნი და მაქებელნი, იშუებდეს და იხარებდეს და ადიდებდეს მომლოდენი ჟამისა მის პატრონისა მათისა უკუდავ-ქმნილისანი.
გარნა ვინათგან თამარ ამაყი და ლაღი, უჯერო შესატყჳსობისა, აზეებდა ფრთოვანებასა გონებისა მისისა, შემოსრულთა ქალაქად სამეფოდ დაამჴუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისა, და წინა-უკმო საულისა იპოვა შვილი სალჩუკეანი: მან მძებნელმან კარაულებისა მამისამან პოვა მეფობა, ამან მძებნელმან მეფობისა და ზესთა მეფეთა მეფობისამან პოვა რომელი საულისა დანაკარგი ჴამდა.
იყო ვინმე ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა. და ვინაცა მთქმელთა არა უქმ-საგონებლობისათა უფროსღა უქმ-მყოფელთა და დამასკუნელთა ქორწილისათა შერთეს და გარდაიჴადეს ქორწილი სახელოანი. შემოსასა თანა მრავალ-მრავალსა უბოძნეს ცხენნი და აკაზმულობანი სხუათა საქონელთა და სიმდიდრეთა თანა და ლართა, და წარგზავნეს თჳსად საყოფლად არზრუმად, გარნა თუ ვითარითა ცრემლითა და ვითარითა გლოვითა, გამოუთქმელ არს კაცთა ენისაგან.
ხოლო შემდგომად ამისა რეცა დარბაზობისა სახედ მოვიდა შარვანშა აღსართან, რომელი მიჴდილ იყო ცნობათა სიყუარულისაგან და, სჯულისაებრ ძუელისა და თჳთ [45] დღეთა ისლიმთასა, გუარისაგან განვლენილი, თჳსისა სჯულისა დაგდებად განმზადებული, მოქენე იქმნა ყოველთა საქმის მოქმედთა, მოძღურისა და კათალიკოსისა, მიუწდომელისა ქრთამისა მძებნელი. გარნა უქმ სადმე და ცუდ იქმნებოდის ზაკუანი ეშმაკისნი, ვინათგან აქუნდა თამარს სული მყოვარე და შეყუარებული ზენარისა მის ხუედრისა, და გონება, მშობელი სიტყჳსა, გონებისა მის დიდისა მიმართ აღემსჭუალა, და სეფე-გუარ ჰყოფდა ტაძარსა შჳდწილ განწმედილსა ღმრთისა სიტყჳსასა. და ყოველთა მამონისაგან ძლეულთა და ქმნად მაწუეველთა სირცხჳლეულ ჰყოფდა მომსმენელთა სატანას ზაკჳთ. წარმავლინებელმან წესისაებრ პატივითა და სიყუარულითა ნიჭ-მრავლობასა შინა მისცა მცნება: "კუალად აღარა შესძინედ ესევითართა თქმად".
მეორე ქმრის ამბავი
editთამარ სუე-სჳანისა ჴელმწიფისა იმატებენ ზარნი, ლაშქრობენ მოყმენი, არს მარჯუება, სიხარული, სიყუარული, შუება და ნადირობა მთათა და ბართა, გარნა წუხდეს და იურვოდეს შეეჭირნენი უწაღმართობისა და შვილის-უსმელობისანი. და ვითარ მოეცვა შჳდივე ესე სამეფო შეჭირვებასა ესევითარისა საქმისასა, პოვეს ღონე განგებითა ღმრთისათა, რომელი აღამაღლებს მდაბალთა და შემუსრავს ლაღთა, [46] რომელი ბრძანებს წმიდასა შინა სახარებასა: "არა რომელთა მე გამომირჩიონ, გარნა რომელნი მე გამოვირჩივნე". და ვითარ იტყჳს დავით, რომელსა აწ სათნო ეყო გამოჩინებად: "უმცირეს ვიყავ მე ძმათა ჩემთა და უმრწემეს სახლსა მამისა ჩემისასა, ხოლო თავადმან უფალმან მოიღო და მცხო ზეთითა ცხებულისა მისისათა" და შემდგომი.
იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისსა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა ესე დედოფალსა რუსუდანს, ვინათგან თჳს ეყვოდა მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა მიზეზითა მოიყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა და იხილეს მუნ მიმავალთა და წამომავალთა, რამეთუ მოყმე იყო ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან საჴელმწიფო.
ჰკადრეს და მოაჴსენეს დედოფალსა რუსუდანს მკჳდრთა ამის სამეფოსათა, იგი განაღამცა ნებისა დამრთავი, ვაზირთა და დიდებულთა თანაშემწე-ქმნითა მომჴსენებელ და მოაჯე ექმნეს თამარს, მეტყუელნი ამისნი: უკუთუმცა არა იყო ზენა განგება მისსა მოქმედებასა შინა, ჰხედავს შარავანდედობა თქუენი, თუ რაოდენნი რაოდენგზის მოყმენი, შვილნი ჴელმწიფეთანი - ბერძენთა და ჰრომთანი, სულტანთა და სკჳთთანი, სპარსთა და ოვსთანი, მცდელნი, სამართალთაებრ უკუნ-არღჳვნა არშემძლეობამან თჳნიერ ბრძანებისა საუფლოსა".
[47] მაშინ თამარ, მინდობილმან მამის დისა მისისამან მშობლისა სახედ და მისგან დიდად წყალობიანთა ლაშქართა და სპათამან ესრეთ თქუა მბრძანებელმან: "მოწამე არს ჩუენდა ღმერთი, აროდეს ყოფილა გული ჩემი მოწადინე ქმროსნიბისა, არცა პირველ არცა აწე, თუმცა არა მოსვლოდა უწაღმართობა ჩემი საყდარსა, რომელი რწმუნებულ არს ჩემდა პირველ ღმრთისაგან და შემდგომად მშობელთა ჩემთაგან, აწცა ამისი ვარ მოაჯე".
მაშინ არ მომშუებელთა ჰკადრეს დედოფალსა და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღმრთისა მის, და მოვიდეს სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა. და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყჳსი და შემსგავსებული ჴელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა. ვინათგან დედოფალი რუსუდან ყოვლითა სიბრძნითა სავსე მოქმედებდა: აქათ ბაგრატოანი ბაგრატოანითა გუარ-ზეობითა აწყობდა რიგთა სახლისათა, და ქუემოთ ხუარასნისა და ერაყისა სულტანთა სძლობითა გამეცნიერებული, მუნებრივითა სახიობითა და შუებითა მოქმედებდა მშუებელნი იხარებდეს, გლახაკნი განმდიდრდებოდეს; იყო ზმა მგოსანთა და მუშაითთა, სახიობათა მჭურეტელნი იყო რაზმთა სიმრავლე და სრულ-ქმნა ამასა შინა. მითხრობად შეუძლებელ არს, თუ ვითარსა ბედნიერობასა, სჳანობასა დღეკეთი[48]ლობა თამარისი დავითის, მოყმისა დავითიანის, თანა ბედნიერ, და განმარჯუებულ ქმნა, და წაღმართ-წაღმართითა მით მითხრობითა წინამდებარითა [გეუწყოს].
ესე დავით წელიწდის მოქცევამდე ესრეთ წაეჯობინა ყოველსა მშჳლდოსანსა ცხენისანსა და მცურავსა, მოასპარეზესა, მწიგნობარსა და ყოველსა ნასწავლსა ჴელთა სიკეთითა, ვითა დღეს ჩანს, რომელ შინათ ვინ ყოფილა მისი მსწავლებელი და თანა მოსწავლე, და თუ გარეთთა ქუეყანათა მოსრულა, ვერავინ სადა გამოჩენილა მისებრი.
შემდგომად ამისსა, მშჳდობისა და მტერთა მძლეობისა ამათისა, ოდესმე მოესმა, ვითარმედ რუსი იგი ძნელბედი და სუე-უსუეო წამოსრულა კოსტანტინეპოლით და მოსრულა ქუეყანად ეზინკისად, კარნუ ქალაქისად.
და მას ჟამსა ნაცვალი მეჭურჭლეთა უხუცესისა, სჯულითა ბარბაროზი და ქცევითა ტარტაროზი, კეთილთა და ჰამოთა პატრონთაგან სრულწყლიანი, საქმის მოციქულად წარავლინა საქმისა რასათჳსმე, და მას კარნუ-ქალაქსა მისვლასა შინა შეიყარნეს რუსი და იგი ერთად. [მიუ]დგეს იმიერნი, რათა [რუსი] სასახლესა შინა [შეყვანილ] ყონ; მისისა სარგებლისა მოწადინენი შეეხუეწნეს ამას დიდსა [მოციქულსა], რომელი აქით მისრულ იყო. მაშინ ცნეს ამის სამეფოსა კაცთა და უფროსღა ეშმაკმან, რომელი მარადის მბრძოლ არს ვითარ "განკჳრვებასა დავითისსა სიცრუე კაცთა გულებისა" და რომელნი თანაზიარ მეფობისა მათისა და უხუად და უგულსავსედ წყალობითა იყვნეს, მათცა ქმნეს საქმე ყოველთა ძუელთა გინა ახალთაგან უბოროტესი. უკეთუ ამას სამე[49]ფოსა განდგომად პატრონთა უნებელ ქმნილა რომელი, დაწყებითგან სოფლისათ არავის ოდეს სადა უნახავს წარმართებული და გამარჯუებული, გარნა ეგრეცა თჳსთა და ნატამალთა, შვილთა და ძმათა ამის სახლისათა მიზეზითა ქმნილა. გარნა ესე ვინა ანუ სით?
პირველად მიერთო გუზან, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძუელთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა ზედა შეეწყალა პატრონსა. აქით ბოცო, სამცხისა სპასალარი და სისრულისაცა აღმატებით შეწყალებული, სხჳთა მესხითა დიდებულ-აზნაურითურთ, თჳნიერ ივანე ციხისჯუარელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების. ესე დამაგრდა თჳსითურთ მოკიდულითურთ, ვითარ გუარ ეყოდაცა მომგონებელსა სულასა ერთგულობისასა, რომელ ბაღუაშსა ზედა უერთგულა ბაგრატს. ვარდან დადიანი, მსახურთ-უხუცესი, ლიხთ-აქით პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსიამდის უცილობელად ქონებისა, და თჳთ ქუეშისა ციხესა მყოფი, მაგარსა და მტერთაგან უვნებელსა. ესე მცირედისა რასმე წარვიდა და მივიდა გეგუთს, რეცა პატრონისა წადილითა შეყარა ყოველი სუანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი და არგუეთი. მომრთველმან სანიგთა და ქეშიგთამან აფიცა რუსისა გამეფებისა და მისის მეფე-ყოფისათჳს დიდებულნი და ლაშქარნი ქუეყანისანი.
გაგზავნა ლაშქარნი ქუეყანისანი და მივიდეს გუზანისად. მუნით წარმოვიდა რუსი, [50] და შეყრილთა მიჰმართეს სამცხესა. და მიეგება ბოცო და ვინცა მისი მიმდგომი იყო. და გარდამვლელნი მთისანი მივიდე გეგუთს. ჵი ღაღადი დიდი და განსაკჳრვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?
მაშინ თამარ, ქალაქსა მყოფი, უსახურისა და უაზრავისა საქმისა განკჳრვებული, პირველად მომხადველი ჩუეულებისაებრ ზენათა წყალობათა, მბრძანებელ ექმნა ყოველთა ერისთავთა ერთგულთა, ვინაცა შემოკრბეს სპასალარნი და დიდებულნი ჰერეთით, კახეთით, ქართლით, სომხითით და სამცხით. მკჳრნეთა საქმითა ჰკადრეს ფიცით არა მათგან ნებადართულობა საქმისა, და ვითა შეაჯერეს უმათოდ ქმნილობა, მჴეცებრ განმჴნდა გული მათი ერთგულობისათჳს და თავისა საწამებელად დადებისათჳს. და თჳთ თამარ ჴელითა საუფლოთა და სიტყჳთა ოქრო-ნექტარითა მრავალგზის მართლად იკითხვიდა მიზეზსა მკჳდრთა მისთაგან. ოდესმე თევდორე პატრიაქსა და ანტონი ქუთათელსა, რომელი-იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთ-იმერით, სისხლთა დათხევამდის, და სხუათა ეპისკოპოსთა გზავნიდის, ოდესმე შინაურსა ეჯიბსა და მესტუმრესა, და მათგან ვერას პირის მპოვნელი.
მაშინ შეკრბა კრებული ღმრთის მბრძოლი, აღიღეს მახჳლები და წათები, წარმოემართნეს პატრონსა ღმერთ-შემოსილსა ზედა. ნახევარნი თჳთ მეფე-საგონებელითურთ [51] გარდამოვიდეს მთითა ლიხისათა: ამწყუედელნი და ამაოჴრებელნი ქართლისანი მოვიდეს ნაჭარმაგევამდის და გორამდის. და ნახევართა, დადიანთა წინაძღომითა, გარდაიარეს რკინის-ჯუარი და ჩავიდეს ციხის-ჯუარს და დაწუეს ქალაქი ოძრჴე. მუნ შეიყარნეს ბოცო და მესხნი, ვინცა იყვნეს მიმდგომნი მათნი. და განმგებელთა ესევითარისა საქმისა, ღმრთისა უკითხავად, შვილთა მზეგრძელ უქმეს. რამეთუ გააგეს პირველად აღება ჯავახეთისა, თმოგჳსა და ახალქალაქისა, კუალად თრიალეთისა და სომხითისა, ვინათგან ქურდვაჭრისა იქით გასდგომოდავე ყოველი სომხითი: ივანე ვარდანის-ძე, პატრონი გაგისა; მაყა, პატრონი კაიწონისა (კაენი თჳთ ვარდანისი იყო), სხუანი მის. ქუეყანისა აზნაურისშვილნი, თჳნიერ ზაქარია ვარამის ძისა; იგი კაცი ერთგული იყო და ჭაბუკი გამოცდილი. ამათ ყოველთავე აგარათა შეყრა გააგეს და მუნიდაღმა მათ და ზემო-ქართლის მყოფთა კართა ქალაქისათა მოსლვა, სადა-იგი იყო მზე-მზეთა, ნათელი ნათელთა, ტარიგი უმანკო, მსგავსი ქრისტესი, მშჳდითა მით დავითიანებრითა გონებითა მინდობილი ზენასა მას განგებასა იმედისა მდებელი წყალობათა მისთა გულმოწყალეთა.
მაშინ უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მჴარგრძელთა და სხუათა თორელთა, ზემოთა და ქუემოთა, წასლვა და მიგებება წინა ქუეყანასა ჯავახეთისასა და მუნვე ცნობა ძალისა მათისა, უფროსღა ცნობა ძლიერებისა მართლმსაჯულობისა ღმრთისასა. და მივიდეს მტკუარსა ზედა, ვინათგან იგინიცა მუნვე მოსრულ იყვნეს. და მიერთნეს მესხნიცა, ერთგულად დარჩომილნი; და აქით ესენი მისრულნი მტკუარსა ზედა, და იგინი მუნით ჴიდსა ზედა შეიბნეს.
[52] და შეიქმნა ომი და სროლა. მას დღესა სიღამემან და წყლის შუა-ყოფამან გაჰყარნა. ვითარ შეღამდა, შეიარნეს და ზრახვა-ყვეს, ვითარმედ: "ვხედავთ მჴეცთქმნილობასა ამათ ლაშქართასა, და ვინათგან არა გუაქუს ძალი და ღონე შებმისა, აწ მივრიდოთ სიმაგრისაკენ და მუნიდაღმა ღონითა ვეცადნეთ ღალატსა და ძლევასა". სიქველისა მომნიჭებელმან თამარის კერძთა ლაშქართა ამცნო გულ-უყოვნელ ქმნა შებმისა და დევნა-ყოფისა. და გამვლელთა ჴიდისათა მიმართეს მთასა ტორნაძიად სახელდებულსა, ღონედ სიმაგრისა საძებნელად და, ვეღარა მუნ დამდგმელთა, გარიდეს და მიიწივნეს ველსა ნიალისასა და წყალსა ხინგრისასა; თმოგუსა და ერუშეთს შუა შეიქმნა ომი, ვითა ხუდებოდა რჩეულებსა იმერთა და ამერთა მოყმეთასა, რომელი კმა იყო ძუელთაცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მოვიდოდეს ქუეითთა სიმწუავენი და მოკუეთილებანი ისრისანი, მფეთებანი ჴრმალთანი და მხეთქელობანი ჰოროლთანი. და განგრძობასა შინა ჰომთასა მიეცა ძლევა ბუმბერაზთა და მოყმეთა თამარისთა, და გაქცეულნი რომელნიმე დაიპყრნეს, დაჴოცეს და ტყუე-ყვეს. ამათ არა ევნო არცა სიკუდილითა, არცა დაკოდითა, თჳნიერ რომელ ივანე სარგისის ძე დაკოდეს.
შემოქცეულთა მხიარულითა პირითა და განათლებულითა გულითა თავისუფალ და უდევნელ ყვნეს იგინი ქენებისა და პატრონისავე არა დაკლებისათჳს. და მოვიდეს. წინაშე ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა მეფისა და მეფეთ-მეფისა. მიმცემელმან ღმრთისა მიმართ ჯეროვნისა მადლობისამან ნახნა მოყმენი მისნი პირითა ბრწყინვალითა, [46] თუალითა ტკბილითა და გულითა დაჯერებულითა ვინაცა ცნეს ესე პირველ მახარობლისა მოსლვითა, სარგის ვარამის ძისათა, ზრახვა ყვეს რომელნი მყოფ იყვნეს. მის წინაშე; თჳთ ჭიაბერი მანდატურთ-უხუცესი, ჰერნი და კახნი, დიდებულნი და აზნაურნი, თანადართვითა ყივჩაყთათა, და შეყრილთა ქართლისა ერისთავისა და ქართველთა დიდებულთა, წინაძღუანვითა დავით მეფისა სჳანისათა, დასხმა [ყვეს] ქართლს მყოფთა, რომელთა მიერთნეს ვიეთნიმე ქართველნიცა და სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთეულობისა.
და ვითარ აგრძნეს მათ ამოწყუედა და გაქცევა ზემოთა ლაშქართა, მსწრაფლ იქმიეს გარდავლა. და შემოქცეულთა და მოსრულთა წინაშე თჳთ თამარისა ჰკადრეს. გასლვა სომხითით და მიმართება ურჩთა და განდგომილთა მეფობისა მისისათა. დამორჩილდა ქრისტე-შემოსილი ჴელმწიფე, შემეცნებული ღმრთისა წყალობა აურაცხელობითა.
რინა ესეცა უწყოდეთ, რომელ წურთათა ღმრთისათა სივრცე დიდ ფრიად არს; რამეთუ კეთილთა და კეთილ-გაეგონეთა ნიშთა აღჩენითა სწურთის კეთილად-დართვითა, ძლევა-მინიჭებითა. რამეთუ კეთილისა სულისათჳს ღმრთის-მოყუარე და თჳსად მისი არს, ვითარ იტყჳსცა დღე ბერძენთა ხედვისა პლატონ: "კეთილი კეთილთათჳს არს კეთილ, ვინა იგივე კეთილი ბოროტთათჳს ბოროტ".
ხოლო აწ ჴამს და უფროსღა გაგონება ნათქუამთა მათ დაუვიწყებად და ხედვა ზენათა წყალობათა, რათა დავჰყოთ თუალი იგი ამათ ესევითართა წყალობათა განგრძობითა.
[54] ხოლო აწ ვინაცა ცნეს განდგომილთა შერისხვა. ღმრთისა მათთანათა თჳს-თჳსთა რომელნიმე დამგდებელ იქმნეს აწ ციხეთა და სიმაგრეთა და უწინარეს სჯულისანიცა. ვინათგან თამარსა ზედა ესევითარი უსახური საქმე კადრეს; რომელნიმე მოვიდეს ყელ-საბელ მობმით; რომელნიმე მკლველ ექმნეს თავის ბიძასა, და ეგრეთ მოვიდეს. და მუნცა იქმნა ჩუეულებითი გამარჯუება. შემოქცეული დგა ჭალასა აგარათასა. მონადირე და მონადიმე, მხიარული და შემწყალებელი ერთგულთა და საკუთართა მისთა.
შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე. და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის მრავლითა საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა ქალაქებითა, ციხეებითა და სოფლებითა. შეიწყალეს და უბოძეს სარგისის ძესა ივანეს პირველად მსახურთუხუცესობა, ჴელი შინაური და საპატიო, და კაენი და კაიწონი გელაქუნით და სხჳთა მრავლითა სახარაჯოთა ქალაქითა და ციხითა. შეიწყალნეს და დალოცნეს; სხუანიცა დიდებულნი მრავალნი, და შექცეულთა მიმართეს სახლთა მათ და ნატამალთა ნაჭარმაგევსა.
და ლიხთ-იმერთა დიდებულთა, შემნანებელთა შეცოდებისათა და მოაჯეთა შენდობისათა, ითხოვნეს ცხოველნი ხატნი და თჳთ დედოფალი რუსუდან მათ წინაშე საყოფელად, კათალიკოსი, მანდატურთ-უხუცესი, და სხუანი ეპისკოპოსნი შინაურითურთ სახელდებულით. ვინაცა გარდამოვიდეს სუანი დიდებულნი და მეჴევენი და გარდამოიტანეს რუსი, მეფე-ყოფილი, და მისცა დედოფალმან სიმტკიცე პირველად რუსის უვნებელად გაშუებისათჳს, და მერმე მის ჟამისა შეცოდებისათჳს არას შენანებისა და წარმოძღუანვებითა დედოფლისათა მოვიდეს ნაჭარმაგევად და რუსი, ივანეს მისანდობელად მთხოველი, წარვიდა, მასვე მისსა სუე-უბედურსა გზასა გაემართა. და შეიქმნა მშჳდობა, სიხარული და ერთობა, რომელი არაოდეს სადა ვის უხილავს. და "ერთბამად [55] ძოვდეს ლომი და ჴარი, და იხარებდეს ვეფხი თიკანთა თანა, და მგელი ცხუართა თანა". განდიდნა სახელი თამარისი ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა. და ლაშქრობდა დავით ბრძანებითა და გამორჩევითა თამარ სუე-ალექსანდრიანისათა და იმარჯუებდა შეწევნითა ზეგარდამოთა.
და ამას შინა მიიცვალა გამრეკელი ამირსპასალარი, და თმოგჳსაგან კიდე არა დააკლეს შვილთა მისთა. მაშინ უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მჴარგრძელსა, ძესა სარგის ამირსპასალარისასა, მჯდომსა სომეხთა მეფისა ადგილსა, პატრონსა ლორისასა. მოუმატეს ქალაქიცა რუსთავი მოყმესა ღირსსა სპასპეტობისასა. და ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესსა მოუმატეს და უბოძეს ჟინვანი ქალაქი და ციხე, მრავლითა მთიულეთითა. და შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგჳ, და ქუემოთ წირქუალელნი, ზარტიბის ძენი, გრიგოლოს ძენი, ჭიაბერის ძენი და მახატლის ძენი, და თავნი კახეთისანი თორღას ძენი, - შეიწყალნეს თჳთოეულნი თჳსითა წესითა: რომელნიმე ახლად დალოცვითა, რომელნიმე მომატებითა; ეგრეთვე ქართველნი, სომხითარნი, თორელნი, მესხნი და ტაოელნი.
ვინაცა გუზან პირველითგანვე წარმწყმედელი თავისა, აწცა გამტანელი ტაოსკარისა, ვაშლოვანისა და სხუათა ციხეთა მრავალთა, წარვიდა ქუეყანასა შაჰარმენისასა, და სამძივარი სხჳთა აზნაურისშვილებითა, რომელთა თანა იყო მეღჳნეთ-უხუცესიცა, სეფე-შვილად კლარჯეთისა და შავშეთისა, და გავიდეს მთასა კოლისასა. მოეგებნეს. წინა ზაქარია ფანასკერტელი და ძინიელნი, კალმახლელნი, ყრმანი კარგნი და პატრონისაგან შეწყალებულნი. და შეყრასავე თანა ცნეს გუზანის შვილისა და შაჰარმენის. ლაშქრითა მისლვა გუზანის ცოლისა და შვილისა წარსხმად და ციხეთა შინა თურქთა [56] შეყენებად. დაღაცათუ ლაშქარნი დიდნი იყვნეს და პატრონნი თორმეტისა დროშისანი და ესენი მცირენი, და მჴსენებელთა ქრისტეს სჯულისათა და თამარის ბედისა და სიმართლისათა შებმა ყვეს და სიდიდითა მათითა და სიკეთითა დიდად დაჭირვებული ომი გარდაიჴადეს. ბოლოდ, მათთა გამქცეველთა და ამომწყეუედელთა, ჴელთამყრელთა გუზანის ცოლ-შვილთა. თანაშემოქცეულთა აიხუნეს ციხენი და სიმაგრენი. და კუალადმგებელნი ქვეყანისანი მოიწივნეს წინაშე თამარისა, რომელმან მიჰფინა ნათელი წყალობისა და გარდაიჴადა მადლი მოჭირვებისა და სიმჴნისა მათისათჳს, და დარჩეს ყრმანი სახელოანნი და პატრონი სარგებლიანი.
და ამას ესევითარსა წყალობასა შინა ღმრთისასა ორნიღა მკლებიან წაღმართის გამოჩენილობანი; ილოცვიდეს მოქენენი, ღმრთისა და წმიდათა ხატთა მომჴსენენი პირმშოთა ძლიერებითა. ხოლო ვინათგან ჰყოფს წყალობათა "დამრეკელთა განღებისასა, და მთხოველთა ნიჭებისასა, და მეძიებელთა პოვნისათა, ვითარ იქმნა სარას ზე, გინა თუ რაქაელისსა, ანუ თუ ელისაბედისსა და უფროსღა ანნასსა და, ვიკადრო, მარიამისსა. მიუდგა თამარი განწმედილითა გონებითა და ტაძრისა ღმრთისა აღმსჭუალულისა სანთლითა სხეულისათა, მჴურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბაჴმელისა ბეთლემ - მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა, და [57] უწოდა სახელი ახოვნისა მის მამისა თჳსისა გიორგი, რომლისათჳსცა ყუავილი უკუდავთა ნაწილისა აღმოგუეყუავილა.
ამას ესევითარსა მოხედვასა ღმრთისასა, სამებითა სრულისასა, პირველ დარჩომასა თამარისსა და აღმოშობასა ძისა გორგასლიანისასა რაც თქმად მიეგებოდა სახე სიხარულისა ანუ მადლობისა ღმრთისა? იხარებდეს, იშუებდეს, იმოთხვიდეს სამოთხესა შინა ამის საწუთოსასა, განმათავისუფლებელნი ტყუეთანი, შეეწირველნი ეკლესიათანი, მწირვებელნი მღდელთანი და მიმცემელნი მონაზონთანი, მოწყალენი გლახაკთანი, ერთბამად მადიდებელნი ღმრთისანი, მწყობელნი ეპისკოპოსთანი შჳდისავე სამეფოსა სპათა თანა. და თჳთ დედოფალმან რუსუდან, და გაზრდილმან მისმან მეფემან დავით, და დამან თამარისმან, და ყოველთა მეყოფთა ამის სამეფოსათა, მსგავსად მოგუთასა, ჴელ-ყვეს ძღუნებად და მინიჭებად. მცნობთა გარეთ ბერძენთა მეფეთა, სულტანთა, ათაბაგთა და ამირათა სპარსეთისათა წარმოავლინეს ნიჭნი და განძნი კმა-საყოფელნი.
და ესევითარსა ამას დღეკეთილობასა შინა იხილე ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა განწესებული ძედ მეფისა, მეფედ, შვილად ცხებულად დავითიასად. რამეთუ ოდეს დახატული ბუნებისაგან იშვა და წარმოიჩინა, მოაქუნდეს თჳს შორის ხატნი და სახენი თჳსთა დამსახთა მშობელთანი, და მნათობნი სცვიდეს მას, და ენთებოდა სული ზენისა სფეროისა, და მეტ-ბედი ბედსა ზედა და სჳანობა სუესა ზედა, მარჯუებანი უმეტესნი [58] წარემატებოდეს შარავანდთაგან მამრჩობლებითა. ესევითარი, იქმნა გალაშქრება, რომელი არაოდეს ვისგან ქმნილ იყო ბაგრატოანისა.
პირველად შემკრებელთა ბედსა და სუესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმანა [აფსართა ენითა], მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძუელად ქალაქად. ამომწყუედელთა არანისათა გამოიღეს დიდძალთა ომთა პირველ ნებროთისა ჰეროსის ძმისა ბარდოსისა მამული და შენებული. ავსილთა სიმრავლითა ტყუეთა და საუნჯეთათა აურაცხელთა ათავისუფლეს სამ-ბევრობა ტყუეთა დღეგრძელობისათჳს თამარისა და ძისა მისისა.
მუნით გამომგზავრებულთა არცა თუ თჳსა ერთისა გამომსუენებელთა მსწრაფლ წარსრულთა ილაშქრეს არზრუმს, კარსა კარნუ-ქალაქისასა. და მუნ იყო სიმრავლე ომთა, წყობა ჰუნეთა და ხეთქება აბჯართა, რომლისა მეშუელად იყვნეს სურმანელი, კარელი და შიგნით სალდუხის ძე ნასრ-ადინ და ორნი ძენი მისნი ლაშქრისა სიმრავლითა, ქუეითისა და ცსენოსნისათა, უამრავითა. და ცისკრისა ბინდსა მისრულთა და დამწყებელთა ომისათა ღამისა ბინდმან ულხინა გაყრად. და ვითარ გამოჴდა ღამე იგი, და მოვიდეს ლაშქარნი უთუალავითა და მიუწდომელითა ალაფითა. და შიგნით მეყოფნი, ვითარცა მჴეცნი, იღრჭენდეს კბილსა მათსა და წუერსა იფხურიდეს მხილველნი ვინმე ცოლთა დატყუევებულთანი, და ვინმე შვილთა, და ვინმე სიმრავლესა ჯოგისასა და რემისასა, და მთქმელნი ესრე ტიროდეს: "ვინა ჩემდა ესევითარი შერისხვა, და ვინათგან არაოდეს გჳხილავს ტომი ქრისტიანეთა სანახებსა საყოფელთა ჩუენთასა".
[59] და ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა, და შეიქმნა ზაჰმი ქალაქთა შინა. დამსკუნელნი სისხლთა მათთა დათხევისანი გამოვიდეს ბჭეთა ქალაქისათა, გააწყუეს რაზმი ქუეითისა და ცხენოსნისა; წარმოდგეს ბანსა ზედა და შუკთა შინა ისრის მსროლელნი და ქვის მსროლელნი. და ვითარცა იხილა მეფემან დავით და სპათა მისთა გულ-მყარად გამოსრულება მათი, ითხოვეს საჭურველი და აღსხდეს რაშთა, ამხმელნი ჰოროლთანი. აჰა მისლვასავე დასტეხეს. სახედ მეხის-ტეხისა, აღიხუნეს და ჰკრეს. და დაჯერებულნი თავის კატობასა შეიხუეწნეს ჯარითა, ამწყუედელნი ერთმანერთისანი და რცხუენილნი ცოლთაგან, საკიცხელ და სანერწყუავ იქმნეს ბიბთა ელიმთა და ხადუმთაგან, მკილენი და მგინობარნი მუჰმედის რჯულის-მდებლობისანი. და შემოქცეულნი მეფე დავით და ლაშქარნი მისნი მოვიდეს მხიარულნი ქუეყანადვე თჳსად, მუნით ძლევა-შემოსილნი და აქათ მნახავნი თამარის საშოთ მთიებისა აღმობრწყინვებულისა იაკობის ვარსკულავისანი, რომელმან იზმნა სუენი, იზმნა ძლევანი, იზმნა ნათელი.
ხოლო მე მორიდეს განგრძობასა წყინობისასა მცონის დაგდებად ღუაწლი ომთა და მარჯუებათა უკანასკნელთა, უმჯობესთა პირველისათა. და მაიძულებელი გული აღძრავს ორღანოსა გონებისასა, რომელი არს ენა მეტეუელი და წარმომეტეუელი მთხრობლთა ესევითართა ოდესმე ჟამსა ერთსა შინა შეყრილნი გავიდეს გელაქუნად, [60] და ჩაიარეს ხაჩიანი, და ჩავიდეს ქუეყანად ყარყრისისად, და მიუწიეს ბელაყნამდის, და მოარბიეს ყოველი არეზი და ამოიარეს კარი განძისა. და შეიქმნა კართა ზედა დიდი შუღლი და განაღამცა გააქცივნეს და შეიხუეწნეს ქალაქად, და ყარყრით შანქორამდის ექუსი დღე იარეს. და რომელი დღე გარდასრულა, თუმცა არა მოწეულ იყვნეს ლაშქარნი და არა შემობმოდეს? და ყოველგან ძლევა-შემოსილნი და მძლენი შემოიქცეს, და მოვიდეს სიხარულსა წინაშე ყოვლისა სოფლისასა.
და კუალად ლორიდაღმა წარვიდეხ ორნი ძმანი, სარგისის ძენი, ზაქარია ამირსპასალარი და მსახურთ-უხუცესი ივანე, მორბევად რაჴსის პირსა. და მუნით წამოსრულ იყვნეს ლაშქარნი დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი მეკობრობად და მზერად ქარავნისა. ვერ ცნეს ამათ, შეიყარნეს საშუალობასა გზისასა, ეკუეთნეს ურთიერთას, და უფროს ომისა და მჴნედ-ბრძოლვისა საქებელ იყო წამღებელი სულისა სიფიცხე ქველობისა მათისა. ავსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე დავით სუე-ამაღლებულისა და თამარ ღმრთივ-დამყარებულისა.
შემდგომად ამისსა კაენისა პატრონმან ივანე მსახურთ-უხუცესმან აწჳა დავით ლაშქრობისა ძალითა შესამართებად დიდსა და სასახელოსა: მოსარბეველად დიდისა გელაქუნისა, სპარსი-ბაზრისა და გორალაუქისა. მაშინ გაჰყვა მოყმე დღითი-დღე მატებული, წარმართებული და წაკუეთებული ომთა და ლაშქრობათა. დამსსმელთა აღიღეს ტყჳსა, ჯოგისა, აქლემისა, ზროსისა და ცხურისა სიმრავლე, შემსგავსებული ქვიშათა, და სადაცა ვის ლაშქარნი და მეშუელნი თავისა დედა-წულთანი გარდეკიდნეს, გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. ვინაცა იავარ-მქმნელთა სპარსი-ბაზრისა [61] სულტნის მოედანს შინა ჴელ-ყვეს სიხარულად და ასპარეზობად, რომელი-ესეცა აროდეს ვისგან ქმნილ იყო.
ვინაიგან ოდესმე იგივე რუსი, ამის სამო, სამოთხისაგან ექსორია-ქმნილი, კაენისაებრ მკლვლელი არა ძმისა, არამედ თავისა თჳსისა, ვერცა ღირს იქმნა და მოიშალა სამოთხესა, ქალაქსა კოსტანტინეპოლის, ყოფისაგან ყოველგნით არა მტერ-აწყუედილი მეფე, არამედ სამბერველ-აწმუედილი მივიდა ათაბაგისა და მისგან აიღო არანის. ქვეყანისა სამეფო, შემსგავსებული სჳსა მისისა. მუნიდაღმან შემყრელი ლაშქართა განძისა და არანისათა მოვიდა ქუეყანასა კამბეჩანისასა და შიგნით მინდორი მოარბია, და აიღო სიმრავლე ტყჳსა და ნატყუენავისა.
მაშინ ხორნაბუჯისა პატრონმან საღირ მახატლის ძემან ცნა ესე და შეიყარა მცირედითა ლაშქრითა და მიეწია სამითა შვილითა წამებად თავისა. არა თუ ორნი ერთისათჳს ლაშქრობდეს, და ათნი ერთისათჳს, და ოცნი ორთათჳს; გარნა მანვე სუემან და სიმართლემან თამარისმან დასცა რისხვა ღმრთისა უხილავი და, ვითარცა გედეონისგან გასმიეს, მცირედნი მიეწივნეს და გააქცივნეს, ჩამოყარნეს და დაჴოცნეს, ვინა რუსი ძლით-სამე გარდაიხუეწა.
ხოლო ესეცა უწყოდით თქუენ, მსმენელთა, დაღაცათუ სამისოდ გაჭრით მჴეცქმნილთა მჴეცებრ აჩუენის ულმობელობითა უწყალო-ქმნა, გარნა იხილეთ თუ ვითარ ასატურფო და ანდამატებრივი მომზიდობა აქუს მჴეცთა გულებისა, ოდესმე შარვაშეს [62] ლომისა ბოკუერი გამოეგზავნა, მათ გაეზარდეს. და ესდენ დიდი და საზარელი შეიქმნა, რომელ არცა ველური, არცა შინაური გაზრდილი არცა-ვის უნახავს მისი არაკი. რაჟამსცა დარბაზს მოიყვანიან, ესრეთ აქუნდა ტრელი, სურვილი და სიყუარული თამარ ღმრთივ-განათლებულისა, რომელ მრჩობლთა ჯაჭუთა მი- და მოცალებამან კაცთა კიდებისამან ვერ დაიჭირის, ვირე თავი უბეთა არა ჩაუდვის და ლოშნიდის, ვითარცა ძუელ ოდესმე მოწამეთა მეტაფრასები მოგჳთხრობს. და ოდესმე დაიჭირიან და დამაგრდიან, წყაროს მსგავსნი ცრემლნი გარდამოსთხივნის თუალთაგან, რომელნი დაალტობდეს მიწასა.
ამას ესევითარსა მძლეველობასა მტერთა და მჴეცთასა, წინააღმდგომთა და ურჩთა დამჴობასა, შინათა და გარეთასა, გაჴდა შიში და ზარი, სახელი ოთხ-ბუნებათა და ოთხ-კუთხებათა სულისა ანგელოზებისა, აღმოსავლეთით დასავლეთამდე, ჩრდილოეთით სამხრამდის.
ამას ჟამსა შინა მოიკლა ყიზილ-არსლან ათაბაგი, და აწ გასულტნებული, მუჰლიდთა მიერ. დარჩეს სამნი შვილნი ფალავანდისნი, მპყრობელად ყოვლისა სპარსეთისა, რომელთა მამისაგან და ბიძისაგან გაჰყოფოდეს ქუეყანანი ესრეთ: უფროსსა, ხუტლუ-ინანჩის, ერაყით ხუარასნამდის და ბაბილონამდის; და შედეგსა, ამირ-ბუბაქარს, ადარბადაგანი სომხითამდის; და უმცროსსა, ამირ-მირმანს, არანი გურგანის ზღჳთ გელაქუნის ზღუადმდე. ამას შინა, ვითარ არს წესი მრავალმთავრობისა, შეიქმნა [63] შური და ჴდომა, და სძლია ამირ-ბუბაქარ და აოტა უფროსი ძმა, და დაჯდა ათაბაგად. და უმცროსი ძმა არანიდაღმან, ამირ-მირმან, შეესიძა შარვანშას. და თჳთ შარვანშას და მას ბელაყნის კარსა ზედა დაესხა და გააქცივნა, და თჳთ დარჩა გადიდებული და გალაღებული ჟამადმდე. ხოლო ვინათგან უღონო იქმნეს შარვანშა და ამირ-მირმან, რამეთუ მას ჟამსა შერისხვაცა მოიწია სახლსა ზედა შარვანისასა: "რომელი შეაძრწუნებს ქუეყანასა, შეახებს მთათა და აღკუმოლებს", შერყევით შეარყივნა და დასცნა ზღუდენი და ციხენი შამასიისანი; უჩინო იქმნეს ყოველნი მას შინა მყოფნი, რომელსა შინა წარწყმდეს შარვანშას ცოლი და შვილნი. და მსმენელთა ამისთა, მტყებელთა თავისათა, დამსხმელთა თავთა ნაცრისათა, აღიხილნეს თუალნი მათნი, და არავინ იხილეს მჴსნელი და მაცხოვარი მათი, გარნა ღმერთი მხოლოდ და ღმრთისაგან ღმერთ-ქმნილნი დავით და თამარ. წარმოავლინნეს მოციქულნი შემოსახუეწელად ძღუნითა ურიცხჳთა, თუალისა და მარგალიტისა. ფასდაუდებელისა წარმოგზავნითა, და მოაჯეთა და მოქენეთაცა ამისთა: "ვინათგან ძალ აქუს ძალსა თქუენსა და ბრძნივგამორჩეულებასა და სუესა ალექსანდრიანსა თქუენ თამარისასა, სიმჴნესა და სიქველესა თქუენ დავითიანისასა, უებრობასა ლაშქართა თქუენთასა აღებად ყოვლისა სპარსეთისა, - მაშინ დასჳთ ასული თქუენი, ნათელი და შესატყჳსი ნაყოფი საამო მეცნიერებისა და ბრწყინვალება შარავანდთ-მკრთომელობისა თქუენისა, პატრონად ყოვლისა სპარსეთისაი.
[64] მაშინ არა-მაღირსმან სიძობისამან უბრძანეს იმედი შუელისა და ჴელის-აპყრობისა; და განსცა ბრძანება და წარავლინა შიკრიკნი და მალე-მსბოლნი წუევად ლაშქრისა იმერით და ამერით. რამეთუ მას ჟამსა ძმა ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა სავალათი აქა იყო სამსახურად, დიდთა ლაშქართა შემყრელნი დადგეს დასოთა შინა, რომლისა სიმრავლითა აღივსნეს მტკურის პირი ალგეთის პირი კციის პირი და ქურდვაჭრის პირი, ესე ოთხნივე მდინარენი ტფილისით ყარლჩამდის.
მაშინ მოვიდეს ამირ-მირმანი ფალავანდის-შვილი და აღსართან შარვანშა, ყოვლისა არანისა დიდებულითა და ჰულამითა. დადგეს ჴელმწიფენი სუე-სრულნი და ღმრთივ-აღმობრწყინვებულნი ჭალასა აგარათასა და პატივისმცემელთა ნების-მყოფლობისა მათისათა აწჳეს და მოიწჳეს დიდითა ზარითა და პატივითა დედოფალი რუსუდან; აქა რომელმანცა სახემან ანუ ვისმცა გონებამან და ენამან აღმოთქუნა ქებანი ზართა დიდებისათა, კარავთა და სარაფარდათა, კოშკთა და ფილოპატთანი, მოკაზმულობანი და შემკობილებანი ბესელიელებრნი გინა სოლომონიანნი ტაძრისა ღმრთისანი, რომელსა. შინა იხილვებოდა ღმრთისაგან ღმერთქმნილად, შორის ღმერთთა გამკითხველად ღმრთისა სახეობად, რომელსა მოესთულო სურნელება და შუება სამოთხისა, მოეფუტკრა [65] ვარდბუტკობა, ყუავილ-მცენარეობა, ასფოდელ-ნარგისობა ილჳსიოს-ველის ნამორჩებთა? ანუ ვისეცა ქება მიხდომოდა დავითის მოყმისა, ბაყათარისა და თარხნისა მსგავსისა, ეფრემიანისა და დიდებულთა ბუმბერაზთა და მოყმეთა მსგავსთა როსტომისთა, და გივისითა.
და შეიყარნეს ზრითა მით, გონებისა ზარგანჴდილითა, და შეიქმნა დარბაზობა. და დასხდეს ტახტსა ზედა ოქრო-ჭედილსა თჳთ თამარ, დავით და ძე მათი გიორგი, მადიდებელნი და მასახელებელნი ყოვლისა ულუმპიანობისა და შარავანდთ-მპყრობელობისა გუარფესუობისანი, და რომელთათჳს მოქალაქობისა მოქმედნი. ვითარ თქუას. სიტყუამან: "შევინანნე კაცნი ესენი", კაცთ-ზეშთამან კაცთმოყუარებამან კაცნი საყუარნი, მბაძნი დასაბამისა ღმრთის გამგებლობისა კაცთ-ქმნილობით კაცთა ჴსნისათჳს, შეწევნითა და ძალითა მის ზენას მკლავისათა იჴსნნეცა სიკუდილისა და ექსორიობისაგან მვედრნი და შემხუეწნი ფერჴთა მათთანი.
პირველად რა გამოვიდეს ტფილისით ქალაქით, მიეგებნეს წინა ოვსნი და ყივჩაყნი ახალნი; და შემდგომად ამისა ჰერნი და კახნი; შემდგომად ქართველნი; და შემდგომად მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი; შემდგომად სომხითარნი; შემდგომად აფხაზნი და სუან- მეგრელ- გურიელნი თანა რაჭა- თაკუერ- მარგუელითურთ, და თჳთ კარვის კარსა ჴელისუფალნი და შინაურნი.
[66] ხოლო ვინათგან შინაური და თჳსი იყო შარვანშა პირველად შემოვიდა იგი და, თაყუანისმცემელი, მოიკითხეს წესისაებრ და დასუეს თჳსსა ადგილსა. და შემდგომად მისსა მოვიდა ამირ-მირმან, მამულად ძმისწული სულტანისა, შვილი ფალავანდისი, და დედა მისი იყო ასული ინანჯანისი, ხუარასნის მემამულისა, რომელი აწ ცოლი იყო ტუღრილ სულტნისა. და მოიყვანეს პატივითა და ზარითა; მომკითხველთა დასუეს. პატივითა და შეიტკბეს, ვითარსა შვილი, მოყმე კარგი და შესახედავ- საყუარელი. და მოასხეს დიდებულნი, ზოგნი ელდიგოზისნი, ზოგნი შვილთა მისთანი, ათაყუანნეს და მოიკითხნეს შესატყჳსითა პატივითა.
და შეიქმნა სიხარული გულისა მათისა მიუთხრობელი და მათ, განცჳფრებულ-ქმნილთა. ფიცითა დაამტკიცეს: "არა ნახულა კაცთა თუალთაგან, არცა წაგჳკითხავს. ძუელთა წერილთა შინა, გინა ახალთა, სახე თამარისი და მსგავსი ქცევითა ყოფისა მისისა" და მოეწონა თჳთ მეფე დავით და დიდებულნი და მოყმენი მათნი, და თქუეს მხიარულთა და იმედოანთა: "გავიმაგრნეთ გულნი ჩუენნი და აღვიძარცოთ კმაება შეჭირვებისა თუალთაგან ჩუენთა! ჭეშმარიტად ძალ-უც ჴსნა ჩუენი და კუალად-გება მამულადვე ჩუენდა".
მაშინ ითხოვეს პური და შემდგომად პურობისა დაიდვეს ნადიმი, სიკეთე და სიტურფე გამოუთქმელი. იყო სიხარული და ზმა მგოსანთა და მოშაითთა. იგინიცა დამოსნა ძჳრფასითა შესამოსლითა, იგი ორნივე და ლაშქარნი მათნი. დამყოფელთა მსგეფსისა ერთისათა ჰქონდა ყოველთა დღეთა სიხარული: მათგან ძღუნობა, ამათგან ბოძება, ნადირობა და ბურთობა. რომლისათჳსცა ისმოდა ქება თჳთ ამირ-მირმანისი [67] და დიდებულთა და ჰულამთა მისთა, ვითა: ერაყსა," ადარბადაგანსა და ერანს ამათებრნი მობურთალნი არ დარჩომილან".
უბრძანა მეფემან ამირსპასალარსა მისსა ზაქარიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს, ჰერეთისა ერისთავსა გრიგოლს და სხუათა მოყმეთა და ჩავიდეს მოედანს და მუნით ჩამოვიდა ამირ-მირმან მისითა დიდებულითა და მონითა, და თჳთ თამარ საჭურეტელად პირითა მით ბრწყინვალითა და ნათელთა-მოფენითა. ისლიმნი, დაჯერებულნი მეცნიერობისანი და მძლე-მბრძოლნი, მსწრაფლ იძლივნეს დავით მეფისა და მისთა მოყმეთაგან და შეიქცეს მლეულნი და მჭმუნვებელნი.
ამა სიხარულსა და შუებასა შინა ეკაზმოდეს და ემზადებოდეს დამსკუნელნი შუღლისანი. და მოვიდეს და აცნობეს ათაბაგსა, ნახჭევანიდაღმან ყოვლისა სპარსეთისა შეყრითა მყოლსა. არანს მოსულსა, რომლისადა წარმოეგზავნა ხალიფას დროშა მისი და ლაშქარნი, რომლისა თავსა ზედა იყო ოქრო ათასისა ხალიფურისა.
მაშინ შეკრბეს თამარს წინაშე ყოველნი ვაზირნი და სპანი და თჳთ შარვანშა. დამასკუნელთა მიმართებისათა უყოვნელ ყვეს დღენი ყოველთავე თჳთეულად თემთა და თჳთ შარვანშა და ამირ-მირმან წინაშე ითხოვეს სიტყუა მდაბლისა და გამარჯუებულისა, მძლევისა და წარმართებულისა პირისა მისგან სჳანისა.
[68] და წარემართა დავით, წარმძღუანელი ძელისა ცხოვრებისა და შემყრელი დროშთა სჳანად მოჴმარებულისა, ბაგრატოანურისა და უფროსღა გორგასლიანურისა.
წარსრულთა დაიბანაკეს წყალსა ზედა ელეკეცისასა. და მუნით აყრილნი მოვიდეს. სიახლესა შანქორისასა, თუესა ივნის[სა]ა ა̂, დღესა ხუთშაბათსა, რომელი განთენდებოდა პარასკევად, რომელსა შინა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან შემუსრა ძლიერება მჴდომისა და დათრგუნა ორთავი იგი ვეშაპი.
რომლისა იხილეთ აქაცა ძალი და ძლიერება ძელისა მის ცხოვრებისა და პატივისცემა პარასკევისა. და ვითარცა განთენდა, მოვიდეს კაცნი წინამავალნი აეშაგთაგანნი და თქუეს, ვითარმედ "ჩუენ თუალითა ჩუენითა გჳხილვან ათასნი ათასთანი და ბევრნი ბევრთანი, უმრავლესნი რიცხჳსანი, ვითარცა მკალნი და ვითარცა ქვიშა ზღჳსა შანქორითგან ვიდრე მთად შოთისა და ვარდანაშტისა, განძის კარამდი ვერ მისაწთომელ არიან თუალნი განცდად და გარდაწთომად.
და ვითარცა ცნა მეფემან და სპათა მისთა შარვანშა და ამირ-მირმან და ლაშქართა მათთა, პირველად მხიარულთა და მმადლობელთა ღმრთისათა ახლოს პოვნისათჳს მტერისა მათისა, დაეცა განკჳრვება, თუ "ვითარ დამგდებმან განძისა და არანისა ჭალათა, მთათა მაგართასა აჰჴედა საფარველი, და მკჳრცხლ შეუმართებია ომად მოგებვად წინა". გარნა ესე სამე გამორჩევითა და განზრახვითა მოსრულ იყვნეს ადგილსა მას, პირველად იმედითა სიმრავლე-აურაცხელობისათა, მერმე ჴევისა და სიმაგრისა შეზღუდვილობითა.
[69] მაშინ აღიჭურა და შეიჭურა მეფე, შეჯდა ზურდაგსა, რომელი სახელგანთქმულობისათჳს ეყიდა ვახტანგ ხაჩენელისაგან მბოძებელსა ციხისა და სოფლისასა, რომელ არიან ჭარმანი, ამირ-მირმან მოყმემან, ამღებელმან ჰოროლთამან, შეირტყა მშჳლდკაპარჭი, მოიმახოს უცთომელმან მსროლელმან და ვითარ განსწავლილმან კენტავროსისაგან.
და მას ჟამსა მწიგნობართა-უხუცესი ანტონიცა წინაშე იყო, კაცი შესახედავითაცა ჭაბუკი და გუარტომად. მას უბრძანა წარძღუანვა ძელისა ცხოვრებისა, რომელ არს სკიპტრა და ჯაჭუ-ჭურ მეფეთა. განმამჴნობელნი ურთიერთარსისანი, მომგონებელნი ქრისტეს მათისათჳს ვნებათანი, აღეხილველნი ღმრთისა და მითუალულნი, და მისდა შევრდომითა თაყუანისმცემელნი, შემვედრნი სულთა და სხეულთანი მოაჴსენებდეს ურთიერთისა სიმჴნესა, მარჯუებულობასა პაპათა და მამათასა, თუ ვითარ ძუელ ოდესმე წინაშე დავითისა ოცდაათშჳდმეტნი გმირნი მბრძოლობდეს და მძლეობდეს უცხოთესლთა და ვითარ სპანი ვახტანგისნი წინაშე ვახტანგისა, და ვითარ სპანი ახლისა დავითისნი წყობათა დავითისთა იერუსალემს ერთობდეს, აწ შვილისა მის თამარისნი, რომელი დავით წინასწარმეტყუელითგან ოთხმეოცსა-ერთობს შვილად ცხებულად.
და მეტყუელნი სპასპეტნი სპათანი: თუ-იგი ვინმე მაშინ იყვნეს მძებარნი სახელთანი და დამდებნი თავისანი ისტორიის ქებისანი შესხმათასა აწ ჩუენცა უსწროთ და [70] გარდავსტაცოთ ქება მაქებელთა და შემსხმელთა, დავძუელნეთ და დავარცხჳნეთ ჰომთა მათთა და მოვიგონნეთ ვიეთნიმე სჯულისა და ქრისტეს კუალთა შედგომილებისათჳს თავის-მსხმელნი ლანძუთა და ტაფათა და კატაფელთანი, და ვინმე გმირნი გოლიათნი, სახელი; მძებრობისათჳს არამრიდნი სიკუდილისანი, და ვინმე მიჯნურნი და მნათობთა მათთა მოგონებითა ყოვლად შწყალოდ მქნელნი ჴორცთა და სულისანი. აჰა, ჩუენცა ჴელნი ჴრმლად და სული ღმრთად!".
მაშინ ჰკრეს სპერმურთა, და სცეს ზარი, დააწყუეს რაზმი წესისაებრ; მიუწია წუერმან რაზმისამან მარჯუენითმან [მთად] და მარცხენითმან [მტკურად]. და წარემართნეს და წავიდეს სიახლესა შანქორისასა, გარდაეცნეს ზედა, და განყო რაზმი მიმახლლებელმან ქალაქისამან და ომთამან. თჳთ მეფე, რაზმითა დამგდებელი მარჯუენით, შანქორსა, მოსწრაფე იქმნა განსლვად წყლისა შანქორისასა კერძოსა. დაუმცირეს რაზმისასა კართა ზედა და ჴიდთა შეიქმნა ომი და სროლა. ძნელსა და საჭიროსა გზასა სიმჴნითა ჴელ-ყვეს ჴსნად. განვიდეს პირსა ისლემთა რაზმისასა, რომლისა ზარი - უზარო, ჰამრი - უამარო გაგონებისაგან და თუალთა მხედველობისაგან. შეიქმნა ომი და კუეთება არათუ სრულობით წარმოღურითა რაზმისათა, გარნა წინამსრბოლთაგან, რომელთა ყივჩაყთა ენითა "ჭალაშ" და "დასნაჭტდა" ეწოდების.
და გაგრძელდა ომი გზისა სიგრძისაგან, ვინათგა მეფე და რაზმნი მისნი მიზეზითა ბეღთა და კაპანთათა დაყოვნებულ იყვნეს. და მოუკლეს ცხენი ზაქარიას ვარამის ძესა, და დაუკოდნეს სხუათა მრავალთა დიდებულთა. მაშინ ცნეს მჴარგრძელთა, ძეთა სარგისისთა, ზაქარია ამირსპასალარმან და ივანე მსახურთ-უხუცესმან, წარმომართეს, [71] ვითარცა ვეფხთა, ფრთოსანთა, და მოესწრნეს კნინსა დაჭირებისაგან უკურიდებულთა. და მომხმდველთა იხილეს: მიახლებოდა მეფე და მისი რაზმი; დროშა იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს შესლვითგან მოსპეტაკდებოდა, ყოვლადცა პატივისმცემელ ექმნებოდა ზენა იგი განგება და მათ, პირველ-მოსრულთა, წახეთქნეს ნახევარნი ლაშქართა და რაზმთანი. ვიდრე მეფისა მოსლვამდი გამაგრდა რაზმი ათაბაგისა.
და რაჟამს იხილეს მეფე დაეცა რისხვა ღმრთისა უხილავი და ჴრმლები და ჰოროლები მეფისა, რაზმთა მისთა მსრველი. და აჰა, მისლვამდი იოტეს და გააქციეს, დაათრვნეს ისარნი სისხლითა და ჴრმალნი ჭამდეს ჴორცთა მტერთა მათთასა. და მეფე იქცეოდა მსგავსად აქილევისა. და მიუწია მდევარმან ერთკერძომან განძის შუალმთამდი, ერთკერძომან მთამდი გელაქუნისა არა თუ წარმქცეველი ერთი ათასთა და ორი ბევრთა იხილვებოდეს, არამედ შემომქცეველნი ერთი [ათასთა] და ერთი ბევრთა ტყუე-მქმნელად ჴელმწიფეთა, დიდებულთა და აზნაურთა, გარნა ათაბაგი მხოლოდ განერა ერთითა მონითა. დაიონავრეს ქალაქნი სამნი, ვითა არს წესი სარკინოზთა ლაშქართა შინა-ქონება ქალაქთა და სიმდიდრეთა: ერთი ათაბაგისა, ძისა ბეშქენ ქველისა, ერთი სათმაზ ეზდინის ძისა, რომლისა მამისა სიუხჳსა სახელი სპარსეთს ასეთი ითქმოდა: ჰათემ" თაიელისა". და წარუღეს დროშაცა ხალიფასაგან [72] ღაზოდ წარმოგზავნილი. მადლიანითა და ჭეშმარიტითა პირითა კურთხეული ესევითარი აჩუენეს აწ საქმისა გამარჯუებულებ. მიმჴედრობითაღა სამე დევნისაგან შემოიქცა მეფე და მიეგება წინა ანტონი ვაზირი ჴელგაპყრობით მადიდებელი ღმრთისა და თჳთ ავსილი ლარითა და საჭურჭლითა ათაბაგისათა, რომელმან რიდობითა მონაზონობისათა არა იჴადა მახჳლი და მისრულმან სამითა ყრმითა შემოაქცია სამასი ჯორი და აქლემი.
მაშინ მოვიდეს მადიდებელნი სპანი და. სპასალარნი და სპასპეტნი, თჳთ შარვანშა და ამირ-მირმან; პირითა მხიარულითა გარდამოჴდეს, თაყუანის-ცეს, დალოცეს. და ქება შეასხეს მეფესა და ბუმბერაზთა მისთა. და მას ღამესა დაიბანაკეს სადგომსა მათსა, რომელი გუშინ მნახველთაგან აღარ იცნობებოდა. მადრასათა წილ აღმართნეს ეკლესიანი და მყივანთა წილ ჰკრეს ძელსა, და ნაცვლად მუყრთა იხილვებოდა ღაღადება მღდელთა ადონაისადმი: უფალო საბაოთ ძალთასა.
ვითარცა განთენდა, მოვიდეს შანქორელნი და მოართუნეს კლიტენი. და ამღებელმან ქალაქისამან და ყოველთა მისთა მიმდგომთა ქალაქთა და ციხეთამან ითაყუანა ამირ-მირმან და უბოძნა მას. თჳთ გაემართა განძას და მივიდა სიახლოესა ქალაქისასა: გამოეგებნეს დიდებულნი და დიდვაჭარნი, ყადი და მულიმნი. დავრდომით მიწა-ქნით თაყუანისმცემელთა შეასხეს ქება დავით მეფესა და ცრემლით მოქენეთა შეავედრნეს თავნი [თჳსნი] და შვილნი; განახუნეს კარნი ქალაქისანი, და მიუფენდეს სტავრასა [73] კართა-სრამდი სულტინისა, და გარდაასხმიდეს თავსა ოქროსა და ვეცხლსა, დრამასა და დრაჰკანსა. და ვითარცა შევიდა სრადა და დაჯდა ტახტსა სულტნისასა.
შეიქმნა დარბაზობა, და დასხნეს ამირ-მირმან და შარვანშა თჳთეული თჳსსა ადგილსა ეგრეთვე ვაზირნი: მანდატურთ-უხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელიცა აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისა, დასუეს. მაშინდელი ზარი და ზეიმი ვისმანმცა ენამან გამოთქუა, ანუმცა ვისი გონება მისწუთა მეფობისა და სულტნობისა ერთად მქნელობასა, ათაბაგის ძისა და შარვანშა; ყმად ყოლასა, ყოვლისა მუსულმანობისა ტყუე-ქმნასა შინა და რომელნი დარჩომილ იყვნეს მოსლვასა და სამიწოდ თაყუანებასა შინა? შეიქმნა პურობა და ნადიმობა შესატყჳსი ჟამთა და მის დღისა.
მაშინ წარმოგზავნეს მახარობლად მანდატურთ-უხუცესი ჭიაბერი. და მოვიდა ტაბაჴმელასა და ჰკადრა თამარს საქმე აღსავსე სიხარულითა გამოუთქმელითა. ხოლო აღუზავებელითა და წყნარითა ტკბილითა სულითა და ლმობიერითა გულითა შეწირეს ღმრთისა მიმართ მადლი და ქება ჯეროვანი.
და ქალაქს სლვისა გამომრჩეველნი მივიდეს სრასა. და მოვიდა მეფე და მის წინაშე ლაშქარნი, სავსენი წყალობითა ღმრთისათა, სახელითა მიუწდომელითა და სარგებელითა გამოუთქმელითა. მოიღეს ნიჭი, არმაღანი და განძი აურაცხელი კაცი (ჴელმწიფე-აზნაურთა მონამდის) თორმეტი ათასი, ავაზა ორმოცი, ცხენი ოცი ათასი, ჯორი შჳდი ათასი, აქლემი თხუთმეტი ათასი. დროშათა სხუათა, სიმრავლეთა საჭურჭ[74]ლეთა, ოქროთა და ლართა ვინმცა უძლო აღრიცხვად? იქმნა თამარისა შეწყალება, რომლისათჳს დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობელისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა: მაშინ მას წარეგზავნა მოძრცჳლი ქედისაგან დორბეზე სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძჳრფასისათა. მიზეზად ძღუნისა- შემწირველობისასა და მვედრებელობისა ამანცა ესევითარად ესე იამბიკო ხუთეული ოცდახუთ ლექსად აღწერა.
ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთ-მთავრობა, ძე საუკუნობს პირველი და კუალადი. სულმან მან ღმერთმან სრულ ყო მოქმედებადი, სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა, მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.
შენ მიერ მისთჳს დრკუსა მის განმგებელი დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი, ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო. შენგან შობილმან. ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად ბნელით ნათელსა, ნათელთა მხედველობად.
[75]
შენგან, ქალწულო, რომელსა შენთჳს დავით როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად. მე თამარ, მიწა შენი და მიერივე, ცხებულობასა ღირს მყავ და თჳსობასა. ედემს, ღადითად, სიმხნით, და ჩრდილოეთით
შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ, ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი, ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან, მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით.
ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა ჩუენნი მჴედარნი, მოსავნი შენნი, სძალო; მოწყლნეს, მოსწყჳდნეს აგარის ნათესავნი. მუნით მოსმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას. შენდა შევწირავ! მიოხე ძეებრ, ღმერთო!
და ვინათგან თამარ მზეებრ უხუ იყო და ყოვლად უჭნოთა მათ ნიჭთა ამღებელი იქმნებოდა, ამისგან თჳთოსა დამჯერებელმან აიღო საპატრონო პატრონმან ჴმელთა და ზღჳსამან. და მადლისა და წყალობისა გარდამჴდელმან აყარნა ლაშქარნი. ხოლო მწყემს ოდენ ეკმაებოდეს ტყუესა და ნატყუენავსა, და თჳთ იშუებდეს, იხარებდეს, ნადირობდეს და სუფევდეს ულუმპიანად და შუენიერად ბედიანნი და სჳანნი თამარ და დავით ორთა შვილთა თანა, ნათელ-მოსილთა და ბრწყინვალეთა.
[76] აწ თქუას სიტყუამან ესეცა საძნაური და საბრალო. ვინათგან სიბრძნედ და მეცნიერობად ნათესავსა აგარიანთასა აქუს საქმე გრძნებისა და მოგუობისა განსწავლილთა იუნიტანისაგან, რომელ ნებროთ, იხილა კიდესა ზღჳსასა კჳროისა-ზე და დარიოსისა. შემდგომითი შემდგომად არიან მჩხიბავნი, მწამლველნი უარისმყოფელნი ღმრთისანი. აქაცა რწმენა ვინმე დიდძალისა ოქროსა ქადებითა ბუბუქარ ათაბაგ-ყოფილმან და ნახჭევანს გარდახუეწილმან მოწამლვა და სიკუდილი ძმისა მისისა ამირ-მირმანისა. და მისცეს წამალი სასიკუდინე და დასნეულდა. და გაგზავნეს კაცი მცნობებელი და მუნით დიდითა შიშითა და ზარითა, ასპიტისაგან კბილნი მთართახნი, ძლივ-სადმე მოვიდა მთასა კაპისსა, სანახებსა განძისანა. და ცნეს დასტური სიკუდილი.
მოვიდა ბუბქარ განძას; გავიდეს და შეიბნეს ყმანი ამირ-მირმანისეულნი. და ზოგნი დაჴოცეს და ზოგნი გარდახუეწნეს; თჳთ მოიფიცა განძა და გამაგრდა; შიშითა მანდ არა-დამყოვნელი ხანისა გავიდა ჯერთ უმეცარი ამირ-მირმანის სიკუდილისა, არა-დამხედავი მცირეთა ყოვლისა. გაემართა და მივიდა შანქორამდი. და მუნღა მოეგებნეს დიდებულნი არანისანი მტირალნი, დამსხმელნი თავსა ნაცრისანი, და ჰკადრეს: ჟამად აღარა იქმნებისო; სიმაგრეთა ესე წაუხუამთ და ბუბქარს აღარსად დაუდგნა ამას ქუეყანასა".
მაშინ შემოიქცა მეფე დიდებულითურთ, მოვიდა წინაშე თამარისა და მსგავსად ალექსანდრესა, ვით დასდვა პატივი დიდი პორეს ლუსკუმასა შინა ჯდომითა, ეგრეთვე შავითა შეიმოსა ნათელი იგი, პირველი ნათლისაცა - უბრწყინვალესი, და დიდითა ცრემლითა მოიტირნა. დიდებულნი ხასაგიანნი და მონანი ამირ-მირმანისეულნი დიდითა პატივითა და სიყუარულითა დაიჭირნეს.
[77] ხოლო ივანე მჴარგრძელი მჴნე და ბრძენი იყო ომთა და ლაშქრობისა საქმესა შინა. მოჰმართა, და გავიდა გელაქუნად მცირედითა ლაშქრითა, და დადარნა ვითარცა დათუმან მომზირალმან ბრჭალსა მტერისასა, ვით ლეკუმან ლომისამან, და ძეთა ისრაელისათა ძეთათჳს ბენიამენისთა, და არავინ იახლა თანა ყმა ფიცხელი.
ამას შინა თჳთ ივანე, მდგომმან მსტოვრობასა შინა, იხილნა ლაშქარნი შორს, ჯეკმად ათკეცად უფროს ლაშქართა მისთასა, მომავალნი განძით და მიმავალნი ქუეყანასა დვინისასა სურმანს, მასისის გჳრაბისა და შურისასა; თჳთ ბალშან, გაზრდილი ელდიგუზ ათაბაგისა, ლომი ჭაბუკი, პატრონი დვინისა და სომხითისა, ძმა სურმანელისა, სურმანელითა ლაშქრითა; ალი შურიშამი, დიდად მყოფი, კაცი მმარჯუე, ეგრეთვე დროშის პატრონი. ვინათგან [ივანე] კაცი გულ-მჴეცი იყო, არ დახედნა სიმცროსა მათსა და უფროსობასა მტერთა მათთასა, და გამომჴდომმან დაფანჩნა და დაპანტნა, ვითა წერონი ტუღრილმან და ვითა ჯოგი კანჯრისა ლომმან, დაჴოცნა, ამოსწყჳდნა და რისხვა ღმრთისა მოვლინა თავსა მათსა ზედა; თჳთ ბალშან, ლაშქარნი და დროშანი, მკუდრისაგან კიდე კაცი ცოცხალი ოთხი მოიღო. თჳთმპყრობელთა განაღამცა გაიხარეს დიდად წყალობათა მიმცემელთა და. ღმერთსა შესწირევდეს მადლობასა ჯეროვანსა.
და შეიყარა მეფე სპითა იმიერთა და ამიერთათა ქუყანასა განძისასა, და თამარ ჩავიდა დვინამდი, წინაშე მოვიდა შარვანშა სამსახურად; და გაგზავნა ლაშქარი, შემოქცეული დადგა აგარათა მორჭმითა და სუფევითა. და მოვიდეს კარსა განძისასა. ამწყუედელთა და მსრველთა არნისათა დაყვეს კარსა ქალაქისასა დღე ოცდახუთი. ცალკე ივანე მსახურთ-უხუცესმან, დიდთა ლაშქართა დაურიცხჳსა ალაფისა შინა გამომგზავნელმან, ხაჩინელნი დიდებულნი მიიტანნა წინაშე მეფისა. რამეთუ განმაქარვებელნი არანისანი, [78] და განძისა და სხუათა ქალაქთგან ხარაჯა-ძლეულნი, [შემოიქცეს] სამეფოდ ძლევაშემოსილნი, შარვანშას თანამომტანელნი. მაშინ უბოძა საბოძუარი; და შემოსეს მრავალმრავალჯერ, გაგზავნეს შინა პატივითა.
და წარვიდეს ლიხთ-იმერეთს; შთასრულთა ზღუა პონტოსა მოიურვეს, და მოირჭუნეს დიდად და კარგად, ვინათგან ქუეყანა არტანისა, ძაღინის ჴევისა, პალაკაციო წაეღო თურქთა.
და თამარსა, გონებითა და განზრახვითა ბრძენსა, არ ავიწყდებოდა მას ყაბოს მკულეველი კეკოს. და მიუწია მარბიელმან ბასიანამდის და ურაბებამდი. ავსილთა დაიბანაკეს სისხლის მქონელსა, აწცა იხილვებოდა, მსგავსადვე ძუელ ოდესმე თქმულისა და მქონელისა, ქუეყანა და საყოფი მათი, ვითარცა "სისხლის მუცელი".
ამა ძლევითა და გამარჯუებითა იყო თჳთ მეფე მეფეთა. არცა იგი უმადლოდ იპოებოდა გამმარჯუებელისა მისისა, არამედ დიდ-ბუნება იყო სკიპტრის მპყრობელთა შორის უსაჩინოესთა ესე თამარ.
ამისათვისცა უდიდესთაა ჴელ-ყო საქმეთა, რომელთა მთხრობელად მოწევნული მყის თავსა შორის ჩემსა, უჴმოსა და უგუნებოსა, მსგავსი იპოებოდი უმეცრებით ლექსთა მეტყუელებად. და ვინათგან საქმეთა დიდთა კეთილთა დავიწყებად შეიქნა, არა ჯერ ვიჩინე დადუმებად, რომელნი ზესთა ძალისა არიან არა ჩემთჳს ოდენ, არამედ ვგონებ პირველთა სიტყჳს-მოქმედთა ვინა უტყუელი პირი იტყჳს: "ეძიებდი სასუფეველსა [79] ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს". და ამისმან მსმენელმან და კეთილად გულის-ჴმის მყოფელმან აღიხილნა თუალნი მაღლისა მიმართ და აღამაღლა გონება, ყოვლად რამე ბრძენი და კეთილად ცნობა-გონიერი, რომელი ყოვლითურთ შეეყო მაღალსა მას, ყოველთა ზედა მხედველსა, და შემსჭუალა თუალი მრუმედ მხედველი, რათა მეცნიერ ყოს და მას მხოლოსა ხედვიდეს.
ვერ შეიტყუა იგი საშუებელმან ამის საწუთროსამან, არცა მეფობამან გჳრგჳნისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხუად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმჴნემან, რომელი სიტყუა, ცხად-ყოს. არა მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან, ვითარ ძუელ-ოდესმე მეფენი მრავალნი და უმეტეს ამის სანატრელისა მამა, ყოველთა ბრძენთა უპირატესი და უმეტესი სოლომონ. ესრე უბრძნე იქმნა ბრძენისა მის, რომელ ესეოდენ შეიყუარა ღმერთი იგი და უცხო ექმნა საცთურთა სოფლისათა. ამან ისმინა ჴმა იგი უტყუელისა პირისა და შეიტკბო იგი, რამეთუ ღამე ყოველ მღჳძარება, ლოცვა, მუჴლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღმრთისა ზემდგომრობითა განსაკჳრვებელ აქუნდა, და ღამე ყო ჴელსაქმარი, რომელი გლახაკთა მიეცემოდა. ერთი ოდენ ვაჴსენოთ.
ლოცვისა და ჴელსაქმარისა მიერ მაშურალმან მცირედ მიიძინის ბუნებითისა წესისაებრ ამას მცირედ მირულებასა შინა იხილა ჩუენებით რაცა საყოფელი, სახილავად ტურფა და სიკეთე-აღმატებული ადგილი, ყუავილთა, მწუანვილთა და ნერგთა მიერ განშუენებული, რომელი საწადელ იყო მხილველთათჳს და სიკეთესა და შუენიერებასა მისსა სამოთხისასა მითხრობა შეუძლებელ. ამას შინა იყო შესწორებული საყდრები და სარკმლები, პატიოსნად შემკული ოქროთა, რომელიმე ვეცხლითა, თჳთო ფერად [80] განშუენებული საჯდომი თჳთოეულისა კაცისა, არძანგისაებრ საქმეთა, ნაქმარისა მისისა. ხოლო ზენა-კერძო იყო ტახტი, უპატიოსნესი ყოველთა დასაჯდომელთა, ოქროსა, შემკული თუალითა და მარგალიტითა პატიოსნითა. ამას სამოთხესა შინა შეიყვანეს ჭეშმარიტად ღირსი მას შინა ყოფისა მეფე თამარ. იხილა საჯდომები და განიზრახა გულსა შინა თჳსსა, ვითარმედ: "მეფე ვარ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი და უპატიოსნესი ესე საჯდომი". და მყის მიმართა მან დაჯდომად. ხოლო წარმოუდგა კაცი ვინმე ნათლითა მოსილი და უპყრა ჴელი, მოხედნა და რქუა: "შენი არა არს საჯდომი ისი, რამეთუ შენ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად იმისსა". და მეფე იტყოდა: "ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი საჯდომი?". მან რქუა: "საყდარი ისი შენისა დიასახლისისა არს, ამისთჳს რომელ ათორმეტთა მღდელთა მისთა. ჴელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგენ შესაძრწუნებელსა და საშინლსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნისა მსხუერპლისა. ამისთჳს. იგი უზეშთაეს შენსა არს; დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ საყოფი შენი აქავე არს". და უჩუენა უდარესი და უუნდოესი.
ვითარ განიღჳძა, წინაშე მოყვანებად სცა დიასახლისი იგი, რომელმან აღიარა თორმეტისა მღდელისათჳს უფროსად სრულისა კუართ-ფილონისა შესთვა და მღდელთა მიძღუანვა. მიერითგან იწყო ამანცა ალექსანდრიით ვაჭართა მოღებულისა მატყლისაგან სთვად და ქმნად შესამოსლისას ვიდრემდის ათორმეტად სრულ-ყოს.
თქმულ არს ესეცა, დაღათუ მოუწყობელ არ სიტყვა, ვითარმედ თჳსითა ჴელითა ამასცა შურებოდა, რომელ მის დღისა საჭამადი მისი ფას-რაოდენ დღივ შეჭამის. [81] ჴელით-საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა აჴელსაქმრის და მისცის არა სამეფოდ შემოსავალთაგან. საეკლესიო ლოცვად წესი ლოცვისა დაუკლებელად. აღესრულებოდის, ვითარცა ტიბიკონი მოასწავებდა და განწესება პალესტინისა მონასტრისა მოგჳთხრობს, ყოველი სრულიად. დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერვინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს.
გარნა სამართალთათჳს მისთა არა იყო მიმმძლავრებელი, არცა მტაცებელი, არცა მეკობრე და მპარავი. იტყოდა, ვითარმედ: "მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა". მოწყალებისათჳს კმა გეყავნ დადიანი ვარდან, გუზან, რომელი თუალ-მრუმე ოდენ ყვეს, ბოცოს-ძე ბოცო და ამათნი მიმდგომნი დიდებულნი და აზნაურნი, რომელნი ჩანან შეწყალებულნი.
ვინათგან უდიდესნი საქმენი წინამდებობენ, ვითა თქმულ არს, "ვინმცა მცნა მე ფრთენი ტრედისანი", ვინმცა მცნა მე ისტორიათ-აღმწერელმან ქმნა ღმრთის-მოყუარესა თამარს წინაშე სასწაული განსაკრთომელი და ყოველთა ქართველთა და მართლმადიდებელთა აღმატებულითა სიხარულითა ამმაღლებელი?
მოვიდეს ძმანი ორნი მეფეს წინაშე მსახურებად, ძენი სარგის ამირსპასალარისანი, რომელნი მას ჟამსა დიდად განდიდებულნი იყვნეს მეფისა მიერ: ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთ-უხუცესი. ყოველნი მკჳდრნი მეფის წინაშე იყვნეს: [82] კათალიკოსი იოანე, სულმობერული, კაცი ანგელოზთა მოსაგრე, და მცირენი ეპისკოპოსნი, და სხუანიცა საქართველოს წარჩინებულნი შეკრებულ იყვნეს. ვითარ კათალიკოსი იოანე უსისხლოსა მსხუერპლსა მღდელმოქმედებდა, მოიღო და შესწირამან ჟამი. აღსრულებისა ყოველნი ღირსნი მოუჴდებოდეს ჭამად სეფისკუერისა. ინება ზაქარია ამირსპასალარმან შეხებად და აღებად სეფისკუერისა. ხოლო მღდელთა არა მისცეს, რამეთუ იყო სარწმუნოებით სომეხი, შეჩუენებულთაგანი; და სირცხჳლითა იკადრა ზაქარია აღტაცებად სეფისკუერისა და შეჭმად. რომლისათჳს კათალიკოსი, ცეცხლებრ აღტყინებული, ძლიერად ამხილებდა და ეტყოდა: "ნეფსით არავინ მართლმადიდებელთაგანი იკადრებს მღდელმოქმედებასა სეფისკუერს თქუენ, შჳდგზის წყეულთა სომეხთა, მოცემად, მომტაცებელი ძაღლიცა თუ იპოოს". რომლისათჳსცა სირცხჳლეული წარვიდა ზაქარია კარვად თჳსად.
და დარბაზს მასერებელი ზაქარია ამირსპასალარი მცირედ რასმე სიტყუასა ჰყოფდა ურწმუნოსა, რამეთუ სიტყჳთა ჰგმობია სარწმუნოებასა ჩუენსა. ვითარ სულმობერული კათალიკოსი მიუგებდა და აუჴსნიდა, წინააღდგომად ვერ შემძლებელი ზაქარია ეტყოდა: "მე, მელაშქრე, ვერ კეთილად მეცნიერ ვარ სიტყჳს-გებად შენდა; არამედ მოუწოდო მოძღუართა სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელთა ჩემწილ სირცხჳლეულ-გყონ". კათალიკოსი იოანე მიუგებდა: "იყავნ ნება ქრისტესი და მარადის-ქალწულისა ღმრთისმშობელისა, რომელმან სირცხჳლეულ ყვნეს უარისმყოფელნი თჳსნი".
ამისმან მსმენელმან ზაქარია წარალინა კაცი კათალიკოსისა მიმართ მათისა, თანა-და ეპისკოპოსთა, ყოველთა ვარდაპეტთა და მეცნიერთა. ხოლო ივანე [83] წინააღუდგებოდა და ეტყოდა: "განიყენე მაგისა ქმნად, რამეთუ უწყით, ვითარმედ ჭეშმარიტი სარწმუნოება ესე არს". გარნა მხოლო არა ისმინა ზაქარია.
და მოვიდა კათალიკოსი ვანისა და ყოველნი ვარდაპეტნი და დაიდგა სამსჯავრო, და დაჯდა დედოფალი, დედოფლისა მოსავი, დავით მეფე და წარჩინებულნი საქართველოსნი ერთ-კერძო, მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე ერთ-კერძო. მოუწოდეს კათალიკოსსა იოანეს. შევიდა და იტყოდა ფსალმუნსა ამას: "აღდეგ, ღმერთო, საჯე სჯა შენი, მოიჴსენე ყუედრება შენი, რომელ არს უგუნურთაგან ვითარ შევიდა, აღდგეს მეფენი და პატივით თანადაისუეს; ეგრეთვე მარღასთა და ვარდაპეტთა სომეხთა მათცა პატივი უყვეს წესისაებრ.
ვითარ მოკითხვამან ჟამი მოიღო, დადუმნეს ყოველნი და იწყეს სომეხთა სარწმუნოებისა მათისა თქმად სიტყუა-მჭევრად და ვრცელ-სიტყუად, ვინცა კეთილად მოჴსენებულ იყვნეს. კათალიკოსი, ზეგარდამოთა ნიჭითა აღსავსე, გონიერებით აღუჴსნიდა და ბრძნად მიუგებდა უკურღუევად თქმულთა მათთა, ხოლო თჳსისა დამამტკიცებელად. და გაგრძელდა სიტყჳს-გება მიმწუხრამდე.
მოშიშმან ისტორიისა სიგრძისამან კმა-ვიყო თქმად: ვითარ უწყით სომეხთა სიტყუა-მასვეობისა, ძლიერი ღაღადი აღუტევეს, ცილობისა სწორი ძლევა იქმნებოდა. ამის მსმენელმან კათალიკოსმან იოანე, ღმრთის-მეტყუელისა მოსახელემან, ნუ უკუე ზენათ სულის წმიდის მიერ აღვსებულმან ანუ თუ მართლისა სარწმუნოებისა მინდობილმან-არა უწყის, აღაღო პირი ბრძნად მეტყუელი შეუვალთა სიტყუათა. ოდესმე დიდი ელია მსხუერპლსა ზედა მოხედვიდა ცეცხლითა ღმრთისა მიერ მლოცველი; [84] იხილეთ, თუ ვითარ უაღრეს აღსაჴდელ არს უსისხლო მსხუერპლი-ჴორცი და სისხლი ღმრთისა კაც-ქმნულისა-მსხუერპლსა ზროხისასა, რომელი აჩრდილსა მწერებულად იყო, ეგოდენ უბრწყინვალეს და უზენაეს არს, რომელი აწ იქმნა და ითქუა, ვჰგონებ, სულისა მიერ წმიდისა, პირითა მსახურისა მისისა კათალიკოსისათა. რამეთუ თქუა:
"სახლით თარგამოსნო, რომელნი შეკრებულ ხართ ძჳნად და მტერად მართლისა სარწმუნოებისა! უწყითა, რომელ ნათესავსა კაცთასა ეუფლა ეშმაკი? დამყოფელმან თუალთა გონებისათამან შეასაკუთრნა ხრიზმოსთა, და არამეცნიერნი და დამტევებელნი ღმრთისანი უზორვიდეს კერპთა, ხახუსა და ნიორსა და ჯინჭარსა. ხოლო ღმერთი, არა უგულებელს-მყოფელი დაბადებულთა თჳსთა, ეზრახა აბრაჰამს და მერმე ნათესავსა მისსა; კუალად მოსეს მოსცა სჯული და მსჯავრი უკანასკნელ, უმეტესთა წყალობათა აღძრული, ზეცით გარდამოჴდა ერთი სამებისაგანი, შე და სიტყუა, ქალწულისა მარიამისგან ჴორცნი შეისხა და მსგავს კაცთა იქმნა, რამეთუ სისხლთაგან ქალწულისათა მიიხუნა ჴორცნი კაცობრივნი და სული სიტყჳერი, იქცეოდა კაცთა თანა და ყოველნივე განგებულნი აღასრულნა. რაჟამს შესაძრწუნებელი იგი ნებსით ჯუარცმა ეგულებოდა, ათორმეტთა მოწაფეთა თანა ისერა და სრულ-ყო პასექი ვითარ სრულ იქმნა, იწყო ახალსა ამას ღმერთ-მყოფელსა საიდუმლოსა: მოიღო პური, განტეხა და მისცა მოწაფეთა, და თქუა: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე ჴორცი ჩემი არს მისატევებელად ცოდვათა" ეგრეთვე სასმელიცა: "ხუთ ამისგან, ესე სისხლი ჩემი არს" და პირველ იტყოდა: "უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა". და კუალად იტყოდავე: "ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი [85] ჭეშმარიტი სასმელი არს. და მრავალ-სადმე არიან ესევითარნი სიტყუანი. აწ უკუე მომიგეთ: გრწმენა ესევითარნი ჴმანი მახარობელთანი" - ხოლო მათ მიუგეს: "უცილობელ არს ეგე. რამეთუ მოგუცა ჴორცი და სისხლი მისი. რათა უკუდავებად ვჭამდეთ და ვსუმიდეთ; ესე არს ნიჭი დიდი ჩუენდა მომართ, რათა ქრისტეს ღმერთად აღმსარებელნი ვჭამდეთ ჴორცსა მისსა და ვსუმიდეთ სისხლსა მისსა".
და კუალად კათალიკოსმან ჴმა ყო ბრწყინვალედ: "კეთილ, შვილნო, ვინათგან აღიარეთ, აწ უკუე ესეცა გრწამს, ვითარმედ ახალი სჯული და ახალი პასექი იყო სერობა იგი, და ყოველნი, ქრისტეს ღმრთად და კაცად აღმსარებელნი, მღდელ-ვმოქმედებთ ქრისტეს ვნებათა მომჴსენებელნი; ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა; იგი არს სჯული ჩუენი და მცნება ახალი".
ხოლო სომეხთა მიუგეს: "აგრე, ამას არავინ უმეცარ არს".
კათალიკოსმან თქუა: "აწ უწყოდეთ, უკეთუ სარწმუნოება თქუენი უმჯობეს-სადამე არს, თქუენ მიერ შეიცვალების პური ჴორცად უფლისად. თუ ჩუენი უმჯობეს არს, ჩუენ მიერ მღდელმოქმედებული შეიცვალების ჴორცად უფლისად".
მათ თქუეს: "ეგრეთ არს".
კათალიკოსმან თქუა საშინელი სასმენელად სიტყუა: "საქმითა გამოვაჩინოთ, არა სიტყჳთა".
მათ თქუეს: "რომელსა ჰყოფ, ჰყავ".
კათალიკოსი ეტყოდა: "მოგცემ ძაღლსა ერთსა და დრო-გიყოფ სამთა დღეთა, რომე ღამე განათიოთ ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა; სამ დღე ძაღლი უჭმელად დამარხეთ. და ერთი ძაღლი მე მომეცით, სამ დღე უჭმელად დავმარხო, ღამე განვათენო ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა. და გამოჩნდეს მართალი სარწმუნოება. მესამესა დღესა აღვასრულებ უსისხლოსა მსხუერპლსა და მოვიღებ სეფისკუერსა ხელითა ჩემითა. დაღათუ არა საკადრებელ არს, დაუგებ ძაღლსა წინა, რომელი [86] თქუენ გყავს, და ეგრეთვე თქუენ სეფისკუერი მოიღეთ და დაუგეთ ძაღლსა მას, რომელი მე მყავს. რომლისაცა შეჭამოს, მისი რწმუნება არა არს; თქუენი შეჭამოს, თქუენ გრცხუენეს; თუ ჩუენი შეჭამოს, ჩუენ გურცხუენეს".
ესმა ესე მეფეთა და ერსა, განკჳრდეს და უღონოებამან მოიცუნა. ვითარ გონებად მოვიდეს, რქუეს კათალიკოსსა: "რა ესე სთქჳ, სასმენელადცა ზარია!" კათალიკოსი უმეტეს დაამტკიცებდა. გარნა სომეხთა აღარ ენება, მისცნეს ძაღლნი ურთიერთსა, და წარვიდეს კარავთა მიმართ.
ხოლო მეფე, ძლიერად მბრძოლი, ეტყოდა კათალიკოსსა: "რა სთქუ, ვინ შემძლებელ არს ამისდა ქმნად, მოგონებად და სმენად, რამეთუ განსაკჳრვებელ არს?" კათალიკოსი წყნარითა გონებითა მიუგებდა: "საქმე ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა ვყავ, არამედ ვყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩუენოს მორწმუნეთა მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს და ვინ არიან მართლ აღმსარებელნი და ვისითა მღდელმოქმედებითა შეიწირავს უსისხლოსა მსხუერპლსა და ვისთა ჴელთა მისცემს ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თჳსსა, ანუ ვინ ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა; მინდობითა მართლმადიდებლობისათა ცხად ვყოფთ ჭეშმარიტებასა. მეფეო, შემეწიე შენ და ყოველნი ქართველნი, დიდი და მცირე". განკჳრდა მეფე და ყოველი ერი, ისმინეს რა ბრძანება კათალიკოსისა, და წარვიდეს თჳს-თჳსად.
იყო დღე იგი პარასკევი. იწყეს ლიტანიობად: ერთკენ მეფემან და კათალიკოსმან და ყოველმან სამღდელომან კრებულმან (მცირედნი იყვნეს მუნ ეპისკოპოსნი, რამეთუ არა კრება ეყო მეფესა), და ერთ-კერძო სომეხნი და მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე ღამე იგი ორთავე გაათენეს, შაბათსა კუალად იწყეს ლიტანიობად და მწუხრი [87] ერთშაბათი გაათენეს. და აღმოჴდა მზე და ყოველნი წარემართნეს ეკლესიაი, ცრემლით მვედრებელნი ღმრთისანი. განამზადეს წმიდა ტრაპეზი ორგნითვე, იყო ტირილი ორისავე კრებულისაგან. და სრულ-ყო რა უსისხლოსა მსხუერპლისა შეწირვა, აღიქუა კათალიკოსმან ფეშხუმითა შესაძრწუნებელი იგი ჴორცი ჩუენთჳს კაც-ქმნილისა ქრისტეს ღმრთისა. წარმოვიდა კრებულისა მიმართ მგზავრ მეტყუელი: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა მისითა".
მოუწოდა სომეხთა ეპისკოპოსთა და მჴარგრძელთა და ყოველთავე სარწმუნოებისა მათისა ზიართა და ეტყოდა: "ისმინეთ აწ, სახლო თარგამოსისო! უწყით, რამეთუ ღმერთმან, ჩუენთჳს კაც-ქმნა მან, მოგუცა ჴორცი თჳსი საჭმელად მეტყუელმან: "უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ჩემი, არა გაქუნდეს ცხოვრება, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა". და მოციქულიცა იტყჳს; "პურსა ამას რომელსა განვტეხთ, არა-მე ზიარება ჴორცთა ქრისტესთა არს?" აწ უკეთუ სარწმუნოება თქუენი ჭეშმარიტ არს, პური. ესე წმიდა ჴორცი ქრისტესი იქმნების; უკეთუ ჩუენი სარწმუნოება სთნავს, ჩუენ მიერ კურთხეულ იქმნების ჴორცად უფლისად ყოვლადვე ნუ იყოფინ, რომელ იკადროს რომელმანცა [უარისყოფაჲ]. აწ მოიყვანეთ ძაღლი, რომელი მე მოგეც; დაღაცათუ არა საკადრებელ არს, წინადაუგებ პურსა ამას წმიდასა. უკეთუ შეეხოს ძაღლი და იკადროს მიახლებად, არა სადამე არს სარწმუნოება ჩუენი. მოყვანებად ვცეთ ძაღლი თქუენი, დაუდვათ პური თქუენ მიერ კურთხეული; იხილეთ რაძი იქმნას, და მას ზედა გამოჩნდეს, ვისი სარწმუნოება სთნავს ქრისტესა".
ხოლო სომეხთა დაღაცათუ არა ენება, გარნა არა იყო პასუხი სამართლისა; ძლით ეტყოდეს კათალიკოსსა: "შენ მიერ განჩინებულსა ამას საქმესა შენ გიღირს ქმნად". [88] ხოლო იყო ერსა ზედა შემოსვლად ჯარი რაძი იქმნას. და ამისმან მსმენელმან კათალიკოსმან თქუა "მე ვყო". და ბრძანა ერისა შორად განყენება და მრგულივ გარემოდგომა, რათა ყოველთა მიერ სახილველ იქმნას დიდებულება ღმრთისა და განდგა ერი შორადრე.
წარმოდგა კათალიკოსი იოანე შემოსილი, და ჴელთა ეტჳრთა ზარის ასაჴდელი იგი საიდუმლო, ჴორც-ქმნილი, მღდელ-მოქმედებული. მეფე და ყოველი ერი ხედვიდეს განცჳფრებულნი და შეძრწუნებულნი. და კათალიკოსი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ტურფად აღშენებული, ესრე მტკიცედ დგა განშუენებულითა პირითა. მაშინ მოყვანება ბრძანა სამ-დღე უჭმელისა ძაღლისა; და მოიყვანეს ძაღლი იგი შიმშილითა, განლიგებული. და წარდგა იოანე კათალიკოსი და აღმოუტევა ჴმა ბრწყინვალე: ქრისტე" მეუფეო, ჴსნისათჳს კაცთასა განკაცებულო, ჯუარცმულოჩუენთჳს, დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგუეც ჴორცი შენი, რათა მოსაჴსენებლად შენდა ვჰყოფდეთ; შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩუენი, შეუხებელად და მიუახლებელად დაიცევ ზარისა ასაჴდელი ჴორცი ესე შენი, ჩუენ მიერ მღდელ-მოქმედებული; შენ უკუე შეიწირე შეუძრველი ეგე და აჩუენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი, და მოხედე მსხუერპლსა ამას და სირცხჳლეულ ყვენ წინააღმდგომნი ჩუენნი".
და რაჟამს ესე ითხოვა, დააგო შესაძრწუნებელი იგი უსისხლოსა მსხუერპლისა აღმონაკუეთი მოყმარისა მის ძაღლისა წინა. ხოლო მხილველი პურისა ვითარ მიეტევა მიეახლა მიუახლებელსა მას; მყის ძლიერად იყჳირნა ძაღლმან და ვერ შეეხო წმიდასა მას წმიდათასა, და იხილეს განსაკრთომელი ესე სასწაული განკრთეს მეფე და ყოველი ერი, მაღლითა ჴმითა ჴმა-ყო. კათალიკოსმან და ყოველმან სიმრავლემან ერისამან: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი!" და აღუტევეს [89] ჴმა სიხარულისა მადიდებელად ღმრთისა ცრემლითა სიხარულისათა. ხოლო სომეხნი, უღონოებასა მიცემულნი, განკჳრვებულნი დგეს და უკჳრდა.
მაშინ ევედრა კათალიკოსი მეფესა, რათა დაადუმოს ერი იგი. და ვითარ დაწყნარდეს ჴმანი იგი, რქუა ნათელ-მოფენილითა პირითა მარღასთა სომხითისათა და მჴარგრძელთა: "მისმინეთ და უწყოდით: ღმერთი, უხილავი და მიუახლებელი და შეუხებელი ბოროტისა რომლისაგანვე, უბოროტო არს და მან თავადმან ბრძანა პურისა ამის წმიდისა ჴორც ქმნად. ნუ გიკჳრს, რამეთუ მანვე თქუა: იყავნ ნათელი და კუალად. გამოჩნდა ნათელი, "ჴმელ - და გამოჩნდა", მანვე სიტყუამან არა-რასაგან ქმნა ჴმელი. არა თუ სახისმეტყუელებ არს, არამედ ჭეშმარიტად ჴორცი მისი. ამას რა შეეხებოდა? ჴორცი მისი და პური ანუ ორივე ერთ არს, ანუ უმჯობეს რომელიმე".
ხოლო სომეხთა არათუ ენება, უნებლიეთ თანაედვა ამისი ქმნად. ვითარ მღდელნი დგეს და მოიყვანე ძაღლი, რომელი ჰყვა კათალიკოსსა, და მოუგდეს მსხუერპლი მათი. და მყის აღიტაცა. და ქართველთა იწყეს მადლობად ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა, იქით და აქეთ ხლდომითა მასვე იტყოდეს: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი". და კათალიკოსი შემოსილი შესუეს ჰუნესა თჳსსა, და ჴელთა ეტჳრთა ტაბაკითა სეფისკუერი და თანაჰყვებოდეს ყოველნი წარჩინებულნი და ლაშქართა შინა ვიდოდეს მეტყუელნი ესრეთ ფსალმუნსა ასოცდამერვესა:
"მრავალგზის მებრძოდეს მე მტერნი ჩემნი სიყრმით ჩემითგან და მე ვერ მერეოდეს.
"ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძეს უსჯულოება მათი.
"უფალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.
[90] "ჰრცხუენოდენ და მართლ უკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი,
"უფალსა უგალობდით. რამეთუ დიდებით დიდებულ არს. უფალმან შემუსრნა მბრძოლნი, უფალ არს სახელი მისი."
ესრეთ მხიარულითა პირითა მოვლეს ყოველი ბანაკი. სომეხნი, ვითარცა მყუარი უტბო, ეგრეთ დგეს უჴმოდ, ქუეყანად მხედველნი, ვითარ ძუელ ოდესმე მღდელნი ასტარტესნი. ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს. და შე-რა-ვიდეს, დიდი სერი შემზადეს მეფემან და კათალიკოსმან.
ხოლო სომეხნი სირცხჳლეულნი წარვიდეს მჴარგრძელთა კარვად. ივანე მსახურთუხუცესი ეტყოდა ძმასა თჳსსა ამირსპასალარსა ზაქარიას ვითარმედ: "მე არა მენება ცილობა; ქართველთა მართალი სარწმუნოება უპყრიეს. რაღა არს მყენებელ ჩუენდა, რომე მართალი სარწმუნოება არა შევიწყნაროთ და არა ნათელ-ვიღოთ ქართველისა კათალიკოსისა მიერ?" ხოლო იგი მიუგებდა: "უწყი, ძმაო, რამეთუ მართალი სჯული არს ქართველთა, მაგრა რომელი განიკითხვის დღესა მას, ჰკითხონ; მე არა შევერთვი ქართველთა!" და ესმა ივანეს და რქუა: "მიკჳრს სიბრძნისა შენისაგან, რომელ უმჯობესსა არა არჩევ, მე არა შევერთჳ განზრახვასა შენსა, ნათელ-ვიღებ სარწმუნოებასა ზედა ქართველთასა".
რადღა საჴმარ არს სიტყუაა მოვიდა და ნათელ-იღო სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა იოანეს მიერ კათალიკოსისა. და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად. და იქმნა სიხარული, და. ზაქარია ეგოვე ურწმნოებასა ზედა.
ესევითარი ნიჭი და პატივი მიმადლა მის მიერ შეყუარებულმან ღმერთმან თამარსა, გარნა არცა ის უდებ იქმნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღმრთისათა. ამისთჳს ჴელ-ყო აღშენებად საყოფელსა გამმარჯუებელსა მისსა ზეშთა-კურთხეულსა ვარძიისა ღმრთისმშობელსა, ზემო ვარძიის ქუემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელი კლდისაგან [91] გამოჰკუეთა, თჳთ პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფი სენაკები, რომელი მტერთაგანცა შეუვალ და უბრძოლველ იყო. ესე ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ ქმნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ, და შესწირნა მრავალნი და დიდროანი სოფლები, და შეჰკაზმნა ტრაპეზისა შემოსავალნი დიდნი, რომელი ყოვლისაგანცა მოთხრობა ძნელ არს. თუ ვისმე ნებავს ამისგან იხილენ ვარძია და საქმენი მისნი ქმნულნი და ნაშენები ქუაბ-ქმნილი. ვინა მეფემან თამარ გულს-იდგინა მსახურებად უბიწოსა და განსაკრთომელისა სასწაულთა-მოქმედისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა, ამისათჳს უმეტეს პირველთა იდიდა მეფობა მისი.
ხოლო სხუანი საქმენი მისნი, აღშენებანი და შეწირვანი მონასტერთანი ისმინენით. არა ოდენ საქართველოსა მონასტერნი ააშენნა, არამედ პალესტინეს იერუსალემს. ააშენა პირველად მონასტერი; და კუალად კჳპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა. და კუალად კოსტანტინეპოლის აღაშენა მეტოქი მათი. და გრძელ სადამე არს ყოვლისა მოთხრობილობა, რომელ საბერძნეთს და ყოველსა ელადას შინანი მონასტერნი უხვად წყალობა-მიფენილ ყვნა და საქართველოსა მცირითგან მონასტრით საყდარ-ეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო.
ესრეთ კეთილად აღეპყრა საუკუნოსა გონებასა, და მომნიჭებელი წარმოუმატებდა საქმესა დღე-კეთილობასა შინა. და ყოველნი გარემოს მყოფნი მეფენი, ქალაქნი [92] და ამირანი ძღუნითა და ხარკითა მომშჳდებდეს პირსა მჴნეთა სპათა მისთასა, და არბევდიან ურჩთა.
აქამომდე კარი თურქთა ჰქონდა. წარავლინნა ლაშქარნი გარემოდგომად. და ცნეს თურქთა, დააგდეს კარი და ივლტოდეს. ხოლო მეფემან აიღო და მიითუალა კარი და დაუტევა კარის მცველად ივანე, და აჩინა მონაპირედ, და უბოძა ათაბაგობა და ამირთა-ამირაობა. რომლისათჳსცა დიდი წყება შექმნა თურქთა; და დიდად ავნებდა, რომელ წარუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი, აიხუნა და მიითუალნა. და წარმოგზავნა მახარობელი მეფისა წინაშე და დაიმადლა. ივანესვე უბოძა კარული და მისი ქუეყანა. და წარემართებოდა სამეფო თამარისი და შეემატებოდა დღითი-დღე. შიში და ზარი მეფისა იყო ყოველთა სულტანთა ზედა.
უდიდესნი საქმენი აღმომიჩნდეს და გონება ვიწყე უღონოებად თხრობისა სიდიდითა საქმეთათა, დაღათუ არა შესატყჳსი არს ჩემდა ამათ მოთხრობა, არამედ დიდთა სიტყჳს-მოქმედთა პირველთა არს.
ესე ესმა მაღალსა სულტანსა სელჩუქინსა, სახელით რუქნადინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობს დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაბადუკიასა ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ამან მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა და შეკრბა კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი [93] ათასი და წარმოავლინა მოციქული მეფეს წინაშე და წარმოსა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი:
"ღმრთისა ოდენ უქუენესისა და ყოველთა კიდეთა მპყრობელისა! ყოველი დიაცი რეგუენია, და შენ გიბრძანებია ქართველთათჳს აღებად ჴრმალი მუსლუმანთა ჴოცად. ესე არცა რომელ ჴრმალი დიდისა მოციქულისა მოჰმედისა. მისისა ერის თავისა, ბოძებულთა. აწ წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი, რათა აღვჴოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინამომეგებოს, თაყუანის-ცეს ჩათრსა ჩემსა სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰმადი აღიაროს".
ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ნუქრადინო, და ვცან სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, [94] ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყროლბელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი მისი, ნუ შენი!"
და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს მეფეს თანა თამარსა წინაშე, წიგნი, მისცა და წარდგა, იწყო არა-საკადრებელთა სიტყუათა თქმად: "უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა". ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა. ვითარ აზიდნეს და ამართეს და ცნობად მოვიდა, რქუა ზაქარია: "თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა კარნიერად კადრებისათჳს. აწ არა არს სიტყუა! ესე წიგნი მიართჳ ნუქრადინს და არქჳ: ჩუენ მზა ვართ წყობად და წინამოგებებად, სამართალი ღმრთისა, იყავნ!"
მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და ნიჭი უბოძეს, წარზავნეს პასუხითა მწუავითა. მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა, ნიკოფსით დარუბანდამდის, და შეკრბეს ჯავახეთს. და მივიდა თამარ ვარძიას, ვარძიისა ღმრთისმშობელისა [95] წინაშე. და ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი; და დროშა მისი სჳანი და ბედნიერად მყოფი გაგზავნა ვარძიით. ლაშქარნი წარემართნეს. წინამებრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი, შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთ-უხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა. და მეფე თამარ მოვიდა ოძრჴეს: და ეახლნეს. შავთელი კაცი ფილასოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული, და ევლოგი სალოსად წოდებული და წინასწარ-მცნობლობისა ღირსქმნილი ამათ თანა იყვის მეფე თამარ დღისი და ღამე ლოცვითა, ფსალმუნებითა, ღამისთევითა დაუძინებელად, და ყოველთა ღამეთა დღე-ლიტანიობდა და არა დასცხრებოდა. და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა.
ხოლო მეფემან დავით ქმნა, უნდოდა რამეთუ ზედა-მიჰმართა სადა დაბანაკებულ [96] იყო ბასიანისსა ადგილსა ბოლოსციხედ წოდებულსა. და ეახლნეს ბანაკსა სულთნისა! რომელ არა იყო რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა კარვებისა და სარაფარდებისა მინდორი იგი ძლივ იტევდა კარვებსა მათსა და აღმდგომსა მისსა, და უმეტეს ქართველთასა. ესრეთ წყნარად და უკადრად მდგომარე იყო სულტანი. და ეახლა დავით და ქართველნი. დააწყუეს რაზმი, სადა-იგი წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი და ახალციხელი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი; და ერთკერძო აფხაზნი და იმერნი ერთ-კერძო ამერნი და ჰერ - კახნი. ესრეთ წყნარად ვიდოდეს. დარაჯნი არა უდგეს სულტანსა, არამედ იხილა კაცმან სულტნისამან: მოვიდა სპა ურიცხჳ ქაფარი. [წარიკუეთა] სასოება მეფისა მათისა. ხოლო იგინი განკრთეს და მოიღეს ჯოგი; აღიჭურნეს და აღსხდეს ჰუნეთა, ბარგი და კარვები დაუტევეს. რა მოვლეს კარავთაგან, წინაგანეწყვნეს, და ეახლნეხ წინამბრძოლნი ორთავე, და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძუელ-ოდესმე ქმნილ იყო მჴნეთაგან ეგევითარი ომი.
და განგრძელდა მყოვარ-ჟამ და მოსწყდებოდეს ორგნითვე, ხოლო უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს. და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ მოუკლეს ცხენი ივანეს მსახურ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვასა და ივანეს, თაყაიადინ თმოგუელსა, კაცსა მჴნესა, და სხუათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად [97] მოდრიკნეს, და ქვეითად დარჩეს რაზმსა შინა მჴნენი საქართველოსანი. და იხილეს ლაშქართა თავის-თავისნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად და ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გვერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა; და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქმნა. და ვითარ იხილა დავით მჴნემან, ამანცა მჴნემან მორიდა ერთ-კერძომან, და მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორეს, რათა არა ცხენითა მათითა დაითრგუნნა ქუეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთ-კერძ. და ვითარ ნადირისთჳს მოსწრაფე იქმნეს მონადირე, ეგრეთ მსწრაფლ მოეტევნეს ერთ-კერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, გარნა ვინ უმახლობელეს იყო, უწინარეს მივიდა, მასვე წამსა შინა დავით და სპა მისი მივიდა და, ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუსა მას სპასა შინა სულტნისასა. პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალობა-აურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანასდათ ეგოდენი სიმრავლე განსჴდა, იძლია, დაიპანტა, და ამას ჰგუანდა - თუალგარდუწოდებელი მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და დაზულეულ, და ღირს სადმე ყოფილიყო. სადგან თუალი იხილველობდა, ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილი.
ხოლო მჴნე ესე ქართველნი, რომელნი-ესე ზემო ქუეითად მყოფნი ვაჴსენეთ აღსხდეს ჰუნეთა და, ვიდრე ღამედმდე, დევნა ყვეს და ჴოცდეს, ჩამჰყრიდეს და იპყრობდეს. და თჳთ მათვე ჯარითა ვერ იტყვიდეს და ურთიერთას დასთრგუნვიდეს.
[98] ამათ თხრობათა მოწევნულსა კუალად მენება დუმილი. განკჳრვებულ ვარ, თუ ვითარითა წყალობითა მოხედა სამკჳდრებელსა თჳსსა ღმერთმან და ვარძიისა ღმრთისმშობელმან. ვითარ უვნებლად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა და ეგრეთ წარმოვლენილი ერი, რომელ ეგოდენისა სიმრავლისაგან არცა ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავლილი, კაცი მოკუდა, ვითარ ეგოდენი სიმრავლე სპისა მათისა ივლტოდა და თუ ვითარ უვნებლად დაიცვა სპანი თამარისნი. აღივსნეს. ოქროთა და ვეცხლითა და ჭურჭლითა პატიოსნითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემისა სიმრავლე, რომელ დაყარეს, ვინმე აღრაცხნეს. ხოლო კარავთა საფენელთა და შესამოსელთა და ლარის არტახთა მიერ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი, რამეთუ ესოდენ ზარგანჴდილნი ივლტოდეს, რომელ მოსწრაფენი არა მიხედვიდეს კარავთა და ფარდაგთა მათ სიმდიდრეთა, არამედ თჳთოთა ცხენითა ივლტოდეს და მარქაფასა განუტევებდეს.
ესრეთ ძლევა-შემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი, შემოიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა. ვითარ რიყე იდვა მუზარადი შაქრისა. და იყო იგი ადგილი წყაროთა სავსე; მოვიდის კაცი და მუზარადისა სადები ამოჰფრიწის, და შაქრითა გატენის, და წყლითა აღავსის, და სუმიდის. ესრეთ სახელოვანმან დავით მიმართა მზესა მისსა მიმართ".
ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა ეახლნეს [99] შავთელი იოვანე და ევლოგია და იყო ვედრება ღმრთისა და ღამეთა გათევა ლაშქართა გამარჯუებისათჳს. დღესა ერთსა შავთელი და ევლოგი მეფესა თამარსა წინაშე. სხდეს; და ანასდათ განკჳრვება დაეცა ევლოგის: იწყო აღმართ ხედვად. ვითარ ხედჳდა, ანასდა ევლოგი დაეცა ჭმუნვის სახედ - და ვითარ აჰაჰ ესერა - სამგზის და მეყსეულად ახლტა და ჴმა ყო: "აჰა წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია". და ივლტოდა და აღვიდა მთასა, რომელსა ჰქჳან არაგანნი. მაშინ შავთელმან რქუა. უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელ-საგონებელმან, გარნა ჩუენებასა კეთილსა ვჰგონებ!" ამისთჳს დაწერეს დღე და ღამე და ჟამი იგი.
მოწყალემან ღმერთმან პირველ შესახა ესე ყოველი ნივთთა აგება უკანასკნელისა ჴსნისა ჩუენისათჳს. და მოწყალემან მასვე დღესა შესახა ჴსნა ჩუენი აღდგომითა თჳსითა. და ესრეთ მხიარულითა პირითა სახელგანთქმულნი მოვიდეს ვარძიას, თჳთ თამარიცა მივიდა, და ჯეროვანი. მადლობა შეწირეს.
ამათ დღითი-დღე წარმართებათა და განდიდებათა შინა იყო სკიპტრის-მპყრობელთა ყოველთა უბრწყინვალესი თამარ; უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა, ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა, ობოლთა და ქურივთა შეწყალებასა და სამართლისა მოფენასა. ამას შინა იშუებდეს და იხარებდეს სამეფოსა; ჟამ გარდვიდიან აფხაზეთს და განაგიან საქმენი მანდაურნი, და მოინადირიან კეთილი იგი სანადირო - გეგუთი და აჯამეთი. მერმე გარდმოვიდიან ქართლს, სომხითს, და დადგიან დურს; მოვიდიან ხარაჯითა განძელნი და აღმართ-ქალაქნი. გაზაფხულ აღმოვლიან [100] სომხითი, მოიღიან ხარაჯა ნახჭევნელთა; და წარვიდიან კოლას, თავსა არტანისასა, და მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუ-ქალაქით და ეზინკით და სხუათა გარემოსა ქალაქთა.
ესრეთ, სიხარულსა შეუთქს მწუხარება.
ამისთჳს მოიწია მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განმშუენებული, ხოლო წყობათა და ომთა შინა მჴნე ვინმე. გულოვანთაგანი, უხჳ და მდაბალი და სიკეთე აღმატებული. და დაუტევნა ორნი ძენი: ყრმა ვიდრემე ლაშა-გიორგი, ხოლო ასული რუსუდან. და იტირეს და იტყებდეს და დაუტევეს მწუხარება ყოველსა მკჳდროვანსა.
მათ უკუე ჟამთა, არა მცირედ მყოფელთა, მშჳდობა იყო ყოველგან. და მეფე იყო გეგუთს, რამეთუ იყო წმიდა-მარხვანი; მჴარგრძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყვნეს. და ვითარ ცნა არდაველის სულტანმან, აღძრა მტერობა ქრისტეანეთა ზედა, და მოუწოდა სპათა მისთა, და წარმოემართა და მოაოჴრა ანისი, რამეთუ უწყოდა მჴარგრძელთა შინა-უმყოფლობა. წარმოვიდა და აღვლო რაჴსის პირი, და უგრძნობლად მოვიდა ანისა; გზა-გზა არავის ავნო და დიდსა შაბათსა მწუხრი მოვიდა ქალაქსა ანისისასა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი, მყის მიეტევნეს კარსა ქალქისასა, შეუტევეს ცხენი, და ვერ მოასწრეს კარნი, და შევიდეს ქალაქად. იწყეს ჴოცად, კლვად, ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესიათა შინა, ვითარ შეჰგავს ქრისტეანეთა სჯულსა. რომელიმე ივლტოდა დარბაზოანთა და მუნ გამაგრდა, რომელიმე ივლტოდა ქუაბონსა, რომელსა ქარტუნობითა უჴმობენ. [101] და რა განერა, ანუ ციხესა ანუ ქარტუნსა შინა შევიდა, რამეთუ გარეშემო სამგნით ქარაფი იყო კლდიანი და ქუებიანი.
ესრეთ ჴელთ იგდეს ქალაქი, ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ეკლესიათა. შინა, ვითარ ცხვარი, დაკლეს, თჳნიერ მისსა, რომელი უბანთა და ფოლოცთა შინა მოიკლა. ესეოდენ მძჳნვარედ მოაოჴრეს ანის, და სავსენი ტყჳთა და ალაფითა მიიწივნეს შინა.
ესე ანისისა მოოჴრებისა ამბავი გეგუთს ახალ-კჳრიაკეს აცნობეს მეფესა თამარს, ამირსპასალარსა ზაქრიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს. ესმა და დიდად დამძიმდეს, და მწუხარებამან მოიცვნა, და რამცა ყვეს არა უწყოდეს; გულნი მათნი ცეცხლებრ ენთებოდა. მეფე და ყოველნი სპანი მისნი მწუხარებითა და გულისწყრომითა მოცულნი სპარსთა მიმართ ბრძოლისა ყოფად აღემზადნეს.
მაშინ მჴარგრძელთა თქუეს მეფესა: "მოიწია ბოროტი ჩუენ ზედა გარდასლვითა მცნებათა ღმრთისათა; უბოროტესად ესოდენი სჯული ქრისტიანე მოიკლა ცუდრჯულთა სარკინოზთა მიერ ცოდვათა ჩუენთათჳს. არამედ ვესავ წყალობასა ღმრთისასა და პატიოსანსა ჯუარსა, რათა არა მისცნეს მოსავნი ჯუარისანი სრულიადსა წარწყმედასა სარკინოზთა მიერ, არამედ შურ-ვაგოთ, ნაცვლის ქმნად განვემზადნეთ, და სიცრუვე მათი მათვე მიექცეს. შენ, მეფეო, ამცენ სპათა შენთა - მზა იყვნენ არდაველის სულტანსა ზედა; წარვიდეთ ანისს და, ვინ სადა ვპოოთ სპარსთაგან, მოვინადიროთ. [ნუ დიდნი წავალთ] გარნა მცირენი. რამეთუ, უკეთუ დიდნი წავალთ, სცნობენ და სიმაგრეთა შევლენ; მცირითა ლაშქრითა შემეწიე. რაჟამს შეგინებული მარხვა მოვიდეს, რამცა არიან, რომელ ჩუენ მოგაჴსენოთ სთნდა მეფესა თქმული მათი. და უბრძანა მეფემან, რათა მზა იყვნენ სპანი მისნი.
[102] და მჴარგრძელნი წამოვიდეს ანისს და იწყეს კაზმად. და მოეახლა ბილწისა სჯულისა მათისა მარხვა. წარმოავლინეს მეფეს წინაშე კაცი ლაშქრის, მთხოველი. მაშინ უბრძანა მესხთა თორელთა თმოგუელთა ჰერ-კახთა, სომხითართა; ქართველნი არა წარიტანნეს, რათა არა აგრძნიან არდაველს მყოფთა. შეკრბეს ანისს და წარემართნეს. არდაველს. გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ჴიდსა და მიმართეს არდაველს. ესრეთ მოუწონეს ჟამი, რომელ აიდი განთენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი, და მას ღამესა გარე მისდგეს არდაველს. ვითარ ჴმა-ყო ქადაგმან ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გაჴშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლგნით ცხენი შემოუტივეს მჴარგრძელთა, შეუჴდეს და უომრად ჴელთ იგდეს ქალაქი, თჳთ სულტანი, ცოლნი და შვილნი მისნი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა ქალაქისა. ესრეთ აღივსნეს სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა, ჭურჭლითა ოქროსა და ვეცხლისათა, შესამოსლითა, საფენელითა და ყოვლითა სიმდიდრითა ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა, რომელ მოთხრთბა ძნელ სადმე არს. აღივსნეს ცხენითა, ჯორითა, აქლემითა, საქონელი მათი თჳთ მათვე საჴედართა ძლით აჰკიდეს და წარმოემართნეს. ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი მისნი ტყუე-ჰყვეს და წამოასხეს; ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითთა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყვეს ანისისა ეკლესიასა შინა; სხუა უმრავლესი ერი მოსწყჳდეს [103] და სხუა ტყუე-ჰყვეს. აღმოიარეს იგივე გზა და ასეთი ძლევაშემოსილნი მოვიდეს ანისს. დიდად ნუგეშინისმცემელნი. მოვიდეს მეფეთა-მეფესა და მზეთა-მზესა და დედოფალთ-დედოფალსა წინაშე; მოიღეს ძღუენი და არმაღანი აღავსეს ყოველი მთავარი, თჳთ მეფე და ყოველნი წინაშე მისსა მყოფნი. მას ჟამსა კოლას დგა მეფე, აღივსო ყოველი ქუეყანა სიმდიდრითა, ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, რომელი მოიღეს ზაქარია და ივანე. რომლისათჳსცა დიდად მადლიერმან მეფემან უბოძა მრავალნი ციხენი და ქალაქნი და ქუეყანანი ესრე მადიდებელნი. ღმრთისა იშუებდეს და მეფე ნებიერად იყოფოდა და მოუდიოდა გარეშემოთადაღმა ხარაჯა და ძღუენი ურიცხჳ.
არამედ სხუანი უდიდესნი საქმენი აღმოუჩნდეს. მოვიდეს მჴარგრძელნი, ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი, მეფეს წინაშე და მოაჴსენეს: "ძლიერო ჴელმწიფეო, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულო იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და ცან სიმჴნე და სიქველე სპათა შენთა; გულის ჴმა ყავ, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მჴნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცნეს სადამე სპათა შენთა საქმენი, არამედ აღამჴედროთ ერაყს, რომ-გურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმჴნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა - მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და ერაყს, არამედ ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!"
[104] და ვითარ ესმნეს თქმულნი მჴარგძელთანი მეფესა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იმერთა და ამერთა, და აუწყა თქმული მათი. ვითარ ესმა ლაშქრად წვევა მჴარგრძელთაგან, სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს ლაშქრობა და იწყეს კაზმა.
მოიწია არე სთულისა, მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. განახნა სპანი მისნი და იხილნა აბჯარითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწინა აბჯარი და ცხენკეთილობა მათი, სიდიდე და სიმჴნე სპათა მისთა, შურითა სპარსთათა აღსავსეობა. და მოიღო დროშა სჳანად ჴმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შეავედრა მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელს. დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს. და მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა, და წარემართნეს სპარსეთად.
ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რაჴსა, და შევლეს ვიწრო იგი ჴევი დარდუზისა, და აღვიდეს მარანდსა. ხოლო მარანდელნი, ამისნი მცნობელნი ლტოლვილ იქმნეს კლდეთა შინა. ხოლო ესენი მარანდს რა მივიდეს, არა პოვეს კაცი, ეგონათ მთასა მარანდისასა ყოფად სპათა ადარბადაგანისათა. ამისთჳს დაარჩიეს ხუთასი მჴედარი რჩეული დიდებული და აზნაური. უჩინეს მჴედართ-მთავრად თაყაიადინ თმოგუელი. წარემართნეს, აღვლეს აღმართნი მარანდისანი, აღვიდეს ვაკესა თავსა მარანდისასა და დადგეს მთასა მას, რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას: "არავის ბრძოლოს მიღმართ, სადამდის არა მივიდეს იგი და სრულადა ლაშქარი მთასა მას ზედა. თუ დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას: რაცა რქუას, ყონ".
და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი შელტოლვილ იყვნეს ღირღალთა და კლდეთა მაღალთა, რომელ არს ზედ-კერძო [105] თავსა მთასა მარანდისასა, უმაღლესი სხუათა მთათა, სავსე ქვითა და კლდითა. იხილეს მცირე ლაშქარი და აღიჭურეს, მოუჴდეს ზარითა და ამბოხებითა მარანელნი. რამეთუ საწუნელ უჩნდეს სიმცროსათჳს. ხოლო ესენი მიეტევნეს ესოდენ ძლიერ და აოტნეს, რომელ მცირედნი განერნეს, და უმრავლესი მოკლეს და სხუათა დევნა უყვეს გრძლად.
მაშინ აღვიდეს ლაშქარნი და იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე, და ქართველთა კაცი არცა ერთი იპოებოდა. ესოდენი ძლევა მოეც ღმერთსა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესუა. იხილეს და განკჳრდეს; კაცსა ქართველისა ვერ პოვნა უკჳრდათ. ამისთჳს უღონო-ქმნილი და მწუხარე ზაქარია იგონებდა და არა უწყოდა, რამცა ყო. მცირე ხანი დაყვეს. გამოჩნდეს დევნისაგან შემოქცეულნი ლაშქარნი. და იხილა ზაქარია და გამხიარულდა. და დიდად მადლობდეს ღმერთსა, რომელ არცა ერთი კაცი მომკუდარიყო ქართველი და ასეთი ძლევა მისცემოდა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსავე კაცსა ხუთასისა ცხენისა და კაცისათვის მეცა და ხუთასთა ზედა დასობილი იხილეს.
დაღათუ ესრეთ გამარჯუებოდა, გარნა ყოვლად აბრალობდეს თაყაიადინსა, და უმეტეს ზაქარია მქისედ ეტყოდა სიტყუასა ამბავის უცნობებლად შებმისათჳს.
გამხიარულებულნი და მადიდებელნი ღმრთისანი გამარჯუებისათჳს წარმოემართნეს და მიმართეს ქალაქსა თავრეჟს. გარდავლეს მთა დევსოფნად წოდებული. და ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისვლა ქართველთა ლაშქრისა, განკრთეს და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მკჳდრნი თავრეჟისანი. ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრეჟისანი განიზრახვიდეს, რათა სარკის მიცემითა, და ძღუნითა და შევრდომითა [106] და ზენარისა თხოვნით დაამშჳდეს ქართველნი თავადნი და სპანი. წარმოავლინეს მოციქული, ითხოვეს მშჳდობა, არა მოოჴრება ქალაქისა მათისა. აღუთქუეს ძღუენი: ოქრო და ვეცხლი უამრავი თუალი პატიოსნი და მარგალიტნი ძჳრფასისანი. განკჳრდეს ყოველნი წარჩინებულნი ქართველთანი, ზაქარიაცა და ივანე მჴარგრძელნი; აღუთქუეს მშჳდობა და უვნებელ განვლა ქუეყანისა მათისა, მოიმტკიცეს ფიცისა მიერ. მოვიდეს ყადნი, ხოჯანი, დარვეშნი და ყოველნი თავადნი თავრეჟისანი, მოიღეს ოქრო და ვეცხლი, ლარი, ცხენები, ჯორი და აქლემი, თუალი, მარგალიტი, შესამოსელი, საზრდელი კმა-საყოფი ლაშქართათჳს. აღივსნეს დიდი და მცირე.
მისცეს ქალაქსა მცველნი და წარვიდეს ადარბადაგანი, მიმართეს მიანას. და ცნა მელიქმან მიანისამან მისლვა ქართველთა და ქმნული თავრეჟელთა. ითხოვა მანცა მშჳდობა და აღუთქუა მოცემად ურიცხჳ საქონელი. რომელი უსმინა ზაქარია, მოიყვანა მშჳდობის ყოფად, და მოიღო მანცა ოქრო და ვეცხლი და ქვანი ძჳრფასისანი. აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა. დაუტევნეს მცველნი და წარმოვიდეს მშჳდობით დამტევნელნი მიანისანი.
მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს ალიზის ზღუდით განმაგრებულსა. ხოლო ქალაქი ძლიერად გაამაგრეს და იწყეს ფიცხლა ბრძოლა. ვითარ გაგრძელდა ომი, განყვეს თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შესთხარონ. და იწყეს თხრად ზღუდეთა: უწინარეს მარჯუენასა მჴარსა მესხთა შეჴურიტეს ზღუდე - ალიზით იყო - , და უწინ შევიდეს ქალაქსა შინა და იწყეს ჴოცად და სრვად ვინცა მეომარი იყო. აღივსნეს [107] მესხნი საქონლითა. შემოუჴრიტეს ყოველგნით და შემოვიდეს, მოატყუევეს და აღივსნეს საქონლითა. დადგეს და მცირედ განისუენეს; და მიერ აღმჴდერნეს და წარემართნეს ხორასნად და მწუხრი მივიდეს მცირესა სოფელ-ქალაქსა. მუსულმანსა რომელი მოაოჴრეს და განისუენეს სადამე.
მერმე წარემართნეს ქალაქსა ხორასნისასა, და ყაზმინს რა მიიწივნეს - მახლობლად ყაზმინისა და აჰვრისა - ვერ წინააღუდგეს; მოარბიეს და აღივსნეს საქონლითა; აჰკიდეს საქონელი მათი მათთავე საჴედართა; კაცთა არა ავნეს, ტყუედ წარმოიყვანდეს კაცთა და მცირედსა ვაჟსა. წარემართნეს, მათ ლტოლვილთა მიესცნეს და მიეწივნეს. აღივსნეს მუნცა ოქროთა და ვეცხლითა, ცოლთა მათთა სამკაულითა. და უშინაგანესისა რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი.
და რაღა გრძელ სიტყუა საჴმარ არს? მიიწივნეს ვიდრე გურგანისად ქალაქად და მოაოჴრეს ქუყანა იგი. ვერ ძალ-ედვა წიაღ მისლვად ალაფისაგან.
შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევა-შემოსილნი ქართველნი. ქართველთა ნათესავი ვერავინ მიწევნილ იყო ლაშქრად, არა მეფე, არა მთავარი, და ვერვინ წინააღუდგა სპარსეთს შესულთა, ვერ ხუარასნისა სულტანი, ვერ ერაყისა და ვერა რომელი თემი. ესრეთ უზომოთა და ურიცხჳთა სიმდიდრითა შემოქცეულნი მივიდეს კერძოთა ერაყისათა. და ვითარ გურგანისა ქუეყანისა ამბავი, ქართველთა მიერ ქმნული, [108] უცნაურ ქმნულ იყო ყოველთა და ერაყის სულტნი; მოსრვა, კაცი ვინმე მოსრულ იყო მიანას სულტანსა თანა, ესევითარი ტყუვილი სიტყუა ეთქუა, ვითა: "ვითარ მოვიდა თჳთ დიდი სულტანი და გილანელნი, ყოვლაგნით გზა შეუკრეს ქართველთა და მოსრნეს; და მოსწყჳდნეს, რომელ არცა ერთი კაცი განერა ეგოდენისა სიმრავლისაგან, არცა მთხრობელი მივა საქართველოთა".
ხოლო ესე რა ესმა მელიქს მიანისასა და მიანელთა, განიხარნეს, ქართველთაგან დატევებულნი მცველნი მიანისანი დაჴოცნეს; და ძელსა ზედა ჩამოჰკიდეს. გარნა ერთი კაცი დაიმალა მცველთა მათგანი ქალაქსა შინა. და ვითარცა მოვიდეს ქართველნი გამარჯუებულნი მიანას, წინა მიეგება მიანისა სულტანი ძღუნითა, ნაქმრისა მათისა დაფარვა ეგონა. და იხილა ზაქარია, იკითხნა მცველნი მისგან დატევებულნი: რქუეს. მათ: თავრეჟს" წარვიდეს მუნ დატევებულთა მცველთა თანა". მოვიდა დამალული იგი კაცი მცველთა, და აუწყა ნაქმარი მიანელთა და მცველთა მოწყუედა, ტყავის განჴდა და ძელსა ზედა დაკიდება, და შესწამა მელიქს პირის-პირ, და იგინი იდგეს უსიტყუელ.
და ვითარ ესმა ესე ზაქარიას და ივანეს, ძლიერად გამწარდეს და ბოროტად აღუჩნდა; და შეიპყრეს მელიქი და თჳსნი მისნი, და ყოველნი სიკუდილად დასაჯეს და მოაკუდინეს თჳთ იგი და შვილნი მისნი, და გაჴადეს ტყავები და საყივარსა, რომელსა მენარა უწოდეს, ზედა ჩამოჰკიდეს, და ქალაქი მოაოჴრეს, მოწუეს, ტყუე-ყვეს, ხოლო სიმდიდრე რომელ წარმოიღეს შეუძლებელ სადამე არს აღრიცხვად.
[109] და ესრეთ მოჰმართეს გზასა, რომელ აღმავალ იყო ადარბადაგანით, და მოვიდეს. და მოეგებნეს პირველად უჟენით და მერმე თავრეჟელნი მითვე ძღუნითა ურიცხჳთა, და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი, რომლითა აივსო სრულიად სამეფო თჳთ მეფეთა მზისა და მზეთაცა მზისათჳს წარმოგზავნეს თუალნი დიდ-ფასისანი, ძჳრად საპოვნელნი, და ჭურჭელნი უცხონი. და დაუტევეს მშჳდობით მყოფნი ადარბადაგანისანი და ქალაქნი ადარბადაგანისანი, გამოვლეს რაჴსი, და შემოვლეს პირი ნახჭევნისა და მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. მხიარულ იქმნა მეფეთა მეფე, მმადლობელი ღმრთისა, მხიარულითა პირითა გაეგება, ზემითა და დიდებითა. იყო ჴმა ბუკთა და დუმბულთა, რომელი არცა ძუელ ოდესმე ქმნულ იყო ესევითარი გამარჯუება არცა მეფეთაგან, არცა მთავართაგან.
შევიდეს ისანთა, დაჯდა მეფე ტახტსა სამეფოსა; შეუძღუა ამირსპასალარი და შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისაებრ. და მოიღეს არმაღანი ურიცხჳი და დადვეს. მეფეს წინაშე. განკჳრდა მეფე; არავის ქართველთაგანსა ენახა ეზომი სიმდიდრე, და აურაცხელნი თუალნი და მარგალიტნი. ხოლო მეფეცა თამარ არა უმადლო იპოვა ღმრთისა მიმართ; აღასრულებდა ლიტანიობასა და ღამისთევასა, მრავალნი გასცა ობოლთა და. გლახაკთა ზედა, და ლაშქართა ზედა გაყო საჭურჭლე დიდი, აღვსებულნი კუალად აღავსნა. იყო მადლობა ესევითარისა გამარჯუებისათჳს ღმრთისა მიმართ!
ვინათგან მოიწია მწუხარება, და მიიცვალა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის ამირსპასალარისავე, კაცი დიდად გამდიდრებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, გამარჯუებული მჴნე და ძლიერად მბრძოლი მთავარი თემისა ლორისა, რომელი [110] მეფემან იგლოვა და ყოველმან კაცმან საქართველოს მყოფმან. რამეთუ არავინ მჴნედ გამოჩენილ იყო მთავარი ჟამთა ამათ, რამეთუ გუარისაგანცა მო-ვე-აქუნდა, რომელი იყო ნათესავი არტაქსერქსი მჴარგძელისა და იყო სარწმუნოებითა სომეხი არამედ ყოველნი სათნოებანი საღმრთონი და საკაცობონი აქუნდეს. და ესრეთ, დაემარხა მჴნე მამა დამტევებელი შვილისა ერთისა, რომელსა შ̃ა ეწოდებოდა.
მაშინ მეფემან მოუწოდა ძმასა ზაქარიასა ივანეს მსახურთ-უხუცესსა, და ინება პატივსა ძმისა მისისასა აღყვანება, და უბოძა ამირსპასალარობისა პატივი. ხოლო ივანე საქმეთა შინა განკჳრვებულ იყო და ესე რქუა მეფესა: "პატივი ესე, რომლითა პატივ-გიცემიეს ჩემდა, დიდად დიდი არს და მე უღირს ვარ; ესრეთ შემეწიე, რათა ძმისა ჩემისა სახელსა ჩემ ზედა არა აჴსენებდენ, რათა არა მრცხუენეს ნაცვლად მისა დგომად, არამედ ათაბაგობითა პატივ-მეც; საქართველოსა არა არს წესად და ჴელად თქუენ მეფეთა წინაშე ათაბაგობა. და ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა, რომე ახალსა და უაღრესსა პატივსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძო, რომელ სულტანთა წესი არს ათაბაგი, რომელი მამად და გამზრდელად, მეფეთა და სულტანთა იწოდების ათაბაგი; ამით განადიდე წყალობა შენი უწინარეს ჩემთა პირველთა". ყოცა მეფემან და უბოძა ათაბაგობა, რომელი არა ყოფილ იყო საქართველოს მეფეთა წინაშე, არცა ვის ბოძებოდა. მსახურთ-უხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძესა, კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯუებულსა. ესრეთ იყვნიან მეფეს წინაშე.
[111] ხოლო მეფე თამარ ზამთრის დურს იყვის და ზაფხულის კოლას და ცელის ტბასა, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთს და ცხუმს.
მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა. დიდონი უკუე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანის-ცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.
მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ-კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკეძო დიდოეთი და ფხოეთი.
ცნეს რა მისლვა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს- გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცე; მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს [112] წინაშე და რქუა: "ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი". ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა.
და იყო ყოველგან მშჳდობა, წარმატება, დღითი-დღე შემატება სამეფოთა ღმრთივდაცულისა მეფისა თამარისი, ხოლო სპანი მისნი განსუენებას ნადირობასა და ბურთობასა. თჳთ თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყვნიან, განისუენებდიან და აღივსებოდიან საბოძურითა მეფისა მიერ მათისა.
ხოლო ვითარ დიდისა კოსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათჳს წერილ არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე მგოდებელსა სიკუდილისათჳს ივბიმიანოსისა: "რასა დააკლო ღმერთმან ქრისტიანეთა ესევითარი ესე მეფე, რომელსა ანგელოზმან დაადგა გჳრგჳნი სახილველად ყოველთა" - და ეტყოდა ანგელოზი: "რა არს, ბერო, გამოძიება შენი მსჯავრთა ღმრთისათა? აწ გიბრძანებს, დასცხერ ბოროტისგან. არა უწყი, რომელ აღმოსავლეთით დასავლეთამდის უკეთუ ყოველი ქუეყანა მართლმადიდებელი იყო, არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისასა", არა თუმცა საბერძნეთი ოდენი, - ეგრეთვე აწცა იქმნა ამის დიდისა მეფისა საქმე: არა ღირს იყო არამცა ყოველი ქუეყანა - არათუმცა საქართველო ოდენ - ამის მეფობასა.
ამისთჳსცა მოხედნა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკჳდრებელსა თჳსსა და მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა. მოიწია მწუხარება [დიდი] და მიუთხრობელი [113] [ყოველთა] მკჳდრთა საქართველოსათა. და ძნელად გამწარებულნი იტყებდეს და ისხმიდიან თავსა ნაცარსა და მტუერსა ათაბაგი და ყოველნი და იქმნა ტყება მსგავსი კალოთა ატადესთა და გოდებანი მსგავსნი მოოჴრებისა იერუსალემისანი იერემიას მიერ მგოდებელისა, და ჯერცა ეგრე იყო. და ყოველთა ადგილთა მსხდომარეთა გოდებათა და ტყებათა შეიწუებოდეს მკჳდრნი სამეფოსანი. და იტყოდიან მიუთხრობელთა სიკეთეთა მისთა, გამარჯუებათა და მოწყალეობათა, მოსამართლეობათა, სიუხუეთა, სიმდაბლეთა. და წარიყვანეს სამკჳდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა სამეფო ძესა თჳსსა ლაშას.
არსენი იტყჳს იყალთოელი:
მეფე, მთავარი, სიონი და წყარონი; ჭაბუკი, ქალწული, ებგური საებგურო; აღჳრი კიცუთა, თუალნი და ისრაელი, გოდოლი, მენავე, სახლი და მამაცა, მეგჳპტელი ცხენი, ლაზარე, ქუდი.
იოანე იტყჳს ჭიმჭიმელი:
თუ თალი მილისეველმან სფერო შესახა შამსისი, მან ისტრულაბსა დასცა და მიდგნა დაყიყა ჯამსისი, [114] დავით - ვთქუა - ზესთა განდიდნეს, მით ჴრმალი ჴორცსა ჭამს მისი, და აქილევისებრ ძალითა მპყრობ ელადეთსა ჴამს ისი.
დიდება ღმერთსა!
ამან დიდმან და სახელგანთქმულმან ცხოვრებასა შინა დაუტევა მძლეობა ქართველთა გამარჯუებისა.