"ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი"
edit
ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შა, მოადგა სამშჳლდეს და წარიღო; და იოვანე ძე ლიპარიტისი ტყუე-ყო, მოაოჴრა სომხითი და წარვიდა. მასვე წელსა მოვიდა სარანგი ძალითა სულტნისაჲთა, ჩამოდგა სამშჳლდის ბარს; მივიდეს ლაშქარნი გიორგი მეფისანი, და შეიბნეს ფარცხისს; სძლეს სპათა გიორგისთა და იოტნეს სპარსნი; და დიდი ძლევაჲ მოსცა ღმერთმან. წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თჳსსა ტაოს და მოვიდა ბანას; მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორავარი აღმოსავალისაჲ გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი და კარნუ-ქალაქი და კარი, და დიდად იამხანაგ[ეს] და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანაჲ; ხოლო მეფემან დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა
ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს და წარვიდეს, რომელნიცა აიხუნეს თურქთა და დაემკჳდრნეს მას შინა; და ვინაჲთგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩუენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩუენ ზედა: რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოო ჴრებად, წუად, სრვად და ტყუეობად ქრისტეანეთა.
რამეთუ მათ ჟამთა გიორგი მეფესა, ყუელს გარე-მდგომსა, დაესხნეს უგრძნულად თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმად, ამირა ძლიერი და მაგრიად მოისარი, რომელსა მას ოდენ ჟამსა აღეღო კარი. მოვიდეს ესენი შინა-განცემითა ქრისტეანეთაჲთა, აოტეს გიორგი მეფე და სპაჲ მისი ურიცხჳ.
ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროჲსა და ვეცხლისანი, [კარას]ეულნი, სასუმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი, - სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი, - აიხუნეს იავარად და წარვიდეს. ხოლო გიორგი მეფე წარვიდა მეოტი აჭარით აფხაზეთად. მათ უკუე ლაშქართა, ესევითარითა ალაფითა სავსეთა მიმავალთა, წინა დაემთხჳვნეს ამირანი დიდნი, ის[ა ბარ]ი და ბუ-[იაყ]უბ და მათ თანა სიმრავლე ურიცხჳ თურქთაჲ - საბერძნეთს მიმავალნი; რომელთა, იხილეს რაჲ ესეოდენი სიმრავლე ოქროჲსა და სიმდიდრისაჲ, რომელი აქუნდა, და ცნეს მეოტობაჲ გიორგისი, და ესმაცა მათგან, ვითარმედ: „რად წარხუალთ საბერძნეთს? აჰა ქუეყანაჲ საქართველოჲ, უკაცური და სავსე ესევითარითა სიმდიდრითა“, და მათ მყის მოაქცივნეს გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი.
და დღესა ივანობისასა ასისფორი და კლარჯეთი ზღჳს პირამდის, შავშეთი, აჭარაჲ, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქოჲ და ჭყონდიდი აღივსო თურქითა; მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკჳდრი ყოველი. და მასვე [და] ერთსა დღესა დაწუნეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი. და დაყვეს ამათ ქუეყანათა შინა თურქთა ვიდრე მოს[ლვ]ადმდე თოვლისა, მოჭამეს ქუეყანაჲ და მოსწყჳდეს, თუ სადამე ვინ დაშთომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო პირველი დიდი თურქობაჲ (ქრონიკონი იყო ტ ). ხოლო თუ ვინმე მთიულეთს ანუ სიმაგრეთა სადაღა ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხლითა, უსახლობითა და შიმშილითა ეგეცა მოისრა.
და განგრძელდა ესევითარი ჭირი ქრისტეანეთა ზედა; რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი და მათვე პირველთა საქმეთაებრ იქმოდიან, და ზამთრის წარვიდიან. და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვაჲ და მკაჲ; მოო ჴრდა ქუეყანაჲ და ტყედ გარდაიქცა; ნაცვალად კაცთა მ ჴეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა; და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდესმე ყოფილთა [და] სმენილთა გარდასრულთა ო ჴრებათასა.
რამეთუ წმიდანი ეკლესიანი შექმნნეს სახლად ჰუნეთა მათთა, ხოლო საკურთხეველნი ღმრთისანი - ადგილად არაწმიდებისა მათისა. და მღდელნი რომელნიმე თჳთ შეწირვასავე შინა საღმრთოჲსა მსხუერპლისასა მუნვე მახჳლითა შეწირულ იქმნნეს და სისხლნი აღრივნეს თჳსნი მეუფისათა თანა; და რომელნიმე მწარესა ტყუეობასა მიცემულ იქმნნეს. მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნნეს, ხოლო ქალწულნი - გინებულ, ჭაბუკნი - დაკუეთებულ, ხოლო ჩჩჳლნი - მიმოდატაცებულ; ცეცხლი უცხოჲ და მბრძოლი, რომლითა მოიწუა შენებული ყოველი, მდინარენი სისხლისანი ნაცვალად წყლისა ნაკადულთა მრწყველნი ქუეყანისანი. და, რაჲთა თჳთ მათ იერემიაჲსთა ვიტყოდი, - რამეთუ მან ოდენ კეთილად უწყოდა ჟამისა ამის ჯეროვანი გოდებაჲ, - ვითარმედ: „ძენი სიონისანი, პატიოსანნი და ბოროტისა გამოუცდელნი, უცხოთა გზათა ტყუეობისათა მოგზაურობენ. ხოლო გზანი სიონისანი იგლოვენ არა-ყოფისათჳს მათ ზედა მედღესასწაულეთაჲსა; და ჴელნი დედათა მოწყალეთანი არა საზრდელისა შვილთა მიცემად მოქმედებენ, არამედ საზრდელ თჳსსა ჰყოფენ თჳთ მათ საყუარელთა თჳსთა“. და ესენი ესრეთ და ფრიადცა უძჳრეს.
ამათ საქმეთა ესრეთ რაჲ ხედვიდა მეფე გიორგი, და რამეთუ არასადაჲთ იყო ღონე ჴსნისა და შეწევნისაჲ, არცა რაჲ დამჴსნელი ამათ ძჳრთაჲ, რომელ მოეცვა პირი ქუეყანისაჲ, რამეთუ ძალი ბერძენთაჲცა შემცირებულ იყო, და რომელნი ქუეყანანი აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღუასა გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრა, - ყო განზრახვაჲ დიდებულთა თჳსთა თანა, და დაამტკიცეს წარსლვაჲ მაღალსა სულტანსა მალიქშას წინაშე; და ესრეთ დადვა სული თჳსი და სისხლნი ქრისტეანეთა ჴსნისათჳს. და მინდობითა ღმრთისაჲთა და წარძღუანებითა ძელისა ცხორებისაჲთა წარვიდა ასპანს, ნახა სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მისგან, ვითარცა შვილი საყუარელი.
რამეთუ იყო კაცი იგი, ვითარცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისაჲთა შეუსწორებელ, ეგრეთვე სახითა სიტკბოებისაჲთა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხუანიცა ურიცხუნი საცნაურებანი: მართლმსაჯულებანი, მოწყალებანი, ქრისტეანეთა სიყუარულნი, და, - რაჲთა არა განვაგრძოთ სიტყუაჲ, - ყოვლად უბოროტოჲ რაჲმე გონებაჲ ყოვლით კერძო აქუნდა. ამისთჳსცა ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფესა გიორგის, უმეტესცა სასოებისა; და სამეფოჲ მისი თავისუფალ-ყო ზედა-მარბიელთაგან; და მოსცა კახეთიცა და ჰერეთიცა, გარნა ხარაჯაჲ ითხოვა სამეფოჲსა მისისაჲ, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა. და ესრეთ დიდებითა დიდითა გამოგზავნა სამეფოდ თჳსად; და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რაჲთა წარვლონ გზაჲ მშჳდობისაჲ და რაჲთა აართუან კახეთი.
და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთს და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა; ვიდრე ჰბრძოდესღა, მოვიდა თოვლი; ხოლო მეფესა გიორგის მოე ჴსენა ნადირობაჲ აჯამეთისაჲ, არღარას ზრუნვიდა სხუასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟინისა და კახეთისასა; არამედ ლაშქართა თურქთა რომელნი ჰყვეს, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანაჲ იორის პირისაჲ კუხეთი, რომელი მოო ჴრდა მოდღენდელად დღედმდე. ხოლო თჳთ გარდავლო მთაჲ ლიხთაჲ და შთავიდა აფხაზეთად.
მათ ჟამთა აღსართანცა, კახთა მეფე, წარვიდა მალიქშას წინაშე, დაუტევა ქრისტეანობაჲ და შეეძინა სარკინოზთა სჯულსა; და ამით ღონითა აღიღო სულტნისაგან კახეთი. ამათ ესევითართა ჟამთა არავე დამშჳდნა ქუეყანაჲ, არცაღა იქმნა ლხინებაჲ კაცთა უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთაჲსა; რამეთუ ყოველმან ჰასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა; ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესეოდენ განარისხეს, ვიდრემდის თჳსი მოიხადეს განჩინებაჲ რისხვისაჲ, ქადებული უსჯულოთათჳს ესაიაჲს მიერ, მეტყუელისა ესრეთ: „ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსე არს უსჯულოებითა კუალითგან ფერ ჴთაჲთ ვიდრე თავადმდე. არა არს მას შინა სიცოცხლე, არცა ბრძჳლ, არცა შესახუეველ“ და შემდგომნი: „ამისთჳს ქუეყანაჲ თქუენი ო ჴერ, ქალაქნი ცეცხლითა მომწუარ, სოფელთა თქუენთა უცხო თესლნი მოსჭამენ, და მოო ჴრებულ და დაქცეულ არს ერისაგან უცხო ტომთაჲსა“.
ესე ყოველი მოიწია და თუალითა ჩუენითა ვიხილეთ, და ფრიად უფროჲსი ამათ წარმოთქმულთასა: რამეთუ ვითარმცა ვინ მისცა თხრობასა ყოველი, რომელი იქმნა, [ანუ] ვითარმცა ვინ გამოთქუა თითოეულად, რომელი დღეთა ჩუენთა მოიწია ჭირი? ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრა გულისწყრომაჲ უფლისაჲ ჩუენ ზედა, რამეთუ არა შევინანეთ, არცა გულისხმა-ვყავთ, არცა ჯეროვნად მოვაქციეთ გზათა მიმართ უფლისა ბრძანებათასა. ამისთჳსცა ქუეყანით მომავალთა ბოროტთა ზედა სხუანიცა საშინელებანი ზეგარდამონი, ღმრთივ-მოვლინებულნი გუემანი, მოიწივნეს ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა თქუან მცოდველთა, ვითარმედ: „ესე აღძრვანი წარმართთანი არა ცოდვათა ჩუენთათჳს იქმნნეს, არცა ღმრთისა მიერ მოიწივნეს, არამედ შეცვალებითა რაჲთამე ჟამთაჲთა და დამთხუევითა აღძრვისა საქმეთაჲთა“.
ამისთჳსცა დღესა აღვსებისა[სა], თჳთ მას აღდგომასა მეუფისასა, რომელსა შინა სიხარული და განსუენებაჲ საგონებელ იყო, მოხედნა რისხვით უფალმან ქუეყანასა და შეძრა საფუძველითურთ ესეოდენ სასტიკებითა, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, სახლნი დაინთქნეს და დაზულეს და იქმნნეს საფლავ მას შინა მკჳდრთა; რომელთა თანა თმოგჳცა დაიქცა და დაიპყრა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიაჲსი ცოლითურთ. და განგრძელდა ესევითარი იგი რყევაჲ ქუეყანისაჲ საშინელი ვიდრე განსრულებადმდე წელიწადისა, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე მძლე რიცხჳსაჲ.
მაშინ რისხვასა შინა მოი ჴსენა წყალობაჲ მან, რომელი სწავლის ყოველსა შვილსა, რომელი უყუარს, [რომელი] მოაკუდინებს და აცხოვნებს, რომელი მზა არს უფროჲს მამისა მოწყალისა წყალობად, რამეთუ წერილისაებრ: „არა თუმცა უფალმან დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომ[ელ]ნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით“. რამეთუ ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხორებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭჳრობად, ვინაჲთგან ათორმეტ წელ ამათ თჳთო-სახეთა ჭირთა განგრძობილთა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით ღმრთისა მამისამან, და თჳთ სამეოცდამეათორმეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით.
მას ჟამსა, რომელსა იყო ჰასაკითა ათექუსმეტის წლის (ხოლო ქრონიკონი იყო ტ˜თ), ამას, მარტოდ-შობილსა გიორგისგან, თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისაჲ; - უჭეშმარიტესი ითქუნ: თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონაჲ თჳსი, და საცხებელი მისი წმიდაჲ სცხო; რამეთუ ჴელი მისი შეეწია, და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი; წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეჰმოსა მას; და უაღრეს-ყო უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, ვიდრემდის დადვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი; გარნა შრომითა ფრიადითა და ღუაწლითა ძლიერითა და მრავალთა დღეთა შემდგომადღა იქმნა ესე, ვითარცა წინამდებარემან სიტყუამან ცხად-ყოს.
რამეთუ მეფე იქმნა რაჲ დავით, მოო ჴრებულ იყო ქართლი; და თჳნიერ ციხეთა სადამე არასადა იყო სოფელსა შინა კაცი, არცარა შენებულებაჲ. მათ ჟამთა შინა ჰქონდ[ი]ს თრიალეთი და კლდე-კარნი და მიმდგომი მათი ქუეყანაჲ ლიპარიტს, და მეფ[ი]სა დავით[ი]ს წინაშე იყვის რეცა ერთგულად, ეგრეთვე ნიანია კახაბერის ძეცა. და სხუანიცა აზნაურნი მცირედ-მცირედ შემოკრბიან დაშთომილნი სადამე და სოფლებადცა დაიწყეს შთამოსლვად და დასხდომად.
და იყო მაშინ საზღვარი სამეფოჲსაჲ მთაჲ მცირე ლიხთაჲ და სადგომი სამეფოჲ წაღულის-თავი. და ოდესცა ნადირობაჲ უნდის ქართლისა ჭალაკთა ანუ ნაჭარმაგევს, რომელი ყოვლად აღსავსე იყო ირემთა და ეშუთა მიერ, არა პირველ შთავიდიან, ვიდრემდის ცხენ-კეთილთა მ ჴედართა მიერ მოინახიან, და მაშინღა [შთა]ვიდიან ნადირობად ვაკესა.
ამა ვითარებასა შინა გარდა ჴდა წელიწადი ოთხი; მოკუდა სულტანი მალიქშა და ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ-პაპურთა უგზოთა კუალთა სლვაჲ, რამეთუ ზაკჳდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა; დაღათუ ქრისტეანე იყო სახითა, გარნა ორგულებაჲ და სიძულილი პატრონთაჲ გუარისაგან მოაქუნდა გონებითა; და ვინაჲთგან გულის ჴმის-ყოფაჲ არა ინება კეთილისაჲ, დადგა იგი ყოველსა გზასა არა-კეთილსა
ამას რაჲ ესევითარებასა ხედვიდა მეფე დავით, ინება განწურთაჲ მისი; ამისთჳსცა პყრობილ-ყო იგი ჟამ რაოდენმე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვისმე; და ესრეთ, მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთგულებისათჳს ღმრთისა შუამდგომელად შემომღებელი, განუტევა იგი, და მითვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა; რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არცა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინაჲთგან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არცა მეჭუელ.
ხოლო იგი ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და ვითარცა ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა; განაცხადა მტერობაჲ და უკეთურებასა იწურთიდა საწოლსა ზედა თჳსსა. იხილა რაჲ მშჳდმან და ღმრთივ-განბრძნობილმან მეფემან, რამეთუ კუდი ძაღლისაჲ არა განემარტების, არცა კირჩხიბი მართლიად ვალს, მეორესა წელსა კუალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ-ყო და საბერძნეთს გაგზავნა; და მუნ განეჴუა ცხორებასა.
ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია. და შეწევნითა ღმრთისაჲთა მოეშენა ქუეყანაჲ ქართლისაჲ, განძლიერდა დავით და განიმრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯაჲ. და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს; რამეთუ ვიდრე მოაქამდე ზამთრისავე მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღუამს და ჩაღმართ მტკურისა და იორისა პირთა, რამეთუ მათი იყო სადგური.
კახეთს მეფობდა კჳრიკე, კაცი მეფობასავე თანა მე[უ]ფე-ქმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტეანე. მოსცა ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კჳრიკეს ციხე ზედა ზადენი. და წარემატებოდა დიდებითა და განმარჯუებულებითა, რომელთა თანა ესეცა იქმნა: მოკუდა რატი, ძე ლიპარიტისი, კაცი ორგული და ნანდჳლვე ნაშობი იქედნეთაჲ; და ესრეთ დასრულდა სახლი ბაღუაშთაჲ, სახლი განმამწარებელთაჲ, რამეთუ სუა უკუანაჲსკნელი თხლე რისხვისაჲ, სასუმელი ცოდვილთა ქუეყანისათაჲ და არღარავინ დაშთა საყოფელთა მათთა მკჳდრი, რამეთუ აღი ჴსენა უსჯულოებაჲ მამათა მათთაჲ წინაშე უფლისა, და მამული მათი აღიღო მეფემან.
შემდგომად წელიწადისა ერთისა მიიცვალა კჳრიკე მეფე და დასუეს კახთა მეფედ ძმისწული კჳრიკესი აღსართან, არარათა მქონებელი ნიშთა მეფობისათაჲ, არამედ ცუნდრუკი რაჲმე, უსჯულოჲ და უმეც[ა]რად უსამართლოჲ და ყოვლად წინაუკმოჲ მამისძმისა მისისაჲ.
მას ჟამსა განიცადა მეფემან გონებისა თუალითა და კეთილად გულის ჴმა-ყო საქმე, რომლითა მოიმადლებოდ[ის] ღმერთი და სარგებელი დიდი იქმნებოდ[ის]; რამეთუ წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს; და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროჲს, ვიდრე ღირსებით, დაეპყრნეს უფროჲსნი საეპისკოპოსონი, - არა კარით მწყემსებრ შესრულ[თა], არამედ ავაზაკებრ ერდოჲთ; და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი, ნაცვალად სჯულთა საღმრთოთა პყრობისა, უსჯულოებასა აწურთიდეს მათქუეშეთა. და თჳთ სახლით უფლისაჲთ და მღდელთაგან გამოვიდოდა უსჯულოებაჲ და ცოდვაჲ, რომლითა თუალი ღმრთისაჲ, მხედველი ყოველთაჲ, ესეოდენ რისხვად აღძრულ იყო, ვითარცა ზემორე სიტყუამან განაცხადა. რამეთუ არა სწორ არს ცოდვაჲ მღდელისა და მ ჴედრისაჲ, არცა ერისა და მღდელთმთავრისაჲ, არცა მწყემსისა და სამწყსოჲსაჲ, ვითარცა წერილ არს: „მონამან რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განეკრძალოს, იგუემოს დიდად“.
ამათ უკუე დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა კრებაჲ ერ-მრავალი; რამეთუ სამეფოჲსა თჳსისა კათალიკოსი, მღდელთმთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე თჳსსა ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა; და მრავალ დღე გამოწულილვითა ფრიადითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომილი განჰმართეს და კეთილწესიერებაჲ სათნოჲ ღმრთისაჲ ყოვლითურთ დაამტკიცეს; უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს და გარდამოსთხივნეს საყდართაგან, დაღათუ არა-ადვილ იყო ესე ნათესავთა მათთა ძლიერებითა; რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრა საყდრები; და მათ წილ ჭეშმარიტნი და სათნონი ღმრთისანი მწყემსნი დაადგინნეს.
და ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲ აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათაჲ. და ესრეთ ყოველნი ნიჭითა სამეუფოჲთა წარგზავნნეს თითოეული სახიდ თჳსად. და ესეცა მიმსგავსებულად დიდისა კოსტანტინესა აღასრულა მეფემან დავით; რომლისა სანაცვლოდ იხილეთ, თუ რაჲ განაგო ღმერთმან გულთ-მეცნიერმან, უძილმან მცველმან ისრაელისამან.
რამეთუ ესე აღსართან, კახთა მეფედ ჴსენებული, შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა, არიშიანმან და ბაჰრამ და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბა[ჰ]რამის ძემან, და მოსცეს მეფესა. და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი, და ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ჴმა-განსმენილი იგი დიდი ძლევაჲ, რომელ მცირედითა ლაშქრითა და განწი[ლ]ულითა ერითა და ჴოცნა სულტნისა იგი სპანი ურიცხუნი; ათაბაგი განძისაჲ და უმრავლესი კახთა ქუეყანისა ერი, მტერთავე თანა გარე-მოდგომილი ჩუენთა, ესეოდენ ადვილად და მოსწრაფედ ჴელთ-უსხნა ღმერთმან საკჳრველებათამან, რომელ ერთი ათასთა არა თუ სდევდა, არამედ ჴელითა იპყრობდა, და ორთა არა თუ წარექცივნეს ბევრნი, არამედ სა[მალავთაჲთ] თჳთ მათითვე ტყეთა და მთხრებლთაჲთ ტყუედ მოჰყვანდეს იგინი ყოველნი.
ხოლო თჳთ მეფე არა ვითარცა სხუაჲ ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი, არამედ უპირატეს ყოველთასა თჳთ წინა-უვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ჴმითა მაღლითა და ვითა გრიგალი მი-და-მოიქცეოდა, თჳთ გოლიათებრ მი[ჰ]მართებდა, და მკლავითა მტკიცითა დაამ ჴობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინა-დამთხუეულთა ყოველთა, ვიდრემდის ფრიადისა ცემისაგან არა თუ ვითარცა ძუელსა ელიაზარს დ[უდეაჲს]სა ჴელი ჴრმლისა ვადასა ოდენ დაეწება, არამედ ჴრმლით მისით უკმომდინარითა სისხლითა წიაღნი აღსავსედ ეტჳრთნეს; რომელი შემდგომად ომისა გარდა ჴდისა და მუცლისა სარტყლისა გან ჴსნისა საცნაურ იქმნა, ქუეყანად რაჲ დაითხია ესეოდენი მტკნარი სისხლისა შეყინებულისაჲ, რომელსა პირველ განხილვისა თჳთ მისგან ვჰგონებდით გამოსრულად. და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ-ყო მის დღისა ომი. და ესე მრავლისაგან ყოვლად მცირედი და კნინი წარმოვთქჳთ.
ესრეთ რაჲ თჳთმპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი და ნებიერად აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი, მზეებრ მიჰფინა წყალობაჲ ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა. და ვინაჲთგან ღმერთი ესრეთ განაგებდა საქმეთა დავითისთა და წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა და მოსცემდა ჟამად-ჟამად ძლევათა საკჳრველთა და უძღოდა ძალითი ძალად, არცა იგი უდებებდა განმრავლებად ტალანტთა - საქმეთა კეთილთა და სათნოთა ღმრთისათა, - არამედ სრულითა გულითა ჰმსახურებდა და მათ იქმოდა, რომელნი ნებისად ღმრთისად დაამტკიცნის და სათნო-ყოფილად მისდა აღუჩნდის, ვითარცა აწ ითქუას.
რამეთუ მოიგონა აღშენებაჲ მონასტრისაჲ და დაამტკიცა, რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან, ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა დედისა ღმრთისაჲ, რაბამ რაჲმე აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულობისა, რომელი ზეშთა ჰმატს შუენიერებასა ყოველთასა სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა და მოქმნულობისა შეუსწორებელობითა, რომელსა თანა-მოწამედ ჰქონან თუალნი მხედველთანი. და აღავსო სიწმიდეთა მიერ: პატიოსანთა ნაწილთა წმიდათაჲსა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა და სხუათა ნივთთა ძჳრად საპოვნებელთა.
ამათ თანა დასხნა მუნვე დიდთა და ხუასროვანთა მეფეთა ტახტნი და საყდარნი, სასანთლები და საკიდელნი ფერად-ფერადნი, იავარად მოხუმულნი თჳსნი; და კუალად გჳრგჳნნი და მანიაკნი, და ფიალნი და სასუმელნი, რომელნი მოუხუნა მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თჳთ იგინიცა ტყუედ მოიყვანნა, მასვე ტაძარსა შინა შეწირნა ღმრთისა, სა ჴსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკჳრველისა.
და მუნვე შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხორებითა და შემკობილნი ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა სამეფოთა ოდენ შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთა, სადაჲთცა ესმის ვიეთიმე სიკეთე, სისრულე [და] სულიერითა და ჴორციელითა სათნოებითა აღსავსეობაჲ; იძივნა და კეთილად გამოიძივნა, მოიყვანნა და დაამკჳდრნა მას შინა.
და მამული ლიპარიტეთი, უმკჳდროდ დაშთომილი სრულიად, სხუათა მრავალთა და სამართლიანთა, უსარჩლელ-მიუხუეჭელთა სოფლებთა თანა მისცნა დედასა ღმრთისასა სამსახურებელად წინაშე მისსა მდგომთათჳს და უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა; რომელიცა აწ წინამდებარე არს ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალემად, სასწაულად ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა, წესად და კანონად ყოვლისა საეკლესიოჲსა შუენიერებისად.
და კუალად სხუაჲ მოიგონა საქმე, შემსგავსებულად მოწყალისა და ტკბილისა, ღმრთის-სახისა კაცთმოყუარებისა თჳსისა: აღაშენა ქსენონი ადგილსა შემსგავსებულსა და შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი, თჳთო-სახითა სენითა განცდილნი; და მოუმზადა ყოველი სა ჴმარი მათი უნაკლულოდ და უხუებით და განუჩინნა შესავალნი და საღუაწნი მათნი. ყოვლადვე თჳთ მივიდის, მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს-უყვის თითოეულსა, ჰფუფუნებდის მამებრ, სწყალობდის და ჰნატრიდის, განამ ჴნის მოთმინებისა მიმართ, მონახის თჳსითა ჴელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი, პინაკი და ყოველი სა ჴმარი მათი; მისცის თითოეულსა ოქროჲ კმა-საყოფი და განაკრძალნის ზედა-მდგომელნი მათნი და განაგის ყოველი საქმე მათი დიდადშუენიერად და ღმრთისმსახურებით.
ამა ჟამადმდე ქალაქი ტფილისი, რუსთავი, სომხითი, ყოველი სამშჳლდე, აგარანი თურქთა ჰქონდეს, ხოლო თრიალეთი და კლდე-კარნი ჰქონდეს თევდორეს, ჭყონდიდელისა დისწულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა. რამეთუ მეფე რაჲ გარდავიდის აფხაზეთად, უმცრორე ეშინოდის თურქთა და მათთა ციხოვანთა; მას ჟამსა გარდავიდა მეფე [იმიერ]; შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცეს[ი]სა წინაშე თევდორე, აბულეთ და ივანე ორბელი, და სიმარჯჳთ მოიპარეს სამშჳლდე. მაშინ იქმნა დიდი სიხარული, რამეთუ დღითი-დღე შეემატებოდა საზღვართა სამეფოჲსათა. ცნეს რაჲ თურქთა აღებაჲ სამშჳლდისაჲ, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს და ღამე მეოტ იქმნნეს, ხოლო ჩუენ თანა მოითუალნეს იგინი.
რამეთუ ვიდრე მოაქამდე სთუელთა ჩამოიარიან თურქთა სომხითი, ყოვლითა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან გაჩიანთა, პირსა მტკურისასა, ტფილისითგან ვიდრე ბარდავადმდე და იორის პირთა, ყოველთა ამათ შუენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა შინა ზამთრის, ვითარცა არესა გაზაფხულისასა, ითიბების თივაჲ და აქუს შეშაჲ და წყალი უხუებით; და მუნ არს სიმრავლე ნადირთაჲ თჳთოფერი და საშუებელი ყოველი; ამათ ადგილთა შინა დადგიან ხარგებითა; ცხენისა, ჯორისა, ცხოვრისა და აქლემებისა მათისა არა იყო რიცხჳ.
და აქუნდა ცხორებაჲ სანატრელი: ნადირობდიან, განისუენებდიან, იხარებდიან და არა იყო ნაკლულევანებაჲ მათ თანა. თჳსთა ქალაქთა ვაჭრობდიან, ხოლო ჩუენთა ნაპირთა არბევდიან; და ტყჳთა და ალაფითა სავსეთა გაზაფხულსა თანა იწყიან აღმართ სლვად, მთათა სომხითისა და არარატისათა. ეგრეთვე ზაფხულისცა ჰქონდის შუებაჲ და განსუენებაჲ თივათა და ველთა შუენიერთა, წყაროთა და ადგილთა ყუავილოვანთა ყოფითა. და ესეოდენ დიდ იყო ძალი მათი და სიმრავლე, რომელ სთქუმცა თუ: „ყოველი თურქობაჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ იქი არსო“. და არავისგან მოსაგონებელ იყო ოდესცა მათი განსხმაჲ, ანუ ვნებაჲ, არცა თუ თჳთ სულტნისაგან.
ოდეს სამშჳლდე და ძერნა აღიღეს, მას წელსა მოვიდა ძალი სულტნისაჲ და ყოველი თურქქმნილობაჲ, კაცი ვითარ ასი ათასი, უგრძნულად სიმარჯჳთა. ხოლო მეფე დგა ნაჭარმაგევს ტაძრეულითა. ცნა რაჲ მიმწუხრი მოსლვაჲ მათი თრიალეთს, ღამე ყოველ წარვიდა მ[ისეული]თა კაცითა ათას ხუთასითა, რამეთუ ესეოდენნი დახუდეს მას წინაშე. ცისკარს მოვიდეს თურქნი და იქმნა ბრძოლაჲ ძლიერი და ფიცხელი მას დღესა; და შეწევნითა ღმრთისაჲთა იძლია ბანაკი მათი; და მიდრეკასა დღისასა მიდრკეს სივლტოლად ესეოდენ ზარგან ჴდილნი და მოსწრაფენი, ვიდრემდის არცა თუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად, არამედ მოსწრაფებასა პატივ-სცეს ფერ ჴთასა უფროჲს საქონლისა მათისა და ესრეთ განიბნივნეს თჳსთა ქუეყანათა. ხოლო ესევითარსა საკჳრველსა სივლტოლასა მათსა თჳთ მეფე და სპანი მისნი ესეოდენ ურწმუნო იქმნნეს, ვიდრემდის არავინ სდევნა ყოვლად, რამეთუ ხვალის ომი ეგონა.
წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა; რომლისათჳსცა დიდად წყენაჲ შეექმნა თურქთა და რიდობაჲ საზამთროთა ადგილთა დგომისაჲ; რამეთუ მოიმსტურნის მეფემან, რომელთა მოსრვაჲ ეგებოდის და უგრძნულად დაესხის და მოსწყჳდნის. და ესე არა ერთ, გინა ორ ანუ სამ, არამედ მრავალ გზის, ვითარცა აწ ერთი ითქუას. რამეთუ ტაოს ჩამოდგეს დიდნი თურქნი ხარგებითა, ვინაჲთგან ზამთრისა სიფიცხლესა და მთათა სიმაგრესა მიენდვნეს. ხოლო მეფემან მოი ჴელოვნა ესრეთ, რამეთუ სპათა ქართლისათა მზაობაჲ უბრძანა და თჳთ ქუთათისს გარდავიდა, რომლითა უეჭუელ-ყვნა იგინი. და თთუესა ფებერვალსა აცნობა ქართველთა და მესხთა, რაჲთა კლარჯეთს დახუდენ პაემანსა და თჳთ შიდითა სპითა ხუფათით ჭოროხის პირი წარვლო; შეკრბეს ერთად და უგრძნულად დაესხნეს მათ ზედა, უშიშად გულდებით [და] სასოებით მსხდომარეთა ბასიანადმდე და მთად კარნიფორისა; მოსრეს სიმრავლე მათი ურიცხჳ და დაატყუევეს დედა-წული მათი; და აღიღეს ცხენები, ცხოვარი, აქლემები და ყოველი ნაქონები მათი, რომლითა აღივსო ყოველი სამეფოჲ მისი ყოვლითა კეთილითა.
და მასვე წელსა ასული თჳსი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისა, რამეთუ პირველ ამისა პირმშოჲ ასული თჳსი თამარ გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რაჲთა ვითარცა ორნი მნათობნი, - ერთი აღმოსავალს და ერთი დასავალს, - ცისკროვან-ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.
და მეორესა წელსა დაიპყრნა გრიგოლის ძენი, ასათ და შოთა და აღიღო ციხე გიში; და გაგზავნა ძე თჳსი დემეტრე შარვანს სპითა ძლიერითა ლაშქრად. ხოლო მან ქმნნა ომნი საკჳრველნი, რომლითა განაკჳრვნა მხილველნი და მსმენელნი: გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-შემოსილი მოვიდა წინაშე მამისა თჳსისა, სავსე ალაფითა და ტყჳთა ურიცხჳთა.
მეორესა წელსა ბზობად წარმოემართა მეფე ღანუ ჴით წარსლვად რა ჴსის პირსა და ზატიკი გარდაი ჴადა ნა ჴიდურს. მუნ მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკლვისაჲ; და ამისთჳს უშლიდეს დიდებულნი მას ჟამსა წარსლვად; და ყოვლად არა მოისმინა, არამედ დაესხა თურქთა, რა ჴსის პირსა მდგომთა, მოსრა სიმრავლე მათი და წარმოიღო ტყუე და ალაფი ურიცხჳ.
ამასვე წელსა აღიღო სომხითს ციხე-ქალაქი ლორე და მაშინვე ივლისსა აღიხუნა აგარანი მეორესა დღესა ცისკარს. რამეთუ პირველცა ესე ციხე აეღო ბაგრატს, პაპსა მისსა, გარნა სამ თუე ბრძოლითა. ამასვე აგჳსტოსსა მოკუდა სულტანი მალიქი, მალიქ-შას ძე, და ალექსი ბერძენთა მეფე და ვერ ცნ[ა] ერთმან ერთისა სიკუდილი.
ხედვიდა რაჲ მეფე დავით ესეოდენთა ზეგარდამოთა ღმრთისამიერ[თა] წყალობათა, შეწევნათა, ძლევათა და განმარჯუებათა თჳსთა და რომელთა ღმერთი მოსცემდა სამეფოთა, ქუეყანათა, ქალაქთა და ციხეთა, - რამეთუ არა იყო ესეოდენი სიმრავლე ლაშქართაჲ სამეფოსა შინა მისსა, რაჲთამცა ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად და კუალად თჳთ მის თანა მყოფელად და მოლაშქრედმცა კმა იყვნეს დაუცხრომელ[სა] და სამარადისოსა მისსა მიმოსლვასა ზამთარ და ზაფხულ, გ[ი]ნაღა სადამე ლაშქრობასა, -
ამისთჳსცა შემოიკრიბა გონებაჲ, კეთილად და გონიერად გამგონე, ვითარცა დავით სულისა მიერ წმიდისა, აღიღო მაღლად თავი თჳსი და მიმოავლო თუალი გონებისა თჳსისაჲ; და განიცადა კეთილად და განიზრახა სამეფოჲთა ცნობითა, რომელ არა კმა იყვნეს სამეფოჲსა მისისანი თანა-მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა მისისათა. და მსგავსად ალექსანდრესა და ამანცა სულთ-ითქუნა, რამეთუ ითქუმის მისთჳს, ვითარმედ ფილოსოფოსმან ვინმე ჰრქუა მას: „არიანო მრავალნი და ურიცხუნი საუფლონი, რომელთა არცა თუ სახელი ასმიეს შენი“; და მან სულთ-ითქუნა და თქუა: „უკუეთუ დამიშთეს ესენი, რაჲ იყოს მპყრობელობაჲ ჩემი?“.
ამისთჳსცა ამან მეორემან ალექსანდრე განიზრახა სივრცითა გონებისაჲთა, - რამეთუ სხუებრ არა იყო ღონე, და უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე და სიმ ჴნე წყობათა შინა, სისუბუქე მიმოსლვისაჲ, სიფიცხ[ლ]ე მიმართებისაჲ, ადვილად დასამჭირველობაჲ და ყოვლითურთ მომზავებელობაჲ ნებისა თჳსისაჲ; და ამათ თანა და უადვილეს იყვნეს მოსლვად მახლობელობითაცა და უპოვარებითა; და რამეთუ პირველ მრავალთა წელთაჲსა მიერ მოეყვანა სანატრელი და ყოვლად განთქმული სიკეთითა გუარანდუხტ დედოფალი, შვილი ყივჩაყთა უმთავრესისა, ათრაქა შარაღანის ძისაჲ, სჯულიერად მეუღლედ თჳსად და დედოფლად ყოვლისა საქართველოჲსა - ამისთჳსცა წარავლინნა კაცნი სარწმუნონი და მოუწოდა ყივჩაყთა და სიმამრსა თჳსსა. ხოლო მათ სიხარულით მიითუალეს, გარნა ითხოვეს გზაჲ მშჳდობისაჲ ოვსთაგან.
ამისთჳსცა [ი]იძულა მეფე წარსლვად ოვსეთს; და სიტყუასავე თანა წარემართა და თანა-წარიტანა გიორგი ჭყონდიდელი, მწიგნობართუხუცესი თჳსი, კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ჴორცთაჲთა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სჳანი და ფრთხილი, თანა-აღზრდილი [პატრონთაჲ], აღმზრდელი პატრონისაჲ და თანა-განმკაფელი ყოველთა გზათა და საქმეთა და ღუაწლთა მისთაჲ.
შევიდეს ოვსეთს; და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა; და აღიხუნა მძევალნი ორგნითვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნივე ნათესავნი, და ყო შორის მათსა მშჳდობაჲ და სიყუარული, ვითარცა ძმათა; აღიხუნა ციხენი დარიალისა და ყოველთა კართა ოვსეთისა და კავკასიისა მთისათანი, და შექმნა გზაჲ მშჳდობისაჲ ყივჩაყთათჳს; და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი, სიმამრი და ცოლის ძმანი თჳსნი. და არა ცუდად დაშურა, არცა უსაქმოდ იქმნა გამოყვანებაჲ მათი, არამედ მათითა ჴელითა მოსრნა სრულიად სპარსეთისა ძალნი და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და მათითა თანა-ყოლითა ქმნნა საქმენი დაურწმუნებელნი, ვითარცა ითქუას წაღმართ.
მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, თავ[ს-მდები] სიყრმითგანთა პატრონის-მსახურებათაჲ; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა, რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან და თჳთ მეფემან უმეტესცა მამისა შემოსითა შავისაჲთა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა და ჴსნა გლოვაჲ.
ხოლო ყივჩაყნი დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმეოცი ათასი. ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი, რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთ ათას კაც, ყოველნი ქრისტეანე-ქმნილნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა; და თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტეანე იქმნებოდეს დღითი-დღე და სიმრავლე რიცხჳსა მძლე შეეძინებოდა ქრისტესა.
ესენი რაჲ ესრეთ შემოიკრიბნა და დააწყუნა გუარად-გუარად, და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი; და ეგრეთვე თჳსისა სამეფოჲსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირ-შეუქცეველნი; და საშუალ მათსა, თჳთ იგი, უმსგავსოჲ სპასპეტი და წინა-მბრძოლი, მიმსგავსებული ძუელ ქაიხოსროსთჳს მოთხრობილთა, წინა-უძღოდა. და იწყო რბევად სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა. რამეთუ არა დაშურებოდა, არცა მოეწყინებოდა, არამედ ჟამიერად და წესიერად იყოვნებდა მათ, ჰმართებდა და განაგებდა მსგავსად მის[ი]სა დიდგონებობისა. და ვინღამცა იყო წინა-დამდგომ, ანუ მიმმართ ომისა ანუ ამამაღლებელ საჭურველისა წინაშე მისსა?
რამეთუ დაღათუ წერილმან ფრთოვანსა ვეფხსა მიამსგავსა მაკედონელი იგი სიფიცხლით მიმმართებელობისათჳს და მსწრაფლ მიმოვლისა ქუეყანათა შინა და ჭრელად მრავალფერობისათჳს ქცევათა და განზრახვათა მისთაჲსა, არამედ ჩუენი ესე გჳრგჳნოსანი და ახალი ალექსანდრე, დაღათუ ჟამითა შემდგომ, არამედ არა საქმითა, არცა განზრახვითა, არცა სიმ ჴნითა უმცირე; და თჳთ მათ საქმეთა შინა, რომელთა მძლედ ითქუმის ალექსანდრე, არა უმდაბლე, არამედ მრავლითა უმაღლეს მგონიეს ესე; და რაოდენ საწუთოთა და ჴორციელთა შინა იგი მისთა სწორთა და მოჟამეთა ყოველთა უმაღლეს და უზეშთაეს იყო, ეგეოდენ ესე საღმრთოთა და ქრისტეს-მცნებათა შინა ჴორციელთავე თანა მისთა პირველ[სა] ჰმატდა. რამეთუ არა სცა ძილი თუალთა, არცა რული წამთა, არცა განსუენებაჲ ჴორცთა თჳსთა; არა მიდრკა გემოვნებათა მიმართ, არცა ნებ[ი]სა ჴორცთაჲსა, არა საჭმელ-სასუმელთა, არცა სიმღერა-სიღოდათა და რაჲთურთით არარა[თა] ეშმაკ[ეულთა და] ჴორციელთა, შემკრველთა გონებისათა და დასულებად და უდებებად დამზიდველთა ნებისათა, გარნა საღმრთოთა და სასულიეროთა ყოველთა.
და განიცადე[ნი]თღა ოთხთა ამათ წელთა ქმნილნი მისნი, რომელთა - მრავლისაგან მცირედთა - მეგულების თქუმად: აქუნდის ჩუეულებად ესე მეფესა, რამეთუ განგებულებით გარდავიდის აფხაზეთად და ჩამოიტყუვნის თურქმანნი საზამთროთა ადგილთა მტკურის პირისათა, რამეთუ მათნიცა მსტოვარნი ზედა-ადგიან მეფესა და იკულევდიან გზათა მისთა. გარდავიდა მეფე გეგუთს და მიერ ხუფათს და ამით გულპყრობილ-ყვნა იგინი. ხოლო მათ ცნეს რაჲ სიშორე მისი, ჩამოდგეს ბოტორას დიდნი ფრიად და დაიზამთრეს. და არა ჰრულოდა არცა მეფესა, არამედ გარდამოიფრინვა ფებერვალსა ათოთხმეტსა და უცნაურად დაესხა მათ ზედა; და ძლით ვინმე შეესწრა ცხენსა და გარდაიხუეწა. აღიღეს ტყუე და ალაფი ურიცხჳ.
მოვიდა ღანუ ჴს და მასვე შჳდეულსა პირმარხვასა აღიღო შარვანისა ქალაქი ყაბალა და აღავსო სამეფოჲ თჳსი ოქროჲთა და ვეცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა. წარმოვიდა ქართლს და მყის შეკრიბა სპაჲ და ჩავიდა შარვანს, მაისსა შჳდსა, არბია ლიჟათაჲთ ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე და სავსე ალაფითა მოვიდეს ქართლს. მათვე დღეთა შეიბნეს შარვანელი და დარუბანდელი, მოკლეს აფრიდონ და მოსწყჳდნეს შარვანელნი; თუესა ნოენბერსა წარვიდა მეფე აშორნიას და დაესხა თურქმანთა; მოსრნა და იავარ-ყვნა და წარმოიღო ურიცხჳ. ჩამოვლო მგზავრ, დაესხა სევგელამეჯს თურქმანთავე, და არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა. ესე ერთისა წლისაჲ.
მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭჳნტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი: ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა. იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი; ესე რაჲ ცნეს თურქთა, ვითარმედ შორს არს მეფე, გულ-დებით ჩამოდგეს პირსა მტკურისასა. გარნა ლომსა მომ ჴელოვანებელსა არა სცონოდა, არცა ჰრულოდა ომისათჳს, ვერცა[ღ]ა დამხრწეველთაგანი რომელი დაიმჭირვიდა; წარმოვიდა მსწრაფლ აფხაზეთით, თოვლთა საშინელთა, გარდაათხრევინა მთაჲ ლიხისაჲ, სადა გარდანაკუეთსა თოვლისასა აქუნდა სიმაღლე მ ჴარი სამი; დახუდა მზად სპაჲ მისი, და პირველ ჰამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს. და აღავსო ლაშქარმან მთით მტკურამდე და გაგთაჲთ ბერდუჯამდე; და მოსრნეს პირითა მახჳლისაჲთა და არა დაუტევეს მიქცეული კ[ედლა]დ, რომელ არა დაუშთა მთხრობი ჰამბავისაჲ. თუე იყო მარტი.
გაზაფხულ განდიდნა მტკუარი ფრიად, რომელ ნადინებსა ვერ დაეტია. ამისითა მინდობითა ჩადგეს თურქმანნი ბარდავს გულ-დებით; მაშინ მონახნა მეფემან იგინიცა და ალონს[ა] მტკუარსა გაცურდა ყივჩაყითა დაუჰა[მ]რავსა მას წყალსა და მოსრნა თურქნი, არბია ბარდავი, დაყო დღე ორი და ნებიერად მოვიდა შინა სავსე ალაფითა. თუე იყო ივნისი. ამათ ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტნისა წინაშე; და ყოველსა სპარსეთსა შეეღებნეს შავად, რომელთამე პირნი, რომელთამე ჴელები, და რომელ[თა]მე სრულიად. და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა აღძრეს წყალობად თჳსა; და იქმნა გლოვაჲ ფრიადი შორის მათსა.
მაშინ სულტანმან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქი და ყოველი ძალი მისი; და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუხისი, კაცი დაჰმანი და მრავალ-ღონე; და უბრძანა თურქმანობასა, სადაღაცა ვინ იყო, დამასკოჲთ და ჰალაბითგან ამოღმართ ყოველსა მ ჴედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა. შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს და შეიმტკიცნეს სიმრავლითა, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანაჲ და აგჳსტოსსა [ა]თორმეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლის[ს] და დიდგორთა, და თჳთ ფერ ჴთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა.
ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა-განაწყო სპაჲ თჳსი; და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რაჲმე წყნარად და უშფოთველად, გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო; და თუ ვითარ ზეგარდამოჲთა შეწევნითა პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და სივლტოლად მიდრიკნა იგინი; და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მბრძოლნი არაბეთისანი, ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯჳთ და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა; და თუ ვითარ თჳსნი სპანი დაიცვნა უვნებელად - ამათ ყოველთათჳს არა ჩუენი, არამედ ვგონებ, ვითარმედ ყოველთა ბრძენთა სოფლისა და გამომეტყუელთა ენაჲ ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედა-მიწევნით ყოველსავე [და] იმხილოს ჯეროვნად გამოწულილვით [თხრობასა ვერ-] მიცემ[ის]ად[ა].
რამეთუ ჴელი მაღლისაჲ შეეწეოდა და ძალი ზეგარდამოჲ [ჰ]ფარვიდა მას; და წმიდაჲ მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედა-მოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თჳთ იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგჳთხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისსა.
ხოლო სპანი ჩუენნი და უფროჲსად ყოველი სამეფოჲ თუ ვითარ-ესე აღივსო ოქროჲთა და ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა და სარაფარდებითა და სხჳთა ურიცხჳთა ჭურჭლებითა საბრძოლელი[ი]თა, თჳთო-სახეთა ქოსთა [მიერ] და ფილაკავანთა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთა, საბანელთა და სამზარეულოთა, - რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად! რამეთუ გლეხთა, - იხილემცა, ოდეს - არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ; და სხუათა გოლიათთათჳს რადღა რაჲმცა გჳნდოდა თქუმად!.
ხოლო ამად რაჲ თხრობად მოვიწივე, ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი იგი და სახელოვანნი გამომეტყუელნი, ვიტყჳ უკუე უმიროსს და არისტოვლეს ელლინთა, ხოლო იოსიპოს ებრაელსა; რომელთაგანმან ერთმან ტროადელთა და აქეველთანი შეამკვნა თხრობანი, თუ ვითარ აღამემნონ და პრიამოს, ანუ აქილევი და ეკტორ, მერმეცა ოდისეოს და ორესტი ეკუეთნეს, და ვინ ვის მძლე ექმნა; და მეორემან ალექსანდრესნი წარმოთქუნა მჴნე-კაცებანი და ძლევა-შემოსილობანი; ხოლო მესამემან ვესპასიანე-ტიტოჲსმიერნი მეტომეთა თჳსთა ზედანი ჭირნი მისცნა აღწერასა. და ვინაჲთგან ამათ ნივთნი საქმეთანი არა აქუნდეს კმად მისათხრობელად, ამისთჳსცა ჴელოვნებითა რიტორობისაჲთა განავრცელეს, ვითარცა იტყჳს თჳთ სადამე ალექსანდრე: „არა დიდ იყავ, აქილევი, არამედ დიდსა მიემთხჳე მაქებელსა - უმიროსს“. რამეთუ ოცდარვა წელ განგრძობასა ტროადელთა ბრძოლისასა ვერარაჲ ღირსი ქებისაჲ იქმნა, ხოლო მეფისა დავითისი ესეოდენთა მიმართ წინა-განწყობაჲ სამ ჟამადმდე იყო, და ვერცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინა-დადგრომად. ჰქონებოდესმცა ამათ ბრძენთა ნივთად თხრობათა საქმენი დავითისნი და მათმცა აღწერნეს ჯეროვნად მათისაებრ რიტორობისა, და მაშინღამცა ღირს-ქმნილ იყვნეს ჯეროვანსა ქებასა! და ესენი ესეოდენ.
მეორესა წელსა აღიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთაჲ და დაუმკჳდრა შვილთა თჳსთა საჭურჭლედ და სახლად თჳსად საუკუნოდ. მეორესა წელსა მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვანშა, აღიღო შამახია, მოგზავნა მოციქული მეფისა წინაშე და ეყუედრა წიგნითა, ვითარმედ: „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვეროდეს გამოხუალ ველთა; მე ესერა შარვანშა შევიპყარ და ხარაჯასა ჩემსა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღუენი ჯეროვანი გამოგზავნე და თქუენ[თა] სამალავთაჲთ გამოსრულმან მნახე“. ხოლო ესმა რაჲ ესე მეფესა, მსწრაფლ ჴმა-უყო ყოველთა სპათა თჳსთა და უმყის სიტყჳსა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოჲსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა; ყივჩაყნი ოდენ აRTუალულ იყვნეს მაშინ და იპოვა შემბმელი კაცი ორმეოცდაათი ათასი.
ეუწყა რაჲ სულტანსა ზედა-მისლვაჲ, ძალი და სიმრავლე სპათა მისთაჲ, განჰკრთა, აიყარა ველთაჲთ, სადა დგა, და შეივლტოდა ქალაქად; და გარე-მოიზღუდა ერთ კერძო სხრტითა და ხანდაკებითა და სხჳთ კერძო ზღუდითა შამახიისაჲთა. ესე რაჲ ცნა მეფემან, არღარა ჯერ-უჩნდა ზედა-მისლვაჲ მლტოლვარისა, არამედ თაყუანისცემით მიწასა ზედა მადლობაჲ შესწირა ღმრთისა საკჳრველთმოქმედისა, სახიერისა და კაცთმოყუარისა და ადგილობანსა დადგა. მაშინ სულტანმან მრავალთა მიერ ვედრებით[თ]ა ძღუენთა და მუდარითთა [და] შევრდომითთა შეთულილობათა [და] შემოხუეწით[თა] მოციქულობა[თ]ა, ვითარცა მონამან ჭირვეულმან [და] ყმამან დაღონებულმან, არღარა ძღუენნი, არცა ომნი ითხოვნა, არამედ გზაჲ სამლტოლვაროჲ, ფრიად რაჲმე სიმდაბლით და თავ-ჩამოღებით, არა სასულტნოჲთა წესითა, შეიწრებულმან შიმშილითა [და] შეწუხებულმან წყურილითა მრავალ დღე.
მასვე დღესა სულტნისა თანა მიმავალი ათაბაგი რანისაჲ აღსუნღული ძალითა მრავლითა მოსრეს მონათა მეფისათა, - ვითარ ოთხ ათას კაც, - და იგი ოდენ მარტოჲ მეოტი ძლით მივიდა სულტნისა წინაშე. იხილა რაჲ ესე სულტანმან, მასვე ღამესა გაიპარა და სასდუნით მეოტი სხჳთ გზით წარვიდა სოფლად თჳსად. ესრეთ ძლევა-შემოსილი და მმადლობელი ღმრთისაჲ შემოიქცა მეფე და მცირედთა დღეთა განისუენა [ამა თუესა?].
და მეორესა თუესა, - ესე იყო ივნისი, - კუალად წარვიდა შარვანს და აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისაჲ, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი. წარმოვიდა ქართლს, სთუელთა გარდავიდა გეგუთს, ინადირა, განისუენა, განაგო მანდაური ყოველი; და მარტსა გარდამოვიდა ქართლად და აღიღო ქალაქი დმანისი. და აპრილსა დაესხნეს შაბურანს დარუბანდელსა და მოსწყჳდნეს ქურდნი, ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი და აღიხუნეს შარვანისა ციხენი, ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქუეყანაჲ.
და მყის აღმოისრბოლა ვითარცა არწივმან და მაისსა აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერუნაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი; და ივნისსა წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდინ და რაჲცა პოვა თურქმანი, მოსრა და ტყუე-ყო. ჩამოვლო ბუღთა ყური და დაწუნა ოლთისნი, და მოვიდა თრიალეთს დიდითა განმარჯუებითა; და მცირედნი დაყვნა, და ლაშქარი განიყარა თჳსად-თჳსად.
და აგჳსტოსსა კ˜ მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი და მოა ჴსენეს მოცემაჲ ქალაქისა და ციხეთაჲ ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მყის წიგნები წუევისაჲ მიმოდაისრბოლა და მესამესა დღესა სამეოცი ათასი მ ჴედარი წინაშე უდგა. წარემართა და მესამესა დღესა აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი.
და წარმოიყვანა ბულასვარ რვათა ძეთა მისთა თანა და მჴევალთა და სძალთა და ჩაგზავნნა აფხაზეთს; ანისის მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი და წარმოვიდა ქართლად. და მცირედთა დღეთა მოუსუენა სპათა თჳსთა. და მერმე წარემართა შარვანს და აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულიად ყოველი შარვანი; დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი, ჰერნი და კახნი. განმგებელად და ზედამხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართუხუცესი თჳსი სჳმონ, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი, მაშინ ბედიელ-ალავერდელი, მიმგავსებული გიორგი დედის ძმისა თჳსისა, კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი.
და განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისაჲ, აღავსნა კეთილითა საბოძვარითა ქურდნი, ლეკნი და თარასნი; მოვლო ქართლი და ყივჩაყთა თჳსთა უჩინა საზამთროჲ სადგური და საზრდელი და კაცნი ზედა-მდგომნი მათნი; და განაგო ყოველი საქმე ქართლისაჲ, სომხითისა და ანისისაჲ. და ეგულებოდა გაზაფხულ ქმნაჲ დიდთა საქმეთაჲ და უფროჲსთა ლაშქრობათაჲ, ვინაჲთგან არავინ იყო წინა-აღმდგომ; და თჳთ სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა; და არცაღა თჳსთა ძუელ მართებულთა ქალაქთა და ქუეყანათა ესვიდა თჳსად ქონებად, არამედ რაოდენცა შორს იყვის, ეგრეცა ეოცებოდა მძინარესა შიში და მღჳძარესა - სიკუდილი.
ამისთჳსცა ზედაჲსზედა წარმოავლენდის მოციქულთა ძღუნითა მომშჳდებად პირსა მისსა, და წარმოსცნის საჭურჭლენი მძიმენი, ტურფანი, მრავალფერნი მფრინველნი და ნადირნი, უცხონი და ძჳრად საპოვნებელნი, და ეძიებნ მშჳდობასა და სიყუარულსა და ყივჩაყთაგან არა-რბევასა. ამისთჳსცა არარას მიხედვიდის წარსაგებელთა სიმრავლესა, ოდენმცა მუნ, თჳთ სადა იყვის, პოვის მშჳდობაჲ და სიცოცხლე თავისა თჳსისაჲ. და ვგონებ, ვითარმედ მამათა და პაპთაგან წარღებულნი ქუეყანანი, ტყუენი და სიმდიდრენი მრავალწილად უკუმოიზღუნა ამან მჴნემან; დამშჳდნა ქუეყანაჲ, აღივსო და გარდაეცა ყოვლითა კეთილითა, განივსო და აღეშენა ყოველი ო ჴერ-ქმნილი; და გარდაემატა ყოველთა ჟამთა მშჳდობითა და სიმდიდრითა სამეფოჲ ჩუენი, ნაცვალად გარდასრულთა ოჴრებათასა.
ესევითარნი უკუე არიან მეფობრივთადა მიმოსლვათა მისთა, წყობათა და ღუაწლთა, ძლევათა და წარმართებულებათა, დაპყრობათა და ახუმათა დიდთა მათ და მრავალთა სამეფოთა და სამთავროთა მოთხრობანი და საქმენი, რომელნი მან ქმნნა და აღასრულნა, რომელნი ჩუენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყჳთა წარმოგჳჩენიან დიდთა მათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან; და ბრჭალთაგან ლომსა და ფესჳსა მცირისა ყოვლისა ქსოვილისა ვითარებასა საცნაურ-ყოფად ვმეცადინობთ, ვითარცა აჩრდილისაგან კაცსა, რომელნი-ესე შეუძლებელ არიან ყოფად.
ხოლო ჴორციელთა საქმეთა ესრეთ მოქმედისაგან უკუეთუ ვიეთმე ჰგონონ, ვითარმედ რადღამცა მოეცალა საღმრთოთა და სულიერთა სათნოებათა მიმართ მიხედვადმცა და მოგონებად, არა თუ ქმნად, - ვინაჲთგან ფრიადცა კმა არიან ესენი ერთისა ჴორცთა შინა მყოფისა კაცისაგან ქმნად და წარმართებად; და თუ სადა პოვა სამეფოჲ თჳსი სიმდაბლედ შთასრული და თუ სადა სიმაღლედ აღიყვანა, და თუ სადა დასხნა საზღვარნი, და ძლეულნი ვითარ მძლედ გამოაჩინნა, - ამათნი მგონებელნი ნუუკუე არა იბრალნენ! არამედ ეუწყენ მათ, ვითარმედ უკუეთუ ამათ პირთათჳს ვინმე გამოიძიოს და ზედა-მიწევნით ცნობაჲ ინებოს, კნინღა და ესე ჴორციელნი საქმენი, წარმოთქუმულნი ფრიად უნდოდ და არარად, პოვნეს, ვითარცა ნამდჳლ მცირედნი და სასაწუთონი დადგრომადთა მათ თანა მტკიცეთა და საუ-კუნოდ ღმერთ-მყოფელთა მისთა საქმეთა, რომელთა იგი უმეტეს ამათსა მათ მოქმედებდა და უსასწრაფოეს აქუნდა; რომელთაგანნი მცირედნი მრავლისაგან, ვითარცა სასუმელი ერთი მ[დინა]რისაგან, ჩუენცა მივსცნეთ თხრობასა.
იტყჳს სოლომონ: „დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნე“. ხოლო დავით, მამაჲ ღმრთისაჲ: „დასაბამად სიბრძნისა შიში უფლისაჲ“. ესე შიში უფლისაჲ მოიგო სიყრმითგან თჳსით დავით; რამეთუ ჰასაკსა მისსა თანა აღორძნდა და ჟამსა თჳსსა ესევითარნი ნაყოფნი გამოიხუნა, რომლითა ორკერძო ცხორებაჲ თჳსი განაშუენა, რომლითა შეამკუნა საქმენი თჳსნი, რომლითა განაგნა ჴორციელნი და წარმართნა სულიერნი.
ხოლო ისმენდი, თუ ვითარ გონიერად, - დედად სიბრძნისა რაჲ პოვა შიში უფლისაჲ, შიშისად ღმრთისა - საღმრთონი წერილნი, - და ესენი მდიდრად შეიკრიბნა, რაოდენნი პოვნა გარდამოღებულად ენასა ქართულსა სხუათა ენათაგან, ძუელნი და ახალნი, ვითარცა სხუამან პტოლემეოს, ამას ზედა ოდენ სა[ხ]ოვან-ქმნილმან; და ესეოდენ შეიყუარნა და შეითჳსნა, რომელ სთქუმცა, თუ მათ შინა ცხოველ არს და მათ შინა იძრვის. იგინი იყვნეს მისა საზრდელ ყოველთა გემოვან, და სასუმელ ტკბილ და საწადელ; იგინი შუება, განცხრომა, საწურთელ და სარგებელ. დღე და ღამე მიმოსლვათა შინა მიმდემთა, ლაშქრობათა მოუწყენელთა, შრომათა განუსუენებელთა წიგნები ეტჳრთის სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა; და სადა გარდა ჴდის ჰუნესა, პირველ ყოვლისასა წიგნნი მოაქუნდიან ჴელითა და არა დააცადის კითხ-ვაჲ, ვიდრე არა დაშურის. ხოლო შემდგომად სერობისა, ნაცვალად ძილისა ანუ სხჳსა რაჲ-სამე საქმისა, კუალად კითხვაჲ წიგნთაჲ; და რაჟამს თუალნი დაშურიან, სასმენელნი ანაცვალნის. და არა გარეწარად, არამედ ფრიადცა ფრთხილად ისმენნ წინაშე თჳსსა მკითხველისასა; გამოეძიებნ, ჰკითხავნ, უფროჲსღა თჳთ განჰმარტებნ ძალსა და სიღრმესა მათსა.
და უსაკჳრველეს ესე: უწყით ყოველთა, თუ ვითარ სასწრაფო არს ყოველთადა საქმე ნადირობისაჲ, და თუ ვითარ დაიმონებს შედგომილსა თჳსსა და წარტყუენულ-ჰყოფს და ნადირობასა შინა, არა რასა სხუასა, გარნა ხილვასა ნადირისასა და დევნასა, და თუ ვითარ ჴელთ-იგდოს, მიმხედველ-ჰყოფს. გარნა მისი გულსმოდგინებაჲ ამასცა სძლევდა; რამეთუ თჳთ ნადირობასა შინა წიგნნი აქუნდიან ჴელთა და, რაჟამს ჟამი იყვის, მისცნის ვისმე მსახურსა და ესრეთ დევნა-უყვის. და ნუუკუე ჰგონო, ვითარმედ ჴელითა ცალიერითა მოიქცის, ანუ ცუდად დაშურის; რამეთუ ვინ ჰგვანდა ჴორციელი, ანუ ვინ იხილა ნადირობასა შინა ესეოდენ განმარჯუებული? მოსიმახოს ვინმე ითქუმის ებრაელი მოისრობისა და კეთილ-მმართებლობისათჳს ალექსანდრეს სპათა შორის მჯობად, და აქილევი - კენტავროსისგან განსწავლულად მოისრობისა ელლენთა შორის, ხოლო ბაჰრამჯური - სპარსთა შორის მოქმედად უცხოთა და საკჳრველთა; გარნა ჭეშმარიტად ვერცა ერთი ამათგანი შეესწორებოდა ამას, ვითარცა გჳხილავს ჩუენ.
ვთქუა სხუაჲცა საქმე, საცნაურ-მყოფელი წიგნთა სიყუარულისაჲ, რომელსა შინა არა რაჲ იყოს ტყუვილი; ვინაჲთგან წარსწყმედს უფალი რომელნი იტყჳან სიცრუვესა. წინა-დაიდვ[ის] ოდესმე წიგნი სამოციქულოჲ წარკითხვად; და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასჳს ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწდისასა მით ნიშნით აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა.
არიან უკუე სხუანიცა მრავალნი საცნაურებანი ამის პირისანი, გარნა მე ერთიღა შევსძინო სიტყუად ამათ თანა: ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებელ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ, არამედ სავსე იყო სისხლითა ქრისტეანეთაჲთა; რამეთუ ოდესმე ყვიან ღავღავი და თჳნიერ მიზეზისაცა მოსრნიან რაოდენნი პოვნიან ქრისტეანენი; ხოლო ოდესმე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქმანთა ზედა განსცნიან შემომავალ-განმავალნი ქრისტეანენი და ტყუეობასა და სიკუდილსა მისცნიან; და ესრეთ ისრვოდა ქუეყანაჲ მრავალ ჟამ, რომელი-ესე ფრიად ეძჳნებოდა სულსა დავითისსა.
შემოვიდა ოდესმე ქარავანი დიდი განძით და თანა-შემოჰყვეს თურქნი დიდნი. ცნა მეფემან და გაგზავნნა მონათაგანნი, ათხუთმეტნი ოდენ კაცნი რჩეულნი, რაჲთა ლოჭინით კერძო მძოვარი ნახირი ქალაქისაჲ წარმოიტაცონ, ნუუკუე იგი თურქნი გამოვიდენ დევნად, და მოსწყჳდნეს ამით ღონითა; ხოლო თჳთ სამასითა ოდენ მ ჴედრითა დაიმალა ჰავჭალისა ღელეთაგანსა ერთსა შინა. და არავის მიენდო მხედვარსა სხუასა, არამედ თჳთ მარტოჲ წარვიდა ყოვლად უსაჭურველოჲ, ჴრმლითა ოდენ. და თანა-წარიტანა წიგნი ღმრთისმეტყუელი და ამცნო სპათა არა-შეძრვად ყოვლად ვიდრე მისლვადმდე მისა მათ თანა; ხოლო მონათა მათ ყვეს ბრძანებული მათდა და წარმოიღეს ნახირი. და მოეწივნეს თურქნი, ვითარ ასი კაცი. და შემდგომად დიდისა ომისა ჩამოყარნეს მონანი და დაუ ჴოცნეს ცხენნი, გარნა ქუეითნიცა [ჰ]ბრძოდეს ფიცხლად.
ხოლო მეფე ცხენსა რაჲ გარდა ჴდა, არა ჰგონებდა ჯერეთ მოსლვასა; შეექცა კითხვასა და ესეოდენ წარიტყუენა მისგან გონებითა, რომელ ყოვლად და[ჰ]ვიწყდა წინამდებარე საქმე, ვიდრემდის ჴმაჲ რაჲმე კივილისაჲ შემოესმა ყურთა. მყის დაუტევა წიგნი მუნვე და ამ ჴედრებული მიჰყვა მას ჴმასა და ზედა-წარადგა მონათა თჳსთა, ესევითარსა ღუაწლსა შინა მყოფთა. და, - რამეთუ აშორვიდა სპათა თჳსთა და თუმცა მათდა ცნობებად წარსრულ იყო, მონათამცა დაუ ჴოცდეს, - მყის შთაშრიალდა, ვითარცა არწივი, და დააბნივნა, ვითარცა კაკაბნი. და მსწრაფლ ესეოდენნი მოსწყჳდნა, რომელ მათნი ცხენნი კმა ეყვნეს მათ მონათა; და აღმ ჴედრებულთა ესეოდენნი მოსრნეს, რომელ მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქად; ხოლო გზანი სავსე იყვნეს მძორითა მათითა, და ფრიადისა ცემისაგან ჴრმალმანცა დაღულარჭნილმან უარ-ყო ქარქაში თჳსი. მაშინღა მოვიდა სპათა თჳსთა თანა, რომელნი ფრიად აბრალებდეს მას. განიცადეთღა ჩემდად, რომელ ესევითარსა საქმესა შინა და ესეოდენ უცალოსა წიგნნივე აქუნდეს უსასწრაფოესად საქმედ! და ესენი ესეოდენ.
ხოლო ვთქუა ესეცა, ვითარმედ უკუეთუმცა არა წერილთა მეცნიერებანი და გარდასრულთა საქმეთა შემეცნებანი, პირველ ყოფილთა მეფეთა კეთილ-ძღუანებულთა ანუ ვერ-[რ]ასა წარმართებულთა შემთხუეულნი, წინა-განსაკრძალებელად და სახედ არა შემოეხუნეს და არა მოეჴმარნეს, - ვითარცა იტყჳს სოლომონ, ვითარმედ: „იცნის ქცეულებანი ჟამთანი, აღ ჴსნანი იგავთანი და გარდასრულთა შესამსგავსნი მომავალნი“, - არა თუმცა ესენი ესრეთ, კუერთხი მეფობისაჲ, ესეოდენ დამდაბლებული, ესეოდენ ძნელი და ნანდჳლვე დიდ-განსაგებელი, რაჲთა იპყრა ესრეთ მაღლად და ვითარ ვერვინ სხუამან? რამეთუ განბრძნდა უფროჲს ბესელიელისა და უმეტეს ეთა[ნ]ის ი[ზ]რაიტელისა, წერილისაებრ.
და ვითარ ვინ აღრაცხნეს, რაოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რაოდენნი მართებანი და განსაგებელნი? კიდეთა პყრობანი, ნაპირთა მჭირვანი, განხეთქილობათა კრძალვანი, სამეფოჲსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინობანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მ ჴე-დართა განწესებანი, საერონი შიშნი, სა ჴელოთა და საბჭოთა სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხუევანი და პასუხნი, მეძღუნეთა ჯეროვანნი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წურთანი, მსახურებულთა ნიჭ-მრავლობანი, მოჩივართა მართალნი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყჳსნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერნი მიმართებანი; და რაოდენნი ვინ აღმოწყუნეს სიტყჳთა უფსკრულისაგან სამეფოთა საქმეთაჲსა, რომელთა შინა ვერვინ ძუელთა და ახალთა მეფეთაგანი ემსგავსა, ვითარცა საქმენი წამებენ მზისა შარავანდთა უბრწყინვალესნი და ცხადნი, რომელნი სიბრძნითა თჳსითა მან ქმნნა.
რამეთუ სულტანი დასუა მოხარკედ თჳსად, ხოლო მეფე ბერძენთაჲ ვითარცა სახლეული თჳსი; დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი; მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ჴელმწიფენი; მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი და, - რაჲთა მოკლედ ვთქუა, - პირველ ყოფილნი მეფენი, მსაჯულნი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნითგან სახელოვანნი, მჴნენი და ძლიერნი, და რათაცა საქმეთა ზედა სახელოვან-ქმნილნი, ყოველნივე ესრეთ დასხნა, ვითარცა პირუტყუნი ყოველსა საქმესა და ყოველსა სახლსა შინა.
ხოლო კუალად საღმრთოთა სათნოებათა და სულიერთა საქმეთა მისმიერთა ვიეთი გონებაჲ მისწუთეს, ანუ მოგონებულსა ვისმან ენამან მსახუროს თხრობითა? რამეთუ, ვითარცა ღმერთი, მართლ სჯიდა სამწყსოთა თჳსთა თუალუხუამითა მით ბჭობითა თჳსითა; და არასადაჲთ მიდრკებოდა წამი სასწორისა მისისაჲ, ვითარცა სოლომონისთჳს გუესმის საბჭოთა შინა, და თჳთ მოსეს ღმრთისამიერნი გუაუწყებენ ბჭობანი თხრობილნი.
ხოლო თავი სათნოებათაჲ, სიწმიდე, ესეოდენი მოიგო, ვითარცა დიდმან ანტონი; ნუ მეტყჳ მისთა სიჭაბუკისათა რათამე, რომელნი არცა ღმერთმან მოი ჴსენნეს! უწყი ჭეშმარიტებით, რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა სამარადისოდ წმიდითა პირითა და განწმედილითა გულითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა თანა-მოწამებითა სჳნიდისისაჲთა და არა მხილებითა გონებისაჲთა, და რომლისა მოწამე არს სარწმუნოჲ ცათა შინა. კუალად ლოცვისა და მარხვისათჳს რადღა საჴმარ არს თქუმაჲ, რომლისა [მ]აქმარ იგი ოდენ იყო! და კუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა განგებისა საეკლესიოჲსასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა. ხოლო საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინებანი ღმრთისა საძულველნი და ყოველი უწესოებაჲ მოსპოლვილ-ყო ლაშქართა შინა მისთა და ურიცხუსა მას სიმრავლესა მრავალ-ენათა ნათესავთასა, ვითარცა ცათა შინა მყოფთა შორის.
კუალად წყალობაჲ გლახაკთაჲ ესეოდენი აქუნდა, ვიდრემდის აღავსო ზღუაჲ და ჴმელი ქველის-მოქმედებამან მისმან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თჳსისა ოდენ სამეფოჲსანი, არამედ საბერძნეთისანი, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კჳპრისა, შავისა მთისა და პალესტინისანი აღავსნა კეთილითა, უფროჲსღა საფლავი მეუფისაჲ და მყოფნი იერუსალემისანი თჳთოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა. კუალად უშორესცა ამათსა: რამეთუ მთასა სინასა, სადა იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი და წარსცა ოქროჲ მრავალათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი და წიგნები საეკლესიოჲ სრულებით და სამსახურებელი სიწმიდეთაჲ ოქროჲსა რჩეულისაჲ.
და კუალად დღითიდღე[დ]თა წარსაგებელთა რომელთა თჳსითა ჴელითა მისცემდის ფარულად, ვინ აღრაცხნის თჳნიერ მამისა ზეცათაჲსა, რომელი მიაგებს ცხადად? რამეთუ იყო მისა კისაკი მცირე, რომელსა აღავსებდის რაჲ დრაჰკნითა დღე სარწმუნო[დ] თჳსითა ჴელითა, სამწუხროდ ცალიერი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა; და ოდესმე ნახევარი წარაგის მისი, და ოდესმე არავინ ეპოვნის და ეგრეთ სავსე მისცის დამარხვად ხვალისა და სულთქუმითა თქჳს: „დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათაჲთა“. და ამას იქმოდის არა თუ ჴელოსანთა მორთმულისაგან, ანუ საჭურჭლით, არამედ ჴელთა თჳსთა ნადირებულთა, რომელთაგანი ოდესმე თჳსსა მოძღუარსა იოვანეს მისცა დრაჰკანი, ვითარ ოცდახუთ ათასეული, რაჲთა განუყოს გლახაკთა. და ესეცა მცირედი მრავლისაგან თქუმად შე[სა]ძლებელ.
ხოლო განათავისუფლნა არა მონასტერნი ოდენ და ლავრანი მოსაკარგვეთა მაჭირვებელთაგან, არამედ ხუცესნიცა სამეფოსა შინა მისსა ყოვლისა ბეგრისა და ჭირისაგან, რაჲთა თავისუფალთა საღმრთოჲ მსახურებაჲ მიუპყრან ღმერთსა. და ამათ თანა რაოდენნი ეკლესიანი აღაშენნა, რაოდენნი ჴიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რაოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი, ქვაფენილ-ყვნა, რაოდენნი ეკლესიანი, წარმართთა მიერ შეგინებულნი, განწმიდნა სახლად ღმრთისადა, რაოდენნი ნათესავნი წარმართთანი მოიყვანნა შვილად წმიდისა ემბაზისად და შეაწყნარნა ქრისტესა! და დადვა ამისთჳს უმეტესი მოსწრაფებაჲ, რაჲთამცა ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მოიღო მადლი მოციქულობისაჲ, ვითარცა პავლე და ვითარცა დიდმან კოსტანტინე.
სხუათავე კეთილთა თანა აქუნდა ესეცა, რამეთუ სლვათა შინა თჳსთა სამეფოთასა სიმრავლითა სპათაჲთა და სიმალითა სლვისაჲთა ვერ ადვილად მიემთხუეოდიან მოჩივარნი და დაჭირვებულნი და მიმძლავრებულნი; განაღა ვიეთგანმე, რომელთა საჭიროდ უ ჴმდის განკითხვაჲ და შეწევნაჲ მეფობრივი, ნუუკუე და ვინმე აღვიდის ბორცუსა რასამე გზისა მახლობელსა ანუ კლდესა, გინა ხესა, ვითარცა ზაქე - უკუეთუ ოდენ ეპოვის ესევითარი რაჲმე - და მიერ საცნაურ-ყვის ჭრტინვაჲ თჳსი. ამისთჳს დაედგინნეს კაცნი მართლიად მცნობელნი და განმკითხველნი მოჩივართანი, რომელთა მიერ მიიღებდეს კურნებასა.
მრავალ გზის გჳხილავს იგი დამალტობელად ღაწუთა მისთა ცრემლითა ხილვასა ზედა თჳთო-სახეთა სენთა მიერ განცდილთასა და ხილვა[სა] საძნაურთა, რომელნი შეემთხუევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ჴორცთა, რომელთა ზრდის უმეტეს სხუათა ქუეყანაჲ ქუთათისისაჲ. ვინ აღრაცხნეს ტყუენი, რომელნი მან განათავისუფლნის და რომელნი უკუმოი ჴსნნის თჳსთა ყივჩაყთაგან ფასითა, ვინ ჯეროვნად წარმოაჩინნ[ეს] პატივის-პყრობანი მონაზონთანი, სიმდაბლით შემთხუევანი და მოკითხვანი და სიყუარულით შეწყნარებანი მათნი, თითოეულისა ნიჭნი და სა ჴმარნი, რომლითა უზრუნველ-ყვნის ყოველთა საჭიროთაგან?
აქუნდა ყოვლად ბრძენსა ამას მეფესა საქმედ ესეცა, რომლითა უმეტეს ყოვლისა საშიშ და საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკჳრველი: არარაჲ შორიელი, არცა სამეფოთა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, საქმე ქმნილი, - კეთილი გინა ბოროტი, - [გინა] სიტყუაჲ თქუმული, არარაჲ დაეფარვოდა ყოვლადვე; არამედ რაოდენცა ვის ფარულად ექმნის ანუ ეთქჳს, ყოველივე ცხად იყო წინაშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანიცა და მოგონებანი ვიეთნიმე მიუთხრნის მათ, რომლითა ზარგან ჴდილ-ყვნის; და მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღუაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად, და სიშორე გზისაჲ ვიდრე ეკლესიამდე იცოდის ზომით, და მოთმინებისათჳს აქებდის და ჰნატრიდის.
ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას ცნობდ, თუ რაჲ სარგებელი პოვის ამით; რამეთუ არა ცუდად რადმე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთადა, ანუ საკიცხელად ვიეთთათჳსმე იქმოდის, - ნუ იყოფინ ესე, წარვედ[ინ]! - არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით, და მრავლისა კეთილისა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებასა და ზაკუვასა და ღალატსა რასაცა ვერვინ დიდთა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებადცა, არა თუ თქუმად ვისდა: არცა თუ ცხედრეულსა თჳსსა თანა, ანუ მოყუასსა თჳსსა, გინა ყრმათა თჳსთა; ვინაჲთგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასავე თანა სიტყჳსასა საცნაურ-ქმნილ არს უეჭუელად წინაშე მეფისა; და მრავალნი განპატიჟებულცა იყვნეს და მხილებულ ესევითართათჳს. ამისთჳს ვერცა ვინ შეითქუნეს ოდესცა, ვერცა ვინ განიზრახა რაჲთურთით ღალატი დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთა საკრძალავ და სარიდო.
და კუალად მღდელთმოძღუართა, მღდელთა და დიაკონთა, მონაზონთა და ყოველთა კაცთა ესევე საქმე ექმნა წესიერება და გზა ყოველთა სათნოებათა მიმართ; რამეთუ შიშითა მისითა ვერ იკადრებდიან უწესოდ სლვად, ვინაჲთგან უწყოდიან არარაჲსა დაფარულობაჲ წინაშე მისსა, და მის მიერ ქებაჲ სათნოებისაჲ და ძაგებაჲ არა-ეგევითართაჲ - არაწმიდათა და უწესოთა საქმეთაჲ. რამეთუ ვერცა მსოფლიოჲ ვინმე და ვერცა მოქალაქე, ვერ მჴედარი და ვერ რომელი პატივი და ჰასაკი იკადრებდა განდრეკილად სლვად; რამეთუ ყოველთა კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება; და თჳთ მათ მეძავთაცა ყოველთა კრძალულება, ყოველთა შიშ და მმართებელ გზათა საღმრთოთა და მშჳდობისათა.
ესე დიდნი საქმენი, ღმრთისაგან ოდენ შესაძლებელნი, ესრეთ ადვილად წარმართნა ამით, ვითარ ვერვინ ადვილ[ნ]ი. ამისთჳსცა შიში დიდი და ზარი მისი განითქუა კიდეთა ქუეყანისათა, და განჰკრთეს ყოველნი მკჳდრნი ქუეყანისანი.
შემოკრბა ოდესმე წინაშე მეფისა ნათესავი გულარძნილი, ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები მრავალი, რომელნი ფრიად აზმნობდეს თავთა თჳსთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისასა. და მოა ჴსენეს, რაჲთამცა ყო ბრძანებითა მისითა კრებაჲ, და ყვესმცა სიტყჳს-გებაჲ და გამოძიებაჲ სჯულისაჲ; და უკუეთუ იძლივნენ, იქმნენ თანა-ერთ ჴმა სჯულითა და თჳსი შეაჩუენონ; ხოლო უკუეთუ სძლონ, ესე ოდენ მიემადლოს: „რაჲთა არღარა გუხედვიდეთო მწვალებელად და არცა შეგუაჩუენებდეთ“, - და სხუასა არარას ამისსა უმეტესსა.
მოუწოდა მეფემანცა იოვანეს, კათალიკოსსა ქართლისასა და მისქუეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა, და სხუათა მეცნიერთა და ბრძენთა კაცთა. ყვეს უკუე სიტყჳს-გებაჲ ურთიერთას ცისკრითგან ვიდრე ცხრა ჟამადმდე და ვერარას უძლეს დაბოლოებად, რამეთუ იყო ორკერძოვე ძლევის-მოყუარებაჲ ოდენ და ცუდ-სიტყუათა პაექრობაჲ; რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნიად გამოსავალთა. შეეწყინა ესე მეფესა და ჰრქუა მათ: „თქუენ, მამანო, სიღრმეთა სადამე შესრულ ხართ და უცნაურთა ჰხედავთ, ვითარცა ფილოსოფოსნი. და ჩუენ ვერარას უძლებთ ცნობად, ვითარცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლელნი; და ესე საცნაურ არს თქუენდა, რამეთუ მე შორს ვარ სწავლულებისა და მეცნიერებისაგან, ვითარცა მ ჴედრობათა შინა აღზრდილი; ამისთჳსცა უსწავლელთა და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყუათა გეზრახო თქუენ“.
ესე რაჲ თქუა, იწყო მათდა მიმართ სიტყუათა თქუმად, რომელთა ღმერთი მოსცემდა უეჭუელად პირსა მისსა: ესეოდენთა იგავთა და სახეთა და წინა-დადებათა, აჴსნათა საკჳრველთა მიერ წინადაუდგრომელთა და უცილობელთა, რომლითა დაანთქნა ვითარცა მეგჳპტელნი; და დაუყო პირი მათი და უპასუხო-ყვნა და ყოვლად უსიტყუელ, ვითარცა ოდესმე დიდმან ბასილი ათინას შინა ესენივე მწვალებელნი; ესეოდენ ზარგან ჴდილ-ყვნა და ყოვლად უღონო, რომელ აღიარეს ცხადად ძლეულებაჲ თჳსი ამისთა ოდენ მეტყუელთა, ვითარმედ: „ჩუენ მოწაფე გუეგონე ამათ მოძღუართა თქუენთაჲ, გარნა, ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღუარი მოძღუართაჲ, რომლისა ბრჭალსა ვერ მიმწუდარ არიან ეგე მოძღუარ-საგონებელნი თქუენნი“. და ესრეთ ფრიად მაბრალობელნი თავისანი მიიქცეს სირცხჳლეულნი, არღარაოდეს მკადრებელნი ამისნი ოდესცა.
არიან ვინმე მაბრალობელნი მეფისანი ჯერეთცა ესეოდენ მჭირსედ მოლაშქრეობისათჳს და მჴედრობათა მისთა განუსუენებელისა მიმოსლვისა და ჭირვებისა, ვითარმედ: „არცა მშჳლდი თავს-იდებსო მარადის გარდაცუმულობასა და არცა ძალი ორღანოჲსაჲ მარადის განსხირპულობასა, რამეთუ ჟამსა ჴმარებისა მათისასა თითოეული მათი უჴმარ იპოვისო“. და ესევითართა უგიობელისა მისთჳს და ყოვლად უმიზეზოჲსა იტყჳან!
გარნა ისმინე[დ] ესევითართა მათ პირველად ესე, რამეთუ სამეფოჲ აფხაზეთისაჲ ჰქონდა მოკლებული და შემცირებული ტყუეობათა და ზემო ჴსენებულთა ჭირთაგან; მცირე გუნდი მ ჴედრობისაჲ, და იგინიცა შეჯაბნებულნი მრავალ გზის მტერთაგან სივლტოლითა, უცხენონი და უსაჭურველონი და თურქთა მიმართ წყობისა ყოვლად უმეცარნი და ფრიად მოშიშნი. უკუეთუმცა ესეოდენ უწყინოჲთა ლაშქრობითა და მცირედ-მცირედ ბრძოლითა, სწავლითა და გონიერად და ღონიერად წინა-ძღომითა და მრავალთა მიერ ძლევათა მოგუარებითა არა განეწუართნეს სპანი თჳსნი და განეკადნიერნეს წყობათა მიმართ, მ ჴნეთა ქებითა და ნიჭთა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხევით ძაგებითა არამცა მოეღონა, ვიდრემდის სპათა შორის მისთა ყოვლად არავინ იპოვებოდა ჯაბანად ზრახული, - რაჲთამცა ექმნნეს ესეოდენნი ძლევანი, ანუ რაჲთამცა აღეხუნეს ეზომნი დიდნი სამეფონი? ნუუკუე ძილითა ანუ ადგილთა მწუანვილოვანთა ზედა მოსმურობითა და განცხრომითა და მაჩუკნებელთა საქმეთა შედგომითა? არა ესრეთ, არა, არამედ არცა ალექსანდრე ქმნა ესრეთ!
რამეთუ პირველ მამულისა თჳსისანი შეკრიბნა და მით დაიპყრნა დასავალისანი ევროპი, იტალია, ჰრომი და აფრიკეთი; და მათითა თანა-წარტანებითა დაიპყრა ეგჳპტე, შესრულმან კარქედონით; და მიერ ეგჳპტით - პალესტინე და ფინიკე; და კილიკიაჲსა თჳსად შემქმნელი, წინა-განეწყო დარიოსს. და რაჟამს სპარსეთი მოირთო, მაშინღა ჰბრძო პუროს ჰინდოსა; და ეგრეთღა ამით ყოვლითა მოვლო ყოველი ქუეყანაჲ და ქმნა, რაჲ-იგი ქმნა; თუ არა, ქართველთა ოდენ სპითა ვერცა რასა ალექსანდრე იქმოდა კარგსა. და თუმცა დავითს სპარსთამცა ჰქონებოდა მეფობაჲ, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთაჲ, მაშინმცა გენახნეს ნაქმარნი მისნი და სხუათა ქებულთანი!
ვთქუა მეორეცა მიზეზი ამის პირისაჲ: ვინაჲთგან ნათესავი ქართველთაჲ ორგულ-ბუნება არს პირველითგან თჳსთა უფალთა; რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და მშჳდობაჲ პოონ და განსუენებაჲ, იწყონ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგჳთხრობს ძუელი მატიანე ქართლისაჲ და საქმენი აწ ხილულნი. და ესე მან, უბრძნესმან ყოველთა კაცთამან, კეთილად სადამე უწყოდის; - ამისთჳსცა არაოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ანუ განსუენებად, ანუ შეკრებად ერთად ქმნად რასამე ესევითარსა; არამედ საქმეთა რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნაცა მაღლად და შუენიერად. ნუუკუე და ლომსაცა აბრალონ ეგევითართა, რამეთუ არა ციდამტკავლურად იხედავს, არცა კუერნაულად ჰკრთების!
კუალად სხუასა ბრალობასა შემოიღებენ მეტყუელნი. „შეიყუარნის ვინმეო და განადიდნის; მოიძულნის ვინმე და დაამც[რვნის]ო; ესე აღამაღლის და ესე დაამდაბლის“. ეჰა უსამართლოებასა, ჵ უგუნურებასა! ამისთჳს აბრალება, რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა მიემსგავსა რომლითაცა საქმითა? ვინ იხილა ესე საუკუნითგან, კაცო? ამისთჳს რად არა ღმერთსაცა აბრალებ, უგუნურო, ამასვე ესრეთ მოქმედსა? ანუ არა ხუთთა ქანქართა ათ-მყოფელსა მისცნაა ათნი ქანქარნი? ანუ არა ერთისა დამფლველსა მოუღო იგიცა და მისცა ათთა ზედა მეათერთმეტედ? ანუ რაჲსათჳს ქადებულ არიან სამოთხისა შუებანი და სასუფეველისა ნეტარებანი ღმრთისა ნების მყოფელთათჳს, და საშინელებანი გ[ეჰენიაჲ]სანი - ურჩთა და უღირსთათჳს? უკუეთუ მეფემან ერთგულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვ[ა]ლად ორგულთა, ჯაბანთა და უღირსთა, ადიდნეს, რაჲ უსამართლოჲ ქმნ[ეს]? ნუუკუე დუხჭირმანცა აბრალოს სარკესა, რამეთუ სახე მისი ცხადად აქუნ? უჴმარნი და უღირსნი ნუ მას, არამედ თავთა თჳსთა აბრალებდე[დ]!
უკუეთუ არა, ვინ იყო ესეოდენ მართლიად აღმწონელ საქმეთა და მცნობელ ვითარებასა კაცთასა, რომლისა აჩრდილსა შეკრებულ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ჴელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაყეთისანი, სომხითისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი, ხილვისაებრ ნაბუქოდონოსორისა: „ვხედევდო“, - იტყჳს, - „ხესა შორის ქუეყანისა სიმაღლედ ცისა მი[მწდომ]სა და რტოთა მისთა კიდედმდე ქუეყანისა. ფურცელნი მისნი შუენიერ და ნაყოფი მისი ფრიად, და საზრდელი ყოველთაჲ მის შორის. ქუეშე კერძო მისა დაიმკჳდრეს მ ჴეცთა ქუეყანისათა და შორის რტოთა მისთა მკჳდრობა-ყვეს მფრინველთა ცისათა, მისგან იზარდებოდა ყოველი ჴორციელი“.
აჰა სახე არა უმსგავსოჲ, არამედ ფრიადცა თანა-შეტყუებული ჩუენისა თჳთმპყრობელისა და ყოვლად გამომსახველი სიტყჳთ საქმეთა თუალთა ჩუენთა ხილულთა; რამეთუ სიტკბოებისა, სახიერებისა და სიბრძნისა მისისა ხილვად წყურიელნი კიდით ქუეყანისაჲთ შემოკრბებოდეს წინაშე მისსა. ვინ იყო ესეოდენ ტკბილ შემთხუევათა შინა, ვინ სატრფიალო ზრახვითა და სასურველ დუმილითა? იგივე შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისაჲთა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა; ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახჳლითა; საწადელ ღიმილითა, უსაწადელეს მჭმუნვარებითა; მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მ[ა]კრთო[ბ]ელობითა; ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა; მარტივ სახითა, მრავალსახე მართებითა; შემრისხველ ყუდროებითა, [ს]აქებელ განსწავლულებითა, და არცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშთობელ უზომოებითა; მაღალ უმაღლესთათჳს, მდაბალ უმდაბლესთათჳს, და თჳთ მათ მტერთაგანცა საწადელ და საყუარელ სათნოებათა მისთაგან შეკდიმებულთა. ვინ ესრეთ მიიღო ერთიცა სათნოებათაგანი, ვითარ მან შეიკრიბა ყოველი? ვინ ყოველთაგან ერთი, ვითარ მან სრულებით თითოეული, რომელთა ყოველთათჳს შეუძლებელ არს დაკჳრვებაჲ ოდენ, არა თუ მიბაძვებაჲ, რომლითა სრულ იქმნა იგი ყოველთა შინა?
ესრეთ რაჲ აღსავსე იყო ნავი უფასოთაგან ტჳრთთა სათნოებისათა და არღარა შემძლებელ წარსლვად ღადირთა, და აქუნდა ყოვლით კერძო მშჳდობაჲ და დაწყნარებაჲ სამეფო-თა მისთაჲ, მაშინ დიდმან მან წინა-განმგებელმან ცხორებისა ჩუენისამან და ყოვლისავე უმჯობესად შემცვალებელმან განგებითა მით, რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა და წელთა ჩუენთა, ესრეთ განაგო, ვითარცა მუშაკმან კეთილმან რაჟამს იხილნის ჴუვილნი აღსავსედ ნაყოფითა და ქუეყანად დადრეკილნი, ისწრაფის დაუნჯებაჲ მათი; და ვითარცა მენავემან ბრძენმან განიცადის რაჲ ნავი თჳსი აღსავსედ მრავალფასითა ტჳრთითა, მიისწრაფის ნავთსადგურად, რაჲთა არარაჲ ევნოს სოფლისა მის ზღჳსა მრავალმღელვარობისაგან.
რამეთუ ჟამსა ზამთრისასა, მშჳდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოჲსასა, არა გარეგან სადამე ნაკიდურსა, არამედ საშუალ თჳსთა სამეფოთა, ადგილსა, თჳთ მის მიერვე წინაჲთ განჩინებულსა განსასუენებელად და მისაძინ[ებ]ელად, ვითარცა რულითა რაჲთამე შუენიერითა, დაიძინა მამათა თჳსთა თანა.
და თჳთ მებრ ესე კმა არს საცნაურ-მყოფელად საკუთრებისა მისისა ღმრთისა მიმართ; რამეთუ მრავალ გზის მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკუდილისათა შთავარდა იგი, რომელთაგანი მცირედი მივსცეთ თხრობასა: ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წარექცა ცხენი, და ესეოდენ შეიმუსრა, რომელ სამ დღე ყოვლად უსულოდ მდებარე იყო უძრავად, სამშჳნველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად. და შემდგომად სამ[ისა] დღ[ისა] ნამტკნარსა სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყუაჲ, და ძლითღა აღდგა ცოცხალი. და ესევითარი მრავალ გზის შეემთხჳა, და ღმერთმან იჴსნა სიკუდილისაგან.
კუალად ციხესა რომელსამე ჰბრძოდეს ქართლს, და მეფე კარსა კარვისა თჳსისასა დგა, პერანგითა მოსილი ოდენ, შუადღე. და ციხით ვინმე შემოსტყორცა ისარი და ჰკრა ხატსა მთავარანგელოზისასა, რომელი ეკიდა ყელსა ოქროჲსაჲ მცირე, და ძალმან საღმრთომან განარინა მშჳდობით. რაოდენ გზის ყივჩაყთა თჳსთა განიზრახეს ღალატი: განაჩინნეს კაცნი მ ჴნენი, რომელნიმე ჴრმლითა, რომელნიმე შუბითა, სხუანი ისრითა - და ესე არა ერთ ანუ ორ, გინა სამ, არამედ მრავალ გზის; და არაოდეს მიუშუა ღმერთმან კუერთხი ცოდვილთაჲ მართალსა მას ზედა, არცაოდეს მისცა იგი ჴელთა მეძიებელთა მისთასა. დაღათუ დევნასა თურქთასა მარტოჲ დაეპყრის მრავალ გზის, ანუ უსაჭურველოჲ, გარნა ყოველსა შინა ჴელი იგი ზეგარდამოჲ ჰფარვიდის მდევართა მისთაგან; არამედ ყოვლადვე და ყოველსა შინა საქმესა მისსა იყო ბედნიერ და სჳან და მადლითა აღსავსე.
ეგრეთვე ჟამსა შინა შუენიერსა და ჯეროვანსა მოუწოდა ღმერთმან შეყუარებულსა თჳსსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ მეფობად წინაშე მისსა; და არღარა მიუშუა მრავალ ჟამ სჯად და ჭირვებად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკჳდრობითა და ჴორცთა ამათ ქუე-დამზიდველთა მიერ შეკრვად სულსა გონება-ქმნილსა, არცა განხრწნადითა გჳრგჳნითა და პორფირითა, ვითარცა სიზმრითა და ნაოცნითა უ[ზრუნველ]ად მღერად; არამედ ნანდჳლ ჭეშმარიტთა და მტკიცეთა, წარუდინებელთა და სამარადისოთა, სადა-იგი თჳთ ბუნებით ღმერთი მეუფებს მადლით ღმერთ-ქმნილთა ზედა, მუნ აღიყვანა მის თანა მეუფებად უხრწნელითა და ბრწყინვალითა გჳრგჳნითა და პორფირითა შემკული, სადა-იგი აწ მკჳდრ არს და იქცევის ნათელსა შინა ღმრთეებისასა. რამეთუ იყო მაშინ თუე იანვარი კ˜დ და დღე შაბათი (ოდეს ქრონიკონი იყო ტ˜მე); ხოლო წელიწადნი მისნი შობითგანნი ორმეოცდაათსამმეტნი, ხოლო მეფობდა ოცდაათექუსმეტ წელ.
და ვითარცა პირველმან დავით სოლომონ, ამანცა თჳსითა ჴელითა დასუა საყდარსა თჳსსა ძე თჳსი დ[ე]მ[ე]ტრ[ე], სახელით ოდენ ცვალებული, ძე გარდამონასახი, ყოვლითურთ მსგავსი მამულთა ძირთა; და დაადგა თავსა შუენიერსა გჳრგჳნი ქვათაგან პატიოსანთა, ვიტყჳ უკუე სათნოებათა მამულთა, და შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი, ეჰა, რაბამ სჳანად ჴმარებული! და შეჰმოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა და ტანსა ახოვანსა; და დაულოცა ცხორებაჲ წარმართებული და განგრძობაჲ დღეთაჲ ბედნიერობით, თაყუანის-ცემად მისა მეფეთა ქუეყანისათა და ყოველთა წარმართთა მონებად მისა, გამობრწყინვებად დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ.
და ესრეთ განცვალა ქუეყანისა მოქალაქობაჲ ზენად სუფევად, რომლისა მკჳდრნი გან ჴსნილ არიან შრომათაგან, ოფლთა და ზრუნვათა; და მუნ მეუფებს სიმდიდრეთა მათ ზედა, რომელნი წინა-წარგზავნნა, საუნჯეთა მათ მაღალთა და უშიშთა მპარავთაგან, დალევნისა და მოკლებისაგან; ქალაქსა მას, რომლისა შუენიერებაჲ არა უხილავს თუალსა სხეულეანსა და რომლისა ბრწყინვალებაჲ ვერ აღვალს გულსა ჴორციელსა, ვერცა სასმენელი დაიტევს სმენილსა. რამეთუ ნამდჳლ მუნ არს შუებაჲ, რომელსა არა აქუს მწუხარებაჲ; და სიმდიდრე, რომელსა არა შეუდგს სიგლახაკე, და სიხარული, რომელსა არა განჰკუეთს ურვაჲ, და მეუფებაჲ, რომელსა არა აქუს აღსასრული; და მუნ არს ცხორებაჲ, რომელსა არა შეამრღუევს სიკუდილი.