''სამშობლო ხევსურისამ'' რა ჰქმნა

სამშობლო ხევსურისამ რა ჰქმნა
ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი
1895


‘‘სამშობლო ხევსურისამ’‘ რა ჰქმნა

ფანტაზია
(ვუძღვნი რაფ. ერისთავს)

ლევან მთიშვილი, როგორც იმის სამშობლოს დიადი კლდეებით შემოზღუდულ ხევსურეთს შეეფერება, ზორბა და წარმოსადეგი იყო, შეხედულობაც მშვენიერი ჰქონდა, თანაც ბედიც სწყალობდა, შემთხვევაც ხელს უწყობდა და წავიდა და წავიდა წინ წუთისოფლის ცხოვრების გზაზე და მალე იმ მეჯლისის თავშიაც გამოიჭიმა, რომელსაც წარჩინებას, ჩინებს, დიდკაცობას უწოდებენ.
იმან უმაღლეს სასწავლებელში მაშინ შეჰყო თავი, როდესაც რუსეთის ერს ჰუმანური აზრები ჰქონდა მოფენილი.
რასაკვირველია, ლევანი უნებლიედ დაემორჩილა იმ დროს და იმ დროის ხალხის აზროვნებას, გაჰყვა იმათ კვალს და როდესაც საქართველოში დაბრუნდა, მხარს უმშვენებდა ჩვენს მოწინავე დასს, ხმას აძლევდა საზოგადო მისწრაფებას: სწერდა, ორატორობდა და ყველა მაშინდელ ახლად დაარსებულ ქართულ საზოგადო დაწესებულებაში წევრად ითვლებოდა.
მაგრამ გავიდა დრო და ჟამი, ჰაერი შეიცვალა, სამოციანი წლების გატაცებანი მიყუჩდნენ, მათ ალალმა დაუქროლა და ჩვენი ლევანიც გაჰყვა ბედისწერას. ის სავსებით ჩამორჩა ჩვენ მოწინავე დასს და გახდა ‘‘ნაჩალნიკად’‘ სადღაც ‘‘უპრავლენიაში’‘. რიგიანად და ნიჭიერად ასრულებდა ლევანი თავისს თანამდებობას და ჯილდოდ იღებდა მაღალ და მაღალ ხარისხოვან ჩინოვნიკობას.
ლევანი გასუქდა, კარგა დიდი ღიპი გადმოიგდო, გული ვარსკვლავებით და ორდენებით აივსო, თავისი მჭევრმეტყველობა უმაღლესი მთავრობის წინ საპირისფერო ფიანდაზად გაშალა, დიდკაცის და დიდმზითვიანი ქალი შეირთო და შედგა, გაყუჩდა, ფუფუნების მორევში ჩაიფლო.
ხანდახან, ათასში ერთხელ, ძილის გაფრთხობის დროს, მოაგონდებოდა ხოლმე ლევანს, რომ ის ქართველი იყო, რომ ქართველს ინტელიგენტს ძილი არ მიეტევება, რომ იმას ყოველთვის სიფხიზლეს და მუშაობას ავალებს სამშობლოს უბედურება, და ამოიოხრებდა, მაგრამ ამოოხრება ამოოხრებად რჩებოდა და ლევან კი დიდ ჯამაგირიან ჩინოვნიკად, რომლისთვისაც ‘‘ოტნოშენიების’‘ გარდა ქვეყანაზედ ქვა ქვაზედაც აღარა არის რა.
ერთხელ ლევანს უმაღლესმა მთავრობამ დაავალა ბათუმის ოლქში რევიზიის მოხდენა; ის დიდის გულმოდგინებით შეუდგა თავის საქმეს; დილიდგან საღამომდის სჩხრეკდა კანცელარიებს, შენიშვნებს აძლევდა მოხელეებს და სრულიად დრო არა ჰქონდა გადაეთვალიერებინა ეს ახალი ქალაქი სავსე ახალის საქმეებით და მოთხოვნილებით.
_ კაცო, ნუთუ ისე უნდა წახვიდე ბათუმიდან, ამ ჩვენის ქვეყნიდამ მოწყვეტილ მშვენიერის კუთხიდგან, რომ ქართული სკოლა მაინც არ დაათვალიერო, ქართული სკოლა, რომელიც ერთადერთი ლამპარია ჩვენი მოძმე გათათრებული ქართველების თვალების ასახელად? _ გაოცებული ეკითხებოდა წასასვლელად მომზადებულს ლევანს ლუარსაბ კაიკაციშვილი, რომლის ძველი ნაცნობი იყო და იგივე ლევანი ეგონა.
_ რატომ, მე დიდის სიამოვნებით ვნახავ, თუ დრო მექნება, _ ყოყმანით უპასუხა ლევანმა.
_ რაღა დრო, აი ეხლავე წავიდეთ, ჯერ ადრეა და შენს საქმესაც მოასწრებ.
ქართული სკოლა ბათუმში მაშინ ქალაქის გარეთ, მიყრუებულ ტალახით სავსე უბანში იყო. თავისს შეხედულებით მნახველზედ დიდად სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ ახდენდა და ლევანს თითქო ეუკადრისა თავისს ღენერლის ღირსებისათვის ამ მწირ შენობაში შესვლა, მაგრამ თავს დასძლია და კეთილის ღიმილით ხელი გაუწვდინა სკოლის მასწავლებელს.
მასწავლებელმა სკოლის ყოველივე გარემოება გააცნო, სიამაყით უჩვენა რამდენიმე გათათრებული ქართველის შვილი და ქართული ლექსები წარმოათქმევინა.
წყნარად წამოდგა თმაშეღებილი, ლურჯთვალა ლამაზი, ფესვიანი ბიჭი და გასაოცარის ნარნარის ხმით და მკაფიოდ წარმოსთქვა გრიგოლის ლექსის ‘‘მამულს’‘_ უკანასკნელი ხანა:

‘‘სხვა საქართველო სად არის,
რომელი კუთხე ქვეყნისა?
ერი, გულადი, პურადი,
მებრძოლი შავის ბედისა!
შავთა დროთ ვერა შესცვალეს
მის გული ანდამატისა,
იგივ მხნე, იგივ მღერალი,
მოყვარე თავისს მიწისა’‘.

ისეთი სინაზით და შეგნებით წარმოსთქვა პატარა აჭარელმა, რომ ლევანს გული აუძგერდა, რაღაც სითბომ დაუარა სხეულში და გამოურკვეველი სიამოვნება აგრძნობინა.
_ კიდევ ათქმევინეთ რამე მაგ პატარას, _ აღტაცებით მიუბრუნდა ლევანი მასწავლებელს. _ მაგისი წკრიალა ხმა გასაოცარი ჰარმონიით არის სავსე.
_ აბა, აბდულ, სთქვი ‘‘სამშობლო ხევსურისა’‘, _ უბრძანა მასწავლებელმა პატარა მაჰმადიან ქართველს და იმანაც დაუ¬ყოვნებლივ ჩააკრიალა:

‘‘სამშობლო, დედის ძუძუი,
არ გაიცვლების სხვაზედა!
ორივ ტკბილია, ძმობილო,
მირჩევნის ორსავ თვალზედა.
როგორც უფალი, სამშობლოც
ერთია ქვეყანაზედა.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა’‘.

ამ ლექსის თქმაზე ლევანი მთლად გაფითრდა; ამას პირველად ესმოდა ეს დიდმნიშვნელოვანი სიტყვები და პატარა გადაგვარებული ბიჭი თავისის სინდისის მხილებლად ეჩვენა.
_ ვინ დასწერა, ვისი ლექსია?.. _ ხმის კანკალით დაეკითხა მთიშვილი მასწავლებელს.
_ განა არ იცი?!. _ საჩქაროდ და გაოცებით მიუგო კაიკაცი¬შვილმა. _ ნუთუ პირველად გესმის რაფიელის უკვდავად შექმნილი სიტყვები?
_ დიაღ, პირველად მესმის... პირველად, _ დარცხვენით სთქვა ლევანმა და თითქო თავისს-თავის დასასჯელად, რომ ქართველმა კაცმა, საქართველოში მცხოვრებმა, ეს ქართველისთვის გულზედ ამოსაჭრელი სიტყვები არ იცოდა, მასწავლებელს ათთუმნიანი მიაწოდა:
 _ გთხოვთ, ბატონო, იმ დიდისა და დაუფასებელის სიამოვნებისათვის, რომელიც მე აქ ვიგრძენ, ეს მცირე შესაწირავი მოახმაროთ პატარა ბალღებს.

II
მშვენიერ ბაღში მშვენიერი საზოგადოება ნადიმობდა. მთვარის შუქს არ დასჯერებოდა ეს რჩეულთა კრებული და მათ წინ ძვირფასად აჭრელებულ სუფრაზედ ათეულის სანთლებით გაჩაღებული კანდელაბრები იდგა და მკაფიოდ ანათებდა ძვირფასის სასმელებით აწითლებულ სტუმართა პირისახეს. ბაღის შორეულ კუთხეში სამხედრო მუსიკა გრიალებდა, მაგრამ კი არ არღვევდა მენადიმეთა გახურებულ ბაასს.
_ არ ვიცი, მეგობრებო, რითი გადვიხადო თქვენი პატივისცემა, რითი ავხსნა თქვენი ამგვარი სიყვარული და თანაგრძნობა! _ აღელვებული ამბობდა ლევან მთიშვილი, რომელიც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში მსახურობდა და რომელიც რამდენსამე კვირით მოვიდა თავისს ქვეყანაში საოჯახო საქმეების გამოსაწყობად.
_ ჰო, მაგრამ რას ბრძანებთ, _ მოწიწებით მიუგეს უწინდელმა მისმა მოსამსახურეთა და მეგობართა გროვამ: _ თქვენ ხართ ჩვენი სამაგალითო და მასახელებლი გვამი, ჩვენი წარჩინებული საზოგადო მოღვაწე, ჩვენი ძვირფასი ღენერალი, ჩვენი იმედების განმახორციელებელი!
იმავე სუფრაზედ იჯდა, მხოლოდ ბოლოზედ, ქართული გაზეთების თანამშრომელი ყმაწვილი კაცი. ის მოუსვენრად ცმუკავდა, ღელავდა და მის სახეს საშინელი უკმაყოფილება ემჩნეოდა.
ბოლოს ვეღარ მოითმინა და ზეზედ წამოხტა. ზარივით გაისმა იმისი ყმაწვილი ხმა ამ ხნიერთა კრებაში და გააოცა აქამდე რუსულად მობაასე საზოგადოება.
‘‘სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, ჩემი სამშობლო ის არი,
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა’‘.
_ აი, ბატონებო, სიტყვები, რომელნიც მე მარჩობენ, რომელნიც მე ძალას მატანენ შევწყვიტო თქვენი ბაასი სხვა სჯულ ენაზედ და მოგაგონოთ, რომ ბატონი მთიშვილი ქართველია და საქართველოშია სტუმრად და მისთვის უფრო სასიამოვნოა ქართული სიტყვა და ბაასი. მე მჯერა და მწამს, რომ ეს იმისთვის გაშორებია თავისს დიდ თანამდებობას, იმისთვის მოსულა თავისს ქვეყანაში, რომ აქ შეისუნთქოს თავისი ქვეყნის კეთილად შეზავებული ჰაერი, მოისმინოს თავისი მშობლიური ენა, თავისი ტკბილი ქართული ბაასი.
_ მე მჯერა და მწამს, რომ ბატონი ლევანი კვლავ სამუდამოდ დაუბრუნდება თავისს სამშობლოს, კვლავ გაშლის ფრთას შვილი ერთგული და დაეკონვის თავისსა სალსა კლდეებსა.
_ მე მჯერა და მწამს, რომ ლევან მთიშვილი არ უღალატებს სამშობლოს, არ გასცვლის თავისსა კლდეებსა სხვისა ქვეყნის სამოთხეზედა და არ შეაკლავს თავისს ძალ-ღონეს სხვის ქვეყანას ცუდად შრომასა. გარეთ რა უნდა ტაბლასა, თუ ბავშვს შინ მოემშივნება, სხვაგან რა უნდა მუშაკსა, თუ შინ მარჯვენა სჭირიათ?
ტკბილი იყო სიტყვა ყმაწვილის ქართველისა, წმინდის გულიდგან იყო იგი ამონადუღი და თავისს დანიშნულებამდის მიაღწია. ლევანი მთლად შთაინთქა სინანულში და გული აუდუღდა, მასში გაიღვიძა იმ საიდუმლოებამ, რომელიც ყოველი კაცის გულშია მიყუჟული და მხოლოდღა მშობლიურ დაფ-ნაღარას ელის გასაღვიძებლად. ლევანმა თვალის დახამხამებაზედ წინ გაიტარა თავისი სიყმაწვილე, თავისი ვაჟკაცობა, მაშინდელი დაკარგული იდეალები, თავისი დიადი სამშობლო, მაგრამ მწირი მხარე, მისი ბუნებითი რაინდნი, მაგრამ წყვდიადით მოცული მცხოვრებნი და თვალებიდან ცრემლები გადმოსკდა.
ჩინებით და ორდენებით შემოსილი ღენერალი, წამს წინათ თავმომწონე, მოწიწებით მივიდა ყმაწვილ ორატორთან და მამობრივის გრძნობით გადაჰკოცნა: ‘‘გმადლობ, რომ მომაგონე ჩემი მოვალეობა, ჩემი კაცური დანიშნულება, რომ ძალა მომეც უკვდავის პოეტის სიტყვებით კვლავ ფეხზედ დავდგე და გვიან, მაგრამ მთელის ჩემის შერჩენილის ძალით ჩემ სალს კლდეებს დავუბრუნდე და მისს მცხოვრებთ შეძლებისდაგვარად ცრემლი მოვწმინდო და გაღიმების ძალა მივცე’‘.

III
კავკასიონის მთაგრეხილში, ცამდინ აბჯენილ მყინვართა შუა ერთი პატარა ხეობა მდებარეობს; არ არის აყვავებული ეს ხეობა ნაზის მცენარეებით, არ ამშვენებენ მის არე-მარეს მრავალშტოიანი მუხა და ცაცხვი, არ მოდის აქ, მყინვარის სიახლოვის მოწყალებით, პური, სიმინდი, მხოლოდ ცოტაოდენ ქერს სთესავენ ამ ხეობის თავში წამოსკუპული სოფლის მცხოვრებნი. შორიდგან შეხედვით ეს პიტალო კლდეებზედ მიკრული სოფელი, თავისის მშვენივრად ნაგები კოშკით, ფრიად ამშვენებს გარშემო ბუნების დიად სურათს, მაგრამ ახლო კი რომ მისულიყავ, გულს დაგიკოდავდა ამ კაცთა სადგურის სიმწარე და სიღატაკე. ოცი-ოცდაათი მეკომური მოთავსებული იყო ხელის ოდენა, საგანგებოდ გამოვაკებული მთის კალთაზედ და კლდისავე ნამტვრევებით ნაგები ტალახით გამოლესილი დაბალი ქოხები, რომელნიც თავისს უშნოებით და მოუ-ხერხებლობით უფრო ემსგავსებოდნენ მხეცთა ბუნაგს, ვიდრე მსოფლიო კაცის სადგურს. არც გზა, არც კვალი, არც ეკლესია, _ ეს პირველი მეტყველნი ხალხის კულტურისა, არ მოიძიებოდა ‘‘ბროლისეულში’‘.
ამგვარი შეხედულება ჰქონდა ამ მივარდნილს, მივიწყებულ კლდეებს შუა დამარხულ სოფელს ამ შვიდი-რვა წლის წინათ და დღეს კი სულ სხვას წარმოადგენს.
სოფლის პატარა მოედანი ერთი ათად გაგანიერებულია და მის შუა გულზედ სდგას ლამაზი, თეთრად განარნარებული ეკლესია და ეკლესიის სიახლოვეს მეორე ტაძარი, ტაძარი მეცნიერებისა _ სასოფლო სკოლა.
მცხოვრებთა სადგომი, თუმცა ისევ კლდის ნამტვრევებით და ტალახით ნაგები, მაგრამ ბევრით გაუკეთესებული; ესენი არიან მაღალნი, ფართო და განიერი ოთახებით, შუშიანი ფანჯრებით განათებულნი. განსაკუთრებული ყურადღება ამ სადგურებში ბუხრებსა აქვს მიქცეული, რადგან მათი დანიშნულება დიდია მთის სიცივესთან საბრძოლველად.
ბროლისეულის კოშკიც არ არის მიტოვებული, მაგრამ უწინდელივით ტყვია-წამალს აღარ საჭიროებს. დღეს ეს მატყლის საწყობად არის გადაქცეული და აქ მოაქვთ, ინახავენ თავიანთ ერთად-ერთ ცხოვრების წყაროს, მატყლს, განა თუ მარტო ამ სოფლის მცხოვრებნი, მთლად მთელი ხეობის მთიელნი, რომელნიც ძველიდგანვე ცხვრის მოშენებას და მატყლით ვაჭრობას ეკიდებიან.
უწინდელი მიგრეხილ-მოგრეხილი ბილიკის მაგიერად სოფელს მიუდის კარგა განიერი გზა და თავისი ნაგებობით ამტკიცებს, რომ გაყვანილია ამ საქმის მცოდნე და მოყვარული კაცისაგან.
ვინ არის ეს თეთრი ჭაღარით შემკული მხედარი, რომელიც მხიარულად მიაგოგმანებს ამ მშვენიერს გზაზედ პატარა მთის ‘‘ბაჩას’‘? ვის მოელიან მოუთმენლად საყდრის წინ შეგროვილი ტყაპუჭიანი ხევსურნი?
ეს არის წარმოსადეგი, ჯერ ჭარმაგი მოხუცი, ჩოხა-ნაბადში გამოწყობილი, თავზედ ჩაბალახ-მოსილი ბროლისეულის მებატონე და ბელადი. ამან ეკლესიის კარებთან გააჩერა ცხენი, ყოჩაღად ჩამოხტა და მხიარულად შესძახა აქ შეგროვილებს: ‘‘გავიმარჯვეთ! ვიშოვე სამუდამო ვაჭარი ჩვენი მატყლისათვის, მოგება დიდი და დიდი გვექნება და ჩვენი მტერი ჩარჩი პირში ჩალაგამოვლებული დარჩება’‘.
‘‘გაუმარჯოს, გაუმარჯოს ჩვენს პატრონს და ბატონს!’‘ ქუდების მაღლა სროლით შესძახეს გლეხებმა და დაბლა თავი დაუკრეს თავიანთ მზრუნველს, მოყვარულს ლევან მთიშვილს, მთის კალთებზედ დაბრუნებულ, მთასთან ერთად ამაღლებულს და კაცთმოყვარეობით განდიდებულს.
1895