ადამიანი (ზღვა ბობოქრობდა)

ადამიანი (ზღვა ბობოქრობდა)
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1908 წელი


ზღვა ბობოქრობდა, ტალღები
ვით მთები მთებზე სხდებოდა,
ფაფარსა სცემდა ცის სივრცეს,
ძირს დედამიწა სქდებოდა.
იტყოდი, მეორ-მოსვლაა,
ტალღა რომ ტალღას ჰხვდებოდა.
ვინ გააჯავრა, არ ვიცი,
არ ვიცი, რაზე სწყრებოდა.
ვნახე, რომ ქალი ზღვის პირად
იდგა თმა-გაშლით, ჰკიოდა;
თვალ-პირი ცრემლში უცურავს,
ალბათ რომ გული სტკიოდა.
"მიშველეთ, თქვენი ჭირიმე!
მიშველეთ, ვინ ხარ კაცია!
ჩემი პირიმშო აკვნითურთ
წყეულს ზღვას გაუტაცია!"
გავხედე, ვნახე აკვანი
ზვირთების ქედზე, კიდურა.
ხელ-გაფარჩხული შიგ ყრმა სჩანს,
ჩვილს პირი მოემწითურა.
იმას ეგონა, არწებდენ,
დედა უმღერდა ნანასა,
არავის სთხოვდა შველასა,
არც ზღვიდან გამოყვანასა.
როდი ხედავდა ან გრძნობდა,
რომ ჯოჯოხეთის მხარესა
ზღვა არ დაინდობს მარგალიტს
და უფსკრულს მიაბარებსა,
თევზებს შეაჭმევს პატარას,
ვეშაპი შთანთქავს აკვანსა,
ყორანი ჯიჯგნას დაუწყებს
დედის გულს, ცრემლით ნაბანსა,
სიკვდილის ენას იუბნებს
ამ გულის მომწყვლელს ამბავსა.
რას უცდის დედა, შვილისა
სიკვდილის ყბაში მნახველი?
იმედობს ალბათ. ახსენა
ქალმა ღვთისმშობლის სახელი,
აღუთქვა ერთი კურატი,
თორმეტი წყვილი სანთელი;
რა ხედავს შვილსა უვნებლად,
ფიქრობს, ექნება საშველი.
მაგრამ ვინც სწორედ ხედავდა
მიზეზს და იმის შედეგსა,
მოყვასს რომ არ შესწეოდა,
არ აღამებდა ერთ დღესა,
მხოლოდ მან იგრძნო, ბავშვისა
ან დედის ბოლო რა იყო.
გადაიწერა პირჯვარი,
თავზე მყის ხელი აიღო,
ბრიყვმა, წინ-დაუხედავმა
ზღვაში ჩქაფანი გაიღო.
შეათამაშეს ზვირთებმა,
როგორც ბუმბული, წაიღო
ვაჟკაცი მსგავსი ლომისა,
მეტად თავხედი ქცევითა.
რად მიდის? ვისთვის თავს იკლავს?
მხოლოდ გრძნობათა რჩევითა?
მოკვდეს, არ დასდევს, ოღონდაც
დაიხსნას გაჭირვებული.
მიტომ გადასდო მან თავი,
ბავშვის ხსნად შეჭირვებული.

***************

გამოიცვალა სურათი,
ტანით ტყავ-ჩოხა გაიძრო
ზღვამ და იმისი გულ-მკერდი
ნაზ მყუდროებამ შაიპყრო,
ვაჟკაცის გაბედულობამ
ზღვის მძვინვარება დაიპყრო.
გზა მისცა ვაჟკაცს სავალი:
ტალღები შედგა მყეფარი.
მოდგა ამბავი საზღაპრო,
საქმე რამ გაუგებარი!..
თვალი მიეპყრო მთელს ზღვასა
ვაჟკაცისათვის მგზნებარი.
მოსწონდა მისი მხნეობა
და ზღვასთან ბრძოლა მედგარი.
მიუახლოვდა აკვანსა,
ბავშვს დააცქერდა სახეში.
ბალღმა დაიწყო ტირილი,
ცრემლი დახეთქა თვალებში,
როდესაც მკლავი მეშვლისა
გადაეღობა მკლავებში.
იტიროს, ბალღმა რა იცის,
ვინ არის მისი მეშველი?
კაცად ვის დაუნახია
ბნელეთში მადლის მთესველი?
გამოიტაცა აკვანი,
ნაპირს მოადგა ზღვისასა,
დედას გადასცა შვილითურთ,
პირი უგვანდა მზისასა.
თვალები სანთლად აენთო,
გულ-მკერდი მაღლის მთისასა.
მადლის ქმნას გაეათასა
მეშვლის უსწორო არსება.
საამურია თვალთათვის
ახლისა მთვარის გავსება
და საზიანო საქმისა
ქველის მარჯვენით დავსება,
ლომისა ყოფა-ქცევისა
ანგელოზისა მსგავსება.
დედა უკოცნის ხელ-ფეხსა,
დაჰვიწყებოდა შვილია;
სიცოცხლის მომნიჭებელსა
სიტყვები უთხრა ტკბილია,
ლოცვა, სულ ლოცვა უსაზღვრო,
ბზესავით გადაშლილია.
აღარ ეშვება მეშველსა
მისი თითები თლილია.
"ნეტავ, რით გადავიხადო
შენი ამაგი დიდია!"
იძახის დედა. ვაჟკაცმა
ერთი სიტყვა სთქვა მშვიდია:
"მე არაფერი არ მინდა,
არაფრისაგან შენია,
მხოლოდ ჩემს პატივსაცემლად
გახსოვდეს სიტყვა ჩემია.
ბავშს ვერას ვეტყვი: ჩვილია,
სასირცხოც არა სცხვენია;
გაზარდე სულით მაღალი,
ბუნება გაუმშვენია;
ისიც უამბე კარგადა,
ზღვიდან ვის გადურჩენია.
ასწავლე მოყვასის შველა,
როს სჭირდეს რამე სენია;
რჩევა მოყვასთა საშველად
ხშირ-ხშირად მიუძღვენია;
კეთილის ჩასაგონებლად
შენამც ნუ მოგიწყენია.
მხოლოდ ამით მცემ პატივსა,
ჩემთვის ეს დიდი ძღვენია!"
სთქვა და მშობლისა თვალთაგან
გაქრა, ვით დღისით ვარსკვლავი.
ერთურთის შესაქცევრადა
ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ამბავი.
მიდის და ვეღარ აბრუნებს
ძახილი გულის საკლავი.