აზრი და გრძნობა

აზრი და გრძნობა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1908 წელი


აზრი და გრძნობა წავიდნენ
დასასვენებლად მთაზედა:
გრძნობამა კრიფა ყვავილნი,
კაბად ჩაიცვა ტანზედა, –
ათასფრად აჭრელებული
ყვავილებისა ნაკერი,
ყველას ჰპოვებდით კაბაზე –
ყვავილი გინდათ რა ფერი.
აკვნადა ჰქონდა ნიავი
მადლ-სხურებული, მთებისა, –
ზედ ერწეოდა ბავშვივით
და ნისლი იმის თმებისა
ნამს აპკურებდა მიწასა,
მარგალიტებად სცვიოდა,
ნაირ-ნაირი ყვავილი
მიწიდან ამოდიოდა.
სტკბებოდა ჯიხვების ხტომით,
ფრინველებისა სტვენითა
და ღამე საიდუმლოის
მთათ მწვერვალების ფშვენითა.
ანგელოზების ნანინა
ატკბობდა აღმაფრენითა.
სულ დაავიწყდა ქვეყანა,
მისი ლხინი და ვარამი,
ისიც, ვინც განცხრომით სცხოვრობს
და ვისაც ესვა ბალღამი.
აზრი, ვით ხარი მანძილა,
იარებოდა დინჯადა,
ტანს არ იმშვენებს ყვავილით,
თუმც მცენარეებს სინჯავდა.
უვნებელს სძოვდა, სცოხნიდა,
სამავნებლოსა სწიხლავდა
და მთების გაჩენისათვის
ღმერთსაც მადლობას სწირავდა.
ზაფხული იყო მაშინა:
მთა-ბარს ბუნება ქველობდა,
მწერი და არსი ყოველი
გალაღებული ხელობდა;
მთაში გრილს ნიავს უბერავს,
როცა ბარშია ცხელოდა.
მთის მწვერვალზედა მდგომარე
მკერდს მიუპყრობდა ნიავსა.
ალერსიანად გასცქერდა
იმ არემარეს მთიანსა.
მომავალზედაც ჰფიქრობდა,
რომ მოიტანდა ზიანსა.
ჯერ არ შეჰყროდა გრძნობასა
უდარდელს, თავაზიანსა.

2

რა ქმნა ქვეყანამ მაშინა,
უგრძნობ-უაზროდ გდებულმა?
ერთმანეთს ჭამა დაუწყო
ყოველმა მირონ-ცხებულმა.
ძმამ ძმას სამარე უთხარა,
შვილი დაარჩვა დედამა;
თვალებში შხამი ჩაისხა
მშობლების თვალთა ხედვამა.
გაჰქრა ყოველგან, გაქარწყლდა
სიმართლის ყველა ნასახი,
გამეფდა მხოლოდ მგლის მადა,
ძალა, დანა და მათრახი.
ქარა-მტვრად იყო ქცეული
ენა-წყლიანი მუდარა,
ისმოდა ერთისგან სხვაზე
მხოლოდ წყევლა და მუქარა.
ტანთ ეცვა ტურფა სამყაროს,
როგორაც ცხედარს, სუდარა.
დრომ განვლო, მოულოდნელად
ბუნებამ ფერი იცვალა.
რაც სამკაული ტანთ ეცვა,
ვხედავ, რომ გამოიცვალა.
ბალახნი ყვავილებითურთ
ჩახდნენ, მიჰბარდნენ მიწასა,
ლოლიაობა მოსწყინდა,
აღარ სცალიან ძიძასა
და გაუთეთრდა თმა-წვერი
ბუნების მხცოვან ბიძასა.
თვალს რომ ვავლებდი, ვხედავდი
თმა-წვერს მაღალის მთისასა,
ძალაუნებრივ წარმოვსთქვი:
"გმირო, ვაჰ, დედას მტრისასა!"

3

აზრი შემოჰხვდა გრძნობასა –
ბალღს თავ-პირ-ჩამომტირალსა,
გუშინ, გუშინ-წინ მოლხინარს,
პეპელასავით მფრინავსა.
გაჰხუნებიყო სამოსი,
შემოსჭკნობოდენ ყვავილნი,
ტირილად გადაჰქცეოდენ
დღენი სიამით გავლილნი.
"აბა რას ჰფიქრობ, დობილო?" –
ეუბნებოდა გრძნობასა:
"აქ უნდა მოველოდინოთ
ახალ-წელსა და შობასა.
ზამთარი მოდის, სიცივე,
ის გაგვიმწარებს ყოფასა.
გავშორდეთ აქაურობას,
სჯობს ჩავიყარნეთ ბარადა.
იქ ისევ მწვანობს ბუნება,
საამო თვალად-ტანადა.
თუ არ წამოხვალ, იცოდე,
რომ გაგიყოლებ ძალადა".
– რადა? ხვალ გამოიდარებს, –
წამოიძახა გრძნობამა:
– აქ მირჩევნია ცხოვრება,
მიმილტო მთების ცნობამა.
"სტყუვდები, ბრიყვო, ცხრა თვემდე
ვერ ჰნახავ უკვე ნახულსა:
დაგაზრობს ყინვა და თოვლი
კოპწიას გამოპრანჭულსა,
და სადმე კლდეზე სულს დაჰლევ,
სიცოცხლის მწყევარს, ტანჯულსა".
გრძნობა უარობს, აზრი კი
სწყრება და ჯავრობს დიდადა;
და რაკი გრძნობამ უარჰყო
მისი ნათქვამი მშვიდადა,
გაჯავრდა აზრი, აღელვდა,
ფრთა გაჰკრა სილად ყბაშია,
გაიგდო წინ და ერთ წუთას
ჩამოიყვანა ბარშია.
და რა იხილა ორივემ
თვის სამფლობელო ძველია,
წარმოიდგინა, მთას ყოფნით
რაც ცოდვა ჩაუდენია.
გაერთხნენ ადამიანთა
ძველებრივ გულსა, გონშია,
დაიდვეს უკვდავი ბინა
ადამიანთა ტომშია.
რომელი რომელს სჯობია,
ვერავინ იტყვის, ორშია.
საქმე კი მოხდა საგრძნობი,
თქმულა წინანდელს დროშია:
სულ შეიცვალა ქვეყანა,
მის მოქმედება ყოველი:
გამკითხველი ჰყავს სოფლადა,
თუ ვინმე არის მთხოვნელი,
ტკბილად ეკრობა დედის მკერდს
ყრმა ჩჩვილი, ძუძუს მწოვნელი.
დედაც შეჰხარის პატარას,
ტკბილის სიტყვების მთხრობელი.
გრძნობა ცეცხლს ანთებს, აზრი კი
შეშისა არის მშოვნელი.
იპოვა გრძნობამ ადგილი
თავისა დასადგომელი.
აზრმა დაბღუჯა ძარღვები
ადამიანის ტვინისა,
ეჯაჯგურება რაც ძალუძს
მავთულებს ვნებათ ჟინისა,
ასწავლის გრძნობას ვნებიანს,
სმა როგორ უნდა ღვინისა.
მოაწესრიგებს გლოვასა, –
საზღვარი იცის ლხინისა.
გზის მიმცემია გრძნობისგან
მოწონებულის ძილისა.
ათირებს, როდესაც გრძნობა
ჩჩვილი ყრმასავით სტირისა.
ხან გლოვა გვესმის სოფლადა,
ხან ჟრიამული სტვირისა,
სჭარბობენ ერთი-მეორეს,
როგორ აჯობონ ვინ ვისა.