აკაკი, ვაჟა

აკაკი, ვაჟა
ავტორი: გიორგი ლეონიძე


მომისმენია აკაკი, ვაჟა,
ახლა ეთერის ხმებში მღერიან:
დღესაც ტაშს ვუკრავ, ვუყივი ვაშას!
მათი სიმღერა დამდაღველია...
გვათბობს ღვთიურ ხმის ცეცხლის გურგური,
ჩვენი მტრის გულის დასამჟავებლად,
მღერის აკაკი, როგორც ბულბული,
და არწივივით - ვაჟა-ფშაველა.
განა ბულბული,
განა არწივი?
მათი სიმღერით სამშობლო მღერის...
და საქართველოს წმინდა ბარძიმი
სავსეა მათი ცრემლის ნამქერით;
სულ ცოცხალია, სულ უკვდავია,
ერის ცრემლებით რაც ინამება:
რაც მებრძოლია, ― ცეცხლმსუნთქავია,
ვერ შეაშინებს ბედის წამება!
როგორც რჩეულთა ძველი წესია,
საომარი გზით ვლიდენ იგინიც,
დაფნის გვირგვინზე უწმინდესია
მოწამის შუბლზე ეკლის გვირგვინი!
განვლეს ეკალი, მოიმკეს ვარდი,
სიკვდილის ცელი ვერ მოერიათ:
ახლა ჰშვენიან დიდების კვართით,
ხალხის უწმინდეს გულში მღერიან.


ბევრს გაუვლია გზა სამშობლოსი,
ზოგს დანანებით და ზოგს წამებით.
ძნელია ზიდვა საქართველოსი,
და ტვირთს ზიდავდნენ ჩვენი მამები..

რესურსები ინტერნეტში

edit

მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა