აკროსტიხები
აკროსტიხები ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1898 წელი |
1
კარ-მიდამოში ხშირადა ნახავთ,
აჭრიალდება ფერითა ჭრელი:
ჭირს თავს არ მისცემს, მუდამ ლაღია
კრუხ-წიწილისა მოსისხლე მტერი.
არვის დაინდობს, მეტად ქურდია,
ჭირია ბეჭედ-ქინძისთავისა,
ილაპარაკებს, თუ დაატყვევებ,
აბა გაიგე სახელი მისა.
2
დიდ-ფაშვიანი, თვალებ-ბრიალა
იყო ერთს დროსა მსაჯული ჩვენი.
არ შეჰხედავდა მოჩივარს სწორედ,
მრისხანე სახის მელურად მჩენი.
ბატონი კარგი: იმის მოწყალე,
ესტუმრებოდა რომელიც ძღვნითა,
გაამტყუნებდა ალალ-მართალსა
იგი შუბლ-შეკვრით, მაღალი ხმითა.
3
იალაღზე სძოვს ღამეობითა,
რა გათენდება, ტყეს ეფარება;
ერთი იმის თვალით დანახვა
მოუწყინარი არს ნეტარება;
იმისი რქები ბორჯღლიანები
ალაჩოღივით ტანს ეფარება.