აფხიარცა

აფხიარცა
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ზღვის და მთების მომღერალო,
რომ სწურავდი ცრემლს, ხან ბალღამს,
დღეს დამშვენდი ხალხის გულზე,
ვარდი შენ ხარ, ოქროს ტალღაც!
სულ მესმოდა შენი თრთოლა,
შენი ჟღერა, შენი ხმაცა,
ფანდურის ძმავ, ხმადამტკბარო
აფხაზურო აფხიარცა!
ერთ არწივის ორი ფრთა ხართ,
ერთი დიდი გულისთქმაცა!
წყალი მიდის წყალისაკენ
და ძმობილი ძმობილს ეძებს,
მეგობარო ძველისძველო,
გული თაფლით შემიწებე!
თურმე მზის და ხალხის შორის
დიდი, დიდი თოვლი იდო,
ცამ რაც ნამი ჩამოყარა,
წინაპართა ცრემლი იყო!
გვეყო, გვეყო, რაც წარსულმა
ყანა დაღმა დაგვიფარცხა,
ჩვენს აკვანში ვარდი ჰყვავის,
მზეში სცურავს ჩვენი ფაცხა.
ერთად ჟღერდეთ, როგორც არსად,
ფანდურო და აფხიარცა!
ერთ არწივის ორი ფრთა ხართ,
ერთი დიდი გულთისთქმაცა!

რესურსები ინტერნეტში

edit