ბათა ქექია
ბათა ქექია ავტორი: დემნა შენგელაია |
ბათა ქექია
ნაწილი პირველი
კერია
1
ზამთრის თოვლნარევი წვიმა იჟინჟლება. ფაცხის მჭვარტლიან ბურულზე ჩამოდენილი წყალი ოჭვათოში გულის გამაწვრილებლად ჭყაპუნებს. ეკალბარდის გაძრცვნილი სხლტეები და შებელილ თხმელებზე შემოდგმული შარშანდელი ჩალის ზვინები წვიმის ლეგა რიდეში მკრთალად ილანდება. გარეთ ცივა, მაგრამ შინ მაინც არავინ არის. ზოგი კოლექტივშია, ზოგი მეზობელთან რაღაც საქმეზე გადასულა და ზოგიც ეზოში რაღაცას ჯახირობს: ღობეს ღობავს, შეშას აპობს ანდა ურემს ღერძს უცვლის. სადღაც გაწუწკებულ ღორს ვიღაცა უღელს ადგამს, ღორი ჭყვირის და შენ არ ჭყვირი... გარეთ კი წვიმს, წვიმს... ეს გამოუდარებელი წვიმა სიცოცხლეს მიმწარებს, საშველს არ მაძლევს. ერთი გავიდე გარეთ, გავხედო ამ ქვეყანას, ჩამოვიარო ჩემი კოლექტივის ბარაქიანი ყანები, მუდამ მწვანე ხეხილნარები და ერთხელ კიდევ დავტკბე მათი ცქერით. ეს ნარინჯები და ფორთოხლები ჩემი ნამყნობია და მინდა მათი სიცოცხლით მეც ვიხარო. მართალია, მოვხუცდი, ისიც მართალია, რომ ძვლების გუდად ვქცეულვარ, მაგრამ რა ვქნა, უსაქმოდ მაინც ვერ დავმდგარვარ და ხეხილის მყნობა თავს მიდვია. მართლაც, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ან რა დასამალია, სამოცდაათ წელიწადზე მეტი მომიყრია, ცხრა შვილი, სამი ამდენი შვილიშვილი ირგვლივ დამხვევია და რა ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ კიდევ! მაგრამ აჰაიტ, სიბერეს ტოლს მაინც არ ვუდებ. ან რად უნდა დავუდო, კაცმა რომ თქვას? არც კუჭი მტკივა, არც წელი და მუხლშიც ძალა ჯერ კიდევ საკმაოდ მერჩის. ოღონდ ეს ოხერი ზურგი მაინც მეწვის ხანდახან. კაჭკაჭის შიშით ზურგგადატყავებული ცხენივით მაღლა ვიცქირები. რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, თუ მეხსიერება ეგრე კარგი მაქვს და იმ წუწკი მამასახლისისა და ბოქაულის მათრახები მაინც არ მავიწყდება! ახლა ისინი აღარ არიან, მე _ ვარ და, მართალია, ჩემს შვილიშვილებს მათი ძახთაპირობის ამბავს რომ ვეტყვი, სჯერათ, მაგრამ ხანდახან მაინც ზღაპარი ჰგონიათ.
ჯანდაბას ის დრო, რა ეშმაკმა მომაგონა ახლა, როცა კერასთან ჯდომა ეგრე გამტკბობია? ტკბილია ცეცხლი ასეთ ამინდში, ეს დალოცვილი ღვინოც თავში ნაპერწკალივით ტკაცუნობს და თვლემა და თრობა უჩუმრად მეპარება, სიზმარი და ნამდვილი ერთიმეორეში უწესრიგოდ ირევა და თუ ასეთ დროს ვინმე ბედოვლათი ხელთ ჩამივარდა, იცოცხლე, მე იმას დღეს დავაყენებ _ მაშინვე ჩოხის კალთაში ჩავაფრინდები და მანამ არ მოვეშვები, სანამ გვერდით არ მოვისვამ. მერე გუდას თავს მოვუხსნი და ვარაკრაკებ ძველ ჩხავერს. არც ალადასტურს უშავს რამე, კაცმა რომ თქვას, და მის რაკრაკში ძველი ამბებიც რომ მოვიგონოთ, ვითომ ამით რა დაშავდება, ჰა?
ამას წინათ ჩვენმა გასაკრეჭმა კი არა, უკვე გაკრეჭილმა ხუცესმა ერთი ძველებური ხელნაწერი წიგნი მათხოვა: `თავგადასავალი იესე ოსეს შვილისა~. დავჯექ და კითხვა დავიწყე. შუამდე რომ მიველ, ერთი გადამთიელი დურგლის თავგადასავალიც მომაგონდა და, გულახდილად უნდა მოგახსენოთ, მათი ცხოვრება ისევე განსხვავდებოდა ერთურთისაგან, როგორც მათი ხელობა. საბრალო იესე, რა უღიმღამოდ უტარებია თავისი ორი დღის სიცოცხლე, რა უშნოდ მოუჭამია თავისი დღე და სოფელი! რა მექნა? ჩემს ცხოვრებასაც გადავავლე თვალი და გარდასულ დროთა მოგონებამ გული ისე ამიჩქროლა, რომ არ დაგიმალავთ _ მეც შემიჩნდა ჩემი ეშმაკი. თუ იმ საწყალ იესეს თავისი ორი დღის სიცოცხლე ისე უგემურად მოუჭამია და მაინც აღწერის ღირსად მიუჩნევია, მაშინ მე უფრო აზრიანად მიცხოვრია, ბევრი მინახავს, მივლია და მინდა ეს უჩვეულო საქმე მეც ვცადო, ჩემი ცხოვრება წვრილად დავწერო და თუ რამე ჭკუაში არ დაგიჯდეთ, მოდი, ნუ დამძრახავთ.
გულახდილად უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ჩემი ნაცოდვილარით მე არც არავის ჭკუაზე დარიგება მეხალისება და არც მიყვარს ეს მოსაწყენი საქმე. მე ჩემი შვილების დარიგებაც მეზარებოდა. ან რას დამიჯერებდნენ, როცა ისინი ჩემზე უჯიათნი და თავნებანი იყვნენ. ან რა საჭიროა, კაცმა რომ თქვას? თუ განგებას კაცისთვის იმთავითვე არ მოუნიჭებია ის დალოცვილი ჭკუა, სხვას საიდან შეუძლია მისი თავში ჩადება? მით უფრო მე, რომელსაც ჩემი ცხონებული მეუღლე მთელი თავისი სიცოცხლე ყოველ მარჯვე და მოხერხებულ დროს ყოვლად ჩერჩეტსა და ჭკუახეტერ ყაძახს მეძახდა. მეც რა მექნა? არცთუ დიდად ვედავებოდი! ყველას თავისი აზრი აქვს, თავისი შეხედულება და რას გავაწყობდი, როცა ამ საკითხის გამო თავისი აზრი და შეხედულება იმასაც გააჩნდა.
ღმერთი, რჯული _ ამ მოგონებას არც იმიტომ ვწერ, რომ გაგართოთ. მართლაცდა, საქმეგამოლეული ვინმე კი არა ვარ! ჩემთვის ვწერ, ბაბა, ჩემთვის ვჯახირობ და გულის ჯავრს იმით ვიქარვებ. რას იზამ, ყოველი კაცი იმით ახარებს თავისი გულის ჭიას, რითაც შეუძლია. მეც ჩემი ჭინკა მყავს, დასწყევლა ეშმაკმა, ჩემი მავნე, და შეძლებისდაგვარად მას ვემსახურები. მეც მინდა ავწერო, რაც მინახავს და გამიგონია, რისთვისაც მიტირია და გავძაღლებულვარ და, მოდი, ნუ დამემდურებით, თუ ამბავი ცოტა გრძლად მომივა ან ჭკუაში რამე არ დაგიჯდებათ.
უნდა გითხრათ, რომ ცუდ დროს დავიბადე, ბაბა, მძიმე პირობებში ვიზრდებოდი. ჩემი დღე და სოფელი ძაღლუმადურად მიტარებია და მინდა ის დრო მაინც მოვიგონო.
თქვენ გეცინებათ ამ ჩემს უჩვეულო განზრახვაზე. არ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ულვაშებში გეღიმებათ. ვფიცავ მზეს, მუდამ ცოლივით ტკბილად რომ მათბობდა, არაფერს არ დაგიმალავთ, ყველაფერს გულახდილად გიამბობთ. წისქვილის ქვა არ დაბრუნებულა ჩემს თავზე, თორემ სხვა არა დამკლებია რა და, თუ ყველაფერი ისე აღვწერე, როგორც ვლაპარაკობ, ვფიქრობ, არ გამლანძღავთ.
არც ის იფიქროთ, რომ ჩემი თაბაუთიანი საუბრით თავი შეგაწყინოთ. თქვენ იტყვით, ვიცი, უსათუოდ იტყვით და თან გაიღიმებთ, რომ ამისთვის ჭკუაა საჭირო. გამოცანა გერგებათ! განა მე არ ვიცი, რომ ყველაფერში ჭკუაა საჭირო, მაგრამ ჭკუა ის როდია, რომ თავი ჭკვიან ვინმედ მოგქონდეს. ჭკუა ის არის, _ იყო ის, რაც ხარ და თავზე მაღლა არ ხტოდე. მეც ჩემს თავს ვჯერდებოდი, ჩემი საქმე ვიცოდი. მაგალითად, ჩემს ყურადღებას სრულიადაც არ იქცევდა ის ამბავი, თუ რად არის სიცოცხლე იმნაირად მოწყობილი, რომ დღეს ვართ და ხვალ აღარ ვიქნებით. მე ჩემი საქმე მებარა და მისი ავიც ვიცოდი და კარგიც. არც ის არის ჩემი საქმე, თუ რაზე დგას დედამიწა: ხარის რქაზე, გველეშაპის კუდზე თუ სხვა რამეზე. ეს ამბები არასოდეს არ მეკითხებოდა და არც მე ვკითხულობ.
ჩემთვის დაბადებაც არ უკითხავთ და ქვეყნის გაჩენაში ვინ მომთხოვს პასუხს? ყოველივე ეს უჩემოდ იქმნა მოწყობილი. ამ საქმეში მე ხელი არ მირევია და არც პასუხი მინდა ვაგო. ჩემი აზრი ეგეთია და წესადაც ეს დამიდვია: ყველამ თავისი საქმე და ადგილი უნდა იცოდეს. ყველა უბედურება, ცხოვრებაში რომ ხდება, იმის ბრალია, თავისი ადგილი და დანიშნულება რომ არ იციან. ზოგი დაბერდება, ცხოვრებას მოჭამს და მხოლოდ მაშინ მიხვდება, რომ თურმე სხვა საქმე უნდა ეკეთებინა და სულ სხვა საქმე უკეთებია. ესეც არის, არც ამაო ფიქრით უნდა შეიწუხო კაცმა თავი. ფიქრი ბუზარასავითაა, ბაბა! _ ერთი თუ აგეკვიატა, მერე მშვიდობით, ვერაფრით ვერ მოიშორებ; მაგრამ ერთი მაინც მუდამ უნდა გახსოვდეს: ანგარიში, ბაბა, ანგარიში კარგად უნდა იცოდე, თორემ ცხოვრებას უჭკუოდ წააგებ და წაგებული კაცი არავის არ ებრალება. რომ მკითხოთ, არც არის შესაბრალისი. კაცს ყველაფერი გეპატიება, მაგრამ უჭკუობის პატიება არ იქნება. მთავარი ავი და ბრალი ქვეყანაზე უჭკუობითაა. ამიტომ ჭკუით, ბაბა! ცხოვრება ტკბილია და რას იზამ, როცა ტკბილი მეძუძურ ბაღანასაც უყვარს.
ერთხელ მეც შევცდი, ჭკუას ძალა მეც დავატანე. დავჯექ და ბუნებისა და მის წარმომშობ მიზეზთა გამო ჩავფიქრდი და ჩავუკირკიტდი. იმ ჩვენმა სულწაწყმედილმა ნახუცარმა საბალიამ შემაცდინა, ღვთის განგებისა და მადლთა აღწერით ტვინი მეც გადამიბრუნა. ეს მაშინ მოხდა, ჩემი ბეხრეკი სალომე ისე ტვინდაბნეულად რომ შევირთე და მართალი მოგახსენოთ, არცთუ ისეთ ღვთაებრივ გუნებაზე ვიყავ, რომ ღვთაებრივ საქმეებში გავრკვეულიყავ. გონი იმის ფიქრმა წამართვა, _ მართლაც როგორ უნდა ყოფლიყო ეს ქვეყანა მოწყობილი? ან რად უნდა იყოს სული მუდმივი და ხორცი _ წარმავალი? საკითხს ღდინამდე რომ ჩავდიე, ტვინი კინაღამ გადამიბრუნდა; ბოლოს, თავი რომ ვეღარ მოვაბი, ხელი უიმედოდ ჩავიქნიე და ეს საქმე ისევ საბა ხუცესს შევატოვე, თუმცა აქედანვე უნდა განვაცხადო, რომ ბრძნული დასკვნები ამ საკითხებიდან არც იმას გამოუტანია. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ საიქიოს ხათრით სააქაოს მატოვებინებდნენ. მე სიცოცხლე მინდოდა _ სულს მხდიდნენ, ხორცი მინდოდა _ სულს მატენიდნენ. სულით ვინ გამძღარა? ვერც მე გავძეხი. და ახლა როცა სიცოცხლე ასე გატკბა, ხელმეორედ რომ მომართმევდნენ, გულზე ხელის დადებით გეტყვით, მეორედაც დიდის მადით შევექცეოდი. ამისთვის კუჭიც საკმაოდ მაგარი მაქვს, მადაც, შნოც, მაგრამ ეს შეუძლებელი რამ არის და შეუძლებელ საქმეზე ზრუნვა მე არასოდეს არ მყვარებია. მე ეს ცხოვრება მიტაცებდა, ეს ქვეყანა მიყვარდა: ზამთარში, გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომით. წელიწადის ეს ოთხთავ დრო ღვიძლი ძმებივით იყვნენ ჩემთვის და ამ ოთხ ძმაში, არ ვიცოდი, რომელი იყო უკეთესი და რომელი _ უარესი.
ახლაც ასე ვარ. შევხედავ ცას _ მიხარია. გავხედავ მიწას _ ისევ ვხარობ. გავცქერი მინდორ-ველებს, მუდმივი თოვლით ჩამოფენილ კავკასიონს, ხოდაბუნებს, რიონს, ტბას ნარიონალს, შვილებს, შვილიშვილებს, _ ვინ მოთვლის მათ, _ ჩემი ოფლით მონაგარს, და მიხარია. შევხარი ახალგაზრდობის უდარდელ სიცილს, სოფლის ხალისიან ყიჟინს და რა ვქნა, შვილებო, ბიძიებო, რომ მიხარია? მიხარია, რომ ამ დღეს შევესწარ, რომ ცოცხალი ვარ, რომ ყოველივე ეს ჩემთვის არის გაჩენილი, რომ ყოველივე ეს მე მიკეთებია, მე მას ვუკეთებივარ. მე ვემხობი მიწაზე, ვეწაფები მის მსუქანსა და ნოყიერ ძუძუებს, ვბანაობ რიონში, დორანში ზუთხებსა და კობრებს ანკესებს ვუგებ, ნორჩ კოინდარში გულაღმა ვწვები, ხარბად შევცქერი ყანასავით ლურჯად აბიბინებულ ცას, თავზე რომ ახალი ჩითივით მაფენია და ვიცი _ ეს ცა მე ვარ, ეს მიწა ჩემია. მე მთესველი ვარ, ის _ ხნული, ასე რომ იფშვინება ჩემი სხეულის სასურველი სიმძიმის ქვეშ, მეკვრის ცხელი, გაუმაძღარი და სულ მუდამ განუყრელნი ვართ, ერთად მივდივართ, მივიმღერით.
აბა გადახადეთ ეს ცა ამ მიწას, ამაგლიჯეთ ჩემს კერას, _ ჰაუუ, რა ვქნა, რისი მაქნისი ვიქნები მე მაშინ? ეს ცა ქუდად მხურავს, დედამიწა ქალამნად მაცვია და თუ ხათრი გაქვთ, ერთი ეს მითხარით, თქვენ ამით რა წაგიხდებათ ან რა გენაღვლებათ, როცა ეს ერთი ბატკანი ამ ცას ჩემთვის არხეინად ვძოვ, როცა მკლავები დედამიწის იღლიებში ამომიხვევია და ვწოვ მის რძეს, ვსვამ მის წვენს, ვჭამ მის ხორცს, ბარაქას და დოვლათს?
გესმით, სადღაც სასიძოდ შეღერებული ბიჭი როგორ ტკბილად უკიკინებს სიმღერას? აგერ გასათხოვარი გოგოს თავდავიწყებული ტკარცალიც გაისმის. ეს სიცოცხლე მღერის, შვილებო, სიცოცხლე მეძახის და ეეხ, როგორ მიყვარს ეს ბარაქიანად გაშხვართული მიწა, როგორ მენანება, რომ ის ალბათ მალე, სულ მალე უნდა დავტოვო! ვფიცავ სინდისს, მეძნელება, მიჭირს მისი დათმობა და არც ისე ადვილია ჩემი მისგან აგლეჯა. ცალი ფეხი მიწაზე მიდგას და მეორეც იქვე მაქვს დაბჯენილი.
აბა ყური დამიგდეთ. ერთ არაკს გეტყვით:
ტყეში ხმა ამოვიდა:
_ დარბაზი დაინგრა და ხალხი თან დაიტანაო.
მუხამ გადმოიხედა და იკითხა:
_ ჩვენი ბიჭი ხომ არ ერიაო?
_ არა, დარბაზი წიფლისა იყოვო.
_ კიდეც იმიტომ დანგრეულაო, _ მიუგო მუხამ.
ეს მუხა მე ვარ. მე ის დედაბოძი ვარ, ზედ ქართული დარბაზი თავხეებისაგან შეკრული გვირგვინით მტკიცედ რომ დაყრდნობილა, შვიდ ტოტზე შვიდი მასკვლავი შემომისხამს და თუ მე ვიქნები, იცოდეთ, დარბაზი არ დაინგრევა. მერე რა, რომ დავბერებულვარ, ტანზე კორძები რომ დამსხდომია? მაინც გამტანი ვარ, მაინც უკვდავი ვარ. შვიდი ტოტი ცად გამყრია. ფესვები მიწაში ღრმად გამიდგამს და მრუმე ღამით ზედ შემომჯდარი წმინდანიანის ფრთათა რხევით ელვისფრად ვარ განათებული, მუმლი მეხვევა და მაინც ვშრიალებ. ვშრიალებ ჩემთვის და რას ვაქნევ იმ ოქროს თხას, ოდესღაც ჩემს ტოტზე რომ ეკიდა? არც იმას ვდარდობ, იმ წუნკალმა ძველმა ბერძნებმა ჩვენივე შვილის, მედეას, მანქანებით, ის ოქროს ვერძი თვალსა და ხელს შუა რომ აგვაცალეს. უნდოდათ, რომა უგუდოდ დავეტოვებინეთ, მაგრამ ანგარიში წაუხდათ! ჯანდაბას იქით წასულა მათი თავი და ტანი. ოღონდ ღვინო იყოს და ქვევრში ჩავასხამთ, ბეკეკა თხას ოთხში ამოვიღებთ, ხარს, კამეჩს გავხდით ტყავს, რუმბებს, კოლოტებს გავამზადებთ და ისე გავალთ იოლას. ჩემს კარაკინიან ჭურს ვენაცვალე, ის ხომ მიწაში გრილად მაქვს ჩაგდებული! ეს მიწა ხომ ჩვენია. აქედან ვინ მოგვთხრის, მიწას ვინ წაიღებს და წაღებაც რომ დააპიროს, განა ჩვენ აქ არა ვართ? ცოცხალი თავით ვის დავანებებთ! ცალი ხელით მამულს დავიცავთ, მეორე ხელით ვიშრომებთ, ყანას ავაბიბინებთ, ვენახს გადავალურჯებთ და მტრისა და დუშმანის ჯიბრით პურ-ღვინოს მაინც არ დავიკლებთ. მართალია, გულს გვაკლია, ძაან გვაკლია ის ოქროს გუდა, ოდესღაც ასე სიმსიმად რომ აგვაცალეს, მაგრამ არაფერია! თუ ისეთი მოსავალი მოვიდა ყურძნისა, რომ ეს დალოცვილი ღვინო ქვევრში არ ჩაეტია, კოლოტში ჩავასხამთ, რუმბებს დავავსებთ. გუდა, ტიკი, ტიკჭორა ხომ ჩვენი მოგონილია? თუ ღმერთმა ქნა და ჭირნახული ისეთი მოვიდა, რომ მართლაც წარღვნა მოსკდა ღვინისა და არც ქვევრებში, ჩაფებში, კოკებში არ ჩაეტია, თქვენ მაგისი ჯავრი ნუ გექნებათ. ღმერთო, მომკალი და, განა ჩვენ აქ არა ვართ? რაც ჭურჭელში არ ჩაეტევა, ჩვენ დავლევთ. მოგეცათ ლხენა, ჩვენ ამითი ოდნავაც არ შევწუხდეთ!
მიკვირს, შვილებო, მიკვირს და გამკვირვებია, როგორ მოხდა, რომ ჩემი, ბათა ქექიას, მამები, ბაბუები, პაპები, პეპერები ასე სულელურად მოტყუვდნენ. ასე უბრალოდ როგორ დათმეს ის ოქროს წვერცანცარა, როცა ჩვენ, იმათმა შვილებმა, ისიც კი ვიცით, დედამიწაში რაა.
განა ჩვენი მოტყუება ასე ადვილია? არა, ბაბა, ჩვენ არც ისე ბრიყვები ვართ, რომ ოქროს თხა კი არა, მუნიანი ძაღლი დავანებოთ ვინმეს, თუ ძალით არ მოგვერია.
განა მე არ ვიყავ, ჩვენს ნაბატონარ ბაქარ მანდარიას მისივე მიწა-წყლიდან ფეხი სამუდამოდ რომ ამოვადგმევინე?
ბედდამწვარი მანდარია ერთი გლახაკი რამ იყო, ყოვლად ლენჩი და ჩიჩია. ერთი შინაბერა დის გარდა ძირი მას არ გააჩნდა და მოდგმა. ყოველივე ეს მხედველობაში მივიღე და თან ჩემთვის ვიანგარიშე: ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც ხეირია. ჩვენც, უნდა გამოგიტყდეთ და, ძალიან გვიყვარს კროლა კაკალი, _ ჩვენი მერეები, საძოვრები, კაპანები, ტყეები და ეწრები. ასეთი გემრიელი ლუკმისათვის, კაცმა რომ თქვას, ღირდა დევნა და დავიდარაბა. ჩვენც ავდექით და ვდიეთ იმ სულელ ყვავს. ვდიეთ, რადგან გული გვტკიოდა, სული გვიწუხდა და რაც მთავარია, კუჭი გვეწვოდა, რომ ის მსუქანი კაკალი სხვის პირში იყო და არა ჩვენსაში. მართალია, პირი პირია, თვითონ კაკლისათვის ეს სულერთი იყო, მაგრამ აბა ერთი ჩვენთვისაც გეკითხათ, ჩვენთვის როგორი იყო! ყოველ შემოდგომას, ტეხა-კრეფის დროს, გულდათუთქული გავქცეროდით, როგორ მიჰქონდა იმ უქნარას ჩვენი ნაწვავ-ნადაგი ჭირნახულის მესამედი მიწის ქირად და სიმწრისაგან გულში მჯიღს ვიცემდით.
ერთხელ იმ ჩემი ძუძუსმტე საბა მღვდლისაგან შემთხვევით გავიგე, რომ ჩვენს ყრუალა მანდარიას მამულის ბოძების სიგელი თურმე უკვალოდ დაჰკარგვოდა და ჯავრით აღარ იცოდა რა ექნა. მეც დავჯექ და ვივარაუდე: თუ ყანა ჩვენია, მიწაც ჩვენი უნდა იყოს და, თუ მიწა ჩვენია, მაშინ ჭირნახულიც ჩვენი ყოფილა და რად უნდა ვაძლიოთ მისი მესამედი იმ ლენჩ ნაბატონარს მიწის ბეგარად? კარგად რომ გავიანგარიშე, ანგარიშიც გულდაგულ რომ შევამოწმე, მერე ავდექი და გლეხებს შევუჩნდი. ჯერ მიწის მადა გავუღვიძე, მერე მისგან მოწეული ლუკმის გემო მოვაგონე და ბოლოს ისე ავრიე ისინი, რომ საწყალ მანდარიას ერთი გაუთავებელი ჩხუბი და ყაილა ავუტეხეთ.
სამი წელიწადი ვიარეთ მაზრის ქალაქში ამ საქმის გამო. სამი წელიწადი ვდიეთ ამ მსუქან ლუკმას სასამართლოდან სასამართლომდე. ხან იმან გვაჯობა, ხან ჩვენ ავიჩაგირეთ.
ჰოდა, აკი ამიტომაც მიკვირს, შვილებო, ძალიან მიკვირს იმ ოქროს თხის ამბავი. ახლა რას იზამ. რაც წასულა _ წასულა. დაკარგულზე მხოლოდ სულელები დარდობენ, მაგრამ ეს ოხერი გული მაინც რომ მტკივა! ახ, ნეტავ ერთი ის დალოცვილი ბეკეკა გვყოლოდა და! ქონი ქონად გვექნებოდა, ხორცი ხორცად, გუდა გუდად და ბაჯაღლოებს ვაჩხრიალებდით, სულ ვაჩხრიალებდით.
რას ვროტავ, კაცმა რომ იკითხოს? დავთვერ, შვილებო, ალბათ დავთვერ! ვერაგია ეს კურთხეული ჩხავერი. თავში ისე მუხთლად შემეპარა და ისე ჩუმად გამოვსულელდი, რომ არაფერი არ შემიტყვია. რას იზამ, მე მაინც ასე მირჩევნია. ამ ცხოვრებაში მუდამ ჩემი ჭკუით და ჩემი სისულელით მივლია.
2
დავბერდი, ბაბა, დავჩაჩანაკდი, მაგრამ რა ვქნა, უღურს მაინც არ ვიტეხ, სიბერეს ტოლს მაინც არ ვუდებ. თუ ამტკივდება რამე ან თავს კარგად ვერ ვიგრძნობ, ვცდილობ, არავინ არ შევაწუხო. ავადმყოფი ძაღლივით სადმე მივეგდები, ერთ დოქ ღვინოსაც გვერდით მოვიდგამ და ვსვამ ჩემთვის ნელ-ნელა. ეს არის ჩემი წამალი. დავრჩები _ ღვინომ დამარჩინოს, მოვკვდები _ ღვინომვე მომკლას. იციან ჩემი ამბავი შინაურებმა და აკი იმიტომაც ჩივიან:
_ თავს მოგვჭრის, უსათუოდ თავს მოგვჭრის ეს გადაყრუებული ბერიკაცი! თავისთვის ჩუმად ისე ჩაკვდება, რომ კაცი ვერას გაიგებს. მაგის, მაგ ხრონცის, სიკვდილს ვინ ჩივის, გამოგვწყვეტს ამ კუთხე-მეზობლებში და მერე თავს სირცხვილით ვეღარსად ვერ გამოვყოფთ.
მე ვწევარ ჩემთვის, მათ სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევ და ვფიქრობ.
_ ჰაიტ, შე სულწაწყმედილო ჩემო თავო, ღმერთი არ გაგიწყრეს და მართლა არ აიკრა გუდა-ნაბადი ამ ქვეყნიდან!
_ არა, ჩემო ბათა, არა! _ ვინუგეშებ თავს და თან ჩემსავე მკერდს ალერსიანად ველამუნები, _ ვეჟო, ჯერ ისე როდი დაბერებულხარ, რომ ეგრე შეუმჩნევლად გაიპარო ამ საწუთროდან. თუ ღმერთი მართლა გაწყრა და სიკვდილი თავს წამომადგა, თქვენ მაშინ უყურეთ ბათას, დასაკლავი ღორივით რომ მორთავს ღრიალს. თქვენ გგონიათ, მაშინაც ასე ჩუმად ვიქნები? არა, ბაბა, სიკვდილი ახალჯვარდაწერილი ცოლი კი არ არის, ლოგინში შემომიწვეს და გავუყუჩდე. ქვეყანას დავაქცევ ყვირილით, ცასა და მიწას შევძრავ ღრიალით და იმდენს ვიზამ, იმდენს ვიჯახირებ, რომ ამ შაქარივით ტკბილ სულს სიკვდილს მაინც არ დავანებებ; ან რისთვის უნდა დავანებო, კაცმა რომ თქვას? სად უნდა წავიდე უკეთეს ადგილას? აბა ერთი გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით, რომელი სამოთხე სჯობია ამ ჩემს მიწა-წყალს? ხედავთ, იქ ტყეა, ტყის იქით _ სოფლები, სოფლებს იქით _ ყანები, საძოვრები, ღარდა-ღრეები. აქეთ ეწერია, ეწრის იქით _ ისევ ტყეები, ტბა, ზღვა და მისიერი. ყოველივე ეს ჩემია, ყოველივე ეს მე ვარ და აბა ერთი თქვენ თვითონ მითხარით, რად მინდა სხვა სამოთხე? აბა ერთი გახედეთ ამ ყანებს, ამ დობილოებს და მერე მითხარით, რად მინდა თქვენი სამოთხის წალკოტი ან ის თქვენი ანგელოზები? აქაურობა მე მუდამ ისე მახარებდა, რომ ჩიტი ბუდიდან აფრენას ვერ მომასწრებდა. ჯერ ისევ დილაბნელში, ყველას რომ ეძინა და არსად ბაიბური არ ისმოდა, პირდაბანილი, ნასაუზმევი, თოხით ყანაში ვიყავ გასული და საალიონოდ აშლილ ფრინველებს ნიშნის მოგებით გავძახოდი:
_ გძლიე! გძლიე!
მაშ რა მექნა? ეგრე რომ არ მოვქცეულიყავ, ჩემს ცოლ-შვილს ვინ დააპურებდა? მტერსა და მოყვარეს ვინ გაუძღვებოდა? ცხრა შვილს რჩენა უნდოდა, ჩაცმა უნდოდა, დახურვა უნდოდა და მეც რა მექნა? ვმუშაობდი, წელზე ფეხს ვიდგამდი და თან ყველაფერი დანგის დანგამდე გამორწყული მქონდა, მისხლით მისხლამდე ვიცოდი, რის პატრონი ვიყავ და რა დოვლათი გამაჩნდა. ისიც ვიცოდი, გაისად ზურგზე რა გადასახადს ამაძრობდნენ და რას წაიღებდნენ, ისიც გაანგარიშებული მქონდა, რამდენი მათრახი უნდა მომხვედროდა მაშინ ჩაფარ-ბოქაულისაგან, მაგრამ გაჭირვებას ქედს მაინც არ ვუხრიდი, ცხოვრებაზე გულს არ ვიყრიდი. სიღარიბე სულს მხდიდა, გაჭირვება თავიდან ვერ მომეშორებინა, ბევრჯერ ლუკმაპურიც მომნატრებია, მაგრამ ჩემი ტირილი კაცს მაინც არ გაუგონია. ჭირს ჯანდაგი ხარივით არასოდეს არ წავწოლივარ, თავი არასოდეს არ დამიბეჩავებია და მით მტრის გული არ გამიხარებია. რაც უფრო მიჭირდა, თავი მით უფრო მაღლა მეჭირა და წუწუნით არასოდეს არ დავმცირებულვარ. მერე რა, აღდგომის პარასკევის გათენება ჩემი შავი დღის გათენება რომ იყო? ვის რა საქმე ჰქონდა იმასთან, მე ჩემს დედაკაცთან ერთად კერასთან მიმჯდარი გულდაგულ რომ ვვარაუდობდი და ვარაუდს თავს ვეღარ ვართმევდი; ვის რა საქმე ჰქონდა, თავს იმის ფიქრით რომ ვიტეხდი, თუ როგორ ან რით შემემოსა ცოლ-შვილი? ვისთვის ახალი წუღები მეყიდა, ვისთვის საქალამნე ტყავი შემეძინა, ვისთვის ძველმანი გამომეკერებინა ანდა უფროსის გამონაცვალი უმცროსისათვის ტანზე მომერგო და მით, ცოტას არის, ხარჯში იოლას გამოვსულიყავ! ბოლოს, ანგარიშითაც არაფერი რომ აღარ გამოდიოდა და თავს ვეღარ ვართმევდი ცხრა შვილის საფიქრალს, მთელ ჯალაბობას წინ გავიგდებდი, ბაზარში ერთად წავლალავდი და იქ ვმოსავდი. მაშ რა მექნა? გამოცდილებამ ჭკუა მასწავლა. ერთხელ ისე ამერია სათვალავი და თან წაღებული ფეხის ზომად აღებული ჯოხები, რომ ერთ შვილს ორი წყვილი ახალთახალი ფეხსაცმელი ვუყიდე და ცოლი ფეხშიშველა დამრჩა. ცოლი და ელია ხომ ერთი და იგივეა, რომ არ მოელი, ორთავ მაშინ აქუხდებიან. მეც, ჩემი ძვირფასი ნახევრის რისხვა თავიდან როგორმე რომ ამეშორებინა, შინ დაბრუნებული, კერას მწუხარედ მივუჯექი და ოხვრას განზრახ ვუმატე:
_ ეეხ, როგორ იქცევა, ბიჭო, ქვეყანა! ბაზარი კი არა, აფთიაქია, ნამდვილი აფთიაქი! ახლოს ვერაფერს ვერ გაეკარები, ყველაფერს ცეცხლი ეკიდება.
წუწუნის დროს თავში ერთი აზრი მომივიდა და ბევრი აღარ დავაყოვნე, იქვე განვაგრძე:
_ ვიფიქრე, მოდი, დედაკაცს წუღის მაგიერ ერთ კარგ საკაბეს ვუყიდი-მეთქი, მაგრამ იმდენი დამიფასეს, რომ თვალთაგან ცერის სიმსხო კურცხლები წამომცვივდა. რა მექნა? შინისკენ ისევ კუდამოძუებული გამოვბრუნდი.
ჩემმა სალომემ ერთი პირობა ნათქვამი თითქოს დაიჯერა, მაგრამ შვილებმა _ როგორი მამის შვილები არიან? _ მაშინვე ყურები ცქვიტეს, თვალებში ისე შემომაცქერდნენ და თან ისე უნდობლად ეღიმებოდათ, რომ მაშინვე შევატყვე, ტყუილი აღარ გამივიდოდა. მე იხტიბარი მაინც არ გავიტეხე და ოჯახისადმი ერთგულებითა და ხელგაშლილობით თავი ისევ მოვიწონე:
_ მართლა ვიტირე, შვილებო, ვიტირე, თავი ნუ მომიკვდება.
სალომე მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ვაცუცურაკებდი, მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ყოველივე ეს ფანდი იყო და ერთბაშად აენთო. მჭადის ზელვას თავი უცებ გაანება და გაცეცხლებული, ცომიანი ხელების ქნევით ჩემკენ გამოექანა:
_ ცრუობს, არ დაუჯეროთ! ცრუობს ეგ სასიკვდილე! როდის იყო ჩემი კაბისთვის თავს იკლავდა? იტირა! _ წამოიძახა დაცინვით და მერე დაცინვითვე განაგრძო, _ იტირა კი არა, ის არ გინდათ! აბა სად იტირე, როდის იტირე, შე სასიკვდილე და მართლა სატირალო, როდის იტირე, შე მიწაგასახეთქო, ჰა? გაგგლეჯ, შუაში გაგგლეჯ, შე წყეულო! _ გაჰკიოდა საწყალი და თან ცომიანი ხელებით ჩემს შუაში გასაგლეჯად მართლა მოიწევდა.
მე ჩუმად ვიყავ. როცა ერთი ყვირის _ ყვირილია და როცა მეორეც აჰყვება _ ჩხუბია, და მე ჩხუბი არ მინდოდა. ან რა მეთქვა? ვხედავდი, რომ მას მე კი არა, ჩვენი საერთო უბედურება, ჩვენი სიღარიბე და გაჭირვება აყვირებდა და გული კიდევ უფრო მევსებოდა მისდამი სიბრალულით.
_ არა, მართლა კი არ მიტირია, ქალო! _ ხმას უნებლიეთ დავუწიე და თვითონვე არ მოველოდი, გული უცებ მომივიდა, _ რაა, დედაკაცო, სულ კრიჭაში რომ მიდგახარ და ქოთანივით თუხთუხებ? შენ თუ მართლა მავნე და ბოროტი არა ხარ, რა დაგიშავდება, რომ დამიჯერო და მით ჩემი გულის ჭია ერთხელ მეც გავახარო? ვთქვათ, არ მიტირია. ჰოდა, შენ რა? ამით შენ რა ხეირი დაგეყრება?
შვილები ჩვენს ყაყანში არ ერეოდნენ, ორთავ ცოლ-ქმარი ერთიმეორეზე მიგვიშვეს და თან თავისთვის ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდათ. ის ჩემი ტანსავსე ქიონია თავის უძლეველ ფალავანს ჩემს წინააღმდეგ თან თვალის კვიმატიანი ჩაკვრით აქეზებდა და თან ოინბაზური ღიმილით, ასე გასინჯეთ, ნიშნის მოგებითაც შემომცქეროდა:
_ მიდი, დია, მიდი, არ დაზოგო. არაფერი არ შეარჩინო მაგ ბაქიასა და ტყუილის გუდას. ჰაიტ, ეგ ხრონცი და ცრუპენტელა! ამ ცრუობითა და გრძელი ენით არის, თავს რომ ინახავს და ჩვენ არაფრად ვენაღვლებით. შენ ხომ დაგაბერა და გინელებს? ხედავ, ახლა ჩვენც მოგვდგა, გვაძაბუნებს და დაბერებას გვიპირებს.
სალომემაც, იმ სულკურთხეულმა, შვილების იმედით მართლა ქეზი გამოიბა და სულ გადაირია, მომდგა და მწყევლის. ამას, როგორც იქნებოდა, კიდევ გავუძლებდი, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ახლა დედას შვილიც ჩამოეშველა:
_ ჰაიტ, შე ზანტო ეროყიავ, შენა! შე ცრუპენტელავ და ენატარტალავ! შენ გინდა იცრუო, გული ყბედობით მოიჯერო და ჩვენ თავი სულელებივით გიქნიოთ, არა? ხმა გაკმიდე, ენა მუცელში ჩაიგდე! სულერთია, არაფერი შენი არ გვჯერა და ტყუილუბრალოდ ნუ ირჯები! ვხედავთ, კარგა ვხედავთ მაგ შენს ფანდებს, ვიცით, შე ძუნწო მელავ და წუნწრაქავ, რის მყიდველიცა ხარ და რის შემძლებელიც. ჩვენთან რა გაგივა, როცა ერთი ხისაგან ვართ გამოთლილი.
მეც რა მექნა?
_ ახა შენ, ღმერთო ჩემო! _ ამოვიოხრე განზრახ ხმამაღლა, როცა არა გამოვიდა რა, თვალი მაღლა ავაპყარ, _ შე დალოცვილო, ქუხილი აღარ მაკმარე და ახლა ნიაღვარსაც მემართლები!
_ გაჩუმდი, გაჩუმდი-მეთქი! _ მთლად გადაირია ეს ჩემი კორიანჩხელა გოგო. თან ისე მოიწევს ჩემკენ და ისე ყვირის, თითქოს ვინმე მართლა აკავებდეს და ჩემკენ არ უშვებდეს, _ გამიშვით, გამიშვით და მე თქვენ გაჩვენებთ მაგის თვალის სეირს! პირში ალის ქარი ჩაიგდე, თორემ გაგათავებ და არ იფიქრო, რომ მამაშვილობას დავერიდო!
მეც გავჩუმდი, ამდენი ყაყანით თავი ბოლოს ისე გამბეზრდა, რომ გუნება სულ წამიხდა.
ირგვლივ ერთბაშად ჩამოვარდნილმა სიჩუმემ ქიონია მისდა უნებლიეთ შეაკრთო. ერთბაშად იმასაც ხმა ჩაუწყდა. ერთი დაეჭვებით გაბეჩებული თვალებით შემომხედა და ეგრე აბრუგატეხილი, დაბეჩავებული რომ დამინახა, თავი ვეღარ შეიკავა, სიცილი წასკდა. მეც ეს მინდოდა. მადლობა ღმერთს, გამოიდარა! ერთი ლაღად ამოვისუნთქე და ორივე ერთად მოულოდნელად ავქირქილდით, ორივეს გულიანი სიცილი აგვიტყდა. მე გაბზარულ კოკასავით ვღრიალებდი, ის სავსე ლიტრასავით ლიკლიკებდა და თან სიცილით გაბრწყინებულ თვალებში ერთიმეორეს ბედნიერად შევხაროდით.
სალომე შეცბა, ერთბაშად მხიარულ გუნებაზე დამდგარ მამა-შვილს გაცბუნებულად შემოგვხედა და ერთხანს ჩუმად, გაკვირვებულად გვიცქეროდა. ჰგავს, ჩვენი ხალისი ჭკუაში დიდად არ დაუჯდა და ორივეს გულიანად მოგვაწყევლა:
_ გაგისკდათ მიწა, ორივეს ერთად გაგისკდათ დედამიწა, კაი შვილები თქვენ არ იყოთ! როგორიც მამა, ისეთი შვილი, როდის იყო, რომ ეკალს ვაშლი გამოესხა, _ და მჭადის ზელვა ისე განაგრძო, თითქოს ჩვენ გულის ჯავრს იმაზე იყრისო, მაგრამ დახეთ ჩვენს ახალ უბედურებას! ცხელ გულზე ცომი თხელი მოუვიდა და ისიც ჩვენ დაგვაბრალა. მამა-შვილი ისევ წყევლა-კრულვით აგვიკლო, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო.
მეც ამდენი ვეღარ შევძელი. ბოლოს მეც მოთმინებიდან გამოველი.
_ აღარ გაჩუმდები ახლა, დედაკაცო? _ ავყვირდი გაგულისებით და თან ყოველი შემთხვევისათვის თვალს მარჯვედ ვადევნებდი. თუ ვინიცობაა, პირაქეთ შემომიტევდა, უკან დასახევ ადგილს აქედანვე ვათვალთვალებდი.
სალომემ ჭკუა იხმარა, ენა მუცელში მართლა ჩაიგდო. მეც, კმაყოფილმა, რომ ქუხილი მიწყნარდა, წუწუნი მაინც არ მოვიშალე:
_ ეეხ, ვხედავ, კარგად ვხედავ, რომ არაა ჩემი საშველი! ასე მაწამებს, ასე მხდის სულს და სანამ, სანამ უნდა ვიყო, ღმერთო, მაგის ხელში ეგრე გაძაღლებული?
გული კრუსუნით რომ ვიჯერე, ახლა შვილებს მივუბრუნდი, იმათ შევჩივლე:
_ ცოდვა ვარ, თქვე უღმერთოებო, ცოდვა და ნუთუ არ გებრალებით? ხომ ხედავთ, რომ მეტი აღარ შემიძლია? ხომ ხედავთ, რომ ამანი აღარა მაქვს.
ალბათ მართლა საბრალო ვიყავ, ჩემმა გოგონამ თავზე ხელი ეგეთი ალერსით რომ გადამისვა და გულში გრძნობით ჩამიკრა.
_ არა, ჩემო ბაბა, არა! _ მიყვავებს გულს ტკბილი ალერსით და თან ეშხიანი სახე სახესთან ახლოს მოიტანა, სავსე ტუჩებით საკოცნელად მოიწია, _ მოდი, ერთი ეგ ბებრული თვალები დაგიკოცნო! მოდი, გულში ჩაგიკრა. ვერაგი ხარ, ბაბა, დიდი მუხთალი და გაუტანელი რამ ხარ, მაგრამ რა ვქნა, მამა ხარ და ხომ ვერ გადაგაგდებთ.
გულში მიხუტებდა, თავს მევლებოდა და მეც, გრძნობამორეულს, თვალი ბედნიერების ცრემლით მევსებოდა.
_ საწყალი ბაბაია! _ განაგრძობდა ალერსს ქიონია, _ საბრალო მამაჩემი! ისე დაბერდა ეს საცოდავი, ისე გამოჩერჩეტდა, რომ ერთი ფიორისოდენი ჭკუა არ გააჩნია და მაინც არ ასვენებენ, ჭკუას მაინც ეკითხებიან. ამანაც რა ქნას, ამ საწყალმა? სახარებას უკითხავენ და თვალი მაინც ეშმაკისაკენ უჭირავს, _ თან მლანძღავს, თან მელამუნება ჩემი გოგო და მეც მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მისი ალერსით გულაჩუყებული ვწუწუნებდი:
_ რა ვქნა, შვილო! სანამ ახალგაზრდა ვიყავი, მაგ დედაშენს ჩემი ფასი ქვეყანაზე არაფერი გააჩნდა და ახლა, როცა დავბერდი, ამიჩაგირა, არაფრად მაგდებს.
სიტყვა დასრულებულიც არ მქონდა, რომ ამ მართლაც ყელკურთხეულმა სულის მოთქმა არც ახლა დამანება. ისევ წამოვარდა, ისევ აყვირდა, ისევ არ იყო მისი გაჩუმების საშველი:
_ ხმა ჩაიწყვიტე! _ კიოდა, ჩხაოდა გაკაპასებული, _ გაჩუმდი, შე წყეულო, თორემ მოგკლავ, გაგათავებ!
მე ჩემთვის ვიღიმებოდი, მის ჩხავილს არად ვაგდებდი.
_ კაი ახლა, დედაკაცო! _ ვემუდარებოდი ტკბილი ალერსით, _ კარგი, შე ქალო!
_ დაუყვავე, ბებერო, ჰო, მიუალერსე... _ მაქეზებდნენ შვილებიც, _ ღვთის მოცემული ცოლია, მტერი ხომ არაა.
მე ვიცინოდი და თან სხეულში ზაფრის ქარი მივლიდა. საქმე ის იყო, რომ სალომეს სულაც არ ეცინებოდა და მეც რა მექნა, ფრთხილად ვიყავ. ვინ იცის, საიდან წამომიქროლებდა და ქორივით გამაფირთხაშებდა, მაგრამ შიშმა ამაოდ ჩაიარა. საწყალმა ერთხანს უსიტყვოდ გვიცქირა, გვიცქირა და მერე ხელი ჩაიქნია, აყალმაყალს ისევ სიჩუმე ამჯობინა.
3
მიკვირს, რად არის, რომ ეს ძაღლის შესაჭმელი ენა პირში არასოდეს არ მიცდიდა? ან რა მოაცდევინებდა დალოცვილს, როცა ამ ჩემი ბორნით დუნიის გზაჯვარედინზე ზარივით ვიყავ გაკიდებული და ყელამდე სავსე რიონზე მილეთის ხალხი აქეთ-იქით დამყავდა, როცა ქვეყნის ყელში ენასავით ვეკიდე და არაფერი ჩემს თვალ-ყურს არ გამოეპარებოდა. ხუთივე გრძნობა ხუთ ძმასავით ერთგულად მემსახურებოდა და ყველაფერი ვიცოდი, გუმანს მაშინვე მზაკვარივით ავიღებდი, ვინ რას აპირებდა, ვის რა აწუხებდა ან ვის ვისი ჯავრი ჰქონდა და ვისი სიხარული.
ღამით, როცა გვალვით ნამრავლი კალია და რწიმი ყურთასმენის წამღებად ახმაურდებოდა, როცა რიონი კიდევ უფრო იდუმალად ადუდუნდებოდა და თხემლისა და კოპიტის შტოებში ნავახშმი მთვარე ციებიანის ტყირპიანი მუცელივით ყვითლად აინთებოდა, როცა ბაყაყების ალიაქოთითა და კოღოს ზუზუნით დედამიწა ლენჩდებოდა, მე თაბიაზე, ცის ქვეშ, ვიწექ და როდი მეძინა _ მელანდებოდა წივილი სიყვარულს მოწყურებული ალისა.
თუ მთვარე ახალი იყო და ცაში მკრთალ ოდრიკალად მოიხაზებოდა, პირს მაშინვე სათათრეთისკენ ვიბრუნებდი და ხმამაღლა ვღაღადებდი:
თუთა ახალი, _
ღორონთი, სი გაახარი
ჩქიმი ჩილი დო სქუა!
მერე ოხვრით ვწვებოდი. მთელი დღის ჯაფით დაღლილ-დაქანცულს მკვდარივით მეძინა. ვიძინებდი და ისევ ვერ ვხედავდი, ღამე მუხის ლურჯი შტოებივით თავს რომ მეფინა, არ მესმოდა, სადღაც, სხლტეებში, სიზმრით შეშფოთებული მაფშალია ცას აღტაცებული გალობით რომ შეჰხაროდა.
რიონის ეს ტკბილი ძილისპირიც ყურში ნანასავით ჩამესმოდა და ჯერ დაუბადებელი ბალღივით ვიყავ, დედის მუცელში შეუმჩნევლად რომ მწიფდება და სიცოცხლით, ჯან-ღონით შეუმჩნევლადვე რომ ივსება.
_ მეპარონე, აუ-იუუ, მეპარონე-ეე! _ ჩამესმოდა ძილში ვიღაცის ყვირილი გაღმა მხრიდან, მაგრამ მე ბაიბურშიც არ ვიყავ, ყვირილს ყურადღებას არ ვაქცევდი. შეგვიანებული ან გზადაბნეული ღამის მგზავრი იყო, ან მონადირე, ანდა ვინ იცის ვინ? საწყალს გზაში შემოღამებოდა და ახლა, სოფელს რომ მოახლოებოდა, სული მისდიოდა, კუპრი ღამის ეშინოდა. მრუმე ღამეში რიონი სულდგმულივით ჩუმად მიიპარებოდა, შინისკენ გზას აღარ აძლევდა. მისი ხიდი და ბოგირი მხოლოდ მე ვიყავ, მას ჩემს ზურგზე უნდა გადაეარა, მე კი ამ ზურგით არხეინად ვიწექ თაბიაზე და მეძინა.
_ მეპარონე, აუუ, მეპარონე-ეე! _ საშველს არ მაძლევდა ვიღაცა იყო! სხვა რა გზა მქონდა, თავი უნდა შემეწუხებინა და ავმდგარიყავ. მეც ვდგებოდი, ნამძინარევ თვალებს ბურტყუნით ვიშმუშნიდი, ძილის ბურანისაგან გონს ძლივს მოვდიოდი და თან იმ ჩემს ძილის დამაფრთხობელს მოსვლის საათს, ღდინსა და ჯილაგს ვაგინებდი. ყარამანდული შარვლის ტოტს ფეხით ძლივს ვპოულობდი, ხონჯარს ვაი-ვაგლახით ვიკრავდი და მიწაზე ზღართანი რომ არ მომედინა, თაბიადან ძირს ფრთხილად ვეშვებოდი.
_ მეპატრონე, აუუ, მეპატრონე! _ ამცირებდა გულს ყვირილით ის ჩემი ცოდვით სავსე.
_ ჰეე-ჰეი, ვინა ხარ? _ გავძახოდი მეც ხაბოზე გადამდგარი და თან ნამძინარევ თვალებს ხელის გულებით ისევ ღონივრად ვიფშვნეტდი.
_ მგზავრი ვარ, ბათაია, მგზავრი! ყარამანა ვარ, ბარამია, და თუ კაცი ხარ, ერთი ეგ პარონი აქეთ მოაყენე.
_ კაცო, ამ შუაღამემდე ეწერში რა გინდოდა? _ ვეკითხებოდი გაკვირვებით მეთევზე ყარამანას და სილიან ხაბოზე სირბილით ვეშვებოდი.
_ ზუთხებს ფელოზიან ანკესებს ვუგებდი და იმან შემაგვიანა.
ხმას მაძლევს ყარამანა, მაგრამ მე მასთან სალაპარაკოდ აღარ მცალია. ბორანი წყალში კი არა, გულდაგულ ღამეში შევაგდე, გაკუპრულ ნავებზე შემოხლილი ტალღები ხალისიანად ტლაშუნობდნენ, ღონივრად მოწოლილი წყალი ბაგირს აჭრაჭუნებდა, ბჟოლის ხისაგან გათლილი ხარკალა ტკბილად ღუღუნებდა. გული სიხარულით მევსებოდა. მიხაროდა, რომ მე ხიდი ვიყავ ამა სოფლისა. რიონის იდუმალ დუდუნს ყურს ვუგდებდი და გული სიამაყის გრძნობით მევსებოდა, რომ ჩემს ლაჯებს ქვეშ ეს ამოდენა წყალი თავისი ზუთხებით, ტივებითა და ძველისძველი თქმულებებით ეგრე ლაღად მიედინებოდა. ამ წყალს ოდესღაც თურმე ფაზისი ერქვა და მისი მონაპირენი მიცვალებულ დედაკაცს მიწას აბარებდნენ, ხოლო მამაკაცის გვამს ხარის ტყავში ხვევდნენ და ხეზე კიდებდნენ. კიდევ კარგი, რომ ეს ჩვეულება არ შენახულა, თორემ ჩემი ენის პატრონს ვინ დამზოგავდა? _ ცოცხლად ჩამომკიდებდნენ ხეზე...
4
ახლა? აჰაი, დედას მტრისასა! დავბერდი, დავჩაჩანაკდი და ბრაზით გულს ვასკდებოდი, რომ ეს სოფელი ასე მომხიბლავია, ასე გემრიელი და მე კი უნდა წავიდე.
ვინ მოთვლის, რამდენი მიშრომია, რამდენი ოფლი მიღვრია ამ ბარაქიანი რიონის პირად, რამდენი ქცევა მიწა მიხნავს, მიფარცხავს, მითესია და მერე მითოხნია. ბორანზე საჭის ქაჯაბით რამდენჯერ წელი მომწყვეტია, ამ წყალზე რამდენჯერ გავსულვარ და უკან გამოვბრუნებულვარ, ამ წყალში რამდენი თევზი დამიჭერია, რამდენი ტყე მიჭრია და ამასობაში შვილებიც მომსწრებია. ვინ მოთვლის, რამდენი სიმინდით სავსე ურემი ამომიზიდავს ამ ხაბოზე, ნალიები ტაროებით გამიძეძგავს, ხულა ღომით გამიტენია, სხვენი კვახით და ლობიოთი დამიტვირთავს, ქვევრები ღვინით ამივსია, ჩალაც ხეზე მიზვინავს, თივა ეზოში ბულულებად დამიდგამს და ახლა? ამ თვალშეუდგამ მდელოს რომ გავცქერი, გული, ეს ოხერი გული მისი ცქერით მაინც ვერ ძღება და ნაჩვევი ხარივით ისევ იქით მიმიწევს, მაგრამ, ეეჰ, ჩემს ეგეთ სიცოცხლეს რა ფასი აქვს, როცა შვილთა შიშით ვერც იმ ჩემს სახნისსა და ვერც თოხს ვერ მოვკიდებივარ!
ეს მაშინ მოხდა, უფროსი ქალიშვილი გორდს რომ გავათხოვე. ქორწილში დამთვრალს მიწაზე დამძინებოდა და ისე შეუმჩნევლად გავცივებულიყავ, რომ კინაღამ სული ჩავაბარე პატრონს. ერთი თვე ვებრძოდი სიკვდილს, ერთი თვე ვიფხარკალე, ვიბღავლე, ვიჯახირე და ეს გაძაღლებული სული არჯალს მაინც არ დავანებე. ეეხ, რომ იცოდეთ, როგორ დამქანცა ამ უსწორო ბრძოლამ! მაგრამ იმდენი ვქენი, რომ ეს ტკბილი სული პირში მაინც შევირჩინე. ჯერ ორი კვირაც არ გასულიყო, რაც ლოგინიდან ავდექ და ისე მაინც ვერ მოვმაგრებულიყავ, რომ დრო ჩემებურად, ძველებურად მეტარებინა. გავხდი, დავძაბუნდი. ჩემი თავი მე თვითონვე მაბრაზებდა.
ერთ საღამოს კერასთან მარტო ვიჯექ. უსაქმობით გაბეზრებული ჩემთვის `ვისრამიანს~ ვკითხულობდი და თავს იმით ვიქცევდი. მალე ვისისა და რამინის მიჯნურობის ამბავმა და დალოცვილმა ქართულმა ისე გამიტაცა, რომ არც შემიტყვია, როდის დაბრუნდნენ ყანიდან ნაშრომ-ნაჯაფი ჩემი ვაჟკაცები, არც ის შემიტყვია, როგორ დაბანა ქიონიამ ძმებს ტალახიანი ფეხები და როგორ შემომისხდნენ ირგვლივ ბოკვერებივით. მეც რა მექნა, წიგნი ოხვრით გვერდზე გადავდე და არ მციოდა, მაგრამ კერასთან მაინც ახლოს მივიწიე. შვილები ხმას არ იღებდნენ და ყოველ მათგანს სათითაოდ რომ მოვავლე თვალი, ელდა მეცა! მაშინვე შევატყვე, ანდა ამას რა დიდი შეტყობა უნდოდა, რომ ყოველ მათგანს ჩემს წინააღმდეგ რაღაც შეთქმულება განეზრახა. ქალის ამბავი თქვენც მოგეხსენებათ და რაა საკვირველი, თუ სახეზე მოუთმენლობა ყველაზე მეტად იმ ჩემს კორიანჩხელა გოგოს დასტყობოდა. ის კუდიანი თავს ისეთი მონდომებით დამტრიალებდა, თან თავისი ეშხიანი თვალებით ძმებს რაღაცას ისე კვიმატიანად ანიშნებდა, რომ მაშინვე მივხვდი, ჩემი საქმე ფარსაგად არ იყო. ეჭვი განზრახ მაინც არ დავიმჩნიე და ჯიბრით ყურადღება არ მივაქციე.
_ უთუთია, ბაბა, _ უფროს შვილს ისეთი განურჩევლობით მივუბრუნდი, ვითომც არაფრის ბაიბურში არ ვიყავ, _ ხვალ არა და ზეგ მეც წამოვალ ყანაში. ნათქვამია, რაღა მკვდარი და რაღა შინ მოუსვლელიო. მე კი ვიტყვი, რაღა მკვდარი და რაღა შინიდან გაუსვლელი. სული ამომხდა ამდენ ხანს უქმად გდებით. გავბეზრდი, შვილებო, მეტი აღარ შემიძლია!
ქიონიამ ჯერ სიტყვა დამანება, სათქმელი კარგად მომისმინა, მერე მოთმინება უცებ დაკარგა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა, სიტყვა ძმას დაანება.
_ აბა, უთუთია, თქვი ჩვენი სათქმელი, თქვი და, თუ არ დაგვიჯერა, მერე მე ვიცი და მაგან, მაგის ოხტში ისევ მე თუ ამოვალ.
მე ხმა არ ამომიღია ამ სიტყვაზე. ხან უფროს ვაჟს ჩავაჩერდი თვალებში, ხან ჩემს გაკაპასებულ გოგონას და ხან მის უღიმღამო ქმარს, ცოლის შიშით ხმა რომ ვერ ამოეღო და ჩიჩვირჩამოშვებულს, უშნოდ ატუზულს ადგილიდან ფეხი ვერ მოეცვალა.
_ რა მოხდა, ბაბა? _ შევეკითხე შვილს თავმოსაწყლებით, _ ისეთი რა დავაშავე, ასე მწარედ რომ მემუქრები? ეს გაჯახირებული სული ოხერ სიკვდილს ხელში რის ვაი-ვაგლახით გამოვგლიჯე და ახლა შენ გინდა ამომხადო?
ხმა რომ არავინ გამცა, თვალი დანარჩენ შვიდ შვილსაც ერთხელ კიდევ სათითაოდ მოვავლე და უცებ გული მომივიდა.
_ რას გაჩუმებულხართ? ენა მუცელში რას ჩაგიგდიათ? _ წამოვიძახე გაგულისებით, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მივიღე. ისხდნენ თავისთვის არხეინად და სახეში ღიმილით შემომცქეროდნენ, არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა.
_ ჰაიტ, თქვე ეშმაკის კერძებო! _ ავყვირდი მოთმინებიდან გამოსული, _ არ გეგონოთ, ავადმყოფობამ ისე გამომაჩერჩეტა, რომ ვერაფერს ვერ გატყობდეთ! მითხარით, რა პირი შეგიკრავთ, გამოტყდით, რას მიპირებთ? ყველაფერი ახლავ მომახსენეთ, თორემ ისე მამათქვენსა აქვს სიცოცხლე, როგორც მან ზურგი ამ ბალამწარით აგიჭრელოთ, _ და ამ სიტყვებით ხელი ბლისგან გამოთლილ ყავარჯენს წამოვავლე, მაგრამ ქიონიას ჩემი რისხვა აინუნშიაც არ ჩაუგდია.
_ გაჩუმდი! გაჩუმდი, ბევრს ნუ ფაფხურობ! _ იმნაირად შემომიტია მან, თითქოს მე კი არა, ერთ ბეხრეკ ქოფაკს წამოეყეფოს. მერე ზურგი აგდებულად შემომაქცია და ისევ იმ თავის უფროს ძმას მიუბრუნდა, _ თქვი, უთუთია, თქვი, რაც გადავწყვიტეთ! მაგას რას უყურებ, შე კაცო! აბა, დედამისის შვილია და, ერთი ჩვენს დებულებას გადაუდგეს, მე ვიცი მერე მაგის წამალი.
ენა მუცელში ჩამივარდა. მივხვდი, რომ ისინი აღარ ხუმრობდნენ. შევატყვე, საქმე არცთუ კარგად მომიტრიალდებოდა და მეც რა გზა მქონდა, ისევ ნებას დავყევ.
_ რა ვქნა, შვილებო, ვნახოთ, რას მეტყვით, _ ამომხდა კვნესით და თავი მორჩილებით დავხარე. გადავწყვიტე, არასგზით ხმა არ ამომეღო. მინდოდა, კარგად გამეგო, რას მიპირებდნენ ან რა გადაეწყვიტათ ჩემთვის ჩემს შვილებს.
_ მაშ ასე, ბაბა! _ დაიწყო უთუთიამ ალერსიანი ღიმილით, _ სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, მოდი, ერთი რამ გულახდილად გვითხარი, ამ ერთ რამეში ამთავითვე შევთანხმდეთ, _ აბა ერთი ხელი გულზე დაიდე და ისე გვითხარი: ვართ თუ არა ჩვენ შენი შვილები?
ეს შეკითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ შევკრთი, იმდენად გადავაჭარბე, რომ შევხტი კიდევაც, მერე ჯორკოთი კერასთან უფრო ახლოს მივიწიე და შუბლში ხელი გავირტყი:
_ ყვაი პეჩი! ღმერთო, მომკალი და აბა ვისი შვილები ხართ, თქვე მამაოხრის შვილებო? მითხარით, გამიმხილეთ, თქვენს თავს ვინ მედავება და თვალს ვინ მივსებს? ერთი ხომ იმ ოჯახდაქცეულმა გორდელმა სიძემ მომტაცა და მის ქორწილში სიცოცხლეს კინაღამ გამოვეთხოვე, მეორე იმ რუსხემწიფემ წამართვა და სალდათში უკრა თავი? ბედმა ესეც აღარ მაკმარა და ახლა ისევ მედავებიან? აპაი-პაი-პაი, კმარა, ბაბა! მეტი ვეღარავის ვეღარ დავუთმობ თქვენს თავს! რაც ხართ, ესა ხართ! გულახდილად რომ ვთქვათ, ვერაფერი შვილი ბრძანდებით, მაგრამ მაინც ჩემი ხართ და რას იზამ, ყვავს თავისი ბახალა ქვეყანას ურჩევნია და მე ხომ კაცი ვარ და რა ვქნა, თუ ჩემი ბაღნები მეც ქვეყანას მირჩევნია. ჩემი ხართ, ბაბა, აბა ვისი იქნებით? ჩემი ნაცოდვილარი ხართ, ჩემი ნაჯახირევი, ნაწვალები და სიმწრით გამოზრდილები...
და ამ სიტყვებით ჩემს დედაბერს მოვუტრიალდი:
_ ჰაიტ, შე სულკატიანო, ახალციხელი თათრის არ იყოს, სხვის ნაბადს თავის ჩულს რომ ეძახდა, ისე ხომ არ არის ჩემი საქმე? მითხარ, შე სულწაწყმედილო, გამოტყდი, ვინმე ხომ არ მეხმარებოდა ამ საქმეში?
იმასაც ეს უნდოდა. ოღონდ ჩხუბის საბაბი მიეცა ვინმეს და იცოცხლე, ის ცას ეწეოდა. ახლაც, სადავიდარაბო მასალა იშოვა თუ არა, სიტყვა მაშინვე გამომართვა და მომდგა, როგორც შეეძლო და გაუვიდოდა:
_ ჯანდაბას, ჯანდაბას იქით გადავარდა ეს შენი ოხერი თავი! აჰაიტ! რატომ ეგ ძაღლის შესაჭმელი ენა ძირში არ მიგახმება! რატომ ეს ოხერი ცხელი ქარი არ ჩაგივარდება მაგ პირში და სულს არ გაგაცხებინებს!
და რამდენი წყევლა გაუგრძელდა, იმდენი ხმას უფრო აუწია, გაკაპასდა, გაანჩხლდა, სახე კუჭისფრად მოექცა და მოთმინება რომ აღარ ეყო, ამ ცხელ გულზე ღომიდან ჩოგანი ამოჭვალა და ჩემკენ მუქარით გამოქანდა:
_ ამ ცხელ ჩოგანს რომ ჩაგთხრი მაგ ყიაში, მაშინაც არ დაიმოკლებ მაგ ძაღლის შესაჭმელ ენას? რას ლაქლაქობ, თვითონაც რომ არ გესმის, შე მიწაგასახეთქო, შენა!
ამ გაცეცხლებულ გულზე სიტყვას რას მოვუგებდი? მეც რომ ავყოლოდი, ჩხუბი გამოვიდოდა და აკი ამიტომაც გავუყუჩდი, თავი კიდევ უფრო მოვისაწყლე იმის შიშით, რომ ეს ჩემი კურთხეული ნახევარი ისევ არ ათუხთუხებულიყო, მუშტისოდენად მოვიკუმშე და შვილებს გაუბედავად მივმართე:
_ ამაზე უკეთეს საბუთს, რომ თქვენ ნამდვილად ჩემი შვილები ხართ, ვერ წარმოვადგენ და ახლა გინდ დაიჯერეთ და გინდ არა.
სალომემ, როგორც იქნა, ხმა ჩაიწყვიტა. მეც შემთხვევით ვისარგებლე და ხმას ავუწიე:
_ შეხეთ, შვილებო, ერთი ამ ციდან ჩამოფრენილ ანგელოზს დამიხედეთ! მერე რა, რომ ბებერია? მერე რა, რომ ჩემი ცოლია? მაინც ანგელოზია და რომ ვუცქერ, მიკვირს, მიკვირს, შვილებო, ძალიან მიკვირს, რამ გამაძლებინა მაგის ხელში ოცდახუთი წელიწადი. ოცდახუთი წელია ასე მაწამებს, ასე უმოწყალოდ მხდის ამ გაძაღლებულ სულს და მაინც ვერ ამომხადა. ახლა მოთმინება გამომელია, ამოსახდელი სული ყელში მებჯინება და უნდა გამოგიტყდეთ, რომ მეტი აღარ შემიძლია, ამანი აღარ მაქვს. სანამ ახალგაზრდა ვიყავ _ ვუძლებდი. ცოტას სიყვარულით, ცოტას მოთმინებით, ცოტას ხათრით და, როგორც იქნა, სული აქამდე მოვიტანე. ახლა მოვხუცდი, ბაბა, გავტყდი, და ცოდვა-მადლი მაინც არ იცით, თქვე ურჯულოებო? თქვენ თვითონ ხედავთ, რომ სულს მაძრობს! რამდენი დაბერდა, იმდენი გაავდა და რამდენი გაავდა, იმდენი მეც გამიჭირდა. მიჭირს, შვილებო, ნამეტანი მიჭირს! ბუმბული მაინც ვიყო, ქარი წამიღებდა, სადმე დამკარგავდა და მოვისვენებდი.
_ რატომ ის ქარი არ ჩაგივარდება მაგ პირში და ენას არ ჩაგიგდებს, შე თავქარიანო! _ აკაპასდა ისევ სალომე და ხმა ახლა მე ჩავიწყვიტე, სიტყვა მას დავანებე, _ რატომ ქარად არ ამოგხდება ეგ სული, რას ტარტარებ, შენ თვითონ რომ არ იცი, შე მიწაგასახეთქო! _ განაგრძობდა ისეთი გამწარებით და, ასე გასინჯეთ, ისეთი გატაცებითაც, თითქოს თავისი ენის ქნევა თვითონვე უხაროდა.
_ იახადო, ბაბა! _ მაინც განვაგრძე ჩემი სათქმელი, _ თუ რამე ხელი დაგაკლდათ და ვერ გიპატრონეთ, მთლად მე კი ნუ მომთხოვთ პასუხს, ნახევარი დედათქვენსაც მოჰკითხეთ, თორემ მარტო მე ცოდვა ვარ, ამდენ ბრალს მე რას გავუძლებ!
_ გაჩუმდი! გაჩუმდი! _ წამოეხმარა დედას ისევ ის ჩემი კორიანჩხელა გოგო, _ ენა მუცელში ჩაიგდე, თორემ შენს ტლიკინს თუ ვუყურეთ, ბარე ორი ღამე შემოგვათენდება. ვიცით, რომ უმანკო ხარ, საწყალიც ხარ, სუსტიც ხარ. უუჰ, რა სუსტი ხარ, შე საწყალო! ამიტომ ყური გვიგდე, კარგად მოგვისმინე და რასაც გეტყვით, კარგად დაიმახსოვრე.
ამ სიტყვებით კაბის კალთაში ჩაკერებული ჯიბიდან ხელდახელ ტკბილი კვერი ამოაძვრინა და ვითომც გაგულისებით პირში ჩამჩურთა. მეც დრო აღარ დავკარგე და ნუგბარს კბილი მაშინვე მადიანად გავკარი, მართლაც ენა მუცელში ჩავიგდე, თან ტკბილ კვერს შევექცეოდი და თან უთუთიას ყურს ვუგდებდი.
_ მაშ კარგი, ბაბა, რახან ჩვენ მართლა შენი შვილები ვყოფილვართ, მოდი, ყური დაგვიგდე და რასაც გეტყვით, კანონად მიიჩნიე.
_ კარგი! ძალიან კარგი! _ ვეთანხმები უთუთიას ტკბილი კვერის ღეჭვით გართული და თან სული მიმდის, მინდა გავიგო, რა განაჩენი გამოუტანიათ ჩემთვის და რას უნდა დავემორჩილო.
_ მერე რა, რომ ერთი შვილი სალდათში გყავს და მეორე გათხოვილია, _ განაგრძო უთუთიამ, _ ჩვენს დებულებას ვერც ისინი გადავლენ.
_ ვიცი, _ ვეთანხმები ისევ ისე და ლუკმა გადავყლაპე, საყაყანოდ ისევ მოვიცალე.
_ შენც დაბერდი და ჭკუა დიდად არ გეკითხება, _ ჩაურთო ქიონიამაც თავისებურად და პირში ისევ ტკბილი კვერი ჩამჩურთა, თან სახეზე ისეთი კმაყოფილების იერი დაჰნათოდა, რომ გული ბოღმით ამევსო.
_ აი, ეგ აღარ ვიცი! _ წამოვიძახე და ჩემს გოგონას თან დამცინავად და თან მრისხანედ გადავხედე. თვითონვე ვატყობდი, რომ ბოღმა გულში თანდათან იზრდებოდა, ყელში თანდათან მებჯინებოდა. მათი მიდებულ-მოდებული სიტყვა-პასუხი იმთავითვე ჭკუაში არ დამიჯდა, მაგრამ აქამდე ვითმენდი და ახლა მოთმინება გამომელია. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხაფანგს მიგებდნენ, მივხვდი, რომ ჩემი საქმე არცთუ ფარსაგად მიდიოდა, მაგრამ ამასაც ვითმენდი. ახლა ამდენიც აღარ შემეძლო და მათი განზრახვა თავიდანვე რომ ჩამეფუშა, ავვარდი, დავვარდი, ხმას თანდათან ავუწიე.
_ მაგ თმაგრძელსა და ჭკუამოკლეს რას აჰყოლიხართ! _ ავღრიალდი და ბრაზით გაცეცხლებულმა ხელი ქიონიასკენ გავიშვირე, _ არაფერი მაგას არ დაუჯეროთ, არაფერში მაგას არ აჰყვეთ, ბაბა! თქვენი დაა, მაგრამ დედამისის შვილიცაა და ნამდვილად ვიცი, რომ ტურაა, კუდიანია. დროებას რა ვუთხარ, თორემ მაგას ახლა გახურებული სახნისით უნდა ვუდაღავდეთ უკანალს. ეგ რომ ცოცხზე შეჯდება და ტაბაკონში თმაგაშლილი კივილით გაფრინდება, ის რომ გაჩვენათ, მაშინ ნახავდით, რაც შვილია, _ ისეთი ხმით გავყვიროდი, რომ გარეშე კაცს მართლა დასაღუპავად განწირული ვეგონებოდი.
_ ვიცი, შვილებო, კარგად ვიცი! _ განვაგრძობდი ყვირილს, _ მე ერთი გულახდილი კაცი ვარ და ყველაფერი უნდა ვთქვა, ვიტყვი, რაც ვიცი. აქამდე მეეჭვებოდა და ახლა დავრწმუნდი, ღმერთი, რჯული, ეგ ჩემი ქალიშვილი, ჩემივე სისხლი და ხორცი, დედათქვენის შემოჩენილია და არ მოტყუვდეთ, ბაბა, მაგის ენის საბრუნავს არ აჰყვეთ, თორემ უფსკრულში გადაცვივდებით. მაგას დედამისის მხარი უჭირავს. თქვენ რა იცით, ჯერ ბაღნები ხართ და მე ჩემდათავად დიდი ხანია ვატყობ, რომ ორივეს ჩემი გიჟად გამოცხადება უნდა... მაგრამ აა-პა-პა-პაჰ, ჩემთან ეგ არ გაგივათ, მე რას მომატყუებთ! ეგ რომ ლაპარაკობს, ბაბა, დედათქვენი მგონია. ან სად ასწავლა იმ სულკატიანმა ჩემი ასე საქვეყნოდ გამოჭენება? ვინ გითხრათ, ბაბა, ვინ ოხერმა მოგახსენათ, რომ ბებერი ვარ? ვინ თქვა, რომ სიბერით ჭკუა არ მეკითხება? ეშმაკს კოჭებში ვცნობ და ამ ჩემს ქალიშვილსაც ენის საბრუნავში ვატყობ, ვინც შემომიჩინა იგი და ვინ გადამკიდა ასე დანასისხლად. მართალია, ჩემი შვილია, ჩემი ღვიძლი და ჯიგარი, მაგრამ მაინც ქალია და რა ქნას საწყალმა, დედას ხომ ვერ უღალატებს? ვიცი, დედაკაცებო, მიგიხვდით, ახლა კი მიგიხვდით, რასაც მიპირებთ! არ აჰყვეთ, ბაბა, არ მოტყუვდეთ! არაფერი მაგათ არ დაუჯეროთ! თქვენ არ იცით და მე დიდი ხანია რაც ვატყობდი, მაგრამ არ ვამხელდი. ახლა სხვა გზა არ არის, ყველაფერი, ყველაფერი უნდა გამოვამჟღავნო. მაგ ჩემს მშვენიერ ნახევარს დიდი ხანია, რაც ჩემი ჯავრი სჭირს და უნდა, რომ ოჯახში პირველობა რამენაირად ჩამომართვას. გადარეულად, სიბერისაგან გამოჩერჩეტებულად აკი იმიტომაც მაცხადებს! გიჟად რომ მიცნობენ, თქვენ მერე უყურეთ მაგის პარპაშს, უყურეთ, როგორ თავუკუღმა დააყენოს ჩემი წაღმა დაყენებული საქმეები. ვინ იცის, ეშმაკს თვალი არ უჩანს, და იქნებ კიდეც გათხოვდეს.
და ერთბაშად ჩემი გაუთავებელი ყაყანით გაოგნებულ მეუღლეს ნახევრად უკმეხად და ნახევრად ხუმრობით მივუბრუნდი:
_ ის მაინც მითხარ, დედაკაცო, ვინ მოგწონს, გულში ვისი სიყვარული ჩაგვარდნია? არ მოვკლავ, ნუ გეშინია. პირიქით, მივალ და შევჩივლებ, შევეკითხები, სად იყო ამდენ ხანს ის მამასულძაღლი! საყვედურს ვეტყვი, რატომ აქამდე არ მოგაკითხა და თან არ წაგიყვანა! მივალ და თაყვანს ვცემ, შიგ შუბლის ჯვარში ვაკოცებ, რომ ჩემ გარდა შენი მსურველი ერთი ვინმე ყოფილა. გულახდილად უნდა ითქვას და, ჩემზე სულელი კი ყოფილა ის დალოცვილი. მე ახალგაზრდა მაინც შეგირთე, მეც ახალგაზრდა ვიყავი და იმას, იმ ჩემი ცოდვით სავსეს, ეს გადაყრუებული ბერი ქალი რა ჯანდაბად უნდიხარ? თუმცა სულელი როგორაა! სხვისი ცოლი, რაც უნდა ართვალი იყოს, შენს კარგსა და თვალადს მაინც სჯობია და აჰაიტ, შე სულწაწყმედილო დედაბერო, მიღალატე, არა? წადი, ბატონო, საითაც გენებოს, იქით მიბრძანდი, მაგრამ შვილებს, აი-პა-პა-პა, შვილებს ვერ დაგანებებ, _ ვყაყანებ, ვყვირი, ირგვლივ შემომსხდარი შვილები ჩემს ყაყანზე ხმამაღლა იცინიან.
სალომე ამ სიტყვებმა სულ გადარია, ქორივით წამოიფოფრა, აკაპასდა, მაგრამ მის კივილ-ჩხივილს ყურადღება რომ აღარავინ მიაქცია, სახე ბრაზისაგან თავსაბან მიწისფრად მოექცა, ხმა ჩაუწყდა. ბოლოს ისე გამწარდა, რომ მუგუზალს ხელი დასტაცა და ყელჩახეული კივილით გამოქანდა ჩემკენ.
_ არ გაჩუმდები? არც ახლა გაჩუმდები, შე ეროყიავ, შე უქნარავ და ნამუსზე ხელაღებულო? ახლავე გაჩუმდი, ენა მუცელში ჩაიგდე, თორემ ამ ნიგუზარს რომ ჩაგთხრი მაგ პირში, მაშინ დაინახავ შენს სეირს!
საწყალი ისე იყო გაცეცხლებული, რომ შემებრალა, გამოქანებულ მუგუზალს პირი ღიმილით ავარიდე და თითქმის ალერსით შევესიტყვე:
_ ნიგუზარი რად მინდა, დედაკაცო! თუ მაინც არ დაიშლი, მოიტა, ეგ ცეცხლი აგერ ამ ყალიონზე დამიდე, სოფლის გულის ჯავრს ამითი მაინც გადავიყრი.
_ გაჩუმდით! _ აყვირდა ბოლოს უთუთიაც ისეთი კილოთი, რომ ყველამ ჩვენდა უნებლიეთ ენა მუცელში ჩავიგდეთ.
უთუთიამ მაშინვე ისარგებლა ფაცხაში ჩამოვარდნილი სიწყნარით და ისევ დინჯად, ისევ ისე მიკიბულ-მოკიბულად დაიწყო:
_ მაშ ასე, როგორც ირკვევა, სადავო აქ არაფერი არ ყოფილა. გამოდის, რომ ჩვენ ნამდვილად შენი შვილები ვყოფილვართ.
_ სწორია, ეგრე გამოდის, _ ვემოწმები მეც საქმეში შესული და შვილთან ახლოს მივჩოჩდი.
_ რახან სწორია და შენ მამა ხარ ჩვენი, ჩვენც, შვილებმა გადავწყვიტეთ, რომ მოგიაროთ, მოგიაროთ ისე, როგორც მამას შეჰფერის და ამას იქით ყანაში თოხით ჩამოსული თუ დაგინახეთ, იცოდე, მაგ ფეხს წალდით კოჭში მიგათლით და ღობის იქით მოკლული ძაღლივით გადაგაგდებთ. გვეყო, რაც შენი ავადმყოფობით შიში გვაჭამე. დაბერდი, ბაბა, გადაყრუვდი და გეყოფა, თავს დაუჯერე, დაუჯერე, რომ რაც შეგეძლო, აღარ შეგიძლია. სამი რამ გევალება ამას იქით და ეს სამი რამ სიტყვის შემოუბრუნებლად უნდა შეასრულო: შენს თავს, შენს ცოლს და შენს ბორანს უპატრონე და თუ ეგეც ვერ შეძელ, იცოდე, მაგ სამივესაც ჩამოგართმევთ.
ამის გაგონებაზე ელდა მეცა. არა ხედავ@! სადაც არ მოველოდი, საქმე უკუღმა იქ მომტრიალებია. განაგონს მაინც არ დავუჯერე, ვიფიქრე, იქნებ ხუმრობენ-მეთქი. ნახევრად ხუმრობით, ნახევრად მწუხარედ მუხლებზე დავეცი და ფორთხვით, ღაღადისით ყოველ მათგანს სათითაოდ ჩამოვუარე, ყოველ მათგანს სათითაოდ დავეღრიჯე:
_ შვილებო, ჩემო სანატრელებო! ოჯო, სისხლი ხართ ჩემი, ხორცი ხართ ჩემი და გთხოვთ, ერთი მეც მომისმინოთ.
ხვეწნა-მუდარამ ისე გამიტაცა, ენამაც ისე გადამიყოლა, რომ საქმეში მართლა შეველ, თვალი ცრემლით მართლა ამევსო, _ გული იმათაც ავუჩუყე.
_ თქვი, ბაბა, თქვი, რა გინდა, _ წამოიძახა ქიონიამ და ძმებს ანიშნა, რომ გაჩუმებულიყვნენ.
სიჩუმე მართლაც რომ ჩამოვარდა, განვაგრძე:
_ ხო ყველაფერი ჩამომართვით? ხო ცარიელ-ტარიელზე დამტოვეთ? მოდი, ერთ რამეს გთხოვთ, ბარემ ისიც ამისრულეთ და მით საქმე ბარიბარში მოვიყვანოთ.
_ მაინც რას ითხოვ? _ ჩამოერია საქმეში უტუნაც.
_ რას ვითხოვ და, თუ წაღებაა, ბარემ წაღება იყოს. მოდი, ცოლიც ჩამომართვით და საქმეც ამით გავათავოთ. თქვე დალოცვილებო, თუ ჩემი ცოლია, თქვენი ხომ დედაა! დედას მოვლა უნდა და უპატრონეთ. ცხრა თვეს მუცლით უტარებიხართ, ვაით უშობიხართ, ვუით უზრდიხართ და ამდენ ამაგს წყალში ნუკი გადაუყრით.
ამის გაგონებაზე ყველამ ერთად წამოიძახა, ყველა ერთხმად აყაყანდა და მე მხოლოდ ახლა მოველ საზრისში, რომ ისინი როდი ხუმრობდნენ, ყანაში სამუშაოდ ჩასვლას მართლა მიკრძალავდნენ. გული ახლა მეც მომივიდა, მათი ყაყანი არად ჩავაგდე და გაცეცხლებული ავყვირდი, მაგრამ როცა შევატყვე, რომ ყვირილით არა გამოვიდოდა რა, თავი ისევ მოვისაწყლე, ისევ ოხვრა დავიწყე. ვწუხდი, ვჩიოდი, რომ დავბერდი. დროება ისე წახდა, რომ გუშინდელი ბაღნები ამ დროულ კაცს ძაღლადაც არ მაგდებენ, რომ ცოდვა ვარ და უყანოდ არ მეცხოვრება, რომ უსაქმოდ გდებას ისევ სიკვდილი მირჩევნია. მართლაცდა, უსაქმოდ ხომ ავშმორდებოდი! მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ყური არავინ მათხოვა. თანაგრძნობით არავის მოუხედავს, მაგრამ ქალი მაინც ქალია _ ჩემი სიბრალულით გული ბოლოს ისევ ქიონიას ამოუჯდა, კისერზე ნაზად მომეხვია და გულში ჩამიკრა.
_ არა, ბაბა! _ მანუგეშებდა ჩემი გოგონა, ადუღებულ გულს ალერსით მიყვავებდა და თან თავზე ხელს გრძნობით მისვამდა, _ გეყო, მამაჩემო, რაც იმუშავე. გეყო, რაც ოფლი ღვარე. ვეჟო, ეს ამდენი შვილები დაგიზრდივართ და სირცხვილი არ იქნება, ამდენმა შვილმა ეს ერთი ბერიკაცი ვერ შეგინახოთ? აბა ერთი გაიცინე, ერთი შენებურად ხალისიანად ჩაიქირქილე და გული შენი ხალისით ჩვენც გაგვიხალისე! გვეცოდები, შე კაცო, გვებრალები და იმიტომ ვიქცევით ასე, არ გვინდა, ბაბა, ნაადრევად რომ გატყდე. გვინდა ერთხანს კიდევ იცოცხლო და გიყუროთ. მოდი, ჩემო ბაბა, მოდი, ისევ გულში ჩაგიკრა, _ მეალერსება, თავს მევლება ჩემი ქიონია და გულში ისე მხურვალედ ჩამიკრა, რომ ჩემდა უნებლიეთ ავქვითინდი. მინდოდა, თავი ტირილისაგან როგორმე შემეკავებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე, ცრემლი ლოყებზე ღვარად ჩამომდიოდა.
_ სო აწი, სო, ხმა არ გაიღო! _ შემომიტია სალომემაც, _ მოსწრებულ შვილებს უნდა დაუჯერო, აბა როგორ გინდა!
როგორც იქნა, თავს მოვერიე. გავჩუმდი. ძალა აღმართსა ხნავს და ბედი ხომ იგივე ძალაა? მეც რა გზა მქონდა? ავდექი და ბედის განაჩენს დავყაბულდი.
ვინ იცის, მას აქეთ რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენმა ტურამ იკივლა ეწერში. ახლა კერასთან მარტო ვზივარ და რა ვქნა, უსაქმობით გაბეზრებული წარსულის დარდს ისევ მოგონებით ვიქარვებ.
გარეთ ისევ წვიმს, იჟინჟლება. შინ არავინ არის: უფროსი შვილები კოლექტივში არიან. ზოგი ღობეს ღობავს, ზოგი ტყეში წასულა შეშისათვის, ზოგიც გაზაფხულისთვის აქედანვე ემზადება, _ თოხსა და ნაჯახს ტარებს უცვლის, ურემი და სახნისი წესრიგში მოჰყავს. უმცროსები წვიმას არ დარიდებიან და სადღაც ეზოში ხალისიანად ჟრიამულობენ. მე მარტო ვარ. კერასთან ბებრულად ვიჭუჭკები. ყველას თავისი საქმე გაუჩენია და ჩემთვის არავის არ სცალია, მარტოხელა კაცმა არ ვიცი, თავი რით შევიქციო, ლაპარაკით გული ვისთან ვიჯერო. ეს მოგონებებიც ისე მომაწვა ყელში, რომ თუ არ გადმოვალაგე, ხუთი თითივით ვიცი, დამახრჩობს. სამოცდაათ წელს გადავშორებივარ და რაა საკვირველი, თუ მოგონებებს გავუტაცივარ. ამ სამოცდაათი წლის ყველა დღე თავისი სიტკბოთი და სიმწარით, ცრემლითა და სიხარულით, ბატონყმობითა და ცოლის შერთვით, მამასახლისითა და გადასახადებით, ჯაფითა და ვაი-ვაგლახით როგორღაც შემრგებია და მადლობელი ვარ განგების, რომ ეს დღეები არ ილეოდნენ, ბჟოლის ფოთოლივით მუდამ უხვად ეყარა ჩემ წინ და მეც აბრეშუმის ბობოლივით შევექცეოდი ამ ჩემს გაძაღლებულს, მაგრამ მაინც ტკბილ სიცოცხლეს. მე მსუნაგი ლეკვივით ვდარაჯობდი იმას, რასაც ცხოვრება ჩემთვის ეგრე ძუნწად იმეტებდა და დაუწუნებლად, ხარბად ვეტანებოდი ყოველივეს. ყოველივე ეს ცხოვრება იყო, სიცოცხლე იყო და მეშინოდა, ყოყმანში ისიც არ დამკარგვოდა, რასაც მაძლევდნენ. დრო წყეულია. ერთი თუ წავიდა, მერე ვერაფრით ვერ დაეწევი. მეც ვცოცხლობდი, ვჯახირობდი, ვიბრძოდი, სიცოცხლეს რაც არ ემეტებოდა, ხელიდან კბილით ვგლეჯდი. ხან ვიცინოდი, ხან ვწუწუნებდი, ხშირად ვტიროდი, იშვიათად ვმხიარულობდი, ყაჭივით კანს კანზე ვიცვლიდი და შიგ, კანქვეშ, მაინც ის ბათა ვიყავ, სიცოცხლით გაუმაძღარი, სულძაღლი ბათა ქექია, სოფლის წვივმაგარი დედაკაცები საალერსოდ ძაღლის ლეკვის სახელს, ბათურიას რომ მეძახდნენ.
პირველი კანი ბატონყმობაში მოვიცვალე. წარბი კანი რუსხელმწიფის ხელში გამძვრა. მესამე კანი მენშევიკებმა ამაცალეს. ახლა თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ დიდ კანში ვარ შეწოლილი და რა ვქნა, გული მაინც მწყდება, რომ შვილებს გვერდში არ ვუდგავარ და ცხოვრების ჭაპანს მათთან ერთად ვეღარ ვეწევი. ვნანობ, რომ ბალახმორეული ქცევების მარგვლისას თოხშენელებულ ნადს ისევ ახალგაზრდულად ვეღარ დავჭყივი:
_ ჰაი-ტა-ტაჰ, ერთიც, ბიჭებო, ერთიც და ეს სვრელიც მოსრულდება!
ახლა? მართალია სიბერეს ტოლს არ ვუდებ, მაგრამ სამაგიეროდ ის მიდებს ტოლს და დროა ცახზე ავიდე, პარკის ხვევას შევუდგე. ჩემი სიცოცხლის დღენი ავად თუ კარგად მომიჭამია და უნდა მოგახსენოთ, რომ თავი არასოდეს არ შემირცხვენია. ირგვლივ ცხრა შვილი და უთვალავი შვილიშვილი მახვევია. თავის დროს მეც მიბრძოლია, მილხენია, როგორც შემეძლო და მესმოდა, მიცხოვრია და თავი ისე დამიცავს, როგორც ჩემს მოკლე ჭკუას გაუჭრია. მე მსუქან ლუკმასავით ჩემი თავის ანაბარად ვიყავ მიტოვებული და ვისაც მადა ჰქონდა და ჭამა არ ეზარებოდა, ყველას ჩემი შეჭმა უნდოდა, პირს ყველა ჩემს შესასანსლავად აღებდა, მაგრამ მათ შესაჭმელად პირს მეც ვაღებდი, თავს არავის არ ვანებებდი. მართალია, ლუკმა ვიყავი, ისიც მართალია, რომ კარგა მსუქან ლუკმას მეძახდნენ, მაგრამ არც ისე სულელი ვიყავი, რომ ვისიმე ჯამში ამომეყო თავი ჩემივე სისულელით. მერე, როცა ბჯღალები წამომეზარდა, ეს მე ვიყავ, ახალთაობის დროს სხვებთან ერთად რომ ვიბრძოდი. მაშინ შვილებიც წამომესწრნენ და როგორც ბებერმა მგელმა თავისი მოზარდი ლეკვები, სანადიროდ ისინიც თან წავიყვანე. მაშინ დავმარცხდით, მაგრამ ერთი მაინც ვისწავლეთ: ბჯღალები ავილესეთ და მტერს დარყეული ღოჯები მოვუსინჯეთ.
მერე, დრო რომ დადგა, ჩემმა შვილებმა ძირიანად მოთხარეს ეს მოსინჯული ღოჯები, მტერს თავი გაუროფეს და ყველაფერი ძირბუდიანად ამოაბრუნეს. ახლა ისინი განაგებენ ამ ცხოვრებას და მე სათქმელად მხოლოდ ესღა დამრჩენია:
_ კი, ბაბა, კი! დავანგრიოთ ეს ძველი ცხოვრება, მიწასთან გავასწოროთ, რაც დრომოჭმულია, ამოვთხაროთ, რაც ძირმომპალია. იყოს ეს შრომა, ერთობა.
5
მე ერთი საწყალი გლეხის შვილი ვიყავ, პატარაობიდანვე დედით დაობლებული, მაგრამ სიცოცხლის ძალა და სიყვარული მაინც არასოდეს არ დამიკარგავს.
მამაჩემს ჩემთვის არ ეცალა. დღედაღამ ყანაში იყო, ცილორში, ღანჩარაში ან ანჯელში ტყის საჭრელად. ყანაც და ტყეც შორს იყო და ყოველ ორშაბათ დილას მთელი კვირის საგზლით, მხარზე გადებული თოხით და სარტყელში გაყრილი ნაჯახით სამუშაოდ იქ მიდიოდა. შაბათ ღამემდე წელგაუმართავად ირჯებოდა, ოფლს ღვრიდა და მე, რვა წლის ბიჭუნა, ამ დროს შინ თავის ანაბარა მარტო ვრჩებოდი. უფროსი ძმა ბატონის ბეგარას გაქცეოდა და ქალაქს გახიზნული, კრწანისში მებაღედ მუშაობდა. მეორე ძმა ბატონს მის მაგიერ ემსახურებოდა. დილიდან დაღამებამდე ეწერში ხვადაგს ვმწყემსავდი. ზამთრის ღამით დაქექილ საბანში გახვეული გათენებამდე სიცივით ვკანკალებდი. ქარი ზუზუნებდა, ბუქი გრიალებდა და ლაფაროზე მოდგმულ ჯარჯულიან ღობესთან მომდგარი მგლები გათენებამდე ზარდამცემად ზმუოდნენ. ხარები შიშით ფშვინავდნენ, ყუბაქები ღავღავებდნენ. თუ ქარი არ იყო, წვიმა გამოუდარებლად იჟინჟლებოდა, ხან თოვდა, ხან ისევ იჟინჟლებოდა და სიცივითა და შიშით ერთად ატანილი ადრე გათენებას ვნატრობდი. კერა იბჟუტებოდა. ეზოში მოწოლილი რიონი მორღვეულ ფლატეს ტალღით ლოკავდა და გულგახეთქილი, ლოგინში ოთხად მოკუნტული ყურს ვუგდებდი, როგორ სკდებოდა წყლისაგან გამოლოკილი ყამირი მიწა ჭექა-ქუხილით და ნახევარი ქცევისოდენა მარჩენალი კაპანი მდინარეში როგორ შვავდებოდა.
_ ბათაია, ბიჭო, გძინავს? _ მეხმაურებოდა მეზობელი ფაცხიდან გარეთ გამოსული ბიძაჩემი და მეც გულმოცემული იმედიანად გავძახოდი:
_ არა, ბიძია!
_ არ შეშინდე, ბიჭო, აგერ ვარ! დაიძინე, ბიძია, დაიძინე!
და მეც, დამშვიდებული, რომ ამ შემზარავ ღამეში მარტო არა ვარ, ბავშვური ღრმა ძილით ვიძინებდი.
ტანთ მუდამ კონკები მეცვა. ფეხზე ღორის ქალამანი მქონდა ამოსხმული, მაგრამ მაინც წიგნის კითხვაში ამომდიოდა სული. კითხვით გართულს აღარც ჩაცმა-დახურვა მახსოვდა და აღარც ჭამა-სმა. წერა-კითხვა ჩვენმა დიაკვანმა მასწავლა. მღვდლის შვილი საბასტრატილატე დედაჩემის ძუძუნაჭამი იყო და მეც მისი ხშირი სტუმარი ვიყავ. ვინ მოთვლის, მათ ოჯახში რამდენი წიგნი ინახებოდა _ ზოგი ხელნაწერი, ზოგი ნაბეჭდი და სამწყემსურში რომ მივდიოდი, მჭადის ნატეხთან ერთად წიგნიც საგზლად თან მიმქონდა. საქონელი ბალახსა ძოვდა, ჩემი ერთგული კანჩურია ხის ძირას ჩრდილში მიეგდებოდა და მე წიგნს გატაცებით ვკითხულობდი. ღმერთო, რამდენ ამბავს შევუყვანივარ თავდავიწყებაში, რამდენი რამ თვალით წარმომიდგენია და ოცნებას ისე გავუტაცნივარ, რომ ხშირად ზღაპარი ნამდვილი მგონებია. ხან ამირან დარეჯანისძე ვიყავ და ხის ხმლით ჩალის ღეროებს ვებრძოდი, ხან მეჯნუნივით ვქვითინებდი და ხან არსენა ყაჩაღივით `ნასკაკოის~ ვაჟკაცურად გავკიოდი. ბევრი რამ არ მესმოდა, წიგნის ღრმა ქართულს კარგად ვერ ვხსნიდი, მაგრამ ჩემს ოცნებას ეს როდი ბოჭავდა. პირიქით, ფრთას კიდევ უფრო ასხამდა და გაუგებარი ადგილები იდუმალი ელფერით იმოსებოდნენ.
იმ დროს, როცა ყმების განთავისუფლების ხმა დავარდა, ახალი ჩაზამთრებული იყო. რიონის პირას ნაყანვარებში ნახირს ვაძოვებდი. მე და ჩემი კანჩურია მინდორში დანთებულ ცეცხლს ვუსხედით. სიცივისაგან მობუზული ისევ წიგნს ვკითხულობდი. კანჩურია ნახირს თვალყურს მთვლემარე ადევნებდა და თავისთვის რატომღაც უკმაყოფილოდ იღრინებოდა. მე მის ღრენას ყურადღებას არ ვაქცევდი და კითხვით გართულს, არ გამიგონია, როგორ თანდათან მოეყარა თავი ხალხს რიონის პირად.
_ ბათაია, უუ, ბათაია! _ მომესმა თუ არა მამაჩემის ხმა, წიგნი დავხურე. თვალი მხოლოდ მაშინ მოვკარ მდინარის პირად თავმოყრილ ხალხს.
_ ბაბაია! ბაბა! _ აღმომხდა სიხარულით და გულამოვარდნილი მისკენ სირბილით გავექანე. მამაჩემმა ცრემლნარევი სიცილით გულში ჩამიხუტა და გულაჩუყებულმა დაიბღავლა:
_ გათენდა, შვილო, ხომ ხედავ, რომ ჩვენთვისაც გათენდა!
მე არაფერი არ მესმოდა, მაგრამ როცა ამიხსნეს, რომ დღეს ხელმწიფის ბრძანება მოსულიყო და ახლა გლეხები ბატონისაგან განთავისუფლებულ ყმებს მოელოდნენ გაღმიდან, ბატონის სასახლიდან, სიხარულის ცრემლი მეც მომერია, მეც ტირილი დავიწყე, მაგრამ ბალღს დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნა არ შეუძლია და მეც დიდხანს ეგრე არ ვყოფილვარ. ამ სიცივემაც ხომ სულ აგვიტანა. გიორგობისთვის სუსხისაგან ხელ-ფეხი დაგვაზრა, მაგრამ ადგილიდან ფეხს მაინც არ ვიცვლიდით. ბატონის უღლისაგან თავაშვებულს, მონური ჯაფითა და უჭმელობით დაბეჩავებულ-გაბახებულ ჩვენს დებს, ძმებსა და მამებს გაღმა სოფლიდან გულგადალეულნი ველოდით, მოლოდინით გული გვიწყალდებოდა.
ახალგაზრდებს აქა-იქ დოჩხაურებიც აეგუზგუზებინათ. პატარები მათი დავალებით ფეხშიშველნი დავტანტალებდით ნაყანარებში, სიმინდის ხმელ ღეროებსა და ფიჩხს ვაგროვებდით ცეცხლისთვის და გათოშილსა და სიცივით დალურჯებულ ხელ-ფეხს ვითბობდით.
ხანდაზმული მამაკაცები მოშორებით მათთვის ცალკე დანთებული ცეცხლის ირგვლივ დინჯად ისხდნენ და ინძგილის გრძელტარიან ყალიონს დარბაისლურად აპლაკუნებდნენ. ქვეყნის საქმეებისა და ახალი ამბის გამო წყნარად მსჯელობდნენ და თან ღადარში მიზეზიანად აპურჭყებდნენ.
_ მეგონა!
_ რა გეგონა?
_ თუ ხემწიფე ტყულს იტყოდა,
ესეც აღარ მეგონა.
ეს ურწმუნო გლეხების ახალი სიმღერა იყო. ბატონყმური უღლისაგან გამოხსნილი თავისიანების გამოჩენას წუთი-წუთს მოელოდნენ და მაინც არ სჯეროდათ, არ ეგონათ, რომ ყოველივე ეს მართალი იყო. საწყლებს ამდენი მოლოდინით ილაჯი გასწყვეტოდათ, რადგან ხმა გლეხთა განთავისუფლებისა წელიწადზე მეტი იყო, რაც სოფლიდან სოფელში, თემიდან თემში ირხეოდა და ჩვენს ხსნას საშველი მანამ არ დაადგა, სანამ უტუს ჯარი ფეხზე არ დადგა და სისხლისმსმელები არ მოარბიეს. უტუ მიქავას მებრძოლები ახლა ცივ ქვეყანაში სულს ღაფავდნენ. ვინც ციმბირ-ნაობახს შემთხვევით გადაურჩა, აქამდე მწარედ ახსოვდა კოლუბიაკინის პანჩური და მწარე მათრახები. ახლა ჩუმად ისხდნენ, დაეჭვებით თავს აქეთ-იქით იქნევდნენ და წუხდნენ, რომ უჭკუო ახალგაზრდობას ისევ აჰყვნენ, ისევ გაბრიყვდნენ, სისულელე ისევ დაიჯერეს და ამ სუსხიან ზამთარში დგანან და ელიან. რას? ალბათ ისევ პანჩურებსა და ციმბირ-ნაობახებს. აბა რა დასაჯერებელი იყო, რომ გალაღებული ბატონი თავის ყმას ასე იოლად შეელეოდა?
იქვე, გზის პირას, საცოლედ შეღერებული ბიჭები ცეცხლის მახლობლად მიყრილიყვნენ და ხალისიანად ჟრიამულობდნენ:
წუკალე ჩაირამა,
ჩაირამა წუკალე,
პატონი კოჩი მიდეყუნი,
თინა ბოში მწუხარე,
ჩაირამა, ჩაირამა!
გაჰკიდნენ ხმამაღლა და მერე, რადგან იმ წელს აბრეშუმის ცუდი მოსავალი იყო, ხმის მეტი აწევით შემოუკიკინეს:
ბებია ჩაირამა,
ჩაირამა ბებია,
აბრეშუმმა გვიღალატა,
ბამბა მაინც ბევრია,
ჩაირამა, ჩაირამა.
უფროსებს კიდევ ეცვათ რაღაც კონკები. ჩვენ, ციებითა და შიმშილით ისედაც დაყვითლებულ-დაყვიციანებული ბავშვები, თითქმის ტიტველნი ვიყავით და ახლა, თვითონაც არ ვიცი რამ, სიცივემ თუ სიხარულის ჟრჟოლამ სულ აგვიტანა, მაგრამ გასაჭირს მაინც ვუძლებდით, გაღმა ნაპირს გაწყალებული თვალებით ისევ ჩაციებით გავცქეროდი და ისევ ველოდით, როდის გამოჩნდებოდნენ ჩვენიანები.
სამოცდაათი წლის გაპარტახებულ-გავერანებულ ბებია ჯუფანას სახლიდან ერთი მუჭა თივა თან წამოეღო, ქვეშ დაეყარა და ზედ რომ ვეღარ თავსდებოდა, დამშრშალსა და ყინვით დაფორეჯებულ შიშველ ფეხებს ზედ რიგ-რიგად ინაცვლებდა, მაგრამ სიცივისაგან თავი მაინც ვერ ეპატიებინა.
საწყალს სამი ვაჟკაცი და ერთი გასათხოვარი შვილიშვილი ჰყავდა ბატონის კარზე, დოხორეში. ავი იყო მისი ბატონი, გულქვა და გოროზი. უტუს ჯარში ყოფნისათვის შვილი ციმბირში დაუკარგა, რძალი ქმრის ჯავრს გადაჰყვა, მაგრამ ბატონმა ამას როდი დააჯერა. სახლი დაუწვა, ეზო გაუპარტახა, შვილიშვილები წაართვა და ეს უილაჯო დედაბერი უპატრონოდ, ქვეყნის სამადლოდ დააგდო.
ახლა იგი თვალმობლეტილი რიონის გაღმა მხარეს მოლოდინით გასცქეროდა და თან გულის დამთუთქავად მოთქვამდა:
_ შვილებო, ჩემო შავ დღეზე დაბადებულო შვილიშვილებო, სად ხართ ამდენ ხანს, თქვენ დასამიწებელ ბებიას რად არ მოხედავთ? ვის უცდით მანდ, ნანა, ვის უშენებთ ოჯახს, როცა თქვენი კერა გაცივებულა და ცეცხლის დამნთები არავინაა? იქნებ ცოდვა-მადლი არ იცით, თქვე უღმერთოებო? იქნებ იმ რჯულზე ხელაღებულმა თქვენმა ბატონმა თქვენც აგაღებინათ რჯულზე ხელი და თქვენი ნაფუზარი აღარ გინდათ?
_ სო აწი, სო! _ უტევდნენ აქეთ-იქიდან დედაბრები თანაგრძნობით, _ სო, არ ვარგა! ცოცხლის მოთქმა-ტირილი ვინ გაიგონა?
ჯუფანა მართლაც ჩუმდებოდა. ერთხანს თავისთვის ოხრავდა, თავს მოხუცური უილაჯობით ახანხალებდა და ჩვენ მისი საცოდაობით გულ-მუცელი გვეწვოდა, თვალი ცრემლებით გვევსებოდა. ის კი არას ამჩნევდა. თავს ისევ ისე უილაჯოდ ახანხალებდა და ერთბაშად, თითქოს გულს ელდა შემოახდაო, ისევ შეჰკივლებდა, თავში ხელებს ისევ იშენდა:
_ ვაი ჩემს შავი დღის მოსწრებას! ვაი ჩემს შავ დღეზე გაჩენას! ღმერთო, რატომ სულს არ გამაცხებინებ, რატომ სულს არ ამომხდი, შე დალოცვილო ღმერთო! რატომ სულს არ გამაგდებინებ, შე ოხერო სიკვდილო!
თავი ვეღარ შეიმაგრა და მიწაზე დაცემულმა თავი ბელტებსა და გორახებს წაუშინა:
_ ვაი, ვაი მე უბედურს! ვაი, ვაი, თუ სადმე ძაღლებივით ჩაგხოცათ იმ ქრისტეს ფეხის მჭამელმა წყეულმა და არაწმინდამ, ვაითუ იმიტომაც არ ჩანხართ აქამდის? ვაავა! ვაავა!
ხალხი ირგვლივ შემოეხვია, ზოგი ტუქსავდა, ზოგი დაზაფრულ გულს უყვავებდა და ზოგიც მისდამი სიბრალულით გულადუღებული ქვითინებდა.
_ რას უყურებთ? _ აყვირდა ვიღაც. ირგვლივ შემოჯარული ხალხი უხეშად გაარღვია და უბედურ დედაკაცთან მიიჭრა.
_ აბა, მომეხმარეთ! _ დაიძახა და საწყალ ჯუფანას ხელი იღლიებში ამოსდო, ფეხზე ძლივს ააყენა.
_ გაჩუმდი! გაჩუმდი! _ ისევ უჯავრდებოდნენ, ისევ ანუგეშებდნენ მოხუცი ქალები და თან ურჩევდნენ, რომ მოთმინებით ყოფილიყო _ ეშინოდათ, რომ ამ ბეჩავს ღმერთი ამდენი გოდებით კიდევ უფრო არ გაერისხებინა.
ცეცხლთან გასათბობად მიყვანა რომ გაუპირეს, მთლად გადაბარსალდა. ცოცხალი თავით არ ქნა, ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა. სხვა გზა არ იყო, უფროსებმა ბალღებს ცეცხლი ისევ მის მახლობლად დაგვანთებინეს. ის კი თითქოს არას ამჩნევდა. ცალი ფეხით იმ თავის თივაზე ისევ ყანჩასავით მოფუყული იდგა, ისევ ცახცახებდა, გამჩენ ღმერთს, არ ვიცი, ევედრებოდა თუ ემუქრებოდა:
_ ღმერთო, ნუ გაახარებ ჩემი ბატონის ოჯახს ჩემი გატრამალებისათვის! ღმერთო, შენ ამოაგდე მისი ძირი და ნელი! ღმერთო, თუ ხარ სადმე, შე დალოცვილო! ღმერთო, თუ რამ მადლი გაქვს და ძალა, შეისმინე ჩემი ვედრება და მიწასთან გაასწორე იმ ჩემი ბატონის მოდგმა და მომავალი! ღმერთო, იმ დღეს მომასწარ, რომ ის ჩემი სისხლის მწოველი კარიდან კარზე მჭადის ნატეხის სამათხოვროდ დადიოდეს, გაკითხვის მაგიერ ბაღნები ძაღლებს უსისინებდნენ და გულს გენია ედებოდეს! წმინდა გიორგი, შენს მუხლებს შემოვევლე, შენ დაშუბე და მოაოხრე მისი ოჯახი!
ჯუფანას თავისი წყევლა-კრულვა ჯერ არც დაესრულებინა, რომ წყალგაღმა ყიჟინა, სტვენა და სიცილ-სიმღერა გაისმა. მალე ეკლის სხლტეებსა და გამხმარ ბურდებში ხალხიც გამოჩნდა. ჩვენს დანახვაზე ვახარამაცს კიდევ უფრო უმატეს და ხელს ყვირილით გვიქნევდნენ, ქუდებს ცაში სტვენით ისროდნენ.
_ მოდიან! მოდიან! _ ავსხრიალდით ჩვენც და ყველა, დიდიან-პატარიანად, ნაპირთან მივიჭერით, თვალზე ხელით სინათლემოჩრდილებული მათ შორის ჩვენიანს ვეძებდით.
_ იზდორია, ბიჭო, სად ხარ?
_ ანდალია, შენ ხარ თუ თვალი მატყუებს?
გასძახოდნენ გაღმა ნაპირებზე მომდგარ შვილებს, ძმებსა და დებს გამოღმიდან.
სხვებთან ერთად ჯუფანაც დაფაცურდა.
_ ჩემ ბაღნებს თუ ხედავთ სადმე, ნანა? ჩემი ბაღნები დამანახვეთ! _ გაიძახოდა იგი მოუთმენლად, მაგრამ მისთვის ახლა აღარავის აღარ ეცალა. ყველას თავისი ბედი და საფიქრალი გასჩენოდა.
რადგან ამ ადგილას მაშინ ბორანი არ იყო გამართული, მოსულებს ურმები ჩააშველეს და ფონზე ყიჟინით, ჟრიამულით გამოიყვანეს. მერე ვინ აწერს რა ვაება, რა სიხარული და რა ბედნიერების ცრემლები და მოთქმა-სიცილი გაჩნდა აქ, ამ წყლის პირას.
მე გაოგნებული ვიდექ და მიკვირდა (ახლაც მიკვირს), რად იყო ეს ცა ისევ ისეთი? რად არ მოდიდდა მაშინ ეს რიონი ჩვენს მოდიდებულ სიხარულთან ერთად, არ გადმოვიდა ნაპირებზე და არ მოლეკა აქაურობა? მიკვირდა, რად არ სკდებოდა გული სიხარულით?
_ მოდი, ბიჭო, მოდი, მომეხვიე, _ მეძახდა ბატონის ბეგარიდან დაბრუნებული ძმა ღიმილით, მაგრამ მე ისე ვიყავ გაოგნებული ამ მოულოდნელი სიხარულით, რომ საძრაობის უნარი სულ დამკარგვოდა. გონს მხოლოდ მაშინ მოველ, როცა გვერდში მუჯლუგუნი მკრა და ახლაც არ ვიცი, როგორ გავჩნდი მის მკლავებში. თან ვტიროდი, თან კისერზე ვეხვეოდი და თან რაღაც აბდაუბდას უთავბოლოდ ვბუტბუტებდი. თავი ვერც მამაჩემმა შეიკავა, გული იმასაც ამოუჯდა და ბოლოს ისიც აღმუვლდა ბერი ხარივით. ორთავ შვილს გულში მამაკაცური მოუხერხებლობით გვიხუტებდა, გვლოშნიდა, ბღაოდა, რაღაცას უთავბოლოდ ისიც ბურტყუნებდა და კაცი ვერ გაიგებდა, რას ამბობდა ან რის თქმა უნდოდა.
ეს ძაღლებიც ხომ სულ გადაირივნენ? ისედაც სიხარულით გაგიჟებულებს ზედ წაწკანით გვახტებოდნენ, ყეფდნენ, წკმუტუნებდნენ და მერე თავის სიხარულს იმით გამოხატავდნენ, რომ აქეთ-იქით გალაღებულები დარბოდნენ, ერთიმეორეს ენაგადმოგდებული დასდევდნენ. სხვებთან ერთად ჩემი კანჩურიაც გადაირია, ყმუილით, წაწკანით ზედ გვახტებოდა, ენა არ გააჩნდა და არ იცოდა, თავისი უსაზღვრო სიხარული რით ან როგორ გამოეხატა.
აღტაცება გულში ვერც მე დავიტიე. მამას ხელში გავუსხლტი და რიონის პირას მარტოდმარტო დამჯდარმა მუხლებზე ჩამოყრდნობილ იდაყვს თავი ნიკაპით ჩამოვდე და ხან ვიცინოდი, ხან ვტიროდი, ხან ისევ ვიცინოდი, ხან ისევ ვტიროდი და თან კუდის ქიცინით ზედ ამოტმასნებულ კანჩურიას ხელის კვრით ვიგერიებდი, მაგრამ მაინც რომ ვერ ვიშორებდი, ცრემლნარევი სიცილით რჯულსა და გამომცემელს ვაგინებდი.
_ ჩემი შვილიშვილები ხომ არ გინახავთ, ნანა? _ ბღაოდა ისევ ის ცრემლგამშრალი ჯუფანა, _ სადაა ჩემი ბაღნები? რა უყავით, რად ჩამიტოვეთ ის ჩემი დამმარხავები იმ ქრისტეს ძვლის მტკვერელთან? შვილებო, ჩემო მოსწრებულო შვილიშვილებო, სად ხართ, სად ყრიხართ ახლა? _ სულმოსწრაფებით დაიბღავლა და ფეხქვეშ დაფენილი თივა იქით გადაყარა. მერე მოყინულ მიწას ფეხები ისე გამწარებით წაუშინა, თითქოს რაღაც გიჟურ საცეკვაოს სასოწარკვეთილებით ცეკვავდა.
_ სად ხართ, ჩემო დამმარხავო შვილიშვილებო, სად? მე თუ არ გებრალებით, ღმერთს მაინც შეხედეთ, ღმერთს, ღმერთს! _ გაგოროზებული უყვიროდა იგი შვილიშვილებს კი არა, თვით მამაღმერთს და მის ამ თავზარდამცემ ღაღადისზე ენა ყველას მუცელში ჩაუვარდა.
_ სო, ღვთის მაწყევარო! _ შეუტია ვიღაც დედაბერმა გაცეცხლებით და ხელი იღლიებში ჩაავლო, ფეხზე დააყენა, _ შე უბედურო, დარდმა ისე როგორ გამოგაშტერა, რომ რას ამბობ, არ გესმის! ახლავე დაიჩოქე და ღმერთს პატიება სთხოვე! _ მაგრამ ჯუფანამ არ დაიჩოქა და ღმერთს არც პატიება სთხოვა. ისევ ისე გაოგნებული ფეხზე ძლივს იდგა, თავს ისევ ისე მოხუცურად უილაჯოდ ახანხალებდა, თან დარდით გამოშტერებული თვალებით უსაგნოდ იცქირებოდა აქეთ-იქით და თითქოს ხალხს კი არა, სივრცეს ეკითხებოდა:
_ ჩემი შვილიშვილები ხომ არავის გინახავთ, ნანა? სად არიან, სად, ის უბედურიშვილები?
დამხვდურ-მოსულებმა გული ალერსით რომ იძღეს, საწყალი ჯუფანა მხოლოდ მაშინ მოაგონდათ. ირგვლივ შემოეხვივნენ, ტუქსავდნენ, ანუგეშებდნენ და თან უხსნიდნენ, რომ ზოგი მებატონე არ დაემორჩილა ხელმწიფის ბრძანებას, ყმები ხულებსა და ნალიებში ჩაკეტა და შინ არ უშვებდა. სხვებთან ერთად ბატონს მისი შვილიშვილებიც დაემწყვდია, მაგრამ ზოგიერთი გათავისუფლებულთაგანი იქვე დარჩენილიყვნენ და ახლა ალბათ ხულებსა და ნაობახებს ლეწდნენ, შიგ გამომწყვდეულ ყმებს ათავისუფლებდნენ.
მართლაც, დიდი ხანი არ გასულა, რომ წყალგაღმა ისევ გაისმა სიმღერა, სიცილ-ჟრიამული ისევ თანდათან ახლოვდებოდა და ჩვენც თვალები სიხარულით თანდათან გვიბრწყინდებოდა. მალე სხლტეთა და ტირიფებს შორის დანარჩენებიც გამოჩნდნენ. ისევ კოცნა, ისევ ხვევნა, ისევ ცრემლები და სიხარული.
ბებია ჯუფანას სიხარულისაგან ენა მუცელში ჩაუვარდა. შვილიშვილებს თვალდაშრეტილი, თითქოს გაცბუნებულად შესცქეროდა. მერე ხმა უცებ ამოიღო და თავის სამ ბოკვერსა და დეკეულივით გათქვირულ გოგოს ერთი ისეთი გაგოროზებით შემოუტია, რომ მე მაშინვე ვიცან მეამბოხე შვილის ამაყი დედა. მაშინ დავიჯერე, რომ ის არც ისე უბრალო იქნებოდა მეამბოხე უტუ მიქავას თავდადებულ საქმეებში.
_ ჰაიტ, თქვე რჯულზე გადამდგარებო, თქვე სინიდისზე ხელაღებულებო, თქვენა! სად ხართ, ბიჭებო, ამდენ ხანს დაკარგული? ან შენ? შენ მაინც სად ხარ, ცირა, ერთხელ მაინც არ მოგაგონდა შენი გაუბედურებული ბებია? ჰაიტ, ურჯულოები ყოფილხართ, ნანა, და აქამდის არ მცოდნია!
უფროსმა შვილიშვილმა ბებიას სიტყვა არ დაანება. სიცილით ხელში აიტაცა, განიერ მკერდში ბავშვივით მხურვალედ ჩაიკრა და დამჭკნარი თვალები სიყვარულით დაუკოცნა. მეორემ მაშინვე დრო იხელთა, თავზე ყაბალახი ხელდახელ მოიგლიჯა და ყინვისგან წითლად დამზრალ-დაღვარჭნილი შიშველი ფეხები შიგ გაუხვია.
_ შემომხედე, ბიჭო, ერთი თვალი გამისწორე! _ ტიტინებდა ჯუფანა და თან გულსაკლავად იცინოდა, თან შვილიშვილს დამჭკნარი ხელებით ვაჟკაცურ კისერზე ეხვეოდა, _ ჰაიტ, შე ბალაგარო, რამხელა წვერი ამოგსვლია, ნანა! იქით გაიწი, სახე არ დამაკაწრო! შენც, ნანა! შენც, ბიჭო! _ ყოველ მათგანს სათითაოდ მიმართავდა, _ დავაჟკაცებულხარ, წვერ-ულვაში შენც აგშლია, ბიჭო! ეს წყეული გოგოც რომ ავსებულა! გათხოვებას ხომ არ ფიქრობ, შე ხანდალეულო, ჰა? ნანა, თქვენი ჭირი შეეყარა თქვენს ადრე დასამიწებელ ბებიას. იქით გაიწით! ხელი გამიშვით! ახლოს არ გამეკაროთ! ფუი თქვენს კაცობას! იმ არგადასარჩენმა ბატონმა ისე რავა გადაგარჯულათ, რომ თქვენი დაქცეული ოჯახი ერთხელ მაინც არ გაგახსენდათ? თუ არ გიშვებდა, გამოვიპარებოდი, მოვკლავდი და ისე გამოვიქცეოდი, ფუი, თქვენს კაციშვილობას! _ ტიტინებდა, ტიტინებდა, სიტყვას არავის არ ანებებდა და მერე ისევ გაგოროზებით აყვირდა, შვილიშვილის მძლავრი მკლავებით გულში ჩახუტებული აბორგდა, ისევ ფეხზე დადგომას ლამობდა:
_ გამიშვი, გამიშვი, შე თათარო! გამიშვი, მიწაზე ფეხით დამაყენე! თუ ასე გიყვარდით, მარტო რას მტოვებდით? ფეხზე დამაყენე, ბიჭო, ფეხზე დამაყენე და ჩემით წამოვალ!
მაგრამ შვილიშვილმა ხელი მაინც არ გაუშვა, ხელში ატაცებული სიცილით კიდევ უფრო მაგრად ჩაიკრა გულში და ბოლოს, როცა დაიღალა, მეორე ძმას ხელში ფრთხილად გადასცა. ახლა ის ეალერსებოდა თავის ბებიას, დამჭკნარ თვალებს ის უკოცნიდა, მაგრამ ჯუფანა მაინც არ ისვენებდა, ისევ ტიტინებდა, ისევ იცინოდა და ჩვენ, მისი მაყურებელნი, ცოდვით ვიწვოდით, გული სიბრალულით ჩვენც ამოგვიჯდა.
_ აბა შინისკენ! _ დაიძახა ამ დროს ვიღაცამ და ჩვენც ყველა ერთად მოვგროვდით, ადგილიდან ერთად დავიძარით. ბებია ჯუფანა წინ გავიძღოლეთ და ჩვენ უკან მივყევით. ჩვენი გაღატაკებული სოფლისაკენ სტვენით, ყიჟინითა და ფილთა თოფების სროლით გავემართეთ, ჩვენს თვალწირპლიან ფაცხებს დავუბრუნდით.
ჩვენ რომ მაშინ ლხინი გავმართეთ _ ცა ძირს ჩამოვიტანეთ და ჩვენ ცად აველით.
6
მალე წერილი მოგვივიდა უფროსი ძმისგანაც, ქალაქში მებაღედ რომ მუშაობდა. ბატონის უღლისაგან თავის აშვებას დიდის ამბით გვილოცავდა. მე კი თავისთან მიბარებდა.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფეხთ ძმისაგან საჩუქრად გამოგზავნილი ქალაქური წუღა და ტანთ ყარამანდული ახალთახალი შარვალი ჩამაცვეს. საბოლოოდ შემოსილი რომ ვყოფილიყავ, მამაჩემმა თავისი გამონაცვალი ბოხოხის ქუდი თავზე ჩამომაფხატა და შიგ ყურებამდე რომ ჩამფლა, ჩემზე ბედნიერი კაცი ქვეყანაზე არავინ მეგულებოდა. იმ ღამეს გვიანამდე არ დამიძინია, ტანთ გვიანამდე არ გამიხდია და დილით ახალგათენებულში გამეღვიძა, მაგრამ ჩემს ძმას მაინც მოესწრო რამდენიმე დღის საგზლით სახნავად წასვლა ღანჩარაში.
მე დღე-დღეზე ქალაქს უნდა გავმგზავრებულიყავ, ვიცოდი, მეტი ვეღარ ვნახავდი და მისმა ეგრე გამოუთხოვებლად წასვლამ გული დამწყვიტა, მეწყინა, რომ გამოღვიძებულს შინ აღარ დამხვდა. ვინ იცის, ქალაქს მიმავალი ქარავანი იქნებ მართლაც უცებ გამოჩენილიყო, მეც სამგზავროდ მოულოდნელად ავყრილიყავ და არც ვიცოდი, ამოდენა გზას მისგან უნახავად როგორ დავდგომოდი. მამაჩემი იმ დღეს ყანაში აკი იმიტომაც არ წასულა. დილაადრიანადვე ორპირს წასულიყო ქარავნის ამბის გასაგებად.
მე კერასთან ვიჯექ და ცეცხლზე მიფიცხებულ მჭადს თვალყურს ფხიზლად ვადევნებდი, რომ არ დამწვარიყო.
ჩემს სანახავად მოსული ბიძაჩემიც იქვე, კერასთან იჯდა და ვინ მოთვლის, ერთსა და იმავეს ეს მერამდენედ მეკითხებოდა:
_ ბიჭო, რას იზამ მერე, ქალაქს რომ ჩახვალ?
მეც კარგად ვიცოდი, რომ ბიძაჩემს ჩემი პასუხი რატომღაც ძაან ახარებდა და ერთსა და იმავეს მგონი მეასედ დაზეპირებულივით ვეუბნებოდი:
_ რას ვიზამ და ფარას ვიშოვი.
ბიძაჩემმა ყალიონი კერაზე დაბერტყა და მერე ხველებამორეული ქირქილით მთათხავდა, მიწასთან მასწორებდა:
_ დიიდი ოინბაზი, დიიდი მაკვარანცხი რამე ხარ, ჩემო ბათურია, დიდი! თუ ცოტა ჭკუა იხმარე და საქმეს დაკვირვებულად მიჰყევი, ისეთი ღვთის პირიდან გადავარდნილი რამე ხარ, რომ ცხოვრებაში არაფრით არ დაიკარგები.
მე მის სიტყვებს ვითომც ყურადღებას არ ვაქცევდი და იქვე, გვერდით, ჩემს კუდაგრძელ კანჩურიას, ალაზე დაცუცქული რომ იჯდა და ცეცხლზე მიფიცხებულ მჭადს მსუნაგად მისჩერებოდა, ყურებში ხელი ჩავავლე, ჩავეტანე და ისე ვუსრესდი, თითქოს ვიღაცის გულის ჯავრს იმაზე ვიყრიდი. მაგრამ ძაღლი რის ძაღლია! ის წუწკი და მსუნაგი თავს წკმუტუნით მარიდებდა, სიმწრით წაწკანებდა, მაგრამ მაინც არ მშორდებოდა. მჭადს მაინც გაფაციცებით შესციცინებდა.
_ ბიჭო, რავა ტყლაპივით მოუქციე მაგ ძაღლს ყურები, ცოდვა-მადლი მაინც აღარ იცი?
მერე კერასთან კიდევ უფრო საფუძვლიანად მოეწყო და ისე შემეკითხა:
_ რად გინდა, ბიჭო, მერე ფარა?
_ რად მინდა და რიონზე პარონს გავმართავ. გაღმა-გამოღმა ვივლი და ჩემთვის ვიქნები.
_ ჰე, ჰე-ჰე! _ ქირქილებდა ბიძაჩემი ისევ ხრინწიანად, სიცილის დროს ტოკავდა, ტოკვაში ისევ ის ხრინწმორეული სიცილი მოერია და ახველებდა, ახველებდა, ნახველს დიდხანს ვეღარ იღებდა.
_ მომკლა! მომკლა კაცი ამ ნავარმა! _ წამოიძახა სახეწამოჭარხლებულმა და ის თავისი მკვლელი ყალიონი გადასაგდებად რომ ვერ გაიმეტა, ქამარში ხვნეშით გაიყარა.
_ პარონი რად გინდა მერე? _ მაინც არ მეშვებოდა ბიძაჩემი. მე გული მომდიოდა, ამოდენა კაცმა როგორ არ იცოდა, კაცს პარონი რად უნდა დასჭირვებოდა და დიდგულად ვუპასუხებდი:
_ რად მინდა და დავჯდები ზედ და ჰეჰ, დავყვები ამ რიონის წყალს, ფოთს ჩავალ, ქვეყანას ვნახავ.
_ ჰე-ჰე-ჰე! _ ქირქილებს ისევ ბიძაჩემი და ქირქილითვე განაგრძობს, _ კი მარა, კაციას ფონზე არ გარჩე, ბიჭო, მაგ შენი პარონიანად! ხო გახსოვს, ამას წინათ ზედ რომ გემი გარჩა? მარა რა შვილი გარჩები! ისეთი მაღვალაკი რამე ხარ, რომ ფოთს კი არა, სტამბოლსაც ჩახვალ, ხვანთქარს ზედ კარზე მიადგები.
_ სტამბოლში თუ ჩაველ, ხვანთქარსაც ვნახავ, აბა რას ვიზამ! _ მოვუჭერ სიტყვა ბიძაჩემს და ეს აზრი ჭკუაში დამიჯდა: მართლაცდა, რა ოინი იქნებოდა, იმ სულძაღლს ზედ ჭიშკარზე რომ მივდგომოდი! ბარემ იმ ჩემს უფროს ბიძასაც ვინახულებდი, ბატონი ხელში რომ შემოკვდომოდა და თათარში გადავარდნილიყო.
_ ჰაიტ, შე მართლაც ბალაგარო! _ მიტევს ბიძაჩემი ისევ ქირქილით, _ იმ ხვანთქარს, რომ მიხვიდე, ძღვნად მაგ შენი ძაღლის ხორცი მიართვი, ჩვენებური ჯიხვის ხორცია-თქო.
მერე თავი მწუხარედ ჩაიქნია, ერთი ღრმად, თითქოს სინანულით ამოიოხრა და სარტყელში ყალიონი ისევ გამოიძრო, თუთუნით გულდაგულ გატენა. მეც დიდხანს არ დავაყოვნე, ცეცხლის მოსაკიდებლად კერიდან გამოტაცებული მუგუზალი მაშინვე მივაწოდე.
ბიძაჩემმა ცეცხლი ოხვრით ჩამომართვა.
_ აბა შენ იცი, ჩემო ბიძიკო, რავა ჭკუით იქნები, _ ჭკუაზე დამარიგა ბიძაჩემმა და თან ყალიონი პირის პლაკუნით გააღვივა, _ ფრთხილად იყავი, იმ ვირიჭამია ჟიროსქუებმა ზესტაფონში არ დაგიჭირონ! ქალაქშიც საქმეს ჭკუა მიატანე. ათასი ძაღლი და მამაძაღლი უსაქმოდ დაწანწალობს და ვინმეს ვაგლახად არ აყვე, დავიდარაბაში არ გაება.
ვირიჭამია ჟიროსქუებს ჩვენში ზესტაფონელ კიკნაძეებს ეძახდნენ. ბატონყმობა ყველაზე გვიან ოდიშში მოიხსნა და გლეხები თავიანთ ბატონებს ქალაქს გაურბოდნენ, თავს იქ აფარებდნენ. სამეგრელოდან გაქცეულ ყმას უსათუოდ ზესტაფონზე უნდა გაეარა და ოდიშის მბრძანებელს, დავით დადიანს მათ შესაპყრობად კიკნაძეებისათვის ჯამაგირი გაეჩინა, ეს ხარჯი მეგრელ თავადაზნაურობისათვის ბეგარად შეეწერა. მიქელაძეებმა თურმე ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს: ჩვენი ყმები არსად არ გარბიან და არც ბეგარის გადამხდელი ვართო, მაგრამ არაფერი რომ აღარ გაუვიდათ, ცხელ გულზე მკვდარი ვირი გაატყავეს და მისი ხორცი კიკნაძეებს დიდის ამბით მოუკითხეს:
_ რაც ჩვენ შორის მტრობა და შური იყო, დავივიწყოთ და ნიშნად შერიგებისა, ეს ჩვენებური ირმის ხორცი ძღვნად მიირთვითო.
კიკნაძეებმა მიქელაძეებს ოინი გვიან შეუტყვეს და სამაგიერო იმითი გადაუხადეს, რომ თავის გამაბიაბრუებლებს გატყავებული ტურა მოუკითხეს:
_ თქვენი ძღვენით დიდად დავალებული ვართ და სამაგიეროდ ეს ჩვენებური შვლის ხორცი ინებეთო.
მას შემდეგ შეერქვათ კიკნაძეებს ვირიჭამია ჟიროსქუა-აზნაურიშვილები, ხოლო მიქელაძეებს _ ტურაჭამიები.
ბატონყმობა ახლა ოდიშშიც მოხსნილი იყო, მაგრამ ბიძაჩემს მაინც ეშინოდა, რომ იმ ვირიჭამიებს გზაში არ დავეკავებინე და ტყუილუბრალოდ არ გავეწვალებინე, ამიტომაც მარიგებდა ისე გულდაგულ.
_ აბა შენ იცი, ჩემო ბიძია! _ განაგრძო მან, მაგრამ სათქმელი აღარ დაასრულა, წელი ხვნეშით წამოითრია და გარეთ წყნარად გავიდა. მეც დრო ვიხელთე, გაფიცხებულ მჭადს ხელი დავტაცე და ბიძაჩემს უკან მივყევ, ეზოში კუნტრუშით გავიჭერი.
_ ქიშია, პავლია, სიდულია, ჯამუ, ჰაუუ!.. _ გავძახე ტოლსწორებს და იმათაც ბევრი როდი დაუყოვნებიათ, მაშინვე ხმა გამცეს:
_ აქა ვართ, ბათაია, აქ!
და ამ სიტყვებით ზოგი ღობეზე ყირას გადმოდიოდა, ზოგი ალაგეზე ხტებოდა და თავი ყველამ ერთად მოვიყარეთ.
მერე მთელი დღე ვმღეროდით, ვცელქობდით, რიკტაფელას ვთამაშობდით, ბოლოს ესეც რომ მოგვწყინდა, ბჟოლასა და ხურმას შუა საქანელასავით გაკიდებულ ვენახის ცანდზე ვქანაობდით და ლაღ `რამაშას~ რაც ძალი და ღონე გვქონდა, ისე გავკიოდით.
_ რა ამბავში ხარ, ბიჭო? _ მომაძახა ფაცხის წინკარზე ღიმილით მომდგარმა ბიცოლაჩემმა, _ გიხარია, ნანა, გიხარია, რომ გვეთხოვები?
_ მიხარია, _ ვუპასუხე მეც ნიშნის მოგებით, _ რატომაც არ უნდა მიხაროდეს? სულ რომ მიწყრებოდით, აბა რა გეგონათ!
_ სო, ბიჭო! _ შემომიტია ბიცოლაჩემმა გაგულისებით, _ მეორედ არ თქვა, შე უმადურო, თორემ ვინმეს მართალი ეგონება! თავს იმიტომ გევლებოდი, ამდენს იმიტომ განებივრებდი, რომ ბოლოს საყვედურიც მითხრა?
ბიცოლაჩემი მართალი იყო. ჩემი უმადურობის თვითონვე შემრცხვა და თავი დაბლა დავხარე.
_ არა, ბიცოლა... მარა რა ვქნა, რომ მაინც მიხარია.
მალე თამაშიც მოგვწყინდა. ცელქობით დაღლილნი ყველა ერთად კოპიტის ჩრდილში მოლზე მივეყარეთ. მეც ამხანაგებს შორის ყადივით არხეინად ვიჯექ და ყოველ მათგანს ჯერ კაცის ყურით გაუგონარსა და თვალით უნახავ საჩუქარს ვპირდებოდი. ანდა რა მენაღვლებოდა, ენის ქნევაში ქირას არავინ მახდევინებდა და ბაჟს.
_ მე, ბათურია, რაში მინდა, _ მეხვეწებოდა ქიშია ჩემი დაპირებებით მადააღძრული, _ მარა იცოდე, გაუხედნავი უნდა იყოს. მე თვითონ გავხედნი, ჩემ ჭკუაზე.
_ ბიჭო, გაუხედნავი რად გინდა, გადმოგაგდებს! _ ისე ვუჯავრდებოდი მეც ქიშიას, თითქოს გაუხედნავიცა და გახედნილი რაშები აქვე მება ყურის ძირში, ლაფაროში.
_ მე ასე მინდა და შენი რა საქმეა! _ მომიჭრა მან ჯიუტი თავგამოდებით და შუბლი კუშტად შეიკრა.
_ კაი, ქიშია, კაი! _ დავყაბულდი მეც, _ რაკი ეგრე გინდა, რა ვქნა, ისევ გაუხედნავს გამოგიგზავნი. მარა იცოდე, თუ გადმოგაგდო, ჩემი ბრალი არ იყოს! შენთვის ვამბობ, თვარა რა მენაღვლება. კაცმა რომ თქვას, გახედნილი უფრო ძნელი საშოვარია.
_ მეც რაში მინდა, ბათურია! _ ჩამოერია საუბარში პატარა ჯამუც.
_ კაი, ჯამულია, ძალიან კაი, შენც რაშს ჩამოგიყვან! რაშების მეტი რაა იმ უშველებელ ქალაქში. ამას წინათ თურმე მთიდან ჯოგი მოვარდნილა და ქალაქი სულ მოუჯეგავს.
ასე ვპირდებოდი ყველას, რაც უნდოდა და რასაც მთხოვდა. არც ერთ მათგანს არ ვაწბილებდი. რა ვიცოდი მაშინ, თუ ცხოვრებასა და ჩვენს ნატვრა-სურვილებს შორის ასეთი დიდი განსხვავება იყო. მეც რა მენაღვლებოდა ან რა მქონდა დასანანი? ზოგს ოქროსჯავარიანი სარტყელი უნდოდა, ზოგს _ ვერცხლით საგანგებოდ მოსირმული ყაიში, ზოგს _ წითელი ყანაოზის ახალოხი, ზოგს _ ოქროსზარნიშიანი დამბაჩა და ვერცხლის ქამარ-ხანჯალი. იმათ ნატვრა არ ეზარებოდათ და მე _ დაპირება. მხოლოდ სიდუ იჯდა ჩუმად. არაფერს მთხოვდა. მე კი ყველაზე უფრო ის მინდოდა, იმას ეთხოვა ჩემთვის რამე. სიდუ სამი-ოთხი წლით თუ იქნებოდა ჩემზე უმცროსი. ნაადრევად დაობლებული მამამისს ბანძიდან ჩვენს სოფელში ჩამოეძიძავებინა და არამცთუ არ აკითხავდა, საძიძო ჰასაკს გადასცდა და შინ მაინც აღარ მიჰყავდა. ათასში ერთხელ სიდუს ის თავისი დაია, ხუთიოდე წლით მასზე უფროსი სალომე თუ ჩამოაკითხავდა, ამბავს გაიგებდა, ერთ-ორ დღეს დარჩებოდა და მერე ისევ თავის ბინას მიაშურებდა. ერთი-ორჯერ მამამისიც, ცხენის უსაშველო ქურდი თამშუღ დანელიაც ჩამოვიდა და თან ათასნაირი სასუსნავი ჩამოგვიტანა, მაგრამ ერთი ისეთი ართვალი რამ იყო, რომ ბალღებს მისი მიკარებისაც გვეშინოდა. ყველაზე მეტად მაინც მისი დავსებული თეთრი, ლიბრგადაკრული ცალი თვალი გვაფრთხობდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მისი შიში მთელ სოფელს იტანდა. სანამ ის სტუმრად იყო, ცხენ-ხვადაგის დაკარგვის შიშით არავის მოსვენებით არ ეძინა, ყველა მის ადრე გადაშენებასა და გადაბარსალებას ნატრობდა, მაგრამ საკვირველი ის იყო, რამდენადაც ის წყეული იყო და არაწმინდა, იმდენად მისი ქალიშვილი სათნო იყო და წყნარი. ახლაც, ჩვენ, ოცნებით გატაცებული ბალღები ეგეთი გაცხარებით რომ ვდაობდით, ის ჩუმად იჯდა, თავისივე ნაწნავის ბოლოს წყნარად ძენძავდა და ჩვენს აყალმაყალში არ ერეოდა.
_ შენ, სიდულია? შენ რაღა გამოგიგზავნო? _ შევეკითხე ჩემთვისვე მოულოდნელი მღელვარებით და ვიგრძენ, რომ სახე, ყურის ძირები წითლად ამელეწა, გულმაც ტოკვა დამიწყო.
_ არაფერი... მე... არაფერი არ მინდა, ბათურია, მე ის მინდა, მინდა, რომ შენ სულ კარგად იყო, _ თქვა და თავი დაბლა დახარა, რატომღაც იმასაც წამოუფაკლდა სახე.
თვალებში მაშინვე გაკვირვებით ჩავხედე და ყელში ცრემლი მომებჯინა. ჩემი უხერხულობა რომ დამეფარა, განზრახ არხეინად ვთქვი:
_ კაი აბა, რახან ეგრეა, მოდი, სამოთხის ჩიტს გამოგიგზავნი თავისი ოქროს გალიით, ჰა? ოღონდ, რო დაწვე, არ დაგავიწყდეს, _ გალია სასთუმალთან დაიკიდე და ნახე, მის ჭიკჭიკში როგორ ტკბილად დაგეძინოს... _ მაგრამ ის, წეღან ყელში რაღაც ისე ძალუმად რომ მომებჯინა, მაინც არ მასვენებდა და ვერაფერი რომ ვერ მოვუხერხე, ფეხზე წამოვიჭერ, ისედაც თავგზააბნეულ სიდუს ხელი ჩავავლე და უკანა ეზოსაკენ სირბილით გავიტაცე.
_ ალუჩა ვის გინდათ, მწიფე ალუჩა! _ თან ხმამაღლა გავიძახოდი და თან მივრბოდი, მაგრამ სიდუ ჩემს ნებაზე როდი წამოვიდა. უკან იწევდა და არ მიშვებდა. მეც რა გზა მქონდა, მის ნებას დავყევ, ნაბიჯს შევუნელე და თან გული მიკვდებოდა, როცა ვხედავდი, როგორ გადაგვასწრეს გოგო-ბიჭებმა, როგორ გადადიოდნენ შქერის ღობეზე მალაყს და ჟრიამულით, წივილ-კივილით სირბილში ეჯიბრებოდნენ ერთიმეორეს.
სიდუ მათ ჟრიამულს ყურადღებას არ აქცევდა. ისევ ისე წყნარად, დაფიქრებულად მოდიოდა და ღობეზე გადასასვლელად რომ ავიდა, მისი მზემოკიდებული შვეტი წვივები ისე ახლოს აღმოჩნდნენ ჩემგან, რომ თვითონაც არ ვიცი, როგორ მოხდა, მის ფეხს ტუჩით დავეკონე.
სიდუმ შეჰკივლა, ფეხი გველნაკბენივით მოიქნია და ღობის იქით ქვასავით მოწყვეტით გადავარდა. დიდხანს არც მე დავაყოვნე. ღობეს მაშინვე ქორივით გადავევლე და სიდუსაკენ არც მომიხედავს, ალუჩას სირბილით მივაშურე. გულმა მაინც არ მომითმინა, წუთით შევდექ და უკან თავდახრით მიმავალი რომ დავინახე, გული საგულეს ჩამწყდა, _ წინ გადაგდებული ნაწნავის ბოლოს წეღანდელივით ნელა ძენძავდა და შინ დაფიქრებული, თითქოს დამწუხრებული ბრუნდებოდა.
_ სიდულია! _ გავძახე ჩემი კი არა, ვიღაც სხვისი ხმით და ჩემმა ხმამ მევე შემაკრთო.
სიდუს არც მოუხედავს. გზას ისევ ისე განაგრძობდა და ვერ გამეგო, მემდუროდა რამეს თუ ისე, უგუნებოდ იყო. გულმა არ მომითმინა. გამოვედევნე და ფაცხის იქით, ჩალის ზვინთან წამოვეწიე.
ირგვლივ არავინ იყო. აღარც ბალღები ჩანდნენ მახლობლად.
_ სიდულია! _ ვთქვი ჩურჩულით, _ მემდური?
_ გრცხვენოდეს! _ თქვა საყვედურით სიდულიამ და თაფლისფერი თვალები ისე მწველად შემომანათა, რომ მართლა შემრცხვა. თავი დავხარე.
7
გაზაფხულის წყნარი საღამო იყო. ჩვენი ფაცხის წინ მყუდროდ ვისხედით. თამაშობით გულმოჯერებულნი ჩვენთვის წყნარად ვსაუბრობდით. ჩემს ტოლ-ამხანაგებს ვუამბობდი, _ არა, როდი ვუამბობდი, ხმამაღლა ვოცნებობდი, ვლაპარაკობდი, როგორ არხეინად ვიცხოვრებდი ქალაქში. ჩვენს ოჯახში გაზრდილი ხუცის შვილი საბალიაც იქ სემინარიაში სწავლობდა და ვტიტინებდი, როგორ გავატარებდით `ღორობიას~ ან `ქორაბუდეს~ თამაშში დროს ერთად.
სწორები სულგანაბული მიგდებდნენ ყურს და მეც, მათი ყურადღებით კიდევ უფრო ფრთაასხმული, რაღაც აბდაუბდას გაუთავებლად ვქაქანებდი, ჩემი ენის გაჩერებას საშველი აღარ დაადგა.
სიდუ ოდნავ მოშორებით იჯდა. თავჩაღუნული კალთაში ჩაგდებულ ნაწნავის ბოლოს ხმისამოუღებლად ძენძავდა და მეც ხანდახან მისკენ გასაფრებით გავიხედავდი. ისევ გაგულისებული მეგონა და მისი გული როგორმე რომ მომეგო, ალერსით ვუთხარ:
_ იცი რა, სიდუ? რად გინდა ის სამოთხის ჩიტი? არ ისმება და არ იჭმება. მოდი, ერთ გოდორ კრენდილს გამოგიზგავნი, ორპირში რომ ყიდიან, ისეთს. დაჯექი და ხურხნე, სანამ ჩამოვიდოდე.
ეს სიტყვები რომ ვთქვი, მხოლოდ მაშინ გავისაზრე, რომ ეგეთი ხელმომჭირნეობა არაფერს არა ჰგავდა და უცებ დავუმატე:
_ ჰო, თუმცა რა უჭირს! ორივეს გამოგიგზავნი, სიდულია! მე როდი მენანება, ბეჩა! ჩიტსაც გამოგიგზავნი და კრენდილსაც. ჩიტი ამღერე და კრენდილი ხურხნე.
_ როგორც გერჩიოს, ბათურია! _ თქვა მორჩილებით და მე მივხვდი, რომ აღარ მემდუროდა. გული სიხარულით ამევსო, მაშინვე ახლოს მივუცოცდი, როგორღაც თავისთავად მოხდა, ხელი ხელში ჩავჭიდე და რომ აღარ გამომართვა, ხმა სიხარულით ამიკანკალდა. ახლა რა ჯანდაბა გამაჩუმებდა, მოზღვავებული გრძნობა რომ გამეყუჩებინა, ისევ სულმოუთქმელად ავტიტინდი, ისევ ვლაპარაკობდი და ათასნაირად ვკიბავდი ამბავს ამ მთისას, იმ მთისას. ისევ თავიდან ვუამბობდი, რა მალე გავმდიდრდებოდი ქალაქში, როგორი დიდი სოვდაგარი, დიდი შეძლების კაცი გავხდებოდი და ჩემი ჯარი, ჩემი აქლემები მეყოლებოდა. აქლემი ხომ ორნაირია, მეც ორნაირივე მეყოლებოდა, ზოგი ცალკუზიანი, ზოგიც წყვილკუზიანი და რომელზედაც მომინდებოდა, იმაზე შევჯდებოდი, ვინ მეყოლებოდა დამშლელი?
ამხანაგები გატრუნულნი ისმენდნენ ჩემს გაუთავებელ წილადობილას და ჩემთან ერთად ისინიც ისე გაეტაცნა ოცნებას, რომ გრძნობა სინამდვილისა წუთით იმათაც დაეკარგათ, ალალი ოცნება იმათაც ხალას სიმართლედ მიეჩნიათ. მეც ეს მაქეზებდა და ენა კიდევ უფრო ავილესე, ვტიტნებდი, ვტიტინებდი. ან რად არ უნდა მეტიტინა? ეს დალოცვილი ენა მაშინაც ისევე გრძელი და გატლეკილი მქონდა. ჩემმა ქაქანმა ისე გამიტაცა, მსმენელნიც ისე დავიპყარ, რომ არ გაგვიგია, მამაჩემი თავს როგორ წამოგვადგა.
_ მანდ რას აკეთებთ, ბაღნებო? _ შეგვეკითხა დაყვავებით. ყველანი ერთად შევკრთით. თავი უცებ ისევ სინამდვილეში ამოვყავით. ადგილიდან ერთად წამოშლა გავაპირეთ, მაგრამ მამამ დაგვამშვიდა.
_ იჯექით, ბაბა, იჯექით! _ დაგვიამა სიტყვა და სიარულით დაღლილი იქვე კუნძზე ხვნეშით ჩამოჯდა.
ჩვენც ისევ მივლაგდით, მაგრამ ის ტკბილი წუთები ოცნებისა დარღვეული იყო და ხმას აღარ ვიღებდით. მამაჩემმა ერთხელ კიდევ ღრმად, როგორღაც მნიშვნელოვნად ამოიხვნეშა და ჩემს გასაგონად განზრახ მკაფიოდ თქვა:
_ ყულევიდან ქარავანი ჩამოსულა. ხვალ ორპირის გზას უთენია უნდა დავადგეთ და აბა შენ იცი, შვილო, როგორ ადრე ადგები.
ამ სიტყვებზე გული ერთბაშად შემეკუმშა. სიმარტოვე, უცხო ქალაქი, მშობლიურ კერას მოწყვეტა თვალწინ ახლა ნამდვილად წარმომიდგა, მომავლის შიშმაც მხოლოდ ახლა ამიტანა. ჩემი ობლობა, სიღარიბე და უნუგეშო მდგომარეობაც მხოლოდ ახლა მომაგონდა, ჩემი თავი მევე შემებრალა, თვალები ცრემლით ამევსო. აქამდე ყველაფერი ოცნება იყო, თამაში იყო და მეც ვოცნებობდი, ვთამაშობდი. ახლა ყველაფერი საშინელ სიმართლედ იქცა და გამოუცნობი მომავლის შიშით ატანილს გულს რაღაც ცხელი მჭიდროდ, სალტესავით შემომეჭირა.
ჩემი მდგომარეობა ალბათ ჩემმა ტოლ-სწორებმაც იგრძნეს, ყველამ ერთად რომ შემომხედა, გული ერთბაშად ამომიჯდა, ტირილი კინაღამ დავიწყე. ჩემთან ერთად ისინიც მიხვდნენ, რომ აქამდე ცოდვა როდი ვიყავ, ცოდვა ამიერიდან ვიყავი. ცრემლი ბოლოს მაინც ვეღარ შევიკავე, ლოყებზე ცხლად თავისთავად ჩამომიგორდა.
_ რა მინდა იმ ოხერ ქალაქში! რა დამრჩენია... _ ამომხდა ფლუკუნით, მაგრამ სიტყვა გამიწყდა, ცრემლებმა ყელი გადამიკეტეს.
ქიშიამ მხარზე ხელი დამადო, თვალებში თანაგრძნობით ჩამხედა, ერთხანს ხმას არ იღებდა.
_ წადი, ბათურია, წადი... _ თქვა მან ბოლოს და ალერსიანი კილოთი განაგრძო, _ ბაბამ თქვა, კაცი გამოვაო... მარა, იცოდე, არ დაგვივიწყო, თორემ მისდღემჩი ხმას არ გაგცემ...
ჯერ ისედაც არ ვიყავ დიდი ჭკუის პატრონი და ახლა ამ სიტყვებმა სულ გამომალენჩეს, ცრემლები ყელში მომებჯინა და ენა ვეღარ მოვაბრუნე. ან რა მქონდა სათქმელი?
_ მიხვალ ხომ, ბათურია? _ შემეკითხა სიდუ თითქოს საყვედურით და ხელი მკლავში ჩამჭიდა.
ესღა მაკლდა. გული ერთბაშად ამომიჯდა. თან ხმამაღლა ვბღაოდი და თან სულელივით ვიცინოდი.
_ ნუ ტირი, ბაბა, ნუ... _ თქვა მამაჩემმა ხმის აწევით და გული იმასაც ამოუჯდა, მკერდზე მხურვალედ მიმიკრა.
მეც ქვა ხომ არ ვიყავ, ბალღი ვიყავ. ვიცოდი, თუ არ ვირბენდი ან რამეს არ ვიზამდი, გული ამდენ ტკივილს ვეღარ გაუძლებდა. თავი მშობლის მკლავებისაგან უდიერად გავითავისუფლე და სირბილით, ტირილით ფაცხის უკან განივრად დადგმულ ჩალის ზვინს მივაშურე. ჩემი ძაღლის, კანჩურიას ბუნაგი ხელდახელ გამოვქექე, კიდევ უფრო გავაგანივრე და შიგ შემძვრალმა ჩალაბულა თავზე საჩქაროდ წავიყარე, ჩემს უბედურებას ვითომდა იქ დავემალე.
_ ბათურია, უუ!
_ ბათურია, აუუ!
_ სად ხარ, ბიჭო ბათაია-ა! _ მეძახდნენ ტოლები. მეძებდნენ, მაგრამ მე ხმას არ ვაძლევდი. სად მქონდა ახლა იმათი თავი. ჩემს თავთან, ჩემს დარდთან მარტო რომ დავრჩენილიყავ, ბუნაგში კიდევ უფრო საიმედოდ მოვიჭუჭკე, მაგრამ მათმა გაფაციცებულმა ძებნამ თანდათან გამიტაცა, ბალღი ვიყავ, დარდი ერთბაშად გადამავიწყდა და მეც გაფაციცებით ვადევნებდი თვალს. ვუთვალთვალებდი, როგორ მეძებდნენ ისინი, როგორ ბორიალებდნენ ეზოში აქეთ-იქით და ვერ მპოულობდნენ. ამ წუთს ყველაფერი სიცრუედ მომეჩვენა, დარდი ჩემდა უნებლიეთ თამაშობად მექცა. ბუნაგში კიდევ უფრო გავინაბე და გავცქეროდი, მიპოვიდნენ თუ არა ისინი. აი, ჩემს სამალავს წყნარი საუბრით რომ მოუახლოვდნენ, მე თავი ვეღარ დავიჭირე და ბუნაგიდან სიცილით გამოვიჭერ. იმათაც ეს უნდოდათ, ყველანი ერთად სიცილით, ხალისიანი წივილ-კივილით ავჟრიამულდით. მაშ რა გვექნა? ბალღნი ვიყავით, მიამიტნი და ხანგრძლივი დარდი და მწუხარება არ გვეხერხებოდა. გალაღებულებს ყველაფერი ერთბაშად დაგვავიწყდა. ისევ ვცელქობდით, ისევ ვთამაშობდით და ამ ონავრობაში როგორ დაღამდა, არ შეგვიტყვია. ყველა ჩიტმა თავისი ბუდე იცის. ჩვენც ჩიტებივით ვიყავით, ბუდეები ჩვენც დაღამებისთანავე მოვიკითხეთ, შინ ცალ-ცალკე გავიკრიბენით.
ეზოებში იისფრად ჩამოწვა საღამოს მქრქალი ბინდი. რიონის ჭალებიდან ამოცოცებულ ნისლში ყველაფერი საოცნებოდ დაიბურა. ნისლს ფაცხებიდან ავარდნილი კვამლი შეუერთდა და ბჟოლები, ტირიფები, ხურმები და კოპიტები თითქოს ნელ-ნელა ატივტივდნენ. მეც სახლის წინკარში მონუსხულივით ვიდექ და ეზოს რომ გავცქეროდი, ხანდახან მეგონა, ეს თვალამობლეტილი ბურულიანი ფაცხაც საცაა ამ ხეებთან და ეზოსთან ერთად ატივტივდებოდა.
მხოლოდ ახლა ვიგრძენ მთელი სიმწვავით, რა წარმტაცი იყო ჩემი ეზო და ჩემი სოფელი, ვიდექ და გული ცრემლით მემდუღრებოდა...
დაწოლის წინ ბიცოლაჩემმა ანწლით დამბანა ტანი ლაფაროში. მაჭამა, მასვა და ლოგინში ადრე ჩამაწვინა. ყველაფერი რომ დააბინავა, შუბლზე მაკოცა, დამლოცა და შინ წავიდა თავისი ოჯახის დასახედად. მამაჩემმა ტანთ გაიხადა, ჭრაქი ჩააქრო და ისიც დაწვა. მე თვალები დავხუჭე, მაგრამ დღევანდელი დღის ამდენი გადანაცადით გული ისე მქონდა აფრიალებული, რომ თვალს ვხუჭავდი და მაინც არ მეძინებოდა. ან რა დამაძინებდა, კაცმა რომ თქვას? შინ უკანასკნელ ღამეს ვათევდი და ჯავრიანი გული შეპყრობილი ჩიტივით მელეოდა, მაგრამ დაღლილობამ თავისი მაინც მალე გაიტანა. ნამდვილი და ოცნება ერთიმეორეში ამერია. ის ხეები, ბურულიანი ფაცხები ჩემკენ დაიძრნენ, ირგვლივ ნისლივით შემომებურნენ და წყნარად შევცურდი გამოურკვევლობაში, ბურანში. ვეღარ ვხედავდი, როგორ იბჟუტებოდა, როგორ თანდათან ქრებოდა ცეცხლი კერაში. არ მესმოდა, როგორ კრუტუნებდა ღადარში მუშტისოდენად მოკუნტული კატა. მაგრამ დიდხანს როდი ვყოფილვარ ეგრე. რა ვიცი, იქნებ დიდხანსაც ვიყავ... რაღაც მძიმე სიზმარმა კრთომით გამომაღვიძა. თვალი შიშით არ გავახილე. ღამეში მიყუჩებულ სოფელს მივაყურე. ხალხთან ერთად თითქოს ბუნებასაც ჩასძინებოდა. მხოლოდ რიონი დუდუნებდა გულჩახშულად და სადღაც სოფლის ბოლოში ერთადერთი ძაღლი ღავღავებდა გაბმულად, ღამეში მარტო დარჩენილი თავს ყეფით თუ ირთობდა.
ფაცხაში ისეთი სიწყნარე იყო, რომ ჩემი გულისცემა მევე მესმოდა. შვიარების ღურღუნციან სიხშოებში წრომები ერთურთს გულდარდიანად გასძახოდნენ:
_ ნახე? ნახე?
_ ვერა! ვერა!
ეს _ მოსიყვარულე დები ეძებდნენ თავიანთ უკვალოდ დაკარგულ ძმას და ვერ პოულობდნენ. ახლა მეც იმათ ძმასავით უნდა დავკარგულიყავი და ვინ იცის, ცხოვრებაში დაკარგულს მიპოვიდა ვინმე თუ არა?
_ ღმერთო, რა დუმილია! _ გამიელვა, _ ეს მამალი მგლის შესაჭმელი კანჩურიაც რომ აღარ ყეფს!
ლოგინში მოუსვენრად ავწრიალდი, ხან მარჯვენა გვერდზე დავწექი, ხან მარცხენაზე, მაგრამ ძილი მაინც არ ეკარებოდა თვალს. ფიქრი ფიქრს აეკვიატა, მოგონება მოგონებას აედევნა და გული კიდევ უფრო ამითანაღრდა. რა დამატოვებინებდა აქაურობას? როგორ უნდა შევლეოდი ამ ეზოს, ამ არეს, მინდვრებს, სადაც ჩემი კვიცით ჭიხვინითა და კისკისით მინავარდია? რა დამათმობინებდა ამ რიონის ჭალებს, სადაც თხები მიმწყემსავს და წიგნები გატაცებით მიკითხავს? როგორ უნდა შევლეოდი ამ მიწა-წყალს, სადაც სალამურს თავდავიწყებით ვუკრავდი და მშვილდითა და კოდალით შაშვებსა და მოლაღურებს მოსაკლავად დავდევდი, ღომის ყანებსა და საისლეებში მწყრებსა და ღალღებს მახეებს ვუგებდი? რა დამავიწყებდა ჩემი რიონის სალბუნიან წყალს, შიგ რომ ბაყაყივით ვყურყუმელაობდი, ამხანაგებთან ერთად მოსილულ ჩქონში ტიტველ ჭინკასავით ვხტოდი? ფიქრით ვეთხოვებოდი მყუდრო დორანებს, შიგ რომ მსუქან კობრებსა და ღლავებს ანკესით ვიჭერდი. თვალცრემლიანი ვეთხოვებოდი ჩემი სოფლის ცას, მის ლაინისფერ დასალიერში თვალით ანგელოზებს რომ ვეძებდი, ვტოვებდი კორდებს, კორომებს, ტოლ-სწორებსაც და იმასაც... სიდუს, კანჩურიას, სათამაშოებს, ვინ იცის, კიდევ რას? იქნებ ჩემს ბედსაც სამუდამოდ ვემშვიდობებოდი.
ვფიქრობდი, ვფიქრობდი და გული ისე ამიდუღდა, რომ არ მახსოვს, ვიტირე თუ არა. არც ის მახსოვს, ძილი როდის წამომეპარა.
8
_ ადექი, ბაბა, არ დავგვიანდეთ! _ ჩამესმა ყურში მამაჩემის ალერსიანი ხმა, მაგრამ ძილში ჩაყოლილი დარდი იმდენად ძალუმი იყო, რომ მინდოდა თავი მაღლა ამეღო და ვერ ვიღებდი.
_ ადექი, შვილო, ადექი, თორემ საცაა მზე თავს წამოგვადგება, _ მაინც არ მეშვებოდა მამაჩემი და გული სევდით მეკუმშებოდა, არ მინდოდა, რომ თავი ტკბილი ძილიდან ისევ ცხადში ამომეყო, მინდოდა მწარე სინამდვილეს როგორმე ისევ დავმალვოდი და თვალები კიდევ უფრო მაგრა დავხუჭე, მაგრამ არაფერი რომ აღარ გამივიდა, რა მექნა, ავდექ და ისევ გავახილე.
ჯერ ისევ აპრილის ცვრიანი დილაბნელი იყო. ფარღალალა ფაცხაში ცეცხლი ენთო, მაგრამ მაინც ციოდა. ჩათბუნებული ლოგინიდან გამოძრომა ჭირის დღესავით მეზარებოდა. სხვენამდე ავარდნილი ცეცხლის ალი ხალისიანად ტკაცუნობდა. ღამის ნათელზე შავად გამჭვარტლული თავხეები და ზედ გაპოტიკებული ოჯინჯალა თვალისმომჭრელად ბზინავდნენ.
ფაცხაში საფუვრის, ახალი ყველისა და ცხელი მჭადის მადის აღმძვრელი სუნი იდგა. ჩემი კანჩურია კერასთან უკანა თათებზე ალად დაყუნტულიყო. მთელი ღამე გარეთ ნაგდებს ძვლები ისე გაცივებოდა, რომ ვერ შორდებოდა, მოძალებულ კვამლსა და მხურვალებას პირს არიდებდა და თან სიცხით შეწუხებული სულშეჭირვებულად წკმუტუნებდა.
ტლუდ გაჩოგნილ ფიცრულ ტახტზე მიგდებული სავსე ხურჯინი რომ დავინახე, მივხვდი, ჩემთვის იყო გამზადებული და დარდმა საბოლოოდ გამომაფხიზლა. ჩემი თავი შემებრალა. ჩემი ობლობა, სისაწყლე და რა ვიცი კიდე რა _ ყველაფერი ახლა მომაგონდა და ტირილი დავიწყე.
_ ნუ ტირი, შვილო! _ მეხვეწებოდა მამაჩემი და ხმაზე შევატყვე, რომ იმასაც გული აუჩუყდა ჩემი სიბრალულით. მეც ეს მინდოდა და ხმას კიდევ უფრო ავუწიე:
_ რა მინდა იმ დასაქცევ ქალაქში?.. _ ვტიროდი გულამომჯდარი და თან ტანთ ზოზინით ვიცვამდი.
_ ვაი სირცხვილო! _ ნამუსში მაგდებდა მამაჩემი და თან საყვედურით განაგრძობდა, _ ხალხს ციმბირში ასახლებენ, არ ტირიან და შენ რა გაქვს სატირალი?
მე მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი, ისევ ჩემსას განვაგრძობდი:
_ მომიძულეთ, ხომ? დასაკარგავში მასახლებთ, ხომ? თავიდან მიშორებთ, ხომ? _ ვწუწუნებდი, რაც შეიძლება მწვავე სიტყვებს განზრახ ვეძებდი, რომ მისთვის კიდევ უფრო შემებრალებინა თავი და მით ჩემს ქალაქს გაგზავნაზე ხელი როგორმე ამეღებინა. ეშმაკობამ თითქოს მართლა გაჭრა და მიზანს თითქოს მართლა მივაღწიე. გულაჩუყებულმა ალერსს უჩვევი ხელები მხრებზე ტლანქად მომხვია და მკერდში მხურვალედ ჩამიკრა.
_ არა, ჩემო ბათურია!.. _ მტუქსავდა იგი თუ მეალერსებოდა, ვერაფრით ვერ გამეგო, _ არა, ბაბა!.. ვინ გითხრა, პეჩი, რომ მოგიძულე? მეორედ არ თქვა, ბაბა, ეგ სიტყვები... მეორედ არ წამოგცდეს, თვარა იცოდე, მეწყინება. მოსაძულებლად ან დასაკარგავში გადასაგდები შვილი მე ვინ მომცა!
_ ვიცი, კარგად ვიცი... _ მაინც არ ვიშლიდი ჩემსას და ისევ განვაგრძობდი, _ ხო მომიძულეთ? ხო თავიდან მიცილებთ? კაი აბა, კაი! წავალ და მაშინ ნახავთ, სულ რომ აღარ ჩამოვალ...
ჩანს, ჩემს ხმამაღალ მოთქმა-ტირილს ბიცოლაჩემის ყურამდეც მიეღწია. სამეზობლო ღობის ალაგეზე გაფოფრილი გადმოიჭრა და თან მოჰყვიროდა, საქვეყნოდ გაჰკიოდა:
_ რა იყო, ჩემო ბათურია? რა გატირებს, ბიჭო? _ და მერე ვიღაცას, ალბათ ჩემს დამჩაგრავს, კიდევ უფრო ხმამაღლა შეუტია, _ ჩემს ბიჭს ვინ აწყენინა? მითხარი, ბათურია, მითხარი, გული ვინ მოგაყვანია და მერე მე ვიცი და იმან! მოვკლავ, ნანა, მოვკლავ! სად წამივა!
ბიცოლაჩემს უკან ბიძაჩემიც დაედევნა, მათ იმ ყურე-კუთხის მეზობლებიც მოჰყვნენ, ირგვლივ ტოლ-სწორნიც შემომეხვივნენ და ყველა თანაგრძნობით, სიყვარულით რომ შემომცქეროდა, გული კიდევ უფრო ამიდუღდა.
_ მითხარ, შვილო, რა გატირებს? მითხარ და იქნებ რამე ეშველოს მაგ შენს სატირალს! _ მეუბნებოდა ბიცოლაჩემი და გული იმედით ერთბაშად ამევსო, მთელი გრძნობა-გონებით შევჩივლე:
_ არ მინდა, ბიცოლა! არსად წასვლა არ მინდა... _ მაგრამ სიტყვის დასრულებაც აღარ დამაცალა:
_ ააჰ, ეს რა მესმის, _ შეიცხადა ერთბაშად და სახეში თითქოს რისხვით ჩამაცქერდა, _ ეგ არ გამაგონო, ნანა! შე საწყალო, კაცს ბუმბულში გაწვენენ და შენ სულელ ჭინჭრაქასავით ფუჩეჩ-ფუჩეჩო გაიძახი?.. სულელი ყოფილხარ, ნანა, ლენჩერა და მე ჭკვიანი მეგონე.
რაკი ბიცოლამაც მიღალატა, მივხვდი, რომ ჩემი საშველი აღარ იყო, მივხვდი, რომ ტირილით არა გამოვიდოდა რა და გავკერპდი, თითქოს ვიღაცის ჯიბრით წამოვიძახე:
_ წავიდეთ!
ჩემმა ეგრე მტკიცედ ნათქვამმა სიტყვებმა მამა გააკვირვა, მაგრამ მე მას ყურადღება არ მივაქციე, ისევ ისე მტკიცედ, მაგრამ მოუთმენლად წამოვიძახე:
_ წავიდეთ, წავიდეთ-მეთქი!
და უცებ გავჩუმდი. ხმის ამოღების შემეშინდა, კიდევ ერთი სიტყვაც და ვიცოდი, რაღაც უცნაური დამემართებოდა, ამდენსაც ვეღარ ავიტანდი, ალბათ გული გამისკდებოდა.
მამაჩემმა ერთი დაეჭვებით შემომხედა, მაგრამ არც იმას ამოუღია ხმა. იქნებ მიხვდა, რომ ფარსაგი არ მჭირდა და სიტყვა აქ ზედმეტი იყო, ხელი რაღაცნაირად უსასოოდ ჩაიქნია. ჭიშკრისაკენ თავჩაღუნული უსიტყვოდ რომ გავემართე, ისიც მხარზე გადაგდებული ხურჯინით ფეხდაფეხ უსიტყვოდვე მომყვა. ფაცხას კარგად არ ვიყავ მოშორებული, რომ ეზოს ჭიშკარი სიდუმ შემოაღო. მის დანახვაზე თვალი ისევ ცრემლით ამევსო. მინდოდა, მისკენ გავქანებულიყავ და მეთქვა, შემეჩივლა, რა უბედური და ყველასაგან გამეტებული ვარ, მაგრამ თავი შევიკავე. ერთხანს შევყოყმანდი, დაბნეულობისაგან ფეხი ჯერ ისევ ცვრიან მოლნარზე რაღაცნაირად უსაგნოდ ამისარსალდა. მერე, თვითონაც არ ვიცი, როგორ მოხდა, მისკენ ისე გავქანდი, თითქოს ჩემი მხსნელი მხოლოდ ის იყო. აი, მივუახლოვდი კიდევაც... შევდექი. ჩემი თავის რატომღაც მევე შემრცხვა და ენა მუცელში ჩავიგდე. არ მითქვამს, რომ საწყალი ვარ, არც ის მითქვამს, რომ ცოდვა ვარ; თავჩაღუნული, გაოგნებული ისევ უკანვე გავბრუნდი, მაგრამ თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა ან როგორ მოხდა _ ადგილს ერთბაშად მოვწყდი და ბიძაჩემს გულამოვარდნით მივაშურე, გულში მუდარით ჩავეკარი.
_ ჰაიტ, შე გლახაკო! ჰაიტ, შე ლაჩარო! _ გაიძახოდა მოხუცი ტირილით და თან გულში მხურვალედ მიკრავდა, მლოშნიდა, თავს მევლებოდა. ვერც ბიცოლაჩემმა შეიკავა თავი, ისიც ატირდა. ისიც მკოცნიდა და თან გულზე ავი თვალის ასარიდებელ შარნას სასოებით მკიდებდა, ჩემს თავს წმინდა გიორგის ავედრებდა. მას სხვანიც აჰყვნენ, ახლა ისინიც მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ, შორეულ გზაზე დამდგარს ლოცვით სამჯერ წაღმა მაბრუნებდნენ და მეც თითისტარივით ვტრიალებდი ამდენ ალერსსა და ლოლიავში, ყველას ვეხვეოდი და მინდოდა, ძაან მინდოდა, რომ ყველას შევბრალებოდი, ყველას გული დასწვოდა ჩემი განშორებით.
_ აბა შენ იცი, ჯამუ, ჩემ თხებს რავა მოუვლი! ქიშია, ეს ძაღლი შიმშილით არ მომიკლა ან არ გაგიხელდეს! პავლია! ბიჭო, არ დამივიწყო... შენც, ანდალია... _ მივმართავ ყველას სათითაოდ, ყველას რამეს ვაბარებ და თან სულ მგონია, რომ ის, რაც მთავარია, ვერ დამიბარებია, მგონია, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი მაინც მავიწყდება. ვცდილობ, მოვიგონო, მაგრამ ვერ ვიგონებ. ბალღი ვიყავ და რა ვიცოდი, რომ აქ გული მრჩებოდა, რომ ჩემს მიამიტ სიყვარულს, ჩემს ბავშვობას და ნორჩ დღეებს აქ სამუდამოდ ვტოვებდი. გულადუღებული აქეთ-იქით გაშეთებულად დავრბოდი, ხან ამას ვეცემოდი, ხან იმასთან მივვარდებოდი, მღელვარებისაგან გამოშტერებული ერთსა და იმავეს სულელივით გავიძახოდი:
_ მივდივარ... მივდივარ...
მერე უცებ მომაგონდა, შინ შევირბინე და ჩემი მშვილდი და ბოძალი ხელდახელ გარეთ გამოვიტანე, ქიშიას ხელში შევაჩეჩე, იზდორიას მახეები დავუტოვე, სიდუს ცხენისწყლის პირას ნარიყალში ნაპოვნი ბუნებრივად გახვრეტილი თეთრი კენჭი ვუსახსოვრე. ფაცხის გვერდით, ლაფაროში, კედელთან მიდგმულ საწნახელზე მარდად შევიჭერ, ბურულში გაყრილ ლერწმის ჯოხებზე გამართული შვიდი ანკესი საჩქაროდ გამოვჭვალე და ისიც ამხანაგებს სათითაოდ ჩამოვურიგე. სხვა ქონება მე არ გამაჩნდა და რა მექნა, მეგობრები როგორმე ამას უნდა დამჯერებოდნენ. მერე შევდექ, ირგვლივ ერთხელ კიდევ მივიხედ-მოვიხედე. მინდოდა ჩემს ფაცხას, ჩემს ეზოს ერთხელ კიდევ გამოვთხოვებოდი. ჩემი კვიცი, მარჭიხოლა, მხოლოდ ახლა დავინახე, თვალცრემლიანი მისკენ გავქანდი, კისერზე მოვეხვიე. ახლა იმას ვეთხოვებოდი, თვალებს ვუკოცნიდი, მაგრამ სულელს არაფერი არ ესმოდა და თავს საალერსოდ არ მანებებდა, ხტოდა, მოუსვენრად ფრუტუნებდა. კანჩურიამ მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ სადღაც შორს მივდიოდი, ყეფითა და წკმუტუნით ზედ მახტებოდა და ყურადღებას რომ არ ვაქცევდი, ჩემ ირგვლივ აქეთ-იქით წაწკანით დაქროდა, მერე ისევ ზედ მახტებოდა, ისევ ყეფდა, წკმუტუნებდა, ცდილობდა, ჩემი სახე როგორმე აელოკა, მაგრამ თავს საალერსოდ მაინც არ ვანებებდი. ბოლოს მოთმინებიდან რომ გამოვედი, გამეტებულად შევუტიე:
_ დაიკარგე, ძაღლო, აქედან!
კანჩურია შედგა. თავისი ძაღლური თვალებით ერთი თითქოს გაკვირვებით შემომხედა და მერე კუდამოძუებით მომშორდა, იქვე შორიახლო დაცუცქული თითქოს მუდარით შემომციცქინებდა, პირს რატომღაც მსუნაგად ილოკავდა და კუდს მიწაზე ჯოხივით მლიქვნელურად არაკუნებდა, ისევ წკმუტუნებდა, თვალთა წკურვით შორიდან მელაციცებოდა. ჩემ გარდა მისთვის ყურადღება არვის არ მიუქცევია, ყველა მე მეხვევა, გრძნობიერი ღიმილით შემომცქერიან და დროს იშოვიან თუ არა, მეალერსებიან, ყოველ მათგანს თავის მოვალეობად მიაჩნია, რომ ერთხელ კიდევ ზედმეტად ჭკუაზე დამარიგოს, წინასწარვე წარმოდგენილი ან მოსალოდნელი ფათერაკისაგან გამაფრთხილონ. თან საჩუქრებიც არ ავიწყდებათ _ ზოგი სულგუნს მაჩეჩებს ხელში, ზოგი მარილწყალში მრგვალად მოხარშულ დედალს მიდებს ხურჯინში და ზოგიც _ შალის წინდას. ძღვენი სიდუსაც მოუტანია. ჯერ ისევ ცხელი ხაჭაპური ხელში უხეიროდ რომ შემომაჩეჩა, მაშინ მივხვდი, რომ მის ცხობაში დაჰგვიანებოდა ეგრე და გული გრძნობით ამევსო, ყველაფერი ერთბაშად ვაპატიე. ვაპატიე, რომ ეგრე დააგვიანდა, ვაპატიე, მის მოლოდინში გული კინაღამ რომ გადამელია.
მეზობლები ისევ მეხვეოდნენ, ყველა რაღაცას მაბარებდა, ყველას უნდოდა თავისი ყურადღება რითიმე გამოეხატა და თითქოს პირი ერთად შეეკრათ, ყველა ერთსა და იმავეს მეათასეჯერ მაბარებდა:
_ აბა შენ იცი, ბათურია, რავა ჭკუით იქნები.
_ ბიჭო, ვაგლახად არავის მიენდო და თავი უბრალოდ არ წააგო.
_ ზესტაფონში ფრთხილად იყავი, ბიჭო! იმ ვირიჭამია ჟიროსქუებმა არ გაგაწვალონ.
_ ქალაქი რო დაინახო, ბაბა, _ მაბარებდა ერთხელ დანაბარებს ახლა მეათასეჯერ ბიძაჩემი, _ ქალაქს როგორც შეხედო, მაშინვე კენჭი გადაყლაპე, არ დაგცადოს... _ და სიტყვა ვეღარ დაასრულა, ხელები ისევ მომხვია, შუბლი და თვალები ისევ დამიკოცნა, ჯიბეში ჩუმად ჩამიდო ვერცხლის მანეთიანი.
ჩვენი სოფლის დიაკვანი ზომისე ხომ სულმთლად გადაირია. ხელში ქორივით ამიტაცა და მღელვარებისაგან ენას პირში ვეღარ აბრუნებდა. დათვივით რაღაცას ბურტყუნებდა და თან მლოშნიდა, გულში მიკრავდა. მერე ალბათ დაიღალა ანდა ხელები ვერ მოზომა და ძირს კი არ დამიშვა, დამანარცხა.
_ ღმერთს შეხედე, ბიჭო ბათურია! _ გაიძახოდა ერთსა და იმავეს რატომღაც გაგულისებით, _ ღმერთს შეხედე, შე უღმერთოვ, ღმერთს!
და მე არ მესმოდა, ვერ გამეგო, რად უნდა შემეხედა იმ ღმერთისათვის, რომელმაც ჩემი ბედი და მომავალი ასე უკუღმა მოატრიალა.
ზოსიმე დიაკვანი ქადაგად დაცემულივით განაგრძობდა:
_ ბათა, ბიჭო! ბათაია, შე ოხერო! ვინ იცის, ბიჭო, ვინ იცის, იქნებ მეტი ვეღარც გნახო... მიყვარდი, ბიჭო, საკუთარ შვილში არ გამომერჩეოდი... ფუი შენ ბაღნობას! ღმერთია მოწამე, რომ ღვიძლ შვილში არ გამომერჩეოდი!
_ უშენოდ რა გაგვაძლებინებს, ბიჭო! _ კვერი დაუკრა ბიცოლაჩემმაც.
_ აბა! აბა! _ დაემოწმნენ სხვანიც და თან თავს აქეთ-იქით სინანულით იქნევდნენ.
_ რაც მართალია _ მართალია, დიდი მაკვარანცხი, დიდი ეშმაკის ფეხი კი იყავი, ბიჭო, და ჭკუას თუ არ ისწავლი, არ ვიცი, არ ვიცი, როგორ წავა შენი საქმე, _ თქვა ბიძაჩემმა ღიმილით და თავზე ხელი დაყვავებით მომითათუნა.
_ ბიჭო, ჩემმა ვაშლატამამ ხომ მოისვენა აწი უშენოდ?! _ გამეხუმრა ქიშიას დედა სიცილით, მაგრამ მე არც მას და არც არავის ყურადღებას არ ვაქცევდი, კოინდარში ჭიშკრამდე გაკვალულ ბილიკზე ნელა მივდიოდი. ალაგესთან ისევ შემაჩერეს, ისევ გამოთხოვება, ისევ ხვევნა-კოცნა და ამ გაუთავებელმა ალერსმა თავი ისე გამაბეზრა, რომ აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.
მამაჩემმაც დაკარგა მოთმინება. აწვერილ მზეს ერთი უკმაყოფილოდ ახედა და ჩემკენ არც მოუხედავს, გზა ისე განაგრძო, გამცილებლებმა წუთით შეღავათი რომ მომცეს, ახლა სიდუმ იხელთა დრო.
_ ბათა... ბათურია... _ თქვა მან რატომღაც ცივად, ზედმეტი სისასტიკით, კისერზე თათრული ავგაროზი ხელდახელ წაიძრო და გულზე სასოებით დამკიდა.
_ გქონდეს... _ თქვა ხმაჩაწვეტილად, _ ბაბას ნაჩუქარია...
მეტი არა უთქვამს რა. თაფლისფერ ჟუჟუნა თვალთაგან ცერის სიმსხო ცრემლები გადმოსცვივდა.
_ მშვიდობით! _ თქვა და თავი დაბლა დახარა.
მე მეტი ვეღარ მოვითმინე, თავზე როგორღაც ჩემდა უნებურად ხელი მოვკიდე, ჩემკენ მოულოდნელად მოვწიე და სანამ ირგვლივ გამოერკვეოდნენ, ვაკოცე, კიდევ ვაკოცე და გავიქეცი, თვალის დახამხამებაში ჭიშკართან გავჩნდი.
_ დახედეთ, ერთი ამ მაღვალაკს დამიხედეთ, რა ურცხვად გადაგვიკოცნა თვალწინ ქალიშვილი! ჰაიტ, შე ყურბანავ, შენა! _ შემომიტია ბიძაჩემმა სიცილით, მაგრამ მე მისი მუქარისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. ჭიშკართან გულამოვარდნით მივირბინე, მაგრამ გულმა მაინც არ მომითმინა და შევდექ, უკან ერთხელ კიდევ მოვიხედე. სიდუ იმავე ადგილას თავდახრილი ისე უძრავად იდგა, რომ ყელში ბოღმა მომებჯინა, ისევ გავიქეცი, მივრბოდი, მივრბოდი, მაგრამ ეს ოხერი გული ყელში მაწვებოდა. საკინძე რომ არ შემეხსნა, უსათუოდ დამახრჩობდა.
შარაგზის მოსახვევში ასწლოვანი მუხის ძირას ისევ შევდექი, ისევ უკან მოვიხედე. გზაზე გამოსული ხალხი ისევ ისე იდგა, ისევ გამომცქეროდა და თან რაღაცას ყაყანებდა. ხელი დავუქნიე, მაგრამ რატომღაც საკმაოდ არ მივიჩნიე, თავზე ქუდი მოვიგლიჯე და ხელი ისევ დავუქნიე.
_ მშვიდობით! მშვიდობით! _ მომძახიან მეზობლები.
_ მშვიდობით! მშვიდობით! _ გავძახი მეც.
თავზე ქუდი ისევ ჩამოვიფხატე და ისევ გავიქეცი.
9
მზე თანდათან იწვერებოდა და ტირიფისა და ალვის ხის გრძელი ჩრდილები თანდათან მოკლდებოდა, ცვარი ბალახში თანდათან შრებოდა. ნორჩი წალიკითა და ანწლებით დაბურდულ გზისპირებში წვერცანცარა თეთრი ვაცები ხან აქ ამოყოფდნენ თავს და ხან იქ და თვალს კაცივით მაყოლებდნენ. მე მათ ყურადღებას არ ვაქცევდი, მივრბოდი და თან თვალებს ირგვლივ ვაცეცებდი, ჩემს მშობლიურ გარემოს გულამდუღრებით ვეთხოვებოდი. არ გამიგია, მამაჩემს როგორ წამოვეწიე.
_ აბა შენ იცი, ბაბა! _ დაიწყო მამაჩემმა ისევ ისე, ნაბიჯი გავუსწორე თუ არა, _ სახლი არ დაგავიწყდეს, ბაბა, კერია არ დაგავიწყდეს. წერილიც მოგვწერე. მართალია, ბაღანა ხარ, მაგრამ ჭკუა მაინც უნდა გეკითხებოდეს. იმ შენ ძამიასაც უთხარ, რომ ძაან ვენდური. მეტი რომ არ იქნება, ისე ვენდური. ის ჩვენი გაზრდილი რომაა, საბალია, ისიც ინახულე. მომწეროს, რას აკეთებს ან მღვდლად როდის აკურთხებენ. შენც მოთმინებით იყავი. ხომ გაგიგონია, ბაბა, ობლის კვერი ცხვა, ცხვა, გვიან გამოცხვა, მაგრამ კარგა გამოცხვაო. შენი ფუძე და კერია მუდამ გახსოვდეს. იმ შენ ძამიასავით ხელს არ გადაყვე. რომ ჩახვიდე, უთხარ, უძიროდ რომ გადადიხარ, რას ფიქრობ-თქვა. ახლა მაინც აღარ გერჩის ის სულძაღლი ბატონი და ჩამოდი, ოჯახს მიხედე-თქვა.
მე ჩემი საგონებლით და მამაჩემი თავისი საუბრით ისე გავერთეთ, რომ არ შეგვიტყვია, ორპირს როგორ მივუახლოვდით.
ბოღაზის მოსახლეობაც დაიწყო. ჯერ ჩვენებური ოდები და ფაცხები გამოჩნდა. ოკამინეს რომ გავცდით, კირით შეთეთრებული სკაპცების რუსული ქოხებიც ჩამწკრივდა თავიანთი თეთრად აყვავებული ქვიშნის ბაღებითა და სკებით. ცხენისწყალზე, რიონის შესართავთან გემები, ბაიდები, სანდლები და ნავები ერთიმეორეში უწესრიგოდ ირეოდნენ. ქალაქში სიცოცხლე დუღდა და გადადიოდა. მტვირთავები ამბარ-ბეღლებიდან ტომარ-ბარდანებით ბამბას, სიმინდსა და ყაჭს ეზიდებოდნენ. წირეხებად დაგრეხილი და დემებად დაწყობილი შარშანდელი თუთუნი, ნიგვზისა და ბზის მორები განუწყვეტლივ მოჰქონდათ, ხომალდებს ტვირთავდნენ. ქართულ-რუსული, მეგრულ-ლაზური და თათრულ-ბერძნული ერთიმეორეში ირეოდა. მენავეებისაგან წყალზე მწყობრად დარტყმული ნიჩბები ხალისიანად ჩქაფუნებდნენ, ხელნაამართვით დაყუდებულ ურმებთან უწესრიგოდ მიყრილიყვნენ აქლემები და ხარ-კამეჩები, თვალმილულულნი ზანტად იცოხნებოდნენ. ამდენი ხალხი ერთად არასოდეს არ მენახა, არც ასეთი გაუთავებელი ჟრიამული გამეგონა და გავშეთდი, არ ვიცოდი, თვალი რაზე შემეჩერებინა. ჯერ უნახავი გემებისა და აქლემების დანახვაზე ხომ სულ ენა მუცელში ჩამივარდა. ვცდილობდი ჩემს ყურადღებას არაფერი არ გამოჰპარვოდა, მინდოდა ყველაფერი დამემახსოვრებინა და მალე ამდენი სანახაობით ისე გავერთე, რომ ის დიდი დარდი გაქრა, წუთით მიყუჩებული ტკივილივით სადღაც მიიჩქმალა. ახმახ სკაპცებს სახე დედაბრულად დაჰპრანჭვოდათ, თვალები უღიმღამოდ მიბჟუტვოდათ. მათ დედაკაცურ წრიპინს ყურს გაფაციცებით ვუგდებდი და არ მჯეროდა, ნუთუ ეს დიაცური ხმა ყელში ამ ქოსა გოლიათებს ამოსდიოდათ. მამაჩემს შიშით ჩოხის კალთაში ჩავაფრინდი და ხელს არ ვუშვებდი, მეშინოდა, ამ მილეთის ხალხში სადმე არ გავბნეულიყავ და უტარო დანასავით არ დავკარგულიყავ.
მამაჩემი თავისი საფიქრალით ისე იყო გართული, რომ მე, მგონი, აღარც ვახსოვდი. აქ შეუხვია, იქ მოუხვია, ხალხში გაძვრა, გამოძვრა და კითხვა-გამოკითხვით, როგორც იქნა, მოძებნა ის თავისი ნაცნობი მექარავნე, თან მოსაკითხიც მიართვა და სალამ-ქალამის შემდეგ ხელში ერთი ვერცხლის მანეთიანიც მორიდებით შეაჩეჩა.
_ აი, ჩემო გაბრო, ეს ბაღანა მყავს ქალაქს ჩასაყვანი და შენ იცი, რავა უპატრონებ.
_ რატომა, რატომა! _ თქვა ჯმუხმა გაბრუამ დინჯად, აუჩქარებლად და თავიდან ფეხებამდე ყურადღებით ამხედ-დამხედა, _ კარგი ბიჭი უნდა იყოს, აი! წავიყვანთ, რატომაც არ წავიყვანთ. მა ე სატიალე აქლემები სხვას რას მიკეთებენ. ერთი ბალღი იგეთი რა გახდა, რო ვერ წავიყვანო! შენ ნურაფრისა გეშინიან. ეგრე ჩავიყვან, ეგრე, რომა, მგონი, ცივი ნიავიც არ მივაკარო!
გაბრუას სიტყვებმა გული იმედით ამივსო და სახეში ნდობით ავხედე. ის არ ჩქარობდა. ერთხელ კიდევ ყურადღებით ამხედ-დამხედა და ისე თქვა, თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა:
_ პატარა ყოფილა!
ალბათ ჩემს თვალებში შიში თუ ამოიკითხა, წასაქეზებლად ხმის აწევით განზრახ ტლანქად შემომიტია:
_ რისა გეშინია, ბიჭო!
და ვიღაც ახალგაზრდას, იქვე მოშორებით ჯორს მოსართავებს რომ უსინჯავდა, ხმამაღლა გასძახა:
_ ჰაი, ბიჭო შაქრო, შაქრო-ოუ! ერთი, შენ მზეს, ე ბალღი იმ ბეხია აქლემზე შესვი, ქალაქს უნდა ჩავიყვანოთ!
მერე ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა და მამაჩემს თვალით ანიშნა, რომ იქით წავეყვანე. სანამ აქლემზე შემსვამდნენ, ერთხელ კიდევ ვცადე მამაჩემის დათათბირება. ვეხვეწებოდი, ცრემლებს უხმოდ ვღვრიდი, რომ ისევ შინ დავებრუნებინე, მაგრამ არა გამოვიდა რა. რა მექნა? იმედი სულ დამეკრიბა. ტანში მოვეშვი. მკლავები მხრებზე მოწყვეტით დამეკიდა. ამდენ განცდილ-ნახულით ისე ვიყავ დაღლილ-დაქანცული, რომ აღარაფრის თავი აღარ მქონდა.
_ აბა, შენ იცი, შვილო! _ მაბარებდა მამაჩემი ერთსა და იმავეს მეათასედ და თან თვალი ცრემლით ევსებოდა. მერე ხელაპყრობილი მხურვალედ მლოცავდა, ილორის წმინდა გიორგის მავედრებდა და რატომღაც ბატონსა და მის გამჩენს სულ დედ-მამის სულს უგინებდა, მისი ძირი და ნელი წყევით ფესვებიანად მაღლა ამოჰქონდა.
ჩანს, გაბრუასაც შევეცოდე. ერთი თავისებურად, ტლანქი სიბრალულით ისევ ისე შემომიტია:
_ რისი გეშინია, ბიჭო! თათარში კი არ მიგვყევხარ, რო...
სანამ აქლემზე ხურჯინს გამართავდნენ, მამაჩემმა დრო იხელთა, იქვე, მახლობლად, ბერძნის ფურნეში შეირბინა და ერთი გოგორა თეთრი პური გამოიტანა, წინ შემოფეთებული სათამაშოების გამყიდველისაგან ტყვიისგროშიანი საპიპინო იყიდა და ხელში მომაჩეჩა.
_ ა, ბაბა, პური! ყველი გაქვს, მოხარშული ქათამი გაქვს და არ მოგშივდება. აჰა ეს მამალიც, ბაღანა ხარ, როცა მოგწყინდეს, თავი ამის პიპინით შეიქციე, _ თქვა ხმის კანკალით და თვალში მომდგარი ცრემლი რომ დაეფარა, ზურგი შემომაქცია, თვალები ჩოხის კალთით ნამალავად შეიმშრალა. მერე გადამკოცნა, ეს ათასჯერ დანაბარები ერთხელ ზედმეტად დამაბარა. დამაბარა იმიტომ, რომ მღელვარებისაგან არ იცოდა სხვა რა ეთქვა. მე ხმას ვეღარ ვიღებდი გაშეთებული, ერთ ადგილას უძრავად ვიდექ და გონს მხოლოდ მაშინ მოველ, ხელში წიწილივით რომ ამიტაცეს და აქლემის ზურგზე გავჩნდი. შაქრომ და გაბრუამ დაწოლილ აქლემზე გადაკიდებულ ხურჯინში ცარიელი ტომრები აქეთ-იქით ხელდახელ მისწი-მოსწიეს და შიგ ძალისძალად ჩამტენეს. გაბრუას დაპირება მართლაც სრულდებოდა, _ აქ ჩაჩურთულს ცივი ნიავი კი არა, ჰაერიც აღარ მომხვდებოდა.
ის ჩემი სამგლე კანჩურია მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მას სამუდამოდ ვეთხოვებოდი, რომ მეტად ვეღარასოდეს ვეღარ მნახავდა. წკმუტუნით, ყეფით ზედ მახტებოდა, თითქოს თავისი ძაღლური ენით მემუდარებოდა, რომ ან დავრჩენილიყავ, ანდა ისიც თან წამეყვანა. არაფრით რომ არ მომშორდა, მამაჩემმა წიხლის კვრით იქით გააგდო და თან ისე ტლანქად შეუტია, თითქოს თავის გულის ჯავრს იმაზე იყრისო:
_ იქით დაიღუპე, შე მამალი მგლის შესაჭმელო!
და ვაჟკაცური მოუხერხებლობით უხეშად ატირდა, კისერზე ტლანქად მომეხვია, მაგრამ ალერსი აღარ დაგვცალდა.
_ ჰოო-ჰო-ჰააა! _ გაისმა ამ დროს გაბრუას შეძახილიც და მთელი ქარავანი ამოძრავდა. ჩემი ხურჯინიც ერთი უშნოდ დაირწა, ნელ-ნელა მაღლა აიმართა და მამაჩემი დაბლა დარჩა. არ ვიცი დარდმა თუ გულში ჩახუტებულმა ცხელმა პურმა ტანში სახმილივით შემომახურა და ოფლად გაღვრილი, თვალცრემლიანი მშობელ მამას, ჩემს კანჩურიას, მშობლიურ მიდამოებს მაღლიდან გადავცქერი და ვჩურჩულებ, ვლოცულობ სულმოუთქმელად:
_ წმინდაო გიორგი, შენ მომეხმარე! წმინდაო გიორგი, შენ შემეწიე!
მამაჩემი მაღლა მუდარით ამომცქერის და ისევ მლოცავს, ისევ პირჯვარს მსახავს, ჩემს თავს წმინდა გიორგისა და დედა ღვთისას აბარებს.
კანჩურიამ ცად ატანილი რომ დამინახა, არ ვიცი, რა იფიქრა. ერთ ადგილას ტარაბუასავით დატრიალდა და მერე წკმუტუნით, ყეფით ჩემთან ამოხტომა დააპირა, მაგრამ რომ ვეღარ ამომწვდა, სულ გადაირია. აქლემის ირგვლივ ყეფით, ყმუილით აქეთ-იქით გზაკვალარეულივით დარბოდა, ისევ ზედ მახტებოდა და თითქოს მევედრებოდა, რომ ისიც თან წამეყვანა, აქ არ დამეტოვებინა.
_ აბა, ნახვამდის, ბაბა! მამა ღმერთი იყოს შენი მფარველი! _ დამლოცა მამაჩემმა და თავი დაბლა დახარა, ცრემლიანი თვალები ამარიდა.
_ ჰოოო-ჰო, ჰაა, დავიძრათ, დავიძრა-ათ! _ გაისმა ერთხელ კიდევ ქარავანბაშ გაბრუას ძახილი და ჩვენც ადგილიდან დავიძარით. აწკარუნდნენ ფიფინები, აჟღარუნდნენ ეჟვან-ზანზალაკები. წინ ურმები მიჭრიალებდნენ, მათ ჩალვადრული კურტნიანი ცხენები მიჰყვნენ და სულ ბოლოს აქლემები მიირწეოდნენ.
საწყალმა მამაჩემმა ერთხანს ფეხდაფეხ მდია. რაღაცას, მგონი, ისევ იმას, რაც ათასჯერ დაუბარებია, ათასმეერთედ მაბარებდა, მაგრამ მე ისე ვიყავ გაოგნებული, რომ არაფერი მესმოდა. მივდიოდი, მივდიოდი და ჩემი თვალებით ვხედავდი, როგორ რჩებოდა თანდათან უკან მამაჩემი; მალე ნალბანდებსაც ჩავუარეთ, სამფეხზე დასაჭედავად წამოქცეულ ხარ-კამეჩებს თავი წუთით რომ მიანებეს და გამოთხოვების ნიშნად ხელს ღიმილით გვიქნევდნენ. აი, ეკლესიის ათასწლოვან ცაცხვებსაც გავცდით და მე ისევ მამაჩემს გავცქეროდი, თვალი ვერ მომეშორებინა მისთვის. მივდიოდი, მივდიოდი და ეს პატარა გული შეპყრობილი ჩიტივით მიფართხალებდა მკერდქვეშ.
აპრილის მცხუნვარე მზემ თავში დამაჭირა, გულში ჩახუტებულმა ცხელმა პურმაც ისე შემომახურა, რომ სუნთქვა გამიჭირდა, აქლემის თანაბარ რწევაში ამდენი მღელვარებით ისედაც დასუსტებულს ერთბაშად თავბრუ დამესხა, თავი ტომრებში ჩავრგე და როგორ ავტირდი და ტირილში როგორ ჩამეძინა, არ გამიგია.
10
ხარაგოულს რომ გავცდი, თავისუფლად ამოვისუნთქე, _ როგორც იქნა, გადავურჩი იმ ვირიჭამია აზნაურებს, ამიერიდან სამშვიდობოს ვიყავ გასული. კორტოხიდან ხელისგულივით გადაიშალა დოღლაურის ველი. გორი, მცხეთა _ და მეშვიდე დღეს ქალაქს ვიყავი; კრწანისსა და ორთაჭალაში მებაღეებად სულ ჩვენებურები იყვნენ, მეც ვლაღობდი, ვთამაშობდი, მაგრამ ძმამ უსაქმოდ დიდხანს როდი დამაყენა. ერთ უცოლოდ დაბერებულ მასწავლებელთან ხელზე მოსამსახურედ დამაყენა და კვირაში ერთხელ თუ დამხედავდა. იმ დალოცვილ ჩემს ბატონს ბერძნული ენის სწავლებით ტვინი ჯერ ისედაც გათხელებოდა და ახლა, რამდენი ხანი ემატებოდა, იმდენი უფრო და უფრო ჩერჩეტდებოდა. ცხრა წელიწადი ვემსახურე მას და ამ ცხრა წლის მანძილზე საქმე დიდი რომ არა მქონდა რა, წიგნებს ვკითხულობდი, ჭირიანთ ხევში საკვირაო კრივში საჩხუბრად დავდიოდი და ერთი ორჯერ ცხვირ-პირი ისე დამანაყეს, რომ სული შინ ძლივს მივიტანე. კვირა-უქმე დღეს საბალიაც მომაკითხავდა ხოლმე და შუაბაზარში ყოჩებისა და მამლების ჭიდაობის საცქერად ერთად დავდიოდით ანდა კრწანისის ბაღებში ჩემს ძმასთან თუთისა და ჭერმის საჭმელად ავირბენდი, მაგრამ ჩემს გართობას საშველი მაინც არ ადგებოდა, გული ისევ სოფლისაკენ მიმიწევდა. აქაურ სრა-სასახლეებს მაინც ჩემი ფაცხა მერჩია. ყოველი ლამაზი ქალი სიდუ დანელიას, მის კისკისს, მის თაფლისფერ ჟუჟუნა თვალებს მაგონებდა. მისგან ნაჩუქარ ავგაროზს თვალისჩინივით ველოლიავებოდი, ვკოცნიდი, გულში ვიხუტებდი და ხანდახან მარტოობის გრძნობა გულს ისე შემომაწვებოდა, რომ ვტიროდი. სიდუს სურვილი ხანთან ერთად მეძალებოდა, მისდამი სიყვარული გულში თანდათან მწიფდებოდა და მაშინ მივხვდი, რომ ახალგაზრდული სიყვარული ღვინოსავით ყოფილა _ დაგათრობს, გაგაბრუებს, ჭკუას წაგართმევს და ჭკუასთან ერთად გულის საყვარელიც ხელსა და ხელს შუა კალმახივით გაგისხლტება. შენ რომ იმისთვის დნები, ეკრძალები და შიშობ, ზედმეტი რამ არ შეჰკადრო, შენ რომ მის სახელს ლოცულობ, ელოლიავები და მისი ეშხით გონს კარგავ, ამ დროს ერთი თავაღებული ვინმე ქორივით წამოუქროლებს და სანამ გამორკვევას მოასწრებდე, დედალ ხოხობს სიმსიმად აგაცლის.
ცხრა წელიწადი ვიცხოვრე ქალაქში და ამ ცხრა წელიწადში მამაც მომიკვდა, ჩემი ძმა სოფელში დაბრუნდა და ოჯახი ჯოკოსთან ერთად უჩემოდ გაყვეს. საბალიამაც სწავლა დაასრულა და ჩვენი სოფლის მღვდლად აკურთხეს. მე კი ისევ ქალაქში ვიყავ. ამ ცხრა წელიწადში მეც ოცი წელი მოვიყარე და ეს ოცი წელიწადი თავში ოც სისულელესავით შემიჯდა. ერთ დღეს ბატონთან ანგარიში გავასწორე. კარგი ლაფშა ცხენი, ახალთახალი ჩოხა-ახალუხი, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი შევიძინე, ჯიბეში წვითა და დაგვით მონაგარი ორიოდე ფარაც ჩავიჩხრიალე და გზას დავადექ. სოფელში ჩაველ თუ არა, ჩემს წილ ორიოდე ქცევა მიწას მაშინვე დავეპატრონე. აქეთ ძმები წამომეხმარნენ, იქით მეზობლებმაც ხელი გამიმართეს, როგორც შეეძლოთ, და ორ კვირაში ფაცხა-ნალიაც წამოვჭიმე. კერაში ცეცხლი დავანთე, ეზო მოვწმინდე, ტყე გავკაფე, სახლის უკან ნამყენი ვენახი მოვაშენე და ის ჩემი ლაფშა ცხენიც კოლინდარში გავუშვი.
საწყალ მამაჩემს ზოსიმე დიაკვანიც თან მიჰყოლოდა. ჩემი ტოლ-სწორნიც დავაჟკაცებულიყვნენ. ზოგი ოჯახს მოჰკიდებოდა, ზოგი ჯერ ისევ უცოლოდ იყო. მაშინვე გამოვძებნე სოფელთან საერთო ენა. რატომაც ვერ გამოვძებნიდი _ ნანახი ბევრი მქონდა, უნახავი კიდევ მეტი ვიცოდი და ეს ენაც იმსიგრძე მქონდა, რომ სამ სოფელს ეყოფოდა სამოციქულოდ. მიწაზე ფეხი რომ მოვიკიდე, ის ბავშვობის ნატვრაც ავისრულე _ ქალაქს ნაშოვარი ფულით რიონზე ბორანი გავმართე და მერე წავიდა და წავიდა ეს გზასავით გაზიდული ცხოვრება. მერე რა ვუყოთ, ის ხან ოღროჩოღრო და ხან აღმართიანი რომ იყო! მაინც გზა იყო და მეც ხან კვნესით, ხან ჭაპანწყვეტით ზედ ძლივძლივობით მივლასლასებდი. ვეცემოდი, _ ისევ ვდგებოდი, ისევ ვეცემოდი და ისევ მივლასლასებდი. მიჭირდა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი. მიხაროდა, რომ ცოცხალი ვიყავ და თავს ადვილად არავის ვაჩაგვრინებდი. მე მუდამ მიყვარდა მოგზაურობა, ხან ოცნებით და ხან ნამდვილად. როგორც ხორცს სჭირია საჭმელი, ისევე სულსაც უნდა თავისი საზრდო. გზა სულის საჭმელია და აბა ერთი თქვენ თვითონ მითხარით, რას ემსგავსებოდა ჩვენი სიცოცხლე, სიარული რომ არ გვცოდნოდა, გზა ადამიანს სიარულით რომ არ გაეკვალა? ეს გზა ჩვენი ფიქრებია, ჩვენი აზრები და გარჯილობა, ზოგი მიწას ხნავს, ზოგი რკინას ჭედავს, ზოგი ქალაქს აშენებს, ზოგი წიგნსა წერს და ზოგიც ოცნებობს, ცხოვრებას ყველა თავისი ნაოცნებარით, თავისი ნაფიქრით ამკობს. ყველას თავისი გზა აქვს და თავისი კვალი და სიცოცხლეც ამას ეწოდება. მაგრამ ეს ოხერი გული მაინც მტკივა, ვწუხვარ, ის არც ისე გრძელია, რომ კაცი სიარულით მოღალოს. ცოცხალი იმიტომა ვარ, თვალყური იმიტომ გამაჩნია, ტვინი თავში იმიტომ მიდევს, ენაც პირში იმიტომ მაბია, ფეხებს იმიტომ ვეუფლები, რომ ამ ცხოვრების გზას კარგად გავხედო, ზედ ლაღად ვიარო, თვალით ნანახი გამოვხატო, ყურით განაგონი ენით გამოვთქვა და გამიშვით, ბაბა, გამიშვით ამ გზაზე. როცა გზად ხარ გასული, ათასი თვალი და ათასი ყური უნდა იქონიო, ათასი ჭკუა უნდა იხმარო, თორემ მხოლოდ სიარული რა ბედენაა. სიარულით, ბაბა, ჭიაც დაცოცავს მიწაზე, მაგრამ ამას სიარული ხომ არ ჰქვია? ზოგი კაცის სიარულს ერთ ადგილას გდება სჯობია, იმიტომ, რომ შეიძლება კაცმა ქვეყანა მოიარო და მაინც ერთ ადგილას ეგდო. ისიც შეიძლება, კაცი ერთ ადგილას ეგდოს და ქვეყანა აზრით მაინც მოიაროს. მეც ისე ვარ ახლა. დავბერდი, დავჩაჩანაკდი, ერთ ადგილას ვაგდივარ, მაგრამ ღობე-ყორეს მაინც ვედები და თან ვნანობ, რომ ეს გზები უკან მომიტოვებია და სავალიც თანდათან მელევა. ერთ დროს ჯეელი მეც ვყოფილვარ. სისხლი და სისულელე ერთ დროს თავში მეც ერთნაირად მერჩოდა და ეს გარემოება ჩემს მაჭანკლებს მხედველობიდან როდი გამოჰპარვიათ. თაფლი იყოს, თორემ ბუზი არზრუმიდან მოფრინდებაო. თაფლი მე ვიყავ და, დასწყევლა ეშმაკმა, ამდენი უსაქმო ხალხი საიდან გაჩნდა, ყველამ ჩემს გასაბრიყვებლად რომ მოიცალა! მეც ბრიყვი ვიყავ. კურტანი სულელი ჩოჩორივით მიხაროდა და სისულელესთან ერთად ისე გავყინჩდი, თავი მაღლა ისე ავაღირე, რომ არც ერთი ქალი ჩემი ცოლობის ღირსად არ მიმაჩნდა, არც ერთი გარდა ერთისა, და ისიც ჩემთვის ისევე მიუწვდომელი იყო, როგორც ძილისგუდასათვის დილის ცისკარი.
_ ისეთი მეოჯახე ქალია, ჩემო ბათა, ისეთი ხელგამომავალი, რომ ცივ ქვაზე დაგასახლებს, _ სულს მხდიდა სულძაღლი მაჭანკალი ვიღაც ადამისწლის შინაბერას ქებით, მაგრამ მე არც ისე სულელი ვიყავ, რომ ეგრე იოლად მოვტყუებულიყავ და ანკესს ლაყუჩით მევე წამოვგებოდი.
_ ქვაზე კი არა, ხელისგულზე რომ დამასახლოს, პირში სულად რომ ჩამიდგეს, მაინც არ მინდა, _ ვფიქრობდი ჩემთვის და თან გუნებაში ვანგარიშობდი, _ კაცს ჯოჯოხეთში შესვლა არასოდეს არ უნდა გეჩქარებოდეს, _ და სამოციქულოდ მოგზავნილ შუამავალს ერთბაშად ვუწურავდი წყალს:
_ არ მინდა, ჩემო ანთიმოზ! ცოლის შერთვას ჯერ არ ვაპირებ.
_ აბა კიდევ არის ერთი ქალი. სხვისთვის ვაპირებდი მის გარიგებას, მაგრამ შენი ოჯახის ისეთი დიდი ხათრი მაქვს, რომ სხვისთვის არ მემეტება! არ დაგიმალავ, ჩემო ბათა, და თვალად ცოტა ნაკლებია, მარა სამაგიეროდ აზნაურიშვილის ოჯახშია გაზრდილი, ერთ ქალად მარტო მისი შნო და ლაზათი ღირს. კაი შეძლებული დედ-მამის შვილია, შენ ნუ მომიკვდები. მის ეზოში ღომი მისდღემჩი არ გაცეხვილა... _ უნდოდა ახლა იმ ოხერი დედაკაცის ქება-დიდებით ამოეხადა სული, მაგრამ მაშინვე უკმეხად გავაწყვეტინე სიტყვა. მისი გასაღების იმედი ისევ ერთბაშად გადავუწურე:
_ არ მინდა! არც ის მინდა, ჩემო ანთიმოზ!
ანთიმოზმა ერთი იმნაირად შემომხედა, რომ ზედვე ეტყობოდა, არ იცოდა _ გული მოსვლოდა თუ საქმისათვის ცდა ისევ არ დაეკლო.
_ რა იქნა, შე კაცო, _ თქვა საყვედურით მაჭანკალმა და თვალებში მოუთმენლად შემომაჩერდა, _ თუ ცოლის შერთვა არ გინდა, გვითხარი და ჩამოგეხსნებით.
_ გითხარი და რომ არ მიჯერებ, რა ვქნა! _ ამომხდა კვნესით და ვიგრძენ, რომ ხმაში მოუთმენლობა მეც დამეტყო, მაგრამ, ჩანს, ანთიმოზს იმედი ჯერ სულ არ დაუკარგავს და ისევ განაგრძობს:
_ აბა მესამეა კიდევ... ქალია, ქალი! ქება არ უნდა... _ მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ჩემს მოთმინებასაც დაედო საზღვარი. მაჭანკალს ისევ უზრდელად გავაწყვეტინე:
_ არ მინდა, ჩემო ანთიმოზ, არც ეგ მინდა!
_ ყვეი! _ ამოხდა გაოცებით და თან აღშფოთებით შუამავალს, _ რა იქნა, შე კაცო, შენი მოსაწონი ქალი ამ ქვეყანაზე რომ არ მოინახა?
მისი აღშფოთება აინუნშიაც არ ჩამიგდია და ისევ ჯიუტად განვაგრძობდი:
_ არ მინდა, ჩემო ანთიმოზ, არ მინდა და რა ვქნა?
იმასაც სხვა რა გზა ჰქონდა? გაწბილებული, კუდამოძუებული მიდიოდა შინ, მაგრამ მის მაგიერ ახლა მეორე მოდიოდა და არ იყო ჩემი საშველი. სადაურ ქალს არ მირიგებდნენ! ერთხელ ვიღაც ფრანცუცის ქალიც კი გამოძებნეს ზუგდიდის პარკის ქარხანაში, მაგრამ მე მაინც გაქირზე ვიდექ და იმასაც უარი შევუთვალე. მე სულ სხვა რამე მედო გუნებაში, სულ სხვა ვინმე მიღადრავდა გულს. დღე ის მელანდებოდა და ღამე ის მესიზმრებოდა.
_ სიდუ! სიდუ! _ ვიძახდი, მის სახელს ველოლიავებოდი, მაგრამ ის არსად ჩანდა. ამ ორი წლის წინათ მამამისს შინ წაეყვანა და მას შემდეგ მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. მისი ყუბაქი მამის, თამშუღ დანელიას შიშით გულისთქმას ხმამაღლა ვეღარ ვამჟღავნებდი, ის ღვთის პირიდან გადავარდნილი თავის ქალიშვილს გველეშაპივით დარაჯობდა და არც ერთ სასიძოს, არც ერთ მაჭანკალს მასთან ხელი არ მიუწვდებოდა. ორი ქალიშვილი ჰყავდა და ორივე შინ ისე ჩაეკეტა, რომ ნიავსაც არ აკარებდა. ერთი ეგრე გაუთხოვრად შეხანებოდა და ახლა მეორესაც იმასვე უპირებდა. ჯერ ისედაც არ მეკითხებოდა ჭკუა და ამ უიმედო სიყვარულით ახლა სულ გამოვჩერჩეტდი. მოსვენება დავკარგე. არავითარ საქმეზე გული არ მიდგებოდა. მთელი დღეები უსაქმოდ ვეგდე და იმის თაბაუთში ვიყავ, მისი მამის აჯამი გული რით მომეგო, მაგრამ რას გავაწყობდი? იმ გათათრებულ ყუბაქთან საქმის დაჭერას ქვის კოდვა სჯობდა. თვითონ ხომ ერთი უკუღმართი და ყოვლად უსაშველო რამ ცხენის ქურდი იყო? სიძეც მასავით ქვეყნის დამაქცევარი უნდოდა და ჩემს მოყვრობას რა თავში იხლიდა.
ვოხრავდი, ვკვნესოდი, მაგრამ ჩემი გულის დარდი ვის ესმოდა! ამ მაჭანკლებმაც ხომ სულმთლად წაიღეს ძალა. ბოლოს თავი ისე გამაბეზრეს, რომ თვალს შორიდან მოვკრავდი თუ არა, დამდუღრული ძაღლივით დავეშვებოდი ნავის მისადგომ ხაბოზე. სულს ბორანზე ძლივს ავაგდებდი, საჭეს ხელდახელ ავუშვებდი და შუა მდინარეში გასული, თავს სამშვიდობოს რომ დავიგულებდი, ერთს თავისუფლად ამოვისუნთქავდი, შუამავალს შორიდან დამცინავად გავცქეროდი.
_ ბათაია, მოდი, ერთი ეგ პარონი აქეთ მოაყენე, საქმე მაქვს შენთან სანამუსო.
_ ჩემთან სანამუსო რა უნდა გქონდეს, ჩემო ანთიმოზ? _ გავძახი თავმოსაწყლებულად მაჭანკალს შუა რიონიდან, _ რა ვქნა, ჩემო ძვირფასო, ძაან მიყვარხარ, დიდ პატივს გცემ, მაგრამ ნამეტანი ბრიყვი ვარ, ეგ ოხერი, და ჩემთან ნამუსი სად გაგონილა!
ესეც რომ აღარ ჭრიდა, მოთმინებიდან ერთბაშად გამოვდიოდი. ხელებს ცად აღვაპყრობდი და წყალწაღებულივით ვღრიალებდი:
_ არ მინდა, თქვე სულძაღლებო, არ მინდა და აღარ მომეშვებით? ჩამომეხსენით, ნუ გამიძაღლეთ ეს ორი დღის სიცოცხლე! გაიგეთ, შეისმინეთ, რომ თქვენი გარიგებული ქალი არ მინდა, არად მარგია და გეხვეწებით, ჩამომეთხოვოთ, გემუდარებით, ნუ მაბრიყვებთ! _ ვღრიალებდი, ქვეყანას ღრიალით ვაქცევდი და თან ხელებს ცაში სასოწარკვეთილებით ვიშვერდი, განზრახ გულის გამგმირავად ვღაღადებდი:
_ ღმერთო, შენ მიშველე! ღმერთო, შენ მიაგე სამაგიერო ამათ ჩემი სიცოცხლის ეგრე გამწარებისათვის!
ესეც რომ აღარ ჭრიდა, ბორანზე აქეთ-იქით შეშლილივით დავრბოდი, ხელებს ვითომც სიმწრისაგან უმწეოდ ვასავსავებდი, ვოხრავდი, ვკვნესოდი და თან გულის ამადუღებელი სიტყვებით მივმართავდი ამ მთებს, წყლებს, საყანეებს და მინდორ-ველებს, განწირული ხმით გავძახოდი სოფელსა და კუთხე-მეზობელს:
_ მეზობლებო, ნათესავებო, ჩემო კეთილისმსურველებო, მიშველეთ, მომხედეთ გაჭირვებულს! მომეხმარეთ, თქვე უღმერთოებო! ხელი გამომიწოდეთ, თორემ ხომ ხედავთ, რომ სიცოცხლეს მიმწარებენ, ხომ ხედავთ, რომ უპატრონო ვარ და პატრონი მჭირდება, საწყალი ვარ და გამიკითხეთ, ბრიყვი ვარ და მომიარეთ!
ჩემი ღრიალით გულგახეთქილი მეზობლები აქეთ-იქიდან გაფაციცებით მორბოდნენ და რიონის პირად სულმოუთქმელად მოცვენილი, შეშფოთებული ხმით მეკითხებოდნენ:
_ რა დაგემართა, კაცო, რა გაყვირებს?
მეც ხმა ერთბაშად მიწყდებოდა, თვითონაც არ ვიცოდი, რა მაყვირებდა, ჩოხის კალთას რატომღაც ვიბერტყავდი და მათ საყვედურს გაცბუნებული ვისმენდი:
_ შე კაცო, გული კი გადაგვიტრიალე, დაა! გვეგონა, გკლავენო.
მე ერთბაშად გონს მოვდიოდი. მათ საყვედურს ყურადღებას არ ვაქცევდი, ბორნის იატაკზე სასოებით ვიჩოქებდი და რიონის პირად გაწბილებული მაჭანკლის ირგვლივ შემოხვეულ ხალხს ისეთი სიტყვებით ვემუდარებოდი, რომ ქვას გახეთქავდა ჩემი საცოდაობა, ხე გახმებოდა ჩემი სიბრალულით. საქმეში შესული ხუმრობას ნამდვილ საქმედ ვაქცევდი და თვალები ცრემლით მევსებოდა:
_ ჩემო ძვირფასო მეზობლებო! ჩემო საყვარელო ნათესავებო! ჩემო დაუფასებელო მოკეთეებო! ვეჟო, ღმერთი და სულიწმინდა არ გწამთ, ჩემი სიწმინდე, ჩემი სისაწყლე მაინც იწამეთ! მე რა უნდა გითხრათ, როცა თქვენც იცით, თუ როგორ ობლობაში, რა სიმწარეში ამოვიზარდე, თქვენც იცით, თავს რა გაჭირვება და რა შავი დღე დამდგომია, ახლა, ხომ ხედავთ, თავს ძლივს მოვსწრებივარ, როგორც იქნა, თვალი გამომიჩიჩქნია და ახლა მღუპავთ, თქვე უღმერთოებო? აბა ერთი თქვენ მითხარით, _ ხომ არასდროს არ შემიწუხებიხართ? ჰოდა, ახლა გაწუხებთ, მითხარით, ხომ არაფერი მითხოვია? ჰოდა, ახლა გთხოვთ, _ მომხედეთ, მიპატრონეთ, მომეხმარეთ, მადლია, თქვე უღმერთოებო. შემეწიეთ და საიქიოს მადლად წაგადგებათ. ცოდვა ვარ, კეთილებო! საწყალი ვარ, ძვირფასებო! ოო, თქვენ არ იცით, რა საწყალი ვარ, რა საბრალო ვარ და ნუ შეაჭმევთ ჩემს თავს ამ მაჭანკლებს! ნუ დაანებებთ, რომ მათ ეს ტკბილი სული პირში ასე უღვთოდ ამომხადონ. უთხარით, ბაბა, მაგ ჩემს შუამავლებს, ჩააგონეთ რამენაირად, რომ გლახაკი ვარ და საოჯახოდ არ ვვარგივარ, ბეჩავი ვარ და საცოლშვილოდ არ გამოვდგები. უთხარით მაგ ურჯულოებს, რომ ლენჩი ვარ, ბრიყვი ვარ, რაც გინდათ, ის უთხარით, ოღონდ მომაშორეთ, ოღონდ ნუ შემაწუხებენ, თორემ ამ წყალს ხომ ხედავთ? _ ფეხს ვიშვერ და გადავვარდები. მერე რა, რომ ცურვა ვიცი, ხელს არ გავანძრევ და თავს ისე დავიხრჩობ, წუთისოფელს სამუდამოდ გამოვეთხოვები და მერე ჩემი ცოდვა თქვენ მოგეკითხოთ. რა იქნება, თქვე პატიოსნებო, იმით თქვენ რა დაგიშავდებათ, ერთხანს მეც რომ ვიცოცხლო? ძაღლი ყეფს ამ ქვეყანაზე, ჩიტი დაფრინავს ცაში, ჭია დაღოღავს ამ მიწაზე და თქვენ რა წაგიხდებათ, რომ მეც ვიყეფო ჩემთვის, ვიფრინო ჩემთვის, ვღოღავდე ამქვეყნად? _ ვგმინავდი თავმოკატუნებული, ვწუწუნებდი თავმოსაწყლებული. ვფორთხავდი ბორნის იატაკზე მუხლისთავებით, მაგრამ ვფორთხავდი ისე, რომ შარვალი არ შემომხეოდა. ვკვნესოდი, ვოხრავდი და თან ცალი თვალით საქციელწამხდარი მაჭანკლისაკენ ჩუმ-ჩუმად ვიცქირებოდი, თვალყურს ვადევნებდი. გუნებაში მეცინებოდა, ის საცოდავი ეგეთ შავ დღეში რომ მყავდა ჩაყენებული, სასაცილოდ არ მყოფნიდა, საწყალი ანთიმოზი ჩოხის კალთით გამალებით რომ იწმენდდა შუბლზე ჭირის ოფლს.
მეზობლები მართლაც შედიოდნენ ჩემს მდგომარეობაში, აბეზარ მაჭანკალს საყვედურით ავსებდნენ:
_ ახლაც აღარ ჩამოეხსნები, შე დალოცვილო! თავს აღარც ახლა გაანებებ? ხო ხედავ, რაც შვილია და ეშმაკს პირში შენით რას უძვრები?
_ რა ვიცოდი, _ კვნესოდა ფერდაკარგული მაჭანკალი, _ რა ვიცოდი, თუ ასეთი ღვთის პირიდან გადავარდნილი ვინმე იყო, თვარა ახლოსაც არ გავეკარებოდი, მის სახელს რავა ვახსენებდი. რას მოვიფიქრებდი, ეგ წყეული თუ ასეთი ქრისტეს ფეხის მტკვერელი იქნებოდა, _ და გაწბილებული, ჯაბუნაკნაჭამი შინისაკენ ისე გარბოდა, რომ უკან მოხედვისაც ეშინოდა.
11
სიყვარული, ბაბა, კამბეჩს აცეკვებს და მე ხომ კაცი ვიყავი, ჯან-ღონით სავსე ოცი წლის ვაჟკაცი! ხუთ გაშლილ ნაბადს ზედ ქორივით გადავევლებოდი, მთელ სოფელში ჩემი ცეკვით დამღალავი ქალი არ იყო და ცხენოსნობაში ხომ ტოლს ვაგლახად ვერავინ დამიდებდა? ეს ძირში მოსაჭრელი ენა მაშინაც ასევე გატლეკილი მქონდა, მაგრამ ჩემი საშველი მაინც რომ არ იქნა, სიდულიას ნახვას მაინც რომ ვერ ვეღირსე? ვინ იქნებოდა იმდენად თავაღებული, რომ მის ნაგაზ მამას მის უნებურად სტუმრებოდა? ისლისბურულიანი აფხაზური ძელური ფაცხა სოფლის განაპირას შვიარებში განმარტოებით ედგა. აქეთ ტყე იყო, იქით _ საისლე და კიდევ იქით ისევ ტყე იყო და საყანეები. ძელურ ხიმეთი შემომესრილ თვალგადუწვდენელ ეზოში სამი ისეთი კუბაკი ჰყავდა აშვებული, რომ დღისით ნიავის ქროლას თაკილობდნენ და ღამით ვარსკვლავის კიანთს ვერ ითმენდნენ. ჯიქეთში მორდუსთან თათრულ წესზე ნაზარდსა და ცხენის ქურდობაში დაგეშილ მათ პატრონს რა უნდა ჰქონოდა მშრომელ გლეხებთან საერთო? ღორის ხორცი თვალით არ დაენახვებოდა და ღვინოს წამლად არ ეკარებოდა. ტანთხელი და კაფანდარა, იჯდა _ მუშტისოდენად იყო მოკუმშული, წამოდგებოდა _ კუდზე შემართული გველივით სხვენამდე უშნოდ აიწოწებოდა და სამართებლით მონაცრისფრო-მოცისფროდ გადაფხეკილ და კიტრივით წაგრძელებულ თავს ზემოდან უნდილი ნაყოფივით რომ გადმოჰკიდებდა, კაი ბიჭობა გინდოდა, რომ მისთვის თვალი შეგემართა. აკი იმიტომაც ეძახდა ყველა მეტსახელად თამშუღია კინტირიას.
მარცხენა თვალი ღამით წათლილ შტოზე სადღაც უცაბედად შეეხია და ზედ თეთრი ლიბრი გადაჰკვროდა. მეორე თვალიც ისე გაწყალებოდა, რომ კაცი ვერ გაიგებდა, რომელი მათგანი ჰქონდა დავსებული და რომელი საღ-სალამათი. ცალ თვალს ოდნავ რომ მოხუჭავდა, ერთი სკვარამად რომ გამოგხედავდა, მონუსხულივით გაგაცივებდა ადგილზე და ძნელად, რომ არ გენატრა, რატომ იმ დალოცვილმა ღმერთმა ეს ჩხია თვალიც სამუდამოდ არ დაუბნელაო. ერთი შეხედვით ქვას გახეთქავდა, კამეჩს წელში გაღუნავდა და შავ დღეზე დაბადებულივით აბღავლებდა. ინითა და თუთუნის კვამლით შეყვითლებული მეჩხერი წვერ-ულვაში ვაცივით წელამდე ჰქონდა დაცემული. ზედ რომ ხელს ნელა ჩამოისვამდა და შუბლქვემოდან ცალი თვალით კუშტად გამოგხედავდა, უნდა გცოდნოდა _ გყიდდა და ასი თვალი, ასი ყური უნდა გამოგება, ორი ამდენი გამჭრიახობა უნდა გამოგეჩინა, რომ მისი უჩინარი კლანჭებისაგან თავი დაგეღწია.
ამბობდნენ, რომ მისმა მშობლებმა ის, ჯერ კიდევ ახალშობილი, ჯიქეთს გააბარეს აღსაზრდელად. მისმა აბრაგმა მორდუმ ქართული სახელი მაშინვე ჯიქურით შეუცვალა, სანამ თავის ჭკუაზე აღზრდას შეუდგებოდა, ტანიდან კაცის სისხლი წურბლით გამოსწურა და შიგ მის მაგიერ ჩერქეზული ულაყის სისხლი შეუშვაო. პირიც რომ ცხენისებური ჰქონდა, გამოხედვაც! შუბლ-ღაწვი ხვანჯრის ქსელივით დახლართული და წვრილნაოჭიანი, პირისკანი იმდენად თხელი, რომ ცხვირის სიფრიფანა ნესტოებში სინათლე ატანდა. დასწყევლა ღმერთმა მისი სახსენებელი! ისეთი უკუღმართი და არაწმინდა რამ იყო, მისგან გახრულ ძვალს ძაღლი პირს არ ჰკიდებდა.
ცხენთან შეზრდილი და ცხენისსისხლიანი მიწაზე თევზივით უმწეო იყო და მოუხმარი. სიარულის დროს სალტეებივით მოხრილ ორთავ ფეხს როგორღაც შიგნით ოდნავ უქცევდა და ისე მიკელანობდა, თითქოს კოჭი სტკიოდა. სამაგიეროდ, ცხენზე ლაღი იყო და ამპარტავანი, ერთს ჯიქურად, ლაღად რომ დასჭყივლებდა, ქარს ჰგავდა ყიჟინით გავარდნილს, ცხენი და კაცი ერთარსებად იქცეოდნენ, რის გამო მას, კინტირიას გარდა, ცხენკაციასაც ეძახდნენ.
მისი სახელი შორს იყო გავარდნილი. თუ სადმე აბრაგი იყო ან ცხენის ქურდი, მის ძმობას ფიცავდა, მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა. ისიც ისეთი უკუღმართი და ღვთის პირიდან გადავარდნილი რამ იყო, რომ მის უნებურად არსად არც ცხენი და არც ხარი არ დაიკარგებოდა.
კერის წინ ერთი ძველი უნაგირი ეგდო. ნაშუაღამევამდე ზედ კულუმბურივით უძრავად იჯდა, ცეცხლს საღი თვალით ჩასჩერებოდა და თავისი უკუღმართი საქმეების თაბაუთში იყო. ცალთვალა იყო და იმის თვალს მაინც არაფერი გამოეპარებოდა _ ქვესკნელში ჭიანჭველა რას აკეთებდა, ცაში ფრინველი რას აპირებდა, ის იცოდა. ვის როგორი ცხენი ჰყავდა, სად აბინავებდა ან სად აძოვებდა, მიწის მგელივით მაშინვე გუმანს აიღებდა. რომელი ცხენი სად უფრო კარგად გასაღდებოდა: ოქუმში, ყულევში, ხონსა თუ ქობულეთში, _ ზეპირად იცოდა. იცოდა ისიც, სად უკეთესი მაზანდა იყო და ნაღდი მუშტარი, სად როგორი და სადაური საქონელი უფრო სარფიანად გასაღდებოდა. სასთუმალთან თაფლის რანგით სავსე თუჯის გარუჯული ნიგა ედგა, პირს იმით ისველებდა, თუთუნის დახავანებისაგან დანის პირით შეჭმულ ჯორკოზე ქესა, ტალკვესი და გატენილი დამბაჩა ხაზირად ედო, მტრისა და ავის დასახვედრად მზად იყო; ნაჭაზე შემოკიდებულ კარჩხანაში აგურისებური ნოღაური ჩაი მუდამ დუღდა, ძილს იმით იფრთხობდა. თუ ყალიონს არ აბოლებდა, ხანჯლის შვილით ჯოხს გულის გასართობად თლიდა, უძილო ღამეს მაგარი ჩაის სმით ტეხდა, ოხრავდა, თავს დარდიანად აქეთ-იქით აქნევდა, რომ ის დრო აღარ იყო, დრო ჯიგიტებისა და ვაჟკაცობისა. გიაურებმა წაწყმიდეს ქვეყანა, ურუსებმა ისეთი წესრიგი დაამყარეს, რომ აბრაგობა გაჭირდა. ნანობდა, რომ ის დრო აღარ იყო, მაგრამ ცხენის ღმერთს ზეიგუთს მაინც თაყვანს სცემდა, წელიწადში ერთხელ თავისი ძიძის ქვეყანაში ავიდოდა, გაგრის მახლობლად. სოფელ აწაში მდინარე აფსტასა და დოხურს შორის ამართულ მთაზე ქურდების ღმერთს ეირიღ-ააწნიხს თაყვანს სცემდა და დამქაშებს იქ მოინახულებდა, გარდასულ ჟამთა დარდს იქ მოიკლავდა.
მოხუცდა, ცალი ფეხი სამარეში ედგა და ავკაცობას მაინც არ იშლიდა. ჩულგადაფარებულ ძელსკამზე იმის ფიქრში გამთენიის ხანს გაუხდელად წაეგდებოდა, ნადირივით ფრთხილად წაეძინებოდა, თვალს ცოტათი მოატყუებდა.
სიდუს გარდა ერთი ქალიშვილი ჰყავდა, მაგრამ არც ერთს ხმას თითქმის არასოდეს არ სცემდა. მგონი, სახელიც არ ახსოვდა მათი, არასოდეს მათ არ მიმართავდა. წარბს რომ ოდნავ შეხრიდა, უნდა სცოდნოდათ, გულში რა ედო და რა უნდოდა, მისი უხმო ბრძანება სისრულეში უხმოდვე უნდა მოსულიყო. ეძინა _ ირგვლივ ფეხაკრეფით უნდა ეარათ, ეღვიძა _ ხმაჩაწყვეტილი უნდა ყოფილიყვნენ, სახლისათვის უბრად უნდა მიეხედათ, ფაცხიდან ერთი გოდორი ნაცარი და ამდენივე ჯოხის ნათალი ხმისამოუღებლად უნდა გამოეხვეტათ. ნაშუადღევს ხმელი სულგუნითა და წყალში გაქნილ აჯიკაში ამოწებული ღომით კატასავით აზიზად წაიხემსებდა და ისევ დაწვებოდა, ღამის დანაკლისს ამ ძილით ავსებდა.
თვალს მზის ჩასვლისას გაახელდა. ფეხზე ნადირივით გაუზმორებლად წამოვარდებოდა; ფაცხაში აქეთ-იქით ფხიზლად მიმოიხედავდა და დარწმუნებული, რომ ოჯახში მშვიდობაა, გარეთ ზმორებით გავიდოდა. ცხენსა და ხვადაგს თავისი ხელით აჭმევდა სიმინდს ან თივას, ჭაზე წყალს დაალევინებდა და საქმეს რომ მიაკალიფებდა, ისიც იქვე დაიბანდა პირს. ქალიშვილები შინ შემოსულ მამას მაშინვე საჭმელს მიართმევდნენ და ისიც დაბალ სუფრას ხმისამოუღებლად მარტო მიუჯდებოდა. ჭამდა ცოტას და მიზეზიანად. კაცს შუა ჭამაში შესული რომ ეგონა, საჭმელს თავს მაშინ გაანებებდა და წახემსების შემდეგ ხელს ისევ აზიზად გადაიბანდა, ახალუხზე ჩოხას გადაიცვამდა და შვილებს გადახედავდა. ისინი მაშინვე გარეთ გავიდოდნენ და უკანა კარში, ლაფაროში, ისე მიყუჩდებოდნენ, რომ ლოცვით გართული მშობლის შიშით ერთიმეორეს ხმის გაცემას ვერ უბედავდნენ.
სათათრეთისკენ პირშებრუნებული დანელია გაუგებარ ენაზე რაღაცას მხურვალედ ბუტბუტებდა და ვინ იცის, ვის ან რას ევედრებოდა. ალბათ მისი ღმერთიც იმასავით უკუღმართი იყო და სავედრებელიც საუკუღმართო ჰქონდა. ლოცულობდა დიდხანს, ლოცულობდა სასოებით და შვილები მისი გათავების ნიშნის მოლოდინში ლაფაროსთან ისევ უძრავად იდგნენ. ვაი იმათი ბრალი, თუ ფეხსაცმელსა და სარტყელს მაშინვე არ მოართმევდნენ. ჩაცმული კველედან ხვნეშით წამოდგებოდა და ცაში თავისებურად უშნოდ აიწოწებოდა. წვერზე ხელს ნელა ჩამოისვამდა, შუბლს ხელით მოისრესდა და მერე მამლის ყივილამდე კერას ისევ გაუნძრევლად უჯდა. ყალმუხურ ჩაის გათენებამდე შეექცეოდა, ყალიონს აბოლებდა და ელოდა თავის დაწყევლილსა და მუდამ მოულოდნელად მოსულ სტუმრებს აფხაზეთიდან, ოსეთიდან, სამურზაყანოდან და გურია-აჭარიდან. ყველგან თავისი კაცები ჰყავდა, თავისი ყონაღები და ფიცვერცხლნაჭამი ძმობილები, მაგრამ ბათუმის მახლობელ სოფელ ადლიელი მაჰაჯირი აფხაზი ოსმან ყაიტამბა მას მაინც ქვეყანას ერჩია, მისი ფეხის ნაბანი გადასაღვრელად არ ემეტებოდა.
კაცმა არ იცოდა, რით მოიგო იმ ურჯულომ იმისი აჯამი გული, რით მოხიბლა ისე, რომ კუშტსა და გაუცინარს, მისი სიძობაც სანატრელად გადაქცეოდა, მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას: შარშან გაზაფხულს მოდიდებულ კინტრიშის წყალზე ნააბრაგალი ცხენების გადაყვანისას მდინარეს გაეტაცნა და დამხრჩვალიყო. მის მოგონებაზე დანელია ახლაც სინანულით იცემდა შუბლში ხელს.
_ ავაი, ჯიმა აჯამი! _ ამოხდებოდა ოხვრით და ამ სიტყვებით თავის ერთადერთ თვალს სხვენში სასოებით აღაპყრობდა.
ვინ იქნებოდა ისეთი გამჭრიახი, რომ მისი დაწყევლილი გზების ასავალ-დასავალი გაეგო. ის რომ გზებზე დადიოდა, კაცი კი არა, ეშმაკი მოიტეხდა კისერს. მზაკვარივით მავნე იყო და გულთამხილავი, ცალთვალა იყო და ვერაფრით ჯანდაგ ცხენს ვერ შეაპარებდი. გამოსაცდელი თვალით რომ მიაჩერდებოდა, საცოდავს კაცსავით შეაცივებდა. ჯილაგსა და ზნეს ერთი შეხედვითვე გამოიცნობდა. მაშინვე გეტყოდა, რა ნაკლი ჰქონდა, რა სატკივარი აწუხებდა და რანაირი კაცის ნაყოლი და ნახედნი იყო.
ქრისტიანი იყო და არც ხატი და არც ეკლესია არ დაენახვებოდა. კაცი იყო და გულის მაგიერ ქვა ედო მკერდქვეშ. მოხუცდა და სააბრაგო საქმისთვის მაინც ახალგაზრდულად უძგერდა გული. ამდენ სიავესთან ერთად კრიჟანგი იყო და ოქროს უსაშველო მოყვარული. ცხენში შვილს გაცვლიდა, ცხენს ოქროდ გაყიდდა და ოქროს სტუმარს ანაცვალებდა. თუ მისი სტუმარი იყავ, ვაგლახად ბუზიც ვერ გაგეკარებოდა: თან გადაყვებოდა, თავს შემოგევლებოდა, ყველაფერი შენთვის უნდოდა, მაგრამ თუ ცხენის სასყიდლად იყავ მისული, იცოცხლე, იმან ვაჭრობა იცოდა. გაჭირვებით, ვაი-ვაგლახით თუ როგორმე მოურიგდებოდი და მისგან ხვადაგს ან ცხენს იყიდდი, ყოველ ფარას, ყოველ გროშს სათითაოდ კანკალით გადათვლიდა და სანამ აბრეშუმის ჭრელ ქისაში სასოებით ჩაყრიდა, გული არ მოუთმენდა, ერთხელ კიდევ გულდაგულ დათვლიდა. ყოველ მათგანს ხელს ხარბად შეავლებდა. თუ ოქრო იყო, ხელისგულზე ისე არწევდა, თითქოს წონაში ამოწმებსო. ხან დაეჭვდებოდა და ცეცხლის ან დღის ნათელზე თვალის მოჭუტვით ირიბად გახედავდა, გემოს თუ სიმაგრეს კბილით გაუსინჯავდა. ყველაფერი მოთავებული რომ გეგონა, სახეზე ერთბაშად მიწის ფერი გადაურბენდა და ფულს უკანვე დაგიბრუნებდა, ვაჭრობას თავიდან დაგიწყებდა. ერთხელ დათქმული ფასიდან თუ ფეხს არ მოიცვლიდი, ლიბრით გადაკრული ბრმა თვალიდან ცალი ცრემლი თბილად გადმოუვარდებოდა და ისე გაფითრდებოდა, რომ კაცი კი არა, ადამიანის მსგავსად შეხუთული ჰაერი გეგონებოდა. ყოველ ფარას კერიის ქვაზე ისევ ყურადღებით აჩქამებდა და თან ყურს სულგანაბული უგდებდა _ მისი წკრიალით ტკბებოდა. ფულის თვლას რომ მოათავებდა, თავს მაღლა ხვნეშით აიღებდა და სახეგაბრწყინებული თავდავიწყებით წამოიძახებდა:
_ მიყვარს, ნავარი, ძალიან მიყვარს... _ და თითქოს ახლა მოაგონდა, აღტაცებით შეგეკითხებოდა, _ ცხენი? _ პასუხს თავის თავს თვითონვე მოუჭრიდა, _ ცხენი სხვა რამეა. ცხენი დიდი რამეა! ცხენი და კაცი ერთი ფერცხლიდან არიან გამოღებული. ცხენს რომ ენა მისცა, კაცი იქნებოდა, მაგრამ... ოქრო! ოქრო მაინც მეტია. ოქრო ყველაფერს იყიდის: დიდებას, სიყვარულს, სამართალს. ოქრო ბატონია. ხედავ? _ შეგეკითხებოდა ღიმილით და ქვაზე აჩქამებული ოქროს წკარუნის მოსასმენად შენც გამოგიწვევდა.
შენგან თუ რამეს ყიდულობდა, დილიდან დაღამებამდე გევაჭრებოდა, გეხვეწებოდა, გეღრიჯებოდა, ფიცით შვილებს გაიწყვეტდა, რომ მეტის გადახდა არასგზით არ შეუძლია, მაგრამ ვაი შენი ბრალი, თუ სასყიდელში აღებულ ფულს კარგად არ დათვლიდი.
_ ჰეპე, ვინ ყოფილხარ! _ რისხვით ამოხდებოდა და პირს მაშინვე გიტეხდა, ნაყიდ საქონელს უკანვე მოგახლიდა... _ ფულს ანგარიში უნდა, ბაბა, ფული თვლითაა და შენ არ ანგარიშობ. ამიტომაც შენი არც სასყიდელი ვარგა და არც კაცობა.
და მერე ოხრის ფასადაც რომ მიგეცა საქონელი, ახლოს არ გაგიკარებდა.
სამაგიეროდ, თუ მისგან ცხენს ან სხვა რამეს ყიდულობდი, უნდა გეცქირა, რა გამწარებით ის ვაჭრობდა. თავს სულ მოისაწყლებდა, ფეხქვეშ ფიანდაზად გაგეფინებოდა, ნემსის ყუნწში წმინდა ძაფივით გაძვრებოდა და იმდენს იზამდა, რომ თავისას მაინც გაიტანდა, საქონელს თავის გემოზე შემოგაპარებდა. ნასყიდ ცხენს მოახტებოდი თუ არა, პირველ მათრახს თვითონ შემოჰკრავდა.
_ მშვიდობაში! _ მოგაძახებდა და მერე ქალიშვილებს კუშტად მიუბრუნდებოდა, _ სტუმარს კარი გაუღეთ.
და საქმე გათავებული იყო. ამას იქით შენ მისთვის აღარ არსებობდი. ამიერიდან შენ ცხენის პატრონი იყავ და ყოველი ცხენის პატრონი მსხვერპლი იყო, თუ გინდა, მტერიც, რომელსაც ცხენი, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა აართვა და პირში ჩალაგამოვლებული დატოვო. ამას შემდეგ შენთან მას საქმე აღარ ჰქონდა და თუ საქმე არ ჰქონდა, მაშინ აღარც ლაპარაკი ღირდა შენთან.
_ მშვიდობის გზა გქონდეს, _ გზას თარსულად დაგილოცავდა, შუბლთან მიტანილი ხელით თავს მდაბლად დაგიკრავდა და ფაცხისაკენ რომ შებრუნდებოდა, წელში მხოლოდ მაშინ გაიმართებოდა.
მერე კერასთან ისევ ისე კულუმბურივით თვალდაკუსული იჯდა და ისევ იმ თავისი კვიმატი საქმეების თაბაუთში იყო. იჯდა უძრავად და ცეცხლის არილი უსიცოცხლოდ ციაგებდა მისი ბრმა თვალის თეთრ ბისტში.
გარეთ დუმილი იყო და უკუნეთი. ასწლოვანი კოპიტები გულჩათხრობილად შრიალებდნენ. ტყის ღურღუნციან სახმოებში ჭოტი ბედითად გაჰკიოდა. ქალიშვილებს ეძინათ. მას არ ეძინა. კერასთან ისიც ჭოტივით ბედითად იჯდა და ღამეს ყურს უგდებდა. ისეთი სკვარამი და დაღუპული რამ იყო, რომ მისდღემჩი კაცს გაღიმებული არ უნახავს. ერთადერთი კაცი, ის რომ გაცინებული ენახა, ცხენის უსაშველო ქურდი ბასაია ჭანბა იყო. ერთ ღამეს თურმე უბიხეთიდან გამოტაცებული თეთრი ულაყი მოუყვანა. დანელიამ ერთი ირიბულად გადახედა ულაყს და მაშინვე მიხვდა, რომ შუმი არაბული იყო; სიხარულით ელდანაკრავმა ძმობილს ცალი თვალი გულში ფინდიხივით აძგერა და ერთი ცხენივით გადიჭიხვინა. ამის გაგონებაზე ჭანბას თურმე შიშით ტანში გააცივა, ელდამ კოჭებში გაუარა და ბამბასავით გათეთრდა. ჯერ ხომ ცივი ჭირის ოფლი დაასხა, მერე შეაცხელა, იქვე ზეზეულად გათავდა კაცი და მას შემდეგ იგი საქურდალში წასული აღარავის უნახავს.
ერთ კვირაში სანთელივით გაყვითლდა, ჩამოდნა ბასაია ჭანბა, გახმა, დაჩიავდა და ბოლოს ლოგინადაც ჩავარდა. სიკვდილი თავს რომ წამოადგა, ერთი ცოდვიანივით იბღავლა: მიშველეთ, თამშუღ დანელია დაკაცებულ ცხენად გამომეცხადაო. ის წყეული თურმე მის წინ მართლაც ცხენის სულივით ამართულიყო. ჭიხვინით წაახდინა, მოშალა ბასაია ჭანბა კაცობაში. ახლა კვდებოდა და დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, ბერსა და ახალგაზრდას ცოდვით უბარებდა, რომ ეპატიებინათ მისთვის ყველა შეცოდება, მაგრამ მომაკვდავს სიკვდილიც გაუძაღლდა. ცხენისა და ჯიგიტების ხატი თურმე სულ კვიცივით აჭიხვინებდა:
_ ზეიგუთ! ზეიგუთ! ზეიგუთ! _ ჭიხვინებდა საცოდავი ჭანბა და ასე ჭიხვინში ამოხდა სული.
მის ტირილზე თამშუღ დანელიამ შუბლში ხელი წაიშინა. კუბოსთან რომ მიიყვანეს, ვიღაც საბაია შავი ცრემლით დაიტირა. როცა ყურში ჩასჩურჩულეს, რომ მიცვალებულს საბაია კი არა, ბასაია ერქვა, დანელიამ ერთი რისხვით მოიხედა _ თითქოს სულერთი არ არისო. მართლაც მისთვის სულერთი იყო. მთავარი ახლა მკვდარი როდი იყო. მთავარი ადათი იყო, დატირება იყო და იმანაც იტირა ისე, რომ იქ მყოფთ ყველას სიბრალულით გულ-მუცელი დასწვა. ტირილს რომ მორჩა, ჭირისუფლებს გადასაბურავად ახალი შიგრიმის უნაგირი და ერთი გაუხედნავი კვიცი მიართვა, ფულის გიჟმა და მაწაუკმა ფარა მაინც ვერ გაიმეტა.
12
ცა და ქვეყანა გაკვირვებას მოდიოდა, ვის გამოემსგავსა მისი შვილები.
სიდუ შუატანის ქალი იყო, პირთეთრი და თაფლისთვალა. სალომე _ ტანმორჩილი, შავგვრემანი და შავთვალა. რამდენადაც სიდუ სათნო იყო და სალბუნიანი, იმდენად მისი და კუშტი იყო და შეუპოვარი. გიშრის ღილივით შავ თვალებს რომ შემოგანათებდა, დაგწვავდა კაციშვილს, გაგანია ცეცხლში გაგხვევდა, მაგრამ რად გინდა, _ ფოცხვერივით ავი იყო და დაუნდობელი, შხანკოლასავით ენამწარე იყო და უკარებელი. იქნებ იმიტომაც თუ გადამწიფდა ეგრე გაუთხოვრად? ოცდაერთი წელი შესრულებოდა და გესლი თანდათან ემატებოდა. ღადრიდან ცხლად გამოღებული წაბლივით ფიცხი იყო და პირის ამომთუთქავი. ცოტას თუ გაირჯებოდი და წაბლის ტყავს ფრთხილად შემოაცლიდი, მერე რა, რომ პირს დაგწვავდა, მაინც გემრიელი იყო და ძღომიერი. ალბათ მამასთან რომ იზრდებოდა, მუდამ შიშსა და სიმარტოვეში რომ იყო, იმიტომ თუ გამოვიდა ასეთი დიდგული და კორიანჩხელა.
სამნი იყვნენ, ერთი სისხლისა და ხორცისანი და არაფერი საერთო მათ ერთმანეთთან მაინც არ ჰქონდათ. არაფრით ერთურთს ისინი არა ჰგავდნენ, არც გარეგნობით, არც ხასიათით და მაინც სიამტკბილად ცხოვრობდნენ, ერთი ხმააწეული ლაპარაკი მათგან არავის გაუგონია.
ეშმაკმა რომ არ დამაყენა, გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მენახა ის ჩემი სიდულია, მენახა და გამოტეხით მეთქვა, რომ უმისოდ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ რა მექნა, ხელში სალაპარაკოდ როგორ ჩამეგდო? სად მენახა ისე, რომ მის აჯამ მამას გუმანი არ აეღო? თუ დალალი ან აბრაგი არ იყავ, ისე მის ეზოში ფეხს ვერ ჩადგამდი. სიდუს ძიძისგან გავიგე, რომ დანელიას დიდი ხანია, რაც თვალი რჩებოდა ჯიხაიშში ჩასიძებული თავადის პიპინია აგიაშვილის ლაფშაზე. გადავწყვიტე დალალობა მეკისრა. იმ ცხენის სარფიანად გაყიდვა თავს ვიდე და ჰაჰაიტ, გავქარდი ბანძისაკენ.
ისეთი ბნელი ღამე იყო, რომ კაცი თვალთან მიტანილ თითს ვერ დაინახავდა, მაგრამ მალე ნავახშმი მთვარე წამომეწია და ქვეყანა დღესავით გააკაშკაშა. ირგვლივ სიწყნარე იყო. ჩემი გრძნობა-გონება ფიქრს ისე წაეღო, რომ ვერ ვამჩნევდი, ალვის ხეები და ასწლოვანი უზარმაზარი ცაცხვები თეთრად გაქათქათებულ ღამეში როგორ გულჩახშულად ამართულიყვნენ. ვერც იმას ვამჩნევდი, ბუჩქნარებსა და გვინძღეებში შეყუჟულ ბნელს ციცინათელები მოქნეული ნაპერწკლებივით რომ სერავდნენ.
გასასყიდად წამოყვანილ აგიაშვილის ცხენზე ნელა მივირწეოდი. თან შიშით, მოლოდინითა და რა ვიცი, კიდევ რით, გული მელეოდა. ვინ იცის, იქნებ სიდუს აღარც ვახსოვდი? იქნებ მის უკუღმართ მამას ეზოში არ ჩავეშვი? ტვინი შავი ფიქრებით მეწამლებოდა.
სოფელთან მისულიც არ ვიყავ, რომ თამშუღ დანელიას ბოხვერა ნაგაზების ყეფა მომესა. მთვარის კაშკაში თუ აბრაზებდათ? ცხენზე ჩამოვხტი. რამდენიმე სიპი ქვა ჯიბეებში ჩავიწყვე და ისევ ავმხედრდი. ეზოსთან მისულიც არ ვიყავ, რომ დანელიას ძაღლებმა სუნი იკრეს. ცასა და მიწას ყეფით ასკდებოდნენ, მესრის სარებს ბრაზით ზედ ეხეოდნენ, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მაკლებდნენ, ღრენით ცად ვარდებოდნენ, ჰაერსა თუ ჩემს თავს ალბათ წარმოდგენაში კბენდნენ. მე იმათი ყეფა არად ჩამიგდია. სანამ სიბას შევაღებდი, ერთი ქვა შუა ეზოში გადავისროლე. კოლინდარში გაგორებულ ქვას ძაღლები ყეფით, ორომტრიალით გამოედევნენ. მეც ეს მინდოდა, დრო ვიხელთე და ეზოში ჩაველ. ძაღლებმა ქვა გაღრღნეს და მერე კიდევ უფრო გაავებულად მომიტრიალდნენ. ისეთი გაალმასებით გამოქანდნენ, რომ ცხენმა კუდი გავის ქვეშ ამოიძუა და როგორღაც გვერდულად იწყო სიარული.
_ უნაგირიდან ჩამომიღებენ რჯულძაღლები! _ გავიფიქრე და ხელი ისევ ჯიბეს გავიკარ.
დაყოვნების დრო აღარ იყო. მეორე ქვაც ვისროლე ეზოში. ძაღლები ქვას ისევ გამოენთნენ და სანამ დაეწეოდნენ, შუა ეზოსაც მივაღწიე.
ამასობაში ფაცხის კარიც გაიღო. ზურგს უკანიდან მოშუქებული ცეცხლის ნათელისაგან დაგრძელებული ლანდი კარის ზღურბლზე შავად აიმართა. სიგრძით ვიცანი _ დანელია იყო.
_ რომელი ხარ? _ შემეკითხა ლანდი და ბნელს დაკვირვებით გამოხედა.
_ სტუმარი ვარ, მომხედეთ! _ გავძახე მასპინძელს, მაგრამ ის როდი ჩქარობდა. ბნელს ისევ დაკვირვებით გამოსცქეროდა.
პატრონის ხმის გაგონებაზე ძაღლები კიდევ უფრო გადაირივნენ, მაგრამ მოვასწარ და ახლა მესამე ქვა გადავისროლე.
_ მაინძელი! _ ვიყვირე, როცა გამიჭირდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, პასუხი არავინ გამცა. ის ჩემდა იმედად ამართული ლანდიც გაქრა, მაგრამ მის მაგიერ ახლა ქალის აჩრდილი გამოჩნდა, დირეზე აუჩქარებლად გადმოაბიჯა.
_ სიდუ? _ გამიელვა და ძაღლებს ახლა რა თავში ვიხლიდი, გული ყელში მომებჯინა, იქ დამიწყო ფანცქალი. რამდენი მიახლოვდებოდა, იმდენი უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ნამდვილად ის იყო. ამ ცხრა წლის მანძილზე ნირი როდი ეცვალა. სიარული, თავის დაჭერა იგივე ჰქონდა. მუხლი მომეკეცა, ერთბაშად ისე დავსუსტდი, რომ ცხენიდან ჩამოსვლაც აღარ შემეძლო.
_ სიდუ! სიდულია! _ გავიძახოდი დამთხვეულივით.
_ ვინ ბრძანდებით? _ შემეკითხა სიდუ, მაგრამ მე ისე ვიყავ გაოგნებული, რომ ხმას ვეღარ ვიღებდი. მთვარის შუქზე ის კი შევატყვე, რომ მიცნო და მოულოდნელობისაგან ისიც შეკრთა, საქციელი იმასაც წაუხდა, მაგრამ გონს ისევ მალე მოვიდა და თავი დაბლა დახარა, მერე თითქოს რაღაც ჭკუაში არ დაუჯდა, თავი ისევ მაღლა აიღო და წელში ამაყად გაიმართა.
_ სალამი, _ თქვა მოკრძალებით, მიწაზე დაგდებულ რაღაც ჯოხს დასწვდა და ზედ მოტევებულ ძაღლებს მოუქნია, _ ასგამ, თქვე მგლის არჩივებო, ასგამ!
ძაღლები აქეთ-იქით წკმუტუნით გაიფანტნენ, პირში ალის ქარი მაშინვე ჩაიგდეს.
_ მობრძანდით, პატონი, _ თქვა მან წყნარად და ისედაც ჩასწორებული კაბის კალთა ყოველი შემთხვევისთვის ერთხელ კიდევ ზედმეტად ჩაისწორა.
_ შინ მობრძანდით, _ გაიმეორა სათხოვარი თავაზიანად და თავი მდაბლად დამიკრა, ჯილავს ხელი ჩაავლო.
მეც ეს მინდოდა. თვალის დახამხამებაში ძირს გავჩნდი და სიყვარულმა რიდი არ იცის, ხელი მკლავში ჩავავლე. სიდუ არ შემკრთალა. სახეში ერთი შემომხედა, მკლავი ჩემი ხელიდან წყნარად გაითავისუფლა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ოდნავ იქით მიიწია, თავი თითქოს გაგულისებით ამარიდა.
_ მემდური? _ შევეკითხე, მაგრამ მან თავი შორს დაიჭირა, პასუხი არ გამცა.
_ სიდუ!.. სიდულია! _ ვთქვი, მაგრამ მან ყური არც ახლა მათხოვა. შინისაკენ უბრად გამიძღვა. მეც რა ძალა მქონდა, ავდექ და მორჩილად მივყევ.
ფაცხაში ფეხი შევდგი თუ არა, ქუდი თავაზიანად მოვიხადე და დიდის ამბით ვთქვი:
_ აქა მშვიდობა, მშვიდობა მასპინძელს.
_ გაგიმარჯოს! _ ჩამომართვა სალამი დანელიამ და თან შუბლქვემოდან დაეჭვებით მიცქეროდა, თან გულთან მიტანილი მარცხენა ხელით გულითადობა გამომიცხადა, სალამის ნიშნად თავი დაბლა მოწიწებით დახარა.
ამ ჭერქვეშ პირველად ვიყავ და მეც წესისამებრ გავილოცე:
_ ჯვარი აქაურობას! კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში.
_ მადლობა სტუმარს, _ მოჭრა თამშუღ დანელიამ მოკლედ, ოდნავ მთის კილოთი და თავი მადლიერების ნიშნად ისე დაბლა დახარა, რომ სამართებლით წმინდად მოფხეკილ და ალაპლაპებულ კვინიხზე ნახმლევი შაშრა ნათლად გავარჩიე.
_ დაბრძანდით, სტუმარი ღვთისაა, _ თქვა დანელიამ წელში გაუმართავად და ხელების გაშლით კერასთან მიმიწვია, მაგრამ მე ადათის მიხედვით ისევ გავპატიჟდი:
_ უფროსი ბრძანდებით... თქვენ დაბრძანდით...
_ სტუმარი ბრძანდებით... თქვენ დაბრძანდით... _ მომიჭრა სიტყვა და თან ცუდად დაფარული გაკვირვებით მიცქერდა.
ეტყობოდა, ვერ მიცნო და არ იცოდა, როგორ მივეღე _ როგორც უბრალო სტუმარი თუ ისე, როგორც, მისი აზრით, მახენჯსა და კას ყმას შეშვენოდა.
უხერხული მდგომარეობიდან რომ გამომეყვანა, მაშინვე გამოვეცნაურე:
_ ალბათ ვერ მიცანით... ბათა ვარ, ბატონო, ბათა ქექია.
_ ჰეპე, _ აღმოხდა გაოცებით, _ ვინ ბათა, ბოდიში და არ მაგონდება.
_ ბათა ვარ, ჩემო ბატონო, ქექია გახლავართ.
დანელიამ ხმა არ გამცა. ერთხანს ისევ დაკვირვებით შემომცქეროდა. უცებ საღი თვალი გაუბრწყინდა და არ ვიცი რატომ, ისედაც მქრქალი სახე სულ მიუმქრქალდა.
_ აა, ბათურია, ხომ? _ გაახსენდა და კერასთან მიგდებულ უნაგირზე მაშინვე დაჯდა, თავისი ერთადერთი თვალი თვალში სადგისივით გამიყარა. _ ჩვენი ალმასხან ქექიას შვილი, არა?
_ დიახ, ბატონო, ალმასხან ქექიას შვილი გახლავართ.
_ დიჰ! _ ამოხდა მას თარსული გაოცებით, _ რამხელა გაზრდილხარ! ღმერთო, დაილოცა შენი სახელი! _ და ამ სიტყვებით ხბოს კვანჩხაგადაფენილი ჯორკო ახლოს მომიწია. მეც მასპინძელი აღარ გავაწბილე და დავჯექ.
_ რამხელა გაზრდილხარ! _ თქვა თარსული გაკვირვებით და თავიდან ფეხებამდე მოურიდებლად ამათვალიერ-ჩამათვალიერა. არ ვიცი, როგორ მოვეწონე, არც ის ვიცოდი, ჩემი სტუმრობა როგორ ეპრიანა, სიტყვა მეც თარსულად მოვუჭერ:
_ გაზრდას რა ჭკუა აქვს, გაზრდით ალვის ხეც იზრდება, მარა რა ფასი აქვს.
თამშუღ დანელია არ დამეთანხმა:
_ რატომ? რატომ? სამაგიეროდ ლამაზია.
მეც აღარ შევედავე. ალვის ხეს რა თავში ვიხლიდი, როცა გულში გაგანია ჩამნთებოდა, მაგრამ სტუმარ-მასპინძლის წესი მაინც არ დავარღვიეთ და ერთურთი მოვიკითხეთ. იმან ეს მოიგონა, მე ის გავიხსენე. საუბარი მალე ისე გაგვიტკბა, ისე ავლაქლაქდი, რომ მე ენას ვეღარ ვაჩერებდი და ის ჩემი მოსმენით არ იღლებოდა. რა არ გავიხსენეთ, რა არ ვთქვით! ვლაპარაკობდით ამ მთისას, იმ მთისას და მალე ისე გავერთეთ, თითქოს უცნობი კი არა, დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვყოფილიყავით. მას ქალაქის ამბის გაგება უნდოდა. მეც რა მენაღვლებოდა, ვუამბობდი ზოგს ნახულს, ზოგს განაგონს. ვცდილობდი, ლაპარაკით ისე გამერთო, რომ მოსვლის მიზეზს არ მიმხვდომოდა. თან თვალს სიდუსკენ ვაპარებდი და ეს ძირში მოსაჭრელი ენა მისი ეშხით ხან ლაღად ამეხსნებოდა და ხან ბლუსავით მებმებოდა. ისიც, ის ჩემი ტურა მასპინძელი, ვითომც არას მამჩნევდა, ყურს განზრახული სიამოვნებით მიგდებდა, მაგრამ იმდენი ვქენი, რომ ქალაქის ამბავმა ბოლოს მართლა გაიტაცა. ყურს გაფაციცებით მიგდებდა. მხოლოდ ხანდახან თუ შემეკითხებოდა რამეს და ჩემს პასუხზე ხან კმაყოფილებით ამოიხვნეშებდა, ხან თავს აქეთ-იქით მწუხარედ გაიქნევდა.
_ წახთა, პატონი, ქოყანა, წახთა! _ თქვა სინანულით, როცა სიტყვა ქალაქური ადათის გამო ჩამოვარდა, _ არ ღირს ცხოვრება.
მე გავჩუმდი. სიტყვაში აღარ შევედავე. ან რა მქონდა სადავო?
სალომე ჩემს ცხენს ფაცხაზე მოდგმულ ახორში აბინავებდა. სიდუ ვახშმის სამზადისში იყო. ტანს ჩითის ჭრელი კაბა უმშვენებდა, ფეხთ წითელი მაშიები ეცვა და მოტკეპნილ სოხანეზე ისე უჩუმრად დადიოდა, რომ ხანდახან ციდან ჩამოსულ ანგელოზად მეჩვენებოდა.
წუთით შეწყვეტილი სიტყვა მე ისევ განვაგრძე და ჩემი მასპინძელი ისევ მაქეზებდა:
_ კაია, ისემც კაი დაგემართოს!
მეც რა მენაღვლებოდა, მრუდსა და მართალს ერთად ვფქვავდი, მაგრამ როცა სიდუს ცქერაში სიტყვა ისე დამებნა, რომ სათქმელს თავი ვერაფრით მოვუყარე, დანელიამ მოყვითანო თეთრი წარბები ცბიერად შეკრა და შუბლქვემოდან ერთი ისეთი გამნარავი თვალებით შემომხედა, რომ ადგილზევე გავქვავდი, ენა მუცელში ჩამივარდა.
_ დიდებულია, გურიკოჩი, დიდებული! _ დამემოწმა უადგილოდ და თავისი ერთადერთი ჩხია თვალი თვალში სადგისივით რომ გამიყარა, მივხვდი, გუნებაში რაღაც გაიანგარიშა. იმასაც მივხვდი, ამ წუთს რომ ჩემი გაყიდვა განიზრახა, მაგრამ სად ან რაში უნდა გავეყიდე, აზრს ვერ მოვსულიყავ. ერთხანს ხმა არ ამომიღია. თამშუღ დანელიამ მიცქირა, მიცქირა და მერე საუბრის გეზი უცებ შეცვალა:
_ ამბობენ... გადინდრებულხარ?
_ ყაჰ! _ წამოვიძახე ისე, რომ ეჭვისათვის ადგილი ოდნავ მაინც დამეტოვებინა, _ იმ დასაქცევში რა გამამდიდრებდა. ხომ გაგიგონია, უბედურ კაცს ქვა აღმართში წამოეწიაო? მეც ისე დამემართა. ჩამოველ თუ არა, თავს უბედურება დამატყდა. გაგეგონებათ, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო. მეც ისე დამემართა.
_ ჰაიტ, იაბიხვაც! _ აღმოხდა მოხუცს აფხაზურად და ორთავ ხელი მუხლისთავებზე განზრახ გაზვიადებულად დაირტყა. მერე გრძელი ინძგილისტარიანი მოქვური ყალიონი თუთუნით გულდაგულ გატენა და ზედ მუგუზალი დადო. სანამ ის ყალიონს პირს უპაპუნებდა, მე გავჩუმდი. კარგად რომ გააღვივა, ისევ დავიწყე:
_ საწყალ კაცს რა გაახარებს? _ ვთქვი მე კიდევ უფრო გაზვიადებულად და თვალი ისევ სიდუსკენ რომ გავაპარე, გული სიხარულით ამევსო. მაშინვე მივხვდი, რად შერჩა ნაჭიდან ჩამოღებული კარდალი ხელში, მივხვდი, რად შემომხედა იმნაირად, თითქოს მეკითხებოდა, რა მოხდა, რა დაგემართაო, მაგრამ თავისი უტიფრობის თვითონვე შერცხვა და თავი ისევ დაბლა დახარა, ჩართზე დადგმულ კარდალში ღომს ზელა დაუწყო.
_ მაინც, მაინც რა დაგემართა, შე კაცო? _ შემეკითხა თავაზიანი მზრუნველობით დანელია და თვალმოხუჭულმა თავი იმნაირად გადაიქნ-გადმოიქნია, თითქოს მეუბნებოდა: ყველაფერს მიგიხვდიო.
მეც თავი ისე დავიჭირე, ვითომც არაფერი შემიმჩნევია და პასუხი აღAარ დავუგვიანე. სიდუსკენ თვალი ისევ გავაპარე და სინანულით ამოვიოხრე:
_ წყეულმა მძლია, ნავარი! მძლია და ახლა არ ვიცი, რას ვეწიო.
ამის გაგონებაზე სიდულიას სახე აელეწა. შემკრთალმა სუთი ქვაბს ააცდინა და კინაღამ ნაცარში ჩაჰკრა. მღელვარება რომ დაეფარა, თავი კიდევ უფრო დაბლა დახარა. მისი მღელვარება მეც გადმომედო და ხმა ამიკანკალდა. ყველაფერი ერთბაშად მომაგონდა: ჩემი მიამიტი ბავშვობა, მასთან გამოთხოვება, ის ავგაროზი, გულზე ახლაც სასოებით რომ მეკიდა... გრძნობა ყელში ისე მომებჯინა, თან ამდენმა სიცრუემაც თავი ისე გამაბეზრა, რომ მზად ვიყავ, ხელი ყველაფერზე ამეღო და ყველაფერი პირდაპირ მეთქვა, მეთქვა, რომ ტყუილს ვამბობ, რომ არავისაც არ დავუძლევივარ, რომ ჩემი დამძლევი მხოლოდ ის არის, მაგრამ თავი შევიკავე. მივხვდი, რომ მისმა მამამ ნამდვილის სუნი მიწის მგელივით იკრა, რომ მის ხაფანგში ორთავ ფეხით გავები, მაგრამ რას ვიზამდი, უღური მაინც არ გავიტეხე და დაწყებული ამბავი ისევ განგვაგრძე:
_ წყეულს რომ არ დავეძლიე, არაფერი არ მიჭირდა, მაგრამ ახლა რა გაეწყობა.
_ რავა, კაშინა თუ შეგხვდა? _ შემეკითხა დანელია ისე თარსულად, ვითომც არაფრის ბაიბურში არ იყო, ვითომ არც არაფერს ხედავდა და ჩემი ყურადღება სულ რომ მიეძინებინა, ყალიონი გულმოდგინედ ააპლაკუნა.
_ შემხვდა, აპაჰ! _ ვთქვი მგზნებარედ, მაგრამ მას ჩემი სიტყვები თითქოს არ გაუგონია, თუთუნის გამომცემელს შეაგინა:
_ თუთუნი კი არა, ბალახია, ნავარი! გალიდან საგანგებოდ მომიკითხეს და გახვრეტილი ფარის ფასადაც არ ღირს! _ და უცებ ჩემკენ შემოტრიალდა, _ მერე, მერე, შე კაცო? ტურასავით მივხვდი, უსათუოდ კაშინა შეგხვდებოდა, _ ისეთი გატაცებით თქვა, რომ მაშინვე მივხვდი, არაფერი ჩემი მას არ სჯეროდა. იმასაც მივხვდი, რომ ვერაფერს გამოვაპარებდი. იცოდა, კარგად იცოდა, რა კაშინამაც მძლია, მაგრამ პირში ხომ არ მეცემოდა, რა კაცობა, ან რა საკადრისია, რაც იცი და არ იცი, კაცს პირში უკმეხად მიახალო? ამიტომაც არ მაწყვეტინებდა სიტყვას და თავი ისე მოჰქონდა, თითქოს ყველაფერი მართლა სჯეროდა. რას იზამ, წესია _ სტუმარს უნდა დაუჯერო ან ისე მოიქცე, ვითომც გჯერა. ისიც წესია, რომ სტუმარმა თავაზიანი მასპინძლის შესაქცევად რამე იშვიათი ამბავი თქვას, თუნდაც ტყუილი და დრო მით მოკლას.
ჩვენც წესისამებრ ვირჯებოდით. ერთურთის თავი არ გვეფიცებოდა, მაგრამ მაინც ვფიცავდით. ამბის თხრობისას ხან გაოცებას მოვდიოდით, ხან ვწუხდით და ხან კიდევ გული მოგვდიოდა.
მასპინძლის ყურადღებით წაქეზებული მე ამბავს ისევ გატაცებით განვაგრძობდი და თან ვხედავდი, თვალყურს ვადევნებდი, როგორ განიცდიდა სიდუ ჩემს ფათერაკებს და როგორ სჯეროდა ალალი გულით ყველაფერი.
_ ჰეპე! _ აღმოხდა თამშუღ დანელიას ვითომც გაკვირვებით, _ შენ კაცის ბედი თქვი, ჰა? რომ არ მოელი, ფათერაკს სწორედ იქ გადაეყრები.
_ მეც სწორედ ეგრე მომივიდა, _ მაშინვე დავეთანხმე ცბიერ მსმენელს, _ აგერ, ნოღელასთან რომ საბახტარასქუების დაქცეული დოხორეა, იქ ჩამოვიარე. ვხედავ, ბუხრის ნანგრევთან, ბარდში და ჯიჯლაყაში წყეულს სუფრა გაუშლია. წინ სარკე დაუდგამს, ოქროს ზვინივით ჩამოშლილ თმას მთვარის შუქზე ივარცხნის და თან მღერის, მაგრამ რას მღერის!
_ ყვაი პეჩი! _ აღმოხდა თამშუღ დანელიას და ვაცის თხელ წვერზე ხელი კმაყოფილებით ჩამოისვა. მოსწონდა, აღტაცებაში მოდიოდა, ტყუილს ეგრე მართალივით რომ ვამბობდი.
_ მერე? მერე? _ მეკითხებოდა გაფაციცებით და თან შუბლქვემოდან გამომცდელი თვალით შემომცქეროდა. ვატყობდი, ამას რა დიდი შეტყობა უნდოდა, რომ არც ერთი სიტყვა არ სჯეროდა, მაგრამ ეს არც შედიოდა ჩემს ანგარიშში. იმას რა თავში ვიხლიდი. მინდოდა, სიდუს დაეჯერებინა და მით მისი ჩემდამი გრძნობა გამომემჟღავნებინა, მინდოდა გამეგო, ისევ ვუყვარდი თუ არა და დანარჩენი თუნდაც წყალსა და მეწყერს წაეღო. და როცა მან მუდარით გაპარებულ თვალებში მუდარითვე მიბნედილი თაფლისფერი თვალები შემომაფეთა, წამიღო კაცი, დამკარგა სადღაც ჯანდაბაში.
დანელიამ თვალი შეგვასწრო, მიხვდა, რა ცეცხლიც გვდაგავდა ორივეს, მაგრამ არა დაუმჩნევია რა. წვერზე ორთავ ხელი ისევ თარსულად ჩამოისვა და შუბლი კუშტად რომ შეიკრა, შევატყვე, გუნებაში თავისთვის გაიანგარიშა უკუღმართი რამ, მივხვდი, რომ ისევ გამყიდა, მაგრამ მის ასავალ-დასავალს რას მივხვდებოდი, ამბავი ისევ განვაგრძე.
საფათერაკო ადგილს რომ მივატანე, მასპინძელმა სიტყვა საყვედურით და ვითომ მოუთმენლად გამაწყვეტინა:
_ ილორის წმინდა გიორგი უნდა გეხსენებინა, ოჯო!
_ ვერ მოვახერხე. ისე ტკბილად მღეროდა ის წყეული, რომ გამაბრუა, მომნუსხა კაციშვილი. თმას რომ ივარცხნიდა, ისიც სიმღერა მეგონა, თან მეშინოდა, მასთან მისვლა არასგზით არ მინდოდა და მაინც იქით მივემართებოდი, გვერდი ვერაფრით ვერ ავუქციე. თვალი მომკრა თუ არა, ერთი ისეთი შეჰკივლა, რომ თმის ქვეშ სიცივემ გამიარა. ხელით მანიშნა, შედექიო და მეც, არ ვიცი, როგორ მოხდა, შევდექი. ის მართლაც მაცდური და ღვთისაგან წყეული როდი ჩქარობდა. ნელა წამოდგა და ჩემკენ ღიღინით, შემპარავი ღიმილით გამოემართა. მოდიოდა წყნარად და თან თავი ოდნავ უკან ჰქონდა გადაღერებული. თმის სიმძიმე უკან თუ ეწეოდა? სახე, არ ვიცი, მთვარის შუქით თუ თავისით, უბრწყინავდა.
_ მერე? მერე? _ გაფაციცებით მეკითხებოდა დანელია, _ მერე რა გითხრა?
_ შენც არ მომიკვდე, ხმა იმას არ ამოეღოს! მომიახლოვდა, ცხენს ჯილავში ხელი მიტაცა და გზა ისე გადამიღობა. მერე ორთავე ხელი განივრად გაშალა და ათი თითი მაჩვენა _ ათ წელიწადს იცხოვრე ჩემთანო.
_ მერე?
_ მერე და ათ წელიწადს მასთან რა გამაძლებინებდა! უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
_ ხმა ხომ არ გაგიცია?
_ ხმას რავა გავცემდი, ჭკუაზე გადამიყვანდა.
_ მერე?
_ მერე ცხრა თითი მაჩვენა. რა მექნა? ცხრა წელიწადზედაც უარი ვუთხარი.
_ მერე? _ მაინც არ მეშვებოდა დანელია.
_ მერე ყოველ უარზე თითო წელიწადს მაკლებდა და ბოლოს საქმე ცალ თითზე რომ მიდგა, სულ უარი ვეღარ შევბედე და დავყაბულდი.
_ აუუ, ვერ მოქცეულხარ კარგად! _ წამოიძახა დანელიამ სინანულით და კილო უცებ იცვალა, _ ცოლი თუ გყავს?
_ არა, პატონი!
_ კიდო კაი, რომ უცოლო ხარ, თუმცა რა გიჭირს! გაგაკეთებს, დაგასახლებს, ქონებით ყელამდის აგავსებს. ცხენი, კამეჩი, თხა და ძროხა იმდენი გეყოლება, რომ ვერ დათვლი. ომში, საქურდალში ხელს შეგიწყობს, მარა რად გინდა! ერთი წლის მერე, სიყვარულის ყავლს რომ მოასრულებ, მიგატოვებს, მარა ვაი იმ მიტოვებას! ჯირკივით მოგაქცევს, მოგშლის კაცობაში, სადგამურად აღარ ივარგებ. ყველაფერზე გული ერთბაშად აგეყრება და, ჰეჰ, მაშინ გმართებს, ჰე, კაცობა, რომ თავი არ მოიკლა და სულ არ გამოწყდე ტოლ-სწორებში. შემცდარხარ, ბაბა, ძაან შემცდარხარ. ან სულ უარი უნდა გეთქვა, ანდა ათივეს უნდა დასჯერებოდი, _ მარიგებდა მასპინძელი და თან გული იმნაირად მოსდიოდა, თითქოს მართლაც სჯეროდეს ყოველივე.
მე მის საყვედურს ყურადღება არ მივაქციე. ისევ განვაგრძე.
_ მერე, შენ ხარ ჩემი ბატონი, ახლა აქეთ რომ მოვდიოდი, გზაში მთვარე წამომეწია. ქვეყანა დღესავით იყო გაკაშკაშებული. მეც სამშვიდობოს ვიყავ გამოსული და გულში არაფრის დარდი არ მედო. ნაჯიხევთან რომ მატახერიების ნაწისქვილარია, ვხედავ, ახლა იქ გამომეცხადა! წისქვილის კოდთან პირს იბანდა და თან ისე ლაღად კისკისებდა, რომ მეგონა, სიცილი წყალს მიაქვს და ის პეშვით იჭერს-მეთქი. შენც იცი, იმ ადგილას მინდორი, ა, ამ ხელისგულივით ტიალია. არსად ხე, ბუჩქიც არ მოჩანს, სადღაც, ჰე, დასაკარგავში, ლოღობა რომ ტყისაკენ უქცევს, ერთი ასი წლის მუხა დგას. რავა არ გახსოვს, შე კაცო, შარშან ზედ რომ წმინდანიანი ჯდებოდა?
_ მახსოვს, მერე?
_ თვალი მომკრა თუ არა, სიხარულით ერთი ისე დაიწივლა, გამხვრეტდა, მეგონა. კივილით ჩემკენ გამოქანდა. სიყვარული თუ აკივლებდა იმ უწმინდურს?
_ ვინ იცის, _ თქვა დაეჭვებით დანელიამ.
_ ქვეყანა დააქცია წივილით. სიყვარულით გაგიჟებული ცასა და მიწას გლეჯდა, ალერსს მთხოვდა, ხვეწნა-მუდარით გული შეამცირა. მისი შეკივლება და ცხენის ადგილიდან მოწყვეტა ერთი ვქენ. მაინც რომ ვერ მოვიშორე, თავი ვერაფრით ვერ დავაღწიე! უკან რომ მოვიხედე, ვიფიქრე, ცეცხლის ალი თუ მომდევს-მეთქი. ოქროს თმა ტანზე ალივით შემოხვეოდა. ამბობენ, იმ ძაღლის არჩივს ხორცი ცივი აქვსო. ტყუილი ყოფილა. რა ვიცი, იქნებ ტანი სიყვარულის წყურვილით უხურდა? წივილ-კივილით უკან მომდევდა და თან გაშლილი თმით მინდორს მოხვეტდა, ბუჩქნარს, ბალახბულახს ნაპერწკლები ჩინჩხლებად სცვიოდა. მდია, არ მომეშვა. მუხლი მგლის თუ ჰქონდა ოხრად დასარჩენს? ცხენი სანაქებო მყავდა. თუმცა ჩემი ქება რად უნდა, შენც ნახავ, მაგრამ ვერც იმან მიშველა.
_ ცოლი რომ გყოლოდა, არაფერი არ გიჭირდა.
_ ცოლი რას მიზამდა?
_ მის სახელს ახსენებდი თუ არა, მაშინვე ჩამოგეხსნებოდა.
_ არ ვიცოდი, _ მოვუჭერ სიტყვა და ისევ ჩემს ამბავს მოვუბრუნდი, _ რომ დამეწია, ცხენზე კივილით ძუ ფოცხვერივით შემომიხტა. თმა გაშალა და ირგვლივ ალივით შემომახვია. ალში, თაკარაში სუნთქვა შემეკრა. მუდარით, კვნესით მეტმასნებოდა. ახალოხის ღილის შეხსნას ცდილობდა და სიჩქარეში რომ ვერ ახერხებდა, თვალები ცრემლით ევსებოდა. ხან იცინოდა, ხან ისევ ტიროდა, კვნესით რაღაცას მემუდარებოდა, მაგრამ გული მაინც ვერ ამიჩუყა, მაინც ვერ მომტეხა.
_ კარგია, რომ აზრი არ დაგიკარგავს, _ თქვა დანელიამ გატაცებით და ყალიონი კველეზე ხვნეშით ჩამოდო.
_ აზრს როგორ დავკარგავდი! ცხენს ქუსლი ვკარი და იმ ასი წლის მუხას აბრად მივაშურე. ისედაც დამფრთხალი ცხენი გაფრინდა, მიწას ფეხს არ აკარებდა. მუხის ხშირ ჩრდილში რომ შევაფარე, ღვთისაგან წყეულს კისერზე ხელი შემოვხვიე, თავი უკან გადავუღე და ცას შევახედე. ხის ქვეშ რომ იყო, უცებ ვერ გაისაზრა. მთვარე რომ ვეღარ დაინახა, იფიქრა, ჩასულაო და ცხენიდან კივილით გადავარდა. დაკოდილი ნადირივით კვნესით ძლივს გაფორთხდა მიწაზე და თავი სიმწრით ხეს წაუშინა. მე დრო ვიხელთე, ცხენს დავჭყივლე და გავქარდი. ჩრდილიდან გასული და მთვარით განათებული რომ დამინახა, მიხვდა, რომ მოვატყუე. ისევ დაიკივლა, ისევ გამომენთო, მაგრამ რას დამეწეოდა! ვეღარ მორბოდა წეღანდელივით. ხეზე თავნაცემს ალბათ მუხლებმა უღალატეს. გული სამშვიდობოს რომ დავიგულე, სულმა წამძლია და უკან მოვიხედე _ ოქროს თმას ისევ ცეცხლის ალივით აბირბილებდა, ამ კაკაჩია ღამეში ნამეხარ ხესავით ბრიალებდა.
_ ბარაქალა! _ აღმოხდა მასპინძელს კმაყოფილებით, _ ჰაიტ, დიწვა და დაიშუბა მისი ასავალ-დასავალი! ჰეპე, ძაან გივარგია, ჯიმა ღურელი!
_ სხვა რა გზა მქონდა! ბაღნობიდან ქალი მიყვარს და ხომ ვერ ვუღალატებდი! _ ვთქვი და თვალი ისევ სიდუსკენ გავაპარე. ჩემს თვალთან ერთად დანელიას ცალი თვალი გველივით ცივად გამოსრიალდა.
სიდუმ თავი მაღლა აიღო. მადლით სავსე თვალები გულს ჩინჩხალივით შემომაყარა, მაგრამ მამის გამჭრიახი თვალი თვალებში რომ შემოეფეთა, ალუნჩდა, თავი ისევ დაბლა დახარა.
_ ყაჰ, ღალატი რა სათქმელია! _ თქვა მან თარსული შეგვიანებით და შვილისაკენ თვალი ქურდულად გააპარა.
ჩემი გულის სწორი უხერხულობისაგან რომ მეხსნა, ისევ განვაგრძე.
_ ეს ოხერი სიყვარული ძნელი ყოფილა.
_ ჰოო, დიაღაც რომ ძნელია! _ დამემოწმა თამშუღ დანელია ხმის საეჭვო აწევით და თან შვილს თავის ერთადერთ თვალს არ აშორებდა.
მის ეჭვიანობას ყურადღება არ მივაქციე, ისევ განვაგრძე:
_ ვაჟკაცს ღალატი არ ეკადრება.
_ რატომ? _ არ დამეთანხმა იგი, _ მტრის ღალატი ვაჟკაცობაა.
თვალი თვალში ახლა მე გამიყარა. ისე ჩამაცივდა, თითქოს ზურგს უკან ცარიელ სივრცეს მიმაჭედა.
წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. სალომე ქვიჯაში რაღაცას ნაყავდა, სიდუ გობს რეცხავდა.
გარეთ სიწყნარე იყო, წრომის ძახილი ღამის მდუმარებას თითქოს ფრთას ასხამდა.
_ ცოლის შერთვას ხომ არ აპირებ? _ დაარღვია სიჩუმე დანელიამ.
_ რატომაც არა! _ მოვუჭერი სიტყვა თავგამოდებით, _ მეც კაცი მქვია. ერთ ქალს მეც შევინახავ.
დანელია ისევ გაჩუმდა. ფაცხაში ისევ დუმილი ჩამოვარდა. ერთხანს ისევ ჩუმად ვიყავით, მაგრამ ჩანს მასპინძელმა სიჩუმე ვეღარ აიტანა და წყნარად შემაპარა:
_ ქალი მეოჯახე უნდა იყოს.
_ აბა ხელუქნარი რის მაქნისია?
_ ქალს სილამაზე რად უნდა, ქმრის ერთგული უნდა იყოს.
_ თუ მართლა გიყვარს, შენი ლამაზი ის არის.
თითქოს მას ჩემი სიტყვები არც გაეგონოს, მაინც თავისას განაგრძობდა:
_ ქალმა წერა-კითხვაც უნდა იცოდეს. სუდში, სასამართლოში გამოადგება. ოჯახის ქალს საჩოხე და საბაშლაყე შალის ქსოვა, ქარგვა და ხამის ბეჭვაც მოეთხოვება. თოფ-იარაღის, სამკაულის მზადებისა და ჭრელი საბნების კონკვის გარდა, მესტებსა და საცვეთებსაც უნდა კერავდეს, ცხენსა და ხვადაგს თვალისჩინივით უვლიდეს, ქმარ-შვილს სანაქებოდ უნდა პატრონობდეს.
_ ვიცი.
_ ისიც ხომ იცი, რომ ქალი ჯანიერი უნდა იყოს, ცეკვაში ოთხი ვაჟკაცი მაინც უნდა დაღალოს! ხანჯლისა და ქამანდის ხმარება, სტუმრის მიღება და ჩონგურზე სავაჟკაცო ლექსების დამღერებაც უნდა იცოდეს და ქმარს ვაჟკაცურ საქმეში გულის ქადილს მატებდეს. ენაც უჭრიდეს და, როგორც გითხარი, სამართალში, საქმემ თუ მოიტანა, თავის დასაცავი სიტყვის თქმა გაბედულად უნდა შეეძლოს. ურა ცხენს უბელოდ უნდა იურვებდეს. ოჯახში ქმრის მოშიშარი და პატივისმცემელი უნდა იყოს, საქურდალში და სააბრაგო საქმეებში ქმარს, თუ საჭიროებამ მოიტანა, კაი ვაჟკაცივით უნდა დაჰყვებოდეს თან. ქალი მორცხვი უნდა იყოს და თავმდაბალი, მაგრამ ცეცხლიც უნდა იყოს და შემმართებელი.
_ ეგეც ვიცი.
_ ისიც ხომ იცი, _ მაინც არ მეშვება ეს უწმინდური, _ რომ საცოლო ბიჭი კაი ყმა და გამტანი უნდა იყოს. ძმაკაცი, მკვდარიც რომ იყოს, მტერს ხელში საგინებლად არ უნდა ჩაუტოვოს. ცხენი და თოფ-იარაღი მუდამ მოვლილი და გამზადებული უნდა ჰქონდეს. წუღა-საცვეთი და ბაშლაყ-ახალოხი ახალი და სუფთა ეცვას. მთელი და დაუხეველი ჩოხა თუ გაცვია, რის ვაჟკაცი ხარ?
_ ვიცი.
_ იცი თუ არა, რომ ცოლთან დღისით ღლაბუცი სირცხვილია და ვაჟკაცისათვის თავის მოჭრა?
_ ვიცი.
_ დიდებულია, დიდებული, გურიკოჩი! მეგონა, ქალაქში წახთებოდი... მარა არ წამხთარხარ, _ თქვა დიდი კმაყოფილებით და მერე, თითქოს ახლა მოაგონდაო, ჯიქურ შემეკითხა:
_ რა ხელობა იცი?
_ ვხნავ, ვთესავ! _ მოვუჭერ მოკლედ.
დანელიამ შუბლი კუშტად შეიკრა.
_ ყვეი, კაია, კაი დაგემართოს, _ ვითომ მოეწონა ჩემი პასუხი და თაღლითურად, განზრახ გადაჭარბებული აღტაცებით განაგრძო, _ ვაჟკაცი ყოფილხარ, ოჯო!
ყალიონი ისეთი გულმოდგინებით ააპლაკუნა, რომ მივხვდი, ჩემი საქმე უკუღმა შეტრიალდა.
13
საუბარში განთიადის ხანიც წამოგვეპარა. ნავახშმევს ფაცხისაგან განკერძოებით ბოკონებზე წამოდგმულ ცალთვალიან სასტუმრო ოდაში დასაძინებლად მიმიწვიეს. ღამის სანათად ბუხარში შედგმული ჭრაქი დამიტოვეს.
მარტო რომ დავრჩი, ლოგინზე დაქანცული მივწექი. გამოვლილ გზას არ დავუღლივარ ისე, როგორც დანელიასთან მთელი ღამის პირფერობამ დამღალა, სალავათი გამაცალა, მაგრამ მაინც არ მეძინებოდა. ან რა ჯანდაბა დამაძინებდა, როცა ამდენი ხნის ნატვრა ძლივძლივობით ამისრულდა და ჩემი სიდულია ასე ახლოს იყო ჩემთან. ძილგატეხილი, გრძნობააფორიაქებული, ჭრაქის სინათლეს ოცნებით შევცქეროდი. ფიქრმა ისე წამიღო, რომ შემოღებული კარის ჭრიალი არ გამიგონია. მოვიხედე, ზღურბლთან სიდუ იდგა გასაფრებულად. ცალ ხელში ბჟოლის ჩანგური ეჭირა, მეორე ხელით ზურგს უკან კარს ფრთხილად ხურავდა.
_ გეძინება? _ შემეკითხა შემკრთალი ხმით.
_ არა, _ ვუპასუხე და მივხვდი, რომ უზრდელად მოვიქეც. შეცდომა რომ გამომესწორებინა, იქვე დავუმატე, _ უჩვევ ადგილს რომ ვარ, ალბათ იმიტომ.
წამოდგომა გავაპირე, მაგრამ მან ხელი ისე დამიქნია და იჯექ, იჯექო, ისე დაჟინებით მთხოვა, რომ ადგილზევე დავრჩი, არ წამოვმდგარვარ. ვიჯექ და შევცქეროდი, როგორ მოდიოდა ჩემკენ ფეხაკრეფით, რაღაც ბავშვური სიხარულითა და თან ცელქური ღიმილით. აი, მომიახლოვდა. ლოგინის წინ დაფენილ ჭრელ ფარდაგზე ლანდივით წყნარად დაჯდა. დაწოლილი ვაჟკაცისათვის თვალებში უტიფრად რომ არ ეცქირა, ზურგი მორცხვად შემომაქცია, ლოგინს ბეჭით მიეყრდნო. კარგად რომ მოეწყო, ყაჭის ალყას თითი ჩამოჰკრა და მალე მისი ტკბილი ძილისპირიც გაისმა. სიდუ გალობდა და მის გალობას ჩანგურის მწყობრი ჟღრიალი კიდევ უფრო ატკბობდა. მე ცალ იდაყვზე წამოვეყრდენ და მის მხრებს, მის თავს უკანიდან დავცქეროდი. ისე ახლოს იყო ჩემგან, რომ წონასწორობა კინაღამ დავკარგე, ყელზე ხელი კინაღამ შემოვხვიე. თვითონაც არ ვიცი, რა მათრობდა, მისი ეშხი, თმის სურნელება თუ ტკბილი ხმა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი თავდავიწყებაში წასული. გავყუჩდი, განძრევაც არ შემეძლო, ალბათ წაძინებული თუ ვეგონე, ჩანგურს თითი უკანასკნელად ჩამოჰკრა, სიმღერა უცებ მოსწყვიტა. ერთბაშად ჩამოვარდნილმა სიწყნარემ ბურანისაგან გამომარკვია. არ ვიცი, როგორ მოხდა, იქნებ შიშით, რომ არ წასულიყო და მარტო არ დავეტოვებინე, მხრებზე ხელები შემოვხვიე და ადგომა არ დავანებე, ფარდაგზე ისევ დავსვი:
_ სიდუ... ჩემო სიდულია...
ჩემმა მღელვარებამ მე თვითონ ამანთო. ხმა ჩამიწყდა. ჩემკენ მოვზიდე და ნებას რომ დამყვა, სურასავით გადმოწეულ ყელში თავდავიწყებით ჩავეკონე, მის სიტკბოს ხარბად დავეწაფე ტუჩებით.
_ სიდულია, თოლიგე!
_ ეგრე ნუ მეძახი! _ ჩამჩურჩულა და თავი ჩემი ხელებისაგან უკმაყოფილოდ, ოდნავ უკმეხად გაითავისუფლა. ტუჩები ბრაზით დაებურცა.
_ მე შენ გენდური... გენდური... _ უნდოდა კიდევ ეთქვა რაღაცა, მაგრამ ვერა თქვა, ცრემლებმა ყელი გადაუკეტა.
_ რატომ, სიდულია? _ კი არ შევეკითხე, შევევედრე, _ სამდურავს რას მემართლები?
_ მე... მე... _ ხმა აუთრთოლდა, სიტყვა უცებ მომიჭრა, _ ცხრა წელიწადი გიცადე... ცხრა წელიწადს გელოდი... ვეწამე... თვალი ცრემლებით მიღამდებოდა...
თვალი ახლაც ცრემლით აევსო.
_ სიდულია... სიდუ... _ ენა პირში ვეღარ მოვატრიალე. პერანგის საკინძე მოვიღეღე, კისერზე მისი ხელით დაკიდებული ავგაროზი ამოვიღე და ისე ვაჩვენე. სიტყვა რომ აღარ მეყო, მით ვუთხარ ყოველი.
თავისი ავგაროზის დანახვაზე სიდუს, არ ვიცი, სიხარულით, სიყვარულით თუ თავდავიწყებით, სახე მოეღრიცა.
_ შენი ჭირიმე, შენი! _ აღმოხდა კვნესით და ტუჩებზე დამეკონა. გონს მოსვლაც ვეღარ მოვასწარი, რომ ხელის კვრით იქით მიმაგდო.
_ სიდუ... სიდუ... _ ვბუტბუტებდი უთავბოლოდ და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავ, ბოლოს როგორღაც მოვუყარე სიტყვებს თავი და ძლივს მოვახერხე, _ ხომ ჩემი ხარ? ხომ ჩემი იქნები, სიდულია?
_ მამაჩემს ჰკითხე, _ თქვა ოდნავ გასაგონად და თავი მორცხვად დახარა. ამის შემდეგ რა მქონდა საკითხავი? ბედნიერებისაგან თვალთ მიმელულა. ოცნებისაგან გონს მხოლოდ მაშინ მოველ, როცა ჩემთან არავინ იყო. ნეტარებისაგან თვალდაბრმავებულს ვერ გამეგო, როდის გასულიყო ის ოთახიდან, როგორ დავრჩენილიყავ მარტოდმარტო.
სიდუს სიტყვებმა ისე ამაფორიაქა, რომ რა ეშმაკი დამაძინებდა. ის ღამე თეთრად გავათენე. ინათა თუ არა, გულმა ლოგინში არ მომითმინა. ტანისამოსი ხელდახელ ჩავიცვი და გარეთ გამოველ.
მთელი მიდამო დილაბნელის ლეგა ნისლში გახვეულიყო. ეზოში სიდუს გარდა არავინ ჩანდა. ჭის თავზე ჩაცუცქული ღომის ქვაბს რეცხავდა. წუხანდელი საუბრის შემდეგ ჩემად ისე დაჯერებულად მეგულებოდა, რომ თითქოს გამიკვირდა კიდევაც, აქ რად იყო ან რა უნდოდა.
ეზოში უბელო ცხენები ჭიხვინით დანავარდობდნენ. ჩემი ცხენიც მათთან ერთად ჯირითობდა. თავისი შნოთი და ლაზათით იმდენად გამოირჩეოდა, რომ მეც თვალი მომტაცა. მისი ცქერით გართულმა გვიან დავინახე, როგორ გამოსულიყო წინკარში დანელია და ჩემს ლაფშაზე თვალი ხარბად როგორ შერჩენოდა. ისიც ჩემსავით გართულიყო და იმანაც გვიან დამინახა. თვალი მომკრა თუ არა, მაშინვე ჩემკენ გამოემართა. ამაზე უკეთეს დროს ვეღარ ვიშოვიდი. ჩემი ცხენი მის ცხენებში ახლა თავისი ღირსებით ისე თვალდათვალ გამოირჩეოდა, რომ გადავწყვიტე, საქმე ახლავე მომეთავებინა და დილის სალამ-ქალამისა და კითხვა-მოკითხვის შემდეგ პირდაპირ დავიწყე:
_ ყველა ჩიტმა თავისი ბუდე იცის და კაცმა _ თავისი შინა. სახლი მეც მაქვს და საქმის ტყუილუბრალოდ ყიორი მეზარება.
_ სწორია, _ კვერი დამიკრა დანელიამ, მაგრამ მოაგონდა, რომ მასპინძელი იყო და ზრდილობისათვის მაშინვე შემეპატიჟა, _ რა გეჩქარება? ერთ-ორ ღამეს კაცი ჩემს ქოხშიც გაათევს. სტუმარი ოჯახის ხვავია და ბარაქა. ცოტა წავიხემსოთ და თუ შენსას მაინც არ დაიშლი, შინამდე დიდი გზა გიდევს, მოგშივდება.
მეც რა გზა მქონდა. თავაზიანად ვუსმენდი, მაგრამ მისი სიტყვები მაინც შორს დავიჭირე. სხვა არა იყოს რა, თავი მეც გამბეზრდა და კარგად შევატყვე, რომ ჩემი ფაზიარი იმასაც მოსწყინდა.
_ დიდად მიყვარხარ, დიდად კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხომ იცით, რომ შინ არავინ მყავს და დროზე თუ არ წავედი, ოჯახი დამექცევა.
_ თუ სტუმრობა არ გინდა, რა გაეწყობა, _ თქვა მან ვითომც უკმაყოფილოდ და უკმაყოფილოდვე დაუმატა, _ სხვა გზა არ არის, მოდი, ვივაჭროთ. ცხენი ვნახე, ქება არ უნდა. პირდაპირ მითხარ, რას მთხოვ?
სიტყვა დიდად აღარც მე გავუგრძელე და ჯოგში რომ ერთი კავშა ცხენი ერია, თითი იქით გავიშვირე და ისე ვიკითხე:
_ ის ცხენი აქაური ხომ არაა?
_ არა, ოსეთიდანაა.
ცხენს ერთხელ კიდევ გავხედე, კარგად დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ ოსური ჯილაგის უნდა ყოფილიყო. მაშასადამე, მოპარულიც რომ ყოფილიყო, ამ სიშორეზე ვინ მოიკითხავდა. მუშტრის თვალით ერთხელ კიდევ გავხედე, ჯიში და ჯილაგი გუნებაში ერთხელ კიდევ ავწონ-დავწონე და ერთბაშად წამოვიძახე:
_ მაშ ეგ იყოს თავისი უნაგირით და თხუთმეტი მანათი ფულად.
დანელიამ სიტყვა არ დამასრულებინა. შუბლში ხელი გაირტყა და ისე წამოიძახა:
_ აუუ, წყალში გადასაყრელი ფარა მე ვინ მომცა! ცხენის ან ანანგირის _ თანახმა ვარ. ფარად ხუთ მანათს მოგცემ, თუ გინდა.
_ თხუთმეტი მანათი, _ ფეხი არ მოვიცვალე ადგილიდან.
_ ხუთი! _ გაჯიუტდა ისიც.
_ მაშ არ გნდომებია და ეს არის. შეხე, რა ცხენია, მისი თავის დაჭერა, შნო და ჯილაგი... _ მაგრამ დანელიამ სიტყვა ისევ არ დამანება:
_ გითხარ, ცხენს ქება არ უნდა-მეთქი, ხუთი მანათი, მოიტა ხელი.
_ თხუთმეტი, _ მაინც არ ვიშლი ჩემსას.
_ ჰაუუ, ჯიუტი ყოფილხარ, ოჯო! ხუთმანეთ-ნახევარი, თუ გინდა? _ აუწია მაზანდას, როგორც იქნა, მაგრამ მე მაინც გავჯიუტდი.
_ ვინც ფასი იცის, სამი მაგდენი უღირს.
_ ე, ბაბა, იმ ჩიტს თუ ხედავ? _ შემეკითხა იგი და ოდის წინ ამართულ ხეზე შემომჯდარი სკვინჩა დამანახვა.
_ ვხედავ. მერე?
_ ერთ ფარად მოგცემ, თუ გინდა.
მე მხრები ავიჩეჩე და ისე ვთქვი:
_ არ მესმის, მაგით რა გინდა, რომ თქვა.
_ შენი ცხენიც იმ ჩიტივითაა. სანამ ენგურზე არ გამიყვანია, გახვრეტილ ფარად არ მიღირს. როდის იყო, რომ თევზს წყალში აფასებდნენ.
მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ მას ცხენი ნაპარავი ეგონა და ენგურს გაღმა გაყვანამდე პატრონის გამოჩენის ეშინოდა. ვაჭრობაში მზეც აიწვერა. იმის მტკიცების თავიც არ მქონდა, რომ ცხენი მოპარული არ იყო, მით უფრო, რომ არ დამიჯერებდა და ხელი ჩავიქნიე, მასთან ჯიჯღინმა თავი გამაბეზრა.
_ რახან ეგრეა, მოდი, რომ არ დავყოვნდე, ის კავშა ცხენი ახლავე შეაკაზმინე და ფარაში მერე მოვრიგდეთ.
დანელიამ თავის უფროს ქალიშვილს თვალით ანიშნა და მართლაც რამდენიმე წუთში ცხენი შეკაზმული იყო. სიდუ ჭიშკრის გასაღებად მიემართებოდა. სალომეს თავაზიანად ჩამოვართვი მოგვრილი ცხენი და უნაგირს სინჯვა რომ დავუწყე, მასპინძელმა დიდად იწყინა:
_ მე ცხენოსანი ვარ და ანანგირს სინჯვა არ უნდა. ჩემს სახლში უვარგის ანანგირს კაცი ვერ ნახავს.
სალომემ დაინახა თუ არა, რომ ჩვენ კიდევ ვერ მოვრიგებულიყავით, გვერდზე მორიდებულად გადგა და გვიცდიდა, როდის მოვრჩებოდით ვაჭრობას.
უნაგირის შემოწმება მე მაინც მოვასწარ. წუნი მართლაც არ დაედებოდა.
_ კარგი, მაგრამ... თუმანი მაინც მომეცი! _ წაველ ბოლოს მეც დათმობაზე.
_ ხუთმანათ-ნახევარი, მეტი არ მიღირს. იმასაც ცხონებული მამაშენის ხათრით გაძლევ, _ გადგა გაქირზე დანელია. ადგილიდან ფეხი არაფრით რომ აღარ მოიცვალა, რა მექნა, ხელცარიელი ხომ არ გავბრუნდებოდი უკან? სიდუს ნახვამ და წუხანდელმა მასთან საუბარმა დროთა ვითარებით მიყუჩებული ტკივილი განმიახლა და სული შინ მიმდიოდა. რახან სიდუს გული კვლავ ჩემთვის ძგერდა, გადავწყვიტე, საქმეს ახლავე შევდგომოდი და ამდენი ხნის ნატვრა ამესრულებინა.
დანელიას გამჭრიახ თვალს რა გამოეპარებოდა. შემატყო თუ არა, რომ ვჩქარობდი, სულ ახირდა, ერთხელ ნათქვამი სიტყვა ვერაფრით გადავათქმევინე. დიდად არც მე ავუხირდი. ფულს რა თავში ვიხლიდი, მაგრამ ის დალოცვილი ისე ოსტატურად ვაჭრობდა, რომ მეც გამიტაცა. საქმეში მეც ჩავყევი.
_ რა ვქნა, ბაბა, _ განაგრძობდა იგი თავისას, _ რა ვქნა, რომ მეტი არ შემიძლია. ერთი საწყალი მოხუცი ვარ, მუშაობა მე არ შემიძლია და ვაჭრობა, ამ ცხოვრებაში თავი ძლივს გამაქვს და ამდენი ფარა ვინ მომცა!
თავი ისე მოისაწყლა და იმნაირად აწუწუნდა, რომ იმ ერთადერთ თვალში ცრემლიც მოადგა. მე მის თაღლით ცრემლს ყურადღება არ მივაქციე, ჭიშკართან მდგარ სიდულიასკენ ხელი გავიშვირე და ისე შევეკითხე:
_ ის ქალი რაა შენი?
დანელიასათვის ჩემი შეკითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გაკვირვებით შემომხედა, ვერ მიხვდა, რას ვეკითხებოდი. მერე კუშტად შეკრულ წარბებს ქვემოდან ჩემს მოლოდინში ჭიშკრის გასაღებად შემდგარ ქალიშვილს ერთი ირიბულად გახედა და სახე ერთბაშად გაუბრწყინდა. მაშინვე მიხვდა, რისთვისაც ვეკითხებოდი და თავი მიამიტ ვინმედ მოიკატუნა, სიტყვა ბანზე ამიგდო და პასუხი როდი გამცა, პირაქეთ შემეკითხა:
_ რომელი?
_ აი ის, ჭიშკართან რომ დამდგარა და ჩემს წასვლას ელის.
_ რა უნდა იყოს? _ თითქოს გაუკვირდა დანელიას, _ შვილია ჩემი.
_ მაშ ყაბულსა ვარ, მოიტა ხელი! _ და ამ სიტყვებით ხელი თამამად გავუწოდე, მაგრამ წითელმა მელამ თავი განზე დაიჭირა, ფული არ გამომიწოდა.
_ მე ჯერ უფროსი მყავს, _ თქვა და სალომეს მისი სიტყვები რომ არ გაეგონა, უკმეხად მიუბრუნდა:
_ იქით დაიკარგე!
მაგრამ სალომეს წარბიც არ შეუხრია. ერთი უკმაყოფილოდ გამოგვხედა და ნელა ჩამოგვშორდა. ჩემთვის შეკაზმული კავშა ცხენით შორიახლოს რომ დადგა, მამამისმა ისევ გამიმეორა:
_ მე ჯერ უფროსი მყავს.
_ უფროსს თავისი პატრონი გამოუჩნდება, _ ვთქვი და სალომესაკენ გავემართე, ცხენი თავაზიანად ჩამოვართვი, _ ფარისას რას მეტყვი?
_ ახლა არა მაქვს, ჩემზე იყოს.
მივხვდი, რომ ის ხუთმანათ-ნახევარიც დამეკარგა, მაგრამ ზარალი არაფრად ჩამიგდია, ცხენს მარდად მოვახტი.
_ ნახვამდის! _ მივაძახე და სამაგიერო პასუხს აღარ დავუცადე, ცხენს მათრახი გადავუჭირე. ჩემმა ახალმა ლაფშამ მათრახი იხუა, შეხტა და გავარდნა რომ გააპირა, სადავე ღონივრად დავუჭირე. გასაქანი აღარ მივეცი. ჭიშკრისაკენ ლაგამის ღეჭვით, ალმაცერი გოგმანით გავუშვი. სანამ სიდუს ჩავუქროლებდი, მოვასწარ, მისკენ მარჯვედ გადავიხარე და ყურში ნაზი ხმით ჩავჩურჩულე:
_ სიდულია... ჩემო!
_ თოლიგე! _ მიპასუხა ჟრუანტელის მომგვრელი ტკბილი ხმით და თვალები მწველად შემომაშუქა. წინ ჩაქროლებულს ჭიშკარი წყნარად მომიხურა.
14
შინ მიველ თუ არა, დიდხანს არ მიყოყმანია. დანელიას მაჭანკლად ერთი უცოლოდ შემხარებული ბასკან უჩარდია მივუგზავნე. ისიც იმასავით უპირული და უკუღმართი იყო და სხვას ასეთს სად მოვძებნიდი? ეშმაკს სად ეძინა, ის იცოდა და იმაზე უკეთ ვინ მომიწყობდა ამ საქმეს, მაგრამ მოვტყუვდი. ის ვეღარ გავითვალისწინე, რომ ძაღლი ძაღლის ძვალს აღარ გატეხდა. ორივე ჩემს შეჭმას გააპირებდა. თამშუღ დანელიამ ჩემი მაჭანკალი შვილივით შეიტკბო. იმასაც, იმ ჩემი ცოდვით სავსეს, გული სიდუზე თვითონ შევარდნოდა და რა ვიცოდი. მე რომ იმას სიდუსთან ვგზავნიდი და მისი მოტაცების განზრახვას ვუთვლიდი, ის თურმე მის მამასთან მიდიოდა და ჩვენს ამბავს იმას აბარებდა. ერთ ღამეს მე და ბასკან უჩარდიამ დანელიას ქალი დიდი სიფრთხილითა და დავიდარაბით, როგორც იქნა, მოვიტაცეთ და სროლით, ვაი-ვაგლახით ნაბადში გახვეული ეკლესიაში საბალიასთან ჯვრის დასაწერად მივიყვანე. შიშით, რომ მდევარს არ მოესწრო და პირში ჩალაგამოვლებული არ დავეტოვებინე, საბალიას რაც შემეძლო ვაჩქარებდი. ძვირფას ნადავლს რომ ნაბადი შემოვხადე, შენს მტერს, მე რომ გულს ზაფრა შემომახდა! იმ ცალთვალა მელას სიდუს მაგიერ სალომე შემოეპარებინა და ის სროლა და ყიჟინა და ალიაქოთი თურმე სულ ჩემი თვალის ასახვევად იყო ატეხილი. ბრაზით ავვარდი, დავვარდი, ხეს ვეცი, მიწას დავასკდი, გადავირიე კაციშვილი, მაგრამ რაღას ვიზამდი? მოტაცებულ ქალს უკანვე ვინ დამაბრუნებინებდა? თუ მიწაზე ღოღვა და სიცოცხლე მინდოდა, ბედს უნდა შევრიგებოდი. მეც რა მექნა, ავდექი და შევურიგდი ძალად შერთულ ცოლს კი არა _ ბედს.
მე რომ ვყვიროდი და ჯავრით თმას ვიგლეჯდი, ბასკან უჩარდიას ულვაშში ეღიმებოდა. მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დაყვავებით დამადო და ისე დამამშვიდა:
_ რას იზამ, ბათა, შენი ბედი ეგეთი ყოფილა და ბედს სად წაუხვალ. რა ვქნა, ჯიმა აჯამი! ბევრი ვიწვალე შენთვის, ძლივს მოვახერხე ჩემთვის.
მე შევცბი ამ სიტყვებზე. ჩემს მაჭანკალს ერთი დაეჭვებით ავხედე და მაშინვე მივხვდი, რომ მისი გაყიდული ვიყავ. ახლა თავი იმდენად აეგდო, რომ ცეცხლზე ნავთს მისხამდა. ბრაზით ავენთე. სატევარი ვიშიშვლე და უსათუოდ ფაშვს გადმოვაყრევინებდი, ძმაკაცებს ნებაზე რომ მივეშვი.
ამის შემდეგ რა უნდა მექნა? ავდექი და ისევ ბედს დავყაბულდი. რას იზამ, ეს ცხოვრება თურმე ისე ყოფილა მოწყობილი _ მწიფეს რომ ესვრი, მკვახე ცვივა. მე უფრო იღბლიანი გამოვდექი. მკვახეს ვესროლე და მწიფე ჩამოვარდა, ძალზე მწიფე, დაუმწიფდა მამამისს ის კინტირია თავი! როდის ყოფილა, რომ კაცს ფაფა ენატროს და ბედს მისთვის ქვა არ ჩაეგდოს? მეც ავიღე და გადავყლაპე ეს ქვა. გადავყლაპე იმიტომ, რომ შემეშინდა, ბედს ჩემთვის ციდან ახლა ქვაზე უარესი არ ჩამოეგდო და თავი არ გაეხეთქა.
ცოლი რომ შევირთე, ვინ ჰყავდა მერე ბასკან უჩარდიას ხელის შემშლელი? მე თოკით ვიყავ დაბმული და საძრაობის სახსარიც აღარ მქონდა. აღარც დანელიას ის საყვარელი მეგობარი ოსმან ყაიტამბა იყო ცოცხალთა შორის და სად მოძებნიდა იგი ბასკან უჩარდიასთანა კაცს, რომ თავისი უმცროსი ქალიშვილი მიეთხოვებინა? სურვილი მალე აისრულა და სიდუ თავიდან რომ მოიშორა, დარჩა მარტოდმარტო. თავის უკუღმართ საქმეთა მოწმე რომ აღარავინ ჰყავდა, სულ აიშვა თავი, მთელი ის კუთხე-მეზობლები აიკლო, მოსვენებას არავის აძლევდა. დიდი და პატარა, ღარიბი და მდიდარი, გლეხი და თავადი თავის დაკარგულ ცხენს ან ხვადაგს ეძებდა და ყველა კვალი ჩემი სიმამრის ეზოსთან იყრიდა თავს. ის ჩემი ცოდვით სავსე რამდენი ბერდებოდა, იმდენი თანდათან წუწკდებოდა, არ იქნა მისი ხარბი გულის გაძღომა. ბოლოს ისე გამწარდა, რომ თავისი სიწუწკით მთელი მაზრა ფეხზე დააყენა. ატყდა საჩივრები, რომ მის და მის ამფსონთა შიშით საქონელი საბალახოზე ვეღარ გაუშვიათ, რომ ბოქაულიც მისი ხელის შემწყობია და ან თამშუღ კინტირია აყარონ აქედან, ანდა მთელი მაზრა გადაასახლონ სადმე მისგან მოშორებით. ჩანს, საჩივარმა მართლაც გაჭრა. ბოქაული მალე გადააყენეს და მის მაგიერ სხვა დანიშნეს. მაზრის ახალმა მმართველმა ერთხელ გააფრთხილა თამშუღ დანელია, ორჯერ გააფრთხილა და მისი მორჯულების საშველი მაინც რომ აღარ იქნა, ნაქურდალით შინ მიიმწყვდია და თავი ნაობახში ამოაყოფინა. არც მისი ამფსონები დაივიწყეს, მასთან ერთად ისინიც საიმედოდ ჩაალაგეს ქვის ხურჯინში და მით დანელიების ეს სახელის გამტეხი ბებერი სასტიკად დასაჯეს მისგან ჩადენილი ავკაცობისათვის. მის ამხანაგებს ზოგს ციმბირში უკრეს თავი, ზოგს _ ნაობახში, ზოგიც აქაურობას სამუდამოდ გააშორეს. ზოგმა მოასწრო, თათარში გადავარდა და მით თავი დააღწია სასჯელს.
თამშუღ დანელიას ოქრო ბლომად ჰქონდა შემონახული შავი დღისათვის. იცოდა, რომ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს და იმანაც გამოიყენა ეს ოქრო და ძაან ენანებოდა, ვერ იმეტებდა, მაგრამ სხვა გზა რომ აღარ იყო, შეელია _ ის ჯოჯოხეთი იმით გაინათა. საქმე იმით გათავდა, რომ მას მხოლოდ ექვსი თვის ციხე და ქონების ჩამორთმევა მიუსაჯეს.
ნაობახიდან რომ გამოვიდა, ჯერ ისედაც არ იყო ფერხორციანი და ახლა კიდევ უფრო დამდნარიყო, სახეზე ადამიანის ფერი აღარ ედო. ციხეში ჯდომის დროს გამწარებულ სახლიკაცებს თავისი გვარის შემარცხვენლისათვის სახლი დაეწვათ და სად უნდა მისულიყო? ნათესავებს ახლოს ვერ გაეკარებოდა, ფეხი არც ჩემთან მოედგმებოდა და რა ექნა? ადგა და ისევ იმ თავის საყვარელ სიძეს, ბასკან უჩარდიას მიადგა კარზე.
ციხეში რაღაც საეჭვო ხველება ასტეხოდა. ალბათ ახლა ჰაერმა თუ დასცადა, ხველებას უმატა და მალე ლოგინად ჩავარდა. დიდხანს წოლით არ გაწვალებულა. ექვს კვირაში სულიც გავარდა.
კაცი რომ მოკვდება, ყველა ანგარიში თავისთავად სწორდება, ყველაფერი დავიწყებას ეძლევა. ჩვენც ყველაფერი დავივიწყეთ და ვიტირეთ ისე, როგორც ამას წესი და ადათი მოითხოვდა. მაწვიერები, მოინალეები, მეზარეები, ძაძა და ფლასი, მატირლების გულის დამთუთქავი მოთქმა და თვალუა, არაფერი, რასაც წესი და ადათი მოითხოვდა, მისთვის არ დაგვიკლია. ანდა როგორ დავაკლებდით, კუთხე-მეზობლებში თავს როგორ გამოვიწყვეტდით? საიდან არ მოაწყდა ხალხი მის დაკრძალვას! ოსეთიდან, აფხაზეთიდან, აჭარიდან, იმერეთიდან. საიდანღაც ერთი ლეკიც კი გაჩნდა. ვინ იცის, სად გაეგო ან საიდან მოსულიყო. ყველა ერთიმეორეზე უკეთესი ვაჟკაცები, ყველა აბრაგი და საეჭვო ხალხი. ჯიქეთიდან დედის ნათესავები და ძუძუმტეებიც ჩამოუვიდნენ და იმათ რომ თავისი გაზრდილი დაიტირეს, მათი ენა არ გაგვეგებოდა, მაგრამ გული სიბრალულით მაინც დაგვწვეს, მათი საცოდაობით ხე და მიწა დუღდა.
სალომე და სიდუც თავს აკლავდნენ მამის კუბოს. იმ დღის შემდეგ, მე რომ სალომე ისე ტვინდაბნეულად მოვიტაცე, მათ აღარ უნახავთ ერთიმეორე. დასანახად სძულდათ ერთმანეთი. მე შიშით არ ვიყავ, რომ ერთიმეორის სიძულვილი არ მოჰგონებოდათ და მამის კუბოზე არ წაჩხუბებულიყვნენ. აკი გამართლდა კიდევაც ჩემი შიში. მშობლის კუბოსთან რომ შეიყარნენ, ერთი თავზარდამცემად შეჰკივლეს და არაფერს არ დაერიდნენ, ბრაზით სულ ბუწუწები დააგლიჯეს ერთიმეორეს. მათი შემყურე ხალხი საცოდაობით სულ დაიწვა, ეგონათ, შვილები მამის ჯავრმა თუ გადარიაო.
დაკრძალვის შემდეგ სოფელში დოღი და მარულა გაიმართა. შვიდ დღეს იხსენიებდნენ მის სულს სატირლად ჩამოსული ძმობილები. შვიდ დღეს დასტიროდნენ ისინი უკანასკნელ ჯიგიტსა და ვაჟკაცს. ყველა წესი რომ მოთავდა, ყოველმა მათგანმა სათითაოდ გვანუგეშა, გული იმედით დაგვიყვავა, გვითხრეს, რომ ჭირისათვის როგორმე გაგვეძლო და უმამობა ძნელია, მაგრამ მაინც მოგვეთმინა. რას იზამ, ყველა სიკვდილის არჩივი ვართ! ჩვენც სამძიმარი შევიფერეთ, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა, ორიოდ ცრემლი კიდევ დავღვარეთ და თანამგრძნობლებს ისე გამოვეთხოვეთ.
მეორე დღეს, კარგა გათენებული არც იყო, რომ სოფელში კივილი, ერთი უბედურება ატყდა. წუხელ ზოგს ცხენი დაჰკარგვოდა, ზოგს _ ხარი და ზოგს _ კამეჩი.
მე და ჩემს სალომეს რა იმათი ჯავრი გვქონდა, შინ უნდა დავბრუნებულიყავით.
გამოთხოვებისას დანი ისევ წაიკიდნენ, ლანძღეს, ათრიეს ერთიმეორე და ყოველი შემთხვევისათვის არც თავისი ქმრები დაივიწყეს. ენით ჩვენც გადმოგვწვდნენ. ჩემმა სალომემ იმ თავის სიძეს სულ კრიჟანგი და ყოვლად უმაქნისი კაცი უძახა, რაშიც მე, სულო ცოდვილო, დიდი სიამოვნებით ვეთანხმებოდი. ერთი ბაღანა ჰყავს და ისიც რამდენიმე წლის შემდეგ ძლივს შეეძინაო. თავის დაიას არც სიდუ დარჩა ვალში. ისიც თათხავდა ჩემს მეუღლეს, როგორც მოეხერხებოდა და გაუვიდოდა. ლანძღვა-თრევის დროს არც მე მივიწყებდა. ყოვლად უმაქნისს, ენაგრძელსა და სულელს მეძახდა, რაშიც მე სრულიადაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ მართლაც სულელი ხომ არ ვიყავ, რომ დედაკაცების ენის საბრუნავს ავყოლოდი და ჩხუბსა და აყალმაყალში მეც ჩავრეულიყავი.
ამ ლანძღვა-თრევასა და დავიდარაბაში ცხრა წელიწადი ცხრა დღესავით შეუმჩნევლად გაფრინდა. ოთხი შვილი შემეძინა, თმაში თეთრი გამომერია და ეს ოხერი გული მაინც იქითკენ, სიდუს სოფელ გულუხეთისაკენ მიმიწევდა. არ იყო ქვეყანაზე კუთხე, რომ ისე მყვარებოდა, როგორც გულუხეთი, არ იყო ქვეყნად სოფელი, რომ ისე სანატრელი ყოფილიყო ჩემთვის, როგორც გულუხეთი, ისე ახლობელი და თან შორეული, რადგან იქ ჩემი მეუღლის გადამკიდეს ფეხი არ ჩამედგმებოდა.
ჩვიდმეტი წელიწადი ვატარე ეს სიყვარულით სავსე გული სავსე ბათმანივით. მართლაცდა, რად არის ეს დალოცვილი ქვეყანა იმნაირად მოწყობილი, რომ რაც გულით გინდა, ის არასოდეს აგისრულდება?
ხომ ასეთ დღეში ჩამაგდო იმ სულწაწყმედილმა ბასკან უჩარდიამ, სამაგიეროდ არც იმას დაადგა კაი დღე. სიმამრის ციხეში ყოფნამ და სიკვდილმა ისე შეაშინა, რომ აბრაგობას ვეღარ ბედავდა. სხვა რა უნდა ექნა? მუშაობა იმას არ ეხერხებოდა და გარჯა. თანდათან დაგლახაკდა, დაჩიავდა და რით დაერჩინა ცოლ-შვილი, არ იცოდა. მასზე ღარიბი და საწყალი მთელ გულუხეთში ერთიც არ მოიპოვებოდა. არც მე ვიყავ უკეთეს დღეში. ცოლი თურმე სახუმარო საქმე როდი ყოფილა. ის დალოცვილი მაშინვე ზედმოჭრილ კურტანივით მომერგო ზურგზე. ამდენი სიმწარე რომ გამოვიარე, მხოლოდ ახლა მივხვდი, როგორ ვტყუვდებოდი. მე ჩემს ნებაზე დავდიოდი მეგონა და ნამდვილად თურმე იმას დავყავდი თავის ქეიფზე. თან, ეშმაკობას რომ არ მივხვედროდი, სულ მეჩხუბებოდა, რომ იქით არ მივდივარ, საითაც მას უნდა. მეც, ამ სულელს, მართალი მეგონა, სასაცილო თვითონ ვიყავ და სხვას დავცინოდი, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ზღვარი ბოლოს ჩემს მოთმინებასაც დაედო. როცა გულუხეთს მოყვრის ქორწილში დამპატიჟეს, ჩემმა სალომემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. არაფრით ჩემი იქ გაშვება არ უნდოდა, მაგრამ მე ჩემსას მაინც მტკიცედ დავადექ და არც მისმა ცრემლებმა და არც წყევლა-კრულვამ აღარ გაჭრა. მივდივარ, მივდივარ, გადაწყვეტილი საქმეა! ჯანდაბას წასულა ის სამარგლელი ყანები, ცეცხლი წაჰკიდებია იმ ბორანს, თუ ჩემი გულის ჭიას ერთი რჯულზე ვერ გავახარებ.
შუა მაისი იყო. კაცები ყანებს აკვდებოდნენ, ქალები ყაჭს ელოლიავებოდნენ. ის ჩემი ცოდვით სავსე სასიძო ქალაქელი ხელოსანი იყო და არ იცოდა, რომ ამ გაგანია მუშაობაში ქორწილი მოუხერხებელი რამ იყო. მაინცდამაინც ახლა უნდოდა ცოლის შერთვა. მე მის ცოლს რა თავში ვიხლიდი, როცა ჩემი გულის ჯავრი შეღავათს წუთით არ მაძლევდა.
იმის ფიქრით გართული, რომ ხვალ სიდუს ვნახავდი, თოხს მოხერხებულად ვერ ვიქნევდი და ახალალორთქილ სიმინდს ძირში უყაირათოდ ვჭრიდი.
_ გულუხეთი! გულუხეთი! გულუხეთი! _ მაჯავრებდა ტკბილი ჭახჭახით ფეხყვითელა შაშვი, აგერ იქ, ფალაგეზე რომ შემომჯდარიყო და მეც გული მომდიოდა, გუნებაში ვუჯავრდებოდი:
_ ჰაიტ, შე ზარმაცო და ყოვლად უმაქნისო შავტუხავ, შენა! შენ რომ კაი კაცი იყო, არც ასე ურწყვი შავი იქნებოდი. შენ რომ კაი ჩიტი იყო, აბა ერთი გულზე ხელი დაიდე და ისე მითხარ, ეგ ფეხები რამ დაგიყვითლა? რომ ჭახჭახებ, რას ჭახჭახებ, კაცმა რომ იკითხოს? რა გინდა, რას დაგიღია ეგ პირი და მაჯავრებ, ჰა? ვითომ მე ჩემი ჯავრი არ მეყოფა! შენ თუ მართლა მონაზონი ხარ და წმინდანი, რას არცხვენ ემაგ შენს ბერის სამოსს, ჰა? რა გაჭახჭახებს, თუ არა სიყვარული, და სიხარული, რომ ცოცხალი ხარ? ჩიტი ხარ, შე კაცო, ერთი მუჭა ფრინველი ხარ, შე დალოცვილო, და შენ თუ მართლა პატიოსანი ვინმე ბრძანდები, აბა ერთი მითხარი, ეს ფრჩხილისოდენა გული რომ გაქვს, ამდენ ცოდვას შიგ საიდან ატევ? შენც? ერთი ამასაც დამიხედეთ! შენ რაღა გაშრიალებს, ტირიფო? ან შენ, მაღალო შუადღევ, მითხარ, რას შემომჩენიხარ? განა მე ჩემი ცეცხლი და გაგანია არ მეყოფა, შენ რომ თაკარას მიკიდებ კიდევ? ან თქვენ, რიონო, მიწავ, ბალახებო, რა გიხარიათ, კაცმა რომ თქვას? ვიცი, კარგად ვიცი, მე რას გამომაპარებთ! თქვენც ჩემს დღეში ჩაცვივნულხართ და რა ვქნა, მე რა შემიძლია, რომ განუგეშოთ? აგერ, ხედავთ, ქორი როგორ დაეშვა ირაოდ რიონის გასწვრივ და წყლის ზედაპირს თითქოს მკერდით ელამუნება. ისიც იმავე სენით შეპყრობილა და რა ქნას, ნადირობს, რომ ჭამოს და ჭამს, რომ უყვარდეს. ყველაფერი სიყვარულია, ძამიებო, ყველაფერი გულის ხევაა და ეს ქვეყანაც გულუხეთია, გულის ხეთქვა და სიყვარული!
_ გულუხეთი! გულუხეთი! გულუხეთი! _ ნიშნს მიგებენ ეს მიწა, ცა და წყალი.
_ გულუხეთი! გულუხეთი! გულუხეთი! _ შრიალებს ტირიფი, ჭახჭახებს შაშვი და მე აღტაცებული ვდგავარ და ნაღვლიანად მეღიმება, მიხარია, რომ ჩემთვის ახლა მთელი ქვეყანა გულუხეთია.
15
მეორე დღეს მართლაც გულუხეთში ვიყავ. იცოცხლეთ, მე იქ ქორწილში დრო ვატარე. ვსვი, ვჭამე და მოვილხინე, როგორც შემეძლო და მომეხერხებოდა. თავი ყველას რომ კარგად შეგვიხურდა, ვიყაყანეთ ჩვენი ცხოვრების უკუღმართობაზე, მამასახლისის ძახთაპირობაზე, ხუცესის უწმინდურობაზე. თუ რამეზე გული გვტკიოდა და საწუხარი რამ გვქონდა, უთქმელი არ დაგვიტოვებია. მეც ვქაქანებდი, ვოხუნჯობდი, ვმღეროდი და თან ცალ თვალს სიდუსკენ ვაპარებდი. ის აღტაცებული ღიმილით შემომცქეროდა, მე მისი სიხარული კიდევ უფრო მახალისებდა და თვალს მისკენ ისევ სურვილით რომ ვაპარებდი, ის წითლდებოდა, ალუნჩული ეშხიანად ლულავდა თვალებს. მეც სულ გავგიჟდი, ჭკუა ჯერ ფხიზელს არ მეკითხებოდა და მთვრალს ვინ მომთხოვდა? გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, დამეთრო მისი გლახაკი ქმარი და ყანწს ყანწზე ვცლიდი. ცარიელ სასმისს რომ ვესროდი, გადავძახებდი:
_ ალავერდს შენთან ვარ, ჩემო ქვისლო!
ის უარზე იდგა. მე მაინც არ ვეშვებოდი და ღვინოს ძალისძალად რომ შევასმევდი, ჩვენებურ სუფრულს განჩურად შემოვძახებდი; ამფსონებიც თან ამყვებოდნენ და ყველანი ერთად ვგუგუნებდით:
გეშვია, გეშვია ახალი დო ჯვეშია!
უჩარდია, უჩა კოჩი, ვაშუნდი და მუშა მორთი?
უჩა კოდი ხარკალე აშო მომიჩაკალე.
ალი კულარე დო, ალი კულარე!
საქმე შემდეგ ყანწზე რომ მიდგებოდა, ამბავი ისევ თავიდან იწყებოდა. ბასკან უჩარდია ისევ ჭინჭყლობდა. ისევ აბეზარობდა და ღვინის დალევა არაფრით არ უნდოდა, ხვეწნა-მუდარით სიცოცხლე გამიძაღლა:
_ ძაან სასიხარულოა, ჩემო ქვისლო, შენი ნახვა, ერთობ სასიხარულო! პატიოსნებას გეფიცები, ძაან მიხარია, კარგად რომ გხედავ. ოჯო, მოყვარე ხარ, სხვა არა იყოს რა! თუ უწინ რამე უსიამოვნება მოგვსვლია, ეს ახლა რა გასახსენებელია? დალიე, მე ნუ მოგიკვდე, დალიე, შენი ჭირიმე! _ ვეხვეწებოდი, ძმობასა და ერთგულებას ვეფიცებოდი და ისიც, ტკბილი სიტყვით გაბრიყვებული, სვამდა სულამოუთქმელად და რამდენი თვრებოდა, იმდენი სულელდებოდა. ბრაზობდა, თვალდაბრეცილი სულ ეჭვიანად შემომცქეროდა, ეშინოდა, ცოლსა და ღვინოში არ მომეტყუებინა. მე მაინც არ ვეშვებოდი და ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ კისერი მაინც მოვტეხე. სიმთვრალესთან ერთად ძილიც მოეკიდა და კარგა ხანს ებრძოდა ძილსა და ღვინოს, მაგრამ ბოლოს ორივე ერთად მოერია და ერთბაშად მოსწყდა კისრის ჯინჯიხი. თავი ცივ ღომში ჩარგო, თავი საცივში ჩაყარა და გალეშილს სუფრაზე მკვდარივით მიეძინა.
სიდუ ერთხანს უკმაყოფილოდ მიცქეროდა. რაც უნდა იყოს, ქმარი იყო მისი და ეცოდებოდა, ხან მე გადმომხედავდა საყვედურით, ხან ქმარს მრისხანედ გადახედავდა, მაგრამ არც მე და არც მისი ქმარი მის გულისწყრომას ყურადღებას არ ვაქცევდით. ის საცოდავი სხვებსაც შეებრალა და როცა ურჩიეს, რომ მეტი აღარ დაელია, სიმთვრალეში შესული კაცის თავმოყვარეობა ამან კიდევ უფრო შელახა და ცოლს ენის მოკიდებით შეუტია:
_ ჰაჰაიტ, დედის მერილე! _ და ღვინით სავსე კათხა ძირამდე დასცალა.
_ აბა, ჩემო ქვისლო, შენ იცი, თუ არ შემარცხვენ! _ ვაგულიანებდი ძილში წასულ კაცს და ისიც შლეგიანად წამოიჭრებოდა, მიბლეტილი თვალების ლიცლიცით წამოიძახებდა:
_ ჰაჰაიტ, მითხარით! მითხარით, ვინ თქვა, ბასკანს ღვინის სმა არ შეუძლიაო? _ და ისევ იმ ადგილას მოწყვეტით დაეცემოდა. დიდხანს იწვალა, დიდხანს იბორგა, მაგრამ დაღლილობამ და ღვინომ ბოლოს თავისი გაიტანა და ისევ იმ თავის ნაოხარში მიეძინა. სიდუმ ქმარს ერთი მიზეზიანად გადახედა და მერე საყვედურით სავსე თვალები გულისტკივილით შემომანათა სახეში. პასუხად მომუდარე თვალები რომ შევაგებე, ერთბაშად მოტყდა, სახეზე ის საყვედურის ჩრდილი წაეშალა. ისედაც მთვრალი ვიყავ და ახლა ეს მაკლდა. ამ გამოხედვამ სულ შემშალა კაცი, ხელები ცად ავიშვირე და ნადირივით დავიბღავლე:
_ სტუმრებო, მაინძლებო! მეზობლებო! მიშველეთ, ხომ ხედავთ, რომ ჩემი საშველი არაა!
მაგრამ ჩემს ბღავილს ყური არავინ ათხოვა. ეს არც შედიოდა ჩემს ანგარიშში, მხოლოდ სიდუ მიხვდა, რაც მღუპავდა და რაც მათავებდა. ხსნის მაგიერ კიდევ უფრო რომ დავექვესკნელებინე, თავი ჯიუტად გაიქნია და ერთი ლაღად, გამომწვევად შემოსძახა:
წყარისინდი წყარს გეხე,
კოკობე თექ გოკორდე, ჰოი!
მას სხვანიც აჰყვნენ. ვაჟკაცური ბანით წახალისებულმა დანელიხემ ხმა ცაში გაუყარა და ისევ განაგრძო:
ბოში, მუს მიჯინექი,
ეგებას გოკორდე?
შურო ბედი ქოგიღუნდა,
ეგებ ვადი გოკორდე.
ამ სიმღერამ სულ დამადნო კაციშვილი, ყუადარტყმული ბელტივით დამშალა. ალბათ მის ქმარზედაც იმოქმედა, შლეგიანივით რომ წამოვარდა, ხელები მაღლა უსაგნოდ გაიქნ-გამოიქნია და ენის მოკიდებით წამოიძახა:
_ ჰაიტ, ჰაჰაიტ, არ გაბედო! _ წამოიძახა ისე, თითქოს ეს-ეს არის იღუპებაო და ის იყო, დაჯდომას აპირებდა, რომ აწეულ ხელში სავსე ყანწი შევაჩეჩე ისევ. უჩარდიას ალბათ ყავარჯენი ეგონა, რომ არ წაქცეულიყო, ხელით ყანწს წაეტანა, მაგრამ სასმისი რომ აღმოჩნდა, ისედაც დაბრეცილი თვალები კიდევ უფრო დაებრიცა. რა ექნა? ან უნდა დაელია, ან სირცხვილი უნდა ეჭამა. სირცხვილის ჭამას ისევ დალევა ამჯობინა. სულის ერთი ამოთქმით დალია და თვითონაც დაილია. ხარისებურად დაქაჩული თვალებით სუფრას თვალი მღვრიად მოავლო და იქვე ჩაიკეცა. თავი ისევ ცივ ღომში წარგო.
ამ დროს მაყრებმა საცეკვაო სიმღერაც სჭექეს და მე სულ გადავირიე. ზურგს უკან გზა სეფის კედლით მქონდა შეკრული, აქეთ-იქიდან მჭიდროდ შემომსხდარი მაყრებით ვიყავ ჩაკეტილი და გასაქანი რომ ვეღარ ვიპოვე, სუფრის თავზე ავიჭერ და, მიწაზე დამხტარმა, მკლავები განივრად გავშალე.
_ ჩქარი, ბიჭებო, ჩქარი! _ დავიყვირე და მაყრებმა სიმღერას მართლაც რომ მოუჩქარეს, ერთი ჩემებურად ჩამოვუარე.
_ უფრო ჩქარი, უფრო ჩქარი! _ დავძახე ერთხელ კიდევ და მე თვითონ არ ვიცი, როგორ გავჩნდი სიდუსთან. ალბათ ფეხებმა თავისთავად მიმიყვანეს. ჟინზე მოსულმა ერთი თავაღებულად, ლაღად დავჭყივლე და მაშინვე ჩამოვშორდი, მაგრამ ამ ძირში მოსაჭრელმა ფეხებმა ისევ ირაოდ წამიღეს, ისევ მასთან მიმიყვანეს.
_ ყოჩაღ, ბათა, ყოჩაღ! _ მაქეზებდნენ მაყრები და მეც სხვა რა მინდოდა, ფეხები მიწაზე კიდევ უფრო მოჩქარებულად ავასარსალე.
_ ტაში! ტაში! _ დავჭყივლე ყურთასმენის წამღებად და სიდუს თავი მოწიწებით დავუკარ, საცეკვაოდ გამოვიწვიე.
მან დაიმორცხვა. ერთხანს უარზე იყო, მაგრამ როცა აღარ მოვეშვი და მაყრებმაც ტაში კიდევ უფრო გაახურეს, შეატყო, უარი არ გაუვიდოდა და თმა მომხიბლავი სინაზით გადაისწორა. თავის ტოლ ქალებს ერთი ეშხიანად გაუღიმა, მერე ქმარს გამქირდავი თვალებით გადახედა და სახეზე უკმაყოფილებისა და ლაღად გაფრენის სურვილი ერთად გამოეხატა. იგი რაღაც მტკიცე გადაწყვეტილებით გამოეშურა ჩემკენ ნაზი გოგმანით. შოლტივით მოქნილი ტანი ისე მყარად და შეურხევლად მოჰქონდა, მხრებზე ღვინით სავსე ბადიები რომ შემოგეწყო, მიწაზე წვეთი არ დავარდებოდა. აწეული გობივით სავსე გულმკერდი, ხშირ წამწამებით დაჩრდილული თაფლისფერი და თაფლივით ტკბილი თვალები ისედაც მთვრალ კაცს დავთრებს კიდევ უფრო მირევდნენ. ფეხქვეშ თითქოს მიწა მეწვოდა, ფეხის წვერებზე შემართული სანთლის ალივით ვპარპალებდი. ეს ტაშიც, ეგრე ძალუმად რომ ტკაცუნობდა, განა ტაში იყო _ ჩემი ძარღვები იყო. ეს სიმღერაც ჩემი სისხლი იყო და გულაჩქროლებული მისკენ გავქანდი, მაგრამ ბედმა მიმტყუნა, მკლავებს შორის კალმახივით გამისხლტა.
ნაშუაღამევს სუფრა აირია, მთვრალი მაყრები წესრიგს ვეღარ იცავდნენ. ამ არეულობით მე მაშინვე ვისარგებლე და ის ჩემი მკვლელი ოდის უკან ბნელში მარტოდმარტო მივიმწყვდიე.
_ სიდულია! _ ვთქვი ჩურჩულით. მინდოდა, კიდევ მეთქვა რაღაცა, მაგრამ ვერა მოვახერხე რა. ენა ყელში გამეხირა და მის მობრუნებას საშველი აღარ დაადგა. ეს ოხერი სათქმელიც, აქამდე თავში ასე დალაგებულად რომ მეწყო, სულ ამერია და აღარ ვიცოდი, საიდან რა დამეწყო.
_ სიდულია! _ ვცადე კიდევ ერთხელ და რომ არა გამოვიდა რა, გადავწყვიტე, თავი როგორმე შევაბრალო, მაგრამ ესეც რომ აღარ გამომდიოდა! ენა რომ ვეღარ დავიმორჩილე, ისევ გულისქადილს მივენდე. წელზე მკლავი რომ შემოვხვიე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი თურმე ისედაც ნათქვამი ყოფილა. კოცნა რომ გავუპირე, შეკრთა, უკან ღობეს ზურგით მიაწყდა.
_ თოიტ, თოიტ! _ შემომიტია და თან თითი მუქარით დამიქნია, _ არ გაბედო, მეორედ არ გამიბედო, თორემ ვიკივლებ, ქვეყანას შევყრი.
_ რას მერჩი, სიდულია, შენთვის რა დამიშავებია? ის მაინც მითხარ, რა გინდა ჩემგან? თუ მოკვლა გინდა ჩემი, უცებ მაინც მომკალი და ის იქნება. ცოდვა ვარ, შე უღმერთო, ცოდვა-მადლი მაინც არ იცი? _ ვევედრებოდი, ვეთაყვანებოდი. სხვა რა ძალა მქონდა? მის ხელში ვიყავ და რომ მოენდომებინა, ბაწარს ჩამაბამდა კისერში და ძაღლივით მაყეფებდა.
_ მაშ წავალ, _ აღმომხდა ისეთი სასოწარკვეთილებით, რომ ჩემი თავი მევე შემეცოდა, _ წავალ, რახან ეგრეა. წავალ, რიონში გადავვარდები და თავს დავიხრჩობ...
სიდუმ სიტყვა არ დამანება.
_ სო! _ წამოიძახა გულისტკივილით, _ სო, უწინამც სიდუს სული გაუცხია!
პირზე ხელი დამაფარა, გამაჩუმა, თვითონაც არ ვიცი, როგორ მოხდა, წელზე ხელი სათუთად შემოვხვიე და თავდავიწყებით უკან გადაწეულ სახეში ჩავხედე. თვალები თითქოს ნეტარებით, თითქოს ტკივილით მიელულა და გრძელ წამწამებზე ცრემლი ალმასივით ციმციმებდა.
_ რა ვქნა, ბათურია, რას შემომიჩნდი? _ თქვა მწუხარე ჩურჩულით და ჩემი ხელი წელზე მოუთმენლად ჩამოიშორა, _ დაიჯერე, ბათურია, რომ ჩვენი ცხოვრების გზა დიდი ხანია, რაც ჩაქცეულია და საშველი არ არის. გთხოვ, ჩემო ბათურია, გევედრები, ისედაც გაძაღლებულ სიცოცხლეს ნუ მიმწარებ, ისედაც არეულ გზა-კვალს ნუ მირევ... მიყვარხარ, ოჯო, ქვეყანას მირჩევნიხარ, მარა რა ვქნა, როცა ყველაფერი გათავებულია. რაც არ მოხდა _ არ მოხდა! რა ვქნათ, ბედს სად წაუვალთ? ნუ, ჩემო, ნუ! მეც ქმარ-შვილი მყავს, ოჯახი მაქვს, შენც ცოლ-შვილით დატვირთული ხარ და ახლა გვიანღა არის. შენც ხომ ხედავ, შე კაცო, რომ სიყვარული ბედი ყოფილა და ჩვენ ეს ბედი არ გვეწია.
_ ვიცი, სიდულია, ვიცი! _ ამოვიოხრე სინანულით, _ მაგრამ, ეეჰ!.. კარგი, სიდულია, ძალიან კარგი, ბრიყვი ვარ და მასწავლე, უჭკუო ვარ და გზაზე დამაყენე. მითხარ, სად წავიდე, როცა გული აქ მრჩება, მითხარ, სად ჯანდაბაში გადავიკარგო?
_ სად წახვიდე? _ შემეკითხა და სახე შინაგანი ტანჯვისაგან გვერდზე მოექცა, _ სად წახვიდე? _ გაიმეორა კიდევ ერთხელ იმნაირად, თითქოს თვითონვე არ იცოდა, სად უნდა წავსულიყავ და მერე ერთბაშად მოჭრა, _ ცოლ-შვილში წადი, ბათურია, ცოლ-შვილს მიხედე. მეც ქმარი მყავს, სქან სანთელი, შვილი მყავს და ახლა იმას გეხვეწები, გზას ნუ ამირევ, პატიოსანი ქალის სახელს ნუ გამიტეხ.
მისმა მუდარამ გული ამიჩუყა, მინდოდა, გულით მინდოდა, რომ მისი სურვილი ამესრულებინა, მაგრამ რომ არ შემეძლო! მისმა სიყვარულმა დამავაჟკაცა, მისი სიყვარულით ხანში შევდიოდი და ახლა, როცა ის ჩემთან ასე ახლოს იყო, მისი მიტოვება, მისი უარყოფა ჩემს ძალას აღემატებოდა.
_ შენს იქით გზა რომ არა მაქვს? _ აღმომხდა გულის სიღრმიდან. გამორკვევაც ვერ მოვასწარი, რომ ტუჩებზე ჟრჟოლით დამეკონა.
_ ბათურია, ბათურია! _ ისე ჩურჩულებდა, თითქოს ჩემი სახელის ხსენება მას უსაზღვრო ნეტარებას ანიჭებდა. თან კვნესოდა, თან მკოცნიდა, მერე მომწყდა, ოდნავ უკან დაიწია და სახეში ისეთი გატაცებით ჩამცქეროდა, თითქოს პირველად მხედავდა.
_ ფუი შენ კაცობას! _ განაგრძობდა ის სურვილიანი საყვედურით, _ მიყვარდი, შე სულელო! შენზე ვლოცულობდი, შენზე ოცნებამ დამაქალა და შენ? უუ, რა მუხთალი რამ ყოფილხარ, ჩემო ბათურია, რა ვერაგი და თანაც ბრიყვი!
ხმა არ გამიცია. ან რა მეთქვა, როცა იგი ცამდის მართალი იყო. თავი სინანულით ჩავკიდე.
სიდუ მაინც არ ცხრებოდა:
_ აბა თავი აიღე და, თუ მართალი ხარ, თვალი გამისწორე.
მისი სიტყვები თითქოს არც გამიგონია. თავი მაღლა არ ამიღია, არც თვალი შემიმართავს.
_ სწორი ხარ, სიდულია! _ ვბუტბუტებდი გაოგნებული, _ სწორი ხარ და ჩემი ბრალი მაინც არ არის.
სიდუმ სიტყვა არ დამანება.
_ ცხრა წელიწადი გელოდი, _ თქვა მოუთმენლად, ოდნავ ბრაზმორევით, _ ცხრა წელიწადი დავაღამე შენზე ფიქრსა და ოცნებაში. დღე შენი დარდით მითენდებოდა და ღამეს შენი სახელით ვაღამებდი. მამაჩემმა ძიძას რომ ჩამომაშორა და შინ წამიყვანა, მაშინვე მივხვდი, რომ დაიღუპა ჩემი ამდენი ხნის ნალოლიავები იმედი. მივხვდი, რომ სამუდამოდ დავკარგე ჩემი სულელი ბათურია! შინ სალომეც დამხვდა, ის _ სხვა წესზე და რჯულზე ნაზარდი, მე _ სულ სხვანაირად გაზრდილი და თავს კიდევ უფრო მარტო, კიდევ უფრო უბედურად ვგრძნობდი. თავს რომ მარტო დავიხელებდი, ლაფაროს უკან ობლად მივჯდებოდი და შავი ცრემლით ვიმდუღრებოდი. ჩემს საცოდაობას ხესა და მიწას შევჩიოდი, ქვეყანას შევტიროდი, მაგრამ ვინ იყო გამკითხავი? შენ არ იცი, ჩემო ბათურია, რა ცოდვა ვიყავი მე მაშინ. არ იცი, როგორ მიჭირდა ბაბასთან ცხოვრება, მაგრამ შენი სახელით ყველაფერს ვიტანდი. შენ რომ მომაგონდებოდი, ჭირი მიმსუბუქდებოდა. შენით ვხარობდი, შენით ვსუნთქავდი და შენ?.. ეს იმედი შენი სისულელით დამიკრიფე. არც მე ვიყავი შენზე ჭკვიანი. რა ვიცოდი, თურმე სიყვარულს მოვლა უნდა, ბრძოლა უნდა, თორემ ისე, წავა, აღარ დადგება. გახსოვს, ბათურია, ქალაქს წასვლისას გულზე შარნა რომ დაგკიდე? შენ მაკოცე და გაიქეცი, უკან აღარ მობრუნებულხარ. მე კი მინდოდა, დაბრუნებულიყავი. მეგონა, მაშინ მოვკვდებოდი, მაგრამ არ მოვკვდი, სიცოცხლე კი გამიმწარდა. აბა მაჩვენე, ის შარნა გულზე თუ ისევ გკიდია!
მეც დიდხანს არ ვალოდინე. ხელი მაშინვე უბისაკენ წავიღე, მაგრამ თითები ისე მიკანკალებდა, რომ ახალუხის ღილის შეხსნა ვერაფრით მოვახერხე. სიდუმ ჩემი ხელი იქით მოუთმენლად გასწია და საკინძე ხელსაქმეს ნაჩვევი ქალური თითებით ხელდახელ შემიხსნა. შარნას უბეში უცებ მიაგნო და გულში ბედნიერი კვნესით ჩაიკრა.
_ ნანა, ჩემი უცოდველი ქალიშვილობა! ნანა, ჩემი უმანკო ბაღნობა! _ თითქოს მოთქვამდა და ოდესღაც ნაჩუქარ ავგაროზს გულში ისეთი სასოებით იკრავდა, თითქოს დაკარგულ ბედნიერებას დასტიროდა. მერე ტუჩებთან ნელა აიტანა და აკოცა.
_ ჯერ ისევ თბილია. შენი ტანის სითბო, შენი ტანის სუნი შეუნახავს, _ და ამ სიტყვებით თილისმა ისევ გულში ჩაიკრა. მერე თითქოს რაღაც მოაგონდა, გული უცებ მოუვიდა და ავგაროზი უბეში გაბუტულად ჩამჩურთა.
_ გქონდეს! _ სხვა არა უთქვამს რა.
_ სიდულია! _ აღმომხდა კვნესით.
სიდუმ ხმის ამოუღებლად ჩამხედა თვალებში.
_ რა ვქნათ, სიდულია?
_ არაფერი, ბათურია! არაფერიც არ უნდა ვქნათ. ცოლ-შვილში წადი, ბათურია, ოჯახს მიხედე და ჭკუით იყავი. თავს მოუარე, ბათურია, თავს გაუფრთხილდი. ამას გაბარებს შენი სიდულია. რა ვქნათ, მოსახდენი თუ ერთხელ არ მოხდა, ხომ იცი, რომ მერე ის არასოდეს მოხდება? რომ მოხდეს კიდევაც, კარგი არა გამოვა რა.
_ მერედა, ეს რა სამართალია ან რად უნდა მომხდარიყო ასე?
_ რადა და კუბოს ფიცრამდე რომ გვყვარებოდა ერთიმეორე.
_ მე კი სულ სხვა მინდოდა, სულო ცოდვილო!
_ თოიტ, ხმა ჩაიწყვიტე, შე უწმინდურო! _ მომაძახა სიდუმ და ტუჩზე ხელი ისევ დამაფარა, სიტყვა გამაწყვეტინა. მე დრო ვიხელთე და ხელები გატაცებით რომ დავუკოცნე, სიდუს მისდა უნებლიეთ გაეღიმა.
_ დიდი ოხერი ვინმე ხარ, ჩემო ბათურია, დიდი მაღვალაკი და გაუგონარი!
და ისევ მოგონებებმა გაიტაცა:
_ გახსოვს, ღობეზე რომ ავდიოდი, შენ დრო იხელთე და ფეხზე მაკოცე?
_ მახსოვს.
_ მე მაშინ ვითომ გული მომივიდა და შენ, სულელო, მართალი გეგონა.
_ მახსოვს.
_ გახსოვს, იმ ღამეს ბაბასთან რომ მოხვედი და კაშინას ამბავი წამოიწყე?
_ მახსოვს.
_ ვიცოდი, კარგად ვიცოდი, რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე ტყუილი იყო და ჭკუა ბრაზით მაინც კინაღამ დავკარგე. მზად ვიყავ, იმ ღამესვე წავსულიყავ იმ ნაძრახ მინდორში, მენახა ის ალქაჯი და ის ოქროს თმა სულ სათითაოდ დამეგლიჯა მისთვის. ეეხ, მაშინ ბაღანა ვიყავ და ყველაფერი მჯეროდა. გახსოვს, მერე შენთან ჩონგურით რომ შემოველ და შენ მაკოცე?
_ მახსოვს.
_ შენ რომ წახველ, პირი ერთი კვირა არ დამიბანია. მეგონა, ნაკოცნი გადამივიდოდა.
_ სულელი! მაშ არც ახლა დაიბან?
სიდუმ ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, ისევ განაგრძო:
_ შენ რა გიჭირს, კაცი ხარ, გულს ათას რამეს გადააყოლებ. მე ვიკითხო, მე საცოდავმა, თორემ... კაცისთვის სიყვარული შემთხვევაა, ქალისთვის ბედია. იცი, ახლაც, როცა მარტო ვარ, ხშირად მენატრები, დავხუჭავ თვალს და შენ მელანდები. ალბათ სულელი ვარ და იმიტომ. შენ კი ადექი და სულელი ბზიკივით თაფლში ისე ჩავვარდი, რომ ვეღარ ამოხველ.
_ თაფლში რომ ჩავვარდნილიყავ, არც ასე ვიქნებოდი.
_ გაჩუმდი! ენა მუცელში ჩაიგდე, შე არაწმინდავ, შენა!
_ მაშ რა ვქნა, სიდულია? რა ვქნა, როცა უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია! აბა ერთი შემომხედე, შემომხედე, რა ცოდვა ვარ.
სიდუმ თვალებში იმნაირად ჩამხედა, რომ მისი სურვილი ტანზე ცეცხლივით შემომევლო. სუნთქვა შემეკრა და ხელი რომ არ შემოეშველებინა, ალბათ წავიქცეოდი.
_ ნუ, ბათურია, ნუ! რამ წაგახდინა, ოჯო, ვაჟკაცი არა ხარ? _ შემევედრა ის და გულზე მიმიყრდნო. მე დრო ვიხელთე და მხრებზე ხელი შემოვხვიე, ძალა ერთბაშად შემომემატა და ახლა მე ჩავიკარ მკერდში.
_ ნუ, ბათურია, ნუ! _ გაიძახოდა ის ისევ დაზეპირებულივით და თან მიგერიებდა,
თან მეკვროდა და შინაგანი ბრძოლით ისე იტანჯებოდა, რომ მე გული კიდევ უფრო ამიჩქროლდა, მკერდში კიდევ უფრო მძლავრად ჩავიკარ. ალბათ წრეს თუ გადავცდი? _ გულში ხელი უდიერად მკრა და მაინც რომ ვერ მომიშორა, შემეხვეწა:
_ მაცა, ცოტა დამაცა, ბათურია! მაცა, შე კაცო, მკლავი ცუდად მომყვა! _ წამოიძახა ისე მოუთმენლად, რომ მართალი მეგონა. მეც, მე ბრიყვმა, დავუჯერე და ხელი წუთით შევუშვი, რომ მერე კიდევ უფრო მოხერხებულად მომეტორა, მაგრამ მოვტყუვდი. გამორკვევაც ვეღარ მოვასწარი, რომ ერთი ჩიტივით შეფრთხიალდა და მე რომ აქ ეშხით ვდნებოდი, ის იქ მიქროდა. გაწბილებულმა მხოლოდ მისი კაბის ფრიალსღა მოვკარ თვალი.
_ ავაი, დიდაია! _ ამომხდა კვნესით.
_ მანდ რომელი ხარ? _ შემეკითხა ვიღაც ოდის იქიდან.
მაშინვე ვიცან, უჩარდია იყო, ალბათ დაკარგულ ცოლს თუ ეძებდა და მის ძებნაში აქეთ-იქით უშნოდ დაბორიალებდა.
_ ვინ უნდა ვიყო, შე კაცო! _ მივაძახე ვითომც გაგულისებით და გუმანი რომ არ აეღო, ხონჯრის შეკვრით მთვარის შუქზე გამოველ, _ მომკლა ამდენმა ღვინომ და აქ გამოველ, ნიავს გავეთამაშე.
_ აა, შენა ხარ? _ თქვა მან გადაბრეცილად და ოდის ბოკონს ბანდალით მიადგა, _ დავირჩვით ამდენ ღვინოში, დავირჩვით! _ ძლივს მესმოდა მისი ბუტბუტი წყლის ტრიშინში.
_ რას იზამ, ჩემო ბასკან, წვიმამ წყალი იცის, _ მოვუჭერ სიტყვა იმიტომ, რომ თავიდან მალე მომეშორებინა...
გათენდა, მაგრამ მთვარე ცაში ისევ დავიწყებული ქუდივით მოჩანდა. ეზოში ერთხანს უმიზნოდ ვიბორიალე. ხან სამზად სახლში შევიხედე, ხან ოდაში აველ, მაგრამ გული ვერსად რომ ვერ დავაჯერე, ისევ სეფას მივაშურე, ლხინს ნაღვლიანი დავუბრუნდი. ყველა მთვრალი იყო. სუფრა ნაომარ ადგილს ჰგავდა. ღვინით გაბანდალებული მაყრები აქეთ-იქით უწესრიგოდ ეყარნენ. ზოგი მიწაზე გაშხლართულიყო, ზოგს სუფრაზე ჩამოსძინებოდა და ზოგიც იქვე, სუფრის ქვეშ, ეგდო. მხოლოდ მე და თამადა შევრჩით ნადიმს. მას ჩემი დათრობა უნდოდა და მე _ იმისი. ვერაფერი რომ ვერ გაიტანა, გაბრაზდა, თავისი შესაძლებლობა ვეღარ მოზომა და რაც სუფრაზე ჭურჭელი იყო, ყველა ერთად მოითხოვა, დაავსო და დამილია. დალია, მაგრამ ვაი იმ დალევას, სუფრაზე სირცხვილი რომ არ ეჭამა, გარეთ გავარდა. უთამადო სუფრაზე რა მინდოდა? ნაღვინარზე ის გულის ჯავრი კიდევ უფრო მღრღნელად ამეშალა. გული აღარც იქ დამიდგა. ავდექ და სეფიდან ისევ ეზოში გამოველ. მასპინძლების გარდა ირგვლივ ყველას ეძინა და თავი კიდევ უფრო განმარტოებულად ვიგრძენ. საცაა მზეც ამოიწვერებოდა და ამდენ მძინარეს გაღვიძება უნდოდა თუ არა? უკანა კარში ოდაზე კიბე მიყუდებული დარჩენოდათ. მთვრალ კაცს ჭკუაში რა მოუვა, ვინ გაიგებს. მეც მთვრალი ვიყავ და არ ვიცი, ჭკუაში რა მომივიდა, არც ის ვიცი, მთვრალმა როგორ მოვახერხე, _ სახურავზე აველ და მძინარეებს რომ გადმოვხედე, ყივილი მოვრთე. ჩემი მოკლე ჭკუით, ხალხს ვაღვიძებდი, მაგრამ მთელი ღამის ყაყანით დაქანცულს ყელი უცებ ჩამეხა. ყავარზე დაოსებული მივეგდე და თვითონაც არ მახსოვს, როდის ჩამეძინა.
16
გამომეღვიძა.
მზე კარგა მაღლა ამართულიყო და თავში მაჭერდა. ნამთვრალევი და ნამძინარევი თან თვალებს ვიშმუშნიდი და თან უკმაყოფილოდ ვბურტყუნებდი. აქ რა ჯანდაბამ ამომიყვანა ან რამ გადამარჩინა, რომ ძირს ზღართანი არ მოვადინე.
_ ფუი ჩემს გამჩენს! _ ვილანძღები, შიშით ყავარზე დაკრულ ჭოკსა და ჭოლოკს ვეტანები, _ ერთი ეს მითხარით, რომელი ვარსკვლავთმრიცხველი ან ბედისმწერელი მე ვარ, რომ ამ სიმაღლეზე ამოვსულვარ და თავი ცაში გამიყრია?
ბუზღუნით, ჩემივე თავის ლანძღვა-თრევით, როგორც იქნა, მუხლაკანკალებული ჩამოვბობღდი ძირს. ფეხქვეშ მიწა რომ ვიგრძენ, იცოცხლეთ, მე გავყოყოჩდი! წელში თავმომწონედ გავიმართე, ფეხი მიწას მაგრად დავადგი. მერე რა, რომ ამ მიწას ერთ დროს ზედ მომაყრიან, მაინც ტკბილია ეს დალოცვილი, მსუყე და საიმედო. ფეხი მიწას კიდევ უფრო მტკიცედ დავაბიჯე. ცალი ხელი ცად ავიშვირე, ხმამაღლა დავიძახე:
_ ეფუუ, ჩვენს მაინძელს სიკეთე და გამარჯვებაა!
ირგვლივ ისევ ეძინათ. ჩემი ყვირილისათვის ყურადღება არავის მიუქცევია.
_ ანაბრე თქვენ საქმეს! _ ვთქვი ჩემთვის და ხელი გაგულისებით ჩავიქნიე. ოდის წინ გამართული სეფისაკენ ნელი ნაბიჯით გამოველ.
მაყრები აქაც ბლომად ეყარნენ, ღვინო სადაც მოჰკიდებოდათ, იქ წაქცეულიყვნენ. ერთი მათგანი დაგვალულ ლეღვის შტოზე მუცლით გადაკიდებულიყო ნაბადივით. მასპინძელს მხოლოდ ახლა ენახა იგი და ეხვეწებოდა, რომ ძირს ჩამოსულიყო, მაგრამ მას თავი ისევ სუფრაზე ეგონა და ხელების უნიათო ქნევით გაიძახოდა:
_ აჰ-ჰაიტ, მომეშვით! დალიე, დალიე, მე ნუ მოგიკვდე, დალიე!
მაგრამ მის ყაყანს ყურადღება არ მიაქციეს, ძირს რის ვაი-ვაგლახით ჩამოიღეს და ნაბადზე დაგდებული ოდაში ძლივძლივობით წაათრიეს. ამასობაში მზეც სამიოდე ორგის სიმაღლეზე აიწვერა. სუფრის გამრიგენი აქეთ-იქით გაჩქარებული დარბოდნენ, სტუმრების გაღვიძების მოლოდინში ახალ სუფრას ხელდახელ შლიდნენ.
_ ე, ბიჭო, გოჭი არ დაგეწვეს, შენ დაგეწვა სახლ-კარი! ქვაბი გამომირეცხეთ, ქვაბი! არიქა, წყალი მომიტანეთ, ე, კაცო, ხაჭაპური არ დამიწვათ! ყველაფერს მე ხომ ვერ გავწვდები! _ ისმოდა მზარეულის ჯიჯღინი სამზადი სახლიდან და თან ფეხქვეშ წამოდებულ გაწუწკებულ ძაღლს რჯულსა და გამომცემელს აგინებდა.
მასპინძლებმა თვალი მომკრეს თუ არა, მაშინვე ირგვლივ შემომეხვივნენ, გამომკითხეს, როგორ მეძინა და მეც დიდის კმაყოფილებით ვუპასუხებდი:
_ დიდებულად, ძვირფასო მასპინძლებო, დიდებულად! კაცი ცად ვიყავ ასული,
ღვთის კალთაში არხეინად მეძინა და რატომაც არ მოვისვენებდი. ვარსკვლავები ძილისპირს მიგალობდნენ, ეს დალოცვილი ღვინოც საყვარელივით მათბობდა. ერთი რამ მაინც მიკვირს: ისე რა სიკვდილმა დამაძინა, რომ იმ სიმაღლიდან ძირს ბუყნა არ მოვადინე?
_ რავა, შე კაცო? _ შემეკითხა გაკვირვებით მასპინძელი.
მეც დიდი სიამოვნებით ვუამბე, რა ტკბილად გავატარე ის ღამე ცის ქვეშ და თან ვოხუნჯობ, ვიცინი ჩემს უთავბოლობაზე:
_ დიდი დავა გვქონდა, დიდი აყალმაყალი მე და იმ ჩემს გამჩენს. ბოლოს მოთმინებიდან რომ გამოვიყვანე, შემომიტია: თუ ჭკუით არ იქნები, ჩემო ბათა, ჯოჯოხეთში ერთ ისეთ ქვაბს შემოგიდგამ, იმ შენი ცოდვებიანად შიგ გადაგაყუდებო. მეც თავი მოვისაწყლე და ისე შევჩივლე: ის ჩემი ცოლი, შენ რომ მაჩუქე, მთელი მისი დღე და მოსწრება სულ ჩემს თათხვასა და რეცხვაშია და რაღა შენს ქვაბში რეცხვა მჭირდება-მეთქი.
მასპინძლები თან იცინიან და თან მწუხარებას გამოთქვამენ, რომ ყურადღება დროზე ვერ მომაქციეს, მაგრამ მე საქმე თავაზიანად გავუიოლე:
_ როგორ გეკადრებათ, ჩემო ბატონო... რა მიჭირდა.
_ აბა სტუმარს პატივი! _ ბრძანა მასპინძელმა. მალე ტოლჩა-სარწყულით პირი დამაბანინეს და პატარა სუფრით შემწვარი გოჭი და ახალი ტყემალი მომართვეს. ნამთვრალევზე ტყემალმა გული უცებ მომინახა და ოდნავ რომ მოვსულიერდი, ისევ ღვინოს დავეწაფე.
_ კაცო, რა სვავი ჩაგიჯდა წუხელ მაგ მუცელში? _ გაოცებას მოდიან ისინი, _ რაც შენ ღვინო სვი, ამფერ შენს ვაჟკაცობას.
ქება ბრძენს გაასულელებს და მე ხომ ერთი საცოდავი კაცი ვიყავ, სულმოკლე და ჭკუახეტერი, როგორც ჩემი ცოლი მეძახდა მუდამ. მეც გავსულელდი, გავსულელდი ისე, რომ თავიც ავაღირე. მართლა და მართლა, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ეს ამოდენა ხალხი მიწაზე ღვინით გალეშილი დამეყარა და მე კი ისევ ფხიზლად ვიყავ. მოკრძალებული გმირის სახელი ბოლომდე მაინც ვერ შევიშვნიე და თავი სულ ავაღირე:
_ ჩვენს საყვარელ სიძეს რომ ის სენაკელი მეღვინე ტოლუმბაშად მოუყვანია, აბა რა ეგონა! ვისაც დიდი მუცელი აქვს, ყველა ღვინის მსმელი ხომ არ იქნება? ეეხ, ეს რაა! თქვენ ის უნდა გენახათ, ქალაქში რომ ერთი განთქმული ღვინის მსმელი დავათვრე, _ ვტრაბახობ სულმოუთქმელად, მაგრამ მაინც ვატყობ, რომ კვეხნაში მსმენელნი თანდათან მაკლდებიან. მეც, რახან ერთი გავქანდი, თავი ვერაფრით შევიკავე, გუდას თავი მოვუხსენ და ზომიერების გრძნობა სულ დავკარგე. ყველაზე დიდ სიცრუეს რომ მივადექ, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. მეტი დამაჯერებლობისათვის შემწვარი გოჭის პოჭოკი მაღლა ავიშვირე და პოჭოკთან ერთად ხმასაც ავუწიე, მაგრამ ამაოდ. ირგვლივ მსმენელი არავინ იყო, რაც მართალია _ მართალია, მეწყინა. აქეთ-იქით გაბეჩებულად მივიხედ-მოვიხედე და,
თავი მარტოდ რომ ვიგრძენ, სული ისევ ღვინით მოვიბრუნე. რა მექნა, მარტოს აქ რა მომაცდევინებდა. წამოვდექ. დრო რომ მომეკლა, ბოსტანში გაველ. ერთბაშად ისეთმა სევდამ ამიტანა, სიდუსთან ყოფნა ისე მომინდა, რომ მეტის ატანა აღარ შემეძლო. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ერთხელ კიდევ მენახა. ღობეზე გადაველ, ანწლითა და წალიკით დაბურდულ ვიწრო შუკას ნელი ნაბიჯით შევუდექ. მივდიოდი და თან თავში ამ დროული კაცისათვის შეუფერებელი ფიქრები უწესრიგოდ მიტრიალებდა. მალე სიდუს სახლის უკანა ეზოს ალაგესაც მივადექ. ეზოში არავინ იყო. წუხანდელ ნამთვრალევ უჩარდიას ალბათ მკვდარივით ეძინა. მოგდულასთან ახალგაფოთლილი ბიის ძირას სამი-ოთხიოდე წლის ბიჭუნა ყავრის ურემს ბაწრით დააგორებდა და თან ოცნებით წარმოდგენილ ხარებს დიდივით უტევდა:
_ ასე, ხალო! _ და თავისი საქმით ისე იყო გართული, რომ სანამ ფეხქვეშ წამოდებული ჩინჩხვარი არ გადამიტყდა, ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია. ალაგესთან მდგარი უცხო ბიძია რომ დამინახა, როდი გაჰკვირვებია. შედგა, ბავშვური მოურიდებელი თვალებით ერთი მშვიდად ამხედ-დამხედა და ტუჩაბზუებული ეტყობოდა თავისთვის ფიქრობდა, ვინ უნდა ვყოფილიყავ და ან რად უნდა მოვსულიყავ მის ეზოსთან. სანამ ის გონს მოვიდოდა, ეზოში ჩავხტი და თავზე ხელი ალერსით გადავუსვი.
_ ვისი შვილი ხარ შენ, ბიძიკო? _ შევეკითხე მხოლოდ იმიტომ, რომ რამე მეთქვა და დედის ტკბილ თვალებში ღიმილით ჩავაცქერდი.
_ ნანასი, _ მომიჭრა მოკლედ.
_ შენს ნანას შემოვევლე, _ გავივლე გუნებაში და ისევ შევეკითხე, _ სადაა ახლა შენი ნანა?
_ შინ, _ მომიჭრა კიდევ უფრო მოკლედ და თაფლისფერ გონიერ თვალებს ისევ არ მაშორებს.
_ ბაბა? ბაბა სადაა?
_ ბაბა? ბაბა ნანა.
_ ჩემს გამჩენს მაღლა არ აუყენებია, _ გავიფიქრე, ბავშვს ხელი ნიკაპში ამოვდე და საყვარელ თვალთა ცქერით ერთხელ კიდევ რომ დავმტკბარიყავ, თავი მაღლა ავუწიე.
_ ცხვირიც ამოგსვლია, შე კაცო! _ წამოვიძახე მე გაოცებით და ცხვირს სინჯვა დავუწყე.
პატარამ ჯერ დაეჭვებულად ამომხედა და როცა დარწმუნდა, მასთან არც გასაყოფი და არც სადავო არაფერი მაქვს, ღილივით ნამცეცა ცხვირზე ხელი მოიკიდა და ისე ამომხედა, თითქოს ასეთი ავლადიდების პატრონი მის მეტი არავინ ყოფილიყოს.
_ მე... მე... _ დაიწყო სასაცილო ბლუკუნით. ეტყობა, ჩემი გაოცება უნდოდა, მაგრამ სათქმელს წინ ენამ წაუსწრო და აზრს ახლა ეძებდა. უცებ მისთვისვე მოულოდნელად წამოიძახა:
_ აი, მე ულემი მაქს... _ და აზრს, წეღან რომ თქმა უნდოდა, თავი მხოლოდ ახლა მოუყარა, _ ეს ლაა... შეხედე, ჭიპიც მაქვს...
მოკლე შარვლიდან პერანგი ხელდახელ მაღლა ამოიჩაჩა, შარვალი შეუხსნელად ოდნავ ძირს ჩაიწია და ლურჯნაკვთიან, სასაცილოდ გაბერილ მუცელზე მიბეჭდილი ჭიპი საქვეყნოდ გამოაჩინა.
_ აუჰ, ეს რა გქონია! _ წამოვიძახე მე გაოცებითა და ოდნავი შურით. ჩემს გაოცებაზე კიდევ უფრო სასაცილოდ გადაიბღინძა, ასეთი ყოვლად საკვირველი ქონების პატრონისადმი მეტი პატივისცემით რომ გავმსჭვალულიყავ, მძიმედ ქშინავდა. მერე მე მომიბრუნდა და მთხოვა:
_ აბა შენ მაჩვინე.
ამ სათხოვარზე უნებლიეთ გამეცინა. დიდი მჭევრმეტყველება შეიქნა საჭირო, დამერწმუნებინა, რომ მე ერთი საწყალი და ძალზე უიღბლო ვინმე ვარ და ისეთ ბედნიერებას, როგორიც ჭიპიანობაა, ვინ მომაშავებდა.
პატარამ ერთი უნდობლად ამომხედა, მერე არ ვიცი, ჩაფიქრდა თუ გამებუტა, პერანგი მუცელზე უსიტყვოდ ჩაიფარა. ერთხანს ჩუმად იყო. მერე ერთბაშად ისეთი გულიანი კისკისი აუტყდა, რომ მეც გამეღიმა.
_ რა გაცინებს? _ შევეკითხე, მაგრამ მან ხმა არ გამცა. ახლა ხტუნვა იწყო და თან თითის ტრიალით ნიშნს მიგებდა:
_ იი, უჭიპოო, უჭიპოო!
მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ხელში ავიტაცე და ის დედის ტკბილი თვალები სათითაოდ დავუკოცნე. მერე ძირს დავსვი, იქვე ბალახზე დავჯექ და საუბრით მალე ისე გავერთეთ, რომ აღარაფერი გვაგონდებოდა. ჯერ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მაგალითად, იმაზე, რომ ეს ალუჩა მოილია და ბალი ჯერ კიდევ არ დამწიფებულა, რომ გუშინ ბაყაყებზე ნადირობისას ფეხი უცაბედად მოუცურდა და წუმპით სავსე თხრილში ტანისამოსიანად გადავარდა. განა ის არ ეყოფოდა, რომ კინაღამ დაიხრჩვა და ახლა დედამაც სცემა. მაგრამ ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი ის იყო, რომ მისი კატა ერთი უწესო რამ ყოფილა. თაგვებს რომ შეექცევა, ეს კიდევ არაფერი. ვაი თურმე ის არის, რომ ამ დროს ისე ბრაზობს, რომ ახლოც ვერ მიეკარები, თუ არ მოუსვენე, შესაძლოა, დაგბჯღალოს კიდევაც. კარგა ხანს ვისაუბრეთ ეგრე. მე ამ მთისას ვამბობდი, ის იმ მთისას და ამასობაში კარგა ძალი დროც გავიდა. კიდევ უფრო რომ არ დავყოვნებულიყავ და იმ ჩემი ცოდვით სავსე მამამისს ნამთვრალევზე უდროოდ არ გაღვიძებოდა, ბალღს ვითომ ხუმრობით ხელი დავტაცე და ქართისაკენ გავაქანე.
_ ჯოგოლია, სად ხარ, ნანა? _ მოისმა ამ დროს სიდუს ხმა სამზადი სახლიდან.
_ აგერ ვარ, ნანა! _ გასცა პასუხი ჯოგოლიამ დედას და ფეხები ჩემს მკლავებში გაცელქებით ააფხარკალა.
სიდუს ხმამ ერთბაშად ტარაბუასავით დამატრიალა. ბავშვი ღობის იქით გადავსვი და ყურში გაფაციცებით ჩავჩურჩულე:
_ აბა, ჩემო ჯოგოლია... _ მინდოდა რაღაც კიდევ მეთქვა, მაგრამ ბავშვმა სიტყვა არ დამანება, გაკვირვებით შემეკითხა:
_ ჩემი სახელი შენ საიდან იცი?
_ ტურამ მასწავლა, _ მივუგე მე და სიტყვა ახლა სიდუმ გამაწყვეტინა:
_ მანდ რას აკეთებ, შე მაკვარანცხო? _ იკითხა მან სახლიდან გამოუსვლელად.
_ ვთამაშობ, ნანა! _ გასცა პასუხი ჯოგოლიამ და სიდუს ხმა მეტად არ გამეორებულა, მაგრამ ის მაინც ისევ ზარივით რეკდა გულის სიღრმეში. მეტის ატანა აღარ შემეძლო. ჯოგოლიას ისევ გაფაციცებით ჩავჩურჩულე:
_ აბა გაიქეცი, გაიქე, ბიძია, და ვნახოთ, თუ დაგეწევი, ოღონდ უკან არ მოიხედო, აი!
ბავშვმა ერთი უნდობლად ამომხედა, მერე დაიჯერა და გამომწვევად თქვა:
_ ვერა, ვერ დამეწევი! _ და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მართლაც უკანმოუხედავად მოკურცხლა. ის რომ იქით გარბოდა, მე აქეთ მოვიძურწებოდი სამზადი სახლისაკენ და თან ოდისაკენ გასაფრებულად ვიცქირებოდი. მეშინოდა, ბასკანს შემთხვევით არ გაღვიძებოდა.
სამზად სახლში სიწყნარე იყო. ჯერ კიდევ შორიდან ვიგრძენ სუნით, რომ შიგ ყაჭი იყო გაფენილი. სანამ შინ შევიდოდი, ჯერ კარიდან შევიხედე. სიდუს გარდა შინ არავინ იყო. სხვენამდე ერთიმეორეზე ყაფაზებად შედგმულ ჩელტებზე კიბე მიედგა და მაღლა ასული ბჟოლის ფოთოლს შლიდა. მასთან ისე მივიპარებოდი, მუშაობით გართულს არაფერი შეუტყვია.
ფაცხაში გრილი ბინდი ჩაწოლილიყო. ირგვლივ ყაჭისა და ობის ტენიანი სუნი იდგა. გვიან შევამჩნიე, რომ კიბესთან სიდუს გახდილი ქოშები ეყარა და იქვე ბჟოლის გაჩხოტილი ფურცლით სავსე გოდორი იდგა. თვითონაც არ ვიცი, როგორ გავჩნდი კიბესთან. არც ის ვიცი, როგორ შევდგი ზედ ფეხი.
_ სად მოხვალ, შე სასიკვდილე, არ გადავარდე! _ აკაპასდა საქმით გართული სიდუ ისე, რომ ძირს არ ჩამოუხედავს. ის თავისი ბიჭუნა თუ ვეგონე, ახლა ალბათ ეზოში რომ მეძებდა. კიბეზე ისე აველ, რომ არაფერი შეუტყვია. წელზე ხელი რომ შემოვხვიე, მხოლოდ მაშინ შემომხედა და მიცნო თუ არა, რისხვით შეჰკივლა:
_ ბათა, შე სასიკვდილე! _ მაგრამ მოვასწარ, ხმა კოცნით ჩავაწყვეტინე. წუთით თავდავიწყებას მიეცა, მაგრამ გონს ისევ მალე მოვიდა და მოუსვენრად აბორგდა, მაგრამ მე კიდევ უფრო მაგრად შემოვხვიე მკლავები და ისე გავთანგე, არაფერი რომ არ გაუვიდა, შემევედრა:
_ კაი ახლა, ბათურია! დამშვიდდი, არავინ შემოგვისწროს. შენი ვარ, ბათურია, შენი და ცოტა სული მომათქმევინე.
_ არა, ჩემო სიდულია, არ შემიძლია და რა ვქნა? მოვკვდი შენზე ფიქრით, შე უღმერთოვ, დავდნი და სიბრალული მაინც არ იცი?
ალბათ ძალზე საბრალო ვიყავ, რომ ჩემს მკლავებში ასე გაყუჩდა. თავდავიწყებაში რომ შევცურეთ, თვითონაც არ ვიცი, როგორ მოხდა, ალბათ ლასტს საყრდენ კოჭზე თავი თუ მოუცდა, ძირს ორთავ ხრიალით წამოვედით და მთელი ეს სართულებად შეკოკოლავებული ჩელტები და ჩაფარები, ყაჭი და ბობოლი მიწაზე დაცემულებს თავს ერთიანად დაგვაცვივდა.
ყველაფერი ერთბაშად გაქრა. აღარც ის კაცის წამლეკავი სიყვარული იყო და აღარც ის დაუოკებელი წყურვილი. თავს დახვავებული ხარახურა აქეთ-იქით მივყარ-მოვყარე და ფეხზე ლანძღვა-თრევით, თავბედის წყევლით წამოვდექი. ტანისამოსზე რომ დავიხედე, შენს მტერს, მე გულს შემომახდა. დასრესილი ყაჭისაგან ჩოხა ყვითელ-მწვანედ მქონდა დასვრილ-დახიფული და ისე ვყარდი, რომ კაცი ახლოს ვერ გამეკარებოდა.
_ ფუი, ასეთ ბედსა და იღბალს რა ვუთხარ, რა უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული ვყოფილვარ, _ ვბუზღუნებ უკმაყოფილოდ და თან ჩოხას სიმინდის ნაკოტალით ვიწმენდ. არაფერი გამოდის.
_ ავქოთდი, წავწყმდი კაციშვილი და ესაა! _ ზიზღით ვიფურთხები და ჩოხას ვერაფერი რომ ვერ მოვუხერხე, გავიხადე, უკუღმა გადავაბრუნე და ახალუხის ამარამ იღლიაში ამოვიჩარე.
სიდუს თავში ხელები ჩაევლო და თავის ნაწვავ-ნადაგს ზარდაცემული თვალებით დასცქეროდა. ელდანაცემი ხმას ვეღარ იღებდა. დამწყევლიდა, ჩემს ბარობაზე ლანძღვა-თრევით არაფერს დატოვებდა, მაგრამ დასაწყევლადაც რომ ვერ მიმეტებდა! თავში ხელს ათასში ერთხელ თუ წაიშენდა. ერთსა და იმავეს დაზეპირებულივით წარამარა გაიძახოდა:
_ ჩემი სიკვდილი! ჩემი სიკვდილი! _ და უცებ გამწარებით წამოიძახა, _ შენი სიკვდილი ვნახე, ბასკან უჩარდია, რატომ შენ გადაბარსალებას არ მომასწრებს მამაზეციერი ამ ჩელტის ასე გამართვისათვის. იმდენჯერ თვალში სინათლე დაგაკლდა, რამდენჯერ მე შენთვის მეთქვას, ამ ლასტს თავი კარგა დაუმაგრე, თორემ დასხლტება-მეთქი.
მივხვდი, ჩემი წასვლის შემდეგ უჩარდიას კარგი დღე არ დაადგებოდა, მაგრამ მისი შავი დღე მე რაში მენაღვლებოდა, _ სიდუ მებრალებოდა, ერთი თვის ნაწვავ-ნადაგი წყალში ერთბაშად რომ გადაუცვივდა, მაგრამ რას ვიზამდი, ერთხელ წასულ საქმეს რაღა ეშველებოდა?
_ ვხედავ, სიდულია, _ ვთქვი ნაღვლიანად და თან მიწაზე დაყრილ ჩელტებს სინანულით დავცქეროდი, _ ვხედავ, ჩემო სიდულია, რომ ჩვენი საშველი მართლაც არ ყოფილა.
მინდოდა კიდევ მეთქვა ისეთი რამ, ასეთ დროს რომ შეეფერებოდა, მაგრამ აზელილი ბობოლის სიმყრალემ სული შემტაცა. ერთხანს ჩუმად ვიყავ. სული ოდნავ რომ მოვიბრუნე, ისევ ნაღვლიანად განვაგრძე:
_ მშვიდობით, სიდულია... რა ვქნა, უნდა წავიდე, ბედის განაჩენს უნდა დავყაბულდე. სხვანაირად არ შემეძლო, სიდულია, და მაპატიე, მაპატიე, რომ მაინც მიყვარდი. რა მექნა, რა წყალში გადავვარდნილიყავი, როცა უშენოდ სიცოცხლე მიმწარდებოდა... და ხედავ, ახლა ისე წავწყმდი, ავმყრალდი, რომ უნდა წავიდე და სად წავიდე, სად, მითხარ, მასწავლე, სიდულია! სად წავიდე, როცა შენს იქით გზა აღარა მაქვს?
ჩემმა სიტყვებმა სიდუს დღევანდელი ზარალი სულ დაავიწყა. თვალი ცრემლით აევსო.
_ წადი, ბათურია, წადი, შენ თავს მიხედე, _ ხმა აუკანკალდა, _ წადი, შენს თავს მოუარე, იცოდე, შენ რომ რამე დაგემართოს, თავს მოვიკლავ, წყალში გადავვარდები.
ხმა ჩაუწყდა.
_ წავალ, სიდულია, წავალ და თუ შენი სურვილით მოვკვდი, ჩემი ცოდვა იმ შენს მამას და ქმარს მოჰკითხე. წავალ, სიდულია, და მეტი მე შენი შემწუხებელი არა ვარ. თუ გაიგო, რომ მოვკვდი, მოდი, მკვდარი მაინც მნახე და დამიტირე, მშვიდობით, სიდულია, და აბა შენ იცი, ქმარ-შვილს რა კარგად უპატრონებ. რაც არ მოხდა, არ მოხდა, ბედს ვერ წავუვალთ. ვინ იცის, სიდულია, იქნება ასეც ჯობდა... ეეხ, ნეტავ არასოდეს მენახე!
მიველ, შუბლზე მშვიდად ვაკოცე. სიდუ არ განძრეულა, არც ხმა ამოუღია. თავი დაბლა დახარა. მეც გული მოულოდნელად ამომიჯდა. ცრემლებმა ყელი გადამიკეტა. აკეცილი ჩოხა იღლიაში უბრად ამოვიჩარე და გარეთ გამოველ.
ჯოგოლია ეზოში ისევ იმ თავის ყავრის ურემს დააგორებდა და წარმოდგენილ ხარებს ისევ ისე უტევდა:
_ ასე, ხალო, ჰო!
ურემი ახლა ნიგვზის წენგოთი დაეტვირთა და სადღაც დიდის ამბით მიჰქონდა. დამინახა თუ არა, ურემი თავის ოცნებით წარმოდგენილ ხარებიანად უპატრონოდ მიატოვა და ჩემკენ გამოქანდა. უნდოდა, კისერზე მომხვეოდა, მაგრამ ძირს რომ აღარ დავიხარე, რა ექნა, წელზე შემომეხვია. წუთიც და, ხელი სიმსიმად გამიშვა. ცხვირაწეულმა უკან დაიწია. შორიახლოს დამდგარი ეჭვის თვალით შემომაცქერდა.
_ ფუჰ, რა გლახა სუნი გაქვს! _ თქვა.
მე ისე ვიყავ მოშლილი, რომ მასთან ტიტინის თავი აღარ მქონდა. ხელი ჩავიქნიე და ბალღისათვის ზედაც არ დამიხედავს, ალაგეზე გადაველ და გზა ისე განვაგრძე. ის კი, პატარა ჯოგოლია, შუა ეზოში ისევ ისე იდგა, ცალ ფეხზე სასაცილოდ ხტოდა და თან ისეთ რამეს მეძახდა, რისი ღირსიც მისი ტოლნი არიან ხოლმე, როცა მათ შარვალს დროზე არ შეუხსნიან.
ნაწილი მეორე
ერი და ბერი
1
ახლა იმ განვლილ დღეებს რომ ვიგონებ, გული მწყდება, ისევ ის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ბათურია მინდა ვიყო. დავბერდი, დავჩაჩანაკდი და ეს ოხერტიალი გული მაინც მერჩის. ხალისიცა და მადაც ისევ ისეთი მაქვს, მაგრამ მაინც გატეხილი ვარ, წელი არ მომდევს, ეს ზამთარიც ცას უღიმღამოდ ჩამოსტირის და ქარები, რიონის შლამიანმა ნაპირებმა რომ მაჩუქეს, ძვლებს მამტვრევს.
შინაც არავინ არის, რომ გული ყაყანით ვიძღო. ყველა კოლექტივშია. ზოგი ღობეს ღობავს, ზოგი იარაღს ამოწმებს საგაზაფხულო თესვისათვის, ზოგი თუთუნს დემებად აწყობს და სახელმწიფოს აბარებს, ზოგი ჩაის ქარხანაშია და ზოგი _ სად და ზოგი _ სად.
ხანდახან ჩვენი გაკრეჭილი ხუცესი საბასტრატილატე თუ შემოივლის და განჩურად შემეკითხება:
_ რავაა, ბათა, ჩვენი საქმე?
_ რომელ ჩვენ საქმეს მეკითხები, შე წვერცამეტავ? შენი საქმე მუდამ ჩემი დამაქცევარი იყო და რა მაქვს შენთან საერთო? _ მაგრამ იმ მართლაც წვერცამეტას ჩემი სიტყვები თითქოს არც გაუგონია, ქირქილებს თავისთვის არხეინად და თავისას მაინც განაგრძობს:
_ შენი საქმე ენის ტარტალი იყო და რა მექნა, სულ იმას გეჩიჩინებოდი, ეგ ჯოჯოხეთისაკენ გამართული გზაა და ნუ სცოდავ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა! ერთი უკუღმართად გაჭედილი კაცი იყავი და ახლა ცალი ფეხი სამარეში გიდგას და მაინც ეშმაკისაკენ იცქირები, თვალი მაინც სათაელისკენ გიჭირავს.
_ რა ვქნა, ჩემო საბალია, _ სიტყვას ვუჭრი დედაჩემის ამ მართლაც უკუღმართად გაზრდილ ხუცესს და თავს სულ ვისაწყლებ, _ ცალი ფეხი, სწორია, სამარეში მიდგას, მაგრამ მეორე ფეხს შიგ მაინც არ ჩავდგამ, სანამ შენ ჩემთან ერთად არ დაგინახავ. ერთი ცოდვებით დატვირთული კაცი ვარ და საიქიოს სიარულს რა შემაძლებინებს, მით უფრო არასოდეს იქ არ ვყოფილვარ და არც გზა ვიცი და არც კვალი. უშენოდ იქ სადმე დავიბნევი და მინდა წინ შენ გაგიძღოლო.
პასუხს არც საბა მიგვიანებს და ხურდას ერთიორად მიბრუნებს:
_ ა! _ წამოიძახა მან აღშფოთებით, _ ამ ბრიყვსა და მართლაც კუბაკს დამიხედეთ, ჰა! კაცო, ეგ ბინძური სული რომ ამოგძვრება, აღაპს ვინ გადაგიხდის მერე? როდის მოვესწრები იმ დღეს, შენ რომ თავს საცეცხლურით დაგადგები! მაგრამ არა გიჭირს რა. ჯერ კიდევ ყოჩაღად ხარ, ჩემო ბათა! ბიჭო, მართლა არ შეშინდე! ძაღლი კოჭლობით არ მომკვდარა და ტურა _ კივილით, ძვლის ქარებს კიდევ ეშველება რამე, მაგრამ თავში რომ ქარი გიქრის, იმისი კი რა მოგახსენო. მთელი ქვეყნის ჯანაოზები რომ დაგასიონ, იმისი საშველი მაინც არ იქნება.
ერთი ამ მართლაც სულძაღლს დამიხედეთ, რა მარჯვედ მომიჭრა სიტყვა და გული დამიკოდა! ჯორკოზე ერთი გაცბუნებულად შევტრიალდი და თავს წამომდგარ სულის მოძღვარს ირიბულად ავხედე:
_ მიკვირს, საბალია, ძაან მიკვირს. ოჯო, კუჭი რა მაგარი გაქვს და ეგ ოხერი თავი რად გაქვს ეგრე სუსტი?
_ ჰე, ჰე, ჰე, შენსას მაინც არ იშლი, არა, შე თხაფეხა ოჩიკოჩო? თავსუსტი და თავტყვეპერა რო არ იყო, ამდენხანს რა გაცოცხლებდა?
_ შენ რომ სიცოცხლე გიჭირდა, მაშინ მე ვილხენდი და შენ სულ გიჭირდა, სულ აღაპის ფიქრში იყავი, მაგრამ მაინც კარგად რო ხარ, რაშია საქმე, ვერ გამიგია, _ და მერე ერთი ჩემებურად დავუტატანე, _ ჰაიტ, შე ქარიფანტიავ და ქარაფშუტავ, ხო გეუბნებოდი: ბიჭო, ჭკუით იყავი, სხვის ცოდვებს ნუ დასდევ-მეთქი, საკუთარს უპატრონე-მეთქი, ეეხ, ჩემო საბა, რამდენი ყოფილა, მატყლის საშოვნელად წასულა და შინ თვითონ გაკრეჭილი დაბრუნებულა. შენც ისე დაგემართა. სანამ ჩვენმა კომკავშირელებმა არ გაგკრიჭეს, არ მოისვენე, მაგრამ ერთი ამ შენს სიჯიუტესაც დახედე, შენსას მაინც რომ არ იშლი!
_ აჰაიტ, შე ბეხრეკო ძაღლო! _ ამბობს ქირქილით საბალია და თან ღვინით სავსე დოქის ეშხით ჩემ გვერდით ჯორკოზე დაუპატიჟებლად ეწყობა. ხვნეშით, გაზვიადებული ოხვრით ტალახიანი ფეხები ცეცხლს მიუშვირა, ორთქლი ბუღად ასდის მის სველ ქალამნებს.
_ სანამ ახალგაზრდა იყავი, კიდევ მქონდა რაღაცის იმედი: ვფიქრობდი, სულ ასე ხომ არ იქნება, როცა იქნება, ჭკუაში ჩავარდება-მეთქი და ახლა რისღა მოიმედე უნდა ვიყო, ოთხმოცი წლისათვის ფეხი მიგიბიჯებია და ისევ ბავშვობას დაბრუნებიხარ.
ახირებულ სტუმარს ვალში არც მე ვრჩები. ყალიონს გულდაგულ ვბერტყავ კერის ქვაზე და თან ღიმილით ვესიტყვები:
_ რა ვუყოთ მერე, ჩემო საბალია! მე ბავშვობას ვუბრუნდები, მაგრამ რომელი ბავშვია ისეთი, რომ შენ ჭკუით არ გაჯობებს? არც შენ მყავხარ პატარა ბოჩოლა. თავზე თმა ჩემზე უფრო გაგთეთრებია და ხომ გაგიგონია, თევზი თავიდან აყროლდებაო? მართალია, თევზი არა ხარ, მაგრამ ეგ გოროხა თავი მაინც გიყარს. მე ჩემს ცოდვებს, საბალია, თახვის მარცვალივით ვუვლიდი. ვიცოდი, ცოდვა თაფლი იყო და ამ თაფლით ჩემს გაძაღლებულ სიცოცხლეს, ასე თუ ისე, ვიტკბობდი. ცოდვა საფუარივითაა და ხომ იცი, რომ პური უმისოდ ზიპი ცხვება. მეც რა მექნა? ზიპი ცხოვრება მეზარებოდა და პირს ხანდახან ცოდვით ვიტკბარუნებდი. რაღა დაგიმალო, შენც იცი, რომ ცოდვა გატეხილი სჯობია, _ ამ თაფლს არც შენ აკლებდი ხელს. მე ჩემი ცხოვრება, ავად თუ კარგად, მომიჭამია. მერე ეს ახალი ცხოვრება წამომსწრებია. მჭადი ბლომად მაქვს, ღვინოც და ხომ გახსოვს, ამ შემოდგომით საწნეხელში ყურძენს რომ ვსრესდი და ტკბილში კინაღამ ჩავიხრჩვი?
_ მახსოვს, _ ამბობს საბალია ღიმილით, _ ბევრი ვიყვირე, ქვეყანა ღრიალით დავაქციე, ნუ ამოგყავთ, მაგის ცოდვას ნუ იკიდებთ, გაუშვით, შიგ ჩაიხრჩოს-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს და საწნახელიდან უგრძნობელი, ყურძნის წვენით გატკბილული ძლივს ამოგათრიეს.
_ მართალი იყავ, _ ვამბობ მე ოხუნჯური სინანულით, _ შენს სიცოცხლეში მართალი ერთხელ წამოგცდა და მაშინაც არ დაგიჯერეს. რახან ეგრეა და შენ ჩემთვის ეგრე ზრუნავ, მოდი ეგ ჯორკო ახლოს მოაჩოჩე და თუ შემეხვეწები, დაგალევინებ, თუ არადა, მე წამწყმიდოს ჩემმა ცოდვებმა.
ხუცესმა სიტყვა აღარ გამამეორებინა, მაშინვე ახლოს მოჩოჩდა და ქირქილით, ერთიმეორის წაქიმანჩებით ტკბილ ალადასტურს კათხებში ვასხამთ და პირის წკლაპუნით შევექცევით. თან წარსულს ვიგონებთ. ვქაქანებთ სულჩაუთქმელად.
ეს გაკრეჭილი ხუცესი არც ისე წმინდა სულისაა, თავს რომ მელასავით იკატუნებს, მაგრამ რა უნდა ვქნა, კაცს ყველაფერს პირში ხომ არ წამოაკრავ? ეს სიცოცხლე, მე _ ასე, იმას _ ისე, როგორღაც აქამდე მოგვიტანია და რა ვქნათ, თუ გვინდა, რომ ერთხანს კიდევ ვიცოცხლოთ?
ახლა ორთავ ქვრივები ვართ და ვმადლობთ ჩვენს გამჩენს, რომ იმ სულკურთხეულმა მეუღლეებმა თან არ გაგვიყოლეს. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. მე ჩემს სალომეს რჯულზე უფრო შევემტკიცე. ცხრა შვილი ცხრა ხვითოს კაკალივით მაჩუქა და შვილზე ტკბილი რაა? მეც თანდათან გამიტკბა ჩემი შვილების დედა და სიდუს იმ უნაყოფო სიყვარულმა ჩემდა შეუმჩნევლად უნაყოფოდვე ჩაიარა. როცა ისინი დაიხოცნენ, ვიტირეთ. რა დაგიმალოთ, მათთან განშორება ძალზე გვიმძიმდა. მათ კუბოს თავი დავაკალით, ტირილით თვალები ამოვიღამეთ და სხვას რას ვიზამდით, საფლავში ხომ არ ჩავყვებოდით? უნდა მოგახსენოთ, რომ, საერთოდ, ეს საქმე კაცს არასოდეს უნდა გეჩქარებოდეს. არც ერთი საქმის გადადება და ყიორი არ ვარგა, მაგრამ სიკვდილის საქმე ისეთი რამეა, რომ მუდამ გადადებული სჯობია.
_ რახან ეგრეა, _ ვამბობ მე, _ მაშ გაუმარჯოს ამ მიწას, ზედ რომ ფეხი მაგრა დაგვიდგამს, _ და ზარხოშიანი ქირქილით მიწურ იატაკზე რამდენიმე წვეთ ღვინოს, როგორც შესანდობარს, ისე ვასხამთ, ხოლო დანარჩენს საკუთარ გუდაში ვაპირქვავებთ.
საბასტრატილატე (დასწყევლა მისი სახელი ჩემმა გამჩენმა, რამსიგრძეზეა გადაქაჩული!) ხუცესია, მაგრამ ღვინის ხათრით ამ წარმართულ ადათს მაინც ასრულებს და ღვინოს ისიც მჭადზე კი არა, მიწაზე ასხამს.
_ საბა! _ მივმართავ მე სწორედ მაშინ, ღვინის დალევას რომ აპირებს, _ არ დალიო, საბა, თუ ღმერთი გწამს, არ დალიო, თორემ წაწყდები. წყალი შეურიე, ეკლესია ხომ ისე გვასწავლის, რომ ქრისტეს სისხლს მხოლოდ წყალნარევი ღვინო შეესაბამება! _ მაგრამ საბალია ღვინით სავსე კათხას პირიდან არ იშორებს და სანამ ჭურჭელს ზროში არ ჩახედა, მანამ არ მოეშვა.
დიდი წუწკი და ღორმუცელა ვინმე კი არის ეს ჩემი ძუძუმტე და ჩემი ცოდვით სავსე.
_ კაცო! _ ვითომ გული მომდის და დედის გაზრდილს ხმამაღლა ვუტევ, _ შენ ვალში რით ვერ ამოველ, ჰა? პატარა ვიყავ, დედის ძუძუს არ მანებებდი, ახლა დავბერდი, სამარეში ფეხი შენც კარგა ღრმად ჩაგიდგამს და რით ვერ მოგიშორე, ამ ჩემი მონაგარი ღვინისაკენ ნიჩვი რა მსუნაგად გამოგიშვერია?
ხუცესი ჩემს საყვედურს აინუნშიაც არ აგდებს, მჭადსა და ლახანას მადიანად შეექცევა და თან ძვლის ღრღნით გართული ქოფაკივით გაბოროტებულად იღრინება:
_ ენას რომ მოუკლებდე და ღვინოს უმატებდე, ჩემის აზრით, ის უფრო აჯობებდა. რაა, შე კაცო, ეს გაუთავებელი ლაქლაქი სიბერეშიც რომ აღარ მოიშალე?
_ ერთი ამას დამიხედე! _ მართლა გული მომდის მის უტიფრობაზე, _ ახალციხელი თათარი ჩემს ნაბადს თავის ჩულს ეძახდაო, ისეა შენი საქმე. არა, ძმაო, შენ ყაჩაღად უნდა წასულიყავი. ეკლესიაში შენ რა გინდა? ტყეში ხეს უნდა ეფარებოდე და ხელში ჯვრის მაგიერ ტამბაჩა უნდა გეჭიროს. იცოდე, თუ ღმერთი გაწყრა და შენზე ადრე მოვკვდი, ჩემს კუბოს ახლოს არ გაეკარო, თორემ ვიცი, ხუთი თითივით ვიცი, სწორედ შენი ცრემლები და წირვა-ლოცვა დამღუპავს და ეშმაკები პირდაპირ ჯოჯოხეთში გამაქანებენ. მე მაინც მაქვს იმედი შეცდომით ან რაიმე შეღავათის წყალობით სამოთხეში შესვლისა. ბოლოს და ბოლოს, ეს ვაჭრობის საქმეა. სადაც ცოდვები იწონება და ყაფანია გამართული, იქ ვაჭრობაც შეიძლება და ვაჭრობა, იცოცხლეთ, მე ვიცოდე. სხვა არა იყოს რა, ჩემი სიმამრისაგან მისწავლია და შენგან დატირებულსა და ნააღაპარს კი არაფერი მეშველება.
ასე ვქილიკობთ მე და ეს ნახუცარი. ღვინოც თანდათან გატკბა, სიბერით გაცივებული ძვლებიც ნელ-ნელა გათბა, ქარები მუხლებს ისე აღარ მამტვრევენ, მაგრამ მოსვენება მაინც არა გვაქვს. ეს ჭირის შესაჭმელი წიწილები ისე წიაქებენ, რომ ყურთასმენა წაიღეს და ეს არის. ხელზე მოჩვეულნი ბოლოს ისე გათამამდნენ, რომ სუფრისაგან ვეღარ ვიგერიებთ, ზედ ხტებიან და მჭადის ნამცეცებს გვტაცებენ. ერთმა მათგანმა თავი ისე აიგდო, რომ თავზედაც შემახტა. სხვა რა გზა იყო, თავი უნდა შემეწუხებინა მათი დაპურებით. იქვე კერასთან ნაღომარი კარდალი ეგდო, ხუფი ავხადე და ღომის ქერქი კარგა ბლომად ამოვფხიკე. მერე კათხაში ჩავყარე და ზედ ღვინო დავასხი. ქერქი ღვინით კარგა რომ გაჟიჟინდა, მიწაზე ერთად გადმოვაპირქვავე.
_ ჯი-ჯი-ჯი! _ ვეძახი ალერსიანად და ისინიც ნაფხვენს ირგვლივ მსუნაგად ეხვევიან, ერთიმეორეს აჯირგალებენ, თავზე ახტებიან და კმაყოფილი ჭუკჭუკით ხარბად იკენკებიან.
_ რას სჩადიხარ, შე საძაგელო, არ დახოცო! _ მიჯავრდება ძმობილი, მაგრამ მე მას ყურადღებას არ ვაქცევ, იდაყვის გაქნევით ვიგერიებ:
_ შენს დალევინებას, ამათ დალიონ მირჩევნია. წიწილებია, მაგრამ შენზე მეტი ჭკუაც აქვთ და ზომაც იციან. დათვრებიან, დაიძინებენ. შენ კი პირიქით იქცევი, _ გასკდები და მერე ჭირვეულობ.
მართლაც რამდენიმე წუთს შემდეგ ფაცხაში მოულოდნელი სიჩუმე ჩამოვარდა. წიწილები უცებ დათვრნენ, თვალები მიებლიტათ და თავს კისერზე ვეღარ აჩერებენ. ზოგი სასაცილოდ ტორტმანობს და თავს კისერზე რომ ვეღარ იჭერს, გაშლილ ფრთას იშველიებს, მაგრამ წონასწორობას მაინც ვეღარ იცავს, მიწაზე დაყრილ ღომში მთვრალი მაყარივით წვება.
_ თხიპ! თხიპ! თხიპ! _ სლოკინებენ ძილში შესულნი.
ერთბაშად ჩამოვარდნილი სიწყნარის გამო ყურადღება მხოლოდ ახლა მივაქციე: ჩემი ოთხიოდე წლის შვილიშვილი, სადმე რომ არ გამქცეოდა და ბერიკაცი არ გავეწვალებინე, ცარიელ საწნეხელში ჩასმული დამიტოვეს. მივაყურე, ხმას არ იღებდა. მაშინვე ფეხზე წამოვიჭერ და მის დასახედავად საწნეხელისაკენ გავემართე. ვინ იცის, იქნებ ჩემდა შეუმჩნევლად ამოფორთხდა და სადმე ჩუმად გამეპარა? საწნეხელთან რომ მიველ, აღტაცებისაგან ერთ ადგილას გავშეშდი. ჩემს ეშმაკის ფეხს ანდალიას, ჩანს, მარტო ბურჭალი მოსწყენოდა და იქვე სათამაშოებში ჩასძინებოდა. ბატის ჭუჭულივით მსუქანსა და ბუნჩულას ისე ტკბილად ეძინა, რომ კაცს შეშურდებოდა. სავსე ბარკლები შარვლის მოკლე ტოტებში ვეღარ ეტეოდა და ელეღსა და შარვალს შორის გამოჩენილ თეთრ მუცელზე პატარა ჭიპი ღილივით სასაცილოდ მოუჩანდა. პირში შერჩენილი ტიკის სალამური გვერდზე მოჰქცეოდა და სახეზე დარდიმანდულად ღიმი გადაჰფენოდა. ლოყააღუებული და გატიკნილი, ღვინის ლოთიფოთი ხატის, აგუნას ლეკვს მომაგონებდა, ლეკვს, შემოდგომით მაჭრის ზარხოშით დამთვრალს საწნეხელში რომ მიეძინება. გრძნობა მომერია, საწნეხელში ჩავეყუდე და მძინარ შვილიშვილს ტიკივით გაბერილ მუცელზე ფრთხილად ვაკოცე. მერე საბალიას ქირქილით მოვუბრუნდი და ფრთხილად, მძინარე რომ არ გავაღვიძო, გავძახე:
_ მოდი, აქ მოდი, შე უგემურო, და ერთი შენი თვალით ნახე, ამას თუ სჯობია რამე!
ისიც მიჯერებს. უნდა, ერთი თავისი თვალით ნახოს, რისგან მოვსულვარ ეგეთ აღტაცებაში. საწნახელს რომ მოუახლოვდა, შედგა. ჩემი ბიჭუნას დანახვაზე ზარხოშიან თვალთაგან აღტაცების ცრემლი იმასაც გადმოვარდა.
_ ჩემი სისხლი და ხორცია, საბა! ჩემი ჯიგარია! _ ვამბობ თავმომწონედ და მძინარე რომ არ გაცივებულიყო, იქვე კანჯოზე მიკიდებულ თივთიკის ყაბალახს წავწვდი და ფრთხილად წავახურე.
_ ხედავ? _ ვეკითხები ხუცესს თავგამოდებით.
_ ვხედავ, _ ამბობს ის თითქოს შურით.
_ ჰოდა ეს მე ვარ, _ მოვუჭერ მოკლედ და რაღაც ჩვენთვისვე შეუცნობელი ბედნიერებისაგან ქირქილი აგვიტყდა. ერთმანეთს მკლავი გადავხვიეთ და ჩვენი ადგილისაკენ ნელი ნაბიჯით გავემართეთ.
ფაცხაში ისევ სიწყნარეა. მე და საბალია ვსხედვართ წყნარად და ერთხანს ხმას არ ვიღებთ. გარეთ ისევ წვიმს. ფაცხის ღია კარზე თითქოს გარედან წყლის გამჭვირვალე რიდე ჩამოუშვიათ. ისლის ბურულიდან ჩამოდენილი ნაწვიმარი ოჭვათოში ისე ტლაშუნებს, თითქოს ვიღაცა ჭყუმპალაობდეს. ღია კარიდან მოჩანს, როგორ მოძუძგულან წვიმაში ხეები. საიდანღაც მოისმის გარეთ დარჩენილი ხბოს სევდიანი ბღავილი.
მთვრალი წიწილები ისევ წვანან მიწაზე. ზარხოშისაგან საძრაობის უნარიც დაჰკარგვიათ. ზოგი მათგანი კიდევ იბრძვის, თავს მაღლა უნიათოდ წამოსწევს, მიბნედილ თვალებს ამ ქვეყანას ერთი უსასოოდ მოავლებს და ისევ მიეგდება. ერთხანს ვუცქირე, ვუცქირე, მერე წამოვდექი და ყველა ერთად მოვაგროვე, ცეცხლის პირას გამოსაძინებლად მივყარე.
საბალია ხმის ამოუღებლად მიყურებს და თან იცინის, თავს ბებერ თხასავით აკანტურებს. მე მისი სიცილი თითქოს არ მესმის და კერასთან ხვნეშით, უბრად ვეწყობი ისევ. ცეცხლთან ახლოს რომ მივიწიეთ, სუფრაც ახლოს მოვიჩოჩეთ და ამ საქმეში საბალია მონდომებით დამეხმარა. მე მას შევხედე, იმან მე შემომხედა და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
_ კაცო, _ ვამბობ მე ხუმრობით, მაგრამ ისე, რომ ნახევარი მაინც მართალი იყოს, _ ამ ჩემს სუფრაზე რომ ასე ერთგული ხარ, ვერ გამიგია, შენს სუფრაზე რად ხარ ზანტი და მოუსაზრებელი?
_ რა ვიცი, რა ვიცი, ჩემო ბათურია, მე თვითონ არ მესმის, რად ვარ მუდამ წელმოწყვეტილი. მოდი, ეს შენს მარიფათს გაუმარჯოს, _ ამბობს იგი და სავსე კათხას ხელი შეავლო.
_ შენს შნოსაც, ჩემო საბალია, შენს მასპინძლურ შნოსაც გაუმარჯოს, _ ვართმევ სადღეგრძელოს და ღვინოს ისევ ტკბილად შევექცევით. ჯერ ის ჩემი ძილისგუდა შვილიშვილი ვადღეგრძელეთ, მერე ოჯახს დოვლათი და ბარაქა ვუსურვეთ, არც კერის მადლი დავივიწყეთ. ბოლოს ღვინის ხატის, აგუნას სახელიც ვახსენეთ, მაგრამ ხუცესმა ხელები აასავსავა, ღვინო დალია, აგუნა მაინც არ ახსენა.
გარეთ წვიმა ისევ ცრის. სუროთი დაბურდულ ასი წლის ხურმას ჩხართვები გუნდად შესევიან და ეზოს მოუსვენარი ჟრიამულით იკლებენ. სახლის უკან, ახორში, ხარები მადიანად ახრამუნებენ ჩალას.
ცეცხლი ისევ ხალისიანად ტკაცუნობს კერაში. ჩვენ ორთავ ტკბილად ვიკუჟებით და თან წარსულ დღეებს ვიგონებთ.
_ როგორ იყო, საბა, ის როგორ იყო, იერუსალიმში ცოდვების მოსანანიებლად რომ მივდიოდი და ქადაგების წიგნი გთხოვე?
_ ჰაიტ, შე ცრუპენტელავ, ისევ გახსოვს ეგ ამბავი? _ მიტევს იგი ხუმრობით და თან ორივე გულიანად ვიცინით.
განა მე ბათა ვიქნები, რომ ამ გახსენებაზე ეს ამბავი არ მოგიყვეთ, ამბავი, თუ როგორ გადავწყვიტე სულის ცხონების გზას დავდგომოდი?
2
რომ იცოდეთ, როგორ მიყვარდა ერთ დროს ხუცესთან სტუმრობა, მასთან ყოფნა, მასთან ხუმრობა და მისი წვალება და გაბიაბრუება. ერთურთს ბაღნობიდანვე შევჩვეოდით, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და მეც ჩვეულებას ვეღარ ვღალატობდი. ჩემი თავი მევე რომ გამაბეზრებდა თავს და რიონის პირას მარტო გდება მომწყინდებოდა, სად ან ვისთან უნდა წავსულიყავ, თუ არა საბალიასთან? ერთადერთი კაცი, რომელსაც ამქვეყნიური საქმეები არ აწუხებდა და საზრუნავიც არა ჰქონდა რა, ისევ საბალია იყო. მთელი დღე კაკლის ჩრდილში ჭილოფზე პერანგის ამარა უსაქმოდ გორავდა და სოფლის ამაოების გამო ფიქრით იმ ერთ ფიორისოდენა ჭკუასაც ზედმეტად არ ღლიდა. ამას გარდა, გულახდილად უნდა ვთქვა, რომ არც ის იყო სიტყვაძვირი, მარჯვე პასუხისთვის ჯიბეში დიდხანს ფათური როდი სჭირდებოდა. ღვთის მადლით, ყველაფერი ენაზე ეწყო და იმის იქით არც ჭკუა, არც სიღრმე აზრისა და არც გონი მას არ მოეკითხებოდა. რას იზამ, ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო. მართალია, საზრისით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ეშმაკობას მაინც რომ ახერხებდა წყეული!
საღამო ხანს ათასში ერთხელ იმ ჩემს ბორანს რომელიმე შვილს შევატოვებდი ხელში და ხუცის სახლისკენ გზას გავუდგებოდი. ყველა სიკეთესთან ერთად ის წყეული ისეთი ძუნწი და პურაძვირი რამ იყო, რომ ვესტუმრებოდი თუ არა, რაღაც ეშმაკად, იმ დღეს უნდა გამწარებულიყო ტურა და ის ჩემთვის დასაკლავად გამეტებული ქათამი შეეჭამა, სწორედ იმ დღეს დაურჩებოდა იმ წყეულ მწყემსს თხები სადღაც დასაკარგავში გარეკილი საძოვრად, იმ მამალი მგლის შესაჭმელ ძროხასაც იმ დღეს გაუშრებოდა რძე და საწყალმა საბამ და მისმა თანამეცხედრემ არ იცოდნენ, რით ეცათ ჩემთვის პატივი. ეს ყველა-ყველა, მაგრამ ერთი რამ მაინც გულახდილად უნდა ითქვას, რომ ღვინო მის ღარიბულ სუფრაზე მუდამ უხვად იღვრებოდა და ისიც გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ სასიამოვნო სასმელი იყო ის დალოცვილი, მისი ალისფერი ჩხავერი ბროლის ჭიქაში მუდამ ისე წარმტაცად ფუცხუნებდა, რომ არცთუ დიდად ვემდურებოდი.
_ ბათაია, ბიჭო, მითხარ, ხო წახდა, ხო ნამდვილად წაწყდა ქვეყანა, ჰა? _ მეკითხებოდა ჩემს გასართობად საბაია, თორემ ქვეყნის საქმე მას ისე ედარდებოდა, როგორც შარშანდელი თოვლი. თან თაღლითურად აციმციმებული თვალებით ფეხებში შემომცქეროდა, სული მისდიოდა, როდის წამოვდგებოდი და როდის გადავშენდებოდი მისი სახლიდან, მაგრამ მე არც ისეთი კაცთმოყვარე ვინმე ვიყავ, რომ ჩემი აქედან წასვლით მისი გული გამეხარებინა.
შეატყობდა თუ არა, რომ მე მისი ოჯახიდან ფეხის მომცვლელი არ ვიყავ, ბედს ურიგდებოდა. რა უნდა ექნა? კაცი სტუმრად მოვსულიყავ, ისიც უნებლიე მასპინძელი იყო და სხვა რა გზა იყო, როგორც მასპინძელს, უნდა გავერთე და ისიც, როგორც შეეძლო, მართობდა.
_ ბიჭო, ბათაია, ბიჭო ბათაია, რა უბედურება დაგვატყდა, არ გაიგე?
_ არა, საბალია, არ გამიგია! _ ვეუბნებოდი ზრდილობის გამო გაოცებით.
_ ჰოდა, ის ქვეყნის თვალი იარანალი რომ იყო... შერემეტევი რომ მომკვდარა, გეიგე?
ის გენერალი ბარე ათი წლის მკვდარი იყო, მაგრამ მე თავი მაინც მიამიტ ვინმედ მოვიკატუნე და ისე ვუპასუხე:
_ ცოცხალი თუ იყო, არც ის ვიცოდი, შენ არ მომიკვდე.
და ჩხავერით სავსე კათხა სიამოვნებით დავცალე. დავცალე ისე, რომ იმ ცხონებულისათვის შენდობაც არ შემითვლია.
საბამ ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, თავი მწუხარედ ჩაიქნია და ისე თქვა:
_ კაი კაცი კი იყო ცხონებული, დიდი სარდალი.
_ ის რომ კაი კაცი ყოფილიყო, გული არც ისე დაგწყდებოდა.
_ აა, ელაპარაკე ახლა ამას! _ აღმოხდა მასპინძელს აღშფოთებით და აივნიდან სოფელს ისე გახედა, თითქოს ჩემს საყვედურს იმას ეუბნებაო. ამ დროს ჭიშკარიც გაიღო და ეზოში ფოფოდია შემოქაქანდა, ქმრის ჯორი ხის ქვეშ დაბმული რომ დაინახა, ელდანაკრავივით აყვირდა:
_ რამდენჯერ გითხარი, რომ ამ წინა ეზოში ჯორი დაბმული არ დავინახო-მეთქი! ხომ ხედავ, შე თვალდასავსებო, რომ მოაოხრა ეს კოინდარი და ეზო ეზოს არ ჰგავს.
_ არიქა, მიშველე, ბათურია, თორემ ჩემი საშველი არაა! _ დაიძახა ხუცესმა და მთხლეზე დაჭერილი ქურდივით ხან მე შემომცქეროდა უმწეო თვალებით და ხან იმ თავის ნახევარს.
გულახდილად უნდა გითხრათ, რომ კარგა მოზრდილი ნახევარი კი იყო ის დალოცვილი. ერთი ისეთი ჩასუქებული დედაკაცი იყო, რომ ადამიანისშვილს კი არა, ფართალში გახვეულ საწნეხელს უფრო ჰგავდა. აივნიდან ხმის ამოუღებლად გავცქეროდი მის აღნაგობას და თან ჩემთვის ვფიქრობდი, ვფიქრობდი, როგორ შეიძლება კაცის დაბრმავება. თუ მართლა ბრმა და თვალში სინათლეგამოლეული არ იყო ეს ჩემი ცოდვით სავსე მასპინძელი, მაშ რა ჯანდაბამ ათხოვინა ეს ზვინივით დედაკაცი? იქნებ გასინჯვის დროს ზურგით აჩვენეს, თორემ ისე ამ მაიმახს როგორ ითხოვდა? მე რომ ეგრე ვფიქრობდი, ფოფოდიამ თვალი მხოლოდ ახლა მომკრა და სიხარულით შეჰკივლა:
_ ამას ვის ვხედავ! ამას ვის ვხედავ! _ ლიონეს თავსაფარი თავზე ხელდახელ გაისწორა და ჯორის ამბავი სულ დაავიწყდა, კიბეზე ხალისიანად ამოქაქანდა.
უნდა მოგახსენოთ, რომ მართლაც ხვავისა და ბარაქის ანგელოზივით გამომეცხადა ის სულკურთხეული. ჩვენს ღარიბულ სუფრას რომ დახედა, წამოიძახა:
_ დუქანში ხომ არა ხართ, ეს ღარიბული სუფრა რომ გაგიშლიათ? _ და უცებ ჯარასავით დატრილდა. თვალის დახამხამებაში ტურას ის ქათამი პირიდან გააგდებინეს და შემწვარი მოგვართვეს, იმ მამალი მგლის შესაჭმელ ძროხასაც რძე უცებ მოუბრუნდა და სუფრაზე სულგუნიც გაჩნდა, მწყემსმა თხებიც მაშინვე მორეკა, მაგრამ მე არ დავთანხმდი, თიკანი არასგზით არ დავაკვლევინე. წუთიც და, ფოფოდია ჩვენთან ერთად უჯდა სუფრას და მეხვეწებოდა:
_ ბარკალი მიირთვი, ბათა, ბარკალი! მაგ ფრთას რას ჩასციებიხარ, შე კაცო?
_ გმადლობ, ჩემო ესმა, დიდი მადლობელი ვარ, _ ვიგერიებდი დიასახლისს თავაზიანად, მაგრამ არა გამდიოდა რა, ჩემს თეფშზე ქათმის ბარკალი მაინც ჩნდებოდა და ხუცესს გუნება თანდათან უფუჭდებოდა. როცა სტუმრობა, ცოტა არ იყოს, გამიგრძელდა, საბამ მოთმინება დაკარგა და სიტყვა მარხვისა და სარწმუნოების გამო ჩამომიგდო. მე მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი განსაცდელის საათმა დაჰკრა. გადავწყვიტე, ყველაფერი ვაჟკაცურად ამეტანა, მაგრამ ის სატანჯველი, მე რომ საბა მიმზადებდა, ისე მძიმე აღმოჩნდა, რომ არა გამივიდა რა. შუბლზე ჭირის ოფლი მასკდებოდა, ვცდილობდი, საუბრის გეზი როგორმე მეცვალა, მაგრამ ის ჩემი სიცოცხლის მომნელებელი მაინც არ ცხრებოდა, ისევ თავისას განაგძრობდა.
_ კაი ახლა, გეყო ამდენი ქადაგება! _ ვეღარ შეიკავა თავი ესმამ საყვედურისაგან, მაგრამ ქმარმა ერთი ისეთნაირად გადაუბრიალა თვალი, რომ იმ ჩემმა შემბრალებელმა ენა მაშინვე მუცელში ჩაიგდო. ყველაფერს გაპატიებდა საბალია, ყველაფერს მოგითმენდა, მაგრამ ის რომ მოყვასის სიყვარულის გამო სიტყვას ჩამოაგდებდა, ყური ხმის ამოუღებლად უნდა გეგდო. ახლაც ასე იყო. შეჯდა იმ თავის ჯორზე და ჩამოსვლას აღარ აპირებდა. გააბა მოშლილი წისქვილივით და სულს უწყალოდ მხდიდა. ვიცოდი, ასეთ რამეზე ენის ქნევა სიცოცხლეს ერჩია. ამას გარდა, როცა სტუმრობა გამიგრძელდებოდა, მუდამ ამ ხერხს მიმართავდა ხოლმე. მეც რა მექნა, გადავწყვიტე, მედგრად გადამეტანა მისი შემოტევა, მაგრამ ბოლოს მაინც მაჯობა. ერთი საფლავის ქვასავით მძიმე იაგდარი ჰქონდა. იმას რომ ხვნეშით, ერთის ამბით გამოიტანდა და მსუქან მუცელზე დაიდებდა, ჩემი ნამდვილი წამება მაშინ იწყებოდა. ჯერ ნელა გადაფურცლავდა, მერე მის მნიშვნელობას დიდის ამბით ამიხსნიდა და კითხვას შეუდგებოდა. კითხულობდა დინჯად, საზრისიანად და ხანდახან კითხვით გართული ისეთი თვალებით გადმომხედავდა, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, საკმაოდ ვეწამებოდი თუ არა. მეც რა მექნა, რახან თავი ხაფანგში შევყავ და გავები, ბედს უნდა შევრიგებოდი. ვიჯექ და ყურს ვუგდებდი. თან დაბადების დღეს ვიწყევლიდი, ჩემს თავს აქ მოთრევისათვის ვლანძღავდი. მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, სწორედ ეს იყო. ბოლოს, როცა ილაჯი გამიწყდებოდა, ქუდს ხელს წამოვავლებდი და კვნესით შინ წასასვლელად გავემართებოდი.
_ ბათა, შეენც?
მე ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა და თავაზიან მასპინძელს გაკვირვებით შევხედე.
_ შენც კვნესი, ჩემო ბათა? მეც ეგრე ვარ. ამ ადგილას მოვატან თუ არა, თვალთაგან ცრემლი ოხვრა-კვნესით გადმომცვივა.
ესმა მაშინვე წამოვარდა. ქმრის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, ჩოხაში ხელი ჩამავლო და არ მიშვებდა.
_ ცოტაც მოგვითმინე, ჩემო ბათა, რა გეჩქარება? _ მეხვეწებოდა ფოფოდია.
_ აცა, შე ქალო! _ ეუბნებოდა ქმარი ოდნავი საყვადურით, _ რა იცი, იქნებ ავადაა. ავად ხომ არ ხარ, ოჯო? _ მომიბრუნდა იგი განსაკუთრებული მზრუნველობით და თან ვატყობ, გუნებაში სიცილით კვდება.
ღიმილისაგან თავი ვერც მე შევიკავე, მაგრამ ვაი იმ ღიმილს _ მე მხოლოდ მაშინ გავიგე, რა ყოფილა ცრემლნარევი სიცილი:
_ მაჯობე, საბალია, მაჯობე, მაგრამ ხომ გაგიგონია, ფონი გასავალსააო.
საბას ჩემი სიტყვები თითქოს არც გაუგონია, ისე განაგრძობდა:
_ ცოტაც, ჩემო ბათა, ცოტაც მოითმინე... რაა, ოჯო, რა გეჩქარება? _ თითქოს დიდად იწყინა ჩემი აჩქარება იმ სულწაწყმედილმა.
_ მართლაცდა რას ჩქარობ? _ არ ცხრებოდა ესმაც.
_ არა, ჩემო ქალბატონო! _ მაინც არ ვიშლიდი ჩემსას, _ მადლობელი ვარ, ჩემო საბა, დიდი მადლობელი... თქვენს პატივისცემას რა დამავიწყებს, მარა... საქმე მაქვს... ახლა გამახსენდა... ჩვენმა მოხუცმა ნატიემ მითხრა, დღეს კაი მთვარეაო და შინ დღიურ უნდა მივიდე. მოზვერი მყავს დასაკოდავი...
აივნიდან ეზოში გაწბილებული ჩავეშვი.
ჭიშკრისაკენ ნელა გავემართე. ალაგეზე რომ გადავდიოდი, ხუცესმა აივნიდან გადმომძახა:
_ ბათა, ჩემო მოყვასო, ბათა!
_ რა გინდა, შე წყეულო? _ შევეკითხე იმ მართლაც წყეულს ისე, რომ მის ნახევარს არ მოვრიდებივარ. მაშ რა მექნა? მისი ძახთაპირობით ისე ვიყავ გაცეცხლებული, რომ მზად ვიყავ, ცოცხლად გამეგლიჯა.
_ ბათა! _ მაინც არ მეშვება ის სულძაღლი, _ ერთი აქეთ გამოიხედე, ჩემო ბათა!
მეც რა ძალა მქონდა, შევდექი და მისკენ მივიხედე. აივნის მოაჯირზე გადმოკიდებულ ხუცესს ის ჩემი სიცოცხლის მომწამლავი წიგნი ისევ ხელში ეჭირა და გამალებით ფურცლავდა:
_ მეორედ რომ მოხვალ, ჩემო ბათურია, ერთი დიდებული ქადაგებაა, იმის მოსმენა ერთ რამედ ღირს. რა აზრი, რა ენა, რა გამოთქმა, ვიცი, დიდად დამიმადლებ.
ხმა არ გავეცი. ცალი ხელი უსასოოდ ჩავიქნიე. შინისაკენ ძუნძულით წაველ.
3
საღამო დატკბა. დასავლეთისაკენ გადახრილი მზე ცაში ოქროს აკვანივით ირწეოდა.
ანწლითა და წალიკით დაბურდულ ზის პირებში თხები ხის სარაკუნოს წვერის ცანცარით აჟღარუნებდნენ.
ეს ბარაქიანი დედამიწა ისე ტკბილად ფშვინავდა, რომ კაცს სიცოცხლე კიდევ უფრო უხაროდა. ჩამავალი მზის სხივებით ოქროსფრად ნავარაყევი ალვის ხეები და ტირიფები თითქოს მეტის ნეტარებით გატრუნულიყვნენ. მიწაში ღრმად გადგმული ფესვებით წოვდნენ წვენსა და მოწიფული ქალიშვილებივით სიცოცხლით ივსებოდნენ.
მუდამ სავსე, მუდამ მღვრიე რიონი ყანებში, დობილოებში და ტყეებში ზანტად მიდუდუნებდა. წყალი ნაპირს ისე სავსედ მოსდგომოდა, რომ შიგ ფეხის ჩადგმის გეშინოდა. ამდენ ხვავსა და ბარაქას კალაპოტი ვეღარ დაიტევდა და ხესა და მიწას ღვთის მადლივით მოეფინებოდა.
მე ბორანზე ვტრიალებდი. ხან ბუნების მშვენებით ვტკბებოდი, _ მისი ფასი მე ქალაქში ვისწავლე, _ ხან ისევ საქმეს ვუბრუნდებოდი, ნავის ღრიჭოებს ძენძით ვჩურთავდი, ვკუპრავდი და მოსვენება წუთით არ მქონდა. საქმით გართული რომ ვიყავ, თვითონაც არ ვიცი, როგორ მოხდა, _ თავში ერთი დიდებული აზრი დამებადა. გადავწყვიტე, ის ჩემი სიცოცხლის მომნელებელი წიგნი წასაკითხად მეთხოვა საბასათვის. ეს სათხოვარი ბუნებრივი მით იყო, რომ მე წიგნებს ჯერ კიდევ ბალღობიდანვე მისგან ვნათხოვრობდი. ეს ჩემი განზრახვა შორს არ გადამიდვია.
_ ბახულია, ბახულია, ბაბა! _ გავძახე ჩემს სულ პატარა ბიჭს, იქვე, ღელის პირას, სათამაშო დოლაბი რომ მოეწყო.
_ აგერ ვარ, ბაბა! _ გამომძახა თამაშობით გართულმა.
_ მოდი აქ, შვილო, საქმე მაქვს!
ბახულიამ დოლაბს თავი გაანება და ნელა გამოემართა, მაგრამ ერთი ჩემებურად რომ დავუტატანე, იცოცხლე, იმან ფეხს აუჩქარა: შლამიან ფლატეზე ტანტალით ჩამოირბინა.
_ ერთი, შენს გაზრდას, _ დავუყვავე სიტყვა მონდომებით, რომ გულისნადებს არ მიმხვედროდა, _ ერთი იმ ჩვენს ხუცესთან აირბინე და უთხარ, ბაბას შეაცხელა, ძაან გლახადაა და ის შენი დიდი იაგდარი სასოებით გთხოვა, შიგ რომ ქადაგებაა, იმის წაკითხვა უნდა, იქნებ სნეული გული ზედ გადააყოლოს-თქო. არ დაგავიწყდეს, ბიჭო, მძიმე ავადაა-თქო!
ბახულია ერთი შეყოყმანდა. შიშველი ფეხის ცერით ნოტიო მიწა ამოჩიჩქნა. ეტყობოდა, რაღაცას ფიქრობდა, ალბათ თავისი მშობელი მამის განაზრახის შეტყობა თუ უნდოდა. ერთბაშად თვალები კვიმატიანად გაუბრწყინდა. ერთი ეშმაკურად, მესკია ჩიტმა რომ იცის, ისე ირიბულად ამომხედა და სახეზე ოდნავ მოეფინა ღიმილის იერი. როგორი მამის შვილი იყო? მაშინვე მიხვდა, რომ მამამისს რაღაც საეშმაკო ჩაედო გულში, მაგრამ სიტყვა არ შემოუბრუნებია. არც ის უკითხავს, ავად რომ არა ვარ, რად უნდა ეცრუა. ჩანს, მის გულს ეს დავალება უფრო იტაცებდა, რომ იმ თავის დოლაბს თავი ეგრე უყოყმანოდ დაანება, გზას დაფიქრებული დაადგა. მე მოთმინება აღარ მეყო და გაგულისებით მივაყვირე:
_ ჩქარა, ბიჭო, რას მიიზლაზნები!
თქმა და მისი კალმახივით შეცქრიალება ერთი იქნა. უკანმოუხედავად გაქანდა სოფლისაკენ.
მე სიხარულით გავცქეროდი ჩემს სისხლსა და ხორცს და გული სიამაყის გრძნობით მევსებოდა. აბა თქვენ თვითონ მითხარით, როგორ არ უნდა მიყვარდეს ეგეთი შვილი? გული სიამაყის გრძნობით როგორ არ უნდა მევსებოდეს, როცა ის ყველა შვილზე უფრო მგავს, როცა სიცოცხლით ისიც ჩემსავით გაუმაძღარია და არავითარ გაჭირვებას ქედს არ მოუხრის? ახლა, როცა სხვა შვილებთან ვეღარ გავძელი, მასთან ვცხოვრობ. თუ უწინ მე ვანებივრებდი და მისთვის სული არ მშურდა, ახლა სამაგიეროს სიბერეში მიხდის და სულ თვალებში შემომცქერის, არ იცის, რით მასიამოვნოს, რით დამიამოს ეს სიბერე. აკი იმ ჩემს საყვარელ ბორანზე მუშაობაც მას დავავალე. ახლა ის არის ქვეყნის ხიდი და ბოგირი.
სანამ პატარა იყო, სული არ მშურდა მისთვის. შაურიან ებრაულ ჯაყვას მისთვის ვყიდულობდი, ტყეში რომ ვიყავ, ტირიფის საპიპინოს მისთვის ვაკეთებდი. სიმინდის ნედლი ღერისაგან სათამაშო ურემს მისთვის ვთლიდი. ჯიბეში მუდამ მქონდა მისთვის კენჭი შაქარი და ახლა, ის რომ ეგრე მონდომებულად გარბოდა ხუცის სახლისაკენ, მე ღიმილით გავცქეროდი და გულს ნათელი მეფინებოდა. ორღობეში ხეებს რომ მიეფარა, ისევ ჩემს ბორანს მოვუბრუნდი. ნავის ღრიჭოებს ისევ ძენძითა და კანაფით ვჭმანავდი, კუპრსაც ისევ ისე ვუსვამდი და თან მიხაროდა, რომ ის ჩემი სულის ამომხდელი წიგნი ხელში სულ მალე ჩამივარდებოდა. სიხარულმა ისე ამიტაცა, რომ ეს დროული კაცი ჩემი ხანისათვის შეუფერებელი სიცეტით შევხტი. შევხტი, მაგრამ ვაი იმ შეხტომას. აბა რა დროს ჩემი კუნტრუშ-ფუნდრუკი იყო? წინ რომ დავიხედე, შენს მტერს, მე რომ გულს შემომახდა _ მთელი კუპრი შარვალზე გადმომსხმოდა. შარვალს ვინღა ჩიოდა, საქმე ის იყო, შინ რა პირით მივსულიყავი? სალომეს როგორ უნდა გადავრჩენოდი? ხომ ამიკლებდა წყევლა-კრულვით, ნელში ამომიღებდა. ერთხანს ვიწუხე, ვიდარდე, მაგრამ წამხდარ საქმეს წუხილით რა ეშველებოდა? გაჭირვებული კაცი რას არ იფიქრებს. მეც გაჭირვებული ვიყავი და საქმეს საცდელი არ დავაკელ. ისე გამოვსულელდი, რომ ნაკუპრალი ადგილის წყლით ჩამორეცხვაც კი ვცადე. ბოლოს ეს წამხდარი საქმე იმით მოვათავე, რომ ზედ ტალახი წავისვი და ჩემი ნაკარგკაცარი დროებით მაინც მივაფუჩეჩე. შარვლის ამბავმა გუნება ისე წამიხდინა, რომ საქმეს თავი გავანებე. იარაღი იქვე, კარავში, დავაბინავე და გარეთ გამოველ, წინკარში ჯორკოზე ჩამოვჯექ, არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექ ეგრე. არც ის ვიცი, რამდენ ხანს გავცქეროდი რიონს დაფიქრებული, რამდენ ხანს ველოდი ჩემს ბახულიას. მოლოდინში მომაგონდა, რომ ვაითუ ის ეშმაკის კერძი ხუცესი მიუხვდეს ბაღანას ეშმაკობას და ის წიგნი არ გამოატანოს. ამის წარმოდგენაზე შარვლის ამბით ისედაც აწრიალებული გული კიდევ უფრო ამიწრიალდა, მოსვენება დავკარგე. ისე ავფორიაქდი, რომ ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. ხან აქეთ ვეცი, ხან იქით ვეცი, ბოლოს გულმა არ მომითმინა და გზას რომ გავხედე, გულს ნათელი მომეფინა. ჩემს ბახულიას, ჩემს მწყაზარ ბიჭს ტილოში საფაზიაროდ გახვეული ის უშველებელი წიგნი ზურგზე მოეგდო და წელში ოთხად მოღუნული ხვნეშით მოდიოდა, ამ განუზომელი სიმძიმის ქვეშ ფეხს ძლივს მოადგამდა.
თვითონაც არ ვიცი, რატომ _ გული ერთბაშად ამიჩუყდა, მამაშვილური გრძნობა ყელში მომებჯინა. მზად ვიყავ, გავქანებულიყავ და შვილი იმ თავისი ტვირთიანად გულში ჩამეკრა. ეგრეც მოვიქეც.
`კუსუბოს მოტეხს ბაღანას~, _ გავიფიქრე და მისკენ გავქანდი, მაგრამ არც ის და არც მისი ტვირთი გულში არ ჩამიკრავს. წიგნი მაშინვე ჩამოვართვი და ტილოდან გამოხსნილს რომ დავხედე, გული სიხარულის გრძნობით ამევსო.
ნავისკენ ფეხაჩქარებით გავემართე. ბახულია უკან კვიცივით მომდევდა და თან სულჩაუთქმელად მიამბობდა, როგორ გაჰკვირვებოდა ხუცესს ჯერ ჩემი ეს უეცარი ავადმყოფობა და მერე ჩემი ეს უცნაური სურვილი, სურვილი კეთილ გზაზე დადგომისა. ღდინში ჩასდია თურმე ბაღანას:
_ მართლა ავადაა, ბოშო? იქნებ არ გახსოვს და სხვა რამე დაგაბარა?
მაგრამ ჩემი შვილი ჩემი შვილია და არც ისე მიამიტი აღმოჩენილა, რომ იმ წვერცამეტას ეგრე იოლად გაებრიყვებინა და სიმართლე ეთქმევინებინა. სულ გაიწყვიტა თურმე ბავშვმა ფიცი-სალავარდით ყველაფერი, ეფიცებოდა, არწმუნებდა, რომ მე მართლა ავად ვიყავი. ისიც კი უთხრა თურმე: `არ ვიცი, მგონი, რაღაც უჭამია და იმან თუ აწყინაო~. ამის გაგონებაზე ხუცესს აღშფოთებით წამოეძახნა: `აკი ვეუბნებოდი იმ ღორმუცელას, ამ ჩემს ლუკმაზე თვალი ნუ გრჩება, თორემ ნაყროვანება წაგწყმედს-მეთქი! არ დამიჯერა და, ა ბატონო, სადარდელად ისევ მე გამიხდა. კი მარა, ასე უცებ მაინც როგორ ეტაკა ის ორი ლუკმა?~ მაინც შეეჭვდა, მაგრამ ბავშვს ამ დროს თურმე ფოფოდიაც წამოექომაგა და საბალიაც დამცხრალიყო. დიდი ვარაუდისა და ყოყმანის შემდეგ ეთქვა:
_ ვაიმე, ვაიმე, ჩემო ძმაო! დიდი წუპაკი რამ იყავი, მაგრამ მაინც მიყვარდი.
და ამ სიტყვებით თურმე შინ შევიდა, წიგნი სახატედან ჩამოიღო და ჩემს შვილს ტილოში სასოებით გახვეული გამოუტანა:
_ ა, ბიჭო, ეს წიგნი! არ გაგივარდეს, ფრთხილად მიუტანე და უთხარ იმ ჩემი ცოდვით სავსეს, რომ თვალისჩინივით მოუაროს, თორემ ავადმყოფობას როდი დავერიდები... მკვდარი რომ იყოს, სამარიდან ამოვიღებ და ისედაც დავსებულ თვალებს ფრჩხილით ამოვთხრი. უთხარ, თუ წერას არ აუტანიხარ, თვალის ჩინივით გაუფრთხილდი-თქო. ხუმრობა საქმე არ გეგონოს, ბიჭო, დიდად ძვირფასი წიგნია და კარგად შეინახოს. ისიც უთხარ, რომ ამ საღამოსვე ვინახულებ... ვინ იცის, იქნებ მართლა არცთუ ფარსაგადაა საქმე და ცოდვაა იმ სულწაწყმედილის უზიარებლად სიკვდილი. ურჯულოა, მაგრამ მაინც მონათლულია...
მე ხაბოზე ნელა ჩავდიოდი და თან შვილის ტიტინს ყურს ვუგდებდი. გუნებაში მეცინებოდა. ამასობაში წიგნი ბორანზე ჩავიტანე. ნავის კაბრაზე წყნარად ჩამოვჯექ და ბავშვს შევეხვეწე:
_ წადი ახლა, შვილო! წადი, შენს დოლაბს მიხედე, წყალმა არ წაიღოს.
ბახულია იდგა. მაშინვე შევატყვე, რაც უნდოდა _ უნდოდა გაეგო, რას ვუზამდი ამ წიგნს და მე მხოლოდ ახლა მომაგონდა, რომ ბავშვი ამგვარი დავალებებით გაირყვნებოდა. ჩემს თავზე გული მომივიდა და ჯავრი ისევ იმაზე ვიყარე:
_ ბიჭო, წადი-მეთქი! _ ხმას ავუწიე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ჩემი სიტყვები იმას აინუნშიაც არ ჩაუგდია. ადგილიდან ფეხს მაინც არ იცვლიდა. მიმიხვდა ეშმაკის ფეხი, რომ მე რაღაც საეშმაკო საქმე მქონდა განზრახული და იმის შეტყობა უნდოდა.
_ დაიკარგე აქედან, შე ღორის შვილო! _ დავუტატანე გაგულისებით და ისიც მიხვდა, რომ აღარ ვხუმრობდი. ზლაზვნით ჩამომშორდა. თვალს მიეფარა თუ არა, გაშლილი წიგნი მაშინვე დავხურე და კარავში უსულოდ ავირბინე. ერთი აქეთ-იქით გაფაციცებით მივიხედ-მოვიხედე და დავრწმუნდი თუ არა, რომ თვალყურს არავინ მადევნებდა, ხუცის ის საამაყო იაგდარი ბურულის ქვეშ საიმედოდ ამოვდე.
_ მშვიდობით, ჩემო სულის ამომხდელო, მშვიდობით! _ გამოვეთხოვე დიდის მოწიწებით, _ ისე შენი მტერი არ იქნა, როგორც შენ ამას იქით დღის ნათელი აღარ იხილო და ჩემმა ყურებმა შენი სიტყვები არ გაიგონოს.
მერე თაბიაზე აველ, მხარ-თეძოზე არხეინად წამოვწექი და ჩემთვის ქირქილი დავიწყე. მართლაცდა, დიდი ეშმაკი რამ იყო ის წყეული ხუცესი, მაგრამ რა მიამიტი რამეც იყო ის დალოცვილი! ერთად გავიზარდეთ, ერთად დავვაჟკაცდით და ჩემი ამბავი მაინც რომ ვერ ისწავლა! ხუცესთან ნასვამმა ძალა ახლა იჩინა, თან კმაყოფილიც ვიყავ და დღევანდელი დღით ერთობ ნასიამოვნებს ძილი შეუმჩნევლად წამომპარვოდა. ეგრე გასინჯეთ, ისე ღრმად ჩამძინებოდა, რომ რიონზე გაღმა-გამოღმა გასვლა-გამოსვლის მსურველებს ეყვირათ, ჩხივილით იქაურობა დაექციათ და მე მაინც არა გამეგო რა.
მზე ჩადიოდა, როცა გამომეღვიძა. მზის ქვეშ ნაძინარს თავი ოდნავ ამტკივებოდა, მაგრამ ჩემს ბორანზე ჩემი უფროსი ბიჭი უთუთია რომ დავინახე, ფერი მეცვალა. ეს რა უბედური დღე გამითენდა! ვწყევლიდი იმ დღეს, ამ ცოტა ხნის წინათ ეგრე რომ ვლოცავდი. ჯერ იყო და, კუპრში ამოსვრილი შარვლის გამო ცოლი ცხვირ-პირს წყევლა-კრულვით მართლაც კუპრში ამომასვრევინებდა, მერე იყო და, დღეს ხუცესი მომაკითხავდა _ იმას დახვედრა უნდოდა თუ არა? ახლა ისე მკვდარივით რამ დამაძინა, რომ ის ბორანი ყანაში სამუშაოდ წასული შვილის საპატრონოდ გადაქცეულა? გამოძინებული ძირს კვნესით, გმინვით ჩამოველ და ვითომც მისუსტებული, თაბიას სვეტს მივეყუდე.
_ დი! _ აღმოხდა უთუთიას გაოცებისაგან, _ მეგონა, თათარმა ტყვედ თუ გაიტაცა-მეთქი და შენ აქ ხარ? რას ვიფიქრებდი, თუ ამ გაგანია მზის ქვეშ თაბიაზე გეძინებოდა.
შვილს ხმა არ გავეც, ვითომც იმისი თავი სულაც არ მქონდა. შინისკენ კვნესით, ლასლასით გავემართე.
4
ეზოს ჭიშკარი შევაღე. ბახულია, ბორანთან რომ მეგონა, აქ დამიხვდა. იმისი კაი წნელით ზურგის აჭრელება ერთ რამედ მიღირდა, მაგრამ ავად ვიყავ და რას ვიზამდი. ცოლს შარვალზე უცაბედად რომ არ დაეხედა, ტანთ შინ მისვლისთანავე გავიხადე და ლოგინში ჩავწექ. თან ცოლისა და თან ხუცესის მოსვლის შიშით ვოხრავდი, საწოლში ვერ ვისვენებდი.
დაწოლამდე ერთი რამ მაინც მოვასწარ _ ღვინით სავსე ტიკჭორა ლოგინში ხელდახელ შევიწვინე და რომ ვკვნესოდი, თან ღვინოს ნამალავად ვწრუპავდი.
_ რა წელკავი დაგეტაკა, შე მყრალო, ასე უცებ? _ მეკითხებოდა ჩემი გაკაპასებული ნახევარი და ხმაზე ვატყობდი, წუხდა, არ იცოდა, რით დამხმარებოდა. მე მის ჯიჯღინს ყურადღებას არ ვაქცევდი და გუნებაში ჩემთვის ვლოცულობდი:
`გმადლობ შენ, ღმერთო, რომ ეს არსება მხოლოდ ნახევარია ჩემი! მთელი რომ ყოფილიყო, ვინ იქნებოდა მაშინ ჩემი მხსნელი?~
ეგრე ლოცვაში რომ ვიყავ გართული, სალომემ ჩემი შარვალი დაინახა. ერთი შეატრიალა, შემოატრიალა და სანამ დაიწივლებდა, მოვასწარ, კვნესას ვუმატე:
_ ვაი! ვაი!
_ ვაი შენ და ჯანდაბა მაგ თავში! _ მომაწყევლა გაგულისებით და შარვალი იქით გადააგდო, _ რა დაგემართა ასე უცებ, შე ელეშუტე, შენ? _ მეკითხებოდა ვითომ აგდებულად.
_ რა ვიცი, რა ვიცი! _ ვუმატე მე კვნესას, _ ალბათ უჟმური თუ ამომყვა რიონიდან... ვაი! ვაი! _ და თან შუბლზე სიცხის გამოსანელებლად დაფარებულ კომბოსტომხალს ვისწორებ.
_ კაი ძაღლი ხარ, არ მოკვდები, _ მანუგეშებს ჩემი თანამეცხედრე, როგორც შეუძლია, _ უჟმურს უჟმური რას დაგაკლებს.
მეც საქმეში შეველ. კვნესას თანდათან შევეჩვიე. მღვდლის მოსვლის მოლოდინში გულს ღვინით ვიმაგრებ. ნელ-ნელა წრუპვაში ღვინოც ნელ-ნელა მომეკიდა და ავად არა, მაგრამ კარგად კი გამოვიბრუჟე.
ბახულია კერასთან ჯორკოზე უბრად იჯდა და ისე, როგორც იქ, ბორანზე, ოდნავ მოღიმარი თვალებით ისე ეშმაკურად შემომცქეროდა თვალებში, რომ ბრაზი ყელში ბოღმად მომაწვა, მაგრამ მოთმინება მაინც გამოვიჩინე და დავუყვავე:
_ წადი, შვილო! წადი, წადი, მეზობლებში გადადი, გული თამაშობით გაიხარე, _ მაგრამ შენც არ მომიკვდე, ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა.
საქმეს საცდელი მაინც არ დავაკელ და კვნესით, მიხრწნილი ხმით ისევ შევეხვეწე:
_ წადი, ბაბა, წადი, გული თამაშობით გაილაღე, თვალს წყალი დაალევინე. შვილი ხარ, შე კაცო, მიყვარხარ, სხვა არა იყოს რა. მართალია, ბაბა, რომ მოსიყვარულე შვილი ავადმყოფ მშობელს თავს უნდა ადგეს და თვალებში შესცქეროდეს, მაგრამ ისიც მართალია, რომ მოსიყვარულე მამა შვილის ყურადღებით ბოროტად არ უნდა სარგებლობდეს... ჯერ ნორჩი ხარ, შვილო, ავადმყოფთან ყოფნით დაიჩაგრები, გული გაგელახება. გესმის, შენი ტოლები რა ხალისიანად ჟრიამულობენ? ალბათ ჭაკუნს თამაშობენ და ნეტავ ერთი შენი ხმაც იქიდან იმათთან ერთად მომდიოდეს, _ ვევედრებოდი და ის კი ბაიბურშიც არ იყო. იჯდა თავისთვის და ადგილიდან ფეხის მოცვლასაც არ აპირებდა.
_ წადი-მეთქი, ბიჭო! _ მაინც არ ვიშლი მე ჩემსას და როცა არაფერი გამივიდა, მოთმინებიდან გამოველ.
_ წადი, აქედან დაიკარგე-მეთქი! _ დავუტატანე მოთმინებიდან გამოსულმა და იქვე ბუძუძზე ჩამოდებულ საპნის ნაფრეხს ხელი დავავლე, _ ჩემმა თვალებმა ამ ბარობაზე არ დაგინახოს, თორემ საპონს კოჭებში მოგაყოლებ.
ჩემს ყვირილზე სალომემ თავი კერიდან მაღლა აიღო. ჯერ მე გამომხედა, მერე შვილს გახედა და თვალით ანიშნა, _ გადიო.
ბახულია წამოდგა. ერთი იმნაირად გამომხედა, თითქოს მეუბნება, ყველაფერს მიგიხვდი, მე რას მომატყუებო და მოთმინებიდან გამომყვანი ზლაზვნით გავიდა გარეთ.
როგორც იქნა, თავისუფლად ამოვისუნთქე. ის ჩემი სისხლი და ხორცი მამხილებელი სინდისივით აღარ მადგა თავს. ირგვლივ სიწყნარე იყო. დუმილს მხოლოდ მეზობლის ეზოდან ყრუდ მოღწეული ბავშვების ჟრიამული არღვევდა. ტიკჭორიდან ერთი ყლუპი კიდევ მოვწრუპე და გავყუჩდი. თან ვოცნებობდი და თან ბავშვების ჟრიამულში ჩემი ბახულიას ხმაც რომ გამოვიჭირე, გამეღიმა. არ ვიცი, ალბათ ღვინო ზედმეტად თუ მომივიდა _ ნამძინარევი ვიყავ და მაინც წამეთვლიმა. არც ის ვიცი, რამდენ ხანს ვიყავ ეგრე მთვლემარედ. ალაგედან ხუცესის ჯორის ჩაქჩაქი მომესმა.
უცებ გამოველ ბურანიდან. ერთბაშად ისევ ავკვნესდი, ავყვირდი დასაკლავი მოზვერივით.
_ დი! გეძინა მეგონა და გღვიძავს? _ შეცბა ჩემი მეუღლე და ძაღლსავით ზედაც არ დაუხედავს, სტუმრის მისაღებად ჭიშკრისაკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.
საბა ფაცხაში რომ შემოვიდა, მე უკვე ვბოდავდი:
_ მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტეანენო... კაცი უნდა ბრძოდეს სიკვდილსა, რომელსა შინა იგი სჭვრეტს მრავალთა ცოდვათა... ვაი! ვაი! მიშველეთ! მიხსენით მე ცოდვილი... ნუღარას სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ... ვაი! ვაი!
_ რა გჭირს? რა დაგემართა, შე უბედურო? _ შემეკითხა ხუცესი მზრუნველობით, _ რა შემოგახდა ასე ელდასავით, შე საწყალო? _ ამბობდა შეშინებული და თან წმინდა ნაწილები ჯორკოზე საზიარებლად დაალაგა.
_ ვკვდები, ჩემო საბა, ვკვდები და ესაა! _ ვკვნესოდი და თან ვცდილობდი ლოგინში ოდნავ წამოვწეულიყავ, მაგრამ ვითომ ვერ ვახერხებდი, _ მოიწია ჟამი განკითხვისა და ცოდვათა მონანიებისა, ოდეს კაცი შევალს სამსჯავროსა შინა შიშითა და ძრწოლითა.
_ რა გაგიჭირდა, შე კაცო, აღარ იტყვი?
_ ეეხ, მამაო, შენ რომ ჩემი გასაჭირი იცოდე, მაშინ არც ეგრე მომექცეოდი! _ დავიწყე მიხრწნილი ხმით და ყოველი შემთხვევისათვის ერთხელ კიდევ შესაბრალისად წამოვიკვნესე, _ ვაიმე, ვაიმე, რა დღეში ვარ! ეეხ, რაღა ბევრი დაგიმალო, ჩემო საბალია, თივაში ცეცხლი როდის დამალულა... საიქიოს გზას დავდგომივარ, ბიჭო, და რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვს, უნდა გამოგიტყდე... ვინ იცის, ჩემო საბა, ღვთის განგებას ვინ მიხვდება... ეეხ, იქნებ დილამდე ვერც მივაღწიო და რა ვქნა, სანამ სული ამომხდებოდეს, ყველაფერი ჩემი პირით უნდა ვაღიარო... ერთი აქეთ მოიწი... აქ ჩამოჯექ ლოგინზე და ყველაფერს გეტყვი... გეტყვი, მარა არ გამამხილო! საქვეყნოდ არ გამომაჭენო, ბიჭო!
საბა ისე აიტანა ჩემი საჯაყი საქმის გაგების სურვილმა, რომ ის ერთი ფიორისოდენა მოსაზრებაც დაკარგა და აზრს ვერ მოდიოდა, როგორ ვაცუცურაგებდი. ლოგინზე პიწკად ჩამოჯდა და როდი მეუბნებოდა, მეხვეწებოდა:
_ თქვი, ჩემო ბათურია, თქვი... გამხელილი ცოდვა, შენც იცი, ნახევარცოდვაა. თქვი, შე საწყალო, თქვი და გულს მოგეფონება... _ ყურში ხან მაცდურივით ჩამჩურჩულებდა, ხმას ხან მოუთმენლად აუწევდა, ხან ისევ მომნუსხველად ჩურჩულებდა და თან თვალებში გაფაციცებით ჩამციცქინებდა. თან იცოდა, კარგად იცოდა, რა კაცთანაც ჰქონდა საქმე და ყოველი შემთხვევისათვის ფრთხილად იქცეოდა. არ იცოდა, დაეჯერებინა ყოველივე ეს თუ არა. მის ეგეთ უნდობლობაზე მე ჩემდა უნებლიეთ მეღიმებოდა და ფაცხის ამ ბნელ კუთხეში რომ არ ვწოლილიყავ, შემატყობდა წუნკალი ეშმაკობას.
მისი ეს სიფრთხილე ჩემი საჯაყი ამბის ცოდნის წყურვილით რომ მიმეძინებინა, ისევ განვაგრძე:
_ ჰოდა, ერთი სული მაქვს, ჩემო საბალია, ძაან მინდა ჩემი გულის ნადების გადაშლა, მაგრამ რომ ვეღარ გამიბედია? ენა პირში ვერ მომიბრუნებია და რა ვქნა, ბიჭო, რა ვქნა, მითხარი?
ხუცესი თანდათან შესამჩნევად კარგავდა მოთმინებას, იმასაც ერთი სული ჰქონდა, სანამ იმ ჩემს თავის მოსაჭრელ ცოდვას ჩემივე პირით გავამხელდი და კიდევ უფრო მემუდარებოდა.
თვალდათვალ ვხედავდი, მართლა მომაკვდავი რომ ვყოფილიყავი და ცოდვაც რამე რომ მქონოდა, ჩემი გვამი გაცივებულიც არ იქნებოდა, ჯერ სამარის კარამდე მიტანილიც არ ვიქნებოდი, რომ ჩემი ცოდვა ქვეყანას ეცოდინებოდა.
_ თქვი, ჩემო ბათა, თქვი! _ მაქეზებს საბალია და ლოგინზე კიდევ უფრო ახლოს მოიწია, _ არ არის ქვეყნად ისეთი ცოდვა, რის მონანიებაც არ შეიძლებოდეს... თქვი, ჭირის დამალვა ვინ გაიგონა!
_ მაშ კარგი, ჩემო საბალია... ვიტყვი, ჩემი პირით ვიტყვი ყოველივეს...
სიტყვის დასრულებაც ვერ მოვასწარ, რომ შევატყვე, ხუცესს ეჭვმა გაბწკალა გული, მაგრამ ამ დროს ერთი ისე შესაბრალისად ავკვნესდი, რომ ქვა გასკდებოდა ჩემი სიბრალულით. სული რომ მოვიბრუნე, ისევ განვაგრძე:
_ კარგი, საბალია, კარგი... რახან ეგრეა, გეტყვი... გეტყვი, არაფერს არ დაგიმალავ... რახან ასე უკუღმა დატრიალდა ჩემი საქმე, რა გაეწყობა, უნდა გამოგიტყდე... სულიერი მამა ხარ, სხვა არა იყოს რა...
_ თქვი მერე, შე კაცო! მოსჭერ ბარემ და გაათავე! _ მოთმინება დაკარგა ხუცესმა.
მეც ბევრი აღარ დავაყოვნე, მაშინვე პირში მივახალე:
_ ორსულად ვარ, მამაო!
საბა გაოცებისაგან ერთი ისეთი შეხტა, თავზე ის თავისი კუნკულა რომ ჰხურებოდა, ჭერში აუვარდებოდა. მერე წუთით გაბეჩებულმა შემომხედა და პირჯვარი გამალებით გადაისახა.
_ ღმერთო, დაგელოცა სამართალი! _ აღმოხდა ხუცესს გაოცებით, _ კვდები, კაცო, ამ ქვეყნიდან მიდიხარ და თვალი მაინც ეშმაკისაკენ გიჭირავს, შე წყეულო?
_ რა ვქნა, მამაო! _ მოვუჭერ სიტყვა სულიერ მამას ღიმილით, _ შენ რომ ღვთისაკენ დარჩი, მე მაშინ ეშმაკი ვამჯობინე... ეე, რომ იცოდე, რა ბიჭი შემეძინა! სწორედ რომ გიამება.
და ამ სიტყვებით საბანი განივრად გადავიხადე. საბალიამ ჩემი პირმშო შვილის, ჯერ დაუჩუტავი ტიკჭორის დანახვაზე დაუფარავად ჩაიქირქილა და ვითომ განცვიფრებით შემეკითხა:
_ რაა ეგ, შე წყეულო?
_ ჩემი ოფლია, საბალია, ჩემი ოფლი და შენ ხომ სხვისი ოფლი მუდამ დიდად გიყვარდა. აბა მოწრუპე, როგორია?
ხუცესმა თხოვნა აღარ გამამეორებინა, ტიკჭორას მაშინვე ხარბად დაეწაფა. კარგად რომ მოსვა, პირი კმაყოფილებით ააწკლაპუნა.
_ დიდებულია, შენ ნუ მომიკვდები! _ წამოიძახა აღტაცებით და მეც სხვა არა მინდოდა რა, მაშინვე სახლობას გავძახე:
_ სალომე! სალომე! ერთი, შენს გახარებას, ღვინის ჭიქები მოგვიტანე, ხუცესს კოტოში უნდა რომ დამაყაროს.
მაგრამ სალომე ფაცხაში არ იყო. სანამ მე კვნესა-გმინვაში ვიყავ, საწყალს გული ისე გახეთქოდა, რომ თურმე ბახულია ჩემგან განაყოფ შვილებთან გადაეგზავნა, მამათქვენი კვდება და რამენაირად ცოცხალს მოუსწარითო. თვითონ ცრემლი მორეოდა და მე რომ არ დამენახა, ფაცხის უკან ლაფაროში მიმალულიყო, გულდათუთქული მოთქვამდა.
ცოტა ხნის შემდეგ მე და ხუცესი ტიკჭორას ერთგულად ვუჩუტავდით მუცელს და თან ჩვენთვის ხალისიანად ვქირქილებდით. საბალია სიცილს უცებ მოწყვეტდა და საკვირველი სიდინჯით შემეკითხებოდა:
_ კი მარა, ის ჩემი წიგნი მაინც სადაა?
_ სული ვიცხონე, ჩემო საბა, სული! _ სიტყვას მაშინვე ბანზე ვუგდებდი, _ მაშ რა გეგონა? გეგონა, ამდენ ტანჯვას იმის დამწერს ასე უბრალოდ შევარჩენდი? იმისი შიშით შენსას ფეხი ვერ ჩამომედგა. იცოდე, ჩემო საბალია, კარგად იცოდე, რომ ამას იქით შენი ხშირი სტუმარი ვიქნები. ნუ გეშინია, თავს დიდად არ მოგანატრებ და აბა შენ იცი, რა პატივსაც მცემ. შენ რომ დიდებული წინასწარმეტყველების წაკითხვას დამპირდი, გულმა არ მომითმინა და იმის წაკითხვა მომინდა. გამოგიტყდები და, მართლაც რომ დიდებული რამ ყოფილა. შენ კი ბერიკას მეძახი! რატომ ერთხელ მაინც არ შეგრცხვება, მამაო, ჰა? სულიერი მამა ხარ და ქრისტიან კაცს ბერიკას მეძახი. ანდა ვინ იცის, იქნებ მართალიცა ხარ, იქნებ მართლა ბერიკა ვარ და თავი ქრისტიანად ტყუილად მომაქვს? რა ვიცი, რა ვიცი! _ ვესიტყვები ღვინით შეხურებული ხალისიანად და ისევ ვქირქილებთ, ისევ ვლაყბობთ, ჩვენს გაჩუმებას არა აქვს საშველი.
ჩვენ რომ ამ ყოფაში ვიყავით, ჩემი სჯულიერი მეუღლე ოჯახში რაღაცას ფუსფუსებდა და თან მწყევლიდა, მწყევლიდა, მიწასთან მასწორებდა. ვერაფრით ეპატიებინა თავისი თავისთვის, რომ მთელი გრძნობა ჩემდამი ეგრე დაუფარავად გამოამჟღავნა. ამას გარდა, შვილებიც დარჩა მოწვეული. ამ მღვდელსაც პატივისცემა სჭირდებოდა. ის მამალი მგლის შესაჭმელი ძროხაც მოუწველავი იყო. ბატებსაც დაბინავება უნდოდა. ვახშამზედაც უნდა ეზრუნა და თავგზააბნეული სულ გაჩენის დღეს იწყევლიდა. მე რა მექნა მერე? მე ჩემი საქმე მოთავებული მქონდა და ნუთუ მთელი დღის ნაჯაფს ნება არ მქონდა ერთი ჩემი გულის ჭია ჩემს გუნებაზე გამეხარებინა?
_ აა, მოდით, შვილებო, მოდით, თქვენი მომაკვდავი მამა ნახეთ რა ყოფაშია! _ მივაძახე ფაცხაში გაკვირვებით შემომართულ შვილებს. ხუთი ვაჟკაცი, ამათ გარდა, ერთი სიძე და ქალიშვილი კარებში შემოეყუდნენ. მე თვალი შემრჩა ყოველ მათგანზე და მათი ცქერით ვეღარ ვძღებოდი.
_ ხედავ, ხუცესო, ხედავ? შენ იქით მიდექი, ბიჭო! _ შევუტიე სიძეს და გვერდზე ღიმილით რომ მიდგა, ისევ ხუცესს მივუბრუნდი, _ ერთი ამათ დამიხედე, დახედე, როგორ ავსებულან სისხლითა და ხორცით! ერთი ამ ეშმაკის ფეხსაც დამიხედეთ! _ ავყვირდი ჩემი პატარა ბახულიას დანახვაზე, _ ხედავთ, ესეც რომ ვაჟკაცობს! შენ, ეი, ხუცესო, ამასაც ხომ ხედავ? _ და ამ სიტყვებით ხელი ქიონიასაკენ გავიშვირე, _ დასწყევლა ეშმაკმა და ჭინკამ, რა ძვალმსხვილია! ლოყებიც ბროწეულივით რომ აჰღუებია, ტანშიც რომ აღარ ეტევა! შეხეთ, რა გოროზი, რა უკმეხი და თან მიმზიდველი ძუა! თვალწარბიც როგორ კუშტად შეუკრავს _ ეს დედისაა; პირი როგორ უცინის _ ეს ჩემია; თვალები? თვალებიც როგორ კვიმატიანად უციმციმებენ _ ესეც ჩემია! ერთი შვილი გულში ჩაუკრავს, მეორე კაბის კუდში ჩაფრენია, მესამე დირეზე ვეღარ გადმოსულა და საწყალობლად ტირის. მოდით! მიდი, ბახულია, გადმოიყვანე, თორემ ცოდვაა!
_ ეი შენ, ალაჟვერა, _ გამაწყვეტინა სიტყვა ქალიშვილმა და ბახულიას მოასწრო, დირეს იქით დარჩენილი შვილი ცალი ხელით ფაცხაში წიწილივით შემოაპწიალა, _ რა ამბავში ხარ, კაცმა რომ იკითხოს?
მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი განკითხვის დრო დგებოდა და რისხვა თავიდან რომ ამეშორებინა, ხელაპყრობილმა ხმამაღლა დავიძახე:
_ სიბერეში ფეხი ჩამიდგამს, გამოვჩერჩეტებულვარ და იმიტომ დაგიბარეთ, შვილებო! დაგიბარეთ, რომ ერთი რჩევა გკითხოთ! რა ვქნა, შვილებო, რა მეშველება არ ვიცი. ეს დედათქვენი ხომ გადაყრუვდა? დაბერდა და ახლა გადამერია. ვიცი, ტურასავით ვიცი, რომ ღალატს მიპირებს და გადავწყვიტე, გავყმაწვილდე. ასეთია ჩემი უზური და თქვენ რას მირჩევთ?
_ შენს გაყმაწვილებას, მამაჩემო, ღმერთს ისევ ახლის გაჩენა ურჩევნია. შენი გაჩენით ერთხელ იზარალა და სულ ზარალში ხომ არ იქნება? _ შემომიტია ქიონიამ გაავებულად და მეც თავს სინანულით ვაკანჩურებ.
_ რახან ეგრეა, რა გაეწყობა, მოვკვდები. ვაი ის არის, რომ ჩემს ცოლსაც ეს უნდა და ერთი ემაგ ნატვრასაც ავუსრულებ. დედაკაცს რომ ქმარი ჰყავს, ამირანია, როცა დაქვრივდება, ამირანთ ამირანია. ჩემს ხელში ერთი ვერ გაიხარა და მინდა ერთხელ მაინც გულით გავახარო, გავაამირანთამირანო.
_ გაჩუმდი, გაჩუმდი-მეთქი, შენ ჩაგივარდა მაგ პირში ალის ქარი! _ აყვირდა თავისებურად სალომე, მაგრამ მე მის ყაყანს ყურადღებას არ ვაქცევდი. სად მეცალა მისთვის, როცა ირგვლივ შვილები, შვილიშვილები მეხვია! სიხარულით არ ვიცოდი, რას ვბჟუტურობდი, ყოველ მათგანს სათითაოდ შევცქეროდი, მუშტრის თვალით ვამოწმებდი და ყველა სხვადასხვაც იყო და ერთიც იყო, ყოველ მათგანს ერთი ოსტატის ხელი ეტყობოდა და ეს ოსტატი მე ვიყავ. ყველა მოხდენილი, ჯან-ღონითა და სიცოცხლით სავსე და ყოველ მათგანს სახეზე ღიმი დაჰნათოდა, ყოველი მათგანის ფართოდ გაღებულ თვალებში ჭკუა გამოკრთოდა და პირდაპირ, გაბედულად და გულმართლად გამოიყურებოდნენ. მათ ცქერაში მამაშვილურმა გრძნობამ ამიტანა, ხელები განივრად გავშალე და ავყვირდი, რაც ძალი და ღონე მქონდა:
_ მოდით, შვილებო, შვილიშვილებო, მოდით, გულში ჩაგიკრათ. ჩემი ხართ, თქვე ურჯულოებო, გაჭირვებით, ვაი-ვაგლახით გამომიზრდიხართ, ფეხზე დამიყენებიხართ. ვინ მოთვლის, ვინ გაიგებს, რამდენი უბედურება თავს დამტყდომია, რამდენი შავი დღე გამთენებია, ეს გაძაღლებული სული აქამდე მომიტანია და ნუთუ ახლა იმისი ნებაც არა მაქვს, რომ ერთი ჩემი ბებერი ჭია გავახარო? ნუთუ იმისი ნებაც არა მაქვს, რომ ერთხელ კიდევ, ერთხელ კიდევ ზედმეტად თქვენი ცქერით გავძღე და ვეღარც გავძღე? რას იცინით, თქვე ბალაგარებო? მოდით, მომეხვიეთ! შენც, შენც! ჩემო სიძევ, შენც მომეხვიე! რას უდგახარ? ფუჰ, რა უშნოდ ჩამოგიშვია ეგ ქვიქვირი! რა გაცხოვრებს, გოგო, ამ უჟმურთან, მაგასთან რა გაძლებინებს? გახსენი, ბიჭო, ეგ სახე, გაიცინე, ცხოვრებას თვალი გაუსწორე. მოდით, შვილებო, შვილიშვილებო, მოდით და ეს გამოჩერჩეტებული ბერიკაცი გულში ჩამიკარით. ხომ ხედავთ, რომ გამოვტვინდი, ხომ ხედავთ, რომ თავს ხუცესი წამომდგომია და საიქიოსაკენ მიკაფავს გზას. ერთი იმ დედათქვენს შეეკითხეთ: რა უნდა ჩემგან, რას შემომჩენია და ჭკუას რას მეკითხება?
_ ერთი ამ ბებერ მელას დამიხედე რა ყოფაშია! _ წამოიძახა ჩემმა გოგონამ და ჩემკენ გამოქანდა, გულში მხურვალედ ჩამიკრა. მართალი ყოფილა, სიბერეში კაცი ბაღნობას უბრუნდებაო. მეც ბალღად ვიქეც მის ალერსიან მკლავებში. გავიტრუნე. ხმას აღარ ვიღებ და ბედნიერებისაგან ხან ვიცინი, ხან ვტირი და წავხდი, დამრებში მოვიშალე ეს ამდროული კაცი.
_ ჩემი ბებერი ბაბაია! _ მეალერსება ქიონია და ჭაღარით მოსილ თავზე ხელს დაყვავებით მითათუნებს, _ დაბერდა ჩემი ბაბაია, გამოჩერჩეტდა და თავს მაინც არ უჯერებს. დიდი დარდიმანდი ვინმე კია ჩემი ბაბაია, ღვინოს კათხაში რომ ისხამს, თან დოქს ჩასცქერის, ღმერთი არ გაწყრეს და არ გამოილიოსო. ორ ფარას დახარჯავს და ათ იმდენს გაჰყვირის. ასეთია ჩემი ბაბაია, დიდი ლოთიფოთი ვინმეა! _ თან დამცინის, თან მეალერსება და ბოლოს ხელი მკრა, იქით მიმაგდო, _ დაიკარგე, შე ხრონცო და გამოტვინებულო!
_ დავიკარგები, ბაბა! _ ვთქვი მე წყნარი მორჩილებით, _ მართლა დავიკარგები და ერთი იმასაც ვუყურებ, რას მოიგებთ მაგით...
შვილები იცინიან, სიძეს ქვიქვირი ისევ ისე უშნოდ ჩამოუშვია და ხუცესი ზის თავისთვის და ქირქილებს. მე არც ერთ მათგანს ყურადღებას არ ვაქცევ, შემოვტრიალდი და რომ არავინ მოელოდა ისე, ხმამაღლა დავიძახე:
_ სალომე, ჩემო სალომე, რას გაშტერებულხარ, შე ქალო? აბა ვახშამი, ვახშამი! შენ, შვილო, ერთი მარანში ჩაირბინე და იმ ჩხავერს თავი მოხადე! თქვენზე უკეთესი სტუმარი მე არ მომივა და ვის შევუნახო? დედათქვენს რას უყურებთ, შვილებო?
_ ჩუმად იყავი, ჩუმად! _ შემომიტია ქიონიამ გაგულისებით, _ მოთმინებიდან არ გამომიყვანო, თორემ ამ დედაჩემს ჩემთან რომ წავიყვან და დაგტოვებ რიყეზე, მაშინ ნახავ შენს თვალსეირს.
_ არიქა, მიშველე, შვილო! _ წამოვიძახე ხელაპყრობით, _ წაიყვანე, შვილო! ღმერთი, რჯული, არ იზარალებ! დიდებული მეოჯახეა, გარჯილი, დაუზარებელი, ცივ ქვაზე რომ იჯდე, ცივ ქვაზე დაგასახლებს. ჩემი ქება რად უნდა, შენც უკეთ იცი რა ნაქნარობისაცაა. მეცოდება, მენანება, მაგრამ შვილი ხარ, ვერ გაგაწბილებ, წაიყვანე. ჭკუა ხომ წამართვა იმ დალოცვილმა ღმერთმა და ეგ მომცა? ახლა ბარემ ეგეც წამართვით და მერე, ჰაჰაიტ, დავჯდები ამ ჩემივე ხელისგულზე და საითაც ქარი წამომიბერავს, იქით გავფრინდები! ფრთა რად მინდა? უფრთოდაც კარგად გავფრინდები.
_ კაცმა რომ იკითხოს, მაინც საით აპირებ გაფრენას, ბაბა? _ მეკითხება თაღლითური ღიმილით უთუთია. იმავე წუთს სიდუ მომაგონდა ტკივილით, მაგრამ გრძნობა მაშინვე დავიოკე. სიყვარულსა მალვა უნდაო, მეც ვმალე, ვმალე მანამდე, სანამ ძუნწი დედაბერივით არ დამავიწყდა, სად მქონდა დამალული. უთუთიას გადაკრული სიტყვა ბანზე რომ ამეგდო, ღიმილით ვთქვი:
_ ერთი რუსის ქალი მყავს ქალაქში შეყვარებული. რძე და ღვინოა დალოცვილი. აქამდე ჩემს დაქვრივებას უცდიდა და იმას მოვიყვან.
_ ის შენი რუსის ქალი თუ ცოცხალია, ბარე ასი წლის მაინც იქნება ახლა, _ მომიჭრა სიტყვა უთუთიამ. მას ქიონიაც წამოეხმარა:
_ ის რძე და ღვინოც კარგა ლაზათიანად ამჩახდებოდა ამ ხანში.
_ მერე რა ვუყოთ, _ მაინც არ ვნებდები შვილებს, _ სიყვარული ძნელი ყოფილა, შვილებო. იმ ოხერმა არც ხანი იცის და არც დრო. აა, ბაბა, საბალიას ჰკითხეთ, თუ გინდათ, როგორი იყო ის რუსის ქალი.
საბალია ისე გაყუჩდა, რომ ყველამ ერთად დამაყარა სიცილი, მაგრამ ისევ იმ ჩემმა უტუნამ შემიბრალა და ვითომ მართლა სჯეროდა, ისე თქვა:
_ ალბათ ახლაც უყვარხარ იმ თვალდასავსებს.
_ რატომაც არ ვეყვარები? ვუყვარვარ და მერე ეგრე?
_ ფუი, დაშუბა წმინდა გიორგიმ შენი სახსენებელი! _ აკაპასდა სალომე და ქალიშვილთან ერთად ლოგინთან მოდგმულ სუფრას შლის, _ დალახვრა ღმერთმა შენი სახელი. რატომ ის დღე არ დაიქცა, მე რომ შენ პირველად გნახე, _ მლოცავს საწყალი, როგორც შეუძლია, მაგრამ მის სიტყვებს ყურადღებას არავინ აქცევს. ყველა თავისი საქმით არის გართული. ზოგი მარანზეა გასული ღვინის მოსატანად, ზოგი თხას ატყავებს და ზოგიც შეშას ჩეხს.
მალე ვახშამიც გაჩნდა. ყველა სუფრას შემოუსხდა. მე ისევ ლოგინში ვარ და მორთმეულ კერძს მხართეძოზე წამოწოლილი შევექცევი. ვჭამთ ხარებივით. ვსვამთ ხარებივით. ეს დალოცვილი ღვინოც სინათლესავით შედის თავში და მეც თვალებგაბრწყინებული შევცქერი ყველას _ ცოლ-შვილს, სტუმარს და თვალი ვერ ძღება მათი ცქერით. ბოლოს მეტიც ვეღარ მოვითმინე და _ თვითონაც არ ვიცი რით, იქნებ ღვინით მთვრალი, იქნებ სიყვარულით მთვრალი _ ლოგინში საცვლების ამარა წამოვიჭერ და ერთი დავჭყივლე:
_ ჰოუ, ჩაგუნაუ-და!
_ ჰოოო-ჰოოო-ჰო! _ მომაძახეს შვილებმა გუგუნით და ფაცხა ცად აიტანეს სიმღერითა და ტაშით.
_ ჰოუ, ჩაგუნაო-და! _ დავძახე ერთხელ კიდევ.
_ ჰოოო-ჰოოო-ჰო! _ მაქეზებდნენ შვილები და მეც მეტი არა მინდოდა რა. ძირს გადავხტი და კერის ირგვლივ ჩაგუნა დავუარე.
ყველა იცინის. ტაში გახურდა, სიმღერა კიდევ უფრო აგუგუნდა. ღვინო თავში საფუძვლიანად გაჯდა და მეც სულ გადავირიე სიხარულით.
_ ჰაიტ, შენ მართლა ბერიკავ, შენა! _ მომძახის ხუცესი და ფეხებთან მოტანილი ხელებით ტაშს კიდევ უფრო ახურებს.
_ ჩქარი! ჩქარი! _ გავყვირი მე ეშხში შესული და შვილებმაც სიმღერას მოუჩქარეს. სიმღერასთან ერთად მეც ფეხს ავუჩქარე.
_ გადირია, ნამდვილად გადირია ეს საცოდავი! _ გაიძახის ჩემი სალომე და თან დამჭკნარ პირზე ღიმი ნათელად ეფინება. მე ეს კიდევ უფრო მაგიჟებს და რაც ძალი და ღონე მაქვს, ისევ გავყვირი:
_ ჰოუ, ჩაგუნაუ-და!
_ ჰოო-ჰოო-ჰო! _ ისევ გუგუნებს ჩაგუნა, ჩაგუნა კი არა, აგუნა, და ეს აგუნა მე ვარ. მე ვარ ის აგუნა, ღვინითა და ტრფობით მთვრალი, ხვავითა და დოვლათით სავსე, ტახის თავს საწნახელს რომ ურახუნებს.
_ ჩაგუნაუ, ჩაგუნა-და! _ მაინც არ ცხრებიან ჩემი შვილები და მე გიჟური კივილით ჩემს ქალიშვილთან მივიჭერი, ვსარსალებ მის წინ, ვპარპალებ ალივით და თან საცეკვაოდ ვიწვევ. ქიონია ერთხანს ინაზება, არ უნდა გამოვიდეს, მაგრამ როცა აღარ მოვეშვი, ბავშვი დედამისს სიცილით გადასცა, მკლავები გაშალა და ისე წამოვიდა, თითქოს ჩემი გულში ჩაკვრა ჩაედო გუნებაში.
შვილები მღერიან. ტაში ისევ ხურს. იმ ჩემს სიძეს პირი ლენჩივით დაუღია და გაოცებული თვალებით შემოგვცქერის ორთავ მამა-შვილს. მე მას ყურადღებას არ ვაქცევ და შვილი წუთით რომ შედგა, ახლა ხუცესი გამოვიწვიე:
_ გამო, სულის მამავ, გამო, ხორცის მამასთან ერთად იცეკვე!
ის სულწაწყმედილი ისე შეუმჩნევლად დამთვრალა, ეშხშიც ისე შესულა, რომ მართლა დაუარა. ანაფორა აიკარწახა, ხელები განივრად გაშალა და თუ მე მართლაც ხორცი ვიყავ, იმას თავი მართლა უხილავ სულად წარმოედგინა და ჩემკენ ფრიალით გამოქანდა.
_ ჩაგუნაუ, ჩაგუნაუ-და! _ მომძახიან შვილები ხარხარით, მაგრამ ხუცესს თურმე როდი დაეკარგა გონი, ჩვენ გასართობად ჩამოუარა ერთი ხუმრობით და ისევ თავის ადგილას დაჯდა. მე თანდათან შეველ ეშხში და ისევ ქიონია გამოვიწვიე. მისი ქმარი ისევ გაშტერებული შემოგვცქერის და არ ესმის, რა ხდება მის ირგვლივ. ან რას გაიგებს, კაცმა რომ თქვას? უცხო თესლისამ, უცხო ნოგრომ რა იცის ჩვენი მოდგმისა და ჯილაგის ამბავი? რა იცის ქექიების სისხლის ხალისი, როგორ დუღს და გადმოდის იგი? ეს ჩვენა ვართ ძირი და ფესვი ამ ცხოვრებისა. ჩვენ იმ გლერტა ბალახივით ვართ, სამ წელიწადს რომ ყვავის ბუდედ იყო, მერე ძირს ჩამოვარდა და მიწას ფესვი მოსდო თუ არა, შვებით აღმოხდა:
_ ეეხ, კინაღამ არ მოვკვდიო!
ეს ჩვენა ვართ ის ქვიშა, წყალნი რომ წავლენ, წამოვლენ და ის კი ისევ ადგილზე რჩება.
5
მას შემდეგ შავი ჭირივით ამეკიდა საბალია. დღე ერთი იყო და კითხვა ათასი:
_ სადაა, კაცო, ის ჩემი იაგდარი? როდის დამიბრუნებ?
მე, რა თქმა უნდა, ფიქრადაც არ გამივლია, რომ იმ წიგნს ოდესმე დავუბრუნებდი და პირიქით, მიკვირდა კიდეც მისი ეგზომი მიამიტობა.
ახლაც, ამ გაგანია შუადღეს, ჯორზე ამხედრებული მომდგომია და თავისას მაინც არ იშლის იმ თავის იაგდარს ისევ მთხოვს, მეხვეწება, რომ უკანვე დავუბრუნო. მე ვითომ მისი სიტყვა არც გამიგონია. ერთი მაღლა ირიბულად ავხედე და სათქმელი უკმეხად შევუბრუნე:
_ მაგ ჯორზე აბრაგივით რომ აყუდებულხარ და ისე მელაპარაკები, რად კადრულობ, მამაო, ა? მოდი, ჩამოხედ ემაგ შენი ბედაურიდან, დავსხდეთ და ვიმუსაიფოთ. შენი ბათა ჯერ ისე როდი გაღატაკებულა, რომ კაცს ერთი-ორი წვეთი ღვინო ვერ დაალევინოს.
_ აუუ, შენ თუ გიყურე, ამიშენდება კიდევაც ოჯახი! _ თავი განზე დაიჭირა ხუცესმა, _ საღამომდე ისე იქაქანებ, რომ კაცს სულს აღარ მოათქმევინებ. ვისა აქვს ახლა შენი თავი, მამასახლისს ბაღანა ჰყავს მოსანათლავი და შენთან საყაყანოდ სად მცალია!
მე მხოლოდ ახლა გავისაზრე, _ წეღან დიაკვანს რაღაც მზეზე აელვარებული რომ მიჰქონდა, უსათუოდ ემბაზი იყო. ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს გასაკრეჭი ჩემი ძუძუმტე იყო, ჩემს თავს მაინც მამასახლისი ერჩია, მივხვდი, რომ თხას თხა ერჩია ათას სულ ცხვარსა. ჯორს მკერდით მივეყრდენ, უნაგირს მკლავები ირგვლივ შემოვხვიე და ხუცესი შიგ რომ მოვიმწყვდიე, ისე მივმართე:
_ მაშ ეგრე, ხომ? კუდი კუდს გადაგიბამთ და კიდევ მეკითხებით, გული რატომ გეწვისო? დასაბამითგან მოყოლებული შენა და ის მამასულძაღლი მამასახლისი რომ ერთად ხართ, სულს რომ ერთად გვხდით, გულს ეგ მთუთქავს! ვინა გყავთ ცოდვის გამკითხავი? ერთი სცოდავს, მეორე ცოდვებისაგან ათავისუფლებს და ვინა გყავთ ანგარიშის ჩამომრთმევი? ერთად მიდიხართ, მიიმღერიხართ. ღმერთი შორსაა, ისე შორს, რომ მგონი, არც უნდა არსებობდეს და ჩვენ, საცოდავი გლეხები, ვაკვდებით ამ მიწას, ვიხრჩვებით ამ წყალში. ცეცხლში რომ იშოვებოდეს რამე, ცეცხლში შეგვიშვებდით და თქვენ ჩრდილში მოგვიცდიდით, თუ რამე გამოიტანეს, ხელში გამოვგლიჯოთო; ჯაფით ტანს ჭირის ოფლი გვასკდება და თქვენ მოგვდგომიხართ და პირში კიდევ სულსა გვხდით; ტყავს ცოცხლად გვაძრობთ და სულშეჭირვებულნი რომ ვყვირით, ეს არაფერია. თქვენ ძმურად გვანუგეშებთ, გვირჩევთ, ნუ ვიყვირებთ, ნუგეშსა და მათრახს ერთად გვცემთ. ნაობახში გვაგდებთ, ციმბირს გასაგრილებდად გვგზავნით, თუ საჭირო იქნება, ჩამოგვახრჩობთ კიდევაც, იმიტომ, რომ სულელი ცხვრები ვართ და ჭკუა უნდა ვისწავლოთ. და ჩვენს ახალგახდილ ტყავს რომ ორთქლი ასდის და ტყავგახდილნი ვტირით, ეს არაფერია, ეს ორთქლი კი არ არის, ჩვენი სულია, სული, ცოდვებისაგან გათავისუფლებული, საიქიოს სანეტაროდ მიემგზავრება. თუ ასე გაგრძელდა, ვიცი, კარგად ვიცი, რომ საქმე სულ სხვანაირად მოტრიალდება. რა ვქნათ, მანამ უნდა ვითმინოთ, სანამ ყრუნი ვართ და თქვენ კიდევ უფრო გვაყრუებთ, უსინათლონი ვართ, თქვენი კიდევ უფრო გვაბრმავებთ, უთქმელნი ვართ, თქვენ სულ გვამუნჯებთ და მერე, როცა ამდენ ყრუ-მუნჯებს პატრონი დაგვჭირდება, თქვენვე გვპატრონობთ, გვმწყემსავთ, რომ მგელმა არ მოგასწროთ ჩვენი შეჭმა. შენ გვიქადაგებ, მამასახლისი თავში გვიბასკუნებს და ორივე ერთად ტკბილად, ძმურად გვაძრობთ ტყავს და ჩვენ, ამ საწყალ ცხვრებს, პეტელის ნებაც არა გვაქვს. ათას ზარმაცსა და მუქთახორას გინახავთ და ნამუსი მაინც არა გაქვთ, ზურგზე კიდევ უფრო მძიმედ გვაწვებით. ეს ზურგი, ბიძია, ჩვენს გამჩენს იმიტომ კი არ მოუცია, რომ თქვენ მოგვჯდეთ. უსაქმობის დროს საფხანად მოუცია და თქვენც გვფხანთ, როგორც შეგიძლიათ და გაგივათ, მაგრამ ხელით კი არა, მათრახებით. შენ გვასწავლი, ხორცი ცოდვააო, სამოთხის გზაზე დამდგარ ცხვარს დუმა ამძიმებსო და აკი გვათლით კიდევაც; მაშ რა უნდა ქნათ? გეშინიათ, სამოთხის გზაზე დამდგარი ცხვრები დუმამ არ წაგვაქციოს. დუმის გულისთვის სულსაც ხომ არ დაღუპავთ? გაჭირვება რომ გვაპეტელებს, ეს არაფერია. განა სულისათვის ყოველივე არ უნდა დავთმოთ? დუმა რომ შემოგელევათ, მერე ხორცს მიდგებით და მაშინ კი ფრთხილად იყავით, ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაბრაზდა, ცხარეა.
_ გაჩუმდი! გაჩუმდი, შე ყიამყრალო, არავინ გაგიგოს, თორემ ციმბირს აქეთ დაგატოვებინებენ! _ შემომიტია ხუცესმა გაწიწმატებით. მერე აქეთ-იქით გაფაციცებულად მიიხედ-მოიხედა, ჩვენი სიტყვები ხომ არავის გაუგონიაო და ისე განაგრძო, _ მეორედ არსად წამოგცდეს, შე საწყალო, თორემ თუ პანაშვიდი არა, პარაკლისის გადახდა მაინც არ აგცდება.
_ რა ვიცი, ჩემო საბალია, ამ პარაკლისებსა და პანაშვიდებში შენ ისე დამრგვალდი, გულზე ჯვარი რომ არ გეკიდოს, წინ და უკან სადა გაქვს, კაცი ვერ გაიგებდა.
ხუცესი მთლად გადაირია. სხვა რომ ვერა მოახერხა რა, თავზე ქოქოლა გადამაყარა:
_ ფუი, დაგწყევლა, დაგშუბა მამა ზეციერმა! _ წამოიძახა და ხელები ისე აასავსავა, თითქოს მავნეს იგერიებსო. მერე ჯორი გამეტებულად შეაბრუნა და არც გამომთხოვებია, ისე წაჩაქჩაქდა. თან მათრევდა, მლანძღავდა, ჩემს სახელს საქვეყნოდ აქიაქებდა.
გულმა მაინც არ მომითმინა და ღიმილით გავძახე:
_ საბალია, შე კაცო!
მაგრამ შენც არ მომიკვდე, ყური არ მათხოვა. მე მაინც არ მოვეშვი:
_ ერთი მაინც მომიხედე! საქმე მაქვს, შე კაცო!
ხუცესმა ჯორი შეაყენა. მომიბრუნდა და კი არ თქვა, შემომღრინა:
_ რა გინდა, შე ეროყიავ?
_ იმ შენს წიგნს ნათლობაზე გამოგიგზავნი და თუ ხათრი გაქვს, ერთი ქადაგება იმ ჩვენს ბოქაულსაც წაუკითხე, იმისი ჯავრი გულში ხინჯად ჩამვარდნია და იმით გადაუხადე.
საბალიამ ერთი ღონივრად გადააფურთხა და ხმაც არ გამცა, ჯორი ისევ შეაბრუნა, ისევ წაჩაქჩაქდა.
მარტო დავრჩი. სოფელს მივაყურე _ მიწყნარებულიყო. ოქროს რახტივით დაფანჩული მზე ისევ ოქროს ფრინველივით ეკიდა ცაში, ისევ ისე გულჩათხრობილად მიდუდუნებდა რიონი ფლატეებიან ნაპირებში, ეს ამოდენა წყალი, მღვრიე, ზანტი და განიერი, სავსე კალთასავით გაშლილა და ზედ ჩემი ბორანი ოდნავ შესამჩნევად ქანაობს. მე ხარბად გავცქერი წყლის სადინელს და მეჩვენება, რომ ამ ძველთაძველი მდინარის სათავე ჩემი გულია, მისი დასასრულიც ჩემს გულში იფარება. იქ, ქალაქში რომ ვიყავ, ვინ მოთვლის, რამდენჯერ მომნატრებია მისი ნაპირები, რამდენი ცრემლი მიღვრია _ იქ ვისწავლე მისი სიყვარული, ოცნებით თვალით მას დავტრიალებდი, ჩემი ფიქრი იქ იყო, ეს ფიქრები მიქროდნენ მის ნაპირებზე აშრიალებულ უღრან ტყეებში: ანჯელში, სირიაჩქონში, ქვალონში, ჭალადიდში, თვალშეუდგამ ეწერში, ჭილოფითა და ლელიანით რომ არის დაფარული და იქ, ცის დასალიერში, მღვრიე ტალღები ზღვის ლორთქო ტალღებს რომ შეერთვოდნენ.
ოცნებად წასული ვიდექ და შევცქეროდი ცას, თავზე უზარმაზარი მინის გამჭვირვალე გობივით რომ მეხურა, გავცქეროდი მოღაღანე ყანებს, მინდვრებს, ლაქაშითა და კვატაცით დაფენილ ჩქონებს, მონადირენი, მეთევზენი და ტყის მკაფავნი ნადირის, ფრინველის, თევზისა და შეშის ზიდვას რომ ვერ აუდიან. აქ დიდი ცხოვრებაა გაშლილი, ცხოვრება ყოველგვარი სულდგმულისა. უჩინრად იბრძვიან, ჭამენ ერთიმეორეს, პეპლაობენ, ტობობენ, ნაყოფიერდებიან, იხოცებიან და მათი ბრძოლა სისასტიკითა და ვაჟკაცობით არ ჩამოუვარდება ადამიანთა სისხლისმღვრელ ომებს, მათი სიყვარული ისევე თავდავიწყებულია და გატაცებული, როგორც ჩვენი, ადამიანებისა და მათი სიკვდილი იმდენად გმირულია და გულის ამადუღებელი, როგორც ჩვენი სიკვდილი და დარდი სიცოცხლის ამაოების გამო. ვგდივარ და მესმის, როგორ კვნესის სულშეჭირვებულად ბაყაყი ლელიანში, როგორ გუდავს მას გველი და ნემსივით გრძელი, ფრთაგამჭვირვალე მწერი ტანაჯორი თავს როგორ დაჰფარფატებს. ნაპირიდან ნაპირზე გაბმული ანკესები ირხევიან წყლის ზედაპირზე ატივტივებული ფელოზებით და აქვე, კარავთან, შრება მზეზე ჩემი ჩრდილისფერი ფარონი ბადე.
სადღაც სხლტეებში თხა თვლემის მომგვრელად აჟღარუნებს სარაკუნას და კვიმატიანად გაისმის მისი `ბე-კე-კე~. აი თეთრი გედები თეთრი პერანგებივით ჩაეშვნენ რიონში და განა ასეთი კუთხის გამო არ ღირდა ფიქრი და ოცნება? ყოველივე ეს ჩემია, ყოველივე ეს მე ვარ და რად მინდა, ერთი მითხარით, სხვა სამოთხე? რად მინდა ის ბედნიერი საიქიო, როცა აქაურობაც კარგად მყოფნის? მე აქ ცხოვრება მირჩევნია, ამ მიწაზე. ამ ცის ქვეშ ყოფნა მინდა და ვაქნევ იმ სამოთხეს, სადაც არც ჩემი ყანები იქნება, არც ეს ბორანი, არც ხარები და არც ფრინველნი, ყოველ სისხამ დილას ადგომას რომ ვასწრებ და პირდაბანილი, ნასაუზმევი გავძახი:
_ გძლიე! გძლიე!
იქ, საიქიოს, რა უნდა საჯავახოს ამ ლაინისფერ მთებს და მე ხომ უმათოდ ყოფნა არ შემიძლია! მე აქაურობა მინდა, მაგრამ ვაი ის არის, არ მაცლიან ერთი ლაღად ამოვისუნთქო ჩემს მიწა-წყალზე, ჩემსავით ადამიანები გადასახადს მაძრობენ ზურგზე იმაში, რაც მათ არ მოუციათ. იმ წუნკლების, ჩაფარ-ბოქაულების მოგონებაზე სევდამ ამიტანა. მინდა ჩემი გულისტკივილი ვინმეს გავუზიარო, რადგან ნათქვამი ჭირი ცეცხლია, მაგრამ უთქმელი ხომ ცეცხლზე უფრო ცეცხლია. ახლა გაგანია მუშაობის დროა და ყველა საქმეშია. არავის ჩემთვის არ სცალია. არც გადამსვლელი და არც გადმომსვლელი არ არის ამ წყალზე და ჩემი ბორანი სამუდამოდ მიტოვებულივით ირხევა დარტყმული ტალღისაგან. ჩემი შვილები, კუთხე-მეზობლები გაღმა ყანაში იმყოფებიან, ზოგი სიმინდს ბარავს, ზოგი ტყეში შეშის საჭრელად არის წასული, ზოგიც ნარიონალში თევზს იჭერს და სოფელი ბაღნებსა და დედაკაცებს დავლად დარჩენიათ. მეც მარტო ვარ, თავი უსაქმობით გამბეზრებია და იქ, ყანაში, ჩემი შვილების გვერდით თოხნა და ყაყანი ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ რა ვქნა, შიგ რომ არ მიშვებენ! მაშ რა ვქნა? ვგდივარ მოცლილი, ოცნებას გავუტაცნივარ და ხანდახან ჭკუა იმნაირად მომიტრიალდება, რომ ეს კურთხეული ცისქვეშეთი მუდამ სხვანაირია, მოხედვასაც ვერ მოასწრებ, რომ ის სახეს მაშინვე იცვლის. დახუჭავ თვალს, ისევ გაახელ, ისევ სხვანაირია, კიდევ უფრო წარმტაცი, კიდევ უფრო მშვენიერი.
ეგრე რომ ვოცნებობდი, თან თვალი ფრთხილად მეჭირა სოფლისაკენ; რამდენადაც ჩემი ფიქრები მაღალფარდოვანი იყო, იმდენადვე თვალბასრი ვიყავ. ვხედავდი, ამ დასავსებ თვალებს რა გამოეპარებოდა, თვალ-ყურს გაფაციცებით ვადევნებდი, როგორ მოაჭენებდნენ ისინი ცხენებს თქარათქურით. მგელმა თქვა: ჩემს დამჭერ ძაღლს ერთის შეხედვითვე ვიცნობო. მეც ერთის შეხედვით ვიცან ისინი, ჩემი არამკითხე პატრონები. მათ დანახვაზე ის ჩემი თითო გროშობით ნაწებებ-ნაგროვები, ის შვილივით ნალოლიავები ოქროსთუმნიანი მომაგონდა, ხონჯრის ყურში შავი დღისათვის რომ მქონდა გამოსკვნილ-შენახული და თვალთაგან ცეროდენა ცრემლი წამვარდა. ღმერთო, ეს რა ჟრიამული ატყდა ასე ერთბაშად ჩვენს სოფელში? რას გაჰკივიან დედაკაცები, რა ატირებს ბავშვებს, რად ყეფენ ძაღლები? რად წივის ასეთი განწირული ხმით წვრილშვილის პატრონი ქვრივ-ოხერი კესარია? ან იმ ეზოში რა ჟივილია? ან იქ, საისლის უკან, რად ბღავის ძროხა? ეეხ, ეს ჩვენი მამასახლისია, ჩვენი ჩაფრებია, ეგრე რომ გალაღებულან და ეზო-ეზო სახელმწიფო გადასახადს ბოჭავენ. ვისაც ნაღდი არა აქვს, რა ქნას საწყალმა მამასახლისმა? ძროხა, გოჭი და ინდაური განა აქვე არ იმყოფებიან? ფულის მაგიერ იმათ მიელალება და თუ საჭიროებამ მოითხოვა, ამასაც აღარ დასჯერდებიან. პირში სულს ამოგხდიან. სოფლის ჟრიამული ისე თანდათან ახლოვდება, რომ ვიცი _ ამას რა დიდი ცოდნა უნდა _ მალე ჩემამდეც მოაღწევენ, ჯიბეს მალე მეც უკუღმა გადმომიბრუნებენ და იმ ჩემი შვილების ოფლით, ჩემი მოხუცი მარჯვენით ნაშოვარ ალალ გროშ-ფარას სულ კაკალ-კაკალ დამათვლევინებენ. თუ გავჭირვეულდი და ნებას არ დავყევ, ერთ-ორ კაი-კაი მათრახსაც ზედ სართად დამიმატებენ.
_ ვაიმე, ვაიმე! _ წინდაწინვე მოვთქვამ, დავტირი იმ ჩემს წითელ თუმნიანს, მაშ რა ვქნა, სხვა რაღა დამრჩენია? აბა სად გაგონილა, რომ თხას თავისი ტყავის გახდა თვითონვე უხაროდა? მოდი, ბაბა, დაგვაყენეთ ჩვენთვის და არ გვინდა თქვენისთანა პატრონი. მოდი, ბაბა, დამანებეთ ეს ეზოსავით ლურჯი ცა და ზედ რომ ხბოსავით ვიკუნტრუშო, ამით თქვენ რა დაგიშავდებათ, ან გადასახადს რად გვახდევინებთ. მოდი, ბაბა, ჩვენთვის დაგვაყენეთ ამ მიწაზე, ცოცხალი ზედ დავწვებით და მოვკვდებით _ ზედ წაგვაყრიან. მიმიშვით, ბაბა, ამ ხეებთან, ამ წყალთან და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ გონიერნი ვართ და არავისი პატრონობა ჩვენ არ გვჭირდება. მე კარგად ვიცი, დანგით დანგამდე მაქვს გამორწყული, რა ფასიც მიჯდება თქვენი ბატონ-პატრონობა. გამოცდილებით ვიცი, რომ ქომაგი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მტრისა და დუშმანის გასტუმრება. ამიტომ ჩამომეცალეთ, ბაბა, მოუშვით ის მტერი ჩემთან! ვიცი, კარგად ვიცი, რომ ის თქვენზე უარესი მჭამელი არ არის, მაგრამ ვაი, რომ ყურს არავინ მიგდებს! მათი ხმაური ეზოდან ეზოში თანდათან გადმოდის და თანდათან ახლოვდება.
6
როგორ შევცდი, როგორ მოვღორდი ეს ამდროული კაცი! მეგონა, ალბათ თუ დავავიწყდი-მეთქი. მეგონა, ალბათ დაავიწყდათ ეს ერთი უმანკო ცხვარი რიონის პირად-მეთქი და, ხედავ, რა ამაოდ მიხაროდა. ეს წუპაკი მამასახლისი არც ისეთი სულელი ვინმე ყოფილა, მე რომ მეგონა. ეეხ, ჩემი საქმე მართლაც იმ თხასავით ყოფილა, ღმერთს რომ შესჩივლა:
_ ღმერთო, ისე რად გამაჩინე, რომ ჩემს შესაჭმელად თვალი ყველას ზედ რჩებოდესო!
_ რა ვქნა, ჩემო ქმნილებაო, _ მიუგო ღმერთმა, _ ისეთი ხარ, რომ შენი შეჭმა მეც მომინდება ხოლმეო.
ჩვენც იმ თხასავითა ვართ. ყველას ჩვენი შეჭმა უნდა, ყველას ამ ჩემს კაჭალ თუმნიანზე რჩება თვალები, ათასი პირი უცდის და თქვენც... ჰაიტ, თქვე წუპაკებო, თქვენც რაღას დაგიღიათ ეგ პირი? ეეჰ, ჩემი საწყალი თუმნიანი, ჩემი სულელი თუმნიანი! ალბათ იმიტომ არის ასე წითელ-წითელი, ასე მოხატულ-მოჩითული, რომ ყველას მისი მადა ჰქონდეს. მე და ეს ჩემი თუმნიანი ერთ დღეში ვართ ჩავარდნილი. ღმერთო, მადლობელი ვარ, მოხარული ვარ, რომ ეს ქვეყანა ეგრე მოხატული, ეგრე მოჩითული მაჩუქე, მაგრამ ეს მამასახლისი და ჩაფრებიც რომ მაჩუქე, მითხარ, რისთვის მინდოდა? ღმერთო, ნუ მიწყენ და, მე უარს ვამბობ ეგეთ საკუთრებაზე. ღმერთი, რჯული, არაფრად, სრულიად არაფრად მესაჭიროებიან ისინი. პირიქით, მე ვჭირდები მათ და ეგრე რომ არ იყოს, განა ისინი თავისი ფეხით მეახლებოდნენ? პირიქით, მაშინ მე თვითონ უნდა მერბინა მათთან. აი, მე ვიხედები ჩემს სიგელ-გუჯარში, ჩემი ნასყიდობის ქაღალდებში და ყველგან სიტყვასიტყვით წერია, რომ მე სულ რაღაც ორქცევა-ნახევარი საყანე მიწის პატრონი ვარ, ამისი ნახევარიც საეზოვე მაქვს, ეს ერთი ბორანი მაბადია და, აჰა, ეს არის და ეს! არსად არც ეს მამასახლისი და არც მისი ჩაფარი არ მიწერია და რას მეძალებიან, რომ ვერ გამიგია! ამიღეთ და გადამისროლეთ ამ რიონში _ თევზივით ავცურდები; ამიღეთ და მისროლეთ ცაში _ ჩიტივით გავფრინდები; ამიღეთ და ჩამაგდეთ ცეცხლში _ სალამანდრად გადავიქცევი; ცოცხლად დამმარხეთ მიწაში _ თხუნელად ვიქცევი, მაგრამ ამ ხელისგულივით მიწაზე რომ დამსვით და ისე დამტოვეთ, თქვენ თვითონ მითხარით, რად ვიქცე, სად დავიმალო, რომ ამ ნაგაზმა ჩაფრებმა ვერ მომაგნონ?
_ აბა შენ, ეი, გატლეკილო, ხელმწიფეს სამსახური რომ უნდა, ხომ იცი? _ შემომიტია მაქსიმე მამასახლისმა და მე გავოგნდი, ერთხანს არ მესმის, რა ხდება ჩემ ირგვლივ.
ერთი ამ წყეულ ჩაფრებსაც დამიხედეთ, როგორ შესაჭმელ ლუკმასავით მიცქერიან და თან მსუნაგად ინერწყვებიან. შემჭამენ, ნამდვილად შემჭამენ და მასწავლეთ, თავს რით ვუშველო!
გასაქანი რომ აღარ მქონდა, ენა მუცელში ჩავიგდე. ხმის ამოუღებლად ვდგავარ ერთ ადგილას და ილაჯი ისე წამერთვა, რომ საძრაობის უნარიც დამეკარგა. ვხედავ, კარგად ვხედავ, როგორ იწკვერტავენ ულვაშებს ჩემი შეჭმის სურვილით ატანილი ჩაფრები; მესმის, კარგად მესმის, როგორ ირტყამენ ჩექმის ყელზე მათრახს ტკაცუნით და ვიცი, ამას რა დიდი ცოდნა უნდა, რომ მათი ჩექმის ყელიდან ჩემ ზურგამდე არც თუ ისე დიდი მანძილია.
_ არ გესმის, შე ეროყიავ და ხალხის ამრევ-დამრევო, გადასახადს ჩამოდი-მეთქი! _ არ მეშვება მამასახლისი.
_ ლანძღვას რას მემართლები, უფალო მამასახლისო? _ ვამბობ თავის მოსაწყლებით და რატომღაც აქავებული კისერი ღონივრად მოვიქექე, _ ფული ვინ მომაშავა? ამ ბორანს თუ ხედავ, ეშმაკისაა. ყველა ნისიად გადი-გამოდის და ბათას თუ უჭირს, ამას კაცი არ ფიქრობს. აა, ბატონო მაქსიმე, ერთი ამ ხელებს დამიხედე, ტყავი მაქვს ზედ გადამძვრალი და ჩემი საშველი მაინც არაა, სიღარიბიდან მაინც ვერ ამოველ. გოჭის კუდივით არც დავგრძელდი და არც დავმოკლდი. შენ კიდევ რაღას გვემართლები? _ ვემუდარები მაქსიმეს, მაგრამ ის ჩემს მუდარას ყურაღდებას არ აქცევს. ულვაშები ვირის ყურებივით დაუწკვერტია და ჟღალ თვალებს ისე პრაწავს, თითქოს ცოცხლად შეჭმას მიპირებდეს.
_ ფულს ჩამოდი, ფულს! _ შემომიტია უხიაგად, _ შენთან სალაქლაქოდ სად მცალია. ნათლობა მაქვს... შინ სტუმრები მიცდიან.
_ ცოდვა ვარ, მაქსიმე, _ ვცადე ერთხელ კიდევ მისი გულის მოლბობა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მის გულს არაფერი არ ეკარებოდეს.
_ ჰეჰეიტ, ჩაფრებო! _ ბრძანა მაქსიმემ და ულვაშები თავზარდამცემად ააცმაცუნა.
მაშინვე შევატყვე, რომ მისგან ხეირი არ გამოვიდოდა, ისიც შევატყვე, რომ ამ დროულ კაცს მისთვის იქნებ ერთი-ორი მათრახიც ზედმეტად გამომეტყუებინა და კვნესით, ოხვრით ხონჯრის ყურში ჩასკვნილი კაჭალი თუმნიანი ხელის კანკალით ძლივძლივობით გამოვხსენი და ჩემს შემჭმელს ხელში თვალცრემლიანმა შევაჩეჩე.
საწყალი თუმნიანი, კაჭალი თუმნიანი, იმის ხელში ობლის ცრემლივით აცინცხლდა და წავიდა... წავიდა ჯიბეში... ჩემსაში კი არა, იმის ჯიბეში.
_ ეეჰეჰე! _ ვკვნესი გულდათუთქული და თითქოს საგანგებოდ, წყევლა-კრულვა, მათრახის შხუილი და ურმის ჭრიალი ერთად შემომესმა. ჩაფრებს ურმები ნაძარცვით დაეტვირთათ, გინებით, ლანძღვა-თრევით მამასახლისის შინისაკენ მიემართებოდნენ და თან მოთქმა-კივილით ადევნებულ დედაკაცებს, ბალღებს მათრახების შხუილით იგერიებდნენ. მე მაშინვე ვიცან ეს ჭრელი ზანდუკები, ნოხები, სარკეები, აკვნები, მარჩენალი ძროხები, გოჭები და ინდაურები. ისე კარგად ვიცან, რომ თუ გინდათ, სათითაოდ ჩამოგითვლით, რომელი ვისია და ამდენი ჩამორთმეული ბარგი-ბარხანის დანახვაზე გულს სისხლი მევლება, თვალი ცრემლით მევსება. სად არის სამართალი? სად არის ღმერთი იმ თავისი მოყვასის სიყვარულით? _ ვჩივი ჩემთვის, ვოხრავ და ერთბაშად ხუცესის ის ქადაგებათა წიგნი მომაგონდა.
_ მაცა, ჩემო მაქსიმე! _ წამოვიძახე და ჩემივე ხმის მე თვითონვე შემეშინდა. მხოლოდ ახლა ვიგრძენ, როგორ ამვსებოდა გული ბოღმითა და მრისხანებით, _ ცოტაც მომითმინე და შენთვის ერთი ძღვენი მაქვს, იმას გამოგიტან.
კარავში ხელდახელ ავირბინე და ის იაგდარი საჩქაროდ გამოვიტანე.
_ ასე მტერი და ავი დაგიმარცხდეს, ჩემო მაქსიმე! _ წამოვიძახე და ხბოს ტყავით დაკანული წიგნი მიწას ისე ღონივრად დავანარცხე, რომ ეს ამოდენა იაგდარი ნაკერავებში დასკდა და მამასახლისის ფეხებში სულ ფურცელ-ფურცელ დაიშალა. ერთ მათგანს დავწვდი, ხელში მოვშმუშნე და ისე გავუწოდე:
_ ა, ბატონო, ნახე რა რბილია! ამით ქონიანი ულვაშის შეწმენდას რა ჯობია? მიირთვი, ჩემო მაქსიმე, მიირთვი! შენთვის ქაღალდი კი არა, სული არ მშურს. ზოგი სუფრაზე ხელის შესახოცად დაალაგე, ზოგიც თუთუნის გასახვევად გამოგადგება... _ ვურჩევ და თან ერთ დიდ დასტას ხელში ვაჩეჩებ. მერე ერთ ფურცელს ხელში აზიზად ვიღებ, სამყურად ვკეცავ და ახლა იმას ვასწავლი, როგორ მიიტანოს სუფრაზე და რა შნოთი და ლაზათით დაალაგოს.
_ ყოჩაღ, ჩემო ბათა, ყოჩაღ! _ გული აუჩუყდა ჩემი ყურადღებით მაქსიმეს, მაგრამ იმდენად მაინც არა, რომ ის თუმნიანი უკანვე დამიბრუნოს, _ მალადეც, ჩემო ბათა, მალადეც! სამაგიერო ჩემზე იყოს, _ განაგრძობს იგი ღიმილით და იაგდარის ფურცლებს იღლიაში რომ იჩრის, თან ულვაშებს პირგახსნილი მაკრატელივით აცმაცუნებს.
_ იმაზე უკეთესი სამაგიერო რა იქნებოდა, ჩემო მაქსიმე, რომ ასეთი ძვირფასი სტუმრებით უფრო იშვიათად მოგვაკითხავდე! ოო, შენ არ იცი, ჩემო მაქსიმე, რა ძვირფასნი არიან ისინი ჩვენთვის, რა ძვირფასნი... აკი ამიტომაც არის, რომ მათი არსებობა ჩვენ ეგრე ძვირად გვიჯდება, _ ვექილიკები მამასახლისს და თან თვალი მარჯვედ მიჭირავს, მეშინია, მოწყალების მაგიერ მათრახმა არ გაიშხუილოს ჩემს ზურგზე.
_ დიდი ეშმაკი ვინმე კი ხარ, ჩემო ბათა, დი-იდი ეშმაკი! _ თქვა მან სიტყვის გაგრძელებით და თან მხარზე ხელს ალერსით მითათუნებს.
ამდენი ქაღალდის ერთად დანახვაზე ჩაფრები ქორებივით წამომესივნენ. იფიქრეს, ყვავი გამოჩერჩეტდა და მოდი, კაკალი გავაგდებინოთო, მეც თავი კიდევ უფრო მოვისულელე და ყველას ვურიგებდი, ვურიგებდი ისე ხელგაშლილად, თითქოს მათთვის სულიც არ მშურდა:
_ წაიღეთ, ბაბა, ნუ მერიდებით! წაიღეთ, წაიკითხეთ, თუთუნი გახვიეთ და გააბოლეთ. ამ ქაღალდებში, ამ ნაწერში დიდი სიყვარულია ჩაქსოვილი, ოო, თქვენ არ იცით, შიგ რა ღრმა გრძნობებია ჩაწმახნული! _ გავიძახი აღტაცებით და თან აქეთ-იქით წამოსეულ ჩაფრებს ხუცესის წიგნის ფურცლებს გულუხვად რომ ვურიგებ, ორიოდ ფარატინას ჩემთვისაც ვინახავ.
ქაღალდი რომ გამოილია, ცარიელი ხბოს ტყავის ყდაღა დარჩა. ავიღე და აღარც ის დავიშურე, ისიც ჩაფრების იმ ღრანჭმოქცეულ უფროსს ვაჩუქე, რადგან მისმა მეტყველებამ სულ წარიტაცა ჩემი გრძნობა-გონება. აქედან მოვუარე იმ ყიამყრალს, იქიდან მოვუარე და პირში ისე ჩავხედე, მაგრამ მაინც ვერ გავუგე, საიდან ამოსდიოდა ეს მქისე ხმა, პირიდან თუ ცხვირიდან.
_ აბა, ახლა ნახვამდის, ჩემო ბათა! _ მომაძახა მამასახლისმა და შინისაკენ შეტრიალდა.
_ ნახვამდის არა, ჩემო მაქსიმე! მშვიდობით, მშვიდობით! _ გავეხუმრე ისე, რომ ხუმრობა მართალი ყოფილიყო. რა მექნა? ეშმაკი ხელს სალამისათვის რომ გამოგიწოდებს, ფრთხილად სწორედ მაშინ უნდა იყო, კუდი უნდა გაუქიცინო და ხელი შორს დაიჭირო, რომ არ ჩაგაფრინდეს და პირისაკენ არ გაგაქანოს.
_ ჰაიტ, შე ყიამყრალო! _ შემომიტია მაქსიმემ ალერსიანი ხუმრობით და მეც რა დამრჩენია, ვთბები მისი ხუმრობის ქვეშ.
_ აბა, შენ იცი, რა მარჯვედ იქნები. თავი არავის დააბრიყვებინო, კაცო! ჰოდა, ის შენი ბიჭი რომაა, მურზაყანი, უთხარ, თავს ნუ იგდებს, ახალთაობის კაცებში ნუ დაძვრება.
_ ვეტყვი, ჩემო მაქსიმე, უსათუოდ ვეტყვი, _ ვამბობ მოწიწებით და ყოველ მათგანს სათითაოდ ვეთხოვები.
_ ჰოდა ასე! ნახვამდის!
_ გმადლობ, უფალო მაქსიმე! გმადლობთ, ჩემო საყვარელო ჩაფრებო! თქვენი იმედით გვიდგას პირში სული. თქვენ რომ არ გვყავდეთ, ვიცი, სხვანაირად იქნებოდა ჩვენი საქმე, მაგრამ ეეჰ!
მაქსიმემ ერთი დაეჭვებულად შემომხედა. მერე წყნარად მომიახლოვდა, ახლა თვალებში ჩამაჩერდა და შემეკითხა:
_ რა გინდა, მაგ სიტყვებით რომ თქვა?
_ არაფერი! _ მოვუჭერ მაშინვე სიტყვა, _ რა უნდა მინდოდეს, შე კაცო? ის რომ ვიცოდე, რა მინდა, პატრონად არც შენ მეყოლებოდი. ყრუ ვარ, ჩემო მაქსიმე, და შენ ხარ ჩვენი ყური; ბრმა ვარ, ჩემო მაქსიმე, და შენ ხარ ჩვენი თვალი.
მაქსიმე წელში ამაყად გაიმართა. ცალ ფეხზე ერთი დარდიმანდულად შეტრიალდა, მაგრამ ბოლომდე თავის მოწონება არ დასცალდა. ის ოხერი ხმალი ფეხებში ღორის უღელივით გამოებლანდა და ძირს ისეთი ზღართანი მოსძვრა, რომ მიწაზე სული თუ დაჰყვებოდა, არ მეგონა. ჩაფრები მაშინვე მისცვივდნენ და ეს აყლაყუდა კაცი ფეხზე რის ვაი-ვაგლახით წამოაყენეს.
_ რამე ხომ არ გეტკინა? _ შევეკითხე ვითომ მზრუნველობით.
_ არაფერი, ჩემო ბათა, არაფერი არ მტკენია, _ თქვა მან გაწბილებულად და მე კი მინდოდა, რომ ყველაფერი სტკენოდა.
_ ეს შუბარძამი ლეკური რავა სულ ფეხებში მედება, _ წამოიძახა ჩვენმა პატრონმა გაგულისებით და შუაში გაღუნული ხმალი თავის ქარქაშიანად ფეხის დაბჯენით გაასწორა. მერე ცხენს მოახტა და ჩაფრებს მრისხანედ გადახედა. იმათაც დიდხანს არ დააყოვნეს, მაშინვე ცხენებზე გაჩნდნენ.
_ აბა, შინისკენ! _ გადასძახა და მოსწყდა ადგილს. ისინიც, ის მისი დამქაშებიც, თან მიჰყვნენ თავიანთ მბძრანებელს. წავიდნენ, თქარათქურით გაფრინდნენ ჩემი
მხსნელები და თან წაიღეს ის ჩემი საწყალი ცინცხალი თუმნიანი. წაიღეს, თან გაიყოლეს ალაფით დატვირთული ურმები და თან დაედევნენ ჩვენი დაწიოკებული ჯალაბნი. ისინი კი, ის მათი ქმრები, მამები და ძმები, არაფრის ბაიბურში არ იყვნენ: გაღმა ყანებში ისევ ისე თავაუღებლად მუშაობდნენ და ისევ ისე დიადად მოისმოდა მათი ოდოია და გახურებული შრომის გუგუნი.
7
მარტო დავრჩი. ვიდექ და ყურს ვუგდებდი, როგორ გმინავდა ჩემი დარბეული სოფელი, როგორ ყეფდნენ აწრიალებული ძაღლები ეზოებში. კრიახებდნენ გულგახეთქილი ქათამ-ინდაურები. ჟიოდნენ დაწიოკებული ბავშვები.
ხელი დარდიანად ჩავიქნიე. ნაცემი ძაღლივით აწკმუტუნებული, ძლივძლივობით ავფორთხდი ჩემს თაბიაზე და ჭილოფზე გულდარდიანად წამოვწექი.
წყლის ზედაპირზე ისევ ისე უზრუნველად ხლტოდნენ მსუქანი კობრები. ეს განიერი ცაც ისე გალურჯებულიყო, რომ ისიც წყალი მეგონა, ზღვა მეგონა და თავისკენ მიზიდავდა. მინდოდა, შიგ შემეცურა, რომ აქაურობას, ამ ცეცხლს დავშორებოდი. დიდხანს ვერც ეგრე გავძელ. მოუსვენრობამ თანდათან ძალუმად შემიპყრო. დარდიანი გულის გასართობად ისევ მუშაობას მივყავ ხელი, ხარკალას საპონი წავცხე, ნაპირზე მოსადგომი ბოგირები შევასწორ-შემოვასწორე და მერე ბორნის ნავებში გაჟონილი წყალი ლაპოტით მოვხაპე. მალე ისე გავერთე საქმით, რომ მზე როგორ ან როდის გადაიწვერა, არ შემიტყვია.
ყანებიდან ხალხი ნელ-ნელა დაიძრა და მეც საქმე გამიჩნდა. ბორანს გაღმა-გამოღმა შეუსვენებლივ ვატრიალებდი. მთოხნელები, მეთევზეები, ტყისმჭრელები, მწყემსები და მთიბავები შინ ბრუნდებოდნენ.
_ ბათაია, აუუ! _ მეძახიან წამდაუწუმ და მეც ხალისიანად ვეხმაურები:
_ ჰოოჰო, მოვდივარ, მოვდივარ! _ და მათი ოჯახები რომ დარბეულია, ხმას არ ვიღებ, არ მინდა, ჩემი პირით გაიგონ თავიანთი უბედურება. აქეთ-იქით ტრიალით ისე გავერთე, რომ იმ ჩემი კაჭალი თუმნიანის დარდი გულს სულ გადამვარდა. გაუწყნარებლად ჭრიალებდნენ ნავები, ღუღუნებდა ხარკალა და ნელი ზოზინით მიცურავდა რიონზე ბორანი. მიცურავდა და თან მეგონა, რომ ბორანი კი არ მიდიოდა, ნაპირი მოქროდა ჩემკენ; მოქროდა და თან მოჰქონდა სიმინდით გადალურჯებული ყანები, საძოვრები, ტყე, ტბა და მე მზად ვიყავ, მკლავები განივრად გამეშალა და ისე მივსალმებოდი ყოველ მათგანს:
_ მოდით, მოდით, ჩემო ძვირფასებო! _ და ნაპირს ბორნით ვეხლებოდი.
_ ნელა, კაცო, ბორანი არ დაამტვრიო! _ მომაძახეს გლეხებმა და თან მოთმინებით უცდიდნენ, როდის შემოვიდოდა ზედ ურმები და ნახირი, რომ მერე თვითონაც თან შემოჰყოლოდნენ.
წყლის ნიავი საამოდ ქროდა და მზემოკიდებულ ოფლიან მკერდს გრილად ელამუნებოდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა, ყველა შინ მიიჩქაროდა.
_ აში, ხარო, ხხიი, მოო! _ უჯავრდებოდა თავის ბედაურებს ბაშლაყით თავწაკრული მეურმე და თან წნელს ქედზე დაყვავებით უცაცუნებდა. ხარები ისე მონდომებულად იძაგრებოდნენ, თითქოს უღელს კი არა, სივრცეს მკერდით აწვებოდნენ. თან წყლის ეშინოდათ, თან ურემს ეძალებოდნენ და ასე წვალებით, ვაი-ვაგლახით ბრაგუნით შემოაგდეს ტვირთი ბორნის ფიცრულ იატაკზე. ერთბაშად შემოგდებული სიმძიმის გამო ბორანი შედრკა, წყალში ერთი მტკავლის სიღრმეზე ჩაიძირა. ურემს ხალხიც თან შემოჰყვა; ყოველი მათგანი აქეთ-იქით ფრთხილად იცქირებოდა, დასადგომად ან დასაჯდომად მოხერხებულ ადგილს ეძებდა.
ბორანი ისევ გაცურდა წყალზე. მეც დროს არ ვკარგავ და ხან ერთს შევეკითხები რასმე, ხან მეორეს გავეხუმრები ჩემებურად და თან ვხედავ, _ ჩემს თვალებს რა დაემალება, _ რომ ისინი დიდხანს ვეღარ მოითმენენ, ადგებიან და მერე ვერაფერი, ვერც მამასახლისი, ვერც ჩაფარი და ვერც რუსის ჯარი მათ ვერ დააკავებს. ეს ჩემი მურზაა, მათ რომ ცეცხლს უთუთურებს, მაგრამ ის მამასახლისიც რომ არ არის ბრმა! მის დღევანდელ მუქარაზე გული შიშით მეკუმშება.
ბორანი ჯერ ნაპირს არ მისდგომოდა, რომ უკან მოტოვებულ ნაპირზე ხალხი ისევ მოგროვდა. ჩემი შვილებიც მათ შორის ახალგაზრდა მუხებივით იდგნენ და მოსიყვარულე ღიმილით გამომცქეროდნენ, თვალყურს მადევნებდნენ, როგორ ვიდგამდი ჯაფით ფეხს წელებზე. ვცდილობდი მარჯვედ ვყოფილიყავი, რადგან მეშინოდა, ახლა ბორანზე არ აეღებინებინათ ხელი.
აგერ ჩემს ქურანზე უბელოდ ამხედრებული ბახულიაც გამოჩნდა სიმინდებში. სიმინდის ყანაში გამოთიბული ალერდი წინ არხეინად გადაუწყვია, თხებს მოელალება და თან უდარდელად მოიმღერის. მისი ხმა ზარივით წკრიალებს და მე გული სიხარულით მევსება. გრძნობა ისე ძალუმად მომერია, რომ ყველაფერი გადამავიწყდა, ბაგირს ხელი ვუშვი და ბორანმა უთავბოლოდ იწყო ტორტმანი.
_ ჰააჰა, რას შვრები! _ შემომიტიეს გლეხებმა და მეც უწესოდ დარყეული ბორანი ისევ გავმართე წყალში.
_ აჰაიტ, ბეხრეკო, ღონე ხომ არ გღალატობს? _ მომძახიან ნაპირზე მომლოდინე შვილები ალერსიანად. მეც უღურს მაინც ვერ ვიტეხ და დაღლილობა რომ არ შემწამონ, გაზვიადებული ხალისით გავძახი:
_ ეეხ, ბაბაია, აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე მაინც ვერ ზიდოს. თუ ეგეც გაჭირდა, ვირობას ხომ მაინც გავწევ? _ და ამ სიტყვებით ბორანი ნაპირს მივაყენე. ხალხი სილიან ფლატეზე რომ გადავიდა, ბორანი ისევ უკან მოვაბრუნე. გადმოსაყვანი ხალხი ჩემს მოლოდინში ოხუნჯობს და არ იციან, შინ რომ მამასახლისისაგან დარბეული ცოლ-შვილი დახვდებათ.
_ გამარჯობა, ბათა! _ სალამს მაძლევენ მეზობლები, ნაპირს რომ მივუახლოვდი და მეც სალამს განზრახ ხალისიანად ვართმევ:
_ გაგიმარჯოთ, ჩემო საყვარელო მეზობლებო, გაგიმარჯოთ!
_ ჰაიტ, შე ბებერო! _ მიტევენ ხუმრობით შვილები, _ სანამ გინდა, რომ ამ რიონის პირად იყო?
_ რას იზამ, ბაბა, სანამ ეს წყალი არ დაიწურება, აქ უნდა ვეგდო, აქაურობას ვერ შეველევი, ან რა ჭურჭელია ეს დალოცვილი, რომ სდის, სდის და აღარ ილევა? ღვინო მაინც იყოს!
_ ღვინო რომ იყოს, ხომ სულ დაიღუპებოდი! _ მეუბნებიან შვილები ღიმილით, _ დღე და ღამე შიგ იქნებოდი ჩაწოლილი, ამოსვლას ვეღარ მიხვდებოდი.
_ ეეხ, შვილებო! მართლაც ღვინო რომ იყოს, მე აქ ვინ დამაყენებდა?
ჩემს ხუმრობაში ბორანი ხალხით, ურმითა და ნახირით ივსება. ბახულიამ ჩემი ცხენიც ბორანზე რომ შემოაგდო, გულმა არ მომითმინა და ლურჯას გავაზე მოვუთათუნე ხელი.
_ ცოტაც მომიცა, ბათა, ცოტაც! _ მოისმა ამ დროს სიმინდებიდან მოხუცი ნატიეს ხმა და მალე გზაზე ლაფში ამოთხვრილი ხარ-ურემიც გამოჩნდა. ურემი ისე იყო ისლით დაბურული, რომ ხარები ძლივას მოჩანდნენ.
ნატიეს დანახვაზე ბორანი ადგილიდან აღარ დავძარ, ცოტაც მოვიცადე.
_ აბა, ბიჭებო, მოდით, ბერიკაცს მიეხმარეთ, ურემი ნაორდალში არ ჩაუვარდეს! შენც, ბახულია, ეგ ცხენი და თხები იქით მიაყენე, ურემს გზა მიეცი.
ახალგაზრდები მაშინვე ჯარასავით დატრიალდნენ. ზოგმა სარქეს უტაცა ხელი და ხარებს წყალმა თვალი რომ არ მოსტაცოს და არ დაფრთხნენ, უღელთან წინ დაუდგნენ, ზოგიც ურმის თვალს აწვება და ერთიმეორის წამაქეზებელი ყვირილით, ვაი-ვაგლახით ისლით დატვირთული ურემი ბორანზე რომ შემოაგდეს, მეც კმაყოფილებით დავიძახე:
_ აბა, ახლა გავუდგეთ, ბიჭებო! _ და ბორანი ავუშვი, საჭეს რაც ძალი და ღონე შემწევდა, მივაწექი, მაგრამ ეს ჩემი გემი ისე იყო დატვირთული, რომ ძლივს ვერეოდი. უთუთიამ გასაჭირში რომ დამინახა, მაშინვე ჩემკენ გამოქანდა:
_ იქით გაიწი, ბაბა, მე წავიყვან.
მეც იქით გავიწიე. ჩემი შვილი ისე ღონივრად მიაწვა საჭეს, რომ ერთი ნაპირი რომ მშორდებოდა, მეორე მიახლოვდებოდა. ასე ვიყავ მუდამ: ეს ორი ნაპირი ორი კალთაგაშლილი ცოლივით სტაცებდა ჩემს თავს ერთმანეთს. ერთი რომ მტოვებდა, ამ დროს მეორე მიკრავდა გულში და მეც მის მკერდს ნეტარებით რომ ვეხუტებოდი, თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. მეშინოდა, რომ ის მესამეც _ ნამდვილი ცოლი, არ გამოჩენილიყო და ეს ნეტარება არ ჩაეშხამებინა. ახლაც ასე ვარ, მაგრამ არაფრის შიში გულში ახლა არა მაქვს. ჩემთან ერთად შვილებიც არიან და როცა მათთან ერთად ვარ, ჯოჯოხეთის ძალნი ერთად რომ დაიძრან, გული მაინც არ შემიდრკება.
ბორანი საამოდ ჭრაჭუნობს, ხარკალაც საამოდ ღუღუნებს და ეს დალოცვილი მზეც წმინდა სანთელივით იღვენთება ცაში. ურემში შებმულ ხარებს თვალები დაქანცულად მიელულათ და, ალბათ, ტვირთი მართლაც შინ მიტანილი ჰგონიათ, ეგეთი განცხრომით რომ იცოხნებიან.
მთელი დღის ჯაფით დაღლილი ხალხიც აქა-იქ მიმსხდარა და ისე ისვენებს. ერთნი ტყიდან მოდიან, შეშის საჭრელად ყოფილან, მეორენი _ სათიბიდან, მესამენი _ სათოხარიდან და მეოთხენი ტბიდან წამოსულან, მეთევზენი არიან. თევზით სავსე გოდრები ძირს ჩამოუდგამთ და დედაბერა ბუზებისა და კოღოს ნაკბენს ახლაც გამწარებით იფხანენ.
თუ საუბრის გაბმა გინდა, მონადირეს ნადირზე უნდა ესაუბრო, მენავეს _ წყალზე, ხოლო ეშხით დამწვარს _ სიყვარულზე. მეც ასე მოვიქეც და შვილს განჩურად შევეკითხე:
_ უთუთია, ბაბა, რავაა სიმინდის საქმე?
უთუთიამ საჭეს თავი ღონივრდ დაუჭირა დ ისე მიპასუხა:
_ ავდარი თუ დაიჭირა, კარგი იქნება. ჯერ თვისაც არაა და ისეთია, რომ ზედ კაცი ავა.
_ ჰეპე, კაია, კაი დაგემართოს! _ აღმომხდა მე აღტაცებით, _ როდის მოვესწრებით იმის წყრთაზე უგრძეს ტაროებს, ჰა?
_ ის ერთი ქცევა მიწა, ბაბა, დღეს საღამომდე გამოვიყვანეთ ღვარძლში, _ თქვა უთუთიას მომდევნო უტუნამ თავმომწონედ.
_ ერთი ზღვის პირს რომ ჩანისლავდეს, მერე წვიმაც ტარში იქნება, _ დაუკრა კვერი ნატიემ უთუთიას და ყალიონი დინჯად ააფუილა.
მალე ნაპირსაც მივადექით. ახალგაზრდები ისევ ნატიეს მიეხმარნენ და ურემი ნაპირზე რომ გადაიყვანეს, მოხუცმა ამოიოხრა:
_ მომკლა ამ ისლის ამოტანამ, მომკლა და ეს არის! ისეთი ლაფი იყო, რომ წელამდე შიგ ვეფლობოდი.
_ რა უჭირს მერე! _ შევუმსუბუქე მოხუცს ტვირთი, _ ამოგიტანია და ახლა ბედს რაღას ემდური?
გაღმა ნაპირს გავხედე, გადმოსვლის მოსურნე არავინ იყო და გული დამწყდა, რომ მარტო უნდა დავრჩენილიყავ.
_ მოდი, თუთუნი დავლიოთ! _ შევეპატიჟე მეზობლებს თავაზიანად, _ რა გეჩქარებათ, ხვალაც ამ თვისაა, _ ამ სიტყვებით ჯიბეს ხელი გავიკარ, თუთუნის ქისა ხელდახელ ამოვიღე და მოდიდებული რიონისაგან ამ გაზაფხულზე გამორიყულ ვერხვის თეთრად გაქლეტილ მორზე ნელა ჩამოვჯექ! ჩემი რჩევა, ჩანს, იმათაც დაუჯდათ ჭკუაში. ისინიც დასხდნენ. ნატიემ თავის ურემს ზესადგარი შეუდგა და ჩემ გვერდით ისიც ჩამოჯდა მორზე.
_ თუთუნის გასახვევი ქაღალდისათვის არ შემიწუხდეთ, _ ვთქვი გულგაშლით და მერე ბახულიას მივუბრუნდი, _ ადე, ბიჭო, ერთი კარავში აირბინე და თაროზე რომ ქაღალდებია, აქ მოიტანე.
ბახულიამ სიტყვა აღარ გამამეორებინა, წამოხტა და კარვისაკენ სირბილით გაქანდა, თვალის დახამხამებაში ხუცესის წიგნის ის ნარჩენები მომირბენინა. ქაღალდებს რომ მაწვდიდა, თვალებში ერთი იმნაირად შემომხედა, რომ გული მომივიდა:
_ რომ მომჩერებიხარ, ბიჭო, რას მომჩერებიხარ? ახლავე შინ გაიპარე, საქონელი ანგვარში დააბინავე. დედაშენს უთხარი, ვახშამი მალე გაამზადოს, ახლავე მოვლენ-თქო.
ბახულია მხრებში უშნოდ აიწურა და თხები გარეკა, შინისაკენ უბრად გაემართა.
მე მაშინვე მეზობლებს მივუბრუნდი და
ფურცელ-ფურცელ დაშლილი ქაღალდები ყველას ბღუჯა-ბღუჯად ჩამოვურიგე. ისინიც ხარბად წამოესივნენ მოულოდნელ საჩუქარს. ერთიმეორეს ხელში გლეჯდნენ და თვალის დახამხამებაში იმნაირად დაიტაცეს, რომ ერთი ფურცელიც აღარ დამრჩენია.
ქაღალდის თითო ფარატინა ყველამ გამოზოგვილად ჩამოხია, თუთუნი ფრთხილად გაახვიეს და ის იყო ააბოლეს, რომ ამ დროს მამასახლისის სახლიდან სიმღერის ხმაც მოისმა.
_ ეს რა სიმღერაა? _ ყური ცქვიტა უთუთიამ.
_ არაფერი, ბაბა! _ ვეუბნები შვილს ნაღვლიანად, _ იმ ჩემი ცოდვით სავსე მამასახლისს დღეს ნათლობა აქვს და, ალბათ, მისი სტუმრებია.
და იმის გამო, რომ დღეს მან ჩვენი ოჯახები დაარბია, ხმას ისევ არ ვიღებ, მისი მუქარა მაგონდება და იმის ფიქრში ვარ, რა ვუყო ჩემს შვილს, ისეთ ადგილას სად გადავხიზნო, რომ იმ მაწაუკმა ხელი ვერ მიაწვდინოს.
_ ეეხ! ეეხ! _ ამოვიოხრე დარდიანად და თავი დაბლა ჩავკიდე.
_ რას ოხრავ, ბაბა? _ შემეკითხა უტუნა მზრუნველობით.
_ ვფიქრობ, შვილო, ვფიქრობ და ვერ გამიგია, რად არის ეს ოხერი ცხოვრება იმნაირად მოწყობილი, რომ ერთი უქნარად ჭამს და მეორე შრომობს, წელზე ფეხს იდგამს და მაინც მშიერ-მწყურვალეა.
_ ეეხ, ჩემო ბათა, მაგას ვინ მიხვდება! _ თქვა ნატიემ ღრმა ამოოხვრით და წელი ძლივს წამოითრია, ურმისკენ ოხვრითვე გაემართა.
ნატიეს სხვანიც აჰყვნენ.
_ წავიდეთ! წავიდეთ! _ თქვა მეთევზე ყარამანამ და თევზით სავსე გოდორი მხარზე შემოიდგა.
მეც რა დამრჩენოდა, _ ჩემი ბორნისაკენ ნელა დავეშვი.
8
ისევ მარტო დავრჩი. მზის ჩასვლას სამიოდ ორგო თუ აკლდა. მეზობლები, შვილები სოფლის ორღობეებში გაიფანტნენ, სხლტეებსა და ტირიფნარებს მიეფარნენ.
ისინი ღრეობდნენ და მე მათ ჟრიამულს ყურს ვუგდებდი, ბრაზით გულს სისხლი მევლებოდა.
სოფელში კი სიჩუმე იყო. სიჩუმე ისეთი, თითქოს რაღაცას მოელოდა. მყუდროებას მხოლოდ დედაკაცთა ნაღვლიანი ძახილი არღვევდა.
_ დოი, დოი, დოი!
_ დიიდა, კამენა, დიიდა! მეემშვი! მეემშვი! მეემშვი! _ გულს ალერსით უყვავებდნენ მარჩენალ ძროხებს.
მე გარინდებული ვიდექ და გული სევდის ქარით მევსებოდა. ნაღვლიანად გავცქეროდი რიონის სადინელს და ფიქრს ისე გავეტაცნე, რომ არას ვხედავდი. გონს ვიღაცის ყვირილმა მომიყვანა:
_ ერთი მანდ მომიცადე, შე ბებერო ქოფაკო, ერთი მომიცადე და მე ვიცი და ჩემმა კაცობამ, რა დღეც დაგაყენო!
მოვიხედე, _ ჩვენი ხუცესი იყო. ჯორს გამწარებით მოაჩაქჩაქებდა და ხელებს ისეთი გაცეცხლებით მოიქნევდა, რომ ამ ცხელ გულზე ხელში რომ ჩავვარდნოდი, მართლაც შავ დღეს დამაყენებდა. მაშინვე ბორანზე გავჩნდი, თოკი ავხსენი და შუა რიონში რომ შეველ, თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, გაცეცხლებულ ხუცესს არხეინად გამოვხედე.
_ ერთი აქეთ გამოდი, აქეთ გამოდი, შე სოხანეზე ნაკეთებო ყაძახო, და მე შენ გასწავლი, როგორ უნდა მოექცე წმინდა წიგნებს!
მე არც ისეთი სულელი ვიყავ, რომ მასთან მივსულიყავ და ამ ცხელ გულზე მისგან ეს საქმე მესწავლა. ბორანზე ვიდექ და ყურს ვუგდებდი, როგორ მათრევდა იგი საქვეყნოდ, მიწასთან როგორ მასწორებდა. ბოლოს ამდენიც ვეღარ მოვითმინე და აბეზარს მოსულმა გაგულისებულმა გავძახე:
_ გეყო აწი, გეყო ამდენი თავის აგდება! როდის გაანებებ თავს ამ უკმაკურ ლაპარაკს, ჰა?
ეეხ, ნეტავ ხმა არ ამომეღო! ამ სიტყვების გაგონებაზე სულ გადაირია ის ჩემი ცოდვით სავსე.
_ მე შენ გაჩვენებ, მე შე გაჩვენებ, შე უკუღმართო, როგორ უნდა უკმაკური ლაპარაკი! ოოხ, ერთი შენი თავი მომცა ხელში და რა უნდა იმ დალოცვილ ღმერთს! _ ისეთი ნატვრით წამოიძახა, გულში მჯიღი ისეთი მონდომებით ჩაიბრაგუნა, რომ შემებრალა, მაგრამ გრძნობას არ ავყევ და კიდევ უფრო უკმეხად მივაძახე:
_ მოგცა, თორემ დიდ ხეირს ნახავ! მე რა ხეირი ვნახე, შე ჩერჩეტო, მისგან, შენ რომ ნახო?
_ გაჩუმდი, გაჩუმდი, შე ღვთის გარეგანო! გაჩუმდი, თორემ გადავირიე და ესაა!
_ რა გიჭირს მერე? სულერთია, არაფერი არ დაგეტყობა.
ამ სიტყვებმა სულ გადარია საწყალი კაცი. სიმწრით ჯორს აქეთ-იქით დააქანებდა და არ იცოდა, რა ეღონა, ხელში როგორ ჩავეგდე. მერე ისევ შედგა, მჯიღით ისევ მემუქრება და ისეა გაცეცხლებული, მისი ჯორის ყურები დანა რომ იყოს, ბრაზით ზედ ჩამოეხეოდა. ბოლოს აზრი ისე დაკარგა, რომ ის თავისი ბედაური წყალთან მიაგდო, უნდა რომ შიგ შემოსტოპოს, მაგრამ მე აინუნშიაც არ ვაგდებ მის განზრახვას:
_ არ გაბრიყვდე, ჩემო საბალია, და შიგ არ ჩამოხვიდე, თორემ ბრაზით ისე ხარ გახურებული, რომ წყალს აადუღებ და მაგ შენი ჯორიანად შიგ ჩაიხარშები.
_ ავაი, ღმერთო, მომკალი და ნუ დამარჩენ! _ დაიკივლა ხუცესმა დედაკაცურად გაწვრილებული ხმით და დედაკაცურადვე აწივლდა, ჯორით ისევ ხაბოზე აჩაქჩაქდა, იქიდან გადმოდგა და ისევ მლანძღავს, ისევ მიწასთან მასწორებს.
ჩვენს ჩხუბსა და აყალმაყალში ხალხმა თავი ბლომად მოიყარა ორთავ ნაპირზე.
_ ბათაია, უუ! _ მეძახიან ყანიდან მოსული გლეხები ნაპირიდან, შინ ისე მიეჩქარებათ, რომ ჩვენი დავა არად მიაჩნიათ. მეძახიან, რომ შუა რიონში გაჩერებული ბორანი ნაპირს მივაყენო და გაღმა გავიყვანო, მაგრამ მე არც ისე სულელი ვარ, რომ მათი თხოვნა ავასრულო. სად გავიყვანო ისინი, როცა იქ ბრაზით გონდაკარგული ხუცესი მელოდებოდა და ამ გუნებაზე რომ ხელში ჩავვარდნოდი, ვიცოდი, ცოცხლად ამაფელიკებდა.
_ ბათაია, უუ! _ მაინც არ ცხრებოდნენ ისინი.
_ ჰააჰა! _ გავძახე უხიაგად.
_ მოდი, შე კაცო, ეგ პარონი აქეთ მოაყენე.
მე მათ ხმასაც არ ვაძლევდი. ან რა უნდა მეთქვა, როცა არავითარი სახსარი მათ გაღმა გადასაყვანად არ გამაჩნდა?
ხუცესი გასაფრებით მითვალთვალებდა. სული მისდიოდა, სანამ მართლა გავბრიყვდებოდი და მათ გადაყვანას ვიკისრებდი. მაგრამ მე არც ისე ბრიყვი ვიყავ, რომ მისი ნატვრა ასე იოლად ამესრულებინა და სულელი ოფოფივით ჩემითვე ჩავვარდნოდი ხელში.
_ ერთი გამოდი, გამოდი! გამოდი და მე შენ გაყურებინებ, როგორ უნდა წიგნის კითხვა. როგორც შენ ის წიგნი დამიპინტრიშე, ისე შენც დაგაპინტრიშებ და მერე იტყვიან, კაცმა კაცი რავა მოკლაო? ჰაიტ, შენი რჯული და მასაფი არ იქნა, შე რქიანო ხვადაგო, შე ტყიდან გამოვარდნილო ნადირო, შენა! _ ბღაოდა ისე გამწარებულად, რომ ბოლოს ხმა ჩაუწყდა, თვალები უილაჯო ბრაზისაგან ცრემლით ევსებოდა და თან კვნესოდა, ოხრავდა სულშეჭირვებული ავადმყოფივით.
მის დაწყნარებას საშველი რომ აღარ დაადგა, მეც დავიღალე, თავი ბოლოს მეც გამბეზრდა და სინანულმა ამიტანა. ვნანობდი, რომ ასეთ დავიდარაბაში ჩავიგდე თავი. ვშიშობდი, ვაითუ ჯავრით მართლა გული გაუსკდეს და მისი ცოდვა კისერზე დამედოს-მეთქი! ამასობაში ორთავ ნაპირი ხალხით აივსო და ორთავ მხარე ორ ბანაკად გაიყო. ერთი რომ მღვდელს აქეზებდა, მეორე მე მამხედრებდა და აქეთ-იქიდან გაჰყვიროდნენ, ხუცესისა და ჩემს სიტყვა-პასუხზე სიცილით იხოცებოდნენ.
_ რა უნდა, ბაბა, შენგან მაგ გასაპარსავს, რას შემოგჩენია? _ მეკითხება ყანიდან ყველაზე გვიან მოსული მურზა. შვილის ხმის გაგონებაზე ქეზი გამომება, ვითომ არაფრის ბაიბურში არ ვიყო, ისე გავძახი:
_ რა უნდა და სიკვდილი და არგადარჩენა მაგის თავს, რა ვიცი, რა უნდა! _ გავძახე შვილს და მერე ისევ ხუცესს მივუბრუნდი:
_ რა გინდა ჩემგან, ხუცესო? ამ საქვეყნოდ რომ მახიაგებ, რას მახიაგებ, თუ იცი?
_ რას მახიაგებო! _ შეჰკივლა საბამ გაკვირვებით და ირგვლივ მდგომთ ისეთი თვალებით გადახედა, თითქოს უჯავრდებოდა, რატომ თქვენც არ გიკვირთო, _ ერთი ამას დამიხედეთ! რას მახიაგებო, ჰა? მე გახიაგებ თუ შენ მაცუცურაგებ, შე ღვთის პირიდან გადავარდნილო, ჰა? ახ, ერთი შენი თავი მომცა ახლა ხელში და რა უნდა იმ დალოცვილ ღმერთს! ისე დაგაფელიკებდი, ისე დაგაფელიკებდი, რომ შენი ყური ყველაზე დიდ ნაჭრად დარჩებოდა.
მეზობლები ირგვლივ ეხვევიან, თან გუნებაში ეღიმებათ და თან მზრუნველობით ამშვიდებენ, მაგრამ საბა ისეა გაცეცხლებული, რომ ვერც იმ ცუდად დაფარულ ღიმილს ამჩნევს და ვერც თავი დაუოკებია. პირიქით, მათი რჩევა, რომ დაწყნარდეს, კიდევ უფრო უკარგავს მოსვენებას და ისევ მაგინებს, ისევ მლანძღავს. არაა მისი გაჩუმების საშველი.
_ რას მაცუცურაგებ, ბიჭო, რას მაცუცურაგებ? _ დაიჩემა ეს ერთი სიტყვა და კი არ ჩივის, გული ამოუჯდა და მოთქვამს, თითქოს სტირის კიდევაც.
_ თავფქვილა რომ ხარ, იმიტომ გაცუცურაგებ, ხო მიხვდი ახლა?
ამ სიტყვების გაგონებაზე ხუცესი ერთი ისე ავარდა, რომ იმ თავისი ანაფორიანად კინაღამ ხეზე გარჩა. მერე წვერში ორთავ ხელი ჩაივლო და ჩემ მაგიერ ახლა იმას დაუწყო წეწვა-გლეჯა.
_ ერთი ეგ შენი ტყვეპერა თავი მომცა და მე შენ გაყურებინებდი სეირს, _ გაიძახოდა იგი და თავში ხელები სიმწრით წაიშინა.
_ ჩემს თავს შენ ვინ დაგანებებს, შე თავკვატიტა! შენს გაკეთებას მამაშენს ერთი გოჭი რომ გაეკეთებია, ერჩია.
ამ სიტყვებზე საბა სულ გადაირია. გამწარებულმა ხაბო უცებ ჩამოირბინა და გონი ისე წაერთვა, რომ ბორნის ბაგირს ეცა, ახსნა გაუპირა, მაგრამ ათი კაცისაგან ძლივძლივობით გაბმულს ის ერთი რას დააკლებდა?
ყველაფერს საზღვარი აქვს და ჩემს მოთმინებასაც საზღვარი დაედო. მასთან დავამ და დავიდარაბამ თავი ისე გამაბეზრა, რომ თავი მეც მოვიგიჟიანე, რაც ძალი და ღონე მქონდა, მეც ავღრიალდი.
_ არ გინდა, ხუცესო, ამ ქვეყანაზე დამაყენო? გინდა სიცოცხლე გამიმწარო, ხომ? მაშ კარგი. რახან ეგრეა, განანებ, თუ კაცი ვარ! მაშ შენ გაეცი პასუხი მამა ღმერთს ჩემი ეგრე გაწამებისათვის. შხამად შეგერგოს შენ ის დედაჩემის ტკბილი ძუძუ, ლენცოფად გექცეს დედაჩემის ალალი რძე, შე უმადურო! _ გავიძახოდი და თან ტანისამოსს ვიგლეჯდი ტანზე, მაგრამ ვიგლეჯდი ისე, რომ მართლა არ დამგლეჯოდა. ჯერ ჩოხა გავიხადე და ბორნის იატაკზე ბრაზით დავანარცხე. მერე ახალოხი, შემდეგ შარვალი და ყველა ერთად ძირს დავყარე. თან დაბადების დღეს ვიწყევლიდი, ვიკრულებოდი და საცვლების ამარამ მკერდზე საკინძე მოვიღეღე, გულში მჯიღი ჩავირტყი, ცადაპყრობილი თვალებით განწირული სული ღმერთს შევავედრე.
ხუცესს ენა მუცელში ჩაუვარდა. დგას და მიცქერის. უნდა გაიგოს, რა განვიზრახე და გაფაციცებით თვალყურს მადევნებს. მე მას განზრახ არ ვაქცევ ყურადღებას. მხურვალე ლოცვით დაოსებული დავემხე მუხლებზე და ხელები ჯერ ერთი ნაპირისაკენ გავიშვირე, მერე მეორე ნაპირისაკენ და ორთავ ნაპირზე თავმოყრილ ხალხს მუდარით მივმართე:
_ საყვარელო მეზობლებო! ჩემნო მოყვასნო და ნათესავნო! ცოდვით გიბარებთ, რომ ჩემი ცოდვა ამ თქვენ ხუცესს მოჰკითხოთ, ჩემი უზიარებლად დაღუპული სულის პასუხი მაგას აგებინოთ.
მეზობლები იდგნენ, ხმას არ იღებდნენ. ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მომდიოდა, მართლა ვემუდარებოდი მათ თუ ვხუმრობდი. პირი ხუცესსაც ღია დარჩენოდა, _ იმას მით უფრო არ ესმოდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. ერთ ადგილას ისევ ისე უძრავად იდგა და გაშტერებული გამომცქეროდა.
_ ვაიმე! ვაიმე! _ კვნესოდა ძლივს გასაგონად, _ ხალხნო! მეზობლებოო! გამაგებინეთ, რა ხდება ჩემ ირგვლივ? არ მესმის და შემაგნებინეთ, რას აპირებს ეს ჩემი ცოდვით სავსე!
მერე ბნედიანივით ერთ ადგილას უაზროდ დატრიალდა, დაფაცურდა. ხან აქეთ ეცა, ხან იქით და ისევ გაჩერდა, ისევ მიცქეროდა პირდაღებული. ეტყობა, ფიქრობს და ვერ მიმხვდარა, რას ვაპირებ.
მე მას ყურადღებას ვითომ არ ვაქცევ. ისევ ვკვნესი, ისევ ვბურტყუნებ ჩემთვის რაღაცას უკმაყოფილოდ. მერე ხელი ვითომ სასოწარკვეთილებით ჩავიქნიე, წვალებით, რის ვაი-ვაგლახით ხარკალზე ავფორთხდი და ბორნის გაჭიმულ ბაგირზე ავიმართე. ფეხი კარგად რომ მოვიმაგრე, ხელები ისევ მარჯვნივ მივაპყარ და ახლა, მეზობლების მაგიერ, ქვეყანას შევღაღადე:
_ გურულებო, აჭარლებო, ჯავახელებო!
მერე ხელები მარცხენა ნაპირისაკენ გავიშვირე და ახლა იქაურობას მივმართე:
_ მეგრელებო, სვანებო და აფხაზებო!
სულ ბოლოს რიონის სადინელს თვალი აღმა გავაყოლე და ხმამაღლა დავიძახე:
_ თქვენც, იმერლებო და ქართლ-კახელნო! ღვიძლო ძმებო, თქვენ ხართ მოწამე, რომ ეს სულიერი მამა სულსა მხდის და ამქვეყნად არ მაყენებს! მშვიდობით, მშვიდობით, ჩემო მშობლიურო სოფელო, ჩემო ფაცხავ, ბორანო, ყანებო და ცოლ-შვილო!
გულმა მაინც არ მომითმინა და ხელები ისევ ცად ავაპყარ:
_ ღმერთო მაღალო, შენი თვალით ხედავ, რომ შენგან გაჩენილ ქვეყანაზე ამ შენი მსახურის გადამკიდე არ მეცხოვრება და ჩემი ცოდვა იმას მოჰკითხე!
ბაგირს ამ სიტყვებით მოვწყდი და შუა რიონში გადავეშვი. წყალში მაშინვე ჩავიძირე და შევეცადე უჰაეროდ რაც შეიძლება მეტხანს გამეძლო. მართლაცდა, როდის იყო, რომ თევზი წყალში იხრჩობოდა? მეც თევზივით ვიყავ, მაგრამ ბოლოს საზღვარი ჩემს გაძლებასაც დაედო. როცა შევატყვე, რომ წყალში მეტად ვეღარ გავჩერდებოდი, მდინარის ფსკერს ფეხი დავკარ და წყლის მდინარებისაგან შეგდებული მოგუდული კაცივით ერთი ზემოთ შევვარდი. ეს ერთი წუთიც საკმაო იყო, რომ ჰაერის ახალი მარაგი ჩამესუნთქა და ისევ წყალში ჩავძირულიყავ, მაგრამ დიდხანს ეგრე ყოფნა არ დამცალდა, მალე ვიგრძენ, რომ წყალში ხელი ვიღაცამ მომიფათურა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ხელი მცურავის იყო და მხარი ჩემს გადამრჩენს მარჯვედ მივუშვირე. იმანაც ხელი მაშინვე ჩამავლო და თან რომ წამიღო, ფეხის უჩინარი მოსმით ჩემს ნაპირზე გატანაში მევე ვეხმარებოდი. რიყეზე რომ გამათრიეს, ყაყანი მომესმა:
_ არიქა, უშველეთ! _ მომესმა ირგვლივ შემოხვეული ხალხის გახარებული ყაყანი.
_ ბათაია, ძმაო, დამღუპე, ბიჭო, დამაქციე? _ ბღავის ხუცესი გადარეულივით, მაგრამ მე თვალს მაინც არ ვახელ.
_ გამიშვით! _ დაიყვირა მან და არ ვხედავ, მაგრამ მაინც ვგრძნობ, ჩემ ირგვლივ შემოქუჩებულ ხალხს იდაყვის ჯიკავით რომ მოარღვევს, _ გამიშვით! ჩემს ძამიასთან მიმიშვით! ჩემს სიყმის მეგობართან მიმიშვით!
და ტირილით, ღრიალით გულზე რომ დამემხო, ერთბაშად აყვირდა:
_ თბილია!
და ნამდვილად რომ დარწმუნებულიყო, წყალში კარგა ხნის გდებით გაცივებულ და სველ შუბლზე ხელი დამადო.
_ თბილია, მეზობლებო, თბილია! _ გაიძახოდა სიხარულით და ხელებს ახლა გულმკერდში მიფათურებდა, ჩემი ტანის სითბოს ხარბად ამოწმებდა.
_ დავკიდოთ! _ აყვირდა იგი კიდევ უფრო ხმამაღლა, _ ხეზე დავკიდოთ და წყალი ისე გამოვადინოთ!
_ დავკიდოთ! დავკიდოთ! _ აყაყანდა ხალხიც ხუცესთან ერთად.
ხეზე თავუკუღმა ჩამოკიდებული კაცის ყოფა არცთუ ისე სასიამოვნო მდგომარეობაა და ამიტომაც თვალი დროზე გამოვახილე. შემეშინდა, ხალხს ხუცესის მოსაზრება მართლაც არ განეხორციელებინა და ხეზე მართლა არ ჩამოვეკიდებინე. თვალი იქაურობას ერთი მიბნედილად მოვავლე, ტანგახდილი შვილის დანახვისთანავე მივხვდი, რომ ჩემი გადამრჩენი მცურავი თურმე ის იყო.
ხუცესმა თვალგახელილი რომ დამინახა, სულ გაგიჟდა.
_ ცოცხალია! ცოცხალია ეგ ჩემი ცოდვით სავსე! _ აღრიალდა და გაფოცებული თვალებით ხან ერთ მეზობელს მიაჩერდებოდა და ხან მეორეს, თითქოს თავისი თვალების არ სჯეროდა და იმათ ეკითხებოდა, მართლა ცოცხალი ვიყავ თუ ყოველივე ეს მოჩვენება იყო. ჩემი სიცოცხლე რომ დაიჯერა, გახარებული ღრიალით ზედ დამემხო:
_ ბათაია, ბიჭო! ჩემო საყვარელო ძმაო! ცოცხალი ხარ თუ თვალი მატყუებს? ცოცხალი ხარ თუ მეჩვენება? მაპატიე, ბიჭო! შემინდე, თუ რამე გაწყენინე!..
მე იმისი თავი აღარ მქონდა, სველი საცვლების ამარა ამდენ ხანს რიყეზე ნაგდები კაცი სიცივემ ამიტანა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გავიტეხე და მიკნავებული ხმით კი არ წამოვიძახე, დავიკვნესე:
_ მიშველეთ! _ და ძაგძაგმა ამიტანა.
_ არაყი! არაყი! _ დაიძახა ხუცესმა და თან სიხარულით გადარეული ზედ მაკვდება, მლოშნის, მკოცნის, ჩემი ალერსით ვეღარ ძღება. მე მხოლოდ ახლა დავინახე, რამდენად ვყვარებივარ ამ სულწაწყმედილს და მეც გული ამომიჯდა. მეც თვალებში ცრემლი მომადგა. ამ დროს ჩემმა მურზამ კარავიდან არაყიც მოარბენინა და პირში გამოზოგილად ჩამაწვეთა. მინდოდა ბლომად მომეხრუპა, მაგრამ ამგვარი სიხარბე დახრჩობას გადარჩენილი კაცისათვის შეუსაბამო იყო და თავი შევიკავე. არყის ორიოდ წვეთი რა გადავყლაპე, კისერი გვერდზე მოვიქციე და სახე ვითომ შინაგანი ტკივილისაგან საცოდავად დავმანჭე.
_ მცივა... დამხურეთ... _ ვთქვი თავმოსაწყლებით და ტანში კიდევ უფრო მოვიბუზე.
_ არიქა, გახადეთ... გახადეთ ეს სველი საცვლები!.. _ დაიძახა ხუცესმა და ტანთ რომ მხდიდნენ, ანაფორა ტანზე ხელდახელ შემოიგლიჯა და პერანგი უცებ გაიხადა. მერე შიშველ ტანზე ანაფორა ისევ წამოისხა და თავისი პერანგი საჩქაროდ ჩამაცვა. მართალია, სამოსი ნაცვამი იყო, მაგრამ ისე მაძიგძიგებდა, რომ თავი აღარ მოვარიდე. ამ დავიდარაბაში ბორანიც ნაპირზე მოეყენებინათ და ჩემი ტანისამოსი ამომირბენინეს.
ფეხზე რომ წამომაყენეს, მურზამ წელში ხელი ალერსით შემომხვია და ისე შემეკითხა:
_ რავა ხარ, ბაბა?
_ კარგად, შვილო, _ ვუპასუხე შვილს სასოწარკვეთილი ხმით, _ კარგად, მაგრამ შენი მადლიერი მაინც არ ვარ. შენ რომ საქმე მიყავ, იმას მამას კი არა, მტერს არ უზამს კაცი. რას მერჩოდი? რად ამომიყვანე? სულერთია, ეს სულწაწყმედილი სიცოცხლეს გამიმწარებს და საშველს არ მომცემს. ამ ქვეყანაზე მაგის გადამკიდე მაინც არ მეცხოვრება.
_ ვაი შენს საბას, ჩემო ბათაია! _ დაიკვნესა საბამ და კისერზე მომეხვია, _ მაპატიე, ბიჭო, თუ რამ მიწყენინებია შენთვის! მომიტევე მე სულწაწყმედილს!
მე მის სინანულს ყურადღება არ მივაქციე, ისე შევეკითხე:
_ ხომ ძმურად ვიქნებით ამას იქით?
_ ძმურად, ჩემო ბათა! უსათუოდ ძმურად! _ დაიბღავლა საბალიამ და მეც სიტყვა მაშინვე მოკლედ მოვუჭერ:
_ რახან ეგრეა, მაშ იმ წიგნზე ამას იქით სიტყვა არ გამაგონო.
_ კარგი, ჩემო ბათაია, ძალიან კარგი!
_ კარგი ახლა, შე კაცო! _ ჩამოერივნენ მეზობლები ჩვენს ყაყანში, _ ხო ხედავ, კაცი ჯავრით არაა და რას აწვალებ, _ შეურიგდი.
მეც სხვა რა გზა მქონდა, დავყაბულდი:
_ კარგი, ჩემო საბალია, რახან ეგრეა, შევრიგდეთ, _ და ამ სიტყვებით კისერზე მოვეხვიე.
საბამ მაშინვე გულში ჩამიკრა და ცრემლნარევი სიცილით ისევ მლოშნა. ისევ იღმუვლა. მერე უცებ შემოტრიალდა და ხალხს აღტაცებით გადასძახა:
_ შვილებო! ძმებო! ჩემო ძვირფასო მრევლო! ჩემო სამწყსოვ, წამოდით, ყველა ერთად წამოდით და, მოდი, შერიგების პური ჩემთან ვჭამოთ! ჭირმა მომიკლას ის ხვადაგი, რომელიც თქვენთვის დასაკლავად დავიშურო. დამიძმარდეს ის ღვინო, რომელიც თქვენთვის დამენანოს!
_ მოვდივართ! მოვდივართ! _ აგრიალდა ხალხი ხალისიანად და, დასწყევლა ეშმაკმა და ჭინკამ ამ ხუცესის სახსენებელი, მგონი, საქმეში მართლა შეველ. არ ვიცი, წყალში გდებისაგან და ხუცესის დაპატიჟებით გამოწვეულ სიხარულისგან, მუხლები ერთბაშად ამიკანკალდა.
_ აბა ჯორი, ჩემი ჯორი მომგვარეთ ახლავე! _ ბრძანა ხუცესმა და მის ბრძანებას ვინ გადავიდოდა? მით უფრო ახლა, როცა მან ესდენ დიდი ხელგაშლილობა გამოიჩინა. ჯორი მაშინვე მოჰგვარეს.
_ აბა შეჯექი, ჩემო ბათა! _ მეუბნება ხუცესი და თავის ჯორს უზანგი მარჯვნიდან ღონივრად დაუჭირა, რომ ზედ ცალი ფეხით დაყრდნობისას უნაგირი არ გადმოფერდილიყო, _ შეჯექი, ჩემო ბათა, შეჯექ. სუსტად ხარ და სიარული გაგიძნელდება.
მეც ეგრე მხურვალედ მონანიებული მეგობარი აღარ გავაწბილე და ჯორზე მაშინვე შევჯექ. ხუცესმა ეს მზრუნველობა როდი მაკმარა, მხრებზე თავისი ანაფორა წამომასხა. მერე შეტრიალდა და ხალხს ისევ გასძახა:
_ აბა, მობრძანდით!
და ჩვენც ყველანი ერთად დავიძარით, ხუცის სახლისაკენ ვახშმის მოლოდინით გახალისებული გავემართეთ.
ბათა
ქექია
დემნა შენგელაია
9
ორიოდ ნაბიჯი რომ გადავდგი, ჯორი შევაყენე და ჩემ მაგიერ ბორანზე სამუშაოდ დატოვებულ შვილს მივუბრუნდი.
_ მურზა, შვილო! აბა შენ იცი როგორი თადარიგით მიხედავ აქაურობას.
_ წადი, ბაბა, წადი! შენ მაგას ნუ წუხხარ, _ მეუბნება, თვალებში ვატყობ, რომ სიცილისაგან თავს ძლივს იკავებს. ჩემდა უნებლიეთ მეც გამეღიმა, მაგრამ გარეგნულად არ დავიმჩნიე. სიცილი რომ არ წამსკდომოდა, ჯორს სადავე მოვწიე და შევაბრუნე. გზა ისევ განვაგრძე. ცოტაც და, ჯორი ისევ შევაჩერე.
_ შვილო! _ გავძახე ალერსიანად.
_ რა იყო, ბაბა?
_ ის ჩემი საცვლები არ დაგავიწყდეს, ბაბა! დედაშენს უთხარი, კარგად გარეცხოს და გასაშრობად ისე გაკიდოს.
ერთხანს შევყოყმანდი. მამასახლისის ის დღევანდელი მუქარა მომაგონდა და არ ვიცოდი, ამდენ ხალხში როგორ გამეფრთხილებინა. ისევ შევყოყმანდი. არ ვიცოდი, საიდან დამეწყო და სხვაფერი რომ ვეღარ მოვიგონე, ვუთხარი:
_ დღეს აქ რომ ვიყავი, ყვავმა დამჩხავლა, წიწილი ნუ წიაქობს, თორემ დავიჭერო.
მურზას ფერმა გადაჰკრა. მაშინვე მიხვდა, რა ყვავიც იყო ის ყვავი, ეგრე რომ იმუქრებოდა.
თვალებში პასუხის გაუცემლად მომაჩერდა. მეც კმაყოფილმა, რომ შვილი გადაკრულად ნათქვამს მაშინვე მიმიხვდა, ჯორი შევაბრუნე და ხალხს წინ გავუძეხი.
ხუცესს ჩემი სიტყვებისათვის ყურადღება არ მიუქცევია. გვერდით თავჩაქინდრული მომდევდა და თან თავში ხელს წარამარა იცემდა.
_ ვაი შენ, ჩემო თავო! ვაი შენ, ჩემო უბედურო თავო, რა შავ დღეზე ყოფილხარ დაბადებული! _ მოთქვამდა იგი, მოკრუსუნებდა და მერე გული ერთბაშად მოსდიოდა, _ არა, შე მართლა გამოჩერჩეტებულო და ჭკუახეტერო, ამ სულელ
თავს რომ იხრჩობდი, მერე მე რა პასუხს მაძლევდი, ჰა?
არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა მისი ეგეთი გაუთავებელი წუწუნი, რომ ამ დროს სოფლის გზაზე ჩემი მეუღლეც გამოჩნდა. უკან შვილები, მეზობლები ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ, რაღაცას ედავებოდნენ, გაცხარებით ელაპარაკებოდნენ. ალბათ, ამშვიდებდნენ. მე მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა არაადამიანურად მოვექეცი საცოდავს და გული მისდამი სიბრალულით ამიჩუყდა. საწყალს მართლა წყალში დამხრჩვალი თუ ვეგონე, ამდენი ხალხის დანახვაზე თმაგაწეწილი, შეშლილი თვალებით ჩემკენ წივილით რომ გამოქანდა. საბამ თვალი მოჰკრა თუ არა, მისკენ ხელების ქნევით, ყვირილით გაქანდა:
_ არ იტირო, ცოცხალია! ცოცხალია ეგ ჩემი ცოდვით სავსე!
სალომე შედგა. გაშეთებულმა ერთი აქეთ-იქით მიმოიხედა, მერე თავში ხელი რატომღაც წაივლო, ისევ დაუშვა, ისევ წაივლო და რომ დამინახა ანაფორაწამოსხმული და ჯორზე ამხედრებული, ალბათ, მოჩვენება თუ ვეგონე. უცებ შემზარავად დაიწივლა და წყევლა-კრულვით, ვაით, უბედურებით ჩემკენ გამოეშურა:
_ ჰაიტ, შე უკუღმართო, შე არაწმინდავ და ღვთის პირიდან გადავარდნილო ყაძახო! ისე შენი სიკვდილი და არგადარჩენა ვნახე, როგორც მე შენ სიცოცხლე გამიმწარე და უდროოდ დამაბერე! შენ იცინი, დროს ატარებ და მე რომ ამ დროს ჯავრით არა ვარ და თმა მითეთრდება, იმას არაფრად აგდებ და არც გენაღვლება. ოოი, რატომ ის დედამიწა არ გაგისკდება და თან არ ჩაგიტანს! ვარდიან კუბოში ჩასვენებული გადაგიტანე ეზოდან თავუკუღმა, შე ძაღთაპირო და ყოვლად უწმინდურო, აჰაა! _ მომდგა ეს დალოცვილი და მრეცხავდა, მრეცხავდა, როგორც შეეძლო და გაუვიდოდა. მეც, ეგრე საქვეყნოდ გამოჭენებულმა, მოვუთმინე. საწყალი ქალი ეგრე გამწარებული და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი რომ დავინახე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა დღეში უნდა ჩავარდნილიყო ჩემი ეგეთი მოუფიქრებელი საქციელის გამო და შემებრალა. ჩემი დანაშაული როგორმე რომ მიმეჩქმალა, შევეცადე მისი შიშიც ხუმრობად მექცია და გაცეცხლებული გულის ოდნავ მაინც გასანელებლად რისხვა გავუიოლე:
_ ვარდი რად მინდა, დედაკაცო? არა ხედავ, რომ კაცი ხუცესად ვკურთხებულვარ, მხრებზე ანაფორა წამომისხამს, თუ აღარ დაიშლი, ერთი ორიოდ გირვანქა საპონი მაინც გამატანე, საიქიოში წმინდა სულით თუ არა, წმინდა ხორცით მაინც შევალ.
_ რატომ ის დღე არ დაიქცა, შენ რომ პირველად დაგინახე, ჩემი ცოდვა ჰქონდეს იმას, ვინც მე შენთვის ასე გამომიმეტა.
მე ჯორზე თავდახრილი ვზივარ. გამწარებული ქალის ყიჟინს ხმის ამოუღებლად ვისმენ და არ ვიცი, რა ვუთხრა ან რით დავამშვიდო იგი, მაგრამ ბედმა მარტო ეს როდი მაკმარა, გაკაპასებულ დედას ახლა ქალიშვილიც წამოეხმარა:
_ ჰაიტ, შე ნამუსზე ხელაღებულო ყაძახო, შენ! შენგან სულ ასე დაზაფრული და გულგახეთქილი სანამ უნდა ვიყოთ ჰა, დაბერდი ყაძახი, გამოჩურჩუტდი და თვალი მაინც ეშმაკისაკენ გიჭირავს?
_ ჰოდა, აკი იმიტომაც ვეკურთხე მღვდლად! _ მოვუჭერ სიტყვა შვილს და მინდა მით ეს ჩემი დაუკვირვებელი საქციელი ხუმრობად ვაქციო.
_ ენა მუცელში ჩაიგდე, შე ენაგატლეკილო, ენა, თორემ ძირში რომ ამოგთხრი, მაშინ ნახავ შენ სეირს. მღვდლად კი არა, ჯამბაზად კურთხებულხარ. ის ხანი მიეცა შენს ქიონიას, როგორც შენ იმან მაგ ჯორიდან ძირს ჩამოგიღოს და განი სიგრძედ მოგიქციოს.
მე ადგილიდან არ ვიძვრი. ისევ ისე თავჩაქინდრული ხმისამოღებლად ვდგავარ და ყურს ვუგდებ მათ ყაყანს. ყურს ვუგდებ თან გუნებაში ვფიქრობ: აჰა, შენ ღმერთო ჩემო, ეს რა განსაცდელში ჩამაგდე! ჯერ ის ერთი არ მეყოფოდა, ახლა ეს მეორეც ზედ რომ დამიმატე? სხვა რომ ვერა მოვახერხე რა, ირგვლივ შემოხვეულ ხალხს თვალი გაოგნებულად მოვავლე და ჩემს თავზე მევე გამეღიმა. ჩემი დახრჩობის ამბავს ყველა ისე აეფორიაქებინა, რომ მამასახლისის ის დღევანდელი წუპაკობა სულ დავიწყებოდათ. სოფელი ხელდახელ ორ ბანაკად გაიყო. კვირაძალია და ხუცესთან ქეიფის მოლოდინით წინასწარვე ანერწყვებული მამაკაცები ჩემს მხარეზე არიან. მამასახლისისაგან დარბეული და გამწარებული დედაკაცები ჩემს თანამეცხედრეს უჭერენ მხარს და მალე მათ შორის ისეთი აყალმაყალი ჩამოვარდა, რომ მე ყველას დავავიწყდი. გადავწყვიტე, დროით მესარგებლა და ამ დავიდარაბაში შეუმჩნევლად გავპარულიყავ, მაგრამ დახეთ ბედის განაჩენს, _ კოვზი ნაცარში ჩამივარდა.
_ სად მიიპარები? საით მიიპარები? _ აყიჟინდა სალომე და ჩემკენ გამოექანა, _ სულ ეშმაკისაკენ რომ გიჭირავს თვალყური, ერთხელ შენი ოჯახისკენაც გაიხედე!
_ ახლავე ეგ ანაფორა გაიხადე და შინ წამოჩერჩეტდი, თორემ მოგკლავ! მოგკლავ და პასუხს არაფერზე არ ვაგებ, _ წამოეხმარა დედამისს ისევ ქიონია და მე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. თვალდათვალ ვხედავ _ თუ ასე გაგრძელდა, ვახშამს დამაკარგვინებენ.
_ ახა, შენ ღმერთო ჩემო, ეს რა განსაცდელში ჩამაგდე! _ ამოვიოხრე და ხელები ცად აღვაპყარ. მერე ხელები ძირს დავუშვი და აყაყანებულ ხალხს ღაღადისით მივმართე, _ ხედავთ, მეზობლებო? როგორ არ ხედავთ, რომ კაცი ანაფორით შევმოსილვარ, კაცი სულის გზას დავდგომივარ და ამ დროს ეს მაცდურნი და ეშმაკის შემოჩენილნი ხელს მიშლიან, _ მერე ისევ იმ ჩემს მეუღლეს მივუტრიალდი და ამდენი წყევლა-კრულვით თავგაბეზრებულმა საყვედურით ვუთხარ, _ რა გინდა, დედაკაცო, რად არ ჩამომეხსნები, ჰა? თუ შენ მართლა ავი და მაღვალაკი არა ხარ, მითხარ, რა დაგიშავდება, რომ მე ჩემი ჭია გავახარო, ჰა?
_ რატომ ის ოხერი ჭია არ შეგჭამს, რატომ არ მოგინელებს, რომ ბარემ ერთხელ და სამუდამოდ მოვისვენოთ.
დედაკაცებთან რომ არა გამოვიდა რა, ისევ ჩემს უთუთიას მივუბრუნდი:
_ რა ვქნა, შვილო? რა უნდა დედაშენს? მე რომ დრო ვატარო, მაგას ამით რა დაუშავდება, ჰა? რა ვიცი, რა ვიცი, დღეს არა და ხვალ იქნებ არც ვიქნეთ და რა იქნება, რა დაუშავდება, მე რომ ჩემი ჭია გავახარო, ჰა?
უთუთიას გაეღიმა და ალერსით მითხრა:
_ წადი, ბაბა, წადი! როგორც შენ გინდოდეს და ჭკუამ გაგიჭრას, ისე მოიქეცი.
_ ვის უნდა გაუჭრას ჭკუამ? _ იკითხა გაკაპასებით ისევ სალომემ, _ ჭკუა რომ არა აქვს, რამ უნდა გაუჭრას? მაგას რომ ჭკუა ჰქონოდა, გულსაც ასე არ გადაგვიტრიალებდა.
უთუთიას შემდეგ ჩემთვის გადამწყვეტი ხმა ქიონიას ჰქონდა და ამიტომაც ცოლის სიტყვებს ყურადღება აღარ მივაქციე, ახლა იმას შევეკითხე:
_ შენ რას მირჩევ, ჩემო შვილო? _ და თავი ისე მოვისაწყლე, შვილს თვალებში ისეთი საბრალო თვალებით ჩავხედე, რომ გაკაპასებით შემოტრიალებულმა ქიონიამ თვალი თვალში გოროზად გამიყარა, მაგრამ მთელი ეს მრისხანება და ამდენი ჭექა-ქუხილი წყალში ერთბაშად ჩაუცვივდა. ეგრე თავმოსაწყლებული და თავმოკატუნებული რომ დამინახა, თავი დიდხანს ვერ დაიჭირა და პირზე ღიმილი აუთამაშდა.
_ წადი აქედან, დაიკარგე! ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს ამ ბარობაზე! _ მომაძახა და ერთბაშად ხმამაღლა გადაიკისკისა.
მეც ეს მინდოდა, შიშით, რომ ყველაფერი ისევ თავიდან არ დაწყებულიყო, ჯორი ხელდახელ შევაბრუნე და ოხვრით, წუწუნით გზა ისევ განვაგრძე.
ჩემი ჯალაბის შიშით ფერდაკარგულ საბას ლოყები უცებ ისევ აუღაჟღაჟდა და ამ დავიდარაბისაგან ეგრე მშვიდობიანად გადარჩენით გახარებულმა ხალხს ხალისიანად გადასძახა:
_ აბა, მეზობლებო, რას უყურებთ? ვისაც მადა გაქვთ, წამოდით!
_ წავიდეთ! წავიდეთ! _ აგუგუნდა ხალხი ხალისიანად და ყველა ერთად დავიძარით ადგილიდან, ხუცესის სახლისაკენ კმაყოფილები გავემართეთ.
ამდენ ლანძღვა-თრევაში ისე დამცხომოდა, რომ ანაფორა მოვიგლიჯე და მღვდელს უსიტყვოდ გადავუგდე. იმანაც ის თავისი სამოსი ამოისხა და ისევ ადამიანს დაემსგავა. ჯორს მაინც ვერ შეველიე. წინ არხეინად წავჩაქჩაქდი და ხალხიც უკან ფეხდაფეხ მომყვა. მათი ხლისიანი ყაყანი გულს სიხარულით მივსებდა.
ხუცესი გვერდით ფეხდაფეხ მომდევდა და თან წუწუნებდა, ოხრავდა სულშეჭირვებულად. ჩემგან შიშნაჭამსა და გაწბილებულს გული აქამდე ვეღარ მოებრუნებინა. მის წუწუნს მე აინუნშიაც არ ვაგდებდი, მაგრამ ერთი ბზიკნაკბენივით რომ შეხტა, ჩემი ყურადღება მხოლოდ ამით მიიქცია.
_ ხვადაგები! ხვადაგები! _ აღმოხდა რისხვით თავისთვის და ხალისიანად აყაყანებულ ხალხს გაბოროტებით მოუტრიალდა. რა ვიცი, რა დაემართა. იქნებ ამოდენა ხალხის ეგრე დაუფიქრებლად დაპატიჟებაზე გული მოსდიოდა? იქნებ ის არ მოეწონა, რომ მათ ჩვენი შერიგება არად მიაჩნდათ და შერიგების პურისჭამა უფრო უხაროდათ? მერე მობრუნდა, ძუნძულით ისევ წამომეწია და კვლავ ფეხდაფეხ ამედევნა. მეც ვითომც არას ვამჩნევდი, წინ ისე მივდიოდი. მის გაუთავებელ წუწუნსა და ოხვრა-კვნესასაც ყურადღებას ვითომც აღარ ვაქცევდი. ის თავისას მაინც განაგრძობდა და კაცი ვერ გაიგებდა, თავისთვის ბურტყუნებდა თუ თავისი გაჩენის დღეს დასტიროდა. ხანდახან თავში ხელს სიმწრით წაიშენდა და ისევ განაგრძობდა, საყვედურით მავსებდა:
_ ამხელა კაცს როგორ არ უნდა გრცხვენოდეს, ჰა? ოჯო, ასეთი იღბლიანი რა დედამ გშობა? ყველას შენ უყვარხარ, ისე გვიყვარხარ, _ თვალში რომ ჩაგვივარდე, ხელს არ ამოვისვამთ და შენ... ფუჰ, შენს კაცობას! გულის ხეთქვის მეტს შენგან არას მოველით. სირცხვილ-ნამუსი მაინც არ იცი, შე კაცო? არა, შენ ნამუსგარეცხილო, თავს რომ იხრჩობდი, რას ფიქრობდი, ჰა? რა უნდა მექნა, ბიჭო, მერე, ჰა? მე, კარგი, აღარ გეცოდებოდი და აღარა, მაგრამ იმ შენ ცოლ-შვილს ან ღმერთს რა პასუხს აძლევდი, ჰა? ჰაიტ, შე ბრიყვო და გამოჩერჩეტებულო, რა მაცოცხლებდა, ბიჭო, შენ მერე, ჰა? მიყვარხარ, შე სულძაღლო, შენს მეტი არაფერი გამაჩნია, ძმა მე არ მყავს და ძმისშვილი. ერთი შტერი ბიჭი მყავს, იმის ყოლას, სულ რომ არ მყავდეს, ის მირჩევნია და შენც, მაგ შენი სულელი თავის გადამკიდე, სისულელე იფიქრე... ამდენი სიყვარული, ამდენი თანაგრძნობა წყალში ერთბაშად გადაგვიყარე, მერე ადექი და შენც თან გადაჰყევი... ფუჰ შენს კაცობას! მეტი არ იქნა ჩემი მტერი, კაცად შენ არ ვარგოდე... ვაიმე, ვაიმე, შე საწყალო ჩემო თავო!
ხან მეალერსებოდა, სიყვარულს მეფიცებოდა ხუცესი, ხან ტიროდა, მოთქვამდა თავისთვის, ხან მიჯავრდებოდა და ხან ალერსიანად მლანძღავდა, მიწასთან სიყვარულით მასწორებდა და სიყვარულითვე ცად ავყავდი, ჩემი თრევითა და ალერსით ვეღარ ძღებოდა.
მე კი მის ჯორზე არხეინად ვიჯექ. წინ არხეინადვე მივჩაქჩაქებდი და ის ენაგადმოგდებული ფეხდაფეხ მომდევდა, სულმოუთქმელად ქაქანებდა. არაფერი ჩემთვის არ დაუშურებია, არაფერი ჩემთვის არ დანანებია და სხვა რაღა ექნა საწყალს, ჯერ იყო და, ის ღვთიური წიგნი მათხოვა. ეგონა, წაღმართ გზას დავადგებოდი, მაგრამ იმედი არ გაუმართლდა... მერე იყო და, პერანგი გაიხადა და მეც ჩამაცვა. ეგონა, მოყვასი ვიყავ, მაგრამ ამაგს თუ დავუფასებდი, იმედი არ ჰქონდა. ეს როდიღა მაკმარა, _ რომ არ გავცივებულიყავ, მხრებზე ანაფორა წამომასხა, რომ არ დავღლილიყავ, თავის ჯორზე შემსვა და, აჰა, ფეხდაფეხ მომყვება... ახლა თავისი სარჩო ლუკმაც მე უნდა შემაჭამოს და მართლა და მართლა, ღმერთი აღარ არის ამ ქვეყანაზე? მაგრამ ვაი, რომ ეს ასე არ არის! დღეს პერანგს მაცმევს და ხვალ სამაგიეროდ ტყავს რომ გამხდის, ჩემს ღრიალსა და ვაი-უშველებელს თქვენ მაშინ უცქირეთ.
ხუცესი ისევ წუწუნებდა, მის გაჩუმებას საშველი არ ადგებოდა, მაგრამ მე ყურადღებას ისევ არ ვაქცევდი. მთელი გზა იმის ვარაუდში ვიყავ, რა მარიფათი გამომეჩინა სუფრაზე, როგორ მომელხინა და ამით ჩემი მეზობლები ერთი ლაზათიანად გამეხარებინა. ის-ის იყო, შემწვარი გოჭებისა და კათხაში სავსედ აფუცხუნებული ღვინის ეშხში შევედი, რომ ამ დროს ხუცესმა ჯორს სადავე დაუჭირა და ერთბაშად შემაჩერდა. მერე ჯორს მკერდით მიეყრდნო და ორთავ ხელი ტახტას ირგვლივ შემოხვია, უნაგირთან ერთად მკლავებში მეც რომ მომიმწყვდია, ის დასავსები თვალები ქვემოდან ისე შემომაშუქა, რომ რაღა დავმალო, ტანში უსიამოვნოდ გამაჟრიალა.
_ კი მაგრამ, თავს თუ იხრჩობდი, ტანისამოსს რაღას იხდიდი, ა? _ გველის წიწილივით ბოროტად შემომსისინა და თვალი თვალში გამომცდელად გამიყარა.
ერთი პირობა შევკრთი. მივხვდი, რომ ჩემი ბედი ახლა წყდებოდა და მე მთელი ჩემი საზრისი და გამჭრიახობა ერთად მოვიკრიფე. თავი ერთბაშად მოვისაწყლე და საფათერაკოდ დაეჭვებულ კაცს ისეთი ხმით მივმართე, რომ ჩემი სიბრალულით ქვაც ადუღდებოდა:
_ კარგი ახლა, საბალია, იკმარე... თუ ისევ თავიდან გინდა დაიწყო ყველაფერი?
ხუცესი მაშინვე მომწყდა. ცალი ხელი ჰაერში საცოდავად აასავსავა და შუბლზე ისე გადაისვა, თითქოს ჭირის ოფლს იწმენდსო.
_ არა, ჩემო ბათაია, არა, მეტს არაფერს შეგეკითხები! _ წამოიძახა სინანულით და თავი ისევ ჩაღუნა, ისევ ფეხდაფეხ ამედევნა, _ რა ვქნა, ბიჭო, ეს ჩემი ურწმუნოებაც შენივე ბრალია, იმდენჯერ გაგიცუცურაგებივარ, ბიჭო, რომ ნდობა დამეკარგა და რა ვქნა, რა ჩემი ბრალია. ეეხ, ჩემო ბათა, თუ რამე მომკლავს, ისევ შენ მომკლავ, ბიჭო, შენ მომინელებ! და მაინც რომ მიყვარხარ, შე ურჯულოვ! ეეხ, მე რომ ამ საღამოს დღე დამიღამდა, იმას მტერსაც ვერ ვუსურვებ. ერთი სიკვდილი გავიარე და ახლა გინდ ვყოფილვარ და გინდ _ არა. არა, შენ ურჯულოვ, ეს ძირში მოსაჭრელი ფეხები რომ იშვირე და შიგ შუა წყალში გადავარდი, რა იფიქრე, ა? რა უნდა მექნა, ბიჭო, მე შენ შემდეგ, ჰა? მეც ხომ თან უნდა გადმოგყოლოდი? რად ეღირებოდა მერე ჩემი სიცოცხლე? ცოტაც, სულ ცოტაც მოგეთმინა, შე სულწასულო, და სხვა რა გზა მექნებოდა, ჩხუბით, აყალმაყალით გულს რომ მოვიოხებდი, შეგირიგდებოდი. შენ კი ადექი და შიგ შუა რიონში გადავარდი. ფუჰ, შენ კაცობას! _ მოქაქანებს სულმოუთქმელად და თავი ისე გამაბეზრა, რომ წყალი ახლოს რომ იყოს, ისევ გადავვარდებოდი, მაგრამ ვითმენდი, ვცდილობდი, ხმა არ გამეცა და მისი ეს გაუთავებელი ქაქანი კიდევ უფრო გაუთავებლად არ მექცია.
აი, ხუცესის ეზოსაც მივაღწიეთ. ჭიშკართან ახალი გოჭები შემოგვეფეთნენ. ლიანგის დანახვაზე დაფრთხნენ, გულგახეთქილი ღრუტუნით ხან აქეთ ეცნენ, ხან _ იქით და გასავალი რომ ვერსად იპოვეს, ვარდისფერ დრუნჩთა ცმაცუნით, წვრილად დაკრაკნილი კუდების სასაცილო ქიცინით გოროზად ახორხოცებულ დედას შემოეხვივნენ.
_ ვისია, საბა, ეს გოჭები? _ შევეკითხე ხუცესს სიამოვნებით.
_ ჩემია, ბათა, ჩემი, ეგ ოხრად დასარჩენი, _ მიპასუხებს იგი და ეტყობა, წეღანდელი შიშისაგან გონს ჯერ სულ ვერ მოსულა.
_ ოხრად დარჩენას რას ერჩი, შე კაცო! ბლომად კი გყოლია. რა გიჭირს, ძამია! უყარე შამფური და ჭამე.
ხუცესმა ყურადღება არ მომაქცია. ჭიშკარი სტუმრებს ფართოდ გაუღო.
_ მობრძანდით, მობრძანდით, თქვენი ჭირიმე! _ ეპატიჟებოდა ეზოში შემოხვავებულ ხალხს.
მე ჯორიდან ჩამოვხტი და წინ შემოფეთებულ მღვდლის ერთადერთ შვილს, სულელ ბობიას, ლაგამი ხელში შევაჩეჩე.
კიბეზე რომ ავდიოდი, შიშით ფერდაკარგული ფოფოდია წინ შემომეგება:
_ რა ამბავია, ბათა, ეს ამდენი ხალხი?
_ რაღა რა ამბავია, ჩემო ესმა! ხედავ, ქმარი გადაგერია? ხედავ, კარს რამდენი სტუმარი მოგაყენა?
და ამ სიტყვებით სტუმრებით სავსე ეზოს აღტაცებით გადავხედე.
_ აბა, ბიჭებო! _ აყვირდა ხუცესი გაფაციცებით, _ გამოიყვანეთ ის ბალაგარი უშობელი ახორიდან და დანა გამოუსვით ყელში! აჰა, ეს კოკებიც და ჭური მოხადეთ!
გლეხებმა გულუხვ მასპინძელს სიტყვა აღარ გაამეორებინეს. ზოგი სამზად სახლში ცეცხლს აჩაღებდა, ზოგი ღომს რეცხავდა, ზოგი _ კოკას და ზოგიც ჭურის მოსახდელ თოხსა და ღვინის ამოსაღებ ორშიმოს გაფაციცებით ეძებდა.
მამასახლისის ნათლობიდან დაბრუნებული ფოფოდია ქმარს გაოცებული თვალებით უცქერის და ვერაფრით გაუგია, ამ კრიჟანგ ხუცესს ეგრე უხვად რამ გააშლევინა ხელები.
_ ბათა არ მომიწყინო, ჩემო ესმა, ბათა არ მომიწყინო! მართალია, ჩვენ ოჯახში ეგ სტუმარი არაა, მარა მაინც არ მოიწყინოს, _ გამოსძახა მეუღლეს საბალიამ ჭის თავიდან, სადაც გლეხები საკლავს ატყავებდნენ.
მღვდლის ცოლიც ქმარს არ აწბილებს და თავიდან ბოლომდე დაწვრილებით მიამბობს, როგორ გადაირია თურმე საბა, მამასახლისის სუფრაზე ხელსახოცებად მოტანილი თავისი წიგნის ფურცლები რომ დაინახა. ერთი ისეთი შეჰკივლა თურმე, შიშით ყველას გული გადაუტრიალდა. გაცეცხლებული ხან მაღლა ავარდა, ხან ისევ მიწას დაასკდა, მასპინძელმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ თავის ჯორს ზურგზე ქორივით მოაფრინდა და ჩემკენ გამოქანდა.
მე ვქირქილებ, ფოფოდია კისკისებს, მაგრამ მალე ისევ მოვიწყინე, თავი მწუხარედ ჩავკიდე და ვოხრავ ჩემთვის.
_ რა დაგემართა, ბათა, რას ოხრავ? _ შემეკითხა ესმა მზრუნველობით.
_ არაფერი, ჩემო ბატონო, იმას ვწუხვარ, თქვენს ქმარს რომ სულს ვურჩევნივარ! მე ღირსი არა ვარ.
_ რას იზამ, ჩემო ბათა! ხომ გაგიგონია, თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსაო.
და ისევ ვქირქილებთ. მე სავსე კოკასავით ვბუყბუყებ, ის ლიტრასავით ლიკლიკებს. კიდევ უფრო გახალისებული ვდგები და აივნის მოაჯირზე გადაყრდნობილი, გლეხებს სიცილით ვეკითხები:
_ როგორაა, მეზობლებო, ჩვენი საქმე?
_ კარგად, ბათა, ჯერ კარგადაა და დანარჩენს მერე ვნახავთ!
10
ფოფოდია ადრე წავიდა დასაძინებლად და სუფრა დაგვრჩა მამაკაცებს. შუაღამე გადასული იყო, ნადიმი ცაში რომ ავიტანეთ. მალე საცეკვაო სიმღერაც დააგუგუნეს. ქეიფში შესულმა მაშინვე დრო ვიხელთე. იქვე, კუთხეში, მიყუდებულ ხუცის ყავარჯენს ხელი დავავლე და ბავშვად ქცეული ზედ ბავშვივით ავმხედრდი.
_ აჩუ-უჰ! _ დავაჭენებდი ჩემს ჯოხის ცხენს დარბაზში აქეთ-იქით და მეზობლების სიცილ-ხარხარში არ გამიგია, როდის გაგვეპარა გარეთ მასპინძელი.
აქეთ ვეცი, იქით ვეცი და რომ ვერსად ვეღარ ვიპოვე, დავიღრიალე:
_ ხუცესი სადაა, საბასტრატილატე რა იქნა? ბობია, ბიჭო, ბობია! _ გავძახე საბას ერთადერთ ლენჩ ბიჭს, _ მამაშენი სადაა?
მაგრამ ხელი უიმედოდ ჩავიქნიე. რას ამიხსნიდა საწყალი ან რა პასუხს გამცემდა, როცა ბავშვობითგანვე სულელი იყო და ერთადერთი, რის თქმასაც ის ახერხებდა, ეს `ბობე~ იყო. როცა `ბობეო~ დაიძახებდა, უნდა გცოდნოდა, რომ ამ ბღუილით ის რაღაც ღრმააზროვან სიბრძნეს გამოხატავდა.
ჩემს შეკითხვაზე ახლა ეს `ბობე~ ისეთი მქისე ხმით წამოიძახა, რომ ყველას ხარხარი აუტყდა.
ამ დროს მღვდლის საძებნელად გასული რამდენიმე ახალგაზრდაც დაბრუნდა და შეგვატყობინა, რომ მისი ძებნა ამაო იყო, რადგან მთელი ეზო გადაებრუნებინათ და მაინც ვერ ეპოვათ. უკვირდათ, არ ესმოდათ, სად უნდა დაკარგულიყო ის სულწაწყმედილი ასე უგზოუკვლოდ.
_ ჯანდაბას იმისი თავი! _ წამოვიძახე დაღონებულად, რადგან ქეიფში შესული ვიყავით, ღვინოც უხვად იღვრებოდა, მაგრამ ხორაგი გვაკლდა და სმას ის მადლი და ლაზათი აღარ ჰქონდა. რას ვიზამდით, დიდად მაინც არ მოვიწყინეთ და იმ საცოდავი უშობლის გახრული ძვლები ერთხელ კიდევ გავხარით. ღვინის სმით, სიმღერით, ოხუნჯობით ისე გავერთეთ, რომ არც გაგვიგია გათენების ხანს მასპინძელი თავის სახლში როგორ შემოიძურწა.
_ სად ხარ ამდენ ხანს, შე გასაპარსავო! _ მივაძახე გაგულისებით, _ დავწყდით შიმშილით, დავწყდით და ესაა.
_ ახლავე, ჩემო ბათა! ახლავე, შენი ჭირიმე! _ მომაძახა საბამ და თვალებში ერთი ისე შემომცინა, რომ რატომღაც არ მესიამოვნა, _ თხა დაგიკალი, შე მართლაც თხაო, და შეწვა უნდოდა თუ არა?
მერე კათხა ღვინით აივსო და ერთი აბრაგულად, დარდიმანდულად დასძახა:
_ ძვირფასო სტუმრებო, სმენა იყოს და გაგონება!
_ სმენა, მეზობლებო, სმენა! _ დაიძახეს შემწვარი თხის მოლოდინით თვალგაბრწყინებულმა სტუმრებმა და სუფრაზე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. ხუცესმა ჩამოვარდნილი სიჩუმით მაშინვე ისარგებლა და ისევ დაიძახა:
_ გაუმარჯოს ჩვენს ბათას!
_ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! _ აყვირდნენ გლეხები და მეც ისე, როგორც საპატიო სტუმარს შეშვენოდა, ფეხზე მოწიწებით წამოვდექი და მადლობის ნიშნად ყველას თავს მდაბლად ვუკრავდი, მაგრამ დასწყევლა ეშმაკმა და სათაელმა ამ ხუცის სახსენებელი, რას შემომცინის თვალებში ასე მაცდურად, ვერ გამიგია.
_ იცოცხლე, ჩემო ბათა! _ იმეორებს ხუცესი ისევ თავის სადღეგრძელოს და თან რაღაც ისე უხარია, რომ თავს სიცილისაგან ძლივს იკავებს. მე დაკვირვებით ჩავცქერი ამ უკუღმართს თვალებში და თან ვფიქრობ, რა უხარია ან რა აქირქილებს ამ ღვთის პირიდან გადავარდნილს. აბა, რა ვიცი რა უხარია ჭინკას, როცა ღმერთს სძინავს. მეც მძინარესავით ვარ ახლა. ტვინი ღვინით ისე მაქვს გაჟიჟინებული, რომ აზრი აღარ მემორჩილება და წვერცამეტა ჭინკის ასავალ-დასავალი ვეღარ გამიგია.
_ საბალია, ჩემო ძმაო და სიყრმის მეგობარო! _ ვეალერსები გრძნობამორევით მასპინძელს, _ აქამდე გიმალავდი და მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. ამ შენმა სიყრმის შვილმა წეღან ერთი ისეთი სუკის ნაჭერი ამაცალა, რომ მის გახსენებაზე თვალში კურცხალი მადგება.
ჩემს ქარაგმულად გადაკრულ სიტყვას, რომ სუფრაზე ხორაგი აღარ იყო, ხუცესმა ყური განზრახ წაუყრუა და საყვედურს მეუბნება:
_ რატომ მაშინვე არ მითხარი, შე კაცო, გავლახავდი!
_ რა ვქნა, ახლა მომაგონდა, როცა მომშივდა.
_ ახლავე, შენი ჭირიმე! ბიჭო, შიმშილით მართლა არ მომიკვდე! _ დატრიალდა საბა დიდად შეწუხებული მასპინძელივით და მერე ხმამაღლა დაიძახა, _ ცოტაც მომითმინეთ, ძვირფასო სტუმრებო, სულ ცოტაც და, ისეთ შემწვარ თხას მოგართმევთ, რომ მისი პატრონის ქება-დიდებით ვეღარ გაძღეთ.
მასპინძლის დაპირებამ ხალხი ისევ გაახალისა. იქ ვიღაც ზარხოშიანად თავისთვის ღიღინებდა, აქ ვიღაცა თავის გვერდით მჯდომს სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცებოდა. ზოგი ყველას გასაგონად რაღაცას ხმამაღლა ლაპარაკობდა, მაგრამ ყურს არავინ უგდებდა, ზოგსაც თვლემა მოჰკიდებოდა და თვალმიბლეტილი თავს საცოდავად აკანჩურებდა. ყველა ისე ატარებდა დროს, როგორც მოეხერხებოდა და გაუვიდოდა, მაგრამ თავს ყველაზე მხიარულად მაინც მასპინძლის შვილი ბობია გრძნობდა. როგორც სჩვეოდა, ერთ ადგილას ჯირკივით გაშეშებულიყო და თითქოს თავდავიწყებაში გადასული, არ ვიცი, ვის, _ იქნება მოლანდებულ ანგელოზს, იქნებ ეშმაკს, _ ბედნიერად უღიმოდა.
საბას შვილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე დაიძახა:
_ ახლავე, ჩემო ძვირფასო, ახლავე შემწვარი თხით გიახლებით!
და მაშინვე გარეთ გაიჭრა.
გლეხებმა მისი აქ არყოფნით მაშინვე ისარგებლეს და უძრავად გაშტერებულს ზოგი ყურში `ბობეო~ ჩასძახოდა, ზოგი ხმამაღლა იცინოდა, მაგრამ გაოგნებული მდგომარეობიდან მაინც ვერასგზით რომ ვერ გამოიყვანეს, ახლა სხვა ხერხს მიმართეს: ცხვირში ხახვის ფურცელი გაუყარეს და ის კი, ის მართლაც გამოშტერებული, ყოველივე ამას აინუნშიაც არ აგდებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ცხვირი დააცემინა, ერთი საზარლად დაიფრუტუნა და დაიძახა:
_ ბობე!
და არავინ იცოდა, რას გამოხატავდა ეს წამოძახება, აღშფოთებას, რისხვას თუ აღტაცებას. ამის ძიებაში არც შედიოდნენ მისით თავის შემაქცევარნი. ერთიორად ახარხარებულნი ცხვირში კიდევ უფრო გრძელ ფოთოლს უყრიდნენ და მართლაც საკვირველი იყო, სად მიდიოდა ეს ამსიგრძე ხახვის ფურცელი.
ამ დროს კარიც გაიღო და დარბაზში ერთბაშად დიადი სიჩუმე ჩამოვარდა. კართან საბა და ერთი გლეხთაგანი იდგნენ, ხელში უზარმაზარი ხის ხონჩა აქეთ-იქიდან ძლივს ეჭირათ და ზედ შემოდებულ მთლიანად შემწვარ თხას ოხშივარი მადის აღმძვრელად ასდიოდა.
_ აბა, სიმღერა! _ დავიძახე ხმამაღლა, _ დიდება სუფრის მშვენებას!
სიმღერა მართლაც არ დაყოვნებულა. საბამ და მისმა დამხმარე გლეხებმა ხონჩა შუა სუფრაში ჩამოდგეს.
_ აბა, მამა და შვილო, მიირთვით, გენაცვალეთ, მიირთვით და დაგვიანებისათვის ნუ დამზრახავთ.
_ ბოდიში რა სათქმელია! _ აყაყანდნენ სტუმრები ხალისიანად და ალესილი ყამა-დანები ხორცის ასათლელად კმაყოფილებით მოიმარჯვეს.
_ ჩვენ, ჩემო საბალია, ხორცი მოგვართვი და სული ეშმაკსაც წაუღია. იმათ უყვართ მაგნაირი საქონელი... _ ვეხუმრები ხუცესს და კარგა მოზრდილი ნაჭერი პირში რომ გავაქანე, აღტაცებით აღმომხდა, _ იფ! რაც მართალია, მართალია, კაი დილღვამიანი ოჯახი კი გაქვს, იცი!
საბამ ქებაზე წესისამებრ ცოტა დაირცხვინა და წვერზე ხელის ჩამოსმით მიპასუხა:
_ შენთვის სული არ მეშურება. მიირთვი, ჩემო ბათა, ეს თხა შენია და სტუმრებს, როგორც გინდა, ისე გაუმასპინძლდი.
ამის გაგონებაზე გული ეჭვმა გამბწკალა.
_ ხუცესო! _ ვბრძანე მრისხანედ.
_ რა გინდა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი? _ სულ მოისაწყლა თავი სულკატიანმა და სახეში ძაღლივით შემომაჩერდა.
_ აბა ერთი თვალებში შემომხედე!
ხუცესმა თვალებში ისე მიამიტად შემომხედა, რომ გული მაშინვე დამიმშვიდდა. მეზობლებს აღტაცებით მოვუტრიალდი და რაც ძალი და ღონე მქონდა, დავიძახე:
_ ძმებო, შვილებო, მეზობლებო, გაუმარჯოს ამ თხასა და მის მადლს!
_ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! _ გუგუნებდნენ ისევ სტუმრები.
_ გაუმარჯოს ბათას! _ წამოიძახა საბამ და მხარზე ხელი ალერსიანი ღიმილით დამარტყა.
_ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! _ არის გრიალი სტუმრებისა.
მე ისევ შევკრთი ამ შეძახილზე და ხუცესს კუშტად მოვუტრიალდი:
_ მე რა შუაში ვარ, შე ძახთაპირო?
_ როგორ თუ რა შუაში ხარ? _ პირაქეთ შემომიტია სულიერმა მამამ, _ მიყვარხარ, შე სინდისგარეცხილო, მიყვარხარ და იმიტომ. რავა, ამ ჩემს ოჯახში სადღეგრძელოს თქმის ნებასაც არ მაძლევ?
ენა მუცელში ჩამივარდა. მართლაცდა, კაცს ოჯახი ექცეოდა, ეს ამოდენა ხალხი მის ხორაგს ვჭამდით, მის ღვინოს ვსვამდით და საყვედურს რაღას ვემართლებოდი? სავსე კათხას ხელი დავავლე და შემწვარი თხის გემრიელი სუნით მადაზე მოსულმა მონადიმეებს ხმამალა შევძახე:
_ ძმებო, შვილებო, მეზობლებო, ჩვენს სულიერ მამას გაუმარჯოს!
_ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! _ აგუგუნდნენ გლეხები და უკან რომ არ ჩამომრჩენოდნენ, ღვინით სავსე კათხები ასაწევად მოიმარჯვეს.
_ სულს ხომ პატრონობს, ახლა ხორცსაც მოდგა და იმასაც ეპატრონება, _ ვთქვი, კათხა სულმოუთქმელად დავცალე, მერე ღვინით დასველებულ წვერებზე ხელი კმაყოფილებით ჩამოვისვი და მასპინძელს კმაყოფილებითვე მივმართე:
_ რაც მართალია, მართალია, ჩემო საბა, და კაი დილღვამიანი ოჯახი კი გაქვს, იცი. ღმერთმა შენს ოჯახს ბარაქა და სტუმარი ნუ მოაკლოს, მარა, ააპა-პა-პა, იმ სტუმრებში მეც თუ არ გამრიე, ღმერთმა შენც შეგარცხვინოს და შენი დილღვამიც!
ხუცესმა ისევ ისე მზაკვრულად გადმომხედა და თავი
სულ მოისაწყლა:
_ რა ვქნა, ჩემო ბათა! ჩემს ოჯახს უსტუმროდ ღმერთმა ნუ გაუმარჯოს და შენ... ყაჰ, შენი სტუმრობა ჩემს ოჯახში ვინ გაიგონა! შენ რა სტუმარი ხარ, შე კაცო, როცა ძმაში არ გამომერჩევი. ანდა ჩვენი ქონება ვინ გაყო? შენი _ ჩემია, ჩემო ბათა...
_ არა, საბალია, ჩემი რად უნდა იყოს შენი? შენია ჩემი და ამ შენს ბარაქას ამიტომაც გაუმარჯოს.
ხუცესი დიდად არ შემედავა და ვატყობ, თავს სიცილისაგან ძლივს იჭერს, ისე მეფიცება:
_ ჩემი ხვავი და ბარაქა შენა ხარ, ჩემო ბათა, ჩემი დოვლათი შენი სიყვარულია და ჩემს ოჯახში მოსვლა რომ არ გერიდება, იმიტომ მიყვარხარ, შე თათარო!
და თვალი ერთურთს რომ შევუმართეთ, შევკრთით, მაშინვე მივხვდით, რომ მზე და მთვარე ჩვენ ერთმანეთზე სულაც არ ამოგვდიოდა.
ხუცესმა ხელი მუცელში წამკრა და ორთავეს უხმო ქირქილი აგვიტყდა.
_ დიიდი წყეული ვინმე კი ხარ, ჩემო ბათა, დიიდი! _ წამოიძახა სასაცილო გაზვიადებით და მხარზე ხელი დაყვავებით დამარტყა.
_ რა ვქნა, ჩემო საბა, ჩემი მოძღვარი და წინამძღოლი შენა ხარ და ვცდილობ, არაფერში ჩამოგრჩე.
_ არა, ბათა! _ არ მეთანხმება წყეული, _ მაინც ნამეტანი ხარ, შე კაცო! მართლა და მართლა, ასეც არ იქნება.
_ მიკვირს, ჩემო საბალია, მიკვირს და გამკვირვებია! შე კაცო, ერთი ფიორი ჭკუა გაქვს და ამდენ ეშმაკობას რით ახერხებ, ჰა?
ხუცესს ისევ სიცილი აუტყდა და ვატყობ, რომ ამაღამ დიდად კმაყოფილია და ვერასგზით ვერ მივმხვდარვარ, რა ახარებს.
11
თენდებოდა, ხუცის ეზოდან მთვრალნი და კმაყოფილნი შარაზე რომ გამოვედით.
ხუცესს რომ გამოვეთხოვე, თვალებში ისე მაკვარანცხად ჩამომხედა, რომ გულმა რეჩხი მიყო.
_ გამყიდე, შე წყეულო, ვიცი, გამყიდე და ის მაინც მითხარი, როგორ შემაფასე.
ხუცესმა მაშინვე იმტკიცა.
_ ყაჰ! _ წამოიძახა ხელოვნური გაოცებით და მით ჩემი ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა, _ გაყიდვას რას გემართლები, შე კაცო. შენისთანა წყეული ფასად კი არა, მუქთად არ უნდა არავის.
_ წადი, შენი რჯული და მასაფიც არ იქნა! _ შევუტიე და მაშინვე ჩამოვშორდი.
ახლა ამ დილის სისხამში განცალკევებით მივდიოდი და თან ხუცის ნაეშმაკარზე ვფიქრობდი, ვერ გამეგო, რა მიხიმანა ისეთი, რომ თავს ასე ბედნიერად გრძნობდა.
_ არა, ძმაო! _ ამეკვიატა შავი ჭირივით ცალთვალა ყაფლან სახინჯაია და საშველს არ მაძლევს, ერთ იმ წყეული ხუცესის ნაეშმაკარი კარგად მოვიფიქრო. რაც მართალია, მართალია და ძაან პატივი კი გვცა იმ ხუცესმა და უძახე ახლა შენ იმას გასაპარსავი, _ განაგრძობდა ისევ თავისას ეს ოჯახქორი და მეც სხვა რა დამრჩენია, თავის ქნევით ვემოწმები:
_ დიდებულად, დიდებულად გაგვიმასპინძლდა, ჩემო ყაფლან, მარა გასაპარსავი მაინც არის.
_ ა, ელაპარაკე ახლა ამას! _ წამოიძახა აღშფოთებით სახინჯაიამ და აღშფოთებითვე განაგრძობს, _ შე კაცო, გაჭამა, გასვა, მუცელზე გაგხეთქა და გაპარსვას რას ემართლები, ჰა?
თავი გამაბეზრა ყაყანით. ღვინით გალეშილს ჭკუა აღარ ეკითხებოდა და ისევ გაცლა ვამჯობინე, მაგრამ ეგეთიც გინახავს? მაინც რომ ვეღარ მოვიშორე! ეს ჩემი ცოდვით სავსე როგორც ხედვით არის ცალთვალა, ჭკუაზედაც ასე ცალთვალა ყოფილა და ვერაფრით თავიდან ვერ მომიშორებია. ღვინით ისე ვარ გაბანდალებული, რომ ცოდვის დღესავით ჩემს თავსაც ძლივს მივათრევ და ახლა ესეც ჭირად გადამეკიდა, მის გაჩუმებას საშველი არ ადგება.
_ ის შემწვარი თხა მაინც რა დიდებული იყო, ჰა? ან სად გაასუქა ასე იმ მართლაც გასაპარსავმა, ჰა? აჰ, მართალი ხარ, ჩემო ბათა, მართლა გასაპარსავი ყოფილა. ხედავ, თვითონ ხომ გასუქდა და გასუქდა, ახლა თხაც ასევე გაუსუქებია, აუუ-იუ! _ შეჰკივლა განცვიფრებით და იმნაირად ამეტორღიალა, რომ მისი ჩამოშორების იმედი სულ დავკარგე, _ ხუცესი კი არა, აბრაგია, ნამდვილი აბრაგი. ხუცობა მაგას ვინ მისცა, მაგის ბინა ტყეშია, მრევლში რა უნდა!
ვინ იცის, სანამ გაგრძელდებოდა მისი ქაქანი, ჩემი ეზოს ალაგესთან რომ არ მივსულიყავ და აყბედებული მეზობლისაგან თავი როგორმე არ დამეღწია.
გზაში, ალბათ, დილის ნიავმა დამკრა. ღვინო ერთბაშად მომეკიდა და თვითონაც არ ვიცოდი, რა მიხაროდა. ეზოში რომ ჩაველ, თავი კიდევ უფრო მოვიგიჟიანე და ჩემს ეზოს, ფაცხას, მოგდულასა და ნალიას თვალი აღტაცებით მოვავლე. ცალი ხელი მაღლა ავწიე, მეორე ძირს მქონდა დაშვებული და კუთხე-მეზობლის გასაგონად ხმამაღლა დავჭყივლე:
_ ეფუუ, ჩემო სახლ-კარო!
მაგრამ ყვირილზე არამცთუ კუთხე-მეზობლები, შინაურებიც რატომღაც არ გამომეხმაურნენ. ღიად დარჩენილ ფაცხის კარში ვხედავდი, როგორ ხალისიანად ტკაცუნობდა შუაცეცხლი და მაშინვე შევატყვე, რომ შინ არავინ იყო.
_ რაშია საქმე? _ ვყვირი გაკვირვებული, მაგრამ პასუხს ისევ არავინ მაძლევს, _ სად დაიკარგა ეს ხალხი ამ კვირა დილას?
ამ ყვირილზე საიდანღაც ჩემი ნაგაზი მოვარდა. ბავშვობისას რომ ძაღლი მყავდა, იმის სამახსოვროდ ამასაც კანჩურიას ვეძახდი. გახარებული ზედ წკმუტუნით მახტებოდა.
_ გაიწი, ძაღლო, იქით! _ ვუტევდი კანჩურიას უნიათოდ და თან საალერსოდ აწკმუტუნებულს ხელით ვიგერიებდი, _ იქით დაიღუპე-მეთქი!
კაცი ფეხზე ისედაც ძლივს ვიდექი, ახლა ეს მამალი მგლის შესაჭმელი ისე შემომიჩნდა, ზედ ისე მახტებოდა, რომ ვეღარ გავუძელ და სველ მიწაზე ფეხასხლეტილმა ზღართანი რომ მოვადინე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რად მეჭირა წეღან მეორე ხელი დაბლა.
_ იქნებ გზა ამერია და ჩემს ეზოში არა ვარ? _ ვფიქრობ მხარ-თეძოზე წამოწოლილი და ძაღლს ახლა კი აღარ ვუყვირი, ვემუდარები, _ მომშორდი, კანჩურია! თავი გამანებე, თუ ღმერთი გწამს! სადა მაქვს, კაცო, ახლა შენი ალერსის თავი!
ვბურტყუნებ, ჩემთვის და თან თავზე ცეცხლი ისე მედება, რომ ცივი წყალი თუ არ გადავივლე, გავგიჟდები.
_ წყალი! წყალი, მიშველეთ! _ ვყვირი, მაგრამ კაცმა რომ არ მომხედა, წელი ვაი-ვაგლახით წამოვითრიე და ჭისაკენ ბარბაცით გავემართე.
ახლაც მიკვირს რამ გადამარჩინა და ჭაში როგორ არ გადავვარდი, მაგრამ, ალბათ, მართალი ყოფილა, _ მთვრალ კაცს ანგელოზი ეხმარებაო. ალბათ, მეც ჩემი ანგელოზი შემეწია. ჭიდან წყალი ოწინარით როგორღაც ამოვწიე და თავზე გადავისხი. ფეხი ახლა წყლით დასველებულ მიწაზე ამიცურდა და ისევ ზღართანი მოვადინე.
_ არაფერია! _ აღმომხდა ჩემდა უნებურად, _ მიწა ვარ და მიწას ვეცემი.
და გადავწყვიტე, თუ ისევ დავეცემი, მაშინ ადგომას რაღა აზრი აქვს-მეთქი. მართლაცდა, განა სულერთი არ არის, სადაც დავწვები? რომ ავდგე და წავიდე, სადმე ხომ მივალ? და სადაც მივალ, იქაც ხომ უნდა დავწვე? მეც ამ ვარაუდით ადგილიდან აღარ ვიძროდი და ცას არხეინად რომ შევცქეროდი, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ეს ოწინარი ლაჟვარდში ქინძისთავივით გაძვრა, გამოძვრა და გული მომივიდა ეს ჩემი ქონება სადაური მერწყულის ზოდიაქია ან რა დროს მისი ცად ასვლის დროა-მეთქი.
_ წყალი! _ ვყვირი ასე გადარეულივით, _ წყალი, თორემ დავიწვი კაციშვილი!
ამ წყეულმა ძაღლმაც რომ არ მომასვენა! ალბათ, დახმარება თუ უნდა, ეგრე გულდაგულ რომ მლოკავს, მეალერსება და ისევ ისე ვუტევ, ისევ ისე ვემუდარები:
_ მომშორდი, შე რჯულძაღლო, მომშორდი-მეთქი! პირს ნუ მლოკავ, შე კაცო, თორემ დათვრები, გალოთდები, შენ მოუკვდი შენს პატრონს!
და ამ დღეში რომ ვარ, საიდანღაც, _ ალბათ, ზეციდან, _ ჩემი ნახევრის ანგელოსური ხმა ჩამომესმა:
_ მამაზეციერმა არ აგაყენა მაგ მიწაზე ცოცხალი, არაფრის მაქნისი შენ არ იყო! _ როდი ყვირის, როდი კაპასობს, ამ უთენია დილაზე ოსანას გალობით მოფრინავს ჩემკენ და ნიშნად მშვიდობისა ზეთისხილის ტოტი მოაქვს ჩემთან. რა ვიცი, იქნებ ტოტიც არ არის, იქნებ ცოცხია?
_ სადა ხარ, სადა ხარ დაკარგული, შე ღვთის პირიდან გადავარდნილო? _ ისევ კაპასობს, ისევ ყიჭინებს ეს ჩემი მოუსვენარი ნახევარი, მესამედი ან მეოთხედი მაინც იყოს, იქნებ როგორმე გამეძლო.
_ წუხელ ოჯახი დაგვექცა და შენ ამ დროს ხუცესთან ილეშებოდი, ფუჰ, შენ კაცობას!
_ რა მოხდა, შე ქალო, დამაყენე, მომასვენე! _ ვემუდარები ახლა სალომეს, _ შენ რა გენაღვლება, რომ მე ჩემი ჭია ვახარო, ჰა?
_ რატომ ის ოხერი ჭია არ შეგჭამს, შე ელეშუტევ, შენა! _ მოუხსნა გუდას თავი და მის გაჩუმებას საშველი არ ადგება.
_ მომეშვი, დედაკაცო! მაცდურივით ნუ შემომჩენიხარ-მეთქი!
_ წუხელ ოჯახი დაგვექცა და შენ სადღაც ლოთობდი! ადექი, შენ არ აგაყენა ჩემმა გამჩენმა, ადექი, ამ სველ მიწაზე არ გაცივდე!
და ხელი ხელში რომ ჩამავლო, ჩემს დაბნედილ შეგნებამდე მხოლოდ ახლა მოაღწია იმ ამბავმა, რომ წუხელ ოჯახში რაღაც მარცხი მომხდარა.
_ ვერა, სალომე, ვერ ავდგები! აი-პა-პა-პაჰ, ჯერ ეს მითხარი, რა მოხდა წუხელ ჩემს ოჯახში?
_ რა მოხდა და, თხა მოგვპარა ვიღაცამ და მის ასავალ-დასავალს ვერ მივაკვლიეთ.
მეხი რომ დამცემოდა თავზე, ისეთ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა, როგორიც ჩემზე სალომეს ამ სიტყვებმა მოახდინა. ყურთასმენას მაინც ვერ ვენდე და ისევ შევეკითხე:
_ რა თქვი, დედაკაცო?
_ რა და თხა მოგვპარეს, თხაა, თხაა! _ ჩამძახა ყურში ხმის გაგრძელებით და ერთბაშად თავში ყველაფერი დალაგდა, ისე გავხდი, თითქოს წვეთიც არ დამელიოს.
_ ავაი, ჯიმა აჯამი! _ აღმომხდა კვნესით გულის სიღრმიდან, _ ხედავ, ის მაწაუკი ჩემს ტომარას თავის ჩულს ეძახდა და მე მართალი მეგონა.
ახლა მივხვდი, რად მიღიმოდა ის მართლაც წუწკი წუხელ ისე თაღლითურად. ჩემი ოფლით მონაგარი რომ იყო ის დალოცვილი თხა, თურმე იმიტომ იყო გემრიელი და მე ვერ მივხვდი.
მაშინვე ფეხზე წამოვიჭერ და გვიმს მივეყრდენ.
_ ეეხ, ჩემო თხაო, ბელაო! _ აღმომხდა გუნებაში და გუნებაშივე განვაგრძე, _ რაც დავკარგე, დავკარგე, მაგრამ სირცხვილით თავი სადღა გამოვყო?
სინანულით თავს აქეთ-იქით ვიქნევ:
_ თხა თხად მეზარალა და ღვინის დალევამაც
ფუჭად ჩამიარა. ეეხ, ვითომ ერთი ზარალი არ
მეყოფოდა!
და მერე დედაკაცს გაწბილებულად მივუბრუნდი:
_ რა ვუყოთ მერე, ჩემო სალომე! შენ კარგად იყავი და კიდევ გავზრდით! ოღონდ სიტყვა არსად წამოგცდეს, თავი არ მომჭრა!
მაგრამ შენც არ მომიკვდე, ის არ გაჩუმებულა. ისეთი ამბავი ატეხა, რომ კინაღამ მართლა ქვეყანა შეყარა.
როცა არა გამოვიდა რა, ხლი ჩავიქნიე და ფაცხისაკენ განზრახ ღიღინით გავემართე:
მოდი ვნახოთ თხაო,
რამ შეჭამა თხაო!
მიველ ვნახე თხაო...
ღიღინი ერთბაშად მოვწყვიტე და მეუღლისაკენ შემოვბრუნდი:
_ სალომე, ჩემო სალომე, ერთი ის მაინც მითხარ, შვილები სად არიან?
_ სად არიან და, თხას ეძებენ! _ მომახალა უკმეხად სალომემ.
_ სალომე, ჭკვიანი ქალი ხარ და დამიჯერე. წადი, მოძებნე ის ჩემი შვილები, მოძებნე და ყველა აქ მომიყვანე. დღეს კვირა დღეა და მინდა ყველა ერთად ვნახო. წადი, სალომე, წადი და უთხარ, ტყუილად ნუ ეძებენ.
და ამ სიტყვებით ფაცხაში შეველ. სირცხვილს როგორმე რომ დავმალვოდი, თავი ბალიშში ჩავრგე და მკვდარივით დამეძინა.
12
ორშაბათ დილაც გათენდა. ისევ ბორანზე ვიყავ. ნისლიან დილაბნელში ყანაში ხალხს ისევ ვეზიდებოდი.
მამასახლისის ძაღთაპირობით აფორიაქებული სოფელი დაშოშმინებულიყო.
ჩიტებმა კარგა ხანია, რაც თავისი საალიონო ჟრიამული დაასრულეს და სარჩოს საშოვრად ტყესა და მინდვრებს მოსდებოდნენ.
_ უუჰ, რა დილაა! _ აღმომხდა კმაყოფილებით, მთოხნელებით სავსე ყანას შორიდან გავხედე და გულმა იქით გამიწია, მაგრამ, ეეჰ, რა უნდა მექნა... შვილების ის დებულება ისევ ძალაში იყო და მათი შიშით ყანაში ფეხი ვეღარ ჩამედგა. არადა ლორთქო სიმინდები თითქოს ხელს მიქნევდნენ, თითქოს მეძახდნენ, რომ თოხით ძირი გამომეფხვიერებინა, მიწა შემომეყარა და ბალახბულახი გამომეხილა, მაგრამ რა მექნა, როცა მათთან ხელი არასგზით არ მიმიწვდებოდა. ახლა ჩემი შვილები იქ თოხს უჩემოდ ექაჯაბებიან, რომ ჯერ ისევ ნორჩი დოხოკონი სიმინდი გვალვითა და მოუვლელობით არ დაკოინდეს.
_ ჰაი, პა-პა-პა! _ დასძახის ნადის მეთაური შეხურებულ მთოხნელებს და თოხს კიდევ უფრო მოუჩქარა. არ ვხედავ, მაგრამ მაინც ვამჩნევ, რომ ისინი ერთიმეორეს სიჩქარეში ეჯიბრებიან.
_ ერთიც, ერთიც, ბიჭებო, და ეს სვრელიც ტარში გავა! _ დასძახის ისევ ის ნადის მეთაური, _ ო-ხო-ხო, რა სიმინდია, რა სიმინდი, მაგისი მადლის ჭირიმე!
და აი, მეთოხეთა სიმღერა `ოდოიაც~ აგუგუნდა.
_ იო, იო, იოო, ოდოია, ჰოო! _ გუგუნებს ოდოია და თოხის ხმაურში, ნორჩი სიმინდის შრიალში მესმის, როგორ ფშვინავს მიწა ბარაქიანად, როგორ ივსება ყანა წვენითა და დოვლათით. ვხედავ, როგორ აიმართა მზეც ოდოიასავით, როგორ დააყარა ყანებს სხივები და როგორ იზრდება, როგორ მწიფდება და ვაჟკაცდება ჩვენი მარჩენალი სიმინდი.
ოცდახუთი წელიწადი ვხნავდი, ვფარცხავდი, ვთოხნიდი ამ მიწას, ოცდახუთი წელიწადი ვეზიდებოდი აქედან დოვლათს, ხვავსა და ბარაქას, ეს ვაჟკაცები ამ მიწის ბარაქით გამიზრდია, მისი წვენი მიწოვებია, მისი მადლით ამივსია და რა ვქნა, ბაბა, თუ ეს ტიალი გული ისევ ისე, ისევ ახალგაზრდულად მიფანცქალებს? რა ვქნა, რომ ამ გასატიალებელ ბორანზე გული არ იცდის და აქეთ-იქით უსაგნოდ ვტრიალებ. მინდა მეც იმათთან ვიყო, _ ჩემს შვილებში, ჩემს მეზობლებში, ჩემს სიმინდებში, მინდა სიმინდის ყოველ ღეროს ფესვი კარგად გამოვუთოხნო და ყოველ მათგანს ვუთხრა, ხმამაღლა კი არა, ჩემთვის, გუნებაში, _ მაინც მიმიხვდებიან:
_ ჰაიტ, თქვე სულელებო, ეგრე სულმოკლე როგორა ხართ, რომ ცოტაოდენიც ვერ მოგითმენიათ! მაშ როგორ გეგონათ? გეგონათ, ეგრე ღვთის ანაბარა მიგატოვებდით? არა, ბაბა, ჩვენ არც ისე სულელები ვართ, რომ ჩვენგან დათესილ თესლს ჩვენვე არ ვუპატრონოთ. მერე რა, რომ ხანდახან შიგადაშიგ ღვარძლიც შეგეპარება ხოლმე! მაშ ეს თოხები რისთვისღა გვინდა, თუ ამ ღვარძლს არ გამოვთოხნით? რა ვქნათ, ბაბა, ეს ქვეყანა იმნაირად არი მოწყობილი, რომ ჯერ ჩვენ უნდა მოგიაროთ, ოფლი გაწვიმოთ, ღონე შეგალიოთ.
ჯერ ნორჩნი ხართ და მაშ, რა ვქნათ, ზრუნვას როგორ მოგაკლებთ! და მალე, სულ მალე, ტანზე წყრთისოდენა ტაროებს რომ დაისხამთ, ქოჩორს ფიმფით რომ დაიმშვენებთ, მაშინ ჩვენ ვიქნებით თქვენი საპატრონო და გვიპატრონეთ, მოგვეცით ეგ ხვავი, გვაჭამეთ ეგ თქვენი გემრიელი ხორცი, გვასვით ეგ თქვენი მსუყე წვენი, დაგვაყარეთ ეგ თქვენი მადლი. მაშინ ჩვენ ყველა ყიჟინით, სიცილით მოვალთ ლასტიანი ურმებით, ტაროებს შეგატეხთ, ფუჩეჩს შემოგაცლით და ოფლდასხმულ სიმინდის მარცვლებს რომ გავაშიშვლებთ, ჩავყრით ურმებში და ნალიებისაკენ კვახთან და ლობიოსთან ერთად გაგაქანებთ. ახლა? ახლა თქვენგან შორსა ვარ, ჩემი შვილები თქვენთან ახლოს არ მიშვებენ და რა ვიცი, რა ვიცი, როგორ გივლიან ისინი, როგორ გთოხნიან. რა ვიცი, იქნებ გიჭირთ რამე, იქნებ გშიათ ან გწყურიათ და მე არაფრის ბაიბურში არა ვარ, მაგრამ არაფერია. ერთ კვირა დღეს, როცა ყანებში კაცის ჭაჭანება არ იქნება, როცა მეველეს თქვენგან შორს დავიგულებ, ჩუმად მოვალ თქვენთან და ჩუმად, რომ არავინ გაიგონოს, ისე მითხარით, რა დაგაკლეს ჩემმა შვილებმა, გატკინეს ან რა გაწყენინეს, ყველაფერი წვრილად მიამბეთ და მერე მე ვიცი, იმათ ოხტში როგორ ამოვალ. ახლა რა? ახლა ძალა მე არა მაქვს და ღონე. ახლა მე თვითონ გადამწიფებული ტაროსავითა ვარ და ველი, როდის მოვა ჩემთან ის დიდი მესთვლე თავისი ხელით, ველი, როდის მოთიბავს იგი და ნალიაში კი არა _ კუბოში ჩამასვენებს. ველი და არ მინდა, რომ ველოდო, ველი და, ეეჰ, ჯანდაბას ჩემი თავი! რა ვქნა, ძვირფასებო, რა ვქნა, რომ თქვენსავით ყველას ჩემი შეჭმა უნდა. ყველას _ ხუცესს, მამასახლისს, _ ყველას ჩემს შესაჭმელად დაუღია ხახა და სანამ გადამყლაპავდნენ, ვყვირი, ხელებს აქეთ-იქით ვიქნევ, ვტირი, რომ მიშველონ, მაგრამ თუ ამანაც აღარ მიშველა, თქვენ მაშინ უყურეთ ბათა ქექიას, რაები ჩაიდინოს. ახლა ჩემი სათხოვარი ეს არის, _ როცა მოვკვდე, ცოდვით გიბარებთ, რომ სასაფლაოზე არ დამმარხოთ, არ მინდა, რომ მიწაშიც იმ გასაპარსავი ხუცესის პუტუნი ჩამესმოდეს. ყანაში წამიღეთ, ბაბა, შუა ყანაში გამითხარეთ სამარე და მიწაში თესლივით დამმარხეთ და ვინ იცის, იქნებ სიმინდივით ამოვიდე, იქნებ მუხასავით ამოვიდე და არ დაგავიწყდეთ, ყოველ გაზაფხულზე მოდით ჩემთან და ძირი კარგად გამომითოხნეთ. თუ კარგად მომივლით, პირობას გაძლევთ, რომ ისევ გავიხარებ, ფესვებს მიწაში ღრმად გავუყრი, ტოტებს ცაზე გადავგრაგნი და თქვენ ოფლად რომ გაიღვრებით, ტოტებს მოვიქნევ, ნიავს გავაჩენ და გულს გაგიგრილებთ. ჩემი ფოთლების შრიალს თუ ყურს კარგად დაუგდებთ, გაიგონებთ:
_ ჰაიტ, თქვე სულელებო, მიწაში რომ ჩამდეთ, რა გეგონათ? გეგონათ, თავიდან მომიშორებდით? არა, ბაბა, ჩემი თავიდან მოშორება არც ეგეთი ადვილი საქმეა. მაშინ კაცი ვიყავ და ახლა ხე ვარ, მუხა ვარ და ჩემი ძირის ამოგდება არც ეგრე ადვილია... იცინეთ, ბაბა, იმხიარულეთ და თქვენს სიცილს რომ გავიგონებ, მიწიდან ცალი თვალით ამოგხედავთ და თქვენი ხალისი გულს გამინედლებს, თქვენი სიცილი გამახარებს.
ეგრე რომ ვიყავ, _ ხან ვოცნებობდი, ხან ხმამაღლა ჩემთვის ვლაპარაკობდი, სოფლის გზიდან ყაყანი მომესმა. მოვიხედე, _ ჩვენი ხუცესი საბასტრატილატე ჯორს გამალებით მოაჩაქჩაქებდა და უკან მისი სიყრმის შვილი ლენჩი ბობია მხარზე გადებული თოხით ფეხდაფეხ მოსდევდა. საბა თან ჯორს მოაჩაქჩაქებდა და თან ძუნძულით ადევნებული შვილის გასაგონად ისეთ დიდებულ ქართულსა ჭრიდა, შრომის მადლის გამო ისე ლამაზად მსჯელობდა, რომ მე იმ თხის ჯავრი სულ დამავიწყდა, თვალთან ერთად ყურიც ზედ შემრჩა. ბობიას მშობელი მამა საქმეში ისე შესულიყო, რომ ხელებს ჰაერში ლამაზად შლიდა, თვალს სასოებით ცად აპყრობდა და თან ამბობდა, მხოლოდ ამბობდა, რაოდენ ნეტარია მშრომელი და ოფლის დამღვრელი, როგორ ამაღლებს ადამიანს შრომა და გარჯილობა, რომ ჯაფა ადამიანს ღმერთთან აახლოებს და თუ მას უნდა, რომ ღვთის განგების თანაზიარი გახდეს, წელგაუმართავად უნდა იშრომოს; რომ წმინდა წიგნში წერია, _ ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენიო.
ბობია თან მორბოდა და თან ისე გამოლენჩებულად გამოიცქირებოდა, რომ ეტყობოდა მამის ტკბილი ღაღადისი ყურში ურმის თვლემის მომგვრელი ჭრიალივით ჩაესმოდა. თვლემა მართლაც მოერია და ძუნძულში მართლა წაეძინა. ნაორდალში ფეხი რაღაცას წაჰკრა და წაფორხილებულმა თავი ძლივს შეიკავა, კინაღამ კისერი მოიტეხა, მაგრამ ხუცესი ქადაგებით ისე იყო გართული, რომ შვილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თავისას ისევ განაგრძობდა. ის დალოცვილი მამა ქაქანით, ხოლო შვილი ყურის გდებით ისე გართულიყვნენ, რომ თავს როგორ წამომადგნენ, არ გაუგიათ.
_ შუადღე მშვიდობისა! _ მივესალმე ორივეს და თავი ჯერ მამას და მერე მის შვილს მოწიწებით განზრახ მდაბლად დავუკარ.
ხუცესმა ყურადღება არ მომაქცია, შუბლზე ხელმოჩრდილებით მზეს გახედა და სალამი ისე დამიბრუნა:
_ შუადღე მშვიდობისა, ჩემო ბათა! _ თქვა და გაგულისებით განაგრძო, _ ისეთი ღვთის პირიდან გადავარდნილი რამა ხარ, რომ დრო თუ არ შევამოწმე, სალამიც არ დაგეჯერება.
მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ისევ განვაგრძე:
_ ეს ორი მშრომელი საით გამგზავრებულხართ?
_ რაღაც ორიოდე კვალი სიმინდი მაქვს დათესილი და მინდა ამ ბიჭს გამოვათოხნინო. მუშაობას მაინც ვასწავლი, _ თქვა ხუცესმა და ჯორიდან მარჯვედ რომ ჩამოხდა, განაგრძო, _ მაგ ძაღლის შესაჭმელი ენის ქნევას გაღმა გაგვიყვანო, ის გირჩევნია. ხომ ხედავ, ისედაც დაგვიანებული ვართ.
ამ უკმეხმა სიტყვებმა მოთმინება კინაღამ დამაკარგვინა. ხედავ ამ უტიფარს?! გუშინღამ მარჩენალი თხა ამაცალა და ახლა პირაქეთაც მედიდგულება! მინდოდა ერთი წვერში ვცემიყავ, მაგრამ თავი შევიკავე, წყალგაღმა ორთავ ხმის ამოუღებლად გადავიყვანე. მერე ყანაში მიმავალთ თვალი გავაყოლე. ჯერ ბობიას გავხედე, მერე მის მშობელს და გული მისდამი სიბრალულის გრძნობით ამევსო. დიდი უიღბლო რამ კი იყო ის უბედური. კაცის გაჩენაში წილი ღმერთსაც მიუძღვის, მაგრამ ბობიას გაჩენაში მისი ხელი, ალბათ, არ ერია, თორემ ეგრე სულელი არ დაიბადებოდა. ეს წყეული ბიჭი დაბადებითვე ისე თავგაბრტყელებული იყო, რომ _ ამას რა დიდი გამოცნობა უნდოდა? _ ლენჩი გამოვიდოდა. სისულელის გარდა ზარმაციც იყო და, ალბათ, განძრევა თუ ეზარებოდა. ერთ ადგილას რომ შედგებოდა და გაშტერდებოდა, მერე ქვეყანაც რომ დაქცეულიყო, მისი ადგილიდან დაძვრა არ იქნებოდა.
სულმა წამძლია და იმის გასაგებად, რას აკეთებდნენ ისინი, ხაბოზე გადამდგარმა მაღლიდან გადავხედე ყანას. ხუცესი მიწას გამალებით თოხნიდა და თან შვილს ასწავლიდა, თოხი როგორ მოექნია და თესლმორეული სიმინდი როგორ გამოეხშირა. ბობია მამას თავს დასდგომოდა და ერთ ადგილას უაზროდ გაშტერებულიყო.
შუადღე მოძალებული იყო. სიცხე სკასავით ზუზუნებდა. გვალვით დათენთილ მუშებს ჩრდილები მოეძებნათ და ეძინათ.
ის იყო კარავში დასაძინებლად შესვლა დავაპირე, რომ ამ დროს გაღმიდან საბას ძახილი მომესმა. მაშინვე ხაბოზე ჩავირბინე, ბორანი ავუშვი და მის გადმოსაყვანად გაღმა ნაპირს მივაშურე.
ცოტა ხნის შემდეგ მე და საბა კარვის წინ ვისხედით და შუადღის ხვატით დაალხულ ქვეყანას ღრმა ძილით რომ ეძინა, ჩვენ რიონში ჩაცივებულ ღვინოს შევექცეოდით. იმ ჩემი თხის გამო არც მე და არც ის ხმას არ ვიღებდით. განა ამის გარდა ცოტა რამ იყო სალაპარაკო? ჩვენც ვლაპარაკობდით, ვყბედობდით სულმოუთქმელად და ეგრე საუბარში რომ ვიყავით გართული, თვალი შეუმჩნევლად ხუცის ყანისკენ გავაპარე. შტერი ბობია იმის მაგიერ, რომ ემუშავა ანდა ეს გაგანია შუადღე სადმე ჩრდილში გადაეგრილებინა, შუაგულ მზეში თოხზე ჩამოყრდნობილიყო, ჯირკივით უძრავად გაშტერებულიყო. გუნებაში გამეღიმა და ღვინით შეხურებულსა და ენად გაკრეფილ ხუცესს აღტაცებით მივმართე:
_ ძაან მუშაობს, იცი, ის შენი ბიჭი!
ხუცესი ქაქანით ისეა გატაცებული, რომ დაცინვას ვერ ამჩნევს და ახლა სიტყვა თავისი შვილის გამო ჩამოაგდო:
_ მამა, ჩემო ბათა, მე რო ვარ, ისეთი უნდა. ყოველ კაცს, ვინც უნდა იყოს იგი, ერთი რამის ნიჭი უსათუოდ დაჰყვება და თუ შენ მართლა მამა ხარ, უნდა მიხვდე, შენს შვილს რის ნიჭი დაჰყვა. მე მივუხვდი ჩემს შვილს, მივუხვდი, რომ ის მიწათმოქმედის ნიჭით არის დაჯილდოებული და აკი მისი შესაფერისი საქმეც შევურჩიე. აპა-პაია, წლეულს ეგრე იყოს და აბა, შენ ერთი გაისად მიყურე, რა სიმინდი მოვიწიო! _ წამოიძახა მან აღტაცებით და ღვინით სავსე მწარე კვახით კათხა სულის ერთი მოთქმით გამოსცალა.
_ კი, მაგრამ ჯერ ნალიები უნდა გაამზადო, შე კაცო, თორემ ამდენ ხვავს დაბინავება უნდა თუ არა! _ ვეყაშმირები ამ საცოდავ მეოცნებეს, მაგრამ ის ისეა გატაცებული თავისი მომავლის გეგმებით, რომ ვერაფერს მამჩნევს და გულუბრყვილოდ მეკითხება:
_ სამი ნალია მაქვს და მეტი რად მინდა, შე კაცო?
_ სამი რას გეყოფა! _ წამოვიძახე მე გამკილავად, _ შენმა ბიჭმა ისე თუ იმუშავა, ახლა რომ მუშაობს, ბარე ორი ბეღლის წამატებაც დაგჭირდება.
ხუცესი მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ვეყაშმირებოდი და თავი ქადილით ჩაიქნია:
_ შენ მეხუმრე, მეხუმრე და სთველზე ნახავ, თუ არ დამჭირდება.
და თავი ისე ჩაიქნია, რომ წვერი აუცანცარდა. მისი წვერის ცანცარზე გულს კინაღამ შემომახდა და ელდანაცემივით წამოვიძახე:
_ ვაიმე, ვაიმე, შე საწყალო ჩემო თავო!
ხუცესი ჩემმა კვნესამ შეაკრთო. თვალებში მზრუნველობით ჩამომხედა და ისე შემეკითხა:
_ რა იყო, ბათა, რა მოგივიდა?
_ რაღა რა მომივიდა, ჩემო საბალია! _ განვაგრძე მე ისევ ოხვრა-კვნესით, _ მაგ შენი ოხრად დასარჩენი წვერის ცანცარზე ის ჩემი დაკარგული თხა მაგონდება და გულზე სისხლი მევლება.
_ აბა! აბა! _ წამოიძახა ხუცესმა თანაგრძნობით და ახლა კვნესა იმას აღმოხდა. მეც მაშინვე მასთან ახლოს მივიწიე, თვალებში მზრუნველობით ჩავხედე და ისევ შევეკითხე:
_ რა იყო, საბა, რა მოგივიდა?
_ რაღა რა მომივიდა, ჩემო ბათაია! შენ საუბარს რომ ყურს ვუგდებ, ის ჩემი დაღუპული იაგდარი მაგონდება და თვალები ცრემლით მევსება.
_ აბა! აბა! _ წამოვიძახე მეც თანაგრძნობით და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
ხუცესმა ერთბაშად დინჯი სახე მიიღო და ოდნავი საყვედურის კილოთი შემომიტია:
_ მერე რა ვუყოთ, შე კაცო! თხა ვის არ დაკარგვია, _ მერე კილო იცვალა და თვალებში ჩამომხედა, ისე შემეკითხა, _ იქნებ მგელმა შეჭამა, ჰა?
მეც ერთბაშად მოვიწყინე და სიტყვა ისე მოვუჭერი:
_ ეეხ, ჩემო საბა, მგლისაგან შეჭმას ისევ ამნაირი დაკარგვა მერჩია, ცოტა ხორცი მაინც ჩამოვფრჩხილე და ისიც ხეირია. იმ ღამეს, შენ რომ შემწვარი თხა მოგვართვი, ჩემი რომ იყო, ისე ვიცი, თითქოს მე მეშობოს. ეეხ, ჩემო საბა, მეგონა, სულიერი მამა იყავი და რა ვიცოდი, თუ ხორცსაც დაეპატრონებოდი.
_ აჰ, ბათაია! _ წამოიძახა მან თითქოს აღშფოთებით და თან თავს სიცილისაგან ძლივს იჭერს, _ არსად წამოგცდეს, შე კაცო, და ამ უბრალო კაცს თავი არ მომჭრა.
_ ეეხ, ჩემო ძმაო! _ ამოვიოხრე მეც ოხუნჯური მწუხარებით, _ თავი კარგა ხანია, რაც მოჭრილი გაქვს. თავი მეც რომ მომეჭრა, იმას ვჩივი, თორემ შენი თავი და ტანი ეშმაკსაც წაუღია.. ეეხ, ეეხ, ჩემი რომ იყო, თურმე იმიტომ იყო ის დალოცვილი ისე გემრიელი! _ და ამ სიტყვებზე თავი ვეღარ შევიკავეთ, ისევ სიცილი დავიწყეთ, მაგრამ დიდხანს როდი მიცინია. ჩემი ყურადღება რიონის პირზე გადამდგარმა მეთევზეებმა ყარამანა ბარამიამ და ტოჩი ძველაიამ მიიქციეს. თევზით სავსე გოდორი ძირს ჩამოედგათ, თან გაღმა ნაპირს გასცქეროდნენ და თან რაღაცას დავობდნენ.
_ მაცა, საბა, ახლავე მოვალ, _ ვუთხარ ხუცესს და წამოვდექი, მეთევზეებისაკენ გავემართე.
_ კაი გამარჯობა თქვენი, მეზობლებო! _ მივესალმე მოდავეებს, მაგრამ მათ ჩემკენ არ მოუხედავთ, გაღმა ნაპირს ისევ ისე გაბეჩებით გასცქეროდნენ.
_ ა, ყარამან? რა უნდა იყოს, ჰა? _ გაიძახოდა ტოჩი ძველაია და თან ამხანაგს გვერდში მუჯლუგუნს სცემდა.
_ ღმერთო, შენ დაგელოცა სახელი! ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე! _ გაიძახოდა ყარამანა ბარამია და თან პირჯვარს გამალებია იწერდა, თან გაოცებულ თვალებს მდინარის გაღმა მხარს არ აშორებდა.
მეც იქით გავიხედე, მაგრამ ვერაფერი ისეთი რომ ვეღარ დავინახე, მეზობლებს გაკვირვებით შევეკითხე:
_ რაა, მეზობლებო? ამ თაღარას რას მისჩერებიხართ?
_ რაღა რას მივჩერებივარ, ჩემო ბათა, და აგერ იმ ხუცის ყანას ხომ ხედავ? _ შემეკითხა ყარამანა ბარამია.
_ ვხედავ, _ მოვუჭერი სიტყვა მოკლედ.
_ ყანაში რომ ჯირკი დგას, იმასაც ხომ ხედავ?
_ ვხედავ! _ წამოვიძახე განცვიფრებით და ხუცის ყანაში ჯერ არნახულსა და ახლა რაღაც სასწაულებრივად ამართულ ჯირკს მეც გაოცებით მივაჩერდი.
_ ჰოდა, ამას დაუჩემებია, გინდა, არ გინდა, კაციაო. აგერ ერთი საათი მაინც იქნება, ამ ნაპირ-ნაპირ მოვდივართ, მივჩერებივართ და ერთი არ განძრეულა. კაცი რომ იყოს, ამ გაგანია მზეში ასე რა გააშტერებდა?
მაშინვე მივხვდი, ის ჯირკი რა ჯირკიც იყო და ხუცესს სიცილით მოვხედე, მაგრამ მარტო დარჩენილსა და ღვინომოკიდებულს მჯდომარეს ჩასთვლემოდა. მეც მისი მყუდროება აღარ დავარღვიე, ყანას ისევ გავხედე და, დასწყევლა ეშმაკმა, ეჭვი მეც შემეპარა. მეც აღარ მესმოდა, ხუცის ყანაში ის რაღაც ამართული მართლა ჯირკი იყო თუ ადამიანიშვილი. იქნებ ის ყანა ხუცის არ იყო? დავაკვირდი, _ არა, ნამდვილად იმისია! თვალზე მზე მოვიჩრდილე, რა თქმა უნდა, ჯირკია. ისევ გავხედე, _ რა თქმა უნდა, კაცია. კიდევ გავხედე, _ ახლა ისევ ჯირკად მომეჩვენა. ჯირკია, ნამდვილად ჯირკია! _ გავივლე გუნებაში, მაგრამ აქამდე რატომ არ შემიმჩნევია? ის გამოტვინებული ბობია მაინც სად ჯანდაბაში დაიკარგა? ერთხელ კიდევ კარგად დავაკვირდი და მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, ვიცან ის გამოთაყვანებული.
სიხარულით გულს მომეფონა. ჯირკი ბობია იყო. შუბლი ცად აეშვირა და აზრით ზესკნელში ბორიალებდა.
_ საბალია, საბალია! _ გავძახე ხუცესს.
ხუცესმა თვალი გამოახილა. ძილით დაჭმუჭნილი სახე ხელით ღონივრად მოიშმუშნა.
_ რა გინდა, შე უკუღმართო, რას გადამეკიდე? _ შემეკითხა ბუზღუნით, მაგრამ ეს მისი უკმაყოფილება არად ჩავაგდე და ისევ გავძახე:
_ ერთი, თუ კაცი ხარ, აქ მო და ეს საქმე გაგვაგებინე.
საბამ ხაბოზე გადამდგარი სამი კაცი რომ დაგვინახა, ზლაზვნით, ლანძღვა-გინებით წელი ძლივს წამოითრია და ჩვენკენ მძიმედ წამოვიდა. ჯერ კარგად მოახლოებული არც იყო, რომ მე ხელი მისი ყანისკენ უსიტყვოდ გავიშვირე. ხუცესმა თავის ყანას რომ გახედა, გაოცებისაგან ქშენა აუტყდა, პირჯვარი გამალებით გადაიწერა და კი არ თქვა, ამოიოხრა:
_ დაშუბოს ილორის წმინდა გიორგიმ მაგისი თავი, რა უნდა იყოს, ჰა? _ და ამ სიტყვებით ხელი უბისაკენ გააქანა, სათვალე ამოიღო და ცხვირზე კარგად რომ მოირგო, თავის ყანას ისევ გახედა.
_ ფუი ეშმაკს! _ გაიძახოდა პირჯვრის წერით და მერე ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა, _ რა უნდა იყოს, მეზობლებო, ჰა?
და გაოცებისაგან მუხლებზე ხელებს გამწარებით იცემდა:
_ სასწაული! სასწაული! კაცო, ამ ყანაში ამხელა ჯირკი არასოდეს ყოფილა და ახლა რამ გააჩინა? ციდან ჩამოვარდა თუ ქვესკნელიდან ამოსკდა?
მე ჩემთვის გამეღიმა და ხუცესს ხმის ამოუღებლად ირიბულად გავცქერი.
_ ის ბიჭი მაინც სად დაიკარგა? _ წამოიძახა საბამ ისე, თითქოს თავისი სიყრმის შვილი მხოლოდ ახლა მოაგონდაო, _ ბობია! ბობია, უიუუ! _ დაიკივლა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, პასუხი მან ვერ მიიღო. მერე ზაფრამ მუხლები მოსტაცა და მიწაზე მოწყვეტით ჩაიკეცა. ყანას თვალს ისევ არ აშორებდა და თან პირჯვარს ისევ გამალებით იწერდა, ეშმაკსა და მის მოციქულებს აფურთხებდა.
მე მისი ოხვრა-კვნესისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, ყარამანა ბარამიასა და მის გვერდით მდგომ ტოჩი ძველაიას მივუბრუნდი:
_ კაცია, მეზობლებო, კაცი!
ყარამანა შეყოყმანდა, ერთი დაეჭვებით გადმომხედა და ხმა არ ამოუღია, ეტყობოდა, რომ ჩემი არც ტოჩი ძველაიას სჯეროდა და იმანაც ხმის ამოუღებლად უნდობლად გადმომხედა.
_ რამ გააკაცა, შე კაცო? _ შემომიტია გაგულისებით ყარამანა ბარამიამ, _ კაცი რომ იყოს, ამდენ ხანს გაუნძრევლად რა გააჩერებდა?
ისევ ყანისკენ შებრუნდა, ისევ ჯირკს დააკვირდა.
_ გეუბნები, კაცია-მეთქი! _ მაინც არ ვიშლიდი ჩემსას, _ თუ ჩემი არ გჯერა, დამენაძლევე.
_ რას ვაგებ, დავნაძლევდეთ, _ თქვა ყარამანამ და მერე შეყოყმანდა, _ კი მარა, ეს ოხერი, სირცხვილით როგორ დაგენაძლევო, როცა თვალდათვალ ვხედავ, რომ ნამდვილად ჯირკია.
_ შენი რა სირცხვილია? _ დავიჩემე და აღარ მოვეშვი, _ სირცხვილი ჩემი იქნება. მოიტა ხელი! ვინც წააგოს, ვახშამი გამართოს.
_ გირჩევ, ბათა, თავი გამანებო, _ მაინც არ უნდა, სანაძლეოში ჩამომყვეს ყარამანა, _ როგორ არ ხედავ, შე კაცო, რომ წაგებული ხარ?
მაგრამ ჩემი რომ აღარ მოვიშალე, იმასაც რა ექნა? ადგა და ხელი სანაძლეოდ გამომიწდა.
ხუცესი ამ დროს ისევ მიწაზე იჯდა. ისევ ოხრავდა, ისევ კვნესოდა. ხან ფეხზე წამოიჭრებოდა, ხან ისევ ჩაცუცქდებოდა და ანაფორის კალთით შუბლზე სიმწრის ოფლს მალიმალ იწმენდდა.
_ ეს რა მოვლინებაა, ეს რა ცდუნებაა? _ გაიძახოდა იგი ერთსა და იმავეს დამთხვეულივით და სათვალეს თვალებზე მალიმალ ისწორებდა, ყანას ჩაციებით გასცქეროდა.
ჩვენ მისი წუწუნისათვის ყურადღება არ მიგვიქცევია. სანაძლეოს მოგების სურვილით ატანილი გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს ხუცის ყანას. ველოდი, როდის შეირხეოდა ის მართლაც ჯირკი. ყარამანა დარწმუნებული იყო, ჯირკს რა გაანძრევსო და ხელებს კმაყოფილებით იშმუშნიდა. ამ მოლოდინმა ისე გამიტაცა, რომ არ შემიტყვია, როგორ შემოგვემატა კიდევ ორი კაცი.
_ კაცო, ისე გაშტერებულხართ, რომ ჯირკი თვითონ თქვენ მეგონეთ! _ იხუმრა ერთმა მათგანმა, მაგრამ საქმით ისე ვიყავით გართული, რომ მისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, არც ის შეგვიმჩნევია, რა მალე ჩაუვარდა იმასაც ენა და ჩვენთან ერთად როგორი გაოცებით გასცქეროდა ისიც იმ თავის ამხანაგთან ერთად ხუცის ყანას.
_ მართლაცდა, რა უნდა იყოს, _ გვეკითხებოდა ისიც გაკვირვებით, მაგრამ ჩვენ იმისი თავი აღარ გვქონდა და პასუხს არ ვაძლევდით.
ეს ხუთი კაცი ვიდექით, ყანაში ცქერით თვალი ამოგვიღამდა, ამდენ ხანს დგომით ფეხზე ჩამოვწყდით და ის მართლაც არგასანძრევი ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ რაა, ერთხელ არ განძრეულა. ასე გასინჯეთ, ოდნავადაც არ შერხეულა ან როგორ არ დაიღალა, მზემ თავი როგორ არ გაუხვრიტა?
ხუცესი ისევ წრიალებდა, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, ისევ ოხრავდა, ისევ კვნესოდა და წარამარა გაიძახოდა:
_ ე, ბიჭო, მიშველე რამე. მარტო ნუ გამიშვებთ.
თქვენც გამომყევით. ვინ იცის, იქნებ მართლა მავნეა და ერთად წავიდეთ, ვნახოთ რაა. ის ბიჭი მაინც სად დაიკარგა?
_ ღმერთმა თუ წაიყვანა ცაში, _ გავეხუმრე ხუცესს, მაგრამ მან გაცეცხლებით შემომიტია, პირში ბურთი ჩამჩარა:
_ ენა ჩაიგდე, ენა ჩაიგდე, შე ღვთის მაწყევარო, რას ტარტარობ, შენ თვითონ რომ არ გესმის!
მისი ლანძღვა-თრევა მე აინუნშიაც არ ჩამიგდია, ისევ ყანას გავხედე და რამდენი დრო გადიოდა, მოთმინება იმდენი მეკარგებოდა, მოთმინებასთან ერთად ხალისიც თანდათან მეკარგებოდა, მაგრამ უღურს მაინც არ ვიტეხდი. ვხუმრობდი, მაგრამ არცთუ ხუმრობის გუნებაზე ვიყავი. ჩემს სიმართლეში ეჭვი თანდათან შემეპარა. დასწყევლა ეშმაკმა მაგისი თავი და ტანი, ვინ იცის, იქნებ მართლა ჯირკი იყო და წავაგე, ნამდვილად წავაგე ვახშამი.
ეგრე რომ ვიყავ და გულს ზაფრის ქარცეცხლი მევლებოდა, ამ დროს საიდანღაც ერთი გზადაბნეული ყვავი გამოჩნდა და ყრანტალ-ფარფატით, ჩვენ რომ მივშტერებოდით, სწორედ იმ ჯირკისაკენ გაემართა.
ყველა გავინაბეთ. გულგადალევით შევცქერით რა მოხდება და ხმას არც ერთი არ ვიღებდით.
_ წავაგე, ნამდვილად წავაგე ვახშამი! _ ვკვნესი გუნებაში და თან თვალმიცივებული გავცქერი, როგორ წამოვიდა ყვავი ჯირკისაკენ, როგორ დაეშვა ზედ დასაჯდომად.
_ ყვაა! ყვაა! _ ჩხავის ის წყეული თვალბედითად და მე თავი ვეღარ შევიკავე:
_ გაგიხმა ყბა! _ მივაძახე და ხელი უიმედოდ ჩავიქნიე, რომ ამ დროს ჯირკმა ხელი აიქნია. ყვავი დაფრთხა, ერთი შეფრთხიალდა და ჯირკს თავი აარიდა, შორს გაფრინდა.
_ მოგიგე, მოგიგე, ჩემო ყარამან! _ წამოვიძახე სიხარულით, მაგრამ ზეიმი არ დამცალდა.
_ ავაი, ჯიმა აჯამი! _ წამოიძახა ამის დანახვაზე ხუცესმა და ანაფორის ფრიალით, მჯიღის ქნევით ბორნისაკენ გაქანდა.
_ მაცა, შე ზანტაკო და დედ-მამის სისხლის გამშრობო, მაცა და მე ვიცი, როგორ აგიჭრელებ მაგ ზურგს წნელით! _ მიჰყვიროდა საცოდავი ხმით და ჩვენ მაშინვე მივხვდით, _ ამას რა დიდი მიხვედრა უნდოდა, _ რომ თუ ის ყვავი ვერ დააჯდა იმ ჯირკს, სამაგიეროდ ეს ყვავი მოსჯდებოდა, როგორც ამას წესი და რიგი მოითხოვდა.
_ საბალია! საბა! _ გავძახე გამწარებულ კაცს.
ხუცესი წუთით შედგა და კი არ შემეკითხა, ავი ძაღლივით შემომიღრინა:
_ რა გინდა, შე ღვთის პირიდან გადავარდნილო?
_ ერთი ბეღელი რას გეყოფა, კაცო, ორიც მიუმატე.
ხუცესმა ბრაზით გვერდზე გააფურთხა, ერთიც თავისებურად შემომიკურთხა და ისევ ბორნისაკენ გაქანდა. მე მაინც არ მოვეშვი და გავძახე:
_ გაანებე თავი, შე კაცო, კაცია, მაგრამ მაგას რომელი ჯირკი არ სჯობია და გულს რათ იხეთქავ?
საწყალმა კაცმა ყურადღება არ მომაქცია. რიონის ფლატე თვალის დახამხამებაში ჩაირბინა, ბორანზე აიჭრა და წავიდა, გაღმისაკენ გაქანდა.
ნაწილი მესამე
ხალხი და ჯამაათი
1
მერე წავიდა და წავიდა ეს ცხოვრება დატრიალებული წისქვილივით. ხვიმირიდან ნელ-ნელა ვცვიოდით, სარეკელა რაკუნობდა და ზოგი იფქვებოდა, ზოგი იღერღებოდა და ზოგიც იფიფქებოდა. მიწას ხვნა უნდოდა _ ვხნავდით, სიმინდს თოხნა უნდოდა _ ვთოხნიდით, ტყეს მოჭრა უნდოდა _ ვჭრიდით, ცოლ-შვილს ვპატრონობდით, მტერ-მოყვარეს შესაფერისად ვუხვდებოდით, ჯოგი ზაფხულში მთაში დაგვყავდა, ზამთარში _ რიონის ეწრებში. რიონში თევზს ვიჭერდით, ღვინოს ვწურავდით, სატირალში დავდიოდით, ქორწილში ვთვრებოდით. იმ წელიწადს სთველი კარს ისე მოგვადგა, რომ არაფერი გაგვიგია. ან რას გავიგებდით, როცა იაპონიის ომი თავს მეხივით დაგვტყდომოდა და ჩვენი შვილები მტერს სადღაც შორეულ აღმოსავლეთში თავს აკლავდნენ.
ჩემი ერთი შვილიც იქ იყო გაგზავნილი საომრად. ჯავრით გულდათუთქული დედამისი თავს მარტო დაიხელებდა თუ არა, ტიროდა გულსაწვავად. თუ სადმე შორს არ ვიყავ წასული, ეს მისი მოთქმა გულში ეკალივით მხვდებოდა და მეც ვოხრავდი, გული დარდით მისივდებოდა. ბოლოს მოთმინება მეც მღალატობდა. შიშით, რომ საწყალ ქალს გული ჯავრით არ გახეთქოდა, განზრახ უხეშად ვუჯავრდებოდი და ისიც ჩუმდებოდა. კიდევ უფრო საქმიანად აფუსფუსდებოდა, რაღაცას თავისთვის ხმისამოუღებლად ჯახირობდა. მაინცდამაინც მაშინ გამოუჩნდებოდა გადაუდებელი საქმეები. მეც შევცქეროდი მის ფუსფუსს და გული მისდამი სიბრალულით ამიდუღდებოდა. ბოლოს ილაჯი იმასაც გაუწყდებოდა, ერთს რისხვით გადმომხედავდა და რომ არ იცოდა ჯავრი ვისზე ამოეყარა, მთელ ბრაზს თავზე მე გადმომაფრქვევდა:
_ აბა რა ვქნა, შე მიწაგასახეთქო! შვილია ჩემი, ცხრა თვე მუცლით მიტარებია, ძუძუ მიჭმევია, ვაი-ვაგლახით გამიზრდია, ახლა ცეცხლსა და ტყვიაში მეგულება და აღარც ვიდარდო?
მე პასუხს არ ვაძლევდი, მაგრამ გუნებაში ჩემთვის მაინც ვფიქრობდი:
_ მართალი ხარ, ჩემო სალომე, მაგრამ აბა ერთი მეც შემეკითხე, როგორ გუნებაზე ვარ. განა მე მშობელი მამა არა ვარ და გულ-ღვიძლი განა მეც არ მეწვის, მაგრამ რა ვქნა, ვის შევჩივლო, ვის ვუთხრა ჩემი გასაჭირი, ვისთან მოვიოხო ეს ჯავრიანი გული? ეეხ, ჩემო სალომე, სხვანაირად როგორ მოვიქცეთ, ვის ვედაოთ, გული ვისზე მოვიჯეროთ, თუ ერთმანეთს ცოტა არ წავეყაყანეთ და ყაყანით გული არ ვიჯერეთ?
ეს ცხოვრებაც თანდათან გაჭირდა. ბაზარში ყველაფერს ცეცხლი ეკიდებოდა.
იმ ურჯულო რუსხემწიფემ ესეც არ გვაკმარა და ახლა ჩვენს ენაზე ხელს გვაღებინებდა. მისი კუბაკები ჩვენს ენას ძაღლის ენას ეძახდნენ და ძაღლები თვითონ იყვნენ, ადათსა და ნამუსზე ხელს გვაღებინებდნენ, ნამუსს გვირცხვენდნენ და თუ ხმას ამოვიღებდით, თვითონ ველურნი, ველურს გვეძახდნენ, ბუნტისთავად გვაცხადებდნენ. მაშ რა ექნათ, როცა ჩვენი სიკეთე ჩვენ თვითონვე არ გვესმოდა. ცოტა ხანში კარგად გავიგეთ ეს სიკეთე. მივხვდით, _ ვისაც ეშვი გრძელი არა აქვს და ღიპზე რცმელი ბლომად ადევს, სხვისი ლუკმაა. ეს ჩვენი ცხოვრება კი იმნაირად იყო მოწყობილი, რომ მუცელზე ქონი ჩვენ გვედო და კბილი ალესილი იმათა ჰქონდათ. ჩვენ მართლა ბრიყვები ვიყავით და არ ვიცოდით, თუ კბილი ჩვენც გვქონდა. ეს ჩვენ ახალთაობის კაცებმა გვასწავლეს და იცოცხლეთ, კბილები ჩვენც ავილესეთ! როცა მოთმინება აღარ გვეყო, ერთ ენკენისთვის დღეს მთელ ამ არემარის გლეხობამ სოფელ ნაესაკოვოში თავი მოვიყარეთ და მაღალზე შემდგარმა ახალთაობის კაცმა რომ გადმოგვძახა:
_ ძირს ხელმწიფე და მისი ყაზარმა-ნაობახებიო!
ჩვენც ხმა დავაწიეთ:
_ ძიირს! ძიირს! ძიირს!
და ფილთა თოფები, ძველებური დამბაჩები და ნაჯახ-წალდები მაღლა მუქარით გვქონდა აწეული და ეს ცად ამართული, ჯერ უნახვი ტყე რისხვით ირწეოდა, გუგუნებდა და გუგუნი იგი გამოძახილის გამოძახილებად გაისმოდა ხელისგულივით გაშლილ მინდორ-ველებში, ეწრებში, ღარდა-ღრეეებში. ჩვენ მაინც არ ვცხრებოდით და ჩვენი უკანვე დაბრუნებული გუგუნი გულს სიხარულით გვივსებდა. ყურს ვუგდებდით, როგორ გვეხმაურებოდნენ თითქოს პასუხად და თან ბრძოლის ველისკენ მოგვიწოდებდნენ ეს მთები და მინდორ-ველები. მთებს იქით ქალაქი იყო და ქარხნებს ცად საყვირები აეშვირათ, ისინიც ქვეყნის გასაგონად საგანგაშოდ გაჰკიოდნენ:
_ ძიირს! ძიირს! ძიირს!
ჩვენც ძველი ქვეყნის ძირს დასამხობად ავდექით და ოჯახი დედაბრებს შევატოვეთ.
ამის შემდეგ ჩვენი სახლი ცისქვეშეთი იყო და საქმე _ გადამწყვეტი ბრძოლისათვის სამზადისი. ეკლესიის ეზოში ყოველ ცისმარე დღეს თავს ვიყრიდით და ვდაობით, როგორი წესრიგი დაგვემყარებინა ჩვენს ქვეყანაში.
ეკლესიის გალავანგადაღმა სოფლის კანცელარია იდგა და ის ჩვენი სისხლის მწოველი მამასახლისი თავისი ჩაფრებით შიშით ცხვირს გარეთ ვერ ყოფდა.
ერთ დღეს ქალაქიდან დიდი კობას ხმაც მოვიდა:
_ შეიარაღდით! შეიარაღდით! შეიარაღდით!
და ჩვენც, რითაც შეგვეძლო, შევიარაღდით. ფილთა თოფები და დამბაჩები კარგა გავპოხეთ, წალდ-ნაჯახიც კარგა ავლესეთ და ერთობის კაცებმა რომ შეგვატყობინეს: ამა და ამ ადგილას დიდი თავყრილობაა და ქუდზე კაცი გამოვიდესო, ჩვენც სააშკარაოდ გამოველით, თავი დანიშნულ ადგილას მოვიყარეთ. ამ თავყრილობაზე ხემწიფის კაცებს ბოიკოტი გამოვუცხადეთ. ჩვენი ხევისთავები, ასისთავები ავირჩიეთ. მემამულეთა მიწებში ჩვენი ოფლით მოწეული ჭირნახული შინ მივიტანეთ და ბატონებს შავი ქვა და ცხელი ნაცარი გავუგზავნეთ. მათ ეს არ ეჭაშნიკათ, მაგრამ რას იზამდნენ? ძალა ჩვენს ხელში იყო და უფლება. სხვა რომ ვერა მოგვიხერხეს რა, გაბრიყვება გაგვიპირეს. ჩვენთან სიარულს მოუხშირეს და ჭკუას გვასწავლიდნენ, მაგრამ ჩვენ არც ისე სულელები ვიყავით, რომ ჭურჭლის ძროში, წყალს რომ დავლევდით, მერე ჩაგვეხედა. ალღო მაშინვე ავუღეთ და ჩვენი პასუხიც ასეთი იყო.
_ თქვე დალოცვილებო, რას გვიმტყუნებთ, რომ აღარ მესმის! ჩვენი ქონი თქვენ სულს გირჩევნიათ და ჩვენ როგორ არ გვიყვარდეს, როცა ის ასე გემრიელია და ასე სულივით ტკბილი, მსუყე და თბილი? ამბობენ, მსუქანი კაცი კეთილიაო და მიკვირს, თქვენ, ჩვენი ქონით ასე გასუქებულნი, რამ გაგაბოროტათ, რომ სულიან-ხორციანად შესაჭმელად აღარ გვინდობთ? სანამ შეგვჭამდეთ, ავი ძაღლივით ხართ და რომ შეგვჭამთ, მერე გეცოდებით, ჩვენს გახრულ ძვლებს შავი ცრემლით დასტირით, სულს შესანდობარს უთვლით და რადგან ხორცი ხელსახებია, ჩვენს გახრულ ძვლებს ისევ უბრუნდებით და ტირით, იმიტომ კი არა, რომ გებრალებით, ტირით იმიტომ, რომ ერთი სიცოცხლე გვაქვს და ჩვენი შეჭმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ასეთი გულკეთილნი ხართ თქვენ და გვაპატიეთ, თუ ამას იქით ჩვენი თავი შესაჭმელად არ დაგანებოთ. ახლა, ქენდურ თქვენ საქმეს, ახლა ჩვენი ჭამის დროც დადგა და ნადიმის მოლოდინში ხელებს სიამოვნებით ვიშმუშნით, პირში ნერწყვი მოგვდის. ახლა ჩვენ ვსხედვართ და იმის ვარაუდში ვართ, რამდენი ძროხა, ღორი, თხა და ქათამი უნდა დავკლათ თქვენს ეზოებში, რამდენ ჭურსა და ქვევრს უნდა მოვხადოთ თავი თქვენს მარნებში. ჰაუუ, რამდენი ძროხის ბეჭი უნდა შევჭამოთ, ათლისას მისი ორთქლი სახეში საამოდ რომ შემოგეთბუნება! რას სჯობია ახლა კელამიდებზე შემწვარსა და ნიგვზის ფურცელში ცხლად გახვეულ კალმახს, ნივრის, ქინძისა და ბროწეულის წვენის საწებლით რომ მოგართმევენ! არა, მეტი მათი ჩამოთვლა არ შემიძლია, თორემ ნატვრად ქცეულს ყელზე დამაღი დამადგება. ეეჰ, ეეჰ, ძნელია, ბაბა, ძნელი, როცა ეს ამოდენა ხორაგი და ღვინო მხოლოდ ფიქრებშია ასე უხვად მორთმეული და არა სუფრაზე!
სოფელში ხმა გავარდა, რომ მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა და ჩვენც სიხარულით ფრთა შეგვესხა. მთლად ავიშვით თავი, მაგრამ ცოტას ჯერ მაინც კიდევ ვითმენდით, არ გვეცალა. ყურძენი დასაწურავი გვქონდა, სიმინდი მოსატეხი. კვახები ჯერ არ დაგვემწიფებინა და თხილიც უნდა მოგვეკრიფა. ნიგოზი დაუბერტყავი იყო, შეშა მოუმარაგებელი და სახლიც ახალი ისლით საზამთროდ ჯერ არ გადაგვეხურა. ყველაფერს რომ მოვისაქმებდით, მერე თუნდაც ცა ჩამოგვნგრეოდა თავზე, აღარ ვინაღვლიდით. ქუდს ცაში ვისროდით და თუ ისე მოხდებოდა, რომ ღმერთს ჩვენი დაკონკილი ქუდიც შეეხარბებოდა და უკან აღარ დაგვიბრუნებდა, მაშინ ჩვენ თვითონ აუვარდებოდით ცაში და იმ ჩვენი ქუდიანად ძირს ჩამოვიყვანდით.
2
ჩემი ქვეყანა დიდი ბაღია, სადაც ყოველი ხის ძირას მაღლარი ვენახია დარგული და ხეს ტოტებში ისე ჩასწმახვნია, ფოთლებში ფოთლები ისე ჩაუხლართავს, რომ კაცი ვერ გაიგებს, რას გამოუსხამს ეს მტევნები _ ხეს თუ ვენახს. ახლა რთველი გვქონდა და ხეზე კუშტურიან-ღაღვიან გიდელებით ასულნი ყურძნის ხვავით ვივსებოდით და ხიდან ხეს გავძახოდით:
აგუნა, აგუნავ, გადმოიარე!
ჩვენ მამულში ყურძენიო,
სხვის მამულში ფურცელიო...
გიდელას ყურძნით რომ ავავსებით, დამცლელს ქვევით ჩავძახოდით:
_ ა გიდელა, ჰაა!
_ ჰაა-ჰა, მშვიდობით ჩამოდი! _ ამომძახოდა გიდელას ჩამომრთმევი და მეც თხილის წნელით დაწნულ გიდელას ძირს ვუშვებდი, ისევ გავკიოდი:
_ ა გიდელა, ჰაა!
_ ა გიდელა, ჰაა! _ მეხმაურებოდა ყურძნის საკრეფად ხეზე გასული ყურის მეზობელი.
_ ა გიდელა, ჰაა, ჰა! _ გაისმოდა კიდევ იქით და ასე გადავკიოდით მეზობლები მეზობლებს, გვარი _ გვარს, სოფელი _ სოფელს, თემი _ თემს. ამ კუთხე-მიდამოს საერთო სიმღერა თუ გალობა გუგუნით ეფინებოდა:
ა გიდელა, ჰაა!
ა გიდელა კუშტურმახვილიო,
შიგ არი ხუთი მარჩილიო...
_ ააგუნა, უუ!
_ ააგუნავ, უუ! _ ხალისიანად, ზარხოშიანად ჟრიამულობდა მთელი თემი.
და სრიალით მიცურავდა ძირს ყურძნით სავსე გიდელები და გოდრებში გადაცლილს მარნისაკენ მივაქანებდით. იქ ნაკურთხი წყლით ფეხდაბანილი ბიჭები პირგაროფილ საწნეხლებში კისრამდე ჩამალულიყვნენ და სიმღერით, სიცილ-ჟრიამულით სრესრდნენ შიგ ჩახვავებულ ყურძენს, ღარში საამოდ მიღუღუნებდა ტკბილი.
მარანთან დანთებულ დოჩხაურზე საარყე ქვაბით ფელამუში შემოედგათ და სალომე ცხელ-ცხელ ჩურჩხელებს ხიდან ხეზე გაბმულ ბაწარზე კიდებდა. სასუსნავისათვის გადარეული ბახულია ფელამუშის ნაღვენთს ერთ მტკაველზე გადმოგდებულ ენას ხარბად უშვერდა და თან პირს მსუნაგად აწკლაპუნებდა. იქვე, ნიგვზის ძირას მიბმული სართვლედ დასაკლავი ბეკეკა მაჭრით დამთვრალ აგუნასავით კუნტრუშებდა. დანას მონატრებულივით კიკინებდა და მე არ ვიცოდი, რომელი თხა მედარდა, ის, შარშან ხუცესმა რომ დამიკლა თუ ის, უხსოვარ დროს ჩვენი წინაპრებისათვის იმ წუწკ ბერძნებს რომ გაეტაცნათ.
ეეხ, თხაო, თხაო, ნეტამც არ მყოლებოდი, გულს ასე არ დამაკლდებოდა! ნეტავ შენი ტკბილი კიკინი არ გამეგონა და რა უნდოდა იმ დალოცვილ ღმერთს! ნეტავ ახლა შენი ის ოქროს საწმისი მომცა და მერე მე ვიცოდი, რასაც ვიზამდი. ოქროს რა თავში ვიხლიდი, გამოგკუპრავდი, ჩემთან ერთად ღვინით შენც გაგჭყიპავდი და მარანში ერთად მივგორდებოდით. ახლა აღარ მყავხარ და მითხარ, სად წავიღო ეს ამოდენა დოვლათი, რაში ჩავასხა ეს ამდენი ღვინო? ეეხ, ჩვენი საქმე ისეა, _ თხა ტყვიის დარდში იყო, ყასაბი _ ქონისაო. რას კიკინებ, ჩემო ბეკეკავ, ვის ეძახი, ჩემო თხავ, ბელავ? ის არ მოვა. ის ბერძნებმა წაიყვანეს და ახალ ვინ დაგვიბრუნებს?! არც ის მოვა. ისიც ხუცესმა წაიყვანა. ნუ ტირი, ჩემო წვერცანცარავ, ნუ გეშინია! შენს თავს არავის დავანებებ. აი, ოთხში რომ ამოგიღებ, გამოგკუპრავ და ღვინით გაგბერავ, შენ მაშინ უყურე სეირს. წავიდა, წავიდა ის ჩვენი ოქროს ბეკეკა. წავიდა, აღარ მოვა, მაგრამ მაინც არ ვწუხვარ. მაინც მადლობელი ვარ განგებისა, რომ შენი თავი ნუგეშად დაგვიტოვა. არ მეშინია, ეს წვიმა თუნდაც კოკისპირულ წვიმად დაგვესხას თავზე. თუ შენ აქა მყავხარ, ფიქრი არაფრისა მაქვს. მაგ კიკინა ყელში ჩაგასხამ, აგავსებ და რასაც ვერ ჩაიტევ, მე ხომ აქა ვარ! ყელი ხომ მეცა მაქვს! რა ვუყოთ, რომ თავი არც ერთს არ გვექნება! რა ვუყოთ, რომ თავი შენ დანით გექნება მოჭრილი და მე _ სიმთვრალით. სტომაქში მეტი ღვინო რომ ჩავიტიოთ, პირიდან ჰაერს სიმღერაში ამოვუშვებთ, მის მაგიერ ღვინოს ჩავუშვებთ და ეს ორი ბერიკა თემშარაზე ქირქილით რომ გამოვალთ, ხალხი სიცილ-ხარხარით დაგვედება, მაგრამ ჯერ ეს ადრეა, ჯერ ყურძენიც არ დაგვიკრეფია. ხეებიდან ხეებზე გადახლართულ ვენახის ცანდებსა და ლერწებს რომ გავცქეროდი, ცქერით თვალი ვერ ძღებოდა. ყურძნის საკრეფად ზედ გასული ქალები საქანელასავით ირწეოდნენ და მათი ხალისიანი ტკარცალი, ჟრიამული და სიმღერა მთელ სოფელში გაისმოდა, ხელს მტევანს რომ გაუწვდიდნენ, შემოდგომის მზე ვარდისფრად ციმციმებდა მათ ფრჩხილებზე.
მაჭრით გაბანდალებული, სასიძოდ შეღერებული ბიჭები უტიფრად უსწორებდნენ თვალს გასათხოვარ გოგოებს და ისინი იცინოდნენ, ვითომ გული მოსდიოდათ და წყევლიდნენ მათ, წყევლიდნენ ისე, რომ წყევლა მართლა არ მისვლოდათ:
_ დაიკარგეთ, იქით გაგვეცალეთ, თქვენ გაგერიათ კაცის ჭირი!
ხომ არ გგონიათ, რომ მათ მართლა უნდოდათ მათი დაკარგვა და იქით გაცლა? არა, ბაბა, არა! განა ენა იმიტომ მოუცია ღმერთს, რომ გულში რაც გიდევს, ასლად გამოთქვა? ენით ნათქვამი სიტყვა სინათლეა, შუქის ჭიატია და იგი თვალს ხან აბნელებს და ხან ჩინს მატებს.
ერთმა მათგანმა, რა ვიცი რით, _ იქნებ ღვინით, იქნებ იმ კუდიანის ეშხით, _ თავი სულ აიგდო, გოგონას უტიფრად მიეტივა, მაგრამ მას ამხანაგებიც წამოეხმარნენ. სიცილ-კისკისით მტევნები თავში ბელტებივით დაუშინეს. შავი ალადასტური ბიჭს სახეზე შავად ედღლაბებოდა, ყურძნის წვენი თვალს უბნელებდა, დათვის ბოკვერივით ფრუტუნებდა, ყურძნის სეტყვას თავის აქეთ-იქით ქნევით იგერიებდა. საქმე ბოლოს იმდენად გაუჭირდა, რომ მიწაზე ბურტყუნით დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ჩოხის კალთით მოდღურულ სახეს იწმენდდა.
_ კიდევ გაბედავ, შე უტიფარო, კიდევ გაბედავ? _ ნიშნს უგებდა, წყევლიდა ის კუდიანი და თან საწყალ გაბიაბრუებულ ბიჭს ხის კენწეროდან ქოქოლას აყრიდა. წყევლიდა იმიტომ, რომ უტიფარი კი არა, გაუბედავი აღმოჩნდა და მას ბიჭის ის სანატრელი შიში ვერ აგრძნობინა, შიში რაღაც იდუმალებისა და გამოუცნობი მომავლისა, რომელსაც შიშით ელი და თან ტანში ჟრუანტელი გივლის. ეს შიში ქალური მოკრძალებაა, მორცხვობა, და ამას გარდა, გრძნობაა იმისა, რომ რაც უფრო განაზდები, მით უფრო მიმზიდველი და სანატრელი ხარ.
_ ფუი, გაგისკდა მიწა, რას ჰგავხარ! _ წამოეხმარნენ გოგონას მეგობრებიც და ბიჭმაც მეტი ვეღარ შეძლო. შერცხვენილმა თავი მხრებში ჩარგო და ოთხად მოღუნული შინისკენ გაიძურწა.
მე ვიდექ და ღიმილით გავცქეროდი ახალგაზრდობის ლაღობას, თან ხალისიანად გავიძახოდი:
_ აჰაი, ტა-ტა-ტაჰ, რა ხვავია, რა ხვავი, ვენაცვალე მაგის გამოსავალს! _ მერე ჭისაკენ თხის დასაკლავი დანის ასალესავად გავიქეცი და თან ყურძნის ფეხით მწნეხავებს გავძახე:
_ მარჯვედ იყავით, ბიჭებო!
გვიმთან ჩაცუცქული დანას სალეს ქვაზე პირს რომ ვუწყობდი, თან სოფლის ხალისიან ჟრიამულს ყურს ღიმილით ვუგდები. დასავლეთისაკენ გადახრილი მზე სხივებს ირიბად გზავნიდა დედამიწაზე და გაგრძელებულ ჩეროებზე ჩაწოლილ სოფელში ერთი გაბმული
ხმაურობა გაისმოდა. იქ მღეროდნენ, აქ იცინოდნენ, იქ ვიღაცა მეზობელს ეძახდა, აქ დედა გაკაპასებით ეყიჟინებოდა შვილებს.
_ დოი, დოი-დოი! დოი, დოი, დოი! _ ეძახდნენ შეგვიანებულ ბატებს დასაბუდებლად.
_ დიიდა, კაბელა! დიიდა! დიიდა! _ ეალერსებოდა ვიღაც თავის მარჩენალ ძროხას და ისიც გრძნობით შეჰბღაოდა თავის პატრონს, რძით გატიკნილი ტუე შინ ძლივს მიჰქონდა.
ქათმები ხეებზე დასაბუდებლად ადიოდნენ, საძოვრიდან დაბრუნებული ღორი ჭიშკარს მისდგომოდა და ღრუტუნებდა, ეზოში ჩაშვებას თხოულობდა. სადღაც ჭის თავზე ღომის ქერქიან კარდალს დანით ფხეკდნენ და შემოდგომის თბილსა და ჟრუანტელისმომგვრელ სიყუჩეში ყველაფერი სხვანაირად, ძილში ჩაყურებული ხმაურივით გაისმოდა. ყველაფერი გატრუნულიყო, ყველგან სიმწიფის ოდნავ ფორიანი სურნელება იდგა, თუმცა ხეებს სიმწვანე ჯერ კიდევ არ დაეკარგა.
შარაზე სიმინდითა და მწიფე კვახებით გაძეძგილი ჩელტიანი ურმები ჭრიალით მიტაატებდნენ.
ყველა გარეთ იყო გამოფენილი, ყველა რაიმე საქმით იყო გართული და ჩემი პატარა შვილიშვილისათვის არავის ეცალა. გარეთ გამოტანილ აკვანში გამოჰღვიძებოდა და მოშიებული ჩხაოდა, ტირილით ქვეყანას აქცევდა.
_ ქიონია, ქიონია! _ გავძახე დედამისს, _ მოდი, გოგო, ბაღანას ძუძუ აჭამე!
ქიონიამ დობილოში ყურძნის კრეფას თავი გაანება, ალაგეზე ნელა გადმოვიდა. მაღალი ტანის მადლიანი რხევით ქმარს ჩაუარა და ერთი იმნაირად გადახედა, ტყვია რომ ეკრა გულში, ის ერჩია. ბავშვის ჩხავილს ყურადღება არ მიაქცია, მაჭრით სავსე თუნგი ხელით აიტაცა და უკან გადაზნექილი ტუჩით ტუჩს ისე ხარბად დაეწაფა, რომ დოვლათიანი გულ-მკერდი კიდევ უფრო აებურცა. იგი, ტანსავსე და ჩამკვრივებული, მიწაზე ისე მყარად დაბჯენილიყო, რომ აღარ ვიცოდი, სად თავდებოდა ეს დალოცვილი მიწა და სად იწყებოდა მისი ქალობა.
წყურვილი რომ მოიკლა, ერთი მეც გადმომხედა, ეშმაკურად, ალერსიანად გამიღიმა და აჩხავლებული შვილისაკენ აუჩქარებლად გაემართა. ჯორკოზე დამჯდარი აკვნის ხარიხას გადაეყრდნო და ბავშვს ძუძუ მისცა თუ არა, სიწყნარე ჩამოვარდა.
გულმა არ მომითმინა. აკვანთან მიველ და შვილიშვილს მივეალერსე. მისი ბუნჩულა ხელები სახეზე უკვდავების წამალივით მოვისვი და ჩემთვის ბედნიერად ჩავიქირქილე.
_ იქით გაიწი, შე ბეხრეკო, ჩემს შვილს ნუ ეფერები! _ შემომიტია ღიმილით ქალიშვილმა და შვილის ხელი ხელიდან გამომართვა.
_ შენთვის შვილია და ჩემთვის შვილზე შვილია, _ მოვუჭერ სიტყვა და წელში გავიმართე, თხის დასაკლავად მარნისაკენ გავემართე.
ქიონიამ ბავშვი გააძღო, მასთან ალერსით გული კარგა რომ იჯერა, წამოდგა და დობილოსაკენ ქევქევით წავიდა. მე თვალი გავაყოლე. ალბათ, ჩემი შემოხედვა თუ იგრძნო, მომხედა. უცებ ერთი უდარდელად გადაიკისკისა და ისე გაიქცა, ალაგეზე გადამხტარი ხეებს მიეფარა.
დობილოდან ისევ მოისმოდა გასათხოვრად შეღერებული გოგონების სულშეტაცებული ტკარცალი. ისევ გაისმოდა ყურძნის მკრეფავ ვაჟკაცთა გადაძახილი:
ა გიდელა, ჰა!
ა გიდელა, ჰაა!
ა გიდელა, ჰააა!
ა გიდელი კუშტურმახვილიო,
შიგ არი ხუთი მარჩილიო, ოოუ!
ხანდაზმული ქალები მიხვდნენ, რომ თუ გოგოებს თვალი არ მიატანეს, ვინ იცის, რა დატრიალდება ამ შემოდგომის ქორწილებამდე და ახალგაზრდებს თვალს წუთით არ აშორებენ.
გულმა არ მომითმინა. დაკლული თხა გასატყავებლად ხელში სიძეს შევატოვე და მეც დობილოში გადაველ. ყურძნის საკრეფად ხეზე ისევ აველ და ყოველ მტევანს, სანამ მოვწყვეტდე, ველოლიავები, მისი ალერსით ვეღარ ვძღები:
_ ჰაიტ, შე მამალოთო, დედადაგრეხილო და შვილგადარეულო, ამ სიმაღლეზე რომ ამოსულხარ, გეგონა, ვერ გიპოვიდი? არა, ბაბა, ჩვენ არც ისე ბრიყვნი ვართ, რომ ჩვენი დოვლათი ხელიდან ასე იოლად გავუშვათ და ღვთის ანაბარა მივატოვოთ. მოგკრეფთ, ბაბა, მარანში გაგაქანებთ და საწნახელში რომ ჩაგახვავებთ, ზედ ფეხით შეგდგებით, დაგსრესთ, წვენს გაგადენთ და რომ დაღვინდები, მერე ბადიები, ყანწები და აზარფეშები რომ დატრიალდება, შენ მაშინ უყურე, რანაირი ქეიფი ვიცით, რანაირი გალაღება და დროსტარება. ეს სუფრული ზვიადი სიმღერები, მოსწრებული ხმები და ოხუნჯობანი, ჟუჟუნა თვალებით აჩქროლებული გული, უხვი მასპინძელი, ჭირვეული თამადა და სიცილ-კისკისი, ჩვენ კი არა, შენ იქნები, თავში რომ აგვივარდები. შენ იქნები, ტვინს რომ დაგვიბნელებ და გულს გადაგვიხსნი. დაგვათვრე, ფესვკუთრთხეულო, გაგვამხიარულე, გულს ჯავრი გადაგვყარე და დარდს რომ მივაყუჩებთ, შენ მერე ნახე რა ბიჭებიცა ვართ. ეს შენა ხარ, ძირი სიყვარულისა და სიძულვილისა. შენა ხარ, ღრჯუ კაცს მამა-პაპის ბოღმას კისერში რომ მოუყვან და ხანჯალს მოულოდნელად აშიშვლებინებ. შენა ხარ, სიყვარულის აფერფლილ მუგუზალს ირგვლივ ხმელ თივასავით რომ შემოეხვევი და მუნჯს ენას ამოადგმევინებ, გონიერს საზრისს წაართმევ, სულელს სულ გამოასულელებ და მერე, ჰაი გიდი, ყველა ერთ ჭკუაზე რომ დავდგებით. გზა გვიტიეთ, გზა! ხომ ხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ვეღარ დავტეულვართ! ეს ოხერი, ვფიქრობ და მაინც ვერ გამიგია, რა ხარ ისეთი, _ ჭკუას გვართმევ და მაინც გვიყვარხარ, გვასულელებ და სულს მაინც გვირჩევნიხარ? ალბათ, იმიტომ, რომ ცოცხალი ვართ _ შენი წვენით გვადღეგრძელებენ, მკვდარი ვართ _ შენი წვენით მოგვიხსენიებენ. რომ დავთვრებით, გავლაღდებით, მერე ეს ქვეყანა ვიწროდ გვეჩვენება, ეს ცა დაბალი გვგონია და თავს მაღლა რომ ავაჭერთ და წელში გავიმართებით, ვღრიალებთ თავაწყვეტილნი:
_ გაგვიშვით, გზა გვიტიეთ!
ვემუქრებით მთებს, კლდეებს და ზედ ჯიხვებივით თავით რომ შევასკდებით, აქეთ-იქით მივყრით, მოვყრით და გაჭენებულნი ქვეყნის კიდეს რომ მივადგებით, შევდგებით, მაგრამ თავბრუ მაინც გვეხვევა და უფსკრულებში გადაცვენილებს ოქროს ფუტკრები დაგვეხვევა, რადგან შენი წვენით დატკბილული ვიქნებით. სადღაც ზღართანს რომ მოვადენთ, გონს ერთბაშად მოვალთ და დავინახავთ, რომ ზღართანი თურმე ორღობის ტლაპოში მოგვიდენია და ანგელოსები ფუტკრებივით რომ გვეხვეოდნენ, თურმე ცოლია, თურმე შვილია და წყევლა-კრულვით გეწევიან, ტალახიდან ამოყვანას ლამობენ, მაგრამ შენ კიდევ უფრო ჭირვეულობ და ლაფში კიდევ უფრო განივრად იშოტები. თან გაჰყვირი, რომ თავი გაგანებონ, შენთვის დაგაყენონ და შენს გემოზე გაცხოვრონ, მაგრამ ვინ გიჯერებს, ტალახიდან მაინც უნდათ, ამოგათრიონ.
ამ ოცნებაში რომ ვიყავ, ცხენის შორეული ფეხის ხმა შემომესმა. სოფლის ბოლოში ვიღაცა ცხენს ოთხით მოაგელვებდა, ხელში რაღაც ქაღალდი ეჭირა და თან მოაფრიალებდა. რამდენ მოსახლეს ჩაუქროლებდა, იმდენჯერ რაღაცას ხმამაღლა დაიძახებდა. ამ დაძახილზე ხალხი საქმეს თავს ანებებდა და უკან ფეხდაფეხ მოსდევდა.
გულმა ფარსაგი არ მიაზრა, ხიდან მეზობლებს გადავძახე:
_ არიქა, მეზობლებო, ჩვენ თავს კაი ამბავი არ უნდა იყოს! _ და ყვირილით, ლანძღვა-გინებით ხიდან ძირს თრითინასავით ჩამოვსრიალდი.
ცხენოსანმა ახლა ჩემი ეზოს წინ ჩაიქროლა და ვიცან, ჩვენი სოფლის ჩაფარი იყო, მიქროდა და თან მიყვიროდა:
_ მალაფესტია, ხელმწიფის მალაფესტია!
_ ფუი, ღმერთმა შეგარცხვინა შენცა და ის შენი ხელმწიფეც, რაღაც მალაფესტია, ალბათ, ახალი გადასახადი იქნება! _ მივაწყევლე ერთსაც, მეორესაც და თავზე ყაბალახი შევისწორე.
სოფლის კანცელარიასთან რომ მივირბინე, ჩაფარი აღარ იყო. აივანზე რაღაც ქაღალდი გამოეკრათ და ხუთიოდ გლეხი კედელს მკერდით მიყრდნობოდა, ნაბეჭდ მალაფესტს ასოების ამოღებით ძლივს კითხულობდა. კიბეზე რომ ავირბინე, მოცვივდნენ და შემეხვეწნენ:
_ შენ კაი ლაზღორი იცი და მოდი, ერთი, თუ ძმა ხარ, წაგვიკითხე.
მეც რა იმათი თხოვნა მჭირდებოდა, მაშინვე კედელთან მიკრულ ქაღალდს მივვარდი და რომ დავხედე, ჩემდა უნებურად გაკვირვებით აღმომხდა:
_ ყვეი!
_ რაა, შე კაცო? გვითხარ, ნუ დაგვხოცე! _ წამოიძახა საყვედურით ნატიემ. პასუხი არ გამიცია. თვალები მოვიშმუშნე და ქაღალდს ისევ რომ დავხედე, მივხვდი, რომ ქვეყანა მართლაც გადაბრუნებულა. სათაურად დიდი, ლამაზად გამოყვანილი ასოებით ეწერა:
უმაღლესი მანიფესტი
წყალობითა ღვთისათა ჩვენ, ნიკოლოზ მეორე, იმპერატორი და თვითმპყრობელი სრულიად რუსეთისა, მეფე პოლონეთისა, დიდი მთავარი ფინლანდიისა და სხვათა და სხვათა, ვუცხადებთ ჩვენს ერთგულ ქვეშევრდომთ:
შფოთმა და არეულობამ, რომელმაც თავი იჩინა სატახტო ქალაქებსა და იმპერიის ბევრ ადგილას, დიდი მწუხარებით აღავსო ჩვენი გული.
_ ისემც კაი დაგემართოს! _ აღმოხდა ერთ მსმენელთაგანს, მაგრამ მე მისი სიტყვებისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, კითხვას ისევ ხმამაღლა განვაგრძობდი:
რუსეთის იმპერატორის კეთილდღეობა შეკავშირებულია ხალხის კეთილდღეობასთან, ხალხის მწუხარება მწუხარებაა ხელმწიფისა.
_ ისემც ოჯახი მაგას აუშენდება! _ წამოიძახა ახლა მეორემ, მაგრამ ყურადღება არც იმას მივაქციე და ისევ განვაგრძე:
არეულობამ, რომელმაც ესოდენ იჩინა თავი, შეიძლება გამოიწვიოს დიდი უბედურება და საშიში გახდეს ჩვენის სახელმწიფოს სისრულისა და ერთიანობისათვის. დიდი აღთქმა ხელმწიფობის მსახურებისა ვალად გვდებს ჩვენის გონებისა და უფლების მქონეთ იხმარონ ღონისძიებანი, რომ პირდაპირ არ იჩინოს თავი უწესობამა, ამბოხებამა და ძალმომრეობამ და ამით დაცულ იქნეს მშვიდობიანი ხალხი, მოწადინებული თავისის მოვალეობის წესიერად აღსრულებას, _ ჩვენ საჭიროდ ვსცანით, გავაერთიანოთ მოღვაწეობა უმაღლესის მთავრობისა, რომ ამით წარმატებით იქნეს ასრულებული ჩვენ მიერ სახელმწიფო ცხოვრების დასამშვიდებლად განსაზღვრულნი ღონისძიებანი, მოვალეობად ვაკისრებთ მთავრობას აღასრულოს ესე ჩვენი შეურყეველი ნება:
მიენიჭოს ხალხს მოქალაქეობრივი თავისუფლების შეურყეველნი საფუძველნი ესე, ჭეშმარიტად ხელშეუხებელი იყოს პიროვნება, თავისუფლება სინდისისა, სიტყვისა, კრებისა და კავშირისა.
_ აგაშენა ღმერთმა! _ წამოვიძახე გაკვირვებით და კითხვას თავი გავანებე, მალაფესტს ზურგი შევაქციე და მოვტრიალდი. კანცელარიის აივანი, მის ეზო და ასე გასიჯნეთ, ქუჩაც ხალხით იყო სავსე და სკასავით ზუზუნებდა.
მე ხმას არ ვიღებდი. ჩემთვის გუნებაში ვვარაუდობდი, რას გვაძლევდა ხელმწიფე და რა გვქონდა მოპოვებული. მოქალაქეობრივი უფლება ხელთ გვქონდა. ბოქაულსა და მის მამასახლისსაც ლაგამი პირში კარგა ხანია რაც ამოვდეთ, სიტყვასაც პირდაპირ ვამბობდით, კრებებსაც როცა გვინდოდა, მაშინ ვაწყობდით. ამას რა დიდი მიხვედრა უნდოდა? მეც მაშინვე მივხვდი, რომ ეს მალაფესტი ხაფანგი იყო და იქვე, ჩემ წინ მდგომ ნატიეს მივუბრუნდი:
_ ხედავ, ნატიე, რა ღვთისნიერი ხელმწიფე გვყოლია და აქამდე არ ვიცოდით! დაილოცა იმის სახელი, გვაძლევს იმას, რაც კარგა ხანია გვაქვს და თუ ძალით არ მოგვერია, ნებით იმის დამთმობი აღარა ვართ.
ამას რომ ვამბობდი, ეზოში ყურძნის ტკბილით ფეხდაწითლებულ მწნეხავებს მოვკარი თვალი.
_ თქვენ აქ რამ მოგიყვანათ? _ ავყვირდი ელდანაცემივით და ეზოში ჩავირბინე, _ ვის ანაბარა დამიტოვეთ ის ყურძენი? აბა შინ, ჩემო საყვარელო მეზობლებო, შინისკენ გავწიოთ და საქმე მოვათავოთ!
გავრეკე ისინი და მეც თან მივყევი. შინისაკენ დაფიქრებული რომ მივდიოდი, ამ დროს ხუცესიც წამომეწია და თვალაგზენებით წამოიძახა:
_ უნდა აღვდგეთ, ბათა, უნდა აღვდგეთ!
_ მართალი ხარ, ჩემო საბალია, უნდა აღვდგეთ. ჩვენ უნდა აღვდგეთ და თქვენ დაწვეთ.
ხუცესმა ერთი ვითომ გაოცებით შემომხედა. მერე გვერდზე გაგულისებით გადააფურთხა და ჩამომშორდა, თავისი გზა განაგრძო.
3
იმავე ღამით, როცა სიმსიც არ ისმოდა, ეს უკუნეთიც ზემოდან გადმოხაფრულიყო და ცა თითქოს დაწეულიყო, სოფლის ეკლესიიდან ზარების რეკა და ბუკის ხროტინი ერთად მოისმა. ხეზე დაკიდებულ ცაცხვის ძელსაც ბჟოლის კვეჟო გამეტებით წაუშინეს და ისეთი ხმაური ატყდა, რომ კაცს მეორედ მოსვლა ეგონებოდა. განგაშით აფორიაქებული ხალხი ორღობეებში, შუკებში ეზოდან ეზოში გადარბოდა და გაიძახოდა:
_ გამოდით! გამოდით! გამოდით!
ლოგინიდან წამოცვენილი სოფლელები გარეთ საცვლების ამარა გამორბოდნენ და მეზობლებს ეკითხებოდნენ:
_ ჰაუ, მიქელა!
_ დოლმინდია!
_ ხახულია, რა ამბავი, თუ იცი?
უმეტესობამ მართლაც არ იცოდა, რა ამბავი იყო და თავგზააბნეულები აქეთ-იქით უგზო-უკვლოდ დარბოდნენ ჭრაქებით, ჟინჟღილებითა და მუგუზლებით.
ძაღლები ყეფდნენ, ბავშვები ჟიოდნენ, დედაკაცები შეშფოთებული ხმით გაჰკიოდნენ და ამ ყიამეთში ისევ მოისმოდა განგაში ეკლესიიდან, ყვირილი ახალთაობის კაცებისა:
_ გამოდით! გამოდით! გამოდით!
და ჩვენც: მოგეცათ ლხენა, გამოველით.
ჩოხა-ახალოხი ტანთ ხელდახელ გადავიცვი და გარეთ გამოვარდნილმა ამ გნიასში, ვახარამაცში, ქვეყანას რომ გავხედე, მეგონა, ცა მიწაზე ფეხად თუ ჩამოდის-მეთქი.
რიონსა და ცხენისწყალს ნისლი უკვე დაეყარა. მიმოფანტულ ღრუბელთა შორის ცის ცილა აქა-იქ მაინც ლურჯად მოჩანდა. ათასწლოვანი ხეები ღამეში უზარმაზარ ფრთაგაშლილი ფრინველებივით უძრავად იდგნენ და წუთით მომეჩვენა, რომ აი, საცაა ისინი, შავნი და თვალბედითნი, ფრთებს აარხევენ, ყრანტალით სადღაც ყიამეთში გადაიკარგებიან და ერთბაშად გათენდება.
დენთი, ჩარჩმა და ყურშუმი ყველას ბლომად გვქონდა მომარაგებული მწარე კვახებსა და საპირისწამლეებში. თოფს ფალია ხელდახელ გამოვუცვალეთ და ბათქაბუთქი რომ ავტეხეთ, ცა ძირს ჩამოვიღეთ და ჩვენ მაღლა აველით. მერე თოფები მხარზე ხელდახელ გადავიკიდეთ და ეკლესიისაკენ გულამოვარდნილები გავქანდით. ეკლესია რიონისა და ცხენისწყლის ხერთვისში იყო ამართული. აქეთ რიონის ხაბო ჩასხლეტილიყო, იქით _ ცხენისწყლისა და მერე მდინარეთა თვალგადუწვდენელი ჭალები, ეწრები და ტყეები გაშლილიყო. გზის მოსახვევში ეკლესიის საყარაულო ჯიხური იდგა. შიგ მარჯვე ბიჭები ჩამსხდარიყვნენ და მოსულებს გასძახოდნენ:
_ ვინ ხართ? რომელი მუხურიდან ხართ?
_ ნაესაკოვოდან! _ იყო პასუხი.
_ გულეკარიდან!
_ ტყვირიდან!
_ მარანიდან!
_ ილორიდან!
_ აბაშიდან! _ და ვინ იცის, საიდან არ მოაწყდა ხალხი თავყრილობას. მოდიოდნენ ცხენოსნები, ქვეითნი და მათ დენას დასასრული არ უჩანდა.
მე გაოცებული გავცქეროდი ამ სერესკელი ხალხის დენას და ვფიქრობდი, ვერ გამეგო, როდის მოასწრეს ახალთაობის კაცებმა ამდენი ხალხის ფეხზე დაყენება, როცა ჩვენ ეს ამბავი მხოლოდ ეს-ეს არის შევიტყვეთ.
შუაღამე მოტანებულიყო, ეკლესიისა და მის გვერდით მდგომი სოფლის კანცელარიის ეზოები, რიონ-ცხენისწყლის პირები ხალხით რომ აივსო. მალე დოჩხაურებიც გააჩაღეს და ნასთვლევ ყანათა ხმელი ღეროები და ნაღობარები ხალისიანად ატკაცუნდნენ შემოდგომის ცივ ღამეში.
ხალხი სოფლებისდა მიხედვით დაბანაკებულიყო და ყველა თავის კილოზე იცინოდა, თავისებურად მღეროდა, ოხუნჯობდა, ენასაც თავისებურად უქცევდა და ამ თავისებურებას მხოლოდ ადგილობრივი ყური თუ გაარჩევდა.
მთელი ეს მინდორი ჟრიამულობდა, ხან აქ, ხან იქ წაიმღერებდნენ, მაგრამ მალე ისევ გაჩუმდებოდნენ, ისევ ყაყანებდნენ, დაობდნენ და მათი გუგუნ-ჟრიამული იქაურობას აყრუებდა, ცხენები ჭიხვინებდნენ, დოჩხაურები ტკაცუნობდნენ და ამდენ ხალხში გზააბნეულები აქეთ-იქით თვალაჭრელებულნი ბორიალებდნენ, თავისიანებს ეძებდნენ და რომ ვეღარ პოულობდნენ, ხმამაღლა გაჰყვიროდნენ:
_ ტყვირელებო! ტყვირელებო! სადა ხართ, უუ!..
_ ჰაა-ჰა, აქა ვართ! _ აძლევდნენ ხმას ტყვირელები.
_ ინავარდიებო, ინავარდიებო! უუ-იუუ! _ იძახდა ახლა ვიღაცა.
_ აქეთ, კაცო, აქეთ წამოდი!
_ ხაინდრავებო, უუ!
_ მაგ ხაბოს გამოჰყევი, მაგ ხაბოს და მოხვალ!
გადასძახოდნენ ერთიმეორეს და მალე სიმღერებიც გაისმა. სიმღერას აქა-იქ ცეკვა და ტაშიც მოჰყვა.
შორით მოსულებს თან საგზალიც წამოეღოთ, _ ხმელი ტარანი, ყველი, ცივი მჭადი, აჯიკა და ყვითელ სუნელსა და ქინძ-ნიორში დანაყილი ნიგოზი. ზოგს დოქით მაჭარიც მოეტანა და მალე სმაც გაჩნდა. სოფლებად და გვარეულობებად ცალ-ცალკე დაბანაკებულებმა მალე ერთურთის მეგობრული ქირდვა და წაქილიკებაც დაიწყეს. მე ტყვირელებში ვიყავ გარეული და მასპინძლებთან ერთად გულუხეთელებს ვქირდავდი, მაგრამ ტოლს არც ისინი გვიდებდნენ და ვალში არ გვრჩებოდნენ. ჩვენს სიტყვა-პასუხზე ორივე მხარე ხმამაღლა ხარხარებდა და თავ-თავის ფალავნებს გვერდებში მუჯლუგუნის წაბინიკებით გვაქეზებდა. ვინ მოთვლის, რანაირ საჯაყსა და თავმოსაჭრელ საქმეებს არ ვუგონებდით ჩვენ ერთიმეორეს და ამ ქილიკობასა და ლაზღანდარობაში ისე ვიჩოჩეთ ერთიმეორისაკენ, რომ არც გაგვიგია, ერთიმეორის პირისპირ ასე ახლო როგორ გავჩნდით, მაგრამ გულუხეთელებთან დავამ და ლაზღანდარობამ მალე თავი მომაბეზრა და განზე გავდექი. მათ ოხუნჯობას შორიახლოდან ვადევნებდი თვალყურს და ყოველ მარჯვედ მოქნეულ სიტყვაზე მეცინებოდა.
ეს ორი ბანაკი მე ერთიმეორის პირისპირ დაყუნტულ მგლების ხროვას მომაგონებდა და რომ გაიცინებდნენ, ცეცხლის ნათელზე მტრის გულის გასახეთქად ალესილი კბილები ალმასივით უელვარებდათ. მათ აქეთ-იქიდან სხვა სოფლელებიც წამოეხმარებოდნენ, თან ხარხარებდნენ და თავის ფალავნებს მოუთმენლად აქეზებდნენ:
_ ე, ბიჭო, მაგ ყრუალა გულუხეთელებს არაფერი არ შეარჩინოთ!
_ ე, ბიჭო, მაგ რიონის ბაყაყებს არაფერში არ ჩამორჩეთ!
დასძახოდნენ აქეთ-იქიდან და ისინიც ენად იკრიფებოდნენ. ერთიმეორეს აღარ ზოგავდნენ და ვინ იცის, რას არ უგონებდნენ და რას არ ეძახდნენ.
მე მათ ყაყანში აღარ ვერეოდი. გულუხეთელებს შორის სიდუს შვილს მოვკარი თვალი და ყველა დარდი ერთად ამეშალა, აღარაფრის თავი აღარ მქონდა. თექვსმეტიოდე წლის ახალგაზრდა ყმაწვილი თავის თანასოფლელებში შველივით გარეულიყო და მისი მოხდენილი იერი თვალს ახარებდა, ტანი დედამისივით კოხტად ჰქონდა დადგმული, თვალებიც დედისა ჰქონდა, ღიმილიც და მასთან სიახლოვე მომინდა.
_ ჯოგო, ჯოგოლია! _ გავძახე ალერსიანად ყმაწვილს, ხალხი წუთით ოდნავ რომ მიყუჩდა.
ჯოგომ ყურები შველივით ცქვიტა და დამინახა თუ არა, ჩემკენ გამოეშურა.
_ შენ აქ ვინ მოგიყვანა? _ შევეკითხე ალერსიანად და თავზე ხელი დაყვავებით გადავუსვი.
_ კაჟნა ბიძიას გამოვყევი! _ მიპასუხა ყმაწვილმა და ისეთი ნდობით გამიღიმა, რომ გული კიდევ უფრო ძალუმად ამიჩქროლდა მისდამი მამაშვილური სიყვარულით.
კაჟნა დანელია სიდუს ბიძაშვილი იყო; ვაჟკაცობით განთქმული და ერთი შეგნებული გლეხთაგანი.
_ შემცდარხარ, ბიძიკო! _ თავი ვერ შევიკავე საყვედურისაგან, _ დედაშენმა მაინც როგორ გამოგიშვა?
_ ნანა არ მიშვებდა... გამოვეპარე.
_ ჰოდა, უნდა დაგეჯერებინა... არ უნდა წამოსულიყავი... _ განვაგრძე ოდნავი საყვედურითვე.
_ რატომ, ბიძია? _ შემეკითხა ჯოგო მიამიტად და თან უკმაყოფილოდ.
_ იმიტომ, ჩემო ბიძია, რომ ამ საქმეს სისხლის სუნი სდის.
_ სისხლის არ მეშინია, _ თქვა მან ბალღური თავგამოდებით. მე თავი ვეღარ დავიჭირე და თავზე ხელი ისევ ალერსიანად გადავუსვი:
_ წადი, ბიძიკო, წადი, ისევ თქვენებს დაუბრუნდი და, იცოდე, ფრთხილად იყავი, დედაშენის უბედურებაში არ გაგვხვიო. ხომ იცი, რომ მზე და მთვარე შენზე ამოსდის.
ჯოგოს ხმა არ გაუცია. ნელი ნაბიჯით თავისი ბანაკისაკენ უბრად გაემართა.
სანამ მე ჯოგოსთან ვსაუბრობდი, ტყვირელებსა და გულუხეთელებს პაექრობა კიდევ უფრო გაეჩაღებინათ და ტყვირში ჩამოსახლებული აფხაზი კერანდუხუ ზვანბაია აეჩაგირებინათ. ტყვირელები ამ დღეში რომ დავინახე, გულმა აღარ მომითმინა და პაექრობაში ისევ ჩავერიე. ტყვირი ჩემი დედული იყო და მის წახდენას არავის დავანებებდი. კერანდუხუ ზვანბაია უკან დავწიე და წარმატებით გახარებულ გულუხეთელებს პირში ახლა მე წავუდექი. ფალავნობა ისევ ხელთ ვიგდე და მოწინააღმდეგეთა მეთაურს კაჟნა დანელიას პირისპირ შევეტაკე.
კაჟნამ თვალი მომკრა თუ არა, ჩემს მრევლს დაცინვით მოუბრუნდა:
_ ეს ორპირული ზუთხი დასამარილებლად ხომ არ გამოგვიგზავნეთ?
ჩემს დასაცინავად განჩურად გამოტყორცნილი სიტყვა ჰაერშივე დავიჭირე და უკანვე გავუბრუნე:
_ რას იზამ, ჩემო კაჟნა, კარგის ღირსად თქვენ არ მიგიჩნიეს და ჩემზე გლახაკი სხვა რომ ვერავინ იშოვეს, ისევ მე გამომგზავნეს. დამარილებას რას მემართლები, შე კაცო? თუ ამდენი მარილი გაქვს, დაჯექით და ლოკეთ. ის მაინც როგორ არ იცით, რომ ხვადაგს მარილი უხდება.
_ ჰაიტ, შე ხრონცო, შენა! შენ რომ ჭკუა გქონოდა, შენი თხის ხორცს სხვის ოჯახში აღარ შეექცეოდი! _ მომიჭრა სიტყვა კაჟნამ და მთელმა სოფელმა თავს სიცილი დამაყარა, მაგრამ მე უღური მაინც არ გავიტეხე, იმ ოხერი თხის გახსენებამ ხომ სულ გამამწარა კაციშვილი.
_ აჰაიტ, დედიჩემის ღმერთსა! _ წამოვიძახე ვითომ სინანულით, _ რა ვიცოდი, თუ ის სულწაწყმედილი ხუცესი ასე ბეცი იქნებოდა და შენგან თხას ვეღარ გაარჩევდა. სუფრაზე რომ მოგვართვეს, მეც შენ მეგონე და ვიყვირე, _ არ ჭამოთ, თხა არ გეგონოთ, კაჟნაა, დანელია-მეთქი! თურმე ჩემი თხა იყო და რას წარმოვიდგენდი, თუ ასე ჰგავდი.
ჩემს პასუხზე კაჟნას წარბიც არ შეუხრია, ისევ მომაძახა:
_ კი მაგრამ... ის ვინ იყო, ასი ურემი ლახანა და პატრიჯანი რიონში რომ ჩაყარა და ზედ მარილი დაახვავა, _ დიდმარხვისთვის დამჟავდება და აღდგომამდის მთელ სოფელს გაგვიტანსო?
_ ის ვინ იყო, _ ისე შევუბრუნე სიტყვა კაჟნას, _ გულუხეთელმა თხა იაფად იყიდა და შეეჭვდა, ალბათ, ძაღლია, თორემ თხას ასე იაფად ვინ მომცემდაო. ამ დროს ღორი დაინახა და იმას მიუტივა, და თხა ღორს რომ არ მიეტივა, წამოიძახა: ფუი, მოგიკვდა გამომცემელი, ძაღლადაც არ ვარგებულხარ, მოდი, ისევ ტყვირელს მოვაღორებო და თხა ძაღლად შეაპარა.
_ ის ვინ იყო, ტყვირელს ყანაში სადილობის დროს ლობიოს ქოთანში რომ ხვლიკი ჩაუვარდა, ხელი სტაცა, პირში გამოისვა და ისე გადაისროლა, _ შენი არაფერი მინდა და არც ჩემსას გაგატანო?
_ ის ვინ იყო, ორი გულუხეთელი სენაკს მოდიოდნენ და გზა შუა გაიყვეს, _ ნახევარი შენ გაიარე, ნახევარს მე გავივლი და სიარულით აღარ დავიღლებითო?
ასე ვუგონებდით ჩვენ ერთიმეორეს ათასნაირ საჯაყ საქმეს და ყოველ მოსწრებულ პასუხზე ვხარხარებდით,
ჩვენი სიცილი იმ კუთხე-მიდამოს აყრუებდა. ამ პაექრობაში სხვანიც შემოგვმატებოდნენ და ისინიც ჩვენთან ერთად ხარხარებდნენ.
ორთავ ბანაკში ერთურთის ქირდვით ისე გავერთეთ, რომ უწმაწურ ამბებსაც აღარ ვერიდებოდით. სწორე გითხრათ, არც გულუხეთელების ფალავანი იყო ენადაბმული. მას გვერდით ჯოგოლია მოსჯდომოდა და ბიძას ეხვეწებოდა:
_ კიდევ, ბიძია, კიდევ უთხარი რამე, თორემ გვაჯობებენ!
კაჟნაც ყმაწვილს თავზე ხელს ალერსიანად უსვამდა, ამშვიდებდა და სულ ახალსა და ახალს, ერთიმეორეზე სასაცილო ამბებს გვიგონებდა ტყვირელებს. ამ დავასა და პაექრობაში ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, გულუხეთელები გამწარდნენ. აქამდე მიწაზე დაყუნტულნი რომ ისხდნენ, ახლა ქეჩოაყრილი მგლების ხროვასავით აღრენილნი წამოიგრუზნენ და, ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. მეზობლებთან შუხტალის ჩამოგდების გუნებაზე სულაც არ ვიყავ; ან რა ამისი დრო იყო და შევატყვე თუ არა, რომ მეტი ხუმრობა აღარ იქნებოდა, გავჩუმდი.
ამით მაშინვე ისარგებლა ჩემმა დაუძინებელმა მტერმა ბასკან უჩარდიამ და უკანა რიგებში ხალხს მოფარებული გაავებულად აყვირდა:
_ ავაი, ღმერთო მომკალი! ამ ორპირულმა ბაყაყმა ასე საქვეყნოდ რავა გამოგვაჭენა! გამიშვით, გამიშვით, მაგ უქნარას ენა უნდა ამოვთხარო!
ჯოგო მამასთან მიიჭრა და ხელი მკლავში დასტაცა, მამას მრისხანედ შეუტია:
_ ბაბა! ჩხუბი არ დამანახვო!
და ეს ისეთი გადაწყვეტილებით იყო ნათქვამი, რომ ბასკანი დამშვიდდა, მაგრამ გვიანღა იყო. მას სხვანი უკვე აჰყოლოდნენ და ხანჯლებისათვის ხელი გულფიცხად შეევლოთ. მარჯვე მეზობლები ხელდახელ დატრიალდნენ და გაგვაშველეს. სანამ ისინი დაგვამშვიდებდნენ, ცოტა ჩვენც გავიქაჩეთ, წავიწ-წამოვიწიეთ, ავყაყანდით, მაგრამ ჩხუბისათვის თავი მაინც არ გამოგვიდვია.
გულუხეთელებთან ყაყანით გული კარგად რომ ვიჯერე, ტვირელებს ჩამოვეხსენი და ეს ოლქა ხალხი ჩამოვიარე, მთელ ამ რიონ-ცხენისწყლის დაბლობში ტევა არ იყო. ირგვლივ დოჩხაურები და ჟინჟღირები ბღიალებდნენ. სიმღერით, ყიჟინითა და ცხენის ჭიხვინით ყრუვდებოდა ყველაფერი. მე ვიდექ და მათ გუგუნს ყურს ვუგდებდი, გული იმედით მევსებოდა, მჯეროდა, რომ გამარჯვება უსათუოდ ჩვენ დაგვრჩებოდა. უეცრად ჩოჩქოლი ატყდა: ეკლესიის გალავნიდან აყალმაყალის ხმა მოისმა და ყველა იქით გაქანდა.
_ რა ამბავია, ჯოგო, რა მოხდა? _ შევეკითხე თვალწინ შურდულივით ჩაქროლებულ სიდუს ბიჭს.
_ არ ვიცი, ბიძია! _ მიპასუხა ხელდახელ და არ შემდგარა, ეკლესიისაკენ ისე გაიქცა.
მეც რა გამაჩერებდა? მაშინვე იქით გავიქეცი. ქვითკირის გალავანზე ხვლიკივით ავფორთხდი და საყდრის ეზოს რომ გადავხედე, რაღაც აურზაურს მოვკარი თვალი. ბევრი არ დამიყოვნებია, მაშინვე გადავხტი და შეჩოჩქოლებულ ხალხთან რომ მივიჭერ, ვხედავ, მამასახლისი და ხუცესი წაკიდებულან და ერთიმეორეს მიწასთან საქვეყნოდ ასწორებენ.
მათ ძიძგილზე ჩემდა უნებლიეთ გამეღიმა, _ ის ორთავიანი არწივი მომაგონდა, ჩვენი სოფლის კანცელარიის თუნუქის ფირზე რომ იყო გამოხატული, ოღონდ ეს თავები აქეთ-იქით კი არ იცქირებოდნენ გაალმასებით, ახლა ერთიმეორეს მიტევებოდნენ და პირიდან ბრაზით დორბლი სცვიოდათ.
ჩვენ, მთელი ქვეყანა, რომ ავმბოხდით, ისინი თურმე შიშით გათავებულიყვნენ, ეფიქრათ, ჩვენი აღსასრულის საათმა დაჰკრაო და საკუთარ ტყავს შველა უნდაო. ხალხში შეპარულნი თავს ყველას აბრალებდნენ და მთელ ავს ერთიმეორესავე მალულად ერთმანეთს ახვევდნენ თავს.
ახლოს რომ მიველ, ხუცესის სისინი შემომესმა:
_ მოდით, მეზობლებო, მოდით, არაფერი არ დაზოგოთ! იმ წუპაკმა მამასახლისმა არია ეს ქვეყანა, თორემ რა გვიჭირდა? თქვენ არ იცით, რამდენი ცრემლი მიღვრია, გულზე სისხლი როგორ მევლებოდა, თქვენს დაწიოკებასა და უბედურებას რომ ვხედავდი, მაგრამ რა მექნა, როცა ერთი საწყალი ღვთის კაცი ვიყავ, როცა ჯვრისა და სახარების მეტი არაფერი გამაჩნდა. მე თქვენი სულისთვის ვზრუნავდი და ამ დროს ის წუპაკი მამასახლისი თავისი ჩაფრებით ხორცს ცოცხლად გაგლეჯდათ.
_ მართალია, ჩემო საბა, ისეთ სიმართლეს ამბობ, თითქოს ღვთის პირით ლაპარაკობდე.
და ხალხს მოვუტრიალდი:
_ ხალხნო, ხო მართალია ჩვენი ხუცესი?
_ მართალია, მართალია! _ დამემოწმნენ ირგვლივ ყველანი, მაგრამ მე მათთან დიდხანს არ მომიცდია, ახლა მამასახლისისაკენ გავიქეცი და ყური მის სიტყვებს დავუგდე. დროს არც ის კარგავდა, ეს ცად აწოწილი კაცი წელში ოთხად მოღუნულიყო და ისიც ქვემძრომულად სისინებდა.
_ ერთი საწყალი სამსახურის კაცი ვიყავი და მე რა მეკითხებოდა? თუ ამ ქვეყანაზე ღოღვა მინდოდა, რასაც უფროსები მიბრძანებდნენ, ის უნდა მეკეთებინა, მაგრამ თქვენთვის ზრუნვას მაინც ვახერხებდი. გზა გამყავდა, სამართალს ვეძებდი, მაგრამ ის სულწაწყმედილი ხუცესი საშველს არ მაძლევდა. სულს რომ გხდიდათ, ვეუბნებოდი, _ ცოდვაა, ნუ შვრები-მეთქი, მაგრამ ვინ გაგიგონა!
მე ყურს ვუგდებდი, მაგრამ ბოლოს თავი სულ ანგელოზად რომ დაგვისახა, ვეღარ მოვითმინე:
_ კი, ბაბა, მართალი ხარ და სადავოც შენთან ამ საქმეში არაფერი გვაქვს. დიდი წუპაკი ვინმეა ის ჩვენი ხუცესი, დიდი გარეწარი.
და ხალხს მივუბრუნდი:
_ ხალხნო, ხო მართლია ჩვენი მამასახლისი?
_ მართალია, მართალია! _ დამემოწმნენ ირგვლივ ყველანი და მე ისევ განვაგრძე:
_ კი, ბაბა, კი. ორივე ცამდის მართალი ხართ. შენცა და ის ხუცესიც, ერთიმეორეს რომ ამტყუნებთ, მართალი ხართ, ამიტომაც გვაპატიეთ, შეგვინდეთ რამენაირად, თუ ვერც ერთი ვერ დაგზოგოთ!
სიტყვის დასრულებაც ვერ მოვასწარ, რომ ამ დროს საბასტრატილატემ მამასახლისს საიდანღაც ქორივით წამოუქროლა. ჩხუბის დროს ხელი რომ არ შეეშალა, ანაფორა ხელდახელ გაიხადა, იქით მიაგდო და მამასახლისს წვერებში ეცა. ვალში არც ის დარჩა, თმაში ხელებით ისიც ჩააფრინდა და გაჩნდა ერთი აყალმაყალი, ერთურთის თრევა და ლანძღვა-გინება.
_ გამიშვით, გამიშვით მაგ კაცის მჭამელთან! _ ყვიროდა საბალია და თან გამწარებული ლეკვივით წკმუტუნებდა, მისკენ მიიწევდა, მაგრამ ხალხი რომ არ უშვებდა, ბრაზით სულ თითებს იკბენდა, _ გამიშვით, ნუ მაკავებთ და მე ვიცი მაგისი ამბავი!
_ გამოუშვით, გამოუშვით ეგ მძორი, გავგლიჯო შუაში! _ ყვიროდა მამასახლისი და ახლა ის იწევდა მისკენ, ახლა მას არ უშვებდნენ საჩხუბრად.
4
შორეული სოფლებიდან დაძრულ ხალხს თავყრილობისათვის დანიშნულ ადგილს მხოლოდ ახლა მოეტანებინა. მათი დენა კვლავ გრძელდებოდა. ხეზე დაკიდებული ძელი კვლავ გრუხუნებდა, ბუკები ხროტინებდნენ, ხალხი გუგუნებდა, მაგრამ როცა ეკლესიის ასწლოვანი ცაცხვების ძირას დანთებულ ცეცხლის ნათელზე დროშა ალისფრად აფრიალდა, გუგუნმა ერთიორად იმატა.
მალე ხალხის დენაც შეწყდა. ორპირის მიმდგარმა ყველა სოფლელმა თავი რომ მოიყარა, ვიღაცამ დაიძახა:
_ ხალხნო, აქეთ მოდით, ცაცხვებისაკენ, ცაცხვებისაკენ!
ჩვენც მას სიტყვა აღარ გავამეორებინეთ, ყველამ ცაცხვებთან მოვიყარეთ თავი.
ძველთაძველ ცაცხვებს უზარმაზარი ტოტები მიწამდე დაეყარათ და უზარმაზარ კარვებად დაცემულიყვნენ. ხის ძირას ყაბალახით პირაკრული, თავით ფეხამდე ჩასილაღებული ნაბდიანი კაცები ისხდნენ და შემოდგომის ცივ ღამეში გაყინულ ხელებს ცეცხლზე უბრად ითბობდნენ.
შიშით, რომ გაუგონებელი ან დაუნახავი რამე არ დამრჩენოდა, ხალხი მუჯლუგუნის კვრით აქეთ-იქით უხეშად მივწი-მოვწიე და ყველას თავში მოვექეცი, ახალთაობის კაცებს ახლოს მივუჩოჩდი.
ცაცხვის შტოზე სამრეკლოდან ჩამოხსნილი პატარა ზარი ეკიდა და ზართან კიდევ უფრო ახლოს რომ მივიწიე, ჩემი მურზა მხოლოდ მაშინ ვიცან. საფლავის ქვაზე ამაყად შემდგარიყო და ხელში მაღალტარიანი წითელი დროშა ეჭირა. ბნელში ვერ მიცნო. არც მე გამოვხმაურებივარ, _ ახლა შინაურობის გამხელისა და კითხვა-მოკითხვის დრო აღარ იყო.
ირგვლივ შემოკრებილი ხალხის გნიასი წუთით რომ მიწყნარდა, ვიღაცამ ზარს ჩამოჰკრა.
_ აბა, სმენა იყოს, ამხანაგებო, სმენა იყოს და გაგონება! _ დაიძახეს ახალთაობის კაცებმა და პასუხად სისინი მოისმა, ყველა ერთიმეორეს აჩუმებდა და მით სიწყნარის ჩამოგდების მაგიერ ხმაურმა კიდევ უფრო იმატა. ყველა მოხერხებულსა და მომაღლო ადგილს ეძებდა და ხმაურთან ერთად ჩოჩქოლმაც იმატა. ზოგი საფლავის ქვაზე დგებოდა, ზოგი ეკლესიის ქვითკირის გალავანზე მიცოცავდა, ზოგიც ცაცხვის ტოტს ეტანებოდა და შუაცეცხლისაკენ კისერდაგრძელებული იცქირებოდა, ცდილობდა, დაენახა, რა მოხდებოდა და გაეგონა, რა ითქმებოდა.
სიწყნარე რომ აღარ ჩამოვარდა, ერთმა პირაკრულთაგანმა ნაბადი მოუთმენლად მოიხადა და იქვე რომ მიაგდო, ცეცხლის ნათელზე წარმოსადეგი, განიერმხარბეჭიანი ვაჟკაცი გამოჩნდა. თოფ-იარაღით ჩახაზირებულს მხრებზე მასრები ჯვარედინად გადაესალტა. წინ იმნაირად წამოვიდა, თითქოს თავი ამძიმებსო. მოდიოდა ნელა და ირგვლივ შემოჯარულ ხალხთა წრეს რომ მოუახლოვდა, საფლავის ქვაზე შედგა, ხშირ წარბებს ქვემოდან კუშტად გადმოგვხედა. ერთის შეხედვითვე ეტყობოდა, რომ ეს თვალები დღის ნათელზე უფრო ღამეს იყო ნაჩვევი.
_ ხალხნო! ამხანაგებო! _ თქვა წყნარად და მხრებზე მასრები შეისწორა. ლოდივით მძიმე თავი ოდნავ დაბლა დახარა და თვალი ირგვლივ მშვიდად მოავლო.
_ ამხანაგებო! _ თქვა ისევ ისე და მერე ხმას ოდნავ აუმაღლა, _ სმენა იყოს და გაგონება.
მაგრამ სიტყვა მაინც არ დაანებეს. ყველა ამ კაცს რომ მისჩერებოდა, ამ დროს ვიღაცამ დაიძახა:
_ ჟინჟღილი მაინც მოანათეთ. არაფერი ჩანს.
_ სინათლე! სინათლე! _ გაისმა აქა-იქ და აი, იქ ივარგეს გულუხეთელებმა. რამდენიმე ჟინჟღილიანმა კაცმა ხალხი დაურიდებლად გაარღვია და იქაურობა დღესავით რომ გადააბდღიალეს, სიწყნარეც ჩამოვარდა.
მე მივხვდი, რომ კრება იწყებოდა. ადათი კი მოითხოვდა, რომ ჯერ ფიცი უნდა მიგვეღო. შიშით, რომ კრება ფიცის მიუღებლად არ დაწყებულიყო, წინ გავიჭერ, თოფიარაღასხმულ ვაჟკაცს გვერდით ამოვუდექი და ყრილობას ხმამაღლა გადავძახე:
_ ხალხნო და ჯამაათნო, საშვილიშვილო საქმეს შევდგომივართ და მამა-პაპის ადათს ფეხს ნუ დავადგამთ. სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, ფიცი დავდოთ! აქვე, სახალხოდ დავიფიცოთ, რომ საქვეყნო საქმეს არ ვუღალატებთ, რომ ერთობის საქმისათვის თავს დავდებთ.
_ დავიფიცოთ! დავიფიცოთ! _ აგრიალდა ხალხი ერთხმად.
_ ხალხნო! _ განვაგრძე ხალხის მხარდაჭერით ქეზგამობმულმა, _ ასეთი ულუსობა არავის ახსოვს და ფიცი დავდოთ!
_ ვფიცავთ! ვფიცავთ! _ იგრიალა ხალხმა, მაგრამ ამ დროს კესარია მონაზვნის სენაკთან მიგდებულმა ღობემ ზედ ასულ ხალხის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ლაწანით ჩაიმსხვრა, ზედახორა შეიქნა.
_ ასე ჰაერში ნათქვამ ფიცს რა ძალა აქვს, _ დავიძახე ისევ, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, _ წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცოთ! _ მაგრამ სიტყვის დასრულება არ დამცალდა.
_ ახლავე ძირს ჩამოდი მაგ ლოდიდან, თორემ კვერნასავით გადმოგაგდებ! _ მომაძახა მურზამ გაცეცხლებით, _ არ იფიქრო, რომ მამობით დაგზოგო! რა ხატი, რის ხატი? გადაბერებულხარ და რას ჩერჩეტობ, შენ თვითონ არ გესმის, შე საწყალო!
ძირს რომ არ ჩამოველ, მაშინ თვითონ ამოიჭრა ზემოთ და ახლა ხალხს იმან მიმართა:
_ მეზობლებო, ძმებო, ამხანაგებო, არ გვინდა ხატი და ხუცესი. გვეყო, რაც გვატყუეს. აი აქ, ამ წითელ დროშასთან დავდოთ ფიცი, რომ სახალხო საქმეს არასგზით არ ვუღალატებთ.
მე თავჩაღუნული ვიდექ, შვილის ლაპარაკს ყურს ვუგდებდი და თან ჩემთვის სინანულით ვფიქრობდი.
_ სწორი ხარ, ბაბა, ცამდის მართალი ხარ, მაგრამ უხატოდ ფიცს მაინც არც ძალა აქვს და არც მადლი.
ალბათ, სხვანიც ჩემსავით ფიქრობდნენ, მურზას სიტყვას ყურიც არ ათხოვეს.
_ ხატზე დავიფიცოთ! ხატს შევფიცოთ! _ აგრიალდა ერთხმად მთელი ეს ხალხი და გამოკეტილ ეკლესიას წალდ-ბურჭულები დაუშინეს. რომ გამოტეხეს, ერთად შეხვავდნენ შიგნით. საყდარში ისე ბნელოდა, რომ თვალთან მიტანილ თითსაც ვერ დაინახავდი. ამ დროს ვიღაცა ანთებული ჟინჟღილით შემოიჭრა შიგნით და ალისფერი ნათელი სისხლივით შეესხა კედლებს, ხატები თითქოს შეტორტმანდნენ.
ჯამუ ესვანჯია მაშინვე საკურთხეველთან მიიჭრა და სანამ ხატს ჩამოასვენებდა, მის ოქროს აბჯარს მოწიწებით ეამბორა, მას სხვანიც წამოეხმარნენ და საზეიმო სტვენით, ყიჟინით, `კირილეისონის~ გალობით გარეთ გამოიტანეს და ეკლესიის ირგვლივ სამჯერ შემოატარეს. მერე ცაცხვის ძირას ყველაზე უწინ ხატთან მე მიველ, ქუდი მოწიწებით მოვიხადე და ხმამაღლა დავიძახე:
_ ვფიცავთ, რომ ჩვენ, აქ შეკრებილი მშრომელი გლეხები, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ყოველი ჩვენგანი თავს სახალხო საქმისათვის უყოყმანოდ დასდებს და მტერს ქედს არ მოვუხრით.
_ ვფიცავთ! ვფიცავთ! _ დაფარა ჩემი სიტყვები ხალხის აღფრთოვანებულმა გუგუნმა.
გუგუნი რომ მიწყნარდა, ხელი ისევ მაღლა ავწიე, რომ ფიცის სიტყვა განმეგრძო, მაგრამ ამ დროს კესარია მონაზვნის კივილი გაისმა.
_ ვინ გაბედა, რომელი თქვენგანი გაკადნიერდა და წმინდა ხატს ხელი შეახო! გაწყდით, გაწყდით! ყველა ერთ დღეს გნახეთ სინსილაგავლებული! ღმერთო, ღმერთო, რატომ ჭირს არ მოავლენ ამ ქვეყანაზე და ამ ყრუალა გლეხებს მუსრს არ გაავლებ?
მეტის ატანა აღარ იქნებოდა.
_ რას დაგიღიათ ხახა და მისჩერებიხართ ამ დედაბერს? _ ავყვირდი მოთმინებიდან გამოსული, _ აქაურობას ახლავე გააშორეთ და კნაპი ნებით თუ არ ჩაიგდო, ძალით ჩააგდებინეთ.
ადგილიდან არავინ დაძრულა, წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. დედაკაცისადმი უდიერად მოპყრობასა და მით ულვაშის შერცხვენას ყველა ერიდებოდა. კესარია თვითონ მიხვდა, რომ აქაურობას დროზე უნდა გასცლოდა. თავისი სენაკისაკენ მიფარფატებდა, თან ქოქოლას გვაყრიდა, ნელში ამოგვიყო წყევლა-კრულვით.
კესარიას ხმა მალე მიწყდა.
_ ამხანაგებო, მეზობლებო! _ დაიძახა მურზამ, _ სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, თავმჯდომარე ავირჩიოთ. ჩვენი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია თავმჯდომარედ თემურყვას ასახელებს.
_ კარგია! _ გაისმა ხალხში მოწონების გუგუნი, _ თემურყვა იყოს. ჩვენი სისხლი და ხორცია.
სართანია თავკაცებისაკენ გაემართა და თავისი ადგილი დაიჭირა.
_ ამრიგად, ამხანაგებო, ყრილობას გახსნილად ვაცხადებ, _ დაიგუგუნა ამ ნაკატორღალმა და თავისუფლებისათვის ნაწამებმა კაცმა.
_ ამხანაგებო, _ განაგრძობდა სართანია, _ ყველამ კარგად იცით შინაარსი იმ მანიფესტისა, ხელმწიფემ რომ გვაჩუქა. გვაჩუქა ის, რაც ძალით გვქონდა წაღებული. ახლა ჩვენებური ანდაზის არ იყოს, _ მადა ჭამაში მოდისო, ჩვენც ასე ვართ: სანამ უნდა ვიყოთ ხელმწიფისა და მისი ძახთაპირი ხელქვეითების ხელში? მოდი, ჩვენს თავს ისევ ჩვენვე ვუპატრონოთ. ვისაც იარაღის ტარება შეუძლია და ჩვენთან ერთად მტერზე არ მოდის, ის ჩვენი მტერია. გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას!
_ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! _ აგრიალდა ეს მილეთის ხალხი.
_ ძირს ნიკოლოზ და მის დამქაშები! _ დაიძახა ისევ სართანიამ.
_ ძიირს! ძიირს! _ აგრიალდა ისევ ხალხი, მაგრამ სართანიამ ხელი მაღლა ასწია და გვანიშნა: ახლა გაჩუმდითო და ჩვენც გავჩუმდით.
_ ამხანაგებო, სიტყვა სადღეისო საკითხებზე ამხანაგ გედენია ესვანჯიას ეკუთვნის.
გედენიას სახელის ხსენება და ხალხის აგუგუნება ერთი იყო.
_ გედენიას გაუმარჯოს! ჩვენს გედენიას გაუმარჯოს!
მის გამოჩენაზე დიდი და პატარა სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. რვა წელიწადი გასულიყო მას აქეთ, რაც ის დევნილი იყო და ბინა ტყეში ჰქონდა დადებული. ვინ იცის, რამდენი უბედურება დაატყდა მის გამო სოფელს, რამდენი ეგზეკუცია, რომ ის გაგვეცა, მაგრამ ჩვენს სისხლსა და ხორცს და ჩვენზედვე მოამაგეს ჯალათების ხელში ჩასაგდებად როგორ გავიმეტებდით? ახლა საქვეყნოდ გამოსული რომ დავინახეთ, სიხარულით ცას ვეწიეთ.
ჟინჟღილებით განათებული მისი ფართო მხარ-ბეჭი გადაჯვარედინებული მასრების გამო კიდევ უფრო ფართოდ მოჩანდა. მის მქრქალსა და ფაქიზ სახეს ფირალის სახელწოდება როგორღაც არ ეხამებოდა. ერთხანს გარინდებული იდგა. კარგად არ ჩანდა, მაგრამ მაინც ემჩნეოდა, რომ სახე მღელვარებისაგან გაფითრებოდა, მის ფირალობაში გაქვავებული გული გალხვა ამ სიხარულით. ბოლოს, როგორც იქნა, თავი ხელში დაიჭირა და ხალხი რომ გაყუჩდა, დინჯად დაიწყო:
_ ამხანაგებო, მოგილოცავთ სანატრელი დღის გათენებას! გვეყო, რაც სახლ-კარს გვიწიოკებდნენ ათასნაირი ჯურის გარეწრები. ახლა ჩვენი დროც დადგა და ფხიზლად უნდა ვიყოთ. უსისხლოდ გამარჯვება ვის მოუპოვებია, რომ ჩვენ მოვიპოვოთ. სანამ გველს თავს არ გაუსრეს, კბენას არ მოიშლის. მტერიც ასეა. ჩვენი მტერი, თქვენც იცით, რომ ძლიერია, მაგრამ ახლა თავს იკატუნებს და დროს ნუ დავკარგავთ. ავდგეთ, შევიარაღდეთ, თორემ სანამ ხელმწიფე ჯერ ისევ ტახტზე ზის და მისი დამქაშები არსებობენ, წყნარი ძილის ნება არა გვაქვს. მართალია, მტერს კბილები დაერყა, მაგრამ ეს კბილები ჯერ ისევ მაგრად სხედან და ჩვენი ტყავის ხევა მაინც შეუძლია. ხელმწიფეს სალდათს ნუ მივცემთ, გადასახადს ნუ გადავიხდით, მემამულეებს მიწა ჩამოვართვათ, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ათისთავები, ასისთავები, ხეისთავები ავირჩიოთ და ყველა საქმე სათემოდ გავარჩიოთ. რაც თემმა და ყრილობამ გადაწყვიტოს, ის კანონად მივიჩნიოთ, ის ნაჩუქარი ქაღალდი კი ხელმწიფეს თავზე გადავახიოთ და ტახტიდან ძირს ჩამოვათრიოთ. ამას, ამხანაგებო, რესპუბლიკა ჰქვია და გაუმარჯოს ჩვენს რესპუბლიკას, გაუმარჯოს იმნაირ წყობილებას, სადაც მშრომელი თავისი ნაშრომის პატრონი იქნება და მუქთახორობას ბოლო მოეღება!
_ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! _ ავიტაცეთ ჩვენც მისგან გადმოსროლილი მოწოდება.
_ გაუმარჯოს ჩვენს ერთობას! _ დაიძახა ვიღაცამ და ჩვენც ისევ ავგუგუნდით:
_ გაუმარჯოს! გაუმარჯოს!
გედენიას შემდეგ რამდენიმე ახალთაობის კაცმა კიდევ ილაპარაკა. ბოლოს გლეხებიც შეთამამდნენ და როცა თავმჯდომარემ გამოაცხადა, სიტყვა ხომ არავის უნდაო, კაჟნა დანელიამ მაშინვე ხელი ასწია, მაგრამ სართანიამ სიბნელეში რომ ვერ დაინახა, კაჟნამ ხელს სიტყვა დააწია:
_ თემურყვა, თუ შეიძლებოდეს ერთი-ორი ღერი სიტყვის თქმის ნება მეც მომეცი.
თავმჯდომარემ სიტყვა აღარ დაუკავა და კაჟნა საფლავის ქვაზე სიტყვის სათქმელად რომ აიმართა, ყველა გაყუჩდა.
მის ისედაც დაღარულსა და მზემოკიდებულ სახეს ჟინჟღილის ალი წითლად ანათებდა და კაცს კი არა, მუგუზალს ჰგავდა, კაცის მსგავსად განაკვერცხლებულს. მაღლა აქანებული ჩხია თვალებით შემაშფოთებლად გამოიცქირებოდა და გეგონებოდა, მუგუზალი ჯერ სულ არ დანაკვერცხებულა, ეს-ეს არის ისევ ალად ავარდებაო. იქვე, მის მახლობლად, ჯოგო იდგა და ბიძას მაღმერთებელი თვალებით შესცქეროდა.
_ ჯიმალეფი! ამხანაკები! ძაღლის კუდივით ენის ქნევა რა ვაჟკაცის საქმეა? ლაპარაკი გულს აოხებს, რისხვას ანალებს. იახადო, მოდი, დედაკაცებმა ილაპარაკონ და ჩვენ ხელი გამოვიღოთ. ხომ არაა ნიკოლოზა? _ იკითხა მან და პასუხი თავის თავს თვითონვე გასცა, _ არაა, ისემც კაი დაგემართოს. მერე რა ვქნათ ახლა? რაც არაა, იმაზე ლაპარაკიც არ ღირს. სამაგიეროდ მისი დამქაშები ბლომად არიან, ძაან ბლომად, მათი რჯული და მასაფიც არ იქნა. იახადო, ამას რა ენის ქნევა უნდა? ამას ხმლის მოქნევა უნდა, მარა საშიში არც ისინი არიან. საშიშნი ჩვენ თვითონ ვართ... აა, ამ სერესკელ ხალხს ხომ ხედავთ? ჰოდა, რავა დავიჯერო, რომ ეს ამოდენა ხალხი თავიდან ბოლომდის ერთ ჭკუაზეა? დასამალი რა გვაქვს, _ ჭირს არ მალავენ. პირდაპირ ვთქვათ, რომ ბევრი თქვენგანი, ამხანაგებო, დაეჭვებულია, ბევრს არ სჯერა და ბევრსაც ეშინია. ჰოდა იმ კაცს, ვისაც ეშინია და არ სჯერა, ცალი თვალი მუდამ შინ გასაქცევად უჭირავს. ყველაზე იოლად ეჭვიანი კაცი იჯერებს საქმის წახდენის ამბავს. თვითონ რომ წახდება, სხვასაც წაახდენს და ამისი თავი ჩვენ ახლა არა გვაქვს. ჩვენ დიდი ბრძოლები მოგველის, დიდი სისხლის ღვრა და ის, ვისაც გამარჯვების არ სჯერა, ჩამოგვეცალოს, შინ დაჯდეს, დედაკაცებთან ერთად მატყლი ჩეჩოს, ჩვენ იმისთვის არ გვცალია. ეჭვი კაცს ანახევრებს, ღალატამდისაც მიჰყავს და ამ ეჭვს ახლავე უნდა ვეომოთ, ეჭვიანები აქედანვე უნდა ჩამოვიშოროთ. ახლა ბევრი ლაპარაკი არავის არ სჭირდება. ახლა პირველი გამარჯვება გვჭირდება, მაშინ ეჭვიც გაიფანტება და გულიც გაკაჟდება. ომი ღვინოსავითაა, კაცი ბრძოლაში ხურდება, ჟინზე მოდის და მტრისთვის საშინელი მხოლოდ მაშინ არის. ამიტომ, მოდი, საქმეს აქვე შევუდგეთ, ერთი დებულება გამოვიტანოთ და ვინც ამ დებულებას გადაუხვევს, ბოიკოტი გამოვუცხადოთ, დავსაჯოთ, გავაპარტახოთ, რომ სხვამაც არ წამზიროს. თუ ომია, ომი იყოს და თუ საქაქანოდ მოგვიყრია თავი, გვითხარით და შინ წავალთ. ქაქანის დრო ჩვენ ახლა არ გვაქვს. ოჯახი მიგვიტოვებია და საიდანაც მოვსულვართ, ისევ იქ წავალთ. ავდგეთ, მეზობლებო, იარაღს ხელი მოვკიდოთ და მტერს და დუშმანს ომი გამოვუცხადოთ. მაშინ მოკვდეს თქვენი კაჟნა დანელია, თუ ჩემი შტუცის თოფი შიგ გულში არ გამოვუმიზნო. მე ასე მიანგარიშია და თქვენი არ ვიცი _ მათრახის ქვეშ ფაცხაში სიკვდილს ომში თოფით ხელში ვაჟკაცური სიკვდილი მირჩევნია. ხომ ასეა, ამხანაგებო? _ შეგვეკითხა და ნიშნად თანხმობისა დუმილი რომ მიიღო, თავმჯდომარეს მიუბრუნდა: _ მე გავათავე, ამხანაგო თავმჯდომარე!
და საფლავის ქვიდან ძირს რომ ჩამოვიდა, ხალხი კმაყოფილებით მხოლოდ მაშინ ამოძრავდა.
_ რაც მართალია, მართალია! _ წამოიძახა კმაყოფილებით წინა რიგში მდგომმა ტოჩი ძველაიამ და ხალხისკენ მოტრიალდა, ხალხს ისე გადახედა, თითქოს თავისი აღტაცების დასტურს მისგან მოელისო.
_ ნამდვილი ჭეშმარიტებაა! ნამდვილი სიმართლე! _ ემოწმებოდნენ ტოჩის აქეთ-იქიდან, მაგრამ ამ დროს საფლავის ქვაზე გაიძვერა ხედა რომ დავინახე, გული მომივიდა.
_ რაშია საქმე, ამხანაგებო? _ ავყვირდი გაცეცხლებული, _ ერთობა კია, მაგრამ ვინ თქვა, რომ მგელი და ცხვარი გავაერთიანოთო?
საფლავის ქვაზე მაშინვე ავიჭერ, თავმჯდომარეს ყურადღება არ მივაქციე და შელიას სიტყვა პირიდან გამოვგლიჯე, ხალხს გადავძახე:
_ ამხანაგებო! მეზობლებო! ერთი-ორი ღერი სიტყვა მეც მათქმევინეთ.
_ თქვი! თქვი! _ აზავთდა ყრილობა, _ არ გვინდა ხედა შელია, არ გვინდა!
შელიას სახე ბრაზით გაუფითრდა. მე გულმა არ მომითმინა და მივაძახე:
_ რას იზამ, ჩემო ხედა, აქ ის ბუდე როდია, შიგ რომ ტკბილად გაკაკანონ და გველის კვერცხები გადებინონ.
_ ფუი! _ გადააფურთხა ხედამ მოუთმენლად და სახესთან ერთად ბრაზით ახლა ტუჩებიც გაუფითრდა.
_ ფუი შენ და შერცხვენა! _ შევუტიე მეც შელიას.
_ ა, ბატონო, ვნახოთ ერთი რაცხა ხოტივარს იტყვი.
_ დიჰ! _ ამომხდა გაოცებით, _ აბა რა გინდა, შე კაცო? აქ თუ შენისთანები ვაქარჩალეთ, მაშინ ჩვენ რიღასი მაქნისი ვართ? გეყო, ხედა, გეყო, რაც იპარპაშე. ხო გაგიგონია, ჭიანჭველას რომ ღმერთი გაუწყრება, ფრთა მაშინ ამოუვაო. ისიც გაგეგონება, რომ ჭიანჭველა დიდი მშრომელია. ჰოდა, ჩვენც ასე ვართ ახლა. ღმერთი რომ გაგვიწყრა, ფრთა მაშინ ამოგვივიდა. გვინდა, ერთ რჯულზე გავფრინდეთ და თუ ღმერთი გწამს, ხედა, ფეხებში ნუ გვედები. შენთან საერთო ჩვენ არა გვაქვს რა და ჩამოგვცილდი. შენ დიდკაცი ხარ, ჩვენ ტოკვერენი და რა უნდა გვქონდეს შენთან საერთო? ხომ ასეა, მეზობლებო? _ შევეკითხე ყრილობას და პასუხიც მაშინვე მივიღე:
_ მართალია, ბათა, მართალი!
ხალხის დასტურით რომ წელი მოვიმაგრე, თამამად დავიწყე:
_ ამდენი ქარჩალით, მეზობლებო, ამანი აღარა გვაქვს, გნასი გამოგველია. მოდი, ერთად ლაღად ამოვისუნთქოთ, თავი მაღლა ავიღოთ და თუ ღმერთს არა, ცას მაინც შევხედოთ, ჰა? ამაღამ თუ ასე ვიქარჩალეთ და ისე დავიშალეთ, ვერაფერს ვერ გავარიგებთ. სანამ გული რისხვით სავსეა, მტერსა და დუშმანს შევუტიოთ. ამაღამვე, ახლავე ვესტუმროთ იმ ჩვენს სისხლის მწოველებს და სახლ-კარი ტრამად მოვუქციოთ, ცოლ-შვილი დავუწიოკოთ და შენ კი, ხედა, გზა გვიტიე, ფეხებში ნუ გვებორკები. ყვეი, როცა გვჭამთ, კაია, ხომ, ბაბა? ახლა ჩვენ რომ გაგიპირეთ შეჭმა, არ ვარგა, არა? აა-პა-პა, ახლა ჩვენ აღარ შეგვიძლია! არ შეგვიძლია, თუ არ შეგჭამეთ. ოჯო, ერთხელ ჩვენც გვინდა გავიგოთ, რას ჰქვია ძღომა! ხომ ასეა, მეზობლებო?
_ ასეა! ასეა! _ დამიდასტურა კრებამ სიტყვა.
ხედა შელია მაინც არ ცხრება, უნდა, რომ სიტყვა პირში როგორმე გამომართვას, მაგრამ მე ხმის ამოღების საშუალებას არასგზით არ ვაძლევ. ვიცი, რაც უდევს გუნებაში. მოშაქრულ ენას იმნაირად მოიქნევს, რომ ამ ერთ ჭკუაზე დამდგარ ხალხს აურევს, წყალს აამღვრევს და მერე მოდგება და ამ მღვრიე წყალში თევზის ჭერას დაიწყებს. იმასაც ვხედავ, წინა რიგში თავისი ამფსონები რომ ჩაუყენებია და მალულად რაღაცას ანიშნებს, უნდათ სიტყვა წამართვან, მაგრამ მე ადგილიდან ფეხს მაინც არ ვიცვლი. ვცდილობ, მათ წინააღმდეგ ისედაც ამხედრებული ხალხი კიდევ უფრო ავამხედრო, მაგრამ მაინც მაჯობეს. ხალხი წუთით რომ გაყუჩდა, ხედამ დრო იხელთა და თავმჯდომარეს თავმოსაწყლებულად მიმართა:
_ ერთი მეც მათქმევინეთ!
მაგრამ თავმჯდომარემ ყურადღება რომ არ მიაქცია, მოთმინებიდან გამოვიდა და გაანჩხლებით მომაძახა:
_ რაა, შე კაცო, მთლად ენად რომ გადაიქეცი? ცოტა სხვასაც ათქმევინე.
მისმა ასეთმა ჭირვეულობამ მეც მოთმინებიდან გამომიყვანა:
_ რა უნდა გათქმევინოთ, ხედა? ან რა გაქვს სათქმელი, როცა აქამდე შენც იმ ჩვენი სულთამხუთავების მხარე გეჭირა? შენისთანების საკითხავად რომ იყო ჩვენი საქმე, აკი იმიტომაც ავშენდით და ფეხზე ბალიკარტი გამოგვება. გაჩუმდი, ხედა, თუ წერას არ აუტანიხარ, ენა მუცელში ჩაიგდე.
_ თოჰ! _ შეცბა შელია, _ რავა თუ გაჩუმდიო! მე კი არა, შენ გაჩუმდი, რას ბჟუტურობ, შენ თვითონ რომ არ გესმის. ხედავ? გაჩუმდიო? რავა, მე გლეხი არა ვარ, თუ როგორაა თქვენი საქმე?
_ ვიცით, ჩემო ხედა, კარგად ვიცით, რაც გლეხი ხარ! გეყო, რაც ბატონის მოურავობაში ტყავი გვაძვრე. ოჯო, ჭკუა მაინც როგორ არა გაქვს! ხომ ხედავ, რომ ეს ამოდენა ხალხი ფეხზე დამდგარა და შენ თუ მართლა სულელი არა ხარ, პირში შენით რაზე გვივარდები? წადი, ხედა, იმათთან მიდი, ვინც აქ გამოგგზავნა და ურჩიე, რომ აქ თავისი ფეხით მოვიდნენ. ურჩიე, სანამ ჩვენ თვითონ არ მივსულვართ, მანამ მოვიდნენ და თავის ნამოქმედარზე პასუხი აგონ. ჩვენ არც ისე ბრიყვები ვართ, შენ რომ გგონია. არც ისე მიამიტნი ვართ, რომ ცხვრის ტყავში გამოხვეული ჩვენი ტყავის მგლეჯელი მგელი ვერ ვიცნოთ.
მერე ხალხს მოვუბრუნდი და ახლა იმათ მივმართე:
_ თქვენ რაღას უყურებთ, მეზობლებო? ხომ ხედავთ, რომ ამ კაცის გამომგზავნნი აქეთ არ მოდიან? რა ვქნათ, მოდი, ერთხელ კიდევ მოვითავმდაბლოთ თავი და რახან ისინი არ მოდიან, ისევ ჩვენ ვეახლოთ, დავაქციოთ ის ჩვენი დამაქცევარნი, თავზე გადავაწვათ ის ჩვენი ხელით ნაშენები დოხორეები, ქარსა და ბორიას გავატანოთ მათი დოვლათი, შევსვათ მათი ღვინოები, შევჭამოთ მათი ქონება და როცა შევატყობთ, რომ მათი ღვინოები და ცეცხლწაკიდებული სასახლები, როგორც საჭიროა, ისე ვეღარ გვათბობენ, შორს ნუ კი წავალთ, იქვე, ყურის ძირში, ეს ჩვენი ხედა შელია სახლობს და იმას ვესტუმროთ. რაც მართალია, მართალია, ამ ჩვენს ხედას ჩვენისთანა სტუმრები არაფრად ეპრიანება. ისიც სწორია, რომ არც ჩვენ გვეპრიანება გვარსა და ჯილაგზე გადამდგარი მასპინძელი, მაგრამ რას იზამ, _ როცა უკეთესი მასპინძელი არა გვყავს, ამას უნდა დავჯერდეთ! აბა, ჯიმალეფი, უტა რიონს გაღმა!
ამ სიტყვებით საფლავის ქვიდან ძირს ჩამოვხტი და ასხრიალებულ ხალხს წინ ხელაწეული გავუძეხი.
_ მივშვათ! მივშვათ მალას! _ აგრიალდა ხალხი, მაგრამ ამ დროს საფლავის ქვაზე ჩემი მურზაც გამოჩნდა და მაღლიდან გადმომძახა:
_ სად მიგყავს ეგ ხალხი, ბაბა?
მე შვილს ყურადღება არ მივაქციე და გზა განვაგრძე, მაგრამ ახლა მურზას გვერდით მეორე აიტუზა და ისე გადმოგვძახა, თითქოს ქვეყანა იქცეოდა:
_ რეზოლუცია, ამხანაგებო! რეზოლუცია რომ არ მიგვიღია!
არაფერი არ მესმოდა, რა უნდოდა ამ კაცს. ვიდექ და აქეთ-იქით გაოცებული ვიცქირებოდი.
_ რა უნდა, ბათა, ამ კაცს? _ შემეკითხა გაკვირვებით კაჟნა დანელია და მხარზე ხელი მეგობრულად ჩამომაყრდნო.
_ რა ვიცი, ჩემო კაჟნა, გამოსულელებულა ვიღაცაა და რევოლუციას რეზოლუციას ეძახის.
მაგრამ როცა აგვიხსნეს, რომ რეზოლუცია კრებაზე დაწერილ ქაღალდს ეწოდება, ყრილობამ რომ უნდა დაამტკიცოს, გამეცინა, _ რა დროს ქაღალდი იყო ახლა, როცა ხალხი ფეხზე დამდგარიყო, ძველი წყობილების ძირფესვიანად ამობრუნებას აპირებდა.
_ რავა, სასამართლოში ხო არა ვართ, რომ ქაღალდი ვღაბნოთ! დაჯდეს და წეროს, რამდენიც უნდა. ქენდურ მაგის საქმეს! _ წამოვიძახე და ხალხს მივუბრუნდი.
_ აბა, მივშვათ, წავიდეთ!
_ მივშვათ! მივშვათ მალას! _ აგრიალდა ხალხი.
5
ბუკი ისევ ხროტინებდა. ზარები წკავწკავებდნენ.
ძელი გუგუნებდა და ამ ღრიანცელში, ორომტრიალში, ცა ძირს ჩამოდიოდა, მაგრამ, სანამ ძირს ჩამოვიდოდა, ჯერ მტრედისფრად ინათა, მერე ჩვენივე დროშისფრად გაწითლდა.
კერანდუხუ ზვანბაიამ თავისი მახაჯირობის დროინდელ შტუცერს რომ ფალია უფეთქა, ერთი ისეთი დაიგრიალა, რომ კინაღამ ყველა დაგვაყრუა.
_ ხედავთ, რა ხმა აქვს! _ წამოიძახა კერამ თავმომწონედ და თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.
მე გამეცინა.
_ ხმა ძაან აქვს, მაგრამ რად გინდა, თუ მოყვარეს დააყრუებს და მტერს ვერას დააკლებს, _ ვთქვი, მაგრამ მას ჩემი სიტყვები არ გაუგონია. ირგვლივ ისეთი ხმაური იდგა, რომ ჩემი სიტყვები მევე ძლივს გავიგონე. ყველა ისროდა და ამ შედლუღში ყველაფერი ერთიმეორეში აირ-დაირია. მაჭახელები, ხირიმულები, შაშხანები, ფილთები, ჯაზიერები, სტამბოლი და ტამბაჩები ერთიმეორეს გუგუნში ეჯიბრებოდნენ. ვისაც იარაღი არ გააჩნდა, ქუდებს მაღლა ისროდნენ და ძირს ჩარჩმით დაცხავებულნი რომ ცვიოდა, სიხარულისგან გაბალღებულნი სიცილით იხოცებოდნენ.
_ ძირს ნიკოლოზ და მისი ტახტი!
_ ძიირს! ძიირს! _ გრიალებდა ხალხი.
_ გაუმარჯოს ერთობას!
_ გაუმარჯოს! გაუმარჯოს!
და ისევ სროლა, ისევ ყიჟინა. აგერ სადღაც ახალთაობის სიმღერაც წამოუკიკინეს და მათ მთელი ამ მილეთის ხალხმა ბანი დააწია.
ჩვენ როდი ვჩქარობდით. იქვე, ეკლესიის გვერდით რომ სოფლის კანცელარია იდგა, ის მოვარბიეთ. მთელი ბარგი-ბარხანა: სკამები, მაგიდები, კარადები თავისი `საქმეებით~ _ გარეთ გამოვიტანეთ და ეზოში დავახვავეთ.
_ არიქა, ცეცხლი წავუკიდოთ! _ ავყვირდი გარეთ გამოტანილი ქაღლადების დანახვაზე, _ აქამდი ხომ ჩვენ გვიჩენდა გაგანიას ეს დასაწვავი პროტოკოლები, მოდი, ახლა ჩვენ გავუჩინოთ.
სანამ მე კვეს-აბედს მოვიძებნიდი, ვიღაცამ მომასწრო და ცეცხლშენთებული ქაღალდებიც აპარპალდნენ.
_ მამასახლისი სადაა? სადაა მამასახლისი? _ გაჰყვიროდა კაჟნა დანელია და თან ცეცხლმოკიდებულ ქაღალდებში წალდის ტარს ათუთურებდა, რომ ალი კიდევ უფრო მაღლა ავარდნილიყო.
_ რას ეძებ, კაჟნა, მაგ ქაღალდებში რა დაგკარგვია?
_ რა ვიცი, დასწყევლა ამის დამწერი ჩემმა გამჩენმა, _ მიპასუხა მან ღიმილით, _ ამდენი ხანია, შიგ ვიქექები და, ასე გასინჯე, ერთი ფურცელი ვერ ვიპოვე ისეთი, რომ თუთუნის გასახვევად გამომადგეს. არც ნაკვერცხალი სცოდნია ნავარს, ყალიონს მაინც დავადებდი.
ჰაერში დგას დამწვარი ქაღალდისა და ლუქის ჩვენთვის უჩვეულო სუნი და ცხვირს გვაცემინებს. თან ვილანძღებით, თან ვხუმრობთ და ყურადღებას არ ვაქცევთ, როგორ ბუჯურობენ გლეხები კანცელარიაში, გარეთ გამოაქვთ ყველაფერი, რასაც ცეცხლი მოეკიდება და დაიწვება. ამდენ ძებნაში ბოლოს მიაგნეს, რასაც ეძებდნენ. კარადაში დამალული მამასახლისი გარეთ გამოათრიეს. მალე ჩაფრებიც იპოვეს და ყველას ერთად ხელები ზურგს უკან გაუკრეს. ხის ძირას ხვადაგებივით რომ მიჰყარეს, მივედი და ყოველ მათგანს სათითაოდ მივმართე:
_ რას იზამთ, ჩემო ძვირფასებო! ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო? ერთ დროს ეს ღმერთი თქვენ იყავით და ჩვენ რომ ვგმინავდით, თქვენ, ჩვენი ღმერთები, იცინოდით. ახლა დრო გადაბრუნდა და თქვენ რომ ბჭობაში ხართ, ჩვენ ვიცინით. რაც შეეხება იმას, რომ ზოგი თქვენგანი ხელში შემოგვეჭყლიტება, რა უჭირს, ქვეყანას დიდად არ დააკლდებით.
მაგრამ სიტყვის დასრულება არ დამცალდა. ვიღაცას კანცელარიის სახლის ქვეშ ცეცხლმოკიდებული ჩალის კონა შეეგდო და გონს მოსვლა ვერ მოვასწარით, რომ ხანძარიც ავარდა. ალი წუთით სახურავზე გაწვა, თითქოს ენით მოსინჯა და მერე ფაფარი აიყარა. ტკაცუნით, გუგუნით აბდღიალდა, შემოდგომის საალიონო ნისლიან ბინდს წითლად ანათებდა, ცოტა არ იყოს, შეგვცივდა კიდეც და ცეცხლს ტკბილად რომ მივეფიცხეთ, აბირბილებული სახურავიდან კესარია მონაზონის კივილი ცივად მოგვესმა.
მისი კივილის გაგონებაზე მთელი ეს მილეთის ხალხი ფეხზე დავდექით.
_ არიქა, უშველეთ მაგ ცეცხლმოკიდებულს! _ ავყვირდი ზარდაცემული და გზაკვალარეული ხან იქით გავრბოდი, ხან აქეთ გამოვრბოდი. თვითონაც არ მესმოდა, რას ჩავდიოდი და თან ისევ ისე თავზარდაცემული გავყვიროდი, _ მიხედეთ მაგ ჩემი ცოდვით სავსეს! ძაღლია, მაგრამ მაინც ცოდვაა!
მე სხვებიც ამყვნენ. თავგზა იმათაც არეოდათ და აქეთ-იქით უსაგნოდ დარბოდნენ. ყველა რაღაცას ეძებდა და რომ გეკითხათ, რას ეძებდნენ, პასუხს ვერ გაგცემდნენ. ალბათ, კიბეს თუ ეძებდნენ, ბაწარს ან სხვა რამეს ისეთს, რითაც ცეცხლში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა მოსახერხებელი იქნებოდა.
მალე საიდანღაც კიბეც გააჩინეს. უკანა კედელს ცეცხლი ნაკლებ ეძალებოდა და იქ მიადგეს. რამდენიმე მარჯვე ბიჭმა თავი გადასდო, თავ-პირი სველი ყაბალახებით აიკრეს, ახალოხებიც ხელდახელ აიკარწახეს და ზედ შეცვივდნენ.
კაჟნა დანელიამ მათ შორის სიდუს ერთადერთი ბიჭი რომ დაინახა, აყვირდა:
_ შენ სადღა მიხვალ, ბიჭო? სად მიხვალ-მეთქი? ახლავე ძირს ჩამოდი! ძირს ჩამოდი!
კაჟნას ხმა მეც დავაწიე:
_ ჩამოდი, ჯოგოლია, ძირს ჩამოდი!
მაგრამ ყმაწვილი ყურს არ გვიგდებდა თუ ხალხის ჟრიამულში ჩვენი ხმა არ ესმოდა, არ ვიცი, _ სახურავზე მაინც ავიდა.
_ ა, უყურე ახლა ამ ჯინაგარს! _ წამოიძახა უსასოოდ კაჟნამ და სიმწრით ტაში ტაშს შემოჰკრა, _ პირზე დედის რძე არ შეშრობია და ხედავ, რა ყოფაშია?
_ რას იზამ, ჩემო კაჟნა, _ ვანუგეშე ბიძამისი, _ კვიცმა თუ არ იკუნტრუშა, მისგან ბედაური არ გამოვა.
კაჟნას ჩემთვის არ სცალოდა. თვალებით სახურავს მისჩერებოდა და კი არ ამბობდა, მოთქვამდა თავისთვის:
_ დედაშენს რა პასუხი გავცე, ბიჭო? დედაშენს რა ეშველება მერე, შენ რომ რამე დაგემართოს?
და მერე ისევ მე მომიბრუნდა:
_ არაფრით შინ დარჩენა არ ისურვა. საშველი რომ აღარ იქნა, საწყალმა დედამისმა სასოებით ჩამაბარა, შენ უპატრონეო და ხედავ, რას სჩადის?
მინდოდა, კაჟნასთვის რამე მეთქვა, ისეთი, როგორიც ასეთ დროს შეეფერება, მაგრამ არა მითქვამს რა. ჩემი ყურადღება სახურავზე ასულებმა მიიქციეს. ისინი კესარიას უახლოვდებოდნენ, მაგრამ ის წყეული ხელებს უარის ნიშნად ასავსავებდა:
_ არ მომეკაროთ, თქვე უწმინდურებო, არ მომეკაროთ! _ მაგრამ ისინი მის წივილს ყურადღებას არ აქცევდნენ, მაინც უახლოვდებოდნენ. აი, ხელის მოკიდებაც გაუპირეს, მაგრამ იმ წყეულმა ის თავისი ჩხია თვალები რისხვით გადააბრიალა და ზარდაცემული უკან მიაწყდა, ფეხქვეშ დამპალი ყავარი ჩაუტყდა, მაგრამ შიგ ჩავარდნილი ფეხის დროზე ამოღება მოასწრო და ბუხრის საკომს ზედ აეტმასნა.
_ ახლოს არ გამეკაროთ! ახლოს არ გამეკაროთ, თქვე წყეულებო! _ გაჰკიოდა იგი და შეშლილის თვალებს კიდევ უფრო ზარდამცემად აბრიალებდა, ხელებს განწირულად ასავსავებდა. ბიჭებმა მის კივილს ყურადღება რომ არ მიაქცეს და ძირს ჩამოსაყვანად ხელი შეახეს, სულ გადაირია:
_ გამიშვით! გამიშვით! _ ძალიანდებოდა, მის გადასარჩენად ცეცხლში ამოსულ ბიჭებს არ ნებდებოდა, _ ხელი არ მახლოთ, ხელი არ მომაკაროთ, თქვე ბინძურებო! თუ დაგავიწყდათ ვინა ვარ, თქვე კუბაკებო? თქვენს ხელში ყოფნას, ცეცხლში ცოცხლად რომ დავიწვა, ის მირჩევნია. თქვენს ყურებას სიკვდილის ყურება მირჩევნია... ვაავა, ჩემი შავი დღის მოსწრებას! ვაავა, ჩემი თვალის დავსებას! _ მოთქვამდა, გვწყევლიდა და თან ცეცხლის ჩინჩხლებთან ერთად მისი ქოქოლა თავზე ღვთის რისხვად გვაცვიოდა.
ჩვენი ნაბატონარის, ბაქარ მანდარიას ამ ერთადერთ დას ჩვენს დანახვას მინდვრის შავი გველის დანახვა ერჩია და ჩვენს ხელქვეით სიცოცხლეს მას მართლაც სიკვდილი უჯობდა.
მასთან ძიძგილში ხის ოდას ცეცხლი ისე შემოენთო, რომ ყველა ერთად ავყვირდით:
_ თავი გაანებეთ მაგ ბალენძუხა დედაკაცს!
_ მალე ჩამოდით! ჩამოდით, თორემ საცაა სახლი ჩაიქცევა!
სახლს ცეცხლი ისე მიეძალა, რომ მართლაც საცაა ჩაიქცეოდა, მაგრამ ზედ ასულნი ვერ ამჩნევდნენ და ჩვენს ყვირილს ყურადღებას არ აქცევდნენ.
ცეცხლი თანდათან მძვინვარდებოდა და ირგვლივ თითქმის მთელ სახლს შემოენთო, მალე ძირს ჩამოსასვლელ გზებსაც გადაკეტავდა და ისინი თუ არ აჩქარდებოდნენ, იმ დედაკაცთან ერთად დაიღუპებოდნენ. ყველა ყვიროდა, ხელის ქნევით, სტვენით ანიშნებდნენ, რომ ძირს მალე ჩამოსულიყვნენ. ვიღაცამ თოფიც ისროლა და ბოლოს, როგორც იქნა, დაგვიჯერეს. კიბეს ჩამოსასვლელად რომ მიუახლოვდნენ, მხოლოდ მაშინ დაინახეს, რა ხიფათში იყვნენ ჩაცვივნული. აჩქარება მხოლოდ მაშინ იკადრეს.
ჯოგოლია მორიდებულად იდგა და როგორც ყველაზე უმცროსი, წინ სხვებს უშვებდა. ამის დანახვაზე კაჟნა დანელია სულ გადაირია.
_ სხვებს რას უყურებ? ჩამოდი, მალე ჩამოდი! _ ყვიროდა იგი, მაგრამ ჯოგოლია ისევ ისე მორიდებულად იდგა და თავაზიანად იღიმებოდა. ბოლოს მისმა ჯერმაც მოატანა და ყველაზე უკანასკნელად ის ჩამოვიდა. ცეცხლი თითქოს მათ ჩასვლას უცდიდა. ერთი საზარლად დაიშხუვლა, მერე აგუგუნდა და სახურავზე ტკაცუნით, სისინით გაწვა, ხმელი ყავარი ხარბად ალოკა და ისევ უკან მოაწყდა. მერე რაღაც უცხო ნადირივით ფაფარაყრილი აიმართა, აზვირთდა, გადმომხობილ ტალღასავით ტლაშუნით დაეჯახა და მთელი ოდა ჩაიხვია. კესარია აღარ ჩანდა. აღარ გვესმოდა, ეს კესარია იყო თუ ცეცხლი, რომ დაიწივლა.
მაგრამ დილაბნელის ერთბაშად მობერილმა ნიავმა ალს ნადავლი არ დაანება, იქით მიაგდო, ერთხანს კიდევ მოჩანდა სამოსშემოძარცულ-შერუჯული დედაკაცი და არ გვესმოდა, ფეხზე როგორ იდგა. შიშველი, ნაკაფი ჯირკივით ტანალაჯული ჩაიკეცა, ფეხები თავისთავად მოეყარა, მაგრამ ხელები მაინც მაღლა აპყრობით დარჩენოდა, ვერ ხრიდა. თვალდავსებული, ტანდაკრუნჩხული ძაღლივით გმინავდა:
_ მუქიმინა, ნანა სქუა! ნაანა! ნაანა!
ჰაერში დამწვარი ხორცისა და თმის სუნი ავარდა. დაშაშრულ ხორცს პირი ამობრუნებული ლაშებივით დაეღო. წუთიც და, გამოქანებულმა ალმა სული ისევ შესტაცა, რაღაცა საოცნებო ხესავით ტოტგაშლილი ცეცხლი ისე წამოიქცა და დედაკაცს ისევ თავს დაახვავდა. სახურავმა თითქოს მის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, გრიალით, ჭრაჭუნით ჩაიზნიქა და ერთბაშად ჩაილეწა.
ამ საზარელმა ამბავმა ყველა მოშალა. დანა პირს არავის უღებდა. მე მაშინვე გავისაზრე, რომ თუ მათ ვინმე არ შემოუტევდა და ამ მდგომარეობიდან მალე არ გამოიყვანდა, შესაძლო იყო, ბრძოლის ის ჟინი მალე განელებოდათ და მით დღევანდელი ყრილობაც აზრს დაკარგავდა. მართალია, კარგ გუნებაზე არც მე ვიყავ დამდგარი, მაგრამ ღონე მოვიკრიბე და ხალხს დავჭყივლე:
_ ჰაიტ, თქვე გლახებო, სახე რას ჩამოგტირით? წელში გაიმართეთ, შუბლი გახსენით! მერე რა ვუყოთ! უმსხვერპლოდ სამართალი ვის უპოვია?
ხალხი თანდათან ამოძრავდა. იქ ვიღაცამ სიმღერა განზრახ წამოიწყო, აქ ვიღაცამ ნაძალადევად გაიცინა და გულგახეთქილი მამასახლისი თავლიდან ძალისძალად რომ გამოათრიეს, ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში ჩადგა.
მამასახლისს ხელს უკან რომ უკრავდნენ, ამ დროს ასტამურ მატახერიამ დაიძახა:
_ ჯაბუნაკი ვაჭამოთ, ჯაბუნაკი! _ და ამ სიტყვებით ხანძარს მიაშურა. წელში გაყრილი წალდი ხელდახელ იძრო და მუგუზლიდან საჯაბუნაკე ნახშირის თლა იწყო. მერე წალდის ყუით წმინდად დანაყა, ხელისგულზე სასოებით დაიყარა და მამასახლისისაკენ ყვირილით გაქანდა:
_ აბა თქვენ იცით, მეზობლებო, როგორ მომეხმარებით! თქვენ იცით, ამის გულის ჯავრს როგორ ამომაყრევინებთ! _ გაიძახოდა ასტამურ მატახერია იმნაირად, თითქოს მისი ბედი ამისგან ყოფილიყოს დამოკიდებული, მაგრამ მამასახლისმა ჯაბუნაკის საჭმელად თავი რომ აღარ დაანება, ახლა გაგულისებით დაიძახა:
_ რას უდგახართ? მანდ რას უდგახართ და ისევ შემომცქერით? ჩემი დროც დადგა და ხელის განძრევასაც იმადლებით? მოდი, ჯოგო, მოდი, შენ მაინც მომეხმარე და თავი დაუკავე.
ჯოგომ უფროსი არ გააწბილა და მამასახლისს თავში ხელი ჩაავლო, მაგრამ მაქსიმეს რომ ვერ მოერია, ახლა სხვანიც წამოეხმარნენ და ასტამური ხელმწიფის სწორ კაცს ჯაბუნაკს რომ აჭმევდა, სახეს ნახშირით რომ უმურავდა, გაკავებული კაცი ფრუტუნებდა, პირში ჩატენილ ნახშირს უკანვე ყრიდა და გმინავდა:
_ ასტა, გამიშვი, ასტა! თავს საქვეყნოდ ნუ მომჭრი, ულვაშს ნუ შემირცხვენ!
მაგრამ ასტამურს მისი სიტყვები თითქოს არც ესმოდა, თავისას ისევ განაგრძობდა და თან გულს დამცინავი ალერსით უყვავებდა:
_ რა ვქნა, ჩემო მაქსიმე! ამ ცხელ გულზე სხვა არაფერი გამაჩნია, რომ საკადრისი პატივი გცე და ნუ დამზრახავ, ჯერჯერობით ამას დამჯერდი. იმ შენი მათრახების სიმწარე რომ მომაგონდება, თვალში სინათლე ახლაც მიბნელდება და სამაგიერო პატივი როგორ არ მოგიზღა, ჰა? რა ვქნა, შენს კუბოს შემოვევლე, შენგან რომ პატივისცემა მახსოვს, ჯაბუნაკით კი არა, ღორის ჩხინკორით უნდა გიგლესდე პირს, მაგრამ მებრალები, მეცოდები!
ირგვლივ შემოჯარული ხალხი ყველიერის ყეინივით ნახშირით პირმოდღურულ მაქსიმეს დასცქეროდა. საქმით გართულ ასტამურ მატახერიას აქეთ-იქიდან ეხმარებოდნენ, იცინოდნენ, მაგრამ ის მათ ლაზღანდარობას ყურადღებას არ აქცევდა, თავისას ისევ განაგრძობდა. საქმეს რომ მორჩა, წელში ოხვრით გაიმართა, ხალხს თვალი მოავლო და სიხარულით თვალგაბწყინებულმა დაიძახა:
_ ხალხნო, მეზობლებო, თქვენდა სასიხარულოდ უნდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენი მამასახლისი კარგ გუნებაზეა და ბრძანებს, ოჯახში დაუპატიჟებლად მესტუმრეთო. თქვენ რას იტყვით?
_ რა გვეთქმის! _ დავიძახე ისეთი ხმით, თითქოს სხვა გზა არ გვქონოდეს, _ მამასახლისია, მის ბრძანებას როგორ გადავალთ. მასპინძლობა კარგი უნდა იცოდეს და ვესტუმროთ.
_ ვესტუმროთ! ვესტუმროთ! _ აგრიალდა ხალხი და განზრახვა სისრულეში მაშინვე მოვიყვანეთ, სტვენით, ყიჟინით მამასახლისის დოხორესაკენ გავეშურეთ.
კანცელარიის თავლასთან ბაწრის კარგა მოგრძო ნაწყვეტი ეგდო, ცალი წვერი მამასახლისს წელში ჩავაბი, მეორე წვერი მე ჩავიბი და წინ გავიგდე, ხალხს ფეხდაფეხ მეც მივყევი.
ყველა ყვიროდა, ყველა გახარებული იყო, სტვენდნენ, მღეროდნენ, მაგრამ მე მათ ჟრიამულს ყურადღებას აღარ ვაქცევდი. წელში გამობმული მამასახლისი მიმყავდა და თან ყველა ის სიმწარე, ამ წყეულის გადამკიდეს რომ მიგემია, ყოველი წვეთი ცრემლი, მას რომ ჩემთვის უღვრევინებია, ყოველი ტკივილი, მას რომ ჩემთვის მოუყენებია, სულ სათითაოდ მახსენდება, ბოღმა ყელში მებჯინება, მაგრამ თავს ვიოკებ და ისევ მივმართავ:
_ რას იზამ, ჩემო მაქსიმე! კაცის ბუნება ასეთი ყოფილა, ყველა სიავე მალე ავიწყდება. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ შავი დღე დაგადგებოდა. შენგან რომ სიკეთე გვახსოვს, ცოცხლად უნდა გაგვეხადა ტყავი შენთვის, მაგრამ იღბალი გქონია... შენ მაგიერ შენს ძროხას, შენს თხებს გავხდით ტყავს და ჯერჯერობით ამას დაგჯერდებით. აი, ახლა შენთან მოვდივართ, შენ წინ მიმიძღვი, მე უკან მოგდევ და ვინ რას გაიგებდა, ვინ მიხვდებოდა ჩვენ შორის ვინ ტყვეა და ვინ _ მოალაფე, უკან ეს გლეხობა რომ არ მოგვდევდეს. აი, უკან რომ შენი ჩაფრები ცხენების თქრიალით მოგვდევდნენ, მაშინ საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა. მაშინ მე კი არ გასწავლიდი ჭკუას, შენ მასწავლიდი, მაგრამ სიტყვით კი არა, _ შენ ეს ჩვეულებად არასოდეს არა გქონია, _ ზურგს მათრახით ამიჭრელებდი... ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს! ამას რას ვროტავ? ღმერთმა იმ დღეს მეორედ ნუ მომასწროს. ჰაიტ, შე აყლაყუდავ, მაგნაირი აზრები გულში მეორედ არ გაივლო, თორემ თალგამივით წაგათლი მაგ თავს!
_ რას მერჩი, შე კაცო? _ თავი სულ მოისაწყლა მამასახლისმა, _ შენ ლაპარაკობ და შენი ნათქვამის ბაჟსაც მე მახდევინებ?
_ ჰოდა, მაშ ასე, ჭკუით იყავი, _ ვუწონებ მორჩილობას ჩემს ტყვეს, _ ხომ იცი, კაცმა თავი თუ ერთხელ აიშვა, უნდა უტიო. ჩვენც ასე ვართ ახლა და მოგვერიდე, მაგვერიდე, მაქსიმე, მოგვერიდე, თორემ ხომ იცი, რომ დიდად არ გვეხახვები. შინ რომ მივალთ, აბა შენ იცი, რა პატივსაც გვცემ. იმ მუქთახორა ბოქაულს ჩვენს გოჭებს, ჩვენს ინდაურებს რომ ხახაში ატენიდი, ჩვენს ღვინოს პირში რომ ასხამდი, ახლა ერთი ის შენი გოჭ-ინდაური გვინდა გავკნასოთ, გვინდა, ვნახოთ, რა გემოსია. ჯერ სადა ხარ, ჩემო მაქსიმე. ბოქაულმა ქეიფისა და დროსტარების რა იცის! შენ ჩვენ გვიყურე, გვიცქირე ჩვენ, კუბაკებმა, როგორი ლხინი და დიარი ვიცით.
და ასე, ტკბილ საუბარში მის სახლს ისე მივუახლოვდით, რომ არც შეგვიტყვია. დანიშნულ ადგილას მისვლა მხოლოდ მაშინ შევიტყვეთ, როცა წინ გაქცეულმა სულწასულმა სტუმრებმა მამასახლისის ეზოში ცეცხლი ააბდღვიალეს და ჩვენი ყოფილი ბატონ-პატრონის ცოლ-შვილის წივილ-კივილი მოგვესმა.
მამასახლისმა ამის გაგონებაზე, `ავაი, ცოლო და შვილო~ რომ დაიბღავლა, ავარდა, დავარდა და გრძელი ფეხებით სახლისაკენ გიჟივით გაქანდა. ამ ფეხგრძელს მე რას წამოვეწეოდი. ბაწარჩაბმული ერთი იმნაირად მომიქნია, რომ მიწაზე სული თუ დამყვებოდა, არ მეგონა. შევატყვე, საქმე ცუდად მომიტრიალდა. თუ ბაწარს დროზე არ შევიხსნიდი, ტვინს რამეზე მიმასხმევინებდა. დრო ვიხელთე, ხანჯალი ვიშიშვლე და ბაწარი ხელდახელ გადავჭერი. თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, გულს მომეფონა.
მამასახლისის ეზოში ყიჟინა თანდათან მატულობდა, მაგრამ გნიასმა ერთბაშად კიდევ უფრო რომ იმატა, მივხვდი, _ ეს ალიაქოთი მამასახლისის გამოჩენით იყო გამოწვეული.
ხმაურზე დანარჩენებიც იქით გაიქცნენ, მე სხვას არ ჩამოვრჩი, ჩოხის კალთები ავიკარწახე და სხვებთან ერთად მეც მოვუსვი: შემეშინდა გულუხვ მასპინძელს არ დავვიწყებოდი.
6
ერთ დეკემბრის სუსხიან ღამეს აჯანყებულმა გლეხებმა ანაკლიაში უცხოეთიდან ნამალავად შემოტანილი თოფ-იარაღი ჩამოვირიგეთ და მით ჩვენი წითელი რაზმები ერთიორად გავაძლიერეთ.
მთელი მოსახლეობა ფეხზე დადგა. ახალგაზრდას, რომელსაც თოფი არ ჰქონდა, თავი უბედურად მიაჩნდა და სულ იმის ფიქრში იყო, როგორ ეშოვა იგი, რომ ისიც წითელ რაზმში ჩაწერილიყო.
რაც დრო გადიოდა, თავს მით უფრო გაგვდიოდა და გულს ძალა და ქადილი გვემატებოდა. თავადაზნაურობა და მემამულენი წახდნენ შიშით. თუ უწინ ღვთის წყალობა ღვთის რისხვად ეჩვენებოდათ, ახლა მიზეზზე ჩვენ ვიყავით და თავს მუქთახორებს ეგრერიგად აღარ ვუყადრებდით. ჩვენი ხეისთავები, ასისთავები და ათისთავები დავნიშნეთ, მათი სიტყვა კანონად მივიჩნიეთ. მთელ ოდიშში ასამდე კანცელარია დავწვით, ჩაფარ-ბოქაულებს მხრებზე აპელატები ჩამოვახიეთ, მამასახლისებს გულსაკიდი ჯაჭვები ჩამოვგლიჯეთ და ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევდა, შავ დღეს ვუთენებდით, ჯაშუშებს ვხოცავდით და მხდალსა და გლეხის ჯილაგზე გადამდგარს ბოიკოტს ვუცხადებდით.
თუ სადმე მარჯვე ბიჭები გვეგულებოდა, დავარჩიეთ, დავასილაღეთ, ძველ რაზმებს შევმატეთ და ვინ იქნებოდა ისეთი თავგამეტებული ან წერაატანილი, რომ წინ გადაგვდგომოდა და ხელის შეშლა გაებედა? ჩვენ ახლა მოვარდნილ მდინარესავით ვიყავით და ვისაც დაღუპვა არ უნდოდა, თან უნდა გამოგვყოლოდა.
როცა მემამულეებმა და მათმა ამფსონებმა ვერაფრით ვერ დაგვითათბირეს და ვერც ვერავითარი ხიმანი ვერ მოგვიწყვეს, ადგნენ და რაზმში ცხვრის ქურქგადაცმული მგელი ხედა შელია შემოგვაპარეს. ვიცოდი, რომ მისი რაზმში შემოსვლა კარგს არას გვიქადდა. ბევრი ვიყვირე, ქვა მაღლა ავაგდე და თავი შევუშვირე, მაგრამ არა გამივიდა რა, რაზმში მაინც მიიღეს. და, როცა მან ღალატით კაჟნა დანელია მოგვიკლა და თავი ფოთს შეაფარა, რამდენიმე მარჯვე ბიჭი სისხლის ასაღებად უკან დავადევნეთ. ანდა, კაცმა რომ თქვას, სად წაგვივიდოდა? ქვესკნელში რომ ჩამძვრალიყო, თან ჩავყვებოდით და სამზეოს იქ დავუბნელებდით.
გედენია ფოთის წითელ რაზმს მეთაურობდა და ჩვენს ბიჭებს სათავეში ის ჩაუდგა. ხედა შელიას კვალს მალე მიაგნეს და დუქნის წინ ნარდს რომ თამაშობდა, დამბაჩა გულში დაახალეს. ეს ცხოვრება დუშაშით არც იმას დაუჯდა.
კაჟნას მაგიერ ასისთავად სახელდახელოდ მე ამირჩიეს. აფხაზეთიდან იმერეთ-გურიამდე ჩვენ ვიყავით ქვეყნის ბატონ-პატრონი. ბატონების ოხრად ნაშოვნი ქონება და ავლადიდება ქარს ტრამად გავატანეთ. მათი ოდები, დოხორეები და შრამელები გადავრუჯეთ, ჯოგი შევუჭამეთ, ცხენები წამოვლალეთ, ხულა-ნალიები გამოვახაბაკეთ, მიწები ჩამოვართვით და მშრალზე რომ დავტოვეთ, იმითაც რა ექნათ? ადგნენ და ქუთაისიდან სალდათი მოიშველიეს, მაგრამ საქმე აქაც წაუხდათ. სალდათები ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები იყვნენ და სხვა გზა არ იყო, მათ მაგიერ ახლა ყაზახები შემოგვისიეს.
აშკარა ომი რომ შეიქნა და სოფელში აღარ გვედგომებოდა, ტყედ გავიჭერით და ხალხს იქიდან მივმართეთ:
_ ხალხნო, მშრომელებო, მუშებო და გლეხებო, არავითარი მთავრობა, გარდა თქვენგან არჩეული კაცებისა, მთავრობად არ ცნოთ. გადასახადი არავითარ შემთხვევაში არ გადაიხადოთ, მემამულეს საიჯარო და ხაზინის ბეგარა არ მისცეთ. კანცელარიები აიკელით, პატიმარი არ დაანებოთ! ღარიბო გლეხებო, შეიარაღდით, შეიარაღდით და კიდევ შეიარაღდით! საერთო აჯანყებისათვის ყოველ წუთს მზად იყავით, შეიარაღდით, რადაც უნდა დაგიჯდეთ და მტერს მტრულად დახვდით. ძირს სისხლისმსმელები! გაუმარჯოს ახალ თაობას! გაუმარჯოს მუშებისა და გლეხების ურყევ კავშირს!
ეს მოწოდება მუგუზალივით გადავარდა ისედაც წკიპზე შემდგარ ხალხში. ოდიშს თეკლათის კალთებიდან რომ გადახედავდი, ახანძრებული ღამე დღესავით იყო განათებული.
ის ზამთარი ცივი იყო და ძაღლივით გაავებული, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო ავძაღლდით. დღე ისე არ გავიდოდა, რომ ყაზახებთან შეტაკება არ მოგვსვლოდა. ბევრი ვაჟკაცი დაგვაკლდა ამ ბრძოლებში. მოკლეს კერანდუხუ ზვანბაია. კაჟნა დანელიას მსგავსად ღალატითვე მოკლეს ჩვენი გურული მეთაური ესიკა ქილიფთარი, ამხანაგებში გამოწყდა ჯერ სულ ახალგაზრდა ჯვებე ტაბაღუა, ზოგი ტყვედ ჩავარდა და ვინ იცის, როგორი წამებით ამოხდა სული, ზოგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მაგრამ გული კიდევ უფრო გავიკაჟეთ, მტერს კიდევ უფრო დაუნდობლად ვუტევდით. მერე რა, რომ ვიხოცებოდით? სამაგიეროდ მტრის რიგებს ვათხელებდით, მაგრამ, როცა სამტრედიიდან ორი ჩვენი მოძმე რკინიგზელი მემანქანის უღვთოდ მოკვლის ამბავი მოგვივიდა, ბრაზით გულს ცეცხლი შემოგვენთო. სროლა ავტეხეთ და იმ დღესვე დიდი ყრილობა მოვაწყვეთ. ყრილობაზე ფიცი დავდეთ, რომ მტერს მათ სისხლს არ შევარჩენდით, რომ სისხლს ისევ სისხლი ჩამორეცხავდა და დროა, მტერს გადამწყვეტი ბრძოლა გავუმართოთ. ამ დროს სამტრედიიდან ჩამოსულმა კომიტეტის კაცმაც მოგვისწრო და ამბავი მოგვიტანა, რომ მოსკოვ-ქალაქში შეიარაღებული აჯანყება დაიწყო, რომ მუშები ქუჩებში იარაღით გამოვიდნენ. კომიტეტი ჩვენც სალაშქროდ მოგვიწოდებდა. ან ქუთაისი უნდა აგვეღო და ან თავზე დედაკაცის ჩიქილა დაგვეხურა.
სოფლებში იმ ღამესვე მარჯვე ბიჭები ჩამოვკრიბეთ და მეორე დღეს უთენია სამტრედიისაკენ გავემართეთ.
მიწაზე იანვრის ახალი თოვლი გალურთხულიყო და ჩვენ სიმღერითა და ყიჟინით მუხლამდე ლაფში მივაბოტებდით. აი, ილორის მთავარანგელოზის ეკლესიასაც ჩავუარეთ და ხაბოზე დაშვებულნი ცხენისწყლის ბორნისაკენ რომ მივდიოდით, საჭილაოს ხეტყის ქარხანასთან რაზმელებს შორის სიდუ დანელიხეს ბიჭს მოვკარი თვალი. მხარზე ბიძამისის უპატრონოდ დარჩენილი თოფი გადაეკიდა და ვაჟკაცებს შორის ისიც ვაჟკაცურად მოადგამდა ფეხს.
მისმა დანახვამ გული მომიკლა. დამენანა მისი სინორჩე, მისი მიმზიდველი მიამიტობა. მივხვდი, რომ ჯერ ყმაწვილს სავაჟკაცო საქმისაკენ გული ძალუმად მიუწევდა, სიცოცხლე, ბრძოლა, დიდობა ეჩქარებოდა.
გულის სილბო რომ არ შეემჩნია, შუბლის კოხები კუშტად შევიკარ და ისე დავუძახე:
_ აქ მოდი, წიე!
ყმაწვილს სახეზე ფერფურმა გადაუარა. მაშინვე უსიტყვოდ მომიახლოვდა.
_ შენ აქ საიდან გაჩნდი, წიე?
_ მეც მოვალ! _ მომიჭრა ყმაწვილმა გადაჭრილად და ტუჩები გაუფითრდა, საულვაშეზე სასაცილოდ აშლილი გინგლი თითქოს აებუძგა.
_ რაოო! _ წამოვიძახე გაოცებით და გაოცებითვე განვაგრძე, _ მოვალოო?
და კილო ერთბაშად ვიცვალე, რისხვით შევუტიე.
_ ჩვენ როდი ვთამაშობთ _ ომში მივდივართ, _ ვთქვი გაგულისებით, მაგრამ მას წარბიც არ შეუხრია, ისე მიპასუხა:
_ მეც ომში მოვალ... არც პატარა ვარ, მალე თექვსმეტი წელიწადი შემისრულდება. ბიძაჩემის სისხლს არავის არ შევარჩენ, _ თქვა და ჯერ უწვერული ლოყები, დედამისის თაფლისფერი ეშხიანი თვალები რისხვით აენთო. მაღალ, ბავშვურად მოწმენდილ შუბლზე ორიოდ წვეთ ოფლს ნამივით გამოეჟონა და იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლოა, ეს შუბლი ტყვიას გაეხვრიტა, მეც ჭირის ოფლმა დამასხა შუბლზე.
_ წადი, ბაბა, შინ გაბრუნდი, _ შევევედრე მამაშვილური ალერსით და ჩემი სიტყვებით მევე გული ამიჩუყდა, _ წადი, დედაშენს მიხედე და შენს ცოდვაში ნუ გაგვრევ, შვილო! აბა, ერთი ყური დამიგდე, ჩემო ჯოგოლია, ცოდვა ხარ, ბაბა, ნორჩი ხარ და ჩვენ რას გვიყურებ, ოჯო! ბიძაშენის სისხლი კარგა ხანია, აღებულია და წადი, შინ წადი, ბაბა, დედაშენს შენ მეტი არაფერი არ გააჩნია და ის მაინც შეიბრალე...
_ არა, ბიძია! _ შორს დაიჭირა ჩემი სიტყვა ჯოგოლიამ. _ სანამ ბიძაჩემის სისხლს არ ავიღებ, ვერ მოვისვენებ.
ერთბაშად ის გაზაფხული მომაგონდა, ეზოში სათამაშო ურემს რომ დააგორებდა. მომაგონდა, რა პატარა იყო მაშინ და მისდამი სიბრალულით გული კიდევ უფრო ამიდუღდა.
_ დამიჯერე, ბაბა...
თვალი ცრემლით ამევსო და რომ არ შეემჩნია, ხელი ჩავიქნიე, შევბრუნდი და ისე წამოვიძახე:
_ ჯიუტი ყოფილხარ, ბაბა!
და მაშინვე ჩამოვშორდი.
7
საღამოზე სამტრედიაში ვიყავით. იქ გურიის, ფოთის, ხონისა და ადგილობრივი წითელი რაზმები დაგვხვდნენ. სადგური და რკინიგზა დაეჭირათ, აქაურობას ისინი დაჰპატრონებოდნენ.
სამეგრელოს წითელი რაზმიც აქ იყო და ჩვენც მას შევუერთდით.
მიუხედავად იმისა, რომ სადგურში აუარებელ ხალხს მოეყარა თავი, ირგვლივ მაინც არაჩვეულებრივი სიწყნარე იყო, ზოგი იარაღს წმენდდა, ზოგი კედელზე გაკრულ ამხანაგ კობას პროკლამაციას კითხულობდა, ზოგიც ბუფეტის მაგიდის თეთრ მარმარილოზე მიგდებულიყო და თვლემდა. ყველა იმის მოლოდინში იყო, როდის გათავდებოდა რევოლუციური შტაბის ეს გაუთავებელი თათბირი და ბრძანება შემოვიდოდა.
გარეთ ციოდა და რომ არ გავცივებულიყავით, მესამე კლასის ბუფეტში დაგვაბინავეს. თათბირის გათავების მოლოდინით გულგაწყალებული იქვე ქვის იატაკზე მივეგდე და თან ჯოგოს თვალყურს ვადევნებდი, ვინმეს არ დაეჩაგრა ან მარცხი რამ არ მოსვლოდა.
საწყალ ბიჭს ტოლი არავინ ჰყავდა, რომ მათთან ლაღობაში გული გაერთო და აქეთ-იქით მარტოდ, უსაგნოდ ბორიალებდა. ჩემი თვალყური ტანით თუ იგრძნო? მოიხედა და ერთი მორიდებულად გამიღიმა, იარაღის მწმენდავ ამხანაგებს გამოეყო და ჩემკენ მოკრძალებულად გამოემართა.
_ ხომ არ მოგწყინდა, ბაბა? _ შევეკითხე უფრო იმისთვის, რომ რამე მეთქვა.
_ არა, ბიძია, _ მოკლედ მომიჭრა და მერე ოდნავი ყოყმანის შემდეგ გაუბედავად შემეკითხა, _ ხომ მალე გავალთ, ბიძია?
მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ეს ბიჭი დღეს რაღაც წერაატანილივით იყო და გული მომივიდა.
_ კაცს სული არასოდეს არ უნდა მისდიოდეს ომისთვის. თოფის მოყვარული თოფით კვდება, _ ვთქვი უკმეხად და იატაკზე წამოვჯექი, ადგომა მინდოდა, მაგრამ აღარ ავდექი.
_ ბიძიაც თოფით მოკლეს... _ უნდოდა კიდევ ეთქვა რაღაც, მაგრამ მე სიტყვა აღარ დავანებე:
_ შენ ერთი იმ ბიჭებს უთხარი, ვისაც თოფი გაწმენდილი არა აქვს, კარგა გაწმინდონ და ყოველ წუთს მზად იყვნენ, მანამ ერთი მეთაურებთან შევალ და ვნახავ, რას აპირებენ.
და ამ სიტყვებით ნელა წამოვდექი, სატელეგრაფო კანტორისაკენ გავემართე, სადაც რევოლუციური შტაბი იყო მოთავსებული. კანტორაში რომ შეველ, სხდომა იხურებოდა: ფოთისა და სამეგრელოს რაზმის მეთაურები ავი ძაღლივით იყვნენ აღრენილნი. ხონელებმა და გურულებმა იმდენი იდავეს თურმე, იმდენი იყაყანეს, რომ თავისი მაინც გაიტანეს, _ ბრძოლაში ყველაზე ადრე ისინი უნდა გასულიყვნენ და ჩვენ აქ, სამტრედიაში, მარქაფად უნდა დავრჩენილიყავით.
_ ჰავაი, ჯიმა აჯამი! _ წამოვიძახე ამის გაგონებაზე, _ ჩვენ რა, სხვაზე ნაკლები ვართ?
მაგრამ გამაჩუმეს. შტაბის დებულება კანონი იყო და მეც რა მექნა, მეთაურების დებულებას ხომ ვერ გადავიდოდი?
რაზმს ზესტაფონი უნდა აეღო და ქალაქ თბილისისაკენ გზა გაეწმინდა, მაგრამ სანამ ზესტაფონისაკენ გაილაშქრებდნენ, ზურგი მტკიცე უნდა ჰქონოდათ და ჯერ ქუთაისი უნდა აეღოთ. ხონელებს ამ ქალაქისათვის ხონის გზით ზურგიდან უნდა მოეარათ, გურულებს რიონის მხრიდან უნდა დაეკრათ, მათ ადგილობრივი რაზმებიც დაეხმარებოდნენ. ქალაქს ხელთ რომ იგდებდნენ, გზა ზესტაფონისაკენ გახსნილი ექნებოდათ და ჩვენი ბრძოლის დროც მაშინ დადგებოდა.
იმ დღეს ცოტა კიდევ წამოთოვა და ისე აცივდა, რომ კაი პატრონი ძაღლს გარეთ არ გააგდებდა, მაგრამ ხონელები სიცივეს არ დაერიდნენ და ხონის გზით ქუთაისისკენ გაემართნენ.
საღამო ხანს სადგურში მატარებელიც ჩამოაყენეს და გურულები ვაგონებს მიაწყდნენ. ნახევარზე მეტი ამათგანი უიარაღო იყო, მაგრამ ამას ვინ დაგიდევდა? ვისაც არ ეზარებოდა და გულს ერჩოდა, ყველა მიდიოდა. მიდიოდა იმ იმედით, რომ თუ ვინიცობაა ვინმე თოფიანი დაიჭრებოდა (სიკვდილზე არავინ არ ფიქრობდა), მაშინ ის იქნებოდა მისი მონაცვლე.
ორთქლმავალზე ფირალობაში ნაცადი ყუმბარების მსროლელები ავიდნენ, წინ, საკვამურთან, ერთი თავით ფეხამდე შეიარაღებული რაზმელი დროშით დააყენეს და მატარებელი რომ დაიძრა, ორთქლმავლის ცად ავარდნილ ბოლთან ერთად შილა დროშა ცას ალივით აეტლაშუნა.
ჩვენ ბაქანზე ვიდექით და შურით გავცქეროდით მატარებელს, გავცქეროდით, როგორ მიქროდა იგი და გული გვიკვდებოდა, რომ ჩვენც მათთან ერთად არ ვიყავით.
მატარებელი თვალს მიეფარა, მაგრამ გურული კრიმანჭული ჯერ ისევ მოისმოდა. ბოლოს ისიც მიყუჩდა. მე მაინც უძრავად ვიდექ და ლარტყივით გატყორცნილ ლიანდაგს გავცქეროდი, რომ ამ დროს ბუფეტიდან სროლის ხმა მომესმა.
თოფის ხმას ყურადღება არ მივაქციე. სადგურისაკენ წყნარად შემოვბრუნდი და ბუფეტისაკენ ნელა წაველი. კართან არც ვიყავ მისული, რომ ამ დროს ერთმა რაზმელთაგანმა გზა გადამიჭრა და მომახსენა:
_ ამხანაგო ასისთავო... ჯოგოლია... ჯოგო დანელია...
სიტყვა ვეღარ დაასრულა, მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა და რაზმელს მაინც შევეკითხე:
_ რა მოხდა? მითხარ, რა მოხდა? _ და ამ სიტყვებით მხრებში ხელი ჩავავლე. შევანჯღრიე და კვნესით შევეკითხე, _ მოკალით? კაცო, ბაღანა მომიკალით?
_ ამხანაგს თოფი გაუვარდა და დაიჭრა...
_ ავაი, ჩემი სიკვდილი! _ დავიკვნესე და თვითონაც არ ვიცი, როგორ გავჩნდი ჩემს ჯოგოლიასთან.
მარმარილოს ორი მაგიდა რაზმელებს ერთიმეორეზე მიედგათ და საწყალი ბიჭი ზედ დაეწვინათ. ექიმი ჭრილობას უხვევდა, მაგრამ სისხლს მაინც ვერ აკავებდა. ალისფერი და უმანკო სისხლი ცივ მარმარილოზე მოწვეთავდა და ოდნავ ორთქლავდა.
იქვე მახლობლად რაღაც ხმაური მომესმა. ყმაწვილის დამჭრელ რაზმელს თავის მოკვლა უნდოდა, მაგრამ ამხანაგები თოფს არ ანებებდნენ:
_ იარაღი აჰყარეთ! დააპატიმრეთ! _ ვბრძანე და ისევ ჯოგოლიას მივუბრუნდი.
საწყალმა ბიჭმა ერთი იმნაირად შემომხედა, თითქოს რაღაცას მემუდარებოდა, მაგრამ თითქოს თქმაც ეძნელებოდა.
ექიმმა ჭრილობა რომ შეუხვია, მისკენ დავიხარე და ალერსიანი ხმით შევეკითხე:
_ რა გინდა, შვილო? მითხარ, ნუ გერიდება.
ყმაწვილმა პირი მოწყურებულივით ააწაპუნა და ძლივს გავიგონე:
_ მაპატიე... ნანას უთხარი, მაპატიოს...
გული ამომიჯდა, მაგრამ თავი ცრემლებისაგან შევიკავე. მივხვდი, რომ მას დედის ალერსი უნდოდა, დედის ზრუნვა და ლოლიავი სჭირდებოდა, მაგრამ რას ვიზამდი. დავიხარე, სიმწრის ოფლით დანამულ შუბლზე ხელი სათუთად დავადე და თმაზე ხელი ფრთხილად გადავუსვი.
_ ნუ გეშინია, ბაბა... _ ვთქვი, მაგრამ მან პასუხი არ გამცა. ერთი იმნაირად შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა, ნუ მატყუებ, ვიცი, ჩემი საშველი არ არისო.
მერე ჭერს მიაჩერდა და ისე გარინდდა. თითქოს ყურს უგდებდა, როგორ მიდიოდა იგი ამ ქვეყნიდან, როგორ ქრებოდა მისი სიცოცხლე. ახლა მას არავითარი სურვილი არ ემჩნეოდა, _ დამშვიდებული, არაამქვეყნიური თვალებით ისე განურჩევლად გამოიცქირებოდა, რომ მივხვდი, თავდებოდა.
ასეთ დროს ადამიანის ყველა სიტყვა უაზროა, უსაგნო და მიზანს აცდენილი, მაგრამ სიჩუმე კიდევ უფრო საშინელია და მეც ეს სიჩუმე რომ დამერღვია, მაინც ვთქვი:
_ ჯოგო, შვილო, არ შეგეშინდეს... არ შეგეშინდეს, ბიჭო...
_ ვოუ, ნანა! _ ამოიგმინა ბალღმა და არც მომხედა, გაგანივრებული თვალები ფანჯარას მიაპყრო.
გარეთ ისევ თოვდა. ერთხანს თითქოს თოვას გასცქეროდა.
_ თოვს, _ თქვა და სახე რატომღაც დაემანჭა.
_ თოვს, _ ვთქვი მეც, თვით არ ვიცი, რატომ.
_ მცივა, _ თქვა ჯოგომ. ტანში როგორღაც სხვანაირად გააჟრჟოლა.
ნაბდის დახურვა რომ გავაპირე, ხელი აასავსავა. მანიშნა, ნუ მახურავო. რა მექნა? მეც აღარ დავახურე. ნაბადი იქით რომ მივაგდე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ იმისთვის ახლა ყველაფერი ზედმეტი იყო. თვალცრემლიანმა ფანჯარას გავხედე. ფანჯარაში აჩონჩხილი ალვის ხე საცოდავად მოჩანდა. საიდანღაც მოფრენილმა ერთადერთმა ყვავმა ზედ შემოჯდომა დააპირა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა, ერთი დაიჩხავლა და ისევ გაფრინდა.
_ ნანა... ნანა... _ თქვა ჯოგომ და თვალები მღვრიედ გადაუტრიალდა, ტანთ გააჟრჟოლა და ერთბაშად მოეშვა.
ტირილი ამიტყდა.
8
შუაღამე გადავიდა.
ჩვენ იმ სადგურში ვეყარეთ. ზოგი ბუფეტის დაზგაზე მიგდებულიყო და ისე ეძინა, ზოგს სკამები ერთიმეორეზე მიედგა და ზედ ისე მოწყობილიყო, ზოგი ფანჯრის თაროზე მოკრუნჩხულიყო და ზოგიც პირდაპირ ქვის იატაკზე გაშოტილიყო. არსად ფეხის დასადგმელი ადგილი არ იყო.
მე მაგიდაზე ვიწექ, მაგრამ თვალს რული მაინც არ ეკარებოდა. ჯოგოს დარდი არ მასვენებდა. გული მდუღარებით მევსებოდა.
გარეთ სიწყნარე იყო.
მამლებმა ერთი პირი იყივლეს კიდევაც. სადღაც ძაღლი აყეფდა, მაგრამ თითქოს თავისმა ყეფამ მასვე გააბეზრა თავი, გაჩუმდა.
ჯოგოს ფიქრს მაინც ვერ ვიშორებდი. მაგიდაზე მოუსვენრად ვტრიალებდი, თვალს რული არ ეკარებოდა.
_ ვაი დედაშენს, შვილო! _ აღმომხდა ჩემდა მოულოდნელად ხმამაღლა და თვალი ისევ ცრემლით ამევსო.
_ რა იყო, ბათა? _ შემეკითხა ნამძინარევი ხმით ჩემ გვერდით სარკმლის თაროზე მოკრუნჩხული ტოჩი ძველაია.
_ არაფერი, _ მივუგე, _ არ მეძინება, ნავარი.
_ ფიქრს ნუ აჰყვები... ფიქრს ნუ აჰყვები, თორემ გულს გაგისივებს, _ მირჩია ტოჩიმ და მეორე გვერდზე გადაბრუნდა. ისევ ხვრინვა ამოუშვა.
_ ფიქრს ნუ აჰყვები, _ ვთქვი ჩემთვის უკმაყოფილოდ, _ ადვილი სათქმელია... ჯირკი ხომ არა ვარ, რომ არ ვიფიქრო. შვილის ფასი ბაღანა ხელში უღვთოდ ჩამაკვდა, სოფელი, სახლ-კარი დამიტოვებია. ახლა იქ ომია, ჩვენები იბრძვიან და ვინ იცის, რა დღეში არიან... ვინ იცის, რომელი დედის თვალები ატირდება ხვალ დილით. ვინ იცის, იქნებ უჭირთ რამე, დამხმარე სჭირდებათ და ჩვენ კი აქ არხეინად გვძინავს. ეეხ, ბაბა, ეეხ, ხონელებო, თქვენც, გურულებო, უნდა გამოგიტყდეთ და ძაან ნაწყენი ვარ, გულმოსული ვარ თქვენი საქციელით. რა იქნებოდა, იმით რა დაშავდებოდა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვყოფილიყავით? ძმობას გაგიწევდით, გასაჭირის დროს მხარში ამოგიდგებოდით და თუ საჭირო იქნებოდა, თქვენთან ერთად ჩვენც მოვკვდებოდით. ეეხ, ასე არ ვარგა, ჩემო ძამიებო, არაფრისმაქნისი ეს არ არის.
ვფიქრობდი, ვფიქრობდი და არ გამიგია, ფიქრად წასულს როდის ჩამეძინა.
_ ადექით! ადექით! _ ჩამესმა ძილში ვიღაცის ყვირილი და გულგადატრიალებულს გამეღვიძა, მაშინვე ფეხზე წამოვიჭერი.
_ რა მოხდა, ხომ მშვიდობაა? _ შევეკითხე კარზე მომდგარ მეთაურს, მაგრამ მან პასუხი ერთბაშად რომ აღარ გამცა, მივხვდი, ჩვენი საქმე ფარსაგად არ იყო.
_ ამხანაგებო, _ დაიწყო მან, დარბაზში რომ შემოვიდა, _ ვერა ვარ კარგი მახარობელი, მაგრამ რას ვიზამთ, გული არ უნდა გავიტეხოთ...
ტოჩი ძველაიას გულმა არ მოუთმინა და მეთაურს უკმეხად შეუტია:
_ მოკლედ გვითხარ, რა მოხდა.
_ დავმარცხდით, ამხანაგებო! _ იყო მოკლედ მისი პასუხი, _ დავმარცხდით, მაგრამ იცოდეთ, რომ გამარჯვება საბოლოოდ მაინც ჩვენია.
_ ჰეპე! _ ამომხდა მე გულისტკივილით, _ რავა თუ დავმარცხდითო? მერედა, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ ან რის მაქნისი ვართ? წავიდეთ, მტერს ვეკვეთოთ და ან ზედ შევაწყდეთ და ან გავიმარჯვოთ.
_ სწორი ხარ, ბათა! _ მემოწმებიან რაზმელები, _ წავიდეთ... ჩვენც იქ წავიდეთ და იქ გავწყდეთ, სადაც ჩვენი მოძმენი გაწყდნენ.
_ მოიცათ, ამხანაგებო, მოთმინება იქონიეთ, _ დაიწყო ლაპარაკი ახლა მეორე მეთაურმა, მაგრამ ასე ლაპარაკი რატომღაც უხერხულად მიიჩნია. სკამზე მესკია ჩიტივით შეხტა და ისე გადმოგვძახა:
_ ამხანაგებო, ეს-ეს არის ქალაქიდან დეპეშით გვაცნობეს, რომ მოსკოვსა და პეტერბურგში აჯანყება ჩამქრალა და ამის შემდეგ ბრძოლა უაზროა. კომიტეტმა დაადგინა, რომ რაზმები დაუყოვნებლივ დაიშალოს. ყველა, ვისაც არავითარი საშიშროება არ მოელის, შინ დაბრუნდეს და იარაღი გადამალოს.
_ როგორ თუ შინ დაბრუნდითო! _ ავყვირდი გულს ცეცხლშემონთებული და მოლაპარაკის ირგვლივ მჭიდროდ შემოკრებილი ხალხი მუჯლუგუნის კვრით გავარღვიე. სკამზე შემდგარ მესკიას რომ მივუახლოვდი, მივმართე:
_ ისემც კაი დაგემართოს, მარა ერთი, ჩემო ბაბა, ეს მითხარი, რამდენი ვერსი იქნება იმ მოსკოვამდის?
_ რად გინდა? ვერ გამიგია, _ თქვა გაკვირვებით მოქადაგემ და სკამიდან ძირს გადმოხტა.
_ ისე, _ ვუპასუხე მე დამცინავად, _ რავა, შე კაცო, საქმე რომ გაჭირდა, სიტყვას ახლა იმადლები? აქამდის კაცი სკამზე ვერ შეგასწრებდა და ახლა რა გემართება?
_ ასე, სამი ათას ვერსამდის მაინც იქნება, _ თქვა მან და ამის გაგონებაზე ხელი გაოცებით ავიქნიე:
_ მერე, შე ოჯახაშენებულო, სამი ათასი ვერსის იქით რაცხა მომხდარა და მე შინ რად მიშვებ? მე რა შუაში ვარ? სად გაგონილა, სირიაჩქონში ტურას ქათამი შეეჭამოს და იმის შიშით ორპირში დედაბერს ქათამი გაეწყვიტოს? გვაომე, ბაბა, გვაბრძოლე და თუ გავიმარჯვებთ, იმათაც მივეხმარებით.
მაგრამ არაფერი არ გამივიდა, ჩემი აზრი შორს დაიჭირეს. ჩვენც რა ძალა გვქონდა, გუდა-ნაბადი უნდა აგვეკრა და შინისაკენ გზას დავდგომდით, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ არ ვიცოდით, შინ რა პირით უნდა მივსულიყავით. რა გვეთქვა ცოლ-შვილისათვის? გვეთქვა, რომ დავმარცხდით ისე, რომ თოფი არ გვისროლიაო?
მე ხომ შინ სულ არ მიმესვლებოდა. რახან დავმარცხდით, მაშასადამე, მტერს გაუმარჯვია. და ახლა ეს მტერი შინ გალაღებული იჯდა და მე შინ როგორღა მიმესვლებოდა? ამას რა დიდი ლარი და ხაზი უნდოდა, რომ შინ მისვლისთანავე ხაფანგში გამაბამდნენ სულელი მაჩვივით. სხვა გზა არ იყო, ისევ დრო უნდა მომეგო. სანამ მტერი გულს შურისძიებით არ მოიოხებდა, ამ ცხელ გულზე ხელში არ უნდა ჩავვარდნოდი. გადავწყვიტე, ისევ გორდს, ჩემს გათხოვილ ქალიშვილს შევხიზნოდი და შინაურობას დროებით გავშორებოდი.
რაზმელები შინ რომ გავისტუმრე, შვილი მოვინახულე, ვიცოდი, მას თავი ქალაქისათვის უნდა შეეფარებინა და ჯიბეში გახვრეტილი ფარაც არ გააჩნდა. ყოველი შემთხვევისათვის ჯიბეში ორიოდ ფარა თან მქონდა წამოღებული და დიდი დავიდარაბისა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ ხელში ძალისძალად რომ შევაჩეჩე, შემეკითხა:
_ სად უნდა წახვიდე ახლა, ბაბა?
_ რა ვიცი, შვილო! საითაც გავიხედავ, იქით წავალ, აქამდე ვიცოდი, რომ ყველა გზა ჩემი კერისაკენ მიემართებოდა, ახლა ყველა გზა კერიდან მოდის და უკან არც ერთი არ ბრუნდება.
_ საწყალი ბაბა, _ თქვა მურზამ გრძნობით, მაგრამ სისაწყლე არ დავიმჩნიე და განზრახ არხეინად წამოვიძახე:
_ ეგ არაფერი, შვილო! რას იზამ, ეს ცხოვრება იმნაირად ყოფილა მოწყობილი, რომ დღეს ერთია და ხვალ მეორე. ხო გაგიგონია, შვილო, სამართალმა პური ჭამაო. მეც ამისი იმედი მაქვს, _ სამართალი, ვიცი, ბოლოს პურს მაინც შეჭამს და ისე არ მოვკვდები, რომ ერთხელ კიდევ ლაღად არ გავინავარდო, იმ ჩემი სისხლისმსმელების სისხლი არ დავლიო.
ხელი ჩავიქნიე. გზას დავადექ, მაგრამ ჯერ ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ ისევ მოვბრუნდი.
_ მშვიდობით, შვილო! _ ვთქვი და გული მხოლოდ ახლა ამომიჯდა, მაგრამ თავი დაბლა დავხარე, ცრემლები შვილს ისევ დავუმალე.
_ მშვიდობით, ბაბა! მშვიდობის გზა გქონდეს, _ თქვა და ჩემკენ გამოქანდა. ორნივ მამაკაცები ვიყავით, ქალაჩუნობა არც ერთს არ გვეხერხებოდა, ხელი მაგრად ჩამოვართვით ერთიმეორეს და საქმე მით გავათავეთ, აქეთ-იქით ჩვენის გზით გავემართეთ.
ცოტა რომ გავიარე, ისევ მომესმა:
_ ბაბა! ბაბაია!
მოვიხედე. მურზა ისევ ისე უძრავად იდგა და ალერსიანი ღიმილით გამომცქეროდა.
_ რა იყო, შვილო! _ შევეკითხე უფრო იმიტომ, რომ რამე მეთქვა მისთვის.
_ არაფერი, ბაბა, არაფერი! _ წამოიძახა მან ღიმილით და ღიმილითვე განაგრძო, _ აბა, შენ იცი, ბაბა, როგორი ჭკუით იქნები. წადი, ბაბა, წადი, მშვიდობით იარე.
მეც რა გზა მქონდა, ავდექ და წაველ.
სრული ერთი თვე ვიმალებოდი გორდში ჩემს ქალიშვილთან, ერთი თვე ჭურში ჩამჯდარივით ვიყავი და მიმოსვლის შეწყვეტის გამო არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს ოჯახში, ბოლოს მოთმინება მაინც არ მეყო. ავიკარ გუდა-ნაბადი და შინისაკენ გზას დავადექ.
დილაადრიანად გამოსულმა სოფელს მხოლოდ დაბინდების ხანს მოვატანე. ორღობეებში რომ მიველ, დავინახე, რომ ჩვენი სოფლის ხუცესი საბასტრატილატე ჯორს ლაფში მოაჩაქჩაქებდა და ზედ ისე მომადგა, რომ არაფერი გაუგია.
_ გამარჯობა, შენი, საბალია! _ მივესალმე ჩემს ძუძუმტეს გახარებული.
_ გამარჯობა! _ თქვა მან განურჩევლად და მხოლოდ სალამის შემდეგ დამინახა. დამინახა და პირჯვარი სახეზე გამალებით გამოისახა.
_ ღმერთო, შენ დაგელოცა სახელი! _ აღმოხდა ხუცესს გაოცებისაგან, _ ცოცხალი ხარ, ბიჭო, თუ მეჩვენება?
სიტყვა არ დაესრულებინა, რომ ჯორიდან გადმოიჭრა და მლოშნა, მკოცნა, მკოცნა, მლოშნა, ხმის ამოღების საშუალება არ მომცა. გული ალერსით რომ იძღო, მომშორდა და ახლა გვერდიდან ირიბულად დამიწყო ცქერა:
_ კი მაგრამ, სად იყავ აქამდის გადაკარგული, შე ღვთისპირიდან გადავარდნილო? მეგონა, ახლა შენ ძვლებს, ალბათ, ტურები თუ ხრავენ-მეთქი და შენ ცოცხალი ხარ?
_ ცოცხალი ვარ, საბალია, ცოცხალი! _ მივუგე ღიმილით და ღიმილითვე შევეკითხე, _ კი მაგრამ, შინ რა ამბავია?
_ მშვიდობა, ბათურია, მშვიდობა. სხვა აბა რა უნდა იყოს!
_ მადლობა ღმერთს! _ აღმომხდა შვებით, მაგრამ საბა ლაყბობას მაინც არ ათავებდა და ისევ განაგრძობდა,
_ მშვიდობა, ჩემო ბათურია, მშვიდობა, მარა შენ რომ კაი ძაღლი გყავდა, ის აღარაა. ისე იგულე, ჩემო ბათა, ვითომც არ გყოლია.
_ ძაღლს რა დაემართა, შე კაცო? _ შევეკითხე ხუცესს გაოცებით.
_ რა და, მძორი ეჭამა იმ ოხერს, ნამეტანი მოსვლოდა და იმას მოეკლა.
_ ამდენი მძორი სად იყო მერე, შე კაცო?
_ შენ რომ ქურანი ცხენი გყავდა, ბათურია, იმას სული გავარდა და იმის ლეშს დააძღა.
_ ჩემს ცხენს რაღა დაემართა?
_ სენაკში ჰყავდათ, იქიდან ჭენებით მოიყვანეს, თავლა არ იყო, გარეთ დაებათ და ნაოფლარზე გაცივებულს სული გაეცხო.
_ თავლას რა დაემართა, შე კაცო?
_ თავლა და ფაცხა ყაზახებმა დაწვეს, ბათურია!
_ ავაი, ჩემი შავი დღის მოსწრებას! _ შევძახე გულს ცეცხლშემონთებულმა და ხელი შუბლში სიმწრით გავირტყი, _ კი მაგრამ, სენაკში რა უნდოდათ?
_ ის შენი ბიჭი უთუთია ნაობახშია დამწყვდეული და იმის სანახავად წასულიყვნენ.
ამის გაგონებაზე მუხლთ მომეკეცა, ენა პირში ძლივს მოვაბრუნე:
_ ჩემი სალომე ხომ კარგადაა?
მაგრამ ხუცესმა პასუხი არ მაღირსა. ერთი უშნოდ დაიღრიჯა და ისე შემეხვეწა:
_ იცი, რა გითხრა, ბათურია? მომშორდი, ბიჭო, ჩამომშორდი. რაა, შე კაცო, სხვა ვერავინ ნახე, რომ შენი ამბავი გამოჰკითხო? სხვა ვინმე ნახე, ბათურია, სხვა და დანარჩენს ის გეტყვის.
მე ისე ვიყავ გაცეცხლებული, რომ მხრებში ხელი ჩავავლე და ჩემი კი არა, ვიღაც სხვისი ხმით დავიბღავლე:
_ მითხარ, მალე მითხარ, შე სულძაღლო, თორემ მაგ სულს ძაღლსავით ამოგხდი! მითხარ, რა უბედურება დამატყდა?
_ ის შენი კარგი ცოლი რომ იყო, საცოდავი სალომე, ავად გახდა და ორი კვირაა, რაც მიწას მივაბარეთ.
გავშრი, ენა მუცელში ჩამივარდა. აღარაფერი ამ სოფლისა არ გამეგებოდა. ამ ამბავმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ არც მწუხარებასა და არც დარდს აღარ ვგრძნობდი. დავრჩი ყოველივეს მიღმა.
როცა ხუცესმა მითხრა:
_ მონაწილე ვარ შენი მწუხარებისაო, _ შევკრთი, გონს ისევ მოველ.
წადი, შენ რჯული და მასაფიც არ იყოს-მეთქი, შევუტიე გაგულისებით და მერე მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა. გონს რომ მოველ, ჩემს ეზოში ვიყავ. ჩემი მშობლიური ფაცხის ნახევრად დამწვარ დირეზე ვიჯექ და ნაცარსა და ტუტას შავი ცრემლით დავტიროდი.
ეპილოგი
არავის არ უცხოვრია ისე, როგორც უნდოდა.
ვერც მე ვიცხოვრე ისე, როგორც ვაპირებდი, მაგრამ მაინც ვიბრძოდი და რა ვუყოთ, თუ ხანდახან წავქცეულვარ კიდევაც! შემდეგ კვლავ წელში გავმართულვარ და ცხოვრებისათვის თვალი პირდაპირ გამიმართავს.
ახლა, ხუცესთან ერთად ღვინოს რომ შევექცევი, ერთი ამბავი მომაგონდა.
შარშან პარასკევობაზე ვიყავ. მილეთის ხალხს თავი იქ მოეყარა.
ნაადრი გაზაფხულის მზე ზურგს საამოდ აცხუნებდა. მეც საქმე არაფერი მქონდა და გულს სეირნობით ვიქცევდი. სახვადაგესთან რომ მიველ, ვიღაც დედაბერი მომიახლოვდა და თვალებში დაკვირვებით ჩამომხედა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ახლა მეფართლეებისაკენ გავემართე. გზაში ყაფანთან შევდექ. ვიღაცას ცხენი ეყიდა, აქეთ-იქით ჭენებით სიარულსა და თავის დაჭერას ამოწმებდა. ეგრე რომ ვიყავ, ამ დროს ის დედაბერი ისევ საიდანღაც გამოტყვრა და თვალებში ისევ დაკვირვებით ჩამომხედა. მისგან ჩემი ეგრე ამოჩემება არაფრად მეჭაშნიკა და ზურგი ისევ უზრდელად შევაქციე, მაგრამ ეს გადაღრჯუებული მაინც რომ ვერ მოვიშორე! ისევ მომიახლოვდა, თვალებში ისევ ჩამომხედა და ჩიფჩიფით შემეკითხა:
_ უკაცრავად, ბატონო, და თქვენ ბათა ხომ არ ბრძანდებით?
მე თავაზიანად დავიხარე და სიბერისაგან ოთხად მოკაკულ დედაბერს ღიმილით დავხედე.
_ დიახ, ბატონო, _ ვუპასუხე, _ ბათა გახლავართ, ბათა ქექია.
დედაბერს გაეცინა და სიცილის დროს ორად ორი ცერის სიმსხო ყვითელი კბილი გულის გასახეთქად გამოაჩინა.
_ ვერ მიცანით, ბატონო? _ შემეკითხა და თვალებში ისევ მომაჩერდა.
_ ვერა, ბატონო. უკაცრავად, მაგრამ ვეღარ გცნობთ.
_ მე ხომ სიდუ ვარ, ბეჩა, სიდუ დანელიხე!
გაოცებისაგან შევკრთი.
_ რას გიცნობდით, ბატონო... _ და გული რაღაცამ ნესტარივით გამბწკალა.
ეეხ, ნეტამც არ მენახე, რა გინდოდა, შე ოხერო დედაბერო, რას მერჩოდი, რომ მოხველ და ეგრე უმოწყალოდ მოკალ იგი, ჩემი ოცნებად ქცეული ნამდვილი სიდუ?