ბაღში ქარია ისევ
ბაღში ქარია ისევ ავტორი: ტერენტი გრანელი |
ბაღში ქარია ისევ
და კვიპაროსის რხევა.
გული წამებას მისდევს
და უიმედო დღეა.
ასე დადიან ირგვლივ
და ასე გადის წამი.
ჩემი მდუმარე ფიქრი
ტყვეა ცისფერი ღამის.
და მაგონდება ისევ
ჩემი დის ბავშვი უჩა.
მივყვები გრძნობას ცისკენ,
მივყვები კამოს ქუჩას.
ბაღში ქარია ისევ,
ლექსი შეღება სისხლმა.
ყოფნას ვიგონებ ისე,
როგორც შორეულ სიზმარს.