ბედის წყარო
ბედის წყარო ავტორი: იოსებ დავითაშვილი |
1881 წელი |
რამ დაგაშრო, შე ოხერო,
ღარიბების ბედის წყარო?!
ამოდუღდი, რომ ქვეყანა
ერთნაირად გაახარო!
მე გულსა მწვავს ეს სოფელი,
ორნაირად გაყოფილი:
ბედით ჩაგრულს უღვთოდ სტანჯავს
თავის ბედით კმაყოფილი!
ზოგი ხარობს და ზოგი კი
ბნელს მარხია, როგორც ჭური,
მძლავრნი ამ ჭურს ჩასძახიან,
გაგვიწიე სამსახური!