ბოგანო
ბოგანო ავტორი: ნოე ჩხიკვაძე |
ოხვრით, ქვითინით გამოკეტა ტიალი ქოხი,
ტიალი ქოხი, ტანჯვის ბუდეთ გადაქცეული,
ღმერთი ახსენა, ხელთ აიღო შინდისა ჯოხი
და დუხჭირ ყოფნის გზას გაუდგა ბედით ეული.
ვერ აიტანა ბეჩავ გლეხმა სულ განსაცდელი,
ვერ გაუმკლავდა შიმშილს, სიცივს, ვაი-ვაგლახსა,
გამოიტირა თოხ-სახნისი, ახო, ანჯელი,
გამოეთხოვა შეყვარებულ მიწასა, წყალსა.
დიდხანს ეწვალა უბედური, დიდხანს ეწამა,
არ გასტეხოდა ტოლთა შორის ნამუსი, პირი,
მაგრამ არ იქნა, არ დაინდო იგი ზეცამა,
არ დაიშურა მისთვის ტანჯვა და გასაჭირი:
მოხნა-მოთესა, - ნიაღვარმა ლექად უქცია,
გამოაცალა მთელი წლისა სარჩო-საღსარი,
მღვდელი, მოხელე, მეზობელი მას მიუსია
და ჯოჯოხეთსა დაემსგავსა მისი სახლ-კარი.
მაგრამ განგებამ უბედურსა არც ეს აკმარა,
არ შეიწყნარა განწირული, გაწბილებული,
მალვით, ქურდულად მეფე-ჭლექი შემოაპარა,
შიმშილის სახით, ჩაგრულთ მხსნელად მოვლინებული
და ჰა, აღსრულდა! - გაზაფხულზე, მაისის თვეში
გლოვით და ზარით ორი კუბო გადაასვენა,
მიწას მიუძღვნა, რაც გააჩნდა წუთისოფელში
და მათთან ერთად მისი ყოფნის მზეც ჩაესვენა.
განა საბრალო ამას გრძნობდა, ამას ელოდა?
მაგრამ შიმშილმა, გაჭირვებამ ხარკი აიღო,
ბავშვობიდანვე მას სახელად “ტანჯვა” ეწოდა
და კიდეც ტანჯვა-ჯოჯოხეთის კარი გაიღო...
აწ რას უცადოს? რა ეძიოს სამაგიერო?
სად მოიპოვოს მყუდრო ბინა, ნავთსაყუდარი?
- იგი შენია, შენ გეკუთვნის ბედო ცბიერო, -
არ უღალატო! ჩქარა კუბო, ჩქარა სუდარი!
ის შენ მოგყვება არა რწმენით და სიყვარულით, -
ეს ოცნებები რახანია გამოიარა,
იგი სავსეა მწარე ბოღმით, სავსეა შურით,
რომ ნაღველ-გესლათ დაიბრუნოს თვისი იარა!
ივლის, იბრძოლებს... და ჩააღწევს სადმე ქალაქში,
გადაერევა ზღვა ცხოვრების გრგვინვა-ქუხილსა
და სიყრმიდანვე გამოწვრთნილი იგი ტანჯვაში
რღვევის ქარცეცხლათ შეერთობა რკინის დუღილსა.
და შეებმება ორი ძალა, ორი მსაჯული:
შრომა და ფული, მუშის ოფლი და მდიდრის მადა, -
იჭექებს მკლავი, აზვირთდება შრომის უფსკრული
და ბოროტების ტახტ-პალატი იქცევა მტვრადა...
მაგრამ თუ ტანჯულს ერთხელ კიდევ უმუხთლა ბედმა,
ვერ გაუმკლავდა უკუღმართსა შენს კანონ-წესებს,
სადმე ქუჩაზე მძიმე ტვირთ ქვეშ ის დაეცემა
და ქვეყნის ვარამს, ქვეყნის ნაღველს ამოიკვნესებს.
და რას დაკარგავს? - მხოლოდ ტანჯვას, მხოლოდ ბორკილებს,
ცხოვრების ბოღმას, რკინის გველათ შემოჭედილსა,
ცრემლით, ვაგლახით, თუმც არავინ არ გააცილებს,
არც ჩაიყოლებს სიყვარულის ხსოვნას კეთილსა!..
- ეჰ, გასწი, გასწი! გასწი, ძმაო, ეკლიან გზაზე,
ეგ სიდუხჭირე მწარე ბრძოლით აღმოიცანი,
მაინც სისხლს ანთხევ, უბედურო, წამების ჯვარზე,
მაინც ტანჯვაა შენი ყოფნა, შენი მიზანი!
ერთი გექნებათ თქვენ წამება, ლხინი და გლოვა.
შრომის ჯურღმულში, შრომის შვილსა დაგითმობს ბინას,
ერთი გექნებათ თქვენ წამება, ლხინი და გლოვა.
ერთად დაადნობთ გულის ოფლსა, ცრემლსა და რკინას.
იქ ხელს აიღებ საიქაოს სასუფეველზე,
იქ შეგზიზღდება შენ თილისმის ოქრო და ვერცხლი
და სისხლით მორწყულ ახალყოფნის საკურთხეველზე
თავისუფლებას გამოსჭედავს რკინა და ცეცხლი!