გავიდა კვირა
გავიდა კვირა ავტორი: ტერენტი გრანელი |
გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.
ცას აბარია
სულის ობლობა.
ხომ ზღაპარია
დღეს მეგობრობა.
გულია - ღერძი,
რა ქნას ხელებმა?!
და დღესაც ვებრძვი
საშინელებას.
მე, როგორც ვატყობ,
წავიდა მთვარე.
სადღაც ავადმყოფს
ახველებს მწარედ.
გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.