გამგზავრება თბილისიდან
გამგზავრება თბილისიდან ავტორი: ტერენტი გრანელი |
იყო სილურჯე ჩემი მხლებელი
და მწუხარება დუმილს ისვრიდა.
მიჰქროდა ჩქარი მატარებელი
და არ მოსჩანდა მთები ნისლიდან.
ხან ირხეოდნენ ხეები ოდნავ,
ღრუბლიან ცის ქვეშ სთვლემდა ბუნება.
განშორებისთვის გული მტკიოდა
და არ ველოდი მე დაბრუნებას.
სხვებიც ფიქრობდნენ შორეულ გზაზე
და მოდიოდა საღამო ციდან.
მიმქონდა გული სამარის მსგავსი,
მკვდარი ვიყავი და წვიმა ცრიდა.