გიშრის ნავნი

გიშრის ნავნი
ავტორი: ბესიკი


გიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ,
ირისენი მთვარეზედ კამარობენ,
ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ,
მათ-თან ჭოგრნი აღარად სახმარობენ!
აწ ედემი ტურფად ნარგიზოვანებს,
ასფოდელო მრავალ-ყვავილოვანებს,
სუფთა ქცევით ფერად-ფურადოვანებს;
მრჩობლ ხუმარნი ლამაზ-მოცინარობენ!
მარჩბივნი მარიხნი სისხლის მღვრელობენ,
ყორნის ბოლოს გაშლით მომზიდველობენ,
აბაშ-ინდნი მას გუშაგად მცველობენ,
სათად წამწამს ხშირად შეისარობენ!
მელნის ტბათა აღელვებს შვენებითა,
მშვილდ-რაინდობს ქამანდის ჩვენებითა,
უკვდავებას მოგვცემს ხელოვნებითა;
თვით-მპყრობელნი ჩემზედ კეისარობენ!
ლამპარად გვამისა ეს იცხადების;
ამის მსგავსი მარავსა იბადების;
მასთან მყოფი ნიადაგ განახლდების.
ქვეყანასა აწუხებენ, ხარობენ!