გრიგორ დარანაღცი


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სომხური წყაროები




(1576-1643)

გრიგორ დარანაღცი დაბადებული უნდა იყოს 1576 წელს დასავლეთ სომხეთში, დარანაღის ოლქის ქალაქ კამახში. მან საფუძვლიანი თეოლოგიური განათლება მიიღო სეფუჰის მთებში მდებარე წმ. ღვთისმშობლის ნონასტერში. შემდეგ მოინახულა წმინდა ადგილები იერუსალიმში, კვიპროსსა და კონსტანტინოპოლში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მას ეჭირა კონსტანტინეპოლის სომხური საპატრიარქოს ეპისკოპოსის ადგილი.
გრიგორ დარანაღციმ 1640 წლის შემდეგ დაასრულა თავისი საისტორიო თხზულება "ჟამთააღმწერლობა", რომელიც მოიცავს 1018-1640 წლების ამბებს. თხზულების I ნაწილში მოკლედ არის გადმოცემული სელჩუკთა და ოსმალთა ისტორია 1595-მდე. II ნაწილში (1595-1640) დაწვრილებით არის მოთხრობილი ოსმალთა იმპერიის ისტორია მეჰმედ III-იდან მურად IV-მდე. მასვე ეკუთვნის პერიოდის სომეხთა საკათალიკოსოების ისტორია.
საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით ინტერესს იწვევს მხოლოდ გრიგორ დარანაღცის ის ცნობა, რომელშიც ასახულია სიმინ I-ის შეპყრობისა და მისი სტამბოლის ტყვეობის ამბავი.


პუბლიკაციები

edit



ტექსტი

edit
გრიგორ დარანაღცი
ჟამთააღმწერლობა

"1598 წელს ვინმე მხედართმთავარი, საჭურისი სახელად ჯაფარ ფაშა მოვიდა აღმოსავლეთში, დაჯდა თავრიზში, თავისი შხამის სიმწარე მრავალ ადგილას მიმოანთხია და ბევრი ქვეყანა გააუკაცრიელა და მოაოხრა.

მან შეიპყრო ქართველთა მეფე სიმონ-ხანი მისივე ქვეყანაში, მაგრამ არა ბრძოლის ველზე, არამედ ღვინის სმის დროს სალოცავში, რადგანაც ხსენებული ჯაფარ-ფაშა მთელი თავისი ლაშქრით დაიძრა მის წინააღმდეგ და ალყა შემოარტყა მას სალოცავში. როდესაც ვინმე სიმონის მახლობლებიდან მოახსენებდა მას, რომ აი თურქები გარს შემოგვადგნენო, ღვინით გაბრუებული სიმონი არ უსმენდა მას, პირიქით სჯიდა ასეთ აბეზარს.

ამ საფრთხეში ყველამ მიატოვა იგი და გაიქცა. სიმონი მარტო დარჩა. თურქები მოვიდნენ, შეიპყრეს იგი და თავრიზში წაიყვანეს. იქიდან კი ხსენებულმა საჭურისმა ჯაფარ-ფაშამ სიმონი გაგზავნა კონსტანტინეპოლში სულთან მეჰმედთან, რომელმაც იგი ჩასვა საპყრობილეში, რომელსაც ედი-ყულე ეწოდება.

ასეთ უბედურებაში მყოფმა სიმონმა განიზრახა მაჰმადიანობის მიღება, მაგრამ სხვის მოსაჩვენებლად და არა გულის წადილით, რომ იქნებ ასე მაინც ეწყალობინათ მისთვის რომელიმე ადგილის მბრძანებლობა და გაეთავისუფლებინათ იგი, რათა შემდეგ იმ ადგილიდან თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო. სულთან მეჰმედს უნდოდა მიეცა მისთვის რომელიმე ადგილი მისივე თხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ დიდებულებმა და ზოგიერთმა ცბიერმა სულთანს აუგი უთხრა მასზე და არ ურჩია სიმონისთვის სამმართველო ადგილის ბოძება და თან ამას ეუბნებოდა - "მაგან უკვე ერთხელ ასევე იწამა მაჰმადის რჯული, როდესაც ხელში ჩაუვარდა სპარსეთის ხელმწიფეს, ამ ხერხით გაიქცა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში".

როდესაც სულთან მეჰმედმა გაიგო ეს ამბავი, აღარ გაათავისუფლა სიმონი და საპყრობილეში ჰყავდა თავის სიკვდილამდე. სიმონი საპყრობილეში იჯდა სულთან აჰმედის დრომდე, მაგრამ არც მას დაუბრუნებია თავისუფლება სიმონისთვის, რომელიც იქვე გარდაიცვალა. თურქებმა სიმონის ცხედარი წაიღეს და დამარხეს თავიანთ სასაფლაოზე. ასეთი საშინელი იყო მისი აღსასრული სიმთვრალის მიზეზით.

ის უბედური სომხების დიდი მოსიყვარულე და განსაკუთრებით ვარდაპეტების დიდი პატივისმცემელი იყო იმდენად, რომ როდესაც დიდი ვარდაპეტი იაკობი ეახლა მას სანუგეშებლად, საპყრობილეში მყოფმაც კი თავისი პატივისცემის მრავალი ნიშანი უჩვენა მას. გაგვიგონია, რომ თავის ქვეყანაშიც ასევე იქცეოდა. ჩვენც ვიხილეთ იგი, როდესაც კარიდან შევიხედეთ მის საკანში, მაგრამ თურქმა მცველებმა ნება არ მოგვცეს ახლოს მივსულიყავით და გვესაუბრა მასთან. იგი აღესრულა 1608 წელს."