გულბაათ ჭავჭავაძე
გულბაათ ჭავჭავაძე ავტორი: ლადო ასათიანი |
1942 წელი |
უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სედა
და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.
დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:
ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,
ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.
მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,
მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,
თავი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.
სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლის მფრქვევლები,
მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.
მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მსმელი კაცები,
ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.
და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,
როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,
როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, -
მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,
გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,
და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:
- კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება დამილევია
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.
- ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადაგრჩათ მარტო,
ღვინო შეუვსეს და მოართვეს ჭინჭილა ბატონს.
შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,
წყენით წამოცდა: „ეს ოხერი რომ არ გათავდა!“
სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,
თვალთ დაუბნელდა დაეკარგა მუხლებში ძალა,
წაიბორძიკა, წაიფორხილ-წაიბანცალა
და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,
აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.
ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.
გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში,
და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.
თითქოს იტყოდა: „მასპინძელო, ეს რა კაცია,
ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!“