გული თბილისისათვის

გული თბილისისათვის
ავტორი: ტერენტი გრანელი


მე დავბრუნდი გუშინ,
გამოვიარე გველივით დაკლაკნილი გზები,
ახლა სიჩუმეა მხოლოდ.
შეიძლება შრიალია ოდნავ.
იქნებ ხმამაღლა უძახიან ვისმეს.
მე ვამბობ იმ მხარეზე, რომელიც უკვე დავტოვე.
ახლა აქა ვარ.
უიმედო დღეებმა ნელა ჩაიარეს.
ისევ მოდიან მოსაწყენი დღეები.
ღია სამარეს გავს ჩემი საკანი.
წმინდაო ღმერთო! მე ვიღუპები თანდათან
და ვგრძნობ უკანასკნელ წამის მოახლოებას.
არ ქრებიან: დღეები, შუადღეები, საღამოები.
კედლებზე სდუმან ძველი სურათები და ერთ წერტილს
უმზერენ დაჟინებით.
რა ძნელია სანთელივით გაჩერება.
ჩემი გული ყვითელ ფოთოლივით ჩამოვარდა წუხელ.
ო, ჩემო დავიწყებულო დედავ! ან მამავ! სადა ხართ?
დრო სიზმარივით გადის.
სხვანაირად მეგონა წინათ.
ჩემი გული, რომელიც ჩამოვარდა წუხელ,
დღეს ქალებმა იპოვეს ბაღში.
მე ახლა აღარა ვარ.
ჩემი გული გადაეცით თბილისს
თუ აღმოჩნდა სადმე.

რესურსები ინტერნეტში

edit