დაბარებული

დაბარებული
ავტორი: ნიკოლოზ რაზიკაშვილი
1887 წელი


მშვიდობით წადი, ბულბულო,
მშვიდობით შენი მგზავრობა!
იერუსალიმს გაუვლი,
ჩაჰძახე ჩვენი წახდომა,
ჩვენი მუდმივი დუხჭირი,
ჩვენი მუდმივი შეცდომა.
 
ზღვა-ზღვა მივცურავთ უაზროდ,
ნიჩბების მოუსმელადა,
არც-რასა ვნაღლობთ, უშტარი,
ბედი გვყავს წინამძღოლადა,
გავალთ თუ დავიღუპებით,
არა ვიცით-რა სწორადა.
 
აღარც გული გვაქვს, აღარც ჭკვა,
აღარც თაკილი სადმეა,
არა გვგონია სმა-ჭამის
გარდა საგანი რამეა.
რომ ჰბრუნდებოდე, ბულბულო,
ეგებ რამ დაგაბაროსა,
ყველაფრის წამალ ის არის,
ეგებ რამ მოგვაგვაროსა,
თუ არა - რისათვის ვიყო? -
ბარე მეც მიმიბაროსა...
უთხარი ჩვენსა შოთასა,
იქა ჰმარხია, მგონია,
ჩვენ მიერ დავიწყებულსა,
უცხოეთს განუსვენია.
სანამდე მიწა იქნება,
ან ივერიის ძენია,
ისაც იქნება ცოცხალი,
ნურაზედ მოუწყენია.
იქნება იმის ცხედარსა,
შთომილსა უცხო მხარეში,
ენატრებოდეს აქ წოლა,
მ თავის საქართველოში.
იქნება ბევრიც ინატრა,
თავის სიკვდილის წამებში,
კიდევ ენახა თამარი,
დაჰცქერებოდა თვალებში.