დაეწაფა სურვილით

დაეწაფა სურვილით
ავტორი: ვასილ ბარნოვი



1 მაისის ღამე იყო, ბადრი მთვარით გაბრწყინვებული. სოფელ შვინდიანს ჯერ არ ეძინა. დიასახლისები ვახშამს ამზადებდნენ; ძილმორეული ბავშვები დედებს გარს ევლებოდნენ, კალთებს უჭერდნენ, არ შორდებოდნენ; დამაშვრალნი მუშაკნი იშმუშნებოდნენ, ვახშამს ელოდნენ, შეღერებული გოგოები საუბრით ვერ გამძღარიყვნენ და, თუმცა ბევრჯელ ეთქვათ, ღამე მშვიდობისა, მაინც ერთმანეთი არ ეთმობოდათ, სიტყვა ვერ შეეწყვიტნათ, გაყრა უმძიმდათ. ფოცხვერაანთ ბაბუცამ მიართვა თავისებს ვახშამი, თითონაც მოკიკნა ცოტა რამ, ოდნავ შეახო ღვინოს და გამოვიდა გარეთ. ღობესთან ურემი ეგდო, იმას დაეყრდნო ქალი. გადაღმა დიაკვნიანთ სახლიღა იდგა. იმის იქით იწყებოდა აბიბინებული მინდორი, ხასხასი ყვავიმებით მოქარგული; ღამის ნიავს სუნნელება მოჰქონდა იქიდან. ქალმა მთვარეს დაუწყო მზერა. ის შენატროდა ღამის გუშაგს, შესტრფოდა ბრწყინველეს. ესაუბრებოდა მთვარეს, გულის ნადებს უზიარებდა. სავსე მნათობიც ულერსებდა ქალს, ყელს ეხვეოდა, თმას უვრაყებდა, მკრთალ სახეს უსხივოსნებდა. ზრუნვით დაჩაგრულ გულს უნათებ-უნუგეშებდა. მანგი მესაიდუმლე იყო ბაბუცასი. ქალი უმაბობდა მას თავის დარდს და ისიც ზეგარდმო პასუხს აძლევდა, ანუგეშებდა. ბაბუცამ იცოდა, რომ ბადრს არ გამოეპარებოდა რა, რადგან ის ღვთის შვილი იყო ქვეყნის საიდუმლოების მკრეფავი. სხვებს კი მხოლოდ მნათობი რამ ეგონათ უსულო. ბადრს ძალიან უყვარდა ბაბუცა. რამდენჯერმე სხივებიც შემოარტყა წელს და თავისკენ აიზიდა. ქალი მაშინ ისე დადიოდა დარბაზის გვირგვინზე, როგორც ფრინველი რამ. სხვებს კი ავადმყოფობა ეგონათ ეს, ფრთხილობდნენ არ ჩამოვარდესო. შიშით ხმას ვერ იღბედნენ. რა იცოდნენ, რა მაგრა ეჭირა მთვარეს ქალი. თუ ისე მძიმე არ ყოფილიყო სხივებისავით ქალის მიწიერი სხეული, მთვარე სულაც თავისთან მიიზიდავდა გოგონას. ბაბუცა სხვა მნათობებსაც იცნობდა, სამყაროზე მოფენილებსა; ბევრჯელ სტკბებოდა მათი მიუწვდომელი სიტურფით. რა სასკვირველია ესა? გასაკვირველი კი არა, შესამჩნევი კი არის, რამდენი ატარებს სიცოცხლეს ისე, ზევით არ იხიდება, ან და თი აიხედება, მნათობებით მოოჭვილ სივრცის საიდუმლო სიდიადე-სიმშვენირეს ვერ შენიშნავს, ვერ შეიგნებს. მარტო შრომის შვილებზე არ ვამბობ ამას, რომლებიც შავს მიწას ჩასცქერიან, რადგან იქიდან ამოაქვთ პური არსობისა; უღელახსნილებზე და იალაღზე გაშვებულებზედაც მოგახსენებთ ამას.ბაბუცამ რომ ზეცის მზერა იცოდა, ეს მისმა ოსტატმა და დედობილმა ასწვალა მას ანბანთან ერთად, - დიაკვნის ცოლმა მარინემ. 2 ქალი დაღონებული შეჰყურებდა მნათობს; თვალთ ნამი წამოადგა. - ახ, მთვარევ, მთვარევ, დამწვართ იმედო! - ჩაიღიღინა ქალმა და ცრემლი მოიწურა. - მე კი ვეღარ მაიმედებ, სასურველო, დათვლილია ჩემი სიხარულის დღეები. მაინც მსურს ჩემი ტანჯვა შენ გაგიბედო. მაშ ვის შევბედო, ვის მივმართო, ვის შევტირო? ჩემისთანა საწყალი ადამინის იმედი ქვეყანაზედ არ არის, ზეცაშია. ჩემისთანა ბეჩავ კაცს აქ ვინ მოუსმენს?!... ბედნიერებას ხომ ვეღარ მომანიჭებ, მაგრამ კეთილი ხარ ჩემი და თხოვნა ამისრულე: შენი ვერცხლის სხივებით მოაულერსე ჩემ ქოჩორა ილიკოს! არ კი გააღვიძო, ძილი არ შეუშფოთო! დამაშვრალია საწყალი: დაქანცული ჩამოვიდა წყეულ სკოლიდან და მოსვენება უნდა. შეუბრალებლივ უმუშავებიათ, უტანჯიათ. გამხდარა, გაცრეცილა, ვარდი შეჰქმნია ზაფრანად. თითონ ხომ შებრალება არ აქვს თავისი თავისა: სულ წიგნს ჩასჩიჩინებს; თვალებს იწყალებს, ლამაზ თვალებს. დააძინე, მთვარეჯან, წყნარად დაუხუჭე თვალები; უთხარ, შენთვის გულმკვდარი ბაბუცა გეალერსება-თქო. - ერთი წელიწადიღა მაკლია და სწავლას გავათავებ, მემრე რუსეთს წავალ, მეცნიერებას შევიძენ, კაცი შევიქმნები, პატიოსან ცხოვრებას შევიძლებო; იცი ჩემო ბაბუცი, თავის დღეში არ დაგივიწყებ, დაზედ უტკბესად მიყვარხარო. როგორ ამიჩუყდა გული, როცა ამას მეუბნებოდა! თავი ვეღარ შევიმაგრე, ავქვითინდი. - ვაჰ, ნეტავ შემეძლოს მტლედ დავუდო ჩემი საწყალი თავი მის სიცოცხლეს, თავს შემოვევლო მას. მაგრამ ვინ მე, ვინ ის! ის ნასწავლი, მშვენიერი ყმაწვილი კაცი,მე ერთი საწყალი გლეხის გოგო! პატარობისას იმასაც კი ვუყვარდი. ეხლაც ვუყვარვარ: მოვიდა თუ არა, ჩემთან მოირბინა. მაგრამ ვუყვარვარ დასავით, დიახ, დასავით... იმის დედას მეც ხომ დედილოს ვეძახი, რადგან მისი ძუძუ მომიწოვნია, მისი აზრდილი ვარ. აბა როგორ მომიხვდება, რომ მიყვარს?! თუნდაც მიმიხვდეს, ჩემისთანების შერთვას რას იკადრებს. მე კი უიმისობა აღარ შემიძლიან; მისი უბრალო შეხება მაწამებს, თრთოლას მგვრის! გული მტკივა, გული!... რა მალე მომესპო ყოველივე ბედნიერება! ჩემი ტოლი გოგოები სიხარულით აროან სავსენი. აგერ ზარივით გაისმის მათი კასკასი; ისინი კეთილს ელიან, მე კი... 3 - უი, ქა! - შეჰკივლა ბაბუცამ, როდესაც ილიკო უეცრად ღობეს გამოსცდა, ხარიხებს გადაევლოდა მის გვერდზე გაჩნდა. - შეგაშინე? - შეეკითხა სიცილით ილიკო, - შორიდანვე დაგინახე და მოგეპარე. ისევ შენებურად გიყვარს მარტოობა? - ვახშამი მივართვი და გამოველ; მთვარემ გამომიტყუა. - ბაბუციჯან გიტირნია?! თვალები რადა გაქვს ნაცრემლი? - ისე უეცრად დავღონდი, ცრემლი მომივიდა; ხშირად ვიცი ესე. - ხომ ყველანი კარგადა ხართ, ხომ არა გაღონებს რა? - არა, კარგადა ვართ. ისე, გული რასმე ღონობდა. ან კი რა უხარაიან საწყალ კაცს ამ ქვეყანაში. - სევდა რამ შემოგწოლია, თორემ საწყალი რად იქნები. ან თქვენი ოჯახი ვის ოჯახს ჩამორჩომია, ან ენ ვიზედ რა ნაკლები ხარ. ცოდნით ხომ ამ სოფელში ტოლი არა გვყავს. აი, შე ეშმაკო! ალბათ, დანიშნულმა გაწყენინა რამე. - ვინ დანიშნულმა, ქა?! - დედამ მითხრა, მეღორიანთ ჭიჭიკა თხოულობსო. რას მიმალავ? - უწინამც დღე გაუქრეს იმ ჭიჭიკას, ბაბუცა სათავისოდ არა ნახოს. - ეგრე იძახის, გული გიმღერით. შენი ჭირიმე ბაბუციჯან, მითხრა, ძალიან გიყვარს ჭიჭიკა? - შეეკითხა ილიკო. და წელზე ხელი მოხვია, თვალებში ჩახედა. ვაჟის შეხებაზე ქალს ნეტარების ჟრუანტელმა დაუარბინა და თრთოლა დააწყებინა. ილიომ იგრძნო და თანაგრძნოპბით ჩაეკითცხა გოგოს: - ხომ არ გცივა, გენაცვალე? ჯერ ისევევ ნესტია, შენ კი ცარიელი კაბით გამოსულხარ. ხომ იცი, სუსტი ხარ. შალი გამოგიტანო? -ვაჟის ამისთანა მზრუნველობამ ქალი უფრო ააღელვა. ბინდბუნდად იგრძნო ილომ ქალის სევდა, ქალის გულის კვნესამ იმასაც გული ატკინა. დაიფანტა ახალგაზრდა, გამოურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდა. - ილიკო, შენა ხარ, შვილი? - მოისმა ბაბუცას დედიდის ხმა დერეფნიდან. - მე ვარ, სალომე! შინ მივდიოდი, ბაბუცა დავინახე და შემოვბრუნდი. ნეტავ არ მოვსულიყავ! ბაბო! რაღაზედაც არის დაღონებული. - ამ ბოლოს დროს ეგრე დასჩემდა, დადის დაძმარებული და თვალცრემლიანი, აგრე ორი კვირაა, აქა ვარ და ეგ გაცინებული ჯერ არ მინახავს, არ ვიცი, რა დაემართა, რა ცოდვა ეკითხა. საწყალმა მაგის დედამაც მაგრე იცოდა. ლამის სამკითხაოდ გაგვიხადეს საქმე. - აკი გეუბნები, ადამიანო, გათხოვება უნდა და გულს ვეღარ მოჰრევია-მეთქი, - მისცა ხმა ბაბუცას მამამ. - იცი, ილო, - მიუბრუნდა ყმაწვილკაცს, - მეღორიანთ ჭიჭიკა მთხოვს ბაბაუცას და შემოდგომაზე გვექნება ქორწილი. ნეტა ერთ -ორი დღით გამოგიშვებდნენ სკოლიდან. - თვალთ ჭიჭიკასაც დაუდგა! - ჩაიტუტუნა ბაბუცამ და შინ შეტრილადა. - შენ ქორწილზე ლაპარაკობ, გოგო კი როგორღაც უარზედ დგას; არ ვიცი, რითი გათავდება საქმე, - უთხრა სალომემ. - რითი სწუნობ, ადამიოანო? შეძლებით მე მჯობია და თითონ ბიჭიც კარგია. მე ვიცი სიმღერას დაუწუნებს! იცი, ილო, ჭიჭიკა რომ შემოსძახებს, გოგოებს სული მისდით. - ოღონდაც რომ დასაწუნი არ არის, მაგრამ გოგო როგოღაც შორს იჭერს საქმეს. 4 - დედიჯან! ჩვენ ბაბოსთან გადავივლი, დიასახლისობას მივულოცავ; ვნახამ, როგორ მოეწყო ქმრისას. - კარგს, იზამ შვილი! წადი, ნახე: გაეხარდება დაღონებულს. - დაღონებულს თუ გახარებულს? - დაღონებულს და წყალწაღებულს. - მემრე რამ დააღონა, რამ მისცა წყალსა მდინარსა? - რა ვიცი, შვილო! წადი ნახე; იქნება გაიგო რამე. ქალი ის აღარ არის, რაც იყო; ვეღარ იცნობ. - იქნებ ქმარი ვერ გამოადგა? - ქმარს რა უჭირს გლეხკაცობის კვალობაზე: მშრომელი კაცია და პატივისმცემელი, მაგრამ ქალმა აითვალისწუნა, შეიჯავრა; ყველა იმის სიტყვა, თუნდა ალერსი, ემკვლელება. გულს ეკლად ეხირება. ამბობენ, ჯვრისწერისას მგლის ქონი მოსცხესო კაცს და მგლის თვალზე დაანახვესო ცოლს. - შენც დაიჯერე! სხვა რამ მიზეზი იქნება. იქნება ქალს არ მოსწონდა საქმრო და ძალად მიათხოვეს კაცს. - ძალად რა პასუხია! ეკლესიაში თანხმობა გამოაცხადა, თავი დაუკრა მღვდელს. ისიც კი უნდა თქვას კაცმა სულ-ქვეშ, რომ ეჭვი ჰქონდათ ქალისა და გარს ალესილები ედგნენ. ვინ იცის, შეიძლება მართალიც იყოს, რასაც შენ ამბობ და ქალს ის კაცი არ მოსწონდა, მაგრამ ეგ ხომ ხშირად ხდება, მემრე ეჩვევიან ერთმანეთს. ბაბო კი გაბოროტდა და გააწამა ოჯახი. ვინ მოელოდა იმ მშვიდი ქალისაგან მაგისთანა ამბებს. - საკვირველია, ღმერთმანი! წავალ, ვნახამ; იქნება გავიგო რამე იმათი და ვარგო რამე. ყმაწვილი რომ გავიდა სახლიდან, დედამ მოსიყვარულე თვალი გაადევნა და ჩაფიქრდა. -ისე ვგრძნობ, რომ საწყალ ბაბოს ჯიგარი ჰქონდა ჩავარდნილი ჩემი ილიასი. ან რა საკვირველია შესთვისებოდა ამ მშვენიერ ვაჟკაცს, როდესაც ერთად შევზარდე ბალღები. რომ წამოეღერნენ ყმეწვილები, უნდა დამეშორებინა ერთმანეთისათვის, იმთავითვე უნდა მეფიქრნა, რომ ერთადა ვზრდიდი სხვდასხვა გზით მიმავლებს. 5 ყმაწვილი კაცი რომ შევიდა ბაბოსთან, ქალი საკერავს აკეთებდა, მიემშვიდობა, მოიკითხა. აათვალ-ჩაათვალიერა სახლი. ყველაფერი რიგზე იყო და სუფდად. მოსაქმე დიასახლისის უნარი ეტყობოდა ბინას. ქალიც სუფთად იყო ჩაცმული. ერთი შეხედვით ამ გლეხობის კვალობაზე კარგად მოწყობილ სადგომს არ ეტყობოდა რამე უწესობა, დაუდევრობა, გულის აყრა. ქალის სახეს კი აჩნდა ცვლილება. პირის კანი ატკრეცილი ჰქონდა, კილოიანი ლმობიერი თვალები თითქო დამრგვალებულიყვნენ, წამოკაკლულიყვნენ, სისხლი მოჰრეოდათ; სიმშვიდე გამქრალიყო იმათში. უწინ რომ გულუბრყვილოდ იცოდა პირდაპირ მზერა, ეხლა კაცს თვლას არიდებდა. სხვას რასმე უყურებდა. ილოს შესვლაზე ქალი ჯერ შეკრთა, ფერი წაუვიდა, შეტორტმანდა, მაგრამ მალე შეიმაგრა თავი და მიეგება სტუმარს. ხმას სილბო დაჰკარგოდა, მჭახე ბგერა ისმოდა იმაში; მოკლედ და მკაცრად გამოიტყოდა სიტყვას. თავი კი ისე ეჭირა ქალს, საუბრის დროს, რომ ვაჟს ეჭვი შეეპარა დედის ნაამბობზე, იფიქრა, ალბათ გაზვიადებულია ქალის გაბოროტების ამბავიო. ვერაფრის გამოკითხვა ვერ გაბედა, მაგრამ როდესაც ზედ დატანებაზე ჭიჭიკა შემოვიდა, ქალს თვალები აერია და სახემ სასტიუკი გამომეტყველება მიიღო. კაცის ყველა მოძრაობას ეტყობოდა სიფრთხილე, თითქმის შიში და ეს მით უფრო მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ მის მოკრთალებით სავსე თვალებში ცოლისადმი სიყვარული იხატებოდა. ამაო გამოდგა კაცის სიფრთხილე: როდესაც ის ქალის ახლოს ჩამოჯდა და დაღლილმა მადიანად ამოიქშინა ქალმა ისე მედგრად წაუსისინა, რომ კაცს მთავარცნება დააკარგვინა, სირცხვილით გაწურა. ამის შემდეგ კაცის ლაპარაკი, მიდგომ-მოდგომა, ჭამა-სმა, ან რაიმეს მიწოდება და ყოველი მისი მოძრაობა ისეთი ნაძალადევი და უხერხული შექინა, რომ უნებლიეთ ყურადღებას იქცევდა. ქალს ბრაზზე ხეთქავდა ეს, თუმცა კი ცდილობდა დაეფარნა, სტუმრისათვის არ შეემჩნევინებინა, რომ ქალი შაქზე იდგა და მზად იყო ქმრისთვის ყანყრატო გამოეღადრა, ამას ჭიჭიკაც და სტუმარიც ცხადადა გრძნობდნენ; თითონ ქალიც ხედავდა კაცების უხერხულ მდგომარეობას, მაგრამ თავს ვეღარ იმაგრებდა. ამ გარემოებამ შეხუთა სიამოვნება, სული ამოაძრო კეთილგანწყობილებას და ვახშამი შხამად გადააქცია. როდესაც ვაჟი გამოეთხოვა ცოლ-ქმარს და გამოვიდა, ისე იგრძნო თავი, თითქო მძიმე რომ ტვირთი მოეხსნაო, თითქო ცუდ სიზმარს გამოერკვაო. თავისუფლად ამოისუნთქა. - ნეტა რა დაჰმართნია იმ მშვიდ ქალს, რომ ესე საშინლად გამოცვლილა, - ფიქრობდა ილიკო. - ბაბუცა არის ისევ, მაგრამ თანც ის არ არის; ისევ ჩემი დობილია, სული კი ფოცხვერისა უდგა, აფთრის გული უძევს. 6 ძნელ გარემოებაში ჩააგდო ბაბუცამ ქმარი და ოჯახი. უფრო ის იყო ცუდი, რომ ქალი ჰხედავდა რამდენად უდიერად ეპყრობოდა ვაჟკაცს, მისი გონების თავლი ნათელი იყოდა ყველაფერს სწორედ ამჩნევდა, მხოლოდ ძალა აღარ ჰქონდა თავი შეეკავებინა. რახან ერთხელ ჩათვალა ჭიჭიკა ბედნიერების მომშლელად, გული ვერარ გაუსწორა იმას; იგი მიიჩნია ავაზაკად, რომელსაც მოსტაცა ქალს თავი და მიითვისა, რომელმაც დაისაკუთრა სხვისათვის გამზადებული სიხარული. მართალია. ქალი გრძნობდა, რომ იგი სხვა მტვირთველი არ იყო ამ ბედნიერებისა, რომ იგი სხვა ვერც კი წარმოიდგენდა ამ სიხარულს სათავისოდ, რომ იგი სხვა არც ჩასთვლიდა სასიკეთოდ ამ კეთილს და ზიზღით ზურგს შეაქცევდა ქალს, თუ დაინახავდა მის ვნებათა ღელვას - ქალი გრძნობდა ყველა ამას, მაგრამ მაინც რაღაცა გაცრუებული იმედებით გატაცებული იბოროტებდა თავს. რა იყო მიზეზი ამნაირი მისი ქცევისა ან მიზანი? მიზეზად მხოლოდ ის მიაჩნდა, რომ ქალს არ დასცალდა თავისი უიმედო სიყვარული გაეცხადებინა ვაჟისათვის, ჭიჭიკამ არ დააცადა ეს. - თუ ამ ჭიჭიკას არ წამოვეყვანა, იქნება მარჯვე დრო ჩამვარდნოდა ხელში მეთქვა ყველაფერი ყმაწვილისათვის. ვინ იცის, ისეთ გუნებაზე შემდგარიყო, რომ ეჩუქებინა ჩემთვის თავისი თავი. ის ხომ თავის დღეში არას დაიშურებდა ჩემთვის, - ფიქრობდა ქალი. მიზანი კი ქალის უგვან ქცევას არა ჰქონდა განსაზღვრული. ქმრის გაქრობა, მისი მოსპობა არა ჰქონდა სახეში. ავი იყო თუ კარგი, მისი ქმარი იყო და ვერც უკეთეს იშოვნიდა, თუნდაც ხელახლა დაჰბრუნებოდა მას მისი ქალობა. მაშ? მაშ და მხოლოდ ეს სტანჯავდა: რადგან თითონ იტანჯებოდა სურვილის გაცრუების გამო, შურდა, რომ მისმა ქმარმა მიაღწია თავის მიზანს და შეუძლიან ნეტარება. აი ამ ნეტარებას უშხამავდა; უნდოდა მიღწეული მიზანი კაცისთვის ტანჯვის ბუდედ გადაქცეულიყო. ესეთი აზრი მოჩანდა ბუნდად მის გონების თვალწინ. მხოლოდ მისი მოქმედება უფრო გრძნობას ემორჩილებოდა: ქმრის ტანჯვა ერთგვარ სიამოვნებას ჰგვრიდა მის გასასტიკებულ გულს და, თუმცა ესმოდა ქალს ამა სიმკაცრის უსამართლობა, მაგრამ ნება მოსდუნებოდა და ღონე აღარ შესწევდა თავი შეემაგრებინა. ქალის უკმეხმა ქცევამ გააბოროტა, გაამწარა კაცი, ცხოვრებოს მიმდინარეობა შეურყია, სიცოცხლის ნაკადი აუმღვრია, მოთმინების ფიალა დააცლევინა. ერთხელ, როცა გაასპიტრებული დედაკაცი ცხვირში თითებს სტაკებდა ქმარს და დაჰკიოდა, გაბეზრებულმა კაცმა ვეღარ მოითმინა, სწვდა ყელში და ტახტზე გულაღმა გადაჩეხა მოჩხუბარი. დაჩაგრული კაცი თვითონვე შეკრთა თავის უცაბედ მოქმედებაზე; შეშინდა, ეგონა, ცოლი მთლად გაცოფდებოდა, სირცხვილს დაჰკარგავდა, სიავეს სახლიდან გამოიტანდა, გზას გამოაცილებდა, შარაზე გამოჰფენდა და სახალხოდ თავს მოჭრიდა ოჯახიშვილს. მთლად შეირხა, შეიკუმშა ვაჟკაცი ამ უბედურების წარმოდგენით. ქალს ზაფრანის ფერი დაედო და აკანკალებული ფეხაკრეფით გადავიდა კარისაკენ. თან ყელზე ხელს ივლებდა იმ ადგილას, სადაც მუხრუჭივით მოუჭირა კაცმა თითები. ჭიჭიკა დიდად გაჰკვირდა, ამ შემთხვევას რომ გრიგალი არ მოჰყვა, მაგრამ როდესაც ცოლის თვალებში შენიშნა ზავთი, განუსაზღვრელი სიძულვილი, შეკრთა,გულმა ცუდი უგრძნო. 7 ამ შემთხვევის შემდეგ ქალი თითქო დაწყნარდა, შეასვენა ვაჟკაცი. მოეშო, თუმცა კაცს ეს ვერ ახარებდა: ის ცოლის თვალებში ისევ ხედავდა ზავთს, რომელიც იმ უბედურ წუთს შენიშნა. ეს ბოროტი ქალის თვალში იზრდებოდა, განსაზღვრულ სახეს იღებდა, განხორციელებას ჰლამობდა. უთუოდ უნდა ეფთქნა ამ გრძნობას, მხოლოდ კაცმა არ იცოდა, რაში გამოისახებოდა ის, და შეეპყრო იგი გამოურკვეველ სიავის მოლოდინს, ქალი კი გაჩუმებულიყო, ერთხელ შეჩვეულ საოჯახო საქმეს უკლებლად ასრულებდა, ტრიალებდა; ყველა თავის მოვალეობას პირნათლად უძღვებოდა. ნათესავები ჰხედავდნენ ქალის სიწყნარე-საქმიქანობას და დამშვიდნენ, კიდეც გამხიარულდნენ. - აკი, გეუბნებოდი, ქრისტიანო, კარგი ვაჟკაცია და ადრე იქნებოდა თუ გვიან ქალს შეიჩვევს-მეთქი, - ამბობდა ერთი. - ხომ გითხარ, წვერის წმინდა გიორგიმ იცის-მეთქი მაგისთანა მიზეზი. ვენაცვალე იმის მადლს, რომ შეიწყნარა ვედრება და ოჯახი დაგიმშვიდათ, - ამბობდა სხვა. - თუ მაგისთანა შემთხვევებში ვაჟკაცმა თავის ძალა არ უჩვენა ქალს და არ დააწყნარა, უიმისობა არ შეიძლება, - ამბობდა მთელი თავისი არსებით. მართლა და, ორად გაიყო ქალის არსება: ქალი რომ შრომობდა და ცხოვრების ჭაპანს ეწეოდა სხვებთან ერთად, მისი გონება სხვაგან იყო, სხვასა ფიქრობდა, სხვასა გრძნობდა, სხვა სურვილს ემონებოდა. ის მარად გრძნობდა თავის ყელზე ქმრის ხელს, გველებივით შემოჭდობილ მის თითებს და ბეწვი ეშლებოდა. ვერაფრით ვერ ჩამორეცხა იმ საშინელ სალტის კვალი. ქალი წაეღი იმის ფიქრს, რით უნდა წაეშალნა ის ჯოჯოხეთური კვალი, ეს აუცილებელი იყო, რადგან ამ კვალს ხომ ყველა ხედავდა, ამ კვალს ილოც ხომ დაინახავდა და მაშინ მის დამცირებას საზღვარი არ ექნებოდა. ახლა ეს ბოღმა რომ ბურთივით ყელში ებჯინებოდა ქალს, იმას კი ჩარეცხა არ უნდოდა, იმის ჩატანა კი საჭირო არ იყო? წყალი ვერ რეცხდა თითების კვალს, წყალს ვერ ჩაჰქონდა ბოღმის ბუშტი: ქალმა რამდენჯერმე სცადა ეს. მაგრამ ამაოდ. მხოლოდ თბილი სისხლი მოჰბანდა იმ ჯოჯოხეთურ კვალს და დაშრეტდა ბოღმის ალს. რაც უფრო იზრდებოდა ეს მისი ჰაზრი, მით უფრო ფრთხილობდა ქალი; მშვიდად იქცეოდა, მორჩილებას იჩენდა. ლაპარაკის დროს თვალები ძირს ეჭირა, ქვექვე იხედებოდა, მითომ და მოკრთალების ნიშნად, ნამდვილად კი იმისათვის, რომ არავის ამოეკითხნა მისი გულის პასუხი, არავის შეენიშნა ის სისხლისმსმელი ფოცხვერი, რომელმაც გაიღვიძა ქალის არსებაში და რომელიც შესაზარად გამოიყურებოდა მის თვალებიდან. თავის გაზომილი ქცევით ბოლოს და ბოლოს თვით ქმარიც შეცდომაში შეიყვანა და დაამშვიდა. დაიმედებულმა კაცმა შუბლი გაიშალა, წინანდებურად ხალისიანად დაიწყო ცხოვრება. 8 სოფელ შვიდიანში ობა იყო. მეღორიანთ სახლი სტუმრებით აივსო. ჭიჭიკამ მოიმხიარულა. რომ შეზარხოშდა, თავისებურად შემოსძახა. დიდი ხანი იყო არ ემღერნა ჭიჭიკას და რახან ერთხელ ყბა გახლიჩა სათქმელად, დავიწყებას მისცა თავი. ისე გულიანად გასძახოდა, ყველა ასიამოვნა. ბაბუცა შეჰყურებდა გახარებულ ვაჟკაცს და მისი მხიარულება ეკალივით ესობოდა გულს. მაგრამ რას იზამდა? ჩხუბი აეტეხნა და ხმა ჩაეკმინდებინა კაცისათვის, არ შეიძლებოდა სტუმრების გამო; ესეც რომ არ ყოფილიყო, ეშინოდა კიდეც ქალს ქმრისა, რადგან ეხლაც ისევე ცხადადა ჰგრძნობდა ყელში წაჭერილს ქმრის ხელს, თითქო ჯერ არ მოშვებიაო ისი ხელი. ოო! ეს გრძნობა იყო, რომ გულს უწუხებდა ქალს: მძლავრი თითები გველებისავით შემოსჭოდნენ ყელს და სულს უგუბებდნენ, ჰგუდავდნენ. ქალი გაამწარა ამ გრძნობამ და ეს მით უფრო, რომ ბოღმას გულში იტრიალებდა, ვერაფრით გამოეთქვა იგი, გულის ბუხარი ვერ ეყარა. მხოლოდ თვალები ეგზნებოდა ნაკვერხლებივით, როგორც გაძვინვარებულ რამე მხეცს. თუ ჭიჭიკას შეენიშნა ქალის თვალების გამომეტყველება, ხმა ჩაუწყდებოდა, ენა მუცელში ჩაუვარდებოდა, მაგრამ იმას მსტვენავი ბულბულივით თვალები დაელულნა და მთელ დუნიაზე თავის ხმის რაკრაკის მეტი აღარა ესმოდა რა. ვაჟკაცის სიმღერას თანდათან ეშხი ემატებოდა. ასამაღლებლებში ყელს გადაიხრიდა და ხმას ათრთოლებდა. თითონ თეთრ-ყირმიზი კაცი იყო, მხოლოდ მზით გარუჟული და სიმღერაში რომ ყელის ნაოჭები ეჭიმებოდა, ნაკეცები თეთრ ზოლებად მოჩანდნენ; იმ ადგილებში აშკარად გამოსჭვივოდა მოძრავი სისხლი, მეტადრე დატენილ-დაჭიმულ ძარღვებიდან. ქალი უყურებდა და ისე ნათლად წარმოიდგინა იგი სისხლი, რომ იგრძნო მისი სითბო და სუნი. მოუნდა დასწაფებოდა იმ წითელ ნაკადულს და ამოეწოვნა ფოცხვერივით. ჰო! ჰო! ამ თბილ სისხლს რომ ჩასწაფებოდა ბაბუცა, უთუოდ შვებას იგრძნობდა: ყელში რომ ბოღმა ეტანებოდა, იმ ბოღმას ჩასწმენდდა; გულს რომ ცეცხლი ედებოდა, იმ ცეცხლს დაშრეტდა; ყელზე რომ თითების კვალი ემჩნეოდა, იმ კვალს მოჰბანდა, წაშლიდა, მოაშორებდა. ქალმა ისე ნათლად იგრძნო იმ სისხლის გემო, რომ ნდომით პირწყალი მოუვიდა; თვალები დაელულნენ, სურვილის ნისლი გადაეფინათ ზედ; ქმრისაკენ წაიგრძელა კისერი, ტუჩები ააცმაცუნა, ხელ-ფეხი ააყოლა, ოდნავი და სწრაფი მოძრაობა დაიწყო მთელი სხეულით. გინახავთ ქურდულად მიმპარავი ძაღლი, თავის მსხვერპლს რომ ემიზნება? არ კი იღრინება, კუდს ანძრევს, ტუჩებს აცმაცუნებს, კბილებს აკაპუნებს; ფრთხილად წინ იწევს. ისეთი იყო მაშინ ბაბუცაც. 9 ამის შემდეგ ძალიან დაუტკბა ქმარს ბაბუცა. აღარ ეჩხუბებოდა, კიდეც უალერსებდა, მის საქმეს ხალისიანად აკეთებდა, შესაკერი იყო თუ დასაკერებელი, გასარეცხი იყო თუ დასაფშვნეტი. ვაჟკაცი გაიშალა წელში, სახე გაუბრწყინდა, გახალისდა. აღიღინდა. შავი ღრუბელი გადაეყარა მის ცას, მზემ გამოაშუქა. პირველ ხანში მხოლოდ ის ეხამუშებოდა კაცს, რომ ცოლი სულ ყელში მისჩერებოდა მას, ნდომამორეულ მონისლულ თვალებით. -ძალიან გიყვარავარ, გოგო? - ჰკითხავდა ქმარი ცოლს, რომელიც ყელში ჩაჰკროდა კაცს. - ისე მიყვარხარ, როგორც მომკალს ნიავი, - მიუგო ქალმა და ჩაუყარა ალმასივით კბილები ყელში. კაცს იამა, მაგრამ ემწვავა. - ჰე, ჰე, ჰე! ძაან არ შეგიყვარდი ამ ბოლოს დროს! - უთხრა კაცმა და მოიშორა ქალი, რადგან მისმა ბასრმა კბილებმა სისხლამდინ ჩაატანეს. ქალმა ტუჩები გაილოკა; ძლივს შეიმაგრა თავი, ისე მოსწყურდა სისხლი. ქალს სურვილი ეზრდებოდა და აუცილებელი შეიქმნა მისი დაკმაყოფილება. იცოდა კიდეც, რომ დააკმაყოფილებდა ამ ნდომას, მხოლოდ ჯერ არ ჰქონდა წარმოდგენილი - რა გზით. მანამდის კი სუნსულებდა, მსხვერპლს გარს ევლებოდა. შემთხვევამ უჩვენა ქალს გზა. წვიმიანი საღამო იყო გულგასაწყალებელი. ქალმა თავი დაანება ხელსაქმეს და თვალს ადევნებდა წვეთებს, რომელიც დერეფნის ბანიდან ჩამოდიოდა ტბორში. ყველა წვეთის დაცემაზე წყალი ჩაიზნიქებოდა და მაშინვე ამობურცდებოდა, წვრილ წინწკლებად გადაიშლებოდა, ან ბუშტად ამოჯდებოდა და რამდენიმე წამს დასრიალებდა გუბეში. წვეთის ჭყაპუნი ქალს ნანასავით ესმოდა და თითქმის რული მოჰგვარა. დავიწყებას მიეცა ქალი, ოცნებათ ბურუსში გაეხვია. პატარაობისასაც უყვარდა ბაბუცას წვეთების ხმაურობა და წყლის ბუშტების თვალიერება. თან თავს ჩაუდებდა დედობილს კალთაში და ისმენდა მის საუბარს. აი, შვილო, - ეუბნებოდა დედობილი, - კაცის ცხოვრება ამ ბუშტსა ჰგავს. წამს გაჩნდება მოციმციმე წყალზე. ათასფრად აზიზილდება ნათელზე და იქვე ქრება, იკარგება უკვალოდ. ადამიანი თავს მაღლა იწევს, ყოჩაღობს; ჰგონია, ავყვავდები, ცამდინ ავიმართებიო; ის კი არ ახსოვს, რა ახლო ახლავს მოსპობა და არარაობა. მეორე მუხლზე ილიკო უწვა ხოლმე. მისი თმა ქალის თმასთან იყო არეულ-გადახლართული. უყვარდა გოგოს ძმობილის თმაში ხელების რევა. ეხლაღა? ეხლა შორს არის ის მისგან, მათ შორის გადაუვალი ზღუდე აღიმართა... და სულ ჭიჭიკას ბრალი კია ეს: იმას რომ არ ეთხოვნა ბაბუცა, არ დაეჩემებინა ქალი, ის დროს ჩაიგდებდა და გაუმჟღავნებდა ილიკოს თავის დარდს. იქნება ვაჟს უარი არც კი ეთქვა და გაებედნიერებინა თავის აბუცა; ხომ იცით, რა გულჩვილი ბიჭია ილიკო და რად იტვირთებდა სხვის ტანჯვას. თვით ბაბუცას ტანჯვას. ეხლა რაღა დროს! ეხლა... ბაბაუცას ფიქრები შეწყვიტა ჭიჭიკას ფეხის ხმამ. კაცმა გადმოაბიჯა ხარიხას და შინითკენ წამოვიდა. მთლად გალუმპულიყო. სისველეს ავ გუნებაზე დაეყენებინა; მკვახედ მიჰმართა ცოლს: - დედაკაცო, რა გულხელი დაგიკრეფია და ჩასცქერიხარ მა წუმპეს? ცეცხლს დამახვედრებდი, რომ ტანისამოსი გამეშრო: ხვალ უნათლებლივ უნდა წავიდე. - სად უნდა წახვიდე? - სადა და ძეძვის მოსაჭრელად. ხომ ხედავ, ერთი კონა აღარ გდია ეზოში? დედაკაცი შებრუნდა. ჭიჭიკამ გაიხადა ფეხსაცმელი და გალაფული წინდები ბუხრის თავზე ჩამოჰკიდა. - ე წინდები კარგად გამიშვნიტე დილაზე, თორემ დღესაც გორახები შეჰყოლიყო! ჭიჭიკამ წაშოტა წინ ქალმებისაგან დაკოტიტებული ფეხები და წალდს დაუწყო ლესვა; თან ცერით ფხას უსინჯავდა იარაღს. ხომ იცით, ძეძვს როგორ სჭრიან? ან როგორ წალდსა ხმარობენ მის მოსაჭრელად? არა?! მაშ რაღა იცით! ძეძვის მოსაჭრელად ცული არ ვარგა, არც ის წალდი ვარგა, წვერი რომ ზევით აქვს აშვერილი; ამ საქმისათვის ის სათული სჯობია, რომელსაც ნაგალივით წვერი ქვემოთა აქვს შმოხრილი. ძეძვი დაბალი იზედება და ბუჩქ-ბუჩქად; რომ მიუდგეს კაცი, ორთითია საჭირო. მარცხენა ხელით ორთითს მოაბჯენ ძეძვის ბუჩქს, ისე რომ ღეროები გამოუჩნდება, მარჯვენა ხელით წალდს აიღებ და ძირებს დაასხეპ, შამბივით მოსთიბავ. წალდი ძალიან უნდა იყოს გალესილი, მეტადრე შემოხრილი წვერი, რადგან იმ ადგილას უფრო ადგია ძალა იარაღს. ჭიჭიკამ მიაყუდა წალდი ბუხართან და მიაწვა. მკვადარივით მიეძინა დამაშვრალს. ძილში თავი გადაუვარდა მუთაქიდან, ყელის ნაოჭები დაეჭიმა, თეთრი ზოლები დააჩნდა ყელზე, დედაკაცი მისჩერებოდა მძინარე ქმარს; თვალები ცეცხლივით უღვივოდნენ. ქალი ხედავდა გადაწეულ ყელის ძარღვებში სისხლის მოძრაობას, ესმოდა სისხლის ნაკადულების ხმა, გრძნობდა თბილ სისხლის სუნს. კისერი წაიგრძელა და სმენად გადაიქცა, თითქო რამ ხმაურობა შემოესმა. მაგრამ არა: ყურმა მოატყუა, ჩამიჩუმი არსად იყო, მხოლოდ ჭრიჭინა ამბობდა თავის განუწყვეტელ სათქმელს. მძვინვარე მხეცმა გაუთამაშა თვალებში. ქალმა წაატანა წალდს ხელი, მიუახლოვდა მძინარეს, გამოუსვა ბასრი ყელში და სურვილით დაეწაფა სისხლის შადრევანს. 1902 წ.