დავით-გარეჯა
დავით-გარეჯა ავტორი: გიორგი ლეონიძე |
გადარუჯული დავით-გარეჯა...
ამწვარ ტრამალზე ბზინავს ავშანი...
ამ ველს, ამ სივრცეს ვინც უდარაჯა,
ვინც შეიმსხვრია მკერდზე ჯავშანი, ―
ვინ მოიგონოს, სადღა არიან,
ვინ გაიხსენოს მათი სახელი?
არც მოჩვენება, არც სიზმარია,
ჩონჩხებით სავსე ჩანს საწნახელი...
გაჰქრნენ ქარივით და სიზმარივით,
მათზე მგლოვარეც დალპა თავშალი...
და მხოლოდ ტბაზე შერჩა მარილი...
ბალღამიანი ბზინავს ავშანი...
გადარუჯული დავით-გარეჯა...
თუ მწარე წარსულს ასე ენება,
დღეს დახსნილია ნესტან-დარეჯან,
ძვირად დაგვიჯდა მისი შვენება!
წინაპართ შვილნი ვიღწვით და ვშრომობთ
დიდ სიყვარულის ასაშენებლად...
მისთვის მივიბრძვით, ვიღწვით და ვომობთ
და ჩვენი ღონეც მას შეელევა!..