დავით გურამიშვილს, ვაჟა-ფშაველას

დავით გურამიშვილს, ვაჟა-ფშაველას
ავტორი: გიორგი ლეონიძე


მეტკბობი, გურამიშვილო,
გენდობი, ვაჟას ჩონგურო,
გთხოვთ, წინაპრებო, მიშველოთ,
სათქმელი გამილომგულოთ!

ხელუკრთომელი როდი ვარ,
სიტყვა მაქვს გამოკვანძილი,
თქვენს ნაგზაურზე მოვდივარ,
დიდი გქონიათ მანძილი...

მასწავლეთ ცეცხლის გაჩენა,
იმ ნაღვერდალით ვიწოდე,
თქვენი ბრწყინვალე მარჯვენა
საშველად გამომიწოდეთ...

მივყვე, რაც გამოგიკალმავთ,
დავჭიმო ლექსის აფრები,
აქროლოს გულის გრიგალმა
ოცნება ნაწინაპრევი!

გიზღოთ, რაც საზრდოდ მევალა
თქვენგან პურტკბილი ხორაგი,
რომ მთად ვაქციო, მწვერვალად,
ჩემი პატარა გორაკი!

იქ ჟღერდეს ჭეშმარიტებით
ეს ლექსიც ანაზდაითი,
სადაც მღეროდნენ დიდებით
ვაჟა და დიდი დავითი...

რესურსები ინტერნეტში

edit