დაისები

დაისები
ავტორი: ტერენტი გრანელი


„დაისების“ ყველა ლექსი ბანაობს მუსიკის უსაზღვრო ზღვაში. ეჭვი არ არის, რომ „დაისები„ უნიკუმია საქართველოში. მისტიციზმმა, როგორც ძირითადმა ლეიტმოტივმა სიმბოლიზმისა, ვალ. გაფრინდაშვილის შემოქმედებაში ჰპოვა რეალური გამოხატულება. ის „ორეულები“, „ოფელიები“ და „მარსიფალები“, რომელიც ეზმანება პოეტს ახალ ქვეყანაში, აბსოლუტური თავდებია პოეტის უსაზღვრო ფანტაზიის და უძირო სულის. გაფრინდაშვილმა შეჰქმნა ისეთი მრავალფეროვანი პოეზია, რომელშიც გამოსჭვივის მისტიური სახე და ახალი სამყაროს გიგანტური სული. პოეტის ასეთი ორიგინალობის გენეზისი უეჭველია მის განსხვავებულ ტალანტში იმალება. გაფრინდაშვილმა დაიმსახურა პოეტის წმინდა სახელი. მან სთქვა ახალი სიტყვა და შექმნა თავისებური სამყარო, მაგრამ ამ სამყაროს განსჭვრეტა ძნელია ყველა იმათთვის, ვისაც არ ესმის სიმბოლისტური ლექსების მნიშვნელობა. დიდი გაუგებრობა და ყალბი წარმოდგენაა ჩვენში სიმბოლიზმზე. ორიგინალობა მხოლოდ სიცილს იწვევს საქართველოში, მაგრამ ამას მომავალი გაამართლებს და ეჭვი არ არის, კერძოდ გაფრინდაშვილის, და საერთოდ სიმბოლისტების სახელი წარუშლელი დარჩება ხელოვნების ისტორიაში.

რესურსები ინტერნეტში

edit