დამისხი, დამალევინე
დამისხი, დამალევინე ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1909 |
ჭაბუკობაში ვყვიროდი.
როცა მოვცადე სოფელი,
ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი.
ნუ მისხამ, აღარ მესმევა
კახურის ვაზის ნაჟური!
გულს მიწყალავს, გონებას მირევს
განაგონარი, ნახული.
არაფრად არა ვვარგნილვარ
მშობელი ქვეყნის მსახური.
არმად არ უნდა შამერგოს
დედის რძის მსგავსი კახური?
არამი არი ეგ ღვინოც
ჩემზე, ეს ქუდიც ნახური.
ნუ მასმევ, აღარ მესმევა,
ყელში არ ჩადის, გუბდება.
აღმა წამღები ოცნება
უბსკრულისაკე ბრუნდება.
კაცო, გაიგე, ირწმუნე,
გულის ძარღვების ტკრციალი!
რაკი არ იშლი, ამივსე
შხამ–ნაღველითა ფიალი.
იმას შევირგებ, ღირსიც ვარ
უღირსი, ოხერ–ტიალი!
პურიც წაიღეთ, არ მინდა,
არამი არი ჩემზედა:
ვერა ვუშველე მიწასა,
ანეულს, მოსულს ქერზედა,
ჯეილმა ახლა რას ვუშველ?
თმა გამითეთრდა ყბებზედა.