და-ძმა
ავტორი: შიო არაგვისპირელი
1894 წელი


I
- მერე, სოლო, მერე? - უთხრა ერთმა ახალგაზრდამ სოლოს, როცა ის ისევ ბუხარს მოუჯდა.

- რა სულ-ძაღლი რამა ყოფილა ი ტერტერა! - განაგრძო ისევ მან.

- ტერტერას უქნია ოინები, მაგრამ არც ქოსას დაუკლია. - წამოიძახა ახლა მეორემ.

- დაიცადეთ, ჰო!.. - უკმაყოფილოდ უთხრა იმ ორს მესამემ და შემდეგ სოლოს მიუბრუნდა:

- მერე, ბიჭებო-და... - დაიწყო სოლომ. მაგრამ ამ დროს ბოსლის კარები გაჭრიალდა და ყურამდინ გაიღო. უეცრივ ცივმა და სუსხიანმა ქარმა შემოჰქროლა, რის გამოც საქონელმა უკმაყოფილოდ ფშვინვა დაიწყო. ყველამ კარებისკენ მიიხედეს და დაინახეს ქიტუა, რომელსაც ბზით სავსე გოდორი მოჰქონდა.

- უჰ, რა ღვთის-რისხვა ღამეა! - შემოსვლისთანავე წამოიძახა ქიტუამ და კარები საჩქაროდ მიარახუნა.

- აქნობამდინ სადა ხარ, კაცო! - უთხრა ერთმა ბუხრის გვერდით მჯდომთაგანმა: - ჩვენმა საქონელმა კიდევაც მოჭამა და შენ კი ეხლა მოგაქვს ბზე?!.

- ოჯახი რომ დაექცეს ჩვენ ყვლეფიაშვილს, იქა ვარ აი! - წამოიძახა ქიტუამ და შემდეგ ისევ განაგრძო: - შე ავო და შავო, ვისაც არ ესმის, იმისთანა დუხჭირობა-ღა იქნება, რასაც ის მიშვრება!.. კაცო, აი რაღაც ხარჯის ფულისთვის გამოვართვი ერთი ათი შაური და მას აქედ აღარ მისვენებს. მალი-მალ იმას მეტყვის: “წამო, ი ათ შაურში მიშველეო”. რით ვერ გადავიხადე ი ოხერი! კაცმა რომ იანგარიშოს, ერთი ათი დღე მაინც არ მექნება იმ ფულში ნამუშავარი! ლამის არის, კაცო, ყმათ გამიხადოს!..

- აბა, მოდი და სხვა გაამტყუნე, როცა ჩვენი მეზობელი, ჩვენი სისხლი და ხორცი მაგრე გვიშვება!.. - თავის ქნევით წამოიძახა სოლომ.

- ეე, შვილოსა, როცა კაცი ღმერთს გადაუდგება, მაშინ სისხლი და ხორცი ფეხებზე ჰკიდია! - სთქვა ქიტუამ ნაღვლიანად და ბოსლის თავისკენ გასწია, სადაც იმისი უღელი ხარი და ერთი ძროხა თავის კვებულა საფურე ხბოთი ებნენ.

- სანდრო, ხომ არ ამოგიბაგავს? - დაეკითხა ქიტუა, როცა თავის საქონელს მიატანა.

- არა, - უპასუხა სანდრომ.

ქიტუამ “არა” რომ გაიგო, მოიხსნა გოდორი და ამობაგვა დაიწყო. როცა ის ბაგას ასუფთავებდა, იმისი საქონელი შეჰბზუოდა და ხელებში ეტანებოდა. ისიც ალერსიანად ეუბნებოდა: “მოიცათ, ეხლავ დაგიყრით”!

- შენც მოგშივდა, ჩემო დეკნიკო? - ალერსიანად ჩაეკითხა ქიტუა თავის ხბოს, როცა იმან შებზუვლა და იმის ხელებს ლოკვა დაუწყო.

- ეხლავ, ეხლავ, ჩემო კარგო! - უთხრა ქიტუამ და ბზით სავსე გოდორი ბაგაში ჩაყარა, რის შემდეგ იმისმა საქონელმა მადიანად და ფშმუილით ბზეს ჭამა დაუწყო.

ქიტუას მისვლამ და იმისმა ჩივილმა ახალგაზრდებს ზღაპრის თქმა შეაწყვეტინა და დაანაღვლიანა, მაგრამ ასეთმა მდგომარეობამ დიდხანს არ გასტანა.

როცა ქიტუა თავის საქონლისკენ ბზის დასაყრელად წავიდა, სოლომ ისევ განაგრძო ტერტერაზე ზღაპარი და თავისი მარილიანი ლაპარაკით ჩქარა ყველანი გაამხიარულა. ტერტერასა და ქოსას ოინებით ისინი გულიანად ხარხარებდნენ. ზღაპარს ისე გულმოდგინედ უგდებდნენ ყურს და ისე იყვნენ გატაცებულნი, რომ ქიტუას ბუხართან მისვლა ვერც კი შეამჩნიეს. ქიტუა ცეცხლის ახლოს გოდორზე ჩამოჯდა და წვიმისაგან ჩაჭანჭახებული შარვლის ტოტები და ჩოხის კალთები გასაშრობად მიუშვირა, რომელთაც საჩქაროდ სქელი ორთქლი ავარდა და იმის ჩამომხმარ სახეს ნისლივით გარს მოეხვია. სწორედ რომ ვთქვათ, არც ქიტუას ესმოდა იმათი ხარხარი და სოლოს მარილიანი ლაპარაკი. გაშტერებული იჯდა და ცეცხლისთვის მიეპყრა თავისი მსხვილი და სიგამხდრისაგან მორღვეული, გამომეტყველი თვალები.

რას ფიქრობდა ამ დროს ქიტუა, - ამაზე ძნელია კაცმა ნამდვილი რამე სთქვას. მარტო ის შეიძლება ითქვას, რაც იმას სახეზე ეტყობოდა. იმის სახე-კი მხოლოდ მწუხარებას გვიხატავდა, ეტყობოდა რომ ეს კაცი ძლიერ იტანჯებოდა, რაღაც ბრძოლა იყო მასში...

მართლაც, იმისი სახე უეცრივ იცვლიდა ხოლმე ფერს, შავად ელანძებოდა და ამ დროს ძარღვები ისე ეტენებოდნენ, რომ გასკდომას ლამობდნენ, წარბები უზომოდ მაღლა ეწეოდა, კბილები კი ერთმანეთს ეკვროდნენ და ღრჭიალი გაჰქონდათ. ქიტუა ამ დროს საშიშარ სურათს წარმოადგენდა. თითქოს თვითონაც ეშინოდა თავის თავისა, რომ ის ამ დროს მთელის ტანით ირყეოდა და თითებს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იმტვრევდა. მაგრამ ამისთანა მდგომარეობა დიდხანს არ გასტანდა ხოლმე. ქიტუას სახე ისევ ჩქარა შეეცვლებოდა. უეცრივ შორდებოდა შავი ალმური, სახის ძარღვები იცვლებოდა და შუბლზე წვრილს და ცივს ოფლს დააყრიდა. ამის შემდეგ ქიტუას შესაბრალისი, დამცირებული, მონური სახე უხდებოდა. მგრძნობიარე გულის მექონე კაცს რომ ამ დროს შეეხედნა ქიტუასთვის, უეჭველად სიბრალულისაგან ცრემლს ცრემლზე დააფრქვევდა.

ასე იცვლებოდა ქიტუას სახე და ერთ უკიდურეს მდგომარეობიდან მეორეში ვარდებოდა. ამნაირ მდგომარეობაში იყო ქიტუა იმ დროს, როდესაც ახალგაზრდანი მხიარულდებოდნენ და იმის მდგომარეობას ვერ ამჩნევდნენ. არცერთს მათგანს, არც ერთხელ, ამოდენა ხნის განმავლობაში, არ შეუხედნია ქიტუასთვის.

გაათავა სოლომ ზღაპრის თქმა და ამ გათავებას უეცარი ხმამაღლა გადახარხარება მოჰყვა.

- აი, ცხონდეს ქოსას დედ-მამის სული!.. - თითქმის ყველამ ერთხმად წამოიძახეს ხარხარის დროს.

ამ დროს ბოსლის თავიდან მოისმა რქების დატაკება და ბრახუნი, რის გამოც საქონელი შეტოკდა და ფეხებით ზღავზე მძიმედ აბრახუნდა.

- ხიი, ეი! გაგავერნებ, თუ მანდ მოვედი! - გასძახა სანდრომ ხარხარის დროს.

ამის შემდეგ საქონელი გაყუჩდა და ჭამას მიჰყო პირი. ზოგი კიდევაც დაეყარა და იცოხნებოდა; მხოლოდ, რომლებსაც ჯერ ბზე არ მოეჭამათ, ისინი-ღა იდგნენ ბაგაში თავებწაყოფილნი.

- კაცო, შენ რაღას გატვრინებულხარ და ხმას აღარ იღებ?! - წასძახა ქიტუას სოლომ, როცა თვალი მოჰკრა.

- შენ გეუბნები, კაცო! - განუმეორა სოლომ და ხელი წაჰკრა ქიტუას, რადგანაც იმან პირველ კითხვაზე ხმა არ გასცა და ისევ ისე გატვრენილი იყო.

- ჰა!.. - რა გინდა? - მოიხედა ქიტუამ და თვალების ცეცება დაიწყო.

- რა უნდა მინდოდეს, რატო ეგრე გაშტერებულხარ?

- მე?!

- ქიტო, მოდი და ახლა ზღაპარი შენ გვითხარი! - უთხრა სანდრომ, რომელმაც ახლა-ღა მიაქცია ყურადღება.

- ეჰ, შვილოსა, რაღა დროს ჩემი ზღაპრის თქმაა, კაცი დავბერდი, - ნაღვლიანად უპასუხა ქიტუამ: - მეც თქვენსავით უნდა გული უდარდელი მქონდეს, რომ ზღაპრები ვთქვა. - განაგრძო ისევ იმან.

ახალგაზრდებმა ამაზე აღარა უპასუხეს-რა; თითქოს იმათ იცოდნენ, რომ ქიტუას მართლა გული უდარდელი არა ჰქონდა...

- სოლო, - წამოიძახა ქიტუამ პატარა ხნის სიჩუმის შემდეგ: - შენი ჭირიმე, თვალყური გეჭიროს ჩემ საქონელზე, მე შინ მინდა წავიდე, გული რაღაცას მეთანაღრება.

- რადა, კაცო, რა დაგემართა? - დაეკითხა სოლო.

- აბა, რა ვიცი, მე მგონია, ის ოჯახ-დასაქცევი ი ბალღებს ამაღამ არ აცოცხლებს.

- ვინ არ აცოცხლებს? - ჰკითხა ისევ სოლომ.

- ვინა-და, ჩემი დედა-კაცი!

- ჰო, მართლა, ეეეეი, შენი ჭირიმე, ღმერთო, რა უდიერი რამა ყოფილა! - წამოიძახა სოლომ. - იმ დღეს ჩემი თვალით რომ არ მენახა, - განაგრძო სოლომ, - არ დავიჯერებდი. კაცო, იმ დღეს შენთან თავთ-უღლის სათხოვნელად მოვედი. დერეფანში რომ შემოვედი, ბალღების ტირილი მომესმა. მივიხედ-მოვიხედე და, არ დაიჯერებ, რა დავინახე: ი საცოდავები გოდორ ქვეშ იყვნენ გამომწყვდეულნი და წინ ბოზალუყით სავსე გეჯა ედგათ. მე მაშინვე...

- ვაიმე, შვილებო!.. - წამოიძახა ქიტუამ.

- განა სხვას არა ჰყავს გერები, რო ეგრე არ ექცევიან! - სთქვა ერთმა ახალგაზრდამ.

- ე დედი-ნაცვლის ხელში შენს ბალღებს არა უხარიანთ-რა, ჩემო ქიტო! - უთხრა სანდრომ.

- სახლში რადა გყვანან, კაცო? აიღე და მოჯამაგირედ დაუყენე ვისმე. - უთხრა ერთმა ახალგაზრდამ.

- რას ამბობ, ბიჭო, მოჯამაგირედ როგორ დავაყენო ი თითისიგრძე ბალღი? მოჯამაგირეობის თავი რომ ჰქონდეს, განა მე არ მიჭირს, მარტოხელი კაცი ვარ! უმცროსობას მე ვერ გამიწევს?! მერე-და მთელი კალოა - და ეგენი! ეგენი რო არა მყოლოდნენ, მე წლეულ კალოს ვერ გავლეწდი...

- მაშ, ეგრე ამოაწყვეტინე... ის არა სჯობია, ქალაქს წაასხა და მისცე ვისმე! ისწავლიან კიდეც რასმე და ფულებსაც აიღებენ, - უთხრა სოლომ.

- ჰო, - დაეთანხმა ქიტუა, - გიგლუას კიდევ მივცემ ვისმე, მაგრამ იმ გოგოს რაღა ვუყო?

ყმაწვილებმა ამაზე აღარა უთხრეს-რა, რადგანაც იმათ არ იცოდნენ, მართლა-და გოგო ვისთვის უნდა მიეცა. არაგვისპირზე გლეხი-კაცი ძნელად გაიყვანს თავის ქალს გარედ; თითქმის წარმოდგენითაც ვერ წარმოიდგენს, თუ ქალი შეიძლება ქალაქს ჩაიყვანოს და მერე ის ქალი გლეხის ოჯახისათვის კიდევ გამოდგეს. გლეხი თავის ქალს თავის ოჯახისთვისა ზრდის. ჯერ იქვე, თავადიშვილის ოჯახშიაც რომ იყოს, იმასაც გლეხის ახალგაზრდა ყმაწვილი არ ითხოვს. “ნამოახლარი გაწუწკებული იქნებაო”! ასე იტყვის ამისთანა ქალზე და, აბა, ახლა ქალაქში წასულ ქალზე რაღას იტყვის! მგონი მაშინ “მათუშკაც” დაუძახოს და “მათუშკა” ხომ, იმისი ფიქრით, ბუდეა ყოველივე ცუდისა და უზნეობისა. აი, ამისთვის გააჩუმა ქიტუას სიტყვებმა - “ი გოგო ვიღას მივცე”-ო - ახალგაზრდა მრჩევლები.

- ეგრე, ეგრე, ჩემო სოლო, - უთხრა ისევ ქიტუამ ცოტახნის შემდეგ: - თვალყური გეჭიროს ჩემ საქონელზე, და თუ მშვიდობით არიან, მეც ისევ გადმოვალ, თუ არ დავათვალიერე, არ იქნება, დღეს შუა-დღის შემდეგ შინ არა ვყოფილვარ.

- აქ არა ვართ, კაცო, გინდა სულ არ გადმოხვიდე, ამდენანი როგორ ვერ მოვუვლით შენ ოთხ სულ საქონელს?! - თითქმის ერთხმად მიაძახეს ქიტუას იმ დროს, როცა იმან უკვე კარები გააჭრიალა.

ქიტუა გაემგზავრა დაღონებული და დაძმარებული თავის სახლისაკენ. კი არ მიდიოდა, თითქმის მირბოდა, და ამ ბნელ ღამეში ხან რომელ წუმპეში შეაშლაპუნებდა და ხან რომელში. პირდაპირი სუსხიანი ქარი და წვრილი, ფეტვის მარცვლის მსგავსი, ცივი, შემოდგომის დამლევის წვიმა კი პირში უშხაპუნებდა და თვალებს უფრო უბამდა ქიტუას.

იმისი სახლი ბოსელზე კარგა მოშორებით იყო და ამისათვის ქიტუა ცოტა დრო კი არ მოუნდა შინამდის მისვლას. მთლად დასველებული და ჩაჭანჭახებული მიადგა თავის სახლის კარებს. მაგრამ კარები შიგნიდან ურდულ-წაგდებული დახვდა, და სახლშიაც სინათლე არ მოჩანდა.

საჩქაროდ საურდულეში ხელი შეჰყო და კარები გააღო. სახლში შესვლისთანავე აჩქარებულისა და აკანკალებულის ხმით წამოიძახა: “კატო, გიგლა!” და პასუხი რომ არსაიდან მოესმა, ცალის ხელით კერაში ნაცარს ქექვა დაუწყო, სადაც ოდნავ-ღა ბჟუტავდა ნაღვერდალი, მეორეთი კი დედაბოძის ძირს უკაკუნებდა და რაღასაც ეძებდა. ჩქარა იპოვა, რასაც ეძებდა, და ცოტა ხანს შემდეგ კერის ქვას გოგირდის ასანთს უფხაკუნებდა; ასანთმა უეცრივ გაანათა და მერე კი ისევ მიიბჟუტა, დაიწყო ფრიფინი და მყრალი სუნი აუშვა. ქიტუამ საჩქაროდ მოუკიდა ჭრაქს და აქეთ-იქით მიიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა: ვერც თავისი ცოლი - სოფიო და ვერც ბავშვები.

- ხალხნო... ადამიანო!.. სად წახვედით?! ჰა!.. - ნაწყვეტ-ნაწყვეტად წამოიძახა კანკალით ქიტუამ და რამდენსამე ხანს ერთ ალაგას იდგა და ცრემლმორეულ თვალებს აქა-იქ აბრიალებდა. “ზუუუ!” უეცრივ კარებიდან და ერდოდან შემოიზუზუნა ძლიერმა ზენაქარმა და სახლის ყველა კუთხეები საჩქაროდ შემოირბინა; ჭრაქი რომ მყუდრო ადგილს არა კიდებულიყო, უეჭველად გააქრობდა.

- ვაიმე, შვილებო!.. - შეჰღრიალა ქიტუამ და თავის უნებურად თვალებზე ხელ-მიფარებულმა იქვე ჩაიკეცა.

ამ დროს კარებში შემოვიდა ოცისა თუ ოცდაორის წლის ქიტუას ცოლი - სოფიო, რომელიც წითლადა და თეთრად ღვიოდა; იმისი მშვენიერი სახე კაცს ნებას არ აძლევდა ეფიქრნა, რომ “უდიერი” იქნებოდა. ვინ მოიფიქრებდა, რომ ეს ანგელოზებრივი არსება ისე ცუდად მოექცეოდა თავის გერებს, როგორც ბოსელში სოლომ აღწერა. ამისათვისაც არა სჯეროდათ ხოლმე სოფელ ბ-ლებს, როდესაც სოფიოზე იტყოდა ვინმე - გერებს ცუდად ექცევაო. “რას ამბობ, ადამიანო, ხომ არ გაგიჟებულხარ: ქიტუას ცოლითანა ანგელოზი დედა-კაცი ჩვენ სოფელში ერთიც არ მოიპოვება და აბა, რა დასაჯერია ეგ ამბავი!” ასე იტყოდნენ ხოლმე სოფ. ბ-ლი მამა-კაცები; დედა-კაცები კი პირზე ხელს მიიტანდნენ ხოლმე და წამოიძახებდნენ: “სუ, სუ!.. მეორედ აღარა თქვა! ქალო, აბა, რას მეუბნები, შენ გენაცვალოს ჩემი თავი”... და სხ., ასე თუ ისე, სოფიომ თავისი მშვენიერის სახით და გარედ კარგად თავის დაჭერით ყველას გული და გონება მიიზიდა თავის სოფელში, და იმაზე რაიმე ცუდს ხმას - ჭორს უძახოდნენ.

- აი, თქვე ძაღლის... - შემოსვლისთანავე წამოიძახა სოფიომ, მაგრამ ჩახვეულ ქიტუას თვალი შეასწრო და შემკრთალმა სიტყვა შესწყვიტა.

- შენა ხარ, სოფიო? - წამოხტა ქიტუა და იმისკენ გაეშურა.

- ჰო, მე ვარ, რა იყო, ხომ არა დაგემართა-რა? - უპასუხა სოფიომ, შეკრთომისაგან უკვე გამორკვეულმა, და თანაც საყვედურიანად უთხრა:

- ამ სიცივეში ე კარი ღია რას დაგიგდია?

- სოფიო, შენი ჭირიმე, ბალღებიც აქ არიან?.. მოიყვანე?.. - თითქმის მოეხვია ქიტუა და ისე ეხვეწებოდა.

- რა იყო, ხომ არა დაგემართა-რა? - უპასუხა სოფიომ.

- მითხარი, თუ ღმერთი გწამს, სად არიან?

- ჯანაბას იმათი თავი და ტანი! აბა, რა ვიცი, სად არიან! აი, მეც იმათ ძებნაში სულ ერთიანად დავსველდი! - მკვახედ უთხრა სოფიომ და შორს მოეცალა.

- სტყუვი! - შეჰყვირა ქიტუამ და მუშტები მაღლა აიღო, რომ სოფიოსთვის დაეკრა, მაგრამ სოფიო იქით გასხლტა და მუშტები აიცდინა. ქალი მივიდა კუთხეში და იქვე მიყუდებული კეტი ორის ხელით ამართა.

- აბა, ერთი ხელი მახლე, ღვთის წყალობა მაქვს, მე შენ სეირი გაჩვენო! - შესძახა სოფიომ და თვალებს დაკვესება დაუწყო.

ერთის მხრით გააფთრებული ქიტუა და მეორეს მხრით - კეტამართული სოფიო რამოდენსამე ხანს ერთმანეთს შესცქეროდნენ. თითქოს ზომავდნენ, რომელი უფრო ძლიერია და გამარჯვება რომელს დარჩებაო...

- შენ, შენ გაჰრეკდი სახლიდან და ახლა იძახი - ვეძებდიო!.. - მეტის სიასპიტისაგან წამოიხრინწიალა ქიტუამ და ერთს წამს თავის ცოლს კეტი წაჰგლიჯა ხელიდან.

რაკი სოფიო უკეტო დარჩა თავის ფრჩხილებს მიჰმართა და კაწვრა დაუწყო ქიტუას იმ დროს, როდესაც იმან სოფიო იქვე ჩაჭუჭკა და დათვივით ჯმუჯვნა დაუწყო.

- კიდევ გაჰრეკ გარედ, ჰა, ჰა?! - დასჭყიოდა ზემოდან და თან მუჯლუგუნსა სცემდა.

- ამიშვი, ამიშვი, თორემ ინანებ! - ხმა-წასული ეუბნებოდა სოფიო.

- ჰეე!.. - გულიანად ამოიძახა ქიტუამ და სოფიოს თავი დაანება: - ძლივ არ ამოვიყარე ამოდენა ხნის ჯავრი!..

როცა ქიტუა ლაპარაკობდა, სოფიო ისევ იმ ადგილს იჯდა და მოხვეულ ჩულსა ჰგვანდა. ქიტუას მხრით ამნაირი ქცევა პირველი იყო და ამის გამო სოფიო გონს ვერ მოსულიყო, თუ იმის ქმარს რა დამართნოდა...

- არა, შე ოჯახ-დაქცეულო და შე იუდის კერძო, ამისთანა ამინდში ძაღლს არ გააგდებენ გარედა და შენ ი ბალღები როგორ გარეკე! ეხლა, ვინ იცის, სიცივით სად დაიყინვენ და სად არა?

- მე არ გამირეკია, გეყურება თუ არა?! - მკვახედ წამოიძახა სოფიომ.

- მაშ, ვინ გარეკამდა, თუ შენ არა?! ი გოდორ ქვეშ ვიღამ დაამწყვდია იმ დღესა და წინ ბოზალუყი ვიღამ დაუდგა?! არც ეგ გიქნია?

- ძალიან კარგიც მიქნია, თუ გამირეკია და ბოზალუყი მიჭმევია! უფრო უარესს ვუზამ, თუ ი შენ ბალღებს სახლიდან არ დაღუპავ! - გაანჩხლებულმა შეუტია და დაჭრილი ვეფხვივით ფეხზე წამოვარდა.

- უარესს უზამ-და, მეც უარესს გიზამ. ეგ ეხლა თაფლი იყო, მერე შაქარსა და შარბათს ერთად მოგართმევ! - თავის ქნევით და სიტყვების ტკეპნით უპასუხა ქიტუამ.

- უარესს მიზამ-და, შენა გგონია, მე კი ვერას გიზამ?!

- ეხლაც გინდოდა, კეტიც აიღე, მაგრამ ვერ მოგართვი ბადრიჯანი.

- “ვერ მოგართვი ბადრიჯანი!” - გააჯავრა სოფიომ: - ნეტავი თქმის შნო მაინცა გქონდეს, რომ ხეირიანადა სთქო. შენ, აი შენი ძაღლის ლეკვები მონახო, ის გირჩევნია, რომ ამაღამ სიცივით არსად გაგეფიჩხნენ.

- აიმეე!.. შენს ჯავრს ჩემს სიცოცხლეში ვერ ამოვიყრი! - ამ სიტყვებთან ერთად ქიტუამ გულში დაირტყა მჯიღი და კარებისკენ გასწია.

- მე კი ერთ დღეს ამოვიყრი შენს ჯავრს - უკანიდან მიაძახა ცოლმა.

- რაო, რაო?! - ქიტუა ისევ მიტრიალდა და დაცინვით ჩაეკითხა.

- რაო-და, რაც გაიგონე, ისა!

- მერე, როგორ ამოიყრი?

- როგორც ამოვიყრი, ეგ მე ვიცი.

- მაშ დავინახამთ.

- დავინახამთ, მაშ არა?!

ამ სიტყვებით განშორდნენ ცოლი და ქმარი ერთმანეთს. ქმარი ბავშვების საძებნელად წავიდა, ცოლი კი შინ დარჩა. სოფიო ღრმად ჩაფიქრებული დიდხანს იდგა ერთ ადგილას. ბოლოს, გაიქნია თავი და წამოიძახა: “თუ ბოლო არ მოვუღე, არ იქნება! ან ის ბალღები უნდა იყვნენ ამ სახლში და ან მე. ეხლა ისენი რომ აქ არ იდგნენ, ქიტუა შინ არ მოვიდოდა, და მეც თავისუფლად იმასთან”... ბოლო აღარ დაათავა, რადგანაც გარედან ქმრის ხმაურობა შემოესმა, რომელიც აკანკალებულის ხმით გაჰკიოდა: “კატოოო... გიგლოოო”!..


II


ქიტუას სახლიდან დასავლეთით, არაგვის პირზე, გამარტოებული ერთი გვერდზე გადაწოლილი წნული საბძელი ედგა, რომელსაც წინ, ცოტა მოშორებით, მშვენიერი ხშირი და დაბურული ტყე ჰქონდა შეფენილი მთაზე! ის, ოდესღაც გმირულად გამომცქერალი, ახლა თავჩაღუნული და შავად ჩაყვითლებული ჩასცქერის დედამიწას და აფრქვევს ცრემლს; ის, ამ რამდენიმე თვის წინად შუილ-ქუხილით და ჭექა-გმინვით შეებმებოდა ხოლმე უფრო ძლიერს ქარს, უფრო შხაპუნა წვიმას; ახლა კი შემოდგომის გამუდმებულმა, ცივმა და წვრილმა წვიმამ ბოლო მოუღო და სულ მიწასთან გაასწორა. ახლა ყოველი ქარის დაბერვაზე უმსგავსს შრიალს მოჰყვება და თავის, უკვე ჩაყვითლებულს სამკაულს ტალახში ურევს. უმსგავს შრიალთან ერთად ტყიდან გამოისმოდა მომაკვდავი ადამიანის გულის გასაგმირავი კვნესა, ამას ხანდახან ზედ ერთოდა რომელიმე დამპალის ხის გადაჩეხვა; მოსტყდებოდა თუ არა, წამოვიდოდა შრიალით და უეცრად ზაპანს მოიღებდა; თანაც იქვე გვერდით მდგომ ახალ-მოზარდ ხეებს ლაწა-ლუწს აუყენებდა ხოლმე. ამნაირი შრიალი, მომაკვდავის კვნესა და ხეების ლაწა-ლუწი გულად კაცსაც შეაშინებდა ამ წვიმიან, შემოდგომის ბნელ ღამეში, და აბა რაღა სიკეთეს დააყრიდა გიგლას და კატოს, რომლებიც იმ წნულ საბძელს ქვენაქრივ ამოფარებულიყვნენ და სიცივისა და შიშისაგან კანკალებდნენ.

- გოგო, აი ტყეში ვინა კვნესის? აგერ ხეებსაც ლაწუნი აუყენა! - ჰკითხა გიგლამ თავის დას კატოს, როდესაც, ქარის ძლიერ დაბერვის შემდეგ, ტყიდან მართლა კვნესა გამოისმა და ხის გადაქცევის შემდეგ წვრილმა ხეებმა ლაწა-ლუწი დაიწყეს.

- უთუოდ დევია, არა, გოგო? - ჰკითხა კიდევ გიგლამ თავის დას, რადგანაც იმან პირველ კითხვაზე პასუხი არ მისცა.

- დევი კი არა, შენმა მზემ, კატა არ გინდა?!. - შეუტია კატომ, რომ დევზე წარმოდგენა თავის ძმის გულიდან სრულებით ამოეფხვრა, თუმცა კი თვითონ კატოსაც დევი ეგონა.

- გინდა გარეული კატა იყოს, ის კი ვერ შეგვჭამს?!

- რას მიქარამ, ბიჭო, ხომ არა დაგეცა-რა?! - შეუტია კიდევ კატომ.

ამის შემდეგ იგინი გაჩუმდნენ, საბძლის გვერდს აეკვრნენ და დიდ ხნობამდის ერთმანეთისთვის ხმა აღარ გაუციათ.

ორთავესი გონება დევებსა და ქაჯებს ჰქონდათ შეპყრობილი და იმათის კლანჭებიდან ვერ დაეხსნათ თავი. კატო თუმცა პირველად ამხნევებდა გიგლას, მაგრამ ამ სიჩუმის დროს ისე აიტანა შიშმა, რომ კინაღამ არ შესტირა. როგორც იყო, თავი მაინც შეიმაგრა და გიგლასკენ მიცურდა და მიეკრო.

ქარი უფრო და უფრო მატულობდა და ხან ზემომხრიდან დაჰქროლავდა ყმაწვილებს და ხან ქვემოთიდან, რის გამოც იმათმა კანმა სიცივის ეკალი აუშვა.

- გოგო, ძალზე მცივა! - უთხრა გიგლამ.

- აჰა, მამეკარი და გათბები! - სთქვა კატომ და თვითონაც მიიწია ძმისაკენ. გიგლასაც უნდოდა მიეწივნა, მაგრამ ამ დროს კატომ შეაყენა:

- მოიცა, გიგლო! აბა ადექი!

- აჰა! - სთქვა გიგლამ ბაბანით და წამოდგა, კატოც აჰყვა.

- აი, მოიცა! - სთქვა კატომა და თავის ფეხები გიგლას ფეხებში გადახლართა.

- აბა, ახლა ნება-ნება დაეშვი ძირს.

ორივენი ნელ-ნელა დაეშვნენ, რომ მარტო ყმაწვილები თუ მოახერხებენ ასე ჯდომას, თორემ დიდრონებისთვის ყოვლად შეუძლებელია. ისენი იმ ნაირად ისხდნენ, თითქოს ორივენი ერთმანეთს მუხლებზე ესხდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ორივეს ქვედა ტანზე კარგად დასთბათ და კმაყოფილნი იყვნენ ამ მოგონებით, მაგრამ ზედა ტანზე ისევ სციოდათ, ნამეტნავად ხელებზე.

- კატო, ხელები ძალზე დამაძრა! - წამოიძახა გიგლამ რამოდენიმე ხნის სიჩუმის შემდეგ და თან ორთავე ხელების თითები პირში ჩაიყო და აჩქარებით დაორთქვლა დაუწყო.

- აი, უბეში ჩამიყავ და გაგითბება. - უთხრა კატომ და მკერდი გადუღეღა. მაგრამ, როდესაც გიგლას გაყინული და გათოშილი ხელები შეეხო იმის მკერდს, ის მთელის ტანით გველივით დაიკლაკნა და უთხრა:

- არა, ბიჭო, შენს უბეში ჩაიწყე!

გიგლამ აასრულა ეს სიტყვა. კატომ კი ცხრა ადგილას გახვრეტილი ჭრელი თავიჩითი მოიხსნა თავიდან და გაშალა.

- ახლა ორივემ ჩავითბუნოთ! - ამ სიტყვებთან ერთად კატომ გიგლას თავზე გადააფარა თავიჩითი და თვითონაც ქვეშ ამოეფარა ისე, რომ ორივეს პირისახე დაპირდაპირებული ჰქონდათ. კატომ ცოტა ხნის შემდეგ დააჭყიტა თვალები და გაგძელებით “ბუუუ” დაიძახა. გიგლაც თავის უნებურად ასევე მოიქცა და ორთავემ ერთად “ბუუუ” ძახილით თავები მიუახლოვეს ერთმანეთს. უეცრად ორივეს შუბლები ერთმანეთს დაეჯახნენ და ორივემ ხარხარი ასტეხეს.

ამათ რამდენჯერმე გაიმეორეს ესა და ყოველ შუბლების დაჯახებას გულიანი, ბავშვური კუჭკუჭი მოსდევდა.

- მოიცა, გოგო, ა ის ტურების ჩხავილი არ არის?!

- აბა სადა?! - გაკვირვებით იკითხა კატომ და ყურები აცქვიტა.

მართლაც ამ დროს მოისმა ტურების ჩხავილის მაგივრად მგლების ყმული.

- აგერ, გოგო, ტურები კი არა ჩხავიან, მგლები ყმუიან. - გიგლა კარგად იცნობდა ტურების ჩხავილსაც და მგლების ყმუილსაც, რადგანაც იმას არაერთხელ გაუგონია იმათი ჩხავილ-ყმუილი. კატომ უეცრივ მოიძრო თავზე მოსახვევი და წამოიძახა:

- ძაღლები ყმუიან!

- ძაღლებს, აი, ბუჩქნარებში რა უნდათ! - სთქვა გიგლამ და ხელი არაგვისაკენ გაიშვირა, რომლის ნაპირზედაც ბუჩქნარებიანი ჭალა იყო.

კატომ ინსტიქტიურად მიიხედა იქით, საითაც გიგლამ ხელი გაიშვირა და უეცრივ ისე შეკრთა, რომ ხმა ძლივს ამოიღო. შიშისაგან თმა სულ მაღლა-მაღლა წაუვიდა.

- ა ის რაებია, რომ ანათებენ? - კანკალით წარმოსთქვა კატომ და მერე განაგრძო: - აგერ - თითქოს დადიანო და სანთლები დააქვთო?

- აბა? - იკითხა გიგლამ და ჩააკვირდა.

- ვაიმე! - დაიყვირა იმან: - მგლები არიან!

- მგლები?! - წამოიძახა კატომ და ენა ჩაუვარდა.

მართლაც, ჭალის პირას დამშეული მგლები აქა-იქ დაეცეცებოდნენ და თვალებს სანთლებივით ანათებდნენ; ცოტა მოშორებიდან კი გაცხარებული ყმუილი მოისმოდა.

- წავიდეთ, გოგო, თორემ, საცაა, აქაც მოვლენ და შეგვჭამენ!

გიგლა და კატო ერთად მარდად წამოხტნენ და გაქცევა დააპირეს.

გიგლა მართალი იყო. ზაფხული რომ ყოფილიყო, იქნება ყმაწვილების ჭყივილზე მგლები გაქცეულიყვნენ, რადგანაც მგელს ადამიანისა ეშინიან. მაგრამ ამ ზამთრის პირას ისენი ბავშვების ჭყივილს ყურადღებას არ მიაქცევდნენ და ერთ წამს გაჰგლეჯდნენ, რადგანაც შიშზე უარესი გრძნობა - შიმშილია, რომელიც აწუხებს და აგულადებს მგელს ამ დროს. ზაფხულობით საჭმელი ბევრი აქვს მგელს და ამის გამო ადამიანს არ ეტანება და კიდევაც ეშინიან. ზამთრობით კი, როდესაც საჭმელი მინდვრად აღარ არის, თუმცა ეშინიან ადამიანისა, მაინც ძალა-უნებურად ეტანება, და იშვიათი მაგალითი არ არის, რომ მგელს ზამთარში კაცი შეეჭამოს.

ის იყო, გიგლას კიდევაც უნდა მოეკურცხლა შინისაკენ, რომ ამ დროს კატომ ხელი წაავლო და შეაყენა:

- მოიცა, ბიჭო, სად გავიქცეთ?

- შინ! - მოკლედ უპასუხა გიგლამ.

- მე არ წამოვალ! შენ წადი, თუ გინდა, მე კი აქ დავრჩები, დაე მგლებმა შემჭამონ.

- წამო-მეთქი, გოგო! - თითქმის ტირილით უთხრა და კატოს მკლავი გასწია.

- არ წამოვალ-მეთქი!

- რატომა?

- არა-და იმიტომა!

- მაშ, მეც შენთან ვიქნები! - გულ-ჩაწყვეტით უთხრა გიგლამ და ცრემლები გადმოჰყარა.

- გიგლა, შენ გენაცვალე!.. ნუ დარჩები... შენ წადი... - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა კატო სიტყვებს და თან თავის პატარა ძმას ჰკოცნიდა.

- თუ შენ წამოხვალ, მეც წავალ!

- არა, შენ წადი, მე აქ დავრჩები!

- ერთად წავიდეთ!

ასე რამდენიმე ხანი ერთმანეთს ეხვეწებოდნენ და-ძმანი. ბოლოს, კატო დასთანხმდა, რომ გიგლაც იმასთან დარჩენილიყო, მხოლოდ უშიშარი ადგილი კი უნდა მოეძებნათ.

- მაშ, სად წავიდეთ?

- აი ე საბძელში შევიდეთ და შიგნიდან კარებს დიდი ქვა მივადოთ. - უთხრა კატომ.

თქმა და საქმის შედგომა ერთი იყო. ისინი მივიდნენ კარებთან, მაგრამ კარი დაკეტილი დაუხვდათ.

- ეხლა რაღა ვქნათ! გოგო, წავიდეთ შინ, თორემ, აი, აქაც იქნებიან მგლები! - სთქვა გიგლამ და ხელი იქვე ჯაგიან გვერდისკენ მიიშვირა, რომელიც საბძლის აღმოსავლეთის მხრიდან იწყებოდა და ძირს არაგვის ჭალას უერთდებოდა. თვითონ საბძელი ზედ ამ გვერდის თავზე იყო მოწნული.

- აი, საბძლის სანათურიდან გადავძვრეთ და მერე მგლები ვეღარას გვიზამენ.

გიგლას და კატოს ისე დაჰყინოდათ ხელები, რომ წნულს ძლივს ავლებდნენ პატარა თითებს.

ძლივს, როგორც იყო, აიბღოტნენ სანათურამდე და აგრედვე შიგნით ძლივს ჩაიბღოტნენ.

როცა საბძელში შეძვრნენ და დაინახეს თავიანთი თავი დახურულ, კარებ-დაკეტილ ჭერ ქვეშ, მაშინ კი თავისუფლად ამოისუნთქეს. იმათ მაშინვე ბზე გამოღრუტნეს, გააკეთეს კარგა განიერი ორმო და გოჭებივით გახვეულნი შიგ ჩაწვნენ. ზედაც კარგა სქლად წაიყარეს ბზე, მარტო თავები ჰქონდათ ზევით ამოყოფილი.

რაკი ცოტათი დასთბათ, ისინი მომხიარულდნენ და რამოდენსამე ხანს კიდევ იღუღუნეს და იჭუკჭუკეს. ბოლოს, დაღალულებს და მოქანცულებს ძილი შეეპარათ და ისე გადახვეულებმა ტკბილი ხვრინვა ამოუშვეს.

- ვაიმე, ვაიმე, დედავ!.. - კარგა ხნის ტკბილი ძილის შემდეგ გიგლამ სიზმარში მორთო ღრიალი და ხელებს ბზეზე აწყვეტებდა.

ამ ხელების წყვეტებაში და ვაი-ვაგლახში მძინარე კატოს რამდენჯერმე წაუთაქა თავში, რომელიც ამ უეცარ თავში დაშენაზე დაფეთიანებული წამოჯდა და გამოურკვევლად იცქირებოდა და იმზირებოდა; რადგანაც ამ დროს გიგლა დაწყნარდა, ამისათვის იმას ვერ გამოერკვია, თუ რამ დაუშინა თავში და ან ვისი ხმა მოესმა. კატო ასე რამოდენსამე ხანს იჯდა და თანდათან შიში იტანდა. გიგლას რომ ცოტა ხანს კიდევ მოეცადნა და ბოდვა არ დაეწყო, უეცრივ ისიც შეჰყვირებდა და გიჟივით გიგლას დააფრინდებოდა, მაგრამ ამ დროს გიგლამ ბოდვა დაიწყო და იმანაც დამშვიდებით წარმოსთქვა: “გიგლა ყოფილაო”!

- გიგლა გიგლა, რა მოგივიდა? - წყნარად დაუწყო ღვიძება.

- გიგლა, ბიჭო - უფრო მაღალი ხმით დაუძახა კატომ და ნძრევა დაუწყო.

- ჰა, რა გინდა?

- რა გატირებს, გენაცვა?

- კატო სადღაც წაიყვანეს, უ... უ... უ!!. - მოიბუზა გიგლა და ტირილს მოუმატა. თვალებიდან ღაპა-ღუპით გადმოსდიოდა ცრემლი და იმის გაბზიანებულ ბუნჩულა ლოყებს ჰსერავდა.

- რამ გაგაგიჟა, ბიჭო, მე აქ არა ვარ? ვინ უნდა წამიყვანოს! - კატო თან ლოყებს სწმენდდა და თან ჰკოცნიდა და ეუბნებოდა.

- კატო, კატოოო!.. - ტიროდა ისევ.

- აი, კატო, აქ არა ვარ, აბა შემომხედე?!

გიგლამ იცნო თავისი და და მერე სიხარულით გადაეხვია და კოცნა დაუწყო.

- აქავე ხარ, გოგო? მე მეგონა, კიდეც მოგკლეს-მეთქი! - თვალცრემლიანი შეღრეჭოდა გიგლა.

- აი რა სულელი რამა ხარ! - უთხრა კატომ და თავში ოდნავ ჩაუფაჩუნა: - მერე ვის უნდა წავეყვანე?

- აბა რა ვიცი. გოგო! ვითომ მე და შენ ერთ ალაგს ვიყავით. გარს იმოდენა ხალხი გვეხვია, იმოდენა, იმოდენა, რომ ასზე მეტი იქნებოდა. ჰაი და-და-და... ღმერთო!.. რა ნაირები იყვნენ?! სულ კბილებ-დაღრეჭილები და თვალებ-დაჭყეტილები იყვნენ. მერე, გოგო, ხელებშიაც ცეცხლები ენთოთ. თითქოს ცხვირის ნესტოებიდანაც ცეცხლები სცვიოდათ...

- უი, და-და-და!.. - წამოიძახა კატომ და შიშისაგან ტანში გააჟრჟოლა: - ეგენი ეშმაკები ყოფილან, და არა კაცები.

- აბა რა ვიცი - ეშმაკები იყვნენ, თუ ქაჯები!

- მერე, ბიჭო, რასა შვრებოდნენ? - დაეკითხა ცნობის-მოყვარეობით გატაცებული კატო, თუმცა კი არ უნდოდა, რომ გიგლას გაეგრძელებინა, რადგანაც ისა ჰგრძნობდა, რომ რაღაც საშიშარი ამბავი უნდა ყოფილიყო.

- რასა შვრებოდნენ-და... და... ყირამალა დგებოდნენ. ცეცხლებს ისროდნენ... თან, კი, გოგო, ჩვენ გვეტანებოდნენ...

- უი!.. - წამოიკივლა თავისდა უნებურად კატომ ოდნავ და ხელები გაასავსავა.

- მერე შენ წაგავლეს ხელი. შენ ძალზე დაიწივლე. მეც ხელი წაგავლე და არ გიშვებდი. ისინი კი გეწეოდნენ, უნდოდათ წაეყვანე. მე რო არ გიშვებდი, გოგო, ერთმა ისეთი სილა გამარტყა, რომ მაშინვე ხელი გაგიშვი და ტირილი დავიწყე. მერე კიდეც გამომეღვიძა.

- უი და-და-და!.. მართლა წამიყვანდნენ! - კანკალით წამოიძახა კატომ.

- მე იქ არ ვიყავი?! - დაბღვერით სთქვა გიგლამ: - ვის დაგანებებდი?!

- უი, მეხი კი დაგაყარე მაგ თავში! - გულიანად გადიკისკისა კატომ და ორივე ხელებით ქოქოლა მიაყარა.

- მაშ რაღა გაღრიალებდა, თუ კი არავის დამანებებდი, რად წააყვაინე ჩემი თავი? - დაცინვით ჰკითხა კატომ.

გიგლა დაიბნა ამ კითხვით და ერთბაშად ვეღარ მოახერხა-რა საპასუხოდ. ცოტა არ იყოს, კიდევაც შერცხვა. მაგრამ ჩქარა მოახერხა პასუხი და ისევ მედიდური სახის გამომეტყველება მიიღო:

- ეს ხომ სიზმარში იყო. აბა ცხადლივ ყოფილიყო, როგორ სეირს ვაჩვენებდი მე იმათ!..

- შენმა მზემ!..

- ჩემმა მზემა-და...

- მოიცა, გიგლა, ი რა უსტვენს? - გააწყვეტინა კატომ უეცრივ სიცილი გიგლას, რომელსაც ამ დროს არაგვიდან სტვენა შემოესმა.

- ეხლა რო დაუსტვინა?

- ჰო!

- სალამურა იქნება.∗

- სალამურა კი არა, მალამურა არ გინდა?! აი, აი კიდევ, გაიგე?

- ჰო, გავიგე.

- ვინ უსტვენს?

- სალამურაა-მეთქი! - გაჯავრებით უთხრა გიგლამ.

- გინახამს, გიგლო, სალამურა?

- მინახავს, მაშ!

- სადა?

- არაგვში. როცა ბიჭები ვბანაობთ ხოლმე, მაშინ ბევრს ვიჭერთ.

- მეც მიბანავნია, მაგრამ სალმურა კი არ მინახვს.

- შენ რო არ მოძებნო, ვისი ბრალია!..

ამის შემდეგ ორივენი გაჩუმდნენ...

- მაშ არ გეშინიან? - უეცრივ ჰკითხა კატომ.

- არა! - თავ-მომწონედ უპასუხა გიგლამ.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ისინი ასე გაჩუმებული დიდხანს იყვნენ და ბზეს ჩასცქეროდნენ თავ-თავიანთს ფიქრებში გართულები. გიგლას ამ დროს ისევ ისეთი სახის გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც მაშინ, როდესაც კატოს კითხვებს აძლევდა. კატო კი სახეს იჭმუხვნიდა. ეტყობოდა, რაღაც უნდა მოეგონა როგორმე. ბოლოს, გაეღიმა, მაშინვე დააცქერდა საბძლის კარებს, თვალებ-დაჭყეტილმა უეცრივ შესწივლა და გიგლას მოეხვია:

- ვაიმე, გიგლა, მიშველე!.. აგერ ვინ მოებღოტება!..

მართლა ამ დროს ქარმა დაჰბერა და კარებზე რაღამაც გაიჭახუნა.

- ვაიმეეე!.. - შეჰღრიალა გიგლამ და უკან გადავარდა.

- გულადო, გულადო, რა გაღრიალებს? აკი არ გეშინოდა?! - კასკასით უთხრა კატომ.

- მე მოგატყუე და შენ კი მართლა გეგონა! - განაგრძო ისევ კატომ სიცილით.

- დაიკარგე! - დარცხვენით წამოიძახა გიგლამ და ისევ კატოსკენ გადმოგორდა.

- ოჰ, გულადს გაუმარჯოს! - სიცილით უთხრა კატომ: - ეგ არის შენი კვეხნა?! როგორ დაჭრილი დათვივით შეჰღრიალე!!.

- დაიკარგე-მეთქი! - გაბუტვით უთხრა გიგლამ: - მინდა დავიძინო...

- მაშ დავიძინოთ!

ისინი ისევ ერთმანეთს გადაეხვივნენ და მიწვნენ. თუმცა ორთავემ ძილის სურვილი გამოაცხადეს, მაგრამ არცერთს არ ეძინებოდა. გიგლა თავის დამარცხებაზე ფიქრობდა და ლანძღავდა თავის თავს, რომ ასე მალე სიმტყუვნე გამოაჩნდა. კატო კი მალ-მალ იღიმებოდა, რადგანაც იმას სულ თვალ წინ ედგა, თუ დაოთხებული გიგლა როგორ მობრუნდა ღრიალით საბძლის ბოლოსკენ. ასე იყვნენ და-ძმა თავიანთ ფიქრებში გართულნი, როცა სოფლის მხრიდან ყრუდ შემოესმათ თავიანთი სახელები: “გიგლო, კატო!” ორივენი ერთად ხმის ამოუღებლივ წამოსხდნენ და სულ სმენად გარდაიქცნენ, მაგრამ ძახილი აღარ ესმოდათ.

- ვინ დაიძახა? - თითქმის ერთად იკითხეს ორთავემ.

- უთუოდ ეშმაკი იქნებოდა! - დამტკიცებით წარმოსთქვა კატომ. - იმ დღეს ბერუანთ სალომესათვისაც დაეძახნა სახელი. დედაკაცები ლაპარაკობდნენ: თურმე ხუთჯერ-ექვსჯერ დაუძახნია.

- მერე რა ექნა?

- პირჯვარი რომ არ გადაეწერნაო, გაიტყუებდა სადმეო. როცა პირჯვარი გადაეწერნა, მერე აღარა გაეგონა-რა!

- ღმერთო, შენ მიშველე! - გულიანად წარმოსთქვა გიგლამ და, თითქოს ფანდურზე აფხაკუნებსო, ისე გადიწერა სამჯერ-ოთხჯერ პირჯვარი.

კატომ კი კოხტად გამოისახა პირჯვარი და, რაც წმიდანები იცოდა, ყველა ახსენა.

ამ დროს უფრო გარკვევით შემოესმათ ძახილი: “კატო, გიგლოოო”!

- მამა იძახის... - წამოიძახა გიგლამ და პირი დააღო, რომ დაეყვირნა და ხმა მიეცა; იმან კიდევაც მისცა ხმა, მაგრამ ამ დროს კატომ პირზე ხელი მიაფარა და ხმა გააწყვეტინა.

- რა გაყვირებს, შე პირ-გასაშავებელო, მამა კი არა, პაპა არ გინდა!

- მამაა, ღმერთმანი!

- სუ-მეთქი! შე სულელო, არ იცი, რომ ეშმაკები მამის ან დედის სახეს და ხმას მიიღებენ ხოლმე! მაშინ უფრო გაიტყუებენ.

- მართლა?! - შიშით და განცვიფრებით წამოიძახა გიგლამ.

- მართლა, მაშ!

- მაშ რაღა გვეშველება? - სასო-წარკვეთილებით დაიძახა გიგლამ და ერთი ისეთი ამოიკვნესა, რომ კაცს ეგონებოდა, გული თან ამოაყოლაო.

- რა გვეშველება-და, პირჯვარი ვიწეროთ! - სთქვა თუ არა, მძიმედ დაიწყო კატომ პირჯვრის წერა და წმიდა გიორგის და სხვა წმიდანების ხსენება. გიგლაც გამუდმებით “ღმერთო, ღმერთოს!” იძახდა.

“ახლა სადღა ჯანაბას და დოზანას წავიდე და თავში ქვა ვიცე!” - თითქმის მტირალ და იმედ-გადაწყვეტილ კაცისგან წარმოთქმული ეს სიტყვები შემოესმათ ამ დროს ყმაწვილებს. ამასთან ერთად ვიღაც მოაწვა საბძლის გვერდს და უეცრივ მისწყდა ხმა. მოისმოდა მარტო ისევ ტყის შრიალი, ხის ლაწა-ლუწი და ადამიანური კვნესა; აქა-იქ ადგილებიდან ტურებისა და მგლების ჩხავილ-ყმუილი ისმოდა; ქარის ზუზუნი თანდათან უფრო მატულობდა, თითქოს თავის ძალა და ღონე სულ ამ საბძლისკენ მოუქცევიაო, რომ როგორმე ძირს დასცეს და ბავშვებს ეს უკანასკნელი თავ-შესაფარიც მოუსპოსო.

ყმაწვილებს საბძლის გვერდის გაჯახუნებაზე და კაცის ხმაზე ენა მუცელში ჩაუვარდათ და ძლივს-ღა სუნთქავდნენ.

არც ის იყო უკეთეს მდგომარეობაში, ვინც საბძელს მოაწყდა. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ქიტუა იყო, რომელიც თავის ქალ-ვაჟს დაეძებდა. ის რაკი თავის სახლს გამოსცილდა, ერთი-ორჯერ დაიძახა თავის ქალ-ვაჟის სახელები იმ იმედით, რომ, თუ აქ იქნებიან, პასუხს მომცემენო. მაგრამ პასუხი არავინ მისცა. ამის შემდეგ ის მოედო მთელ სოფელს და ერთი კომლი არ გამოუშვია, რომ არ ეკითხნა: “ჩემი ბალღები თქვენსა ხო არ არიანო, ან ხო არ გინახავთო?”...

როცა სულ უკანასკნელ ოჯახს ჰკითხა და იქაც უარი უთხრეს, ქიტუა კინაღამ გადიქცა. ელდანაკრავივით დიდხანს იდგა ერთს ადგილას და თავბრუ ესხმოდა. ცდილობდა მოეგონებინა რამ, რამე ღონე ეღონა, მაგრამ იმის თავში აზრი აზრს არ ებმოდა; ისა ჰგრძნობდა თავის სიცარიელეს, რომელიც თან და თან უფრო უმძიმდებოდა და ტყვიასავით უხდებოდა...

მართლაც რა უნდა ექნა? სად უნდა წასულიყო ამ ბნელ ღამეში? რამოდენიმე ხნის შემდეგ გამოტრიალდა და ალალბედზე გაემგზავრა. სად? ეგ თვითონაც არ იცოდა. მიდიოდა კი და სად დადგებოდა - ამას ვერ გეტყოდათ. ერთი-ორჯერ კიდევ დაუძახა თავის შვილებს, და ეს დაძახება ხომ კატომ ეშმაკის ძახილად მიიღო. მერე კი, ვიდრემდის საბძელს არ მიაწყდა, ხმა არ ამოუღია. საბძელთან კი ისე უცნაურის ხმით დაიძახა: “ახლა სადღა ჯანაბას და...”, რომ ყმაწვილებმა სულ ვერ იცნეს თავის მამის ხმა და ამის გამო ძალიანაც შეშინდნენ.

- ვაააიიი!.. - წამოიღრიალა შესაზარის ხმით ქიტუამ და ორივე ხელით დაეჯაჯგურა საბძლის გვერდს და რამდენსამე წნელს ჭახა-ჭუხი მოადენინა.

ყმაწვილები ამ ჭახუნზე და ღრიალზე გაშრნენ, გაყვითლდნენ და დამუნჯდნენ. უნდათ შეჰყვირონ, მაგრამ ხმა აღარ მოსდევთ; უნდათ ადგნენ და უკანა ზენაქრივ კუნჭულში მიიმალონ, ბზეში ჩაიფლან, მუხლი აღარ ემორჩილებათ. თითქოს ყოველი სხეულის ნაწილი დაუდამბლავდათო.

“უუუ”! - გააგძელა იქვე ახლოს ჭალაში ერთმა მგელმა; ამას სხვადასხვა ადგილებიდან ბანი მისცეს, და შეუდგათ ერთი ალიაქოთი.

მგლის ყმუილმა ხომ ქიტუას ბოლო მოუღო. იმას ეგონა, ეს ერთი მგელი სხვა მგლებსაც იწვევს, რომ იმის შვილები შესჭამონო.

- შვილებო!.. შვილებო!.. კატო... გიგლა!.. ერთი კიდევ გნახოთ მაინცა და მერე... - დაიყვირა ქიტუამ და ჭალისკენ, საიდგანაც მგლების ყმუილი გაიგონა, დაქანებას აპირებდა, მაგრამ ამ დროს ყმაწვილების ძახილი მოესმა: “მამი, მამი!..”

- ჰა!.. სადა... ვინ... - გონება-დაკარგული იძახდა ქიტუა, როდესაც ყმაწვილების ხმა მოესმა.

- მამი. მამა!.. აქა ვართ!.. - საბძლიდან გამოჰყვირეს ყმაწვილებმა და მაშინვე საყვავესკენ გაექანენ და აებღოტნენ.

ქიტუაც იქით გაიქცა და, რაწამს გიგლამ თავი გარედ გამოჰყო, მაშინვე ხელები მიაშველა და გიჟივით გულში ჩაიკრა. კატოსაც აგრევე უყო.

ქიტუამ, რაკი კოცნითა და ალერსით ჟინი მოიკლა, აქეთ-იქით მოიყენა თავისი შვილები და დამშვიდებული ბოსლისაკენ გაემგზავრა, სადაც მათ გარდა ოთხი ძვირფასი არსება კიდევ ეგულებოდა.


III


გარედან ქმრის ხმა რომ შემოესმა, სოფიომ მიხურა კარები და ცოტა ხნის შემდეგ ლოგინიც გაშალა, თბილ საბანში გაეხვია და ჩაწვა. უნდოდა დაეძინა, მაგრამ ფიქრებმა ისე გაიტაცეს, რომ ძილი თვალზე აღარ ეკარებოდა და ისე კარგა ხნობამდინ გორაობდა ლოგინში.

მართალია, სოფიომ გარდაწყვეტით წამოიძახა: “ან ეს ბალღები და ან კიდევ მე ამ სახლშიო”, მაგრამ რაც დრო გადიოდა და ქიტუა ბავშვების შესახებ არავითარ ამბით არ ბრუნდებოდა სახლში, იგი თანდათან სცვლიდა თავის გარდაწყეტილებას. ბოლოს, იქნობამდის მივიდა, რომ თითქმის წინააღმდეგ აზრს დაადგა. “ღმერთო, - მალ-მალ წამოიძახებდა ხოლმე სოფიო, - ამაღამ კი ნურაფერი მოუვა ი ბალღებსა და შემდეგ კი პირს გავიხმობ და ხმას აღარ გავცემ!” “შენი ამანათები იყვნენ ამაღამ ისინი და შენ დაიფარე!” - დაუმატებდა ხოლმე ცოტა ხნის შემდეგ.

წამი წამს მისდევდა, საათი - საათს, მაგრამ ქიტუა შინ არა ბრუნდებოდა და სოფიოს იმის ლოდინში სული მისდიოდა. დერეფანში ყოველ რისამე გაფაჩუნებაზე თავისდა უნებურად წამოჯდებოდა ხოლმე ლოგინში და სულ სმენად გარდიქცეოდა, იმ იმედით, რომ აი, საცაა, კარები გაჭრიალდება და ქიტუა ბავშვებით შემოვაო. მაგრამ ეს იმედი არ უმართლდებოდა და სასო-წარკვეთილი და მოწყვეტილი მიეშვებოდა ხოლმე ბალიშზე.

“ე რა ღმერთი გამიწყრა და იმას გავუგონე?! რაზე ჩავდექი ი ბალღებისა და კაცის ცოდოში?!” წამოიძახა სოფიომ, როდესაც ქიტუას დაბრუნების იმედი გადიწყვიტა. “ოო, შე, შე სულელო ჩემო თავო”, - განაგრძო სოფიომ და თან რამდენჯერმე წაიკრა თავში: “რად უგონებდი იმას და ბალღებს ისე ცუდად რად ექცეოდი?.. არ იცოდი, რომ ცხვირს სადმე წაგაყოფინებდა?! ეხლა იმათ რო მოუვიდეთ რამე, ხომ სოფელში თავი ვეღარ უნდა გამოვყო, ხომ ქვეყანამ უნდა ჩამქოლოს და თითით საჩვენებელი გამხადოს!.. არა, თუ იმათ მოუვიდათ რამე ამაღამ, მეც ავდგები და წყალში გადავვარდები!.. მე ხალხს ვეღარ ვეჩვენები!.. ჩემი ცოდით დაიწვი და დაიდაგე, რომ ამ დღემდის მიმიყვანე!..” წამოიძახა უკანასკნელად სოფიომ, თვალები ცრემლით აევსო და ბალიშში ჩაყო თავი.

ასე იწვა სოფიო, და იმის გონებას მთელი წარსული მისი ცხოვრება რიგ-რიგად დაეხატა. ბევრი კარგი და ავი მოაგონდა სოფიოს, და, ამ მოგონებაში გართულს, ძილი შეეპარა.

მძიმედ დაიწყო სუნთქვა და ხანდისხან ღიმიც გადურბენდა ხოლმე ტუჩებზე. მაგრამ ამნაირ მდგომარეობას დიდხანს არ გაუტანია. იმან ჩქარა დაიწყო ბოდვა და მწუხარებით ბორგვა.

ბოლოს, უეცრივ შეჰკივლა: “მიშველეთ, მოჰკლაო”! და გიჟივით ლოგინიდან პერანგა წამოვარდა. იმისი გული ამ დროს საშინლად აჩქარებით სცემდა და გაჰქონდა ძაგა-ძუგი, თითქოს იბრძვის, რომ ბუდიდან გადმოვარდესო. სოფიო გონს ვერ მოსულიყო - ცხადლივ იყო, თუ სიზმარში. ძალას ატანდა თავის თავს, მაგრამ აზრები არ ულაგდებოდა და არ ემორჩილებოდა. ასე გაშტერებული იდგა კარგა ხანს და ერთ ადგილიდან არ იძროდა. ბოლოს, სიცივისა და შიშისგან კანკალმა აიტანა, და ამ გარემოებამ გონს მოიყვანა. “ღმერთო, ე რა საშინელება რამ ვნახე?!” წამოიძახა და პირჯვარი გადიწერა. უნდოდა კიდევ ეთქვა რამ, მაგრამ ამ დროს კარები გაჭრიალდა და ქარმა შუილით შემოითამაშა სახლში. კარები, როგორც ჩქარა გაიღო, ისევ ისე ჩქარა მიიხურა...

- ქიტო, შენა? - წამოიძახა სოფიომ და საჩქაროდ დაუმატა: - ბავშვები?

- ქიტუას სადა ჰხედავ? - უპასუხა ვიღაცამ და გაწუწული ნაბადი დედა-ბოძის ძირში მიაყუდა.

- ნათლი, შენა ხარ? - წამოიძახა სოფიომ და იმისკენ გაეშურა, მაგრამ უეცრივ შედგა და ნათლიას გამოწვდენილი ხელები მოიშორა.

- შენი ჭირიმე ნათლი, წადი, წადი ჩქარა და ნუღარსად მოხვალ ჩემთან, ნუ, ნუ, ნუ!..

- ნუ გეშინიან, ქიტუა ეხლა აქ არ მოვა!

- რა იცი?.. რატომ?.. ხომ არა მოუვიდა-რა?! - ზედი-ზედ მიაყარა სიტყვები სოფიომ.

- აი, შე კუდიანო, გაგეხარდება კი, რო მოუვიდეს რამე! - სიცილით უთხრა ნათლიამ და უეცრივ გულზე მიიკრა.

- გამიშვი, გამიშვი! ნუღარ მომეკარები! - შეჰყვირა სოფიომ და თან ხელი ჰკრა ნათლიას.

- წადი, წადი, არ მომეკარო. - განაგრძო ისევ სოფიომ აკანკალებულის ხმით და ლოგინში გაეხვია.

- რა მოგივიდა, ხომ არ გაგიჟდი? - დაეკითხა გაოცებული ნათლია.

- შენ გენაცვალე, წადი!.. ეხლავე წადი, თორემ ცუდი საქმე დაგვემართება!..

- რა ცუდი საქმე უნდა დაგვემართოს? გეშინიან, რომ ქიტუამ არ მოგვასწროს?! - ლაპარაკის დროს ნათლია მივიდა და გვერდით მოუჯდა სოფიოს, რომელმაც იმის მიახლოვებაზე ხელები წინ გამოიწვდინა და მთლად აკანკალებულის ხმით ხვეწნა დაუწყო:

- ნათლი, ნუ სდგები ჩემ ცოდოში და ამაზე მეტად თავს ნუღარ მომჭრი! გვეყოფა, გვეყოფა ამოდენა ღვთის გმობა! ღმერთი არ შეგვარჩენს ნათელ-მირონობის დარღვევას. აი, ეხლაც ისეთი საშინელი სიზმარი ვნახე, რომ... არა, ნათლი, წადი, შენი ჭირიმე! საცაა, ეხლა ქიტუა მოვა და... ოჰ, ღმერთო, კეთილად ამიხდინე სიზმარი!..

- ქალო...

- წადი, თორემ ორივეს დაგვხოცამს! სიზმარში ხანჯლით დაგვდევდა!..

- ეჰ, რა სულელი რამა ყოფილხარ!.. - ღიმილით უთხრა ნათლიამ და გულზე მიიზიდა მთრთოლვარე სოფიო.

- აჰა, აჰა და ჩქარა წადი, ნუღარ იგვიანებ, თორემ, საცაა, მოვა!.. ოჰ, ღმერთო, რა უბედური რამა ვარ... - სოფიო მოწყვეტილი და მოქანცული მიესვენა ნათლიას გულს და ქვითინი მორთო.

- ქალო, რა გატირებს, ნუ გეშინიან...

- შენი გულისთვის ღმერთიც დავივიწყე და კაციც. აი, ეხლაც შენი გულისთვის ბალღები გავრეკე და, ვინ იცის, ცამ უყო პირი, თუ დედა-მიწამ! თუ ქიტუამ ვერ იპოვა, ხომ, ის არის, მომკლამს. ნეტავი მომკლას-და...

- ნუ გეშინიან...

- ნეტავი მომკლას, ის მირჩევნიან. ი ბალღებს რო მოუვიდეთ რამ, ხომ გარედ ვეღარ გამოვალ, ხომ წყალში უნდა გადავვარდე, თუ ქიტუამ არ მომკლა.

- ქალო, დამაცალე, გითხრა...

- არა, არა, წადი, წადი!.. ღმერთო, ამისთანა ღამეში როგორ გავრეკე მე უბედურმა! აი ეხლა ხორცი სულ მადნება, როცა ისინი მაგონდებიან.

- ქალო, ბავშვებს არა უშავთ-რა, რად...

- როგორ თუ არა უშავთ-რა!.. აბა შენ დარჩი ამაღამ ცის ქვეშ და მაშინ ნახამ, თუ არა უშავთ-რა?!

- თუ არ მათქმევინებ, აბა რა ვქნა?.. ბავშვები ბოსელში არიან.

- როგორ?!. შენ რა იცი? სადა ნახე? - ზედიზედ წამოიძახა სოფიომ სიტყვები და ნათლიას გულიდან მოშორდა.

- იქიდან ვიცი, რომ ქიტუას მიყავდა ისინი ეხლა იქით.

- მართლა?! არ მატყუებ? - სიხარულით დაეკითხა ის და თან ხელებს ხან მხრებზე ავლებდა ნათლიას და ხან გულზე.

- არ მატყუებ? მართალს მეუბნები?

- შენმა მზემ, მართალს გეუბნები.

- მაშ, უპოვია?

- უპოვია.

- მერე, სადა ნახე?

- ჩემთან თვითონ მოვიდა და მითხრა. წეღან თურმე მთელი სოფელი დაიარა და ყველგან კითხულობდა: “ჩემი ბალღები ხომ მანდ არ არიანო”?

- მერე?

- მერე, ჩემთანაც მოვიდა და მიამბო: “შენი ნათლულები იმ ბ - ს ოხერს გამოურეკიაო და აქ ხომ არ მოსულანო”. მე უარი ვუთხარი და თანაც დავუმატე: “თუ იპოვო, შემატყობინე-მეთქი” და აი, ეხლახან ბალღებით მოვიდა ჩემთან და მერე ბოსელში წაასხა - “ჩემთან ბოსელში დავაძინებო”. ის რო ბოსლისკენ წავიდა, მე შენთან გამოვემგზავრე...

- უჰ, ღმერთმა გიშველოს, რომ შემატყობინე, თორემ გავგიჟდებოდი!

- აი, ყოველთვის რო ესე თავისუფლები ვიყვნეთ ხოლმე, მაშინ იქნება კარგი.

- მგონი, ჩემო ნათლი, ჩვენ თავისუფლები აღარც როდის ვიქნებით. მე ბალღებს დღეის შემდეგ ხმას აღარ გავცემ.

- მაშ, ეგ არის, გადასწყვიტე?

- დიახ, და ჩვენც ერთმანეთს უნდა დავშორდეთ. დღეის შემდეგ ისე მიგულებდე, როგორც წინად - როგორც ნათლი-დედას.

- ისა სჯობია, გეთქვა - ამ წუთსავე უნდა გავშორდეთო. - ამ სიტყვების შემდეგ ნათლია წამოდგა და ნაბადს წამოავლო ხელი.

- სად მიხვალ?! - განცვიფრებით ჰკითხა სოფიომ.

- შინ! - მოკლედ უპასუხა ნათლიამ.

- ამაღამ რისა გეშინიან. ხომ შენვე სთქვი - ქიტუა ბოსელში წავიდაო! ის ეხლა აქ აღარ მოვა.

- ეგ მეც კარგად ვიცი, რომ ის ამაღამ აქ აღარ მოვა და, გინდა ეს ასე არ იყოს, მე თავიდღენი არავისი მშინებია და არც ეხლა შევუშინდები ვისმე.

- მაშ, რად მიხვალ შინ?

- იმად მივალ, რომ შენ მითხოვ.

- გითხოვ, მაგრამ ამაღამ კი დარჩი, ნუ წახვალ. ხვალ, ზეგ და მერე კი ნუღარ...

- თუ მერე არა, არც ამაღამ დავრჩები, მშვიდობით! - ნათლიამ მოიგდო ნაბადი და კარებისაკენ გასწია.

- ნათლი, ამაღამ დარჩი, ნურსად მიხვალ! არ გეყურება, ჰა?! - წამოვარდა ლოგინიდან და უკანიდან დაიჭირა.

- კარგი, გამიშვი!

- არა, ამაღამ იყავ, ჩემო ნათლი! ნურსად ნუ მიხვალ. - სოფიო ჩამოეკიდა კისერზე და კოცნა დაუწყო.

იმანაც მოჰხვია მკლავები და ლოგინთან მიიტანა.

- განა ეგ არის შენი სიყვარული, რომ მაგრე თავს მანებებ, გინდა სამუდამოდ თავი დამანებო? ღმერთო, რა უბედური რამა ვარ! - სოფიოს ამოუჯდა გული და ფშრუკუნი დაიწყო. - შენის გულისთვის ქვეყანა მოვიძულე და შენ კი გარბიხარ?

- შენ თითონ მითხოვ და მაშ, რა ვქნა, თუ არ წავიდე. აი, ეხლა კი დავრჩები, რადგანაც არ მითხოვ.

- მაშ, აღარ წახვალ?

- აღარ წავალ, მხოლოდ იმ პირობით კი, სხვა დროსაც...

- ოჰ, ნათლი, რა ეშმაკი რამა ხარ! - უთხრა სოფიომ საყვედურით და თავისი ჩამკრივებული მკლავები გველივით შემოავლო ნათლიას კისერს და თავისკენ მიიზიდა, რის პასუხადაც ნათლია დაეწაფა იმის გაღვივებულს მკერდს და, თითქოს ზედ დააკვდაო, დიდხნობამდინ თავი მაღლა აღარ აუღია...


IV


მკითხველებს ცოტათი მაინც გავაცნობთ ნათლია ნიკოს ვინაობას. ნიკო გახლდათ სოფლის მწერალი, შთამომავლობით მღვდლის შვილი და აზნაური. იმისმა მამამ, როგორც მღვდელმა და აზნაურმა, ნიკო სასულიერო სემინარიაში მიაბარა (მაშინ სემინარია და სასულიერო სასწავლებელი ერთად იყო), მაგრამ იმის სამწუხაროდ, ნიკოს ექვსის წლის შემდეგ გამოუძახეს სემინარიიდან როგორც უნიჭო მოწაფეს. ამ ექვსის წლის განმავლობაში წერა-კითხვაც ვერ ისწავლა ხეირიანად და, ცხოვრებისათვის მოუმზადებელი, მამას თექვსმეტ-ჩვიდმეტის წლისა შინ დაუბრუნდა. მამამ თუმცა, მისალმების მაგიერ, შვილი მისვლისათანავე კეტით გარედ იფრინა და მიაძახა: “თვალით არ დამენახო, შენ შვილობაზე ხელს ვიღებო”, მაგრამ მალე გული მოიბრუნა და შინ შემოიყვანა. “შვილო, - მიჰმართა მამამ, როცა ნიკო თავის დედამ ალერსიანად გადაჰკოცნა და გვერდით მოისვა - მაგითი ბევრი არა დაშავდა-რა, რომ დაგითხოვეს. შეიძლება ძალითა ღვთისათა და ჩვენითა მეცადინეობითა საქმეს ვუშველოთ როგორმე. მე სასწავლებელში ჩემ დღეში არა ვყოფილვარ, მაგრამ აბა, შემომხედე, ანაფორა არ მაცვია თუ?! შენც, შვილო, შინ მოემზადე და, რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერ პრიჩეტნიკად გაგამწესებენ და მერე კიდევ მღვდლადაც გაკურთხებენ”...

მამის ტკბილი სიტყვებით წახალისებულმა ნიკომ მღვდლობაზე უარი გამოაცხადა იმის გამო, რომ სწავლა არ შემიძლიანო.

- რაო?! - შეჰყვირა მამა გედევანმა და მაშინვე დავითნი მიაჩეჩა ხელში: - “ეს გაიზეპირე, თორემ სულ ტყავს გაგაძრობ!” დასჭყივლა მღვდელმა და შემდეგ განაგრძო: - შენისთანა ლაწირაკებმა მღვდლობა უნდა დაიწუნონ? მღვდლისთანა ვინ არის?! იგი მოადგილეა თვით იესო ქრისტესი, ძისა ღვთისასა, უფლისა ჩვენისა, რომლისა სახელი იდიდების ქვეყანასა ზედა. მღვდელი ამა სოფელსა პირველი პირია, ჭირშიაცა და ლხინშიაცა პირველი ადგილი უჭირავს. აბა, ერთი მითხარ, ვინ გაჩენილა ისეთი, ვინ მონათლულა, ავად გამხდარა, დაქორწინებულა და ან მომკვდარა, რომ მღვდელი არ მიეწვიოთ, როს სუფრის თავს ის არა მჯდარიყოს.

კარგა ხანი ილაპარაკა მამა გედევანმა მღვდლის შესახებ და თან შვილს უტევდა, მაგრამ ნიკოს ერთი სიტყვაც არ გაუგონია. იმას დავითნი უკუღმა გადაეშალა და ისე თავდაყირა ასოებს დასცქეროდა. “ფოფოდია” კი მამა გედევანის სიტყვების დასამტკიცებლად წუწუნით და წრიპინით იძახდა:

- ჰო, შვილო, ყური დაუგდე მამაშენს, მართალს იძახის, - და თან ნიკოს ზურგზე ალერსით ხელს უსვამდა.

ასე, ხან ჯავრობით და ხანაც ლოლიაობით, ოთხის წლის განმავლობაში მამა გედევანმა თავის შვილს დავითნი ზეპირად შეასწავლა, მაგრამ იმის “გაპრიჩეტნიკებას” კი ვეღარ მოესწრო. წყეულმა სიკვდილმა იესოს მოადგილეობაზე ხელი ააღებინა. მამა გედევანის გარდაცვალების შემდეგ არც სხვა ვინმე მოსწრებია ნიკოს “გაპრიჩეტნიკებას”. ზნეობრივ და გონებრივ, ოჯახში და სასწავლებელში ასე დამახინჯებული ნიკო საზოგადოებაში გამოვიდა.

- ნიკოს იმოდენა მამული არა ჰქონდა, რომ იმის შემოსავლით “უშრომლად” ეცხოვრნა, რადგანაც გარჯასა და მუშაობას ვერ ეწყობოდა. ამისთვის სხვა საშუალებას მიჰყო ხელი - თავის სოფლელების ძარცვა-გლეჯას. მაგრამ იმნაირად კი სძარცვავდა და ჰგლეჯდა, რომ გაძარცულები მადლობლებიც რჩებოდნენ იმისი. მართალია, ნიკო “იესოს მოადგილედ” ვერ გახდა, მაგრამ ეს გარემოება ხელს არ უშლიდა, რომ სოფელში პირველი ადგილი დაეჭირა და ჭირშიაც და ლხინშიაც, დაბადებაშიაც და სიკვდილშიაც, ქორწილში თუ ქელეხში სუფრის თავს გამოჭიმულიყო...

ნიკომ თავისი მოქმედება ნათლიაობით დაიწყო. ვისაც კი სოფელში ცოტათი მაინც სიპოხე ეტყობოდა, ნიკო ყველას ნათლიად უხდებოდა. ამ გარემოებით იმან ისარგებლა და ერთს ბედნიერ დღეს სოფლის მწერლად გახდა. რაკი მწერლობა ხელთ იგდო, მაშინ ხომ ყველას კარი ღია იყო და ყველანი ხელთ ეჭირა. თვით მამასახლისიც, როგორც ნასწავლ კაცს, მღვდლის შვილს და აზნაურს, პატივსა სცემდა და რჩევასაც ჰკითხავდა ხოლმე. უიმისოდ ბუზსაც ვერ ააფრენდა.

აი, სწორედ იმ დროს, როდესაც სუნით დაეძებდა, თუ რომელ შეძლებულ გლეხის ოჯახში დაიჩხავლებდა ახლად დაბადებული ბავშვი, მოუნათლა ქიტუა გიგაურს, როგორც შეძლებული ოჯახის პატრონს, კატო. ამის შემდეგ ნიკო ხშირად დადიოდა ქიტუასთან და ბევრჯელ, როგორც ნათლიას, მოხრაკული ვარია-ერბო-კვერცხით და წითელი ღვინით ჩაუკოკლოზინავეს ყელი. როცა გიგლაც ამან მოუნათლა, მაშინ ხომ შინაური გახდა და თითქმის ყოველ დღე ქიტუას ოჯახში იყო. “ერთი კოკა მირონი დააბრუნა ჩვენს ოჯახშიო”, - ხშირად იტყოდა ხოლმე ქიტუას პირველი ცოლი მეზობლებში, და მეზობლებიც ამასვე გაიძახდნენ, როდესაც ნიკომ ქიტუას მეორე ცოლთანაც მოუხშირა სიარული.

პირველს ხანებში ნიკო ქიტუასთან დადიოდა იმ განზრახვით, რომ ესვა, ეჭამა და მოეგო იმისი გული; მეორე ხანში კი სულ სხვა საქმე იყო. ეხლა იმას აღარ უჭირდა არავისი თავი, ეხლა თვითონ იმის თავი უჭირდათ ყველას და სცდილობდნენ იმის გულის მოგებას. ყველა გლეხი ბედნიერად ჩათვლიდა თავის თავს, თუ კი მის ოჯახს იკადრებდა და ეწვეოდა როდისმე. განა ხუმრობა საქმეა, რომ ნიკო, უკვე მდიდარი, მღვდლის შვილი, აზნაური და მერე კიდევ მწერალი სწვევოდა რომელსამე გლეხს და თავი გაეყადრებინა იმისთვის!

ნიკო, ვიდრემდინ სულს მოიდგამდა, ხშირად დაიარებოდა ქიტუასას, მერე, რაკი ფეხი მოიკიდა, სულ აღარ გაუვლია იმასთან. ამასთანავე ქიუტაც ამ დროს ძალიან ძირს დაეშვა: მოუკვდა მამა, მერე ამას მიჰყვა დედა, ახლა სხვდასხვა ჭირი დაატყდა თავს, რაც გლეხის ოჯახს ანადგურებს, და აბა, ამისთანა გლეხთან რაღად დაიჭერდა კავშირს, რადგანაც იმისი აზრი ის იყო - თავი იქ შეეყო, სადაც მიეცხობოდა რამ და არა იქ, სადაც მიცხობის მაგივრად უნდა გასცლოდა რამე.

როცა ქიტუა დაქვრივდა და ორი პატარა ობოლი დარჩა, მაშინ ხომ აღარც კი ელაპარაკებოდა, რა არის, არა მთხოვოს-რაო.

მაგრამ აგერ სოფელში გაისმა ხმა - ქიტუამ ძალიან ლამაზი ცოლი შეირთოვო, რომ იმისთანა ქალი ჯერ არავის მოუყვანიაო. ნიკოს ხშირად ესმოდა თავისი ნათლიდედის ქება, იმისი მომხიბლავი სიტურფე და სიკეკლუცე. ამ ხმებს ჯერ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ბოლო დროს გაიფიქრა: “აბა, ერთი ვნახოვო. იქნება, მართლა ძალიან ლამაზიაო”


V


შიოობა დღეს სოფ. ბ - ში დილიდანვე ერბოს ნამცხვრის სუნი დატრიალდა. ვისაც ჰქონდა და არა ჰქონდა შიო მღვიმელისთვის ერბოს ზედაშები, ყველამ დაახურა კეცები და ქადების ცხობას შეუდგა.

ის იყო, სოფიო მორჩა ქადების ცხობას, რომ ბანის ერდოდან მოესმა მეზობლის ქალის ხმა:

- პატარძალო, რატო მაგრე ჰგვიანობ და გარედ არ გამოხვალ?

- გარედ რა გავაკეთო, შენ გენაცვალე? - უპასუხა სოფიომ.

- როგორ თუ რა გააკეთო, ადამიანო?! გადი გარედ, გაიხედ-გამოიხედე, ბედნიერი დღეა. - უთხრა ქიტუამ და ცხელი ქადის ლუკმა პირში გააქანა.

- რას ამბობ, ქალო, ჩქარა ჩაიცვი და დიპლიპიტო-ნაღარაც წამოიღე. ლხინი გავმართოთ. აგერ ზემო-უბანში კიდეც გამართეს. იმათ როგორ უნდა გვაჯობონ! - იმავე დროს წამოსძახა მეზობლის ქალმა.

სოფიომ საჩქაროდ ტანთ ჩაიცვა, დაიხურა თავი და დიპლიპიტო-დაირით ბანზე ავიდა.

თბილი, თებერვლის დღე ხელს უწყობდა ყველიერში მოლხინე ბ - ლებს. რამდენსამე კალოზე ახალგაზრდა ყმაწვილებს გაემართნათ ჩალიჩი. მოჩალიჩენი ოროლ ნაწილოად იყვნენ დაყოფილნი. ერთი ნახევარი რომ წრეს შიგნით იდგა, ამ დროს მეორე ნახევარი გარს დასტრიალებდა და დაგრეხილ აპეურებს ცხარედ უქნევდა, მაგრამ შიგ-მდგომნი მარდად იცდენდნენ და სცდილობდნენ მათს გაჭრას. ახალგაზრდები რომ ასე ერთმანეთის ბრძოლაში იყვნენ და ჟრიამულობდნენ, მოხუცებულები იქვე შორი-ახლოს ისხდნენ და სტკბებოდნენ ახალგაზრდების სიამოვნებით. მათი სიმარდე იმათაც გულს უთამაშებდა და აგონებდა თავის ახალგაზრდობას.

ახალგაზრდა ვაჟები თუ ჩალიჩით იყვნენ გართულნი, ქალებიც არ იდგნენ გულ-ხელ-დაკრეფილნი. იმათაც რამდენსამე ადგილს გაემართათ “ლხინი” და დიპლიპიტო-დაირას გაცხარებულნი უკრავდნენ.

ქიტუას ბანზედაც ჩქარა შეგროვდნენ ქალები და აქაც გაახურეს დიპლიპიტო-დაირა.

ვაჟების ყიჟინი, ქალების გულიანი სიცილი და კასკასი, დიპლიპიტო-დაირის ხმა სულ ერთმანეთში ირეოდა და ერთგვარი სასიამოვნო გუგუნი იდგა ჰაერში. თითქოს ბ - ლებს დავიწყნიათ ყველა თავიანთი ვარამი და მთლად სულით და ხორცით მისცემიან სიხარულსო!

დიაღ, ამათ ეხლა დავიწყებული ჰქონდათ თავიანთი ვარამი; არცერთს არ ჰქონდა ჩვეულებრივ შეჭმუხვნილი შუბლი და არც-ერთს სახე არ ჩამოსტიროდა; ყველას გახსნოდა სახის ნაოჭები და ყველას ერთნაირად უცინოდა და უელავდა სიხარულით სახე. იშვიათად ხვდება ხოლმე გლეხს ამისთანა დღეები და როცა ხვდება, მაშინ ის სულითა და ხორცით ეძლევა თავის გრძნობას. მარტო გლეხს, თავის შრომით და დიდის გაჭირვებით ლუკმა-პურის მომპოებელს, შეუძლია ასე თავ-დავიწყებით მიეცეს თავის გრძნობას და გამოსცადოს ის ნეტარება სიხარულისა, რომელიც უქმად-მყოფთა და მუდამ სიამოვნების მაძებართათვის საიდუმლოებას შეადგენს. იქნება ისე ღრმა არ იყოს ამისი გრძნობა, როგორც ზნეობრივ და გონებრივ განვითარებული მშრომელი კაცისა, მაგრამ აქ ხომ ამაზედ არ არის ლაპარაკი. იქნება განვითარებულ მშრომელის გრძნობა უფრო ძლიერია, ვიდრე გლეხისა. ეს, იქნება კი არა, ასეც არის, მაგრამ აქ საქმე ისაა, თუ გრძნობა რამდენად იპყრობს კაცის არსებას. გლეხს რაც სულის სიღრმე აქვს, იმ სიღრმემდინ ჩადის გრძნობა და მთლად იპყრობს იმის არსებას. ამას შეხამებული არა აქვს-რა: არც სიხარული და არც მწუხარება. ორივე ერთნაირად მოქმედობს ამის არსებაზე...

როდესაც ქიტუას ბანზე შუა “ლხინში” შევიდნენ, უეცრივ გაისმა ხმა: “ბერიკები მოდიან, ბერიკებიო”!

ქალებმა მაშინვე შესწყვიტეს დიპლიპიტო-დაირის დაკვრა და თვალები მიაპყრეს ერთს თათრულად ჩაცმულ, ახოვან ტანის ახალგაზრდას, რომელმაც მარდად შემოდგა ფეხი ბანის გვირგვინზე და შეჰყვირა: “იიი! ალლაჰ-საღლარ!” შემდეგ დაეყრდნო გრძელ კომბალს და ერთბაშად შეხტა. რამდენსამე წამს, კომბალზე დაყრდნობილი, ჰაერში გაშოტილ ფეხებს ათამაშებდა და გაჰკიოდა. ბოლოს, კომბლიდან გადაეშო და მოთამაშე ბერიკების დასს წინ მიეგება.

ქალები მაშინვე ბანის გვირგვინს აეკუნწლნენ, მოთამაშეთა პირდაპირ, რომლებმაც იქვე კალოზე დაიწყეს თავიანთი წარმოდგენა; ღორისა, კეკელასი, ბერიკებისა, მღვდლის და თათრისა - აი ყველა როლები, რომლებიც უნდა აესრულებინათ. ღორი იჯდა გაუტუსავ ღორის ტყავში და მარდად დასდევდა თამაშობით საზანდრის ხმაზე თავის სატრფოს, მოარშიყე ბერიკებს; მალი-მალ დაიჩოქებდა, დააკაპუნებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ეშვებს და მიწას ამოსთხრიდა, მერე ისევ მარდად წამოხტებოდა და ბერიკებს ან თათარს გამოედევნებოდა. ვაი იმათი ბრალი, თუ რომელსამე მოეწეოდა!.. დაუქნევდა ეშვებს და ბერიკების გადმობრუნებულ ტყავს სულ ბურტყლებს აყრევინებდა. ბერიკები ამ დროს ხმლით იგერიებდნენ და შეცვლილი წვრილის ხმებით გაჰკიოდნენ: “იო, იო”-ს! კეკელა კი, ქალის ტანისამოსით მორთული, ღორს წინ უხტოდა და ჭრელ ხელსახოცს ალერსიანად მალი-მალ მხარზე გადუქნევდა ხოლმე. ამას მარტო თვალთმაქცობით შვრებოდა. ის მხოლოდ თავის პატრონს, ღორს, რომელიც საშინლად სძულდა, თვალს უხვევდა ამითი. იმას სხვისთვის უცემდა გული და სხვას ეტრფოდა. როცა კი ღორის თვალს აიცდენდა, ის მაშინვე თავის სატრფოს გადაეხვეოდა და იმის ალერსით სტკბებოდა. მაგრამ ეს წუთები დიდხანს არ გრძელდებოდნენ. ღორი თვალს შეასწრობდა და ჩქარა ჩაუშხამებდათ ხოლმე სიტკბოებას. ბოლოს, ბერიკამ გადასწყვიტა ღორის მოკვლა. რაკი ღორმა გაიგო, რომ აღარ მიურბიან და იმის ეშვების მოქნევას აღარ ერიდებიან, თავი შეიმაგრა და თვალები მიაპყრა თავის მოპირდაპირეს.

სულ ერთს წამს გასტანა ამნაირმა ერთმანეთის ზომვამ. ბოლოს, ღორი შეირხა მთელის ტანით და დამუხლისთავებულმა რამდენჯერმე ისე ღონივრად ამოჰკრა ეშვები დედამიწას, რომ გორახებმა მაყურებლებს თავზე გადაუარა. როგორც მარდად დაიმუხლისთავა, ისევე მარდად წამოხტა და ახლა თავის მოპირდაპირეს მოუქნივა, მაგრამ მოპირდაპირე გაუსხლტა განზე და უეცრივ ხმალი მხარზე დაჰკრა. დასჭრა ბერიკამ ღორი, მაგრამ ჭრილობა სასიკვდილო არ გამოდგა. ჭრილობამ ღორი სულ გააცეცხლა. ის გაცოფებული მივარდა ბერიკას, რომელმაც მარდად იძრო ხანჯალი, რადგანაც პირველ დაკვრაზე ხმალი შუაზე გადაუტყდა, და სწორედ იმ დროს მისცა ღორს გვერდში, როცა იმან თავში დაჰკრა ეშვები. ორივენი ცოტახანს შეტორტმანდნენ და ორივენი ერთადვე უსულოდ მიწაზე გადიშხლართნენ...

- ეი, ეი! - შეჰყვირა თათარმა და მაღლა შეათამაშა ღვინით სავსე ჭრელი ნახევარ-თუნგიანი.

- დედი, ჩვენი ნახევარ-თუნგიანია! - უთხრა სოფიოს ერთმა შვიდი-რვა წლის გოგომ.

- უი, დამიდგეს თვალები, ხომ სახლს სულ ძირს აღმა უზამდა! - წამოიძახა სოფიომ და მებარგულისკენ გაეშურა, რომელსაც თათარმა ნახევარ-თუნგიანი გადასცა.

მებარგულემ ღვინო ტიკში ჩაცალა და ცარიელი ჭურჭელი სოფიოს მისცა.

- აგაშენოთ ღმერთმა! - დაუმატა მებარგულემ.

- ა ის ვინ არის? - მოესმა სოფიოს იქვე ახლო მდგომი ნაბდიანი წამოსადეგის კაცის ხმა.

- ქიტუას ცოლია! - მოესმა პასუხად.

სოფიო ამ ხმაზე საშინლად გაწითლდა და ძლივს წაულუღლუღა პატარა გოგოს, რომელიც უკან დასდევნებოდა:

- შენ გენაცვალე, კატო, წაიღე ეს შინ და კარები მოხურე.

კატო მარდად გასრიალდა შინისკენ.

თვითონ კი ისევ ქალებთან მივიდა და იმათ შუა ჩაიმალა. ცოტა ხნის შემდეგ, წამოწითლებულმა, ისევ საჩქაროდ დაუშვა თვალები ძირს, რადგანაც იმისი თვალები ნაბდიან კაცის თვალებს შეხვდა.

- რას დამცქერებია ი ვიღაც ოხერია?! - ოდნავ ჩაიბუტბუტა სოფიომ.

- მართლა რა მადიანი რამა ყოფილა!.. - თავის მხრივ ბუტბუტებდა ნაბდიანი კაცი და სოფიოს თვალს აღარ აშორებდა.

ამ დროს კეკელა მისჯდომოდა თავის სატრფოს და თმა-გაწეწილი მშვენიერ მწყობრ სამგლოვიარო ხმით მოსთქვამდა ლექსებს, რომელსაც საზანდარი ბანს აძლევდა. იმისი ხმა გარშემო მაყურებელთ გულში სწვდებოდა და ტანში ჟრუანტელსა ჰგვრიდა. ისინი სულ-განაბულები იდგნენ და ისმენდნენ სამწუხარო მოთქმა-სიმღერას.

სოფიოც ჩქარა გაიტაცა ამ ხმამ და სხვასთან ერთად მიეცა საზოგადო სულის მდგომარეობას. იმას აღარც კი მოჰგონებია, თუ ნაბდიანი კაცი აღარც ეხლა აშორებს მას თვალს და ისევ ისე გაშტერებით უცქერის, რომელზედაც ამ სამწუხარო ხმამ არ იმოქმედა...

- თათარო, ჩქარა მღვდელი!.. ესენი უნდა მიწას მივაბაროთ! - წასძახა იქვე თავ-ჩამოქინდრულ თათარს ერთმა ბერიკამ.

- ეხლავ! - უპასუხა თათარმა და წრე გაარღვია.

თათარმა ჩქარა შემოიყვანა წრეში ძველ ტომარაში გახვეული გრძელ-წვერა კაცი, რომელიც მღვდლის მაგივრობას ასრულებდა. ოლარის მაგივრად კისერზე ჩამოკიდებული ჰქონდა ძველი ფარდაგის ნაგლეჯი, თავზე ეხურა განიერ-კალთიანი მოხევური ნაბდის ქუდი. ცალ ხელში ეჭირა საცეცხლურის მაგივრად ბაწრებზე ჩამოკიდებული ძველი თუნუქის ნაჭერი. მეორეში კი გაქონილ-დაჯღაბნილი ქაღალდის ნაგლეჯი.

- მღვდელო! - მიმართა ბერიკამ: - ესენი უნდა დაასაფლაო და შენს წესს აგისრულებთ.

- არა, შვილო! - ეგენი უზიარებლები დახოცილან, ვერ დავასაფლავებ∗ - უპასუხა მღვდელმა.

- მღვდელო, ერთ თუმანს მოგცემ!

- ერთ თუმანს, შვილო, ერთი კაცის დასაფლავებაში ვიღებ, ისიც თუ ნაზიარები მომკვდარა, და მანდ ხომ ორი მკვდარია.

- ორი თუმანი იყოს!

- არც ორად, - უზიარებლად არიან დახოცილები.

- არა, მღვდელო, შენს მადლს, ორად დაასაფლავე!

- არ შემიძლიან. - სთქვა მღვდელმა და წასვლა დააპირა.

- სად მიხვალ, მღვდელო! - წასძახა თათარმა და ოლარში ხელი წაავლო: - სამი წაიღე, ეხლა ხომ გაძღება შენი გული...

- ჰო, თუ სამი იქნება, ეგ სხვა არის. სამ თუმნად უზიარებელიც დასაფლავდებიან!

ამათ ლაპარაკზე ხალხი გულიანად იცინოდა, და აქა-იქა გაისმოდა ძახილი: “აი, მღვდელო, შე სულის მტერო, შენა”!

მღვდელმა ანდერძის აგება დაიწყო, მაგრამ აღარ დასცალდა. ამ დროს მოისმა ერთის მხრიდან სხვა ბერიკების ხმა. ყველამ იქით მიიხედა და თითქმის ერთად წამოიძახეს: “ჭ - ლი ბერიკებია, ჭ - ლი”!

გარშემო მაყურებელი ხალხი გაიპო შუაზე იქით მხარეს, საიდანაც მოთამაშებდნენ ჭ - ლი ბერიკები, და გზა მისცა.

წრე გადიდდა. მაყურებელთა რიცხვი ერთი-ორად იქცა. დიდი ხანია ბ - ლები მოელოდნენ ამათ შეხვედრას და, აი ძლივს ეღირსნენ. თითქმის მთელი სოფლის ქალი და კაცი აქ მოგროვდა და მოთამაშეთ გულმოდგინეთ თვალს ადევნებდნენ.

წარსულ წელს ბ - ლმა ბერიკებმა დაამარცხეს ჭ - ლები; ამ წელს ჭ - ბმა განგებ განთქმული მოჭიდავე დასვეს ღორად იმის გამო, რომ სამაგიერო გადაეხადნათ და ბ - ლები დაემარცხებინათ.

რაკი გაიგო ძირს მწოლიარე ღორმა, რომ ჭ - ლები მოდიანო, ანება თავი მკვდრობას და კოხტად გაითამაშა.

ცოტა ხანიც, და ორთავე ბერიკების დასი შეერთდა.

ღორებმა ერთმანეთს შორიახლო გაუქროლეს. ამით დანარჩენ მოთამაშეთ ანიშნეს, რომ შებრძოლება გვსურსო. დანარჩენები მაშინვე მაყურებლებს შეუერთდნენ; ხოლო ორივე დასის თათრები გრძელი კომბლებით წრეს შუა დარბოდნენ და ხალხს განზე აყენებდნენ.

ღორებმა კიდევ გაუქროლეს და ოდნავ გაჰკენწლეს ერთმანეთი. ამის შემდეგ ერთმა ერთს მხარეს დაიწყო კოხტად თამაშობა და მეორემ - მეორესა. თამაშობით მიუახლოვდნენ ერთმანეთს და ეშვებით გაკვრას აპირობდნენ; თავები კიდევაც ამართეს მაღლა, მაგრამ ბ - ლების ღორი უეცრივ განზე გასხლტა და თვალის დახამხამებაზე ჭ - ელს უკანიდან მოექცა.

- მაგრა დადექ!.. - დასჭყივლა უკანიდან და ერთ ადლზე მეტად მაღლა შეხტა. იმას უნდოდა ჭ - ლისთვის შიგ შუბლში ჩაეკრა დინგი, მაგრამ ჭ - ელმა უეშმაკა. ის რომ მაღლა შემხტარი, დაკვრას აპირობდა, ჭ - ელმა საჩქაროდ ჩაიჩოქა და ოდნავ წინ წაიხარა, რის გამო ბ - ელმა დინგის მაგივრად კუჭი დაჰკრა კეფაში და მოსხლეტით წინ თავდაყირა გადავარდა.

- აი, ყოჩაღ!.. - გაისმა ხალხში ხმა.

- ეგრე ეშმაკობით!.. - შეჰყვირა ბ - ელმა ღორმა, რომელიც უკვე ფეხზე წამოდგა და თავის მოპირდაპირეს წინ ჩაუდგა...

- გადააგდე ტყავი! - შესძახა ისევ იმან და ღორის ტყავი მაშინვე შორსა სტყორცნა.

ჭ - მაც მარდად გადააგდო ტყავი და გაითამაშა.

ძნელი იყო კაცს გამოეცნო, თუ რომელი მხარე გაიმარჯვებდა ამ ბრძოლაში. ორივე ერთი-მეორესა სჯობდა. იმათი ერთის განის მხარ-ბეჭი, მკრივი მკლავები და მომსხო წვივები ამტკიცებდნენ, რომ ღონე ორივეს ლომისა უნდა ჰქონოდათ და ერთმანეთს მაგრად უნდა დახვდომოდნენ. მხოლოდ სულის მდგომარეობით განსხვავდებოდნენ. ბ - ელი ძალიან აღელვებული იყო. იმისი მკერდი აჩქარებით მაღლა-მაღლა ადიოდა და თვალები ცეცხლს აფრქვევდნენ, ჭ - ელს კი სრულებით არ ეტყობოდა აღელვება.

- გაიხადეთ, გაიხადეთ! - ყვიროდა ხალხი და თან წინ იწევდა.

- განი, განი! - დატრიალებდნენ კომბლებით თათრები წრეში და ხალხს წინ არ უშვებდნენ.

- დედა შეერთოს ცოლად, ვინც გაგვაშველოს! - შესძახა ბ - ელმა და მოპირდაპირეს ჩოხაში გაჰკრა ხელი, მაგრამ ჭ - ი გაუსხლტა და ხელმეორედ დაუწყეს მიტანება. ორივენი ცდილობდნენ, რომ თვითონ ხელი კარგ ადგილას წაევლო და მოპირდაპირესთვის კი არ მიეცა ამის ნება.

- აბა თედო! აბა პავლე!.. - აქა-იქიდან ამხნევებდნენ მაყურებლები მოჭიდავეებს.

- ამიყვანე, დედი! - უთხრა ამ დროს ბუთხუზა ყმაწვილმა სოფიოს.

- ვერა ჰხედავ, გიგლო? - უთხრა სოფიომ გიგლას და ასაყვანად დაეწოდა.

- უჰ, რა მძიმე რამა ხარ!.. - ამოიხვნეშა სოფიომ, როცა გიგლა ხელში აიყვანა.

- მაიტა, მე დავიჭერ ყმაწვილს, თუ გემძიმება - ჩასძახა ვიღამაც გვერდიდან.

სოფიომ მიიხედა იქით და სულ მთლად გაშრა: იმის გვერდით იდგა ნაბდიანი კაცი და შეღიმოდა.

- რას გაფითრდი, მომე ე ყმაწვილი?! - უთხრა ნაბდიანმა კაცმა და ხელები გიგლას წაავლო. ამ უკანასკნელმა ეს ვერ იგრძნო, რადგანაც გატაცებით მოჭიდავეთ თვალს ადევნებდა.

სოფიომ გიგლას ხელი ანება და, გაჩუმებული, საჩქაროდ დაბრუნდა და შინ წასვლას აპირობდა, რომ ამ დროს ქიტუამ შეაყენა და ჰკითხა:

- სად გარბიხარ?

- ა-ის ვინ არის?!. - პასუხის მაგივრად დაეკითხა სოფიო ქიტუას და ნაბდიანზე ანიშნა.

- ვინ უნდა იყოს? ნათლია! გიგლა და კატო მაგან მონათლა.

- ნათლია!.. - შვებით წამოიძახა სოფიომ.

- აგერ, აქეთ მოდის და გიგლაც ხელში უჭირავს.

- მაიცა, მაიცა!.. აგელ, ლოგოლ მაიკიდა! - წაავლო გიგლამ ნაბადში ხელი ნათლიას, როცა ნათლია ქიტუასკენ მიდიოდა, თან მოჭიდავეებს თვალს არ აშორებდა.

მართლა, ამ დროს ჭ - ელმა მოჭიდავემ დაუჩოქა ბ - ს და სარივით გაშოტილი ფეხები მაღლა წამოაღებინა...

- უუჰ! - იგრიალა ხალხმა და ერთბაშად მისცვივდა მოჭიდავეებს.

ხალხი რომ ამ ყოფაში იყო, ნათლიამ დასო გიგლა ძირს და ქიტუას მიმართა:

- ეი, ნათლიმამ, ეგრე არ უნდა, თორემ შენ იცი!

- ნათლიას ვახლავარ! - ქუდ-მოხდით უთხრა ქიტუამ.

- ქორწილი უჩემოდ გადიხადე და ეხლა თუნდ მახლდი და თუნდა ნუ! არა გრცხვენიან, კაცო, რომ ქორწილში არ დამპატიჟე?..

- რა ვიცოდი, თუ მიკადრებდი და მობრძანდებოდი, თორემ, ვინ ღმერთ-გამწყრალი არ დაგპატიჟებდა!

- მაგას რატომ ამბობ, ნათლიმამ? - კადრულობა რომ არ მდომიყო, შვილებსაც არ მოგინათლამდი. - ვითომ-და წყენით უთხრა ნათლიამ.

- მაშინ სხვა იყო, ნათლი, როცა შვილები მომინათლე. აი, თუ კი მიკადრებ, წამობძანდი სახლში და განა ეხლა ვერ გადაგიხდი ქორწილის სამაგიეროს! ღვინო და პური, ღვთის წყალობით, სახლში მაქვს და მეტს არც შენ მამთხოვ.

- ეგაც რო არ მაიტანო, განა დაგემდურები?! გული იყოს, თორემ სხვას რას ვაქნევთ.

- აი, შენი ღვთის ჭირიმე, შენი!.. - ლმობიერებით წამოიძახა ქიტუამ და ნათლიას ხელი წაავლო: - მაშ, მეწვევით, ჰა, ნათლი?!

- რატომაცა არა, კაცო!

- ოი, შენი ჭირიმე, შენი! რას მოვიფიქრებდი, თუ მიკადრებდი! აბა, წამობძანდი!.. - სიხარულით უთხრა იმან და შინისკენ გასწია ნათლიას.

- მაგრამ მაიცადე პატარა!.. - ცოტა ყოყმანობის შემდეგ უთხრა ნათლიამ და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო...

- მარდახო! - დაუძახა იმან ებრაელის ბიჭს, რომელსაც ხალხში თვალი შეასწრო.

- ეგ რაღად გინდა, ნათლი?

- მაშ, როგორ იქნება, ნათლი-დედისათვის პირი-სანახავი მინდა გამოვართო! ჯერ ხომ ის არ მინახავს.

- შენ რომ ჩვენსა შამობრძანდები, ის კი არ ეყოფა პირი-სანახავად! აბა, რადა...

- რას მიბრძანებ, ბატონო? - ქიტუას სიტყვა გააწყვეტინა ებრაელის ბიჭმა, რომელმაც საჩქაროდ იმათთან მიირბინა.

- ბაღდადები ხომ გაქვს?

- ლა ფერისა და ფასისა გნებავს, ბატონო?

- ამოიტანე რამდენიმე და, რა ფერისა და ფასისაც იქნება, გავიგებთ.

- ეხლავე, ბატონო, შინ მოგალთოთ?

- შინ კი არა, აი, ამასთან მოიტანე!

- ამ საათშივე მოგალთმევთ, შენი ჭილიმე.

- არ გინდა, ნათლი ტყუილად ნუ სწუხდები!

- კარგები კი წამოიღე! - მიაძახა გაქცეულ ებრაელის ბიჭს და მერე ქიტუას მიუბრუნდა:

- ეხლა კი წავიდეთ.

- აბა, რად გინდოდა, შენი ჭირიმე, ნათლი, რო შეუკვეთე. იმას თუ პირი-სანახავი არ მიეცი, მე ვიცი, წინა ხარებში მოსცდება.

- არა, ნათლიმამ, ჩვეულებაა, უამისობა არ იქნება!..


VI


ასე გაიცნო ნიკომ სოფიო. დიდმარხვაში ერთი-ორჯელ ეწვია ნიკო, მაგრამ სოფიო მაინც მორცხვობდა, თამამად ვერ ეჭირა იმასთან თავი. ნიკო ცდილობდა, როცა ქიტუასთან მივიდოდა ხოლმე, ბევრი ემასხარავნა, გასაცინი რამ ეთქვა, რომ ამითი დაეახლოვებინა სოფიო, მაგრამ სოფიო მაინც მორიდებით და თავ-ჩაღუნვით იცინოდა.

აღდგომის მეორე დღეს სოფ. ბ - ში დღეობა იცის. იქ თითქმის ყველანი მიდიან ხოლმე და ლხინობენ. სხვათა შორის ნიკოც იქ იყო თავის ცოლ-შვილით და კარგი სადილიც გამართა ახლად გაფოთლილ მუხის ქვეშ. ამ დღეს მიაწვევინა თავის ცოლს მამასახლისი თავის ჯალაბით და ქიტუაც სოფიოთი. სადილის დროს ნიკომ ქალებს დაატანა ძალა და რამდენიმე ჭიქა ღვინო დააცლევინა. სოფიო უარზე იყო, გემოდაც არ უნდოდა ენახა, მაგრამ, როდესაც შეზარხოშებული ქიტუა აუხირდა, იმანაც ორი ჭიქა გამოსცალა, რამაც თვალები აურია და ენაც კი ამოადგმევინა.

- ენდე, როგორ მომხიარულდი! პატარა ადრე დაგელია, ის არა სჯობდა!.. - უთხრა ნიკომ, როცა სოფიომ ორი ჭიქის შემდეგ დაუწყო ლაპარაკი ნიკოს ცოლს და მოილხინა.

- არ ვიცოდი ნათლი, თორემ ადრე დავლევდი, - სიცილით უპასუხა სოფიომ.

- ე დედაკაცმა, რაკი ღვინის გემო გაიღო, ლოთობა კი არ დაიწყოს და არ დამღუპოს! - იოხუნჯა ქიტუამ, რაზედაც ყველამ სიცილი დაიწყო.

რამდენიც დრო გადიოდა, უფრო სიმხიარულე ემატებოდა მოსადილეებს. სოფიოც უფრო თამამად იქცეოდა. ეს გარემოება იმას უფრო მიმზიდველობას ჰმატებდა და ნიკოს ჟინს უცხოველებდა. მალი-მალ შეხედავდა სოფიოს გაბადრულ სახეს და ტანში გააჟრჟოლებდა. “აფსუსი არ არის, - ყოველ შეხედვის შემდეგ გაიფიქრებდა ხოლმე ნიკო, - რომ შენ ქიტუა გეხვეოდეს და მე კი, აი, ამ ჯადოს!..” ამ სიტყვების შემდეგ თავის ცოლს გადახედავდა ხოლმე. მართლაც, იმისი ცოლი რაღაც ულაზათო რამ იყო, თუმცა კი სახეზე ცოტათი სანდომიანობა ეხატებოდა და არც ისეთი ულაზათო რამ იყო, რომ კაცს ჯადო დაეძახნა იმისთვის.

ნიკო, რაც უფრო დიდხანს აკვირდებოდა სოფიოს და თავის ცოლს, მით უფრო უცხოველდებოდა ჟინი პირველისადმი და მეორისადმი კი - სიძულვილი...

“თუ ნებით არა, ძალით მაინც დაგიყოლიებ”! - გაიფიქრა ნიკომ, როცა სახლისკენ დაბრუნდნენ, მაგრამ მაშინვე გადაასხვაფერა: “არა, ძალით ცუდი იქნება... ასე ვთქვათ, ერთხელ მომიხდეს ძალით და მერე... ხომ გამომჟღავნდება და სამუდამოდ დავკარგავ სოფიოს. ისევ სჯობია, იმ გზას მივდიო და ნებით დავიყოლიო, თუმცა ჩქარა არ იქნება, მაგრამ, როცა იქნება, სამუდამოდ”...

როგორც გადასწყვიტა ნიკომ, კიდევაც ისე იქცეოდა.

ნიკო წამ-და-უწუმ ქიტუასას მიდიოდა, იმ დროსაც კი, როცა ქიტუა სახლში არ იყო. ეს თითქმის ყოველ დღე ხდებოდა, რადგანაც ქიტუა მარტო-ხელი კაცი იყო და აბა, იმას სახლში რა დააყენებდა. ჯერ მრავალ-კაციან გლეხის ოჯახშიაც არ დარჩება ამ დროს კაცი სახლში, და ქიტუას ხომ ხშირად უხდებოდა მინდვრად, თუ ვენახში ყოფნა, რადგანაც ოჯახი იმის კისერზე იყო დამყარებული. გიგლა და კატო კიდევ დილიდანვე გარედ გაცვიოდნენ ხოლმე და ვინ იპოვიდა იმათს კვალს! ისინი თავის სწორებთან დარბოდნენ ტყესა და მინდორში და ცელქობაში ატარებდნენ დროს: ხან ფრინვლის ბუდეებს დაეძებდნენ, ხან პეპელებს იჭერდნენ და ხან კიდევ რით არ ატარებდნენ დროს!.. ყმაწვილები ყოველთვის იპოვიან გასართობს, ერთ ადგილს თავის დღეში გულ-ხელ-დაკრეფილები არ დასხდებიან და არ მოიწყენენ...

როცა ნიკო მივიდოდა სოფიოსთან, ის შინაურ საქმეს ანებებდა თავს და სიხარულით მიეგებებოდა მას. ეხლა აღარ ერიდებოდა ნიკოს და თამამად ებაასებოდა ხოლმე სოფიო, როგორც მოსიყვარულე ქალი, ფიანდაზად ეშლებოდა ნათლიას ფეხ ქვეშ და სცდილობდა რითიმე ესიამოვნებინა. სიტყვას არ ეტყოდა ისე, რომ “შენ გენაცვალე, ნათლი”, არ დაეტანებინა.

ნიკოს დღითი-დღე იმედი ეძლეოდა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა “საქმის დაწყებას”. ის სულ სახვალიოდ სდებდა “საქმის” დაწყებას, და ისე გავიდა აპრილი, რომ სიტყვაც არ გადუკრავს. მარტო, თუ კი ამას რამე მნიშვნელობას მივცემთ, ამ ხნის განმავლობაში ნიკო რამდენჯერმე სოფიოს ხელებს თავის ხელებში ჟინმორეული სრესდა.

“ეხლა კი დრო არის, - სთქვა ნიკომ მაისის პირველ რიცხვებში და გადაწყვიტა, რომ, რაწამს მივა, “საქმეს” შეუდგება.

- რად მოგიწყენია, შენ გენაცვალე, ნათლი, ხომ არავინ გაგაჯავრა? - მზრუნველობით ჰკითხა სოფიომ, როცა ნიკო ამ გარდაწყვეტილების შემდეგ მივიდა იმასთან და სახე მოქუშვილი ტახტზე ჩამოჯდა.

- ფუუფუფუუ!.. - პასუხის მაგივრად დაიწყო იმან ულვაშებისა და ტუჩების ბერვა და უფრო ძალიან მოიჭმუხნა სახე.

- მაინც, შენ გენაცვალე, რაზე ხარ გაჯავრებული? - უფრო მზრუნველობით მიიწია ნიკოსკენ და ხელი დაუჭირა.

სოფიოს ახლო მიწევამ და ხელის მიკარებამ ნიკოს ელვასავით ტანში დაუარა და თავბრუ დაახვია.

- ვინ, ვინ უნდა გამაჯავროს, ვინა?!. - წამოიძახა ნიკომ და ორივე ხელი მაგრად დაუჭირა სოფიოს.

- ვინ არის ჩემი გამაჯავრებელი, ვის შეუძლიან მე გამიბედოს რამე და ჩემი ნება არ აასრულოს? - ყვიროდა ნიკო და თან სოფიოს თავისკენ იზიდავდა.

სოფიო ვერ მიხვედრილიყო, თუ ნიკოს რა დამართნოდა და ასე რამ ააღელვა. ამას იმის გონება ვერა ხსნიდა, მაგრამ გრძნობდა კი რაღასაც და იმისდა უნებურად შიშის კანკალმა აიტანა...

- შენა ხარ ჩემი მტანჯველი, შენა მკლავ! მარტო შენ მიცხადებ უარს და არ გინდა მიმიხვდე ტანჯვას!..

- ნათლი, ნათლი!.. - მარტო ეს-ღა მოახერხა სოფიომ სათქმელად და ისიც აკანკალებულის ხმით.

- არ გებრალები, განა?! არ გინდა შემიყვარო?!. ნათლი-დედ, მიყვარხარ, მიყვარხარ... - წამოიძახა ნიკომ მაღალი ხმით უკანასკნელი სიტყვები, და, უეცრივ გულში მიკვრით, გატაცებით დაჰკოცნა სოფიოს მარწყვის ფერი ტუჩები.

არც სტყუოდა ნიკო, რომ უთხრა: “მიყვარხარო”. ის მარტო ახლა მიხვდა, რომ სოფიო გაგიჟებით უყვარდა და მთელ თავის სიცოცხლეს შესწირავდა სოფიოს. ისა სცდილობდა სოფიოსათვის თავი შეეყვარებინა და ის კი არა თვითონ უფრო შეუყვარდა. სოფიოს ცოტა ადრე რომ შეეტივნა, ის მაშინვე ყურმოჭრილ ყმასავით უკან დაიხევდა და ვეღარას გაჰბედავდა, მაგრამ სოფიომ ეს ვერ მოახერხა. მთელი თავისი სიცოცხლე რომ ეფიქრნა, სოფიო ვერ მოიფიქრებდა, თუ ნიკო ამ ზომამდინ მივიდოდა და ნათელ-მირონობას დაჰგმობდა.

- ნათლი, რას შვრები? - შეჰყვირა სოფიომ და ხელიდან გაუსხლტა. - ნათელ-მირონობას როგორა ჰგმობ, ნათლი? წადი აქედან! - უთხრა სოფიომ, როცა ის დედა-ბოძს მოეფარა.

- ნათლი-დედ, მაშ მაგდებ, არ გებრალები! - შესაბრალისის ხმით წამოიძახა ნიკომ და დედა-ბოძს წამოუარა.

- ძალით გინდა გამაუპატიურო, არა გრცხვენიან? - შესძახა სოფიომ და შორს გაუხტა.

- არა, ნათლი-დედ, არა! თუ შენი ნება არ იქნება, ხმასაც არ გაგცემ. აი, ახლავე წავალ.

ნიკო გამობრუნდა და დაღრეჯილის სახით უკანასკნელად შეხედა სოფიოს, რომელიც ფქვილის გოდორს აჰკვროდა და მეტის-მეტი აღელვებისაგან ძლივს-ღა სუნთქავდა.

სოფიოს მდგომარეობა და კატის კლანჭებში ჩავარდნილის თაგვის მდგომარეობა ერთი იყო. ნიკოს შეებრალა და უსიტყვოდ დასწყევლა თავისი თავი, რომ ის ასე შეაშინა.

- დედი! - წამოიძახა კატომ, რომელიც უეცრივ შემოვარდა სახლში: - აი, რა ლამაზი ბარტყები ამოვასხით გოგოებმა...

- აი, აი, რა კარგები არიან!..

გოგომ მიირბინა სოფიოსთან და თან ბეღურის ოდნავ დაბუმბულ ბარტყებს კოცნა დაუწყო.

ბარტყებმა ჭყიპინი მორთეს.

- სუთ, სუთ, ნუ გეშინიანთ, არ მოგკლამთ! - ყმაწვილურის ალერსით ჩასძახა კატომ და ბრტყელ ტუჩებზე უფრო მიიკრა.

- ხო ცოდონი არიან, ეგეთი ღლაპები რომ ამოგისხამს! წადი, იქვე ჩასხი, თორემ დაიხოცებიან. - უთხრა სოფიომ კატოს, როცა ნიკო შინ წავიდა.

- გიგლა სადღაა? - დაეკითხა ის, როცა კატო ბუდეში ბარტყების ჩასასხმელად გაცქრიალდა.

- ბალღებში თამაშობს. - უპასუხა კატომ და გარედ გაირბინა.


VII


გავიდა ამის შემდეგ ერთი კვირა, ამ დროის განმავლობაში ნიკო აღარ მისულა სოფიოსთან. ბევრჯელ დააპირა მისვლა, მაგრამ თითონაც ვერ გამოეცნო - რისთვის ვერა ჰბედავდა. წინად ძალით გაუპატიურებასაც უპირობდა და ეხლა-კი მისვლაც, უბრალოდ შორიდან შეხედვაც ვერ გაებედნა. “ვაი თუ ეწყინოსო”, - იტყოდა ხოლმე, როდესაც წასვლას დააპირებდა.

სახლში აღარა ესიამოვნებოდა-რა. მთელი დღე ისე გადიოდა, რომ ერთ წამს ერთ ადგილას დამშვიდებულს და დამდგარს ვერა ნახავდა კაცი. ხან ტახტზე გაგორდებოდა და ოხვრას დაიწყებდა, ხან გარედ გავიდოდა და მთელი სახლის გარშემო კუთხეებს დაივლიდა და გიჟივით ხან რომელს საგანს დააკვირდებოდა და ხან რომელს, თუმცა კი თითქმის ვერც კი ჰხედავდა იმ საგნებს.

- ვიცი, ვიცი, რაც გაწუხებს! - უთხრა ტირილით იმისმა ცოლმა ეფემიამ ნიკოს, როდესაც ის ტახტზე იყო გაგორებული და რაღასაც ბოდავდა.

- იმ უნამუსომ მაგრე როგორ გაგაგიჟა და ცოლ-შვილზე გული როგორ აგაყრევინა!.. - ისევ ტირილით განაგრძო ეფემიამ და გვერდით მოუჯდა.

ნიკოს სულ არ გაუგონია იმისი სიტყვები, ის ისევ თავისთვის გორავდა და ბოდავდა.

- მე მაშინვე მივხვდი, როცა ი უნამუსო დაჰპატიჟე დღეობაში! მაშინვე გავიგე, რა განზრახვაც გქონდა, მაგრამ...

- ვინ უნამუსო! რასა ბოდავ? - გააწყვეტინა სიტყვა ნიკომ, როცა იმას მოესმა ეს სიტყვები, თუმცა კი ვერ გაეგო, თუ რას ეუბნებოდა ცოლი.

- ვინ უნდა იყოს! აი შენი ნათლი-დედის ფეხი! - ტირილით უთხრა ეფემიამ.

- როგორ თუ ნათლი-დედის ფეხი?! რა დაგიშავა იმან, ჰა! - წამოვარდა ნიკო და ღრიალით დაეკითხა.

- ისა, რო გაგაორგულა და შენი ცოლ-შვილი დაგვანელა.

- რეებს ბოდამ და მიედ-მოედები!

- არც კი გრცხვენიან, ი გლეხის გომბიოს როგორ უწვები გვერდით!

- ხმა გაიწყვიტე, თორემ ეხლავე თავს გაგაგდებინებ! შენ იმისი ღირსი კი ხარ, რომ მაგრე ურიგოდ იხსენიებ, ჰა?

- ვაიმე უბედურს! მე იმედი მქონდა - ტყუილი გამოდგება-მეთქი და ის კი არა, მართალი ყოფილა! - ეფემიამ მიიფარა ხელები სახეზე და ქვითინი მორთო...

- შენ, ეი, მისიმარ შენთვის ეგდე და ხმა გაიწყვიტე, თორემ ხომ მიცნობ? - კბილების ღრჭიალით უთხრა ცოლს და რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა.

ეფემია მიყუჩდა. მას კიდევაც უკვირდა, რომ ესეც გაუბედა და ნიკოს ყველაფერი უთხრა, რაც ეს ერთი თვე მეტი იმას აღრჩობდა და სულს უგუბებდა.

- ადე, გაეთრიე აქედან! - შეუყვირა ნიკომ თავის ცოლს.

- რაც გინდა, ჰქენი - წაიბუზღუნა ეფემიამ და ფეხ-აკრებით მეორე ოთახში გავიდა.

ეფემია და სხვანიც სახლში ნიკოს მონები იყვნენ. სახლში ყველანი, როცა კი ნიკო შინ იყო, შიშით კანკალებდნენ და სარკეებად ხდებოდნენ: თუ ნიკო გაიცინებდა, ისინიც გაიცინებდნენ და თუ ის მოიღრუბლებოდა, სხვებიც მაშინვე წარბს შეიკრავდნენ. ერთი სიტყვით, ნიკოს წინააღმდეგი ოჯახში ვერავინ გახდებოდა. ის იყო სასტიკი მფლობელი ამ პატარა სამეფოსი და ვაი იმისი ბრალი, ვინც გაუბედავდა რასმე.

აი, ასეთი სასტიკი და სხვის დამმონებელი, ეხლა ერთ “გლეხის გომბიოს” და “გლეხის ცოლის” მონა გამხდარა თითქმის და იმასთან მისვლა ვეღარ მოუხერხებია.

“რაც მოხდება, მოხდეს! ერთი კიდევ მივალ და მერე”... - წამოიძახა იმან ერთის კვირის შემდეგ და კიდევაც გაემგზავრა სოფიოსკენ.

არც სოფიო იყო მოსვენებული ამ ერთი კვირის განმავლობაში, იმას იმ დღეს აქედ ჩხირიც არ გადაუბრუნებია, წამდა-უწუმ გაიხსენებდა ნიკოს საქციელს და სულ აინთებოდა ხოლმე და ხმამაღლივ წამოიძახებდა: “რა მიყო იმ თათარმა, იმან!.. ნათელ-მირონობისა რატომ არ შეეშინდა იმ ურჯულოს?! რაზე მოინდომა ჩემი გაუპატიურება”? “ღმერთო, შენ დამიფარე”! - დაუმატებდა ხოლმე ბოლოს. - “ნეტავი ერთი ჩქარა დაბრუნდეს ქიტუა, რო ყველაფერი ვუთხრა და ის სახლში აღარ გაატაროს”. რამდენჯერმე გაიმეორა ეს თავისი გადაწყვეტილება და მოუთმენლად ელოდა დაბინდებას, როდესაც ქიტუა გუთნიდან დაბრუნდებოდა. მაგრამ, თითქოს იმის გამოსაჯავრებლად, დღე ერთი-ორად იქცა და დაბინდება აღარ ეღირსა. არაერთხელ გამოირბინა იმან გარედ და მზეს შეხედა: “აბა თუ ამ მზეს ჩაბრძანება ეღირსოსო”! - იტყოდა ხოლმე, როცა მზეს შეხედავდა.

ძლივს შებინდდა, ქიტუაც ჩეკით შემოვიდა სახლში, მაგრამ სოფიომ ხმა ვერ ამოიღო ნიკოზე. რაღაც ძალამ გააჩუმა და “სახვალიოდ” გადაადებინა.

გათენდა მეორე დღე, მეორეს მესამე მოჰყვა, მაგრამ სოფიო ნიკოზე ქმარს არას ეუბნებოდა.

გადიოდა დრო და სოფიოც თან-და-თან უფრო გამოუკრკვეველ მდგომარეობაში ვარდებოდა... ყოველ ნიკოს წარმოდგენაზე იმას გული უეცრივ გადუქანდებოდა, ტანი მოეშლებოდა და მოუძლურდებოდა. სცდილობდა სულ არ მოეგონებინა იმის სახე, მაგრამ იმისდაუნებურად, ცხადად დაეხატებოდა ხოლმე ნიკოს სახე და მოესმოდა მისი სიტყვები: “არ გებრალები, განა?!. არ გინდა შემიყვარო?.. მიყვარხარ!.. მიყვარხარ!..” “ღმერთო, რა მემართება, მე ბედშავსა!” - წამოიძახებდა ხოლმე ნიკოს სიტყვების მოგონებაზე და ქვითინს მართავდა.

დღითი-დღე სოფიო რაღაც გამოურკვეველმა სურვილმა აიტანა. უნდოდა, სწყუროდა რაღაც და არ იცოდა კი - რა. ამ სურვილით გატაცებული დაეძებდა, სჩხრეკდა სახლის კუთხეებს, აქოთებდა ყუთებს, თავის მზითვის სკივრს და ვერ ეპოვნა, ვერ გაეგო, რაც უნდოდა... როცა კი ბავშვები შინ იყვნენ, ის ხან კატოს დაიჭერდა და გატაცებით ჰკოცნიდა და ხან გიგლას. ერთხელ გიგლა კინაღამ დააღრჩო, ისე მიიკრა გულზე და დაუბოლოებლად ლოშნიდა. ჰკოცნიდა ბავშვებს, გულში იკრავდა, მაგრამ ამით წყურვილს ვერ იკლავდა, პირიქით, უფრო უცხოველდებოდა წყურვილი და ეს გონებიდან ჰრევდა.

სოფიოსთვის ეს გრძნობა სულ უცნობი იყო. ის აგერ ოცდაორი წლის დედაკაცი გახდა და ჯერ ამისთანა გრძნობა არ გამოუცდია. ამისთვის იყო, რომ მას ვერ გამოეცნო ეს წყურვილი და ასე გადარეულიყო. “ვაიმე მე ბედშავსა, ვაიმე! ეს რა მემართება!” - გულ-ჩაწყვეტით წამოიძახებდა ხოლმე მალი-მალ.

თითქმის ექვსი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკომ გაუპატიურება დაუპირა. ამ დღეს ქიტუა ჩვეულებრივ საღამოთი ჩეკით შემოვიდა სახლში და რამდენიმე ფიცრისგან შეკრულ ტახტზე ქალამნების გახდა დაიწყო. სოფიო იმის პირდაპირ იდგა და გატაცებით უცქეროდა იმის მეტისმეტ ჯაფისაგან ჩამომხმარ სახეს. ქიტუას ცქერაში იმას უეცრივ დაეხატა ნიკოს სიცოცხლით გაღადღადებული სახეც. “არ გებრალები განა?!”... მოესმა ეს სიტყვებიც.

- ქიტო, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე!.. - მივარდა სოფიო უეცრივ ქიტუას და კისერზე მოეხვია.

- ქიტო, მიყვარხარ, მიყვარხარ!.. - ეხვეოდა ქალი და გატაცებით ჰკოცნიდა.

ქიუტასაც რომ სამაგიეროდ ხვევნა და კოცნა დაეწყო, იმასაც რომ ალერსით გულში ჩაეკრა, იქნებ სოფიოს ყველაფერი ეამბნა. შეხვეწნოდა, რომ ეშველნა რამ, მაგრამ ქიტუა ვერ მიხვდა ამას და, როცა კისრიდან ძალით მოიშორა სოფიო, უთხრა:

- კარგია, მამი-შენის ცხონებას, რა დროს ეგეებია! ერთი დროით დამიგე, რომ დავეგდო. დილაზე ადრე მინდა ავდგე, თორემ გუთანზე დამიგვიანდება.

სოფიო რამდენსამე ხანს ერთს ადგილას გატვრინული და გამშრალი იდგა. “აბა ნიკოს მოხვევნოდი, როგორ გულში ჩაგიკრავდა!” ჩასძახა უცნაურმა ხმამ, როცა ის გაშტერებით ქიტუას უმზერდა. ამ ხმამ სოფიო აათრთოლა და გონზე მოიყვანა. მაშინვე გაბრუნდა, რომ ქიტუასთვის ქვეშსაგები გაეშალა.

იმ ღამეს სოფიოს სულ არ დასძინებია. რაკი ყველამ დაიძინა, სოფიო ისევ ადგა და გარედ გავიდა. ყელში სული უგუბდებოდა. სუნთქვა ეხუთებოდა. კარგა ხანს იჯდა დერეფანში, მაგრამ ამანაც არა უშველა-რა, თუმცა კი მაისის ღამის გამაცოცხლებელი ნიავი დასისინებდა და იმის გახურებულს, გაბადრულს სახეს გარს ეხვეოდა და ეალერსებოდა.

სოფიოს გული ყელში ებჯინებოდა, უნდოდა ტირილი, უნდოდა ისე, რომ თავისი დღენი ასე არა მოსდომნია-რა, მაგრამ ცრემლი არ მოსდიოდა.

შუაღამე გადავიდა. მამლებმა დიდი ხანია იყივლეს პირველად. საცაა, მეორედაც იყივლებენ, მაგრამ სოფიო კი ისევ წვალობდა და ცრემლი არ მოსდიოდა. როგორც მთიდან ჩამონაქანებმა წყალმა, ბოლოს, გადმოჰხეთქა ცრემლმა და ლოყები უხვად მოურწყა. აფრქვევდა ცრემლს და თან, გულ-ამომჯდარი, ბავშვივით სლოკინებდა.

მალამოსავით მოეცხო გულზე ცრემლები. ამათ გამოიტანეს სხეულიდან მთელი ამ ღამის ვაი-ვაგლახი და განწმინდეს სოფიოს გული.

ცოტა ხნის შემდეგ თავი კუნძზე მიდო და მიეცა გამოურკვეველ ფიქრებს. მთლად დამშვიდებული სტკბებოდა და სიამოვნობდა. სახე უღიმოდა, გული ნეტარებით ევსებოდა, თუმცა კი არ იცოდა, რისგან და რისთვის.

აქნობამდინ თუ ღამის ნიავმა მოქმედება არ იქონია სოფიოზე, ეხლა, როცა ისა სტკბებოდა თავის ოცნებით, გარიჟრაჟის ცივმა ნიავმა მოუჭირა და ააძაგძაგა, მაგრამ მაინც ვერ ეთხოვებოდა თავის ტკბილ ოცნებებს და სახლში არ შედიოდა, სადაც ეძინა იმის ქმარს, რომელმაც უწყალოდ მოიშორა და იმისი ალერსი და გულის ძგერა არ მიიღო.

გათენებას აღარა აკლდა-რა, რომ სოფიო, ძილ-მორეული, ბარბაცით სახლში შევიდა და მთვრალი კაცივით ლოგინზე გადიჩეხა.

სულ რამდენიმე წამს არ გაუვლია, რომ ჩაეძინა და მძიმედ სუნთქვა დაიწყო...


VIII


მზე კარგად მაღლა იყო აწეული, როცა სოფიომ გამოიღვიძა და დამთქნარებით გაიზმორა. იმან შეასწრო თვალი ერდოდან კერაზე ჩამოშვებულს მოციმციმე მზის სხივებს და საჩქაროდ წამოიძახა:

- უი, დამიდგეს თვალები, შუადღეს მოუტანებია!

- მუუუ!.. - შემოესმა ბაკიდან ამ დროს ძროხის ბღავილი.

- მეეე!.. - ამას მოჰყვა ჩვილი ხბოს ხმაც, რომელიც დერეფანში ბოძზე იყო მიბმული.

- ძროხაც შინ დამრჩენია მე თავ-მკვდარს! - სთქვა ესა და მარდად წამოდგა ლოგინიდან.

საჩქაროდ გადიცვა კაბა და დერეფანში გავიდა.

- დედი, ლამის ალის, ბღავილით გასქდნენ! - დაბღვერილის სახით და საყვედურის კილოთი მიაძახა გიგლამ, რაწამს სოფიოს თვალი შეასწრო.

გიგლა და კატო გაღვიძების უმალ ხბოს მიუსხდნენ და ყოველ იმის შებღავლებაზე მოეხვეოდნენ და ალერსიანად შესძახოდნენ: “დედა გინდა, ფუჩინო? მოგშივდა? უი, და-და-და!..” ესენი ვეღარ მოშორებიყვნენ მომტირალ ხბოს და იმის დაბღავლება გულში სწვდებოდათ. კატოს კიდეც უნდოდა აეშვა ხბო, მოეწოებინა და მერე ისევ დაება. “დედამ რო გაგვიგოს!” - შეაყენა ამ სიტყვებით გიგლამ, როცა იმან ხბოს ყელიდან თოკის ხსნა დაუწყო.

- მერე რატომ არ გამაღვიძე? - უპასუხა სოფიომ გიგლას საყვედურზე.

- იმოდენა გაღვიძე, ლო, ალ ვიცი, ლამოდენა... - სთქვა ისევ დაბღვერით გიგლამ.

- მარტო “უ, უუ”-ის იძახდი, როცა გაღვიძებდით! - სიცილით უთხრა კატომ.

- აუშვი ჩქარა, თორემ ცოდოა! - წამოიძახა სოფიომ და მივიდა ხბოსთან.

- მოგშივდა, ფუჩინო? - ალერსით ჩასძახა სოფიომ ხბოს, როცა კატო თოკსა ჰხსნიდა.

- საწველელი გამოგიტანო? - ჰკითხა კატომ, როცა აუშვა ხბო, რომელიც თავპირის მტვრევით დერეფნიდან გავარდა და ბაკის კარებს გამალებული დაეჯახა.

- ხბოსაც ვერ გააძღობს, ისე მშიერი იქნება და რაღა მოვწველო!

- აგერ ნახირი აქ ახლოა, მე და გიგლა გავუგდებთ ძროხას! - უთხრა კატომ, როცა ხბო გაიტიკნა და ძროხას მოშორდა.

- კარგი, გაიგდეთ, შვილო, და კი არამ შეგაშინოთ!

- რამ უნდა შეგვაშინოს! - უპასუხა კატომ და ძროხა წინ გაიგდო.

- წავიდეთ, გიგლა! - მერე მიუბრუნდა გიგლას და დაუძახა.

კატომ და გიგლამ წაიყვანეს ძროხა. სოფიო კი ისევ შინ შებრუნდა და, ლოგინის ალაგების შემდეგ, სახლის დასაგველად ცოცხს წამოავლო ხელი. ის იყო, გვა უნდა დაეწყო, რომ ამ დროს გარედან ხველა შემოესმა. “ისაა!” წამოიძახა სოფიომ და ცოცხი ხელიდან გავარდა.

გულმა აჩქარებით დაუწყო ცემა, ფერი შეეცვალა და სუნთქვა შეუდგა. თვალს აღარ აშორებდა კარებს და უსიტყვოდ გაიძახოდა: “აი, საცაა, შემოვა!” მაგრამ კარებში არავინ შემოვიდა. იმის მაგივრად კიდევ შემოესმა ხველა. “რაღას ახველებს და აღარ შემოვა!” წამოიძახა სოფიომ.

ცოტა ხანს კიდევ იდგა ისე და მერე რაცრაცით კარებისკენ წავიდა.

- დილა მშვიდობისა, ნათლი-დედ! - მოწიწებით შემოსძახა ნიკომ.

სოფიომ სამაგიერო ვერა უთხრა-რა. იმან მარტო შეხედა და ამ შეხედვით ყველაფერი აგრძნობინა ნიკოს. იმან ამოიკითხა სოფიოს თვალებში, რასაც სულ არ მოელოდა. ამისთვის აჩქარებით შემოვიდა სახლში და სოფიოს მივარდა.

- მაშ არ მიწყრები?.. არ მიწყრები?.. ჰა?.. ჩემო... ჩემო... - მოხვია იმან მკლავები და ლაფანივით მოშვებული და თითქმის გონება-მიხდილი სოფიო აღგზნებით ჩაიკრა გულში...


  • *



ასე დაიწყო ამათში კავშირი და ამას შემდეგ, თითქმის ორი წლის განმავლობაში, როცა კი ქიტუა შინ არ იყო, რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე, ყოველთვის ერთად იყვნენ. მარტო იმათ ალერსს ხანდისხან ხელს უშლიდნენ ყმაწვილები, რომლებიც უეცრივ თავს წააწყდებოდნენ ხოლმე. ზამთარში ხომ, როცა ამათ მარტო ღამღამობით შეეძლოთ შეხვედრიყვნენ ერთმანეთს, რადგანაც ქიტუა დღე შინ იყო და მხოლოდ ღამეობით მიდიოდა ბოსელში დასაწოლად, ყმაწვილები ძალიან აწუხებდნენ. ერთხელ კატომ, ცოტას გასწყდა, კინაღამ არ გასცა.

ამ გარემოებამ იძულებულ ჰყო სოფიო და ნიკოც თვალიდან ამოეღოთ კატო და გიგლა და სახლიდან როგორმე გაეძევებინათ, რომ უფრო თავისუფლად ეალერსნათ ერთმანეთისთვის.

ამ განზრახვით სოფიო შეუჩნდა ქიტუას და ურჩევდა, რომ ყმაწვილები წაეყვანა სადმე და ან მოჯამაგირედ, ან კიდევ შეგირდად დაეყენებინა ვისთვისმე, მაგრამ იმან ამაზე ცივი უარი გაუცხადა.

რაკი ამით ვერას გახდა, სოფიომ ნიკოს რჩევით სხვა საშუალებას მიჰმართა, და ეს საშუალება - ყმაწვილების დევნა იყო. ბოლოს ხომ სოფიო იქამდინ მივიდა, რომ, როგორც ქიტუამა სთქვა, - “ღვთის რისხვა ღამეში” ყმაწვილებს გარედ გამოუძახა.


IX


ტყუილად დაიკვეხებს ქმარი - ჩემ ცოლს ჩემ ნებაზე გავატარებო. თუ ცოლმა რამ დაიჟინა, ისევ სჯობია, მაშინვე შეუსრულოს და წინააღმდეგობა არ გაუწიოს. თორემ ვერას გახდება. იმდენს იზამს, იმისთანა საშუალებებს მიჰმართავს, რომ კაცს გააკვირვებს და ასე თავისას მაინც გაიყვანს. მიღებულია ის აზრი, თუმცა კი სულ უსაფუძვლოდ, ვითომ ქმარი თავია და ცოლი კი კუდი, მაგრამ ნამდვილად-კი სულ სხვასა ვხედავთ: ცოლს ქმრის ცხვირი უჭირავს და საითაც უნდა, იქით აქნევინებს პირს.

ქიტუასაც ასე მოუვიდა. პირველში ის ძალიან უარზე იყო, მაგრამ ბოლოს კი იძულებული გახდა თავის ცოლის სურვილი დაეკმაყოფილებინა, და აი “ჯოჯოხეთ ღამის” შემდეგ სულ ერთი კვირა არ გასულა, რომ ქიტუა თავის ქალ-ვაჟით თბილისში სასახლის იქით იდგა და კვირა დღეს სასეირნოდ გამოფენილ ხალხს შესცქეროდა დაღრეჭილის სახით, იმ განზრახვით, რომ ან ერთი შეიბრალებდა და ან მეორე და გიგლას და კატოს შეგირდად ან მოსამსახურედ აიყვანდა.

გამუდმებული წვიმიანი ამინდის შემდეგ ნოემბრის უკანასკნელმა მზიანმა კვირა დღემ გამოიწვია თბილისის საზოგადოება უმთავრეს ქუჩაზე სასეირნოდ.

ვის არ ნახავდა კაცი აქ ამ დღეს? ნასწავლთაც და უსწავლელთაც, მოსწავლეთაც და არა-მოსწავლეთაც, ერთი სიტყვით, - ყველას აქ მოეყარა თავი.

თითქოს ამ კალეიდოსკოპს დავიწყებოდა საზოგადოებრივი და წოდებრივი განსხვავება და განეზრახა ერთ რიგში მოთავსებულიყო. ჭიანჭველასავით იძროდა და ირხეოდა ეს თბილისის აჭრელებული საზოგადოება და უკვალოდ, უსაგნოდ წყნარის ნაბიჯით წინ და უკან მიდი-მოდიოდა; დავიწყებოდა თავისი შური, ჯიბრი, ძარცვა-გლეჯა, ბეზღობა, სიმუხთლე და ერთს რაღაც გამოურკვეველ სიხარულს მისცემოდა და თვალის ჩაბჟუტვით შესცქეროდა ძალა-გამოცლილ მზეს, რომელიც მოწყენით დასცქეროდა ზევიდან ჯურღმულს და თითქოს ჩამოსძახოდა: “თქვენ ამ ძალა-გამოცლილ სხივების ღირსნიც არა ხართ... გული მეწვის, გული მეთუთქება ხოლმე, როდესაც თვალს გადავავლებ თქვენის მოქმედების რუკას, რომელიც ცის სივრცეში ცრემლით და სისხლით არის აღბეჭდილი და ყოველ თვალის გახელაზე წინ გადამეშლება. მინდა სამუდამოდ მოგაშოროთ თვალი, მაგრამ... მაგრამ რა ვქნა, რომ ვერ შემიძლიან ამის ასრულება!.. ჩემები, ჩემით ხართ ნაშობნი ბუნების ველზე და ამისთვის გული არ მითმენს, ვერ გამიძლია უთქვენოდ!.. ეჰ, რა ვქნა... რა ვქნა?!” თითქოს მწარედ წამოიძახა მზემ და მოეფარა ნაგლეჯ ღრუბელს, რომ ცოტახნობით მაინც მოეშონებინა თვალი სიმუხთლის რუკასათვის და დამშვიდებულიყო.

ჯურღმულში მოძრავმა ხალხმა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა სახე და ყველამ, თავისდა უნებურად, ღრუბლებში შესულს მზეს თვალები მიაპყრა და საყვედურით ეუბნებოდა: “რაღას გვემალები”?..

ქიტუამაც შეხედა მზეს და ხმამაღლა წამოიძახა: “ეჰ, ღმერთო”! მერე გადახედა თავის ქალ-ვაჟს, რომლებიც იმას გვერდში ამოჰკროდნენ. შეხედა იმათს დაღვრემილ სახეს და გული ჩაეთუთქა. “რა ვქნა, რა?!” მწარედ გაიფიქრა ქიტუამ და თვალებში გადმოსახეთქად მოგუბებული ცრემლები ძლივას დააბრუნა უკან...

“ვის მივმართო?! რა წყალში ჩავვარდე?” წამ-და-უწუმ გაიფიქრებდა ხოლმე ქიტუა და მოსეირნე ხალხს შეჰხედავდა, რომ ეგება ჩოხიანი ან ლეჩაქებიანი დაენახა ვინმე; მაგრამ ძალიან იშვიათად დაინახავდა ხოლმე. ის, ყოველ იმათ დანახვაზე, წაიწევდა წინ, რომ ეთქვა რამ, მაგრამ, ვიდრემდინ ქიტუა ხმის ამოღებას მოახერხებდა, ისინი უკვე მიიმალებოდნენ...

- და-ძმობას, მოსამსახურე ხომ არ გინდა? - აკანკალებულის ხმით მიჰმართა ქიტუამ ერთ შუახნის მანდილოსანს, რომელმაც კატოს დაუწყო ცქერა.

- რა ლამაზი რამ არის, რა ლამაზი! - იძახდა თავისთავად მანდილოსანი და კატოს კუმეტ თვალებს გაშტერებით უცქეროდა.

ქიტუამ კიდევ გაუმეორა კითხვა.

- მოსამსახურედ გინდა დააყენო? - უპასუხა კითხვითვე მანდილოსანმა და ახლოს მივიდა.

- ჰო, შენი ჭირიმე, ქალბატონო! - უპასუხა ქიტუამ და გახარებულმა წინ წაიწია.

- ამ ერთი ბეწომ რა უნდა გააკეთოს? - უთხრა მანდილოსანმა.

- რაღა ერთი ბეწოა, შენი ჭირიმე, ათი წლისა ჩქარა გახდება.

- რა ლამაზი გოგონა რამ არის! - მივიდა მანდილოსანი კატოსთან და აკოცა.

- შენი სახელი, ქაჯან? - ჰკითხა კატოს, რომელმაც კოცნაზე თავი ძირს ჩაღუნა და ზემოდ სულ აღარ აუხედნია.

- კატო ჰქვიან, შენი ჭირიმე! - უპასუხა ქიტუამ კატოს მაგივრად.

- მაშ, ათისა ჩქარა გახდებააა? - გაგრძელებით ჰკითხა მანდილოსანმა და მერე თითებზე თავისთვის თვლა დაიწყო:

- ათანამ თერთმეტი, თორმეტი, ცამეტი და თოთხმეტი. ეს... ოთხი წელიწადი. ოჰოოო!.. - ჩაფიქრდა და მერე წამოიძახა:

- მე ავიყვან. ისე კარგად მოვუვლი, რომ შენი ქალი ვეღარც კი იცნო, ყველაფერსაც ვასწავლი. ბევრი ამისთანა გამიზრდია...

- აი, შენ ღმერთს კი ვენაცვალე, ქალბატონო, შენსას! - სიხარულით წამოიძახა ქიტუამ და მერე საჩქაროდ დაუმატა:

- იქნება ესეც აიყვანო და სიკეთე დასთესო! და-ძმა ერთად უფრო ხალისიანად გაგიკეთებენ საქმეს.

- არა, ჩემო ძმობილო, ეგ სხვას მიეცი ვისმე.

- კარგი კი იქნებოდა ერთად-და... ეგ შენი ნებაა...

- აბა, ქაჯან, წავიდეთ, - ჩაავლო კატოს ხელი და გასწია.

- გვარი რაღაა ამისი?

- გიგაურებს გვეძახიან, ქალბატონო, - მოწყენით წამოიძახა ქიტუამ. იმან წარმოიდგინა, რომ ეხლა, საცაა, გაშორდება თავის კატოს და ამან გული მოუკლა.

- წაჰყევი, შვილო, წაჰყევი, - უთხრა კატოს, რომელიც იმის ჩოხას დაეჭიდა და არ მისდევდა მანდილოსანს.

- არ წავყვები, მამილო! - ტირილით უთხრა კატომ.

- სად მიგყავს, ეიი! - ტირილითვე უთხრა გიგლამ და კატოს ხელი დაუჭირა.

- ნუ გეშინიან, შვილო, ნუ! ეგ მადლიანი ადამიანია! - ანუგეშებდა ქიტუა კატოს, მაგრამ თვითონაც ტირილი მოსდიოდა და ცრემლებს ძლივს იმაგრებდა.

- რა გატირებს, ქაჯან, ღმერთმანი, ისე შეგინახო, რომ მერე მამის ნახვა აღარც კი მოგინდეს! - უთხრა მანდილოსანმა, როცა ქიტუამ ჩოხის კალთა გააშვებინა და გიგლაც მოაშორა.

- გიგლო!.. - სასოწარკვეთილებით გადმოსძახა ეტლიდან კატომ თავის პატარა ძმას, რაკი მამამ ვერა უშველა-რა...

- ნუ მიგყავს, ეი!.. - წამოიყვირა გიგლამ და მამას ხელიდან გაუსხლტა. მივარდა ეტლს და ხელები წინ გაიშვირა, რომ კატოსთვის მოეკიდნა, მაგრამ ამ დროს დაიძრა ეტლი და გიგლა კინაღამ ქვეშ არ მოიყოლა...


  • *



ხალხს მოსწყინდა მოსაწყენი სიამოვნება და ნელ-ნელა შინისკენ დაიწყო წასვლა. სულ ერთი საათი არ გასულა კატოს წაყვანის შემდეგ, რომ უმთავრესს ქუჩაზე მოსეირნეთა რიცხვმა ერთი-ოცად იკლო. ბოლოს, ქუჩებში თითო-ოროლა უგზო-უკვლოდ მოხეტიალეთა ჯურის ხალხი-ღა დაღანღალებდა აქა-იქ, რომლებსაც ცუდი და კარგი დარი, დილა და საღამო არ გააჩნიათ.

- ჩვენ რაღას ვუდგევართ, შვილო, წავიდეთ! - უთხრა ქიტუამ გიგლას და კუკიის ხიდისკენ გაემგზავრა.

გიგლაც დაედევნა იმასა და ჩქარა ორივენი ერთად ხიდებს გასცდნენ.

ქიტუა მოდიოდა და თავის ბედსა სწყევლიდა, სწყევლიდა თავის გაჩენის დღეს და ემდუროდა ყველას. იმას სოფიოზე მოსდიოდა ჯავრი, რომ იმის წყალობით შვილები ასე არე-არე უნდა ერბენინებინა და თითონაც გზიდან გადავარდნილიყო. “აი, დედაკაცის გაჩენის დღე კი დაიქცეს, აისრე!” - მალი-მალ წამოიძახებდა ხოლმე და მერე ისევ დაუმატებდა: “შე დალოცვილო ღმერთო, დედაკაცი რა გასაჩენი იყო, რომ გააჩინე”...

- მამი, პური მშიან! - ნამტირალევის ხმით უთხრა გიგლამ, როცა ავჭალის ქუჩაზე ერთი მესაჭმლის დუქნიდან საჭმლის სუნი ეცა იმას და შიმშილი აგრძნობინა.

ქიტუასაც მოშივდა. იმის პირში მთელი დღე ნაწილი არ ჩასულიყო.

- წამო, შვილო, და აი აქ ვჭამოთ. - უთხრა ქიტუამ და შევიდა ვიწროსა და ჭუჭყიანს საჭმლის დუქანში.

- გამარჯობა, ძმობილო! - შესვლისთანავე უთხრა ქიტუამ და წელზე შემოკრული თეთრი ყაბალახი შემოიხსნა.

- გაგიმარჯოს ღმერთმა! - უპასუხა მთლად შავად გაქონილ და გათხუპნილ ტანისამოსიანმა შუახნის კაცმა.

- ერთი შაურის ლობიო-შაჭამანდი მოგვიტანე, თუ ღმერთი გწამს! - უთხრა ქიტუამ და სტოლთან დაჯდა.

- ვაა, რატომ ესე ბატონური დრო ამოგირჩევია სადილისათვის? - გაემასხარავა გათხუპნილი მედუქნე, როცა იმან დიდი ჯამით ლობიო-შეჭამანდი წინ დაუდგა.

- რა ვქნა, ჩემო ძმაო, რომ ასეთი დრო ამოვირჩიე! - დაიწყო ქიტუამ და თან ყაბალახიდან ამოღებულ პურს ლუკმა-ლუკმად ანაწილებდა და ჯამში ჰყრიდა. გიგლა კი ამ დროს გამალებული იღებდა ლობიოში დამბალ პურს და შეექცეოდა.

- უთუოდ გვიან გაგიყიდნია შეშა, რომ აგრე დაგგვიანებია! - გამოელაპარაკა კიდევ ცუდად მჯდომი მედუქნე, რადგანაც მუშტარი ამ დროს ქიტუას მეტი არავინა ჰყვანდა.

- შეშა კი არა, ოხრობა გამიყიდნია! - აი ე ბალღები მყვანდა გაღმა და მინდოდა შეგირდადა მიმეცა ვისთვისმე.

- სადა გყვანდა?

- სადა და აი გაღმა. ბლომად ხალხი დადიოდა და იქ მეყენა.

- ვა, გეყენა, განა ცხვარი იყო, რომ მუშტარი თვითონ მოგსვლოდა? არ იცი, რომ ეგრე ვერავის მისცემდი?

- რა ეშმაკი და ქაჯი ვიცი? ი გოგო კი მივაბარე და ეს კი ისევ დამრჩა და სახლში მინდა წავიყვანო. - უთხრა ქიტუამ და ერთი ისეთი ამოიოხრა, რომ გული თან ამოაყოლა.

- გოგოცა გყვანდა?

- ჰო.

- მერე ვის მიეცი?

- რა ვიცი, ვის მივეცი... ერთი მადლიანი ადამიანი გამომიჩნდა და იმან აიყვანა.

- ვა, რა ოხერი რამა ყოფილხარ! არ იცნობ და გოგო კი მიეცი?!

ეს სიტყვები ქიტუას არ ეჭაშნიკა და როგორღაც გულში ჩასწვდა. იმან ახლა-ღა მოიფიქრა, რომ ამ მანდილოსანის არც სახლი იცის და არც სახელი. ნახვაც რომ უნდოდეს, სადა ნახავს? მაგრამ ჩქარა დამშვიდდა, რადგანაც წარმოიდგინა იმ მანდილოსანის გულკეთილობა და უსიტყვოდ უთხრა თავის თავს: “ის თვითონ მომნახავს, როცა კატო დიდი გახდება, და ჩამაბარებს. იმან ხომ გვარიც იცის ჩემი და სახელიც”. ასე ინუგეშა იმან თავი და ჩაფაშრულ ლობიოს ჭამა დაუწყო.

- მაშ ე ბიჭი შინ გინდა წაიყვანო? - ჰკითხა მედუქნემ რამდენიმე ხნის სიჩუმის შემდეგ.

- მა რა ვქნა, შენი ჭირიმე, რო შინ არ წავიყვანო. წავიყვან და იქ დავუყენებ ვისმე მოჯამაგირედ. - უპასუხა ქიტუამ.

- ქალაქში ჩამოგიყვანია და ისევ სოფელეში მიგყავს?! - გაკვირვებით უთხრა მედუქნემ: - რას ამბობ, კაცო! გინდა შენსავით ხეპრე გამოიყვანო?

- თუ კი არავინ აიყვანა, მა სად წავიყვანო?!

- ჰო, ეგეც კია, აი!..

მამა-შვილი მორჩა ჭამას. ქიტუა წამოდგა და პირჯვარი გადიწერა: “ღმერთო, შენ მოწყალებას ნუ მომაკლებ!” პირჯვრის წერასთან ერთად ქუდის მოხდით წამოიძახა და გათხუპნილ კაცს შაურიანი მისცა.

- ახლა კი წავიდეთ, შვილო! - უთხრა გიგლას, რომელიც უკვე წასასვლელად მზად იყო, და კარებისკენ გაემგზავრა.

მზე ნახევრად მოჰფარებოდა მთაწმინდას და თავისი ბოლონა სხივები სულ ერთად შეეკრიბნა და მთაწმინდის წვერის ერთ წერტილისთვის მიეშუქებინა, რის გამოც ლაპლაპი და შვიდ-ფრად ბრჭყვიალი გაჰქონდა...

- ძმობილო! - შეაყენა მედუქნემ ქიტუა კარებში და შემდეგ განაგრძო:

- იცი რა გითხრა!.. მე მაინც ბიჭი მიჭირს და მოდი ე შენი შვილი ჩემთან გაუშვი!.. სუფ-სარქისის ხატს გეფიცები, ისე მოვუვლი, რომ ჩემ თავზე კარგად. შინ რო წაიყვანო, შე დალოცვილო, ხო მეურმე უნდა გამოვიდეს. აქ კი ყველაფერს ისწავლის, გახდება კაცი და მერე თითონ “ხაზეინი” იქნება.

ქიტუა დაფიქრდა. “ეს სომეხი კაცია და რა ვიცი, იქნება, მართლა ფული მოაგებინოს!” გაიფიქრა იმან.

- ჰა, რაღას ჩაფიქრებულხარ? - დაეკითხა ის, რაკი პასუხი ვერ მიიღო.

- რამდენიმე წლის შემდეგ ჯამაგირსაც გავუჩენ. - დაუმატა იმან.

- თუ კი მაგისთანა სიკეთეს მიზამ, რაღა მინდა...

- მაშ ხელი-ხელს რაღა? - წამოიძახა “სომეხმა კაცმა” და ხელი გაუწოდა, რომელიც ქიტუამ ჩამოართვა.

ქიტუამ გადასწყვიტა, რომ გიგლა ამასთან გაეშვა და შინ წასვლა დააპირა.

- ვა, მამიჯან, - უთხრა “სომეხმა კაცმა”, - საცაა, დაღამდება და შენ კი სოფელში წასვლას აპირობ? მართალია, ე ხანჯალი კი დიდი გაქვს, მაგრამ, რა ვიცი, კაცს რა შამთხვევა არ მოელის... ისა სჯობია, დილაზე ადრე წახვიდე.

- რაღა შეგაწუხო, შენი ჭირიმე, ამაღამ წავალ და ხვალ საღამოს შინ ვიქნები. - უპასუხა ქიტუამ და უტყავო ხანჯლის ქარქაშს ხელი გაუსვა.

- გეუბნები, კაცო, ამაღამ აქ დარჩი-მეთქი! ვინ იცის, რა ნადირი არ შაგხვდეს... შენი ხანჯლით რას გარეკამ?.. არა, მამიჯან, დილის შარი ირჩიე საღამოს ხეირსა. შეწუხებით კიდევ შე რა უნდა შემაწუხო. აი ეს სახლი ვერ დაგიტევს?! თუ გინდა, ისე გაიჭიმე, რომ თავი ერთ კედელთან გქონდეს და ფეხები კიდევ - მეორესთან.

ქიტუაც აღარ აუხირდა.


X


შუაღამე მოტანებული იყო. ნახევრად გაბადრული მთვარე კეკლუცად მიცქრიალებდა ცის სივრცეში და მკრთალად ანათებდა სოფ. ბ - ის არე-მარეს, რომელიც, ამ დღეს პირველად მოსულ თოვლით, მთლად თეთრად შემოსილიყო და ღამის დედოფლის მკრთალ ნათელზე ღრმა ძილს მიცემული მკრთალადვე მოციმციმებდა. იმის ღრმა ძილს არა არღვევდა-რა. არაგვიც კი, ის არაგვი, რომელიც სხვა დროს მოჰყეფს, მოხუის და მოჰკვნეს-მოსტირის და ამ ხმით მოუთხრობს ქართველთა ტანჯვას, რასაც ბანის თქმით მთა, ტყე და ველი ემოწმებიან, გაჩუმებულიყო, თითქოს იმასაც მოსწყენოდა ტყუილ-უბრალო კვნესა-გოდება, ყეფა და შფოთვა და სხვისი თვალის მიგებით მისძინებოდა... მარტო სოფ. ბ - ში აქა-იქა უბნებიდან მოისმოდა ძაღლების გაგრძელებული ყმუილი, რომელიც თოვლით შემოსილ ტყესა და მთებში იფანტებოდა და შიმშილისაგან იქ მოწანწალე ნადირს აფრთხობდა, ეს ყმუილიც თან-და-თან უფრო იშვიათად მოისმოდა და, ბოლოს, სულ მისწყდა და სამარისებრივი სიჩუმე ჩამოვარდა...

- ჰაი, და-და-და-და, უუუუ, დაა-დაადაა!.. - უეცრივ გაისმა ვიღასიც ხმა ამ სამარისებურ სიჩუმეში და თან თოფის გრიალიც მოჰყვა, რომელმაც მთელი სოფლის ძაღლები ააჩოჩქოლა.

- არიქაა! - დასძახა კიდევ იმავე ხმამ ძაღლებს, რომლებიც ყეფით და თავპირის გლეჯით მისდევდნენ ტყისკენ გაქცეულ მგელს.

- აი, ის ვერანა, ისა!.. - წამოიძახა ქიტუამ, რომელიც ამ დროს სოფელს დაუახლოვდა და რომლის ახლოსაც გაირბინეს მგელმა და ძაღლებმა.

- არიქაა!.. - ამანაც დასჭყივლა და ცოტა ხანს შედგა.

- უთუოდ ფარეხში შეიპარებოდა ი ვერანი, აი, - წამოიძახა ქიტუამ, როცა ძაღლები და მგელი ტყეში შეცვივდნენ, და გამოსწია შინისაკენ.

ხმა ისევ ჩქარა მისწყდა. ქიტუა, წელში ორად მოკაკული, მიადგა თავის სახლის კარებსა და, ის იყო, უნდა საურდულეში ხელი შეეყო და კარი გაეღო, რომ ამ დროს სახლიდან სიცილი გამოესმა. შედგა და ყურები ცქვიტა და თან საურდულედან ჭვრეტა დაუწყო.

- ნათლია ყოფილა! - დამშვიდებით წამოიძახა ქიტუამ და კარებს უნდა მისწოლოდა, რადგანაც შენიშნა, რომ ურდული არა ჰქონდა წაყრილი.

მპა!.. - ამ დროს მკაფიოდ მოესმა კოცნის ხმა.

- ყურებმა ხომ არ მომატყუეს? - გაიფიქრა ქიტუამ და ისევ საურდულედან შეიჭვრიტა.

- შენ კი გენაცვალე, ნათლი, - მოესმა იმას სოფიოს ხმა და კიდევაც დაინახა, როგორ გადაეხვია ის ნათლიას და ნათლიამ კიდევ როგორ ჩაიკრა გულში.

- ეგ თათრები, ეგენი!.. - არევით წამოიძახა ქიტუამ და საურდულეს თვალს ვეღარ აშორებდა.

შესცქეროდა და ყველაფერს ჰხედავდა. ამასთანავე, ისინი კარგა ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, რადგანაც აღარავისი ერიდებოდათ და ქიტუას ყველაფერი მკაფიოდ ესმოდა.

- თათრები, თათრები!.. ნათელ-მირონობასაც აღარ ინდობენ!.. - სულ უგონოდ გაიძახოდა ქიტუა და ტანში მთლად ირყეოდა.

- ასე რად დაიგვიანე, ნათლი, ეხლა ვიღასი გეშინოდა? - ჰკითხა სოფიომ, როცა ხვევნით დასტკბა.

- ვისი უნდა მშინებიყოს!.. - უპასუხა ნიკომ.

- მაშ რად დაიგვიანე? აი, მე, დიდი ხანია, ლოგინი გავშალე და შენ ლოდინში სული ამომდიოდა!

- აჰააა!.. - ძლივს ამოიქშინა ამ სიტყვებით გაცოფებულმა ქიტუამ.

- ვახშამს არ მიირთმევ?

- რა მევახშმება, ჩემო ნათლი-დედ! შენზე კარგს ვახშმად რას მომიტან, ჰა?!. - სიყვარულით წამოიძახა ნიკომ და გულში კიდევ ჩაიკრა.

- იცი, ჩემო ნათლი-დედ, ეს მესამე ღამეა, რაც ძალზე თავისუფლად ვგრძნობ ჩემ თავს ამ სახლში, - სთქვა ნიკომ და ტანისამოსის ხდა დაიწყო.

- რაკი ი ბალღები თავიდან მოვიშორეთ, ეხლა სულ თავისუფლები ვიქნებით. - ალერსითვე უთხრა სოფიომ.

- ვაიმე, ვაიმე!.. - უხმოდ წამოიძახა ქიტუამ და ცრემლები გადმოსცვივდა.

კედელს მიეყრდნო, თორემ გადიქცეოდა, ისე იმოქმედა იმაზე სოფიოს სიტყვებმა.

ქიტუამ ვეღარ გაუძლო ამ სურათსა და თვალი მოაშორა.

- შენც გაიხადე! - მოესმა ქიტუას ნიკოს ხმა.

- დაიცა, დამსვი, სანთელს მოვასვენებ!

- იწყობთ, იწყობთ, ჰა!.. - შეჰყვირა ქიტუამ და გაცოფებული სახლში შევარდა...

ამ უეცარმა შემთხვევამ ნიკო სულ გადარია. იმან გაუშო ხელიდან სოფიო, რომელიც ერთი შეკივლების შემდეგ უგონოდ დაეცა კერასთან; თითონ ნიკო კი პერანგისამარა კარებისაკენ გაქანდა, მაგრამ ცოტა ტორტმანის შემდეგ გულაღმა გადავარდა, და მკერდიდან სისხლმა ამოსჩქეფა...

- ჰა!.. ჰა!.. ჰა!.. ეგაა!.. ჩემი შვილები!.. კატო... გიგლა... კატო... გიგლა!.. - ხითხითებდა გამხეცებული ქიტუა და თან გაშხლართულ ნიკოს გვამს ხანჯლითა ჰკეპავდა...