დედას
ავტორი: ვახტანგ ჯავახაძე


გამიადვილე დარდები,
მომიგერიე სევდები,
როგორც კი დამავიწყდები,
მაშინვე გამახსენდები.

სადაც შენ დამავიწყდები,
მეორედ იქ არ გავივლი,
შენი ხმა წამომეწევა
გურული კილოკავივით.

სადაც შენ დამავიწყდები,
იქ ვეღარავინ წამიყვანს,
როცა შენ გამახსენდები,
მიწაზე უფრო ცა მიყვარს.

მოვდივარ, მოვედევნები
ნაზარეთელს და გოლგოთელს
და ისე მომიხარია,
თითქოს წამალი მომქონდეს,

ჩვენ ვერც მაგია გაგვთიშავს,
ვერც მაგიური რიცხვები:
სიკვდილს არ დავიწყებიხარ,
მე როგორ დამავიწყდები?!