დედა ენა (გიორგი ლეონიძე)

დედა ენა
ავტორი: გიორგი ლეონიძე
1940 წელი


ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ვარდნაბამი ფურცელი,
ჩვენს ყრმობაში ჩართული!
დედის ძუძუ მეორე,
სიყვარული პირველი,
ჩვენს აკვანს შემომჯდარი,
მგალობელი ფრინველი.
იავნანის ნიავში
ჩვენს ყურთან რომ გაისმა,
ყრმობა რომ გვისურნელა,
როგორც ბაღი მაისმა.
ტკბილად რომ გაგვიხარა
ჩვენ ბავშვობა ბეჩავი ―
შავი კაბით გაზრდილებს.
გახუნებულ ლეჩაქით.
ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული!
ამ წიგნიდან გაბრწყინდა
ქართლის დიდი მთიები,
პირველ ფურცელს გაშლიდა
გამოხატულს იებით,
ის ამ წიგნში უსმენდა
ნაკადულს და ტოროლებს,
საწყალ ხარის ტირილსა,
ხმასევდიან ოროველს,
ხმას გაყინულ კაცისას,
სიცივით რომ კვდებოდა,
მზე საწყალი კაცისა
გორას მიჰფარებოდა.
მას უყვარდა ეს წიგნი,
ჭრელი აბგის მშვენება,
მოიგონებს და შუქი
გულზე დაეშენება.
ვიგონებთ და გვახარებს,
რომ აქვს გულში ჩართული, ―
ჩვენი წიგნი ლამაზი,
”დედა ენა” ქართული!

რესურსები ინტერნეტში

edit