დილა კრწანისის ბაღში

დილა კრწანისის ბაღში
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ცისკრის შუქი გადეღვარა კრწანისს,
ქარავანი ბორჩალოდან მოდგა;
ვეგებები გუმბათებს და მწვანილს,
მემაწვნეთა უკანასკნელ მოდგმას.

და მძევალი არაგველთა ხიდთან
მხოლოდ ერთი ლამპარიღა ბჟუტავს;
სხივთან ერთად ჩამოვარდა ხიდან
ჩიტისაგან დაკენკილი თუთა.

მე ამ თუთის გაზრდილი ვარ, განა,
მისი სიტკბო ჩემს ძარღვებში წვეთავს;
დიდ მომღერალს მე ვინ დამამგვანა,
ჩემი მიწა თუ არ მექნა მწეთა?!

მოდარებულ ცის ნიშანზე ვხვდები,
შუადღისას უღვთოდ უნდა დაცხეს...
ხე შეირხა მიმოხლილი ფრთებით,
მტრედის გუნდი დააფრინდა ცაცხვებს...

რესურსები ინტერნეტში

edit