დილა მთაში

დილა მთაში
ავტორი: ნიკოლოზ რაზიკაშვილი
1888 წელი


მზე ჯერ მთათ იქითვე იყო,
წინ ალიონი ჟიკჟიკი,
ხელში წითელი დროშითა,
გამოეგზავნა შიკრიკი.
შორს წყარო-წყლებში ჰღუოდა,
აცაცა ჩანაჭყიდები,
ყვავილ, ბალახზე ნამები,
ბჭყვრიალა მარგალიტები.
ტოროლამ ლექსი შეჰძახა
პირველსავ თენებაზედა,
წამოიშალნენ მწყემსები,
ღამე ნაწოლნი კარზედა,
კოლოტ-კოლოტად ცხვარ-ძროხა,
გამოიფინა მთაზედა.
რატომ არა ჰჩანს ყორანი,
ან სვავნი რას ჰჩადიანა?
დამსხდარან საბუდრებთანა,
მზის მოსვლას მოელიანა,
მხოლოდ არწივი ჰნადირობს
შავარდნის მეჯობიასა,
და ვეფხვიც გამოჰყოლია
ალესილს სპეროზიასა.
აგერ ამ კლდისას ერთ ფრთასა
ამირანისა ჰქვიანა,
თეთრის ბელადით იმაზედ
ჯიხვნი თუ გადივლიანა,
მისნი მაღალნი მწვერვალნი
თითქო ზეცასა ჰკრიანა.
ჩაჰხედო ქვევით, სადაცა
ალაზნის წყალნი ჰდიანა,
თვალს ვერ ჩაუწვდენ და ცივნი
ნიავნი ამოდიანა!
თურმე ამ გორში ხალხის ძმა,
ამირანია დაბმული,
მისსა და ქართვლის გულს შორის
მავთული არის გაბმული.
აქ ერთი ჯოგი ჯიხვისა
ამისთვის არის აღთქმული,
ჰკვნესის და ჰჩივის დღე და ღამ,
სამარადისოდ ტანჯული.
ეს ხმა მსოფლიო სევდაა,
ქართველი ერის სულ-გული,
და მისი წარმოდგენითა
ამირნად გამოსახული!
კაი ხანია ჯიხვებმა
ჰბერტყეს ჭიუხის ცვრებია,
და გადალიხულ ბალახსა
აღმე შეაჩნდა კვლებია.
აგერ ქუჩი და კესანე,
პაწაწინტელა, თეთრაო,
უძლებსა ჰძლებენ უძლებთა,
გულში ჩაჰკვრიან მთებსაო.
მიყვარს მაგათი სტუმრობა,
დაუვალ სიხარულითა,
სხვა რა აყრიათ კეთილი,
ჰცხოვრობენ სიყვარულითა.