დღე გაივლის ნელა

დღე გაივლის ნელა
ავტორი: ტერენტი გრანელი


დღე გაივლის ნელა,
დღე - თეთრი თვალია.
ამ ოთახში ბნელა,
გარეთ ქარიშხალია.

ახლა ვცხოვრობ მარტო,
რა ვქნა, ჩემო თაო.
ვიცი, ჩემზე დარდობ,
შენ, ძვირფასო, დაო!

და ვარ ისევ ერთი
და ქარია დღესაც.
და გაისმის გვერდით
როიალის კვნესა.

ფიქრი ცას მოიარს,
ეს დღეებიც ქრიან.
და ახლა როიალს
გული მაღლა მიაქვს.

დღე გაივლის ნელა,
დღე - თეთრი თვალია.
ამ ოთახში ბნელა,
გარეთ ქარიშხალია.