ელგუჯა
ელგუჯა ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი |
შესავალი
დაჰკრა 1864 წელს საქვეყნოდ სასიამოვნო საათმა და გამოცხადდა გლეხკაცების განთავისუფლება - ბატონ-ყმობის გადავარდნა! ხალხის ერთი მხარე - გლეხკაცობა და იმათი თანამგრძნობელნი გატაცებულნი იყვნენ სიამოვნებით და მეტის-მეტად გადაჭარბებულს სარგებლობას და სიკეთეს მოელოდნენ ახალის წესებისაგან. მეორე მხარე - მებატონეები კი გულის კანკალით უყურებდნენ იმ დამოკიდებულების მოსპობას, რომელიც საუკუნოებით არსებობდა ბატონსა და ყმას შუა.
განთავისუფლებულს გლეხებს ეგონათ, რომ ამ დღიდან იმათი კეთილდღეობა, გამდიდრება და მოსვენება შეიქმნა უეჭველ მოვლინებად; მებატონეები კი ჰფიქრობდნენ, რომ დღეიდან ლუკმა გაუწყდათ და გუშინდელი იმათი მეხრეები დღეს მბრძანებლად გაუხდებოდნენ.
გაიარა პირველმა აღტაცების ჟამმა და ხალხი ცოტა დამშვიდდა. გლეხებმა დაინახეს, რომ იმათი იმედი მეასედადაც არა მართლდება და მებატონეებმაც, - რომ იმათი ისეთი შიში ამაო ყოფილა, რადგანაც ახალ „დებულებას“ ისეთი კუდები გამოუჩნდა, რომელიც ნაყმევის კეთილდღეობას პირდაპირ ნაბატონარის სურვილზედ აგდებს.
მცირე მემამულე-მებატონე არ დაავალა ახალმა "წესდებამ", რომ თავის მოყმეებისათვის მამული მიეცა, და გადასახლება კი რაც ღირს, - ნამეტნავად ჩვენის გლეხკაცობისათვის, - თქვენ თითონ კარგად მოგეხსენებათ.
დიდი მამულების პატრონები, თუმცა დაავალა ამ „წესდებამ“ რომ მიეცათ „ნადელი“, მაგრამ ტყე მებატონის განკარგულებაში დარჩა და გლეხკაცი, რომელიც უტყეოდ ვერ გასძლებს, დააყენა ისევ მებატონისაგან დამოკიდებულებაში.
გლეხკაცებმა დაუშვეს ისევ თავები; მებატონეები გაიმართნენ წელში.
მაგრამ ამათი დამოკიდებულება კიდევ, როგორც იქნება, გასაძლებია; გასაძლებია მისთვის, რომ ახლო მომავალზედ იმედი გვაქვს. მაგრამ წარმოიდგინეთ ერთგვარი განთავისუფლებულ ყმების მდგომარეობა, - იმ განთავისუფლებულ ყმებისა, რომელთაც არავითარი მამული არ არგუნა კანონმა.
ესენი გახლავან შინა-მოსამსახურეები, რომელთაც არ ეჭირათ მამული, არა ჰქონდათ თავიანთი სახლ-კარი.
წარმოიდგინეთ მეთქი, იმ ხალხის მდგომარეობა, რომელსაც არც სოფელი იკარებს, არც მებატონე აძლევს რასმე და არც თავისუფალს სახელმწიფო მიწებზედ ასახლებენ.
მთაში, საზოგადოდ, იყო ჩვეულებად ტყვეების მოყვანა და იმათი დამონავება; იმათ აყენებდნენ თავიანთ სახლში და ხმარობდნენ თავიანთ ბატონური ძალის დასაცველად. ამის გამო კარგა ბლომად გროვდებოდნენ მთის მებატონეების სახლში ამგვარი ყმები, რომელთაც არც მიწა ეჭირათ. არც ცალკე სახლი ჰქონდათ და მუშაობდნენ მებატონის საკუთარს მამულზედ უსასყიდლოდ, მარტო ლუკმა-პურისათვის და ზედ ჩასაცვამის კონკ-ძონძებისათვის! მთელი იმათი შრომიდგან არ შენახულა იმათთვის იმდენი, რომ ერთი ფეხის დადგმა მიწა ან ერთი ძროხა თავის საკუთრებად დაენახათ.
ამ მდგომარეობაში იყვნენ ეს ბედისგან განწირულნი, როდესაც განთავისუფლების ხმამ გრგვინვასავით გაიარა საქართველოში და ამ საცოდავებსაც, სხვებთან ერთად, ქუდი მოახდევინა და მადლობა შეაწირვინა ღვთისათვის.
მოდი და ნუ გაუხარდებოდა საცოდავებს, როდესაც ზოგს იმათგანს კიდევ ახსოვდა, რომ მამა ჩერქეზში, დედა ქისტებში და თვითონ საქართველოში ყოფილა გაყიდულ-გამოყიდული!
მოდი და ნუ გაუხარდებოდათ ახალი დებულება, რომლის ძალითაც დღეს თავის საყვარელ შვილს, ცოლს, დედას, სატრფოს ვეღარ გააშორებდნენ!
მართლაც სასიხარულო იყო, მაგრამ დიდს ხანს გასწია იმათმა სიამოვნებამ და სიხარულმა? თავისუფლების შემდეგ დაინახეს, რომ თუმცა დედას შვილისაგან, საქმროს საცოლესაგან, ცოლს ქმრისაგან ვეღარ განაშორებენ, ვეღარ გაყიდ-გამოყიდიან, როგორც პირუტყვებს, მაგრამ ამათ ყველას ჭამა, სმა, ცხოვრება უნდა, და ისინი კი ახალმა წესდებამ დააგდო ხელ-გაშვერილ ღატაკებად! იქამდის შემაძრწუნებელი იყო იმათი მდგომარეობა, რომ ზოგს ზედ დასახური საბანი და ქვეშ გასაშლელი ნაბადიც კი არ გაჰყოლიათ მებატონისაგან.
ეს ხალხი გაიფანტა სხვადასხვა ადგილებში და აქამდისაც ისევ ისე ხელგაშვერილები დადიან და თავის შესაფარებელი ადგილი ვერ უპოვნიათ, მაშინ, როდესაც ათასი თავისუფალი ადგილები არის, რომელზედაც ადვილად შეიძლებოდა იმათი დასახლება და, ეხლა უსარგებლო სახელმწიფოს წევრთაგან, გაეშენებინათ სარგებლობის მომცემი ხალხი. ვინ იცის, საიდან გადმოკარგულს, „სკაპცებს“ (ხოჯებს), დამახინჯებულს ზნეობითაც და კაცობითაც, აძლევენ ადგილებს, - ამ საცოდავთ, ღვთისაგანაც და კაცისაგანაც მოძულებულთ, დასახლება უფრო მადლი არ იყო?
აი ამათ ცხოვრებიდგან მინდა ვუძღვნა მკითხეელს რამდენიმე მოთხრობა, მხოლოდ ეს წინასიტყვაობა საჭიროდ დავინახე, რადგანაც საქართველოში ბევრმა არც კი იცის, რომ ამგვარი ყმებიც იყვნენ და ასობით ხალხი ამ დებულებამ ასეთს განმღატაკებელს და უნუგეშო მდგომარეობაში ჩააყენა.
I
დარიალის ვიწროებში, სადაც ახლა მშვენიერი გზატკეცილი მიდის და შავ კლდეებს შუა გველსავით იკლაკნება, უწინ მარტოკა ბილიკები იყო, რომელზედაც ცხენების ქარავნები ძლივს დადიოდა. ეს გზა მიდიოდა ჩრდილოეთ კავკასიიდგან საქართველოში ჯერ ვიწრო ლარსის ხეობაზედ, მაგრამ რაკი დარიალის უზარმაზარ კლდეებს მოადგებოდა, იქ კლდე იყო გახვრეტილი, გზა ქანქანით გაყვანილი, რომლის სათაურშიაც მოხევეების ყარაულები იდგნენ და იცავდნენ საქართველოს დაუპატიჟებელ სტუმრებისაგან.
ერთს ცივს ღამეს, როდესაც ნისლს მოებურა და უფრო მომეტებულად დაებნელებინა იქაურობა, ამ ქანქანის ნაპირას გაეჩაღებინათ ცეცხლი რამდენსამე ყარაულს და გარს შემოსხდომოდნენ. იქვე დაერთოთ ნადირის (ჯიხვის) მწვადები და ვახშმის მომზადებას ელოდნენ.
ამ დროს მოისმა ცხენის ფეხის ხმა. ყარაულებმა დაავლეს თოფებს ხელი და ერთს წუთს ჩაესაფრნენ გზის აქეთ-იქით მდებარე ქვებს უკან. ეს ისე სწრაფად და ჩუმად მოჰხდა, რომ კაცი ვერ გაიგებდა იმათ მოძრაობას, და გულდანდობილი მგზავრი ადვილად ჩაუვარდებოდა ხელში.
გაიარა რამდენმამე წუთმა ამ მდგომარეობაში, როდესაც ერთი ცხენოსანი გამოჩნდა და გულადად შემოვიდა ჩასაფრებულების შუაში. აქამდის ჩუმი ყარაულები, რომელთაც თოფები გადმოეშვირათ ქვებზედ და თითონაც გაქვავებულს სურათებს დამსგავსებოდნენ, ერთბაშად წამოცვივდნენ და ცხენოსანს გარს შემოერტყნენ.
- ვინა ხარ? - ჰკითხა ერთმა ყარაულთაგანმა.
- მე, ოსი მახამეთა, სენი წირიმე! - მიუგო ცხენოსანმა...
- საიდგან, ან სად მიხვალ?
- ცოფიკაშვილთან... მე იმის სტუმარი ხარ.
- ეგ? ნაბადში რაღა გაქვს გახვეული? - ჰკითხა ისევ იმ ყარაულმა, რომელმაც ცხენოსანს უნაგირზე გარდიგარდმო გადებული, ნაბადში შეხვეული, რაღაც შეამჩნივა.
- ეს ქალია, შენი წირიმე, ესეც იმასთან მიგყავს.
- სად გინადირნია, სად? - ჰკითხეს ღიმილით.
- ცერქეზიდგან მოიტაცე, - იცრუა ოსმა ჩვეულებრივ.
- აი შენი ხენცელაის მადლი კი გამიწყრეს!.. - დაცინვით გაიკამათა მოხევემ.
- სენმა მზემ, ცერქეზიდგან...
- კარგია-და, ვიცი, ჩე... არ გიცნობ, რაიცა ხარ? ე მანდ სულონაანთგან (ოსის მებატონეები) იყიდდა, და აქ კი იმას იძახი, ჩერქეზში მოვიტაცეო.
- არა, ცემა მზემ.
- კარგია, კარგი! - მკაცრად გააწყვეტინა სიტყვა მოლაპარაკე ყარაულმა და გაუბრუნდა თავის ამხანაგს.
- აბა, ღმერთს არ მოეტყუება, რომ ეს ჩერქეზში ვერ გავიდოდა.
- ოსი არაა, შენაი ჭირაიმე, ჩერქეზში საით გავიდოდა? - უპასუხა ერთმა.
- რაი არიან ოსები?.. კატები არიან, ცხო რაი?
- ელგუჯა! - წამოიძახა ისევ იმ ყარაულმა, რომელმაც პირველად დაუწყო მახამეთას ლაპარაკი და რომელიც იმათში თავობდა.
- რაი გინდა?
- წადი, წაჰყე ემასა, მიიყვანე ჩოფიკიანთასა და, თუ აქ მოგვატყუა, ძაღლსავით მოჰკალ და გადააგდე.
- ეგრე.
- გზაზე თუ გაქცევა დააპირა, მაშინაც არ დაინდო.
- ეგრე! - იყო ისევ პასუხი.
ელგუჯა იყო ყმაწვილი ოცდაორი წლისა; ტანადი, წარმოსადეგი, ხევში განთქმული იყო თავისი ვაჟკაცობით და "ქამანდრობით". ამასთან, როგორც მომეტებული წილი მოხევეებისა, გულწრფელი და საიმედო, ელგუჯამ გაიდო თოფი მხარზე და შესძახა მახამეთას:
- იარე!
მახამეთამ გასწია წინა, ელგუჯა კი მიჰყვა უკან სიბრთხილით, რომ სიტყვით-სიტყვამდე ნამდვილად შეესრულებინა თავისი უფროსის ბრძანება. იმ დროს ღმერთსაც ნუ ექნა, რომ მახამეთას ოდნადაც არის ცხენი გაებრუნებინა და გადაეყენებინა გზის იქით, - ელგუჯა იმას ძაღლსავით მოჰკლავდა და გადააგდებდა.
ამგვარად მიდიოდნენ ისინი ჩუმად, ხმაგაკმენდილები; მახამეთა დარწმუნებული იყო, რომ მცველს თვალი ბრთხილად უჭირავს და მცველიც დარწმუნებულია, რომ თუ მახამეთამ გაბედა რამე, მაშინ იმის ტყვიას შორს ვერ წაუვა და, თუნდაც რომლისამე მიზეზით ტყვია დასცდენოდა და მახამეთას გაქცევა მოეწადინა, მაშინ მაინც ადვილად წინ მოექცეოდა ელგუჯა, რადგანაც ის ქვეითა იყო და საქვეითო ბილიკი ერთიოთხად ამოკლებდა ცხენისთვის მიხვეულ-მოხვეულს გზას.
მიაღწიეს სოფელს სტეფანწმინდას და მივიდნენ პირდაპირ გაგი ჩოფიკაშვილის კარებზედ, სადაც ელგუჯა წადგა წინ და ხმამაღლა დაიძახა:
- გაგი!.. ჰა გაგიიი! გაგი!
ამ სიტყვებზედ თოფი გადმოეშვირა დერეფანზედ საფრად გაკეთებულის კედლიდგან და მოისმა ხმა:
- ვინაა მანდ, ვინ ჰკივის?
- მე ვარ ელგუჯაი.
- რაი ამბავია, ამ შუაღამისას?
- აი, ერთაი კატაი მოვიყვანე, - სთქვა ელგუჯამ და გაჰხედა ოსსა.
- მარტოა?
- არა... ქალაი რაიმე ჰყავს.
გაგი წყნარა გაბრუნდა, გააღვიძა ბიჭები, რომლებიც იმის ძახილზედ შეიარაღებულები გაშიშვლებულის თოფებით გამოვიდნენ.
ეს ის დრო იყო, როდესაც საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ შედიოდა და მაშასადამე, - დრო არეულობისა და მუდამ ბრძოლისა ამ მფარველობის ქვეშ შესვლის მსურველთა და მოწინააღმდეგეთა შუა. ამიტომ, რასაკვირველია, უიარაღოდ არავინ დადიოდა.
- ონისე გადი-ღა, გაჰხედე!.. სტუმარი სასტუმროში შეიყვანე, ტყვე რომ მოუყვანია, ის-კი დედაკაცებს მიაბარე... იცოდნენ, თუ გაჰქცევიათ, თავიანთი თოლების მეტი აღარა იხსნით-რა...
ონისემ გასწია ბრძანების აღსასრულებლად, მაგრამ გაგიმ ისევ შეაყენა, რაღაცა წაიბუტბუტა და ხმამაღლა დაუმატა.
- მოიცა, მე თვითონაც ჩამოვალ.
გაგიმ მაშინვე იცნო მახამეთა, რომელთანაც არა ერთხელ ჰქონია ამგვარი ვაჭრობა. ამისათვისაც ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, ჩამოართვეს ხელი და ტკბილად დაიწყეს ლაპარაკი.
მახამეთა გამოუტყდა, რომ ეს ქალი ჩერქეზი არის და, ერთს ქისტს მოეყვანა ოსებში გასასყიდად, სადაც მახამეთა შეჰხვდა და გაგისთვის იყიდა. ამ სიტყვებს დაუმატა ქალის ქება, რომელიც ტანადობით ისარს ემსგავსება და ტუჩები ახლად გადაშლილს ვარდს მიუგავს.
გაგიმ ქალს მოჰხადა ყაბალახი, მიუახლოვდა პირისახესთან და მუშტრის თვალით დაუწყო შინჯვა.
- მართლა ლამაზი უნდა იყოს! - წარმოსთქვა იმან ბოლოს და გაუბრუნდა ელგუჯას:
- შენ მაინც დაღალული ხარ, ეგ ქალი ამ საწოლაში შეაგდე და შენც გარედ მოუწექ ამაღამ... კარის გადმორაზა კი არ დაგავიწყდეს.
ელგუჯამ ქალი წაიყვანა. გაგი კი მახამეთას გაუძღვა სასტუმროში, სადაც უნდოდა ძვირფასი სტუმრისათვის თავი მოექონა, რათა ცოტაც არის უფრო იაფად დაესვა ახლად მოყვანილი ქალი.
ელგუჯამ მიიყვანა ქალი „საწოლში“, აუნთო ჩირაღი და, რა შეჰხედა ქალს, გაშტერებული დარჩა. იმის თვალს წარმოუდგა ისეთი მშვენიერი, მიმზიდავი თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ქალი, რომელმაც მოულოდნელად გული აუცახცახა და ძარღვებში სისხლი აუდუღა. რასა შვრებოდა, სად იყო - იმას სრულებით გარდაავიწყდა. ის შეეპყრო მარტო ერთს სურვილს, რომ ასე განუწყვეტლივ ეყურებინა ამ ქალის მშვენიერებისათვის და დამტკბარიყო იმ გრძნობით, რომელსაც პირველად გაეღვიძა იმის გულში. ქალი კი იდგა ფერმიხდილი, დაღონებული, თვალებდაშვებული და გატაცებული რაღაცა ღრმა ფიქრით.
ელგუჯას აწუხებდა იმისი მდგომარეობა. უნდოდა დასამშვიდებელი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ენა არ იცოდა, თუნდა სცოდნოდა კიდეც, ძნელად შეეძლო იმას სიტყვის წარმოთქმა. არის ხოლმე ისეთი მდგომარეობა კაცის ცხოვრებაში, როდესაც გრძნობ, იტანჯები, გინდა წარმოსთქვა რამე, მაგრამ ენა აღარ გემორჩილება და სიტყვა ვეღარ გიპოვნია. სწორედ ამგვარს მდგომარეობაში იყო ელგუჯაც.
ბოლოს, როგორც იყო, გონს მოვიდა, გაამაგრა კედელში "ჩირაღი" (კვარი), უჩვენა იქვე დალაგებულ საბან-გობანზედ და ანიშნა იმათი გაშლა. კიდევ ცოტა ხანს დარჩა, შეჰხედა, ამოიოხრა და გამობრუნდა. კარებთან რომ მოვიდა, ერთი კიდევ მიიხედა, დაინახა, რომ ქალის თვალები ელგუჯასაკენ არის მოქცეული და ისეთი სახით უყურებენ, თითქოს იმათაც უგრძვნიათ მოხევის გულის მოძრაობა და ისინიც თანაუგრძნობენ, მადლობას ეუბნებიანო...
ელგუჯამ ვეღარ მოითმინა, გადახტა და გულში ჩაიკრა ქალი, რომელიც შეშინებული და აღელვებული, რაღაცა გამოუცდელის გრძნობისაგან დამონებული ძალზედ ეკვროდა მკერდზედ.
ამ წუთებში გამოიხატებოდა წადილი, შიში, სიყვარული, ბრძოლა აღძრულ გრძნობასთან, მაგრამ იმათგან ვერც ერთი კი ვერ გეტყოდათ - რა მოსდით, რასა შვრებიან, ან ასე რად იქცევიან და სხვა რიგად არა?
ღმერთმა იცის, დიდხანს გაგრძელდებოდა ეს იმათთვის სანატრი წამები, ან სადამდის მიაღწევდა, თუ ისინი ამ თავის დავიწყებიდან არ გამოეყვანა ხმაურობას, რომელიც მოისმა სასტუმროს კარებიდგან.
ელგუჯამ უკანასკნელად ძალზედ მოუჭირა მკლავები, აღგზნებულად აკოცა, გამოვარდა გარედ მთვრალსავით, გიჟსავით და გულის ძგერით მიწვა კარებთან.
ეზოში გამოსულიყო გაგი და განკარგულებას აძლევდა ბიჭებს, რომ სტუმარს რიგიანად დაჰხვედროდნენ.
რაკი ბიჭები გაგზავნ-გამოგზავნა, სახლის პატრონმა გამოსწია იმ "საწოლისაკენ", სადაც ტყვე იყო დამწყვდეული. მახამეთამ იმას იმდენი მშვენიერება უამბო ამ ქალისა, იმდენ გამტაცებელ სურათებით დაუხატა ქალის მიხვრა-მოხვრა, იმის ტუჩები, თვალები, თმები, რომ გაგი სრულებით დაიბნა და ათასმა უპატიოსნო წადილმა შეიპყრეს იმის გარყვნილი გული... გაგიმ ვეღარ მოითმინა გათენებამდის და იმ ღამესვე უნდოდა დამტკბარიყო ჩერქეზის ქალის მშვენიერებით.
მივიდა იმ ადგილამდის, სადაც ელგუჯა იწვა, შესდგა ცოტა ხანს და ყური დაუგდო. ელგუჯა ხვრინავდა, თუმცა ძილი არც კი მიჰკარებოდა. ამან გაამხნევა გაგი: წყნარად გადააბიჯა ელგუჯას, შეაღო კარები და შევიდა საწოლ ოთახში, რაწამს ოთახის კარი მოიხურა, ელგუჯა ფეხზედ წამოვარდა და გაშმაგებულის თვალებით დაუწყო სარკმელიდგან ყურება.
ქალმა დაინახა თუ არა უცხო კაცი შესული, ცახცახით კედელს მიეკრა. გაგი კი, რაწამს ქალს შეჰხედა, მაშინათვე შეიპყრო პირუტყვულმა გრძნობამ და ჩასისხლიანებულის თვალებით გასწია ქალისაკენ.
ქალს შეეშინდა, შეჰყვირა და უფრო მიიკუნჭა კედლისაკენ. ელგუჯას თვალები აენთო, გული აემღვრია, წაავლო ხანჯალს მთრთოლარე ხელი და მრისხანებით უყურებდა. კიდევ ერთი წუთი, გულმა ვეღარ გაუძლო და გიჟივით შევარდა.
- ვინაა აქ? რაი ყვირილია? - წარმოსთქვა იმან ისე, თითქოს ქალის ყვირილზე გეეღვიძაო.
გაგი შეკრთა, ის თავის გუნებაში ათას რიგად ლანძღავდა ელგუჯას, რომელმაც დაუშალა ასეთს დროს და დაუპატიჟებლად შემოვარდა, მაგრამ სირცხვილისაგან ვეღარა მოახერხა-რა და მხოლოდ ეს-ღა უთხრა:
- არც ვინა! მე ვარ, მე! კარის დასათვალიერებლად მოვედი... - მერმე გაიფიქრა „დღეს თუ არა, ხვალ ხომ ჩემი იქმნები“, და გამოუბრუნდა ელგუჯას:
- ახლა კი წავიდეთ, დავწვეთ! კარებს კლიტე დაადე, ისიც ეყოფა...
გათენდა დილა და მზის სხივებმა ოქროს გვირგვინი დაადგეს ყინვარწვერს.
გაიღვიძა დაძინებულმა სოფელმა, ხალხმა დაიწყო მოძრაობა, სოფელთან ერთად გაგის სახლშიაც ადგნენ. დედაკაცებმა გაიგეს ჩერქეზის ქალის ტყვედ მოყვანა და ერთი ჩურჩული გამართეს ამ შემთხვევის შესახებ. ყველას უნდოდა ჩქარა ენახა ტყვე, ჩქარა შეეტყოთ იმის ვინაობა, თავგადასავალი. ბოლოს შემოვიდა ერთი ბიჭი, მოიტანა კლიტე და გადასცა დედაკაცებს.
- გაგიმა, ა - იქავ საწოლაში ქალაი არისო და ის გამოიყვანეთო, - უთხრა მან.
- ვინაა ის, ქალაი? მართლა ჩერქეზია?.. რამდენის წლისაა? ლამაზია თუ არა? - მისცვივდნენ აქეთ-იქით დედაკაცები.
- აბა რაი ვიცი, მეც არ მინახავს... კარგად მოუარეთო გაგაიმა.
- თავად რაიღა იქმნა? - ჰკითხა ვიღაცამ.
- გაგის კაცი რაიმე მოუვიდა და გათენებისას ხევსურეთს წავიდა.
- რაისათვის წავიდოდა?
- კარგით-ღა, გაჰხედეთ იმ ქალსა, მშიერი იქმნება... - გააწყვეტინა ლაპარაკი დიასახლისმა. - წადი-ღა, ჯაჯალავ, წაიღე კლიტე და გამოიყვანე.
ჯაჯალა იყო უმცროსი ამ სახლში და ამისთვის ყველას შეეძლო იმის ბრძანება და იმასაც უნდა აესრულებინა სხვების სურვილი. თუნდაც ასე არ ყოფილიყო, ჯაჯალა დიდის სიხარულით წავიდოდა და გამოიყვანდა ტყვესა, ემსახურებოდა იმას და ყოველის ღონისძიებით ეცდებოდა იმის ნუგეშის ცემას, რადგანაც თითონ ჯაჯალაც ასეთივე ტყვეს ქალი იყო და იმას ახსოვდა თავის დედის ნაამბობი ტყვეს მდგომარეობაზედ და იმის გულის მოძრაობაზედ. იმან იცოდა ცოტაოდენი ჩერქეზული, რომელიც დედამ დაასწავლა.
ჯაჯალას შესვლაზედ ტყვე შეკრთა და მაშინათვე ფეხზედ წამოიჭრა. ჯაჯალა მივიდა, საჩქაროდ დასვა და თანაგრძნობით დაუწყო ლაპარაკი:
- იჯექ, იჯექ! დაღალული იქნები, - უთხრა იმან ჩერქეზულად.
ჩერქეზის ქალმა გაიკვირვა თავის ქვეყნის ენის გაგონება და სიხარულით წამოიძახა:
- მაშ აქაც ლაპარაკობენ ჩერქეზულად?
- რად არა!.. ჰაი, ჰაი რო ლაპარაკობენ... შენ ნუ გეშინიან, აქაც ისეთივე კაცები არიან, როგორც ჩერქეზში.
- მაშ არ მაწვალებენ, არ მომკვლენ?
- ბედშაო, განა ურჯულოები ვართ?.. შენ ნუ გეშინიან.
- მე კი ისე შემაშინა წუხელ ერთმა კაცმა... ისეთი შეხედულობისა იყო, ისეთი თვალები ჰქონდა, რომ კინაღამ გულს შემომეყარა... თუ ის ყმაწვილი ბიჭი დროზედ არ შემოსულიყო, უთუოდ მომკლავდა.
ჯაჯალა მიჰხვდა, რომ ქალის შემშინებელი გაგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყმაწვილი ბიჭი ვიღა იყო, ვერ მოეაზრა.
- შენ ჩერქეზი ხარ? - ჰკითხა ჯაჯალამ.
- ჩერქეზი ვარ.
- დედა ჩემიც ჩერქეზი იყო!..
- მართლა?..
- მართლა... ისაც შენსავით იყო მოტაცებული... სახელად რაიღა გქვიან?
- მზაღო.
- პური არ გშიან?
- არა.
- წავიდეთ, შესჭამე რამე, თორემ ეგრე გული გადაგელევა.
- სად წავიდეთ?
- ჩვენ დედაკაცებთან.
ამ სიტყვებით ისინი გამოვიდნენ და წავიდნენ სამყოფო სახლში, სადაც დედაკაცები მიეხვივნენ ახლად მოსულს ჩერქეზის ქალს და თავით ფეხებამდის დაუწყეს შინჯვა. თითქო ადამიანს პირველად ჰხედავდნენ.
ბოლოს ყველანი დამშვიდნენ, დაადგნენ თავთავიანთ საქმეს და მზაღოზედ ზრუნვა კი ჯაჯალას მიანდვეს.
მზაღოს უკვირდა, რომ აქამდის არსად სჩანდა ის ყმაწვილი ბიჭი, რომელიც ისე მოეწონა, რომელმაც ისე მოულოდნელად გულში ცეცხლი ჩაუგდო. იქნება ისე სწრაფად გაჰქრა ელგუჯას სიყვარული, როგორც სწრაფად დაიბადა? მზაღოს ამაზედ უნდა ელაპარაკნა ვისთანმე, მაგრამ ვერა ჰბედავდა, ვერავის ენდობოდა... ის მახინჯი, თვალებჩასისხლიანებული გაგი რაღა იქნა? ფიქრობდა ის, თუმცა კი ამის მოუსვლელობა ახარებდა.
გაგიმ და ელგუჯამ ძლივს მოასწრეს გამოსვლა სახლიდგან, როდესაც ერთი ცხენოსანი მოადგა გაგის გალავნის კარებს, ჩამოხტა საჩქაროდ, მოვიდა სახლის პატრონთან და შეატყობინა მთიულეთ-გუდამაყრელების არეულობა, რომელთაც რუსები მოემწყვდიათ მთიულეთის ჭალებში და გაგის საჩქაროდ იბარებდნენ, როგორც ხევის ხალხის ერთს მოთავეს. იქ მთიულები შეყრილიყვნენ ბატონიშვილის ალექსანდრეს თაოსნობით, რათა წინააღსდგომოდნენ რუსების მოძრაობას. გაგიმ იმ ღამესვე გასწია იქითკენ და ელგუჯაც თან წაიყვანა.
აი ეს იყო მიზეზი, რომ ელგუჯამ შორიდგან მაინც ვეღარ მოჰკრა თვალი თავის შეუდარებელს ჩერქეზის ქალსა, რომელმაც, მთის მდინარესავით, აუჩუხჩუხა სისხლი.
გზაზედ ელგუჯა ჰფიქრობდა თავის მშვენიერს მზაღოზედ და გულში ყოველგვარს ლანძღვას უგზავნიდა მთიულებს ასე უდროოდ არეულობისათვის.
ელგუჯა მიდიოდა ლაშქრად, მაგრამ გული კი შინ დარჩენოდა. იქამდისინ შეეპყრო იმის გონება იმ ქალს, რომ ათას საშუალებას ეძებდა, შინ დაბრუნებისათვის... ბოლოს, გადასწყვიტა, რომ ის დიაცსავით იქცევა და იმ დროს, როდესაც იმის მოძმენი საერთო მტერთან შებმას აპირებენ, ის შინისაკენ იწევს, საყვარელს ქალთან საარშიყოდ. ელგუჯა ვაჟკაცისათვის შესარცხვენად უყურებდა ამისთანა დროს ტოლ-სწორების და საქმის თავის მორიდებას და შინ მყუდროებაში მოფარებას... „კაცი ვარ, ქუდი მხურავს, წავალ, ვაჟკაცობას გამოვიჩენ, ვისახელებ თავსა და სამსახურს გავუწევ თემობას. როცა შინ მშვიდობით დავბრუნდებით, მაშინ ვითხოვ გაგისაგან იმ ქალსა და ისიც მომცემს“.
ელგუჯას არ გაუმართლდა იმედი: ცხარე ბრძოლის მაგივრად ხალხი საჩქაროდ დაამშვიდა სხვადასხვა საჩუქრებით მთაში მეორე ძალის მქონებელმა მებატონემ, და გაგის ელგუჯასთან ერთად შინ დაბრუნება მოუხდა.
ამ დროს საქართველოში მოემატა კიდევ რუსის ჯარები, რომელთაც საჭირო ადგილები და სოფლები დაიჭირეს და იქამდის გაამაგრეს, რომ ყოველივე მოძრაობა მთის ხალხისაგან თითქმის შეუძლებელი შეიქმნა.
გაგიმ დაინახა თავისი მდგომარეობა, დაინახა საითკენ უფრო სასარგებლო იყო იმისთვის და გადადგა რუსებისაკენ, რომლისათვისაც მისცეს აფიცრობა.
ეს ყველა ისე საჩქაროდ მოხდა და ისეთი მღელვარება და მდგომარეობა იყო მაშინ საქართველოში, რომ ყველას დაავიწყდა თავიანთი პირადი საქმე და მოვალეობა. რასაკვირველია, გაგისაც არ ასცდა ესევე მდგომარეობა, რომელმაც გადაადებინა, თუ გადაავიწყა თავისი პირუტყვული გულისთქმა ტყვის შესახებ. ამის მიზეზით ელგუჯას დარჩა თავისუფალი დრო მზაღოსთან არშიყობისა, და ისიც სარგებლობდა, რამდენადაც ენის უცოდნელობა ნებას აძლევდა.
ჯაჯალა, რომელიც თარჯიმანობდა შეყვარებულებს შუა, და მზაღო ისე რიგად დამეგობრდნენ, რომ დამალული აღარა პქონდათ-რა. რასაკვირველია, არც ელგუჯასთან იყო იმათი საიდულო დაფარული. შეყვარებულებმა გარდასწყვიტეს, რომ ელგუჯამ უნდა ითხოვოს მზაღო, მისცეს, რაც უნდა ურვათი სთხოვოს გაგიმ და, თუ ვინიცობაა, ეს უკანასკნელი არ დაჰყაბულდება, მაშინ ელგუჯა მოიტაცებდა თავის სატრფოს...
ასე მიდიოდა დღეები, კვირეები და საქმე როგორღაც ვერა ბოლოვდებოდა გაგის იქ უყოფნელობის გამო, რომელსაც ჩააბარეს რამდენიმე ჯარისკაცი და ეგზეკუციად ჰგზავნიდნენ სხვადასხვა დამნაშავე მთის ხალხის ადგილებში; ამისთვის ის შინ მოსასვლელად ვეღარ იცლიდა და ელგუჯას ვერ მოესწრო იმასთან მოლაპარაკება.
ერთ მთვარიანს საღამოს, როდესაც მთელი მოხევეები სათიბად იყვნენ გასულნი, გაგის მთიბელებსაც დაენთოთ ცეცხლი, შემოეკიდნათ ქვაბით საკლავი (ცხვარი) და ვახშამს ამზადებდნენ. მთიბელი დედაკაცები და კაცები შემოსხდომოდნენ ცეცხლს გარშემო არაჩვეულებრივი მხიარულის სახით და ელოდნენ საჭმლის მომზადებას. რაღაც წარმოუთქმელი გრძნობა გამოითქმოდა იმათ პირსახეზედ. ყველა ამ ხალხს ჯერ კიდევ ვერ გამოერკვიათ, თუ რა მომავალი მოელით ახალის შემთხვევების გამო, და ამისთვის ძრწოლით მოელოდნენ მომავალს, რომელშიაც ჰხედავდნენ, მართლად თუ უსამართლოდ, სხვა ხალხისაგან, სხვა გვარ-ტომისაგან თავიანთ თავზედ ძალის მოტანას, გაბატონებას. ამ აზრის გავრცელებას ეხმარებოდა მაშინდელი ზოგიერთი ჩინოვნიკების ველური და პირუტყვული ქცევა.
რა თქმა უნდა, რომ ამ მთიბავებში ახალი ტყვეც ერია. ეს გამოსულიყო განაპირებით და დაღონებულის თვალებით გასცქეროდა ყინვარწვერს, რომელსაც მთვარის შუქი დასდგომოდა და მშვენიერს ფერად შეეცვალა დილის სურათი.
ხალხი დასხდა ვახშამზედ, დაუძახეს მზაღოსაც. ის იყო კერძებს აწყობდნენ ჯამებში, როდესაც ცელ მხარზედ გადადებული ერთი მთიბავი მოვიდა და შესძახა:
- გამარჯვება თქვენს საქმეს!
- გადღეგრძელოს ღმერთმა, - უპასუხეს სტუმარს და მოიწვიეს ვახშამზედ.
- გადმოჰხე, აქ გადმოჰხე! - ადგილი მისცეს ელგუჯას.
საზოგადოდ მთაში ამგვარს შემთხვევაში ერთი მეორისაგან თავს არ ივიწროებს და მარტო-მუშა თავისუფლად მიდის მეზობელ მუშებთან, დროებას ატარებს და პურსა სჭამს. ელგუჯა კი გაგის მთიბავებს კარგად იცნობდა, რადგანაც იმათთან ერთი სოფლელი იყო, და ამას გარდა ყარაულობაში ხშირად დადიოდა გაგის სახლში.
ვახშმის ჭამის შემდეგ, როცა ყველანი მიწვნენ-მოწვნენ და ღრმა ძილში შევიდნენ. ელგუჯა გაცურდა იმ მხარისაკენ, სადაც მზაღო იწვა. ელგუჯას მისვლაზე ქალმა წამოჰყო თავი, მაგრამ რაკი იცნო, ხმა გაკმინდა. ელგუჯამ ანიშნა, რომ ის გაჰყოლოდა იმას და წყნარა, პარვით გასწიეს ბურაზული ტყისაკენ, რომელიც იქვე ახლო-მახლო იწყებოდა.
გაჩუმებულნი, სულგანაბულნი და ხმაგაკმენდილნი მიდიოდნენ, როგორც უსულო მოჩვენებანი, ვიდრე ტყეში შევიდოდნენ; მაგრამ რაკი ტყის სიხშირემ დაჰფარა ისინი და სხვის თვალი ვეღარ მისწვდებოდა, ელგუჯა ერთბაშად გამოუბრუნდა ქალს, მოჰხვია ძლიერი მკლავები, ჩაიკრა გულში და დაუწყო კოცნა... ეხლა თითო-ოროლა სიტყვა ესწავლა მზაღოს ქართული და ეს აძლევდა იმათ საშუალებას უმოწმოდ ეთქვათ ერთმანეთისათვის თავიანთი გულის პასუხი, თავიანთი გულის მოძრაობა.
პირველის ტრფიალების შემდეგ, ელგუჯამ ოხვრით და მწუხარებით გამოუცხადა, რომ გაგის შუაკაცი გაუგზავნა მზაღოს სათხოვნელად, მაგრამ გაგის უარი გამოეცხადა და ახლა სხვა საშუალება აღარა რჩებოდა, რომ მზაღო გაიტაცოს. ბოლოს დაუმატა:
- რას იტყვი?.. წამომყვები, თუ არა?
- თუ ჩემი თავი შენთვის მომიცია, წამიყვანე საცა გინდა...
- თუშებში უნდა წაგიყვანო.
- სადაც გინდა.
- რომ მოგწყინდეს, მაშინ რაღასა იქ?
- ჩვენი მხრის ქალებს ძნელად შეუყვარდებათ, მაგრამ ვინც შეუყვარდებათ, ის იმის მბრძანებელია!.. მიბრძანე, რაც გინდა.
ამ სიტყვებზედ ელგუჯამ გატაცებულის კოცნით უპასუხა:
- მე ყველაფერი მოვამზადე... აქვე ტყეში მყავს ცხენები და იარაღიც დამალული... გუდამაყრის ხეობაზედ ვერ წავალთ, იქ გზებიც შეკრულია და ვიწრო ხეობაც არის, მთიულეთზედ უნდა წავიდეთ.
- ეგ შენ იცი.
- მაშ ნუღარ ვიგვიანებთ, ჩემო მზეო!
- შენ იცი.
- ხომ არ გეშინიან, არა?
- შენთან?.. - ისეთის ხმით უპასუხა, რომ ელგუჯას შერცხვა.
ამ სიტყვებზედ ელგუჯამ სამჯერ წყნარად, მაგრამ ხანგრძლივ დაუშტვინა. ცოტა ხანმა გაიარა და იმათ წინ მოულოდნელად ერთი ყმაწვილი შეიარაღებული ბიჭი გადმოხტა.
- გივარგი, შენა?
- ჰო, მე ვარ.
- იარაღი რა უყავ?
- აი აქაა! - უპასუხა ახალმოსულმა და მიაწოდა ერთი ხელი იარაღი.
- ცხენები?
- ცხენებიც, ა-იქ არიან, - უთხრა გიორგიმ და ანიშნა იქვე ხშირს ტყეზედ.
- მაშ წადი, მოიყვანე!
გიორგი ცხენებისათვის წავიდა, ელგუჯა კი წყნარად, ჩუმად და პირმოკუმული იჭურვებოდა. აშკარად სჩანდა, რომ იმას გარდაეწყვიტა ადვილად არავისთვის დაენებებინა თავისი მშვენიერი მზაღო და, თუ გზაში ვინმე გადაეღობებოდა, მაშინ იაფად არ დაესვა ეს თავხედობა.
მოვიდა გიორგი და მოიყვანა ცხენები და შესხდნენ.
როდესაც ყველანი მზად იყვნენ წასასვლელად, ელგუჯა მიუბრუნდა გიორგის:
- გიორგი!
- რაი გინდა?
- მე საჭირბოროტო გზას ვადგევარ, მაი, შენ კი დაბრუნდი შინა!
- რას ამბობ? - გაიკვირვა იმან.
- ვინ იცის, რაი შემემთხვას, შენ რაისთვის-ღა უნდა გაიფუჭო თავი!
- ძმად განა იმად გავფიცულვარ, რომ ეგენი მითხრა? - გულნაკლულად უპასუხა გიორგიმ. - კარგია-ღა, იარე, დროს ნუღარა ვკარგავთ.
- მაშ მოდიხარ?
- მო... სადაც შენ მოჰკვდები; მეც იქ უნდა მოვკვდე.
- შენ იცი! - უპასუხა ელგუჯამ და მოიხადა ქუდი.
- ღმერთო, დიდებულო, წვერისა სპარსთა ანგელოზო! შენ მოგვიმართე ხელი, შენი წყალობა გაგვატანე! - წარმოსთქვა ელგუჯამ.
- ღმერთო, უადგილო-ადგილას მოჰკითხე ამხანაგის მოღალატეს, - დაუმატა გიორგიმ.
- ამინ! - წარმოსთქვეს ორთავემ ერთად.
კიდევ რამდენიმე წუთი ასე ქუდმოხდილები დარჩნენ და ჩუმად ევედრებოდნენ იქაურს ჯვარ-ანგელოზებს; და ამ ვედრებაში იყო რაღაცა დიდებული, რაღაცა მუქარა, რაღაცა იმედი და ნუგეში.
ბოლოს ორთავ ქუდები დაიხურეს.
- გაგვიძეღ! - დასძახა ელგუჯამ.
გიორგიმ შემოჰკრა ცხენს მათრახი, იმას გაჰყვა მზაღო და, ბოლოს ელგუჯა.
გიორგის ბელადობით ჩუმად და სიფრთხილით მიდიოდნენ ჩვენი მგზავრები. გასცდნენ მშვიდობიანად სოფ. კობს, სადაც ყველაზედ მეტად ეშინოდათ და გაუდგნენ გადასავალ მთებს. ისინი მიეშურებოდნენ მთიულეთის ჭალებისკენ, სადამდისაც უნდოდათ ღამე ჩაჰყოლოდათ, რადგანაც იმას იქით დაბურვილი ტყეები იწყებოდა, და თავის დაფარვა ადვილად შეიძლებოდა; ასე ჰფიქრობდნენ ჩვენი მგზავრები და ამისთვის წამდაუწუმ ცას შესცქეროდნენ, რომელზედაც ვარსკვლავებს დრო უნდა ეჩვენებინათ.
- გასწი, გივარგი, გასწი! - ეუბნებოდა ელგუჯა თავის ბელადს, - ცისკარი სულ გადაიხარა და ღამე კაიშაურშიაც ვეღარ ჩაგვყვება.
- ღმერთი მოწყალეა, - უპასუხებდა გიორგი და გადუქნევდა მათრახს თავის ერთგულს ცხენს, რომელიც მიაჩაკჩაკებდა იმგვარის ძუნძულით, რომელსაც მთაში "მგლურს“ უწოდებენ, ამგვარი სიარული გზას ძალიან ამოკლებს.
ალიონმა აიწია. დედამიწა განათდა. გამოჩნდა მშვენიერი ვაკე ქვეშის აღმართისა. აქ ბუნება სრულებით შეიცვალა მშვენიერის მდიდარის სურათებით. ველ-ბუჩქებიან მინდორს გარს შემორტყმოდა ტყიანი მთები, რომელიც აქა-იქ მთიულებს გაეჩეხათ, გაეკვეთად სახნავებად და სათაურში თავიანთი ციხე-დარბაზი გაემართათ.
სასიამოვნო, გამაცოცხლებელი ნიავი, რომელიც განუწყვეტლივ დაჰქრის ამ ადგილებში, უგრილებდა შუბლს და მოგზაურებს უფხიზლებდა, უღვიძებდა დაღალულს გონებას. წმინდა, ანკარა წყაროები ჩამოჩუხჩუხებდნენ და რაღაცა სიტკბოებით უალერსებდნენ კაცის ყურს. ჩიტებსაც კი გაეღვიძათ და ჭიკჭიკით ქებას ასხამდნენ ბუნების ძალას. ყველა ისე რიგად იყო მოწყობილი, რომ კაცს ანატრებდა აქ ჩამოხდომას, მწვადის შეშიშხინებას და ცოტაოდენს თვალის მოტყუებას. იმ ადგილებს ამგვარი მოქმედება არც თუ მარტო ხალხზედა - პირუტყვებზედაც კი ჰქონდა, რომლებსაც იტყუებდა მსუქანი, ნოყიერი, მწვანე ბალახი, შემკული ათასფეროვანი ყვავილებით და სურნელებით.
ელგუჯამ გაჰხედა ამ სურათებს და გული აუძგერდა. იმან დაჰნატრა იმ ბედნიერებს, რომელთაც თავისუფლად შეეძლოთ ამ ადგილების მშვენიერებით დატკბობა.
ელგუჯა რომ ამ ფიქრებში იყო და სურათებით გაეტაცნა ოცნებას, გიორგიმ ერთბაშად ცხენი შეაყენა.
- რაი ამბავია? - ჰკითხა გლგუჯამ.
- აგერ ქვეშის აღმართთან რაიმე ცხენიანები ამოჩდნენ... მაი, აქ ბუჩქებში მივაბრუნოთ ცხენები, თორემ მეტად განათდა.
- აგრე! - მოკლედ უპასუხა ელგუჯამ და დაიწყო იქითკენ ცქერა, საითაც გიორგიმ ცხენიანები უჩვენა.
ამათ გააბრუნეს ცხენები და შევიდნენ ბუჩქნარებში, რომელნიც იმათ საკმაოდ დაიცავდნენ კაცის თვალისაგან. იქ ჩამოხტნენ, გაშალეს ნაბადი და ზედ დასვეს მზაღო. გიორგიმ ცხენები ცოტა მოშორებით წაიყვანა, ჩაუკრა თავები და საძოვარზედ მიუშვა; თითონ კი თოფი მოიმარჯვა, ფალია გამოუცვალა და ასე უზრუნველად წამოწვა მხართეძოზედ, თითქოს თავის სახლში იყო. ელგუჯა წყნარად გავიდა გზის ნაპირას და ბუჩქებში, გზის პირად ისეთი სამზვერავი ადგილი დაიჭირა, საიდანაც თვით უხილავი ყველაფერს დაინახავდა და თვალყურის დევნა შეეძლო.
ცხენოსნები, რიცხვით ოცდახუთამდე, თანდათან ახლოვდებოდნენ იმ ადგილას, ისეთის წყობილობით მოელავდნენ, თითქო საომრად გამზადებულანო. წინ მოუძღვებოდა ბელადი, შემდეგ ოთხ-ოთხი ჯარად დაწყობილიყვნენ.
როდესაც ისინი მოახლოვდნენ იმ ადგილას, სადაც ელგუჯა თავის ამხანაგებით გადასულიყო, უცნობი მგზავრების ბელადმა ცხენი ერთბაშად შეაყენა და დაუწყო მიწას ჩხრეკა. სხვები წამოეწივნენ და ჰკითხეს გაჩერების მიზეზი. მოწინავემ უპასუხა:
- ცხენების კვალია და არ ვიცი, საით მოვიდოდა.
- აქ ცხენებს რაი უნდა! - სთქვა უფრო ჭაღარაშერთულმა კაცმა, რომელიც უფროსობდა და რომელშიაც ბრჭყვიალა პაგონებით, გაგის იცნობდით.
იმანაც დააყენა ცხენი, გადმოიხარა გვერდზედ და წარბებშეჭმუხვნილმა კვალს შინჯვა დაუწყო; გვერდით რამდენჯერმე აუარ-ჩამოუარა, მაგრამ ისე კი, რომ თავის ცხენისათვის უწინდელი კვალი არ წაეშლევინებინა.
- სამნი ყოფილან! - კვალი აშკარაა... ცხენები დასაჭედები ყოფილან... - ნაწყვეტ-ნაწყვეტად წამოიძახებდა ისე, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა, მართლადაც, თუ დააკვირდებოდით ახლად დანამულს მიწას, ადვილად შეამჩნევდით უნალო ცხენების ნაფეხურს და ჩლიქების იმგვარ ბეჭდებს, რომელსაც „ბაყაყს“ ეძახიან და დედამიწას მხოლოდ მაშინ დაეტყობა, როდესაც ცხენი უნალო არის.
- ეს კაი კაცები არ უნდა იყვნენ! - წამოიძახა ბოლოს თავის აღებით გაგიმ.
- კაი კაცები რომ იყვნენ გზას რად აგვიქცევდნენ?
- მანდეთ ბილიკი გზა ხომ არა მიდის-რა? - მიუბრუნდა გაგი მთიულს, რომელიც თან ახლდა.
- არა, შენი კვნესა-მე, არა... მანდეთ გზას რაი უნდა: სოფელი არსად არის და არა ცხო! - იყო პასუხი.
- სოფლები როგორ არ არის, მაშ აი-ის რეებია? - ჰკითხა გაგიმ და გაუშვირა ხელი იმ მთისაკენ, სადაც აქა-იქ გვერდოებზედ მთიელების სახლები მოჩანდა.
- სოფლებია, შენი კვნესა-მე, მაგრამ გზა მაგაზედ არ არის... ეგეთი ხევი ჩამოუდის შუა, ლომისის მადლმა, რომ ფრინველიც ვერ გადაფრინდების.
- მაშ ისინი ამ ჭალაში უნდა იყვნენ?
- მა სად ჯანაბას წავიდოდნენ, რა ვიცი!.. ამ მთისკენ ხევი არ არის, ექეთკენ ეგეთი კლდეა, რომ კაცს გადახედვა შეჰზარავს.
ესენი ამ ლაპარაკში იყვნენ გართულნი, როდესაც ზევით დაღმართებიდგან ერთი ცხენოსანი გამოჩნდა, რომელიც ძალზედ მოაჭენებდა. ის აღარც დაღმართებს უყურებდა, აღარც ღორღებს და ხევებს, სადაც ცხენისათვის საკმაო იყო მხოლოდ ერთი ბორძიკი, რომ მხედარი სულით ხორცამდე დაკარგულიყო. აშკარად ეტყობოდა, რომ ის რაღაცა საჭირო საქმეზედ მოესწრაფებოდა. ეს მხედარი დაინახა იქ მყოფ ხალხმა და დაუწყეს ყურება.
ელგუჯამაც რომელიც მღელვარებით თვალს ადევნებდა იქ მოსულებს, შეჰკრა თვალი მომავალს მხედარს და გულში რაღაცა უსიამოვნება იგრძნო.
- ეგ თუ იქნება, ჩვენი მდევარი უნდა იყოს!..
ელგუჯას ძალიან კარგად ესმოდა, რომ, თუ გაგიმ შეიტყო ქალის მოტაცება და იმათი აქ ყოფნა, მაშინ საქმე უსისხლოდ აღარ გათავდებოდა და ახირებული გაგი არაფრისთვის არ მოითმენდა ამისთანა სირცხვილს და უპატიურობას, როგორც იმის სახლიდგან ქალის მოტაცება. ელგუჯა თავის თავისათვის არა სწუხდა, იმან იცოდა, რომ ღირსეულად დაუხვდებოდა ძალის მომტანს, მაგრამ აქ, იმას გარდა ის იყო, ვისიც ერთი ამოსუნთქვა ერჩივნა მთელს თავის სიცოცხლეს. აი ესა სტანჯავდა და გულს უთუთქავდა. ამისათვის ჰფიქრობდა ისე გამწარებული და ჭირის ოფლი გადასდიოდა; დიახ, მოხევე მარტო რომ ყოფილიყო, ბევრს ფიქრს არ გამოუდგებოდა და აქამდისაც გააცნობდა თავის თოფის სიმარჯვეს შარიანს მგზავრებს, რომელთაც თავი დაენებებინათ თავიანთი გზისათვის და გამოჰკიდებოდნენ ვიღაცა კაცების ცხენების კვალს.
ელგუჯას გული იმაზედ მოსდიოდა, რომ გაგი შესდგა აქა და კვალს შინჯვა დაუწყო მაშინ, როდესაც იმას გზა აუქციეს, დაუთმეს, მოერიდნენ და ამ შემთხვევაში კი, მთაში, მოსისხლე მტერიც ჩამოეხსნებოდა და აღარ გამოეკიდებოდა. სანამ ელგუჯა ამ ფიქრებში იყო, ცხენოსანი მოუახლოვდა გაგის და იმის ამხანაგებს; ამათ კარგად იცნეს ეს ცხენოსანი.
- რაი ამბავი, მარტიავ? - შორითვე შესძახა გაგიმ.
- რაი-ღა რაი ამბავი, ელგუჯამ ქალი გაგვტაცა: სახლი შეგვირცხვინა, თავი მოგვჭრა მთელს თემში...
- აჰუ... მაშ ელგუჯამ გაჰბედა? ელგუჯამა?!.
- ელგუჯამა, მაშ ცხომ ვინა?
- კაცები არ იყავით? ქალი როგორ-ღა მოატაცებინეთ? თქვე ქალაჩუნა დიაცებო, თქვენა!.. ქუდის მაგივრად ჩიქილა უნდა გეხუროთ... ფუი, თქვენს ნამუსს!
- ღამე გაიტაცა, ქურდულადა, თორემ ჩვენც კი მამის შვილები ვართ.
გაგიმ, როგორც გამოცდილმა კაცმა, მაშინადვე იფიქრა, რომ ამ ცხენის კვალს ელგუჯასთან უეჭველად რომელიმე დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა და მოიწადინა უეჭველად ეპოვნა ცხენები და იმათი პატრონები დაეჭირა.
ელგუჯამ წმინდად გაიგონა მარტიას და გაგის ლაპარაკი და გაეშურა გიორგისკენ, რათა შეეტყობინებინა, რომ იმათი დამალვა გამოაშკარავდა და გაგი დაჭერას უპირობს. ამხანაგებმა მაშინვე ცხენებს თავი ანებეს, სტაცეს ქალს ხელი და გაიქცნენ სიმაგრის მოსაძებნად, რომელიც აქ სადმე უთუოდ უნდა ყოფილიყო. იმათ უნდოდათ ისეთი ადგილის პოვნა, სადაც უშიშრად შესძლებოდათ ქალის შეფარება და მერე... მერე გაეცნობინათ ამ ხალხისათვის, თუ რა „შავ ბიჭებთან“ აქვსთ საქმე და რა ადვილია ორი თავგადადებული მოხევის ხელში ჩაგდება.
როგორც ზევით ვსთქვით, ეს მინდორი ერთის მხრით ისეთს ფიწალო კლდეს მიებჯინებოდა, საიდანაც ფრინველი თუ ამოფრინდებოდა, თორემ კაცის ამოსვლა ყოვლად შეუძლებელი იყო. მეორე მხარეს ჩამოუდიოდა დიდი ხევი. სწორედ ამ კლდის თავზედ, ხევის აქეთ, იმათ იპოვეს ისეთი ადგილი, როგორსაც ეძებდნენ. ამ კლდიდგან რამდენიმე ნაბიჯს აქეთ თითქოს განგებ ამ შემთხვევისათვის, ამართულიყო პატარა გორაკი, რომელიც თავს დაჰყურებდა და მბრძანებლობდა იმ მინდორს. ამ გორაკის სათაურის ნაპირებზედ კბილებსავით სალი კლდეები აშვერილიყო და შუაში პატარა ჩაღრმავება შეედგინა, რომელზედაც ოცი-ოცდაათიოდ კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა. რაწამს დაინახეს ეს ადგილი, სიხარულით გაექანნენ.
- ღმერთი ჩვენსკენაა, და გივარგი, - დაიძახა ელგუჯამ.
- ავიდეთ-ღა, ერთი იქა და მაშინ ვუჩვენებთ იმათ თამაშას! - უპასუხა გიორგიმ.
მზაღო, რომელიც, აქამდისინ ფერმიხდილი და გაჩუმებული, რაღაცა მთრთოლარე მდგომარეობაში იყო, ამ უკანასკნელმა სიტყვებმა გამოიყვანეს სასოწარკვეთილებიდგან და ხმა ამოაღებინეს.
- მაშ აქ რომ ავიდეთ, აღარა გვინდა-რა, შიში აღარა გვაქეს?
- ღმერთი მოწყალეა! - მისცა პასუხი ელგუჯამ.
- რაი უნდათ ჩვენგან, რაი? - ისეთის მწუხარებით წარმოსთქვა მზაღომ, რომ კაცს გული აუდუღდებოდა.
- რაი უნდათ? - იკითხა გიორგიმ.
- ის უნდათ, რომ თითო-თითოდ ძაღლებსავით ჩავხოცავთ აქა და ფრინველების საკორტნ მძოვრად დავყრით.
- მაშ ომი იქნება, უნდა ერთმანეთი დახოცოთ?.. ღმერთო, ღმერთო! - მწუხარებით წარმოსთქვა ქალმა.
- ნუ გეშინიან, ცხენებს რომ იპოვნიან, გაგის გაუმაძღარი თვალები იმითაც დაკმაყოფილდება; თუ მაინც და მაინც არ დაიშალეს და აქაც გვეწვივნენ, გეფიცები წმინდა გივარგის, ძვირად დავუსვამთ თავიანთ გაუმაძღრობას! - მოკლედ მოუჭრა ელგუჯამ და წარბები შეიჭმუხნა.
- ეგეთ ცხარე დღეს დავაყენებთ, წვერის სპარს-ანგელოზის მადლმა, რომ თითონვე თავ-ბედს იწყევლიდნენ.
ამ ლაპარაკში იმათ მიაღწიეს გორის თავს, სადაც გამაგრდნენ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო კაცისაგან. მზაღოს უჩვენეს ისეთი ადგილი, სადაც ტყვია ვერ მისწვდებოდა და დაარიგეს, რომ იმ ადგილს არ მოსცილებოდა. ბოლოს გაშალეს ნაბდები, ზედ დაყარეს ტყვიაწამლით სავსე მასრები და თოფებს საპირისწამლე შეუცვალეს. ბოლოს როცა ეს მზადება გაათავეს, ელგუჯამ წამოიძახა:
- ეხლა გვეწვივნენ, ჩვენი სტუმრები!.. კაი სტუმრები არიან, მაგრამ, ღვთის მადლმა, ჩვენც კარგი მასპინძლები დავუხვდებით... არა, გივარგი?
- ჰაი. ჰაი, რომ დავუხვდებით! - იყო პასუხი.
ამ უკანასკნელმა შემთხვევამ გაგი არა მცირედ დააფიქრა. იმ დროს, როდესაც ეგონა, რომ თავის თვალთმაქცურის ქცევით ამაღლდებოდა, პატივსა და ძალას მოიპოვებდა; იმ დროს, როდესაც აფიცრობა მიიღო, დიდი "ხელმწიფე-იმპერატორის" სამსახურში შევიდა, - ვიღაცა ელგუჯა წინ გადასდგომოდა, შეერცხვინა იმის სახელი, წეერთვა ქალი და საქვეყნოდ მასხარად გაეხადა! ასე ჰფიქრობდა, ასე სჯიდა გაგი და ის კი ვერ მოეხერხებინა, რა-რიგად გადაეხადა თავის შემარცხვენელისათვის. უწინდელი დრო რომ ყოფილიყო, ამგვარი შემთხვევისათვის გაგი შეჰყრიდა თემობას, ბჭეებს ამოირჩევდა და თემის დებულებას და გარდაწყვეტილებას უნდა დაჰმორჩილებოდა; მაგრამ ეხლა ხომ უწინდელი დრო აღარ იყო?.. თემობას დაეკარგა თავისი ძალა, ხალხის ნების ასრულება შეუძლებელი შექმნილიყო და მის ბედ-იღბალზედ ზრუნვა თვითეულს პირს ჩაეგდო ხელში. გაგიც ერთი ამ ძალის მქონეთაგანი შეიქმნა და, მაშასადამე, ელგუჯას თავხედობას მარტო უბრალო გადახდევინება არ ეყოფოდა; ის სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო და, რამდენადაც შეიძლებოდა, მომეტებულის წვალებით...
ამაზედ ჰფიქრობდა გაგი რამდენსამე ხანს და გარდაწყვეტილება ვერა მიეღო-რა. ბოლოს იმის დაღვრემილი შუბლი გაიშალა და პირისახეზედ რაღაც უპატიოსნო ღიმილმა გაურბინა, აიღო თავი და მკაცრის ხმით წამოიძახა,
- მარტია!
- შენი კვნესა-მე! - უპასუხა მთიულმა და წინ წადგა.
- გასწი ეხლავე ქვეშეთს და ნაჩალნიკს შეატყობინე, რომ რამდენიმე „ბუნტმა კაცმა“ იმ დროს, როდესაც მე ხელმწიფე-იმპერატორის სამსახურში ვიყავ, სახლი ამიკლეს და დედაკაციც მომტაცეს.
- კარგი, შენი კვნესა-მე, კარგი!
- უთხარი: ეგ ყველა იმისთვის ჩაიდინეს, რომ რუსების სამსახურში ვარ... შეატყობინე, რომ ეხლა იმ მოღალატეებს აქ მოვასწარ და ჯარები მოგვაშველოს, რომ დავიჭიროთ.
- ჯარები? - გაკვირვებით იკითხა მარტიამ.
- მაშ! ხელმწიფე-იმპერატორის მოღალატენი რუსის ჯარებმა უნდა დაიჭიროს!
- ჯარები რად გვინდა, შენი კვნესა-მე, განა ჩვენ კი არ ვეყოფით - წყენით უპასუხა მარტიამ, რომელმაც გაგის სიტყვები დასამცირებლად მიიღო... - ერთი გვიბძანე კია, და, ლომისის მადლმა, ღვთის რისხვას შევყრით, სადღა წაგვივლენ?
- არა, რუსები უფრო აწვალებენ, - მკაცრად წარმოსთქვა გაგიმ და მერმე თითქოს თავისთვის დაუმატა:
- მარტო სიკვდილი რას კმარა!
- მტრები შენი არიან, შენი კვნესა-მე, და სისხლიც შენვე უნდა აიღო, ცხვები რაღად გინდა?
- იმად, რომ სამაგალითოდ აწვალონ, - მისცა პასუხად გაგიმ და შეიჭმუხნა წარბები. მარტიამ თავი ჩაჰკიდა და რაღაცა საგონებელში ჩავარდა. როგორც ეტყობოდა, ის არა ჩქარობდა გაგის სიტყვების აღსრულებას.
- გასწი რაღა! რაღას ელი?
- მაი, აგრემც შეგეწევა ლომისის მადლი, - ქუდის მოხდით და ხვეწნით დაიწყო მარტიამ, - ნუ ჩავყრით რუსების ხელში... აბა, რაი მადლია იმათი წვალება?.. მტრები არიან - მოვჰკლათ და გადავჰყაროთ, ცხო რაღა გვინდა? თორემ, თუ იმათ ჩაუცვივდნენ ხელში, ურიებსავით აწვალებენ, აგრემც შემეწევა პირიმზე .
- აწვალებენ?.. ო, თუ კი აწვალებენ, ცხო რაღა მინდა! - წამოიძახა გაგიმ და პირუტყვული სურვილის ელვა გამოჰკრთა იმის თვალებიდგან.
- ნუ იზამ მაგას, შენი მუხლების ჭირიმე, ნუ!.. სათემოდ ლექსს გამოგითქვამენ, ლომისის მადლმა, და შევრცხვებით... ამოდენა ხალხს სამს კაცზედ მისვლა ვერ გაგვიბედნია, სიკვდილი არაა?.. მიბრძანე და მარტო მე გადავალ ხმალ-და-ხმალ; გა, შენი რისხვა არა მაქვს!
რამდენადაც მარტიას რცხვენოდა ეს გაუბედაობა, იმდენად მტრების სატანჯველში მიცემა არ ეთანხმებოდა იმის შეხედულებას. და იმისი აზრით რუსების ხელში ჩავარდნით კი ყველა კაცი უნდა დატანჯულიყო. მარტია არ იყო დამნაშავე, რომ ასეთი აზრი შეედგინა ახალ გვარტომობის ხალხზედ, რადგანაც ის მოწმად დასწრებოდა იმ სამარცხვინო მოქმედებას, რომელსაც ზოგიერთი იმათი წარმომადგენლები ჩაიდენდნენ. მაგალითად, ის იყო დამსწრე „ორი მთიულის მათრახებით მოკვლისა, რომლებსაც ყაზახებმა უწყალოდ სცემეს გზის კეთებაში, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ერთს ყაზახს ცხენი წაუბორძიკდა. ზამთარში გზის მუშები თოვლის დროს არ გაუშვეს, რომ თავი შეეფარებინათ; ჩამოვიდა ზვავი და სამი კაცი დაახრჩო თოვლმა; დედაკაცები შეაბეს მარხილებში და ცემა-ტყეპით ბარგს აზიდვინებდნენ“; ის იყო მოწამე, როგორც „ანანურში ერთმა ჩინოვნიკმა ორი ოსი დაიჭირა, ჩაუსვრიმა გეჯაში სხვადასხვა უწმინდურება“, რომლის სახელის მოყვანასაც აქ ვერ ვბედავთ მკითხველის პატივისცემით, „და ის აჭამა ძალ-დატანებით“.
მარტიას ამგვარი მაგალითები, მომხდარი სხვადასხვა პირებისაგან, მრავალი ჰქონდა და ამიტომაც ის ისე ჰფიქრობდა, როგორც დანარჩენი თავისი მოძმეები... ამის მიზეზით, თუმცა ელგუჯას მოქმედება, იმისი აზრით, ისეთი დანაშაულობა იყო, რომლისთვისაც უნდა დასჯილიყო და სისხლით გარდაწყვეტილიყო, მაგრამ იმის წვალება და კაცობის დამცირება მაინც უპატიოსნებად მიაჩნდა.
გაგის აზრი რუსების ყოფაქცევაზე არ განერჩეოდა მარტიას აზრისაგან და სწორედ ამ მიზეზით უნდოდა იმათ ხელში ელგუჯას ჩაგდება.
- გასწი, გასწი, რაღას უყურებ? - გაჯავრებით დასძახა გაგიმ.
- წავალ, წავალ, შენი კვნესა-მე, - რაღაცა შეწუხებით უპასუხა მარტიამ და გააბრუნა ცხენი.
როდესაც ის გაბრუნდა და გზას გაემართა, გაგიმ ისევ მოაბრუნა და ჰკითხა:
- აქ, ახლო-მახლო, სიმაგრე თუ არსად არის?
- როგორ არ არის, არის, - უპასუხა მარტიამ და გაიშვირა ხელი იმ გორაკისაკენ, სადაც ელგუჯა თავის ამხანაგებით ჩაესაფრა: ა-იქ ეგეთი სიმაგრეა, ლომისის მადლმა, რომ კაცს თუ ტყვია-წამალი ექნა, მთელი წელიწადი ფიქრი არ უნდა.
- კარგია, ახლა შეგიძლიან წახვიდე, ვინძლო ჩქარა იარო.
- კარგი, კარგი, ჩქარა ვივლი, - უპასუხა მარტიამ, გააბრუნა ცხენი და გაჰქროლა.
იმას პირისახეზედ ეტყობოდა, რაღაც მწუხარება, ეტყობოდა, რომ იმისი აზრი რაღაზედაც მუშაობდა; ბოლოს ერთბაშად უკან მოიხედა, გაგის მხარეს, მრისხანედ დაუქნია მათრახი და შესძახა:
- არ გაიგონე ჩემი და ახლა დამაცა, შე „ბუგრიანო“.
ამ ადგილებში გზა ცოტა ხვეულად მიდიოდა, ისე რომ მარტია აღარ უჩანდათ გაგის და იმის ამხანაგებს. მარტიამ ერთი კიდევ მოიხედა უკან, იშვირა ფეხი, გადაფრინდა ის გაჭენებულის ცხენიდამ და შურდულსავით შეერია ბუჩქებში, ის გარბოდა გორისაკენ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, რომელზედაც ელგუჯა იყო; ხანდახან ამოიძახებდა რაღაცა სიტყვებს, რომელიც პირდაპირ ნაყოფი იყო იმის გახურებულის აზროვნობისა.
- სიკვდილი არ კმარა, შე ცოდვიანო, განა? არ გეყოფა იმათი სისხლი... შენ იმათი წვალება გინდა და ვნახოთ... მაშ კარგი, იქ, მივალ... ან მეც იმათთან მოვკვდები და ან დავიხსნი როგორმე!..
ამ სიტყვებით და მუქარით მარტია მიეშურებოდა აშკარა წადილით, რომ ელგუჯას შეერთებოდა და გაგის უპატიოსნო დამამცირებლის წადილისათვის გარდაეხადა.
ამ ხანში არც გაგი დარჩა უსაქმოდ. იმან გარდასწყვიტა, რომ საშუადღეოდ ქვეშიდან ჯარი მოეშველებოდა, მაგრამ, სანამ ისინი მოვიდოდნენ, ამას დაწვრილებით უნდოდა ადგილის დათვალიერება, შესწავლა და შეტყობა - თუ სად იმალებიან ისინი, ვისაც ისე დღის გამწარებას უპირებდა.
გაგიმ მისცა განკარგულება, რომ ხალხი გაიფანტოს, შევიდეს ამ ბუჩქებში და კარგად ათვალიეროს დამალულები. თუ ვინიცობაა შეხვდებოდნენ სადმე, ეცადნენ, რომ ცოცხლები დაიჭირონ და იარაღის ხმარება არ გაბედონ, თუ საქმე განსაკუთრებით არ გაჭირდებოდა.
ამგვარად ხალხმა პირჯვარი გარდაიწერა, ახსენა თავიანთი სალოცავები, გაიფანტა და შევიდა ტყეში. ყველა ჰგრძნობდა, რომ გაგის ბრძანების აღსრულება ძნელი იყო და თავგადადებული შეიარაღებული ხალხი ადვილად არ დაჰნებდებოდა. ისინი მიდიოდნენ სიბრთხილით, თითქმის ყველა ბუჩქის შინჯვით და იმ მთრთოლვარე მდგომარეობაში იყვნენ, რომელშიაც კაცს აყენებს საზოგადოდ ომი. ცოტა სიარულის შემდეგ ისინი შეჰხვდნენ სამს შეკაზმულს ცხენს, რომელნიც დამშვიდებული, ფრუტუნით სძოვდნენ ბალახს. გაგი მისდევდა ამ ხალხს უკან და სადაც შესანიშნ რასმე შეამჩნევდა, იმ მხარეს გადადიოდა. ამ ყოფით გაჩუმებულნი. შუბლშეჭმუხვნილი დადიოდნენ ისინი ამ ადგილებში, როდესაც მარტიამ მიაღწია იმ გორაკს, სადაც ელგუჯა იყო. გიორგიმ პირველმა მოჰკრა იმას თვალი და ჩაცმულობაზედ მაშინვე იცნო, რომ მომავალი მთიული უნდა ყოფილიყო.
- ელგუჯავ! მოდი-ღა, აგერ მთიული რამე მორბის და არ ვიცი ვინ იქნება.
- აბა, სადაა? - გადმოიხედა ელგუჯამ. - მართლა მთიული ყოფილა.
- მთიულეთს მოკეთე თუ არვინა გყავს? - ჰკითხა ისევ გიორგიმ.
- არა.
- მაშ ვინ იქნება?.. სამტროდ მოდის, თუ სამშვიდობოდ?
- აბა, რაი ვიცი!.. აი ეხლავ გავიგებ, - სთქვა ელგუჯამ და გადაუშვირა თოფი. - შესდექ, თორემ ღვთის მადლმა, მანდვე გაგაცივებ.
მარტია შესდგა და მშვიდობა შესძახა.
- ვინ ხარ, ან რაი გინდა? - ჰკითხა ელგუჯამ.
- მე მარტიაი ვარ, ხანდოსხევეული მთიული... ძმად მწადის თქვენთან გაფიცვა.
ორთავ მოხევეს გაუკვირდა უცნობი მთიულის ამგვარი წადილი.
- მარტიაუ! - ცოტა ფიქრის შემდეგ უპასუხა ელგუჯამ, - თუ გვატყუებ, მაი, უკან გაბრუნდი, კაი ვაჟი ხარ, მართალია. მაგრამ ჩვენც არ დაგიცვივით უკან, უბრალოდ თავს ნუ გაგვაფუჭებინებ.
- ლომისა იყოს თქვენი თავდები... თქვენს მოღალატეს დედამც შეერთოს ცოლად.
ამ სიტყვების შემდეგ ელგუჯა მიუბრუნდა გიორგის და უთხრა:
- მე თოფის ნიშანს არ მოვაცილებ მარტიას, შენ კი ჩადი და ძმად გაეფიცე, ვინ იცის, იქნება ეგეც ჩვენსავით შეწუხებულია და ამისთანა ალაგას კი ერთი მეტი კაცი მთელი ლაშქარია.
გიორგიმ ხმაამოუღებლივ წამოაყენა თოფი ფეხზედ და გადმოეშო გორაკიდან. ჩქარა ჩავიდა მარტიასთან და შორიახლო დადგა.
- გზა მშვიდობისა! - უთხრა გიორგიმ.
- მშვიდობა მოგცეს ლომისამა!
- ავიხსნათ იარაღი და ძმად გავიფიცნეთ.
- აგრე, შენი კვნესა-მე.
ორთავ იარაღი შემოიხსნეს, დაყარეს მიწაზედ, მივიდნენ ერთმანეთთან, ამოიღეს ტყვიები და გაცვალეს. ამის შემდეგ გადაეხვივნენ ერთმანეთს და სამჯერ აკოცეს. მერე შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ უკანასკნელს სულის აღმოხდამდის ერთმანეთს არ უღალატონ. აიღეს ისევ იარაღი და ავიდნენ ელგუჯასთან, რომელიც თავის რიგზედ გაეფიცა მთიულს ძმად. მარტიამ უამბო გაგის საქციელი. იმისი სურვილი და, რადგანაც მარტიამ ვერ იკისრა ამისთანა სამარცხვინო ბრძანების აღსრულება, ამისათვის მიჰმართა იმათა, რომ ან უშველოს რითმე და ან იმათთან მოკვდეს.
ამ ლაპარაკში მოახლოვდა გორას გაგი თავის ხალხით, რომელთაც გარდასწყვიტეს, რომ ელგუჯა აქ უნდა შეფარებულიყო, რადგანაც ველ-ტყიანებში ვერსად იპოვნეს. გაგი წამოდგა წინა და ხმამაღლა დაიძახა:
- ელგუჯა, ვიცით, რომ მანდა ხარ დამალული, გადმოიხედე-ღა, ერთს-ორს სიტყვას გეტყვით!
ამ სიტყვებზედ პასუხი არავინ მისცა და ისევ გაგის მოუნდა ლაპარაკი:
- აი მშიშარავ, მშიშარავ!.. თუ ეგრე გეშინოდა ჩემი დანახვისა, ქალი რაღამ მოგატაცებინა?.. გადმოიხედე-ღა ერთ წამსა, თუ დედაკაცი არა ხარ!
ამ სიტყვებმა გააცეცხლეს ელგუჯა, რომელიც მთლად ამართული გადმოდგა კლდეზედა.
- რაიც მშიშარა ვარ, ეგ შენც იცი, მაგრამ ღვთის მადლსა, გაგი, შენს სისხლში ნუ გაგვრევ, გზა დაგვანებე... ქალი გამამიტაცნია, რაც თემობის წყობილებაა, გადაგიხდი ურვათს და ჩამოგვეხსენ.
- ღმერთმა შენც შეგარცხვინა და თემიც!.. ეხლავ გამოდი აქა და ეგ უნამუსოც გამოიყვანე, თორემ სიცოცხლე მაქვს, შავი დღე დაგაყენო!
- გაგი, თემს ნუ ჰლანძღავ, არაა წესი... არც დედაკაცის ლანძღვა არის ვაჟკაცის საკადრისი, თორემ, ღვთის მადლმა, სისხლი ყელში მოვიდა.
ამ მუქარამ გაგი გააცეცხლა და გადაავიწყა წინანდელი თავისი მოსაზრება.
- ერთი უყურეთ მაგ ძაღლს, მაგასა-და? რა-რიგ ლაპარაკი დაიწყო!.. ახალეთ, ბიჭებო!
ამ სიტყვებთან ერთად ავარდა კვამლი და რამოდენიმე თოფის ხმა მოისმა. ტყვიებმა ხრიალი მოიღეს იმ ალაგას, სადაც ელგუჯა იდგა. ამან მოასწრო გადაფრენა ქვების უკან და დაიძახა:
- მაშ ეგრე, გაგი? რაკი არ დაგიშლია-და, ახლა ჩვენი ხლა ჰნახე... რაც აქ სისხლი დაიღვაროს, იქ საიქიოს შენმა სულმა ზღოს!
გავარდა სამი თოფი და გაგის ამალიდან სამი მსხვერპლი დაეცა დედამიწაზედ, რომელთაც სისხლი თქრიალით გასდიოდათ იარებიდგან...
გაიმართა თოფის სროლა, რომლის შედეგიც იყო გაგის მომხრეებიდგან კიდევ რამდენიმე კაცის სიკვდილი; ამათ საქმე ისე გაუჭირდათ, რომ თავის შესაფარს ადგილებს ძებნა დაუწყეს.
ეს ხალხი გაიფანტა და მიეფარ-მოეფარა აქა-იქ გაფანტულს ქვებსა და ხრამებს. თითონ გაგიმაც, რასაკვირველია, მოძებნა უშიშარი ადგილი და ლანძღვით და ქადნით მოელოდა დაბარებულს ჯარს. იმ იმედს არ ჰკარგავდა, რომ, რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელებულიყო ამგვარი მდგომარეობა, ბოლოს ელგუჯა მაინც ხელში უნდა ჩაჰვარდნოდა, რადგანაც გაგი ამ ადგილებს არ მოჰშორდებოდა და გორაზე მომწყვდეულებს ყოველის მხრით გამოსასვლელს გზას შეუკრავდა. სროლა მაინც არ სწყდებოდა, თუმცა ტყვიები უბრალოდ იკარგებოდა და თავის პირდაპირ დანიშნულებას ვეღარ ასრულებდა.
ამ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც გაგი მღელვარებით წამდაუწუმ ცას შეჰყურებდა და დაღვრემილი სახით წამოიძახებდა:
- რაი ღმერთი გაუწყრათ აქამდე, რაი მოუვიდათ? აგერ შუადღეც გადავიდა... მარტია სადღა დაიხაფრა?!
ამ მღელვარების მიზეზი ის იყო, რომ გაგიმ აშკარად დაინახა, რომ იგი ელგუჯას და იმის ამხანაგებს ვერც დაიჭერდა და ვერც დახოცავდა; ადგილის მდგომარეობამაც დაანახვა, რომ იმ მცირედის ხალხით, რომელიც გაგის ახლდა, ყველა მხარეს გზას ვერ შეუკრავდა მომწყვდეულებს, და იმათ ადვილად შეეძლო ღამე ყარაულებს გასხლტომოდნენ და სამუდამოდ ხელიდან წასვლოდნენ.
რამდენადაც გაგი აქ იტანჯებოდა, იმდენად გორაზედ მყოფთ ნუგეში ეძლეოდათ და იმედი ჰქონდათ, რომ ღამის სიბნელესთან ერთად იმათ გაეხსნებოდათ გზა და მშვიდობიანად გადარჩებოდნენ თავიანთ მოსისხლეებს.
- ახლა დასვენებაც შეგვიძლიან, ლომისის მადლმა ისინი ვეღარც კი გაჩუჩუნდებიან.
- არა მგონია, რომ გაგიმ ეგრე მოისვენოს... აბა რაი ენაღვლება თუ იმის საქმეზედ ცხვები გასწყდებიან? - უპასუხა ელგუჯამ.
- თითონ უკან იმალება და ცხვებს კი გვახოცინებს, - დაუმატა გიორგიმ.
- არა, შენი კვნესა-მე, არა, ეხლა ხალხი დამშვიდდა და გაგის აღარავინ დაუჯერებს. აი წეღან, სანამ ხალხი შეხურებული იყო - მანამ იყო საშიში, თორემ ეხლა ფიქრი აღარ გვინდა, - სთქვა ესა და დამშვიდებულმა, თითქოს თავის აზრის დასამტკიცებლად, გადმოიღო თოფი და დადო ნაბადზე.
საღამო მოახლოვდა, რომ ეს სამი მეგობარი ისევ ამ მუსაიფში იყვნენ; ელგუჯა ერთბაშად წყნარა ჩამოცურდა თავის ადგილიდამ, წყნარა აიღო თოფი ხელში და გორაზედ გადაუწვა.
- რაი დაინახე? - ჰკითხა ჩუმად გიორგიმ, თითქოს ეშინოდა, რომ იმის სიტყვებს არ დაეშალა.
- აბა, ა-იქ გაჰხედე-ღა, - უთხრა იმან და ხელი გაუშვირა სწორედ კლდის პირისაკენ.
გიორგიმ და მარტიამ მიიხედეს იქით და გაშტერებულნი დარჩნენ. ზედ კლდის პირზედ, სადაც მინდორი თავდებოდა, გაგი, რამდენიმე ცხენოსნით, ქვეშეთისკენ მიაჭენებდა.
- ეგ გაგი ძაღლი არაა, თქვენი ჭირიმეთ? სად ჯანაბაში მიდის? ელგუჯა ამ ლაპარაკის დროს ნიშანში იღებდა გაგის.
- აბა რაი ვიცი, სად მიდის? მაგრამ ღვთის მადლმა, სადაც გინდა მიდიოდეს, მშვიდობით-კი ვეღარ ჩავა.
ამ სიტყვებთან ერთად, გავარდა თოფი და თოფის ხმასთან ერთად გაგის ცხენი ყალყზედ შედგა, წატრიალდა კლდისაკენ, წაიტორტმანა და მხედართან ერთად გადავარდა კლდეზედ.
ეს ყველა ისე მოულოდნელად და საჩქაროდ მოხდა, რომ გაგის ამხანაგებმა შველა ვერ მოასწრეს, და როდესაც კლდეზედ გადაიხედეს, ხევში დაინახეს დაფლეთილ-დამახინჯებული კაცი და ცხენი.
გაგის მოსწყენოდა ჯარის და ნაჩალნიკის პასუხის ლოდინი და ეფიქრა თითონ წასულიყო იმათ სანახავად. მართალია, იმან იცოდა, რომ აქ ვეღარ მოასწრებდა ელგუჯას, მაგრამ, ამის სამაგიეროდ, ქვეით შეუკრავდა გზებს და იქ მაინც ჩაჰხოცავდა იძ ძაღლებს, რომელნიც ასე გაუძალიანდნენ და ამდენი ზარალი მისცეს. აი, ეს იყო მიზეზი, რომ გაგის ვხედავდით იმ კლდის ნაპირზედ, რომლიდგანაც ისეთი უბედური მგზავრობა მოუხდა.
გაგის ამხანაგები ჩამოხტნენ ცხენებიდგან, იჟღავჟღავეს, ილაპარაკეს და ბოლოს გადასწყვიტეს, რომ წავიდნენ და ამ უბედურებაზედ ნაჩალნიკს შეატყობინონ, რადგანაც გაგის ვეღარაფრით ვერ უშველიდნენ.
გაგის კლდეზედ გადავარდნა გორაზედ სიხარულით მიიღეს.
- ლომისამ გაუმარჯოს შენს მარჯვენას! - ქუდის მოხდით შესძახა მარტიამ.
- ჰე! - ნიშნის მოგებით წარმოსთქვა გიორგიმ, - ეგ ძაღლიც ჩაკვდა!
ელგუჯამ კი ჩამოიღო თოფი, გადიწერა პირჯვარი და დაღონებულის ხმით წარმოსთქვა:
- რაისთვის შემოგვაკლა თავი, რაისთვის? ღმერთს არ მოეტყუების, რომ ნების-ნებად ჩემს მოძმეზედ ხელს არ მივიტანდი...
- მოძმე კი არა, მოღალატეა! - წარბებშეჭმუხვნით დასძახა მარტიამ, - ძმებსაც უღალატა და თემობასაც!..
- ძაღლი იყო და ძაღლურად მოკვდა... ღმერთმა ტყვიაც აღარ აღირსა, ისე მურდლად მოჰკლა.
ამ დროს სრულებით შემოღამდა, და იმათი წასვლის დრო მოახლოვდა. ელგუჯამ გასწია მზაღოსაკენ, რომელიც უნდა მოემზადებინა და შეეტყობინა, რომ ერთი უპირველესი იმის მტერთაგანი აღარ არის ქვეყანაზედ და რომ ეხლა ვეღარავინ გაჰყრის იმათ.
მზაღო დილიდანვე ფერმიხდილი იჯდა დაჩვენებულს ალაგას, გულისხეთქით მოელოდა საქმის გათავებას. იმჟამად იმას ყოველისფერი დაჰვიწყებოდა და გაეტაცნა მარტო თავის მეგობარზედ მზრუნველობას. იმას ეშინოდა რომელიმე თავხედ ტყვიას მსხვერპლად არ წაეღო ერთ-ერთი იმათგანი, რომელნიც ისე ვაჟკაცურად იცავდნენ ამ ქალის სახელსა და თავისუფლებას. მზაღო მზად იყო გვერდს ჩამოსდგომოდა თავის მეგობრებს და იმათთან ერთად გაეყო ბედი და უბედურება, მაგრამ ის შეხედულება, რომელიც ჩერქეზებში მიეღო და რომელიც ქალს სრულს მონობას აჩვევს, ნებას არ აძლევდა ელგუჯას სიტყვას გადასულიყო; ამისათვისაც იჯდა დაჩვენებულს ადგილას, თუმცა ასე გაძლება სიკვდილზედ უფრო ძნელად მიაჩნდა. ქალი ლოცულობდა, ეხვეწებოდა ღმერთს და ყოველ სროლაზედ შემკრთალი, შეშინებული წარმოუთქმელის სატანჯველით გულში, გამოვიდოდა საფარიდგან და შეჰხედავდა თავის მეგობართ; როდესაც იმათ უვნებლებს და კარგად მყოფებს დაინახავდა, იმის სიხარულს ბოლო აღარ ჰქონდა. ისევ დაბრუნდებოდა თავის ადგილზედ, დაეცემოდა მუხლებზედ და მდუღარე ცრემლით ღმერთს მადლობასა სწირავდა.
ჩერქეზი ლოცულობდა, მადლობას ეუბნებოდა ღმერთს, მაგრამ საკვირველი ეს იყო, რომ იმის სათხოვარში არ გამოიხატებოდა სურვილი ერთის მხრიდგან ვისიმე სიკვდილისა და მეორის კი გადარჩენისა; ის ითხოვდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად გათავებულიყო, არავინ არ მომკვდარიყო და შეყვარებულის გულის მინიჭებულებით ყველასათვის სიხარულს, ბედნიერებას და მშვიდობას ისურვებდა.
ამ მდგომარეობაში იყო მზაღო, როდესაც ელგუჯა დაინახა, რომელიც იმასთან მიდიოდა. რაწამს ქალმა თვალი მოჰკრა, სიხარულით იმისაკენ გაექანა და მეტის მღელვარებისაგან გაწითლებული კისერზე ჩამოეკიდა.
- გათავდა, წავიდნენ?.. ბრძოლა ხომ აღარ გექნებათ?.. ოჰ, ღმერთო! გმადლობ, რომ მშვიდობიანად გადაგვარჩინე!
- მზაღო, ჩემო მზაღო! - მღელვარებით წარმოსთქვა ელგუჯამ, - ნუ გეშინიან.
- წავიდნენ, თავი დაგვანებეს?
- ჰო, ჰო!.. დაგვანებეს!
- მაშ წავიდეთ, წავიდეთ ჩვენც, რაღას ვუყურებთ?
- წავიდეთ, ჩემო გულო, წა!
ამ დროს მარტია და გიორგიც მოვიდნენ, ახსენეს ღმერთი და წყნარა ჩავიდნენ გორაკიდგან. დარწმუნებულნი, რომ იმათ არავინ ხედავდა, ისინი წყნარა სიფრთხილით მიიპარებოდნენ ბუჩქებს შუა, სადაც გაგის დანარჩენი კაცები ეგულებოდათ. ისინი მშვიდობიანად ჩავიდნენ ქვეშეთის დაღმართზედ და ეს ალაგებიც გაიარეს.
ქვეშეთის ცოტა ქვემოდან არის ერთი ეკლესია, რომელსაც "ნაღვარავი" ჰქვიან. ის ადგილი მაშინ ტყიანი იყო, და იქ ბევრმა განდეგილმა მთის კაცმა შეაფარა თავი და გადარჩა იმ დროის უსამართლო დევნისაგან.
ჩვენი მგზავრებიც იქ მოეშურებოდნენ, რადგანაც გათენებას მოეღწივა და მეტს გზას ვეღარ გაივლიდნენ ღამით, და დღე სიარული კი ჯერ კიდევ საშიში იყო. როდესაც მოგზაურები დალაგდნენ, გიორგიმ და მარტიამ თოფები აიღეს და წავიდნენ საყარაულოდ. ელგუჯა და მზაღო კი საყდრის გალავანში დარჩნენ. მთვარემ ამოყო წვერი და ნაზად მოჰფინა იქაურობა თავის სხივით.
- აქ ხომ აღარ მოვლენ? - ჰკითხა მზაღომ ელგუჯას.
- არა, არა... ნუ გეშინიან.
- მე კი ისე მგონია, რომ აქაც არ მოგვისვენებენ.
- არ მოგვისვენებენ და, რაც იქ წაიღეს, აქაც იმას წაიღებენ!
- ახ ღმერთო! რატომ არ ჩამოგვეხსნებიან, რა უნდათ ჩვენგან, რა?.. - მწუხარებით წარმოსთქვა ქალმა.
- ის უნდათ, ჩემო ყველავ, ისა, რომ შენ მეტისმეტად ლამაზი ხარ! - გატაცებით უთხრა ელგუჯამ და მიიკრა გულზედ.
- მაგრამ, ღვთის მადლმა, - გააგრძელა მან, - მთელი ქვეყანა მტრად რომ გადამეკიდოს, მაშინაც არავის დავუთმობ შენ თავს.
მზაღომ ამ სიტყვებზედ დაღუნა თავი. მთლად აენთო სიხარულის ცეცხლით და თუმცა ტუჩები მთრთოლვარეთ უცახცახებდნენ, სიტყვა კი ვეღარ წარმოეთქვათ. და ან რა უნდა ეთქვათ იმისთანა დროს?.. ეს იყო იმისთანა წამები, როდესაც კაცს მარტო გრძნობა შეუძლიან და მარტო ერთი შეხედვა, ერთი ამოქშენა მთელი წლის საუბარზედ მეტს გამოსთქვამს, მეტს აგრძნობინებს.
ისინიც ჰგრძნობდნენ სრულს ბედნიერებას, რაღაცა უმაღლეს სიხარულს და უანგარიშოდ ეძლეოდნენ ამ მღელვარების მონებას. ელგუჯას თავი წყნარ-წყნარად მოეხარა, დაუახლოვდა ქალის აღგზნებულ პირისახეს, რომელიც რაღაც სასიამოვნოდ უღიტინებდა და რაღაც გამოურკვეველს მდგომარეობაში შეჰყავდა. ერთი წამი კიდევ და მოულოდნელად, მოუფიქრებლად იმათი ტუჩები შეუერთდნენ ერთმანეთს და ორივ თავდავიწყებამ სრულიად დაიმონავა...
ამ ნეტარებაში იყვნენ, როდესაც თოფი გავარდა და შეყვარებულები გამოიყვანა ამ მდგომარეობიდგან. ამ თოფის ხმაზედ გავარდა კიდევ რამდენიმე თოფი და მოისმა ყვირილის ხმა იმ მხარეს, სადაც მარტია და გიორგი ყარაულად იდგნენ. ელგუჯა გაიჭრა იქითკენ და თვალწინ წარმოუდგა შემაძრწუნებელი სურათი, რომელიც არ მიემსგავსებოდა ამ რამდენიმე წამის წინ ნაგრძნობს. მარტიას და გიორგის გარს შემოხვევოდნენ სალდათები, რომელთაც მამაცად იგერიებდნენ ეს ორი, მეგობრობისათვის თავგადადებული კაცი.
რამდენიმე კაცს, რომლებიც დარჩენილიყვნენ გაგის ამალიდგან, გორაკის მახლობლად, ელგუჯას და იმის ამხანაგების სათვალიერებლად, დაენახათ გაპარულები, მიჰყოლოდნენ ჩუმად უკან და გაქცეულების ბინა შეენიშნათ; ამაზედ შეეტყობინებინათ ნაჩალნიკისათვის, რომელსაც მკაცრი განკარგულება მოეხდინა და წაეყვანა მთელი როტა. აი ეს სალდათები გახლდნენ, რომლებიც მარტიას და გიორგის ბუზებსავით გარს ეხვეოდნენ.
ელგუჯა ხმალამოწვდილი გადახტა და გაქანდა თავის ამხანაგებისაკენ; წინ რუსი გადაუდგა და მიუშვირა შუბი. ელგუჯამ შუბს ხელი გაავლო, აიცდინა და ისე მარდად და ძალზედ წამოუსვა ხმალი კისერში, რომ ამ უბედურის ტანი და თავი ცალ-ცალკე გაგორდა, რამდენიმე გაბრძოლების შემდეგ, ელგუჯა შეუერთდა თავის ამხანაგებს, თუმცა ამ შეერთებამ ბევრი აღარა უშველა-რა. იმ ადგილას, სადაც ისინი იდგნენ, ხალხი ერთბაშად შეჯგუფდა და ბურთსავით შეიკრა იქ, სადაც გამოურკვეველი მოძრაობა იყო. როდესაც ხალხი გაიშალა, დედამიწაზედ რამდენიმე დამახინჯებული და დაჩეხილი მსხვერპლი გამოჩნდა. მათ შორის იცნობდით ელგუჯას და იმის ორ ამხანაგსაც, უწყალოდ შუბებით დაცხავებულთა... ელგუჯა პირდაღებული ეგდო და მკერდიდგან რამდენიმე ალაგას თქრიალით სისხლი გადმოსდიოდა. ერთი სალდათი მივიდა და კიდევ რამდენჯერმე ჩასცა შუბი...
რაღა თქმა უნდა, რომ მზაღოს დაიჭერდნენ.
მზაღო, დიდი დამნაშავესავით სიფრთხილით მიჰყავდათ სალდათებს, რომელნიც შემთხვევას არ უშვებდნენ ისე, რომ უზრდელად არ დაეცინათ იმის მდგომარეობისათვის და არ გამოეჩინათ თავიანთი შეუბრალებლობა.
ქალი მისდევდა გამარჯვებულებს პირმოკუმული და გაფითრებულის სახით, იმის მიმზიდველი, ჟუჟუნა თვალები მეტის მწუხარების ცეცხლით გამშრალიყვნენ და გარეგნულად გამოიხედებოდნენ. ქალმა ჯერ არ იცოდა, თუ სადამდის მიეღწია დღევანდელს უბედურებას...
აი, იმ ადგილსაც მიაღწიეს, სადაც ძალა და სიმართლე ერთმანეთს შებმოდნენ და ამ ბრძოლის მსხვერპლნი, ზოგი გულაღმა, ზოგიც პირქვე, შესაზარად დამახინჯებულნი, ეყარნენ; ზოგი მათგანი, ახლად აშლილის წვერ-ულვაშით, თითქოს გაღიმებულის პირისახით, დასცინოდნენ ხალხის ამდენს უსამართლობას და ველურ ქცევას. ზოგს ვაჟკაცურის მკერდიდგან ჩამოეწყვიტათ საკინძი და თითქოს განგებ, გამოეჩინათ ვაჟკაცური ჭრილობა.
ელგუჯაც, რომელსაც ჯერ კიდევ ხელი არ მოეშორებინა ხმლისათვის თითქოს ხელახლად საბრძოლველად იწვევდა თავის მტრებს, განაპირებით ეგდო. მზაღომ შეჰკრა იმათ თვალი და წაიბარბაცა, მაგრამ ისევ ჩქარა შეიმაგრა თავი და შესდგა. ფერი ეცვალა, მუხლები აუკანკალდა და წნორის ფურცელსავით თრთოლა დაიწყო...
- გაიარე, გაიარე! - მკაცრად უბრძანა ერთმა სალდათთაგანმა და, როდესაც ნახა, რომ იმისი ბრძანება აუსრულებელი რჩებოდა, უფრო მკაცრის და მბრძანებლის ხმით გააგრძელა:
- შენ არ გესმის? გასწი-მეთქი!.. - და ამ სიტყვებთან ერთად ისე ძალზედ წაჰკრა თოფის კონდახი, რომ ქალი წატორტმანდა და, თუ მეორე რუსს არ დაეჭირა, ღორღებში გადავარდებოდა.
მზაღო შეჰკრთა მეტის ტკივილისაგან და გამწარებულმა ისეთის თვალით შეჰხედა ასე ერთგულად სამსახურის აღმასრულებელს, თითქოს იქვე გაქრობას უპირებდა.
- თვალებს რას აჭყეტ? გასწი, გასწი! - კიდევ უთხრა იმან, გაავლო ხელი და რამდენიმე ნაბიჯი ძალით გადაადგმევინა. ამ დროს ქალი ერთბაშად გაუსხლტა ხელიდგან თავის ძალდამტანებელს და წარმოუთქმელის მწუხარე ღრიალით გაქანდა ელგუჯასაკენ, რომლისათვისაც უკანასკნელი მშვიდობა უნდოდა ეთქვა, მაგრამ იქამდის ვეღარ მიაღწია. ძალამ უღალატა და ღონემიხდილი იქვე დაეცა.
სალდათები მისცვივდნენ, ასწიეს ისე გულშემოყრილი და იქვე მომავალს მთიულის ურემს შეუგდეს, რომელსაც უნდა ბატონ ნაჩალნიკთან წაეღო.
იმათ, გახარებულთ „საისტორიო გამარჯვებით“ გასწიეს სიმღერით ქვეშეთისაკენ და მკვდრების დასამარხად კი რამდენიმე მთიული დააგდეს; იმათ მხოლოდ სალდათების დამარხვა ჰქონდათ ნაბრძანები და იმ „ბუნტი კაცებისა“კი - ისე დაყრა, რათა გამვლელ-გამომვლელს ენახა, თუ რა-გვარს სასჯელს მიაღწევს ამგვარი მოუსვენარი ხალხი.
როდესაც სალდათები დაასაფლავეს, ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, მაგრამ რაწამს ფეხის ხმა მიწყნარდა, ტყიდგან გამოვიდა ერთი მოხუცებული, ჭაღარა შერთული კაცი და რამდენიმე ყმაწვილი შეიარაღებული მთიული. მოხუცებული მივარდა მარტიას და დაუწყო შინჯვა.
- მომკვდარა, მოუკლავთ ძაღლებს! - წარბებშეჭმუხვნით წარმოსთქვა იმან.
- სხვებიცა ნახე, შენი კვნესა-მე, ბერდიავ, სხვებიცა! თუ დაუხოცავთ, დავმარხოთ, ასე ნუ დავყრით, ნადირი გააფუჭებს, ქრისტიანები არიან.
ბერდიამ გაშინჯა გიორგიც, რომელზედაც იმედგარდაწყვეტილმა ხელი ჩაიქნია და გადავიდა ელგუჯასაკენ. ამ უკანასკნელს დაუწყო კარგა ხანს შინჯვა, რამდენჯერმე გაუჩხრიკა ჭრილობანი და კარგა ხანს აკვირდებოდა იმის პირისახეს.
- ა, ბედშავ ვაჟაო!.. სულ არ დაუხვრეტიათ!.. ამისათვის ყოფილა დედის ძუძუ ალალი!..
- ცოცხალია, ცოცხალი? - გულისძგერით ჰკითხეს ყმაწვილმა მთიელებმა, რომელნიც თავს დასდგომოდნენ ელგუჯას და მოწიწებით უყურებდნენ იმის ვაჟკაცობის ბეჭედს-გულში ჭრილობას.
- უფალმა უწყის! ჯერ კი სუნთქავს-და...
- ბერდიავ, ბერდიავ! ეგებ მოარჩინო ეგ ვაჟი, ლომისის მადლსა.
- უფალმა უწყის! - წარმოსთქვა იმან მოკლედ და ისევ მიუდგა იარების შინჯვას და ჩხრეკას. - არც ერთი ჭრილობა სასიკვდილო არაა!
- მაშ იმედი გაქვს?
- უფალმა უწყის! ღვთისა და ნაღვარევის ბრძანებას წინ ვინ წაუდგება!.. წადით, მათარებით წყალი მოიტანეთ, ცდა ჩემი იქნების, და ბრძანება კი უფლის აღსრულდების.
რამდენიმე მთიული გაიქცა იქვე წყაროსთან და მათარებით მოარბენინეს წყალი. სხვებმა მოუთხარეს საფლავი მარტიას და გიორგის, რომელთაც ერთად უპირობდნენ დასაფლავებას.
ბერდიამ მოჰბანა ელგუჯას იარები, ჩხირით გაშინჯა სიღრმავე, მიმართულება, ამოიღო დაძენძილი კანაფი ჩანთიდგან, გასრისა მარილიანს ერბოში და გაუკეთა სანახავები, შემდეგ მოაყარა რაღაცა დანაყილი ბალახი და შეუკრა ჭრილობები. კრიჭაშეკრული პირი გაუხსნა ხანჯლით და პირში რამდენიმე წვეთი რაღაცა წამლისა ჩაასხა.
როდესაც ყველა ეს გაათავა, წყნარად დაიბანა ხელები და დამშვიდებულმა წარმოსთქვა:
- ნაბადი მოიტანეთ და ქიმბარიანთ კარს წაიღეთ, იქ ნინიაისას მიიტანეთ, ის საიმედოა - თავის სახლში დააწვენს.
- კარგი, შენი კვნესა-მე, კარგი, თვალის დახამხამებაზედ ავიყვანთ! - წარმოსთქვა ერთმა და გაშალა თავისი თეთრი ნაბადი, რომელიც გვერდზედ კოხტად ჰქონდა მოგდებული. იმას მიეშველნენ რამდენიმე სხვა მთიულებიც, დაასვენეს ელგუჯა ნაბადზედ და ისე წაიღეს. სხვები კი, ბერდიას თაოსნობით, შეუდგნენ მარტიას და გიორგის დამარხვას.
როდესაც დახოცილები სამარეში ჩაასვენეს, ბერდიამ, როგორც უფროსმა, საჭიროდ დაინახა გამოსასალმებელი სიტყვის წარმოთქმა; ის აქებდა მიცვალებულთა გულადობას და ვაჟკაცურად სიკვდილს; ჰპირდებოდა, რომ ამგვარად სიკვდილისათვის გახარებულნი დაუხვდებოდნენ საიქიოს იმათნი წინაპარნი და სიამოვნებით მიიღებდნენ მათ უკუნითი უკუნისამდე დაუვიწყარს მოქმედებას. ბოლო სიტყვები შემდეგით გაათავა:
- ლომისის მადლმა, თითონ თამარ-პირიმზე მიგიძღვებათ მეუფესთან!. თავად უამბობს თქვენს ვაჟკაცობას და თავის გვერდს შკამს დაგიდგამთ... ვაი ამათ, რომ ადრე დაიხოცენით და თქვენი მარჯვენა ვეღარ გააცივებს მტრის გულს!.. გმარხავთ იმისთვის, რომ ნადირს არ გაეფუჭებინა თქვენი პირისახე, მაგრამ, ღვთის მადლმა, უწინ ყორნები ამოგჭამდნენ თვალებსა - თქვენისთანა ვაჟკაცებს აბა ყორნის მეტი რაი მიუდგებოდა? თქვენ ცხონება, დამრჩოთ - დანახვა და გაგონება! სისხლს სისხლი გასწმენდს, ვაჟკაცს გულადობა, მტრისგან უშიშრობა! სცხონდით, სცხონდით, სცხონდით!.. - მერმე შეიჭმუხნა წარბები, აიღო სამჯერ მიწა და მიაყარა:
- მიწა ხართ და მიწად იქეცით!.. ყოველ მიწის მიყრაზედ წარმოსთქვამდა ის.
ამ სიტყვების შემდეგ ჩუმად და წყნარად მიეხვივნენ იქ მყოფი მთიულები და საჩქაროდ ამოავსეს სამარე მიწით და დაღვრემილები, შეჭმუხვნილის სახით, შეუდგნენ მთებს, რომ პირველსავე შემთხვევაში იგენიც ასე ვაჟკაცურად და სასახელოდ დახოცილიყვნენ...
ამ ხანში მზაღო მიიყვანეს ქვეშეთში, სადაც იდგა ნაჩალნიკი და კიდევ რამდენიმე ჯარის უფროსები. ჩერქეზის ქალი ხევშიაც კი ეუცხოვებოდათ და, წარმოიდგინეთ, აქ, მთის აქეთ, სადაც მმართველებად სხვა ქვეყნის ხალხი იყო, რა მოქმედება უნდა ჰქონოდა?
ყველა, დიდი თუ პატარა, გარბოდა მზაღოს სანახავად, რომელიც ერთი-ორად საინტერესო ხდებოდა იმისთანა შემთხვევის შემდეგ, როგორიც იმისი გატაცება და იმისთვის ამდენი სისხლის ღვრა.
წარმოიდგინეთ ქალის მდგომარეობა, რომელსაც გული სევდითა და ვარმით გავსებოდა, ითხოვდა სრულს მარტოობას, რათა თავისუფლად შესძლებოდა გულის „ამობოხრა“.
იმან ნახა თავისი გულითადი მეგობრები, თავისი სანატრელი ელგუჯა ისე დამახინჯებული, დაჩეხილები, - ვინ იცის, იქმნება ცოცხლებიც იყვნენ და ისე უპატრონოდ, მოუვლელად, უნუგეშოდ დაყრილები ცხარე მზეში, - და ამას არამც თუ იმათზედ მზრუნველობის ნებას აძლევდნენ, არამედ იმდენადაც კი არ უსვენებდნენ, რომ მარტოობაში თავისი ტანჯვა ცრემლებით შეემსუბუქებინა.
ყველას უნდოდა იმისი ნახვა, იმისი გაშინჯვა; ყველა ცდილობდა კარგად გაეშინჯათ იმისი სახე, იმისი თვალები, წარბები და ამისათვის დაურიდებლად გარს ეხვეოდნენ: პირდაპირ შესცქეროდნენ პირისახეში და ღიმილით ოხუნჯობდნენ იმის შესახებ, და ეს ოხუნჯობა არ იყო მოკლებული გარყვნილს, ცინიკურს აზრებს.
- რა ლამაზი ყოფილა! ეშმაკმა წაიღოს მაგისი თავი! - წარმოსთქვა ერთმა აფიცერთაგანმა.
- ლამაზი და მერე როგორი ლამაზი! - გაზმორებით უპასუხა მეორემ.
- ახლა ეგ რომ რუსეთში მყოლოდა... ლაზათიანს მარხილში შებმული ზარებით და ეჟვნებით ცხენები და სტრელნაში! - წარმოიდგინა კიდევ ერთმა.
- აბა, იქ იქნებოდა ამბავი, აი?
- ტუჩებს უყურეთ, ტუჩებს, მარჯანს არ მიუგავს! ტუჩები რა, ერთი თვალებს შეჰხედეთ, თვალებს!
- ქალი კი არა ცეცხლია, ცეცხლი!
ისე ჰშინჯავდა და ლაპარაკობდა ეს ხალხი, თითქოს ჩერქეზის ცხენი ჩაეგდო ხელში და იმის ასოების ღირსება-ნაკლულოვანებას შეეხებოდა საქმე. ნაჩალნიკიც მობრძანდა თავის ამალით. ის ყოველის ღონისძიებით ცდილობდა იქ მყოფების ყურადღება მიექცია თავის ღირსებისათვის. ამან, ზურგზედ ხელებდაწყობილმა, აუარ-ჩამოუარა ქალსა, რამდენჯერმე ნიკაპზედ ხელი მოჰკიდა და ძალად მიაღებინა თავისკენ თავი. შემდეგ გააცმაცუნა მსუნაგ ძაღლსავით პირი, მოილოკა ტუჩები და განკარგულება მოახდინა, რომ სატუსაღოში შეეგდოთ და ფრთხილად მოჰქცევოდნენ. თითონ კი დაბრუნდა შინ და სადილად მიიპატიჟა აფიცრები, რომელთ წინაშეც, - „დღევანდელი გამარჯვების შემდეგ“, - ღვინო კოკებრივ ისხმოდა.
ასე ქეიფით გაატარეს საღამომდის აფიცრებმა, ღვინოზედ თავისუფლად მიშვებულებმა, ზედი-ზედ გადაჰკრეს აზარფეშები, თითქოს ეშინოდათ ასე მშვენივრად დროს გასატარებელი ხანი არ დაჰკარგოდათ; მითვრენ და იქვე თავმოჭრილებსავით მიეყარნენ.
თავს ინახავდა მარტო ნაჩალნიკი, ეს იყო მიზეზი, რომ სუფრიდგან მარტო ის ადგა მხოლოდ შეზარხოშებული. ამ დაპატიჟებით ხალხის მმართველს ჰსურდა, როგორც იქმნებოდა თავიდგან მოეშორებინა სხვები, რომელთაც შეეძლოთ იმისი სურვილის დაშლა და ეს სურვილი კი იყო - უეჭველად და რაც უნდა მოსვლოდა - მზაღოს პატრონად გახდომა. ის ფიქრობდა იმ წამაცდენს სიამოვნებაზედ, რომელიც ამ ქალს უნდა მოეტანა იმისთვის; ჰხატავდა თავის აზროვნობაში სხვადასხვა სურათებს, რომელთა მოქმედებაც ადნობდა და სიამოვნების სისუსტეში შეჰყვანდა.
მოვიდა ის დროც, როდესაც წარმოიდგინა, რომ თავის სურვილის აღსრულებაში მოყვანა შეიძლებოდა, და ამისათვის დაიბარა თავის ერთგული კაცი, გაგზავნა ქალთან და მოაყვანინა, ვითომც ჩვენების ჩამოსართმევად.
წარბებშეჭმუხვნილმა ნაჩალნიკმა შეიყვანა ქალი თავის ოთახში, მაგრამ რაწამს კარები შეიკეტა, ერთბაშად მკაცრ მბრძანებლიდან გარყვნილ არშიყად გადაიქცა.
- შენ ძალიან უნდა გიხაროდეს, ჩემო კარგო, რომ მე მომეწონე! - უთხრა იმან და მოჰხვია ხელი.
ქალი ვერ მიმხვდარიყო, თუ რასა ჰნიშნავდა იმისი საუბარი, მაგრამ როდესაც გაიგო, ერთბაშად გაუხტა ხელიდან და სწვდა ხანჯალს, რომელიც იქვე სტოლზედ ეგდო.
- შესდექ, თუ წერას არ აუგდიხარ! - შესძახა მრისხანედ ქალმა და მომზადებული დადგა კედელთან.
ნაჩალნიკი მზაღოს ისეთ გარყვნილ ქალად უყურებდა, რომელმაც ვიღაცა მოხევეებთანაც კი იკისრა გაქცევა, და ამისათვის დარწმუნებული იყო, რომ პირველშივე იმის სურვილის გამოცხადებას დიდ ბედნიერებად ჩასთვლიდა. ამისათვისაც გაბედა ამ კაცმა პირდაპირ, დაურიდებლად თავისი არშიყობა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყო, როდესაც ქალისაგან ამისთანა წინააღმდეგობა დაინახა! ნაჩალნიკი, რამდენსამე ხანს გაჩერებით შეჰყურებდა გაცეცხლებულს ქალს, რომელსაც თვალები ცეცხლსავით ანთებოდა და მომზადებულიყო ყოველგვარ ბრძოლისათვის თავის ნამუსის დასაცველად. პირველი გაშტერების შემდეგ ნაჩალნიკმა გაიღიმა, რადგანაც აზრში გაურბინა, რომ „ქალები ყოველთვისინ თავს ძალად ინაზებენ - და მზაღოც ქალი არისო“.
- ნეტავ იცოდე, რა-რიგად გიხდება ეგ ჯავრობა!.. - უთხრა ნაჩალნიკმა, - სწორედ დასახატი ხარ!.. კარგია, გეყოფა ხუმრობა!.. - ამ სიტყვებთან ერთად ხელის მოკიდება მოისურვა. ქალმა ისეთი ხმით შეჰყვირა და მოუქნია ხანჯალი ამ კაცს, რომ იმან საჭიროდ დაინახა უკან დახევა.
ყველა პატიოსანი კაცი, ამგვარ შემთხვევის შემდეგ, თუნდ ის მართლა სიყვარულითაც ყოფილიყო გატაცებული, თავს დაანებებდა ნამუსის დამცველ ქალს, მაგრამ ამ „პატივსაცემ“ პირს კი ვერ შეაყენებდა ეს საბუთები: იმას თავმოყვარეობა ნებას არ აძლევდა თავი დაენებებინა მზაღოსათვის და, ოღონდაც თავის საწადელისათვის კი მიეღწივა-და, ის რას დასდევდა ქალისაგან თვალების ბრიალს.
წინააღმდეგობის შემდეგ, მზაღო იმისთვის ერთი-ორად უფრო მიმზიდველი შეიქმნა. მაგრამ როგორ უნდა მიეღწივა თავის სურვილისათვის? იმან ყველაზედ უკეთესად დაინახა თავის მოკატუნება და მოტყუებით მოქმედება, რადგანაც ნებაყოფლობით და ძალით არა გამოდიოდა-რა.
- მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მაგდენს დანაშაულებასთან გარყვნილი მაინც არა ყოფილხარ.
- კარგი, შენ დაისჯები, როგორც ხელმწიფე-იმპერატორის მოღალატე. შენ და შენმა მეგობრებმა მოჰკალით ერთგული აფიცრები... სხვები ძაღლებივით დავხოცეთ და შენც სიკვდილით დაისჯები.
- ელგუჯას შემდეგ მეც მოვკვდე-რა!..
- შენ გაწვალებენ, გტანჯავენ, ჩამოგახრჩობენ...
- გიაურებმა წვალების მეტი რა იციან?.. თქვენ იმდენი ვაჟკაცობა ვინ მოგცათ, რომ კაცი პირდაპირ მოჰკლათ?.. თქვენ გულადები მაშინა ხართ, როცა ერთზედ ათი მისდიხართ! დეე სხვებს შეეშინდეთ მაგისი, მე არ მეშინიან!
ამ ლაპარაკის დროს ნაჩალნიკი თანდათან უახლოვდებოდა მზაღოს და როდესაც ეს უკანასკნელი ლაპარაკით გატაცებული იყო, ნაჩალნიკმა გადასდგა უკანასკნელი ნაბიჯი, მისწვდა იმას ხანჯლიანს ხელში და მაგრა დაუჭირა მაჯა.
- აა! - სიხარულით შესძახა იმან: - ახლაც წამიხვალ?
ქალმა ტკივილისაგან და ჯავრისაგან შეჰყვირა და უნდოდა განეთავისუფლებინა შეტაცებული ხელი, მაგრამ ნაჩალნიკს ისე მაგრა მოეჭირა მაჯაზედ, რომ ძვლებს ჭახჭახი გაჰქონდა და თითები ხორცში ჩასხდომოდა.
- ტყუილად-ღა იბრძვი, ჩემო ჩერქეზო, ტყუილად, შენი ნაზი ხელები ვეღარ დამსხლტება!
ქალი იბრძოდა და ღმერთს იწოდებდა მოწმად ამგვარ უპატიოსნო ძალდატანებისათვის, მაგრამ უპატრონოს თვით ღმერთიც განზედ უდგება და ხალხიც. იმას თანდათან აკლდებოდა ძალა. მკლავის ძარღვები უსუსტებოდა და მწუხარებით ხედავდა, რომ ჩქარა ბრძოლას ვეღარ შესძლებდა. ბოლოს მკლავი სრულებით დაუბუჟდა, თითები უნებლივ გაეშალა და ხანჯალი თავისთავად წკრიალით დაეცა ფეხებთან. აქ ქალმა დაუწყო მუდარა, ხვეწნა აფიცებდა, რაც კი საფიცარი ჰყავდა. აბრალებდა თავის თავს, - მაგრამ რა საქმე ჰქონდა თავმოყვარეობისაგან გაზვიადებულს ნაჩალნიკს ან ხვეწნასთან, ან თხოვნასთან, ოღონდაც თავის მიზნისათვის მიეღწია. ის მოელოდა წუთის, თუმცა უპატიოსნოს, მაგრამ მაინც სიამოვნებას, და ეს საკმარი იყო, რომ ის დაყრუებულიყო რომელიმე კაცობრიული სიტყვის ჩაგონებისათვის.
მკლავებიდგან გადავიდა ტანზე და მაგრა მოხვია ხელები; ბრძოლა შეიქმნა უფრო მწარე, გაშმაგებული. ქალს ამ დროს თითქოს ღონე ემატებოდა გაუპატიურების შიშით, და კაცს კი - თავისი უპატიოსნო სურვილის აღსრულების დაახლოვებით.
ასე იბრძოდნენ ორნივ, მაგრამ მზაღოს ჩქარა დაეტყო, რომ თანდათან ღონე აკლდებოდა და აშკარად კაცი სძალავდა. კიდევ რამდენიმე წუთი და დასუსტებული, ძლივსღა მსუნთქავი მეტის მღელვარებით, დაღალული ქალი აიყვანა ნაჩალნიკმა, მიიკრა გულზედ და გამხეცებულმა დაუწყო ლოშნა. ბოლოს მიიტანა ქალი იქვე მდგომ ტახტთან, რომელზედაც დასვა. აქ კიდევ რამდენჯერმე გაიბრძოლა მზაღომ, მაგრამ ჩქარა ღონემიხდილი და თითქმის გულშემოყრილი გადაესვენა ტახტზედ.
სალდათებმა, რომელთაც ჩაიბარეს მზაღო, საჭიროდ დაინახეს მასხარად აგდება მისი უბედურებისა. თავისუფალის ღიმილით ელაზღანდარავებოდნენ იმას და ისეც მოწამლულს, დაშხამულს გულში, კიდევ საწამლავს ასხამდნენ.
- რა ჰქენ, გოგო, ნაჩალნიკმა, ჩამოგართვა ჩვენება? - ეუბნებოდა ერთი.
- კარგად გამოიძია, კარგად?.. - დასცინოდა მეორე.
ქალი წითლდებოდა, თრთოდა და აღარ იცოდა, რა ექნა, ან სად დაემალა თავი. ის იწოდა სირცხვილისაგან, სანატრელი ჰქონდა ამ ჟამად, - მიწა გახეთქილიყო და თან ჩაეტანა, თუმც კი სიკვდილისაც ისე ეშინოდა, როგორც თითონ სიცოცხლისა, რადგანაც, იმისი ფიქრით, საიქიოს უეჭველად ელგუჯას უნდა შეჰყროდა და რაღა თვალით უნდა შეეხედნა იმისთვის? მართალია, დამნაშავე არ იყო, მაგრამ ხანჯალი ხომ ხელში ჰქონდა: თავის ძალის დამტანებელი ვერ მოჰკლა, თავის თავი როგორ-ღა დაირჩინა ცოცხალი?! მაშ ელგუჯა დაჰკარგა? დაჰკარგა სამუდამოდ! ის ვეღარ გაჰბედამდა საიქიოს იმასთან შეყრას. ასე ფიქრობდა მზაღო და ამისთვისაც იმის სატანჯველი ერთიორად უმეტესი იყო სანამ იმ ხალხისა, რომელიც საიქიოსაგან რომელიმე მოსვენებას მაინც მოელის. სხვას, სიკვდილს შემდეგ, სიხარულის იმედი მაინცა ჰქონდა და ამას კი სიკვდილისაც ეშინოდა; სხვას საიქიოს სატრფოს ნახვის სიამოვნების იმედი ჰქონდა და ეს კი საიქიოსაც ისეთს სატანჯველს მოელოდა, როგორც სააქაოს. ბოლოს მიაღწივეს საპყრობილეს, რომელშიაც შეაგდეს, და უფროსმა მცველმა საჭიროდ დაინახა კიდევ რაოდენიმე საწამლავისა ჩასხმა ამ ქალის გულში, თითქოს საკმარისი არ იყო ის ცეცხლი, რომელიც უწყალოდ სდაგავდა იმას.
- აქა ბრძანდებოდეთ, ქალბატონო, სანამ ნაჩალნიკი კიდევ დაგიბარებს ჩვენების ჩამოსართმევად, - უთხრა მცველმა ღიმილით.
ამ სიტყვებზედ სხვა აქ მყოფ რუსებმა გაიხარხარეს და იქ მყოფი მთიულები კი დააფიქრა, შეაჭმუხვნინა წარბები და ერთმანეთში ჩურჩული დააწყებინა.
- ლომისის მადლმა, ესეთიც არა გვინახია-რა!.. - წარმოსთქვა ერთმა, - რა ამბები ხდება, გაბრიელავ? გინახავს როდისმე დიაცის ეგრე გაუპატიურება?
- არა, არა, შენი კვნესა-მე, არც მინახამს და არც გამიგონია!..ორი მოსისხლე ხმალ-ამოღებული ერთმანეთზედ რომ მისულიყო, დიაცი თავშალს გაუშლიდა შუაში და მაშინვე გაშველდებოდნენ ერთმანეთს, ესენი კი... - აღარ გაათავა სიტყვები და ჩაიქნია ხელი.
- აბა, ქალის გატაცებაც ბევრჯერ მომხდარა, ძალადობაცა, მაგრამ, ვისაც გაუტაცნია, ცოლადა სდომებია, თორემ ამისთანა საქმეს ვინ იზამდა? მაგისთანა საქმის ჩამდენს, პირიმზის მადლმა, მტერი თუ მოკეთე, ყველა მტრად გადაეკიდებოდა.
- ესენი კი დასცინიან - გაკვირვებით სთქვა კიდევ ერთმა.
ამ ლაპარაკში იყვნენ სატუსაღოს კარებთან მოგროვილი მთიულები, როდესაც იასაული მივიდა და დასძახა:
- რას უდგეხართ აქა? წამოდით, ბეგარა მოვიდა!
- ჩვენ შეშა ეხლა არ მოვუტანეთ? ღმერთი აღარა გყავსთ?
- გამოიარეთ, გამოიარეთ, ნუ ლაპარაკობთ, თორემ ეხლავ ყაზახები მოვლენ და სულ მათრახით ტყავს გაგაძრობენ!
- რაზედ გაგვაძრობენ, რას გვემართლებიან?..
- მაშ ხელმწიფეს სამსახური არ უნდა? - ამაყად დაიძახა ნაცვალმა, თითქოს მართლა ხელმწიფის სამსახური უსამართლობაში იყოს.
ცოტა ლაპარაკის შემდეგ, მართლა მოვიდნენ ყაზახები და წაუშინეს მათრახებით ხალხს, რომელიც გაიშალა და წავიდნენ ურმების შესაბმელად.
- ურჯულოები ყოფილან, ლომისის მადლმა, ურჯულოები, ხარებს ჩლიქები წასცვივდა ამდენის მუშაობითა და მაგათგან კი შებრალება აღარ იქმნა...
- „ჩავცვივდით საგონებელში, როგორც კამბეჩი მორევში“ - პასუხის მაგიერ მწუხარებით შეჰმღერა ერთმა მთიულმა, გაუკრა აპეური ხარს და გადაჰკრა სახრე, თითქო იმაზედ უნდოდა ყველა ჯავრის ამოყრა...
ამ ხანში ნაჩალნიკი გამობრძანებულიყო ბალკონზედ და საქართველოში ახლადშემოღებულ სასმელს (ჩაის) მიირთმევდა. იმისი პირისახე რაღაც სულელურს, თავმოყვარე სიამოვნებას გამოსთქვამდა. რამდენიმე მთიული შორიახლო მინდორზედ იდგა და ბატონს ელოდა (მაშინ ნაჩალნიკს ასე ეძახდნენ), რომელსაც მოწყალება უნდა მოეღო და მოესმინა იმათი საჩივარი. ნაჩალნიკი დიდი ხანია რაცა ხედავდა იმათ, მაგრამ, ვითომც მეტის ამაღლებისათვის ხალხის თვალში, მეტს აცდევინებდა. ბოლოს მოიღო მოწყალება და ჰკითხა:
- ვინა ხართ თქვენა?
- ჩვენ ბედუაანთ-კარელები გახლავართ, შენი კვნესა-მე! - ქუდის მოხდით უპასუხეს იმათ.
- რა გინდათ?
- ყაზახები ჩაგვიყენეს, შენი კვნესა-მე, და იმათ გაგვატყავეს... ერბო აღარ შეგვარჩინეს და ყველი, ქათამი და კვერცხი.
- მაშ ყაზახებზედა ჰბედავთ ჩივილს? ყაზახებო! - დაიძახა იმან და ამ სიტყვებზედ გამოცვივდნენ ყაზახები იქავე საყაზახოდგან.
- მათრახები ამათ, მათრახები!
ბრძანების აღმასრულებლებმაც დაუარეს სამართლის მძებნელ მთიულებს და ჩქარა გაფანტ-გამოფანტეს.
ნაჩალნიკი სიამოვნებით უყურებდა ამ სურათს, მაგრამ ეს სიამოვნება ჩქარა ჩაეშალა, რადგანაც მინდორზედ ერთი ვიღაც აფიცერი რამდენიმე ყაზახით გამოჩნდა.
ის ჩამოხტა ცხენიდგან, მოვიდა ნაჩალნიკთან და გადასცა რაღაც პაკეტი. ნაჩალნიკმა გახსნა, წაიკითხა და გაფითრდა, რადგანაც ეწერა ბრძანება, რომლითაც სვიმონა ჩოფიკაშვილი მთის ხალხის მმართველად ინიშნებოდა და ძველს კი უმაღლესი მთავრობა იბარებდა.
არ გაუვლია რამდენიმე წამს, როდესაც ქვეშის დაღმართზედ გამოჩნდნენ რამდენიმე ცხენოსანი და თამამად მივიდნენ ნაჩალნიკის კარებთან: ისინი წყნარა ჩამოხტნენ, ამოვიდნენ უფროსთან და ცივად მიესალმნენ. ეს გახლდათ სვიმონ ჩოფიკაშვილი, გაგის სახლისკაცი და მოადგილე ძველი უფროსისა, რომელსაც იმისთვის ადგილი უნდა ჩაებარებინა.
II
ჩვენი მოთხრობისათვის საჭიროა გაგაცნოთ სვიმონა ჩოფიკაშვილი.
საქართველოს რუსების მფარველობის ქვეშ შესვლამდინაც სვიმონ ჩოფიკაშვილი იყო ერთი მიღებულ კაცთაგანი მეფესთან. ამას ებარა მთელი მთის ხალხი და ის სიმაგრეები, რომელსაც კავკასიის კარს უწოდებენ - დარიელა.
ეს პირი ჯერ წინააღმდეგი იყო რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლისა, მაგრამ უკანასკნელს რჩევაზედ, რომელიც მეფის სასახლეში იყო გამართული, იმან შეიტყო მეფის გარდაწყვეტილი სურვილი და, როგორც მეფის ერთგულთაგანი, რომელსაც მეფის წადილის წინააღმდეგობა მომაკვდავ ცოდვად მიაჩნდა, დაჰმორჩილდა ბრძანებას და მიემხრო შეერთების მსურველთ.
რჩევის შემდეგ ის ისევ თავის მთებში დაბრუნდა და, მეფის ბრძანებისამებრ, თავის თავზედ მიიღო ზრუნვა მომავალს რუსებზედ.
ის გულმოდგინედ ასრულებდა ამ სამსახურს და ცდილობდა მეფე გიორგის აღსრულებოდა ის წადილი და ის სარგებლობა, რომელსაც მეფე და მისი მომხრენი ამ მფარველობისაგან მოელოდნენ. ის რუსებმაც ჩქარა შენიშნეს. იმათ დაინახეს იმისი გავლენა მთაში და თავის მხრითაც ჯარების შესახებ მიანდეს სხვადასხვა განკარგულება. რასაკვირველია, ეს იმათთვის სასარგებლო პირი, კიდევაც დააჯილდოვეს და პირდაპირ მაიორის მუნდირით და ეპოლეტებით მხარბეჭი აუყვავეს.
სვიმონის ამგვარმა მდგომარეობამ შური აღუძრა გაგის, რომელსაც სამუდამო ზრუნვად შეექნა სვიმონის დამცირება, რომ იმისი ადგილი თითონ დაეჭირა. ამისათვის გაგი შეუჩნდა ალექსანდრე ბატონიშვილს, დაარწმუნა, რომ რუსების შემოსვლის მიზეზი მხოლოდ სვიმონი იყო, და ეს რომ არ ერეოდეს საქმეში და არ უშლიდეს, რუსების განდევნა ადვილი იქმნებოდაო. ბატონიშვილი წინადვე იცნობდა სვიმონს, როგორც ერთ სასარგებლო და ჭკვიან კაცს და ამისათვის იმის დაცემა იქამდის არ უნდოდა, სანამ იმის მომხრობას არ სცდიდა.
ალექსანდრემ, რომელსაც ხევსურეთში თავის მომხრე ჯარები შეეყარა, გამოუგზავნა კაცი სვიმონს და ითხოვდა მისგან სრულს მორჩილებას, ხევიდგან რუსების გარეკას და ამ უკანასკნელებისათვის შემოსავლელ გზების შეკვრას. ამ ბრძანების აღსრულებისათვის მეფე ჰპირდებოდა დიდ პატივს და წყალობას, მაგრამ უკეთუ სვიმონ არ დაჰმორჩილდებოდა, მაშინ ემუქრებოდა სარჩო-საბადებელის გადაწვას და ცოლშვილით ამოწყვეტას.
- როცა დრო იყო, მეც ვიძახოდი: რად გვინდა რუსები-მეთქი? მაგრამ მეფემა ბრძანა, შემოუშვიო, და მეც მეფის ბრძანებას საით გადაუვლიდი? - წარმოსთქვა სვიმონმა და ჩაჰკიდა თავი.
- მაშ ეხლა, ეხლა რას აპირებ?
- ეხლა გვიან-ღაა, გვიან!..
- მაშ რა პასუხს აძლევ - ბატონიშვილს, - იმის მხარეს არ იჭერ?
- არა.
- რას ამბობ? ხომ სულ ამოგწყვეტავს, სახლკარს ამოგიწვავს!
- რა ვუყო?.. თუ რუსების შემოშვება არ გინდოდათ, მაშინ წინადვე უნდა გეფიქრათ, თუ არა და ეხლა, როცა ყველა სიმაგრეები ხელში ჩაიგდეს, მე რით-ღა განვდევნო?!
- შენ გაიგე კარგა, რომ რუსებს მეფე მფარველობასა სთხოვს, მაგრამ...
- მეც ეგრე მგონია!.. აბა, რაი ვუყო? მეფეს ეგრე უნდა... რაღაც მწუხარებით წარმოსთქვა სვიმონმა და დაეტყო, რომ ის მოქმედებდა თავის სურვილის წინააღმდეგ.
გაკვირვებული მოციქულები ყურს უგდებდნენ სვიმონის გარდაწყვეტილებას. ისინი იცნობდნენ სვიმონს მთის კაცად, რომლისთვისაც თავისუფლება ყველაზედ უმაღლესი ჯილდო არის, და ეს კი თავის თავს და თავის ქვეყანას სხვა გვარტომობის ხალხს მონად აძლევდა! მონად აძლევდა ამისათვის, რომ თითონაც დარწმუნებული იყო, რომ საქართველო რუსების ბატონობას ვერ გადურჩებოდა.
- მაშ ბატონიშვილს რა პასუხს უთვლი?
- ბატონიშვილსა? ჩემგან ხვეწნა და მუდარა მოახსენე: მეფეს ნუ ეწინააღმდეგება და საქართველოს ძალას შუაზე ნუ ჰყოფს... თუ ერთად ვიქნებით, რუსები კიდევ ვერას გვიზამენ, მაგრამ, თუ შუა გავიყავით, მაშინ ჩვენი საქმე წასულია!.. ჩავიდეს მეფესთან. მოუდგეს გვერდსა და რაიცა რუსებთან პირობები გვაქვს, ისინი აასრულებინოს! თორემ თუ ეგრე მოვიქეცით, ჩვენ ერთმანეთთან ბრძოლაში დავიქანცებით, დავსუსტდებით, და რუსები კი, თავიანთ წადილს აასრულებენ... ჩავიდეს მეფესთან, ჩა! მეფე ღვთისაგან არის დანიშნული, იმის გულის პასუხს კაცი ვერ მისწვდების, - მეფეს ყველა უნდა ემორჩილებოდეს.
- უბრთხილდი, სვიმონ, ბატონიშვილი განრისხდება მაგ პასუხით, და მაშინ ვეღარავინ გიხსნის.
- რა ვუყო!.. მეფის ბრძანებას და სურვილს ვერ გადავალ და, თუ მეფე ბრძანებს, მარტო მე შევებმი რუსებს.
ამ პასუხით გაისტუმრა იმან შუაკაცები, რომელთაც ბატონიშვილს ამ სიტყვების აზრი სრულებით სხვარიგად გადასცეს. იმათ ჩააგონეს, რომ სვიმონ ჰღალატობს სამშობლოსაც და თითონ მეფესაც, რომ სვიმონს ხალხის მოსვენება და თავისუფლება ბრჭყვიალა ტანისამოსზედ გაუცვლია.
ბატონიშვილმა გამოისტუმრა ჯარები სვიმონის დასასჯელად და გაგის ჩააბარა იმათზედ უფროსობა. ეს ამბავი სვიმონს შეატყობინეს და ის თავის ცოლშვილით გაიხიზნა ჩერქეზეთში, თავის ცოლის სამშობლოში, სადაც რამოდენიმე ხანს დარჩა.
სვიმონს ისე საჩქაროდ მოუხდა თავის სახლიდგან გაქცევა, ისე მოულოდნელად, რომ ძლივს მოასწრო ცოცხალი თავის გახწევა და საქონელი, სიმდიდრე თუ სხვა ბარგი, ყველაფერი იქ დარჩა და შეიქმნა განადგურებული შემოსეულის ჯარისაგან.
სვიმონის სახლი გაცარცვეს, შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს და, რისაც წაღება ვერ შეიძლეს, მთლად ჩაბუგეს. ეს იყო მიზეზი, რომ სვიმონ აქამდის არსადა სჩანდა და არ მოქმედებდა.
სვიმონ სწორედ იმ ხანში დაბრუნდა შინ, როდესაც ელგუჯამ ქალი გაიტაცა და გაგი კლდეზედ გადააგდო. ამავე ხანში დანიშნეს მთის ხალხის ნაჩალნიკად და, - როგორც მეფე გიორგიმ, ისე რუსის მთავრობამაც, დიდის პატივით მიიღეს, წყალობით უნდოდათ აღედგინათ იმისი დაცემული ოჯახი. თუმცა გაგი შორი ნათესავი იყო სვიმონისა, მაგრამ იმის მემკვიდრე მაინც ეს უკანასკნელი უნდა ყოფილიყო, რადგანაც თითონ გაგი უშვილოდ ამოწყდა, და არც ახლო ნათესავი დარჩენია. ამისათვის, როგორც სხვა საცხოვრებელი, მზაღოც სვიმონის საკუთრებად უნდა შექმნილიყო.
სვიმონმა ჩაიბარა ნაჩალნიკობა, შეუდგა ახალს სამსახურს და ჩქარა ისეთი გავლენა და ძალა მოიპოვა საზოგადოდ მთის ხალხში, რომ ყველა შურითა და კრძალვით უყურებდა.
რაკი სვიმონის ამბავი და სიჩუმის მიზეზი შევიტყეთ, ეხლა შეგვიძლიან დავუბრუნდეთ ისევ ჩვენის მოთხრობის გმირებს და თვით მოთხრობის მდინარეობას.
მზაღო შეაგდეს საპყრობილეში და, როდესაც ის მარტოკა დარჩა, მხოლოდ მაშინ შეიძლო თავისუფლად თავის მწუხარებას მისცემოდა. პირველი გაშტერების, გაბრუების შემდეგ, დიდხანს შეგუბებულს ცრემლებს გზა გაეხსნათ, და დაიწყო ტირილი ცხარე ქვითინით.
ამ ტირილის დროს იმას აგონდებოდა ყოველივე შემთხვევა თავის წარსულიდგან და როდესაც რომელიმე სურათი თვალწინ წარმოუდგებოდა, ის სტიროდა გულადუღებით. ვერ მოასწრებდა აღძრული გრძნობის მიწყნარებას, გამოხატული სურათის გატარებას, იმის გონებაში წარმოსდგებოდა ახალი სურათი, უფრო სანატრელი, უფრო სასიამოვნო და უფრო შესანიშნავი დასაკარგავად, და ცოტა ხანს შეწყვეტილი ცრემლები ისევ მდუღარედ ღაპა-ღუპით გადმოედინებოდა.
ყოველგვარ მწუხარებას ცრემლი უფრო შეამსუბუქებს ხოლმე და კაცს დაუმშვიდებს თუ დაუჩლუნგებს გრძნობის ძალას და აგდებს დაღალულსავით რაღაცა უძლურებაში. მზაღოსაც ასე მოუვიდა. როდესაც გული კარგა იჯერა ტირილით, როდესაც იმის დაღალულმა ტვინმა ვეღარ შესძლო თავისუფლად მუშაობა, ის მიეგდო და დაიძინა.
კარგა ხანს იმას არავინ აწუხებდა, რადგანაც ყველანი გართული იყვნენ ახალი ნაჩალნიკის დანიშვნით და ძველის გამოცვლით.
იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც საპყრობილეში შევიდნენ და მზაღოს გამოუცხადეს, რომ ნაჩალნიკი იბარებდა.
ქალს გული გადაუტრიალდა, იმან არ იცოდა ძველი ნაჩალნიკის გამოცვლა და მოელოდა ისევ იმ ძალადობას და დამცირებას, რომელიც ამ რამოდენიმე ხნის წინათ მიაყენეს.
- არ წამოვალ, არა! - შესძახა იმან სიანჩხლით და შიშით დაიწყო ცახცახი.
- წამოდი, თორემ ძალად წაგიყვანენ და უფრო ცუდია.
- უკაცურებო, გიაურებო!.. სხვა მაგის მეტი რა შეგიძლიანთ? ლეჩაქები მაინც დაიხურეთ, თქვენ კაცები კი არა, დიაცები ხართ, დიაცები!.. ვაჟკაცისაგან დიაცის ძალადობა?!. წყეულიმც იქმნებით, წყეულიმც, თქვე გიაურებო, თქვენა!
- წამოდი, წამოდი! - მკაცრად გაუმეორეს იმას.
მზაღო შესდგა ერთს წუთს, გაიღიმა და თვალები რაღაც ცეცხლით აენთო, სჩანდა, რომ იმის თავში რაღაცა აზრმა ელვასავით გაირბინა.
- მაშ თქვენ გინდათ, რომ წამოვიდე?.. კარგი, კარგი... წამოვალ, წავიდეთ ჩქარა... - საჩქაროდ და მთრთოლვარეს ხმით წარმოსთქვა იმან და გაჰყვა გამოგზავნილ კაცს.
ქალი მოელოდა თავის მტარვალის ნახვას, რომელსაც გადახდას უპირებდა და ამისათვის ემზადებოდა. მაგრამ წარმოიდგინეთ იმისი მდგომარეობა, როდესაც ძველი ნაჩალნიკის მაგივრად, სვიმონი დაჰხვდა, და ჩერქეზულად, ტკბილად უთხრა:
- შენ უბედურება შეგმთხვევია, მე გულითადი მწუხარე ვარ იმ უკაცურობისათვის. ვინც შენ ეგრე მოგპყრობიან, დიაცურად მოქცეულან!
- ღმერთო, ღმერთო! - ამის მეტი ვერა წარმოსთქვა-რა ქალმა და ჩაეკეცა მუხლები. სვიმონ მიეშველა, დასვა ტახტზედ და დააცალა იქამდის, სანამ ქალი გულს გაიმაგრებდა.
- მე მინდა გამოვისყიდო ის უკაცურობა, რომელიც შენთვის მოუყენებიათ. მთხოვე რა გინდა?
მზაღომ შეჰხედა მადლობის თვალით და ამ ალერსიანის სიტყვებით გული სიხარულით აევსო.
- მიშველე, მიშველე, დამიხსენ ამ გიაურების ხელიდგან! - შესძახა მწუხარებით ქალმა.
- ეხლა ნუღარ გეშინიან, ვეღარას გიზმენ.
მზაღომ, ამდენი მწუხარებისა და დამცირების შემდეგ, ძლივს გაიგონა ტკბილი სიტყვა და ამასთან თავის სამშობლო ენაზედ. იმას კიდეც ეჭირვებოდა ეს დამამშვიდებელი სიტყვები, რომელმაც მკურნალ ნეკტარად დაუარა იმის დაჩაგრულ გულსა და არეულ გონებას.
ქალი სიხარულმა აღიტაცა, ააღელვა და პირველი იმისი სიტყვები შეეხო იმ საგანს, რომელსაც ყველაზე მომეტებულად შეეპყრო იმისი გონება.
- ელგუჯა, ელგუჯა მოჰკლეს! - წამოიძახა იმან, - და ისე გადააგდეს... დამარხვის ნებაც აღარ მისცეს.
- ჩვენი მთის ხალხი მკვდარს დაუმარხავს არ დააგდებდა!.. - წარბებშეჭმუხვნით წარმოსთქვა სვიმონმა.
რაწამს ეს მხარე დააკმაყოფილა მზაღომ, მაშინ იმას თავში სხვა აზრმა გაურბინა, სხვა ფიქრი, მწუხარებით სავსე, აღეძრა.
- იქნება ცოცხალი იყო? - წამოიძახა იმან და სახე დაეპრანჭა მწუხარებით, - იქნება ცოცხალი იყო და ისე დამარხეს?
- ჩვენმა ხალხმა ცოცხლისა და მკვდრის გარჩევა კარგად იცის, და თუ ცოცხალი იყო, არ დამარხავდნენ...
- მაშ ცოცხალი რომ დარჩენილიყო, რას უზამდნენ?.. - ჰკითხა და გულის კანკალით დაუწყო პასუხს ლოდინი.
- ჩვენი ხალხი მტერთან იქამდისინ შეუბრალებელი არის, სანამ ის ღონიერია, მაგრამ, თუ დასუსტდა, უბედურებაში ჩავარდა, მაშინ იმასთან მტრობა დიაცობად მიაჩნია. ელგუჯას აქ მტრებიც არავინ ჰყოლია, თუ ცოცხალი გადარჩა, მასპინძელი აღმოუჩნდებოდა და შეიფარებდა.
- მართლა, მართლა? - წამოიძახა იმან და მაშინვე დაუმატა: - ელგუჯა, ელგუჯა ცოცხალი იყო! იმას წაიყვანდა ვინმე... დიახ, ცოცხალი იყო... მე თითონა ვნახე - სუნთქავდა, კიდეც შეინძრა, კიდეც ამოიოხრა!.. - მზაღო გატაცებით ლაპარაკობდა, რადგანაც იმედმა წარმოუდგინა სხვადასხვა შეუძლებელი სურათები, ის იმ დროს ისე გატაცებული იყო, რომ სუყველა ოცნების წარმოდგენა ნამდვილს ჭეშმარიტებად მიაჩნდა და აღგზნებულ აზროვნობის მოლანდება ნამდვილს მოქმედებად მიეღო. თორემ ელგუჯას მართლადაც რომ ამოეოხრა, განძრეულიყო, დალაპარაკებოდა კიდეც, მზაღო ისე გაბრუებული იყო, რომ ვერაფერს შეამჩნევდა.
- შენ ლაპარაკობ ჩვენს ენაზედ, შენ ჩერქეზის ქალი გყავს ცოლად, შენ გესმის, როგორ შეუძლიანთ ჩვენი მხრის ქალებს სიყვარული... შემიბრალე, მოანახვინე ელგუჯა, შეიტყე სად არის და გამიშვი მოვუარო.
- ელგუჯამ მე სახლის კაცი მომიკლა, იმას ჩემი სისხლი ჰმართებს! - წარმოსთქვა სვიმონმა.
- იალაჰ! - წამოიძახა მზაღომ, რომელიც სვიმონს თავის დღეში ვერ წარმოიდგენდა გაგის ნათესავად; - მაშ გაგი, გაგი შენი ნათესავი იყო?
- ჩემი ნათესავი იყო, მაგრამ ნუ გეშინიან მაგისი. ელგუჯას რომ კარგამყოფს შევყროდი, მოვკლავდი, მაგრამ ეხლა, ეხლა სხვა არის!.. ელგუჯა თუ ცოცხალია, სიკვდილთან გასწორებული იქნება.
- მაშ სიკვდილს რომ გადარჩენილიყოს, რას უზამ? - გულისძგერით იკითხა ქალმა.
- თუ კარგად იქნა, მოვკლავ, და ნახევარ კაცზედ კი სისხლის აღება აღარა ღირს, - ეგ კაცს არ შეშვენის.
- რისთვის, რისთვის მოჰკლავ, რა დააშავა?
- სახლის კაცი მომიკლა.
- მართალია, მაგრამ თითონაც უპირებდნენ მოკვლას.
- მაინც ჩვენი სისხლი ჰმართებს.
- შეიბრალე, შემიბრალე! გევედრები... შენი ცოლის, შენი შვილების გულისთვის!
- არ შემიძლიან.
- ღმერთო, ღმერთო! შენ დააკელ, იმას რომელიმე სხეული და ცოცხალი კი შეინახე! - წარმოთქვა მზაღომ და დაიწყო გულმხურვალედ ლოცვა და, რომლის დროსაც მდუღარებით იბანებოდა.
სვიმონს ჩქარა გული მოულბო ამ სურათმა.
- გაგი ბოროტი იყო და ბოროტად გაიარა იმისმა დღეებმა, - წყნარად დაიწყო სვიმონმა: - იმის სისხლი არც კი უნდა მომეძებნა, მაგრამ ჩვენი მთის ჩვეულება მოითხოვს, რომ სისხლი არ შევარჩინო. ელგუჯა რომ მკვდარი იყოს, მაშინ იმისი გვარიდგან უნდა მომეკლა ვინმე. ეხლა გაძლევ სიტყვას, რომ უკანასკნელს საშუალებას ვიხმარებ და სისხლს აღარ დავღვრი. მე შევყრი სამების სამჯეოში თემობასა, და რასაც ხალხი გადასწყვეტს, დავმორჩილდები.
თუმცა ამგვარად სისხლის საქმის გარდაწყვეტა მთაში მოხდებოდა ხოლმე, მაგრამ ეს ისეთი ძნელი საქმე იყო, იმდენი შუაკაცებისა და ხვეწნის შემდეგ თავდებოდა, რომ დაბოლოებამდის ერთი წელიწადი მაინც გაივლიდა. სვიმონი კი, ის სვიმონი, რომელიც იმავე მთის ჩვეულებაში იყო აღზრდილი, ერთბაშად ასე ჩქარა ჰმორჩილდებოდა ქალის ხვეწნას. რასაკვირველია, ამის მიზეზი იყო იმის გულკეთილობა და ჭკუის გამჭრიახობა, მაგრამ გაგის სიკვდილს უფრო ღვთის სამართლიანს რისხვას მიაწერდა და ელგუჯას კი ღვთის სურვილის აღმასრულებელ იარაღად უყურებდა.
როდესაც ესენი ამ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც სვიმონის მტრის შეუბრალებელი გული თითქმის დაჰმონებოდა მზაღოს ცრემლს, - ამ დროს ქიმბარიანთ-კარს, ნინიას სახლის დერეფანში ერთი ავადმყოფი იწვა და რაღაცას ბოდავდა. იმისი შეხვეული თავი, ფერმკრთალი პირისახე ადვილად დაგარწმუნებდათ, რომ ეს კაცი დაჭრილი უნდა ყოფილიყო.
- მზაღო! მზაღო! - საშინელის ხმით წამოიძახა იმან და წამოიწია.
მთიულის მოხუცი დედაკაცი, რომელიც აქამდის თავით უჯდა და თხილის შტოთა მოუსვენარს ბუზებს უგერებდა, ეხლა მისწვდა და ისევ მიაწვინა. ავადმყოფი დაჰმორჩილდა მოხუცს, რადგანაც მეტის სისუსტისაგან ბრძოლა ვეღარ შესძლო. ავადმყოფი გადაესვენა საგებელზედ და ცოტა ხანს მიჩუმდა. დედაკაცი კი წარმოუთქმელის მწუხარებით დიდხანს დაჰყურებდა იმას. ბოლოს თვალები გაუბრწყინდა, და კილოზედ მარგალიტის მარცვალივით ცრემლი გადმოეკიდა, რამდენჯერმე გათრთოლდა, გაციმციმდა, იმას მოჰყვა მეორე, მეორეს მესამე და დაუწყო ნაკადულსავით დენა.
ამ ბებერს მოაგონდა თავისი შვილი, რომელიც ამ რამოდენიმე ხნის წინათ მტრის უსამართლო ხელს გაეციებინა და გაეციებინა ისე, რომ თვალების დასახუჭად დედის ხელი ვერც კი მიჰკარებოდა.
რამდენადაც მოხუცი მეტს უყურებდა დაჭრილს ვაჟკაცს, იმდენად მეტის მზრუნველობით ეკიდებოდა.
რასაკვირველია, მკითხველი მიჰხვდებოდა, რომ ეს დაჭრილი ელგუჯა უნდა ყოფილიყო და იმის მომვლელიც ერთი გულკეთილი მთიული დედაკაცთაგანი.
ცოტა ხანს კიდევ მისუსტებული იწვა ელგუჯა, ხოლო შემდეგ წყნარად გაახილა თვალები და წარმოსთქვა:
- სად ვარ, რა ამბავია? - იკითხა იმან დასუსტებულის ხმითა და მოხუცს ყურება დაუწყო.
- ნინიაისასა ხარ, შე ბედშავო, ნინიაისასას! - უპასუხა მოხუცმა.
- ნინიაისას? - გაკვირვებით წარმოსთქვა იმან და დაუმატა: - ვინ ნინიაი არის, ან აქ რაი მინდა?
- გაყუჩდი! გაყუჩდი! ექიმმა თქვა, ლაპარაკი გაწყენსო.
- მაშ ავადა ვარ?.. ჰო, მეც არ მიკვირდა, ღონე ასე რამ გამომაცალა მეთქი... ამ ხელს რაიღა მოჰსვლია, რომ ვეღარ დამიძვრია კი-და.
- არც რა, არც რა, მაგ მხარეს თუ იწექი და დაგიბუჟდა.
- დამიბუჟდა? - კიდევ წყნარად იკითხა იმან და ჩაფიქრდა. ელგუჯას თავის თავისთვის ჯერ კიდევ ანგარიში ვერ მიეცა, რადგანაც დასუსტებულ სხეულს გონების ძალა მეტად მიესუსტებინა. შემდეგ თითქოს თავში გაუელვა რაღაცა აზრმა, შეკრთა, ჩაფიქრდა და ყოველისფერი მოაგონდა.
- მზაღო, მზაღო რა უყვეს! - წამოიძახა ავადმყოფისაგან ძნელად წარმოსადგენის ხმით. ისე ძლიერი, ისე შესაწუხებელი იყო იმისათვის ეს მოგონება, რომ ტკივილები გადაავიწყდა და ზეზე წამოდგომა შეიძლო. დედაკაცს შეეშინდა და გარეთ გამოვიდა ვისმეს დასაძახებლად. იმას პირველი სწორედ ის ყმაწვილი მთიული შეჰხვდა, რომლის ნაბდითაც ელგუჯა მოიტანეს.
- არიქა, მათიაუ! მიშველე, შენი კვნესა-მე, მიშველე! - შესძახა დედაკაცმა.
- რაი ამბავია? - დაუძახა მთიულმა და გაეშურა დედაკაცისკენ, რომელმაც აუხსნა, საქმე რაშიაც მდგომარეობდა.
მთიული საჩქაროდ შევიდა სახლში, რომელშიაც ელგუჯა პირველის გაბრძოლების შემდეგ დასუსტებული ტახტზედ მიწოლილიყო, რადგანაც მკლავიდგან სისხლი წავარდნოდა. მათია მიეშველა და ჭრილობის შეკრულობა გაუმაგრა.
ელგუჯას თუმცა სისხლი შესწყდა და ტკივილს ვეღარა გრძნობდა, მაგრამ მის მაგიერ უძლურების სიბრაზემ აიტანა. მეტის მწუხარებით ცრემლები გადმოედინა.
- კარგია, იყუჩე! - დასძახა მათიამ და შეიჭმუხნა წარბები: - დიაცი ტირის, ვაჟკაცი კი სისხლს იღებს, - დაუმატა იმან ცოტა სიჩუმის შემდეგ.
- ჰო, მართალს ამბობ, დიაცი ტირის, და ვაჟკაცი კი სისხლს იღებს! - გაიმეორა ელგუჯამ, მოიწმინდა თვალები, და ამ დღიდგან იმის თვალზედ ცრემლი აღარ გაბრწყინვებულა.
ცოტა ხანმა გაიარა; ელგუჯამ სიჩუმე ვეღარ გასძლო და იკითხა თავის სანატრელ მზაღოს ამბავი.
მათიამ თავიდგან ბოლომდე ყველაფერი დაწვრილებით უამბო და აუწერა იმისი ამხანაგების, მარტიასი და გიორგის გმირული სიკვდილი. ბოლოს უამბო მზაღოს მდგომარეობა, თუმცა ზოგიერთი დაწვრილებული შემთხვევა კი დაუმალა, რადგანაც ეშინოდა ამ ამბავს ავადმყოფზედ მეტისმეტად ცუდი მოქმედება არა ჰქონოდა.
- ეხლა ის ქალაი სვიმონთან არის და ეგრე უვლიან, ლომისის მადლმა, როგორც თავის შვილსა, ერთი ჩქარა მორჩი და კიდევ გავიტაცოთ.
ამ სიტყვებზედ ელგუჯას სიამოვნების ღიმილმა გაურბინა პირისახეზედ, მაგრამ ისევ ჩქარა გაჰქრა და წარმოუთქმელის მწუხარებით წარმოსთქვა:
- რაი-ღა უნდა მოვრჩე ნახევარი კაცი! ხელი მე აღარ გამაჩნია და ფეხი.
- ნუ გეშინიან, შენი კვნესა-მე, ნუ! ბერდიაი ამბობს: ისე მოვარჩენო, როგორც დედის მუცლიდგან დაბადებულაო.
მართლადაც, ელგუჯა განსაცვიფრებელის სასწაულით არამც თუ სიკვდილს გადარჩა, არამედ იმის ჭრილობანი ისე ბედნიერად მომხდარიყო, რომ არც სიცოცხლისათვის იყო საშიში და არც დასახიჩრდებოდა.
- გივარგი მომიკლეს, მარტია მომიკლეს, მე რაღად მინდოდა ცოცხალი თავი? - გააგრძელა ელგუჯამ და გაახრჭიალა კბილები.
- იმად, რომ იმათი სისხლი აგეღო.
- მართალს ამბობ, მართალს! ღმერთმა იმიტომ გადამარჩინა, რომ იმათი სისხლი ავიღო! და გეფიცები წმინდა გივარგის, თუ ღმერთმა ცოცხალი გადამარჩინა, იმათ სისხლს არ შევარჩენ.
- აი შენი კვნესა-მე, შენი! - გატაცებით წამოიძახა მათიამ: - ვაჟი იყავ და ვაჟური სიტყვაცა სთქვი!
- ღონივრები არიან, მათიავ, ღონივრები... რაი ქმნას ერთმა ათასთან? - წარმოსთქვა ელგუჯამ და ისევ დაფიქრდა.
- კაცს კაცზედ მეტი ღონე არა აქვს, შენი კვნესა-მე, არა, ლომისის მადლმა!.. ერთს ერთი ტყვია გააცივებს. ჩვენც თითო გამოვარჩიოთ ხოლმე და მთაში კიდევ არ დალეულა ვაჟები, ძმობილებს კიდევ ვიშოვით.
- ვაჟები კი არიან, მაგრამ პირი აღარ არის, კაცს ვეღარ გაუგია: ვინ მტერია და ვინ მოკეთე... მაგრამ რაი ვუყოთ, თუნდა დუნია ჩემ მტრად გადაიქცეს, არც-ვის შევარჩენ იმათ სისხლსა.
- ლომისის მადლმა, მეც მოგყვები... ნაღვარევი იყოს თავდები, სადაც შენ მოჰკვდე, მეც შენთან დავლიო სული!
- მთიულნი ვაჟკაცნი ხართ, კაცს არ უღალატებთ, უსამართლობას ვერ მოითმენთ!.. მაგრამ ჩემი გულისათვის ორთ გაიშავეს დღე, ორთ დალიეს უდროვოდ სული, ჭირი შენ რაისთვის-ღა უნდა გადაგკიდო?
- აბა რაიღა ჭირი იქმნება ამ სიცოცხლეზედ უარესი!? და ვეღარ შეგვინახავს და ცოლი! ბარემ სულ დავიხოცნეთ!
- მართალს ამბობ, მართალსა! დავიხოცნეთ, თუ სიკვდილის დღე მოსულა. კაცი ერთხელ დაიბადების, ერთხელ უნდა მოკვდეს... სახელით მაინც დავიხოცნეთ, თუ აგრეა! - წარბებშეჭმუხვნით წარმოსთქვა ელგუჯამ.
ამ უკანასკნელ სიტყვებზედ კიდევ რამდენიმე მთიული შემოვიდა, რომელნიც, მთის ხალხის ჩვეულებისამებრ, ავადმყოფის საკითხავად მოსულიყვნენ. ყველანი მიესალმნენ ელგუჯას და ამ სალამში რაღაცა მოწიწებით ექცეოდნენ. იმათ საქციელში იყო გამოხატული ის პატივისცემა, რომელსაც მოიპოვებს ხოლმე უსამართლობის მსხვერპლი და ამ უსამართლობის წინააღმდეგობას თავის გმირულის ვაჟკაცობით დაამტკიცებს.
თუმცა თითონ ელგუჯას დღევანდლამდი არ იცნობდნენ, მაგრამ დღეს ისინი ხედავდნენ იმის იარებს, ესმოდათ იმისი ლომებრივი გულადობა, უშიშრობა, - და ეს საკმაო იყო, რომ იმას ხალხის პატივისცემა მოეპოვებინა.
უეჭველად ასეც უნდა ყოფილიყო იმ ხალხში, სადაც “ვაჟაი ნაჩეხი სჯობია” და სადაც რიგიანი ქალი არ გათხოვდებოდა იმისთანა კაცზედ, რომელსაც თავ-პირი დაჭრილობის ნიშნებით დამახინჯებული არ ექმნებოდა.
ლაპარაკი სულ ერთსა და იმავე საგანს შეეხებოდა და ეს საგანი იყო ხალხის მდგომარეობა. იმ ხანებში ყველას რომელიმე უსამართლოება და ხალხზედ ძალის მიტანა გაეგონა, ყველა ამაზედ ლაპარაკობდა, ყველას ეტყობოდა გულის ღრენა და აშკარა სურვილი შეერთებისა, ერთად შებრძოლებისა ხალხის შემაწუხებელ მდგომარეობასთან, რომელსაც ბოლო აღარ უჩანდა და თანდათან ფესვებს ისე იმაგრებდა... ხალხს ერთი იმედი-ღა ჰქონდა და ეს იმედი იყო - სვიმონ ჩოფიკაშვილი, რომლის სახელიც, ხალხის რწმუნებით, “ხელმწიფის კარებზედ იყო დაწერილი”.
ეხლა სვიმონ მათი მაზრის მმართველი იყო. მაგრამ რა შეეძლო იმას, იმდენ ბედის მძებნელ ხალხთან, რომელთაც ხელი აეღოთ სინიდისზე, ნამუსზე და გამოქცეულიყვნენ საქართველოში, რათა ასცდენოდნენ თავიანთ ქვეყანაში კანონიერ სასჯელს; გამოქცეულიყვნენ საქართველოში, ჩაეგდოთ მმართველობა ხელში და ისე შემაგრებულიყვნენ, რომ თვითონ მთავრობისაგან დანიშნულ მოთავეებსაც ვერა გაეწყოთ-რა იმათთან.
ამავე ხანში გავარდა ხმა, რომ გიორგი მეფეს ვიღაცა შუაკაცები გაუგზავნია რუსეთშიო, - რომ ეს ხალხი სანდო პირები არ არიან და თავიანთ ქვეყანას და ხალხს უეჭველად დაჰღუპავენო. ეს ხმები უფრო ამღელვარებდა ხალხს, რომელიც დაჩვეული იყო საქვეყნო საქმის ერის დაკითხვით გარდაწყვეტას, და ეხლა კი რაღაცა საჩუმათო გაეხადათ.
ელგუჯა დარწმუნდა, რომ ხალხის აზრი ერთდება, იმათი კანტიკუნტად ამოჩენილი გულის მღელვარება გროვდება და ერთმანეთს ეკვანძება; ის დრო, როდესაც ხალხი გრგვინვასავით ერთხმად გამოაცხადებს თავის უკმაყოფილებას, შორს აღარ იყო.
- როდის იქმნება ეს დღე, როდის? - წამოიძახა ელგუჯამ, როდესაც მარტო მათიასთან დარჩა.
- რაი დღე?
- ის დღე, როცა ყველა ხმალს გაივლებს ხელსა.
- ღმერთმა უწყის!
ამ დროს ნინია შემოვიდა და მეგობრებმა შეწყვიტეს ლაპარაკი.
ნინიას დაფიქრებული პირისახე ამტკიცებდა, რომ რაღაცა სამწუხარო ამბავი უნდა სცოდნოდა. ის შემოვიდა, დაჯდა, წყნარად ჯიბიდგან ამოიღო ჩიბუხი, გამობერტყა ხელის გულზედ, მერე ამოიღო ქისა, გაფშვნიტა თამბაქო, ჩაჰყარა ჩიბუხში და ისევ ისე აუჩქარებლად დაუწყო ტალკვესს კვესება. მოუკიდა ჩიბუხს, გამოუშვა რამდენჯერმე კომლი და ამოიოხრა.
- ელგუჯავ, თუშებში უნდა გაგგზავნო! - დაიწყო იმან.
ელგუჯამ კარგად ვერ გაიგო ნინიას სიტყვები და გაშტერებული უყურებდა.
- მართალია, ეხლა შენ დასუსტებული ხარ, მაგრამ, რაი ვუყოთ, ცხოფრივ არ იქნების... ძველი ნაჩალნიკი ქალაქში ჩამოსულა და დაუბეზღებიხარ. ეხლა იქიდგან კაცები გამოუგზავნია, რომ - ცოცხალი, თუ მკვდარი - იქ უნდა ჩაგიტანონ
- აჰუ, ნინიაუ, აჰუ!.. ცოცხალ-მკვდარს სტუმარს მაგისთვის როგორ ჰგზავნი თუშებში? - წამოიძახა მათიამ: - ერთს სტუმარს ვეღარ შევინახავთ? მაშ თავი ცოცხალი რაღად გვინდა? გავსწყდეთ ყველანი და სტუმარი კი შევინახოთ.
- ჰაი, ჰაი! - ჩაცინებით წარმოსთქვა ნინიამ: - ჩვენებურები იყვნენ, კიდევ ვაჩვენებდი, როგორ ვატრიალებდი ფრანგულსა, მაგრამ ჯარს რაი ვუყო?.. ვერც სტუმარს დავიხსნით და ჩვენს თავსაც უბრალოდ წავახდენთ.
- ეგ ურჯულოები სტუმარზედაც ხელს გვაღებინებენ? არა, ნინიავ. არა! ჩვენი სოფლის სიკვდილი იქნება, რომ ერთი სტუმარი ვერ შევინახოთ და სხვებს მივაყენოთ კარზედა.
- იყუჩე, ვაჟო! შენ ჯერ ბავშვი ხარ და სისხლი გიდუღს...
- ნინია, შენი სტუმარი ვარ და, რაც გინდა, ის მიყავ! - წარმოსთქვა ელგუჯამ: - შენ უმფროსი კაცი ხარ და, რაიცა შენ გინდა, იმას თავს ვინ გადაუვლის.
- ლომისა იყოს მოწამე, რომ არ იქნების, - ჟინიანად წარმოსთქვა მათიამ...
- კარგია მათიაუ, წმინდის გივარგის თავით გეხვეწები - გაყუჩდი!.. - მიუბრუნდა ელგუჯა: - მე მოვრჩები, თუ მოვკვდები, უფალმა უწყის, და ჩემით ვის რაი-ღა სისხლის დაღვრა გინდათ?.. ისეც ცოტა სისხლი არ დაიქცა.
- სტუმარი, სტუმარი ცხოთ მივაყენოთ კარზედა? - არ ისვენებდა მათია. - სიკვდილი არაა!
- იყუჩე! - წარბებშეჭმუხვნით და მბრძანებელის ხმით წარმოსთქვა ნინიამ: - დღეს მე ვარ უფროსი და მე ეგრე მინდა.
ამ სიტყვებმა თითქოს ენა ჩაუგდეს მათიას, რომლისათვისაც, როგორც ყველა მთის ხალხისათვის, უფროსის ბრძანება, უფროსის ნება ხმაამოუღებლად და გადაუბრუნებლად უნდა ასრულებულიყო.
- განა მე კი არ მესმის, რომ ესეთის ავადმყოფის ცხოთა კარს მიყენება სირცხვილია, მაგრამ გაჭირვებამ მოიტანა და აგრე უნდა იყოს... შენ, მათიავ, ამაღამ მოამზადებ რამდენიმე მარჯვე ბიჭს და გაისტუმრებ ხარანაულისას... ისე კი წადით, რომ გუდამაყრის ხეობას ღამე ჩაგყვესთ და მერე ფიქრი აღარ გინდათ!
როგორცა სთქვა ნინიამ, მათიაც ისე მოიქცა. საღამოსთვის მოამზადეს რამდენიმე მთიულის მარჯვე ბიჭი, გააკეთეს, დაწნეს თხილის ფოთლიანი შტოების საკაცე, სილბილისთვის ზედ გაშალეს თივა და ზეიდგან ნაბადი. ყველა ამ სამზადისს ეტყობოდა სრული მზრუნველობა.
როდესაც ყველაფერი მომზადდა, მათია შევიდა ელგუჯასთან და დაითხოვა დედაკაცები, რომელნიც იქ ისხდნენ. მარტოკა რომ დარჩნენ, მიუბრუნდა ელგუჯასა და უთხრა:
- ყველანი სიკვდილის შვილები ვართ... ვინ იცის, ვინ მოკვდების და ვინ დარჩების!.. სათქმელი თუ არა გაქვს-რა?
- მათიავ, ღვთის მადლმა, ძმაზედ უკეთესად გიყურებ...
- შენს მოღალატეს მტერზედ მოქნეული ხმალი ტარშიამც გადაუტყდების! - უპასუხა მათიამ.
- აბა, რაი დაგიმალო, ვინ იცის, რამდენს მთას იქით მივდივარ და გული კი აქ მრჩების...
- ლომისა შეგეწევის, ჩქარა მორჩები და ისევ აქ მოხვალ.
- მოვრჩები, თუ არა, - ეგ უფალმა უწყის, მაგრამ აქედგან წასვლით - გული მიღონდების.
- რათა, შენი კვნესა-მე, რათა?
- ვაჟკაცისათვის გულჩვილობა სიკვდილია, და ცხოს არც ვეტყოდი, მაგრამ რაი დაგიმალო: მიყვარს, ძალზედ შემიყვარდა.
- გიყვარდეს, შენი კვნესა-მე, გი!.. გული ცხოს როდის ეკითხების.
- სანამ აქ ვიყავ, მეგონა, ის ჩვენთან არის მეთქი, დამშვიდებული ვიყავ და ეხლა!.. - ჩაიქნია ხელი და ამოიოხრა.
- ეხლა რაიღაა?
- ეხლა თითქოს გულიდგამ რაღაცა მწყდების! აქამდის ხმა მაინც მოდიოდა იმაზედ, ეხლა ვინ-ღა რას შემატყობინებს, ვინ-ღა რას გამაგებინებს!
- ღმერთი იყოს შენი თავდები, როგორც ძმა, ისე დავიჭერ იმაზედ თვალყურსა... შენ ნუ რა გენაღვლების-რა.. ჩვენი ხალხი სულ მიდის-მოდის თუშებში, და სიტყვას იქაც მოგაწვდენ ხოლმე.
- არიქა, არიქა, მათიაისი, თორემ სულ დავილევი, - წამოიძახა ავადმყოფმა.
- შენთვის ძმა დამირქმევია და, თუ შენს გულის საყვარელს ვუღალატო, დედის ძუძუმც მომიჭრია...
- შენი ჭირიმც დამილევია, შენი! ეხლა თუნდ ცის კიდურთან გავალ, ჯავრი აღარ მექნების... არას გაუჭირებ, თუ შენ ცოცხალი ექმენ.
- ცხო რაიღა გინდა, მითხარ?
- ცხო?.. - წარმოსთქვა ელგუჯამ და დაიწყო აჩქარებული ქშენა. იმას ეტყობოდა, რომ ეს ლაპარაკიც სირცხვილისაგან უჭირდებოდა და რა უნდა მოსვლოდა, როდესაც ძნელად წარმოსათქმელი სიტყვები გულს მეტად შემოსწოლოდა. მათიამ შეამჩნივა ეს მდგომარეობა.
- რაისთვის მიმალავ რასმე, რად არ მეუბნები? განა შენი ძმა არა ვარ?.. როგორც ღმერთს არ ეღალატების, ისე შენა! თუ არ მენდობი?
- აჰუ! მაგას როგორ ამბობ?! შენც რომ არ გენდო, მაშ ვიღას უნდა ვენდო?
- კარგია, მითხარ ყველა.
- აგრე, აგრე!.. არას დაგიმალავ... მზაღო დიაცია, დიაცი კი მალე მოტყუვდების... მაშ შენი ჩემთან წამოსვლა საჭირო არაა; მე რაი მინდა, თქვენებურებიც წამიღებენ და შენ კი ქვეშეს გადი.
- მერე?
- ნახე, როგორც იყოს, ნახე! უთხარ, რომ ცოცხალი ვარ, ისევ ისე მიყვარხარ-თქო, და თუ ღმერთმა გადამარჩინა, თავს არ დაგანებებ-თქო... მაგრამ... მაგრამ, თუ მიღალატე, თუ ქვეყანაში გამაწბილე, ქუდი მომხადე-თქო, მაშინ!.. მაშინ ორი თვალის მეტი ვეღარა გიხსნის-რა თქო.
- კარგი, შენი კვნესა-მე! წავალ, სიცოცხლედ რომ დამიჯდეს, ვნახავ და ვეტყვი, ყველაფერს ვეტყვი...
- მე ვიცოდი, რომ დამიჯერებდი! - წარმოსთქვა ელგუჯამ და თვალები სიხარულის ცეცხლით გაუბრწყინდა.
მზაღოს მისწვდებოდა იმისი სიტყვები, ის გაიგონებდა და თავის ტუჩებით წარმოსთქვამდა ელგუჯას სახელს! განა ამაზედ მეტი ბედნიერება იქმნებოდა შეყვარებულისთვის?
იმ წუთებში ელგუჯა ისე გატაცებული იყო ამ ფიქრებით, რომ მზაღოს მშვენიერი სახე, ნაზი ტანი, ჟუჟუნა თვალები გონებაში ეხატებოდა და ისიც გატაცებითა, გაუმაძღრად შესცქეროდა წარმოდგენილს სურათს: შესტრფოდა და ციურს სიამოვნებას ბოლო აღარა ჰქონდა.
მთიულებმა, რომელნიც შემოვიდნენ და მოაგონეს წასვლის დრო, გამოიყვანეს ელგუჯა ამ ტკბილი ოცნებიდამ...
ყველანი მოემზადნენ, დაჭრილი წყნარად ჩააწვინეს საკაცეში, რომელიც ოთხმა ღონიერმა მთიულმა ასწია და გზას გაუდგნენ აქეთ-იქით მისდევდნენ ათი-თორმეტი თოფებიანი მთიული და წინ მათია ბელადად მიუძღოდა.
ასე მიდიოდნენ იმ ადგილამდის, სადაც გზა გაყოფილი იყო და მათია ქვეშისაკენ უნდა გაბრუნებულიყო. მგზავრებმა ცოტა შეისვენეს.
მათიამ დაუძახა ყველას, რათა დაეცვალათ ტყვიები და ყველასთან ძმად გაფიცულიყო. როდესაც ყველა ეს გაათავეს, ერთბაშად წამოიძახა:
- დედამც შეურთამს ცოლად, ვინც ერთმანეთს უღალატოს!
- დედამც შეურთამს!.. - გაიმეორეს სხვებმა და გაემართნენ თავიანთ გზას: მათია - ქვეშესაკენ და დანარჩენნი - თუშებისაკენ.
მზაღო შევიდა სვიმონის სახლში სრულიად დარწმუნებული, რომ მოსვენებას მოიპოვებდა და დრო დარჩებოდა ეფიქრა სანატრელს ელგუჯაზედ და თავის მდგომარეობაზედ, მაგრამ იმედმა უღალატა.
მართალია, თვითონ სვიმონ ტკბილად ექცეოდა, იმისი ცოლი ეალერსებოდა მზრუნველის და კეთილის გულით, მაგრამ სახლობაში, რომელიც გავსებული იყო სხვადასხვა დამონებულ, ხასიათ-გაფუჭებულ მოსამსახურეებით, ათას გულმოსაკლავს და დამჩაგვრელს უსიამოვნებასა ჰხედავდა. ქალს აშკარად დასცინოდნენ, მასხარად იგდებდნენ იმის წარსულს უბედურებას ძველ ნაჩალნიკთან, და ეს ყველა ერთად ღალავდა, ასუსტებდა.
გოგოებს ჰყვანდა თავთავისი ამორჩეულები, ყველა უარშიყდებოდა ვისმე და ესენი კი აშკარა უპირატესობას აძლევდნენ მზაღოს, და ეს ცოტა მიზეზი არ იყო, რომ აეთვალწუნებინათ საბრალო ქალი.
თუნდა ეს ასეც არა ყოფილიყო, რამდენიმე დღის უბედურებამ მზაღოს ისე გაუტეხა გული, რომ თითონაც ეჭვიანი, დაუნდობელი შეიქნა, და სხვების მხიარულება თავისზედ სიცილს ჰხედავდა.
მართლაც, რა იქნება ისეთი სატანჯველი, როდესაც კაცს იქამდის გაუტყდება გული, და პირდაპირ ვეღარავისთვის შეუხედნია იმ შიშით, რომ თანაგრძნობის მაგიერ სხვის სახეზე დაცინება არ დაინახოს?
ამ სატანჯველს ემატებოდა კიდევ ელგუჯაზედ ფიქრი, რომელზედაც ხმა მისწვდებოდა ხოლმე, იცოდა, რომ არ მომკვდარიყო და დაჭრილს კი ვინ იცის, როგორ უვლიდნენ, რა გაჭირვებაში იყო? არ მომკვდარა, მართალია, მაგრამ იქნება იმ დროს, როდესაც მზაღო იმაზედ ჰფიქრობდა, ელგუჯა სულმობრძავი იყო, სულსა ჰლევდა და მომვლელი კი არავინა ჰყვანდა.
იქნება უკანასკნელ სიტყვებში სიყვარულით ახსენებდა მზაღოს სახელს და ის კი იქ არ იყო. ასე ჰფიქრობდა ჩერქეზის ქალი და ეს ფიქრები მწუხარების ჟრუანტელად დაურბენდა სხეულში... მერე წარმოუდგებოდა, რომ ელგუჯას მზაღოს უბედურება შეტყობილი პქონდა, ზიზღით და წყევლით ახსენებს იმის სახელს, - და ეს ფიქრები ლახვარსავით დაუვლიდა გულში.
ვერავის ანდობდა თავის გულის დარდს, ვერავის უბედავდა, და ყველა მწუხარება უგროვდებოდა: ეს ამძიმებდა და ერთი-ორად მეტად სტანჯავდა.
ამბობენ, - და სწორეც არის, - რომ კაცის მწუხარებას ისე ვერა შეამსუბუქებს-რაო, როგორც მოლაპარაკება, მინდობა მეორე პირთან თავის მწუხარებისაო. მზაღოს კი ესეთი პირი არავინა ჰყვანდა და ყველა ფიქრი, ყველა მოსაზრება უნდა ჩთაბეჭდოდა იმის გონებაში, გრძნობიანი გულის ცეცხლით თითქოს გამომცხვარიყო ის და სამუდამოდ მეჩოთირე, მტანჯავს გრძნობად დარჩენოდა გულში.
ერთს მთვარიანს საღამოს, მზაღო გამოსულიყო და იქვე სახლთან მდგომს წიფლის ხესთან თავის ფიქრებს ეძლეოდა. მშვენიერი ბუნება კაცის გრძნობას უალერსებდა რაღაცა გულდამამშვიდებელის ძალით. ზაფხულის სითბო შეიცვლებოდა მსუბუქის ნიავით, რომელიც ნაზად გაურბენდა ფოთლებს და სასიამოვნო შრიალს აატეხინებდა. აქა-იქ მოფენილი ყვავილები დამატკბობელს სურნელებას გამოსცემდნენ, აძლევდნენ ქარსა და ისიც ჰფენდა ყოველს ადგილს. ახლომახლო წყარო ჩამოჩხრიალებდა და თითქო ნანას ეუბნებოდა დაძინებულს ბუნებას.
მზაღო იდგა და შესულიყო რაღაც უგრძნობელ მომხიბვლელს მდგომარეობაში.
იქვე ახლო მყოფი ბუჩქები თითქოს ქარისაგან შეინძრა და ისევ გაჩერდა. ქალი ისე შეჰკრთა, ისე შეაშინა ამ მოულოდნელობამა, რომ ხმა ვეღარ ამოიღო და გაშეშებულსავით დარჩა იმავ ადგილს. ბუჩქები გადიწია და ვიღაცა უცნობი ვეფხვსავით გადმოხტა.
- შენ და და მე ძმა! - შესძახა კაცმა მისვლის უმალ.
- რაი გინდა ჩემგან, ვინა ხარ? თავი დამანებე! - შეშინებულის და მთრთოლარეს ხმით ეუბნებოდა ქალი: - მომშორდი, თორემ დავიყვირებ!
- იყუჩე, ქალაუ!.. სამშვიდობოდ მოვსულვარ!.. შენს მოღალატეს ლომისამ უღალატოს.
ქალს კიდევ ვერ გაეგო, რას ელაპარაკებოდნენ და ყოველის ღონისძიებითა ცდილობდა თავიდგან მოეშორებინა ეს კაცი.
- შენი არა მინდა-რა, გამიშვი, გამიშვი!
- მე ძალადობას არ ვხმარობ. დიაცთან ძალადობა რაი ვაჟკაცის წესია.
- მაშ რაი გინდა, რაი?.. რაისთვის თავს არ მანებებ?
- იმისათვის, რომ სიტყვა მაქვს, ელგუჯამ დამაბარა.
- ელგუჯამ! - გიჟსავით წამოიძახა და მთიულს მათიას გაშტერებულმა დაუწყო ყურება.
- ჰო, ელგუჯამ! ჩემთან ძმად ნაფიცია, შენც და-ძმობას გეუბნები.
- ელგუჯა, ელგუჯა!.. მაშ გადარჩა, კარგად არის, არ მომკვდარა? - გულის კანკალით პკითხავდა მზაღო.
- ლომისის მადლმა. რომ კარგად არის. სულ შენზედ ლაპარაკობს, სულ შენს გონებაშია.
- მაშ უყვარვარ?! უყვარვარ? არ დავვიწყებივარ? მითხარ, გაფიცებ, რაც კი საფიცარი გყავს.
- ელგუჯაი ვაჟია, ვისაც ერთხელ შეიყვარებს, სამარეც ვეღარ გადაავიწყებს.
- მორჩება? კარგა შეიქმნება?.. მითხარი! ოჰ, ღმერთო! აგრე ცოტას რად ლაპარაკობ? - ეუბნებოდა მზაღო, რომელსაც უნდოდა, რომ განუწყვეტლივ ეამბო იმისთვის ყველაფერი დაწვრილებით, რაც კი შეეხებოდა ელგუჯას ცხოვრებას, და ეს სურვილი ისე ძლიერი იყო, რომ ლაპარკსაც აღარ აცლიდა და წამდაუწუმის კითხვით მათიას საუბარს აწყვეტინებდა.
- ელგუჯა ეხლა თუშებში გავგზავნეთ; იქ უფრო უშიშარს ალაგს იქნება და რა წამს სრულებით მორჩება, მაშინვე ჩამოვალთ და წაგიყვანთ, ასე დამაბარა ელგუჯამ: ჩემი ფიქრი ნუ გექნებისო, მე ეგრე არ დაგაგდებო... ვინძლო, შენც არ დამივიწყოო.
- წამიყვანე, წამიყვანე ეხლავ!.. ის ავად იყოს და მე გვერდით არა ვყვანდე, რაი ჩემი სიცოცხლეა!
- იყუჩე, იყუჩე! შენი წაყვანა ეხლა საით იქნების?.. შენ რომ იქ იქნა, ელგუჯა შენის ცქერით სულ დაილევის.
- მაშ რაი-ღა მეშველება, მე დაღუპულს? საით-ღა უნდა გავუძლო იმის უნახაობას... რაც იმას მომაშორეს, იმის ამბავი ასე დაწვრილებით ეხლა პირველად მესმის.
- ლომისა იყვეს შენი თავდები, ოღონდაც შენ მშვიდობიანად იყავ და მალ-მალ შეგატყობინებ ხოლმე ელგუჯას ამბავს.
- ჰო, ჰო შემატყობინე! მადლია შენთვისაც.
- მაშ მშვიდობიანად იქმნები? დაიფიცე.
- ოღონდაც ელგუჯას მშვიდობიანად ნახვა მეღირსოს, და მე... ცხო რაი-ღა მინდა?
ამ მუსაიფით გაათავეს იმათ და დასდვეს პირობა, რომ მათია ყოველ შაბათობით მზაღოსთან ერთად უნდა შეიყარონ ამ წიფლის ქვეშ. ამ პირობის შემდეგ ისინი გაიყარნენ, - მზაღო დამშვიდებული, რამდენადაც შეიძლება დამშვიდება იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ის იყო და მათია კი - გახარებული თავის მეგობრის სურვილის აღსრულებით.
მაგრამ საკვირველი ეს იყო, რომ ამ გაყრის შემდეგ მათიას ნამდვილი სიხარულის მაგივრად, რაღაცა სევდა მოაწვა და თითონაც ვერ გაეგო, თუ რასა ჰგრძნობდა და რა უნდოდა, ან ამ მდგომარეობაში რად ჩავარდნილიყო!..
ამ დროსვე სვიმონის სასტუმროში იყვნენ შეყრილნი თემის უფროსი კაცები, რომელთაც სისხლის სამართალი უნდა გარდაეწყვიტათ ელგუჯასა და სვიმონის შორის. ყველანი ჯოხებით, თმაწვერგათეთრებულნი, ისხდნენ სკამებზედ და დამშვიდებულ-დარბაისლურად სჯიდნენ ამ სამწუხარო შემთხვევას ერთი, ყველაზედ უფროსი, ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას და დანარჩენები ისეთის კრძალვით და პატივისცემით ეკიდებოდნენ მას, რომ კაცი გაშტერებული დარჩებოდა.
აქ იყვნენ მოწმეები, მოჩივარი სვიმონ ჩოფიკაშვილი და ელგუჯას შორეული მოკეთეები, იმის მხრით მოლაპარაკენი.
სამ-სამი, ოთხ-ოთხი კაცი, თითქოს ცალ-ცალკე კრებას შეადგენდა და ჩუმად სჯიდნენ, ლაპარაკობდნენ გასარჩევს საქმეზედ. მოხუცი თავმჯდომარე წამოდგა, მოიხადა ქუდი და წყნარა პირჯვარი გადაიწერა და სთქვა:
- სმენა იყოს და გაგონება!
ერთბაშად ყველანი წამოდგნენ და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ კაცი ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებდა.
- ხალხნო და ჯამაათნო! თქვენ ყველამ იცით, რაისათვისაცა ხართ აქ შეყრილი. ორი მოსისხლე გვარი უნდა გაასამართლოთ...თუ ვინმე ერთერთი მხრის ან მოწინააღმდეგე ხართ, ან მოკეთე, განშორდით თემის ყრილობას: კაცის გული რბილია! მიდგომ-მოდგომით არ წარმოსთქვათ თორემ ცოდოა... ხალხის წინაშე სირცხვილი... საიქიოს ჯოჯოხეთი ერგების იმას! ვინაა ეგეთი, - გაგვშორდეს! ვინაა ეგეთი, - გაგვშორდეს! ვინაა ეგეთი, - გაგვშორდეს!
ამ სიტყვების შემდეგ რამდენმამე კაცმა დაიხურა ქუდი და გავიდნენ საბჭოდგან.
ამის შემდეგ მოხუცმა ისევ დაიწყო:
- ღმერთო დიდებულო, ღმერთო! ხევ-მთიულეთის ჯვარ-ანგელოზნო! თქვენ წინაშე აქა ვართ შეყრილი თემის ხალხი... თქვენ მოგვეცით ძალა და ჩაგვაგონეთ, რომ ჩვენის უგნურობით უსამართლობა რაიმე არ მოვახდინოთ!
- ამინ, შენს მადლსა! - დაიძახეს დანარჩენებმა.
- და თუ ჩვენში გამოვიდა ვინმე ისეთი, რომ მიდგომით სიტყვა დახარჯა, სწორე ჩვენება არ მოგვცა, რაიმე დამალა, - თვენი რისხვა გააყოლეთ შვილის შვილამდე.
- ამინ, შენს მადლსა! - კიდევ იყო ხალხის პასუხი.
- ისეთი კაცი გამოაკელ ტოლ-სწორებს, აცოცხლე დიდხანს, მაგრამ სამასხარაოდ გაჰხადე, მოსვენებას ნუ მისცემ!
- ამინ, შენს მადლსა!
- აბა, ახლა კი დასხედით, თქვენს ღმერთს შეჰხედეთ, თქვენს სულს გაუფრთხილდით, დაფიქრდით და ისე თქვით!
ხალხმა დაიხურა ქუდები და დამშვიდებულად დალაგდა. ყველას პირისახეზედ ეტყობოდა განსაკუთრებითი დაკვირვება თავიანთ მოვალეობაზედ და კარგად ესმოდა, რა მნიშვნელობაც ჰქონდა იმათ სიტყვებს ორ გვარეულობისათვის.
პირველი გამოიწვია თავმჯდომარემ სვიმონ ჩოფიკაშვილი, როგორც მომჩივარი. სვიმონ გავიდა შუა ადგილას, მოიხადა ქუდი, დაიჩოქა ცალ მუხლზედ და დაიწყო თავისი საჩივარი, რომელშიაც გამოხატა გაგის სიკვდილის მიზეზი, ამტყუნებდა ელგუჯას და ითხოვდა გასამართლებას.
იმის შემდეგ გამოიწვიეს ელგუჯას შორეული ნათესავები, როგორც დამცველნი იმის გვარეულობის ინტერესისა.
ისინიც, როგორც სვიმონ, ისე გავიდნენ შუა ადგილას, დაიჩოქეს და ამტკიცებდნენ, რომ ელგუჯას ხელით არ იყო მოკლული გაგი და სისხლის ძიება ამ შემთხვევაში არ ეკუთვნოდა ჩოფიკაშვილებს.
როდესაც ორთავ მხრისაგან მოისმინეს ჩვენება, თავმჯდომარე ისევ წამოდგა და საჭიროდ დაინახა რამდენისამე სიტყვის წარმოთქმა.
- ხალხო, სმენა იყოს და გაგონება!.. დღეს ისეთი დღე მოგვადგა, რომ ჩვენ თითონაც ვეღარ გაგვიგია, რაი ჭირი დატრიალდა! რაი მეხი დაგვატყდა თავზედ... აღა-მაჰმადის დროსაც არ გვქონია ეს გაჭირვება... გეხვეწებით ამ მოხუცის თავით, უფრთხილდით ერთმანეთსა, უბრალოდ მტრობას უფრთხილდით!.. იქნების ხვალ და ზეგ ეგეთი დღე დაგვადგეს, რომ თითოს თავი ათასად დაგვიფასდეს... მშვიდობიანობას ეცადეთ, თქვენი ჭირიმეთ, მშვიდობიანობას.
ამ სიტყვების შემდეგ გამოიწვიეს მოწმეები, რომელთაც ჩამოართვეს ჩვენება.
შემდეგ დაიბარეს მზაღო, როგორც ერთი უმთავრესი მოწამე, რომლისაგანაც გაგება უნდოდათ - ძალით იყო გატაცებული, თუ თავის საქმროს ნებით გაჰყვა. მაგრამ ქალი არ წამოჰყვა და იმის საკითხავად ორი კაცი გაგზავნეს, რომელთაც მოუტანეს შემდეგი პასუხი:
- ის ქალაი ამბობს, რომ თავის ნებით გაჰყვა, უყვარდა და იმისთვის; რომ ღვთისგან იმედი არა ჰქონდეს ელგუჯას გადარჩენისა, მაშინ ის თავს მოიკლამდა, რათა საიქიოსაც კი იმას არ მოჰშორებოდა.
ამ პასუხის შემდეგ ბჭეების მეტი ყველანი დაითხოვეს და დაიწყეს განსჯა და აწონა ყველა ჩვენებისა და გაგონილისა.
რაკი მოსამართლენი მარტოკა დარჩნენ, ისევ დაიყვნენ ჯგუფებად და დაიწყეს ერთმანეთში მოლაპარაკება.
შემდეგ ისევ შეგროვდნენ, უხუცესმა დაიჭირა თავისი ადგილი, სხვები უფროსობით ჩამომწკრივდნენ გვერდით და უფროსობითვე დაიწყეს თავიანთის აზრის წარმოთქმა. ასე რიგად გასწია რამდენიმე საათმა, რომლის შემდეგაც დაიბარეს მომჩივარ-მოპასუხის მხარენი თემის ყრილობის გადაწყვეტილების მოსასმენად.
როდესაც ისინი შემოვიდნენ და ადგილი დაიჭირეს, უხუცესი წამოდგა და უთხრა მომჩივრებს შემდეგი:
- თქვენის თხოვნით და სურვილით ჩვენ შევიყარენით თემის კაცნი და რაიცა უფალმა გვაგონა, ისე გავასამართლეთ. ჩვენი გადაწყვეტილება უნდა მტკიცედ ასრულდეს თქვენგან და, თუ ვინმემ მოინდომოს თემის გაუგონრობა, ის გაგდებული იქნების თემისაგან, აღარ ჩაითვლების ჩვენს სისხლად და ხორცად, აღარც ექმნების ადგილი ჩვენ კერასთან. უნდა დაიფიცოთ ამაზედ!
- რაისთვის არა, დავიფიცამთ!.. თემის სიტყვა საით გატყდების!.. - უპასუხეს მომჩივრებმა.
- შემოიყვანეთ დეკანოზები, - ბრძანა თავმჯდომარემ.
ამ სიტყვებზედ შემოვიდა ორი დეკანოზი, რომელთაგანაც ერთს ხელში ეჭირა მერდინის დროშა, რომელსაც ჰქონდა ასხმული სხვადასხვა სიდიდის ხატები, ჯვრები, ზარები და სხვადასხვა შეწირული ნივთები; მეორესაც - ვერცხლის ჯვარი მერდინშივე შეხვეული.
იმათ შემოსვლაზედ ყველანი ფეხზედ წამოდგნენ და ქუდები მოიხადეს. დეკანოზები მივიდნენ და დადგნენ უხუცესის აქეთ-იქით.
ყველანი რომ დამშვიდდნენ, ისევ უხუცესმა დაიწყო პირველი სიტყვა:
- მოდით, დაიფიცეთ!
მომჩივრები მივიდნენ, პირჯვარი დაიწერეს, მუხლი მოიყარეს და ხელი მოჰკიდეს დროშას.
- ღმერთო დიდებულო! - დაიწყო ერთმა დეკანოზმა: - ღმერთო, ივანე ნათლისმცემელო, წვერისა სპარს-ანგელოზო, ხევის სამებაო, ღუდის ყოვლადწმიდაო, ლომისა მთავარმოწამეო, შენი მადლი შეაწიე ამ ხალხსა!
- ამინ, შენს მადლსა! - იყო პასუხი.
- შენ არიდე შფოთი და მწუხარება, ჩამოაგდე ამის შემდეგ მშვიდობიანობა ჩვენს თემობაში!
- ამინ, შენს მადლსა!
- საშვილიშვილოდ გააყოლე შენი წყალობა საქართველოს ერთგულსა, თემის პირის შემნახავსა, ძმა-ნათესავის გამტანსა, საწყლის შემბრალებელსა, მშვიდობიანობის დამთესსა!
- ამინ, შენს მადლსა!
- თემის პირის გამტეხს კი, ნათესავის დაუნდობელს, მამულისა და მეფის მოღალატეს ნუ მისცემ ნურსად მოსვენებას!
- ამინ, შენს მადლსა!
- ნუ მისცემ ამისთანა კაცს ნურც სახლს, ნურც თავშესაფარს, ნურც კერას, ნუ მოაკვლევინებ ნადირს, ნუ გაამარჯვებინებ მტერზედ!
- ამინ, შენს მადლსა!
- აბა, ემთხვიეთ ხატებს! - გაათავეს დეკანოზებმა და დააჟღრიალეს ზარები. ხალხი, რომელიც აქამდის დაჩოქილი იდგა, ეხლა წამოიშალა, მომჩივრები კრძალვით და მოწიწებით ემთხვივნენ, დროშას, ჯვარს და დაიჭირეს ისევ თავიანთი ადგილი.
უხუცესი (თავმჯდომარე) წამოდგა და კრებას შემდეგი გარდაწყვეტილება გამოუცხადა:
- „ელგუჯამ მართალია, ქალი გაიტაცა და ამითი სირცხვილი მიაყენა ჩოფიკაშვილის სახლს, მაგრამ ძალადობა არ უხმარია, და ქალი თავისის ნებით წაჰყოლია.
„გაგი შეჰხვედრია წინ და თავის სახლის პატივის დაცვისათვის შეჰბმია ელგუჯას და იმასაც თავისი ამხანაგებით თავიანთი თავის დასაცველად იარაღი უხმარიათ, რომლის შედეგიც რამდენიმე კაცის სიკვდილი ყოფილა.
„ელგუჯას გაგის ცხენი დაუჭრია და ამ მიზეზით გაგი გადავარდნილა კლდეზედ და დამსხვრეულა.
„მერე რუსის ჯარებს დაუხოცნიათ ელგუჯას ამხანაგები, თითონ ელგუჯა მძიმედ დაუჩეხიათ და ქალი წაურთმევიათ.
„ჩვენ, ჩვენის გონებით, ჩვენის ჭკუით გავასამართლეთ ეს ხალხი და გადავწყვიტეთ:
„რადგანაც გაგის ამალაში დახოცილები ორი ყოფილა ჩვენებური, ელგუჯას ამხანაგების სიკვდილი - იმათ სისხლში.
„გაგის კლდეზედ გადავარდნა არ არის პირდაპირი ელგუჯას ხელით სიკვდილი, და სისხლი არ ეძიება ამისთვის. ამის სამაგიეროდ ელგუჯას ჩამოერთოს მამული და მიეცეს სვიმონ ჩოფიკაშვილს... სვიმონმა თავის მხრით გაიღოს ელგუჯას საექიმო.
„ელგუჯას ნათესაობა, თემის კაცების დასწრებით, მოვიდეს ხარითა და ლუდით გაგის საფლავზედ შესახვეწად.
„ქალი დარჩეს სვიმონს, როგორც ნასყიდი, და, თუ ელგუჯამ წაყვანა მოინდომა, ურვადად გადაეხადოს ორმოცი ძროხა.
„ამის შემდეგ ელგუჯას და სვიმონის გვარეულობაში ჩამოვარდეს ძმობა, მეზობლობა და სიყვარული“
ეს სიტყვები ყველასაგან მიღებული იყო წესიერის მორჩილებით, და მასუკან გაიშალა „სიფრო“ პურის საჭმელად რომელზედაც სადღეგრძელოები უწყვეტლივ ისმოდა.
მზაღო გულის კანკალით ელოდა ამ გარდაწყვეტილებას, თუმცა წინადვე დაიმედებული იყო სვიმონისაგან!..
წარმოიდგინეთ ქალის სიხარული, როდესაც გაიგო, რომ ელგუჯას სიცოცხლეს აღარავინ შეეხებოდა და ისიც ცოცხალი დარჩებოდა. მართალია, ის არ არგუნეს ელგუჯასა და ურვადი ისეთი დაუნიშნეს, რომ იმის გარდახდა შეუძლებელი იყო, მაგრამ თუნდა გათხოვების ნება რომ მიეცათ კიდეც, განა თითონ გათხოვდებოდა? ეს მან კარგად არ იცოდა, თუმცა მზად იყო დღესვე თავი შეეწირა თავის სიყვარულის საგნისათვის.
ამჟამად იმას დავიწყებოდა თავისი თავი და მხოლოდ თვალწინ ედგა ელგუჯას სიცოცხლე, რომელსაც ბედნიერების მოპოება შეეძლო.
გაიარა ამ ღამემ და იქ მყოფთ ცხოვრებამ მიიღო ისევ ჩვეულებრივი მდინარეობა: მუშა ხალხისათვის დადგა ისევ ის მთრთოლარე მოუსვენრობა, რომელიც თითქმის ჩვეულებად გარდაექცათ იმ უბედური წლების ხალხს.
ერთს დღეს მზაღო გარეთ იჯდა და საჩოხე მატყლსა სჩეჩავდა. გვერდით უჯდა ჯაჯალა, რომელიც მზაღოს პირველ მოყვანაში ალერსიანის სიტყვით შეჰხვდა. ჯაჯალა იმ დღეებში მოსულიყო მეორე სოფლიდგან და ისევ ისე თანაგრძნობით ექცეოდა, ისევ ისე გულმხურვალედ ეკიდებოდა მზაღოს საქმეს და მდგომარეობას, როგორც უწინ.
როდესაც ისინი ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთს უამბობდნენ სხვადასხვა ამბებს თავიანთ ცხოვრებიდგან, ერთბაშად სიტყვა გაწყვიტეს, ფეხზედ წამოდგნენ - იმათ დაინახეს სვიმონა, რომელიც იმათკენ მიდიოდა.
დედაკაცებს რომ გაუსწორდა, შესდგა და ჯაჯალა წყლისათვის გაგზავნა. მოახლე სირბილით გაეშურა თავის ბატონის ბრძანების აღსასრულებლად.
მზაღო და სვიმონ მარტონი დარჩნენ; ეს უკანასკნელი მიუბრუნდა ქალსა:
- მადლობელი ხარ თემის გარდაწყვეტილებისა? სისხლი აღარ დაიღვრება.
- თემი გონიერია, შენი წყალობა ნუ მომაკლოს ღმერთმა!
- არ იცი, ეხლა სად არის ელგუჯა?
ამ კითხვაზედ ქალი შეშინდა, ეგონა, რომ სვიმონ სისხლის საძიებლად ეძებდა იმის ბინადრობას და გაფითრდა.
- ნუ გეშინიან, მითხარ!.. მე სიტყვა მოგეც, რომ იმის სიცოცხლე დაფარულია... თუნდა ეგეც არ ყოფილიყო, თემის გარდაწყვეტილება ჩემთვის გაუტეხელია.
- მე რაი ვიცი? - კიდევ უნდობლად წარმოსთქვა მზაღომ.
- შენ იცი და თუ იმისთვის კეთილი გინდა, უნდა გამაგებინო.
- არ ვიცი, არა, შენი ჭირიმე!
- არ გინდა სთქვა, შენი ნებაა, - მე ძალას აღარ დაგატან, მხოლოდ იმას კი გეტყვი, რომ შეატყობინო, მოშორებით წავიდეს. მე თითონ გავაგებინებდი, მაგრამ მეშინიან, ხალხში ხმა არ გავარდეს, რომ მე ელგუჯას ბინადრობა ვიცი.
- თემმა ხომ მოგარიგათ, შენ აღარ ემტერები, და რაისი-ღა უნდა გეშინოდეს?
- შენ ჯერ ბავშვი ხარ... მე მყავს მტრები და ჩემი მტრები ელგუჯას მტრებიც არიან.
- მე არ მესმის; რას ამბობ?
- ამას, რომ ძველი ნაჩალნიკი ჩავიდა ქალაქს და ცდილობს ელგუჯასაგან გაგის მოკვლა მე დამაბრალოს. მითომც მე მოვისყიდე, და ვითომც ელგუჯას ეხლა მე ვმალავ...
- მაშ რაი-ღა გვეშველება? - შეშინებით წარმოსთქვა მზაღომ.
- ისა, რომ, როგორც იყოს, ელგუჯას გააგებინე ეს ამბავი, ის გიჟი არაა, თითონ იპოვის საშუალებას.
- ვისის პირით შევუთვალო, საით გავაგებინო? - კიდევ იეშმაკა მზაღომ.
- ეგ ჩემი საქმე არაა... - უპასუხა სვიმონმა ისეთის კილოთი, რომ ადვილად დარწმუნდებოდით, იმან ყველაფერი იცოდა, მაგრამ რომელიმე მოსაზრების მიზეზით თითონ არ უნდოდა ემოქმედნა.
სვიმონ წავიდა. რაწამს ის მოეფარა იქვე აშენებულს საიასაულოს, ჯაჯალა სირბილით მოვიდა და ლიტრით წყალი მოიტანა.
- რა იქმნა ბატონი?
- წავიდა... იმან შენ განგებ გაგგზავნა, ჩემთან ლაპარაკი უნდოდა... - უპასუხა მზაღომ და გარდასცა, რაზედაც იმათ ლაპარაკი ჰქონდათ, შემდეგ გამოუტყდა, რომ წარსულს შაბათს ერთი მთიული, სახელად მათია, იყო და იმან ყველაფერი უამბო ელგუჯაზე.
მერმე ლაპარაკი გადავიდა სხვადასხვა საგნებზედ, რომელიც შეეხებოდა იმათ წარსულ ცხოვრებას. მზაღოს ეჭირვებოდა ისეთი მეგობრის მიშველება, როგორიც ჯაჯალა იყო, რადგანაც იმის გულს ამდენი მარტოობა აღარ შეეძლო და მოგროვებული ნაღველი ითხოვდა გარეთ გამოსვლას.
როდესაც ენა მოიჯერეს ლაპარაკით, გულს ჩამოჰხადეს მომეტებული ბარგი და ცოტაოდენი დაამშვიდეს, შინ წავიდნენ, სადაც მზაღო ეხლა უფრო გულადად შედიოდა, რადგანაც ისეთს ქომაგს და მეგობარს გვერდით ჰხედავდა, როგორც ჯაჯალა იყო.
იმათ გარდასწყვიტეს, რომ შაბათამდინ, როგორც იქნებოდა მოითმენდნენ და შაბათს მათიასაგან გაიგებდნენ ელგუჯას ამბავს დაწვრილებით. გაატანდნენ იმისთვის საგულეს და საჩოხეს, რომელიც უთუოდ საშაბათოდ ამ ორ ქალს უნდა მოესწრო.
როდესაც ესენი ამ გაცხარებულ საქმეში იყვნენ, მათიას ცხვარი გაერეკა საძოვარზედ. თითონ დაყუდებული იყო შვინდის კომბალზედ და მთებს გაჰყურებდა. ცხვრები, ერთიერთმანეთის შურით ერთმანეთს წინ გადაურბენდნენ და გაუმაძღრად სწიწკნიდნენ ბალახს.
ცხვარი ძოვნით მიდიოდა და ჰშორდებოდა მწყემსს, რომელიც ისევ იმ ადგილს გაუნძრევლად იდგა და ერთის ალაგისათვის მიექცია თვალები. საკვირველი იყო, რომ, ყოველთვის მუყაითი მათია, განთქმული მწყემსი, რომელიც ერთს ბიჯსაც არ მოჰშორდებოდა თავის საქონელს - დღეს ასე ჩაფიქრებულიყო და ერთს ალაგს მისციებოდა. იქნება ის გაიტაცა ბუნების მშვენიერმა სურათმა, რომელიც იმის თვალწინ იხატებოდა? არა, ის იმ დროს არც იმ ამაყად აყუდებულს მთებსა ჰხედავდა, არც მშვენივრად გადაფენილს ტყეებს, არც ნახატებს, რომელიც ჩხრიალით თეთრ რძესავით ქაფდებოდა, გადმოდიოდა კლდეებიდამ და ათას წინწკლებად იფანტებოდა; არც მწვანედ მოდებულს ველებს, რომელიც ათასფერის სურნელოვან ყვავილებით ბუნებას შეემკო. მაშ რა უნდა ყოფილიყო იმჟამად ამ კაცის გონების ასე რიგად მიმზიდველი და გამტაცებელი?
ეს რამოდენიმე დღე იყო, რაც მათიას ეს ჩვეულება დასჩემდა და ჯერ თითონაც კარგად ვერ გამოერკვია რა მიზეზი იყო ამისი, თუმცა ყოველ ამ დაფიქრებასთან ერთად თვალწინ წარმოუდგებოდა ხოლმე მომღიმარი სახე მშვენიერის ქალისა, რომელიც თავის ჟუჟუნა თვალებით მათიასავე უნებურად, იქამდინ იზიდავდა იმის გონებას, სანამ თავდავიწყებამდინ არ მიიყვანდა ხოლმე. და რა ამ მდგომარეობამდის მივიდოდა, ისეთს სანატრელს, თუმცა ტანჯვით სავსე, გრძნობაში შედიოდა, რომ იმასთან გაყრა წარმოუდგენელ უბედურებად მიაჩნდა.
ვისი სურათი იყო, რომელმაც მათიას ქვის გული ისე მაგრად შეჰბოჭა?
ის გახლდათ ჩერქეზის ლამაზი ქალი, ელგუჯას სატრფო, რომელიც მათიას უნებურად სოლსავით ჩასჭედოდა გულში.
პირველში მთიულს ეგონა, რომ ეს სიყვარული იყო დაძმური, რომელიც დაბადებულიყო ელგუჯას მდგომარეობის თანაგრძობით, მაგრამ რამდენიც ხანი გადიოდა, რამდენსაც მეტს აკვირდებოდა ამ საქმეს და სცდილობდა თავიდამ მოეშორებინა აღძრული გრძნობა, იმდენად უფრო ცოცხლად ეხატებოდა მზაღოს სახე. იმას უნებურად სწყუროდა მასთან განუშორებლად ყოფნა, იმის ყურება და ალერსი.
მათია უბრალოდ არწმუნებდა თავის თავს, რომ მაცდურს შეეპყრო, რომელსაც უნდოდა ეღალატებინა ძმობისა, მეგობრობისა და წესისათვის; უბრალოდ სცდილობდა შეეყენებინა თავისი გრძნობა, რომელსაც დღითი-დღე ემატებოდა ცეცხლი და უმეტესად უდუღებდა სისხლს. ყოველ ამგვარ ძალდატანების შემდეგ დაუმორჩილებელი გრძნობა უმეტესის ძალით იჩენდა თავს.
ამ რამდენიმე დღეში მხიარული, მოცინარი და უზრუნველი მათია შეიქმნა დაფიქრებული, დაღონებული, იმისმა ყმაწვილობის კარგად მყოფობის ფერმა დაჰკარგა ელვარება. გაიცრიცა და გაყვითლდა, გახდა და თვალები ჩაუცვივდა.
მეზობლები უყურებდნენ მათიას, უკვირდათ იმისი ცვლილება და მიზეზს ვერ მიმხვდარიყვნენ. როდესაც მათიას ამ საგანზე ვინმე დაელაპარაკებოდა, ის პასუხის მაგივრად ამოიოხრებდა, გააკეთებდა ყალიონს და ძალზედ წევას დაუწყებდა. და თუ ვინმე მოახერხებდა აელაპარაკებინა, მაშინ მთიული პირდაპირ პასუხს მაინც არ აღირსებდა, ლაპარაკს სხვა საგანზედ გადაიტანდა, თითქოს ეშინოდა ამ გრძნობის სხვასთან გაზიარებისა.
მათია ჯერ კიდევ დაფიქრებული იდგა, როდესაც ერთი კაცი გამოჩნდა მოპირდაპირე მთის წვერზედ და ხტუნა-ხტუნაობით დაეშვა თავქვე. როგორც მომავალს ეტყობოდა, ისიც მთიული მწყემსი უნდა ყოფილიყო. იმას, უეჭველია, მათია შეემჩნია და პირდაპირ იმისაკენ დაეჭირა გზა.
როდესაც უცნობი იმ ადგილს მოახლოვდა, სადაც მათია იყო, ის გაშტერდა და გაკვირვებით დაუწყო ყურება მწყემსსა და იმისაგან დაშორებულს ცხვარს. ცხვარი, დაფანტული, ტყეში შესულიყო, და პატრონი კი დაფიქრებული თავისათვის იდგა. მწყემსის ამგვარმა უყურადღებობამ ახლადმოსული იქამდინ ააღელვა, გააჯავრა, რომ გულმა ვეღარ მოუთმინა და შესძახა:
- მათიაუ! ჰა, მათიაუ!
მათია შეკრთა, ჩამოისო პირზედ ხელი და მიიხედ-მოიხედა.
- რაი მოგსვლია, მათიაუ!.. ცხორი დაიღუპა! აგერ ტყეში შესულა.
- რაი ვუყო, - ჩაფიქრებით წარმოსთქვა იმან.
უცნობი მიუახლოვდა მათიას და შეტევით უთხრა:
- უგონოთ თუ არა ხარ? ცხორი გაგპარვია-მეთქი.
- აბა, რაი ცხორი? - ერთბაშად შეკრთა მათია და რა თვალი შეჰკრა ტყეში შემავალს ცხვარსა, მაშინვე იმათკენ გაიქცა.
ახალმოსული მწყემსი გაშტერებული დარჩა, შემდეგ ერთბაშად წამოიძახა:
- თუ გაგიჟდა! - და ისიც უკან გამოუდგა, რათა ეშველა მათიასთვის ტყიდგან ცხვრების გამორეკა.
როდესაც ორნივე გამოვიდნენ და ცხვრებიც გამოიყვანეს ტყიდგან, მხოლოდ მაშინ იცნო მათიამ ახლადმოსული, რომელიც იმათი მწყემსი იყო და ხარანაულებისას გაეგზავნათ.
- მოხვედ მშვიდობით, ივანე! - მიესალმა მათია.
- მშვიდობა მოგცეს ლომისამა! - იყო პასუხი.
- რასა იქს ელგუჯაი?
- კარგადაა.
- ექიმი დააყენეს?
- ეგეთი ექიმი დააყენეს, ლომისის მადლმა, რომ თემობაში ბადალი არა ჰყავს!
- რას ამბობს, ჩქარა მორჩებაო?
- ორ-სამ კვირაზედ ფეხზედ წამოვაყენებო.
- ღმერთმა ქნას, გისმინოს ლომისამ! ჩემთან ხომ არა დაგაბარა-რა? - ცოტა სიჩუმის შემდეგ ჰკითხა მათიამ.
- აბა შენთანაც რო არა დაებარებინა-რა, მაშ ვისთან-ღა დამაბარებდა?.. დღე ერთია და შენი მოგონება ათასი... უთხარი მათიასაო, რომ ჩქარა შემატყობინოს თავისი ამბავიო... მნახოსო.
- ვნახამ, ვნახამ, - რაღაცა მწუხარებით წარმოსთქვა მათიამ.
- შენი ძმობის იმედი მაქვს, რომ რაიც სიტყვა გითხარ, ისე აასრულებო.
- ჰაი, ჰაი, რომ ავასრულებ! მაშ არ ავასრულებ? იმის სიტყვა გაუტეხელი ბეჭედია ჩემთვის, - რაღაცა გაშმაგებით წარმოსთქვა მათიამ და შემდეგ დაუმატა: - შენ ამ ცხორს მიჰხედე, დაღალული იქნები, კიდეც დაისვენებ და ცხორსაც უყურებ; მე კი სხვაგან საქმე მაქვს და იქ წავალ. ჯალაბობაში თუ მიკითხეს, უთხარი: მატყლის ვაჭრები მოვიდნენ-თქო და იმათ გაჰყვა ქვეშესა-თქო.
- აგრე, შენი კვნესა-მე.
- ცხორი წყალზედ ჩააბრუნე, იქ უფრო გრილია, რიყეზედ დეეყრება.
ამ სიტყვების შემდეგ ჩოხის კალთები ჩაიკეცა ქამარში, გადაიგდო თოფი მხარზედ და გასწია ქვეშეთისაკენ.
ის მიდიოდა ჩქარა, გაქანებული, მაგრამ ჩქარის მისვლის სურვილი თითქოს გზას უგრძელებდა, და მოუთმენლად წამოიძახებდა: "აღარ გათავდა ეს ბაითალმანი!" მზე რომ გადაიწვერა, იმან მიაღწივა ქვეშეთს და, რადგანაც ცოტა ადრე იყო და არ უნდოდა ვისმე შეჰხვედროდა, ამისათვის ის დაიმალა იქვე ტყეში და გულის ძგერით მოელოდა იმ წუთს, როდესაც სანატრელს მზაღოს დაინახავდა.
თუმცა ერთი რამ აშინებდა მათიას: - ეს ის იყო, რომ სანახავად დანიშნული დღე შაბათი იყო და ის კი მოსულიყო პარასკევს. რასაკვირველია, ეს შიში მიემატა იმის მოუთმენელს მოლოდინს და სატანჯველი ერთი-ორად გაუცხარდა.
- რომ არ მოვიდეს, მთელი ღამე აქ უნდა გავშეშდე! - წამოიძახებდა თავისთვის და მერე ისევ დაუმატებდა: - ლომისა მოწყალეა, ის ჩააგონებს და გამოვა.
გაიარა საათმა, ორმა, მაგრამ თითქოს განგებ, არავინ სჩანდა. ყოველ წუთის გავლაზედ იმას მოთმინება ეკარგებოდა და მომეტებულად იჩენდა შეყვარებული კაცის ნიშნებს - იმედგარდაწყვეტილებას და იმედს.
ბოლოს ეს იმედიც დაჰკარგა და გაემზადა პირდაპირ სვიმონის სახლში წასულიყო და მზაღო ენახა, თუმცა აშკარად ჰხედავდა გარს შემორტყმულს დარაჯებს, რომელთაც ყოველ ღამე უყენებდნენ ნაჩალნიკის სადგურს.
ის იყო ფეხი გადადგა იქ მისასვლელად, როდესაც დაინახა იმისკენ მომავალი ორი ქალი, რომელთაც დააშლევინეს მოუფიქრებელის გარდაწყვეტილების აღსრულება. იმათ დანახვამ მათიას სული გააკმენდინა და გულისძგერა შეუყენა. ის მოეფარა ხეს და ცოტა ხანს ძგერისაგან შეყენებულმა გულმა ხელახლად დაუწყო მოუთმენლად ძგერა და სუნთქვა გაუხშირდა; კანკალმა აიტანა, როგორც ციებით ავადმყოფი, და მზად იყო გადაჭრილიყო, მოეხვია ძლიერი ხელები მზაღოსათვის და დაეკოცნა იმ გაშმაგებულის, თავდამავიწყებელის გრძნობით, რომლის გადმოცემაც სიტყვით არ შეიძლება.
ქალები, რომლებშიაც მზაღოს და იმის მეგობარს ჯაჯალას იცნობდით, მივიდნენ ხესთან და ცოტა ხანს შესდგნენ.
- აი, ზედ ამ ალაგზედ, დაიწყო მზაღომ, - ზედ ამ ალაგზედ პირველად გაახარა ჩემი გული მათიას სიტყვებმა. პირველად გავიგე სიმართლით ელგუჯას ამბავი.
ამ სიტყვებმა მათიას დანასავით გაუარეს და მწარედ დაუსერეს გული; მაგრამ ჩქარა დაჰმორჩილდა ბედს.
- იქნება მათიაი გატყუებს, ცხვისგან მოგზავნილი კი არ იყოს! - გააფრთხილა ჯაჯალამ.
- მატყუებს?.. რაისათვის მომატყუებს!.. არა, ის ეგეთი კაცია, რომ ვინც ერთხელ ნახავს, მაშინათვე მიენდობა... არა, იმან და-ძმობა მითხრა, და მე მრწამს იმისი სიტყვა.
- არც მოსტყუვდები, ლომისის მადლმა! - წამოიძახა მათიამ, რომელმაც სიამოვნებით გაიგონა საყვარელი ქალისაგან ეგეთი ნდობა, - შენ მე მენდობი, და სიცოცხლედ რომ დამიჯდეს, ვერ მოგატყუებ, ვერ გიღალატებ.
ამ სიტყვების შემდეგ ის წყნარა, ჩუმად მივიდა ქალებთან და წყნარადვე უთხრა:
- საღამო მშვიდობისა!
ქალებს ისე შეეშინდათ, რომ გაქცევაც კი დააპირეს, მაგრამ რა მზაღომ თვალი შეჰკრა მათიას და იცნო, სიხარულით გაექანა, ჯაჯალა მოჰშორდა იმათ.
- მათიაუ, მათიაუ! გენაცვალოს ჩემი თავი, - უთხრა მზაღომ და მოავლო ხელი.
მათიაც კანკალებდა და მღელვარება ნებას არ აძლევდა ხმა ამოეღო, პირველსავე ხელის მოკიდებაზედ იმას ეგონა ცეცხლის მოხვედრა ხელში, რომელიც განუწყვეტლად, რაღაცა ძალით, გადადიოდა მათიას ხელებში, უვლიდა გულში, თავში, მთელს სხეულში, თავბრუს ახვევდა და შეჰყვანდა ბურანში. გონება და აზროვნება ჰღალატობდა... ბოლოს იმან მოჰხვია მკლავები, მიიკრა გულზედ და გაშმაგებულმა რამდენჯერმე აკოცა. შეშინებული მზაღო გამოუსხლტა მათიას ხელიდგან და იქვე გაჩერდა.
- რას სჩადი, არა გრცხვენიან? - ყვედრებით უთხრა იმან: - შენ და-ძმობა მითხარ, მე შენ გენდე და...
- ჰო, ჰო, მე შენ და-ძმობა გითხარ, - წარმოსთქვა მათიამ, რომელიც გონს მოვიდა, - და, თუ გიღალატო, სადაც არ მოველოდე, ღმერთმა იქ მომიკითხოს.
ქალი დამშვიდდა, დარწმუნდა, რომ ეს გატაცება ძმური გრძნობა იყო; კაცმა კი იფიქრა, რომ ამგვარი ბედნიერების ღირსი არ ყოფილა, და ღმერთს მზაღო სხვის სასიხარულოდ გაუჩენია.
- დღეს არ მოგელოდი, - უთხრა მზაღომ.
- დღეს მოვიდა კაცი, ელგუჯას ამბავი მომიტანა, მეც ვეღარ მოვითმინე და დღესვე წამოველ.
- მერე რაი ამბავი მოგივიდა?
- ელგუჯა კარგადაა. მოკითხვა შემოუთვლია შენთვის. რაი უჭირს ბედნიერსა?.. სამარის პირს რომ ყოფილიყო და შენი სახელი გაეგონა, გაცოცხლდებოდა, გა... ღვთის მადლსა.
- დამირჩა შენი თავი, მათიაუ, რომ შემატყობინე იმის ამბავი... ჩქარა ადგებაო?
- ჩქარა.
- მაშ სულ კარგად იქნება, ზეზე ადგება?
- ადგება, ადგება, მაგის ფიქრი ნუ გაქვს!
- მოუკვდა ჩემი თავი! იქნება მომვლელიც არავინა ჰყავს!
- რისთვის არ ეყოლების, დობილებს გაიჩენდა.
- დობილებს? - ჰკითხა მზაღომ და ეჭვმა გაურბინა გულში.
- რაი გაგიკვირდა? - ჰკითხა მათიამ და ჭმუნვით დაუწყო ყურება.
- არა მე არ გამკვირვებია... - შერცხვა მზაღოს: - მაგრამ რა ვიცი, რიგზე მოუვლის ვინმე?
- მაშ მე რომ დაჭრილი ვიყო, შენ არ მომივლიდი? - ჰკითხა მათიამ და დაღონებულმა დაუწყო ყურება.
- მე არ მოგივლიდი? მე დღესვე მზად ვიყავ თავი გადამედო შენთვის, თუ შენ გაჭირვებიდან დაგიხსნიდი, ერთს წამს არ დავფიქრდებოდი, სიცოცხლეს შეგწირავდი.
- ვიცი... შენ მართალს ამბობ.
- მართალს, ეგრემც შემეწევა ღმერთი!
- შენ კეთილი გულისა ხარ, ყველა გაჭირვებულს აგრე მოექცეოდი! - წარმოსთქვა ოხვრით მათიამ, რომელსაც უნდოდა, რომ მზაღოს იმისადმი სხვა გრძნობაცა ჰქონოდა და არა მარტო უბრალო კაცთმოყვარეობა.
ამ სიტყვების შემდეგ რამოდენიმე ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც დაარღვია ჯაჯალას მოსვლამ.
- წავიდეთ ჩქარა, შინა გვკითხულობენ, - უთხრა მზაღოს.
- აი, ესაა მათიაი, ჩემი ძმად ნაფიცი.
ჯაჯალამ თავი დაუკრა.
- ღვთის მადლმა, ეგრე მიამა შენი ნახვა, როგორც მზის ამოსვლა, - წყნარად თავის დაკვრით უთხრა ჯაჯალამ.
- შენი ნახვა მეც გამიხარდა, ლომისის მადლმა, - იყო პასუხი.
- ჩემი დობილის ძმობილი, ჩემიც ძმობილია! ცხო, რასა იქ, თავათ, ჯალაბობით, საქონლით?..
- დამირჩა შენი თავი.
- რაი ამბავი მოგვიტანე ელგუჯაისი?
- მშვიდობა, მშვიდობა.
- ხვალ კიდევ მოხვალ? - ჰკითხა მზაღომ.
- თუნდა სულ აღარ წავალ ამ ტყიდგან, არა, ლომისის მადლმა!
- მაი, მათიაისი! ხვალ ამ დროს გამოდი აქა, ჩოხას მოგცემთ და კვირას წადი ელგუჯასთან, ჩოხაც წაუღე და შენ თავადაც ნახე.
- აგრე.
- შენ უფრო დაწვრილებულს ამბავს შეგვატყობინებ. შენ თავადაც ხომ გინდა ელგუჯას ნახვა?
- ჰაი, ჰაი, რომ მინდა!
- წავიდეთ, წავიდეთ, - ისევ გააწყვეტინა ჯაჯალამ, - თორემ თქვენ ელგუჯაზედ ლაპარაკს ხვალამდინაც ვერ გაათავებთ და შინ კი გვეძახიან.
ამ სიტყვების შემდეგ ისინი გამოესალმნენ ერთმანეთს და დასდვეს პირობა მეორე დღეს ისევ იმ ალაგას შეყრილიყვნენ.
გაიარა კარგა ხანმა იმათი გაყრის შემდეგ. მაგრამ მათია ისევ ისე იდგა და არ იცოდა - როგორ მოქცეულიყო.
ბოლოს მოიაზრა, რომ ღამეს იქვე ტყეში გაატარებდა, მეორე დღეს მიზეზს რასმე მოიგონებდა, გავიდოდა დუქნებში და ამაობაში საღამოც მოაღწევდა.
- წავალ, ადგილს ამოვირჩევ და მივწვები! - ოხვრით წარმოსთქვა მათიამ და შევიდა ტყეში.
ღამე გარეთ გატარებას დაჩვეული, მიწვა ერთს მინდორზედ და დახუჭა თვალები. დაძინებას აპირებდა, მაგრამ ძილი თითქოს განგებ დაჰკარგოდა და ყურებში თითქოს ვიღაცა ჩასჩიჩინებდა: „შენ გინდა დაიძინო, მაგრამ მე არ დაგაძინებ; შენ გინდა ის ქალი გადაივიწყო, მაგრამ მე არ გადაგავიწყებ!“
მათიამ ამოიოხრა და მეორე გვერდზედ გადაბრუნდა.
მთვარე, რომელიც იმ ღამეს, თითქოს განგებ, ისე გაკაშკაშებულიყო, დედამიწას ნაზ სხივებს ჰფენდა და კაცის გულს მღელვარებას, მწუხარებას უღვიძებდა. მათიას გადაბრუნებაზედ მთვარის შუქი პირდაპირ პირისახეზედ მიადგა და ძალათი თვალები გაახელინა. მთიული ამობრუნდა გულაღმა და მთვარეს გატაცებით ყურება დაუწყო. შუქი თანაგრძნობით უალერსებდა იმის გახურებულს გრძნობას და ეუბნებოდა:
„შენ უბედური ხარ და მე, მარტო მე თანაგიგრძნობ. მე მომენდე, მე არასოდეს არ გაგცემ, მარტო მე შემიძლიან შენი საიდუმლოს შენახვა“...
ასეთი მოქმედება ჰქონდა მთვარეს მათიაზედ, და იმანაც გაშალა თავისი გული, თავისი გრძნობა და ყველა, ყველაფერი მიანდო შეყვარებულთ საერთო მოწამეს.
მაშ ვისთან უნდა გამოტეხილიყო, ვისთვის უნდა ეთქვა, რომ თავისი ძმად-ნაფიცის მიჯნური, რომლისთვისაც და-ძმობა უთქვამს, ამას შეჰყვარებია იქამდის, რომ გონებიდგან ჰშლის, სულს უხუთავს და მოსვენებას არ აძლევს? ამ წვალებით გაატარა მთელი ღამე, მაგრამ მათიას თვალს ძილი არ მოჰკარვია. ღამემ დღისაგან გაყრა დაიწყო და მათია ფეხზედ წამოდგა; მივიდა იქვე ახლოს წყაროსთან და რამდენიმე მუჭა წყლით გაიგრილა გახურებული შუბლი და თვალები, ახსენა ღმერთი და გაშინჯა თოფი, რომელსაც ფალია დაჰნოტიებოდა, და გამოუცვალა. ერთბაშად ტყიდგან მოესმა რაღაცა ფაჩიფუჩი, თითქოს ხმელ წიწკებს ვიღაცა ამტვრევდა. ცოტა ხანმა გაიარა და რამდენიმე ნაბიჯზედ დათვის ღრიალი შემოესმა, და ამ ღრიალთან გამოჩნდა უზარმაზარი მხეცი, ორის პატარა ბელით.
ძნელად იქმნება ისეთი საშიში მხეცი, როგორათაც დათვი, როდესაც ის თავის შვილებით არის და იმათ რომელსამე განსაცდელში ჰხედავს. საზოგადოდ მშიშარა, და კაცის დანახვაზედ უკუმოუხედავად გამქცევი, თუ დაჭრილი არ არის, - შვილებთან ის მძვინვარი, შეუპოვარი ჰხდება და თავგანწირულობით იბრძვის.
აქედგან შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, რა განსაცდელშიაც უნდა ყოფილიყო მათია.
მათიას არამც თუ შეეშინდა ამ მოულოდნელის სტუმრისა, კიდევაც გაუხარდა.
დათვს შეეძლო იმის სიკვდილი, მაგრამ ამჟამად ეს სასიხარულოც კი იყო მათიასათვის.
დათვი გამოვიდა თუ არა, შესდგა და ბღუილით დაღუნა თავი, თითქოს მიწას დაჰსუნა და ძლიერის ტოტებით თხრა დაუწყო, თითქოს სამარეს უმზადებდა ვისმე.
მათიამ რამდენიმე ნაბიჯი უკან წასდგა, მოეფარა მოჭრილს ხეს, მოამზადა თოფი და ხანჯალი ნახევრამდის ამოსწია. მათია ისე დაწყნარებით ემზადებოდა, თითქოს იქ არაფერი ამბავი იყო და ამ შემთხვევას კიდეც მოელოდა.
- გინდა შენი ძალა გამოსცადო?.. მობრძანდი, ვნახოთ... - ამ სიტყვებთან ერთად მათიამ ჩახმახი წამოაყენა. დათვმაც თითქოს იგრძნო ბრძოლის მოახლოვება და შესდგა უკანა ტოტებზედ. რამდენიმე წუთს ისინი თვალითა ჰზომავდნენ ერთმანეთს და განრისხებულნი ცეცხლებსა ჰყრიდნენ თვალებიდგან: კაცი და მძვინვარე მხეცი აპირებდნენ შებმას!
რამდენიმე წუთიც და დათვი საზარელის ღრიალით გადმოხტა. იმის გადმოხტომასთან ერთად გავარდა თოფი და დათვი ყირამალა გადატრიალდა, მაგრამ მაშინვე წამოხტა და ეძგერა მათიას. მათიამ თვალის დახამხამების უმალეს თოფი გადააგდო იქით, გაიკრა ხანჯალს ხელი და წინ მიაგება. მხეცი და კაცი ორნივ გაგორდნენ დედამიწაზედ, რომელზედაც რამოდენიმე ხანი იბრძოდნენ და ფართხალობდნენ. მერე ორნივ გაჩუმდნენ და რამოდენსამე ხანს ისე გაუნძრევლად დარჩნენ. ბოლოს კაცი წამოდგა გამარჯვებული, თუმცა არც ის დარჩენილიყო უნიშნოდ და იმის მხარს ეგრძნო დათვის კბილების ძალა. სწორედ იმ დროს, როდესაც მხეცს კბილები მოევლო მათიასთვის, ამის ხანჯალსაც შიგ გულში გაევლო მხეცისთვის და მისი ძალა დროზედ დაედუნებინა.
მათია წამოდგა, გაწმინდა ხანჯალი, ჩააგდო ქარქაშში და შემდეგ მოიბანა და შეიხვია მსუბუქი ჭრილობა. მივიდა, გაშინჯა დათვი, რომელსაც მკერდში მოჰხვედროდა ტყვია, მაგრამ შიგნით კი ვეღარ შეეტანებინა და ვერ დაემორჩილებინა.
ამ შემთხვევამ მათია ცოტაოდენი გაართო, მაგრამ, რა წამს ბრძოლას მორჩა და ფათერაკი აიცდინა, იმის აზრები ისევ მზაღოს მიუბრუნდა და გულმა შფოთვა დაუწყო. იმან იფიქრა, რომ დათვს გაჰხდიდა ტყავსა, წაუღებდა სვიმონს საჩუქრად და ამითი შეეძლო, არამც თუ ეხლა, არამედ ყოველთვის სვიმონის სახლში თავისუფლად სიარული. როგორც მოიაზრა, ისეც მოიქცა: გაჰხადა ტყავი, წამოიკიდა ზურგზედ და გაიტანა ქვეშეს, სადაც სვიმონი სახლის გვერდით მინდორზედ იყო და რამდენიმე მთიულს ელაპარაკებოდა. რაწამს ნაჩალნიკმა ასეთი საჩუქარი დაინახა და გაიგო მათიასაგან დათვის ასე გულადად სიკვდილი, დიდად იამა და ჰკითხა:
- თუ არ დაგგლიჯა?
- არა, შენი კვნესა - მე, ისე ცოტა რამ გამკენწლა.
- იქნება ძალიანა ხარ დაჭრილი?
- არა, შენი კვნესა - მე, არა მინდა-რა.
- წაიყვანეთ ესა და კარგა პური აჭამეთ, დაასვენეთ, დაღალული იქნების! - უბრძანა სვიმონმა იქვე მყოფს იასაულებს, - მაგრამ ვისი გვარისა ხარ?
- მე, შენი კვნესა-მე, ნადიბაიძე გახლავარ.
- ვისი შვილი?
- ნინიაისი, შენი კვნესა-მე.
- ნინია მთელს მთიულეთში ვაჟკაცობით და გულადობით განთქმულია... მიხარიან, რომ ღირსეულს ღირსეული შვილი გამოუხველ... წადი, წადი, დაისვენე: დღეიდგან ჩემი სახლი შენთვის ღიაა, როცა გინდოდეს მოხვიდოდე.
- შენი ჭირი მომცა ლომისამ! - თავის დაკვრით უპასუხა გახარებულმა მათიამ, რომლისათვისაც ყველაზედ მომეტებული წყალობა ეს იყო.
რა მათია შეიყვანეს სასტუმროში, რომელიც სვიმონს ცალკე ჰქონდა გამართული, მაშინათვე ყველანი მიეხვივნენ, დაუწყეს კაცს მილოცვა, დათვის ტყავს კი - შინჯვა, რომლის თავი, კბილები და ტოტები განსაცვიფრებელის სიდიდისა იყვნენ. მზაღომაც გაიგო მათიას გამარჯვება და იქ მივიდა, მაგრამ იმის შიშით, რომ მათიასაგან მისი ცნობა სხვებს არ გაეგოთ, მოშორებით და კრძალვით დადგა.
- გაიარე, ქალაუ, ჯაჯალას უთხარ, სტუმარს საჭმელი მოუმზადოს! - უთხრა იმას ერთმა იასაულთაგანმა.
მზაღო სიხარულით გაიქცა, რათა მითი მაინც გამოეცხადებინა მათიასათვის თავისი თანაგრძნობა. ჩქარა მოუტანეს სადილი, ჩქარა მოშორდნენ იასაულები და დანარჩენი ხალხი მათიას, რომელიც მარტო მზაღოს და ჯაჯალას დარჩა. ისინი წრფელის გულით ულოცავდნენ მთიულს და უხაროდათ მისი ამგვარი გამარჯვება, რომელმაც ვაჟკაცობის და გულადობის სახელი მისცა თავიანთ მეგობარს მათიას. თუმცა მთიულს უხაროდა ეს მდგომარეობა, მაგრამ სახეზედ სიამოვნების ღიმილი მაინც არ მოსვლია.
- მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით გადარჩი! - მეხუთედ და მეექვსედ ეუბნებოდა მზაღო.
- რაის მაქნისი ვარ, რო გადავრჩი? - უპასუხა დაღონებულმა მათიამ და ჩაფიქრდა.
- ალალია შენი დედის ძუძუ! - უჯთხრა ჯაჯალამ. - ღმერთსამც შეურგია შენთვის! - მერმე მიუბრუნდა დათვს: - ააუ... პირი რამოდენად დაუღია, - გაიკვირვა იმან.
- რომ მოვეკალ, იქნება უკეთესი ყოფილიყო, - ისევ იმ გულდათუთქვით წარმოსთქვა მათიამ.
- რაისათვის, რაისათვის? - შეტევით მისწვდნენ ქალები.
- ისე! - მხრების აწევით, ბედშავად უპასუხა იმან და ჩაღუნა თავი. ცოტა სიჩუმის შემდეგ დაიწყო ისევ მზაღომ:
- ჩოხას „ბატარა“ სირმა-ღა აკლია, მზის ჩასვლამდინ გავათავებთ.
- თქვენ იცით.
- მაშ ხვალ წახვალ?
- ჰაი, ჰაი, რო წავალ! შენის გულისთვის იქ კი არა, ლომისის მადლმა, ჯოჯოხეთშიაც კი ჩავალ.
- რაია, ბეჩა! შენ სულ შენი ელგუჯაი გაგონდება!.. - შეეხუმრა ჯაჯალა: - პური მაინც შეაჭამე.
ამ სიტყვებზედ მათიამ მადლიერის თვალით შეჰხედა.
- რაი ხარ, ღვთის მადლმა! - გაწითლებით და მორცხობით უთხრა მზაღომ.
- მაშ რაია, სულ ელგუჯა და ელგუჯა! პატარა დაასვენე.
- არა მინდა-რა, შენი კვნესა-მე! თუ კი თქვენ როგორმე გაგახარებთ, ეგ ჩემთვისაც სიხარულია.
სადილი გაათავეს, მათია დაიბარა სვიმონმა, რომელსაც ძალიან მოეწონა და იასაულადაც უნდოდა დაენიშნა; ქალები კი წავიდნენ და გულმხურვალედ, ფაცა-ფუცით მოეკიდნენ საქმეს.
საღამოზედ ჩოხა მზად იყო და მათიამ წაიღო ელგუჯასთან.
იქნებოდა გლეხების ვახშმობა, როდესაც მათიას გამოუჩნდა ხარანაულების სახლი და მოესმა ძაღლების ყეფა. იმ დროს ის თავის განუშორებელს ფიქრში იყო და ძაღლების ხმაურობამ შეაკრთო. მთიული შედგა და წამოიძახა:
- რა პირით უნდა შევხედო ელგუჯას?.. - და მერე დაუმატა: - რაი ჩემი ბრალია, მიყვარს და რაი უნდა ვქმნა!..
იმასა სტანჯავდა ის გრძნობა, რომელიც ცეცხლსავით უვლიდა გულში და რომლის მოშორებაც უნდოდა, მაგრამ ძალა აღარ სწვდებოდა. ყოველი იმის სხეული, ყოველი ასო, ყოველი ნიჭი მზაღოს შეეპყრო, დაემორჩილებინა და თავის დახსნის შეცდა მხოლოდ მომეტებული წვალება-ღა იყო მათიასათვის. ერთი აზრი-ღა უმაგრებდა გულს და ეს აზრი ძმად ნაფიცის წინაშე მოვალეობა, მაგრამ ვინ იცის, დიდხანს შეიძლებდა ამით ბრძოლას?
მათია მივიდა ხარანაულების სახლთან და სახლის პატრონს შეუძახა. ძაღლები გადმოესივნენ, მაგრამ ყმაწვილმა თუშმა, რომელიც გადმოეშველა, მოაშორა და შესძახა:
- გზა მშვიდობისა, მათიაუ!
- მშვიდობა მოგცეს უფალმა!
ისინი შევიდნენ შინ, იმ საწოლში, რომელიც ელგუჯასთვის დაეთმოთ. წარმოიდგინეთ უკანასკნელის სიხარული, როდესაც მათია დაინახა. იმან აღარ იცოდა სიხარულით რა უნდა ექნა და როგორ მოჰქცეოდა; არ იცოდა საიდგან დაეწყო ლაპარაკი ან როგორ მიჰსალმებოდა.
მათიაც სწორედ ამავე მსგავს მდგომარეობაში იყო, თუმცა იმათი მღელვარება სხვადასხვა მოპირდაპირე საბუთისაგან წარმოსდგებოდა.
ათასჯერ ერთსა და იმავე საგანზედ იწყებდნენ ლაპარაკს და ყოველთვის გაუთავებელი ჰრჩებოდათ.
ელგუჯას ნაწრთობს და გამოცდილს, გამაგრებულს აგებულებას, ადვილად აეტანა თავისი ჭრილობა და ეხლა ზოგიერთს ალაგას იარები არ შეჰკროდა, თორემ სხვაფრივ სრულებით კარგად იყო და თავისუფლად სიარული შეეძლო.
პირველი მისალმების შემდეგ სტუმრებს ვახშამი მოუტანეს და უფროსი ხარანაულიც იქ შემოვიდა. რა ვახშამზედ დასხდნენ, ლაპარაკი გადავიდა თემის ყრილობაზედ და იმათ გადაწყვეტილებაზედ, რომელმაც ელგუჯა სრულიად გააღარიბა და ულუკმოდ დააგდო.
- ელგუჯაუ!.. - დაიწყო ხარანაულმა: - ღმერთს ლუკმა მოუცია ჩემთვის, ღვთის მოწყალება არა მაკლია-რა, ცხორონიცა მყავს... დასახლდი აქ, დადექ ცხორში და დაგიზიარებ.
- დამირჩა შენი თავი! ღმერთიც იმად გაძლევს საცხოვრებელს, რომ ეგეთი ხარ.
- მართალის გულით გეუბნები, აგრემც ხელს მომიმართავს ლაშარის ჯვარი!
- არა, შენაი ჭირაიმე, მე ერთს უბედურს გზას გამოვკიდებივარ და დეე უბედურად გავიარო!
- რაი გინდა ჰქმნა, თემის გარდაწყვეტილებას ხომ არ შეებმი?
- თემის წინააღმდეგობა საით იქნების?.. თემის სიტყვა ღვთის ბრძანებაა, კაცი ვერ გადავა იმას.
- ვაჟკაცს, ვაჟკაცური სიტყვა ექნების! - მოუწონა ხარანაულმა. - მაშ რას იქ?
- რაი ვიცი! დედამიწა დიდია და ცა მაღალი, ყველას დაიტევს.
- მაი, აგრე ნუ, ელგუჯავ! - გაურია სიტყვა მათიამ; - ხარანაულნი შეძლებული გვარია, დადექი მაგათას, მოკეთდი, დამშვიდდი და მერმე რასაც ღმერთი გვაგონებს, ისა ვქმნათ.
- ეგრე ჰქმენ, ეგრე, ელგუჯაუ! - დაუმატა ხარანაულმა, - აქ დაგაქორწინებ, თითონ მე მოგგვრი ქალსა!.. ლაშარის ჯვარის მადლმა, ვისაც შენ დამისახელებ, იმას მოგგვრი. აი დედიჩემის ღმერთსა! ქალს როგორ ვინმე დაგვიჭერს! ჩემი ბალღები შენთვის სულ გასწყდებიან!
- ამას ამორჩეულიცა ჰყავს, - მოაგონა მათიამ: - იმას ვეღარ უღალატებს.
- მაშ ის მოუყვანოთ! - წამოიძახა ხარანაულმა მხიარულად, ჩაიტეხა ქუდი და დაუმატა: - თითონ მე წამოგყვები მაყარში... ყაბულს არა ხარ?
ბევრი უარის შემდეგ ელგუჯა დაჰყაბულდა, დადგა ხარანაულებისას, რომელთაც მათიას დასწრებით, ოთხმოცი ცხვარი დაუზიარეს.
მათიამ, ელგუჯამ და კიდევ რამდენიმე ყმაწვილმა ბიჭებმა პირობა დასდვეს, რომ რაწამს ელგუჯა ცოტა უკეთ შეიქმნებოდა, მზაღოს მოიტაცებდნენ.
მათია ჩამოვიდა შინა და გზიურ ქვეშეთს გაემართა, რადგან ელგუჯას ამბით მზაღო უნდოდა გაეხარებინა. მთიული პირველში თითონაცა ხარობდა ქალის ამგვარად გახარებას, მაგრამ რამდენადაც ქვეშეთს უახლოვდებოდა, იმდენად გული ელეოდა. იყო ისეთი წუთიც, როდესაც მათია სრულებით გამობრუნებასა და გადაკარგვას აპირობდა იმ ადგილებიდგან, სადაც ასეთი სატანჯველი ასტეხოდა.
- სიტყვა?.. ფიცი?.. - იტყოდა გამწარებული მთიული და გააგრძელებდა გზასა.
ამ ხანში მზაღო და ჯაჯალაც მათიაზედ და ელგუჯაზედ ლაპარაკში იყვნენ. ისინი სხვა გოგოებთან ერთად წასულიყვნენ იქვე ჭალაში თხილისა და მარწყვის მოსაკრეფად. ჭალაში ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დაიყვნენ და ისე დაიფანტნენ. შუადღემ მოაღწივა და ჩამოცხა. ქალები მივიდნენ არაგვის პირთან, ჩრდილში დასხდნენ, რომელიც მოსდებიყო იმ ადგილს იქვე მდგარის ხეებიდგან.
ქალებს თითქოს მოსწყენოდათ ერთმანეთთან საუბარი და ეხლა გაჩუმებულნი თავთავიანთ ფიქრს ეძლეოდნენ.
- ძალიან გიყვარს ელგუჯაი? - ბოლოს გაწყვიტა სიჩუმე ჯაჯალამ და დაუწყო ყურება მზაღოს.
- ბეჩა, მაგას რაიღა კითხვა უნდა? განა შენ კი არ გიყვარს მათიაი?
- რაი უყოთ რომ მიყვარს?.. ჩემი ძმაა და ძმასავით მიყვარს. ის ყველა ქალს შეუყვარდება, - ოხვრით დაუმატა ჯაჯალამ და გაჩუმდა.
მზაღოს პირისახეზედაც ღიმილი გამოიხატა, გახედა მოსაუბრეს და ერთბაშად წამოიძახა:
- გონჯია მათიაი, გონჯი!
- რაი სთქვი? - წამოწევით და გაკვირვებით შეხედა ჯაჯალამ.
- გონჯია-მეთქი მათიაი, - იმავე ხმით გაიმეორა მზაღომ, რომელსაც გუნებაში გაურბინა ბავშვურმა სურვილმა - ჯაჯალა გაეჯავრებინა.
- ჰხუმრობ, - უპასუხა ქალმა და ხეს მიეყუდა.
- კი არ ვხუმრობ, მართალს ვამბობ. იმას ქალი არ მისთხოვდება.
- რად არა?
- იმად, რომ გონჯია.
- დიახ, გონჯია!.. შენი ელგუჯაი ემჯობინება, არა? - ვეღარ მოითმინა ჯაჯალამ.
- ჰაი, ჰაი, რომ სჯობს. მათიაი რაი კაცია?
- აგრე რაისთვი ლაპარაკობ, ღვთის მადლსა? - წყენით უპასუხა ჯაჯალამ.
ამაზედ შეჰყვნენ ერთმანეთს და საქმემ იქამდის მიაღწივა, რომ ჯაჯალამ ტირილი დაიწყო და იმითი გამოაშკარავა თავისი გრძნობა. მზაღოს არ უნდოდა მეგობრის წყენა და ამისათვის მოეხვია ჯაჯალას ყელზედ და დაუწყო კოცნა.
- ავაიმე, ჯაჯალაუ! რას სჩადი?,, მე გეხუმრებოდი ბეჩა და შენ კი მართლა ტირილი დაიწყე?.. დაჩუმდი, შენაი ჭირაიმე, დაჩუმდი... ღვთის მადლმა, ალალ დას არ ეყვარება მათიაი ისე, როგორც მე მიყვარს.
მაგრამ უბრალოდ აჩუმებდა მზაღო ჯაჯალას, რომელსაც ღაპაღუპით გადმოსდიოდა ცრემლები და ამბობდა:
- არავის არ უყვარვარ, ყველას ვეჯავრები, შენც, შენც კი გეჯავრები.
კაცი ვერ იტყვის, როდემდის გაგრძელდებოდა ქალების საუბარი, თუ იმათ სმენას სხვა დედაკაცების ხმაურობა არ მისწვდომოდათ. ისინი შეყრილიყვნენ და ამხანაგებს შინ წამოსასვლელად ეძახდნენ.
ჯაჯალამ საჩქაროდ მოიწმინდა თვალები, შესდგა რაოდენსამე ხანსა და დაღონებულს მზაღოს ყურება დაუწყო; უკანასკნელმა არ იცოდა, რითი გაესწორებინა თავისი შეცდომა, უნებურად ჯაჯალას წყენინება ასე იდგნენ კიდევ რაოდენიმე ხანს, თითქოს გაბუტულები არიანო; მერე შეჰხედეს ერთმანეთს, ორთავ გაიღიმეს და მოეხვივნენ ერთმანეთს, ორთავეს ერთმა და იმავე აზრმა გაუელვა თავში, და ეს აზრი შეეხებოდა სინანულს. ამ დროს კიდევ მოესმათ სხვების ძახილი და სახლისკენ გაიქცნენ გულის კანკალით.
როდესაც ყველანი შეგროვდნენ, ჯაჯალამ დასძახა სიმღერა, იმას სხვებმა მისცეს ბანი და ასე გასწიეს შინისაკენ. ჯაჯალას ქალამნებში ქვიშა ჩასცვივნოდა და სიარულს უშლიდა ის დაჯდა გზის პირს მიწაზედ, გაიხადა ქალამნები და ბერტყა დაუწყო. ამაობაში ამხანაგები კარგა გასცილდნენ და მოეფარნენ ცხვირწამოწვდენილს კლდესა. ჯაჯალა სცდილობდა ჩაეცვა ქალამნები და მოსწევოდა თავის ამხანაგებს, მაგრამ, როგორც ყოველთვის არის ხოლმე, როცა კაცს ეჩქარება, უფრო უგვიანდება, იმას ვეღარ ჩაეცვა ქალამანი და ძაბრიგანა მეათედ უსხლტებოდა. შორი-ახლო ტყეში შუბი გამოჩნდა, რომელიც წყნარ-წყნარად ირხეოდა და გზაზედ გამოვიდა რუსის ყაზახი, რომელსაც ჯაჯალას გვერდით უნდა გაევლო. ქალს შეეშინდა, წამოავლო ქალამნებს ხელი, მაგრამ ყაზახმა მხოლოდ შეჰხედა და ჩუმად გაიარა; ბოლოს შესდგა ცოტა ხანს, მოაბრუნა ცხენი, ჩამოხტა და დაუფიქრდა. შემდეგ გაქანდა შეშინებულის ჯაჯალასაკენ და ხელი გაავლო.
- კარგი, კარგი, მარუშკა, - უთხრა იმან დაღმეჯით, რომელსაც ღიმილი უნდა მოესწავებინა.
- დაგიბრმეს თოლი! გამიშვი, მომეცალე, გზაზედ! - შესძახა ქალმა და გაემართა წასასვლელად.
- რა გაყვირებს? აი, ფულს მოგცემ, - უთხრა რუსმა და წინ გადაუდგა.
ყაზახმა ამოიღო ჯიბიდან კაპიკიანი, რომლისათვისაც სარკიდან ანაფხეკი ვერცხლის წყალი წაესვა და ვერცსლისფრად დაეფარა.
- არ მინდა, არა! თქვენგან საცოცხლეც კი არ მინდა, არამც თუ ფული! მომშორდი.
- რასა ჰკივი?.. აქ არავინ არის და არც არავინ მოგეშველება, აიღე, უყურე, როგორი ვერცხლის მანათია... მოდი, შენის ნებით მაკოცე, თორემ ინანებ.
ქალს არ ესმოდა რუსული, მაგრამ კარგად ჰხედავდა, რომ ამ ყაზახს ჩვეულებრივი უპატიოსნება განეზრახა და ძალდატანება მოეწადინა.
- რაღა მეშველება მე დაღუპულს! - წამოიძახა ჯაჯალამ და მეორე მხარეს გატრიალდა გასაქცევად.
საგულის ბოლოები ქარისაგან გაფრიალდა, ყაზახს პირდაპირ ხელში მოჰხვდა; იმანაც მაგრა მოჰკიდა ხელი და მიიზიდა თავისკენ; ჯაჯალამ დაინახა, რომ ვეღარ გაექცეოდა, გამობრუნდა და დაუწყო უზრდელს თავ-პირში ცემა; გამხეცებულმა ყაზახმა მაგრად მოჰხვია მკლავები, აიყვანა ხელში და დადორბლილის ტუჩებით დაუწყო ლოშნა. ქალი იბრძოდა, რაც კი ძალი და ღონე ჰქონდა, მაგრამ რას გახდებოდა კაცთან, რომელსაც გადაეწყვიტა უეჭველად იმისი გაწბილება. ჯაჯალას ღონე უსუსტდებოდა. ბრძოლაში რუსმა სიხარულით გარდააქცია, ქალმა შიშით ცახცახი დაიწყო; სისუსტე დაყვირების ნებასაც კი აღარ აძლევდა და სწორედ ამ დროს, როდესაც იმედი უნდა გარდასწყვეტოდა, ვიღასიც ღონიერი ხელი წამოსწვდა რუსს კისერში, გადაატრიალა იქეთ და ბურთსავით დასცა.
ჯაჯალამ შეჰხედა და დაინახა მათია, რომელიც თითქოს მიწიდგან ამოსულიყო დედაკაცის კივილზედ და ასე დროზედ მოესწრო იმისთვის.
- წადი, შინა! - თითქმის ბრძანებით შესძახა მათიამ და მიუბრუნდა რუსსა.
ქალმა წინააღმდეგობა ვეღარ გაბედა და დარცხვენილი შინისკენ გაიქცა.
- აი. შე დაუნდობელო ძაღლო, შე დიაცო, შენა... ცხო რაი შეგიძლიათ, თუ არ დიაცთან ბრძოლა! - შესძახა მათიამ ყაზახს.
ყაზახი წამოდგა და რაკი ძალა დაინახა, ჩვეულებისამებრ გამოიჭიმა.
- დამნაშავე ვარ, ბატონო, - წამოიძახა შეშინებულმა რუსმა.
- დამნაშავე კი არა, ძაღლი ხარ და ძაღლსავით და უნდოდ იქცევი! აბა დედა შეირთე ცოლად, თუ შენი ძაღლობა არა სცადო.
ყაზახი ისევე გამოჭიმული იდგა, მაგრამ რა შეჰხედა მათიას განრისხებულ სახეს და ამოღებულს ხანჯალს, ის მაშინვე დაეცა მუხლის ჩოქზედ და დაუწყო ხვეწნა:
- თქვენო მაღალკეთილშობილებავ! თქვენო ბრწყინვალებავ! მომიტევეთ... მოიღეთ ღვთიური მოწყალება.
მათია ყურს არ უგდებდა, მიდიოდა რუსისკენ განრისხებული, მაგრამ რა შეჰხედა იმის შიშისაგან დამახინჯებულს სახეს, ზიზღით წამოიძახა:
- მე ხანჯალს პირუტყვებზედაც კი ვხმარობ, მაგრამ შენზედ კი არ წავბილწავ, არ გავმურტლავ, ცოდოა ხანჯალი.
შემდეგ მივიდა, შეუკრა ხელები, აჰყარა იარაღი, გახადა შარვალი და ისე შესვა ცხენზედ, რომელიც დააყენა გზაზედ და გაუშვა.
ასე ადვილად გადარჩენით გახარებული ყაზახი, სიხარულით მიაჭენებდა ქვეშეთისკენ, მაშინ, როდესაც მათია რუსს ზიზღით უყურებდა და იძახდა:
- სხვა კაცს რომ მოჰსვლოდა ეგეთი საქმე, მაშინ ის თავად ეცდებოდა ცხენიდგან მაინც გადმოვარდნილიყო, თავი ქვაზედ გაეხეთქა და აგრე სასირცხვილოდ კი არ გამხდარაყო... ეგ კი, უყურეთ-ღა, როგორ მიაჭენებს!.. აჰუ! შეგირცხვათ კაცობა! - ხელის ჩაქნევით წამოიძახა იმან.
ამ დროს ყაზახმა მიაღწივა ერთს ფერდოს, რომელიც მუდამ იშლებოდა და წვრილ-წვრილად ჩამოდიოდა გზაზედ. ვნახოთ ერთბაშად რაღამაც იჭექა, და მოხეთქილი კლდე წამოვიდა ხრიალით. ამ ხმაზედ ცხენი დაფრთხა და განზედ გახტა; ყაზახმა თავი ვეღარ დაიჭირა და გადმოეკიდა, უბედურმა უზანგიდან ფეხი ვეღარ დაახწია და ამან კი ცხენი უფრო დააფრთხო; აითრია პატრონი და უკანა ფეხების ცემით თავი მთლად გაუნაყა და პირისახე შესაზარად დაუგლიჯა.
- რაისიც ღირსი იყო, ლომისამაც ისე მოუმართა ხელი... ძაღლს ძაღლური სიკვდილი მიერგების! - სთქვა იმან და გამობრუნდა. მათიას გულში ამ სურათმა სიბრალულის. ნაპერწკალიც კი არ აღძრა. იქამდისინ აბეზარს მოსულიყო, რომ ჩვეულებრივს სიბრალულსაც კი ვეღარ გრძნობდა.
მათიამ ზიზღით გადაჰყარა ყაზახის ტანისამოსი და იარაღი, რომელსაც ისე უყურებდა, როგორც უწმინდურს რასმეს და თავის გზას გაუდგა.
ქვეშეს ისე შევიდა თავისუფლად, რადგანაც ეხლა მალვის მიზეზი აღარა ჰქონდა.
მზაღო მოელოდა, რადგანაც ჯაჯალას შეეტყობინებინა მთიულის მოსვლა, თუმცა თავის შემთხვევაზედ კი ყოველისფერი დაემალა.
იმათ დიდხანს ლაპარაკი არ დასცალდათ, რადგანაც მათიას სვიმონმა დაუძახა. მზაღომ გაიგო მხოლოდ, რომ ელგუჯა კარგად იყო, ჩქარა მორჩება და მზაღოს გაიტაცებდნენ, რადგანაც ელგუჯას ურვადის მიცემა ვერ შეეძლო.
მათია შევიდა სვიმონთან, რომელიც სავარძელში იჯდა და რაღაცა ქაღალდებს ჰკითხულობდა.
- საღამო მშვიდობისა! - თავის დაკვრით უთხრა მათიამ სვიმონს.
- ო, მათია!.. გამარჯვება შენი, როგორა ხარ?
- კარგად! შენი კვნესა მომცა ლომისამ!..
- მამაშენს არ დაეკითხე: გაყენებს იასაულად თუ არა?
- რად არა, შენი კვნესა-მე! შენთან ხლების ღირსიც არა ვარ.
- შენ ძალიან მომეწონე ღა იასაულად კიდეც ჩაგწერე... ცხენით გინდა იყო, თუ ქვეითად?
- ჩემთვის რა ბედენაა, შენი კვნესა-მე... როგორც შენ გინდა.
- მაშ კარგი, მე ცხენიანად ჩაგწერ და შენ კი ქვეითი იქნები. თუ ცხენი დაგჭირდა როდისმე, ერთერთს ჩემ ცხენზედ შეჯდები.
- შენ იცი, შენი კვნესა-მე!
- ეხლავე დარჩები, თუ შინ წასვლა კიდევ მოგიხდება?
- შინ ჩასვლა მინდა, შენი კვნესა-მე... აქ ახლო სოფელში ვიყავ, საქმე მქონდა და მამაჩემს სიტყვა უნდა ჩავუტანო.
- აგრე ჰქმენ...
მათიამ თავი დაუკრა და გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ სვიმონმა ისევ მოაბრუნა:
- ელგუჯა მართლა თქვენსა იწვა?
მათია შეკრთა ამ მოულოდნელს კითხვაზედ, რადგანაც ეგონა, რომ სვიმონი გაუწყრებოდა, მაგრამ თავი ჩქარა შეიმაგრა და ამაყად უთხრა:
- იწვა, შენი კვნესა-მე.
- ძმად ხომ არა ხარ იმასთან გაფიცული?
- ვარ, შენი კვნესა.მე.
სვიმონს იამა, რომ მათიამ ასეთი გულადობა გამოიჩინა; მით უფრო, რომ იმან კარგად იცოდა, რომ ელგუჯა სვიმონის მოსისხლე იყო და ვინც უნდა გამასპინძლებოდა მას, მთის მებატონეს სასიამოვნოდ არ უნდა დარჩენოდა.
- ეხლა სად-ღა არის?
- არ ვიცი, შენი კვნესა-მე!
- არ იცი? - ჰკითხა სვიმონმა და დაუწყო გამომცდელის თვალებით ყურება,
- არა.
- იცი, რა გითხრა, მათიაუ? მე შენთან ძმად გაფიცვა მინდა.
- ნუ, შენი კვნესა-მე! რაი ღირსი ვარ შენს ძმობას?
- ეგ მე ვიცი... პირდაპირ მითხარ; რად არ გინდა ჩემთან ძმობა?.. ვაჟკაცი პირდაპირი უნდა იყოს.
მათია გასწორდა და ამაყად შეჰხედა სვიმონს:
- შენ რაისთვი-ღა არ მეუბნები პირდაპირ?
- მეც პირდაპირ გეტყვი.
- მაშ კარგია. მე შენთან ძმობა იმად არ მინდა, რომ ელგუჯასთან ვარ ნაფიცი და შენ კი ჩემი ძმობილობა იმის დასაღუპად გინდა. იმას კი ჩემგან ისე არ ეღალატების, როგორც ლომისასა, ჩემგან ფიცი ვეღარ გატყდების, თუნდა დღესვე ჩამომახრჩო... ახლა გითხარ ყველა... უთხარ დამიჭირონ, შემკრან, დამხვრიტონ და მე ჩემს სიტყვას არ გადავალ, ფიცს არ ვუღალატებ.
- ნუ ჩქარობ, ვაჟო! - უთხრა სვიმონმა მათიას და წყნარა ამოიღო ნაწილები, რომლებიც გულზედ ეკიდა: - ამათ გეფიცები რომ ღალატი არ გავივლო გულში... არც ეგეთი კაცი ვარ, ღვთის მადლმა, რომ ღალატით ვიცხოვრო. მე ყველა ვიცი - ისიც ვიცი ეხლა ელგუჯა სადაც არის! მე იმის გატანჯვა, სიკვდილი არ მინდა, ღმერთი იყოს შენი თავდები.
- მაშ რაი გინდა? - გაშტერებით იკითხა მათიამ და დაუწყო ყურება.
- მკითხავ? გინდა შეიტყო - რაი მინდა? კარგი, მეც ყველას გეტყვი: მართებლობა ელგუჯას ხელმწიფის მოღალატედ უყურებს და იმისი ან დაჭერა, ან სიკვდილი განუზრახავსთ; მეც მომივიდა ქაღალდი, რომელშიაც იწერებიან, - ხალხს გამოვუცხადო, რომ ვინც ელგუჯას ცოცხალს დაიჭერს, ორმოცს ვერცხლის მანეთს მისცემენ, და ვინც მოჰკლავს, ოცდახუთს.
- მერე? მე ან უნდა მოვკლა, ან ცოცხალი დავიჭირო, არა? -თითქმის დაცინვით წარმოსთქვა მათიამ.
- ბალღო, შენ გული წმინდა გაქვს და სიტყვა წინ გირბის!
- რაი უყო, შენი კვნესა-მე!.. თუ კაცთან მტრობა მექნა, მევე გადავახდევინებ, სხვას შემწეობას არა ვსთხოვ... ფულის გულისთვის ძმას ვერ ვუღალატებ, ვერა, ლომისის მადლმა!
- ვიცი, ვიცი, მათიაუ, და ჩემი გულის პასუხსაც იმისთვის განდობ.
- თუ კი იცი, მაშ რაღადა მცდი, შენი კვნესა-მე?!
- იმად, რომ ელგუჯა უნდა გადავარჩინოთ.
- შენ გინდა გადაარჩინო? - გაკვირვებით წამოიძახა მათიამ, რომელიც სრულებით არია სვიმონის სიტყვებმა.
- გიკვირს?
- ჰაი, ჰაი, რო მიკვირს!
- ელგუჯა მეტად ვაჟკაცია, რომ კაცმა სასიკვდილოდ გამოიმეტოს... ის ჩემი მეზობელია, ჩემთვის სირცხვილია იმის სიკვდილის სურვილი... დაიჯერე, ღმერთი იყოს შენი თავდები, მე არ მინდა იმისი სიკვდილი.
- შენ რომ სხვა იყო, არ დავიჯერებდი, - ცოტა ფიქრის შემდეგ წარმოსთქვა მათიამ: - მაგრამ შენი კი მჯერა... მითხარ, რაი გინდა ჩემგან?
სვიმონს სიამოვნება გამოეხატა - პირისახეზედ და ღიმილით უთხრა:
- ყური დამიგდე... მე არ შემიძლიან ეს ქაღალდი დავმალო. ქვეყანაში ავი კაცი არ დაილევა... საქვეყნოდ რომ გახდეს ეს ქაღალდი, მეშინიან, ფულმა არ დასძლიოს ვინმე და მართლა არ მოჰკლან ელგუჯაი!
- ჩვენში ეგეთი არც ვინ არ გამოვა, - ამაყად უპასუხა მათიამ.
- მეც აგრე მგონია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ასტკივა... შენ შეჰყარე შენი მეგობრები, რომლებზედაც იმედი გქონდეს მოიყვანე აქა და ამათ გამოვუცხადებ! ისინი ჯვარს დაუსმენ ამ ქაღალდს და ისე დავუბრუნებ ქალაქში, რომ მეც გასამართლებელი საბუთი მქონდეს.
- ვის გაჰგზავნი, შენი კვნესა-მე?
- ქაღალდებს... გაიგე?
- გავიგე, შენი კვნესა-მე?
- ეხლაც არ გამეფიცები ძმად?
- ეხლა ჩემი თავი, როგორც გინდა, ისე იმსახურე, შენი კვნესა-მე!.. მათია გაჩვენებს, რომ ის მთიულია და იცის მეგობრობა!
ერთმა კვირამ გაიარა ამ შემთხვევის შემდეგ, როდესაც სვიმონის სახლში მათია და სვიმონი, მოხუცი კაცების დასწრებით, ძმად იფიცებოდნენ.
როგორც სვიმონს უნდოდა ბრძანების ხელის მოწერა, მათიამ სწორედ ისე მოუხერხა და ამის შემდეგ დადგა იასაულად.
ეს შემთხვევა მათიას პირველში უხაროდა, რადგანაც მზაღოსთან უფრო დაახლოვდებოდა და ყოველთვის იმის ცქერა თავისუფლად შეეძლო. მაგრამ, საუბედუროდ, ისე არ მოუხდა, როგორც ეგონა.
მზაღოს ყოველდღიური შეხვედრა იმას კი არ ამშვიდებდა, უფრო ამღელვარებდა და უდუღებდა სისხლს. საკმარისი იყო იმისთვის ერთი შეხედვა, ერთი დალაპარაკება, ერთი გაღიმება მზაღოსაგან, რომ მათია გაფითრებულიყო და იმ მდგომარეობამდის მისულიყო, როდესაც ადვილად შეეძლო ყოველი დანაშაულობა მოეხდინა.
ამავე დროს, მზაღოს სასიხარულოდ, ელგუჯას კარგად მყოფობაზედ ხმა მოდიოდა. ჯაჯალა, რომელსაც გაგიჟებით, უანგაროდ შეჰყვარებოდა მათია, იტანჯებოდა, ჩუმად, განმარტოებით, რადგანაც აშკარად ამჩნევდა მათიასაგან მზაღოს სიყვარულს. ყველაზედ მეტად ამას სტანჯავდა მათიასთან შეყრა და ლაპარაკი, რადგანაც მთიულის სიტყვები მზაღოს ყოველთვის ისე ნაზად და სიყვარულით შეეხებოდა ხოლმე. ჯაჯალა იტანჯებოდა და ხანდისხან იქამდისინაც კი მივიდოდა, რომ კინაღამ შესძახებდა: „რაისთვის მტანჯავ რას მემართლები?“ მათიას არც ამ ქალის დატანჯვა უნდოდა და ვერცა ჰხედავდა მის ამ სატანჯველს.
გულდანაღვლილს ჯაჯალას ვერ გაებედნა გაჩუმებულიყო, არ ეპასუხნა მათიასთვის, და თუმცა მძიმე, ძალიან მძიმე იყო იმისთვის მზაღოზედ ლაპარაკი, როდესაც გული სულ სხვა საუბარს ითხოვდა. მაინც ასრულებდა მთიულის სურვილს.
ერთ ღამეს მათია მეტად დაღონებული იყო, თუმცა განსაკუთრებითი დაღონების მიზეზი არა ჰქონდა-რა, და ცხოვრების მდინარება არავითარს ცვლილებას არ წარმოადგენდა. ერთს მშვენიერს საღამოს, როდესაც სვიმონ ფასანაურში წასულიყო, იქ დახოცილის ყაზახების საქმის გამოსაძიებლად და დამნაშავეების მოსაძებნად, ქვეშეთში რაღაც სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, თითქმის ბუნებაც კი გაჩუმებულიყო, რაღასაც მოელოდა.
მშვენიერი საღამო, ნათელი მთვარე, ნაზი ბუნება, განმარტოებულ ოცნებისთვის იზიდავდა კაცს. მათია გამოვიდა საიასაულოდგან, წყნარა გაიარა მინდორი და არაგვის პირს ჩავიდა. წყალი ჩხრიალით თითქოს უალერსებდა დაძინებულს ბუნებას.
ეს ხმა ამ მყუდროში ისე ტკბილად მოისმოდა, ისე უალერსებდა, ისე უყვავებდა მათიას, რომ მისი რკინის გული მოალბო და ათასგვარი ფიქრი აღუძრა, ერთი ერთმანეთზედ სანატრელი, შეუძლებელი. ის შევიდა ოცნებაში და წარმოიდგინა თავისი თავი ბედნიერად, რომელსაც ალერსით ახარებდა მზაღო. იმ წუთში ის დარწმუნებული იყო, რომ ამ ქალს მარტო ის უყვარდა, მარტო იმაზედ ფიქრობდა და ქვეყანაზედ არავისზედ არ გასცვლიდა!.. მთიული ოცნებამ იქამდინაც კი გაიტაცა, რომ საყვარელი ქალი მთელი თავის მშვენიერებით თვალწინ წარმოუდგა, ის ხელსა ჰკიდებდა ნაზ ტანსა, შეჰყურებდა მშვენიერს ჟუჟუნა თვალებში და პირი ისე ახლოს მიეტანა, რომ თითქმის სუნთქვასაც კი ჰგრძნობდა. მათიას თვალწინ ეხატებოდა გიშრის ფერი თმები, რომელიც ქარს გაეწეწა, და წყნარად არხევდა, ჰხვდებოდა იმის პირისახეს და სასიამოვნო ღუტუნით ნეტარების მღელვარებას აღუძრავდა... მათია ნიავის მსგავსი ჩურჩულით, სავსე კრძალვით და უმანკოებით წარმოსთქვამდა ფიცს სამუდამო სიყვარულისა და ერთგულებისას. მათია დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველა არამც თუ ოცნების ნამუშევარი იყო, რომელშიაც გულს ისე დაეჯალდა გონება, რომ თავის სასურველს სურათებს ცოცხალს ჭეშმარიტებად წარმოუდგენდა...
როდესაც მათია ამ ნეტარებაში იყო, ერთმა კაცმა გამოიჩქეფა არაგვი. ამოვიდა გორაზედ და მთიულის წინ გაჩერდა. ახალმოსულმა დაუწყო იმას ყურება და უკვირდა, რომ უკანასკნელი მას არამც თუ არავითარს ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს არც კი ამჩნევდა მის მოსვლას.
- მათიაუ, მათიაუ! - უთხრა იმან და ხელი დაადო მხარზედ.
ამ სიტყვებზედ მათია ისე შეკრთა, რომ ახალმოსული შეაშინა.
- ბეჩა! რაი მოგივიდა, მათიაუ?! ვეღარ მიცანი?
- ჰა!.. შენა ხარ?.. ჰო, შენა, შენა... - და ამ სიტყვებთან ერთად გაიშვირა ხელები.
ახალმოსულს ეგონა, რომ იცნო და გადახვევნას უპირებდა, მაგრამ მათია ისევ ისე შეუნძრევლად იდგა, და მხოლოღ მაშინ მოვიდა გონსა, როდესაც უცნობმა მკლავი დაუჭირა და დაუწყო ნძრევა.
- ვინა ხარ? რაი გინდა? - ოხვრით გაეშვებინა ისა და უკან მიდგა.
- ბედშავო ჩემო თავო!.. რაი მოგსვლია, ვეღარ მიცან?
მაშინ მათიამ შეხედა და დაინახა, რომ იმის წინ ელგუჯა იდგა.
მკითხველს შეუძლიან წარმოიდგინოს, რა სატანჯველიც უნდა ეგრძნო მათიას გულს, როდესაც თავისი მეტოქე დაინახა! სანატრელის მდგომარეობიდამ, სწორედ იმ დროს, როდესაც ოცნებას ისე სასიამოვნოდ გაეტაცნა, გამოიყვანა იმ კაცმა, რომელსაც მზაღო ეკუთვნოდა და რომლისთვისაც შეუბმელად, უცდელად უნდა დაეთმო!.. არამც თუ მხოლოდ უნდა დაეთმო, არამედ თითონ უნდა მიეცა შემწეობა, ეშველა იმათ შეერთებისთვის.
გრძნობაგავსებულ მათიას სატანჯველი ნაღველად გადმოედინა, აგრძნობინა თავისი მდგომარეობა. მთიულმა თავი ვეღარ შეიმაგრა და თითქმის ქვითინით, გადაეხვია ძმად ნაფიცს, რომელმაც მათიას ქცევა ნახვის სიხარულად მიიღო.
- ელგუჯა, ელგუჯა, შენი კვნესა-მე!..
- კარგიღა, მათიაუ, ღვთის გულისათვის გაყუჩდი!.. რაი მოგსვლია, ბედშაო?
- არაფერი, არაფერი! - დარცხვენით წარმოსთქვა იმან და გული შეიმაგრა: - ცხო როგორ ხარ, საიდამ?
- ვმადლობ უფალსა, კარგადა ვარ...
- ხომ სრულებით მორჩი, აღარა გტკივა-რა?
- ვმადლობ უფალსა... თავად რაღასა იქმ?
- მე რაიღა საკითხავი ვარ! რაი მიჭირს? - მწარის ღიმილით მისცა პასუხი.
- ცხო? მთიულეთს რაი ამბავია?
- არც რა.
- მზაღო როგორაა? რაისთვის არას მეუბნები იმაზედ?
- მზაღო?.. ჰო, რაი უჭირს ბედნიერსა... შენ გელის. შენს გონებაში იყო სულ! საჩქაროდ დაიწყო მათიამ, რომელსაც ამ საგნის შეხება ისე ამღვრევდა: - წავიდეთ! ახლავ გამოვიყვან!..
ამ სიტყვების შემდეგ ისინი წავიდნენ იმ წიფელთან, რომლის გვერდითაც მათიამ მზაღო პირველად ჰნახა, ელგუჯა იქ დააგდო და თითონ კი მზაღოს მოსაყვანად წავიდა.
ელგუჯა მოუთმენლად ელოდა ქალის მოსვლას, და თითო გავლილი წუთი წლებად ეჩვენებოდა. ერთბაშად გაიშრიალა რაღაცამ და ელგუჯას მკლავებში მიესვენა გონებადაკარგული მზაღო.
- შენა ხარ, შენა?! კიდევ მშვიდობით გხედავ?! - გატაცებით ჩასჩურჩულებდა მზაღო.
- დამშვიდდი, ჩემო ყველავ! ნუ გეშინიან, ეხლა აღარ გავიყრებით... გცივა?.. ეგრე რა გაკანკალებს?
- არა, არ მცივა, არა... - და ამ სიტყვებთან ერთად მაგრა მიეკუნჭებოდა ელგუჯას.
ბოლოს, როგორც იყო, იმათი გონება დონს დაადგა და ელგუჯამ უთხრა:
- მზაღო, მოემზადე, შენს გასატაცებლად ჩამოველ!
- ჩემს გასატაცებლად? - თითქო შეკრთა მზაღო.
- ჰო, შენს გასატაცებლად... რად შეგეშინდა? - ჰკითხა ელგუჯამ და გაკვირვებით დააცქერდა.
- არა, არა, მე არ შემშინებია... შენთან რისა უნდა მეშინოდეს!
- მაშ რას ამბობ, რად გაგიკვირდა?
- არ გამკვირვებია... არა, მაგრამ... ვაი თუ კიდევ გამოგვეკიდნენ, კიდევ ვაი-ვაგლახი მოხდეს.... შენ ერთხელ გადარჩი, ახლა კიდევ ხელმეორედ...
- ჩემო ყველავ!.. მოხვევნით გააწყვეტინა ელგუჯამ: - სულ ჩემზედა ჰფიქრობ!
- არა, არა, ეგრე მეყვარები, ნუ გამიტაცებ!..
- ეგ შეუძლებელია.
- ეგ შეუძლებელია?.. - ჩაფიქრდა ქალი და ერთბაშად წამოიძახა: - აგრე უნდა იყო, აგრე... დამიჯერე, თავი დამანებე... მე უბედური ვარ, ამდენი მსხვერპლიც კმარა...
- ათი იმდენი მსხვერპლიც რომ მოხდეს, თავს მაინც არ დაგანებებ.
- არ ვღირვარ მაგათა, არა! - წამოიძახა მზაღომ და ტირილით მიეყრდნო ელგუჯას. ის ტიროდა მდუღარედ, თრთოლვით და აღელვებით. აშკარად სჩანდა, რომ რაღაცა მძიმე ლოდი აწვა გულზედ, რომლის გამოთქმაც უნდოდა და ვერ გაებედნა.
ელგუჯა დაღვრემილი, შეწუხებული შეჰყურებდა, თითქოს იმასაც ეგრძნო მზაღოს მდგომარეობა.
„იქნება აღარ ვუყვარვარ?..“ - თავში გაუელვა ელგუჯას.
როდესაც მზაღომ გული მოიჯერა ტირილით, ელგუჯამ წყნარად მოიშორა გულიდგან, დაუჭირა პირისახე, ააწევინა თავი და პირდაპირ თვალებში შეჰხედა.
- მზაღო შენ რაღაცა გაქვს ჩემთან დამალული, პირდაპირ რად არ მეუბნები? ხვალ თუ ზეგ ჩემი ცოლი იქნები, განა ცოლს ქმართან დამალული უნდა ჰქონდეს რამე?
მზაღოს ტანში ჟრჟოლამ გაურბინა ამ სიტყვებზედ; იმან დახარა თავი და რაღაცა წაიბუტბუტა.
- ვაჟკაცს ჭირში გამაგრება უნდა, მითხარ ყველა.
მზაღო ებრძოდა თავის გრძნობას, მერმე ერთბაშად დაეცა მუხლებზედ და მწუხარებით წამოიძახა:
- დაძნაშავე ვარ... თავი უნდა მომეკლა, მაგრამ შენი ნახვის სურვილმა შემიშალა ხელი...
ამ სიტყვებზედ ელგუჯა ხანჯალს მისწვდა, მაგრამ თავი შეიკავა, ისევ დაიკრიფა გულ-ხელი და ისე შეჭმუხვნილი უყურებდა.
- მითხარ, რაი ამბავია?
მზაღო მოუყვა თავის გაწბილების ამბავს, რომელზედაც ლაპარაკი მთელ სიცოცხლედ უღირდა.
- ეხლაც არ დარწმუნდები, რომ შენი ღირსი აღარა ვარ?
- ბარემ, ბარემ მინდოდა, აგრე მეთქვა, მაგრამ რაი ვქმნა, რომ მიყვარხარ, ჩემ თავზედ მეტად!.. მიყვარხარ... - ელგუჯამ ძალზედ მიიკრა გულზედ მზაღო და დაუწყო გაშმაგებით კოცნა.
რამდენიმე დღის შემდეგ, ხარანაულების მთაზედ შედიოდა მეფიონი, რომელთა შორის ელგუჯას თავის საცოლე მზაღოთი იცნობდით. მაყრებმა შესძახეს:
მოვდივართ, მოგვიხარიან,
მოგვყავს დედალი ხოხობი!
III
ელგუჯა და მზაღო დასახლდნენ ხარანაულებისას, სადაც მტერი ისე ადვილად ვერ მიუდგებოდა, და მაშასადამე, იმათი ცხოვრება უნდა წასულიყო ტკბილად და მშვიდობიანად. ელგუჯა დადიოდა ცხვარში და თავის მუყაითობით და სიბრთხილით ყველას აკვირვებდა. მზაღოს თითქმის ყოველდღე მიჰქონდა იმასთან მთაში ჯერი. ისინი დასხდებოდნენ ხოლმე რომელიმე მთის ფერდობზედ, ან სერზედ. მაღლა, მაღლა, ისე მაღლა, რომ ბევრჯერ ნისლი და ღრუბელი იმათ ქვეით მოიქცეოდა, და მაშინ ამაყად შეეძლოთ ეთქვათ, რომ ღრუბელს ფეხითა ვთელავთო! იქ იალაღზედ ხუმრობდნენ, ხარობდნენ, იცინოდნენ.
ასე გადიოდა დღეები, კვირეები...
ამ დროს ორი ამათი მეგობარი ქვეშეთში ერთ რიგის ცეცხლით იწოდნენ, თუმცა ამ ცეცხლის აღმგზნებელი სრულიად სხვადასხვა პირი იყო.
ესენი გახლდნენ მათია და ჯაჯალა. მათია, რომელსაც არ ავიწყდებოდა მზაღო და ჯაჯალა, რომელიც თავგანწირულებამდის მიეყვანა მათიას სიყვარულს.
მზაღოს მოტაცებისთვის სვიმონს განსაკუთრებით ყურადღება არ მიუქცევია და თითონ მდევარი, რომელიც გამოუყენა გაქცეულებს, ხალხის თვალად იყო გაგზავნილი და ამისთვის მდევრის მოთავედ მათია დაენიშნა. ეჭვი არ იყო, რომ მათია ელგუჯას უეჭველად შემწეობას მისცემდა და არასოდეს არ გამოეკიდებოდა, როგორც მოსისხლე. ეს ყველა იცოდა სვიმონმა და სწორედ ამისათვის დანიშნა მათია მდევრის მოთავედ.
სწორედ ამავე ხანებში მთიულთა შორის მოვიდა ამბავი საქართველოს რუსეთთან შეერთებისა. ეს ხმა სწრაფად გავარდა ხალხში და მთელი საქართველო შეარყია.
რასაკვირველია, რომ მთაც არ დარჩენილა უგრძნობლად და უმოქმედოდ ამ საერთო მოძრაობის დროს, და აქაც ისეთი მთრთოლვარე დღეები დადგა, როგორც დანარჩენს საქართველოში. მათიასთვის ეს საგანი კიდევ იმითი იყო სხვებზედ გადაჭარბებით საწყენი, რომ ყველაზედ ხშირად შეჰხვდებოდა ხოლმე რუსებსა და იმ დროის ჩინოვნიკების უთავბოლო და არა იშვიათად უსამართლო მოქმედებას. ამას ემატებოდა კიდევ ყაზახების და სალდათების მხეცური ქცევა, და რასაკვირველია, დაშინებულებს არ უნდოდათ ეს შეერთება.
ამ მდგომარეობით ისარგებლეს ალექსანდრე ბატონიშვილის მომხრეთა და დაინახეს საუმჯობესო წუთად ხალხის ასაჯანყებლად. ისინი ყველა შესაძლო და შეუძლებელს ხმას ავრცელებდნენ რუსების შესახებ, და უფრო აღელვებდნენ ისეც გულამღვრეულს მთიულთა, მოხევეთა და ფშავ-ხევსურთ...
ჯალაბაურები მთიულეთის ერთი განთქმული გვართაგანი იყო და მოხუცს აბდია ჯალაბაურს დიდი პატივი და სახელი ჰქონდა დამსახურებული. ის საქმე, რომელშიაც ეს მოხუცი მიიღებდა მონაწილეობას, უეჭველად თავგამობმული შეიქმნებოდა და ამისთვის ყველა მთიული აბდიას სრულის ნდობით მიემხრობოდა ხოლმე.
ერთს დღეს აბდიას კალოზედ შეყრილიყო რამდენიმე მთიული და რაღაცას ლაპარაკობდნენ. ყველას პირისახეზედ ეტყობოდა ჩაფიქრება, ჭმუნვარება; ყველას ეტყობოდა, რომ იმათ ყრილობის საგანი მეტად აღელვებდა: არც ჩვეულებრივი სიცილი და ხუმრობა, არც სიმღერა, არც ოხუნჯობა! არაყიც კი, ის უეჭველი საჭიროება ყოველგვარი ყრილობისა, არსად სჩანდა. ყმაწვილ მთიულებს აერჩიათ უფროსების მოშორებით ალაგი და იქ შეგროვებულიყვნენ; ყველა ამათგანს ხელში ეჭირა რომელიმე იარაღი, რომელსაც ისე უვლიდნენ, სწმენდავდნენ და მართავდნენ, როგორც „გულის საყორელს“.
აშკარადა სჩანდა, რომ ეს კრება არ იყო ჩვეულებრივი. უეჭველია განსაკუთრებითი რაღაცა ამბავი ხდებოდა, და ეს ამბავი უნდა შეჰხებოდა საერთოდ ყველას, რადგანაც იქ ჰხედავდით გაოფლიანებულს, დაღალულს ცხენებს, რომელთაც თავისი პატრონები შორის ადგილიდან უნდა მოეყვანათ.
ამ კრებას წამდაუწუმ ემატებოდნენ ახალ-ახალი მოსულები, რომელთაც იქ მყოფთაგანი რამდენიმე კაცი ჩუმად წინ მიეგებებოდა, ჩუმად მიესალმებოდა და ჩუმადვე მიაცილებდა მოხუცს - მოხუცებთან და ყმაწვილს - ყმაწვილებთან.
ბოლოს მოისმა სიმღერის ხმა და გამოჩნდნენ დეკანოზები დროშებით, რომელთაც სამასამდის შეიარაღებული, ქუდმოხდილი კაცი სიმღერით მოსდევდნენ. ეს ხმა იყო რაღაცა დიდებული, ვაჟკაცური, მაგრამ შემაწუხებელი, რომელიც მომღერლებს შიგ გულის საძირკვლიდგან სწყდებოდა და მაღალის ბანით მედგრად გადაქცეული ჰაერში გრგვინვასავით გაივლიდა.
კალოზედ მყოფი ხალხი წამოცვივდა ფეხზედ, მოიხადა ქუდები და პირჯვრისწერით წინ მიეგება.
ყველანი მოწიწებით მიდიოდნენ, ყველანი გულმხურვალედ უყრიდნენ მუხლს იმ წმინდა დროშებსა, რომელნიც არაერთხელ წინ გასძღოლოდნენ ბრძოლის ველზედ და არაერთხელ იქიდგან გამარჯვებულნი და სახელოვანნი დაებრუნებინათ.
დროშები მოასვენეს კალოზედ და დაასვენეს ნიშთან, რომელიც იქვე კალოს ნაპირზედ უბრალო ჭაჭებისაგან იყო აშენებული. დეკანოზები მოუდგნენ გვერდს და დანარჩენი ხალხი კი გაიშალა მინდორზედ, რომელიც იქვე, კალოს ქვეით, გადაშლილიყო. ყველანი გაჩუმდნენ და გაინაბნენ, ყველამ ხმა გაკმინდა, სული განაბა. ცოტა ხანმა გაიარა სიჩუმეში, და მოისმა ზარების ჟღრიალი.
- ამწყალობნებენ, ამწყალობნებენ! - შეინძრა ხალხი. ყველამ მიაქცია თვალები დეკანოზებს და ქუდებ-მოხდილებმა დაიჩოქეს.
დეკანოზებმა დაიწყეს ხალხის დამწყალობნება, რომელშიაც ხვეწნას გამოსთქვამდნენ ღმერთთან და წმინდანებთან, რომ იმათ არ დაეგდოთ თავის ხალხი და დაჰხმარებოდნენ იმათ გაჭირვებაში, დაეხსნათ მტრის ხელიდგან და მფარველად ჰყოლოდათ უბედურებაში. ეხვეწებოდნენ, რომ, როგორც მრავალჯერ, ეხლაც გემოეჩინათ თავისი სასწაული, და ქართველი ხალხისათვის თვალები აეხილებინა...
ამის შემდეგ ისინი შეუდგნენ იმათ „შეკვრას“ (წყევლასა), ვინც მათ შორის მოღალატე გამოვიდოდა და ვინც ამ მოღალატეს ან დაიფარავდა, ან დაინდობდა და ან რომელიმე შემწეობას აღმოუჩენდა.
ყოველ ამ სიტყვაში სჩანდა ხალხის საერთო სურვილი, საერთო გულის ძგერა, გულის ნაღველი, რომელიც შეგუბებულიყო დიდიხნის სატანჯველით, და დღეს კი ვეღარაფერს დაემაგრებინა, გადმოეხეთქა გარს შემოზღუდული სიმაგრე და წარმოუდგენის სისწრაფით მთელს ხალხს მიეღო...
ყოველ დალოცვის შემდეგ აღელვებულ ხალხში გრგვინვასავით გაივლიდა:
- ამინ, შენს მადლსა!
და ეს საერთო ფიცი, საერთო უბედურებისაგან გამოხმობილი ხმა, თითქოს ერთიორად ამხნევებდა, აგულადებდა და ამაგრებდა იქ მყოფებს.
ლოცვა და ფიცი რომ გათავდა, აბდია წამოდგა და დეკანოზებთან ავიდა. აჰყვა რამდენიმე მოხუცი; დანარჩენი ხალხი კი გაიყარა თავთავის საზოგადოებად, და თითო საზოგადოებიდგან რიგრიგად გამოვიდოდა წინამძღომელი და მედროშე, მივიდოდა დროშასთან, რომელიც აბდიას ეჭირა ხოლმე, მოუყრიდა მუხლსა, ემთხვევოდა და სახალხო სიწმინდეს მოწიწებით ჩაიბარებდა, შემდეგ ჩამოვიდოდა და თავის საზოგადოებას უერთდებოდა; ხალხი მიეშურებოდა დროშას მთხვეოდა, გალობით და პატივით მიეღო.
აშკარადა სჩანდა, რომ ამ ხალხს დიდი რწმუნება ჰქონდა თავიანთ დროშებზედ და იმათი პატივისცემა იქამდისინ მიაღწევდა, რომ ადვილად არც დაჰკარგავდნენ და არც დაანებებდნენ ვისმე; არამც თუ დაანებებდა ვისმე ამ სახალხო ნიშანს, - ის დიდიდგან პატარამდის გასწყდებოდნენ და ხალხის ეროვნობის დამაკავშირებელს ნიშანს არ დაჰკარგავდნენ.
როდესაც ეს ყველა გათავდა, - მედროშეთ ჩაიბარეს თავიანთი დროშები, და სხვადასხვა თანამდებობის პირნი იქმნენ ამორჩეულნი, - ხალხი თითქოს დაწყნარდა.
ამ წუთიდგან მეთაურები უბრალო ხალხისაგან ერთბაშად ისეთს მბრძანებლებად გადაიქცნენ, რომელთა სიტყვასაც ყოველი უარის უთქმელად ასრულებდა, და ამორჩეულებიცა გრძნობდნენ თავიანთ ძალას და მნიშვნელობას.
აბდია გავიდა ცალკე და დაიძახა:
- მეთაურნი აქ გამოვიდნენ!
იმისი სიტყვები ხალხში რამდენჯერმე გამეორდა და მათგან თითო-თითოდ, ამაყად გამოდიოდნენ მეთაურნი და მიდიოდნენ აბდიასთან.
როდესაც ყველანი შეგროვდნენ, ისინი დასხდნენ განსაკუთრებით მარტონი და დაიწყეს სჯა თავიანთ მდგომარეობის შესახებ.
- ხალხო! გაიგეთ, რომ რუსის ხელმწიფესთან გაგზავნილები დაბრუნდნენ?
- გავიგეთ, შენი კვნესა-მე, გავიგეთ!
- მეფე გივარგის სიკვდილიც გაიგეთ?
- ეგეც გავიგეთ, შენი კვნესა-მე!
- გაიგეთ შუაკაცებს რაიც პასუხი მოუტანიათ?
- გავიგეთ, მაგრამ კარგად ვერ ჩაგვისმენია.
- აი, ქალაქიდგან მოსული სტუმარი თვითონ გეტყვისთ! - შეჭმუხვნილის სახით წარმოსთქვა აბდიამ და მიუბრუნდა იქ შორიახლო მდგომს მთიულს: - წადი, სტუმარი მოიყვანე.
მოვიდა სტუმარი, რომელსაც ქართლული ტანისამოსი ეცვა და თავიდგან ფეხებამდინ შეიარაღებული იყო. სტუმრის მოსვლაზედ ყველანი ფეხზედ წამოდგნენ და მიესალმნენ. იმანაც მდაბლად დაუკრა თავი და უთხრა:
- მშვიდობა ვაჟკაცს მთიულებს!
- ნუ მოგიშალოს ლომისამ მშვიდობა! - იყო საერთო პასუხი.
აბდიამ მოიპატიჟა ქართლელი, თავის გვერდით მისცა ადგილი, და ყველანი ისევ დალაგდნენ.
- სტუმარო, - დაიწყო აბდიამ, - ამ ხალხს გაგონება უნდა, რაიც საქართველოში ხდება... მართალია რომ გვიღალატეს, გაგვყიდეს?
- მართალია, მართალი... დღეის იქით თქვენ ვეღარ იხილავთ თქვენს მეფეს, თქვენ აღარ გეყოლებათ თქვენი საკუთარი მეფე.
ამ სიტყვებმა ხალხში ნაპერწკალივით გაიარა და იქამდის ააღელვა, რომ კარგა ხანმა გამოიარა, სანამ ახალმოსულს სალაპარაკოდ დრო დარჩებოდა.
- გაჩუმდით, გაიგონეთ! - ბოლოს წარმოსთქვა აბდიამ, და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
- თქვენ ყველას გაგონილი გაქვსთ, რომ განსვენებულმა მეფე გიორგიმ რუსეთს შუაკაცები გაჰგზავნა იმ პირობათა შესაკრავად და დასამტკიცებლად, რა პირობითაც რუსები ჩვენში უნდა დარჩენილიყვნენ. ჩვენ ყველას ისე გვქონდა გაგებული და გარდაწყვეტილი, რომ რუსეთს, როგორც მართლმადიდებელს ხალხს, ძმური ხელი უნდა გამოეშვირა ჩვენთვის და შეერთებულის ძალით წინააღვდგომოდით მაჰმადიანებს; მაგრამ მეფე მაინც ჩვენი უნდა გვყოლოდა. ამის სამაგიეროდ ჩვენ უნდა შეგვენახა ის ჯარები, რომელიც საქართველოში იქნებოდა და ცოტაოდენი მახტის მაგიერი ხარჯი გვეძლია მათთვის.
- რად გვინდოდა ისინი, შენი კვნესა-მე? ათასჯერა ვყოფილვართ გაჭირვებაში, მაგრამ ჩვენვე მოგვიშორებია თავიდგან! - წარმოსთქვა რამდენიმე პირმა.
- მაგაზედ ეხლა ლაპარაკი გვიანაც არის და მეტიც. მეფემა და ხალხმა აგრე დაინახეს უკედ, აგრე ამჯობინეს თავის ქვეყნისათვის და აგრე გადასწყვიტეს... ამ პირობათა შესაკრავად მეფემ გაჰგზავნა შუაკაცები, რომელნიც დაბრუნდნენ და ქალაქში სწორედ მეფის სიკვდილის დღეს შემოვიდნენ. ისინი ჯერ ისევ ვერაზედ იყვნენ, ქალაქში არ შემოსულიყვნენ და მეფე არ ენახათ, როდესაც, ჩვენდა ვაგლახად, მეფემ დალია უმანკო სული... დიაღ, მეფემ დალია სული. და იმის უკანასკნელი ჟამი მნახველს გულს მოუკლავდა, ისე იტანჯებოდა განსვენებული. იმის სიკვდილის შემდეგ შემოვიდნენ ქალაქში რუსეთს გაგზავნილი კაცები და მაშინდელმა მართებლობამ გამოაცხადა მეფე გიორგის სურვილად - საქართველოს რუსეთის მფლობელობის ქვეშ შესვლა!.. ეს ხმა ზარსავით დაგვეცა თავს, რადგანაც ჩვენ რუსეთისგან მფარველობა გვინდოდა და მოულოდნელად ყმად კი გადავიქეცით... მართლა მეფემ გარდასცა საქართველო, თუ გაგზავნილებმა გამოსცვალეს ქაღალდები და მეფე კი ქალაქში მოწამლეს, როგორც ხმა გამოვიდა, - ეხლაც არავინ იცის...
ამის შემდეგ პირობა შეჰკრეს, რომ რუსის ჯარებისთვის, რომელთაც ათიოდე დღეზედ უნდა ჩამოეარათ, გზები ისე შეუკრან ფასანაურის ვიწროებში, რომ ვეღარც წინ წავიდნენ და ვეღარც უკან; მოხევეთაც მოელაპარაკონ, რომ იმათაც დარიელის ხეობა შეჰკრან და რუსი აღარ გადმოაჭაჭანონ.
ამის შემდეგ კრება დაიშალა და ყველანი გარდაწყვეტილებისამებრ წავიდ-წამოვიდნენ, გზების შეკვრას შეუდგნენ.
დაცარიელებულს ადგილზედ მხოლოდ ერთი კაცი-ღა დარჩა, რომელიც მძიმე ფიქრებს წაეღო, მაგრამ მალე გონს მოვიდა, შეიბერტყა და წამოიძახა:
- აბა ელგუჯაუ! ბატარაი გაბრძოლება გინდოდა და დროც მოვიდა.
ეს კაცი გახლდათ მათია, რომელსაც ხალხის არეულობა თავის ძმადნაფიცისათვის უნდოდა შეეტყობინებინა.
მშვენიერად გამწვანებულს ფერდობზედ, ლამაზად შეფენილიყო ქაღალდივით თეთრი ცხვარი და წყნარ-წყნარად მოვიდ-მოდიოდა აღმა. ორი ყოჩი ქვეით ჩამორჩენილიყო და თავგანწირვით იბრძოდნენ, რადგანაც რომელიმე „შიშაქი“ სადაოდ გაჰხდომოდათ და ერთმანეთს თავს აღარ ანებებდნენ, ოღონდაც სატრფოს მოწონებით და არჩევით გაბედნიერებულიყვნენ. ყოჩები უკან-უკან წავიდოდნენ, გაუდგებოდნენ ერთმანეთს განზედ და, როდესაც საკმაოდ განშორდებოდნენ, კამარით და ლაზათიანის ხტუნაობით, ყელმოღერებულები ერთი ერთმანეთისკენ გაექანებოდნენ; მიახლოვებულნი შუბლს ერთმანეთს მედგრად აჯახებდნენ, შემდეგ, გაბრუებულები, ფრუტუნით გაიქნევდნენ თავს და ისევ ხელმეორედ განშორდებოდნენ, რათა ხელ-ახლად ეცადათ თავიანთი რქების, კისრის და თავის სიმაგრე და ძალა, იქამდის მიდიოდა იმათი თავგანწრულება და სურვილი გამარჯვებისა, რომ ბევრჯერ შეტაკების შემდეგ, ორნივ თავრეტდასხმულნი გადაიქცევოდნენ უკან და რაოდენიმე ხანი ისე უსულონი ეყარნენ. გარეშე კაცს რომ შეეხედა იმათ ბრძოლისათვის, ეგონებოდა, რომ მებრძოლნი შუაზედ გაიხეთქდნენ შუბლს. მაგრამ მწყემსი, რომელიც ფარას სათავეში მოჰქცეოდა, სიამოვნებით უყურებდა იმათ ბრძოლას. მთიული ყოჩების გაშველებას არც კი სცდილობდა, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ მათი დამშვიდება, სანამ ერთი მათგანი გამარჯვებული არ შეიქმნებოდა, შეუძლებელი იყო; სანამ ერთს მათგანს არ ეღირსებოდა ალერსიანის ყმუყუნით გავლა თავის სატრფო შიშაქის წინ, და მეორეს კი, შერცხვენილ და თავდახრილს, - ფარაში დამალვა, მათი დაცხრომაც წარმოუდგენელი იყო.
მწყემსი დაყრდნობილიყო თავის შვინდის კომბალზედ და დასცქეროდა ცხვარს, რომელსაც მეტის მეტად წინ არ უშვებდა, რომ უფრო გულიანად ეძოვათ ღა წინ-გასულთ უკანებისათვის ბალახი არ ექელათ.
დიდის, გაბანჯგლულის ფეხებით და შესაზარის შეხედულობის ქოფაკს, ერთ მაღლობზედ ამოერჩია ალაგი და იქიდგან ჰდარაჯობდა ცხვარსა.
ერთბაშად ძაღლი წამოვარდა, შეჰყმუვლა და გაექანა ერთი ქედისკენ, რომლიდგანაც ერთი დედაკაცი ამოჩნდა. ძაღლი მივიდა ქალთან, დაუწყო ლაქუცობა, წკმუტუნით ყეფა და ზედ ხტებოდა; ეტყობოდა ახალმოსულის ნახვამ ძაღლი მეტისმეტად გაახარა. ქალიც თავისი ნაზი ხელებით უალერსებდა და უყვავებდა პირუტყვს. რაწამს მწყემსმა თვალი მოჰკრა მომავალს ქალსა, სახემ გაუღიმა, თუმცა დიდი ხანი იყო, რაც ამგვარად ხშირად ხარობდა ხოლმე, მაგრამ გულმა ისე დაუწყო ძგერა, თითქოს შეყრის პირველი დღე ყოფილიყო.
ისინი მივიდნენ ერთმანეთთან, სიხარულით მოეხვივნენ და დასხდნენ. ქალმა მოიხსნა გუდა, ამოალაგა ხაჭაპურები, ყველი და ქადა. პირველის ალერსის შემდეგ დაიწყეს პურის ჭამა.
- ქალაუ, მთიულეთით თუ არავინ მოსულა? - ჰკითხა ელგუჯამ, რომელსაც უეჭველია, მკითხველი იცნობდა.
- არა, - უპასუხა ქალმა.
- რაისთვისღა იგვიანებენ? - წარმოსთქვა ელგუჯამ და დაფიქრდა.
- სოფელში კი ამბობენ, რაიმე არეულობა არის მთიულეთსაო, და არ ვიცი....
- არეულობაო?
- ვაჟები ლაშქრად ემზადებიან.
- მეფისას რას ამბობენ, ვინა დგებაო?
- არ ვიცი... ხალხი გიორგისა გლოვობს, ყველა უფროსებმა წვერი დაიყენეს.
- რას გვარგებს წვერის დაყენება? ღვთის მადლსა!
ამ დროს ძაღლი, რომელიც იქვე იწვა და ენაზებოდა მზაღოს, წამოვარდა - და გაანჩხლებული, ყეფით გაქანდა გზისაკენ, სადაც ერთი მთიული მგლურის ნაბიჯით შემოდიოდა. თუშური ქუდი კოხტად გვერდზედ მოჰქცეოდა და უმშვენებდა სიცოცხლით სავსე პირისახეს, ჩოხის კალთები განიერს ღვედის ქამარში ისე ჩაეკეცა, როგორც სიარულში და ომის დროს იკეთებენ ხოლმე. ქამარზედ მოზრდილი ხანჯალი წელს უშვენებდა. სასწრაფო და საპირისწამლე, ორკენვე მხარ-იღლივ ჰქონდა გადაკიდებული, ამტკიცებდნენ, რომ მეომარი უნდა ყოფილიყო; გაშიშვლებული თოფი, მხარზედ გადადებული, მზის სხივზე კრიალებდა. მთელი იმისი მიხრა-მოხრა ამტკიცებდა სიამაყეს და გულადობას. შეკრული და გაფრთხილებული, ისე გულადად მოდიოდა, რომ მტერსაც კი მისი ნახვა სასიამოვნოდ მიაჩნდებოდა; დამიზნებულს თოფს შეაყენებინებდა, რომ საკმაოდ დამტკბარიყო იმის მშვენიერებით.
- მათია, მათია! - წამოიძახა ელგუჯამ, რაკი მთიული დაინახა და გაექანა. ძაღლი გაშმაგებით დაეძგერა ახლადმოსულს.
- ჰა, აზგამ, შე ბაითალმანო! აზგამ! - დასძახა ელგუჯამ ძაღლსა, რომელიც მაშინვე გამობრუნდა და კუდი დაუშვა.
- ბედშავო! აფთარავ! მოკეთე ვეღარ გიცვნია?.. - უფრო მშვიდობიანად დაუმატა ელგუჯამ.
- ელგუჯას გამარჯვება! - შემოსძახა მათიამ.
- გაგიმარჯოს, მათიაუ!
ამ დროს მზაღოც მოვიდა, მაგრამ ვაი იმ მოსვლას!.. რაწამს მათიამ თვალი შეჰკრა, მაშინვე ფერი ეცვალა და წაიბარბაცა.
- რაი მოგივიდა? - მიეშველა ელგუჯა.
- არც რა, არც რა!.. თავს რეტი რამე დამესხა... - უპასუხა მათიამ და თვალებდაშვებული წყნარად მიუბრუნდა მზაღოს:
- დას გაუმარჯოს!
- აუ, ბედშავო ჩემო თავო, მე კი გული გამიხეთქე-და, რაიღა გამარჯვებისა?.. დაჯექ, დაჯექ, არ წაიქცე! - ეუბნებოდა მზაღო.
- არა მიშავ-რა, შენი კვნესა-მე ცხელი დღეა, მზემ ძალა თუ დამატანა.
- წადი-ღა, წყაროდგან წყალი მოიტანე! - მიუბრუნდა ელგუჯა მზაღოს, რომელიც საჩქაროდ გაბრუნდა.
- ნუ ირჯები, შენი კვნესა-მე! ნუ, არა მინდა-რა, გაიარა!.. - წარმოსთქვა მათიამ, თუმცა თავს ძლივს-ღა იმაგრებდა.
მთიული იმ დროს ჰგრძნობდა ჯოჯოხეთის ცეცხლსა, წამებას და სატანჯველს, რაც კი ადამიანისათვის გაჩენილა ამ სოფლად, მაგრამ ყოველს ღონისძიებასა ხმარობდა, არ შაემჩნივათ.
ისინი მივიდნენ ბინასთან, დასხდნენ და დაიწყეს ლაპარაკი.
- რაი ამბავი ჰხდება მთიულეთს? - დაიწყო ელგუჯამ.
- რაი ამბავი, ომი იქნების.
- ომი?! - სიხარულით წამოხტა ელგუჯა.
- ჰო, ომი.
- ვისთან?
- რუსებთან.
- ძლივს!.. აბა დედალ-მამლობა ახლა გამოჩნდების, აი!
ამ სიტყვებზედ მზაღო შეჰკრთა და წყნარად პკითხა:
- შენც თუ არ წახვალ?
- მე? მე ყველაზედ მეტი მიზეზი მაქვს.., ჩადი შინ და ხარანაულთ უთხარ, ცხორს მოეპატრონონ, და მე კი იქ წავალ, საცა. ჩემი ტოლ-სწორები იქნებიან...
მზაღო ჩუმად წამოდგა, ჩუმად გამოესალმა მათიას და ჩუმად თვალებში ცრემლმორეული გაემართა გზას.
მათია და ელგუჯა კი დაფიქრებულნი, გაჩუმებულნი დარჩნენ; ბოლოს უკანასკნელს გულმა ვეღარ მოუთმინა და უთხრა მათიას:
- პატარა ხანს ცხვარზედ თვალი დაიჭირე, შინ რაიმე დამავიწყდა, წავალ, იმ ქალას მივეწევი და დავაბარებ!
- აგრე, - იყო მოკლე პასუხი.
ელგუჯა გამოუდგა თავის ცოლს, რომელსაც ჩქარა მოეწია.
- ქალაუ, მოიცადე-ღა!
მზაღო შესდგა და მადლიერის თვალით შეხედა.
- რაი გინდა?
- მე სოფელში აღარ ჩამოვალ, აქედგან წავალ პირდაპირა.
- კიდევ ომი, კიდევ ხალხის წყვეტა!.. წამოიძახა მზაღომ გულის კანკალით.
- რაი ვუყოთ, მტერს - პასუხი უნდა, ძალის მომტანს - წინააღმდეგობა.
- ჩამოხვიდოდი, ბალღებს მაინც გამოეთხოვებოდი, - უთხრა მზაღომ, რომელსაც თავის ქმარი ვერ დაეთმო.
- მეტი ნახვა - მეტი მწუხარება იქნების. ბალღებს რაი უნდათ? კეთილი მეზობლები არ დაილევის და შენ კი თავს არ დაანებებ, უპატრონოდ არ დაჰყრი...
- აუ, რას მეუბნები?
- იმას, რომ ფიცი უნდა მომცე... ყველანი სიკვდილის შვილები ვართ... ვინ იცის, ცოცხალი მოვალ, თუ არა... თუ მომკლეს, მამობაც შენ უნდა გაუწიო და დედობაცა.
- უწინამც დღე დაგველევა, სანამ მაგ დღეს შევესწრებოდეთ.
- ვინ იცის... ვაჟკაცი ნამუსისა და ბრძოლისთვის არის გაჩენილი, დედაკაცი - შვილების აღსაზრდელად... მაშ შემომფიცე, რომ შენს მოვალეობას აასრულებ - შენს შვილებს თავს არ დაანებებ.
- ვფიცავ შენს თავს! - ძლივს წარმოსთქვა მზაღომ, ტირილით ჩაეკრა გულში და ისე დარჩნენ რამდენიმე ხანსა.
- კარგი, კარგი! ღმერთი მოწყალეა... კიდევ შევიყრებით მშვიდობით...
მზაღომ მაგრად მოჰხვია ხელები და თრთოლვით, თუმცა თავშეკავებით, სტიროდა; ელგუჯასაც გული დაულბა და თითონვე ეშინოდა, რომ ჩქარა არ გაწყვეტილიყო სიყვარულის ეს სასიამოვნო ჯაჭვი. მაგრამ მოაგონდა მათია, მოაგონდა თავისი მოვალეობა, გაიფიქრა: „გულჩვილობა დიაცთ წესია“, - და ცოლს წყნარად გააშვებინა ხელები, შეხედა თვალებში, მოეხვია, გატაცებით აკოცა და საჩქაროდ გამობრუნდა.
- დაიცა, ცოტა ხანს კიდევ! სათქმელი მაქვს რაიმე! - დაიძახა მზაღომ, მაგრამ გვიან-ღა იყო: ელგუჯა გადაეფარა იქვე ახლოდ მყოფს ქედს. მოხევე მიეშურებოდა თავის ძმადნაფიცისაკენ, რათა ერთად წასულიყვნენ და გვერდს მისდგომოდნენ თავიანთ მოძმეთ და ერთადვე წინააღსდგომოდნენ შემაძრწუნებელს უსამართლოებას.
მეორე დღეს ამოვიდნენ ხარანაულების ბალღები, რომელთაც ჩაიბარეს ცხვარი.
ელგუჯამ და მათიამ გასწიეს მთიულეთისაკენ.
გზაში ისინი აგროვებდნენ თავისავით თავგამოდებულს ბიჭებს.
სანამ დანიშნულს ალაგს მივიდოდნენ, ოცამდის ბიჭები შეიყარნენ, მაგრამ ისეთი ბიჭები, რომელთაგანაც ერთი ათად დაფასდებოდა.
ისინი პირველსავე შეყრაზედ ძმად გაიფიცნენ, დასდვეს პირობა, რომ ყველანი ერთად გადიქცნენ და ერთის სახელით იმოქმედონ, ერთმა ყველასთვის გადასდოს თავი და ყველამ ერთისათვის.
მაგრამ ეს ფიცი საჭიროც არ იყო, ისინი თავიანთის აღზრდით, თავის შეხედულებით და ჩვეულებით თავიანთ მოვალეობად ჰხედავდნენ ერთმანეთის შველას, ერთმანეთისათვის თავგადადებას. ასეც უნდა ყოფილიყო იმ ხალხში, რომელიც დედის ძუძუსთან ერთად შესწოვდნენ და ჩაინერგავდნენ - ამხანაგის მოღალატის ზიზღსა და სიძულვილს. იმ ხალხში, რომელთა ზღაპარი, თუ ლექსი, ამ საგანზედ ტრიალებდა და უნერგავდა გულში ამ ამაღლებულს შეხედულებას.
ეს არის ეხლა აბდია უნდა ენახათ, შეეტყობინათ მისთვის თავისი აზრი და საუბარი ჰქონოდათ იმაზედ, თუ რა რიგად უნდა ემოქმედნათ.
- მაშ გავწყდეთ ყველანი და სირცხვილს კი ნუ შევირჩენთ! - წამოიძახა ელგუჯამ.
- გავწყდეთ, გავწყდეთ! - იყო საერთო პასუხი.
- რაი-ღა ვიქმნებით, თუ კი ჩვენა მეფეც აღარ გვეყოლება?
- არცა რა... ღვთის მადლმა...
- მერმე როგორ მოუკლავთ უღმერთოებს?.. მოუწამლავთ!
- სიკვდილი მოღალატეს! სიკვდილი!..
ამ დროს მოვიდა ერთი მთიული, რომელიც სვიმონს გამოეგზავნა მათიასთან.
- გამარჯვება ვაჟებს! - მისვლის უმალეს წამოიძახა იმან.
- გაგიმარჯოს! გაგიმარჯოს!
- მათიაი აქაა?
- აქა ვარ, რაი გინდა?
- სვიმონმა გამომგზავნა, მათიას უთხარი, აბდია და სხვა უფროსი კაცები წამოიყვანოს და ეხლავე აქ ამოვიდესო.
- რას იტყვით, ვაჟებო? - ცოტა სიჩუმის შემდეგ ჰკითხა მათიამ ამხანაგებს.
- სვიმონ კაი კაცია, ღალატით არ მოიქცევის... ადი აბდიასთან, და როგორც იმან გითხრას, ისე მოიქეც. მაგრამ ძალიან კი მაინც ნუ ენდობი, რუსის სამსახურშია... ისინი აძლევენ ფულსა და ეშმაკმა არ წასძლიოს.
რვა საათი იქნებოდა ღამისა, როდესაც ქვეშეთში, სვიმონის სახლის კარებზედ, რაღაცა მოძრაობა იყო. შეკაზმული ცხენები და შებმული ურმები ამტკიცებდნენ, რომ აქ ან ვიღაცანი მოსულიყვნენ და ან მიდიოდნენ სადმე.
თითონ სვიმონიც, ჩაშალვარებული, მთლად შეიარაღებული, რაღაცა მღელვარებაში იყო. ეტყობოდა, რომ სადღაც მიემზადებოდა და მოუთმენლად რაღაცას თუ ვიღაცას ელოდა.
წამდაუწუმ შედიოდნენ და გამოდიოდნენ იმასთან სხვადასხვა პირნი, რომელთაც მმართველი ჩუმად, იდუმალად მოელაპარაკებოდა და მაშინვე გამოისტუმრებდა.
ათჯერ მომეტებულად ჰკითხავდა სვიმონი ბიჭებს: „ხომ არ მოსულან?“ თუმცა ძალიან კარგად იცოდა, რომ თუ მოსულიყო ვინმე, მაშინვე შეატყობინებდნენ. ბოლოს ბიჭი საჩქაროდ შემოვარდა და შეატყობინა იმის მოსვლა, ვისაც ისე სულსწრაფად მოელოდა სახლის პატრონი.
- შემოიყვანე, ჩქარა, რაღას ელი? - უთხრა იმან და ბოლოს დაუმატა: - სანამ ის აქ იქნება, არავინ შემოუშვა!
ბიჭი გავიდა, გაიღო ხელახლად კარები და შემოვიდა მათია, მთლად შეიარაღებული. იმისი ჩაცმულობა, უკან გადაკეცილი ჩოხის კალთები და ყველა საჭირო საომარი იარაღი ამტკიცებდა, რომ ლაშქრად სადმე უნდა ყოფილიყო.
- მადლობა ღმერთსა! - მოუთმენლად წარმოსთქვა სვიმონმა: - რა ჰქმენ? მიამბე ჩქარა!
- ყველანი ვნახე, შენი კვნესა-მე, - უპასუხა მათიამ.
- უთხარი?
- ჰაი, ჰაი, რომ ვუთხარ.
- მერე რა გითხრეს?.. არ წამოვიდნენ?
- არა, შენი კვნესა-მე!.. ისინი ამბობენ, რომ თუ ხალხისათვის კეთილი გინდაო, შენ თითონაც ჩამოხვალ აქაო.
- მე? მე უნდა ვეახლო იმათ?! - გაკვირვებით და ამაყად წარმოსთქვა სვიმონმა.
- ჰაი, ჰაი, რომ უნდა წახვიდე!
- როგორ? შენც მაგას ამბობ?.. მე დღეს მთაში პირველ კაცად ვითვლებოდე და უნდა იმათ ვეახლო?
- აბდიამ შემოგითვალა, შენი კვნესა-მე: „დღეს მთიულთ უფროსებს ისეთი ძნელი საქმე აწევსთ კისერზედაო, რომ ერთ დასამთქნარებლადაც ვერ მოსცილდებიან თავიანთ ადგილებსაო! თუ შენ მართლა კეთილი გინდაო, ან ხალხისათვის ან მამულისათვის, მაშინ ჩვენთან ჩამოსვლასაც არ დაიზარებო“.
ამ სიტყვებმა არა მცირედ დააფიქრეს სვიმონ, რომელმაც რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში და მათიას წინ შესდგა. სვიმონს პასუხი ვერ გადაეწყვიტა, რადგანაც მართლა მოსაფიქრებელი იყო მისვლა აჯანყებულს მთიულებთან, რომელნიც სვიმონს, როგორც ერთს მართებლობის წარმომადგენელს და, მაშასადამე, იმის მომხრეს, არ ენდობოდნენ.
ამ აღელვების, ამ საერთო არეულობის დროს მცირედი ეჭვის შეტანაცა კმაროდა, რომ კაცის სიცოცხლე ჩალადაც აღარ დაფასებულიყო. გამწარებულებს სამართლიანად თუ უსამართლოდ მცირედი ეჭვი ეყოფოდათ, რომ კაცისთვის თავი ისე წაეჭრათ, როგორც ქათმისათვის. სვიმონ არ იყო ლაჩარი და სიკვდილს ბევრჯერ პირდაპირ შეჰყროდა. მაგრამ უბრალოდ სიკვდილი, თავგაუმართლებლად შთამომავლობის წინაშე, მხოლოდ უბრალო ეჭვის გამო, არ უნდოდა. ამასთან ერთად ის კაცი იყო და აგონდებოდა თავის ცოლშვილი, რომელიც ხალხის სიბრაზის უეჭველს მსხვერპლად შეიქმნებოდნენ, თუ თითონ აუტყდებოდა რამე. მართალია ის მამულისშვილი იყო, ქართველი და ქართველური გრძნობა ჰქონდა, თავის მოვალეობადა ჰხედამდა მისულიყო ხალხში და გაჭირვებაში გვერდს მოსდგომოდა თავის მოძმეთ, თუნდა ეს სიცოცხლედაც დასჯდომოდა, მაგრამ უსაბუთოდ და უსარგებლოდ სიკვდილი კი არ ესმოდა. იმან ერთხელ და სამუდამოდ გარდასწყვიტა, რომ მხოლოდ იმ აზრების აღსრულებას შესდგომიყო, რომელნიც ხალხისათვის, იმის შეხედულებით, სასარგებლონი იქმნებოდნენ.
სვიმონ ჩაფიქრდა, და დაღონდა. სახე წამდაუწუმ ეცვლებოდა. ერთბაშად თავში გაუელვა აზრმა: გაფრთხილება რომ სილაჩრე ეგონოსთ! მთლად გაფითრდა, შესდგა კიდევ ცოტა ხანს, ამოიოხრა, მივიდა ახლოს და გარდაწყვეტით უთხრა:
- კარგი, წამოვალ.
ამ სიტყვების შემდეგ გავიდა იმ ოთახიდგან, მოამზადა სახლობა, რომელიც გაისტუმრა ლარსის სიმაგრეში, ოსების მებატონეებთან.
გამოსალმებაში გულმა ვერ მოუთმინა და უმოწმოდ, ცალკე დარჩენილმა, მიიკრა გულში თავისი ცოლი, რომელსაც, გაჩუმებულს და გაფითრებულს, ისიც ვეღარ გაებედნა, რომ ეკითხა, თუ რა ჰხდება და რას უნდა მოელოდეს? აღელვებულმა სვიმონმა მხურვალედ დაჰკოცნა თავის შვილები და გუნებაში გაუარა ფიქრმა: „ვინ იცის, კიდევ ეღირსება თქვენს მშობელს თქვენი მკერდთან მიკვრა?“ გაჰფიქრა ესა, და გულში რაღაცა ადუღდა და მთელს აგებულებას მოედო.
ისა ჰხედავდა, რომ სუსტდებოდა, მაგრამ მოაგონდა მამული, მოძმენი, რომელნიც ისეთს გაჭირვებაში იყვნენ და ხელის ჩაქნევით წამოიძახა:
- წადით, წადით! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! - ამ სიტყვების შემდეგ ურმები გაჭრიალდა და გაჰყარა შვილები მამას, რომელიც საჩქაროდ გამობრუნდა და დამშვიდებულის ნაბიჯით შევიდა მათიასთან.
- მზადა ვარ, წავიდეთ, ავასრულოთ ჩვენი მოვალეობა!
ისინი შესხდნენ ცხენებზედ, გაიყოლეს კიდევ ერთი მთიული და გასწიეს აბდიასაკენ, სადაც უფროსი ხალხი და ლაშქრის მეთაურები შეყრილიყვნენ.
არავინ არ მოელოდა, რომ სვიმონ ბატონი, - როგორც მაშინ მთის ხალხი ნაჩალნიკს ეძახდა, დასაჩუქრებული და დაყვავებული რუსის მმართველობისაგან, - არ გაწყრებოდა და თითონ მოვიდოდა ხალხთან. წარმოიდგინეთ გაკვირვება, როდესაც იმათთან შევიდა ერთი დარაჯთაგანი და გამოუცხადა სვიმონის მოსვლა.
აბდია და რამდენიმე მოხუცი სტუმარს გამოეგებნენ გარეთ, სადაც მიესალმნენ სვიმონს, დიდის მოკრძალებით და პატივით შეიწვიეს.
- ბატონო სვიმონ! ძვირფასი სტუმარი ხარ ჩვენთვის, ლომისაა მოწამე... მე მიხარიან, რომ ჩემს ქოხში გხედამ, - დაბლა თავის დაკვრით უთხრა აბდიამ.
- მთიულნი ვაჟკაცნი არიან, სტუმართმოყვარულნი! ჩემთვის სახელია შენისთანა მასპინძელი, - ზრდილობიანადვე უპასუხა მოსულმა.
- აი, შენი კვნესა-მე, ჩემი სახლი, მობრძანდი, შენ ბატონი და ჩვენ კი შენი ყურმოჭრილი ყმები! - ამ სიტყვებით აბდიამ შეიპატიჟა სახლში, სადაც ქვაბით საკლავი ჯერ კიდევ საკიდლიდგან არ გადმოეღოთ და წყნარად ჩუხჩუხებდა.
სტუმარ-მასპინძელნი დასხდნენ და სიჩუმე ჩამოვარდა რამოდენიმე ხანს. ყველანი რაღაცა უხერხულობასა გრძნობდნენ.
- აბდიაუ! მე დაგიბარეთ, მაგრამ თქვენ არ მოხვედით. არ მენდენით, თუ რა იყო? - დაიწყო სვიმონმა.
- არა, შენი კვნესა-მე, შენ როგორ არ გენდობოდით? შენც ჩვენი სისხლი ხარ და ჩვენი ხორცი, განთქმული ვაჟკაცობით და გულადობით... შენ როგორ არ გენდობოდით?
- მაშ რად არ მოხვედით?
- იმად, რომ უფროსები ვინც არიან, ჯარის მოთავედ ამოარჩიეს და თავთავის ალაგს თავს ვერ დაანებებდნენ.
- დღეს თქვენ უფროსად მე ვარ დაყენებული, და რაკი მე გიბარებდით, კიდეც უნდა ამოჰსულიყავით.
- უფროსად? - ამაყად წარმოსთქვა აბდიამ: - შენ ცხო ხალხისაგან ხარ დაყენებული უფროსად, და ჩვენ-კი ჩვენი ხალხისაგანა ვართ ამორჩეულნი... შენი ქომაგნი სტუმრად არიან მოსულნი, დღეს თუ ხვალ უნდა წავიდნენ და ჩვენ კი მემკვიდრენი ვართ... უფროსები ჩვენგან არიან ამორჩეულები, შენთან რად უნდა მოსულიყვნენ?
- ვაჟკაცს ვაჟკაცური სიტყვა ექნების! თემის გარდაწყვეტილებას აკი მეც დავმორჩილდი და მოვედი.
- მაშ ჩვენი ხარ, შენი კვნესა-მე, ჩვენი? - სიხარულით წამოიძახა აბდიამ.
- ცოცხალიც და მკვდარიც! ღმერთია გულთა მხილავი.
- აგრე, შენი კვნესა-მე, აგრე, - მღელვარებით მოეხვია აბდია, შენი ჭირიც დამილევია, რომ ეგ სიტყვები გამაგონე!
- მაშ რასაც აპირებთ, რატომ მე კი არ მატყობინებთ? გგონიათ მე კი არ მეწვის გული მამულისათვის? გგონიათ მე კი არ ვხედავ, რომ ვიღუპებით? მეც ვიწვი, მეც ვიტანჯები, მაგრამ აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია.
- მაშ რას გვირჩევ? რას გვეტყვი?
- ჯერ დაწვრილებით გამაგებინეთ, რას ჰშვრებით, რას აპირებთ და მაშინ ერთად ვარჩიოთ, ძმებსავით მოვილაპარაკოთ.
- ძმებსავით, შენი კვნესა-მე, ძმებსავით!
- აბა, მაშ დაიწყეთ!
- ეგ მარტო მე არ შემიძლიან. აი უფროსები აქ არიან; მაგათაც დავეკითხნეთ.
- მაშ, მაშ, მაგათაც უნდა დავეკითხნეთ!
- უფროსნო და მეთაურნო, რას იტყვით?
ამ კითხვის შემდეგ რაოდენიმე ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, მერე წამოდგა ერთი და დაიწყო:
- ჩვენ დასამალი არა გვაქვს-რა ჩვენ გარდავწყვიტეთ, რომ ან გავწყდეთ და ან ისევ ჩვენი მეფე გვეყოლოს... ვინც თავისს თავს ქართველად უყურებს, უნდა მოგვიდგეს; ვინც არ მოგვიდგება, ის წყეული იქნება, მოღალატე, მოძმეთა და ხალხის გამყიდი, იუდის კერძი. ვინც ეგეთია, მოგვშორდეს.
- ქართლი თაობს და ჩვენ კი საქართველოს ნაწილი ვართ, უკან ვერ დავდგებით, - დაუმატა მეორემ.
- ეგ ყველა, კარგი, მეც მაგ აზრისა ვარ, მაგრამ რას აპირებთ? - დაიწყო ისევ სვიმონმა.
- ხალხო, ვუთხრათ ყველა? - იკითხა კიდევ აბდიამ.
- ვუთხრათ, ვუთხრათ დასამალი რაი გვაქვს? - ერთხმად წამოიძახა ხალხმა.
ამის შემდეგ აბდიამ უამბო სვიმონს როგორც ქალაქიდგან მოსული სტუმრის ნალაპარაკევი, აგრეთვე თავიანთი გარდაწყვეტილება გზების შეკვრაზე და ჯარის მომწყვდევის შესახებ.
სვიმონ ჩაფიქრდა ამ სიტყვებზედ და რაოდენიმე ხანი ისე დარჩა.
- ხალხო! - დაიწყო იმან: - მე მგონია, რომ თქვენში ისეთი ვერავინ გამოვა, რომა სთქვას: „სვიმონს სიკვდილისა ეშინიან, სვიმონს თავისი თავი თავის ხალხზედ და ქვეყანაზედ მეტად უყვარს!“ ვფიცავ, რაც კი სალოცავები მყავს, ვფიცავ, რაც უფრო ძვირფასად მიმაჩნია ამ ქვეყნად - დღესვე რომ შეიძლებოდეს ჩემი ცოლშვილის მსხვერპლად მოტანით მამულის დახსნა, იმათაც კი არ შევიბრალებდი, მე თითონ ჩემის ხელით ყელებს დავსჭრიდი, მაგრამ ეგ არას უშველის მამულს. ვერცა რას მარტო ჩვენ ვუშველით, თუ ყველანი არ შევგროვდით, არ შევერთდით. ასე ნაწილ-ნაწილად მღელვარება და თავის გაწირვა, მხოლოდ ხალხს გაგვიწყვეტს. თქვენ შეტყობილი გაქვსთ, რომ ქართლი აჯანყებულა და მე კი ზედმიწევნით ვიცი, რომ ქართლი ჯერ ყიზილბაშების, და ამ ახალის მოულოდნელობისაგან, შემდეგ, შინაურის განხეთქილებისა და უკმაყოფილობისაგან, თავბრუდახვეული, ძალას მოკლებულია, მთვრალსავით დარეტიანებული დარაცრაცებს. იქ თითონაც არ იციან რა დაიწყონ, და ვის მიმართონ... თუ ქართლში ფხიზლად ვინმე დარჩენილა, ისინიც ცალ-ცალკე გამდგარან, ხედავენ საქმის დაწყების შეუძლებლობას და ამისათვის დროს ელიან...
ხალხი სულგაკმენდილი ყურს უგდებდა იმის ლაპარაკს, მაგრამ, რაწამს გაათავა, ყველა ერთბაშად აყაყანდა, ყველას უნდოდა პასუხი მიეცა.
- ქართლი აღსდგა, ქართლი ეხლა ომობს, - დაიწყო ერთმა, - ჩვენც მხარი უნდა მივსცეთ!.. ნუ გაუშვებთ, ვოჟებო, მომდინარს რუსებს, თორემ ეგენიც ჩავლენ, მიემატებიან დანარჩენებს და ისევ ჩვენს მოძმეთ დაუწყებენ ჟლეტას!
- მართალს ამბობს, მართალს! - დასთანხმდნენ ყველანი.
- ხალხო! მომწონს თქვენი თავგანწირულობა, მამულისათვის სისხლის დაღვრის სურვილი, მოძმეთ მიშველების წადილი, - ეგ მაღალი გრძნობაა და მის წინაშე მეც ქედს ვიხრი, მუხლს ვიდრეკავ; მაგრამ ყველაზედ უწინ დაფიქრება და გონივრებაა საჭირო იმ ხალხთათვის, ვინც ხალხისაგან ერთხელ უფროსებად იქმნებიან ამორჩეულნი. დამიჯერეთ, მოდით - ქალაქს გავგზავნოთ კაცები, შეიტყონ, გაიგონ ან იქ რაი ამბავი ხდება ან სხვაგან საქართველოში, და რაიც ამბავი მოგვიტანონ, ჩვენც იმისდაგვარად დავიჭიროთ საქმე.
ეს სიტყვები მოეწონა ყრილობის ნაწილს, მაგრამ გაფრთხილებულმა აბდიამ წარმოსთქვა:
- ვოჟებო, ეგრეც არ იქნების... სვიმონმა კარგა სთქვა, ჩვენი კაცები გავგზავნოთ, დეე შეიტყონ ქართლის ამბავი, მაგრამ ჯარის გაშვება კი მაინც არ შეიძლების. ჯარი ვიმწყვდიოთ და, სანამ გაგზავნილები სიმართლეს არ მოგვიტანენ, მანამდის ჯარს კი ნურც გაუშვებთ და ნურც არას ვავნებთ, თუ საქმე თავად არ გაგვიჭირდეს.
- აი, შენი კვნესა-მე, შენი, აბა ეგ არის სიტყვა, აი - მოუწონა ყველამ.
სვიმონიც დაჰყაბულდა ამაზედ და ფიცი ჩამოართვა, რომ სანამ გაგზავნილი კაცები არ დაბრუნდებოდნენ პასუხით, მანამ მთიულები ხელს შეინახამდნენ და თუ, ვინიცობაა, ქართლი მართლა აჯანყებული იყო, მაშინ შეერთებულს მთიულებს ქართლთან ერთად ერთგულად უნდა გაეწია საერთო უღელი. მაშინ სვიმონიც თავისი მხრით თავგადადების პირობას აძლევდა.
ამ საღამოზედვე რამდენიმე მარჯვე ბიჭი ამოირჩიეს, დააფიცეს და საჩქაროდ ქართლში ამბის შესატყობად გაგზავნეს.
ყრილობა დაიშალა. ლაშქრის მოთავეები თავთავიანთ ბანაკზედ წავიდნენ; სვიმონი კი ქვეშეთს დაბრუნდა, სადაც რუსის ჯარებს უნდა დახვედროდა და მიეღო.
დილის ათი საათი იქნებოდა, როდესაც ქვეშეთში რაღაცა არეულობა მოხდა; ხალხი მიდი-მოდიოდა, ყველას პირისახეზედ რიღასიც მოლოდინი ეტყობოდა, მათი თვალები ხშირად მიექცეოდნენ ქვეშის დაღმართს, რომელზედაც უწინ ისეთის გაჭირვებით დადიოდნენ ხოლმე, და შეუბრალებელს ზვავებს და კლდის ნაშალებს იმდენი მსხვერპლი მიჰქონდა.
ქვეშის დაღმართი ჩამოდიოდა ქვეშის ხეობაში გარდიგარდმო ჩადგმულს მთაზედ, რომელიც ამ სოფელს თითქოს განგებ მოჰფარებოდა, რათა დაეცვა ჩრდილოეთის ცივის ქარებისაგან.
ზედ მთის წვერზედ გამოჩნდა რამდენიმე ორთვლიანი, ბარგით დატვირთული ურემი და გადმოემართა თავდაღმართზედ. აშკარად ეტყობოდა, რომ ეს ურმები მოხევეებისა უნდა ყოფილოყო. მაგრამ ყველას გასაოცებლად, არც ერთი მოხევე მათ არ მოზდევდა. იმათ სამაგიეროდ ხარებს რუსის სალდათები მოერეკებოდნენ და წინ ერთი აფიცერი ბელადსავით მოუძღვებოდა.
ეჭვი არ იყო, რომ მოხევეთა ურმებს ჯარის ბარგი მოჰქონდა. მაგრამ თვით მეურმეები სად მოხაფრულიყვნენ, ან საყორელის საქონლისთვის თავი რისთვის დაენებებინათ, კაცი ძნელად მოიფიქრებდა.
ურმები ისე გაჭედილი იყო ბარგით, რომ საცოდავს საქონელს მოძრაობა უჭირდებოდა.
მხოლოდ ერთი ურემი განერჩეოდა დანარჩენებს: მისი ბარგი სრულიად არ მიემსგავსებოდა სხვა ურმებისას, რადგანაც გაჭუჭყიანებულის ტომრების, „მარანკების“ და სალდათების სხვა იარაღის მაგივრად, რამდენიმე მოხევე გულაღმა ამობრუნებული დაეკრათ. მათი ჩალურჯებული და ჩასისხლიანებული პირისახე უცნაურად დარუმბებულიყო და სიმსივნეს თვალები მთლად დაეფარა.
ურმები ქვეშეთს ჩამოვიდნენ, შემოგროვდნენ იქავ მდებარე მინდორზედ და გაჩერდნენ. აფიცერმა ნაჩალნიკი იკითხა და მაშინვე მასთან გამოსაცხადებლად წავიდა.
ახლადმოსული მიუახლოვდა მმართველს, გამოიჭიმა წესისამებრ მის წინაშე და შუბლთან ხელის მიტანით გამოუცხადა, რომ ყველანი და ყველაფერი მშვიდობიანად მოვიყვანეო და მოვიტანეო.
- მაშ მშვიდობიანად იმგზავრეთ? - იკითხა სვიმონმა და დაუმატა: - დიდი მოხარული ვარ, დიდი.
- მშვიდობიანად, თქვენო მაღალკეთილშობილებავ! - შუბლთანვე ხელის მიტანით გაიმეორა აფიცერმა. - მართალია, მოხევეთ... ისე... ცოტა თითქოს არეულობის მოხდენა დააპირეს, მაგრამ, - სიამაყით დაუმატა იმან, - მკაცრი განკარგულება მოვახდინე და მთიულები მშიშარა კურდღლებსავით გაიფანტნენ.
სვიმონს, როგორც ეტყობოდა, არ უამა ეს სიტყვები, რადგანაც წარბები რაოდენადმე შაეჭმუხნა და ქვევითა ტუჩმა თრთოლა დაუწყო.
აფიცერმა მმართველის სიჩუმე თავის საქციელის წასაქეზებლად ჩასთვალა და უფრო გაბედულად გააგრძელა:
- რამდენიმე მოხევე, მოწინააღმდეგეთ მოთავენი, დაჭერილები ჩამოგიყვანეთ: სამაგალითოდ უნდა გადაახდევინოთ, რომ ხალხმა გაიგოს, რაც მოუვა რუსის ჯარის და იარაღის მოწინააღმდეგეს!
- მე მგონი, რომ მათი ჩამოხრჩობაც-კი მეტი არ იქნებოდა... ხალხზეც დიდი გავლენა ექნებოდა და ვეღარაფერს გაბედავდნენ.
- რა განკარგულებაც უნდა მოვახდინოთ, მაგის რჩევას მე თქვენ არა გკითხავთ, - ვეღარ მოითმინა სვიმონმა. - გთხოვთ მხოლოდ თქვენი ვალი აღასრულოთ, დაჭერილები ჩამაბარეთ და რასაც უზამ, ეგ ჩემი საქმე იქნება.
აფიცერმა ენა ჩაიკვნიტა და ამრეზილი, ურმებისკენ გაბრუნდა,
არაქათ-გაწყვეტილი მოხევეები ცემას ისე დაესუსტებინა, რომ ძლივს-ღა იძროდნენ და ახსნის შემდეგ ასადგომად შველა დასჭირდათ.
სვიმონმა შეხედა მათს ტანჯულსა და ნაწვალებს სახეს, მთლად აინთო და განრისხებული მკაცრად მიუბრუნდა ჯარის უფროსს:
- განა აგრე მოქცევა შეიძლება?.. მაგ მოქმედებით მთელს ხალს ააჯანყებთ! მაგისთვის იცით რა პასუხისგებაში მიეცემით?
- მეტი ღონე არ გახლდათ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ! - იმართლა თავი უფროსმა: - ასე რომ არ მოვქცეულიყავ, ბარგი მთას იქით გადმოსატანი დარჩებოდა... მაგასთანავე, ქართველების ვალია, ყოველ რუსს, როგორც ბატონს, კრძალვით და მოწიწებით მოექცნენ.
სვიმონს თვალები აენთო და გაჯავრებით უთხრა:
- არამც-თუ მხოლოდ უგულო, გაუზრდელიც კი ყოფილხართ... მოითმინეთ, მოწყალეო ხელმწიფევ! ყოველისფერს გამოვიძიებ და თქვენს უმართებულო საქციელს დაწვრილებით თფილისში შევატყობინებ... ხალხის მომხრობის მაგიერ, თქვენ თითქოს განგებ ყოვლის ღონისძიებითა სცდილობთ რუსებსა და ქართველებს შორის უთანხმოება ჩამოაგდოთ!.. არა მგონია, რომ მართებლობის სურვილი ეგ იყოს.
- მე ჩემს ვალს ვასრულებდი და რუსეთის იარაღის პატივს ვიცავდი.
- შემცდარი ხართ, მოწყალეო ხელმწიფევ, შემცდარი! უსამართლობა არავისთვის არც ღირსებად ჩაითვლება და არც პატივსაცემ მოქმედებად!.. აბა შეხედეთ: ეს რა არის? - უჩვენა ხალხის მმართველმა მოხევეებზედ.
საცოდავებს, მოჯაყჯაყე ურემზედ დაკვრისა და თოკების გადაჭირების გამო, მაჯები და წვივები მთლად გადახეხოდათ. ტანისამოსი შემოსცარცოდათ და ნაგლეჯი, სისხლშემხმარი, მტვერჩამკვდარი ხორცი ნაკუთ-ნაკუთად ეკიდათ. საზარელი და საზიზღარი სანახავი იყო მათი მდგომარეობა. რუსი-კი ისე გულგრილად შეჰყურებდა, თითქოს თვალწინ ფრიად ჩვეულებრივი სურათი ეხატებოდა.
- რაი ღმერთი გაგიწყრათ? რაი მოგივიდათ? - მიუბრუნდა სვიმონ მოხევეებს.
- რაი ვიცით? - კვნესით და ოხვრით უპასუხეს იმათ. - საქონელი ჯვართ-ვაკეს გამოუშვით და ვაძოვებდით... თავადაც კარგად მოგეხსენება, რომ საქონელი, მართალია, პირუტყვები არიან, მაგრამ ჭამა იმათაც უნდა... მშივრები საით იმუშავებენ?.. ეს რუსები, მოვიდნენ და ცემა დაგვიწყეს... რაღაცას გვეჯიყჯიყებოდნენ, მაგრამ ჩვენ ენა არ ვიცოდით, და თოლმაჯი-კი არა გყვანდა! ვერა გავიგეთ-რა... ძალიან რო შეგვაწუხეს... სული ტკბილია, შენაი ჭირაიმე!.. ჩვენც ხელი გამოვიღეთ, მაგრამ ერთს ათასთან რაი გაუვა? ვინც გაქცვეა შესძლო, ძაღლსავით სიკვდილს გაქცევა ამჯობინა, და ვინც ვეღარ შესძლო, - აი ასე გაგვხადეს.
- მაგათ ხარები გამოუშვეს და გაპარვას აპირობდნენ, - ჩაურთო აფიცერმა, რომელსაც თავის გამართლება უნდოდა, - ეგ ბრიყვი და ბარბაროსი ხალხია. განა მაგათ დაეჯერებათ რამე?
- ყოველ შემთხვევაში თქვენზედ მომეტებული, მოწყალეო ხელმწიფევ! - მკაცრად მოუჭრა სვიმონმა.
- არა თქვენო... - დაიწყო ისევ ჯარის უფროსმა, მაგრამ ხალხის მმართველმა გააწყვეტინა.
- კარგი, კარგი! მაგას მერე გავარჩევთ! - წარბებშეჭმუხვნით გააწყვეტინა სვიმონმა და დაუმატა: - შეგიძლიანთ მიბრძანდეთ და თქვენს ჯარს მიხედოთ.
ამის შემდევ გამოუბრუნდა იქ მყოფ იასაულებს, რომ ნაწამები მოხევენი სადმე დაეწვინათ და ექიმი დაეყენებინათ. უკანასკნელი სიტყვების გათავება ძლივს მოასწრო იმან, როდესაც მომავალი ჯარიც ქვეშის აღმართზედ გამოჩნდა; ისინი წყნარად ჩამოდიოდნენ. არაგვის პირს, პატარა მინდორზედ მოწინავე ჯარს ბინა დაეცა და სადილს უმზადებდა.
როდესაც ყველანი დანიშნულს ადგილს ჩამოიკრიბნენ და დაბანაკდნენ, მათი უფროსი მაზრის მმართველმა მიიპატიჟა და ჩვეულებისამებრ გაუმასპინძლდა.
- მე უნდა მოგელაპარაკოთ, - სადილის შემდეგ დაიწყო სახლის პატრონმა.
- მიბრძანეთ, - უპასუხა სტუმარმა და უზრუნველად გადაწვა კრესლოში.
ჯარის უფროსი, როგორც დანარჩენი, საქართველოში პირველად მოსული რუსები, როგორც მთის ხალხს, აგრეთვე მათ ჩვეულებას და ზნეობას სრულიად არ იცნობდა.
ახლადმოსულებს ჩაგონებული ჰქონდათ, რომ ქართველები უზრდელნი, ბრიყვნი, გარეგანნი და ბარბაროსები არიანო; რომ მათზედ გავლენა მხოლოდ ძალდატანებით და სიმკაცრით შეიძლებაო; ამისთვის ყოველი რუსი საქართველოში პირველსავე ფეხის შემოდგმაზედ, თავის მოვალეობადა ჰხდიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს ამ აზრის თანახმად მოქცეოდა, რამდენადაც შეიძლებოდა სიმკაცრე და შეუბრალებლობა გამოეჩინა.
- პირდაპირ საქმიდგან დავიწყებ... - მოჰყვა სვიმონი. - ხალხი აჯანყებულია და თქვენგან გზის გაგრძელება შეუძლებელია.
- შეუძლებელია? - ღიმილით იკითხა სტუმარმა და დაუმატა: - მაგას ვნახავთ...
- რაოდენსამე ხანს აქ დაიცადეთ და გაძლევთ სიტყვას, რომ მშვიდობიანად გაივლით.
- ეხლაც წინ ვერავინ გადამიდგება, - მკაცრად მიუგო უფროსმა.
- მთის ხალხს არ იცნობთ და აგრე იმიტომ ლაპარაკობთ... თქვენ არ იცით, ამ ერთ მუჭა ხალხს რა შეუძლიან და რა თავგანწირვით იციან ბრძოლა.
- მხოლოდ უბრალო ფარი-ფურობაა, გარწმუნებთ, - მოკლედ მოუჭრა სტუმარმა.
სვიმონმა უკმაყოფილოდ შეხედა და უთხრა:
- შემცდარი აზრი შეგიდგენიათ... მთიულები გულადნი და ვაჟკაცნი არიან, გაჭირვებაში თავგანწირვით იბრძვიან.
- მე დარწმენებული ვარ, რომ ჩვენს იარაღს წინ ვერავინ გადაუდგება.
- მე კი დარწმუნებული ვარ, რომ თუ წასვლა გაჰბედეთ, მაგ აზრს სრულიად გამოიცვლით და ბევრსაც ინანებთ.
- მაგასაც ვნახავთ, ვნახავთ... - მოიბოხა ხმა.
- ჩემი ვალი იყო ყველაფერი შემეტყობინებინა, და ახლა თქვენი ნებაა.
- უბრალოდ ნუ სწუხართ. ჩემის ჯარით მთელს საქართველოს ისე მოვივლი, რომ წინ გადადგომაც ვერავინ გამიბედოს.
სვიმონს ეშინოდა, რომ ხალხი ამ ჯარს არ შესტაკებოდა და უსარგებლოდ სისხლისღვრა არ მომხდარიყო. სვიმონმა იცოდა, რომ ხალხს, უკეთუ ბრძოლა მოხდებოდა, გარდა ზარალისა, არავითარი სარგებელი არ ექნებოდა, თუმცა რუსებს მთლად ამოწყვეტდნენ.
სრულიად სხვა რიგად ფიქრობდა ჯარის უფროსი; ის დარწმუნებული იყო, რომ მის ხმალს წინ ვერავინ გადაუდგებოდა, ნამეტნავად „ბრიყვი, გაუზრდელი და უგუნური მთიულები“, რომელთაც ჯოხების მეტი სხვა იარაღიც კი არა აქვთ-რა და თუ მცირედი შეტევა მოხდებოდა, ეს კიდეც უხაროდა, რადგანაც ეს აუცილებლად ჯილდოს და პატივს მოუმატებდა.
- ჩემს რჩევას არ იჯერებთ? - უკანასკნელად ჰკითხა სვიმონმა.
- აჰ, გავათაოთ მაგაზედ ლაპარაკი!.. არა ღირს.
სვიმონ გულნაკლულად გამობრუნდა და თავისთვის წაიბუტბუტა:
- მაშ მიბრძანდით და ნახამთ თქვენს ყოფას.
სვიმონმა ძლივს მოასწრო გასვლა, როდესაც წეღანდელი აფიცერი შემოვიდა და უფროსის წინ გამოიჭიმა. ამ მდგომარეობაში, გაუნძრევლად იდგა და მოწიწებით მოელოდა თავის მბრძანებელთან ლაპარაკის დაწყობას.
უფროსი ტახტზედ მიწოლილიყო და ნოყიერის სადილის შემდეგ ზარმაცად სთვლემდა. კარგა ხანმა გაიარა და დაზარმაცებულმა სარდალმა თვალები გაახილა, შეხედა შემოსულს და ისევ განსვენებას მიეცა. როდესაც კარგა ხანმა გაიარა და უფროსმა უნცროსს საკმაოდ ალოდინა, მაღალხარისხოვანმა სტუმარმა ხელახლად გაახილა თვალები და აფიცერს ხელახლად ცქერა დაუწყო.
- როგორ იმგზავრე? - გააბედნიერა კითხვით უფროსმა, მაგრამ ასე გაფრთხილებით კი, რომ თავის ღირსება არ დაემცირებინა და ზარმაცად დაამთქნარა.
- კარგად, თქვენო აღმატებულებავ, კარგად.
- გზაში უსიამოვნობა ხომ არა შეგმთხვევია-რა?
- მეურმეები ცოტაოდნად გამიჯიუტდნენ, მაგრამ მალე მოვაჭკვიანე.
- მაგათ, რაც შეიძლება, მკაცრად უნდა მოექცეთ, ბატონო აფიცერო, მკაცრად, თორემ დაყვავებით ვერას შეასმენთ.
- ყველანი გავალახვინე და მოთავენი ურემზე დაკრულები აქ ჩამოვიყვანე, - სიამოვნების ღიმილით მოახსენა წაქეზებულმა აფიცერმა.
- ეგენი კი არ გაალახვინე? - ისეთის ხმით იკითხა ღენერალმა, თითქოს მწყურვალი წყალს ითხოვდა.
- ცოტაოდენი.
- ცოტაოდენი კი არა, ისე უნდა გეცემნათ, რომ სამუდამოდ დაჰხსომებოდათ.
- მაზრის უფროსმა მაგისთვისაც საყვედური მომცა, თქვენო აღმატებულებავ, - ფრთხილად გაუტარა სიტყვა გამოქნილმა აფიცერმა.
- რაო? - გაგრძელებით წარმოსთქვა წარბებშეჭმუხვნილმა ღენერალმა, თუმცა ძალიან კარგად გაიგონა მოსაუბრის სიტყვები.
- იმას მოგახსენებდით, თქვენო აღმატებულებავ, რომ მაზრის უფროსმა საყვედური მომცა-მეთქი.
- როგორ თუ საყვედური?.. საყვედური ჩემს აფიცერს?.. ო-ო... ეგ ხომ სრული თავის დავიწყებაა!.. ვერ უყურებთ იმას! - შფოთავდა ჯარის მოთავე.
- დაჭერილები რა უყავით? - ჰკითხა.
- მაზრის უფროსს ჩავაბარე.
- დამიძახეთ, ეხლავე აქ მოვიდეს მაზრის უფროსი! - ცხარობდა ღენერალი, - დაჭერილები თუ ერთი კარგად არ გავაწკეპლინე, არ შეიძლება... წადით, დამიძახეთ.
- თვით მაზრის უფროსსაც უბძანეთ რამე, თქვენო აღმატებულებავ, თორემ მეტად თავს გასულა.
- რასაკვირველია, რასაკვირველია!.. მაგათ თუ ნება მიეცათ, კაცი ვეღარას გააგონებს... წადით და ეხლავ აქ გამომიგზავნეთ.
აფიცერი გავიდა; მათი აღმატებულება კი კარგა ხანს შფოთავდა და სიბრაზით იძახდა: „მაგას ვერ უყურებთ? ჩემს აფიცერს, ჰა?“ შემდეგ მიელუშა ტახტზედ, რამდენჯერმე წაილუღლუღა: „ჩემს აფიც... აფი... აფი...“ დაამთქნარა, ძილისაგან თავმოჭრილმა სიტყვა ვეღარ გაათავა; ამოუშვა ხვრინვა და ტკბილს განსვენებას მიეცა.
საღამოზედ სვიმონსა და ღენერალს ამ საქმის შესახებ დიდი ბაასი ჰქონდათ, მაგრამ მაზრის მმართველმა ისეც შეწუხებული და დასუსტებული მოხევენი საწვალებლად აღარ დაანება.
დაღამდა და ყველანი განსვენებას მიეცნენ. ჯარის ბანაკის სურათი აქა-იქ გაჩაღებულმა ცეცხლებმა სრულიად შესცვალა; დარაჯად დაყენებულს სალდათებისთვის დაღალვას ძილი მოეგვარა და განუწყვეტლად სთვლემავდა. ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. ახლოს ჩამომდინარე არაგვიც კი თითქოს მისუსტებულიყო და წყნარი ხუილი-ღა გაჰქონდა; ათასში ერთხელ რომელიმე ცხენი დაიფრუტუნებდა და გაფრთხილებულს მცველებს თვალს გააჭყეტინებდა; ბოლოს ყველას ჩაეძინა, ყველა გაჩუმდა. ამ საერთო განსვენებას განშორებოდნენ მხოლოდ ის მთიულები, რომელნიც შეთქმულთ ბანაკიდგან რუსის ჯარების სათვალთვალოდ გამოეგზავნათ. ისინი ჯარის ბანაკს გარს უვლიდნენ და დაწვრილებით ტყობილობდნენ მათ რიცხვს და იარაღის სიმრავლეს.
ამ მომზვერალთა შორის ელგუჯა და მათიაც ერივნენ; ისინიც ბანაკის ერთს მხრისაკენ ტყეს შეჰფარებოდნენ და ხმა გაკმენდილი, თავიანთ მოვალეობას აღსრულებდნენ.
ამ სიჩუმეში კარგა ხანმა გაიარა, როდესაც ფოთლების შრიალი მოისმა. ამხანაგები შეჰკრთნენ და ერთმანეთს ხელი წაჰკრეს. მოხევეთ ძალიან კარგად ესმოდათ, რომ სიფრთხილით უნდა მოქცეულიყვნენ, რათა უცაბედი ხმაურობით ღამის მშვიდობიანობა არ დაერღვიათ და მით რუსის ჯარების ყარაულების ყურადღება არ მიექციათ.
ერთბაშად რაღაცა შრიალი მოისმა და ამხანაგები შეკრთნენ.
- თოფი არ ახალო, - წასჩურჩულა ელგუჯამ.
- არა, - წყნარადვე უპასუხა მათიამ და ორთავენი, ხანჯლებზედ ხელდადებულნი, ხეს მოეფარნენ.
შრიალი კიდევ მოისმა და ადამიანის გაფრთხილებული ფეხის ხმა აშკარად გაარჩიეს.
- გამოდი-ღა, გამოდი, ვიღაცა ხარ და ნახავ, რა დღესაც მოესწრები, - ძლივს მოასწრო ელგუჯამ თავისთვის წყნარად წამოეთქვა, როდესაც შტოები გადიშალა და მის წინ ვიღაცა უცნობი პატარა ბიჭი, თავიდგან ფეხებამდის შეიარაღებული გადმოხტა. ამხანაგებმა გზა გადაუღობეს.
- ვინა ხარ? - წყნარად ჰკითხა ელგუჯამ და ხელი გაავლო.
- რაში გეკითხება ვინა ვარ! - უპასუხა უცნობმა და დაუმატა: - მოკეთე კი ვარ და სხვა რაი-ღა გინდათ?
- აქ რაიდ მოსულხარ, რაი საქმე გაქვს? - მკაცრად გაიმეორა მოხევემ, რომელსაც ახლადმოსულის ნაზი ხმა აკვირვებდა.
- იმად მოველ, რომ თქვენთან სიკვდილი მწადის, - ბიჭმა მოკლედ მიუგო.
- განა გვიცნობ? - მეტად და მეტად ჰკვირდებოდა ელგუჯა.
- ჰაი, ჰაი, რო გიცნობთ: შენ ელგუჯაი ხარ, მოხევე და ა ისკი მათიაი, - მთიული, - მისცა პასუხი პატარამ.
- შენც მოხევე თუ არა ხარ?
- ჰაი, ჰაი, რო მოხევე ვარ.
- იცი, ბალღო, რაი გითხრა: შენს წერას აუგდიხარ, თორემ აქ რაი მოგიყვანდა? მაი შინ დაბრუნდი, წადი, შენს პატრონებს მიხედე, ტყუილუბრალოდ თავს ნუ გაიფუჭებ და შენს ცოდს ნუ გვაყურებინებ!
- შინ საით წავალ? ვიღა მყავს?
- ობოლი ხარ?
- მამა მყვანდა და აი ემაგ ძაღლებმა მომიკლეს, - გაიშვირა რუსის ბანაკისკენ ხელი. - ძმა მყვანდა, მაგათ მუშაობაში თოვლმა ჩამიჩუმქრა. მარტო მეღა დავრჩი და სადღა უნდა წავიდე?.. ბარემ მეც მაგათ მომკლან და გათავდების. არა ელგუჯაისი, მაგათ ჩემი სისხლი ჰმართებთ და სისხლი უნდა ავიღო!
- ნუ გეშინიან, ღმერთი ხელს მოგიმართამს, - უთხრა მათიამ.
- იქნება ვერ მომკლან და ჩემს მოვალეთგან სისხლი ავიღო... ო... ო... როგორ დავლევდი მაგათ სისხლს, როგორ დავეწაფებოდი!
- კარგი, ბალღო, კარგი! ბალღი ხარ, მაგრამ ვაჟკაცსავით ლაპარაკობ... კაცმა სისხლი უნდა აიღოს და მტრის მტრობით სიკვდილამდის არ უნდა გაძღეს.
- ლომისის მადლმა, ეგეთ ბალღსაც პირველად ვხედავ! - გატაცებით წამოიძახა მთიულმა.
- მაშ კარგი, - მიუბრუნდა ელგუჯა - ჩვენთან იყავ, ორი ძმა ვართ და მესამე ძმა შენ იქნები.
ამ სიტყვების შემდეგ, ისინი ისევ ჯარის თვალიერებას მოჰყვნენ და როდესაც ყოველისფერი შეიტყეს, რაც-კი მათთვის საჭირო იყო, თავიანთ ბანაკისკენ გასწიეს.
გათენდა დილა და ჯარმა მზადება დაიწყო; ისინი ეშურებოდნენ, რადგანაც ფასანაურის ვიწროები სინათლითვე უნდოდათ გაევლოთ.
ჯარის სარდალთან განუწყვეტლივ სხვადასხვა მოხელენი ბრძანების მისაღებად შედიოდ-გამოდიოდნენ. უფროსიც, ჩვეულებრივის მედიდურობით, განკარგულებას აძლევდა. ხალხს რაღაცა განსაკუთრებითი მოძრაობა ეტყობოდა; ყველას პირისახეზედ ანგარიშმიუცემელი მზრუნველობა და აღშფოთება ეწერა. მათ შორის ხმა გავრცელებულიყო, რომ მთიულებს გზები შეეკრათ და, მაშასადამე, დღეს თუ ხვალ იმათთან შეტაკება აუცილებელი ხდებოდა. ბრძოლა მით უფრო საშიშრად და ყურადღების მიქცევის ღირსად დაინახეს, როდესაც გათენებასთან ერთად იმ ადგილების მდებარეობა და სიმაგრე თვალწინ მძლავრად წარმოუდგათ. იმათ შენიშნეს, რომ გზას აქეთ-იქით ატეხილი ხშირი უდაბნო ტყე ჰქონდა და ეს-კი მტერს ყოველგვარს შემწეობას აღმოუჩენდა და მათგან შეუმჩნევლად ამოქმედებდა. ყველას მოაგონდა თავისი სახლკარი, მიწაწყალი, ცოლ-შვილი და ოდესმე მოძულებულს გაყინულს სამშობლოს ეხლა ნათელი შუქი დასდგომოდა, ნეტარებით იხსენებდნენ. მათ აგონდებოდათ თავთავიანთი გულის სატრფო, რომელიც შორს ქვეყანაში უპატრონოდ, ვინ იცის ვის სათამაშოდ, გასახარებლად დარჩენოდათ!.. ძალიან სწუხდნენ, რომ იმათზედ ამ სამოთხის მსგავს ადგილებსაც-კი მოქმედება აღარა ჰქონდა, რადგანაც ვინ იცის ბედი ვის რას შეახვედრებდა, ვის რა რიგად გაუღიმებდა. აღარავინ იცოდა ერთი წუთის შემდეგ რა მოელოდა, რა რიგად გაუტრიალდებოდა ბედის ჩარხი და ეს უცოდინარობა ყველას გულს უწყალებდა; ყოველს ფეხის გადადგმასთან, ყოველ ნაბიჯზედ, ყოველ ხესთან, ყოველის ბუჩქის მიახლოვებასთან რუსები შეუბრალებელს სიკვდილს მოელოდნენ, რომელიც არც ჭაბუკს და არც მოხუცს არ დაინდობდა.
რისთვის შორდებოდნენ თავის სამშობლოს, რისთვის დაეკარგათ მოსვენებული ცხოვრება და რისთვის გადმოხვეწილიყვნენ ამ ადგილებში, თითონაც არ იცოდნენ. მოდიოდნენ თავდახრილები და თავიანთი მოქმედების ანგარიში ვერ მიეცათ.
დაჰკრეს ბარაბანს, ჩაჰბერეს საყვირს და იმათ უნდა დაევიწყნათ აღძრული მოგონებანი, რადგანაც სარდალმა ჯარის ბანაკით აყრა ბრძანა; საკრავების ხმა ჯერ არ შეწყვეტილიყო, როდესაც სვიმონ ღენერალთან მოვიდა და მისი შეჩერება კიდევ ერთხელა სცადა.
- თქვენო აღმატებულებავ! როგორც მაზრის უფროსი, ჩემს ვალათა ვრაცხ კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ, რომ აქედგან ჯარის დაძვრა საშიში არის.
- უბრალოდა სწუხდებით, ბატონო მაზრის უფროსო! გარწმუნებთ, რომ გზას მშვიდობიანად გავივლით და ხმის გაცემას ვერავინ გაგვიბედავს.
ღენერალს მოართვეს ჩინებული ცხენი, რომელზედაც შებრძანდა, გააკუნტრუშა და ბეგზედ გადადგა; მის წინ გაიჭიმა დარაზმული ლაშქარი.
- მშვიდობა თქვენდა! - მედიდურად დასძახებდა დოინჯშემოყრილი უფროსი გამვლელს ჯარს და პასუხად მიიღებდა:
- ვისურვებთ მშვიდობას თქვენი აღმატებულებისათვის.
როდესაც ჯარმა გაიარა, უფროსმაც გააჩაქჩაქა ცხენი და შიგ შუა ჯარში შეერია. სალდათები მღეროდნენ და ცდილობდნენ თავი უზრუნველს მამაცებად გამოეჩინათ, მაგრამ ცუდი მხიარულებაა, როდესაც თავის თავს ანგარიშს ვერ აძლევ ვისის მიზეზით ეძლევი ფათერაკსა... ერთბაშად შავი ღრუბელი გამოჩნდა; ჰაერი შედგა, თითქო იმ ადგილს თავის დღეში ქარს არ გაექროლა; ჩამოცხა კიდეც. ღრუბელი თანდათან იზრდებოდა, თითქოს უხილავი ძალა ჰბერავდა; ცა ტყვიის ფრად მოიქცა. ერთბაშად დაჰქროლა ქარმა და იქაურობას კორიანტელი აადინა; ფოთლებმა შრიალი დაიწყეს, მაღალი ხეები შეირყა და თითქოს ვიღაცას ემუქრებოდნენ, თავების ქნევა დაიწყეს. ქარი ისევ ჩავარდა, ხმაურობა შესწყდა, ისევ ჩამოცხა და, სულთქმა გაძნელდა; ერთბაშად იჭექა, იგრიალა და წამოვიდა ხშირი შხაპუნა, ქარიშხალში არეული წვიმა. მთებიდგან ჩამონადენი პატარა წყლები წუთზედ ნიაღვრებად გადაიქცა; ისეთს ნიაღვრებად, რომლის მომდინარეობასაც წინ ვეღარა უმაგრდებოდა-რა; ქვიშა, ქვა, უზარმაზარი ხეები ითხრებოდნენ, ძირიანად იგლიჯებოდნენ და ერთმანეთში დომხალივით არეული შეუყოვნებლივ დამყრუებელის გრიალით თავქვე მოჰქროდნენ. ძირგამოთხრილი ბეგები წამდაუწუმ ხევებში ხრიალით ჩაწვებოდნენ და ერთი ორად ადიდებდნენ გასქელებულს და შედედებულს ქვა-ტყე არეულს ტლაპოს. ეს ჩამოდიოდა გზებზედ და ჭალებზედ და სადაც ვაკე ადგილი დახვდებოდა, იქ მაღალს გორებად აიგებოდა. წინადვე საომრად დაწყობილმა ჯარმა მოთმინება დაჰკარგა, რადგანაც ნიაღვრის გამო წალეკილს გზაზედ გაჭირვებითა ძლივსღა მიიზლაზნებოდა; ურმები, ცხენოსანნი და მოქვეითენი სულ ერთმანეთში აირივნენ; ყველა ჰყვიროდა, ყველა რიგს აძლევდა, მაგრამ რადგანაც მოთავე არა სჩანდა, გამგონიც აღარავინ იყო. ერთმანეთის სიტყვა აღარ ესმოდათ, ურმები და ცხენები მიუხედაობის გამო თონთლო მიწაში ეფლებოდნენ და მათი მშველელი-კი არავინა სჩანდა. ბინდმა მოაღწია, მაგრამ იმათ რამდენიმე ვერსის გავლის მეტი ვერ მოესწროთ.
ჯარი ფასანაურის იმ ვიწროებში შევიდა, სადაც არაგვის პირზედ გაყვანილს გზას აქეთ-იქით მაღალი, დაბურვილი ტყეები მისდევდა, აქ დამალულიყვნენ მთიულები და დაუპატიჟებელს სტუმრებს მოუთმენლად მოელოდნენ.
მოწინავე ჯარმა იმ გაჭრილს კლდეს მიაღწია, სადაც ვიწრო ხეობაში, გზის გარდი-გარდმო, უხელოვნო, მაგრამ მკვიდრი კედელი დაინახეს; ხეები და ფიჩხები, რომელთაც ქვა და მიწა ჰქონდათ დაყრილი, გასავლელს გზასა ღობავდა და მიმავალთ გზას უკრავდა. მაგრამ, როგორც ეტყობოდა, ეს შენობა საჩქაროდ იყო აგებული და მის გამკეთებლებს უფრო სიმკვიდრეზე ეფიქრათ, ვიდრე მის ლაზათსა და შნოზედა. ადგილ-ადგილ ხეებსა და ფიჩხებს უსწორმასწოროდ თავები გამოეყოთ და მიდგომას მით უფრო აძნელებდნენ. კედელზედ ვიღაცა მთიული, გაშიშვლებული თოფით დადიოდა და განუწყვეტლივ გზას გამოჰყურებდა; აშკარადა სჩანდა, რომ ვიღაცას მოელოდა; რაწამს კაცმა მომავალს ჯარს თვალი შეჰკრა, მაშინვე თოფი ჰაერში გაისროლა და დაიძახა:
- ძაღლები მოდიან, ვაჟებო! ძაღლები!
ამ ძახილთან ერთად მთიულთა ურიცხვთა გუნდმა კედელის იქიდგან თავები ამოყვეს, თოფები გადმოიშვირეს და მიმავალს რუსებს ლოდინი დაუწყეს. სანგლის დამცველები მოემზადნენ, რომ სროლით მიეღოთ ძალისძალ მომავალი ჯარი და მათს მიახლოვებას უცდიდნენ... რუსებმა ხალხი დაინახეს, შესდგნენ და გაკვირვებით ლაპარაკი დაიწყეს. სანგალზედ ერთი მოხუცი გადმოდგა და მაღალის ხმით დაიძახა:
- ჩვენ, მთიულებმა, გადავწყვიტეთ, რომ გზები შეგიკრათ და აგრეც მოვიქეცით. უკანგაბრუნებაც რომ გინდოდესთ, ვეღარ გახვალთ, რადგანაც იქიდგანაც სანგლები გაგიკეთეთ... თუ გონსა ხართ, დაგვმორჩილდით, თორემ, ღვთის მადლმა, აქედგან ცოცხალი ვერავინ გავა.
ამ ჯარში უფროსად მყოფი აფიცერი მთიულის სიტყვებზედ აირია და კარგა ხანი მოუნდა სანამ პასუხს მოახერხებდა. ბოლოს, როგორც იყო, თოლმაჯის შემწეობით, შეატყობინა, რომ მთელი ჯარის უფროსად ღენერალი არის დანიშნული და იმის შეუტყობინებლად პასუხის მიცემა არ შეეძლო.
- მაშ წადი და იმას შეატყობინე, - უთხრა მთიულმა.
აფიცერმა ჯარი შეაყენა და თითონ ღენერალისკენ გაჰკურცხლა. სარდალი ცუდს გუნებაზედ იყო, რადგანაც ავდარს საკმაოდ შეეწუხებინა და ვისაც-კი თვალს შეჰკრავდა, ჯავრს იმაზედ ყრილობდა.
- თქვენო აღმატებულებავ! მთიულებს გზა შეუკრავსთ... გავლა შეუძლებელია... იძულებული შევიქენ ჯარი შემეყენებინა... - მისვლის უმალ მოახსენა აფიცერმა.
- რაო? - თვალები დაუბრიალა უფროსმა. - დამთვრალხართ და მთიულები მოგჩვენებიათ.
- არა, თქვენო აღმატებულებავ! ეს არის ეხლა იქიდგან გიახლებით... სანგლები გაუკეთებიათ და ხალხი მთლად შეიარაღებულია.
- შეიარაღებულიო?.. ჰა, ჰა, ჰა! - დასცინა ჯარის მოთავემ და დაუმატა: - გეუბნებით დამთვრალხართ და მთიელები მოგლანდებიათ-მეთქი... ქართველებს იარაღი ვინ მისცა, რომ მაგ სისულელით მაწუხებთ?
- მოგახსენებთ, რომ შეიარაღებულები გახლავან-მეთქი და ხალხიც ბლომად არის.
- მე-კი გეუბნები, შიშის გამო მოგჩვენებიათ და გაუგებლობის გამო-კი გიბრძანებთ ეხლავ მორიგ აფიცერთან წახვიდე, მისცე თქვენი ხმალი და შეატყობინო, რომ სამს დღეს გატუსაღებთ.
- თქვენი ნება გახლდესთ, თქვენო აღმატებულებავ! - შუბლთან ხელის მიტანით თავი დაუკრა აფიცერმა.
- მეომარს ლაჩრობა არ შეშვენის, ბატონო აფიცერო! გესმისთ?.. თქვენ შემთხვევა გეძლევათ, რომ თავი გამოიჩინოთ ვაჟკაცობით და მამაცობის სახელი დაიმსახუროთ... და თქვენ-კი ამგვარის შემთხვევის დროს სიხარულის მაგივრად, გული გაგხეთქიათ!.. მიკვირს თქვენი საქციელი... ორიოდ თავზედ ხელაღებული მთელს ლაშქრად მოგჩვენებიათ და მზადა ხართ მათ წინ იარაღი დაჰყაროთ! წადით, ეხლა მიპატიებია და შემდეგში-კი გაფრთხილდი, თორემ კავკასიაში ჩინების მიღების მაგივრად ეგ პაგონებიც აგეყრება და ცარიელი დამრჩები. გასწიე ეხლავ, ეხლავ მიხედე შენს ჯარს და თუ მართლა რამდენიმე თავზედ ხელაღებულს მთიულს წინ გადადგომა გაუბედნია, მათრახებით ტყავი გააძერი... მხოლოდ არ დაგავიწყდეს: ბრძოლაში, თუნდა ეს საჭიროც არ იყოს, ცხენოსნებმაც და არტილერიამაც მონაწილეობა უნდა მიიღოს... შემდეგში... რაპორტში მოსახსენებლად გამოგვადგება... დღევანდელის დღისთვის ჯილდო ყველამ უნდა მიიღოს... გასწით და მტკიცედ აასრულეთ ჩემი ბრძანება.
აფიცერმა თავი დაუკრა, გატრიალდა და ბრძანების აღსრულებას დაჩვეულმა თავის ჯარისაკენ გასწია. თუმცა ის მიდიოდა დარწმუნებული, რომ ბრძანების მიცემა უფრო ადვილი იყო, ვიდრე მისი აღსრულება, მაგრამ რა ექნა? სამხედრო წოდების დისციპლინა მას ვალადა ზდებდა.
როდესაც თავის ჯარში მივიდა, მან ღენერლის ბრძანებისა თანახმად შესძახა:
- გასწორდით, მოემზადეთ, გასწით! - მომზადებული სალდათებიც დამორჩილდნენ.
ამ მოძრაობამ მთიულები გააკვირვა, რადგანაც რუსების მოქმედება სიგიჟეთ მიაჩნდათ და სანგლების აღების შეუძლებლობას აშკარადა ჰხედავდნენ.
- გაგიჟდნენ, თუ რაი მოუვიდათ? - მთიულებმა ერთმანეთს შეხედეს და გაშტერებული ჰკითხულობდნენ: - სად მოეხირებიან!?
- ახალე, ახალეთ, ვაჟებო! რაღას უყურებთ, მაგ ძაღლებს! - დასძახა მთიულთ მოთავემ და ერთად გაცვინულის თოფების გრიალმა ჰაერი შეარყია.
შეთხელდა მოწინავე რაზმი და აირია. ოცამდის კაცი, თითქოს მანქანებით მიწაზედ წაწვა. მოისმა ყიჟინა და შეფერხებულმა რუსებმა ისევ წინისაკენ გაიწიეს, მაგრამ პირველმა სროლამ რაზმი სრულიად არია და სალდათებს ჯერ თავშესაფარი ადგილები მოაძებნინა, მერე უკუქცევაც აკადრებინა; ისინი გარბოდნენ გულგახეთქილები, იარაღს გზაში ჰყრიდნენ, რათა ცოტათიც არის შემსუბუქებულიყვნენ, მაგრამ გაბრუნებამაც ვეღარ უშველა: მათ ტყეში შესაფრებულ მთიულების სროლა სდევნიდა და შეუბრალებელი ტყვია რუსებს ხან აქ წააჩოქებდა და ხან იქ.
გაცხარებულმა სროლამ იმ ადგილსაც მიაღწია, სადაც ღენერალი იყო; იქაც გაიმართა თოფების ტკაცა-ტკუცი და მხოლოდ ეხლა დარწმუნდა ჯარის უფროსი, რომ ქართველებს იარაღი ჰქონიათ, რადგანაც მის გარშემო ტყვიებმა ზუზუნი დაიწყეს და ურიცხვი ხალხი ფართხალით სულსა ჰლევდა.
- ეშმაკები, ქაჯები!. სულ გაგვწყვეტენ, ეგ შეჩვენებულები, - იძახდა გაფითრებული ღენერალი და საჩქაროდ უმატებდა: - ჯარი უკან დაბრუნდეს, უკან!..
ამ სიტყვებთან ერთად, თითონაც გამოაბრუნა ცხენი და უკან გაჰქუსლა; მას გაჰყვა რამდენიმე ცხენოსანი და უპატრონოდ დარჩენილი ჯარი-კი მეტად აირია. ყოველ ნაბიჯის გადადგმაზედ უფროსებს გადარჩენის იმედი ეძლეოდათ. როდესაც ერთ ხევს მიაღწიეს, გახარებულებმა ცხენებს შეუტიეს: ჰფიქრობდნენ, ბეგს გადაეფარებოდნენ, და ტყვიებისაგან თავს დაიფარავდნენ, მაგრამ მიახლოვების უმალ, სწორედ იმ ბეგს იქიდგან, რამდენიმე თოფი გამოვარდა და ღენერალს გვერდიდგან ორი ამხანაგი მოუსხლიტა. უფროსმა ცხენს ჯილავი მოსწია და მთლად გაფითრდა.
- აქაც გზა შეუკრავსთ, მაგ უღმერთოებს! - ცხენის გამობრუნებასთან ერთად წამოიძახა იმან და იქ მყოფებს მიუბრუნდა: - ღვთის გულისათვის, გვიშველეთ რამე! - მაგრამ ვინ რას უშველიდა, როდესაც ყველას თავთავის თავი გასჭირებოდა და თავის სიცოცხლეზედ ზრუნვას შესდგომოდა.
სარდალი აშკარად დარწმუნდა, რომ ბრიყვს და გაუთლელს ქართველებს, - როგორც იმ ხანში კავკასის აქეთა მხარის მცხოვრებლებს ეძახდნენ, - ძალიან კარგათა სცოდნიათ შემთხვევით სარგებლობა, ჩინებული იარაღი ჰქონიათ და სანაქებოდ სცოდნიათ მათი ხმარება, სარდალს მოაგონდა სვიმონი და მწარედ ამოიოხრა.
ღამე თანდათან ახლოვდებოდა, იქაურობას შავს სუდარასავით სიბნელე ეხურებოდა; მწუხრად იბურებოდა და თუმცა ხალხი ერთმანეთს ვეღარა ჰხედავდა, მაგრამ თოფის ხმა მაინც არა სწყდებოდა და მასთან ერთად გამოიძაბებოდა უსიამოვნო ალი.
თოფის სროლა შესწყდა და მოქანცულმა ხალხმაც შეიქაქანა, რადგანაც თვალი ვეღარ არჩევდა და ტყვია თავის დანიშნულებას ვეღარ აღსრულებდა. იშვიათად თუ სადმე გაიელვებდა თოფი, რომ უბედურს მტერს შეხვედრილ კაცისთვის სიცოცხლე გაექრო. მხოლოდ ერთს ადგილს, პატარა ვაკე მინდორზედ, რამდენიმე კაცი შეჯგუფებულიყო და ხელჩართული გაემართათ. ეს გახლდათ ელგუჯა თავის ამხანაგებით, რომელნიც ბრძოლის ჟინს მეტად გაეტაცნათ და მტერზედ ჯავრის ამოყრა სალაღობო მეჯლისად გადაჰქცეოდათ. იმათ რუსთა საერთო გუნდიდგან რაოდენიმე ნაწილი მოეწყვიტათ და დამთვრალს ვეშაპებსავით დარეოდნენ.
ისინი გამგელებულსავით იბრძოდნენ, აჩვენებდნენ თავიანთის მკლავის ძალას, ხმლის მჭრელობას და თუ პირველისავ დაკვრით მიწასთან ვერ გაასწორებდნენ, სამუდამოდ დასახსომებელს ნიშანს მაინც დაადებდნენ. იქავ ტრიალებდა უცნობი პატარა ბიჭიც, რომელიც ელგუჯას და მათიას ქვეშეს შეხვდა და რაც-კი შეეძლო თავგანწირვით იბრძოდა. მაგრამ ეს ბიჭი ერთბაშად შესდგა, სიმწარით დაიკივლა, გააღრჭიალა კბილები და სალდათის შუბით გულგანგმირული ძირს დაეცა. გამხეცებული რუსი შეუბრალებელის ხარხარით გაექანა და გამწვეტებულის შუბით მიწაზედ მილურსმას უპირებდა, მაგრამ იელვა ელგუჯას ხმალმა და უღმერთო რუსი მხარიღლივ გადასხიპა. წაქცეულს ბავშვს მათიამ თვალი შეჰკრა, ცალის ხელით ბურთსავით აიტაცა, მეორეში ხმალი მოიმარჯვა და უნდოდა ბრძოლის ველიდგან გაეყვანა. ვიღაც რუსი წინ გადაუდგა, მაგრამ ის ვეფხვსავით გაქანდა გზაზედ გადაღობებილისაკენ და ვიდრე ელგუჯა მიეშველებოდა, თავგაჩეხილს სალდათს მიწაზედ ფართხალი დააწყებინა. კიდევ რამდენჯერმე ხმლის მოქნევა, ამხანაგებმა გზა გაიპეს და ტყეში შევიდნენ.
იმათ დაანთეს ცეცხლი და დაიწყეს იარების ბანა და შეხვევა. იქავ აწეწილს თივაზედ დააწვინეს პატარა ბიჭიც, რომელსაც მათია და ელგუჯა ჭრილობას უხვევდნენ, მაგრამ სისხლი ვერ შეეწყვიტათ. ბიჭი ჯერ კიდევ ჰფეთქავდა და რუსის შუბით ჩანგრეულს მკერდზედ ხელს იდებდა. ბოლოს მიყუჩდა და მიილუშა; ტკივილებმა თითქოს გადუარა და თვალები აახილა, გრძნობას მოვიდა და ამხანაგებს საცოდავად შეჰხედა. ის დააშტერდა მათიას, რომელიც მის გვერდით დაჩოქილი და დაღონებული იდგა.
- თვალები გაახილა! - სიხარულით წარმოსთქვა მათიამ.
- მათიაუ, გადარჩი? - დაიკვნესა ბიჭმა და ქშენით და ღიმილით დაუმატა:
- მადლი უფალს, რომ თქვენ მაინც ცოცხლები ხართ.
- ბეჩაო, ჩემო თაო! შენ რაიღა გიჭირს? - ანუგეშა ელგუჯამ, მაგრამ თვალი-კი მოარიდა.
- არც-რა, - ოხვრით წარმოსთქვა ბიჭმა. - რაი უნდა მიჭირდეს?.. მოვკვდები და ყველა გათავდების.
- სუ-ღა, ჩე! ნახავ, როგორ მალე მორჩები, - წარმოსთქვა მათიამ.
დაჭრილმა შეჰხედა, გაიღიმა და ქშენას მოუმატა.
- აქ მოდი, მათიაუ!. - მიხრწნილის ხმით წარმოსთქვა იმან. - ხელი მომეც... აღარ მოვრჩები, აღარ... - მწუხარებით დაუმატა იმან და მთიულისკენ ხელი გაიშვირა. - მშვიდობით, მათიაუ, მშვიდობით, ელგუჯავ, შენცა... უფალმა გახაროსთ...
- რას უბნობ, რაი მოგსვლია?.. შენს მეტი დაჭრილი აღარავინ ყოფილა, თუ რაი ამბავია?
ბიჭმა შეხედა, თვალები გაუშტერა და ცრემლები გადმოედინა.
- არა, აღარ მოვრჩები!. ან რაის მაქნისია სიცოცხლე?.. - იმედგადაწყვეტით წარმოსთქვა იმან და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: - ვერ მიცან?.. მე... მე ჯაჯალაი ვარ.
- ჯაჯალა?! - გაკვირვებით წამოიძახეს ორთავ ამხანაგებმა, რომელთაც იქამდის დრო არ მისცემოდათ პატარა ბიჭს დაჰკვირვებოდნენ.
- მათიაუ!. შენთან ცხოვრება არ ხდებოდა და უშენოთ სიცოცხლე-კი არ შემეძლო... არ შემეძლო და... აჰა, ვკვდები... მე შენ მიყვარდი და შენ-კი ცხო... საით-ღა მეცოცხლა? - ამ სიტყვებმა ორივ ამხანაგი იქამდის გააშტერა, რომ პასუხი ვეღარ მოეხერხებინათ და პირგამშრალი, გაუნძრევლად იდგნენ.
- მშვიდობით, მათიაუ!. მშვიდობით, ელგუჯავ, მზაღო... მზაღო მომიკითხე... უთხროდე, მომიგონოდეს... ღვთის მადლმა, ისიც ძალზედ მიყორდა... - ქალი მიილუშა, თვალები დახუჭა და გაჩუმდა. მერე ერთბაშად შეკრთა, გაიბრძოლა და წამოიწია; შეხედა მათიას და თვალი გაუშტერა.
- ბეჩაუ! ერთაი, ერთაი მაინც მაკოცე... მომასვენე... - გაშალა ქალმა ხელები და გახურებულს ტუჩებთან მიიკრა მთიულის ცრემლით დალორთხილი სახე, მაგრამ წადილი ვეღარ შეუსრულდა. ქალმა დაიხრიალა, ხელები ჩამოუცვივდა და კოცნისთვის მომზადებული ტუჩები ჰაერში ოდნავ-ღა შეინძრა, წუთიც და გაღიმებულს სახეს სიკვდილმა მოასწრო და ისე გაყინა.
სწორედ ამავე დროს რუსების ბანაკიც თითქმის აღწერილის სურათის მზგავს მდგომარეობაში იყო. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ დაკოდილთა ხელები ამაოდ აღიპყრებოდა ზეცისკენ, შველას ამაოდ ითხოვდა, რადგანაც მათი მზრუნველი არსადა სჩანდა, მშობლიური ხელი თვალს არ უხუჭავდა.
თვით ღენერალს მოენახა უშიშარი ადგილი, იქ ჩამომხტარიყო და იქვე მიეწვია ვისაც-კი რომელიმე რჩევის მიცემა შეეძლო. გულგახეთქილი ყველას ეხვეწებოდა ჯარი განსაცდელიდგან დაეხსნა და მისთვის ღირსეული ჯილდო მიეღო. მთიულებმა დაუმტკიცეს, რომ რუსების დასახვედრად თოფებიც საკმაო ჰქონდათ და სალდათებზედ უკეთაცა სცოდნოდათ მათი ხმარება; როდესაც ღენერალს ძალა დაადგა, ნება უნებლივ ქართველების შესახებ აზრი უნდა გამოეცვალა.
- რატომ სვიმონს არ გაუგონე, რატომ? - ვინ იცის მერამდენედ იძახდა სარდალი და უნუგეშოდ იგლეჯდა ქოჩორს, მაგრამ უბრალო „ვიში“ საქმეს ვერა შველოდა. მთიულებს გზა ისე მაგრად შეეკრათ, რომ რუსებს აღარც წინ წასვლის, აღარც უკან დაბრუნების საშუალება აღარა ჰქონდათ და თუ თავიანთი გაჟუჟვა არ უნდოდათ, გაუნძრევლად უნდა დარჩენილიყვნენ.
- რა ვქნათ, რა? - დაფანტვით ჰკითხულობდა და თავს ჩაჰკიდებდა.
- რა მოგახსენოთ! - მხლებელნი ერთხმად მისცემდნენ პასუხსა და ისინიც თავს ჩაჰკიდებდნენ.
- ასე დარჩენაც შეუძლებელია, - ჩაურთო ვიღაცა აფიცერმა. - შიმშილით გავწყდებით, სხვა რომ არა იყოს რა.
- მაზრის უფროსი მაინც აქა ყოფილიყო! - ინატრა ჯარის უფროსმა.
- ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება, - დაუმატა მეორემ.
- დიახ რო გაგვიჭირდება... ნახე როგორ იბრძოდნენ? - მიუგო მესამემ.
- ეგენი კაცები-კი არა, ნამდვილი ქაჯები ყოფილან, ქაჯები!
- სწორეთ მართალსა ბძანებთ!
აფიცრები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, როდესაც ერთი ხანშიშესული წინ წადგა და ღენერალს მოახსენა:
- თქვენო აღმატებულებავ! აბა ერთი თარჯიმანს დაუძახეთ. ის აქაურია და იქნება რჩევა რამ მოგვცეს.
- სულ არ გადამავიწყდა! - უფროსმა შუბლში ხელი შემოიკრა და სიხარულით წამოიძახა: - მომიყვანეთ თარჯიმანი, ჩქარა მომიყვანეთ!
ბძანება სწრაფად შეასრულეს და მათ წინ გულასპასშვილი, რომელსაც ამჟამად გაჭირვებიდგან დამხსნელს ანგელოზად უყურებდნენ, მოიყვანეს და გარს შემოეხვივნენ.
ყველამ დაუწყო ხვეწნა და მუდარა, რომ ჯარის გაჭირვება სვიმონისათვის როგორმე შეეტყობინა და ამოდენა ხალხი განსაცდელისაგან დაეხსნა, თვით გაამპარტავნებული ღენერალი დღეს დამდაბლებულიყო და თავმოკატუნებული ეუბნებოდა:
- ჩემო მეგობარო! ოღონდ ამ დღიდგან დაგვიხსენ და გაგამდიდრებ, გაგაბედნიერებ.
თარჯიმანმა მთიულების აზრი იცოდა და დარწმუნებული იყო, რომ თუ რუსები თავიანთ ქერქში დადგებოდნენ, ხალხიც ომს შესწყვეტამდა, მაგრამ მაინც საჭიროდ დაინახა ეთქვა:
- სვიმონ ჭკვიანი კაცია, რაისთვის არ დაუჯერეთ?
- ახ, ღმერთო ჩემო! რა ვიცოდი, რომ ასეთი საქმე დაგვემართებოდა?
- მაშ რაი გეგონა?.. ჩვენი კაცები ქუდების მაგიერ მანდილს თუ ატარებდნენ?.. მაგრამ რაიც მოხდა, მოხდა... რასაც აღარა ეშველების, იმას თავი დავანებოთ... მე წავალ, ვეცდები... მხოლოდ სანამ დავბრუნდებოდე, ადგილიდგან არ დაიძრათ, თორემ ღვთის მადლმა, ცოცხალს ბღავანსაც ვერ გაიყვანთ.
ამ სიტყვებით მოახტა ცხენს და ქვეშესკენ გაემართა; ღენერალმა-კი რამდენჯერმე პირჯვარი გადიწერა და ხატებს მანეთიანი კელეპტრები აღუთქვა, ოღონდაც არის მშვიდობით გადარჩენილიყო.
გათენდა კიდეც, როდესაც რუსებისაგან სვიმონთან გაგზავნილმა კაცმა იმ ადგილს მიაღწია, სადაც მთიულებს გზები ზემოდგანაც შეეკრათ და მტერს ფხიზლად ჰყარაულობდნენ.
გაგზავნილი კაცი ისე პირდაპირ, მოურიდებლად მიდიოდა, თითქოს იმ ადგილებში არავითარი არეულობა არ მომხდარიყო და სრული მშვიდობიანობა სუფევდა. მგზავრი შევიდა იმ ადგილას, სადაც თხილის ტყის ხშირფოთლიანი ტოტები გზაზედ გადმოზნექილიყვნენ და ერთმანეთში გახლართულებს ფერხული დაებათ, ცოცხალი სასიამოვნო თაღი შეეკრათ.
გზა სიარულის გამო რაოდენადმე დალეულიყო და თავის ნაპირებზედ დაბლა ჩასულს სიღრმავე შაედგინა; ამის გამო, აქეთ-იქით მაღალი ბეგები კედლებივით ამოსულიყვნენ და მოსიარულეთათვის გზისა და ხეებს შუა საკმაო მანძილს სტოვებდნენ. ხეებს შუა გახლართულიყო სვია და სხვა მხვევი მცენარენი; იმათ ძირიდგანვე წკვერტად მოყვანილი ხშირი ფოთლები მიზდევდნენ და მგზავრს ზაფხულობით საკმაოდ უჩრდილებდნენ და უგრილებდნენ, მხოლოდ ზამთრობით იფარავდნენ ძრიელის ქარიშხლისაგან და ჩუმქრისაგან.
გარშემო სრული მყუდროება სუფევდა. მხოლოდ მგზავრის ცხენის ფეხის ხმა არღვევდა სიჩუმეს. ესეც რომ არ ყოფილიყო, კაცს უდაბურ ადგილად მიაჩნდებოდა.
ერთბაშად შეიძრა ფოთლები, გაშრიალდა და მგზავრმა იგრძნო, რომ ვიღაცამ კისერში ძლიერი ხელი წაავლო; მაგრად დაუჭირა და მკაცრად უთხრა:
- ვინა ხარ?
- მე შუაკაცი ვარ, - დამშვიდებით უპასუხა მიმავალმა და დაუმატა: - კისერი-კი გაუშვი, თორემ ხუმრობა არ გცოდნია.
- სტყუი! - მკაცრად გააწყვეტინა უცნობმა, საყელო მოზიდა და ცხენიდან გადმოაგდო. ამავე წუთს, რამდენიმე შეიარაღებული მთიული დაჭერილს გარს შემოერტყნენ და თოფები მიუშვირეს.
- თქვენს მოთავესთან მიმიყვანეთ და მაშინ გაიგებთ, გატყუებთ თუ არა.
- იარე, მაგრამ გაფრთხილდი-კია, რომ მზის სხივით უკანასკნელად არ სტკბებოდე. - ისინი გაბრუნდნენ, მგზავრს გარშემო შემოუდგნენ და ამგვარად მოთავესთან მიიყვანეს. რამდენიმე კითხვის შემდეგ სვიმონთან მიმავალს თავისუფალი გზა მისცეს და იმასაც აღარ დაუგვიანია.
შუაკაცი ამხედრდა, მაგრამ დიდხანს სიარული-კი არ მოუნდა, რადგანაც, რა წამს ხალხის მმართველს მთიულების და რუსების შეტაკება გაეგო, მაშინვე მათკენ გამომგზავრებულიყო და შუაკაცი გზაში შეხვდა და შორიდგანვე დაუძახა:
- არიქა, შენი კვნესა-მე! რუსები ჩახოცეს.
- მაშ ჩხუბი მოხდა? - ცხენის შეყენებით იკითხა უფროსმა.
- სისხლის ღვარი ადინეს, შენი კვნესა-მე!. ეგრე გაუხადეს საქმე, რომ ვერც წინ და ვერც უკან ვეღარ განძრეულა... ვერა, აგრემც შემეწევა ლომისა.
- უფროსი რაღასა შვრება? - იკითხა სვიმონმა და ცხენი გაატარა.
- რას შვრება?.. ჯერ იბერებოდა და ახლა კი მოკუნტული, წნორის ფურცელსავით ცახცახებს... - წარმოსთქვა მოსულმა და დაუმატა: - კვეხნა საქმეზედ მარჯვე ყოფილა, შენი კვნესა-მე!
- ღმერთო!.. რა კაცებს აბარებენ ხალხის ბედსა და ქვეყნის მართვას? - უკმაყოფილოდ წარმოსთქვა მმართველმა და დაუმატა: - არ გაიგონა ჩემი და ეხლა რაიღა უნდა უშველო?.. ბევრნი დაიხოცნენ?
- ბევრნი, შენი კვნესა-მე, ბევრნი! გზაზედ მკვდრები ქვიშასავით ჰყრია.
- კიდევ სისხლი... უბრალოდ დაღვრილი სისხლი!.. სწორედ მაგას ვერიდებოდი და არ აგვცდა... რაი უნდა ჰქნან მარტო ბედშავმა მთიულ-მოხევეებმა?.. რაი გაუვათ? მარტო ეგენი სწყდებიან და ქართლი კი ისე გაჩუმებულა, თითქოს დასძინებიაო!.. - მწარედ წარმოსთქვა სვიმონმა და ცხენს მათრახი გაუქნია, თითქოს ჯავრის ამოყრა იმაზედ უნდოდა.
ისინი მიეშურებოდნენ რუსების ბანაკისაკენ; დაღონებული მოსაუბრე თანამგზავრს ომის დაწვრილებულს ამბავს ჰკითხავდა. ბოლოს მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც მთიულთ ყარაულები იდგნენ და სვიმონთან გაგზავნილი კაცი ამ რამდენიმე საათის წინ ისე მკაცრად მიეღოთ.
ყარაულებმა თავიანთი მმართველი იცნეს, მოეგებნენ და მისალმების შემდეგ უფროსებთან წაიყვანეს.
- ვოჟებს გამარჯვება! - მიესალმა სვიმონი მისვლის უმალ.
- უფალმა გადღეგრძელოს, - ერთხმად უპასუხეს ერთად შეყრილ თემის თავებმა.
სვიმონ ჩამოხტა ცხენიდგან, მივიდა ხალხთან და პირდაპირ დაიწყო:
- თქვენ დამპირდით, რომ სანამ გაგზავნილი კაცები ქართლიდგან არ დაბრუნდებოდნენ, ხელს არ გავანძრევთო... მთიულებს დღემდის სიტყვაცა და საქმეც ერთი ჰქონიათ, დღეს პირი რაისთვიღა გატეხეთ; რაისთვის არ შეასრულეთ დაპირება?
- რა ვქნათ, შენი კვნესა-მე? ნების-ნებად ჩვენც არ გვინდოდა, მაგრამ გავლა ძალად უნდოდათ და რაიღა გვექნა?.. იარაღის მეტი რაი შეაყენებდა?..
- ახლა საქმეს რაღაით ვუშველოთ?.. ხალხი ხალხად გაწყდა და რუსებიც უსარგებლოდ გადავიმტერეთ.
- მოკეთენი როდის იყვნენ, ბატონო? - უპასუხა რამდენიმე კაცმა და შემდეგ ერთმა დაუმატა:
- უსარგებლოდ რაისთვი... მაგათ ეგონათ, რომ მანდილები გვხურამს და ჩვენ კი ქუდოსნებად დავხვდით... აქეთ რომ მოდიოდნენ, გული გალაღებული ჰქონდათ და კაცად არ გვაგდებდნენ, ეხლა გაფრთხილდებიან მაინც... კაცად ჩაგვაგდებენ... თორემ თემის ეგრე დაჩოლფოტებაც ხომ არ იქნების?.. ჩვენც ღვთის გაჩენილები ვართ, პირჯვარს მარჯვენა ხელით ვიწერთ.
- მართალია, მაგრამ სანამ მტერს ძალა აქვს, უბრალოდ გაბრაზება არ უნდა... - მიუგო სვიმონმა.
- ამაზედ მეტს რაღას გვიზამენ, შენი კვნესა-მე, ბატონო?.. დანა და ყელი ერთად-კი გვაქვს მიტანილი და...
- ეგ სალაპარაკო არ არის... ვაჟკაცს მოთმინება უნდა ჰქონდეს და დროს მოლოდინი იცოდეს... აგერ! უდროოდ საქმის დაწყობამ ქართლში რაი მოახდინა? ვინც განდეგილი იყო, დაუჭერიათ და საწყალის ქომაგი კი აღარავინ არის... არა, რუსებს უნდა შეურიგდეთ როგორმე, თორემ საქმე გაჭირდების.
- არა, შენი კვნესა-მე, ბატონო!. ღვთის სიტყვასა ბძანებ, მაგრამა სანამ ქართლიდგან გაგზავნილები არ მოგვივლენ, და დაწვრილებულს ამბავს არ შეგვატყობინებენ, შერიგებაც არ იქნების.
ამ ლაპარაკის დროს ხალხში ერთი მთიული შემოერია, შემოვიდა წრის შუა და თავი ჩაჰკიდა. მისი დაღალვა, აჩქარებული ქშენა და არეული პირისახე აშკარად ამტკიცებდა, რომ მეტად ჩქარა ეარა და რაღაცა საშური, საჭირო საქმე უნდა ჰქონოდა.
- მეთაურნი სად არიან? - ბოლოს იკითხა იმანა.
- აქა ვართ, რაი გინდა?
- აბდიამ გამომგზავნა...
- რაი ამბავია?
- ქალაქში გაგზავნილი კაცები დაბრუნდნენო...
- დაბრუნდნენო? - ერთბაშად იკითხა ყველამ და მოსულს გარს შემოეხვივნენ.
- რაი ამბავი მოგვიტანეს, რაი ამბავი?.. სთქვი ჩქარა!
- საქართველო დამშვიდებული არისო... - მგლოვიარეს ხმით წამოიძახა იმან, მოიგლიჯა ქუდი და მწარედ ჩაჰკიდა თავი.
ამ სიტყვებმა ელვასავით გაირბინა; ყველანი და ყოველისფერი გაჩუმდა. ყველას ერთბაშად ხმა ჩაუწყდა და ზედვე იმ ადგილზედ გაშეშდა, რომელზედაც მთიულის სიტყვებმა მოასწრო. ამ სამარის მსგავს სიჩუმეში დარჩნენ და პირგამშრალებს სიტყვა ვეღარ მოეხერხებინათ. მოსულს ესმოდა თავის მდგომარეობა, ესმოდა, რომ მისგან მოტანილს ამბავს წყევლითა და ქოლვით მიიღებდნენ და ლაპარაკის გაგრძელება ვეღარ მოეხერხებინა. ყველას მძიმე ლოდად დააწვათ ეს ხმა და თავს დაცემულმა ზარმა ფეხებამდის გაუარა. ქალაქი, მათი იმედი ქალაქი, საქართველოს მოთავე ქალაქი ამისთანა დროს გაჩუმებულიყო, დადუმებულიყო და იმათ რაღა უნდა ექნათ, რაღა შეეძლოთ?
- ვაჟნო!.. დასაკლავს ხარს რაიღა ყურება უნდა?.. გვიამბოს, რაიც უნდა გადაგვხდეს და გაათაოს! - ბოლოს წარმოსთქვა ერთმა.
- ჰაი, ჰაი, რომ უნდა გვიამბოს, - სხვებმაც ხმა მისცეს და ისევე სიჩუმე ჩამოვარდა. ახლადმოსულმა ქუდი და ჯოხი დედამიწაზედ დაყარა, ცალ მუხლზედ დაიჩოქა და დაიწყო:
- იულონს და ფარნავაზ ბატონიშვილებს ცოტა რაიმე ხალხი მისდგომოდა, იმათ აეღოთ თავზედ რუსების გარეკა... მაგრამ ამ ცის ჩამონგრევის დროს რაი ერთობა ექნებოდათ?.. ისინიც ერთურთს სჭამდნენ და ჰგლეჯდნენ თურმე. ამ უკანასკნელ დროს, იმერეთისკენ ყოფილიყვნენ, იულონ იქ დაუჭერიათ და ფარნავაზი კი გაქცეულა სადმე... დანარჩენი ქართველები კი ჯერაც გონს ვერ მოსულანო და ვერ გაუგიათ, საიდგან რაი მოსდითო... ყველანი გაჩუმებული და მიყუჩებული არიანო... აბდიამ შემოგითვალათ: ეხლა აღარა გარიგდება-რაო, დაიშალენით და რუსებს გზა მიეცითო.
- ქალაქი, ქალაქი რაიღას შვრება?.. ისიც ჩუმად არისო?
- რაიღას შვრება? - მწარის ღიმილით წარმოსთქვა მთიულმა: - რუსები მშვიდობიანად მიიღო და იმათ “რაი, რაი რატატაის“ შესცქერისო!
სანამ ესენი ამ ლაპარაკში იყვნენ, გაჩუმებულს სვიმონს ფერი მიჰხდოდა და ყურს უგდებდა. კაცი ძნელად მიხვდებოდა იმის პირისახეზედ, ახარებდა ეს ხმა, როგორც რუსეთის ერთს მოსამსახურეს, თუ სხვა რამ გრძნობა ამღელვარებდა.
- სხვა რაი-ღა დაგაბარა აბდიამ? - ჰკითხა ბოლოს სვიმონმა და ხმამ კანკალი დაუწყო.
- რაიღა უნდა დაებარებინა?.. დაიშალენით და თქვენ თქვენს კერას მიხედეთო.
- ვოჟებო! მაი მეთაურნი აბდიასთან ავიდეთ და ყველაფერი ბეჯითად შევიტყოთ; უმაგისოდ დაშლა არ იქმნების, - წარმოსთქვა ერთმა უფროსთაგანმა.
- ავიდეთ, ავიდეთ! - მისცეს ხმა სხვებმა, რადგანაც დაშლა არ უნდოდათ და აბდიასთან ასვლით ეგონათ საქმე გაურიგდებოდათ რამე.
იმათი მდგომარეობა სწორედ ისეთი იყო, როგორც წყალწაღებულისა, რომელიც ხავსს ეკიდება და შველას მისგან მოელის.
- მეთაურნო! - დაიწყო ისევ სვიმონმა, - წადით აბდიასთან... კარგად მოიფიქრეთ, მოილაპარაკეთ!. აბდია გონიერია, ურიგოდ არ დაგარიგებსთ... წადით და უთხარით, რომ მე რუსების ჯარში წავედ და სანამ არ ამოვიდე, არავითარი გადაწყვეტილება არ მოახდინოთქო... ნურც ხალხი დაიშლება და ნურც ჩხუბს ასტეხამთქო.
- კარგი იქნება, შენი კვნესა-მე, კარგი!
სვიმონი ცხენზედ შეჯდა და რუსების ბანაკისაკენ გასწია. რა წამს ჯარის უფროსმა მაზრის მმართველის მისვლა გაიგო, გახარებული გამოექანა, და ვისაც ამ რამოდენიმე საათის წინ რიგიანის პასუხის ღირსადაც არა ჰხდიდა, ეხლა თითქმის ფეხებ ქვეშ ჩაუვარდა და დამცირებულად ელაქუცებოდა.
- ახ, ბატონო სვიმონ! - ეუბნებოდა მათი აღმატებულება. - თქვენი მობრძანება, თქვენი გარჯა... ღმერთო ჩემო! არ ვიცი ჭეშმარიტად, მადლობა როგორ უნდა გადაგიხადოთ?
- მადლობა მეტია... - გააწყვეტინა სვიმონმა მკაცრად. - მე მხოლოდ ჩემს ვალს ვასრულებ...
- ახ, რასა ბრძანებთ, როგორ იქნება?.. ეგ ვალი-კი არა, განსაკუთრებითი გულკეთილობაა; კაცთსიბრალული, კაცთმოყვარეობა გქონიათ... შეგვიბრალეთ, ბატონო სვიმონ!.. ამ მდგომარეობიდან დაგვიხსენით... დავიღუპე... ნახევარ ჯარზედ მეტი გამიწყვიტეს!..
- რისთვის გაიჭირეთ საქმე? რატომ არ დამიჯერეთ?..
- ღმერთო ჩემო, რა ვიცოდი!.. ესე რომ მცოდნოდა, განა ფეხს გადმოვდგამდი?.. თქვენ არ გაგიგონებდით?
- მაგისთვის ცოდნა კი არა, რწმუნება და ნდობაა საჭირო... თქვენ კი არც ერთი არ გამოიჩინეთ ჩემდამი, - უსაყვედურა სვიმონმა და დაუმატა:
- ჩვენი ხალხი გულწრფელი და პირდაპირია... რაკი ერთხელ სიტყვას მოგცემენთ, უკანასკნელს სულის აღმოხდამდის მოგყვებიან; არ გიღალატებენთ და განზედ არ გაგიდგებიანთ, თუ იძულებული თქვენ თითონ არ გახადეთ.
- რა ვიცოდით, რა?!.. - თმებში ხელის წავლებით წამოიძახა იმედდაკარგულმა ღენერალმა და ხელის გამოშვერით დაუმატა: - მაპატივეთ, მომიტევეთ!.. ღვთის გულისათვის, გულკეთილად შემინდეთ!
- ჩემთან ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის... მე მხოლოდ ის მაწუხებს, რომ სისხლი უბრალოდ დაიღვარა და ამოდენა ხალხი უსარგებლოდ გაწყდა, თორემ თქვენზედ გაჯავრებაც კი არ შემიძლიან... წავალ, ვეცდები... ჩემის მხრით ყოველს ღონისძიებას ვიხმარებ, რომ გადარჩენილი ჯარი მაინც მშვიდობიანად გავიყვანო მხოლოდ თქვენც პირობა უნდა მომცეთ...
- მიბრძანეთ!
- ხალხს ყოველგვარი შეღავათობა უნდა მისცეთ... თანახმა ხართ?
- გაძლევთ სიტყვას, სიტყვას, როგორც პატიოსანი აფიცერი!..
სვიმონმა ხელი მოჰკიდა, რაოდენადმე მიუახლოვდა და წყნარად უთხრა:
- ჩემთვის... პატიოსანი კაცის სიტყვაც კმარა.
ღენერალი გაწითლდა და ჩაახველა.
- გაძლევთ პატიოსანი კაცის სიტყვას: მთელს ჩემს სიცოცხლეში ვეცადო, ხალხს ყოველგვარი შვება მივცე და სადაც კი შემეძლება, შემწეობა აღმოვუჩინო.
- გმადლობთ, - ხელის ჩამორთმევით უპასუხა მთიულმა.
ამის შემდეგ სვიმონმა უამბო იმ დროს საქმეთა ვითარება საქართველოში და შეატყობინა მთის ხალხის შესახებ ის უსამართლობა, რომელსაც სხვადასხვა ახლადგადმოსულები, თუ უკვე დაბინავებული მოხელენი ჩაიდენდნენ; მასთანვე გააგებინა, რომ გზის ნაპირად მცხოვრები მთიულები, დანარჩენ ქართველებზედ უფრო ხშირად ხვდებოდნენ რუსებსა და, მაშასადამე, რუსებზედ ხმის გავრცელება დანარჩენს საქართველოში, მთიულ-მოხევეებზედ იყო დამოკიდებული. არც ის დაუმალა, რომ ერთადერთი გზის აქეთ-იქით მცხოვრები ხალხი, არა მცირედს სამსახურს უწევდა რუსის ჯარებს, რომელთაც სახლებში უყენებდნენ, შეშას უზიდავდნენ, მთაზედ გადაჰყვან-გადმოჰყვანდათ და გზებს უკეთებდნენ.
- ადგილის კურდღელს, ადგილის მწევარი უნდა, თქვენო აღმატებულებავ! - დააბოლავა სვიმონმა. - თუ ეს ხალხი მომხრობილი, დაყვავებული და პატივცემული არ გეყოლებათ, აქედგან გადაიხვეწებიან, და სხვა ადგილების მცხოვრებნი-კი მთაში ვერაფერს ვერ გააწყობენ... უბრალო ბურუსის დროს ბარის კაცი გარეთ ფეხს ვერ გაზდგავს და მთის ხალხისთვის-კი სულ ერთია... ყინვასა, თოვლსა და გაჭირვებას შეჩვეულია... ასეთი ხალხი და მერე ამისთანა ადგილას არ შეიძლება რომ არ დააფასოთ.
- წარმოიდგინეთ, ჰა! აბა ჩვენ, რუსებმა რა ვიცით ეგენი? - გაკვირვებით წარმოსთქვა ღენერალმა. - ვერც-კი მოვიფიქრებდი, რომ მთის ხალხი ოდესმე დაგვჭირდებოდა.
- მთის ხალხი ბევრის მომთხოვნი არ არის. კაცობრიული მოპყრობა და სამართლიანობა მათ გულს სამუდამოდ დაიმორჩილებს; მხოლოდ ისეთი მოპყრობა და საქციელი, როგორც თქვენმა ერთმა აფიცერმა ჩაიდინა, უეჭველია, ხალხსაც გაგიფრთხობს და მეგობრობის მაგივრად, მტრადაც გადაგიქცევსთ.
- მართალსა ბრძანებთ, მართალსა...
- თქვენი აფიცერი მეურმეებს უღმრთოდ, უსამართლოდ და შეუბრალებლად მოექცა და თქვენ არც-კი დასტუქსეთ... რასაკვირველია, თქვენი აფიცერი წაქეზდებოდა და შემდეგშიც ათას უსამართლობას ჩაიდენს... თქვენც, უეჭველია, ბევრჯერ უსიამოვნობას მოგაყენებსთ.
- მართლა, სულ არ გადამავიწყდა! - დაფაცურდა ჯარის უფროსი და დაიძახა: - მორიგ აფიცერს დამიძახეთ! - და აფიცერი იმავ წამს უფროსის წინ გამოიჭიმა.
- უფალო კაპიტანო! - უთხრა მოსვლის უმალ ღენერალმა. - ეხლავ მოახდინეთ განკარგულება, რომ მკაცრი გამოძიება დაინიშნოს იმ აფიცრის შესახებ, რომელიც მთაზედ ურმებს მოზდევდა და მეურმე მოხევეებს ისე უსამართლოდ მოჰქცეოდა. ყველაფერი დაწვრილებულად იქნეს გამოკვლეული და უკლებლად მომხსენდეს... მხოლოდ სანამ გამოძიება გათავდებოდეს, ხსენებული აფიცერი დაატუსაღეთ.
კაპიტანმა შუბლთან ხელი მიიტანა და გატრიალდა. ღენერალი კი სვიმონს მიუბრუნდა:
- რაც შეიძლება, მკაცრად მოვეპყრობი... კმაყოფილი ხართ?
- უკაცრავად, თქვენო აღმატებულებავ! მის დასჯას ჩემს დასაკმაყოფილებლად კი არ გთხოვთ, არამედ სამართლიანობა მოითხოვს. თუ ჩემი სურვილი უსაფუძვლოდ მიგაჩნიათ, ნუ აღასრულებთ თქვენს განზრახვას.
- ახ, რასა ბრძანებთ, ბატონო, რასა?.. თქვენ უსაფუძვლო სურვილი როგორ გექნებათ? - დაიწყო ჯარის წარმომადგენელმა.
სვიმონ გამოეთხოვა და პირდაპირ აბდიასთან წავიდა. იქ შეყრილი მთიულთ მეთავენი მაზრის მმართველს მოუთმენლად მოელოდნენ და არ იცოდნენ საქმე როგორ უნდა გადაეწყვიტათ.
პირველსავე მისვლაზედ სვიმონს შეატყობინეს, რომ ხევსაც, სანიბელ ოსებთან ერთად, ლარსის ხეობა შეუკრავსთ, იქ საკმაოდ უჟლეტიათ რუსები და აქეთ აღარ უშვებენო. მასთანვე აცნობეს, რომ ისინი მთიულების გადაწყვეტილებას ელიან და სიცოცხლეც და სიკვდილიც მათთან ერთად უნდათო. შუაკაცები პასუხს ელოდნენ.
სვიმონმა მოიწვია ხევის წარმომადგენელნიც, და საქართველოს მდგომარეობაზედ ლაპარაკი საერთოდ დაიწყო. შავად და ბნელად გულში ჩასახოდა მას საქართველოს მდგომარეობა და ბნელის ფერადით უხატავდა მოძმეთ განხეთქილების მავნებელს მოქმედებას. დასუსტებული ხალხი სვიმონის სიტყვით გაყოფილიყო ათას ნაწილად და წინააღმდეგობისა და უთანხმობის გამო, თანდათან ერთმანეთს უფროდაუფრო ასუსტებდა. უბედურება საქართველოს ქსელსავით გარს შემოჰხვეოდა და ყოველს განძრევასათან ერთად, მეტად და მეტად უხვევდა თვალებსა, აგრძნობინებდა თავის ძალას... გზაარეულს ცხვარსავით უპატრონოდ, უდაბურს ტყეში დარჩენილს ქართველებს, ვეღარ გაეგნოთ საით წასულიყვნენ. ყველანი ერთმანეთს ეჯახებოდნენ, აქცევდნენ ერთი მეორეს, ჰქელავდნენ ფეხით და ერთმანეთს დახრჩობაში თავთავიანთ შველას ეძებდნენ... აი, ასეთს მდგომარეობაში ეხატებოდა სვიმონს საქართველო.
- ეხლა გავჩუმდეთ, ძმანო! გავჩუმდეთ იმად, რომ ერთმანეთისა აღარა გვესმის-რა. ეხლა ხალხი ავად არის ერთის ავადმყოფობით, საერთო სენით. მოვა დრო და ღრუბელი ჩვენშიაც გაიმქრევის, მზე გამოიხედავს, დრო შეიცვლების და ავადმყოფი მოკეთდების; ძმა ძმას დაინახავს და შაერთებული საქართველო, ერთ ხორცს და ერთ სულ გადაქცეული, აღსდგების!. აღსდგების იმად, რომ მტერს მტრის საკუთნო მოუწყოს და მოყვარეს - მოყვრისა! ეხლა კი ჩვენც დავიშალნეთ, გავჩუმდეთ და ჩვენც ჩვენს ქოხს მივხედოთ... გლოვის დროა და ვიგლოვოთ, ძმანო! - გაათავა სვიმონმა.
- მეტი რაი დღე გვაქვს, რომ არ დავიშალნეთ, შენი კვნესა-მე! - მწარის ღიმილით წარმოსთქვა აბდიამა და დაუმატა: - მაგრამ ვაი იმ გულსა, რომელიცა სცემს და იმ სისხლსა, რომელიცა სდუღს!..
- მხოლოდ ისე კი უნდა დავიშალნეთ, რომ რუსებმა ჩვენი საქციელი მათთან მეგობრობის სურვილად ჩასთვალონ... ჩვენ მდგომარეობაში მყოფისთვის ამგვარი საქციელი სირცხვილად ვერ ჩაითვლების... ნახვამდის, ძმებო!
ხალხი დაღონდა, დაფიქრდა და მალე წავიდ-წამოვიდა. იმავ ადგილას გაუნძრევლად, მარტოდმარტო აბდია დარჩა. აღშფოთებულს სულს და ნაღველმორეულ გულს მძიმე ლოდი დასწოლოდა, სულს უხუთავდა და სისხლისა და გონების მდინარეობას გზას აღარ აძლევდა. იმედდაკარგულს წარსულს დიდებასთან გამოსალმება მეტად უმძიმდა. დაღვრემილის სახით, გულდალახვრილი მოხუცი გასცქეროდა იმ გზას, სადაც ქართველის ხმლის კრიალი თავის საკუთარ საქმისთვის უკანასკნელად ენახა. ერთბაშად საყვირის ხმა მოესმა, მთიელი შეკრთა და გული შეუთამაშდა, თითქოს ბრძოლად გაიზიდაო. გაიხედა, გაფითრდა და თავი დახარა: მან დაინახა გაშლილი ალმები გამარჯვებული ხალხისა, რომელთაც სუბუქი, ჩუმი და სურნელოვანი ნიავი წყნარად არხევდა და უალერსებდა. აბდია გაჟრჟოლდა, გააღრჭიალა კბილები და წყნარის მწუხარებით წარმოსთქვა:
აქამდის გულო ხალასო,
ეხლა რა სევდა დაგეცა?
არ სჯობდა სარჩო-საბადი
წინადვე სხვისთვის მიგეცა...
უკანასკნელის შემთხვევის შემდეგ დიდსხანს აღარ გაუვლია, როდესაც რუსები საქართველოში დაბინავდნენ და სტუმრად მოსულთ მასპინძლობა დაიწყეს.
ხალხისთვის გულის შემატკივარნი, ზოგნი დაიჭირეს, ზოგნიც აქეთ-იქით გაიქსაქს-გამოიქსაქსნენ და უპატრონოდ დარჩენილნი კი საკმაოდ დააშინეს. ხალხი წავიდ-წამოვიდა; ყველა თავის კერას მიუდგა და ვარამ გულში ჩათხრობილი, ახალს მდგომარეობას გამოურკვევლად შეჰყურებდა. არც ღიმილი, არც მხიარულება, არც ხატობაში ჩვეულებრივი დროს გატარება არ ისმოდა. თითქოს ყველა გადავიწყებოდათ და განუწყვეტელის ფიქრით დაბორკილებულს გულს გასაღიმებლად ვეღარ მოეცალა. რუსები დაბინავდნენ, მაგრამ ხალხი მაინც ვერ შესჩვეოდა ახალს მდგომარეობას და ექსუებოდა. სვიმონიც თავის სახლში დაბრუნდა და მინდობილს თანამდებობის აღსრულებას შეუდგა; ელგუჯა-კი პირველში ისევ ხარანაულებისას წავიდა და იქ სცხოვრობდა თავის მზაღოთი, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა, რადგანაც მწუხარე გულმა თავის სამშობლოს მიწაწყლისკენ გაიზიდა, თუმცა იქ მისვლაც ვერ გაებედა. სვიმონ, მართალია შურს არ ეძიებდა, მაგრამ ხალხის თვალად და მთის წესის დასაცავად მოსისხლეს მორიდებას ურჩევდა.
ელგუჯა მთის კაცი იყო და სვიმონის სიტყვები კარგად ესმოდა, აშკარად ხედავდა, რომ მთის მებატონე და მასთან ძალა-მქონებელი უფრო მოყვარულად ექცეოდა, სანამ მტრულად; მოხევეს უმადურობით არ უნდოდა გადაეხადა და, მადლობის ნიშნად, თითონაც ერიდებოდა.
განვლო ხანმა ამ მოთმინებაში, მაგრამ გული ისევ მალე აუტოკდა, თვალმა ჩვეულებრივი სურათები მოითხოვა, სულმა კვნესა დაუწყო და წარმოუთქმელის ძალით ყინვარწვერისკენ გაიზიდა... ელგუჯამ შეჰკრა ბარგი, შემოისვა ცოლი ცხენზედ და საცხოვრებლად თავის ადგილების მახლობლად დაბინავდა. იქიდგან, განუწყვეტლივ სანადიროდ დადიოდა თავის მთებში, და მთელს დღეებს, გულის ცახცახით, თავს დაჰყურებდა თავის გატიალებულს ქოხსა... აქედგან იგონებდა წარსული დღეების სურათებს, აქედგან უგზავნიდა სალამს ყოველს კედელს, ყოველს ქვას, რომელიც კი ოდესმე იმის თავშესაფარს შეადგენდა.
ასე მიდიოდა დღეები ზამთრამდის და ელგუჯა ჯერ თავის სოფელში არ ჩასულიყო. ერთს ბნელსა და ცივს საღამოს, როდესაც ძლიერს ყინვას ხეები გაეჭირხლა და მთა-ბარისთვის თეთრი ზეწარი გადაეფარებინა, სვიმონის სახლში რაღაცა მოძრაობა იყო: გალავნის კარები უწყვეტლივ იღებოდა და შიგ სხვადასხვა ხალხი შედიოდ-გამოდიოდა. ყველა მიმსვლელს ხელში ეჭირა ან ჭურჭელი შინაურის არყით, ან კასრი ლუდით, ან ქათმები და კვერცხები, ან ღორი და ხაბიზგინები და სხვა. ხალხი სვიმონთან მოსაკითხად მიდიოდა, რადგანაც მძიმე ავადმყოფი შექმნილიყო და მთის ჩვეულებით-კი ამგვარს შემთხვევაში, მოსაკითხად ძღვენმოუტანელი ვერავინ მივიდოდა.
უმეტესი ნაწილი მიმსვლელებისა იყვნენ მოხუცებულნი, ჭაღარაშერთულნი უფროსნი, და ფრიად პატივსაცემნი. შესვლის უმალ სტუმრები ავადმყოფს ანუგეშებდნენ და გარს მოსდიოდნენ; ცდილობდნენ სხვადასხვა გვარის ამბებით დასუსტებულის გამხნევებას, მჭმუნვარების გულიდგან მოშორებას. ხანდისხან რომელიმე მათგანი აიღებდა ფანდურს, ჩაჰკრავდა ძალებს და წარსულის გმირების ცხოვრებას „დაძახილით“ მოუთხრობდა. დანარჩენები, ხმაგაკმენდილი მოუსმენდნენ და ავადმყოფსაც გართობა ეტყობოდა. გაჩაღებულ ბუხარში ცეცხლს მხიარული გუგუნი გაჰქონდა და სრულიად არ მიემზგავსებოდა იქ მყოფთა გულის მოძრაობას, დაღონებულსა და მოწყენილ სახეს.
იქვე ტახტთან იდგა სვიმონის ცოლი, რომელიც სდნებოდა საყვარელს ქმართან შეალერსების სურვილით, მაგრამ ჩვეულების მონა, ადგილიდან განძრევას ვერა ბედავდა და თვით ოხვრასაც კი კრძალვით. მორიდებით და ფარულად წარმოსთქვამდა. ის ცოლი იყო და ხალხის შეხედულებას-კი, ქმრისადმი გრძნობის აშკარად გამოთქმა დასაძრახად მიაჩნდა. ქალს მხოლოდ ის-ღა რჩებოდა, რომ მწარე ნაღველი გულშივე დაეტრიალებინა და მით წყლული და მწუხარება გაეორკეცებინა. სვიმონის ორი შვილიც, ერთი თოთხმეტის და მეორეც იმის მომდევნო, სტუმრებს თავს ადგნენ და შინაურს არაყს სთავაზობდნენ. ისინი კარგად ვერ მიმხვდარიყვნენ მამის საშიშს მდგომარეობასა, მაგრამ საერთო ჭმუნვარებას შაეპყრო და დაეღონებინა.
სვიმონის თავთან იჯდა მოხუცი ღინჯა, რომლისთვისაც გათეთრებული წვერი ხანსა და დროს რაოდენადმე შეეყვითლებინა. ეს იყო მთაში განთქმული მეფანდურე, და ჭკუამახვილი, გრძნობით სავსე მოლექსე; მაშასადამე, ყველასაგან პატივცემული და საყვარელი სტუმარი ტკბილი მოსაუბრე, ამაღლებულის გრძნობით აღსავსე, მოაზრებული ღინჯა, ყოველ სიმის ჩაკვრაზედ ფანდურს ისეთს ხმას აღებინებდა, რომელიც კაცს გულს უწურავდა, ჟრუანტელს აღუძრავდა და ოფლს დაასხამდა.
დასუსტებული, ღონეს მოკლებული სვიმონი ტახტზედ იწვა და მწარედ ქშინავდა. გაჩუმებული, დაფიქრებული და ოდნავ შუბლშეჭმუხვნილი, ღინჯას სიტყვებს ყურს უგდებდა; ავადმყოფმა მიიხედა შვილებისკენ, დააკვირდა, დააკვირდა და თვალები გაუბრწყინდა. ამ დროს ღინჯამ სიმებს ჩაჰკრა და კვნესა ჩართულის, მწუხარე, გულის ჩამთუთქავის ხმით დასძახა:
ღარიბობა და ობლობა,
ორივე გამომივლია,
სჯობს ღარიბობა ობლობას,
ობლობა მეტად ძნელია.
შესწყდა სიმების ჟღერა და მასთან ერთად სრული სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ყველანი თავთავიანთ გულს ჩაჰბრუნებოდნენ, ყველასგან განშორებული ცხოვრება შეჰქნოდათ.
- ობლობა... ობლობა მეტად ძნელია! - ძლივს წარმოსთქვა მიხრწნილის ხმით სვიმონმა და ცრემლები თვალებში მოერია.
ღინჯამ შეხედა სახლის პატრონს და გულისთქმას მიუხვდა.
- ბეჩაო ჩემო თაო! - უსაყვედურა იმან, - რას დაჰღონდი?! სამაგისო რაი გჭირს?.. თუ ეგრე იქ, ღვთის მადლმა, აღარც დავუკრავ და აღარც დავძახებ.
- არა, ღინჯაისი!.. დაუკარ, დაუკარ!. სიკვდილისა არ მეშინის, არა, ღვთის მადლმა!.. თუ სიკვდილის დრო მოვიდა, დეე მოვკედე, მაგრამ ესენი მებრალებიან... - წარმოსთქვა სვიმონმა და ობლებისკენ ხელი გაიშვირა: - ობლობა მეტად ძნელია...და მტერი კი ბევრი, ძალიან ბევრი მყავს.
- ვაჟკაცს მტერი არ დაელევის და ღვთის გაჩენილს-კი ღმერთივე დაარჩენს.
- პატარეებს დამიღონებენ, ღინჯავ, თორემ მტერი რას მიზავს?
- მაგათთვის ნუ სჯავრობ, სვიმონისი!.. ეგეთი დედა ჰყავსთ, ღვთის მადლმა, რომ არავის დააჩაგვრინებს... თავს არ დაანებებს და ცხო რაი უნდათ?.. თუ გაუჭირდათ რამე, თემი დიდია, მეზობლებიც გონჯი არა გყავს, მოუვლიან.
- თემი?.. - ნაღვლიანად ჩაიღიმა ავადმყოფმა: - ბარემ, თუ თემობა შეგვრჩა მაგრამ: „რაიც ვიყავით - აღარ ვართ, რაცა ვართ - აღარ ვიქნებით“ - წარმოსთქვა ლექსად, - მარტო დედაკაცი-კი რას გახდების?.
- მაი, მაგას თავი დაანებე, შენაი ჭირაიმე!.. „ღმერთია კაცის გამჩენი, იგივე არის დამრჩენი!“ - უპასუხა ღინჯამ და შეხუმრებით დაუმატა: - მაგის მაგიერად, შენი შვილების სადღეგრძელოდ ერთი სიკეთე დასთესე!..
- რაი სიკეთე?.. სთქვი.
ღინჯამ შეხედა; სახე გაუბრწყინდა, ტუჩები გაუღიმდა და თვალებმა ჟუჟუნი დაუწყო. ქუდი მოიმარჯვა და უთხრა:
შე დაჭირების კულაო,
მოდი, დაგვიხსენ სულაო,
ყმად დაგვიწერე ყველანი,
წელში გაგვიგდე ცულაო!
უფროსთა ხვეწნად მოსულთა
ხათრის შენახვა თქმულაო,
ხალხის პირისა გამტეხი
დამწვარამც, დადაგულაო.
სვიმონმა გაიღიმა, თითქოს რაღაცა მოაგონდა, მოცოცხლდა და თუმცა გაჭირვებით, მაგრამ ლექსითვე უპასუხა:
ღინჯავ, აჰა, ჩემი თასი,
არა მყავს-რა შენი ფასი,
ვფიცავ თხოვნა აღგისრულო,
თუნდა გქონდეს ასჯერ ასი!
- მითხარ რაი გინდა? - დააბოლოა ავადმყოფმა და მიელუშა.
ღინჯამ ქუდი მოიხადა, იატაკზედ დააგდო და წამოიძახა:
- აი, შენი მუხლების ჭირი მომცეს უფალმა, რომ ხათრი შეგვინახე!.. წმინდა გივარგის გიყენებთ შუამავლად, ნუ გასწირავ შენს მოძმეს, შაირიგე ელგუჯაი!.. თავის მამა-პაპის საფლავიდან ფეხს ნუ ამოაკვეთინებ, თავის მიწა-წყალს ნუ დაანატრებ. ნუ, შენის შვილების სადღეგრძელოდ!...
- ელგუჯაი შავირიგო?.. მე არ ვეჩხუბები!.. არც თემის გადაწყვეტილებას გადავსულვარ?.. ცხო რაიღა გინდათ, რაღასა მთხოვთ?
- ბჭეთ ამორჩეულნი გულჩვილობას ვერ მიჰყვების!.. ისინი სამართალსა სჭრიან და მოსამართლე კი გულჩვილი ვერ იქნების... რასაც მოსამართლე ვერ შეუნდობს, - კაცმა უნდა შეუნდოს, მოძმემ მიუტეოს.
- ბარემ, ღინჯავ! აგრე იქნებოდა, ღმერთი რომ ვიყნეთ, მაგრამ რაი ვქნათ, რომ კაცნი ვართ?
- ჰაი, ჰაი, რომ ღმერთი არა ვართ, შენი კვნესა-მე! მაგრამ ღვთის სახეს ვატარებთ და იმის სიტყვას უნდა ვაღსრულებდეთ, მას ვბაძამდეთ.
- მიუტევე, შენი შვილების სადღეგრძელოდ, შეირიგე. - წყნარად და მოწიწებით წარმოსთქვა სვიმონის ცოლმა.
- უნდა მიუტეო, ბატონო სვიმონ! უნდა შეირიგო! - ერთხმად წყნარად წარმოსთქვეს იქ მყოფთა და ქუდმოხდილები ფეხზედ წამოდგნენ.
- ხმა მღვთისა და ხმა ერისა!.. - ცოტა სიჩუმის შემდეგ წარმოსთქვა სვიმონმა. - ამოდენა ხალხს ეგრე გსურთ და ნება თქვენი აღსრულდეს.
- აი, შენი ჭირი მოგვცა ღმერთმა, შენი!.. - მოისმა გახარებული ხალხის ხმა.
- ღვთის მადლმა, კაციც შენა ყოფილხარ და ქუდიც შენა გხურებია!.. მაგ სიკეთეს უფალი არ დაგიკარგავს, უფალი გადაგიხდის.
- უფალი, იმისმა მადლმა!.. - პირჯვრის გადაწერით წარმოსთქვა ღინჯამ და მიუბრუნდა ერთ ბიჭს...
- მაშ შემოიყვანე. გვიანობისა აღარაა!.. დიასახლისო!.. ელგუჯაი შენც შვილად უნდა აიყვანო, - მიუბრუნდა ქეთევანს.
- თქვენი ნებაა, - დაედასტურა სვიმონის ცოლი.
- ნუ დაგიკარგოს წმინდა გივარგიმ!.. - უთხრა ღინჯამ და ერთს უფროს კაცს მიუბრუნდა: - წადი, შემოუძეღ!
ეს ამბავი ხალხს ისე რიგად გაეხარდა, რომ იმ სოფლის დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი სვიმონის სახლს მოაწყდა და მის დღეგრძელობას ღმერთს შეღაღადებდა.
ერთბაშად გაიღო კარები, და ავადმყოფის ოთახში წყნარად რამდენიმე მოხუცი ელგუჯას შემოუძღვა. დიასახლისი, რომელიც აქამდის ზეზე იდგა, დედაკაცებმა „მარტოშკამში“ ჩასვეს და გარს შემოეხვივნენ; გაუხსნეს გულისპირი, გამოუჩინეს მკერდი და მარჯვენა ძუძუ უბიდგან გაუნთავისუფლეს. ელგუჯა პირდაპირ იმასთან მივიდა და ძუძუზედ სამჯერ კბილის დადგმით, სამჯერ წარმოსთქვა:
- შენ დედა და მე შვილი, შენ დედა და მე შვილი, შენ დედა და მე შვილი.
იქ მყოფნი ამ სახალხო ჩვეულებას მოკრძალებით უყურებდნენ, იწერდნენ პირჯვარს და ახლად დანათესავებულებს ღმერთს ავედრებდნენ.
ელგუჯა ჯერ კიდევ იმავ ადგილზედ იდგა და ვერ განძრეულიყო, როდესაც ქალმა ხელი მოჰკიდა და უთხრა:
- ელგუჯაუ! დღეის შემდეგ შენ ჩემი შვილი ხარ... შენა ხარ სისხლი ჩემის სისხლისა და ხორცი ჩემის ხორცისა.
ქალი გადაეხვია, როგორც მშობელი ღვიძლს ნაშობს და რამდენჯერმე აკოცა. შემდეგ მიიყვანა ქმართან, დააჩოქა ტახტის წინ და უთხრა:
- აჰა, მომიყვანია შვილი, დალოცე.
სვიმონმა გადმოხედა და თვალებში ცრემლები მოერია; შემდეგ გახურებული ხელი გადმოიღო, თავზედ დაადო და რამდენსამე ხანს, გაჩუმებული, გრძნობით უყურებდა.
ვინ იცის იმ წუთებში მომაკვდავს თვალწინ რა სურათები ეხატებოდა? რა გრძნობა ამღელვარებდა მის სულსა, რა ფიქრები მოსდიოდა თავში და რა რიგად მოძრაობდა მისი გული? მოხუცის ტუჩებმა ხმის ამოუღებლად დაიწყეს მოძრაობა, თითქოს ჩუმად რაღაცა ლოცვებს წარმოსთქვამდნენ.
- ელგუჯაუ, - ბოლოს დაიწყო დაღალულის კაცის ხმით ავადმყოფმა: - დღეის იქით შენა ხარ სისხლი ჩემი სისხლისა და ხორცი ჩემის ხორცისა!.. ვინც შენ გაწყენინებს, მე მაწყენინებს... ვინც შენ გატკენს რასმე, - მე მატკენს... ვინც შენ დაგჭრის, - მე დამჭრის!.. დღეის იქით შენა ხარ ჩემი შვილი და ნაწილი ჩემი გვარეულობისა!.. შენი ტკივილი ჩემი ტკივილი იქნება... ღმერთმა უღალატოს, ვინც შენ გიღალატოს, ჩემ გვარში ნუ დაინდოს ისა, ვინც შენ არ დაგინდოს...
- ამინ! - წარმოსთქვეს იქ მყოფთა.
- ხალხო! ჩემი საქმე თქვენ მოგანდევით, თქვენ გადასწყვიტეთ და მეც დაგმორჩილდით... გახსოვდესთ, რომ თემის სურვილი, - უფლის სურვილია... მე მომხედეთ და ხალხის სურვილს თქვენც ასე აღასრულებდეთ... ამასვე ანდერძად დაუგდებდეთ თქვენს შვილებს.
- ღვთის პირით ლაპარაკობს, უფლის მადლმა!
- მე ძალა მქონდა და შემეძლო ათი, ასი, ორასი კაცი, ჩემი სურვილის აღსრულებისათვის, ორ ბატკანსავით შემეწირა... შემეძლო ელგუჯას მზე გამექრო, ვცდილიყავ მაგის დასჯასა, მაგრამ თემმა მიბძანა და იმის წინაშე მეც მუხლი მოვიდრიკე, ქედი მოვიხარე...
- მართალია, მართალი.
- რომელსა ასხმენ ყურნი სმენად, ისმინენ! თემის სიტყვას ყველა ისე უნდა დამორჩილდეს, როგორც ღმერთის ბრძანებას.
ავადმყოფი გაჩუმდა, ჩაფიქრდა და ქშენას მოუმატა. თითქოს შესუსტდა და ლოგინზედ მიელუშა.
- დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენია, - დაიწყო ისევ სვიმონმა. - დაიხსომეთ ჩემი ნაუბარი: ერთობა ძალაა და ძალა კი ბედნიერებაა... ელგუჯაუ!.. თემმა მთლად შენი მამული, სახნავი და სათიბი, საძოვარითა და წყალითა, მთითა და ბარითა, სულ ერთიანად მე მარგუნა...
- ალალი იყოს, როგორც შენი დედის ძუძუ! - გატაცებით უპასუხა ელგუჯამ.
- არა, ელგუჯაუ! რად მინდა?.. ჩემიც საკმარისი მაქვს. შენ რომ დამნაშავე იყო, შენის ბალღებისა რაი ბრალია?.. იმათ ულუკმოდ ვერ გავუშვებ. მართალია, ჩემს მკვდარსაც უნუგეშოდ ვერ დავკარგავ... ჩემის დაკლებულის ნიშნად დავიგდებ... შენს სათიბს, ხეთა შუაში რო გაქვს... თავადაც კარგად იცი, რომ მაგ მიწას მხოლოდ სახელადა ჰქვიან სათიბი, თორემ იქ ღორღის მეტი არა მოიპოება-რა და ღორღი კი ყველგან ბევრია, რომ ფასი რაიმე ჰქონდეს; ეგ სათიბი ამიღია და დანარჩენი-კი, აი ამ ხალხის დასწრებით და მოწმობით, შენთვისვე დამიბრუნებია... ღმერთმა ალალი ქნას შენზედ ისე, როგორც შენი დედის ძუძუ.
- აი, გადღეგრძელოს უფალმა! - დაიძახა სვიმონის გულუხვობით აღელვებულმა ხალხმა.
- შენი ჭირის სანაცვლოდ იყოს, შენი კვნესა-მე, ჩემი მამულიც და ჩემი თავიცა!. ოღონდ შენა მყვანდე ცოცხალი და მამული რა შავ ქვად მინდა?.. რაი გამიჭირდების?
ამ სიტყვების დროს გარედგან რაღაცა ხმაურობა მოისმა; ერთბაშად გაიღო კარები და ყველამ გაკვირვებით იქით მიიხედეს. მთაში ავადმყოფთან მტერიც კი სიფრთხილით და მოკრძალვით დადის ხოლმე და ასეთმა დაურიდებლობამ ყველა გააოცა. კარებში გამოჩნდა რამდენიმე შეიარაღებული ყაზახი, რომელთაც სამხედრო ტანისამოსში გამოჭიმული ვიღაცა უფროსი წინ მიუძღვებოდა.
- ნაჩალნიკი ნაჩალნიკი! - მოისმა ხალხის ჩურჩული და ყველამ გაიწ-გამოიწია.
მაზრის მართველი იყო შუა ტანისა, გამხდარი და წელში მოხრილი; წინ წამოტეხილი შუბლი და ბანჯგვლიანი, გრძელბეწვიანი წარბები უშნოდ ამოსჯდომოდა და ბოროტების ბეჭედი დაესვა. გრძელი ცხვირი ჯერ მოხროდა და შემდეგ ბოლოში მოჰკავშოდა; მოკუმული და გაცრეცილი ტუჩები თითქოს გაღიმებას ცდილობდნენ, მაგრამ შხამის მორევას მაინც ვერა მალავდნენ; შავ-ყვითელი, გაჭიმული პირის კანი ალაგ-ალაგ მოჰფხუწოდა და მოუთმენლობის დაღი დაესვა. აჩქარებულს და მოუთმენელს სტუმარს, ეტყობოდა რომ კაპასი, შეუბრალებელი და ამპარტავანი უნდა ყოფილიყო. ესეთი გახლდათ მთიელთ მართველი, რომელსაც სვიმონი უნდა გამოეცვალა.
- უმაღლესის მთავრობის განკარგულებით, თქვენს მაგიერ მთის მართველად მე დამნიშნეს... დღესვე უნდა ჩამოგართვათ საქმეები და გამოძიება მოვახდინო თქვენგან ჩადენილს ზოგიერთა უკანონოების შესახებ... იმედი მაქვს იძულებულს არ გამხდით ძალა ვიხმარო და ყოველისფერს დაუბრკოლებლად აღმასრულებინებთ! - უთხრა იმან.
- ეგ გაფრთხილება სრულიად მომეტებულია, - უპასუხა გაკვირვებულმა სვიმონმა. - უმაღლეს მთავრობას დაუნიშნიხართ და უნდა დაგმორჩილდეთ... მე მაინც დიდი ხანია ამას მოველოდი, ვიცოდი... ამ უკანასკნელ დროს, იმდენმა გულმოდგინე მოსამსახურეთ გამოიჩინეს თავი, რომ ეს ამბავი აუცილებელი იყო... მხოლოდ გთხოვთ ხვალამდის დამაცადოთ... დღეს მეტად სუსტადა ვარ.
- მაგის გარჩევას მე ვერ შევუდგები, - მკაცრად მოუჭრა იმან. - გამოსაძიებლად მოვსულვარ და დღესვე უნდა დავიწყო. მხოლოდ რამდენიმე კითხვა უნდა მოგცეთ იმ ჯარის შესახებ, რომელთაც ფასანაურის ვიწროებში, თქვენის მიზეზით, მთიელები დაეცნენ და იმდენი ერთგული მოსამსახურე გაწყვიტეს.
- ჩემის მიზეზით? - ჰკითხა ავადმყოფმა და სიცხისგან აღგზნებული თვალები უფრო მეტად აღეგზნო.
- დიახ, თქვენის მიზეზით... ეგ დამტკიცებულია, და ვეღარც თქვენ გადასთქვამთ. თვით ჯარის უფროსი, მათი აღმატებულება ამტკიცებს მაგას.
- ჯარის უფროსი? - გაკვირვებით წამოიძახა სვიმონმა და პირისახეზედ ალმური აედინა.
- დიახ, ჯარის უფროსი და იმის სიტყვების სიმართლე კი იმ მცირედიდგანაცა სჩანს, რაც ამ მალე ხანში შევიტყე...
- ის კაცი, რომელიც ღმერთსა და სჯულსა ჰფიცულობდა, რომ ქალაქში ჩასვლის უმალ, ყოველ ღონისძიებას იხმარებდა, ხალხის სატანჯველი მთავრობისთვის შეეტყობინებინა, ის კაცი ჩამოვიდა და მაგეებს ლაპარაკობს?! მაბეზღარობას მიჰყოლია?.. მომიტევეთ... არ ვიცი რა ვსთქვა, რა ვიფიქრო მაგრამ, მაგის მეტი რის მოლოდინი უნდა მქონოდა?!
- მაშ თქვენ იმ აზრისა ხართ, რომ ხალხს აწვალებენ და შველა, გამოსარჩლება ეჭირვება? - ჰკითხა გამომძიებელმა.
- დიახ, აწვალებენ, უღმერთოდ ეპყრობიან და მათი გამოსარჩლება ყველა პატიოსანი კაცის ვალია.
- მაშ, უეჭველია, თქვენც ესარჩლებოდით?
- მე მოგახსენეთ, რომ ყველა პატიოსანის ვალია მეთქი!
გამომძიებელი მიუბრუნდა მწერალს, რომელიც იქვე ახლდა და სტოლზედ ქაღალდები გადაეშალა.
- დაწერეთ, - უბრძანა მწერალს: - თვით მაზრის უფროსი საქვეყნოდ აღიარებს. რომ ხალხი გაჭირვებაში არის, აწვალებენ და უღმერთოდ ეპყრობიანო...
მწერალმა ბრძანება აღასრულა, გამომძიებელი კი ისევ სვიმონს მიუბრუნდა: - უეჭველია, თქვენც თქვენს მოვალეობადა სთვლიდით, რომ ხალხს გამოსარჩლებოდით?
- დიახ, ჩემს მოვალეობადა ვსთვლიდი.
- და... ხელსაც უწყობდით?
- დიახ... თუმცა სამწუხაროდ იმდენი ძალა არა მქონდა, რამდენადაც შემწეობის სურვილი.
- დაწერეთ, - ისევ მწერალს მიუბრუნდა: - „მთის მებატონე ყოველის პატიოსანის კაცის ვალად სთვლის დაიცვას ხალხის სარგებლობა, მათ ესარჩლებოდეს და ხელს უწყობდეს...თითონაც, მაზრის მართვის დროს, ამის კვალობაზედ იქცეოდა... ეხლაც მხოლოდ იმაზედა სწუხს, რომ ხალხს სურვილის ოდენი სამსახური ვერ გაუწია“. - ვგონებ ასე ბრძანეთ? - მიუბრუნდა სვიმონს.
- ნამდვილად.
- ამის გარეთ, თქვენ უნდა მითხრათ აჯანყების მოთავეთა სახელები, რადგანაც მათი დაჭერა და რაოდენადაც შესაძლებელი იქნება, მკაცრად დასჯა და სასტიკად მოპყრობა მაქვს ნაბრძანები.
ამ სიტყვებმა სვიმონს გულში ლახვრად გაურბინეს. თვალწინ წარმოუდგა ისეც დაწიოკებული მოძმეთ ოჯახობა. ხალხის ბედიღბალი ხელში ისეთ კაცს უვარდებოდა, რომელსაც არავითარი შეწყალება არ ექნებოდა და პირადის ანგარიშისთვის ქვეყანაზედ არავის არ დაზოგავდა. სვიმონ ძალზედ კვნესოდა, თუმცა საკუთარი სენი გაბრუებოდა და მთელი მისი არსება საერთო ტკივილს შაეპყრო. იმას უნდოდა დაეძახა:
- მთის ხალხი გულკეთილია, პატიოსანი, მართალი... დასჯას რას ემართლებით?.. ისინი იცავდნენ თავიანთ ქვეყანას, რადგანაც თავიანთ ვალად რაცხავდნენ... არ უნდოდათ ღალატი თავის მეფისა, თავიანთ სამეფოს მემკვიდრისა, თავიანთ ეროვნებისა და თვით მყოფელობისა...
მაგრამ რაკი თავის მოპირდაპირეს შეხედა, სიტყვა ჩაუწყდა და ამის მაგიერად გულიდგან მხოლოდ მწარე კვნესაღა აღმოხდა, ცივი ოფლი დაასხა და მწუხარებამ გულს ღრღნა დაუწყო. კარგა ხანს იმაგრებდა თავსა, კარგა ხანს თავმოყვარეობა შეხვეწნის ნებას არ აძლევდა, მაგრამ ბოლოს ძმათ მოყვარეობამ დასძლია და გამომძიებლისკენ ხელები გაიშვირა.
- ღმერთია მოწამე, რომ ჩემთვის არა გთხოვდი, არ შევწუხდებოდი, მაგრამ ხალხი ბეჩავია... იქონიეთ შებრალება! მკაცრად ნუ მოექცევით... ჯავრობითა და შუღლით იმათაც დაღუპავთ და მართებლობასაც ვერაფერს არგებთ... ჩემზედ დასწერეთ, რაც გინდათ, ის მოიგონეთ, როგორც გინდათ, ისე დამაბეზღეთ, რაც გინდათ, დამაბრალეთ; ყველაფერზედ ხელს მოგიწერთ, ოღონდაც იმათ ჩამოეხსენით!.. ჩამოეხსენით, თორემ... თორემ... - ავადმყოფი მღელვარებამ შეიპყრო, სიტყვა ვეღარ გაათავა და დასუსტებული, ბალიშებზედ გადაწვა.
- წყალი, წყალი! - დაიძახა გამომძიებელმა, რომელსაც ამ სურათის ნახვამ თითქოს კაცობრიული გრძნობა გაუღვიძა.
ოთახში შემოვარდა სვიმონის ცოლი და მოსამსახურენი, ავადმყოფს მიეხვივნენ და მოსულიერება დაუწყეს.
გამომძიებელი, შეხედა თუ არა ქეთევანს, მიხვდა, რომ სვიმონის ცოლი უნდა ყოფილიყო, მივიდა იმასთან და თავის დაკვრით უთხრა:
- თქვენის პატივისცემით გამოძიება ხვალამდის გადამიდვია, - და წყნარად გავიდა.
სვიმონი მობრუნდა მხოლოდ იმისთვის, რომ უკანასკნელად გამოსალმებოდა თავის ხალხს, უკანასკნელად გულში ჩაეკრა თავის ცოლშვილი და ყველასათვის უკანასკნელი მშვიდობა ეთქვა...
გათენდა მეორე დღე და სვიმონის სიკვდილის ხმა მთელს მთას მოედო. დაიძრა ხალხი და ყოვლის კუთხიდან სატირლად მოესწრაფებოდა. ქალი და კაცი, დიდი და პატარა, შინ აღარავინა რჩებოდა, რადგანაც ყველას, ჩვეულებისამებრ შესაწირავი უნდა მოეტანა, მიცვალებულისადმი უკანასკნელი ვალი გადაეხადა.
ყველამ იცოდა მთის ჩვეულება, ყველას ესმოდა, რომ ისეთის კაცის დამარხვა, როგორიც სვიმონი იყო, ჭირისუფლებს იაფად არ დაუჯდებოდა, სოფლებს სასოფლოდ და მოკეთეებს პირადად, ურიცხვი ძროხა და ცხვარი მოუდიოდათ, ერბო და ყველი მოჰქონდათ. ახლადდანიშნულმა მაზრის უფროსმა ნახა ხალხის თანაგრძნობა და დაპირების აღსრულება რამდენიმე დღით გადასდო; მას ეშინოდა სასტიკი განკარგულების მოხდენით ხალხში უკმაყოფილება არ გამოეწვია.
მიცვალებული გაბანეს, ჩააცვეს საუკეთესო ტანისამოსი, მოპარსეს წვერი და საკაცით „სამყოფო სახლში“ დაასვენეს. ჭირისუფალნი და მგლოვიარე ნათესავ-მოკეთენი სამის მხრით გარს შემოეხვივნენ, მხოლოდ ისე მოშორებით კი დადგნენ, რომ მოტირალთა და ცხედარის შუა კაცის გასასვლელი ადგილი დარჩენილიყო... ესენი, განსაკუთრებით ქალები და დედაკაცები იყვნენ, რომელთაც თავშლები მოეხადათ, თმა გაეწეწათ და დამკლავებულნი სატირლად მომზადებულიყვნენ.
განუწყვეტლივ თითო და თითო სოფლის დედაკაცები ჯგუფ-ჯგუფად სამყოფო სახლის დერეფანზედ გროვდებოდნენ და ცალ-ცალკე გუნდებად, მთაში შემოღებულის თავისებურის ტირილით შემოდიოდნენ.
ამგვარად შემსვლელები, კარებშივე ერთი მეორის უკან დამწკრივდებოდნენ, და წინ უეჭველად უფროსს გამოიძღოლებდნენ... მოწინავე წყნარად და მწუხარეს ხმით დაიძახებდა: „დადაი“, და ლოყებში ცემით სხვები ბანს მისცემდნენ და პატარა ნაბიჯის გადადგმით წინ წაიწევდნენ. ამათ ლოყებშივე შემოკვრით და სიტყვებით „ადაი“, ცხედართან მყოფი ჭირისუფლები უპასუხებდნენ და უსიამოვნო ყვირილი და ლოყებში ტყაპა-ტყუპი, მოსულთა და სახლში მყოფთა შორის არა სწყდებოდა. ეს ამბავი იქამდის გრძელდებოდა, სანამ ახლადმოსულები ძალიან წყნარის, ოდნავ შესამჩნევის ნაბიჯით, მკვდარს სამჯერ გარს შემოუვლიდნენ. სანამ ერთი სოფლის დედაკაცები ამგვარს ლიტანიას არ გაათავებდნენ, მეორე სოფლის დედაკაცები დერეფანში ელოდნენ და მხოლოდ მაშინ დაიძახებდნენ „დადაის“, როდესაც პირველები დაიშლებოდნენ. გამოუცვლელად მხოლოდ ჭირისუფლები იდგნენ და ყველა ახლად მოსულებს „ადაით“ და თავპირში ცემით უნდა დახვედროდნენ.
ამბავი სრული შვიდი დღე გრძელდებოდა, რადგანაც სვიმონ, ეს სახელოვანი კაცი პირველი გვარიშვილი იყო, საცხოვრებელი და განთქმული სახელი ჰქონდა, და იმის დამარხვისთვის საჭირო სამზადისი ამაზედ ადრე ვერ მოესწრობოდა. ხადისხან, როდესაც მოსულნი მთლად შემოიკრიბებოდნენ, და დერეფანში აღარავინ ელოდა, სახლში მყოფთ შორის რომელიმე მოხუცი მანდილოსანი ცხედარის მკერდიდგან თოფს აიღებდა, ზედ დაეყრდნობოდა და მიცვალებულს ლექსად შესხმას ეტყოდა, მის ცხოვრებას ხალხს მოუთხრობდა. მომთქმელს დანარჩენები, დრო გამოშვებით, მისცემდნენ ბანსა და მოჰყვებოდნენ შემაწუხებლის ხმით, ზარით ტირილსა.
ყოველი მოქმედება, ყოველი სამსახური, ყოველი სახსენებელი საქმე, რომელიც მიცვალებულს ცხოვრებაში ჩაედინა, ეხლა საქვეყნოდ მოიხსენებოდა და მსმენელთა შორის თანაგრძნობას და მადლობას გამოიწვევდა.
მიცვალებულის სახელთან ერთად იმ დაკლებულთ სახელებსაც არ ივიწყებდნენ, რომელთაც ხალხისთვის ოდესმე შესამჩნევი სამსახური გაეწიათ და ვაჟკაცობის სახელი დაემსახურათ. ყველას, ვინც-კი იქ იყო, და მომთქმელთ სიტყვები სწვდებოდა, ამგვარი გამოსალმება უმაღლეს ჯილდოთ მიაჩნდა და მოძმეთაგან ამ პატივით მოხსენებას ნატრობდა.
როდესაც მოტირალი ლექსს გაათავებდა, წყნარად მივიდოდა მიცვალებულთან, თოფს ისევ გულზედ დაადებდა და მოწიწებით წარმოსთქვამდა: „შენ ცხონება და დამრჩენთ დღეგრძელობა“. ხალხი მიყუჩდებოდა და სანამ ახალი მომთქმელი წამოდგებოდა, და ხელახლად დაიძახებდა: „ახა ვაითა ავი მე“, ყველანი ერთმანეთში კითხულობდხენ: ვინ იყო მოხსენებული, ან რა სამსახური გაეწია? ამგვარად მთელი ხალხი ტყობულობდა თავიანთ გმირების სახელებს და მათი მოქმედების ამბავი საშვილიშვილოდ გადადიოდა.
ის იყო ერთმა მოხუცმა გაათავა ტირილი და მისმა გრძნობიერმა სიტყვებმა და გულის ჩამთუთქველმა ხმამ იქ მყოფნი მთლად დაიმონავა, როდესაც ერთბაშად მოისმა ფანდურის მკვნესავი, მგლოვიარე ხმა და ზედ ქვითინით დაძახილი. ძლიერი და მწვავე იყო ეს ხმა, რომელმაც ხალხი შეატოკა, აამღელვარა და მოძრაობაში მოიყვანა.
- ელგუჯაი მოდის, ელგუჯაი! - ნიავსავით წყნარად მოისმა სულშეტაცებულთ და ხმა გაკმენდილთა შორის.
ხალხი ორად გაიყო და მათ შუა გამოჩნდა ლომებრივ ვაჟკაცი, რომელსაც თმა გასწეწოდა, საკინძი ჩამოსწყვეტოდა და გული გადაღეღოდა; შესაზარი იყო მისი მხნე და გმირული, ჭმუნვით მოცული მდუღარე ცრემლებით დალორთხილი სახე.
ელგუჯას ხელში ეპყრა ფანდური და მთრთოლვარე თითებით სიმებს დასთამაშებდა. ის გამოვიდა შუა ადგილას და შესდგა; რამდენჯერმე გადაავლო იქ მყოფს ხალხს თვალი და ყველამ იგრძნო ნამდვილად შეწუხებულის კაცის გული, ყველა დაემორჩილა, გაჩუმდა, გაჩქურდა. იმ წამში ბუზი რომ გაფრენილიყო, იმის მოძრაობის ხმასაც კი გაიგონებდით.
მოხევემ ჩაჰკრა და ჩაჰკრა ფანდურის ძალებს, დაათამაშა თითები და ჰაერი მკვნესავის ხმით შეირყა. ბოლოს გაივლო ტუჩებს კბილები და ისე ძალზედ მოუჭირა, თითქოს მოკვნეტას უპირობსო, მოჰყვა უსიტყვოდ ზუზუნს და ამ ხმაზედ ყველას გული ამოუჯდა, ცახცახი დააწყებინა. თითქოს თვით ჰაერსაც კი ეგრძნო ხევის მწუხარება და მისი გულის თრთოლას აჰყოლოდა.
მოხევემ ფანდურს კიდევ ჩაჰკრა, ჩაჰკრა და ერთბაშად დაიძახა:
შენ რომ გვშორდები, გმირთ-გმირო,
რაღას გვიპირებ ჩვენაო?
გიყურებთ, გული დუღდების,
ძლივს-ღა გვიბრუნავს ენაო!
წავიდა ჩვენი კაცობა,
ვეღარ ვიხილეთ ლხენაო,
ბღავის ცხორი და ბატკანი,
სადღაა იმათ სმენაო?!.
როდესაც ეს სიტყვები გაათავა, ფანდური უკუაგდო, მიცვალებულს დააცქერდა, დააცქერდა და ჩაწითლებულის თვალებიდგან ცრემლები ხელახლად, ღაპა-ღუპით გადმოსცვივდა. კიდევ რამდენიმე გულის ჩამთუთქავი სიტყვა უთხრა და ხელის ჩაქნევით წარმოსთქვა:
- ფუი! ცრუ და მუხთალო სოფელო!..
იმასთან მივიდა რამდენიმე ყმაწვილი ბიჭი, მიუახლოვდა, მოჰკიდეს ხელი და სიტყვებით: „კმარა, ელგუჯაუ, კმარა, თავს ხომ არ მოიკლავ?“ დერეფანში გაიყვანეს, სკამად გადებულს გრძელს ჭაჭზედ ჩამოსვეს, ჩიბუხი გაუვსეს და მისცეს:
- მოსწიე, მოსწიე, გულს მაინც გაგიბრუებს!
სატირლად მოსულს კაცებს, რომელნიც იქავ ისხდნენ და სვიმონის ავ-კარგიანობაზედ ლაპარაკობდნენ, მიცვალებულის ნათესაობა ხელთ ყავარჯენაღებულნი თავს ადგნენ და შინაურს არაყს სთავაზობდნენ. ამ დროს ეზოს კარებში ერთი უმცროსთაგანი გამოჩნდა და ხმამაღლა დაიძახა:
- სტუმრები, სტუმრები მოდიან.
დერეფანზედ მყოფი მასპინძლები და რამდენიმე მოხუცი სტუმარი წამოდგნენ და წყნარის სიარულით, კარებისკენ გაემართნენ. გალავანს მოშორებით, რამდენიმე ხელჯოხიანი მოხუცნი წყნარად და დალაგებით მოდიოდნენ; როდესაც სტუმარ-მასპინძელნი ერთმანეთს დაუახლოვდნენ დაუპირდაპირდნენ, დაეყრდნენ ყავარჯენებზედ და თავჩამოგდებულნი, მოწყენილის სახით დადგნენ. კარგა ხანმა გაიარა ამ სიჩუმეში და ორივე მხარე სიტყვის დაწყებას ერთმანეთს სთავაზობდა. ბოლოს სტუმართაგან ყველაზედ უხუცესმა აიღო თავი და მოუსამძიმრა.
- აი მოგიკვდესთ ჩემი თავი, დათუკაუ! - უთხრა იმან, - ის არა სჯობდა, რომ ჩემი სიკვდილი გაგეგონათ, სანამ ხევის ბურჯის წაქცევას გავიგონებდით?.. ბრალია ღვთის მადლმა, რომ ხევის განმანათლებელს, ხალხის ნუგეშს, მოძმეთ შემნახველს შავი მიწა სჭამდეს!..
- სულ უფლის ნებაა, თორღავ!.. რაი ვუყოთ?.. უფალს ხელს ვერავინ შეაფარებს, - უპასუხა ყველაზედ უფროსმა მასპინძელმა და დაუმატა: - თქვენ იყავით მშვიდობითა, კარგათა და უვნებლადა... რაი უყოთ? სიკვდილს კაცი ვერსად წაუვა.
- ღვთის პირით ლაპარაკობ, დათუკაუ!. ღვთის პირით!. კარგი მოკვდა, უფლის მადლმა, მაგრამ: „კარგისა კარგი მოკვდების, - კარგივე წამოიზრდების“... მაგის დანაკლისი დღე უფალმა დამრჩომს შეჰმატოს.
- უმაგისოდ რანი-ღა ვართ, თორღაისი, რანი?.. დაგვირჩა თქვენი თავი, რომ მოგვიგონეთ. თქვენთან ლხინსა და ქორწილში მოგვიყვანოს უფალმა... სამხიარულო შესაწევრითამც გადაგვიხდია. გადმოხედით, თქვენაი ჭირაიმე, გადმოხედით... ბატარაი დაისვენეთ, შორიდგანა ხართ და დაღალულები იქნებით.
მასპინძელი სტუმრებს გაუძღვა, დერეფანზედ აიყვანა და იქ დასხდნენ; გამართეს ყალიონები და საერთო საუბარს გაებნენ.
დილიდგანვე მოსული კაცები და დედაკაცები საკმაოდ დაღალულიყვნენ და მოსვენება ეჭირვებოდათ; რადგანაც სახლის პატრონები დასაფლავების დღისთვის დიდს მზადებაში იყვნენ და სტუმრების დასახვედრათ აღარ ეცალათ, ამისთვის მათი პატივისცემა და დახვედრა მეზობელთა ვალი იყო და ისინიც სტუმრებს თავთავიანთ სახლში ეპატიჟებოდნენ.
სამყოფო სახლის კარებთან, რამდენიმე ყმაწვილი კაცი შეჯგუფდა, მოისმა რაღაცა ტკაცანი და ხალხი იქით გაეშურა.
- მათრახებით მოდიან, მათრახებით! - დაიწყეს ერთმანეთში ჩურჩული. რამდენიმე დედაკაცი ჭირისუფალთაგან გამოერჩია, წავიდა კარებში მოგროვილს ბიჭებისაკენ და მათ მწკრივად უკან მოუდგა.
ცოტა ხანს შემდეგ, ვიღაცა დედაკაცმა კვნესით და ხმის კანკალით წარმოსთქვა:“ავაი!“ და სახლში დარჩენილთაგან პასუხად მიიღო: „ავ-დადაი“.
ყმაწვილი ბიჭები, მწკრივად დაწყობილნი, საკინძ-ჩამოწყვეტილნი და გულგადაღეღილნი, წყნარის ნაბიჯით წამოვიდნენ; ყველას მარცხენა ხელი შუბლზედ ჰქონდა მიფარებული და მარჯვენაში-კი, განსაკუთრებით ამგვარის შემთხვევისთვის გაკეთებული მათრახი ეჭირა. მარჯვენა ხელის შემოქნევით მათრახის ტარი თავზედ გადიზნიქებოდა და მეშის პრტყელი, გასანთლული ფარჩუმი ძალზედ კისერში ხვდებოდა. ყოველ „ავ-დადაის“ წარმოთქმისთანავე შემოიკრავდნენ მათრახებს და ყავარ-ყავარ დახეთქილი კისრიდგან სისხლი ჩქაფა-ჩქუფით გადმოსდიოდათ. მათ უკან მიდიოდნენ დამკლავებული დედაკაცები და მათრახის შემოკვრასთან ერთად ისინიც ლოყებში იცემდნენ. მოკლესა და პატარას ნაბიჯით ცხედარს სამჯერ გარს შემოუარეს; როდესაც გული საკმაოდ იჯერეს, და მთაში შემოღებული წესი შეასრულეს, შუა ადგილას გავიდნენ და მათრახები გადაყარეს, მჯიღის გულში ჩაკვრით დაიძახეს: „ვაჰი“ და საჩქაროდ გავიდნენ.
რა თქმა უნდა, რომ მათიაც, ამ შემთხვევისთვის, მთიულეთიდგან გადმოსულიყო და როგორც ბავშვი ისე ღრიალებდა.
მთელი კვირა სვიმონის სახლში ეს არეულობა იყო; ხალხი საკმაოდ დაიღალა, დასუსტდა და ყველაზედ მეტად გულის შემატკიმარსაც-კი მოსვენება დასჭირდა. დასაფლავების დღეს დიდძალი საქონელი დაიკლა და ურიცხვი „სიფროები“ გაიმართა, რომელსაც პატარა ბიჭები თავს დასტრიალებდნენ და პურის ჭამას მოუთმენლად მოელოდნენ.
მიცვალებული გამოასვენეს, უკანასკნელად გამოიტირეს, გარს შემოავლეს უკუღმა შეკმაზული ცხენი და ოდესმე მხურვალე გული ცივს მიწას მიაბარეს. დაქვრივებული ქეთევან, ჯერედ კიდევ ყმაწვილი და სიცოცხლით სავსე, მძიმე შავებჩაცმული, იგლოვდა თავის საყვარელ ქმარს, რომელმაც ამ არეულობის დროს თავის პაწაწები ასე უპატრონოდ დაჰყარა. მართალია გულკეთილი მეზობლები ქვრივს პატივსა სცემდნენ, ყოველ საქმეში დაუზარებლად ეხმარებოდნენ, მზაღო ყოველს მის სიტყვას აღსრულებდა, მაგრამ მოსვენება მაინც ვერ მოეპოვა. ახლადდანიშნული მაზრის მართველი, მთიელთ არეულობის შესახებ გამოძიებაში იყო და განუწყვეტლის კითხვებით თავს აბეზრებდა; ითხოვდა, რომ ქეთევანს მიეღო და პასუხი მიეცა იმ კითხვებზედ, რომელის შეტყობა მისგან უნდოდა მაზრის უფროსს.
მთის ქალისთვის, ამისთანა დროს უცხო კაცის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო და მართველისგან-კი ეს საქციელი შეურაცხყოფად მიიღებოდა; ბრაზდებოდა და გულში გადახდევინების სურვილი ემატებოდა.
ელგუჯა და მათია თუმცა მოხევის სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ყოველდღე ქეთევანთან ჩამოდიოდნენ და უპატრონოდ დარჩენილს ოჯახში რიგს აძლევდნენ. ასე მიდიოდა იმათი დღეები, სვიმონის დაკლებას აშკარად გრძნობდნენ, მაგრამ ცხოვრება მაინც შესაძლებლად მიაჩნდათ.
საღამო იყო. ელგუჯას სახლის კერაში ცეცხლი წყნარად ენთებოდა და იქაურობას სასიამოვნო შუქით ჰფენავდა. საკიდელზედ ჩამოკიდებულს ქვაბს ჩუხჩუხი გაჰქონდა და მადის გამღვიძებელს სურნელებას ჰაერში ატრიალებდა. სახლის პატრონი და მათია იქავ ცეცხლის პირას ისხდნენ და ლაპარაკობდნენ ხალხის იმ შეწუხებაზედ და უსამართლობაზედ, რომელსაც ახლადდანიშნული მაზრის მართველი ჩადიოდა. მთიულეთიდგან ხმა მოდიოდა, რომ აჯანყების საქმეს გამომძიებელი მეტად გულმხურვალედ მოჰკიდებოდა და აღარავის არ იბრალებდა, არავითარს საშუალებას არ ერიდებოდა, ოღონდ რამდენადაც შეიძლებოდა, საქმე თავის სასარგებლოდ გამოეჩინა. ამ სიმკაცრის და სასტიკობისთვის დიდს ჯილდოსა და პატივის მიღებას მოელოდა. ელგუჯა ერთი იმ დამნაშავეთაგანი იყო, რომლის დაჭერაც მაზრის უფროსს იმედს აძლევდა, რომ შესანიშნს სამსახურად ჩაეთვლებოდა, რადგანაც სვიმონის შემწეობით მთიელის დატუსაღება მთავრობას თითქმის შეუძლებლად მიაჩნდათ.
- ხვალ თოფის ხმა უნდა გავტეხოთ, - დაიწყო ელგუჯამ.
- დროა, შენი კვნესა-მე! - უპასუხა მათიამ, - მონადირენი დაღონდნენ და სოფელშიაც მხიარულება აღარ გაისმის.
- ჰაი, ჰაი, რო დაღონდნენ!.. აგერ როგორი ზამთარია?.. თოვლმა ნადირები სულ დაბლა ჩამოჰყარა.
ოთახში მზაღომ კარები შემოაღო, თოვლიანი ფეხები დაიბერტყა და შემოვიდა.
- მოხვედ? - ჰკითხა ელგუჯამ.
- მოვედ.
- რაისთვი დაიგვიანე?
- სვიმონის „დედაკაცი“ არ მიშვებდა... ეგეთია ბეჩავი, რომ კაცს გულს მოუკლავს! თვალი არ შეშრობია... დღევანდლამდის ძილი არ მიჰკარებია.
- რაი საკვირველია, შენი კვნესა-მე? - ჩაურთო მათიამ. - ხუმრობა კი არაა, ხელმწიფის სწორი კაცი მოუკვდა...
ჩამოვარდა სიჩუმე; მზაღო მივიდა თაროსთან და ჭურჭელს ლაგება დაუწყო.
- მოიტა-ღა, გვაჭამე რამე, თორემ ცხოგან უნდა წავიდე და დამიგვიანდების.
- ამაღამ წახვალ? - ჰკითხა მათიამ და თითქოს ფერი ეცვალა.
- ეხლავ უნდა წავიდე, თორემ „სნოს წყალი" შესანდობარზედ დაუპატიჟებელი დაგვრჩა და დაგვემდურებიან.
- არ გითხარ, ვახშამი-მეთქი?! - გაუმეორა ელგუჯამ ცოლსა და გაკვირვებით შეჰხედა, რადგანაც პირველი შემთხვევა იყო, რომ გამეორება დასჭირდა.
- ეხლავ, ეხლავ! - უპასუხა ცოლმა, თითქოს მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდაო და დაფაცურდა.
ქალმა მარდად მოიტანა ვახშამი და პურის ჭამა დაიწყეს.
მათია, როგორღაც დაფიქრებული იყო და ხმას არ იღებდა; ბოლოს, ერთბაშად ელგუჯას მიუბრუნდა.
- მაი, ელგუჯაუ, სნოს წყალზედ მე წავალ.
- ბეჩაო ჩემო თაო!.. ეგ რაი სთქვი? სტუმარი საქმეზედ გავგზავნო და ქვეყანას რაი-ღა პასუხი მივცე? - უთხრა ელგუჯამ და დაუმატა: - ის თუ არ გინდა, რომ სალექსოდ გამხადონ?
- სალექსოდ რაისთვი? რაი სტუმარი ვარ? შენი სახლი ჩემი არაა?.. ღვთის მადლმა, მე წავალ, არა მიშავს-რა, გული რასმე მიღონდების და გავერთობი!
- არა, მათიაისი, არა!.. შენ არც-კი იცი ვისთან მიხვიდე.
მზაღომ ჩირაღი კედელში გაამაგრა, მათიას გაფითრებული სახე განათდა და ტუჩებმა ცახცახი დაუწყო; იმან ვეღარ გასძლო, ნახევრად მიბრუნდა და სკამზედ ისე გასწორდა, რომ შუქი ვეღარ მისწვდომოდა. ელგუჯამ შეჰკრა თვალი და ჰკითხა:
- მათიაუ! რას მობუზულხარ?
- თავადაც არ ვიცი, - მოკლედ და ხმის კანკალით უპასუხა სტუმარმა.
- ავად თუ არა ხარ?.. ემანდა, კიდეც გაკანკალებს.
- მცივა, მაჟრჟოლებს რასმე.
- ქალაუ, მოიტანე-ღა ტყავი და წამოასხი. - ელგუჯა ცოლს მიუბრუნდა.
- ნუ ირჯები, არ მინდა, - უპასუხა მთიულმა, მაგრამ ტყავი მაინც გამოართვა, მოიჭუჭკა და ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა.
- არაყი თუ არა გვაქვს? - იკითხა ელგუჯამ და მოტანილი ჭურჭელი ცეცხლის პირას დადგა. - აბა, შენ შეექეცი და მე-კი წავალ, თორემ მიგვიანდების... ბატარაი არაყი დალიოდე, კიდეც გაგათბობს და ოფლსაც მოგგვრის.
- მეც წამოვალ, - წამოიწია მათიამ, მაგრამ მოხევემ არ აუშვა.
- უგონოთ თუ არა ხარ, რას უბნობ? დაჯე, ღვთის მადლმა, თორემ მაწყეინებ, - უთხრა ელგუჯამ და ძალად დასვა. შემდეგ ცოლს მიუბრუნდა და უთხრა: - თბილად დაუგე, არ შესცივდეს. თორემ ზამთრის სიცივე კაცს თუ ერთხელ ჯანში გაუჯდა, ძნელია... მშვიდობით, მათიაუ!
მოხევემ თოფს ხელი წამოავლო და კარებისკენ გაემართა; ცოლმა ჩირაღი აიღო და დერეფნამდის მიაცილა. ელგუჯა ერთბაშად შესდგა. ცოლს შემოხედა და მაგრად მკლავ-მოხვეულმა, გულთან მიკრულს, რამდენჯერმე ძალზედ აკოცა. მზაღო გაწითლდა და ქმრის გასვლის შემდეგ კარს ურდული გაუგდო, მოვიდა კერის პირს და თავისავე ადგილს დაჯდა.
მათიამ ქალს ჩუმად გახედა, შეამჩნივა სიამოვნებისაგან გამოწვეული სიწითლე და ამოოხვრით ჩუმად წარმოსთქვა: „ბედნიერო!“
ისინი დიდხანს ისხდნენ გაყუჩებულნი და ხმაგაკმენდილნი, თითქოს ერთმანეთს გაბუტვიანო.
გაშმაგებული მთიელი ქალს ისე გაჰყურებდა, როგორც მიმინო, რომელსაც მწყერი დაუნახავს და გაფათრვას უპირებსო. ქალსაც ეგრძნო იმის თვალების ძალა და რაღაცა მოუსვენრობაში ჩავარდნილს, თავი დაეხარა. ორნივ ასე ისხდნენ და თავთავიანთს საგონებელს მისცემოდნენ; ორთავ რაღაცა ფიქრი გულს უმღელვარებდა, მათი აზრის გაგება კაცს ძნელად შეეძლო.
მათიას შუბლი ხშირად შეეკუმშებოდა ხოლმე, თვალები გაუბრწყინდებოდა და აღშფოთებულს ქშენას ასტეხდა. არა იშვიათად ტუჩებს გახსნიდა და თითქოს სიტყვის წარმოთქმა უნდოდა, მაგრამ თავშეკავებული ტუჩს კბილებს შუა მოიქცევდა და თავს გასაჩუმებლად ძალას ატანდა. კედელში გაკეთებულის სარკმლიდგან ნიავი შემოჰქროდა და ჩირაღის ალს წყნარად ამღელვარებდა; ერთბაშად დაჰქროლა ქარმა, ჩირაღი გადმოვარდა და გაჰქრა. ორნივ იქ მყოფნი შეკრთნენ და ანგარიშმიუცემლად ფეხზედ წამოცვივდნენ. ოთახის განათება კერაში ანთებულს ცეცხლზედ-ღა მივარდა, და ამისთვის საკმაოდ ჩამობნელდა. ქალი ჩირაღს დასწვდა, მაგრამ მათიამ დაასწრო, აიღო და ცეცხლში ჩააგდო. ამ მოძრაობის დროს ქალს მოჰხვდა და თვალთ დაუბნელდა; წატორტმანდა და გონება არეულმა ქალს მაგრად ხელი გაავლო, მიიზიდა და გულში ჩაიკრა, გაშმაგებით დაეკონა და კოცნა დაუწყო.
- რას სჩადი, რას? - ფართხალებდა შეშინებული მზაღო, მარამ მთიელი ჭკუაზედ ვეღარ მოსულიყო.
დიდი ხნის შეგუბებულს გრძნობას ეს-ღა აკლდა, რომ წამალსავით აფეთქებულიყო და მთიულის არსება მთლად აღეგზნო, თავდავიწყებამდის მიეყვანა.
- რას სჩადი-მეთქი?! - გაბრაზებით განუმეორა ქალმა და ხელი გულთან მიაბჯინა. - რას სჩადი?
- იმას რო დავილიე, უშენოდ სიცოცხლე გამწარდა და ჩემი უნდა იქნა! - მათიამ ისევ მოზიდა ქალსა, რომელიც განთავისუფლებასა ცდილობდა. ცეცხლში ჩაგდებული ჩირაღი ერთბაშად აენთო, იქაურობა გაანათა და მათიამ დაინახა შეშინებული სახე მზაღოსი, რომელსაც თავი უკან გადეგდო, თმა გასწეწოდა და თვალები გაბრწყინებოდა; შეხედა და გაშმაგებამ უმატა.
- ჩემი უნდა იქნა, ჩემი! - ხმის კანკალით წამოიძახა იმან და ისე მოსწია, რომ ქალის ძვლებმა ჭახჭახი დაიწყო. მზაღომ დაიწივლა, მოქნილს სახრესავით მოიზნიქა და კაცი ჩააკვდა იმის სიცოცხლით სავსე ტუჩებს.
- უსირცხვილოვ!.. ნამუს დაკარგულო! ფუი შენს კაცობას, - მაღლა წამოიძახა ქალმა და დაუმატა: - მაშ შენთვის აღარც ნათესაობაა, აღარც ძმათ ნაფიცი!..
- არა, ღვთის მადლმა! - მარტო შენ, შენის მეტი არვინ მინდა, შენის მეტი არვინ მახსოვს, შენ გადამავიწყე ყველა!
- მე არ მინდიხარ. მძულხარ, მძაგხარ და მეზიზღები! - შეჰკივლა ქალმა.
ამ სიტყვებზედ მათია შეკრთა, როგორც გველის ნაკბენი, სიმწვავისაგან მთლად დაიკლაკნა და მღელვარებით წარმოსთქვა:
- მაშ ის გიყვარს, მარტო ის არის ბედნიერი?
- ის მიყვარს, მარტო ის არის ბედნიერი, დამეხსენ! - გაანჩხლებით უპასუხა ქალმა.
მთიულმა მკლავზე მაგრა მოუჭირა და შემდეგ ხელის კვრით წამოიძახა:
- მაშ იმის სიკვდილი მოგდომნია და მოკვდება!
მზაღო შეკრთა ამ სიტყვებზედ, შეჰხედა მათიას და იმედი ჰქონდა, რომ სიბრალულს დაინახავდა; მაგრამ მთიულის სახე გაშმაგებულს ვეფხვს დამზგავსებოდა, რომელსაც მსხვერპლის სიახლოვე ეგრძნო და სურვილად მხოლოდ მისი სისხლით გაძღომა მოსწადებოდა.
- მათიაუ, რას სჩადი? რას უბნობ, რაი მოგსვლია?
- ისა რომ „გონთ“ გადამაგდე, ისა რომ მე და იმის ერთად სიცოცხლე აღარ ხერხდების!
- რაისთვი არა, რაისთვი? განა შენ-კი არ მიყვარხარ?..
- მაშ გიყვარვარ!.. - სიხარულით წამოიძახა კაცმა და ისევ ხელები მოხვია. მზაღო გაუსხლტა.
- შენ ძმა ხარ და ძმასავით მიყვარხარ.
- კიდევ მოვტყუვდი? მაშ აჰა, - დასწვდა მთიული ცულსა, რომელიც იქვე ეგდო და დაუმატა: - დამკარი თავში და გამათავე.
- რას უბნობ? - უკან მიდგა შეშინებული ქალი.
- დამკარი, დამკარი-მეთქი, - არევით ეუბნებოდა კაცი. რომელსაც მოქმედებისთვის ანგარიში ვეღარ მიეცა. - დამკარი-მეთქი, თუ ელგუჯას გადარჩენა გინდა, თორემ თუ აქედგან ცოცხალი გავედ, ღვთის მადლმა, რომ იმის მზე გაშავდების!
- მათიაუ! შენაი ჭირაიმე, ღვთის მადლსა!..
- მაშ დამკარ და მორჩი!.. მორჩი, მორჩი-მეთქი!..
- ბეჩაუ!..
- ჰო, - გააწყვეტინა იმან. - ჩქარა, ჩქარა...
კაცი მთლად ცახცახებდა და ორი სიტყვა გადაბმით ვეღარ მოეხერხებინა. ამ დროს კარებიდან რაღაცა ხმაურობა მოისმა და გახარებულმა ქალმა წამოიძახა:
- ელგუჯა! - და გასასვლელად გაბრუნდა, მაგრამ მათია წინ გადაუდგა.
- მოიცა!
- გამიშვი, კარი გაუღო!
- მომკალ!
- არა-მეთქი... გამიშვი!..
- არა?.. მაშ ცოდო შენზედ იყოს!..
ქალმა დაიწივლა და დაეცა, მათიამ კი ცული გადააგდო, გაიძრო ხანჯალი და გაბრაზებულის ხარხარით კარებისაკენ გაქანდა.
მათიამ გააღო კარები, მაგრამ მაშინვე უკან მოაწყდა, რადგანაც მოხევის მაგივრად რამდენიმე შეიარაღებული რუსის ყაზახი დახვდა. ესენი მოჰყოლოდნენ მაზრის მართველს, რომელსაც ელგუჯას დაჭერა განეზრახა.
მთიულმა კარების ჩაკეტა ვეღარ მოასწრო, ამ შემთხვევით რუსებმა ისარგებლეს და სახლში შევიდნენ.
- ელგუჯა შენა ხარ? - ჰკითხა ჯარის მეუფროსემ.
მათია გაშტერებით შეჰყურებდა და გაშიშვლებულს ხანჯალს ხელიდგან არ აგდებდა. რუსებსაც თოფის ჩახმახები ფეხზედ შემოეყენებინათ და მტრის დასახვედრად მომზადებულიყვნენ.
- ელგუჯაი არა ვარ! - ბოლოს უპასუხა მათიამ.
- ჩააგე ხანჯალი, - უბრძანეს იმას.
- ხანჯალი? - ჩაცინებით წარმოსთქვა მთიულმა და ქუდი თვალებზედ ჩამოიფხატა. - რაისთვი?
- ჩააგე-მეთქი და წამოგვყევ! - გაუმეორეს ბრძანება.
- რაისთვი ჩავაგო, ან სად უნდა წამოგყვეთ? - მათიამაც ხმა აიმაღლა. - თქვენ ელგუჯას ეძებთ, და მე-კი ელგუჯაი არა ვარ... ცხო რაიღა გინდათ?..
- ელგუჯა შენა ხარ, ვერ მოგვატყუილებ!.. გეუბნები წამოგვყევ!
- გეუბნებით რომ არა-მეთქი... ელგუჯაი რომ ვიყო, სახელს რაიღა დამამალვინებდა?
- ისა რომ გეშინიან. წამოგვყევ, თორემ ძალათ წაგიყვანთ.
მათიამ თავის ჩამოქნევით ქუდი მოიმარჯვა.
- ლომისის მადლმა, ელგუჯაი არა ვარ, არც მეშინიან, თორემ სახელს თქვენ დამამალვინებდით?.. არც ამდენს გალაპარაკებდით.
- დაგვმორჩილდი-მეთქი, თორემ...
რუსმა სიტყვების გათავება ვერ მოასწრო, როდესაც მზაღო მუხლებ ქვეშ ჩაუვარდა და ხვეწნა დაუწყო. ყაზახმა წამოაყენა და უზრუნველად ხელი ჰკრა.
- გამეცალე! ქალებთან საქმე არა მაქვს - დაიძახა ყაზახმა მკაცრად.
ამის მნახველი მათია მთლად გაფითრდა, თვალთაგან ნაწინწკლები გადმოსცვივდა და მთლად თრთოლამ აიტანა.
- დაიჭირეთ ეგ კაცი. - ჯარის უფროსმა მათიაზედ უჩვენა.
ყაზახები წინ წარდგნენ, მაგრამ მთიელი უკუ გადახტა, ამოეფარა გოდორს და მტრის მედგრად დასახვედრად მოემზადა. ყაზახებმა კიდევ მიიწიეს, მაგრამ მთიულმა კედლიდგან თოფის ჩამოღება მოასწრო და გაუმიზნა.
- შესდექით, ლომისის მადლმა! ნიშნდაუდებელს არ გაგიშვებთ.
- ელგუჯავ, დაყარე იარაღი და დაგვნებდი-მეთქი.
- იარაღს-კი არ დავყრი და თუ შეგიძლიანთ, ძალათ ამხსენით.
უფროსი განრისხდა, მაგრამ სროლა მაინც ვერ გაბედა, რადგანაც ელგუჯას ცოცხლად მიყვანა ჰქონდა ნაბძანები.
- მაშ კარგი! - დაემუქრა ყაზახი და მხლებლებს მიუბრუნდა: - ეს ქალი დაიჭირეთ.
შეშინებული მზაღო კედელს აჰკროდა და მთლადა ცახცახობდა; ყაზახები მისცვივდნენ, შეიპყრეს და წივილ-კივილით გარეთ გაათრიეს.
მათიამ მოთმინება დაჰკარგა და თოფის გასროლის შემდეგ, გულამღვრეული, შეჯგუფებულს ხალხს გადმოერია. ყაზახები გამოცვივდნენ და ხანჯალ-მოწვდილი მათიაც უკან გამოჰყვა. პირველში შემკრთალი რუსები გარბოდნენ და მათია თავისუფლად ხანჯლამდა, მაგრამ მალე გონს მოვიდნენ, შემოეხვივნენ, ჩაიგდეს შუაში და ხმლები დაუშინეს.
რამდენიმე თოფი გავარდა, მაგრამ გახურებული მათია ვერ შეაყენეს; იმან ისიც კი ვერ გაიგო, დასჭრეს თუ არა. თვალწინ მხოლოდ მზაღო ეხატებოდა, ხედავდა რომ რუსები წივილ-კივილით მიათრევდნენ და ამ შეურაცხყოფის გადახდის მეტი აღარა ახსოვდა-რა.
მათია იბრძოდა გამწარებული და ყოველ მხარეს, საითაც გაიბრძოლებდა, ნიშანდაუდებლად არ გამობრუნდებოდა, მაგრამ იარებიდან გადმონაჩქებმა სისხლმა მალე ძალა მოუკლო და ჩაიჩოქა; მკლავი დაუსუსტდა, კანკალი დაიწყო და წუთს შემდეგ უსულოდ დაეცა... გამარჯვებული ყაზახები გახარებულის ყიჟინით მიეხვივნენ და თავიანთ ხმლების მჭრელობა გუფთასავით აკეფილს მთიულზედ კიდევ რამოდენჯერმე სცადეს.
სწორედ იმ დროს, როდესაც თოფები დაიცალა, ელგუჯა იქავ ახლო-მახლო სოფელში ყოფილიყო, და გარეთ გამოვარდნილიყო; დაენახა, რომ იმის სოფელში ჩხუბია და მთლად გაფითრებული იქითკენ გაიქცა. გზაში რამდენიმე ბიჭი მოეგება და შეატყობინეს, რომ ელგუჯას დასაჭერად ყაზახები მოვიდნენ და მათია დაჩეხესო; მოხევემ კბილები გაახრჭიალა და გონებადაბნეულმა უფრო ჩქარა გასწია.
- სად მიხვალ, სადა? - მეზობლები წინ გადაუდგნენ.
- არ გესმის, რომ შენს დასაჭერად მოვიდნენ?..
- დასაჭერად?.. ვნახავ!. - წამოიძახა იმან შეუჩერებლივ...
- ნუ მიხვალ, შე ბეჩაო, შენა!.. იმდენ ხალხთან მარტო კაცი რაი გახდები! - კიდევა სცადეს იმის გამობრუნება: - მაი, დაბრუნდი და ცხოფრივ მოუაროთ.
- მაშ სტუმრის სისხლი შევარჩინო? თავი სალექსოდ გავიხადო!..
- შენც მოგკვლენ...
- მომკვლენ და ალალი იყოს! კაცი ერთხელ დაიბადების და ერთხელ მოკვდების! - წამოიძახა მოხევემ ბევრს ეხვეწნენ, ბევრი ეცადნენ, მრავალი საბუთები მოჰყვანდათ, მაგრამ ელგუჯას დაბრუნება ვერა ღონისძიებით ვერ მოახერხეს!.. ის სულ ერთსა და იგივეს გაიძახოდა: - ძმა მომიკლეს და სისხლი უნდა ავიღო!
ელგუჯას, რომელიც საზოგადოდ მოხერხებული, გაფრთხილებული და მოაზრებული კაცი იყო, ეხლა სრულიად გონება დაეფანტა და თავის მოქმედების ანგარიში ვეღარ მიეცა.
მოხევე მხოლოდ ერთს წადილს შეეპყრო და იმის მეტი აღარა ახსოვდა რა: იმას სტუმარი მოუკლეს და სამაგიერო უნდა გადაეხადა, თუნდა ამის აღსასრულებლად სიცოცხლის შეწირვაც დასჭირებოდა...
ელგუჯა გავიდა სოფელში და სწორედ იმ დროს მივიდა თავის სახლთან, როდესაც მკვდარს მათიას, ვიღაცა უპატიოსნო, სულით დაცემული მასხარად იგდებდა და უშვერის პირითა ლანძღავდა. მოხევემ მკვდრის ამგვარი შეურაცხყოფა ვეღარ მოითმინა და თავდავიწყებულს ერთის ხელით მისწვდა საყელოში და თავისკენ მოიბრუნა.
- აქეთ მობრუნდი, დაუნდო ძაღლო, აქეთ, - და სიტყვებთან ერთად მოქნეული ხანჯალი ტარამდი მკერდში ჩაუსვა. გულჩანგრეული ყაზახი მათიაზედ დაეცა.
- ეს ერთი, მათიაუ!.. - წამოიძახა იმან სიბრაზით და დაუმატა: - ნუ გეშინიან, ჯერ კიდევ ბევრს გამოგაყოლებ.
გამობრუნდა და დანარჩენს ყაზახებში გაერია; იმათ მთიელი მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როდესაც რამდენიმე კაცი წაიქცა.
გაშტერებული ყაზახები ჯერ აირივნენ, რადგანაც ვერ წარმოედგინათ, რომ ერთი კაცი ამოდენა ჯარში ჩამორევას გაბედავდა, და ღრუბელში შემალული მთვარე-კი საკმაოდ აღარ ანათებდა, რომ ნამდვილი დაენახათ.
მაგრამ რაკი ღრუბელმა გაიწია და მთვარემ იქაურობა გაანათა, ჯარმა დაინახა ერთადერთი კაცი, რომელსაც ხანჯალი ეჭირა და უწყალოდ, შეუბრალებლად იქნევდა. რუსები მოეხვივნენ და გზა შეუკრეს.
ელგუჯამ გაიბრძოლა. გასვლა დააპირა, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე ხმალმოწვდილი კაცი გადაეღობა. იმათ შეხედეს ერთმანეთს, თითქოს თვალით აწონას უპირებდნენ. მოხევე შეიკუმშა, გადახტა, მაგრამ რამდენჯერმე ხანჯლის მოქნევის შემდეგ, თავშუაზედ გაჩეხილი მათიას გვერდით დაეცა.
- მათიაუ, ვერ მისაყვედურებ! მარტოდ არ დაგაგდე... მზაღო... შვილებო!. - წარმოსთქვა იმან და საუკუნოდ დახუჭა თვალები.
ასე გათავდა ამ უბედურთ სიცოცხლე, რომლების გულიც სიყვარულის ცეცხლით სდუღდა და იმდენს მოელოდდა დაუნდობლის სოფლისგან...
გაიარა წელიწადებმა, საქართველოში დამყარდა რუსის მართებლობა და კანონები. ხალხი დამშვიდდა, დაიწყო ახალი ცხოვრება; საუკუნოებით დაღალული ბრძოლისაგან. ის თითქმის დასვენებას ეძლეოდა. ერთობა წყნარ-წყნარადა ჰქრებოდა და იმის სამაგიეროდ, ყველანი, თითქოს განსაკუთრებით ეხვეოდნენ თავ-თავიანთ საკუთარ სახვევში.
დაივიწყეს ბევრი წარსული ჩვეულება, წარსული აზრები, ურომლისოდაც მაშინ ცხოვრების შეძლება არ ეგონათ. დაივიწყეს ელგუჯა და მათიაც, როგორც სხვა მათი მედროვე ხალხი.
გარდაიცვალა სვიმონის ცოლი და იმის ადგილი დაიჭირა იმის უფროსმა რძალმა, რომლის ქმარი სამხედრო სამსახურში შესულიყო და ბედნიერად ჰმსახურობდა.
მართებლობამ დაიწყო ბატონ-ყმობის, გვარ-ტომობის და მამულებზედ დავების გარჩევა. იმ საქმეების არეულობაში, როგორც მაშინ იყო, ყველა ცდილობდა მეტი კაცები დაეწერა თავიანთ სახელობაზედ ყმად, მეტი მამული დაეჭირათ და თავადებთ სიაში ჩაწერილიყვნენ, რომელსაც განსაცვიფრებლის გამოცდით ახერხებდნენ.
ერთს დღეს სვიმონის უფროსი შვილი დაბრუნებულიყო სამსახურიდგან შინ, როდესაც იმის მამულსა სწვეოდა ჩინოვნიკი, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ყმებისა და სახელმწიფო გლეხ-კაცების კამერალური აღწერის შედგენა.
რასაკვირველია, ამგვარს შემთხვევაში გულუხვი ქართველი მებატონის სახელი ისე არ დადგებოდა, რომ მსუქანი ვახშმები გალაზათიანებული კარგის კახურის ღვინით, არ გაემართა.
ამისთვის სვიმონის სახლში იყო გამართული ლაზათიანი ნადიმი იმ პირისათვის, რომლის კალმის მოსმაზედაც იყო დამოკიდებული გლეხ-კაცთ ყურმოჭრილ ყმად, თუ თავისუფლად გახდომა.
გლეხ-კაცები დარწმუნებულნი, რომ უპატრონოდ, უბატონოდ, ე.ი. უმოსარჩლოდ იმ ხანაში დარჩენილი, როდესაც დიანბეგ და ნაჩალნიკს უსულოდ შეეძლოთ რაცა ჰსურდათ ის ექნათ, - ცხოვრება წვა და დაგვა იყო, გარბოდნენ და უცხადებდნენ რომელსამე შეძლებულ და ძალა მქონებელ მებატონეს ყმობას. ამგვარად ისინი ჰხდებოდნენ სხვადასხვა პირების საკუთრებად.
როდესაც ჩინოვნიკმა გაათავა თავისი მუშაობა, თქვენ რომ თვალი გადაგევლოთ იმის რვეულისათვის, საბატონო ყმების სიაში ამოიკითხავდით: „მზაღო ნასყიდაშვილისა, თავის ორი შვილით“.
დიახ, - მზაღო შეიქმნა, თავის შვილებით ერთად, მებატონის საკუთრებად და ეს ხალხი იმ შემთხვევაში ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ ყმათა შორის, გულის ძგერით მოალოდინა ის დრო, როდესაც ბატონ-ყმობის გადავარდნის ხმა გრგვინვასავით გაივლიდა საქართველოში, და ათას წამებულს ლოცვით თვალებს მიაპყრობინებდა ზეცისაკენ.
1 ქამანდარი - კარგი მსროლელი.
ჩერქეზში ხშირად არქმევენ ქალებს სახელად „მზის შუქს“, „მთვარის შუქს“, „ნათელას“ და სხვა. მზაღო ნიშნავს მთვარის შუქს.
სამყოფო სახლი - ჯალაბობის საერთო სახლი.
საზოგადოდ ჩვენს ლიტერატურაში შეცთომით მთის ხალხს მთიულებად უწოდებენ, მაშინ, როდესაც ჩვენს საქართველოში მხოლოდ ერთ მაზრასა ქვია „მთიულეთი“ და შიგ მცხოვრებთ - „მთიულები“.
პირი-მზეს მთიულები თამარ-დედოფალს უწოდებენ და წმინდანად სთვლიან.
იხილე თხზულება ბ-ნი დუბროვინისა; დამატება - „მთიულების საჩივარი“.
ბ- ნი ბერჟეს თხზულება „საქართველოს რუსეთთან შეერთება“, დაბეჭდილი ცალკე წიგნებად და აგრეთვე „Обзор“-ში 1880 წელს)
ბუგრიანო - მუწუკებიანო, ქაჩალო, უხეირო.
მურდალი - მკვდარი უზიარებლად ან იმგვარი შემთხვევით მკვდარი, რომელსაც იარაღით ჭრილობა არა აქვს.
მათარა - მეშისგან შეკერილი საგზაო სტაქანია რომელსაც შიგნითგან წმინდა სანთელი აქვს გამოვლებული და წყალს კარგად იჭერს.
„სანახავს“ უკეთებენ იარაში უწმინდურების გამოსატანად და ბალღამის სამუშაოდ. აგრეთვე „სანახავი“ იარას პირს არ აკვრევინებს, ჭრილობას ძირიდგან აწყებინებს რჩენას.
“ნადირს” არ იშვიათად მგელსაც უწოდებენ.
მთის ხალხის რწმუნებით გულადად მოკლულ ვაჟკაცის თვალს ყორნის მეტი ვერა შეეხება-რა.
ძაბრიგანა - წუღის ჩასაცმელია.
ჯერს - საჭმელს ეტყვიან.
ბატკნობიდამ გამოსული დედალი ცხვარი.
„საკლავს“ ცხვარს ეძახიან.
იხილე მასალები საქართველოს ახალი ისტორიისა, თხზ. პ.გ. ბუტკოვისა ფურც. 379. (იგულისხმება: Бутков, Материалы для новой истории Кавказа, СПБ. 1869 г. - რედ.).
სხვათა შორის იხ. ბუტკოვის „მასალები საქართველოს ახალი ისტორიისათვის“, ტ. III ფურც. 376.
რომელ სოფელშიაც მიცვალებული ყოფილა,სანამ იმას პატრონები „შესანდობარს“ არ დასდგმენ (ნიშანში სროლას არ გამართამდნენ) სოფელი გლოვობს და არც ერთი კაცი თოფს არ გაისვრის.