ვანო სარაჯიშვილს
ვანო სარაჯიშვილს ავტორი: ტერენტი გრანელი |
დაეშვა ფარდა, დაბნელდა სცენა,
შეწყდა შრიალი და მისტერია.
ვანო! აღსრულდა შენი სიმღერა:
“თავო ჩემო, ბედი არ გიწერია!”
და ახლა ირგვლივ გლოვის წამია,
წამია გლოვის, ცრემლების გარდა.
ქართულ სცენაზე მძიმე ღამეა,
ქართული სცენა დამგლოვიარდა.
შენ გადაფრინდი სინათლის იქით,
რომ მხოლოდ ნისლი იყოს კარავი.
და გვირგვინების მწუხარე რიგი
ახლა შენს მაღალ კუბოს ფარავენ.
დღეს აღარა ხარ, ძვირფასო, მაგრამ
ჩვენთან ელვარებს შენი ნათელი.
სამწუხაროა, რომ ასე გაჰქრა
შენი ხმა: ცეცხლი და ჟრუანტელი.
დაეშვა ფარდა, დაბნელდა სცენა,
თვალები მაინც შენ გიცქერიან.
ვანო! აღსრულდა შენი სიმღერა:
"თავო ჩემო, ბედი არ გიწერია!