ვერხვი (დუტუ მეგრელი)
ვერხვი ავტორი: დუტუ მეგრელი |
ერთს დაბურულსა, ხშირს ტყეში
ლამაზი ვერხვი ჰხარობდა
და, უმადური ხვედრისა,
დღე მუდამ ასე ამბობდა:
"რა არის ჩემი სიცოცხლე,
ვერ ამომითქვამს სულიო:
ვეება ხეებისგან ვარ
შეკრული, შეხუთულიო;
მე უნდა ვიყო მარტოკა
ტრიალს მინდორზე მდგარიო,
რომ თავისუფლად ჩემს ფოთლებს
აფრიალებდეს ქარიო!.."
შესრულდა მისი წადილი:
ერთხელ მოვიდნენ გლეხები
და მოსჭრეს ყველა, რაც იყო
იმ ტყეში, დიდი ხეები.
იამა ვერხვსა, რომ ნახა,
სურვილი აღსრულებია,
მაგრამ ეს სიამოვნება
დიდხანს არ გაგრძელებია:
დაჰბერა ქარმა ძლიერად,
ასტყდა გრიგალი, საზარი,
შეინძრა ცა და ქვეყანა
მიწამ დაიწყო ზანზარი,
და ვეღარ გასძლო, დასუსტდა
ვერხვი, შთენილი ობლადა
და ამოსთხარა გრიგალმა
ძირიან-ფესვიანადა!
მაშინ-კი იგრძნო საბრალომ,
რომ, კვლავ ხეებში მდგარიყო,
ასე არ მოუვიდოდა,
მაგრამ გვიანი-ღა იყო!..