ვეფხისტყაოსანი/წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა

ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა



463
წიგნი დავწერე: „მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად!
მე ხატაელთა მიმუხთლეს, - თუცა მათ ეცა ზიანად,
ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად“.

464
რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,
წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,
მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

465
ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია“
ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!
ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

466
ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,
საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
მიალერსებდა, მაჭმევდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

467
მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,
დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით;
მეფემან ბრძანა: „ლაშქარნი უხმენით, შემომყარენით,
დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!“

468
რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე.
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

469
მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,
ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
„შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?“

470
მე ვჰკადრე: „ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა“.
რამაზს უბრძანეს: „იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა,
მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!“

471
ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია.
მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,
შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

472
ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
მოახსენა: „ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა.
თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მემცა განა!“
წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

473
მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;
ებრძანა: „რა შენ გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია,
მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,
არ დამაშვრალ ხარ, წავიდეთ, თუცა დაშვრომის ჟამია“.

474
შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,
შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,
მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;
გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!

475
იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
„ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია,
მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.

476
აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,
ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხებული,
გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული“.

477
მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა;
იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.
აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.

478
ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;
ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი,
ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ კატაბანი.

479
რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა,
იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა.
მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა,
შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მათ მზებრ ნათელთასა.

480
მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი,
ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;
სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,
მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

481
ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,
ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,
მითხრა: „ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შე-ღა-გება“.

482
ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა.
პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.
მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა;
თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

483
შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და ლალისა.
არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

484
მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა.
რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

485
დააგდეს მღერა მუტრიბთა, „სულეთო!“, თავი ხარიან;
მიბრძანეს: „შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?!
ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.

486
აწ თუცა გვმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან,
არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან;
აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,
თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან“.

487
მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,
რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

488
კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;
კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.
დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა,
ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

489
ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა“.