ვუმღერ სამშობლოს
ვუმღერ სამშობლოს ავტორი: გიორგი ლეონიძე |
1936 წელი |
სულ ჩემი გულის მონაწურია,
რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,
ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,
და მის სიყვარულს დავემწყემსები.
მშობელ მიწაში მიდგას ფესვები, ―
როგორც წყალში დგას წნორის ძირები.
სიცოცხლეს ვერვის დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები!
მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,
მისი ნათელი დამთოვებია,
სიცოცხლე ― მისი მშვენების იქით
ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!
აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა
და ტკბილი სიტყვის გამართულობა;
ვით ღონიერი ნიაღვრის დენა, ―
ჩემი თქმულობა, ლექსქართულობა!
დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი, ―
ეს ყვავილები მე დავაგროვე;
მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,
ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!
გულის ნათელი მე მიპოვია,
ქართლის დიდების მე ვარ მნახველი;
სამშობლო ― ჩემი გულის ფეთქვაა,
სამშობლო ― ჩემი ლექსის სახელი!