ვფიქრობ სიკვდილზე და რაღაც სხვაზე
ვფიქრობ სიკვდილზე და რაღაც სხვაზე ავტორი: ტერენტი გრანელი |
ვფიქრობ სიკვდილზე და რაღაც სხვაზე
და ჩემს გარშემო ფიქრების ტყეა.
ისევ მარტო ვარ სევდიან გზაზე,
ისევ შაბათის მზიანი დღეა.
ეს ჩემი გული ისევ ის არი
და ეს დღეები სევდისფერია.
გაჰქრა აგვისტო, როგორც სიზმარი,
დღეს მხოლოდ ოთხი სექტემბერია.
ალბათ მოვა დრო - მეც არ ვიქნები
და ჩემი მტერი მიწა მგონია.
ისევ ახლოა შენზე ფიქრები,
ისევ ახლოა ეს მაგნოლია.