თბილისის გარეთ
თბილისის გარეთ ავტორი: ტერენტი გრანელი |
მოვიდა რიცხვი ახალი
და მოიტანა სამარე.
იქ სამრეკლოა მაღალი,
აქ სიჩუმეთა სავანე.
მოვედი, მზეზე ვისვენებ,
რა საოცნებო ველია.
მთაზე კვამლია ცისფერი
და გზები ცარიელია.
ირგვლივ ჩუმია მინდვრები,
მიყვება შარას მავთული.
მე სიკვდილამდე ვიქნები
ამნაირ ფიქრში გართული.
წამება ისევ წინ არი,
ფრთები აიშვა გრიგალმა.
უცებ გაჩუმდა მდინარე
და ზარმა დაიგრიალა.