თბილისი (გიორგი ლეონიძე)

თბილისი
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ლირიკული პოემა


ვიცი ბევრი მე დამნატრის: ―
თბილისის მზეს ვეზიარე;
პურადობის მზე დამნათის,
გულადობის მზე ბრიალებს;

სიყვარულის მზე მეძახის,
მოსულა და მაჟრიალებს...
მე თუ გავხდი მისი ღირსი,
აჰა, სიტყვა ჩემებური:

― აი, ჩემი საცხოვრისი,
აქა ცხვება ჩემი პური
აქ, მტკვრის შხეფმა მე ყრმა მკოცნა,
ამ ქალაქმა მზარდა მგოსნად...

თუ მიხსენებ ― პირში ვარდი!
მიხსენე და... გისვამ სულში
თითქოს თაფლში გადავარდი,
არა, თაფლის შუაგულში!

ოცნებასებრ უკვდავია
შარავანდი ვარდ-ნათელი,
სიხარულით მსუნთქავია,
სიყვარულის დამნათვლელი

ხან მარჯნის ხვავს იხვეტება,
ხან იხურავს მთვარის მანდილს;
ოქროსფერად იხედება,
ელვასავით დარდიმანდი...

აბა ერთი მე წამართვით,
თბილისი და მისი ფერი,
მე დავრჩები მხოლოდ ჭვარტლი,
ჭია, მტვერი, არაფერი...

შენი ლხინით და ყიჟინით,
შეირხევა ცაში მთვარე,
მზეც დამთვრალა შენი ღვინით,
შენი ეშხის მეჯუფთარე,

მკერდი სხივით დამილურსმე,
შენს შუქურშუქს სად გავექცე?
შენს ვარსკვლავთა ჭახჭახს ვუსმენ,
შენი ციდან ვიწერ ლექსებს.

მე შინ შესვლა აღარ მინდა,
თბილისის ცავ, ისეთი ხარ,
გესმის, ყველამ ხმა გაკმინდა,
მღერის შენი ქვაც და თიხაც!

შენი ერთ შემოხედვა,
ათი-ათას სევდას ჰკარგავს,
ხოხბის ბინავ, ოქრომკედავ,
ყელიც მისებრ მოგიქარგავს!

ლამაზი ხარ თამარივით,
კაცს დამართავ ელეთ-მელეთს,
შენი პური და მარილი,
შენი აზრი გასწვდა ხმელეთს.

შენი ეშხი უხილავი
ვის და რომელს არ ახსოვდეს?
მომღერალი სულ იყავი,
მომტირალი ― არასოდეს!

შემოგხარი დღე ცისმარი ―
აივნიანს, ხეივნიანს,
შენს ჭადრებთან პაემანი
მუდამდღე აქვს კოჯრის ნიავს,

მზისფერ უნაბს, ვარდის რტოებს,
ვაზს სვეტებზე გადმოფენილს,―
ჩემს ტკბილ ყრმობას მივატოლებ,
ჩემს ლექსს, შენი შუქით ფერილს.

შენს ქუჩებში მე დავეძებ
შოთას აჩრდილს ვეფხურ ხალით,
შემომესმის, როგორ მღერის
ყველა შენი მომღერალი,

და შენს ბესიკს, ძველებურად
თუ ედება ცეცხლის ალი,
ჩვენც, თბილისო, გვატორტმანებს
შენი ეშხის ქარიშხალი!

ვისი გული გატყდა გრდემლით,
ანუ სულით ვინ დაემხო?
ვინ ჩამოქნა ერის ცრემლი,
ნუთუ ცრემლი ერს არ ეყო?

მოიხსენე, სულით, ხორცით, ―
უსახელო, სასახელო,
ვინც გაგშორდა ჩუმი კოცნით:
― თქვენ მშვიდობით, ქვანო, ხენო!

და თვით ისიც, განწირული,
რომ იბრძოდა სული-მწარეთ:
― მთებო, მთებო, მოირღვენით
თავს დაგვეცით და დაგვფარეთ!

სატანაც და ანგელოზიც
ჩვენ გვებრძოდენ ორივენი,
ბავშვთა კალოს თემურლენგი
აქ ლეწავდა ოროველით...

ვინ, ვინ იტყვის შენს დიდ გარჯას,
რომ თან გული არ დასწოდეს ? ―
შენ იცნობდი მრავალ ტანჯვას, ―
მაგრამ სირცხვილს, ― არასოდეს!..

შენი ძნელი და შავი დღე
ბრძოლით ვიღას არ აანთებს ?
თავ-მოკვეთილ სარდლებს ჰკითხე,
მკერდ-გაფატრულ გოლიათებს!

შეგინებულ ქალწულ-დედებს,
ბიჭებს ქოჩორსისხლიანებს, ―
თუ სიცოცხლე შენსა გამო,
როგორ დავინისლიანეთ.

განა მარტო არაგველნო,
თბილისს სისხლად იახელით? ―
რიონელნო, იორელნო,
ალაზნელნო, ლიახველნო,

ჭოროხელნო, ბერდუჯელნო,
ტეხურელნო, ენგურელნო,
მტკვრელნო, ―
მტერთა მუშტის მკვრელნო! ―

თქვენ თბილისის უკვდავ ძარღვში
სისხლმდინარედ ჩაიარეთ,
თქვენ დაიფქვით მის წისქვილში,
უკვდავება დაივალეთ.

თუ წინაპართ ბაირაღი
გაცვდა, მცნება არ გავწიროთ,
საქართველოს ზეცის თაღი
არ ყოფილა უარწივოდ


რამდენ მტერმა დაუმიზნა,
თბილისს შუბი, ისარ-ტყვია,
ვერ გახადა მონად, ხიზნად,―
ამირანის ნაკურთხია!

არც ერთი დღით, არც ერთ წამით
არ ყოფილა იგი მკვდარი.
იდგა სწორედ, ვით ლერწამი
ვით ფოლადის ალამდარი;

როგორც ვეფხვი და არწივი
უკანასკნელ თავგანწირვით. ―
იბრძოდა და არ ეცალა
რომ ეთვალა ჭრილობები,

ბევრჯერ ბედი დაეცარა...
იობივით ჭირმომთმენი
იჯდა მტვერში ათას წყლულით,
თითქოს ბედი დარაზოდეს,

ასჯერ იყო აკუწული,
გასრესილი ― არასოდეს!
გინახიათ ღამე ტყეში,
ქარიშხალი, სეტყვა, თქეში, ―

წვიმა, დელგმა, თავსხმა, რეში?...
დილაზე კი... მოციმციმე
დაწყნარებულ სხივთაბრწყენა
ისე თბილისს მოზეიმეს,

არც კი ახსოვს ძველი წყენა!
ცეცხლის სულით, კაჟის გულით,
არ უკრთოდა ქარაშოტებს,
ბევრჯერ იყო გულმოკლული,

მაგრამ მკვდარი, ― არასოდეს!
მიხარიან, რომ სამშობლო
თვალს უსწორებს, მძლედ უყურებს,
დიდ მიზნების,

დიდ ბრძოლების,
დიდ საქმეთა საუკუნეს!
და მეც მისკენ ვიხედები,
ავამღერებ, რაც მან ბრძანა, ―
ჩვენ სუყველა იმედები

გაზაფხულმა აგვიმწვანა!
მხოლოდ მისი ნებადართვით
შევაზღვავეთ მარგალიტი,
რუსთავს ჰყვავის რკინის ვარდი,

სამგორში მწიფს მტევან-დიდი;
ზოგმა შრომა დაწერა ქვით,
ზოგმა წარსთქვა ხილთა ქება,
მღერის ცული და წერაქვი.

მტკვარი ცეცხლით იდაგება!
აზრი გუშინ უზიდველი,
დღეს სინათლის ჩქერად ღვივის,
ოცნებაა გუშინდელი,

ხარაჩოდან რაც გვიღიმის...
დღეს, თბილისის კარიბჭესთან,
მე ვარ ლექსით მასპინძელი,
შემობრძანდით, ყველა ხესთან

გაშლილია სუფრა გრძელი!
მოდით ძმებო, მარნის კარი
ძველებურად კვლავ ჭრიალებს,
ძმობის ღვინო გადაჰკარით,

ყელი ჩაიმაჭრიანეთ!
მოდით, ვიყვნეთ გადაბმულნი,
ვით ფესვები ამ ვაზების, ―
ერთ სიტკბოთი დათაფლულნი

საქართველოს ავაზნების!
მოგწონთ განა, მოგწონთ ძლიერ,
საქართველოს ბაღთა ფერი?
უკვდავების სუნთქვით ― ვძლიეთ

მტერს და ნაცარს, განა ხელით.
მიყვარს ჩვენი მწვერვალები,
ნაბინდარი, სახავერდო,
ჩვენ ზედ ასვლა გვევალება,

რომ ზემოდან გადავხედოთ, ―
სიამაყით მთელ მსოფლიოს,
ჩვენს სიმართლეს,
ჩვენს გზას გავლილს,

გზას სისხლიანს და ოფლიანს
გზას ნაცრიანს
ხანძრის ნავლით.
ბევრი ტყვია გვისროლია.

მამულის კარს ვკეტდით მკერდით,
დე, იცოდეს, ისტორიამ
საამაყო გვქონდა ბედი!
რომ არასდროს არ გვეძინა,

რომ ვიყავით ფეხზე მდგარი, ―
რომ ვიდექით მუდამ წინა,
ბევრი ვწურეთ სისხლის მტკვარი!
ამას გვეტყვის ჩვენ თბილისიც, ―

ქართლის სულის ალამდარი.
მით მტარვალამა ვეღარ გვთელოს,
რაგინდ ბადეს არა ჰქსოვდეს,
დაჩოქილი საქართველო

არ იქნება არასოდეს!
თუ ასხია ვარდი ვარსკვლავს,
რა შეებას ჩემს ლექსს მაშინ?
მე გულში მზეს გავინასკვავ,

მე ჩავისხამ ოქროს ხმაში,
მე სუნთქვა ვარ დღეის დილის,
და ეს ლექსი ― ფიცად დავდე, ―
გზა ხანძრების, გზა სიკვდილის,

წყვდიადის გზა გაგვითავდეს!
შენც თბილისო, ოქრო სჭედე
ძველი სევდა მოირეცხე,
ბინად ექმენ მუდამ მტრედებს,

მუდამ ჭერი მიე მერცხლებს!
გაიჟღინთე მზის ნაჟურით,
სურნელით, და ვარდის წვენით,
უკვდავებას მინაშური, ―

მუდამ დედა იყავ ჩვენი!
მუდამ სახლი იყავ ჩვენი!
სიცოცხლე და სილამაზე, ―
საქართველოს გადამრჩენი!...

მინდა შენი წელთაღრიცხვა
კიდევ ბევრჯერ ათასობდეს,
ასე სავსე და ლამაზი,
არ ყოფილხარ არასოდეს!

რესურსები ინტერნეტში

edit