თებერას დანიშნული

თებერას დანიშნული
ავტორი: ვასილ ბარნოვი



1 ერთი საწყალი მეღორე იყო თებერა, ობოლი ბიჭი, სხვის მოჯამაგირე, მაგრამ სოფლის გოგო-ბიჭებს ისე გვიხაროდა იმისი მოსვლა, თითქო უფროსი ძმა ყოფილიყოს ჩვენი, მოსიყვარულე და კეთილისმყოფელი. ხშირად არ დახედავდა თებერა ჩვენ სოფელს: ერთხელ-ორჯელ ზამთრობით შემოჰრეკავდა ღორს რამდენისამე დღით და მიატარ-მოატარებდა კარ-მიდამოზე თუ კალო-საბძელთან; ან ხევს ააყოლებ-ჩააყოლებდა, სადაც ღორი ძირხვენისა თუ სხვა ბალახის ძირსა სთხრიდა და იკვებებოდა. ღამე ღორს გომურში გამოამწყვდევდა და თითონ ოდაში მოუჯდებოდა ცეცხლს. თებერას მეპატრონე ჩვენ სოფელში არა ცხოვრობდა, მაგრამ იქაცა ჰქონდა მამული და სახლკარი. თითონ თებერა ჩვენი მეზობელი იყო და ბატონ ნუგზარს ემსახურებოდა სხვა სოფელში. გაზაფხულზე და ზაფხულში თებერა სრულებით მიეფარებოდა ჩვენ თვალიდან, მაგრამ რაკი ყანები მოიმკებოდა და ჭირნახული კალოებზე გადაიზიდებოდა. უსათუოდ გაჩნდებოდა ის ჩვენი სოფლის მინდვრებში ჩვენდა სასიხარულოდ. ღორი ნამჯაში დაუდიოდა, ჩარჩენილი თავთავით თუ ჩაბნეული მარცვლით ჰკვებავდა. - ბიჭო, ეხლა-კი, სადაც არის, გამოჩნდება ჩვენი თებერა. - რა იცი, კაცო, ვინ გითხრა? - რა თქმა მინდა? აბა გახედე მინდვრებს, ათეული აღარსად სჩანს, მთლად მოწმენდილია; ამ დროს მორეკავს ხოლმე თებერა ღორს. - მერე რამდენი თავთავი და მარცვალი ჰყრია ნამკალ-ნათიბში! - მართლა და შარშანაც ამ დროს ედგა თებერას ღორი ჩვენ მინდვრებში. - არა, ბიჭო, შარშან უფრო ადრე მორეკა, შიგადაშიგ ათეულები ისევ იდგა. გახსოვს, ტახი რომ გაუღორდა და ძალზე იწევდა ათეულისაკენ? ვეღარც გაჯავრებამ გასჭრა, აღარც ცემამ იმოქმედა. ჯიუტად იწევდა ძნისაკენ. - მერე-კი, ღვთის წყალობა გაქვს, კარგი ხერხი იხმარა თებერამ: დასტაცა ტახს ხელი უკანა ფეხებში, ერთი მოქნევით მოიკიდა ზურგზე და კოლტშივე გადაისროლა გაჯიუტებული. - ძალიან ღონიერი ბიჭი კი არის თებერა! ჭიდაობა რომ იცოდეს: მუხათელ ჯუნასაც გაუმკლავდებოდა. და გავაბამდით საუბარს თებერაზე, გატაცებული ვლაპარაკობდით ამ ჩვენ შეუდარებელ მეგობარზე. ისეთის სიამოვნებით მოველოდით მას სოფლის ბალღები, თითქო დიდი რამ სიკეთე უნდა მოეტანა ჩვენთვის, ან ნათელი უნდა მოეფინა ბჭყვრიალა ჩვენ ერთგვარ, ბუნდ და უფერულ ცხოვრებისათვის. 2 მართლა კარგი ბიჭი იყო თებერა და ჩვენთვის დაუფასებელი. ბუნებით კეთილი, გულჩვილი, მუდამ მოღიმარე. გაჯავრება სრულებით არ იცოდა. ვუყვარდით ბალღები. სოფელში რომ მოვიდოდა უთუოდ რასმე მოგვიტანდა: სათითაო შვილდს, ისრებს, ქორის ფრთებს ისრებისათვის, სალამურებს, ჯოხებს თუ კომბლებს, ჭრელ-ჭრელ ქვებს და ყოველსავე საიშვიათოს, რასაც-კი მოჰხელავდა ტყეში ან ველში, მთაში თუ მდინარის პირას. ამისთანა კარგ რამეებს ყველას ჩვენთვის შეაგროვებდა, დაამზადებდა და მოგვართმევდა საჩუქრად. თითონაც დიდ სიხარულსა ჰგრძნობდა თუ ჩვენ გაგვახარებდა. ამისთვისაც მისი მოსვლა ჩვენთვის დღესასწაული იყო და მხიარულება. ღორს ნუგზარისავე გომურში აბინავებდა. გომურის წინა ნაწილი გადაფიცრული იყო. აქ მიწის იატაკი უფრო მაღალი იყო: მიწა დაეყარნათ. გაემაღლებინათ და რომ არ გადაშანშლილიყო, გარს ფიცრები შემოეწყოთ, დაემაგრებინაო. გომურის ამ ნაწილში ბუხარიც იყო. გარშემო მორები ეწყო ჩამოსასხდომად. ჭერში ყველგან გახირული კომბლები, კავები, ორთითები, - ყველა ეს თებერას ნაწარმოები. გარს ტყე ერტყა სოფელს, თებერა მარჯვე თვალისა და ხელის პატრონი ბიჭი იყო და აბა ისე როგორ გაუვლიდა ახლო რამე იარაღისათვის ან საციქვლისათვის გამოსადეგ ხეს, რომ არ მოეჭრა და არ გამოეყენებინა?! ამას ყველაფერს თებერა დიდ განძადა სთვლიდა, იმ სანატრელ დროისათვის გამოსადეგ საუნჯედ, როცა ღმერთი უშველიდა მას და საკუთარ ოჯახს გაიჩენდა თავის აწ თავმინებებულ და გაოხრებულ ქოხში; ჩამქრალ კერას ისევ გააჩაღებდა, სოფელში მეკომურადვე ჩაითვლებოდა. მაშინ მისი საკომიდან ამონადენი კვამლი პირდაპირ წავიდოდა ზეცისაკენ, აბელის მსხვერპლის ბოლივით თავმომწონედ! ვაჰ, რომ შესაფერი ხელსაწყო არა ჰქონდა ხელმარჯვე თებერას, თორემ ფიწლისა და ნიჩბის გამოჭრასაც შესძლებდა, არნადისა თუ კაბდოს გათლასაც მოახერხებდა. შვილდებს კი ხანჯლით გვიკეთებდა, ისრებს დანით გამოგვიჭრიდა. - ეჰ, ბიჭო, ერთი ნაჯახი რომ მქონდეს და საჭრეთელი, რამდენ რასმე გავაკეთებდი ტყეში. აბა ხანჯლით თუ დანით რა უნდა მოვსჭრა, ან რა უნდა გავთალო! - იტყოდა გულნატკენი თებერა. როცა ზამთრობით, მორეკავდა ღორს თებერა, ჩვენი სიხარული მაშინ იწყებოდა, ბუნების სისასტიკე ნებას არ გვაძლევდა ჩვენებურად გვექროლნა აღმა თუ ჩაღმა, ცხვირებ ჩამოშვებულნი ვისხედით სახლში და თებერას მოსვლა დღესასწაულის დადგომა იყო ჩვენთვის. რაკი დააწყნარებდა ბიჭი თავის საქონელს, აანთებდა ცეცხლს ბუხარში და ჩვენც შემოუსხდებოდით გარშემო. ახლა ჩვენთვის მოიცლიდა თებერა. რას არ გვიამბობდა! ტყისა თუ ველის ამბავს, მთისა თუ მდინარის ცხოვრებას, ფრინველისა თუ ნადირის ნამოქმედარს, წყლისა თუ მასში მოციმციმე მნათობთა დანაბარებს; ჩიტების მოფრენას ან წასვლას; მწერთა თუ ქვემძრომთა გულისთქმას. გვეტყოდა დათვის მოუხეშავ ძლიერებაზე, გაუმაძღარ მგლის ოინებზე და მათთან ალმასას თუ ტუგიას ბრძოლაზე. გრძნეული იყო თებერა: ცხოველის საუბარიც ესმოდა, ფრინველთა ენაც, წყლისა თუ ტყის ჩხრიალ-შრიალიც შეგნებული ჰქონდა. ხევებში და ჭაობებში მცხოვრები ფერიებიც ენახა თებერას და მათი საკვირველი ხმა და სტვენა-სიმღერა გაეგონა. მერე როგორი რწმენით მოგვითხრობდა ყველა ამას, როგორი ცოდნით! არც საკვირველია: მთელ თავის სიცოცხლეს მათთან ერთად ატარებდა ბუნების კალთაზე, იმათში იყო გართული. იმათი ნაწილი იყო და კერძი; ისე იყო მათთან დაშინაურებული, როგორც თავისიანებთან და თავის ტოლ-სწორთან. 3 - ხომ იცით, ბალღებო, სად მიყენია ღორი ღამე, როცა ტყეში დამიდის წიფელზე შემოდგომობით? რამდენჯერ მითქვამს თქვენთვის! ტყე რომ თავდება, რამდენიმე მანძილი მარტო თხილიანი მოსდევს ხევს და ბუწკნარი. მერე ხევი ერთ ალაგას განიერდება, მოზდილ ტაფობად გარდაიქმნება და ეს ადგილი ისევ აყრილი ტყით არის შემოსილი. აქ ერთ ალაგას წყარო ამოდის წიფლის ძირას. ამ წყაროს წყალიც და ხევის წყალიც მოფანტულია ტაფობში. დედამიწა მთლად გაჟღენთილია წყლით, ჭაობად არის გადაქცეული. ჭყანტობი დაფენილია ლელით, ბუერით, ჯორის-კუდათი. სტვირებისათვის ლერწამს აქ მოგიჭრით ხოლმე. იქა გვაქვს ალაჩოყები გაკეთებული და ღამღამობით იქ მივერეკებით საქონელს. მოხერხებული ადგილია: დიდი არ არის და ადვილი დასათვალიერებელია, ნამდვილ დიდ ტყიდანაც მოწყვეტილი. მივალთ თუ არა ბინაზე, ძაღლები მაშინვე დაურბენენ მთელ ამ ადგილს და მგელს ან დათვს-კი არა, ძირს კურდღელს და მაღლა ციყვს არ დასტოვებენ შეუყეფავად. ალაჩოყები ტყის მხარესა გვაქვს გამართული, რომ ხევ-ხევ ნადირი არ მოგვეპაროს. ღორისთვის გაკაფულ-გაწმენდილი ადგილი, გარშემო ჯაგ-ჯუგით შემოფარგლული. - თებერავ! წაგვიყვანე იქ: არც ხომ ისე შორს არის ის ადგილი? - კარგი, წაგიყვანთ! იცით, როდისა სჯობია თქვენთვის იქ წამოსვლა? თხილი რომ მოიწევა, მაშინ. - ჰო და, ბიჭო, შარშან ზაფხულს, ღვთის წყალობა გაქვთ, მე იქ შიში ვჭამე! ძალიან ცხელი დღე დადგა, ტყეც კი ვეღარ გვიფარავდა სიცხისაგან, ღამეც სიცხის ბუღი იდგა, სიო არსაით იძროდა. სიცხისაგან ჭაობი სულ ბუყბუყებდა, ბუშტებს ისროდა, შამბს ანძრევდა. უმთვარო ღამე იყო და თოფი მზად მეჭირა. მიმძინებოდა თოფით ხელში. შუა ღამე იქნებოდა, რომ ამ ბნელ ღამეში უცნაურმა სინათლემ გამომაღვიძა. შევხედე, ციაგი რამ ნათელი დაჰფენოდა მთელ ჭანჭრობს. გამიკვირდა, რომ დავაშტერდი, შევნიშნე, ალაგ-ალაგს ცრიატი ალი ამოჩენილიყო, ნელ-ნელა ირყევ-ირხეოდა, მოლურჯოდ ციმციმებდა, წინწანაქარი ხომ აგინთიათ თითზე? ჰო და სწორედ იმგვარი ნათელი იყო. ის მაღალი და წვრილად ასული ნათლის სვეტები იძროდნენ, ირხეოდნენ, მიდი-მოდიოდნენ, გადაეხვეოდნენ ერთმანეთს, ისევ გაიყრებოდნენ, გამიკვირდა, ძალიანაც შევფიქრიანდი, რომ ჩავაკვირდი; ალის ყველა სვეტში ქალის სახე მოჩანდა. თმაგაშლილი ქალები იყვნენ ისინი და ანათებდნენ იქაურობას. ფერი მეცვალა: მივხვდი, რომ ალქაჯები იყვნენ! პირჯვარი გადავისახე, "ჩვენთან არს ღმერთი", ვთქვი, მაგრამ არ გაჰქრნენ ი წყეულები. ზოგმა ჩემსკენა ჰქნა პირი. ერთი დაწინაურდა, ჩემკენ წამოვიდა, მე თოფი მოვიმარჯვე აცახცახებული ხელით, მაგრამ აღარ დავცალე: ვიცოდი, ალქაჯს ტყვია ვერაფერს დააკლებდა. - სწორედ ალქაჯები გინახავს! აბა თოფი რას ავნებდა თითონ მავნეებს და შეჩვენებულებს? - ჯვარი უნდა გეჩვენებინა, ბიჭო, და მაშინ გაქრებოდნენ. - ჰაი, თუ მქონოდა ყელზე ჯვარი, კი ვაჩვენებდი, მაგრამ სად იყო დალოცვილი? აი ეს ეხლაღა ვიყიდე მეწვრიმანისაგან, - სთქვა თებერამ და გვიჩვენა ყელზე ჩამოკიდებული სიწმიდე. გვიამბობდა თებერა ამისთანა საკვირველებას და თმა ყალყზე გვიდგებოდა მსმენელთ, შიშის ჟრუანტელი გვივლიდა. გოგოები ხომ ვერხვის ფოთოლივით თრთოდნენ და გაფითრებულნი ეკროდნენ ერთმანეთს. მეტადრე შეშინებულიყო გზირიაანთ ეონა. ისეც ფერმიხდილ გოგოს მთლად ნაცრის ფერი დასდებოდა სახეზე. თვალები უელავ-უბრწყინავდა. ისეც ჯალჯივით თმა აბურძგნოდა. თებერა როგორღაც დაჟინებით ჩააკვირდა ეონას. - იცით, ბიჭებო? ჩემკენ რომ ალქაჯი მოდიოდა, სწორედ ესეთი გაფითრებული სახე ჰქონდა და ესეთი თვალები, როგორც აი ეონას. თმაც ესეთივე ჰქონდა გაშლილ-გაბურძგვნილი! - სთქვა განცვიფრებულმა ბიჭმა და ეონას კრძალვით თმაზე ხელი შეახო. მივიხედეთ იმისკენ. გოგოს მთლად დაჰკარგოდა ფერი, სისხლის ნასახი აღარ ეტყობოდა სახეზე. თვალები დაჰგანიერებოდა შეშინებულს; შუქი რამ ციაგი გამოჰკრთოდა მის თვალებიდან. - სწორედ ეონასა ჰგვანდა ის ალქაჯი, მაშინ რომ მეჩვენა! - გაიმეორა ჩაფიქრებუმა თებერამ და ისევ განცვიფრებული დააკვირდა შემკრთალ-შეძრწუნებულ გოგონას. ამის შემდეგ აღარც მიეფარა ეონას სახე თებერას გონების თვალიდან. წაუშლელი დაღივით ამოიწვა მისი სახე ვაჟის გონებაში. - მერე კაცო, მერე? - მერე და მოდიოდა ჩემკენ ის ალქაჯი და მიზიდამდა მიძახოდა: მოდი ნუ გეშანიან, ჩემი ხარ, ჩემიო. ისეთი ტკბილად მეჩვენა მისი ხმა, როგორც სალამურის სტვენა; მისმა ძახილმა რბილად დამიარა ტანში და გამათბო; მთლად მიმიზიდა იმისმა ღიმილმა. უნებლიეთ წავედი მისკენ. ვიცოდი, ხელს მომხვევდა და დამღუპავდა; მაინც მისკენ მივდიოდი: მიამებოდა და მივიწევდი. უეცრად გაისმა თოფის გრიალი და ძაღლების ყეფა. შევკრთი, ბურანს გამოვერკვიე. ალქაჯი გაჰქრა. ზედ ფლატის პირად ვიდექი. სხვა მეღორესაც შეენიშნა ალქაჯები და შეშინებულს თოფი დაეცალნა. 4 გზირის გერი იყო ეონა, მის მეორე ცოლს მოჰყვა თან. რაც თავი შემესწავლა, სულ გზირობაში მენახა კაკლუა. არა სცვლიდნენ: უკეთეს გზირს ვერც იშოვნიდნენ. საშინელი ავღანი ადამიანი იყო ის გზირი, მისი ყვირილი სოფლის თავიდან ბოლოში გაისმოდა; ყოველთვის ხმამაღლა ლაპარაკობდა, ომახიანად. სიტყვას თავისებურად ადასტურებდა, თავისგან შეთხზილ-შემუშავებულ გინებით; ნათქვამს სახრის წვერით ჰბეჭდავდა და ამტკიცებდა. სახრე განუყრელი თანამგზავრი იყო კაკლუასი, ყოველთვის მასთან მყოფი, მის იღლიაში თავ-შეფარებულ-ჩათბუნებული. რომ იტყოდა და ნათქვამს განმარტავდა, თან მარჯვედ და ხელოვნურად აათამაშებდა გველივით მოქნილ იფნს, ეშხიანად ჰზნექავდა მას წელში, გამოცდილი ხელით უმარჯვებდა მობაასეს, თუნდ მასთან მეგობრულად მოლაპარაკეს. შეჩვეული ჰქონდა მარჯვენა! თანამდებობის ასრულების დროს უთვალავჯერ ეცადნა ურჩის ზურგზე იგი სახრე, ბევრსა ჰქონდა ნაწვნევი იმ სახრის სილბო, სიმარჯვე, სიკისკასე და გამჭრიახობა. გზირობას ოჯახიდან გაექსუვებინა კაკლუა, ბეჯითად მუშაობაზე ხელი აეღებინებინა; შესჩვევოდა კაცი მუშაობის გაწყვეტას უდროვო დროს და უადგილო ადგილას, მთლად მის თავმინებებასაც. მოუვიდოდა ბრძანება, ისიც აიჩრიდა იღლიაში სახრეს და დაწანწალებდა კარის-კარს თავის სოფელში თუ ხევგაღმა მეორე სოფელში, რომელიც მისსავე საბრძანებელს შეადგენდა. ბოლოს მთლად შეექვსა კაკლუა საქმის ხელიდან დაგდებას; ხშირად თავს ანებებდა თვით გასაჭირ საკეთსაც და გადაერგოდა რომელსამე უბანში, თუნდაც არავის დაეძახნა მისთვის, არც არავითარი საგზირო საქმე ყოფილიყო სოფელში. თუ შინაური ვინმე გაუბედავდა რასმე, ღრიანცელს მორთავდა საშინელს, ერთ აურ-ზაურს ასტეხდა. პირველი ცოლის დროს მის სიტყვას ოჯახში მაინცდამაინც დიდი ფასი არა პქონდა, არც გასავალი; მისი ანჯახი თქმა, თუნდ ძახილი უბრალო რყევა იყო ჰაერისა და გუგუნი. მარჯვე მეუღლე არაფერში არ ჩამოუვარდებოდა ქმარს და არამც თუ უსწორებდა უღელს, წინაც იწევდა: თოქმა, ორმაგი, ძვალმსხვილი, თვალებ წამოკაკლული, მარად ჟამს აზეზილ-ატკრეცილი მარინე შიშისა და მორჩილებისათვის არ იყო გაჩენილი. ოჯახს ჯარასავით ატრიალებდა თავის ღონიერი მკლავით და ქმარიც ისევე ასდევ-ჩასდევდა მის ჯარის ტრიალს, როგორც სხვა ყველა მის სახლში. მაგრამ რადგან სიკვდილი თვით მარინეზედაც ძლიერი გამოდგა და დაამკვიდრა იგი წიაღთა შინა სარრაიასა თუ რებეკასი, ხოლო კაკლუამ მეორე ცოლი მოიყვანა, გზირის ანჯახობამ ოჯახში ფართოდ განმარტა ფრთები. ახალმა ცოლმა სიტყვის შებრუნება ვერც გაბედა, ვერც შესძლო. თხელი ქალი, სუსტი, მოკრთალებული ვერ შეჰმართავდა ორ სოფელთან ბრძოლაში გამოცდილ-გამოჯეკილ ვაჟკაცს. ენაც მოკლე უნდა ჰქონოდა. ჯერ მადლობელი უნდა ყოფილიყო ახალი ქმრისა, რომ ახალგაზრდა ქალი იხსნა ქვრივ-ოხრობისაგან, გარდა ამისა ქალი მოჰყვა თან და ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რომ მამინაცვალს ავი თვალით არ შეეხედნა გერისათვის, არ აეძულნა ის და არ გაემწარებინა მისი სიცოცხლე. შრომობდა დედაკაცი ახალ ოჯახში, თავჩაღუნული მუშაობდა, არაფერ საქმეს არ ერიდებოდა, სრულებით არ ზოგავდა თავის სუსტ ძალ-ღონეს. ქმარმა ისარგებლა ამ გარემოებით და ნელ-ნელა აეშვა საქმეებიდან, მთლადაც გამოეშვა საოჯახო მძიმე უღლიდან. კაკლუას გერი ეონაც უსარგებლო არ იყო ოჯახისათვის. არც მეტი ბარგი. დედასავით თხელი და ჩია გოგო დედასავით ხათრიანი იყო და გამრჯელი. მართალია, მძიმე საქმეს ვერ ებრძოდა, მაგრამ წვრიმანი საქმე ძალიანაც ეხალისებოდა, კიდეც ემარჯვებოდა ყაისნაღი ხომ მისი საყვარელი იარაღი იყო. მძიმე საქმეს იმისთვის ვერ ებრძოდა, ჯანი არ მოსდევდა ბეჩავს. ამაზე ჯავრობდა მისი მამინაცვალი, დედასაც და შვილსაც აყვედრიდა, სუსტები ხართ, ცალპირად ნაქსოვები და საგლეხო საქმის შეუფერებელნიო. ერთი კიდევ იმაზე უჯავრდებოდა კაკლუა თავის გერს, რომ გოგოს არ შეეძლო ფეხშიშველა სიარული. კაბა-თავსახური რომ დაბდღვნილი ჰქონდა და დაკონკებული, ფეხთ უთუოდ უნდა სცმოდა ჩუსტი თუ მესტი და ყელიანი წინდები. - აზნაურის ქალი ბრძანდები და როდი გეკადრება ფეხშიშველა რბენა! - აყვედრიდა მამინაცვალი, რადგანაც ეონას მამა, საიდანღაც გადმოვარდნილი კაცი, აზნაურობის მაძიებელს ეძახდა თავის თავს და საბუთის ქაღალდები მარად ჯიბით დაჰქონდა. ჭკვიანი გოგონა კი იყო ეონა, მიხვედრილი; წიგნსაც კითხულობდა ჩათვლით; ზღაპრები და ამბები პურსა და წყალს ერჩივნა. მაგრამ ერთი ცუდი ზნე სჭირდა: უდროვო დროს იცოდა გაშტერება. ცოცხით ხელში, ან სურაწამოკიდებული მიაჩერდებოდა რასმე დედამიწაზე თუ ჰაერში, იდგა გარინდებული, თვალებდაკარგული, შესტრფოდა რაღაც ჭრელ ხილვას, სანამ ვინმე არ შეუტევდა და არ გამოარკვევდა ოცნებიდან. ამაზე ფიცხდებოდა ეონას მამინაცვალი და ცეცხლდებოდა; ამაზევე დავცინოდით ეონას ყველანი, თორემ სხვად გვიყვარდა ის და უფრთხილდებოდით თამაშობის დროს, თუ საერთო მუშაობაში. სუსტი იყო და მაშ რა უნდა გვექნა? ეს ეონა იყო, თებერამ რომ ფერიას მიამსგავსა და ასე უეცრად შეაკრთო და გააოცა. 5 უჯიშო კაცი უდროვო დროს გიღალატებს და უადგილო ადგილს! სწორედ უჯილაგო ადამიანი გამოდგა ჩვენი მოჯამაგირე გელა: მარჯვე და ხალისიანი არას დროს არ ყოფილა, არც კეთილი. მაგრამ რაკი ზაფხულის სიცხემ დააჭირა და სამუშაო გახშირდა, ტვინი მთლად აემღვრა, გაავკაცდა, გაბოროტდა. აღარც საქონელს ინდობდა, აღარც სამუშაო იარაღს თუ მოწყობილებას; ბუზღუნებდა, ქვეშ-ქვეშ გამოიყურებოდა, საქმეს უგულოდ ეკიდებოდა, შანშლამდა. - ჩვენი მოჯამაგირე ღალატს აპირებს ამ გაჭირვების დროს: ან გასვლა უნდა ჩვენგან, ან ჯამაგირის მომატება ჰსურს, - სთქვა მამამ და კალმუხის ქუდით შუბლი მოიწმინდა. - გაგვტანჯა მაგ უჟმურმა ბოლო დროს! წყურვილით რომ ვიხრჩობოდეთ, კოკით წყალზე ვერ გაგვიგზავნია, მთელი საქმე მოახლეს აწევს თავს. დავითხოვოთ! - გადასჭრა დედამ. - აბა მკისა და კალოობის დროს ვიღა ვიშოვოთ, რომ ეგ დავითხოვო? შემოდგომაზე, ღვთის წყალობა გაქვს, ბევრიც შემოგვეხვეწება, მაგრამ ეხლა ძნელია. ეჰ, მაინც ხეირი აღარ გამოვა ეხლა მაგისგან! ნეტა მეკალოვეს ვიშოვნიდე ვისმე. ამ ლაპარაკში იყვნენ ჩვენები, რომ ძაღლის ყეფა მოგვესმა და ვიღაცამ დაგვიძახა: - სტუმარი არ გინდათ? - მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა! - მიუგო მამამ. გავედით დერეფანში. წვრილფეხობაც თან გამოგვყვა. კარებში თებერა იდგა, გუდა-ნაბად აკიდებული, ჩომბახით ხელში. გაგვეხარდა. შემოვიწვიეთ. დავსვით, მოვიკითხეთ. მოგვიკითხა. გამოვკითხეთ ამბავი. ყავლი გასთავებოდა მეპატრონესთან და აღარ .მოესურვა მასთან მოჯამაგირობა. თებერა ადრიდანვე იმის ნატვრაში იყო, თავისი აოხრებული და ჩაჩუმებული კარ-მიდამო ისევ აღედგინა და აეხმაურებინა, კარგამოკეტილი სახლი საცხოვრებელ ბინადვე გარდაექმნა, ოჯახი გაეცოცხლებინა, კერის ანგელოზი გაეღვიძებინა და ისე პატიოსნად განეგრძო მეკომურობა, როგორც პატიოსნად ეცხოვრნა მის მამა-პაპას. ეხლა ბიჭმა უკვე თავზე ხელი მოისვა: დავაჟკაცებული ახალგაზრდაა და თავისით ცხოვრებაც შეუძლიან. რაღა საჭიროა სხვის კარს მოჯამაგირობა? ობოლ-ოხრობაში დახშულ სახლის კარს გააღებს, ბახჩას შეღობავს და შეამუშავებს, თავის ნაჭერ მიწას როგორმე მოხნავს, იშრომებს დაუზარებლივ და ღმერთი უშველის. რასაკვირველია, პირდაპირ სახლში ცხოვრებას და მეკომურობის გაჩაღებას ჯერ ვერ შესძლებს, რადგან ოჯახს ახლად მოწყობა უნდა, ხოლო მოწყობას ბევრი საფანელი. თავის სახლში ბინის დადება-კი შეუძლიან. ჯანს გარჯის, დღიურად იმუშავებს და საზრდო გამოულეველი ექნება. თანაც თავის სახლს მიხედავს საღამ-საღამოობით თუ კვირა - უქმეებში, გასასწორებელს გაასწორებს, გასამართს გამართავს, ჩამოქცეულს შეაკეთებს და ყველაფერს კეთილად წარმართავს. დასასვენებლად არ დაანება მოჯამაგირეობას თავი, ან საზარმაცოდ! ეხლა უფრო მეტს გარჯის ჯანს და მეტს იშრომებს. მაშ რა ექმნა ახალგაზრდას, როდესაც გულმა ვეღარ გაუძლო სხვაგან, როდესაც სულ მამა-პაპის კერისაკენ იწევდა? სხვა ძალაც იზიდავდა ეხლა თებერას თავის სოფლისკენ: იქ ეგულებოდა თავისი ალქაჯი, თავის სურვილთა ჯერ გადუფურჩქვნელი კოკორი. ეს ანდამატებრივი ძალა იზიდავდა მას, თუმცა ჯერ თვით მისთვისაც გამოურკვეველი იყო და საიდუმლოებით მოცული. - ჭკვიანი ბიჭი ხარ, კარგად გიფიქრია! ნიადაგ ძვირფასია საკუთარი კერა: თავის სახლში ადამიანი თავისუფალია, თავის თავის კითხული, სხვის ოჯახში-კი ფუფუნებაც-კი იგივე მონობაა აუტანელი, უთხრა - მამამ და დედას გადახედა. დედა მიუხვდა სურვილს და თავისი აზრიც ანიშნა. ეს ნიშნებით საუბარი ისე სწრაფად მოხდა, როგორც ელვა. თებერამ ვერაფერი შენიშნა, მე-კი მაშინვე გავიგე, რაც უთხრეს ერთმანეთს: ვიცოდი მათი საუბრის ჰანგი. - კარგ კაცს კარგი აზრი მოგსვლია! ეხლა სწორედ მოხერხებული დროა დღიურად მუშაობისა, გამრჯელი მარჯვენა კარგადა ფასობს და ყველასაც გვიჭირს მუშა ხელი ამ არდადეგებში. აი მეც მეკალოვე მინდა და მოდი ჩემთან იმუშავე დღიურად კალოკრეფამდის! თებერას იამა სიტყვა. შეთანხმდნენ. ძალიან გამეხარდა ეს ამბავი. თებერასაც გაეხარდა, რომ პირველი ნაბიჯივე მარჯვედ გადადგა. სულ პირი უღიმოდა გულკეთილს. 6 თებერას უფრო იმისთვის გაეხარდა ჩვენთან მეკალოვედ დადგომა, რომ მისი სახლ-კარი ჩვენს ახლო იყო. ჩვენი კალო თუ კარმიდამო ზედ დაჰყურებდა მას. სადაგ დღეს რომ ჩვენთან იმუშავებდა და მხოლოდ დასაძინებლად წავიდოდა შინ, კვირა-უქმე მთლად მისი იყო; თავის საკუთარ სახლში მიდგებ-მოდგებოდა. მის ქოხმახს ძლიერ ეჭირებოდა მომვლელი და ჭირისუფალი: უპატრონო სახლს ბოროტნი დაჰპატრონებოდნენ, გაექელ-გაენადგურებინათ: ასაგლეჯ-გასატანი ყოველივე გაეტანათ, დასანგრევ-წასაღები გაეფუჭებინათ თუ წაეღოთ; იქაურობა არ დაენდოთ გაევერანებინათ, აეტირებინათ სახლ-კარი. ყველა ამას გასწორება უნდოდა, აღდგენა, გაკეთება. ეხლა-კი ცრემლი შეაშრება თებერას სახლის ანგელოზს: მოსიყვარულე პატრონი დაუბრუნდა სახლს და დაუღალავი მშრომელი! ეხლა სახლი ისევ წარმატების გზას დაადგება, ჭერ ქვეშ ისევ სავსება დაივანებს და სიხარული დაისადგურებს. სოფელსაც გაეხარდა თებერას დაბრუნება. მხოლოდ მისი ბიძა დემეტრე იყო წყენით: გულხარბს თებერას წილი სახლკარი თუ ბაღ-მინდორი თავის კერძად მოსჩვენებოდა და სახლში დაბრუნებულ ობოლს მტრად მოჰკიდებოდა, თითქო თებერას რამე წაერთმია მისთვის. გულმართალი და მოსიყვარულე თებერა არა ჰხედავდა ამას. ბიძის ავობა დაჰვიწყებოდა და პატივისცემით ეპყრობოდა მას. სოფლის სამდივნოს წინ ხალხი შეყრილიყო და ყაყანებდა, სამართალს ეძებდა, ასამართლებდა, ედავებოდა, ჩხუბობდა, ილანძღებ-იგინებოდა, იქოქებოდა, ფიცულობდა, ურიგდებოდა. კვირა დღე იყო და უღლიდან გამოშვებული ხალხი ენას ანძრევდა, ქარს იღებდა, გულის ბუხარს ყრილობდა, ტვინს ავარჯიშებდა, აზრსა ჰმახავდა. თებერაც იმათში იყო, წვერ-ულვაშ ახლად ამობიბინებული. იმედიანად ნაგები, ორმაგად ნაქსოვი ამაყად იდგა კრებაში და თავმომწონედ: დღეს ის სოფლის ყრილობაში გარეულიყო, როგორც სოფლის მეკომური და მოსახლეთა თანასწორ-თანაბარი. ეხლა სხვის მონა-მოსამსახურე-კი აღარ იყო თებერა, თავისუფალი კაცი იყო, თავის თავის ბატონ-პატრონი; ეხლა ის ყველასაგან დაბრიყვებული ობოლი კი აღარ იყო, ყველასაგან ხელის წამოსაკრავი, ვაჟკაცი იყო, თავის მიწა-წყალზე დამდგარ-დასახლებული, თავის ჭერ-ქვეშ დაბინავებული, თავის მშრომელ მარჯვენაზე დანდობილ-დაყრდნობილი. ეს გრძნობა ამაყ შეხედულებას აძლევდა მას, მიმზიდველადა ჰქმნიდა მის კეთილს და გამომეტყველ სახეს. - კაცო, თებერავ, ერთი წინ წამოდექი, შე მამაცხონებულო, რომ გნახოთ და დაგინახოთ! - მიჰმართა გზირმა თებერას და ხალხის ყურადღება მიაქცია. თებერა ცოტა შეწითლდა, მაგრამ თავისუფლად და გაბედვით წარსდგა - წინ ნაბიჯი. გზირმა ახედ-დახედა და თვალში მოუვიდა სუფთად ჩაცმული მოღიმარე ახალგაზრდა. - მაგარი ბიჭი დამდგარხარ, მე და ჩემმა ღმერთმა, და შნოიანი! სწორედ სოფლის შესამატია ამისთანა მეკომური. მაგრამ შენ, ეი! სოფელში რომ ჩამოდექ, მხარშიაც უნდა ამოუდგე სოფელს: ხარჯი-ბორჯი, მღვდელი თუ ერი, საყდარი თუ სკოლა, - ყველაფერი ჩვენ გვაწევს კისერზე და მხარი უნდა დაგვიჭირო, უნდა შემოგვეშველო, პატარა-კი აღარა ხარ, ვაჟკაცი ხარ მოწიფული! - ეუბნებორა გზირი თებერას და მოქნილ სახრეს მარჯვედ გარს უთამაშებდა მას: ხან მარჯვნივ დაუღერებდა, ხან მარცხნივ, მის წინ ჰაერში სწმახნიდა; ბეჭებისკენ თუ წვივებისკენ მიუზომ-მიუქნევდა, მოსხლეპილი თებერა-კი წარბშეუხრელი იდგა მოღიმარე და დინჯად დასცქეროდა მოსაუბრეს. - დღეის ამას იქით ისევ სოფლის შვილი ვარ და სოფელია ჩემი ღონე! თქვენთან მიგულეთ ჭირშიაც და ლხინშიაც; ღმერთმა ნუღარაფერში გამომარჩიოს სოფლიდან! - ბარაქალა, ბიჭო! - გეტყობა კარგი მამის შვილობა და! - კვიცი გვარზე ხტისო, იტყვიან. გამოეხმაურა თებერას მის პასუხით ნასიამოვნები ხალხი. - მა რა! უნდა ჯანი გაიგდებინოს და მხარში ამოუდგეს სოფელს: ეყო, ძმავ, ამდენი თარხნობა! - ამოიღო ხმა თებერას განაყოფმა. - არა, ღვთის წინაშე, თებერა არც აქამდის იყო თარხანი: ყველაფერს რიგზე ვახდევინებდით, ჯამაგირს ვუჭერდით, თუმცა მცირეწლოვანიც იყო და ვერც თავის მიწა წყლით და სახლ-კარით სარგებლობდა: სხვები ეტანებოდნენ მის მამულს, სხვებს ეჭირათ ის და სარგებლობდნენ. - გადაჰკრა გზირმა სიტყვა თებერას ბიძას და მარჯვედ შეათამაშ-შემოათამაშა მისკენ გაწვდილი სახრის წვერი. მერე მიჰმართა ისევ თებერას: - ბიჭო, ისე კი არა ჰქნა, რო კერა არ დაგვალოცვინო! მღვდელს იაზმა ახდევინე, დედ-მამა მოიხსენიე, სახლის ანგელოზი გაახარე. - კარგი კაცი ყოველთვის ჭკვიან სიტყვას იტყვის! - დაურთო სიტყვა ნაცვალმა. - ბატონი ბრძანდებით! ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა კარგი კაცისათვის, - მიუგო თებერამ. 7 საკალოვე დარი იდგა დალოცვილი. მთლად მოწმენდილ. ლაჟვარდ ცაზე მზე ამაყად მიცურავდა და უხვად აფრქვევდა ბჭყვრიალა სხივებს, უანგარიშოდ. არავისთვის არა ჰშურდა ნათელთა დიდებულ შესაკრებელს არც შუქი, არც სითბო, მიმოაპნევდა მეუფე ცისა ყოველსავე სიკეთეს სავსებისაგან თვისისა. გავარვარებული ჰაერი ლაპლაპებდა და თვალსა სჭრიდა. გაფიცხებული ჭირნახული კევრ ქვეშ ანაზდად იფშვნიტებოდა, იქუმლებოდა. სამი კევრი ტრიალებდა ჩვენ კალოზე. მოჯამაგირე, მეკალოვე თებერა და ჩვენც ყველანი დიდიან-პატარიანად კალოს ვეხვეოდით, შევტრიალებდით, შევხაროდით. ისეთ ოროველას დასძახოდა თებერა, რომ მისი ხმა ქვემო უბანსაც ეფინებოდა. ყოველთვის ხალისიანი და მხიარული თებერა დღეს ეშხითაც იყო მთვრალი და სურვილით არაკრაკებდა რჩეულ ლექსებს. ჩვენ აგვიყოლია თებერას მადლიანმა მუშაობამ შუბლი გაგვიშალა, აგვაჟივჟივ-აგვახმაურა. მხოლოდ ჩვენი მოჯამაგირე უფრო და უფრო იღრუბლებ-იღუშებოდა: ჯავრი აღრჩობდა გულჩახვეულს, რომ ღრძო აზრი გაუცრუვდა და მუხრუჭი ვერ მოგვიჭირა გაჭირვებულ მუშაობის დროს. - რა გახტუნებს, ბიჭო, ან რა გამღერ-გამხიარულებს ამ სიცხე-პაპანაქებაში, ჯოჯოხეთურ მუშაობაში?! - შეუტია აბრამამ თებერას. - რას ამბობ, კაცო?! ღმერთმა მოსავალი მისცა ქვეყანას, კაცის საზრდო თუ საქონლის საკვები ფეხქვეშ გვიშლია და რა მაქვს დასაღონებელი? - განა შენია ჭირნახული, სულელო?! - ჩემიც არის და შენიც! ვმუშაობთ და კერძი ჩვენც გვერგება; თუ არაფერი იქნებოდა, ჩვენ რაღაზე ვიმუშავებდით? თებერას გულწრფელადა სჯეროდა, რომ დღეს მისი განსაკუთრებული ხალისის მიზეზი უხვი სამუშაო იყო და ბრწყინვალე დღე. ვერ გაეთვალისწინებინა ჭაბუკს თავის გადამეტებული მხიარულების ნამდვილი მიზეზი. მართალია, როცა სოფელი სავსეა დოვლათით, სოფლის შვილიც იმედიანად არის და მხიარულად, მაგრამ დღეს თებერას დიდი ხალისის უმთავრესი მიზეზი სხვა იყო: იმისათვის გაჰნათებოდა მას სახე, იმისთვის ვეღარ შეეკავებინა პირზე ღიმილი, იმისთვის ამღერებულ-აჭიკჭიკებულიყო ის, რომ ერთ-ერთ კევრზე ეონა იდგა. თებერას კევრი რომ მარცხნივ უვლიდა კალოს, ეონას კევრი მარჯვნივ მოსრიალობდა. გოგოს სიახლოვე მაგრილებელ ნიავად ეფინებოდა ახალგაზრდას, გამაცოცხლებელ ნამად ეპკურებოდა მას და გამოუთქმელ ნეტარებას ჰფენდა მის გულს. ეონას სიახლოვე ლომისებურ ძალას სძენდა და ქალის გვერდზე შრომა თამაშობად მიაჩნდა მას, დღესასწაულად. კევრები რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ეონა მიაპყრობდა მას ოცნებათაგან გატაცებულ ბიჭისათვის საოცნებო თვალებს, ახალგაზრდას მზე ამოსდიოდა, სულის მანათობელი. - ფერიის თვალებია, ალქაჯისა, და მოდი ახლა გაუძელ შენ მათ მიმზიდველობას! ეონას აზრუმული წითელი ჩუსტები საბძელთან დაეყარნა და გრძელ-ყელიან თეთრ წინდებით შემდგარიყო კევრზე. თეთრივე კაბა ეცვა პირისფრად დაწინწკლული, დაფოთლილი რამ თავის ჩითი ეხვია ჩარდახულად. ფეხსაცმელში ნაზარდი ფეხი სუფთა იყო და პატარა. ბიჭს სულ პაწაწად ეჩვენებოდა იგი ფეხი, სათუთად უბეში შესანახ-საალერსოდ. რა, ვუყოთ, რომ კაბა ჩაჰხეოდა ჩაქებად?! თვალს კიდეც უხაროდა ეს: შიგნით შეჭვრეტას ვეღარ უშლიდა. გამხდარი, ყლორტივით ასული ტანი რხევით მოსრიალებდა კევრთან ერთად და მსწრაფლ გადასამტვრევად იზნიქებოდა კევრის ყოველ მოცურებაზე. ვგონებ ნიავსაც-კი შეეძლო გადაზნექ-გადალეწვა! მკრთალი, მიმქრალი სახე, მიტაცებულ-მიბნედილი თვალები, თითქმის ფერფლის ფერი ხუჭუჭა თმა ჰაეროვან შეხედულებას აძლევდა გოგონას. მთელი არსება ქალისა იზიდავდა თებერას, როგორც რამ ალქაჯი გრძნეული, და თან უსაზღვრო სიბრალულს იწვევდა ახალგაზრდის გულში. ოო! ეონა თებერას ფერია იყო, ნაზი, სუსტი, ჰაეროვანი. როგორ შეიძლებოდა მოუხეშავად მისი შეხება. მაგრამ ნეტა რად იყო .იგი ფერია ესე ძლიერი და დამმონებელი?! - სწორედ მშველელი მარჯვენა უნდა საბრალოს და მფარველი. ვინმე მარად გარს უნდა უვლიდეს მას, თავს ევლებოდეს. ისეა მისთვის ზრუნვა საჭირო, როგორც მოვლა ჩვილისათვის, თორემ გადატყდება წელში, როგორც ყვავილის ღერო რამ ნორჩი, და დაჭკნება უდროვოდ, ჩაშავდება, - ფიქრობდა თებერა. და უნდოდა შეჰხვეწნოდა ქალს, რომ ჩრდილოს შეჰფარებოდა ის, მაგრამ თანაც ვერ ეთმობოდა, ძალიან უნდოდა გვერდით ჰყოლოდა თავისი ეონა. - ხიოო, ხი! - შეაყენა თებერამ კევრი, როცა დაუსწორდა ეონას და წინ გადაეღობა ქალის ხარებს. - აპეური უჭერს ამ დალოცვილს! - სთქვა ბიჭმა. გამოხსნა ხარი, გაუსწორა უღელი, ისევ გამონასკვა აპეური, ჩამოართვა ქალს სახრე და მხარი შეუცვალა კევრებს. ხერხი იყო ეს თებერასაგან მოგონებული, თორემ არც უღელს და არც აპეურს არაფერი გასწორება არ ესაჭიროებოდა. მაშ რა უნდა ექმნა ბიჭს, როცა ძალიან მოუნდა გოგოსთან მიახლოვება?! სახრე რომ მიაწოდა ქალს და ხელი ხელზე მოავლო, თბილმა ელვამ დაურბინა ტანში, სურვილი ყელში ბუშტად მოებჯინა. ბედნიერებამ შიგ თვალებში ჩახედა ჭაბუკს. ეონამაც იგრძნო, რომ უღლის გასწორება, თუ კევრის შებრუნება მომიზეზება იყო უბრალო, რომ ბიჭი მხოლოდ მისთვის გადმოხტა კევრიდან, რადგან მოუთმენლად მოუნდა მასთან მიახლოვება და მისი შეხება. ესმოდა ეხლა ეონას ეს ყველაფერი, განა პატარაღა იყო! მადლობელი დარჩა გოგო მოხერხებულ ბიჭისა: მისი გულიც ამ სურვილით იყო გამსჭვალული. - ახ, - ფიქრობდა გოგონა, - რა ბედნიერება იქნება მისსავე კევრზე მის გვერდზე დგომა, მის ძლიერ მკერდზე მისვენება და უზრუნველად თავის დავიწყება მთლად ბოლომდის, სიკვდილამდის! გული მოულბა ქალს და იგი გონების თვალით უკვე დაენდო დასასვენებლად ბიჭის იმედიან მარჯვენას, მიეყრდნო მის ძლიერ მკერდს და დამონებულმა, მთლად დაწყნარებულმა, თავისუფლად შეაცურა ფიქრთა ნავი ოცნებათა კამკამ ზღვაში. სუსტი არსება იყო ეონა, თითონაცა გრძნობდა თავის სისუსტეს; ხედავდა კიდეც გარემო ცხოვრების სიმკაცრე-უგულობას და მისაყრდნობელი რამ სიმტკიცე იზიდავდა ფათალოსავით, რომ თავს შემოჰვლებოდა მას, გარს შემოჰხვევოდა, მტკიცედ ჩასწმახნოდა და შეერთებინა თავისი პიროვნება მისთვის. მთლადაც შთაენთქა იგი თავისი პიროვნება მის ძლიერ და იმედიან არსებაში. 8 პატარა აღარ იყო ეონა, აგერ თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ქალი იყო. სუსტი აგებულების გოგონა, მართალია, ტოლ ქალებთან შედარებით დასრულებული არა ჩანდა, არც ჯერ ქალობაში ჩავარდნილი, მაგრამ წლოვანების კვალობაზე-კი მოწიფულ ქალწულად ჩაითვლებოდა, საპატარძლოდ. კარგა ხანი გავიდა მას აქეთ, რაც პირველად მიაქცია თებერამ ეონას ყურადღება და მას აქეთ გაიზარდა ქალი, საროსავით მაღლა-მაღლა წავიდა. გაბურძგვნილი თმა ეხლა ჩაწნული ჰქონდა და ლახტებივით ნაწნავები წელზედა სცემდა; ბაგე ეშხით ევსებოდა და საკოცნელად ეპობოდა, მკერდი უფუვდებოდა და გრძნობათა შესაკრებელნი ბორცვდებოდნენ ზედ: ახლად გაღვიძვბულ-გაღივებული სხეული ფშოდა სუნნელად, ატკბობდა ყნოსვას და თვისკენ იზიდავდა სურვილებს. მაგრამ თითონ ქალის არსებაში მძლავრი ნდომა მაინც ჯერ ვერ გამოფხიზლებულიყო, ჯერ არ აემაღლებინა ხმა მბრძანებელი: იგი ჯერ ისევ იშმუშნებოდა, ნელ-ნელა იღვიძებდა და ერკვეოდა. ამისთვის იყო, რომ ეონა ისევ გულგრილად ეპყრობოდა მოტრფიალეებს და მათ მაცთურად თუ ნდომით შეხედვას, ან ორაზროვან სიტყვას თუ შეხებას გოგო ისე მეამიტად და გულუბრყვილოდ უყურებდა, თითქო ამგვარ მოძრაობათა აზრი სრულებითაც არ ესმისო. ამით გულს უსიებდა ახალგაზრდობას, ჯავრზე მოჰყვანდა და თავის უნებლიეთ და შეუგნებლად სურვილს უფიცხებდა მათ, უძლიერებდა. - ბიჭო, ეს ეონაა რაღაც, სწორედ ხექალაა, უსისხლო! იმ დღეს ჯერ სიტყვა გადავუგდე, მერე ხელი მოვკიდე და უნდა მეკოცნა, მაგრამ ისე წყნარად და ცივად ამაღებინა ხელი, რომ მევე შემრცხვა ჩემი საქციელისა და თავი დავანებე. - არა ჰგავს ნახატაანთ ბაბოს: ერთ შეხედვაზე თონესავით ვარვარდება, იმის ჯანის ჭირიმე! - მადლი-კი იქნებოდა, მე და ჩემმა ღმერთმა, კაცს გაეგებინა მა ეონასათვის, რომ პატარა აღარ არის, ქალია თვალშესულ-შემწიფებული. - იქნებ განძრახ გავეკიდება ცივად ეონა, რა არის გაგვაზიოს და ნდომა გაგვიძლიეროს? ვერ გაეგოთ ჭაბუკებს, რომ ეონა ეშხისათვის ჯერ ეხლა ღვივდებოდა და ინთებოდა; არც ის იცოდნენ, რომ ქალს ბუნების ახალ განთიადზევე შეხვდა გულის დამხვეველი ახალგაზრდა, რომლისაკენაც მიიმართა მისი გრძნობათა ნაკადი, რომელმაც გრძნობები გაუზიარა, ხოლო სურვილები მძლავრად არ შეუგუბა გულში, გზა მისცა მათ დენას. აზრადაც არ მოსვლოდათ ბიჭებს, რომ ეონა უკვე ამორჩეული ჰყვანდა თებერას, კიდეც ეგრძნობინებინა მისთვის თავისი სურვილი და თებერასათვის გულმომბალი ქალი ყურადღებას ვეღარ მიაპყრობდა საცოლედ შეღერებულ სხვა ბიჭებს. საცოლე ბიჭების პატრონებს-კი, მეტადრე მათ დედებს თუ დებს სრულებით არ მოსწონდათ ეონა, არც უნდოდათ იგი სასძლოდ. ვიღაც ობოლი გოგო, დოღრიალა გზირის გერი, თითონაც თხელი რამ, ხაითად ნაქსოვი და სუსტი! რა გლეხის ოჯახის შესაფერი იყო ან შესაწყნარებელი?! - რა უნდა გამიკეთოს, ქა, ეონამ სახლში?! იმ დღეს სურა შეედგა მხარზე და ისე საცოდავად იზნიქებოდა წელში, თითქო დიდი რამ საპალნე ჰკიდიაო. - ბალღის ხელებს უგავ ი ხელები რძენაწყენს: ან ცომი როგორ უნდა მომიზილოს, ან პური როგორ უნდა ჩააკრას?! - კარგი თავადის ქალივით ფეხშიშველა კი არ გაივლის, გულმკვდრის შვილი! ესე ტუჩაკვრით უბნობდნენ დედაკაცები ეონაზე და არ მოსწონდათ შვილებისათვის საცოლედ. ისე რომ სოფლის ოჯახიშვილების მხრივ არავითარი საფრთხე ან განსაცდელი არ მოელოდა თებერას სიყვარულს, მისი საბედო ახალგაზრდებში სხვას არავის ჰყვანდა ნიშანში ამოღებული, და ბიჭს შეეძლო ამ მხრივ დაემინებული ყოფილიყო და დამშვიდებული. მაგრამ თებერასაგან არჩეულ გოგონას სხვა ვინმე უყურებდა არამი თვალით, მისგან ამორჩეულ ჭრელ ხოხობს გველი რამ მისჩერებოდა მზირად და თვის აუცილებელ მსხვერპლად დაესახნა ის. ეს საშიში გველეშაპი მედუქნე თევდორა იყო. სოფელ გვერდნგრეულში ორი დუქანი იყო და ამათში თევდორას დუქანი უფრო მარჯვედა ვაჭრობდა. თევდორა ამავე სოფლის გლეხი იყო, პატარაობიდანვე ქალაქში ნათრევ-ნუთრევი, სირაჯხანის აღმართში აღზრდილი, გაქნილი და ათასნაირად ნაცვეთ-ნაცადი. გამოწრთვნილი. თავის სოფელს დავაჟკაცებული დაუბრუნდა თანხით ხელში და გახსნა დუქანი. მარჯვედ დაატრიალა სოფელში ნაღდი: მოსავლის პირს ყიდულობდა, ვენახებს იჯარით იღებდა, ნაქურდალ თუ ნატაცებ საქონელს ხოცავდა, ფულს მამასისხლად ასესხებდა. ყველაფარი გამოუვიდოდა ხელიდან. ხათრი და მოკრძალება არ იცოდა. სირცხვილის ან შებრალების გემო არ ახსოვდა. ძალიან გაიდგა ფესვები. სოფელი ხელში დაიჭირა: სწურავდა და მისი სისხლით თუ სიჩხინტით პირს იპოხავდა, სუქდებოდა. ეხლა თევდორა შუახნის კაცი იყო, ჭაღარაშერთული; ერთი პირი ცოლ-შვილი ამოეჭამა და ახლა სოფლად ნადირობდა: ხნიერი, ახალგაზრდა, ქალი თუ რძალი სულ ერთი იყო იმისათვის, ოღონდ კი ხელთ ეგდო რომელიმე. ძალა შესწევდა, ფული ხელთ ჰქონდა და კოჭაობდა. თორემ თითონ ვერაფერი სანუკვარი იყო: თვალებ ჩასისხლიანებული, ახმახი, ხმელი ცხვირ კეხიანი, წითელ ლაშებიანი. წაბილწა სოფელი ბილწად მიმართულმა! მსხვერპლს შოულობდა, სურვილს ადვილად ისრულებდა და ძალიან გაიგეშა, ურცხვი რამ შეიქნა და თავხედი. რაკი ვისმე ამოიღებდა მიზანში, აღარ მოეშვებოდა, გველის ხვრელში გაძვრებოდა და თავისას-კი გაიტანდა. აი, ამ თევდორას მოუვიდა თვალში ტანტინიკი ეონა და შეეცადა თავისას. წინდაწინვე ტუჩებს ილოკავდა პირწყალ მორეული, რადგან გამარჯვება ადვილი მიაჩნდა: ეონა სხვისი გერი იყო, სახლიდან განაპირებული, მამინაცვალი მუცელღმერთა ჰყვანდა, დედა - ბეჩავი და დაჩაგრული. ვინღა გაუმაგრდებოდა თეოდორას ყვითელ ოქროს, ვინ აღუდგებოდა წინ მის ძლიერ სურვილებს?! 9 თევდორამ გადასწყვიტა, ხელთ ეგდო ეონა და დაუყოვნებლივ შეუდგა ჩვეულ საქმეს. თუმცა ეჭვი არა ჰქონდა, რომ დაიკმაყოფილებდა ამ ახალ ჟინს, მაგრამ მაინც შორიდან დაიწყო გაწრვთნილმა. - კაცო, კაკალო, - გადაეღობა ეონას მამინაცვალს თევდორა, - ირემაანთ ბიჭი რომ ნისიას აღარ იძლევა, ნეტა რა უნდა მოვუხერხო? - რომელი? ვანუა? - სწორედ ვანუა, ი პირშავი! - დააცა, კაცო, ალბათ არა აქვს, თორემ მოგცემდა. სხვა არა იყოს რა, აღარ დასჭირდება შენს კარზე გავლა? ბარათები ხომ გაქვს? - ბარათებიც მაქვს და ხელიც უწერია, რა შვილი ვარ, ისე ვანდო რამე! მაგრამ რა შორიდან ვლაპარაკობთ, კაცო, შემო დუქანში და ყველასფერს გიჩვენებ! თევდორამ შეიპატიჟა გზირი დუქანში, დავთარი აჩვენა, რჩევა ჰკითხა, დახმარება სთხოვა და ისეთი კილოთი, თითქოს, კაკლუა უბრალო გზირი-კი არა, თითონ მამასახლისი ყოფილიყო. თანაც ორი ჭიქა პილატეს ცრემლი გადააცეცხლა, ზურგიელი დაუთალა, შოთი მოუმტვრია. გზირს ეამა პატივისცემა, შექეიფიანდა, შეწითლდა: აღუთქვა ყოველივე დახმარება ნისიის განაღდებაში. ძალიან ნასიამოვნები დაბრუნდა შინ. ამის შემდეგ თევდორა ხშირად პოულობდა მიზეზს გამოხმაურებოდა გზირს და პატივი ეცა მისთვის. შეიტკბო კაკლუა მედუქნემ, დაიმეგობრა; ნისიას უარის უთქმელად აძლევდა, ფულითაც-კი უმართავდა ხელს და ისიც უთამასუქოდ. იქამდის შეეტყუა კაკლუას, რომ ის იძულებული შეიქნა თითონაც პატივი ეცა მედუქნისათვის, სახლში შეეყვანა ის. სხვა არა იყოს რა, ზრდილობა მოითხოვდა ამას! თევდორა მაინც ხელცარიელი არ შედიოდა ახალი მეგობრის სახლში; ხან ქიშმიშ-ლაბლაბოს მიიტანდა, ხან თხილს თუ წაბლს ხელსახოცით, ან შაქარლამას. გზირს და მის ოჯახს რომ უახლოვდებოდა თეოდორა, თან ეონასაკენ მიცურავდა ჭრელი: ხილს მიართმევდა, სიტყვას გადაუგდებდა, ეხუმრებოდა, უღრეჭდა, აქებდა. ეონა მეამიტად ეპყრობოდა სტუმარს, არ ესმოდა მისი ქცევის მიზანი და არც განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდა მის სიტყვას თუ მოძრაობას, მით უფრო, რომ უკვე სხვისკენ იყვნენ მისი ფიქრები მიქცეულნი. ან რას მიხვდებოდა გამოუცდელი გოგო, რა ბოროტი აზრი ჰქონდა გულს ჩადებული ჭაღარაშერეულ ვაჟკაცს მის შესახებ? ეონა არც ცივი იყო თევდორასათვის, არც ცხელი, არც უფრთხოდა მას, არც უახლოვდებოდა. ხედავდა თევდორა, რომ ეონაზე მისი სიტყვა თუ ალერსი სხლტებოდა, ფეხს ვერ იკიდებდა და ჯავრი მოსდიოდა მოუთმენელს, მით უფრო, რომ გოგოს სიახლოვემ უფრო და უფრო, გაამწვავა მისი ნდომა. გაძლიერებულმა სურვილმა მთლადაც დაიმორჩილა ვაჟკაცი და დაიმონა. რაკი ეონას დაინახავდა თევდორა, ეშმაკი შეუჯდებოდა გვერდებში, ააღელვებ-აადუღებდა და თავისსავე ქაფში სთუთქავდა მას დაუნდობელი. რას იზამდა? იძულებული იყო ბრჭყალები დაემალა ვერაგს და თავი მოეკატუნებინა. აკი ასეც იქცეოდა! ბოლოს მოთმინება შემოელია ვაჟკაცს, ვეღარ შესძლო ბრძოლა გაცეცხლებულ ნდომასთან; თანაც ეგონა, უცხო ნადირი საკმაოდ იყო შეჩვეული და დააპირა ემოქმედნა გაბედვით. მარჯვე შემთხვევასღა ელოდდა მტაცებელი. შემთხვევამ ააჩქარა ის: ერთ საღამოს თებერა და ეონა განმარტოებით ისხდნენ სათარზე და ჭუკჭუკობდნენ, როგორც შინაურები. გული გაუსკდა თევდორას. - სწორედ ის ბიჭი წაიყვანს ეონას და წადი მერე, ჩაიგდე გოგო ხელში! - გაიფიქრა იმან და გადადგა ნაბიჯი. წყაროს გზაზე ჩაესაფრა თევდორა ეონას, შამბის პირას. ქალი გამოჩნდა ხევის ბილიკზე, კოკის ქვეშ ლერწამივით იზნიქებოდა, ლამის გადატეხილ-გადამტვრეულიყო. თევდორამ მიაპყრო ხარბი თვალი ქალის რხეულ ტანს და ნდომით აივსო მისი გვამი, მოუთმენელი სურვილით აპირთავდა. - ქალო, ეონა! ერთი წყალი დამალევინე შენს გაზრდას! ქალი შესდგა და გადმოიღო მხრიდან კოკა. თევდორა მოეწაფა წყალს, მაგრამ მალე დადგა კოკა და მგლურად მიანათა ქალს ვნებით სავსე თვალები, შეშფოთდა ეონა და შეწითლდა. თევდორამ ხელი ჩაჰკიდა მკლავში, მძლავრად მიიზიდა თავისაკენ, ჩასჩურჩულა: - გოგო, ვიწვი შენი სურვილით! განა ვერა ხედავ? აღარ შემიძლია უშენობა! გამომყე, ჩემი გახდი და მთელი ჩემი ქონება შენი იყოს! შიშმა აიტანა ეონა. ძალზე გაწითლდა. თევდორამ წადგა წინ ფეხი, უნდა ჩაეთრივ-ჩაეჯმუჯნა გოგო, მაგრამ ზევიდან ხმამაღლა ლაპარაკი მოესმა და გაუშვა მსხვერპლი ხელიდან, მხოლოდ დაიღმუვლა მხეცურად და დაიხლაკნა სიმწარით. ამის შემდეგ სრულებით აღარ მოუსვენა თევდორამ ეონას, ჩრდილივით უკან დასდევდა. სად ფული შეაძლია, სად საკაბე თუ ბაღდადი მოუტანა. მაჭანკალს მაჭანკალზე უგზავნიდა, მაგრამ ვეღარ მოინადირა ქალი, ერთხელ შემფთხალი სათოფედ აღარ ეკარებოდა კაცს. - ეს რა მომდის ნეტა?! აღარ შემიძლია სიცოცხლე, თუ ის გოგონა ხელთ არ ვიგდე! სუნთქვა მიძნელდება უიმისოდ, გული ჩქროლავს, სული მეხუთება. დახე, რა მიყო ი ჩაქშახეულმა! ვეღარც დუქანს ვუგდებ ყურს, ვეღარც სახლს. ლამის გავგიჟდე. ნეტა რითა სჯობია ის გამოფიტული გოგო ჩემ ფუნთუშა ფეფენას? მაგრამ რა ვქნა, რომ აღარ შემიძლია არ მოვხვიო ხელი მის წვრილ წელს. მუჭაში დაიჭირება, მუჭაში! ამბობდა გონება დაბნეულ-დაბნელებული თევდორა და ძლიერი ნდომა სწვავდა მას უწყალოდ. აქამდის ჩიქილის ყურზე გამობმულმა ვაჟკაცმა, აქამდის კაბის კალთის მოთაყვანე უძღებმა, ეხლა შეიზიზღა დედაკაცები და ყოველივე პატივი აჰყარა მათ. თითონაც გაუკვირდა, როდესაც მასთან ნამალავად მისული ფეფენა საზიზღრად დაამცირა და სახეშიაც კი შემოჰკრა დამდაბლებულს. რას ერჩოდა მისთვის ნამუსგანწირულ დედაკაცს? არაფერს! მაგრამ საზიზღარი ბოროტება დუღდა ეხლა მასში და ეონას ჯავრს სხვა ქალებზე ყრილობდა გამწარებული. - ვაჰ, რა მომივიდა მაშინ, რომ ვეღარ შევიმაგრე თავი! როგორ დანდობილი მომაწოდა სურა! არა, შე ოხერო ჩემო თავო, რა გაჩქარებდა? ვითომ რა გენება იმ შარა მინდორზე? ნელ-ნელა შეიჩვევდი რაღა. სახლშიც ხომ დანდობილი მოდიოდა სამეზობლოდ და იმას მაინც მოახერხებდი, რომ ბანგი შეგეპარებინა! - ნანობდა თევდორა და ბოღმამორეული მწარედ აყვედრიდა თავის თავს. მაგრამ ბოღმით და ჯავრით რაღა გაეწყობოდა? თავს უნდა დასწყნარებოდა კაცი და ახალი მახე დაეგო ამ შემფრთხალ ფრინველისათვის. მწარედ დარწმუნდა, რომ სოფლად აქამდის ნაცადი ქსელი აღარ გამოდგებოდა, რომ ეს ჭრელი კალმახი არ მოსდევდა იმ ანკესს, რომლითაც აქამდის ნადირობდა. იმედმიხდილმა დაასკვნა, უკანასკნელ ხერხისთვის მიემართნა. 10 ეონასადმი სიყვარული ბედნიერების წყაროდ გადაექცა თებერას. ეს სიყვარული იყო იმის მიზეზი, რომ ბიჭმა მალე გაბედა სხვაგან, სხვის ოჯახში და სოფელში მოჯამაგირეობაზე ხელის აღება და ისევ თავის ქოხს დაუბრუნდა: უნდოდა ახლო ყოფილიყო თავის ალქაჯთან, ყოველ დღე დაენახა ის. იგივე სიყვარული იყო იმის მიზეზი. რომ ბიჭი მუხლ-ჩაუდრეკლად და დიდი ხალისით მუშაობდა შინ თუ გარეთ, ბუდეს ამზადებდა, თავშესაფარს აწყობდა, რომ ღირსეულად დახვედროდა მასთან შემომავალ მზის შუქს: ჰაეროვანი ეონა სწორედ მზის სხივად ეჩვენებოდა ბიჭს, კარებთან შინ შემომდგარ სხივთა სვეტად. "მზევ, შინ შემოდიო", ჩაიღიღინებდა თებერა და უღიმოდა მისთვის ნათელ სახეს ეონასი. რა ვუყოთ, რომ ეონა სუსტია და პეპელასავით ფრთაფარფატი?! თითონ თებერა ხომ ძლიერია და მხნე! სახლში მხოლოდ ისეთ საქმეს მიანდობს ქალს, რაც საადვილო იქნება და მსუბუქი. დანარჩენს სულ თითონ გააკეთებს. ეხლა მარტოდმარტო უძღვება ოჯახს და მაშინ ხომ შემწედ ეყოლება გვერდზე თავისი ეონა! და სწორედ კარგად უძღვებოდა თებერა თავის სახლს: დანგრეულ-ჩამოქცეული შეაკეთა, აგლეჯილი დააკრა, კარჩხები თუ მარგილები ჩაყარა, ღობე და ხარიხები შემოავლო, ეზო დააკრიალა; მოტეხილ-მოგლეჯილ ხეხილის ბადლად ახალი დარგო და ახარა. ეხლა თებერას ეზოში ქათამი დადიოდა, ძაღლი იყეფებოდა, ღორი ღრუტუნობდა; ბაკში ისეთი უღელი მოზვერი ება, ნახვა გიამებოდათ: კარწინ საბარო ურემი ეგდო, მართალია, ნახმარი, მაგრამ არც ისე დანჯღრეული, რომ ტვირთის ზიდვა ვერ შესძლებოდა. მარტოხელი გლეხის კვალობაზე აღარაფერი უჭირდა თებერას, მით უფრო, რომ ამაო ხარჯი არა ჰქონდა-რა. მე ვიცი, თუთუნზე დახარჯავდა, ან ღვინოზე! თავდაჭერილი ბიჭი დადგა თებერა, ფხიზელი. კიდევ დადიოდა თებერა დღიურ სამუშაოზე; მაგრამ საკუთრადაც შრომობდა ოჯახიშვილურად: შეშას ეზიდებოდა გასასყიდათ, მცირე რამ ქირა გადაჰქონდ-გადმოჰქონდა; ბარავდა, სთოხნიდა, გუთანს მისდევდა. - ჰეი! სად არის ეხლა ერთი უღელი კამბეჩი, თორემ მე ამ სოფელში აღარავის ჩამოუვარდებოდი! მაგრამ არა უშავს რა, ღმერთია მოწყალე. იმასაც მოვესწრებიო! - გაიფიქრებდა თებერა და ეს იმედი შრომის ხალისს უორკეცებდა ახალგაზრდას. უღელ კამბეჩსაც მალე გაიჩენდა გამრჯელი ჭაბუკი და ძროხასაც, ოღონდ-კი სახლში მეწესე ჰყოლოდა და თანაშემწე. ეხლა-კი მის შრომას ისეთი ხვავი ვერა ჰქონდა, როგორც მოსალოდნელი იყო: ეხლა სახლში ბევრი რამ უფუჭდებოდა და აკლდებოდა, მეტადრე მაშინ, როდესაც თებერა მთელი დღეობით შინ არ იყო. სახლი უპატრონოდ რჩებოდა და უპატრონო კერას ყოველგვარი ავი ეტანებოდა. მეტი გზა არ იყო, ცოლის შერთვა უნდა დაეჩქარებინა დროცა ჰქონდა! რამდენი ხანიღა უნდა ყოფილიყო მარტოდმარტო? სოფელში კარგადა ჰხედავდნენ ბიჭის უნარსა და თვალიც ეჭირათ მისკენ. მდიდარ ოჯახებს-კი არა, რადგან მათთვის დიდს რასმე სახარბიელოს არ წარმოადგენდა მოჯამაგირობაში გამოზრდილი და დღიურ მუშად გამოსული ბიჭი; ქვრივ-ობლებისა და ხელმოკლე ოჯახებისათვის-კი სწორედ მისწრება იყო და სანთლით საძებნელი.სასძლოდ მოწიფულ გოგოებს-კი დიდ ოჯახებიდანაც მოსწონდათ ეს მხიარული, მოღიმარ-მოცინარე, მომღერალი, მშრომელი და ისე არ ჩაუვლიდნენ გვერდზე, რომ თავზე თავის-ჩითი არ გაესწორებინათ და ქვეშ-ქვეშ მაცდურად არ გაეხედნათ მისკენ. თებერა ამჩნევდა გოგოების წადილს და მისი მოყვარული გული კეთილად უღიმოდა სოფლის კეკლუცებს, მაგრამ რა ექნა, ან რა პასუხი გაეცა მათთვის, როდესაც ის უკვე ტყვე იყო: ეონა იყო ერთადერთი მისი ნათელი და სიხარული! ეხლა ეონამაც უკვე იცოდა, რომ მოსწონდა ის თებერას, უყვარდა ბიჭს. განმკურნებელ მალამოდ ედებოდა ეს სიყვარული ობლობაში დაჩაგრულ ქალის გულს და შემკრთალ-შეფიქრებულ გონებას. გოგოსთვის იმედად ეგულებოდა თებერა, ურყეველ ზღუდედ მისაყრდნობელად, თავის ობლობის შესაფერ მკვიდრ ყუდედ: მამინაცვლის იმედი არასოდეს არა ჰქონია მას. ძალიანაც ეშინოდა მისი და მისი სახრისა, დედამისი ხომ მთლად გაწყალებული ადამიანი იყო და გამქრალი. ვიღა უნდა ჰყოლოდა განაპირებულ სუსტ არსებას ნუგეშად, თუ არა მისი მოსიყვარულე თებერა?! ეონა არ იყო ლამაზი სოფლური სილამაზით: არც წითლად ღაჟღაჟებდა, ვერც მიწას ანძრევდა ძაგი-ძუგში და ვერც მძიმე უღლის გასწორებას შესძლებდა გლეხურ ცხოვრების ტლანქად ტრიალში. ეს ყველაფერი კარგად ესმოდა დაფიქრებულ ეონას და გული არ მისწევდა დიდ ოჯახის სძლობაზე, თუნდაც ეთხოვნათ ის ამისთანა ოჯახებს. ან-კი ვის რად უნდოდა მიმქრალი გოგო სძლად და ისიც ვიღაც გზირის გერი? მართალია, საცოლო ბიჭები ყურადღებას აქცევდნენ ეონას, რამდენჯერ გადუკრავთ მისთვის სიტყვა ან ხელი წაუტანებიათ, მაგრამ ეს მხოლოდ გაკვრით და შემთხვევით ან დაუდეგარობით, თორემ ეონა საცოლედ რად უნდოდათ მძიმე შრომის შვილებს, ან რაში გამოადგებოდათ! და თუნდ მოენდომებინათ კიდეც, ვინა ჰკითხავდა იმათ? ოჯახი თითონ აურჩევდა მათ საპატარძლოს და ჯვარსაც თითონ გადასწერდა თავის ნებით. - მე არც ერთ ოჯახს არ მოვწონვარ. თებერა სულ სხვაა: იმას ვუყვარვარ კიდეც და არც დამშლელ-მრჩეველი ჰყავს ვინმე. ალბად მეც მიყვარს თებერა! მაშ რა არის, რომ მიხარიან მისი დანახვა? როცა იმასთანა ვარ, ვერც-კი ვიგებ, როგორ მიჰქრის დრო, სწორედ ის არის ჩემი ბედი და იღბალი! ხომ გამათხოვებენ და მე თებერას მეტს ვერვის გავყვები. ოღონდ მითხოვოს! ოღონდ დამეკითხნონ! - ფიქრობდა ქალი და მომავლის შიში ფერს უცვლიდა ისეც ფერმიხდილს. ყველაზე ძალიან-კი აშინებდა გოგოს მედუქნე თევდორა: მან ცხადად დაინახა მისი ბინძური გულისთქმა, იგი გულის წადილი მთლად გაძრცვილი ეჩვენა მას წყაროს გრაზე და შეძრწუნდა გოგონა. 11 სასძლოდ შეღერებული ქალი სოფელში ძალიან ერიდება ვაჟს. ცდილობს შორს მოუაროს მას, რადგან უწვრთნელი ახალგაზრდობა ხშირად თავს ვერ იკავებს და შემთხვევას არ გაუშვებს ორაზროვანი ბინძური სიტყვა არ გააყოლოს, არ წაუმღეროს, ან ხელი არ წაატანოს. რა ქმნას ბეჩავმა? ცხოველებთან აღზრდილმა, პირუტყვებთან გაწვრთნილმა როგორ შეიმაგროს თავი ან როგორ გამოხატოს თავისი გრძნობა, თუ არ მოუხეშავად. სად ისწავლიდა თავის დაჭერას, ან ვისგან შეითვისებდა უფრო სათუთად მოპყრობას? იქნება გოგოს გულში კიდეც უხარიან ესეთი მიმართვა ვაჟისა, რადგანაც თითონაც ამგვარ მოარშიყეს ნატეხ-ნაჭერია, თითონაც ხბორებში თუ ბატებში იწვრთნება. მაგრამ გოგო მაინც დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნობას, სახელის სუფთათ შენახვას; ცეცხლივით ეშინიან გაჭორვისა, რადგან სახელგატეხილს თავგატეხილი სჯობია და თუ ქალს ერთი ცუდი ხმა დაუვარდა, დაიღუპება, გაუძნელდება გათხოვება. ეონა ხომ ისეც საწყალი იყო, მოკრძალებულ-მორიდებული და რაკი ქალობის ნიშანწყალი დაეტყო, დამფრთხალ შველივით გაურბოდა ყოველ საეჭვო შემთხვევას და შეხვედრას! მაგრამ ბედმა გოგო იმ თავითვე გერად მოიკიდა, ეხლაც, ჯერეთ უმანკოს და გამოუცდელს, მოევლინა ბიწიერება მხეცქმნილ თევდორას სახით და მოუწამლა ისეც გამწარებული სიცოცხლე. ჩასაფრებულ მედუქნისაგან გულგახეთქილი გოგო ისე მორბოდა სურით მხარზე, თითქო გულშეწუხებულისათვის უნდაო წყალი. ჩამოიღო სურა, მიაყუდა კუთხეში, მიიყუჟა ტახტის ბოლოს და თრთოდა შეშინებული, კბილს კბილზე აცემინებდა. - გოგო, რა დაგემართა, რა ნახე, რომ ცოდვილივით ცახცახებ. - დედი, დედიჯან! ვგონებ, უკან დამედევნა! მოვრბოდი, აი სახელოც დამახია. - რასა ჰბოდავ, გოგო? ვინ დაგედევნა? მცურავი ხომ არ დაგიხვდა შამბებში? - ჩაეკითხა გაფითრებული დედაკაცი ეონას და ხელი წაატანა. - თევდორა დამიხვდა ხევში, დამიჭირა, მიმათრევდა. - რას ამბობ, შე გულმკვდრის შვილო? როგორ თუ თევდორამ დაგიჭირა? რად დაგიჭირა? საით მიგათრევდა? - ჰკითხავდა გაშეშებული დედაკაცი ზედიზედ. როგორც იყო, აამბობინა ქალს, რაც შეემთხვა მას წყაროს გზაზე და ცოტათი დაწყნარდა: უარეს ამბავს მოელოდდა გულგახეთქილი დედა. - დახე იმ არა წმინდას! მეც არა ვსთქვი, რას გვეტმასნება მეთქი შეჩვენებული! მაგრამ, შვილო, ნურას ეტყვი შენ მამინაცვალს: აყვირდება, მთელ ქვეყანას შეგიყრის. ხომ არავინ დაგინახა, შე საცოდავო, ის კაცი რომ გეტანებოდა? რა ვქნა, შვილო, ჩვენი შავი ბედისაგან არაფერია გასაკვირველი. მეერიდე, გენაცვალე ი კაცს, თვალით აღარ დაენახო. ეს იყო მთელი ძალა და მფარველობა, რომელიც აღმოუჩინა დედამ თავის ქალს ამ გაჭირვებაში. რა უნდა ექმნა უმწეო გოგოს ან როგორ უნდა აესრულებინა დედის დარიგება, როდესაც კაცი არ ეშვებოდა და მეორე დღესვე რაღაც მოიმიზეზა, ურცხვად გადმოვიდა კაკლუასას. ათასნაირად გაქნილ-გაგეშილ უძღებს ეს უბრალო მარცხი როგორ შეაშინებდა თავის შეუკავებელ სურვილის აღსრულებაში. გაიგო თუ არა ეონამ თევდორას ხმა, მაშინვე გავარდა სახლის მეორე კარიდან და ისე მიიმალა საბძლის კუთხეში, ეშმაკიც ვეღარ იპოვნიდა. ბევრი უძახა კაკლუამ, ბევრი იჯავრა, ბევრი იყვირა, მაგრამ ვერ გამოსდევნა დამალული თავის ბუნაგიდან. - სად დაკარგულა, დედაკაცო, შენი გოგო, რომ ვერ დამისაქმებია? ან ცივი გვინდა, ან ცხელი, მომსვლელია ან წამსვლელი; ის დაწანწალებს უგზო-უკვლოდ და უსაქმოდ! შეუტია კაკლუამ ცოლს და თან სახრე აათამაშა, მარჯვედ აადევნა სახრის წვერი თითო-თითო სიტყვას. დედაკაცმა სიტყვა ვეღარ შეუბრუნა ქმარს და ისე ეჭირა თავი თითქო არცკი იცისო, ეონა რად დაიმალა ან სად გადაიკარგა. დიდ საფიქრებელში კი ჩააგდო ეონას დედა ამ შემთხვევამ, თევდორას ამისთანა ურცხვობამ. - დიდი განსაცდელი მოელის ჩემს ეონას ამისთანა დაუდევარ და შეუგნებელ მამინაცვლის ხელში. აქაო და ხანდისხან არაყს მასმევსო, დაიმეგობრა და სახლი შემოალახვინა ყველასაგან ავაზაკად მიჩნეულ კაცს, თითონვე ხელს უწყობს იმის ბინძურ სურვილებს სწორედ შეგვარცხვენს ეს თევდორა და არ ვიცი. როგორ ავიშორო თავიდან უბედურება, რა შავ ქვას ვაწყვიტო თავი, სად დავმალო ეს ცოდვის შვილი, სად გადავკარგო, ნეტა ერთი ნათესავი მაინც ჰყვანდეს ვინმე ამ საცოდავს, რომ გავგზავნო ცოტა ხნობით მაინც, - ღონობდა დედაკაცი და გზა ვერ ეპოვნა ხსნისა. ეონაც ამ გასაჭირზედვე ფიქრობდა და მის გაწვალებულ ფიქრსაც ვერავითარი სავანე ვერ ეშოვნა უზრუნველ-უშიშარი. არსაიდან სჩანდა იმედი. მხოლოდ თებერა თუ გამოვიდოდა მის მშველელად და ხელის ამპყრობელად. დედამიწის ზურგზე თებერას მეტი წრფელი მეგობარი და გულშემატკივარი არა ჰყავდა მას. ამას ჰგრძნობდა ქალი. რა უნდა ექმნა და როგორ გაეგებინებინა ბიჭისათვის, რა დარდი აწუხებდა მას, ან რა განსაცდელი მოელოდა? - ხომ ვერ გავიქცევი და ვერ ჩავახარებ, ასეთი საძრახი საქმე დამემართა და მომეშველე-მეთქი! დედაც ვერას ეტყვის: ის ხომ ვერაფერს მოახერხებს ხოლმე. ნეტა რა ვქნა, რა წყალში ჩავარდე?! - ღონობდა დაძმარებული. 12 შემოდგომა მიიწურა. სოფლად მუშაობა შემცირდა. დაუწყნარებელმა ზრუნვამ და შრომამ ნელ-ნელა დაუთმეს ადგილი დასვენებას და სიხარულს. ყოველგვარი საზრდო შემოგულებული იყო სახლში, იმედიანად იდგა კაცი და შეეძლო მცირე ხნით თავი დაეღწია წყევის უღლისათვის, რომელიც ქედს ადგა ადამიანთა უმრავლესობას და თავის სიმძიმით მიწამდისა ჰხრის მას მუშა პირუტყვივით უსპობს სახსარს აღმა მზერისას, ართმევს ყოველსავე სახეს აღმაფრენისას. ეხლა გლეხსაც შეეძლო ადამიანურად ამოესუნთქა და თავისუფლად ემოძრავნა: ან ცისათვის შეეხედნა და მის სიმშვენიერეზე გაეღიმნა, ან ჰაერში გაენავარდნა თავისუფლად იქ მიმომცურავ ფრინველებთან ერთად, ან ანკარა ნაკადულისათვის აეყოლებინა თავისი სურვილი და ყვავილთა შორის გაეშალ - გაეფანტა თავისი გულისთქმა. სოფელი გულჩათხრობილი აღარ იყო ეხლა და მოღუშული, იგი იღიმებოდა, იცინოდა, ხარხარებდა, კასკასებდა. ბევრი რამ ჰქონდა მას ახლა სამხიარულო: ნათლობა, ნიშნობა, ქორწილი, საღვთო, წვეულობა, ხატობა და ყველანაირი დღეობა. ეხლა მოჰგონებოდა, კუჭ-გამაძღარს და ბეწვ-დაბზინებულ სოფელს. თებერასაც ეხლა მხოლოდ დღიურ სამუშაოდ - კი აღარ იწვევდნენ მეზობლები, სამხიარულოდ და დროს გასატარებლადაც ახსენებდნენ. ღირდა კიდეც თებერას მიწვევა: კარგი მუშა რომ იყო ახალგაზრდა, თანაც გულახდილი და ხალისიანი სტუმარი იყო. სადაც მივიდოდა, თავის წილ მხიარულებას თან მიიტანდა. სწორედ ასეც უნდა. მაშ ის არის კარგი, რომ თან შავი ჩრდილი მოგდევდეს მასპინძლის გულის გასასიებლად და სიხარულის ჩასაქრობ-ჩასაშავებლად? ქორწილში წასასვლელად ემზადებოდა თებერა, ირთვებოდა. თავს იკაზმ-ილამაზებდა. თან იღიმებოდა: გული მხიარულად უცემდა ჯანსაღ და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას, სიამე ძარღვებს უთამაშებდა და უნებლიეთ ამოძრავებდა ჭაბუკს. სწორედ ხელს გაშლიდა და ჩამოუვლიდა დედაბოძის გარშემო, თუ ცეკვა სცოდნოდა დალოცვილს. რატომაც არ გაიხარებდა? ოდესმე ყველასაგან დაჩაგრულ-დაჩათინებული თებერა დღეს მეფის მაყარი იყო საუკეთესო ოჯახში! მარჯვედ უნდა შეხვედროდა დედოფლის მაყრიონს და თავმომწონედ, რომ ეჩვენებინა მათთვის, რა ტალიკ-ტალიკ ბიჭებსა ზრდიდა სოფელი გვერდნგრეული. ახალშენი კაცი იყო თებერა. მაგრამ მაინც მოახერხა სასტუმრო ტანისამოსის შეძენა. კოხტად ჩაწნულ-ჩახლართული ქალამნები თეთრ წინდებზე, თეთრი შალის შარვალი, ჩაღილულ საცვლებში ჩამაგრებული, თეთრი შალისავე შავ ჩაფარიშ მოვლებული მოკლე ჩოხა, ბჭყვრიალა ბალთა ღილიანი ქამარი, კოხტა ხანჯალი და ნაბდის ქუდი ქოჩორა თავზე - რა უშავდა? კარგი ბიჭი იყო! ეს კია, რომ მოჯამაგირეობისა და მეღორეობის დროს შუშპარი ვერ ესწავლა ჭაბუკს და მაშ დღეს ვერ შესძლებდა თავის ეონასთან დავლურში გასვლას. ეჰ, აქ სხვისათვის უნდა დაეთმო მას ბურთი და მოედანი, ბედიან ვისმე უნდა ჩამოსცლოდა გზიდან და კუთხეში მიმდგარმიჩულულიყო. რა ვუყოთ? უდარდელი და უხინცო კაცი სხვა ვინ გინახავთ ან როდის, რომ თებერა ყოფილიყო ეხლა სრული და მთლად კმაყოფილი?. აკი დაღონდა კიდეც ბიჭი, როცა ქორწილში გაჩაღდა დაირ-ნაღარა და თითისტარივით ჩამოტრიალ-ჩამობზრიალდა მოცეკვავე ახალგაზრდობა გულდაჩაგრული მოშორდა თებერა მხიარულ წრეს და შორიდან ადევნებდა თვალს თავის ეონას. როდესაც საუკეთესო მოცეკვავე ოჯახიშვილმა გამოიწვი ეონა, თებერას გული ეტკინა, მთლად ჩაიფუფქა-ჩაითუთქა. დაილია, დაპატარავდა. გაქრა ალაგობრივ ეონა თავისებურად დაღონებულ-დაფიქრებული შეცურდა წრეში და შეირხა. ჯერ ეშხი და სიმკვირცხლე არ ეტყობოდა მის მოძრაობას. მაგრამ ნორჩმა. ბუნებამ თავისი გაიტანა და გაიტაცა ქალი. ლერწამ ტანის მსუბუქმა და შეწყობილმა რხევამ ააღელვა ისეც აღფრთოვანებული ხალხი. აღტაცებაში მოიყვანა და უნებლიეთ საერთო ტაშით დააჯილდოვეს მოცეკვავენი. ეონა გახარებული გამოვიდა წრიდან და ჩადგა. ტოლ-სწორში ყელმოღერებული. დასანიშნმა ბიჭებმა სურვილით გააყოლეს თვალი წერწეტ გოგონას. სადედამთილოების მკილავი გულიც-კი მოლბა მისდამი ამ საერთო აღტაცების წამს. ძალიან ნასიამოვნები დარჩა ეონა და ბედნიერი. ოღონდაც რომ სასიამოვნო იყო დაჩაგრულისათვის მთელი საზოგადოების ყურადღება: დღეს ოჯახიშვილების ქალ-რძალიც-კი პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობოდა მას და განა ეს ბედნიერება არ იყო ყველასაგან აბუჩად აგდებულ გოგოსათვის? ეტყობა, მართლა არა ჰკარგავს ღმერთი თავის გაჩენილს და ერთხელაც იქნება წყალობის თვალით გადმოჰხედავს მას. მხიარულად იყო ეონა, წელში გაშლილი იდგა მწყაზარი, პირს შროშანა გადაჰფენოდა თეთრი, ერთი ათად ქცეულიყო ყარყატი. თებერა შორიდან შეჰყურებდა სატრფოს და ეშხით ითვრებოდა. - ახ, რა კარგი ხარ, შე წყეულო, რა კარგი! - იმეორებდა თებერა და გულში მუშტს იცემდა, სურვილთა გამოსახატავად. ”რა კარგი რამ ხარ, ხოხობო, რა კარგი რამ ხარო!” - მოისმოდა ეზოდან მწყობრი გუგუნი. - სწორედ ეონაა ჩემი ბედი და ყისმათი! უნდა დავნიშნო. ისე მოვაწყობ ოჯახს და დავამშვენებ, რომ მტერსაც-კი ეამებოდეს! არა, გენაცვა მა სულში? - ეკითხებოდა თებერა ქალს ფიქრით და თვალი აღტაცებით მიეპყრო ნორჩისათვის. 13 ბიჭის წრფელი გულისთქმა ესმოდა ქალის გულს. ეონაც თებერაზე ფიქრობდა ამ წამს, მისი თვალიც მას ეძებდა. უნდოდა, რომ ბიჭს შეენიშნა იგი ამ მისთვის სასიხარულო წამში, როდესაც ეონა სხვის გერი კი აღარ იყო დაფლეთილ-დაბრიყვებული, არამედ ქალი იყო მოწონებული, ოჯახიშვილების დარი და ტოლ-სწორი! - ხედავ, ბიჭო, არც მე ვარ მთლად გამორჩეულ-გამოწყვეტილი. რა ვუყოთ, რომ ობოლი ვარ და უმწეო-უპატრონო? ობლის მამა ღმერთია და აი ჩემკენაც გადმოიხედა დალოცვილმა. შენც ხომ ჩემსავით ობოლი ხარ, ბიჭო, და დაჩაგრულ-გაწამებული! - ფიქრობდა ეონა და სწყუროდა თვალი მოეკრა ბიჭისათვის, მაგრამ თებერა მიჰფარებოდა მის თვალთახედვას, და გული სტკიოდა ქალს. - ეჰ, ერთი ბედნიერი წუთი მხვდა და მაშინაც ვერა მნახა ი საწყალმა, ნეტა სად წასულა, სად დაკარგულა? - ფიქრობდა ქალი და ათვალიერებდა იქაურობას. ნეტა არ ეთვალიერებინა და არც აეხედნა! მთლად ჩაუშხამდა წუთიერი სიხარული ბეჩავს: დერეფანში გამოსულიყო თევდორა და ჩასისხლებული თვალები ხარბად მიეპყრო ეონასათვის. შეზარხოშებული, ვნებათაგან გახელებული კაცი მთლად ცხოველად გადაქცეულიყო და ამ წუთს სწორედ შესაზარი იყო მტაცებელის სახის გამომეტყველება. ქალმა თავის სულთამხუთავი დაინახა და შეკრთა, შეძრწუნდა, ათრთოლდა შიშისაგან. მაინც ხომ ბედის მწერელი იყო თევდორა ეონასი და სულთამხდელი ბოროტი, რადგან სურვილს და ვნებათა ღელვას ისე დაემორჩილებინა ვაჟკაცი, რომ გადაეწყვიტა, ყოველ ხერხისა და ავაზაკობისათვის მიემართა, ჟინი-კი დაეკმაყოფილებინა. თევდორა ნელა-ნელა იწევდა ქალისაკენ, უახლოვდებოდა მას.თუმცა პირდაპირ მასთან მისვლას ვერ ჰბედავდა. აგერ კიდეც შეერია ის ახლო მდგომ დედაკაცების ჯგუფში და დაიწყო მათთან ლაზღანდარობა და ღრეჭა. თვალს-კი მაინც არ აშორებდა თავის მსხვერპლს, უნდოდა თვალთა ისრით გაეგმირა ქალი და დაემონებინა. დედაკაცები იცინოდნენ მის ორაზროვან სიტყვა-შენიშვნაზე და თან თითს ტუჩებზე იფარებდნენ კდემის ნიშნად. ეონას გულში კი ყველა მისი ნათქვამი ზიზღს იწვევდა, ისე ეშინოდა მისი მიახლოვებისა, თითქო რამ ლორწოიანი რა ქვემძრომი მიიწევსო მისკენ. ქალი ვერ იძროდა ადგილიდან. არც შეიძლებოდა გარიდება და გაქცევა: მისი ტოლ-სწორი ქალი აქ იყო შეგროვილი და ის ვიღასთან წავიდოდა? ვეღარც ახერხებდა წასვლას: მუხლი წაერთვა, დამძიმდა, მიემსჭვალა იმ ადგილს უბედურს. ისა არის ხოლმე ადგილობრივ გაქვავებული გველის თვალებისაგან მოხიბლული ფრინველი, როდესაც ის იტანჯება და ვერ კი იძვრის ადგილიდან საზარელი ჩამნთქმელის მიახლოვებაზე. - რა ვქნა, როგორ დავახწიო თავი ამ ვეშაპს? სწორედ ჩემსკენ მოდის ის ღვთის გარეგანი! დედაც აქ არ არის. თებერა მაინც ახლოს იყოს, რომ დამიხსნას. თებერავ, ბიჭო, სადა ხარ? ხელი მომეც. შე ჩემი ცოდვით სავსე, ვიღუპები! ღმერთო, შენი ძალის და მადლის ჭირიმე, ჩააგონე თებერას, რომ მოვიდეს და დამიხსნას ამ ფოცხვერის პირიდან! - ლოცულობდა შერცხვენის მომლოდინე ქალი და თვალს რეტად ავლებდა გარემო. სწორედ საძრახს რასმე შეამთხვევდა ეს გველეშაპი უმწეო ქალს. გასაწბილებელ რასმე შეჰბედავდა თავწასული, თუ მხსნელი არ აღმოსჩენოდა და მშველელი: თებერა თავის მხრით თვალს არ აშორებდა ეონას, დღეს უფრო მეტად ასდუღებოდა მას სიყვარულის კოჭობი და ახლო ხლებას რომ ვერა ჰბედავდა, შორიდან შესტრფოდა თავის სიხარულს. მაშინვე შენიშნა იმან თევდორა და მისი გაუმაძღარი თვალი, მიხვდა მის მოძრაობის აზრს, დაინახა მისი ხერხიანი სვლა ქალისაკენ და გულს სისხლი მოერია. იგრძნო, როგორ იტანჯებოდა ეონა ამ ბოროტის მიახლოვებაზე და უკანასკნელ წუთს მოახერხა მიშველება: ის იყო ერთი ნაბიჯიღა აკლდა თევდორას ეონამდის, როდესაც თებერა მარჯვედ გადავიდა ქალისაკენ და დაუძახა: - ქალო, ეონა! გვერდელაანთ მარო გეძახის, მოდი, დაირა დაუკარიო. ეონა გამოერკვა შიშის ბურუსს და ისეთი მადლობით შეხედა თებერას, როგორც წმ. გიორგის ქალწულმა გველეშაპისაგან დახსნისათვის. მაშინვე გაჰყვა ბიჭს მოთამაშეთა მეორე წრისაკენ, რომელიც თუთის ქვეშ გროვდებოდა. - ეონა, გოგო, ვეღარ გამიძლია უშენოდ, გენაცვალე! - წასჩურჩულა გზაზე აღელვებულმა ახალგაზრდამ. ეონასაც ტკბილად მოესმა ბიჭის სიტყვები; ისე გამოაცოცხლა იგი ამ მიალერსებამ, როგორც გვალვისაგან ჩამჭკნარი რამ ყვავილი ცივმა წყალმა. - თავს შემოგევლოს შენ შენი ეონა! - ოდნავ მოესმა ბიჭს ხმა მაცოცხლებელი. თევდორამ ჯავრით კბილები გააკრაჭუნა, როცა თებერამ ესე მოულოდნელად აუფრინა მას წინიდან თეთრი მტრედი, და მოსისხლე მტრად დაესახა ბიჭს. მაგრამ თებერა ეხლა ბედნიერი იყო. იმისთვის აღარ არსებობდა არც თევდორა და მისი კბილთა ღრჭენა, არც სხვა რამ ბოროტება. ის ეხლა თავის გარშემო მხოლოდ ნათელსა ჰხედავდა, სიკეთეს და სიამეს. მთელი თავის ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე არსებით მიეცა ის უჩრდილო მხიარულებას. 14 ძალიან ცუდ გუნებაზე დადგა თევდორა, მთლად გაუშხამდა ქორწილის მხიარულება. ბოროტების ალმური ასდიოდა სახეზე, თვალთაგან ცეცხლს აფრქვევდა, ღიმილის მაგივრად ფილენჯიანივით იღრიჯებოდა, სალაღობო თქმის ბადლად სალანძღავ სიტყვებს ისროდა. სამხიარულო-კი ბევრი იყო გარშემო, სიცილ-ხარხარი და ყიჟინა მთელ სოფელში გაისმოდა, ზურნის ძახილი ზეცას სწვდებოდა. ეს ამოდენა მორთულ-მოკაზმული სტუმრები, ეს უხვი სანოვაგე, წითელი ღვინო ღვარივით, ოხუნჯობა და სიტყვა-წყლიანობა, ცეკვა-თამაში, არშიყობა, ლექსობა თუ შაირობა, რა გინდა, სულო და გულო, რომ იქ არ იყო კაცის გუნების სამხიარულოდ, გადასაფურჩქნად! რაღა ადგილი ჰქონდა იქ სიბოროტეს და დაძმარებას?! მაგრამ ადამიანის გული თავის საზომითა ჰზომავს ყველაფერს. თევდორას გული უკმაყოფილებას აეპირთავებინა, ბოროტებას აედუღებინა და ამჟამად მასში აღარავითარ სხვა გრძნობას აღარა ჰქონდა ადგილი და სავანე. არ იქნა, ვეღარაფერმა გაართო ვაჟკაცი. ეხლა მას ერთადერთი საგანიღა ჰქონდა ცხოვრებაში: ერთ წამს შეუზღუდავ მფლობელად შექმნილიყო ეონასი, ჟინი მოეკლა, გამოეწურ-გამოეჟურა მისი არსება და მთლად გამოფიტული გადაეტყორცნა იგი დამცირების ჭაობში. მაგრამ ფონს ვერ გადიოდა და იტანჯებოდა ბოროტად. შეუყენებელ ნდომას შთაენთქა მასში ყოველივე სხვა მისწრაფება, იგი ნდომა რკინის სალტასავით შემორტყმოდა მის არსებას და აშთობდა უწყალოდ. ამ ჟამს მხოლოდ ეონა უნდა მას, ეხლავე ჰსურს მიეახლოს მას, მიეკროს, ხელში იგრძნოს მისი თბილი სხეული და თავს შემოივლოს, ინაცვალოს. ამ ერთ ნდომას სხვა ყოველივე მისი აზრი, გრძნობა ან მისწრაფება შეებოჭა, დაემონავებინა, გაენადგურებინა. ეხლა თევდორა მხოლოდ განხორციელებაღა იყო ეონასადმი მისწრაფებისა, ხოლო ეონა ერთადერთი მიზანი ამ განხორციელებისა. გაბოროტებულმა კაცმა ღვინოს დაატანა ძალა, მაგრამ ვეღარც ღვინომ უშველა: არამც თუ არ ჩაანელა მისი ნდომა, უფრო გააფიცხა იგი. გააძლიერა; სასმელი ნავთად ესხმოდა მის გულში აღგზნებულ სახმილს, აპრიალებდა მას და ტანჯვას უათკეცებდა. ეხლა ეონა უნდოდა მას მხოლოდ ვნებათა ჩასაქრობელად და დასაოკებლად, მხოლოდ ხორციელი არსება უნდოდა, მისი სხეული, თვით ქალი-კი სძულდა მას განუსაზღვრელი სიძულვილით, თვით პიროვნება ქალისა სამტროდ აღძრავდა მის მოქმედ ნებას. - ახ, ერთი სურვილს ავისრულებდე და მერე ჩემის ხელით დავახრჩობდი ჩემს მტანჯველს! თუ არ დავინებიე, ვერ გავძლებ, ვერ ვიცოცხლებ. მიყვარს და მძულს! თუ ჩემი ხელშივე არ მოვსპე ის ჩემი უარმყოფელი, მე თითონ მოვისპობი ბოღმით! ღვინომ სახმილი ვერ დაუშრიტა თევდორას, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა: გალახა კაცი, მუხლთ მოჰკვეთა, გონება აჰხადა, მოადუნა, გაქელა. მეორე დღეს რომ გამოეღვიძა ნაბახურევს ისევ ეონას სახე დაუდგა თვალ წინ და ცხადად წარმოუდგა გუშინდელი თავისი აზრები თუ გრძნობები. ცოტა არ იყოს, შერცხვა თავისი უცნაური გულისთქმისა და ცდილობდა მოეგონა, ხომ მოუხეშავი რამ საქციელი არ ჩაიდინა, ან უაზრო რამ არ წამოროშა და უნებლიეთ არავის გაუზიარა თავისი ხვაშიადი. მაგრამ მეხსიერება ამისთანას არაფერს უკარნახებდა კაცს და ის ცოტათი დაწყნარდა. მაინც საჭირო იყო დარწმუნებულიყო ამაში. პირი დაიბანა, ჩაიცვ-დაიხურა. დუქნის წინ გაიარ-გამოიარა ულვაშების გრეხით, გადიარა კაკლუას ეზოსაკენ და გამოეხმაურა გზირს. კაკლუამ მხიარულად მისცა პასუხი, მისი ცოლი მეამიტად მიემშვიდობა. - მადლობა ღმერთს, არაფერი შეუნიშნავს ცუდი! - გაიფიქრა თევდორამ და გააბა გუშინდელ ქეიფზე საუბარი. ბევრი ილაპარაკა თევდორამ, ბევრი ათვალიერა ეზოცა და დერეფანიც, მაგრამ ქალს თვალიც ვერსად მოჰკრა. დაბრუნდა შინ ისევ ნაწყენი და შეუდგა ისევ იმის ფიქრს, რომ გოგოც ხელში ჩაეგდო და წყალიდანაც მშრალი გამოსულიყო, ხოხობიც დაეჭირა და ბარდებიდანაც დაუკაწრავი გამომძვრალიყო. ბევრი ბოროტი აზრი დაებადა თავში, ბევრი ეშმაკურად მოჭახრაკებული ხერხი წარმოუდგა ოცნებაში, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ განხორციელდებოდა: თევდორას ეშინოდა სისრულეში მოეყვანა თავისი გულისთქმა მის მოქმედ ნებას დარაჯად იდგა მისივე შიში, რომ ავაზაკობისათვის სამართალს არ ჩაჰვარდნოდა პირში. იმ ხერხებით ქალის ხელში ჩაგდება ძალიან სახიფათოდ მოჩანდა. - რა მომივიდა, რა, რომ მაშინ ავჩქარდი და წავეტანე! უდროვო დროს გამოვამჟღავნე ჩემი სურვილი. კიდევ კარგი, რომ დამალა - მაშინ და არაფერი უამბო ან თავის დედას ან თავის ავღან მამინაცვალს. ნელ-ნელა რომ შევპაროდი, ჩემებურად გავწალდავდი საქმეს. მაგრამ ეხლა გვიანღა არის. ეხლა მეტი ღონე არ არის. ჩემ უკანასკნელ ხერხს უნდა მივმართო. გავიმარჯვებ, უთუოდ გავიმარჯვებ! სულ თებერამ კი მიყო, შეჩვენებულმა. არ შევარჩენ. მოვალ ი მეღორის ოხტიდანაც! -ფიქრობდა თევდორა. ეონა-კი თევდორას ხმის გაგონებაზე თრთოდა და იმალებ-იჩქმალებოდა, კაცის სახეს რომ წარმოიდგენდა, გული შიშით უსკდებოდა და ცუდი წინათგრძნობით უკვნესოდა. - დედი, დედიჯან! მიშველე რამე, დამიხსენ უკეთურის ხელიდან, თორემ გამაუბედურებს. მდიდარია და ძლიერი, ვინ დამიფარავს იმისაგან?! ვინ გადაეღობება იმას წინ?! - ეხვეწებოდა ეონა დედას, როდესაც თევდორა მოშორდა კაკლუანთ ეზოს, და თვალებს აფეთებდა, როგორც ეშმაკეული. 15 თევდორას რომ ესე ბოროტად მოსდომნოდა ეონა და ისწრაფოდა დაეკმაყოფილებინა თავისი წუთიერი სურვილი, თებერაც ამავე დროს გაეტაცნა ეონაზე ფიქრს, გარნა ეს მისი ფიქრი ნაზი იყო, როგორც ყვავილის ფურცელი; ჭრელი, როგორც პეპელის ფრთა; ანკარა, როგორც მთის წყარო; ნათელი, როგორც სხივი მზისა. თებერასაც ძლიერ მოჰსურვებოდა ეონა, მაგრამ იმისათვის კი არა, რომ თავს შემოევლო ის და მერე გადაეტყორცნა ან დავიწყების, ან სიბოროტის უფსკრულში, არამედ იმისთვის, რომ თითონ თავს შემოჰვლებიყო მას, მისი თანამგზავრი გამხდარიყო ცხოვრებაში და საფლავის კარამდის აღარ მოჰშორებოდა თავის ბედისწერას და სიხარულს. - ობლობა გამოვიარე მწარე, დედა მე აღარ მახსოვს და მამა, დაი მე არ გამაჩნია და ძმა, არასოდეს გულშემატკივარი არა მყოლია, არც მოყვარული, გული-კი ეძებს ნათესავს თუ მეგობარს. ეონა უნდა დაენაცვლოს ყველას, თითონაც ხომ ობოლია და დაჩაგრული. გავახარებ, ობლობას დავავიწყებ. ჩვენ საწყალ კერას ავახმაურებ, სახლის ანგელოზს გავამხიარულებ. ღმერთო და წვერის წმინდა გიორგივ, კეთილი ყურით ისმინე ჩემი სიტყვა; ხელი მომიმართე! - ფიქრობდა ბიჭი და ემზადებოდა, ყველაფერი გაემჟღავნებინა ეონასათვის. მაგრამ საქმის შესრულება არც ისე ადვილი გამოდგა, როგორც ეგონა: ბიჭს ვერ მოეხერხებინა შეეტყობინებინა ან ქალისათვის ან მის დედისათვის თავისი სურვილი, ვერა ჰბედავდა, ვერც სხვისთვის მიენდო სიტყვა. ან ვინ უნდა დაესაქმებინა სანდო, როცა ბიძა-ძალუა მტრად მოჰკიდებოდნენ მას და არაფერს კეთილს არ მოისურვებდნენ მისთვის. სხვა გამოცდილი და მისანდობი მახლობელი-კი არავინ ჰყვანდა. თუ თითონ მისულიყო და თავის პირით ეთქვა ყოველივე, ესეც ვერ გაებედნა: სცხვენოდა და ეხათრებოდა, ცოტა კიდეც ეშინოდა. ტყუილად-კი ღონდებოდა თებერა: ბედი ჯერ მისკენ იყო და მას უღიმოდა. თებერამ ერთ დილას თვალი მოჰკრა, რომ ეონას ძროხა მიჰყვანდა ტყის-პირისაკენ. სადაც ნახირი სძოვდა: ფური ვერ მოეწველათ თავის დროზე, ვერც მწყემსისთვის გაეტანებინათ და ეხლა თითონ ეონას მიჰყვანდა ნახირში. მსწრაფლ გაუელვა ბიჭს ბედნიერმა აზრმა. შევიდა. შემოიკრა წელზე ხელსახოცით პური, გაიდო მხარზე ნაჯახი და გაუდგა ტყის გზას. მშვენიერი იყო ბუნება, მომხიბლავი. ახლად ამოსულ მზეს ოქროს ფრად დაევარაყებინა შეყვითლებული ფოთლები; ტრიალ მინდორზე აქა-იქღა მოსჩანდა თივის ზვინები; შემოდგომის სუსხისაგან მოშუშულ მდელოს ვეღარ ახარებდა მზის სხივი და გულ-ჩათხრობილი იყო არემარე, სასტიკი ზამთრის მოლოდინით დაღონებული. ნათელ სხივებს და ლაჟვარდ ცას მოელამაზებინათ ბუნება, მაგრამ იგი მისი სილამაზე ხნიერი კეკლუცის მორთვასა ჰგვანდა და მოკაზმვას: გული იმისავითა ჰქონდა სევდით მკვდარი, იცოდა, რომ მისი სიმშვენიერის დღეები დათვლილი იყო, რომ კარს ედგა ზამთარი, დაუნდობელი, რომლის ერთი სასტიკი დაბერვა კმაროდა, რომ გაეცრიცა მის ღაწვებზე ციაგი, ჩაეჭკნო და ჩაელურჯებინა მის ლოყებზე ვარდის ფურცელი, მოეშუშა და მოესპო მისი სიკეკლუცის ყვავილები, შემოეძარცვა მისთვის ნათელი მშვენიერებისა და შორს გაეტყორცნა სავალალოდ განხმელი, ცხოვრების მეჯლიშიდან გარიყული. მზის სხივებით მორთულ-მოკაზმული ბუნება გულის სიღრმეში გრძნობდა ყველა ამას და შიგა და შიგ კვნესოდა დარდიანი, მისი წიაღიდან დროთი-დრო გმინვა გამოისმოდა სევდის მომგვრელი. სურვილით გატაცებული თებერა-კი ვერა გრძნობდა ყველა ამას, ვერა ჰხედავდა, ვერც ამჩნევდა. მას თვალი მიეპყრო თავის ბჭყვრიალა ბედნიერებისათვის; მხოლოდ მასა ჰხედავდა იგი, მხოლოდ იგი ერთი არსებობდა მისთვის ეხლა მთელ დუნიაზე. ეონამ შეურია ძროხა ნახირში, ერთ წამს შეჩერდა და მერე გადაუხვია განმარტოვებულ პანტისაკენ, რომელიც ტყეს გამოსცლიყო, მინდორზე იდგა განცალკევებული. პანტის ხეც წითელ ყვითლად აფერადებულიყო. მაგრამ ეს მისი ფერად-ფერადობა სიხარულის ნიშანი არ იყო, იგი სიმძიმილის ნასახი იყო და ავადობისა. ეონა ჩამოჯდა პანტის ფესვზე, უიმედოდ ჩამოჰყარა მკლავები. მძიმე ფიქრს მიეცა თავის დაღონებულ ყოფაზე: თან ყურს უგდებდა, როგორი გმინვით ჰშორდებოდა ფოთოლი ამზრდელ რტოს და ძირს ეფინებოდა უნუგეშოდ. ფიქრებში წასული ქალი შეკრთა, როდესაც თებერა წაადგა თავს და მიემშვიდობა. - დილა მშვიდობისა, ქალო! აქ რამ მოგიყვანა ესე ადრიან? ვაჟკაცის ხმაზე ზე წამოიჭრა ეონა, მაგრამ მოღიმარე ბიჭს რომ შეხედა, გული გაუნათლდა და დაწყნარდა. სალამზე სალმითვე უპასუხა. ბიჭი ერთხანს იდგა ქალის წინ უაზროდ და ირხეოდა უღონოდ: ენა დაება, ბაგე ვეღარ გახლიჩა, სიტყვა ვეღარ დასძრა. ქალმა იგრძნო მისი უხერხული მდგომარეობა და მიეშველა: - გეტყობა, ტყეში მიდიხარ; ალბად შეშა უნდა ააგროვო. - არა, ქალო, ტყე მხოლოდ მოვიმიზეზე: თვალი მოგკარი, რომ მოდიოდი და ცულს ხელი დავავლე, ვითომ ტყეში მქონდა საქმე. ქალმა ხმა არ გასცა, თავი ჩაღუნა, თვალები ძირს დაუშვა. - ვეღარ გამიძლია, გოგო, უშენოდ. თუ შენ არ მეყოლები გვერდზე, მე სოფელში დამდგომი აღარა ვარ, ისევ გადავიკარგები სადმე. ქალს ელდასავით ეცა თებერას სიტყვა; ეს ბიჭი ერთად ერთი მისი მეგობარი იყო და გულის შემატკივარი, თუ ესეც წავიდოდა სოფლიდან, მთლად უბედური დარჩებოდა და მზე დაუბნელდებოდა. - ნუღარსად წახვალ! ცოდვა არა ხარ, ისევ მოჯამაგირედ დადეგ სადმე? - წარმოსთქვა ქალმა და თვითონვე გაწითლდა თავის სიტყვაზე. - რახან შენ მითხარ, ფეხსაც არ მოვიცვლი! სად ჯანაბას წავალ, ან სად გავძლებ უშენოდ? ოღონდ შენ-კი უარს ნუ მეტყვი, გენაცვალე, და წავალ, შევეხვეწები თქვენებს, შენს თავს ნუ გამომწირავენ მე. ქალი თავდახრილი იდგა და კაბის კალთას სჭმუჭნიდა ხელში. გული სიხარულით ევსებოდა, სიტყვა-კი ვერ დაეძრა ბიჭის სანუგეშებელი: სცხვენოდა, მთლად გაეზიარებინა ბიჭისათვის თავისი გულის ნადები. თვალები-კი უბრწყინავდა სიხარულით, ბიჭს ქვეშ-ქვეშ გაჰყურებდა. თებერამ ნახა, რომ პირი მისკენა ჰქონდა გოგონას და წახალისდა: - მითხარ, გოგოჯან, თუ წამომყვები, თორემ, ღმერთსა ვფიცავ, თავს მოვიკლავ! იქნება სხვა ვინმე მოგწონს, სხვაზე შეგვარდნია გული და გინდა იმას გაჰყვე? - უწინამც დღე დაელიოს შენს ეონას! - ამოიღო ხმა ქალმა და უსაზღვრო სიყვარულით შეხედა ბიჭს. თებერას ცა გაეხსნა, უნდოდა ეხლავე მოჰხვეოდა თავის სატრფო-საბედოს, მკლავიც-კი გაშალა შემოსაჭდომად, მაგრამ შეწითლებულმა ქალმა უკან დაიწია და ჭაბუკმაც ვეღარ გაჰბედა შემოხვევნა. 16 ქალ-ვაჟის სასიყვარულოდ შეხვედრამ სიხარული და სიამე მოჰფინა ამ დაჩაგრულ ხალხის გარემო და კეთილად აახმაურა იგი კუთხე. უდარდელად აამღერა, ხალისიანად გააღიმ-გააცინა. ეონა აღტაცებული დაბრუნდა შინ და მაშინვე ჩაახარა თავის საიდუმლო თავის დედას. დედაკაცი ჯერ შეკრთა და დაიბნა. - გოგო, შე გულკვდრის შვილო, ის ბიჭიც ხომ თევდორასავით არ გატყუებს? ვინ იცის, რა ცუდი აზრი ჩაიდო გულში და შეცდენა უნდა შენი. - არა, დედიჯან, ძალიან კარგი ბიჭია თებერა! ისე ვუყვარვარ,ისეთი თავგადაკლულია, რომ... იცი დედიჯან ბევრი რამე უნდა ეთქვა, მაგრამ შეეხათრა, მაშინვე წავიდა. - იქნება გაკოცა კიდეც, შე გაგლეჯილო?! - არა, ღმერთმანი, ხელიც არ უხლია საწყალ ბიჭს. ეონას დედამ სიამოვნებით მიიღო ეს კეთილი ამბავი, თუმცა ეჭვით უყურებდა ქალის ნაამბობს ვაჟის ქცევის შესახებ; ვერ წარმოედგინა, რომ ბიჭმა გოგო გაიმარტოვოს, სიყვარული გამოუცხადოს, თანაგრძნობა ნახოს და ისე ჩამოჰშორდეს, კოცნაც კი ვერ გაუბედოს. ვაჟკაცის მხრივ ესეთი მოკრძალება არ გამოეცადნა მას. თითონ აგერ ორჯერ იყო გათხოვილი და კაცები ესე ფაქიზად და ფრთხილად სრულებითაც არ მოჰპყრობოდნენ მას. პირველი ქმარი ხომ აზნაურობის მაძიებელი იყო და იმასაც-კი არ ესმოდა ასეთი კეთილშობილური ქცევა. არ იცოდა დედაკაცმა, რა ფრთხილია ნამდვილი სიყვარული,როგორი მოკრძალებული და გაუბედავი. მალე გამართლდა ეონას სიტყვა: თებერამ იმ საღამოსვე შეატყობინა ქალის დედას თავისი სურვილი. ამის შემდეგ თებერა ხშირად გადადიოდა კაკლუასას: ხან საპერანგე მიჰქონდა გამოსაჭრელ-შესაკერავად, ხან საახალუხე, ხან ხილს რასმე მიართმევდა მეზობლურად ან კაკლუას ხელს წაახმარებდა რამე სამძიმო საქმეში. ღობეს ჰკოცნიდა ყურძნის სიყვარულით, ეონას სიახლოვე სწადდა და მიზეზს იდებდა. თუ სადმე გოგოები დაირ-ნაღარას გააჩაღებდნენ, იქაც გვერდით ამოუდგებოდა თავის ეონას და ღიმილად გადაქცეული შესცქეროდა. ქალ-ვაჟი თანდათან ეჩვევ-ეთვისებოდნენ ერთმანეთს და სიყვარული უცხოველდებოდათ. წინდაწინ რომ პირობა დადეს, სააღებღამოდ ბარემ ნიშნობაც და ქორწილიც ერთად უნდოდათ გადაეხადნათ. ეს ამბავი ჯერ სამთა საიდუმლოს შეადგენდა, მაგრამ კაკლუასაც მალე განუცხადებდნენ. ისიც იცოდნენ, კაკლუას ეონას ბედ-იღბალი სრულებითაც არ აფიქრებ-აღონებდა, იმისთვის სულ ერთი იყო, ვის გაჰყვებოდა გოგო, ოღონდ-კი თავიდან მოჰშორებოდა მას. მაინც კაკლუასაგან არაფერი დასაწუნი არა ჰქონდა გამრჯე ახალაგაზრდას. ქალ-ვაჟის დაახლოვება მამინაცვალს რომ სრულებით არ აღონებდა, არც აფიქრებდა, ის რომ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ამ დაშინაურებას და არც-კი ამჩნევდა ამას, თევდორას პირიქით ეს მათი დაახლოვება ჯავრით გულს უპობდა. ახალგაზრდების არც ერთი მოძრაობა არ გამოჰპარვია მას. ის თავიდანვე მიხვდა თებერას აზრს, გაითვალისწინა, რა ადვილი შესაძლებელი იყო, ეონა ხელიდგან გამოსცლოდა მას, მთლად მიუწვდომელი შექმნილიყო მისთვის და ტვინი აემღვრა ბოროტად, აირია კაცი. სწორედ რასმე ავაზაკობას ჩაიდენდა და სამართალში გააბამდა თავს, თუ უკვე ხასიათად გარდაქმნილი სიფრთხილე და შიში არ აჰყოლოდნენ წინამძღვრად და ხელმძღვანელად. იფიქრა თევდორამ და გადაწყვიტა: ისევ მხოლოდ თავის თავს მიჰნდობოდა და არავისთვის გაეზიარებინა თავისი გულის ნადები. აქამდის ხომ საკუთარის მოხერხებით თუ თაღლითობით გაეტანა თავისი ლელო, აქამდის ხომ მოყვრის ღალატი იყო მისი გზა, ხოლო ულმობლობა მისი იარაღი და ეხლა რაღად უნდა ემტყუნა ნაცად-ნაცნობ გზას? სწორედ იმავე გზას უნდა დაადგეს გამოცდილ-გამოწვრთნილი. ამ გზაზე დაჰყვანდა თევდორა იმ მავნეს, რომლისათვისაც სული მიეყიდნა მას და რომელსაც სანაცვლოდ აღეთქვა მისთვის დახმარება ყოველივე საეშმაკო საქმეში? ისევ რბილ ეკლად უნდა გადაქცეულიყო ბოროტი, შეყვარებულად და კეთილსაიმედოდ უნდა მოეჩვენებინა თავი ეონასთვისაც, მის ოჯახისთვისაც; სამართლიან გზაზე უნდა შემდგარიყო უსამართლო, კეთილთა ბილიკს უნდა დასდგომოდა ბოროტი; ცხვრის ტყავი უნდა წამოესხა მგელს მტაცებელს, ისე უნდა მიახლოვებოდა ჩასანთქმელად კრავს უსიტყვოს. შორიდან მოვლა და დაყოვნება აღარ დასჭირდა თევდორას ამ გზაზე, რადგან გარემოებებმა საქმე ააშურ-ააჩქარეს. გავრცელდა ხმა, თებერა ეონას თხოულობსო. სოფელში აბა რა დაიმალებოდა? ნიშანი დღე-დღეზე იქნებაო. თევდორამ თითონაც იცოდა, რომ თებერა აქეთკენა სწურავდა თავის აზრს თუ მოქმედებას. მსწრაფლ ამავე იარაღით შეებრძოლა თავის მეტოქეს, რომ თავისკენ მიეღრიჯ-მიებრუნებინა ხელიდან წასული საქმე. 17 - თუ ვიღაც თებერა მოახერხებს ქალის თხოვნას და დანიშვნას, მითომ მე რაღა იმაზე ნაკლები ვარ? წუნს რასმე დამდებენ და უარს მეტყვიან თუ! რომელი ოჯახის ქალი ვითხოვო, სიხარულით არ გამომყვეს! ნახეთ, როგორ გაეხარდეთ კაკლუანთაც და გოგოსაც! ჩაქშახეულ ეონას სიზმრადაც არ მოსჩვენებია ამისთანა ბედი და იღბალი. სოფელში კი ძალიან გაუკვირდებათ, როცა გაიგებენ ამ ახალ ამბავს. კაკლუაანთ ეონა და თევდორას მეუღლე! კონკია ჟღარუნა და ამოდენა სიმდიდრე! სწორედ ბედნიერი ზმანება იქნება მისთვის და სიზმარივითაც გაუქრება ეს ბედნიერი ჩვენება იმ შეჩვენებულს. ახიც იქნება: მომაჯადოვა ვაჟკაცი. სწორედ სიყვარულის წამალი მომცხო. ბელგას მივცემ, სახლში შევალ, ნიშანსაც ვაკურთხებინებ და მერე... ის ცოცხალთ იციან, მკვდარს საითაც უზამენ თავს! - ფიქრობდა ეშმაკის კვალზე შემდგარი და ბოროტად იღიმებოდა. თევდორა უკვე გამარჯვებულად სთვლიდა თავის თავს, რახან გარკვეულ გზას დასდგომოდა, და სიამოვნებდა იმ სურათის ხილვით, რომელიც დაეხატნა მისთვის მის აღგზნებულ ოცნებას, მის გაშმაგებულ მისწრაფებას. აწ შემკრთალ-დამფრთხალი გოგო, მაშინ დამშვიდებით მიენდობოდა მას, იმედიანად დაუახლოვდებოდა თავის დანიშნულს, ნდობით დაეყრდნობოდა ამის მარჯვენას და გაეღებოდა თევდორას სამოთხის კარი, აუსრულდებოდა ნატვრა. მერე ბატონი გახდებოდა ქალისა, სრული მისი ბრძანებელი. ეონა მჩვრად იქცეოდა მის ხელში, უბრალო რამ ძონძად, ლაფანივით მოიქნებოდა მის მკლავზე. მაშინ ჩაუნელდება ვაჟკაცს მწვავე სურვილი, მთლადაც ჩაუქრება! მაშინ, დეე, მოვიდეს მისი თებერა და უშველოს, სადაც უნდა წაიყვანოს! რახან სამოქმედო გზა გაიკვლივ-გაითვალისწინა თევდორამ და თანაც ისეთი გზა, რომლითაც, ჯერჯერობით მაინც, საჯაროდ სვლა შეიძლებოდა, მაშინვე შეუდგა წადილის განხორციელებას: მომქმედი კაცი იყო, ბევრი ყოყმანი არ უყვარდა, აღარც შეიძლებოდა დახანება. თუ მაშინვე არ მოჰკიდებდა ხელს, ქალი სამუდამოდ დაუძვრებოდა მას ბრჭყალებიდან, ისე გაუფრინდებოდა მას ეს ხოხობი, რომ მისი ერთი ჭრელი ფრთაც არ შერჩებოდა ხლში. აღარც თითონ ვაჟკაცს შეეძლო მეტი მოთმენა: ნდომამ ძალიან დაჰრია ხელი და დაიმორჩილა. ამ მდგომარეობაში თევდორამ ისევ კაკლუა წაიმძღვარა წინ, მის კალთას ჩასჭიდა ხელი და აჰყვა ეონასაკენ. - დიდება შენდა, ღმერთო! - ეუბნებოდა შეზარხოშებული კაკლუა თევდორას, - აბა რა მომაგონებდა. ჩვენი ეონა მოგვწონდა და იმის სანხავ-სასინჯავად გადმოდიოდი ჩვენსა? იმ თავითვე ბედი კი ჰქონდა მა გოგოს, მე და ჩემმა ღმერთმა: ჯერ ერთი, რომ მშიერ-მწყურვალი ჩემს ოჯახს შემოვაფარე და ეხლა კიდევ, დახე, საუკეთესო კაცის ცოლი უნდა გახდეს სოფელში, ყველაზე მდიდარი ოჯახის პატრონი! - ძალიან გულში ჩამივარდა, ჩემო სასიმამრო, შენი გერი! ვიცი, რომ არც ისე ლამაზია, მაგრამ გულმა იმისკენ გაიწია და აბა ადამიანი სად წაუვა თავის გულს?! დალიე, ოჯახის ახალი სული დამილოცე! - ოღონდაც, რომ ვერსად წაუვა! განა მე-კი კარგი ოჯახის ქალები არ მეძლეოდნენ, ქალწულები და ლამაზები, მაგრამ დავინახე თუ არა ეონას დედა, მაშინვე თვალები ამება. გაჰქირი ცხენივით შევდექი იმის კარს, ვეღარ დამძრეს და ვეღარ! ისე მეგონა, იმის მეტი ქალი ქვეყანაზე აღარ არსებობს-მეთქი! - ეგა თქვი და! რაკი ეონა მომივიდა თვალში, ვეღარც ერთ ქალს ვეღარ შევხედე საჩემოდ, თორემ შენ კარგად იცი, რომელი ოჯახიდანაც მინდა, იქიდან გამოვიყვან საცოლეს! - ჰაი, ჰაი, რომ გამოიყვან! მართლა და ძალიან-კი მოგდევენ, ქალები. ისე მოფრინავენ შენსკენ, როგორც პეპელა ჭრაქისაკენ. ვიცი ყველაფერი! ნეტა რაღა ეშველება ეხლა უშენოდ გვერდელაანთ ფეფენას? - უთხრა კაკლუამ და თან სახრის წვერი მუცელში წაატაკ-წაუღიტინა ნიშნად ხუმრობისა და დაახლოებისა. კაკლუა სიხარულით ფეხზე აღარ იდგა, რაკი სასიძოდ ამისთანა მდიდარი და ძლიერი კაცი იშოვნა. ფიქრადაც არ მოსვლია, რომ შეიძლებოდა ეონა არ გაჰყოლოდა თევდორას, ან ეონას დედა თუნდ ერთ წამს შეყოყმანებულიყო ამ საქმის თაობაზე. კაკლუამ მხოლოდ შეატყობინა ცოლს, თევდორა ხვალ საღამოს ბელგის მიცემას აპირებს და ეონა სუფთად ჩაცმულ-დახურული დაგვახვედრეო. ეონას დედამ ხმაც ვეღარ ამოიღო საწინააღმდეგოდ. ჯერ ერთი, რომ თევდორა უფრო ჭკუაში დაუჯდა სასიძოდ, ვინემ ღატაკი თებერა, და თუნდაც ასე არ ყოფილიყო, რა წინააღმდეგობას გაუბედავდა დაჩაგრული დედაკაცი, როდესაც გახალისებული კაკლუა თან ბრძანების კილოთი ეუბნებოდა დედაკაცს, თან შოლტივით მოქნილ სახრეს გველივით ზნექდა მის ცხვირწინ. იცოდა დედაკაცმა ამ სახრის უნარი. ნაგრძნობი ჰქონდა, როგორ ასპიტი გველივით იცოდა იმ სახრემ თეძო-გვერდებზე ჩახვევ-ჩაწმახვნა. მეტი გზა აღარ იყო, უნდა როგორმე გაეგებინებინა ეს ახალი ამბავი ეონასათვის. არც ისე ძალიან აფიქრებდა ეს: თითონ დარწმუნებული იყო, რომ ეს ახალი ბედი ათასჯერ სჯობდა უკვე არჩეულ სასიძოს და ძნელი არ ეგონა თავისი ქალიც დაერწმუნებინა ამაში და დაეთანხმებინა. 18 მშვენიერ გუნებაზე იყო კაკლუა. შუადღის უკან უბანშიაც-კი აღარ ჩაიარა საჩხუბრად. ეზოში ჩხირკედელაობდა, იქაურობას ალაგებდა. ძველი ურემი გვერდზე მიაგდო, ჩამოყრილი შეშა თუთაზე ააყუდა, წუმპე გაშხიპ-გადახვეტა. ნახირი რომ მოვიდა, ძროხები თითონ შერეკა ბაკში და თან თითო-თითო სახრე უცხუნა. საჭირო-კი არ იყო, - ძროხა თითონაც მიდიოდა თავის ადგილას. არც ეონას დედა იჯდა გულხელდაკრეფილი: სახლი და დერეფანი გამოგავა, ეზო გადაგავა, წყალი მოადრეობით ამოიტანა, სახლი მიალაგ-მოალაგა. ბოლოს თავი დაიხურა, კავი დაიხუჭუჭა, ლეჩაქი გადაიფარა და ქალს დაემსგავსა, დიასახლისს. სრულებითაც ვეღარ იტყოდი, კაკლუას გემოვნება არა ჰქონია, ქალის არჩევა არა სცოდნიაო. ძვირფას სტუმრებს მოელოდნენ კაკლუაანი, საუკეთესო ოჯახი მიდიოდა მათთან სამოყვროდ და ჰხამდა გულღიად და მხიარულად დახვედრა. ყველაფერი განემზადებინათ მსხვერპლის შესაწირავად. თვით მსხვერპლი-კი არსად ჩანდა. ეონა არსადა ჩანდა არც სახლში, არც ეზო-ყურეში. საპატარძლო სახლის უკან ჩამომჯდარიყო კუნძზე და თებერას კარს გაჰყურებდა წყალწაღებული. მაგრამ თებერას კარმიდამოზე არავინა ჭაჭანებდა, მისი სახლი დახშული იყო დღეს და დაკეტილი. - ნეტა სად წასულა და სად გადაღუპულა ი ჩემი ცოდვით სავსე? - ფიქრობდა ეონა დაღონებულ-დაძმარებული. - თვალი მაინც მომეკრა, რომ გამეგებინებინა ჩემი განსაცდელი. თევდორა გთხოულობს, ძალიან შეჰყვარებიხარ, დღეს ბელგა უნდა მოგცესო. არ მინდა არც თევდორა, არც მისი სიყვარული. არც მისი ბელგა! აფთარია ის და ჩემი სისხლი სწყურიან. კარგად ვიცი! აკი უთხრა თებერამ დედაჩემს, ეონა უნდა დავნიშნოვო. აკი მეც ვუთხარი, თებერას მეტს არავის გავყვები-მეთქი. ბიჭო თებერავ! ძალად ათხოვებენ შენს ეონას, მოჰხედე, შე დამწვრის შვილო! იქნება, შენც მიღალატე? ვაი, თუ გგონია, ჩემმა ეონამ ჩემ თავს თევდორა ირჩია, სიმდიდრეზე გამცვალაო?! თავს მოვიკლავ და სხვას-კი არ გავყვები! - გოგო, ეონავ! სადა ხარ, შე გულმკვდრის შვილო? - მოესმა ხმა და დაინახა მისკენ მიმავალი დედა. ქალმა ხმა არ გასცა დედას, არც ადგილიდან დაიძრა. დედა მიუჯდა გვერდზე, ბევრი ურჩია, ბევრი უალერსა, მაგრამ ვერაფერი შეასმინა. შეშინდა და შეწუხდა დედაკაცი, უილაჯოდ ჩამოყარა მკლავები, ტირილი ამოუშვა: იცოდა, რა ამბავიც მოჰყვებოდა ქალის ჯიუტობას და წინდაწინვე გული უკვდებოდა საცოდავს. გზაზე კიდეც გამოჩნდა თევდორა, შავი ჩოხა ჩაეცვა, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი შემოერტყა, განიერი შარვლის ტოტი მაღალ-ყელიან ჩექმაში ჩაება, კალმუხის მაღალი ქუდი დაეხურა. ახლად მოპარსულ სახეზე ბარაქიანი ცხვირი უფრო შემაღლებულიყო და ამაყად სდარაჯობდა ფილთაქვის მაგვარ ნიკაპს. დინჯად მიდიოდა თევდორა, დარბაისლურად ხელში აბრეშუმის ხელსახოცი ეჭირა, ხილეულობით სავსე. მას გვერდით მისდევდა მისი დეიდაშვილი თეკლე და ქოლგას მიაქან-მიათამაშებდა. კაკლუა და მისი ცოლი ეზოშივე მიეგებნენ სტუმრებს და მრავალი მოკითხვის შემდეგ შინ შეიწვიეს. თევდორა ეონას ათვალიერებდა მსუნაგის თვალით, მაგრამ ქალი არსადა სჩანდა. ალბად სცხვენიან გამოსვლისა, გამოიყვანენო, -გაიფიქრა თევდორამ და ჯიბეში ბელგად წამოღებულ ბეჭდის კოლოფი გაისინჯა. დასხდნენ, ისაუბრეს, ეონა კი არსად იყო. თეკლესაც მოუსვენრობა დაეტყო: კედელ-ყურეს ათვალიერებდა, სახლის კარებებს აჩერდებოდა. ეონას დედას ფერი მისდი-მოსდიოდა,შიშით გულს ეყრებოდა. მაგრამ ვეღარაფერი მოეხერხებინა, თავწყალი ვერ გაედინა. კიდევ ილაპარაკეს, სთქვეს ამ მთის თუ იმ ბარისა. ეონა-კი არსად იყო. კაკლუამაც შენიშნა, რომ ქალი ძალიან იგვიანებდა და მიმართა ცოლს: - სად არის, დედაკაცო, შენი ქალი? რატომ არ გამოვა? წადი, უთხარი. ისეც მოსწონხართ, დიდი მორთვა-მოკაზმვა საჭირო აღარ არის-თქო! დედაკაცმა უხერხულად მოხადა ქალს ბოდიში და წელმოწყვეტილი გავიდა სახლიდან. ქალი ისევ ბაღჩისაკენ იჯდა კუნძზე. გაქვავებულიყო: დიდ ხვეწნა-მუდარაზე არც ხმას აღებდა, არც იძროდა ადგილიდან. დაშტერებით გაჰყურებდა თებერას სახლს, იქიდან მოელოდა შველას, თებერას სახლს-კი შავი შეემოსა და იდგა უხმოდ ჩაბნელებული: პატრონი შინ არ ჰყვანდა და იმისთვის არ ხმაურობდა, არც გული ჰქონდა განათებული. დედა ხელცარიელი შებრუნდა შინ. - ძალიან სცხვენიან ბეჩავს და ვერ შემოუბედნია შინ, - ცრემლიანი ხმით შეეცადა გაემართლებინა ქალის ჯიუტობა. თევდორამ იგრძნო, რომ ანგარიში შეერყა და ისე ღრმად მოფიქრებული და ბოროტად მოჭახრაკებული საქმე წაუხდა: მიხვდა, რომ ამ ხერხითაც ვეღარ მოიგდებს გოგოს, ამ საკენკზედაც ვეღარ მოიტყუებს შემფრთხალ ფრინველს. და აემღვრა გუნება. ვეღარ უნდა სწეოდა გულის წადილს. ქალისაგან დაწუნებული სოფლის სამასხარაოდ უნდა გამხდარიყო. რა გამოეპარებოდა ათას თვალიან სოფელს?! უწყალოდ, გაცრუებულმა იმედმა, გაცხოველებულმა ნდომამ, დამცირებისა და გათახსირების მოლოდინმა მთლად გადარია ადამიანი და გამძვინვებულ მხეცს დააგვანა, სისხლის მსმელს. - ქა! აკი გითხარ, უზრდელია-მეთქი ეონა და სრულებითაც არ არის შენი საფერი! - წამოროშა თეკლემ და დაურთო ჯოჯოხეთს მუგუზალი. თევდორამ საძაგლად შეხედა დედაკაცს და აღშფოთებული წამოდგა ზეზე. ნესტოები ებერებოდა, ფშვინავდა, ალმური ასდიოდა, ცეცხლს აკვესებდა თვალებიდან. კაკლუა ჯერ გაოცებული შეჰყურებდა ხან თავის ცოლს, ხან თავის სტუმრებს, გამოშტერებული ატრიალებდა თვალებს და ვერაფერი გაეგო, მაგრამ როცა თევდორას დეიდაც წამოდგა ალურსულ-აჭარხლებული, კაკლუა უეცრად მოეგო თავს, მიხვდა ყველაფერს, გველნაკბენივით წამოხტა და შესძახა გოგოს თავისებურად. ეონა ისე იყო დაშინებული მამინაცვალისაგან, ისე იყო მიჩვეული მის ხმის მორჩილებას, რომ ეხლაც შეუგნებლად წამოვარდა ზეზე და გასწია მისკენ. - დასხედით! - უბრძანა კაკლუამ სტუმრებს და მიუბრუნდა ჯიუტს: - გოგო! ეს პატიოსანი ხალხი გვეწვია, ზღაპრული ბედი კარს მოგდგომია და იმდენი შეუგნებელი როგორა ხარ, რომ პატივისცემა არ იცი და სადღაც იჩქმალები?! ღირსი-კი ხარ ამათ ოჯახისა? თეკლეს ჯერ სრულებითაც არ უნდოდა ამ ოჯახში მისვლა და კაკლუაანთ ქალის დანიშვნა თავის დისწულისათვის, ახლა ხელცარიელი უკან დაბრუნება აუტანელ შეურაცხებად მიიჩნია და თანაც ძალიან შეეფიქრა თევდორასი; ამისთვის დასძლია თავისი თავი და სცადა საქმის წაღმა დაბრუნება, მისი კეთილადვე მიმართვა. - მოდი, შვილო, რას გვერიდები? დიდი ქალი ხარ ეხლა, აღარც ეგეთი დარცხვენა ვარგა, მოდი, ლამაზო, აი აქ გვერდზე დამიჯექ: ჩვენი ხარ ეხლა და ჩვენი! გაჯიქებულმა გოგომ ამ ალერსიან ხმაზე თავი მაღლა აიღო და გაიხედა სტუმრებისაკენ, მაგრამ როცა მისი თვალი შეხვდა თევდორას გამხეცებულ თვალებს, ქალი შეძრწუნდა, ფერი დაკარგა და უკან-უკან წავიდა ათრთოლებული. მაშინ-კი მთლად მიხვდა კაკლუა ყველაფერს და წაიწია ქალისაკენ. - გოგო, დიდი ბედნიერება გეწია დღეს: აი, თევდორა გთხოულობს, ბელგა მოუტანია; ღმერთს მადლობა შესწირე და მოდი, დაჯექ აქ! - შეუტია ეონას და სახრის წვერით მიუზომა ის ადგილი, სადაც უნდა დამჯდარიყო ქალი. ეონამ უფრო უკან დაიწია და წარმოსთქვა აკანკალებულის ხმით: - არა, არ მინდა, ვერ გავყვები მაგას, მეშინიან!. - რაო?! არ გაყვები?! გეშინიან?! არა, მგელი თუა ე პატიოსანი კაცი, შე მ. . . . ! - შეღრიალა კაკლუამ და ნაჩვევი ხელით დაუშვა შემაღლებული სახრე. შოლტივით მოქნილი იფანი გადაეჭირა ქალს მხარზე, გადაეჭდო ზურგზე და დასწვდა წვერით ქორფა ტანს; იამა სახრეს ნორჩი ხორცი ერთი კიდევ შეითამაშა ჰაერში და კვლავ ჩაეწმახნა გოგონას, მთლად ჩააკვდა შიგ. თეთრიან კაბაზე წითელ წინწკლებად ამოშხაპუნდა თბილი სისხლი და გოგო მოფშვნეტილი საროსავით დაეცა ძირს. 19 თევდორა იმ თავითვე ჩვეული იყო, ყოველ საშიშ და სახიფათო შემთხვევას გასცლოდა და გაჰშორებოდა, რომ შემდეგში არაფერი დაჰბრალებოდა და ხათაბალაში არ გაბმულიყო, ან პასუხისგებაში არ ჩავარდნილიყო. მეტადრე ძალიან უფრთხოდა როცა კეტი თუ ხანჯალი იწყებდა მოციქულობას მებრძოლთა შორის. იმის დუქანში ხშირად იყო ამისთანა წითელი შემთხვევა. რამდენჯერ დაჰრევიან ერთმანეთს სასმელისაგან ტვინშეხურებული მისი სტუმრები, რამდენჯერ წასულა მისი მუშტარი დუქნიდან პირდაპირ სატუსაღოში თუ სასამაროლოში, მაგრამ მედუქნე-კი ვერ ჩაუთრევია საქმეში: აყალ-მაყალის დროს ქაფურივით გაქრებოდა, ხოლო ჩხუბის გათავებისას პირველ ადგილს იდგა, რომ ანგარიშში მოეყვანა დუქანში წანახედ-დაკარგული. ეხლაც, რაკი საცოდაობა დატრიალდა სახლში, მაშინვე დაიძრა თევდორა, მაგრამ ვერ შესძლო წასვლისას ერთი მაინც არ დაეხედნა ქალისათვის: ეონა ლაფანივით მოშვებული გაშხლართულიყო მიწაზე, მკლავები გადაეყარა, კაბის კალთა ასწეოდა მაღლამდის, უჩანდა კუწუბები და თეთრი ხორცი, ოდნავ პირისფრად შეფერილი. თევდორა ერთ წამს მსუნაგად დააშტერდა ამ რბილს, კარებიდან ერთი კიდევ გადაჰხედა მას სისხლმორეული თვალებით. - აკი გითხარი, ადამიანო, თავი დაანებე-მეთქი მა გლახაკებს! რა შენი საქმეა ვიღაც ეონა გოგო, რა შენი საფერია და ტოლი?! მაგრამ ნათქვამია: “თუ ჭკვიანი არა სცდეს, რეგვენი...” - ხმა გაიწყვიტე ეხლავე, თორემ შენზე ვანთხევ ბოღმას! თეკლემ შიშით ხმა გაკმინდა, ენა მოიკვნიტა, იცოდა, რა შეუკავებელი იყო ამისთანა შემთხვევებში გააფთრებული თევდორა. მიდიოდა თევდორა თავდაღუნული და გაჩუმებული. მხოლოდ სტვენა-ქშენა გაისმოდა მის კეხიან ცხვირიდან, როგორც მანქანის მილიდან. გაშფოთებული კაკლუაც ვეღარ მოთავსდა სახლში. ჯერ სტუმრებს მიჰყვა უკან რამდენსამე ნაბიჯზე, მაგრამ როცა იმათ ყურადღება აღარ მიაქციეს მას, უკან ჩამორჩა და შეუხვია ბაღჩისაკენ. აღარც ეს ადგილი მოეწონა, უკანვე დაბრუნდა, გასცდა ეზოს, მცირე ხანს იყიალა იქ და დაეშვა ქვემო უბნისაკენ. მის თავში მხოლოდ ერთი ფიქრიღა ტრიალებდა ეხლა: გაეგდო ეონა თავის სახლიდან. ეს ფიქრი ახალი არ იყო მისთვის, ადრევე შეიძულა იმან გოგო, მაგრამ მაინც ითმენდა, ხალხისა სცხვენოდა, ეხლა კი ეს აზრი გაუძლიერდა და დაჟინებით თხოულობდა დაუყოვნებელ აღსრულებას. - თუ გათხოვება არ უნდა, დაიკარგოს ჩემი სახლიდან! მე მისი შემნახავი აღარა ვარ. წავიდეს, იმუშაოს, ვისაც უნდა ემსახუროს, თავი ქვას ახალოს და თავი ირჩინოს! ეონას დედა, მუხლებზე დამდგარი, ჩასჩერებოდა თავის ქალს, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ღაწვებზე; უხმოდ იფუფქებოდა გამწარებული, ბუწუწებს იბდღვნიდა. სწორედ თავი ჰქონდა მოსაკლავი: ბეჩავს მისი ნანინანატრი ეონა უსულოდ ეგდო მის წინ ნაცემ-ნაგმევი და გათახსირებული. ეონა რომ გადაიქცა, ერთი-კი დაიძახა, ვაიო და თრთოლა დაიწყო, ხელს აწყვეტდა, მერე გაშეშდა და იდო გაშოტილი უძრავად, მხოლოდ თვალებს აფეთებდა, საშინლად ატრიალებდა. მერე თვალებიც დახუჭა და გაითანგა, ისე დაიბნა დედაკაცი და გადირია, რომ პირველ ხანს ძახილიც ვეღარ მოახერხა, რომ მიჰშველებოდა ვინმე გაჭირვებაში. მაგრამ როცა ქალი ვეღარ მოასულიერა და ცნობაში ვეღარ მოიყვანა, მაშინ-კი გამოვარდა კარზე და იწყო მეშველის მოწოდება. მისცვივდნენ მეზობლები. ჰაი წყალი, ჰაი ძმარი, ჰაი შელოცვა და, როგორც იყო, მოასულიერეს ქალი, მაგრამ სრულ ცნობაზე კი არ იქნა. ვერ მოიყვანეს. აცხროებდა, ფეთდებოდა: დაიხელთა გოგო, გადირია. რაღა გაეწყობოდა?! ჩააწვინეს ავადმყოფი ლოგინში და წავიდ-წამოვიდნენ. სოფელში ელდასავით გავარდა ხმა ეონას ავადმყოფობის შესახებ. თებერა ამ დროს შინ არ იყო, ქირა წაეღო სხვაგან, გვიან დაბრუნდა. ხარ-ურემი რომ დააბინავა, კოკას წამოავლო ხელი და წყაროზე წავიდა. წყალზე სხვებიც, ჩამოსულიყვნენ და იმათგან ეს ახალი ამბავი შეწუხებულ-შეშფოთებულმა ბიჭმა მაშინვე გადირბინა კაკლუაანთსა. ეონას დედამ, შესტირა ბიჭს და თან ჩასძახა ავადმყოფს: - აი, გოგო, თებერა მოვიდა შენს სანახავად, აბა თვალი გაახილე, შე საცოდავო! - ეონავ, ქალო, რა დაგემართა, რომ ლოგინად ჩავარდნილხარ? რა ჩაგწყდა იმ ერთი დაკვრით, რომ ვეღარ მობრუნებულხარ? მიუახლოვდა თებერა და ჩაეკითხა. თებერას ხმის გაგონებაზე ქალი შეიშმუშნა, წამოჯდა, ერთი ჩააშტერდა ბიჭს, თითქოს ცნობას მოვიდა და მერე ისევ ცახცახი დაიწყო. - მიშველეთ! მიშველეთ! აგერ ფოცხვერი! - შესძახა ქალმა განწირულის ხმით და გაიბრძოლა. როგორც იყო, შეიმაგრეს ავადმყოფი, დაამშვიდეს და მიაწვინეს. ბიჭმა ცრემლი ვეღარ შეიმაგრა და თვალების წმენდით გავიდა გარეთ. 20 კაკლუა გვიან შემოვიდა სახლში. მიიხედ-მოიხედა დაღვრემილმა და ქალი რომ ლოგინად დაინახა, ხმა აღარ ამოუღია, თუმცა ყანყრატო ექავებოდა და ენა თავისთავად ენძრეოდა ლანძღვის წამოსანთხევად. ქალი ლოგინში იწვა, ჭრაქის ციაგი დაჰნათოდა და მკრთალი სახე უფრო მიმქრალი მოსჩანდა, ჩანავლებული. თვალის უბეები მორღვეოდა, ჩალურჯებოდა, გადაქანებული თვალის კაკლები თეთრად მოსჩანდნენ. თავით დედა ეჯდა და ჩაჰყურებდა თვალცრემლიანი. თუ ფეხზე დაენახა კაკლუას ეონა, რაც დააკლო, შეუსრულებდა, მაგრამ ამ ავყოფაში რო ნახა, შეინძრა და ჩაფიქრდა. აღარც მეორე დღეს გამობრუნდა ეონა. ფეხზე-კი წამოდგა, კიდეც ჩაიცვ-დაიხურა, მაგრამ საღად ვერ გამოიყურებოდა: შიში ჰქონდა გულში ჩავარდნილი და თრთოდა, იმალებოდა, აფთარი თუ ფოცხვერი ელანდებოდა, სიტყვას ჰრევდა. თანაც ისე მიესუსტებინა გუშინდელ ამბავს, რომ წუთსა და წუთს ღონე ეცლებოდა. თვალებს ლულავდა, მკლავებს ჩამოჰყრიდა მოტეხილი ფრთებივით და ქანცგაწყვეტილი მიესვენებოდა ტახტზე. - რა იყო, გოგო, რა დაგემართა, შე საწყალო? ასე ვთქვათ. მედუქნე თევდორა შემოვიდა სახლში შენ სათხოვნელად და ეგრე საცოდავად რამ დაგაფრთხო, რამ გაგაშეშმიშა? - ეკითხებოდა შიშით და ჯავრით გამქრალი დედა. - თევდორა-კი არა, აფთარი იყო, დედიჯან! იმის თვალებიდან აფთარი მიღრენდა და მიკაპუნებდა. აკი მწვდა კიდეც და კბილი ჩამიჭირა! - ბოდავდა ეონა. - რას ამბობ, გოგო, აფთარს რა უნდოდა ჩვენს სახლში? - მიშველე, დედიჯან, კიდევ მოდის ის აფთარი, ტვინი უნდა ამომწოვოს! - დაიძახა ავადმყოფმა და ფორთხალი დაიწყო გულშემოყრილმა. - უი შენს დედასა, შვილო! - შესძახა დედაკაცმა და კავები ჩამოიწიწკნა, მუხლებზე ხელები დაიკრა. წუხილით და მუხლებზე ხელის დაკვრით ვეღარა ეშველებოდა რა ეონას; მეტი გზა არ იყო, რამე სხვა ღონე უნდა ეღონათ, დაუძახეს მოძღვარს. იმან ლოცვები წაუკითხა ავადმყოფს, აიაზმა ასხურა, სახარება დააბერტყა თავზე. თითქო ეგონა, ავადმყოფს: გონს მოვიდა, დაწყნარდა. მაგრამ მერე ისევ გული შეუფერდა, სიტყვა შეშალა, თვალის იერი დაჰკარგა. უწამლეს სოფლურად, მაგრამ არ არგო არც ბალახ-ბულახებმა, არც გალესილმა თუ ჩაფხეკილმა წამლეულმა; ვერ გასჭრა ვერც შელოცვამ, ვერც სათვალ-ღვრინჭილისა თუ შანის შებმამ, ვერც ზვარას დაყენებამ. აღარც ფთილის ჩამოსხმა ამცნებდა რამ სანუგეშოს. დაავადდა ბეჩავი ეონა, დაავადდა. დაღონებულ-დაძმარებულმა ეონას დედამ აღარ იცოდა, რა ექნა და როგორ მოქცეულიყო ან რა წყალში გადავარდნილიყო: ავადმყოფისთვის მოეარნა და ყოველ წუთს თვალყური ედევნებინა, აღრენილ-აყეფებული კაცი დაეოკებინა, თუ სახლისა და ოჯახისაკენ ჰქონოდა ხელი. - დედაკაცო, რა გულხელი დაგიკრეფია და წყალს მისცემიხარ მდინარსა?! ადექ, წაიყვანე შენი გოგო ვაშლოვანს და აკითხვინე: ხომ იცი, რა გულთმისანია იქაური მკითხავი. მართლა და ეს ერთადერთი იმედიღა დარჩენილიყო შველისა. ეონას დედამაც დაუყოვნებლივ მიჰმართა ვაშლოვნურ მარჩიელს. 21 კაკლუაანი რომ გაღვივებულ ნაღვერდალზე იწვნენ და იდაგებოდნენ, ვეღარც თევდორაანი წამოწოლილიყვნენ ვარდის ფურცელზე სანეტაროდ. ძალიან წარბშეკრული დადიოდა მედუქნე. ყველას უბუხუნებდა, ოხრავდა, იმუქრებოდა, ბობოქრობდა: თავის ქერქში ვეღარ ეტეოდა. ერთი და ერთი რომ შეუჯდა ეშმაკი გვერდებში და ააღელვა ეონას ნდომით, აღარ უსვენებდა იგი მაცთური, ნდომას უძლიერებდა. სურვილს უგზნობდა და იქამდის მიიყვანა ე ქეთხუდა კაცი, რომ ყველაფერი დაავიწყა: თავმოყვარეობაც, რიდიც, სირცხვილიც და კანონის შიშიც-კი. გუშინ რომ საძაგელი მარცხი მოუვიდა, დღესაც იმავე საგანს ეტრფიალებოდა. ისეთ საოცარ გუნებაზე დადგა, ლამის გაქცეულიყო კაკლუაანთას და რამე უგუნურება ჩაედინა, ოღონდ-კი ერთი კიდევ დაეხედნა წამოწოლი ქალისთვის, თუნდაც ავადმყოფის სარეცელზე წამოქცეულისათვის. ამ მძლავრ და აწ უაზრო სურვილის ჩასანელებლად და ეშმაკის დასათრგუნად ხან არაყს ატანდა ძალას, ხან ღვინოს, მაგრამ სასმელიც მავნეს თანამოაზრე გამხდარიყო: უფრო და უფრო აღზნებდა მის გულში დატრიალებულ ცეცხლის ალს. - წავალ, ეხლავე წავალ და ხანჯალს ჩავცემ მუცელში შეჩვენებულს! მაშინაც აღარ ჩამომშორდება გონებიდან მისი სახე?! მაშინაც აღარ მომცემს მოსვენებას ის ეშმაკის კერძი?! ერთი-კი დავეკონები, დავაკვდები! - იძახდა გადარეული და ლამის სისრულეში მოეყვანა საოცარი ფიქრი. კაკლუაანთსა მომხდარ უჯიშო ამბის შემდეგ სოფელმა ალმაცერად დაუწყო ცქერა თევდორას. წინადაც ხომ არ უყვარდა იგი სოფელს. ჰხედავდა სოფელი, როგორა სჩაგრავდა მედუქნე ხალხს, მაგრამ რა უნდა ექნა, როდესაც ფული მხოლოდ იმას ეჭირა ხელში და ძალაც იმის ხელში იყო. გაჭირვებაში ისევ თევდორასთან უნდა მისულიყო ყელმოტეხილი; მისგან უნდა გაემართნა ხელი. აკი თითქმის მთელი სოფლის მევალე იყო თევდორა. ხოლო მთელი სოფელი მისი მოვალე. ხომ იცით, ფულისაგან ამნაირად შეჭედილ ურთიერთობის ჯაჭვს რა აღრენილი კავშირი მოსდევს ვალის გამცემთა და ამღებთა შორის? ახლა ამას ისიც დაერთო, რომ ეს სოფლის მღვარსლელი ძალიან მსუნაგი იყო ქალთა შესახებ, გაუმაძღარი. პატარობიდანვე გასალახანავებულმა მთლად გარყვნა და წაბილწა სოფელი. ბევრი ოჯახი შებღალა, ბევრ ვაჟკაცს მოხადა ქუდი, მაგრამ ძალა აღმართსა ჰხნავდა და ყველა იძულებული იყო, მოუნელებელი მტრობა გულშივე ეტრიალებინა, მოსისხლე მტრისათვის სამეგობროდ გაეწოდა მარჯვენა. თევდორამ კარგად იცოდა, რომ სოფელსა სძაგდა ის, მაგრამ რას დაგიდევდა ვისიმე სიყვარულს თუ სიძულვილს, როდესაც მთელი სოფლისათვის მკლავი გველივით შემოეხვივნა და სწურავდა, როდესაც მოძმისათვის ყანყრატოში ჩაეკიდნა უწყალო ხელი და მის ნებაზე და ქეიფზე იყო ხალხის დაღჩობა თუ შვების მიცემა! ეხლა-კი, როდესაც მარცხი მოუვიდა თევდორას, როდესაც ბოროტების გზაზე შეუდრკომლად მსვლელობას რყევა დაეტყო, შეიძრა ხალხი და აიმრიზა. სწრაფად მოედო სოფელს ეონას ამბავი. ზოგი ეონას დედამა სთქვა, ზოგი თევდორაანთ წამოაყრანტალეს; სხვა თებერამ დასძინა და მთლიანი ამბავი შესდგა სრულის სინამდვილით. ეხლა სოფელი აღარც-კი ერიდებოდა თევდორას: მიუხვდნენ, რა აზრით ჰსურდა ეონას დანიშვნა, ხელზე დაიხვიეს ეს ამბავი და აყაყანდნენ. ეონას ახსენებდნენ, თავის გასაჭირს მოსთქვამდნენ; საბაბად ეონას მოიდებდნენ, თავის ვარამს დაატირებდნენ ეონას ამბით დაიწყებდნენ, თავიანთ დარდებით დაათავებდნენ. ერთი მცირე რამ შემთხვევაღა იყო საჭირო, რომ სოფელს შეგუბებული ნაღველი გადმოენთხია და თევდორას კეთილდღეობა წაელექნა. თევდორემაც იგრძნო. სოფელი ხელიდან უსხლტებოდა და, უსამზღვრო ბრძანებლობას შეჩვეული, ეს ახალი ყაიდის მებატონე ირეოდა, გონებასა ჰკარგავდა და შეცდომას შეცდომაზე აგებ-აშენებდა, რომ თვითონვე მოჰყოლოდა ქვეშ თავისსავე ბოროტებათა კოშკის ნანგრევებს. აკი აგრეც მოუვიდა თევდორას, შემდეგში, როდესაც ხალხი თავს მოეგო და გონს მოვიდა. 22 ძალიან თავის ნება ადამიანი იყო ვაშლოვანელი მკითხავი და თავის წვერა! იმასთან ყოველთვის შიშით და კრძალვით მიდიოდა ხალხი. თუ გუნებაზე არ იყო, არ უკითხავდა, კიდეც შეუტევდა, და დაითხოვდა თავის კარიდან. ხალხს ეშინოდა მისი, თანაც უფრთხილდებოდა, პატივსა სცემდა. ძალიან მკითხავი-კი იყო! რომ დაიდგამდა წყლით სავსე ვერცხლის თასს და ალმასის ბეჭედს ჩააგდებდა შიგ, დაწვრილებით ამოიკითხავდა კამკამ წყალში ყოველსავე გარდასრულს თუ გადასავალს. მე ვიცი სახელი შეეშლებოდა შენი ან დაფარულ აზრს ვერ გაიგებდა! ეონას დედა კრძალვით შევიდა მკითხავთან, მით უფრო, რომ მცირე შესაწირავი ეჭირა ხელში. მარჩიელი საქმეში იყო გართული, მიმსვლელნი ეხვივნენ გარს. რიგრიგად უახლოვდებოდნენ მსურველნი. მიდგა ჯერი ეონაზე. მკითხავი ერთხანს ჩააკვირდა ავადმყოფს, მერე წამოდგა ზეზე და მდაბლად დაუკრა მას თავი. გაუკვირდათ მისი ესეთი ქცევა. - სულთ მეცნიერი დაგპატრონებია, შვილო! აქ მოდი ჩემთან, საყვარელო, ახლო დამიჯექ! - უთხრა მკითხავმა და გვერდზე მოისვა ქალი. შეუდგა მკითხაობას. ოხრავდა, ამთქნარებდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტს ამბობდა. მიქელ გაბრიელის მიზეზი ამოვიდა. ნათქვამიდან გამოირკვა, რომ ეონა ეხლავე უნდა ხლებოდა მთავარანგელოზს. სამი წელიწადი უნდა ყოფილიყო ამ ხატის კარს მონად. მერე განთავისუფლდებოდა ქალი, დაუბრუნდებოდა მას. თავისი ჯანიც, თავისი გონებაც და თან მიემადლებოდა ნიჭი გულთმისნობისა. - განითქმის ხალხში სახელი შენი, შენს ქმარ-შვილს გააბედნიერებ. ჩემ სახელს რომ ნელ-ნელა დაივიწყებს ხალხი, შენი სახელი სათაყვანებელი გაუხდება მას. მადლიანი ხარ და მადლი ღვთისა გფარავს შენ! - უწინასწარმეტყველა მარჩიელმა და პატივისცემით გამოაცილა ქალი. ეონას დედამ გაბედა და საწირავი შეაძლია მკითხავს, მაგრამ იმან ზედაც არ შეხედა დედაკაცს, არც ფული ჩამოართვა. გაიგეს სოფელში ეს ამბავი და ძალიან გაუკვირდათ. თითონაც კრძალვით და მოწიწებით დაუწყეს ქალს ყურება. მხოლოდ კაკლუამ ვერ მოიბრუნა გული და მტრულის თვალით უმზერდა თავის გერს. ეონა-კი ისევ ავად იყო, გონებაზე ვერ მოსულიყო, უმიზეზოდ ეშინოდა, ფრთხებოდა, აკანკალებდა. საჭირო იყო, რაც შეიძლებოდა ჩქარა წაეყვანათ ხატში. შეაბეს ყელზე შანა, შეუკერეს თეთრები: გაამზადეს ქალი ხატის კარს წასაყვანად. შორს იყო მთავარ-ანგელოზი, თითქმის ერთი დღის სავალი იყო ურმით. დედაკაცს ეშინოდა, ეთხოვნა ქმრისათვის, ურემი შეება მათთვის და წაეყვანა. მეტი გზა-კი აღარ იყო, შეეხვეწა ცოლი, მაგრამ ცოლის სიტყვაზე ისეთი შეღრიალა კაკლუამ, რომ მთავარი ცნება დაუკარგა დედაკაცს. არ იცოდა ბედშავმა, ახლა რაღა უნდა ექნა და ვისთვის მიემართნა- მაგრამ ხატმა თვითონ მიჰგვარა მას მშველელი და ხელის გამმართველი. თებერა თვალს არ აშორებდა ეონას. ქალის უცნაურმა ავადმყოფობამ შეაღონა ახალგაზრდა, თანაც სანუგეშოდ ჰპოვა ამ უბედურებაში. ადამიანი ყოველ გასაჭირში რამე სანუგეშოს და ხელმოსაჭიდს გამოსძებნის ხოლმე. ვიღაც ობოლ ბიჭს, რასაკვირველია, არ შეეძლო ბრძოლა იმისთანა ძლიერ მეტოქესთან, როგორიც იყო თევდორა; რახან თევდორამ მოინდომა ეონას დანიშვნა, თებერას უკვე დაკარგული ეგონა ეონა თავისათვის და ეს-კი აუტანელი იყო მისთვის. უყვარდა გოგონა და სხვა ვინმე თავის მეუღლედ და ცხოვრებაში თანამგზავრად ვერ წარმოედგინა. მოუთმენლად მოსდომნოდა ეონა და მხოლოდ ჟინის მოსაკლავად-კი არა, მასთან სამუდამოდ შესაერთებლად, მასთან და მისთვის მარადჟამს საცხოვრებლად. ეხლა კი თევდორა მთლად ჩამოსცილდა ეონას. მორჩება ეონა და ვეღარავინ შეუშლის ხელს მასთან შეერთებას. ეონასთან ყოფნა და ალერსი, მასთან შრომა თუ განსვენება, მასთან სიცოცხლე სამუდამო და დათრგუნვა სიკვდილისა! ეონასთან სიცოცხლე ხომ საუკუნო იქნება და დაუსრულებელი. ბნელი სიკვდილი ვეღარ მიეკარება მათს ნათელ ყოფას: ორნივე ერთად შეებრძოლებიან მას და სძლევენ. ბიჭი ხორციელი რომ იყო და ძლიერი, მძლავრად უთქმიდა გული ქალისათვის და ეს ხორციელი გულისთქმაც საუკუნო იყო და დაუშრეტელი წყარო ნეტარებისა. ეხლა ხომ ავადმყოფი იყო ეონა, დასაფიქრებელი ავადმყოფი, მაგრამ თებერას მისდამი სიყვარული არ გაჰგრილებია; კიდეც გაძლიერდა ეს სიყვარული, რადგან ზედ სიბრალული დაერთო მას. უნდოდა ბიჭს, როგორმე მიჰშველებოდა ავადმყოფს, ჭირი გაეადვილებინა მისთვის და ტანჯვა გაეზიარებინა ეს თავის საკუთარ ბედნიერებად მიაჩნდა ბიჭს. მერე, როგორ უჭირდა ეხლა მიშველება ბედისაგან დაჩაგრულ გოგონას! თებერას სამოქმედოდ იწვევდა აღფრთოვანებული გრძნობა და დროც ეხლა იყო მოქმედებისა. 23 თებერამ გაიგო, კაკლუა ურემს არ აბამს ავადმყოფის ხატში წასაყვანადო და დაასკვნა, თითონ წაეყვანა ის ხატის კარს თავის ხარ-ურმით. გადაიარა გზირიაანთსა, ერთხანს ტყუილად იყიალა მათს კარ-მიდამოზე, მაგრამ ვერ გაბედა ეთქვა თავისი სათქმელი, ვერ მოახერხა. გადმოვარდა ჩვენებთან და ჩვენებს გაანდო თავისი სურვილი. ძალიან მოუწონეს ბიჭს ეს კეთილი და ღვთისნიერი აზრი. დედამ მაშინვე შეატყობინა თებერას სურვილი ეონაანთ. ეონას დედა შეწუხდა, რომ უცხო უნდა გაესარჯნა თავის საქმეზე, მით უფრო, რომ იმან იცოდა, თებერას სურვილი ქალის შესახებ და ეხლა დანაშაული მიუძღოდა მის წინაშე. მართალია, დედაკაცმა შეიგნო აწ თავისი შეცდომა, მაგრამ შეუძლებელიღა იყო საქმის გასწორება; ფიქრიც აღარ შეიძლებოდა ამაზე. რაღა საპატარძლო იყო ეხლა დასნეულებული ქალი?! ეხლა დედაკაცისაგან თებერაზე სათავისოდ ფიქრი უაზრობაღა იქნებოდა. ამან შეაწუხა დედაკაცი. უარი-კი ვერ უთხრა: რა დროსღა უარი იყო ამ უკიდურეს გაჭირვებაში?! ეონამ შეიგნო ეს ამბავი და სრულებითაც არ იუცხოვა; ისე მიიღო, თითქო სწორედ ასე უნდა მომხდარიყო, სწორედ თებერას უნდა წაეყვანა ისინი ხატის კარს. გახარებულ-გახალისებულმა თებერამ ნაჯახით ხელში შემოუარა თავის ურემს: იქ ფერსო ჩამოუკვერთხა, აქ წნელი გამოუცვალა ღერძის თავს, ჭინჭილაქები თუ სოლოები დაამაგრა, შოლტი გაპოხა, სახრე ხელსატაცად დაიდვა; მიჰხედა და მიეალერსა თავის წყვილ ხარს; ბოლოს შეჭამა პურის ლუკმა, ალმასასაც მიუგდო პური და მიწვა. ისე მარდად მიეძინა და მაგრა, თითქო ბანგდალეულიაო. ის იყო ღამე იწურებოდა, როცა უეცრად გამოეღვიძა თებერას. თითქო განძრახ ხელი წაჰკრესო გამოსაღვიძებლად. გარედ გამოვიდა. მძლავრად მომავალ ნათელს წინაწარექცია წყვდიადი, ბრწყინვალე მნათობს დაეძლია ღამე და სვეტად ნათლისა ამომართულიყო ცის კამარაზე. ფრინველს გაჰღვიძებოდა, ჟივჟივებდა ჯერეთ გაურკვევლად, ჯერ კი არ დაძრულიყო ღამის ბინიდან. ლამაზ ყვავილს სხივთა მოახლოებაზე სიხარულის ცრემლი მოჰსვლოდა ჟუჟუნა თვალზე და ცვარად გადმოჰკიდებოდა მორცხვად დახრილ წამწამზე. იღვიძებდა ბუნება, ჯერკი მთლად ვერ გამორკვეულიყო ღრმა ძილისაგან, ისევ ფერად ზმანებას უღიმოდა მსუბუქ რულში. თებერამ წყალი შეისხა პირზე, პირჯვარი გადაიწერა აღმოსავლეთისაკენ და შეუდგა მზადებას. ის იყო, აღმოჩნდა თვით მზე ცხოველმყოფელი და პრიალა შუქი გადმოაფრქვია მადლიანმა ჩაშავებულ დედამიწას, როდესაც თებერას ურემი მიჭრიალდა კაკლუაანთ კარს. გამოვიდნენ ეონაანი. თებერას მოხიბლულ თვალებს საოცნებოდ მოეჩვენათ თეთრებით ჩაცმული თეთრი ქალი. მისი მიმქრალი სახე ჰაეროვნად მოსჩანდა დილის ციაგზე. ქალს თვალებში ცნობიერება დასჩნეოდა. მივიდა თებერასთან, მშვიდობის დილა უსურვა, ხელი ჩამოართვა. მზე მთლად ამოვიდა და ლაპლაპებდა ცის კამარაზე ძლევამოსილი. თებერასაც ეხლა ამოუვიდა მზე, ნათელი სიხარულისა. ისეთის სიფრთხილით ასვა ქალი ურემზე, თითქო რამე სათუთი ხატი უნდა დაასვენოს ნიშშიო. გაჭრიალდა ურემი, გაიტყლაშუნა შოლტმა. მგზავრებმა პირჯვარი გადაისახეს. გაღვიძებულმა სოფელმა კეთილი თვალი გაადევნა ხატის კარს მიმავალთ. უსურვეს ავადმყოფს განკურნება. სიამოვნებით და გაკვირვებით უმზერდნენ კოფოზე მჯდარ თებერას, უქებდნენ სამადლო საქმეში დაუზარებლობას და გულჩვილობას. კეთილშეზავებულმა ჰაერმა, ფერად-ფერადმა სანახაობამ, მშვენიერმა ბუნების სიკეკლუცემ თვალ-წარმტაცმა, ღრმა რწმენამ, რომ ხატის კარს მადლი მაკურნებელი მიეფინებოდა მას, კეთილად იმოქმედეს ქალზე და დაუშუშეს ნატკენი გული, დაუწმინდეს ამღვრეული გონება, დაულაგ-დაუამეს არეულ-აწეწილი ნერვები და ადამიანური აზრი ჩაუსახეს თვალებში. ენაც-კი ამოიდგა ეონამ თებერას გასახარად: ქალი აწ წყნარად ლაპარაკობდა, საღად მსჯელობდა, კიდეც იღიმებოდა. - ღმერთო და მთავარ-ანგელოზო მუხისაო! შენ შემოჰხედე წყალობის თვალით ჩემ საწყალ გოგოს, ულხინე მას და ნუ დამიღუპავ წვა-დაგვით გამოზრდილ შვილს! - უჩუმრად ეხვეწებოდა ეონას დედა ძლიერ ხატს. - კეთილი ბრძანდება მთავარ-ანგელოზი მუხისაი და წყალობის თვალით შემოგვხედა დალოცვილმა. იცის, რომ ბოროტი რამ არ ჩაგვიდენია, აზრადაც არ გაგვივლია რამე ცუდი და იმიტომ მოგვაშველა მფარველი მარჯვენა ძლიერმა, - ამბობდა გულში თებერა. - ობლის მამა ღმერთია, და თქვენც ხომ ობლები ხართ, შვილო! ღმერთი იქნება თქვენი მფარველი და მთავარ-ანგელოზი ძლიერი, ვენაცვალე იმის მადლს! - განაგრძო ხმამაღლა ბიჭის ფიქრი ეონას დედამ 24 შუაღამემ მოატანა. საქონელი დაიღალა. მგზავრებს მოშივდათ. გზა მთის ფერდობზე ჩაევლო ალმაცერად. თებერა წინ მოექცა ხარებს და ფრთხილად მიერეკებოდა თავქვეზე. ჩაათავა თავდაღმართი. დაიწყო ჭალა-მუხნარი. ჭალას პირზე, გზის იქით, მშვენიერი რამ ველი მოსჩანდა, ტყით შემოზღუდული. ველს ნაპირი ხევისაკენ ჰქონდა დაქანებული და ამ თავქვეზე გადაჩხრიალებდა მთის ნაკადი, რომელიც ველს შუაზე ჩამოუდიოდა. ველი ხასხასი მდელოთი იყო დაფენილი და მწვანის კორდებით. თითონ ნაკადს მაღალი ბალახი ჩასდევდა, რომელიც შიგა და შიგ ირხეოდა წყლის დენაზე. მშიერმა ხარებმა თითონ მიიწიეს ველისაკენ და პატრონიც სიამოვნებით დაჰყვა ჭკვიან საქონელს. დაისვენეს მგზავრებმა, ისადილეს. ეხლა გზა საკმაოდ იყო შემოკლებული: ჭალა უნდა გაევლოთ, გასულიყვნენ მდინარეს, შესდგომოდნენ აღმართს, გაევლოთ სოფელი ხატისი, რომელიც ფერდობზე იყო გაშენებული და ასულიყვნენ მთის წვერზე, სადაც ბრძანდებოდა მთავარ-ანგელოზი მუხისაი. დღე გატეხილი იყო, როდესაც გაიარეს სოფელზე. რაც უფრო უახლოვდებოდნენ მლოცავნი ეკლესიას, რომელიც თეთრად მოსჩანდა მთის წვეროზე, იმდენად მეტი ღელვა ეტყობოდა ავადმყოფს. სოფელს რომ გასცდნენ, ქალი აღარ დადგა ურემში: გადმოვიდა და ფეხით შეუდგა გზას. ეხლა ეონა მთლად მიიზიდა საყდარმა, ჩანთქა მისი ყურადღება; თავის გარშემო სხვას ვეღარას ამჩნევდა; აღარც პასუხი აღირსა ვისმე თებერა და ეონას დედა უკან მისდევდნენ ქალს და ფრთხილობდნენ, რომ არ დაერღვიათ მისი მყუდროება. ხარებსაც-კი ხმა მაღლა ვეღარ უჯავრდებოდა ბიჭი, რომ როგორმე არ შეეკრთო ქალი. ეონამ გაიხადა ფეხთსაცმელი და ფეხშიშველი შეუდგა აღმართს. ქვა-გოროხიანი გზა სჩქლეთდა უჩვევ ფეხს, ალურჯებდა. ეკალ-უკალი ადვილად ესობოდა ფეხთსაცმელში განაზებულ კანს და ასისხლიანებდა. ქალი არაფრადა სთვლიდა ამ ტანჯვას, არც ყურადღებას აქცევდა მას. თებერას სიბრალულით ევსებოდა გული. ახ, რა სიხარულით დაისვამდა ეხლა ქალს თავის ძლიერ მკლავზე და ბალღივით ხელში აყვანილს, მიართმევდა მთავარ-ანგელოზს! მაგრამ რა ექნა, როდესაც არამც თუ შეხება, ხმის გაცემაც კი არ შეიძლებოდა ქალისა და უკან მისდევდა დაფიქრებული. ბოლოს მაინც ვეღარ გაუძლო თებერას გულმა და წაეტოლა. - ეონა, ქალო! მომეცი ე ფეხსაცმელი, ხურჯინში შეგინახავ. ეონამ გადასცა ბიჭს ფეხსამოსი, მაგრამ ზედ არ შეხედა, არც ხმა გასცა. კიდევ უნდოდა ეთქვა რამე ქალისთვის; ვერ გაბედა, უკანვე ჩამოდგა. ეკლესიას თეთრი გალავანი ერტყა. ალაყაფის კარი ღია იყო. კარის თავს მთავარ-ანგელოზის ხატი ესვენა. მშვენიერი ვაჟკაცი იყო დახატული. ჩაჩქანი ეცვა, მარჯვენა ხელში ცეცხლის მახვილი ეჭირა, მარცხენაში ფარი. ხუჭუჭი თმა მხრებზე გადმოჰფენოდა. მისი მეტყველი თვალი სულ შენ გიყურებდა; საით მხარესაც უნდა მოჰქცეოდი, მაინც თვალს გადევნებდა. - აი, თებერავ, ის ვაჟკაცი, მე რომ მეცხადება ხოლმე სიზმრად! - მიუბრუნდა ეონა ბიჭს. გული გაუღო თებერას ქალის მიმართვამ. დღეს მაინც სულ ბედნიერი იყო ჭაბუკი, რადგან მთელი დღე თავის გულის ყვავილს ახლდა, თუმცა აწ ხატის მონას, ხატისაგან დროებით ხელდადებულს და არჩეულს. ეკლესიის გალავანში ბერი ვინმე მიეგება მლოცავებს, აკურთხა, დალოცა, საყდრის კარი გაუღო. ქალმა იპოვა საყდარში მთავარ-ანგელოზის ხატი და მუხლი მოიდრიკა მის წინ, დიდხანს ლოცულობდა, თავს ახლიდა იატაკს, ტიროდა, ქვითინებდა. მერე ადგა, გაბრუნდა; კარის ბჭეში რომ დიდი ჯაჭვი ეგდო, ის ჯაჭვი შეიბა წელს და იწყო მუხლის თავით ეკლესიის გარშემო სიარული. სამჯერ შემოუარა. მესამედ რომ დაუპირისპირდა საყდრის კარებს, ვეღარ შესძლო და გადაიქცა. ერთხანს იფთხრიალა, ხელები აწყვიტა, მერე დახუჭა თვალები და გაითანგა. ეონას დედამ და თებერამ დააპირეს მისცვივნოდნენ ქალს, მაგრამ ბერმა ნება არ მისცა, არც ჯაჭვი შეახსნევინა. - ხატმა დააკვეთა თავისი მონა, დიდება იმის მადლსა და საბელს! ეხლა აალაპარაკებს, წარმოათქმევინებს თავის წმინდა ნებას. მართლა და ხმა ამოიღო დაკვეთებულმა. ნაწყვერ-ნაწყვეტად ამოიტყოდა, ამოიკივლებდა. უცნაურ რასმეს იტყოდა. გამოცდილმა ბერმა მაინც გამოარკვია აზრი. - ხატი ბრძანებს, სამი წელიწადი ემსახუროს მას. თეთრებში უნდა იყოს! ყველგან მისი სახელი უნდა ადიდოს, კეთილი თვალით არის მთავარ-ანგელოზი. დიდ მფარველობასა ჰპირდება და ძლიერი მადლის მინაჭებას თავის სახელის სადიდებლად! 25 ხატისაგან აღნიშნულმა და ღვთის გზაზე დამდგარმა ეონამ მალე დაიმსახურა ხალხის თანაგრძნობა და პატივისცემა. ახალგაზრდა სუსტი აგებულების ქალი უნებლიეთ სიბრალულს იწვევდა ხალხში. ამ სიბრალულს ასაზრდოებდა ქალის მოკრძალებული ქცევა, მოსიყვარულე გული და შეურყეველი რწმენა. თეთრებში შემოსილი ქალი მუდამ თავს ევლებოდა ეკლესიას, ჰგვიდა და ასუფთავებდა საყდარს თუ საყდრის ეზოს, წირვა-ლოცვას არ დააკლდებოდა, ხატისაგან დავალებული ჰქონდა გლახაკობა და ხელისგაწვდა, როგორც ღვთის სასიამოვნო რამ მოვალეობა. ჩამონათხოვს პურს, თუ სხვა რამ სანოვაგეს გაჭირვებულთ ურიგებდა, თითონ ჩიტუნიას საზრდოთიღა კმაყოფილდებოდა. ფულს-კი ცალკე ინახავდა და დროთი-დრო თავის მფარველ მთავარ-ანგელოზს მიართმევდა უკლებლივ. ხალხმა იცოდა, რა მიზნით დაგლახაობდა ქალი და შესაწირავს არ უჭერდა მას. თავის სასარგებლო რამ-კი აღარ ესმოდა დამონებულს, სათავისო ყოველდღიური ზრუნვა დაეტოვებინა და უკუეგდო. გასულიყო თავისზე ზრუნვის ღრმა მორევიდან და ვეღარც-კი ამჩნევდა ამ მორევს მუდამ რაღაცა საიდუმლო საგნისაკენ მიმართული მისი თვალი. ცხოვრების აზვირთებულ ტალღებში, მისი თვალი მხოლოდ სხვის გაჭირვებასღა ხედავდა; მის ყურს მხოლოდ სხვის კვნესა-ვაებაღა ესმოდა; მისი გული მხოლოდ სხვის სევდასღა ჰგრძნობდა და თანაუგრძნობდა. თავისი გაწამებული თავი დაჰვიწყებოდა. სხვის გაჭირვებას ჩასდგომოდა კვალში და სდევნიდა მას თავისი სუსტი ძალ-ღონით, როგორც მისი ძლიერი მფარველი ანგელოზი ჩასდგომოდა კვალში მავნეს და სდევდა მას ცეცხლის ხმლით ხელში, რომ ესაპყარებინა იგი ბილწი. ეხლა მხოლოდ გაჭირვებულთა კვნესაღა იყო ის ძეწკვი, რომელიც აკავშირებდა ეონას ხალხთან, სხვა შემაკავშირებელი სიმები უკვე ჩაწყვეტილი იყო მათ შორის. ეონას ბინა და სავანე სოფელში ან ეკლესიის ბჭე იყო, ან ის ქოხი, რომელშიაც დაბანაკდებოდა უკიდურესი გაჭირვება. სწორედ. ანგელოზი დაივანებდა ხოლმე ეონას სახით შეჭირვებულისას. მუშაობა სრულებით არ ეზარებოდა ამ შემთხვევაში: წყალს მოიტანდა, დაგვიდა და დაალაგებდა სახლს, დააკერებდა, გარეცხავდა და ყველაფრით ხელს აღუპყრობდა უპატრონო ავადმყოფს თუ დავრდომილს. ყველა ამას ასრულებდა უთქმელად და უსიტყვოდ, როგორც რამ მანქანა. საკეთილოდ მოწყობილი. ღვთის შვილი იყო ბეჩავი! სოფელს ებრალებოდა ის და პატივსაცა, სცემდა და ეს მით უფრო, რომ ნელ-ნელა დააჩნდა მას საიდუმლო რამ ნიჭი გულთ მისნობისა: მას ვერ გამოაპარებდნენ თავიანთ ფიქრს თუ გრძნობას, თუმცა ქალი მათ არც-კი უყურებდა, თითქო ვერც კი ჰხედავდა ბევრჯერ მათ სიტყვას თუ მოძრაობას. წინასწარმეტყველურ ხასიათსაც ამჩნევდა ხალხი. - ანგელოზი ჰყავს დაპატრონებული და ის ატყობინებს ეონას ყველაფერს, ის ალაპარაკებს! - ამბობდა ხალხი. სხვად ეონა განცალკევებული იყო: მას აღარა ჰყვანდა არც დედა, არც მამინაცვალი, არც ტოლ ამხანაგი; მათთან საერთო რამ და მაერთებელი აღარა არსებობდა-რა ეონასთვის. მხოლოდ მაშვრალი და ტვირთმძიმეღა იყო მისი თავისიანი. როცა გაჭირვება ასცდებოდა მათ, ისინი მიეფარებოდნენ ეონას თვალთახედვის ფარგლიდან. მაგრამ არა! შეჭირვებულთა გარდა სოფელში კიდევ ერთს ამჩნევდა ეონა, კიდევ ერთი ვინმე არ დაჰვიწყებოდა ეონას. კიდევ ერთსა ხედავდა მისი მიტაცებული და ცხოვრების გადაღმა მიქცეული თვალი, და ეს ერთი იყო თებერა. ალბად გრძნობდა მხევალი ღვთისა, რომ ის ბიჭი მოუსპობელ კავშირით იყო მასთან შეკონილი, ტანჯვისავე განუკვეთელი ჯაჭვით მასთან შეკავშირებული და ეს მათი უცვალებელი კავშირი იყო მათი სიყვარული სამარადისო. მართლადაც მთელს ქვეყანაზე ეს ერთადერთი არსებაღა დარჩა ქალს ნამდვილი გულშემატკივარი და ჭირისუფალი. მხოლოდ თებერაღა ადევნებდა დაავადებულ ქალს თავის მზრუნველ თვალს. თებერამ შეისწავლა ეონას აწინდელი გზა-კვალი, თუ საჭიროებანი, ან განსაცდელნი, და სახიფათო ადგილას თუ საეჭვო შემთხვევაში მის გვერდზე გაჩნდებოდა ბიჭი მის მომხრედ და ქომაგად. ეონაც მხოლოდ მისგან იღებდა დახმარებას, მხოლოდ მას ენდობოდა ერთადერთს. თებერას ამგვარ ქცევას და შეურყეველს ეონასადმი ერთგულებას სოფლის ქალები მხოლოდ ბიჭის გულჩვილობას აწერდნენ და მის მეამიტობას. მართლა და ჯერ ადრე რა იყო ეონა მათთან შედარებით და ეხლა დაავადებული რაღა სახსენებელი იყო მათ გვერდზე?! თებერა ეხლა მალე შეაქცევს ზურგს ხატის მონას, მიივწყებს მას და დაუბრუნდება მშვენიერებს. მაგრამ როდესაც ნახეს, რომ თებერა ისევ ჩრდილივით დასდევდა ქალს ყოველჟამს და იმის გულისათვის თავისი სახლ-კარი მიატოვა, თავისი საკუთარი საქმე მიივიწყა, წაღმა დატრიალებული თავისი ოჯახი უკუღმავე შეატრიალა, მაშინ-კი ქოქოლა მიაყარეს თებერას და პირი იბრუნეს მისგან. ან-კი როგორ არ უნდა გაჯავრებულიყვნენ კეკლუცნი, როდესაც ხელგამომავალი და იმედიანი ახალგაზრდა ვიღაც დაავადებულ გოგოს ასდევნებოდა და ვეღარც-კი ამჩნევდა თვალაბმული დაბროწილ-ჩაკვრივებულ გოგოებს, რომელნიც მის გარემო ძაგი-ძუგით მიმოვიდოდნენ ეშხით სავსენი? 26 იმ თავითვე თვალს ვადევნებდი თებერას და მის ცხოვრებას. ბალღობიდანვე შეთვისებული ვიყავ მასთან და მიყვარდა. პატიოსან და კეთილ კაცად მიმაჩნდა და მინდოდა ყოველ საქმეში ხელი წარმართოდა, გაჰმარჯვებოდა. ეხლა სხვებს რომ უკვირდათ თებერას თავდადება ეონასათვის, მე ბუნებრივად მიმაჩნდა ესეთი ქცევა იმისაგან, რადგან ვიცოდი მისი მგრძნობიარე სული, მისი სათნო ხასიათი, მისი მოსიყვარულე გული. ისიც ვიცოდი, როგორ ძვირფასად აფასებდა თებერა ეონას, როგორ გულწრფელად უყვარდა იგი მას და უყვარდა იმისთვის-კი არა, რომ თავს შემოევლო ქალი, რომ მხოლოდ თითონ ესიამოვნა მისი არსებით, მხოლოდ თავის საბედნიეროთ გამოეყენებინა მისი პიროვნება, არამედ იმისთვის, რომ თითონ შემოჰვლებოდა თავს და შექმნილიყო წყაროდ მისი ბედნიერებისა. განა შეიძლებოდა ეღალატნა მას ეონასთვის ეხლა, როცა ქალი ანგელოზმა დაიმონავა, როცა მას ხატის მიზეზი ააჩნდა და გააბეჩავა?! არც თუ მთლად უაზრო იყო თებერას ამგვარი თავგამოდება: მას სწამდა, რომ ხატს მკაცრად მხოლოდ დროებით ეპყრა ეონა, რომ მიზეზისაგან მისი დავრდომა და დაავადება მხოლოდ დროებით იყო და კეთილი ხატი ბოლოს ბედსა სწევდა ქალს, ნაცვლად ამოდენის ტანჯვისა, ოღონდ-კი მას ეს ხატის სამსახური პირნათლად შეესრულებინა. თებერამ ეს იცოდა მკითხავისაგან, ბერის სიტყვით, თითონ ეონას ნათქვამიდანაც. ამ მდგომარეობაში იყო თებერა, როდესაც ჩვენ ავიყარენით სოფლიდან და ქალაქში გადავედით საცხოვრებლად. მიეფარა ჩემი თვალთახედვიდან თებერაც, ეონაც და მთელი სოფელიც. ძალიან მშრალი გაზაფხული დადგა მეორე წელს და გვალვიანი. ცას ნამი აღარ გაჰვარდა, დაინახა მზემ უღრუბლო ცა და გაბრწყინდა, ძალა გამოიჩინა: ისე ჩამოცხა, რომ მაისის პირველები თიბათვეს დაამსგავსა. ამოშრა დედამიწა, გახმა, დაიწო; წყურვილისაგან კანი დაეშაშრა და დაეპო. პირდაღებული შესცქეროდა ცას, შესთხოვდა ცვარს მაცოცხლებელს, მაგრამ არსადა სჩანდა ნამი მაგრილებელი. ქალაქელებს სრულებით არ გვაწუხებდა ეს ამბავი. კიდეც მოგვწონდა: მშრალად ვიყავით, ტალახში ტოპა არა გვჭირდებოდა. სოფელს-კი დარდით გულს ეყრებოდა. გაშრა მცენარე, შეყვითლდა, დაიგვალა. მოსავალი მთლად იღუპებოდა და ხელცარიელს სტოვებდა მშრომელს. რა უნდა ექმნა საწყალობელს? მე ვიცი, არხები ჰქონდა გაჭრილი და რუვთა ბადე მოწყობილი, რომ წყალი მიეგდო ყანისათვის თუ ბოსტან-ბაღისათვის! შესცქეროდა დაღონებულ-დაძმარებული ცას, ნატრობდა ღრუბლებს, ევედრებოდა ელიას, მაგრამ კამკამ ცაზე ღრუბლების ქულაც არსადა სჩანდა, ღრუბელთა წინამძღვარს ზურგი შეექცია სოფლისათვის და ყური მოეყრუებინა. ალბათ მსხვერპლს ელოდდა დალოცვილი! გაუწყდა სოფელს ილაჯიდა მოიგონა რჯული ძველის-ძველი, მიჰმართა მაღალ ღმერთს ძველთაგანვე ნაანდერძევ და ნაცად ვედრებით, ხვეწნა-მუდარით, ქებადიდებით. კვირა დღე იყო. ქალაქელები მორთულ-მოკაზმული დავსეირნობდით საქულბაქოზე თუ სალაყბოზე და ვერთობოდით. თვალს წყალს ვალევინებდით. საოცრად ჩაცმულ-დახურული ქალები აგვდევ-ჩაგვდევდნენ, გვერდს გვიმშვენებდნენ, ბაკი-ბუკით წინ დაგვითამაშებდნენ, მაცთურად გვიღიმოდნენ წყეულები. მშვენიერება იყო ტკიბილად მაღელვებელი! არც მე ვიყავ გარიყულ-ჩამორჩენილი: ისეთი თანთქარა გოგონა მომდევდა გვერდით იარაღში ჩამჯდარ კოხტა ახალგაზრდას და ისეთი სუნნელებით ფშოდა მისი გაძრცვილი გულ-მკერდი, რომ საუბარში უნებლიეთ ვიხრებოდი მისკენ, რომ რაც შეიძლიებოდა მეტად დავახლოვებოდი ბროლის მკერდს, მასზე ეშხით ამომჯდარ ვნებათა ბორცვებს. სააშიკო საუბრით ვიყავით გართულნი და ვლაღობდით გატაცებულნი, როდესაც ხმათა ნაცნობი გუგუნი მომესმა და სოფლად ბევრჯერ ნანახი სურათი წარმომიდგა თვალწინ: "დიდება და ღმერთსა დიდება! შე დალოცვილო და ღმერთო მაღალო! ნუ დაივიწყებ და შენს ქვეყანას! გადმოჰხედევი და საქრისტიანო! გადმოგვივლინე და წვიმაწყალობა! დიდება და ღმერთსა დიდება!» გაჰკიოდა თეთრებით მოსილი დედაკაცების ჯელგა: დიდებაზე ოცდა ათამდის მანდილოსანი წამოსულიყო, ქალაქამდის ევლოთ და ეხლა, ერთ გუნდად შეჯგუფულნი, გატაცებით გაჰმღეროდნენ დიდებას. წინ მიიძღოლებდნენ თეთრებში მოსილ სუსტ ქალს. ზერდაგი რამ დედაკაცი შესჯდომოდა მხარში ამ მითეთქილ-მიქანცებულს და განამტკიცებდა მის მისუსტებულ მსვლელობას. ბრბოს უკან მისდევდა მებარგულე ცხენით ხელში. ყველანი ვიცანი: ჩვენი სოფლის დედაკაცობა იყო: დიდებაზე წამოსულიყვნენ. ეონა გამოემძღვარებინათ. თებერა მოსდევდა მებარგულედ. ძალიან გამეხარდა! მოუფიქრებლად მივატოვე ჩემი ქალი, გადავხტი და წავეტოლე თებერას. საშინლად გაუხარდა ჩემი ნახვა. ავყევი რამდენსამე მანძილზე. - იცი, დათიკოჯან, ეონა გამოიმძღვარეს: ღმერთს უყვარს და უსმენს ვედრებას. ეხლა სოფელი ძალიან პატივსა სცემს ეონას. მე მებარგულედ გამოვყევი. - ცხენი ვიღასია, ბიჭო? - ჩემია! უღელი ხარი რომ მყვანდა, ხომ გახსოვს? ისინი გავყიდე და ეს ცხენი ვიყიდე: ეონა სუსტია და მივაშველებ ხოლმე. ეხლაც ქალაქს გავცდებით თუ არა, ცხენზე შევსვამთ ქალს. სამმანეთიანი შევსწირე. დავემშვიდობე. დავბრუნდი. ჩემი მტრედი აღარსადა სჩანდა, გაფრენილიყო; სწყენოდა ჩემი საქციელი. საწყენიც იყო, მე და ჩემმა ღმერთმა. და დასაგმობი! ბევრი ხვეწნა დამჭირდა შემდეგ და ალერსი, სანამ გული მოიბრუნა... ერთხელ კიდევ შევხვდი თებერას და ეონას. მეგობარმა სოფლად გამიწვია, დიდი დღეობა იცისო მთავარ-ანგელოზობა იყო, დიდი მლოცავი სცოდნოდა. ჯერ ისევ წირვა იდგა, რომ მივედით, ხალხი ირეოდა, ლოცულობდა, სანთელს ანთებდა საყდარში თუ საყდრის კარ-კედელზე. ძველი საყდარი იყო, პატარა, დაბალ კარებიანი. შევყავი თავი, კარებში, შიგნიდან, თეთრადმოსილი ქალი გაწოლილიყო გარდი-გარდმო. გულხელი დაეკრიბა, თვალები დაეხუჭა. შევკრთი, შევყოყმანდი და უკან დავიწიე, ფეხი დაადგი და ისე შემოდიო, დამიძახეს. ყველა ფეხს ადგამდა ქალს და ისე გადადიოდა. მეც აღარ დავარღვიე ჩვეულება: რაც-კი შეიძლებოდა მსუბუქად დავაბიჯე ქალს ფეხი და გადავედი. უგუნებოდ კი გავხდი: ცუდად იმოქმედა ჩემზე ამ ადათის შესრულებამ, სანთელი ავანთე, პირჯვარი გადავისახე, გამოველ. - გწყალობდეს მთავარ-ანგელოზის მადლი და ძალი! - დამამწყალობა ვიღამაც. მოვიხედე, თებერა იყო. სადღესაასწაულოდ მოლამაზებულიყო: თმა გაეკრიჭა, წვერი მოეპარსა,ახალი ტანისამოსი ჩაეცვა. ვაჟკაცი დამდგარიყო, თქვენი მოსაწონი! - კარგი ჰქმენ, რომ ფეხი დაადგი ეონას! ძალიან-კი ფრთხილობდი, როგორც შეგატყე. - კაცო, ეონაა ის?! - ეონაა მაშ! ვეღარ იცან? დავსხედით, ვილაპარაკეთ. ძალიან ხალისიანად იყო. - იცი, დათიკოჯან, უკანასკნელი ბრძანებაა ხატისა. ეს ბრძანებაც ამისრულე და მონობისაგან გაგანთავისუფლებო! აგერ, სამიწელიწადია, რაც ხატმა დაიჭირა ეონა და ეხლა ისევ უნდა გაანთავისუფლოს. გაიხდის თეთრებს და ჯვარს დვავიწერთ: ნეტავი ერთი ქორწილში მეწვეოდე! - კაცო, ეონა ხომ ავად არის, ხატი რომ დააკვეთებს ხოლმე? - ეხლა მთლად კარგად არის ეონა! ერთი წელიწადი იქნება კვეთება არ მოსვლია. ხატისაგან იყო და პირნათლად რომ მოიხადა მოვალეობა, განთავისუფლდა. მეც ჩემი მხრივ კურატი შევუთქვი დალოცვილს, დავქორწინდებით, ისევ ჩავდგები სახლში და რაკი ეონა გვერდით მეყოლება, მალე მტერი მოგიკვდეს, მალე წამოვაყენო ფეხზე ჩემი ოჯახი! - ღმერთმა გისმინოს, ჩემო ძმავ, ხელი მოგიმართოს! - მერე, იცი, დათიკოჯან, რა პატივსა სცემს მთელი სოფელი ჩემს ეონას! გულთამხილავია და იმიტომ! ამ დალოცვილმა გულთმისნობა უბოძა: ეს უნარი გქონდეს, რომ ყველამ გაიგოს და იწამოს ჩემი მადლი და ძალიო. 1911 წ