თეთრი დღე არი
თეთრი დღე არი ავტორი: ტერენტი გრანელი |
თეთრი დღე არი
და სუფევს შიში.
და ახლა ქარი
მე წერას მიშლის.
სიჩუმე მუდამ
ჩემი და იყო.
და გრიგალს უნდა
გული წაიღოს.
და შენც იქნები,
ალბათ, ჩემს გარდა.
არის ფიქრების
თამაში ქართან.
ქრის დღეთა რიგი,
და მიხარია.
და ახლა ირგვლივ
მხოლოდ ქარია.
თეთრი დღე არი
და სუფევს შიში.
და ახლა ქარი
მე წერას მიშლის.