თეიმურაზ ბატონიშვილი - "ახალი ისტორია"

თეიმურაზ ბატონიშვილი - ახალი ისტორია
ავტორი: თეიმურაზ ბატონიშვილი





ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







პუბლიკაცია

edit

თეიმურაზ ბაგრატიონი - ახალი ისტორია - ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო ლელა მიქიაშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 33 - ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები IV - თბილისი - 1983

რესურსები ინტერნეტში:

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcg/cauc/mgeo/teimbagr/teimb.htm


ტექსტი

edit
თეიმურაზ ბატონიშვილი
ახალი ისტორია

ქორონიკონს ულბ [1744], ჟამსა ამას იქმნა ესრეთი განსაცდელი, რომელ არასად შემთხვეულ არს ესევითარი მით, რამეთუ ყოველთა შორის უბოროტესმან თაზისშვილმა ტარიელ მოკლა ხანჯლითა კათოლიკოზი ნიკოლაოზ ხერხეულიძე და იგი, განლტოლვილი, განიტვინა ქვემო სატიოისა რიყესა ზედა და ნაცულად მისსა ჰყვეს კათოლიკოზად ანტონი -- მეფის იესეს ძე.

ხოლო წელსა ჩღმზ, ქორონიკონს ულე [1747], განძვინდა გული ნადირისა ყოველსა სპარსეთსა ზედა და წარსწერა არბაბი წელსა ამას დასდებენ ქართველნი ეპოხად ანუ ქორონიკონად, რომელსაც უწოდებენ არბაბობის წელად. ხვედრსა ამას ქართველთაცა შეხვდათ ორმოცდაათი ათასი თუმანი, რომლისა გამო მიეცნენ ერნი ჭმუნვასა და იწყეს განბნევად უცხოთა ქვეყანათა. მხილველი ამისი მეფე თეიმურაზ წარვიდა იძულებული წინაშე ყაენისა, რათა განარინოს სამეფო თვისი ესევითარისა სიმძიმისაგან და ოდეს მიიწია თავრიზს, მუნ სცნა სიკვდილი ნადირისა, რომელიცა მოიკლა მაჰმად-ხან-ყაჯარისა, მუსა-ბეგ ირილელისა და ყოჯა-ბეგ გუდუზლელისაგან, ბირებითა ძმისწულისა მისისა ალი-ყულ-ხანისათა. რომელ მასცა შეხვდა არბაბსა ამას ურიცხვი ჯურუმი. და იქმნა ალი-ყული-ხან ყაენად, რომელსაცა უწოდეს ადილ-შაჰად. მაშინ თეიმურაზ მეფე არღარა მოიქცა ტფილისად, არამედ წარვიდა წინაშე ყაენისა, ვინაჲდგან იყო სიძე მისი.

ჟამსა ამას ორგულ ექმნა ადილ-შაჰს ძმა მისი იბრეიმ-ხან, რომელიცა იყო ბეგლარ-ბეგი ისპაანისა. ამან მოკლა ზორაბ-ხან სააკაძე, ვეზირი ადილშაისა. ხოლო ესე იქმნა დასაბამი სიძულილისა ძმათა შორის. მოვიდა ესე ადრიბეჟანს და მიუწოდა თვისთა თანა ამირ-ასლან-ხანს, რომელიცა იყო ესე დადრგენილ ბეგლარ-ბეგად ნადირისაგან ადრიბეჟანსა შინა; ესე მივიდა მის თანა. სცნა რა ესე ადილშამ, მოვიდა ზანგანს. იკვეთნენ მუნ, იძლივა ადილშა. უკანასკნელ შეიპყრეს და აღმოხადა თვალნი იბრეიმ-ხანმან, ხოლო დაუტევა მუნ ამირ-ასლანხან განმგედ და თვით წარვიდა ჰამადანს. სცნეს რა ესე ხორასნელთა, მაშინ გამოიყვანეს ციხით შარუხ-მირზა, ძეი რიზა-ყული-მირზასი და ძის ძეი ნადირისა, რომელიცა ჰყუა პყრობილად მაშინ ადილშას შემდგომად მოწყვეტისა ძეთა ნადირისათა, რომელიცა მოსწყვიტნა მან და დასვა ესე განძრახვითა ამით, უკეთუ ერანელთა არა ინებონ მონებაჲ ადილშაჲსა და მოითხოვონ მეფედ ძევე ნადირისა, მაშინ გამოიყვანოს ესე და დააცხროს ამით რუდუნი ერთა ამათ.

ჟამსა ამას მოვიდა ყილიჯლი ალი-ხან განჯით მჴედრებითა. ესე ალი-ხან, რომელიცა პირველ იმყოფებოდა ტფილისს ხანად, მოიყვანა ამან საამ ვინმე, რომელსაცა უწოდდა სეფაბიანთა შთამომავლობათაგან და შეუგზავნა კაცი მოსრულმან კუმისს მეფესა ირაკლისა, რათა ემონოს და წარუგზავნა დაბეჭდილი თეთრიცა სახელსა ზედა საამისასა, გარნა იძლივა რა მეფისაგან, მსწრაფლ უკუნ იქცა.

ჟამსა ამას ორგულ ექმნა იბრეიმ-ხანს ამირ-ასლან-ხან და მოადგა შუშის. ხოლო ციხეცა ქალაქისა განამაგრა დურა-ხან-ბეგმან, რომელიცა იყო დადრგენილ სპარსთაგან მცველად და ციხესა ამას შეერთდნენ ციხელნი თათარნი. სცნა რა ესე აბდულა-ბეგმან, ძემან მეფისა იესესამან, რომელიცა ჟამსა მას დადრგენილ იყო განმგედ ბარათიანთა ზედა მეფისა თეიმურაზისაგან, ესე ორგულ ექმნა მეფესა ირაკლის და სთხოვა ამირ-ასლან-ხანს მჴედრობაჲ, ხოლო მანცა წარმოუგზავნა. მაშინ მოვიდა სოლოლაკსა ზედა უვეცრად. განვიდა მეფე მცირედითა მჴედრებითა, ვინაიდგან მაშინ მცირე ჰყვა მჴედრობაჲ. განვიდნენ ერთისა უკუე მჴრით მოქალაქენიცა, რომელთაცა ბრძოლეს ფრიად მჴნედ. იძლივნენ მჴედრობანი სპარსთა და ბარათიანთანი ესრეთ, რომელ ერთი იპყრობდა ათსა, ხოლო ერთმან მებაღემანცა შეიპყრა ცხრაჲ ყიზილბაში და უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი, და შეიქცა მეფე ქალაქად გამარჯვებული.

მაშინ გამოვიდა ლეკი და მოარბივა ავჭალა და მარტყოფი და წარვიდა. ხოლო მეფე განვიდა საყინულესა თანა წყალსა ტიკებითა, ვინაიდგან არა ძალ-იდებოდა კარსა ავლაბრისასა განსვლაი, რომელ მეტეხიცა აქვნდათ გამაგრებულ ციხელებსა, შთავიდა ქიზიყს, შემოიკრიბა მჴედრობანი კახთანი, ეწია ლეკთა დანღისს და სძლო. ეჰა საკვირველი, რომელ დევნასა მას ლეკთასა წარმოიქცა ფლატე ივრისა და მოსწყვიტნა უმეტეს სამასისა ლეკნი ცხენითურთ მოტანითა ქვეშე. და სძლო და უკმოქცეული მოვიდა ღამესა მას და დადგა დედოფლის-წყალსა ზედა, ხოლო ლტოლვილნი იგი ლეკნი მიიწივნენ რა ალაზანს, მუნ იხილეს ხოჯახ ლეკი ვინმე, რომელსაცა ჰყვა შეყრილობაჲ ლეკთა და სწადდა გამოსვლაჲ კახთა ზედა. მაშინ შეერთდნენ ესენი ღამესა მას და დაეცნენ განთიად თავსა ზედა მეფესა, გარნა იძლივნენ ლეკნი.

მაშინ შემოიკრიბნა მუნ მეფემან მჴედრობანი კახთანი სრულიად, გორიდამაცა შთამოატანინა ზარბაზანი იგი დიდი, ბოჭორმისად წოდებული, და აიღეს მეტეხი, ხოლო უკანასკნელ თაბორი და თაბორითა იწყეს რა ცემა ზარბაზანითა მით, შეჭირვებულთა მათ ერთა მოსცეს ციხე მეფესა.

სცნა რა იბრემ-ხანმან ორგულებაჲ ამირ-ასლან-ხანისა, წარმოვიდა მას ზედა, ჰსძლო, ხოლო ძლეული ამირ-ასლან-ხან შეიპყრეს ყარადაღს და მიიყვანეს იბრეიმ-ხანისა წინაშე, რომელმანცა წარჰკვეთა თავი და იწოდა იბრეიმ-ხან ყაენად, ესე იგი იბრეიმ-შაჰად, და წარვიდა შარუხსა ზედა, სადაცა მჴედრობათა მისთა შეიპყრეს იგი გზასა ზედა და მიიყვანეს შარუხანისა წინაშე და მან წარკვეთა მას თავი, ხოლო შარუხსაცა ქურთთა ხაბუშანისათა აღმოჰჴადეს თვალნი და ჰყვეს მაშათსა შინა ჴელმწიფედ. და იქმნა ერანსა შინა ფრიადი აღრეულებაჲ. ხოლო მეფე თეიმურაზცა მოვიდა წელსა ჩღმთ, ქორონიკონს ულზ [1749].

ჟამსა ამას მოადგა მამად-ხან-ყაჯარი, ერთი იგი მკვლელთაგანი ნადირისა, ერევანს და ლამოდა დაპყრობასა მისსა. ევედრნენ ერევნელნი მეფესა თეიმურაზს და წარვიდა ესე მჴედრებითა, სძლო მამად-ხანს, აღიღო ფრიადი ალაფი და განარინა ერევანი მოოჴრებისაგან, გარნა მოხარკე ჰყო მან ერევნელნი და მოვიდა ტფილისს.

ხოლო მოვიდა წელსავე ამას ფანა-ხან შუშისა განჯას. მაშინ წარვიდა მეფე თეიმურაზ ძითურთ თვისით მეფე ირაკლით შველად განჯისა. სცნა რა ფანა-ხანმან მიმავალობა მათი, დაუტევა გარმოდგომა განჯისა და უკუნ-იქცა ყარაბაღად. სცნეს რა ესე მეფეთა, შეუდგნენ უკანა ამას და შთავიდნენ ყარაბაღს. ეკვეთნენ ყარათაფად წოდებულსა ადგილსა, მუნ იძლია ფანა-ხან, სადაცა მხედრობამან ქართველთამან მოარბივეს ვიდრე ხუდაფერინადმდე, და ესეოდენი იშოვეს ალაფნი, რომელ ცხვარი იყიდებოდა აბაზად, ხოლო ცხენი, კამეჩი და ძროხა ხუთ აბაზად, და უკ-მოიქცნენ ალაფითა გამარჯვებულნი.

გარნა წელსა ჩღნა, ქორონიკონს ულთ [1751], შეერთდნენ მეფენი აჯი-ჩალაბისა შაქისა ხანისა თანა, სადაცა შემოიკრიბნეს მჴედრობანი, და წარვიდნენ ჭარსა ზედა და რაოდენ ევედრნენ ჭარელნი მონებასა, არა უსმინეს მეფეთა და მივიდნენ რა ჭარსა ზედა, მაშინ აჯიჩალაბიცა შეერთდა ჭარელთა და განტეხა აღთქმა თვისი. იძლივნენ მუნ ფრიად მეფენი, გარნა მეფენი განერნენ მშვიდობით, ხოლო ალაზანსა შინა, ვინადგან გაუჭირდა მეფესა ერეკლეს გამოსვლა, რომელ ქვევითნი იგი ქართველთანი, რომელნიც მოაქვნდა წყალსა, ეხვეოდენ ცხენთა განრინებისათვის, მაშინ თავადმან ბებურისშვილმან პაპამ მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით. ხოლო ვინაიდგან ნაპირი მდინარისა ალაზნისა არს ფლატოან, ამად პაპამ მუნ ვერღარა აღიყვანა ცხენი მეფისა და, ვირე მოატარებდა შორს, ვირე ქვევითისა მყოფსა მეფესა შეემთხვა ბოსტაშვილი მაჩხაანელი და მიართვა ცხენი და ესრეთ განერა მეფე.

ხოლო ამავე წელსა განძლიერდა აზათ-ხან ავღანი სპარსეთსა შინა, წარმოვიდა ერევანსა ზედა. ევედრნენ უკუე ერევნელნი მეფესა თეიმურაზს, რომელმანცა წარუგზავნა ძეი თვისი ერეკლე შესაწევნელად სამი ათასითა მჴედრებითა. მიიწივნენ რა ყირიხბულახს, იგიცა მოვიდა, რომელსაც ჰყვანდა უმეტეს ათთურამეტი ათასის კაცისა, იკვეთნენ მუნ, იძლია აზათ-ხან ქართველთაგან და განარინეს ერევანი და მოიქცნენ გამარჯვებულნი ფრიადითა ალაფითა ესრეთ, რომელ მრავალთა მოლაშქრეთა იშოვნეს ყათრობით აქლემი და ჯორი.

მაშინ მეფე თეიმურაზმან, მდგომმან მარაბდას, სძლო ლეკთა და მოიკლა ბრძოლასა შინა ქალაქის მოურავი თარხნისშვილი იორამ. და ჟამსა ამას გარდაიცვალა დედოფალი აბაშიძის ზაალის ასული ანნა და იქორწინა მეფემან ირაკლიმ დადიანის ასულსა ზედა.

მხილველთა ხანებთა ადრიბეჟანისათა ძლევისათვის აზატ-ხანისა, სთხოვეს მეფესა თეიმურაზს, რათა წარვიდეს მჴედრებითა დასაპყრობელად ადრიბეჟანისა და თანა წარიტანოს ესენიცა თანჴმობილი. ამას ზედა მეფე თეიმურაზ შთავიდა რა განჯას ძითურთ ერეკლეთი, მაშინ მოვიდა წინაშე მეფისა ხანი განჯისა, შუშისა და ყარადაღისა. გარნა ნებითა მეფისა ირაკლისათა შეიპყრეს ხანნი ესე, თუმცაღა არასადა სწადდა მეფესა თეიმურაზს ესევითარისა უგვანისა საქმისა ქმნაჲ და ვერცაღა აღუდგა ძესა თჳსსა. სცნა რა ესე ძემან აჯი-ჩალაბისამან აღაქიშიმ, გამოვიდა მტკვარსა, ეკვეთა მეფეთა, რომელთაცა ამხილა ღმერთმან ესევითარისა უსამართლოებისა ქმნაჲ და დაჰყარნეს მუნ პყრობილნიცა და ივლტოდნენ. რომელთაცა მიეცათ ფრიადი ნაკლულევანებაჲ, ხოლო იქმნა ესე წელსა, ქორონიკონს უმ [1752].

მაშინ ძლევაშემოსილი აღა-ქიში მიიწივა რა სახლად თჳსად, შეკრიბნა მუნ მხედრობანი შაქისა, შირვანისა და ლეკთა და წარმოვიდა წელსავე ამას, ამოვლო განჯა, თან წამოიყუანა ხანი განჯისა მხედრებითა თჳსითა, ამოვლო შამშადილი და ყაზახი და მოვიდა ბაიდარს. სცნა რა ესე მეფემან თეიმურაზ, წარგზავნა ძეჲ თჳსი ირაკლი სტეფანწმინდას და მოუწოდა მხედრობასა ჩერქეზთასა. მაშინ მოვიდნენ მხედრობანი ჩერქეზთანი. განვიდნენ რა მეფენი ტფილისით, მცნობმან აღა-ქიშიმ იწყო უკუნ-ქცევაჲ, მაშინ მეფენი ეწივნენ შამშადილსა შინა, თულქი-თაფად წოდებულსა ადგილსა, იკვეთნენ მუნ, იძლივა აღა-ქიში, რომელსაცა მიჰყვნენ კაფით შანქორამდინ.

ხოლო წელსა , ქორონიკონს უმა [1753] მოვიდა ნურსალ-ბეგ ავარელი ფრიადითა მხედრებითა და მოადგა მჭადიჯვარს. გარნა ერთმან მოხუცმან დედათაგანმან დაუწვა მათ შვიდი საფარი, მიტანილი ციხესა ზედა და მოკლეს იგიცა ლეკთა მერვესა საფარსა ზედა. ხოლო სძლეს მუნ მეფეთა მათ და მოსწყვიტნეს ფრიადნი ლეკნი და სირცხვილეული უკუნ იქცა სახლადვე თჳსად. ხოლო წელსა, ქორონიკონს უმბ [1754] შეიკრიბნა ამანვე მხედრობანი ლეკთანი და მოადგა ყვარელს. მაშინ შეაშველეს მეფეთა დაუთალაბად ბებურისშვილი პაპა, მდივანი სოლომონ ქობულისძე. თაყაშვილი ფარენუზ, რატიშვილი ბეჟან, ნამორაძე ერასტი და სხუანი კეთილშობილნი და განარინეს ციხე ესე და ლეკთა, ვინადგან ვერარა ჰყვეს, უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი.

ხოლო წელსა, ქორონიკონს უმგ [1755] იქმნა კათოლიკოზი ანტონი, ძეჲ მეფისა იესესი, შეცთომილ და მიიღო სარწმუნოება რომისა კათოლიკისა, რომელიცა განძებულ იქმნა მეფისა თეიმურაზისაგან რუსეთად და მიიწია რა იგი რუსეთად, მუნ ეწყალობა ელისაბედ პეტროვნასაგან არხიერობაჲ ვლადიმერიისა.

ჟამსა ამას მოვიდნენ ლეკნი შთამოსრულნი მთით და მოაოხრეს რუისპირი, გარდავლეს გონბორი და შთამვლელნი მიიწივნენ დედოფლის-წყალს. შთასრულთა თოფყარაღაჯს შთაეწივნენ კახნი ქიზიყელითურთ, გარნა იძლივნენ კახნი და მოსწყდნენ უმრავლესნი მუნ რაოდენისამე თავადთა ძეებითურთ.

ჟამსა ამას აიყარნენ ბორჩალოელნიცა და დასახლდნენ ყარასუსა ზედა ერევანს. მაშინ მეფემან ირაკლიმ შეიყარა მჴედრობა, მოვიდა ერევანს და აჰყარა იგინი და გარდმოასახლნა ბორჩალოდვე.

კუალად შეყრილობანი ლეკთანი მოვიდნენ ღართისკარს, წარტყვენეს ქარავანი ქართლისა და მოკლეს მუნ მუხრანის ბატონი კოსტანტინე მიმავალთა მათ ლეკთა კახეთს. მსმენმან მეფემან ირაკლი შეუკრნა მათ გზანი და მოსწყვიტნა სრულიად.

კუალად მოვიდნენ ლეკნი და მოაოხრეს ჯუგაანი. მაშინ მეფე თეიმურაზ და მეფე ირაკლი იმყოფებოდნენ ქიზიყს და შეუდგნენ მეფენი უკანა, მიეწივნენ მახლობელ დანღისისა და მოსწყვიტნეს ლეკნი და მიუღეს ყოველი იგი ნატყვენავი.

ხოლო წელსა ჩღნზ, ქორონიკონს უმე [1757], იქმნა ფრიადი სიყმილი, ესრეთ, რომელ ერნი იზრდებოდნენ მდელოითა და განიბნივნენ მრავალნი მცხოვრებნი.

მაშინ გამოვიდა მაჰმად-ასან-ყაჯარი, რომელმანცა დაიპყრა უმეტეს ნახევარი სპარსეთისა და მოადგა შუშის. ამან იჴმო თვის თანა მეფე თეიმურაზ რომელმანცა იწყო მზადება წარსვლად მის თანა. ხოლო გამოჩნდა რა შირაზს ქარიმ-ხან, მაშინ წარვიდა ესე მაჰმადასან-ყაჯარი მისს ზედა, სადაცა გარმოდგომასა ქალაქისასა დაეფანტნეს მჴედრობანი და თვითცა ლტოლვილი მოიკლა მსახურისა მისისაგან, რომელმანცა მოჰკვეთა თავი და მიართვა ქარიმ-ხანს და ნაცვლად ესევითარისა ბოროტმოქმედებისათვის ბრძანა ქარიმ-ხანმან მონისაცა მის სიკუდილი.

ჟამსა ამას განავრცეს ლეკთა ჴდომვაჲ და გამოჴდა ჩონჩოლმუსა. მაშინ ორნივე მეფენი იყვნენ კრცხინვალს. მოვიდნენ ლეკნი ზღუდერს. ხოლო მეფეთა ვერ თავს იდეს პირისპირ გამოსვლაჲ, ვინაიდგან არა ჰყვათ მჴედრობაჲ. მუნ იქმნა მცირედი კინკლაობა, გატრიალდნენ მუნით ლეკნი, მივიდნენ და აიღეს ალი და აღვიდნენ ახალციხეს. კვალად მუნით შთამოვიდნენ, სადაცა განიყვნენ ორად: ჩონჩოლ-მუსა მოადგა აკნევს, ხოლო კოხტა -- ატოცს. მაშინ მეფეთა იჴმეს შველად მეფე სოლომონ, რომელიცა გარდმოვიდა იმერთა მჴედრებითა. მეფემან თეიმურაზ და ირაკლიმ მოიკრიფნეს მჴედრობანი ქართლისა და კახეთისანი, შეერთდენ იმერთა თანა, დაეცნენ ატოცს და მოსწყვიდნეს ფრიად ლეკნი და ჩონჩოლ-მუსაჲ მხილველი ამისი განივლტო ღამე და ესრეთ განერა. ესე იქმნა წელსა ხღნჱ, ქორონიკონს უმვ [1758], უწინარეს ერთისა წელსა ამისს, ოდეს აშენებდა მეფე თეიმურაზ ციხესა პატარძეულისასა, მუნ მოვიდნენ ლეკნი, ხოლო მეფემან ირაკლიმ მოსწყვიტნა აზამბურს უმეტეს სამასისა. მუნ მოიკლა ბრძოლასა შინა საამისშვილი ედიშერ.

ხოლო წელსა ჩღნთ, ქორონიკონს უმზ [1759] მოვიდნენ ლეკნი ტეზერს. მუნ სძლო მეფემან თეიმურაზ, გარნა ბრძოლასა შინა მოიკლა ციცისშვილი გლახა, გერი მეფისა თეიმურაზისა.

წელსა ჩღჲ, ქორონიკონს უმჱ [1760] წარვიდა მეფე თეიმურაზ რუსეთს. მეფემან ირაკლი კვალად სძლო სუხყულიანსა შინა ფრიადთა ლეკთა. და მეფე თეიმურაზცა გარდაიცვალა წელსა ჩღჲბ, ქორონიკონს უნ [1762] და დაფლეს ასტრახანს.

და იწოდა ირაკლი მეფედ ქართლისადცა. ამან მოიყვანა კათოლიკოზი ანტონი რუსეთით და განაწყვეს შკოლა ახლისა ფილასოფიისა ბაუმეისტერისა, რომელიცა რუსეთს ყოფასა სთარგმნა კათოლიკოზმან რუსულით ქართულად.

და განძლიერდა რა ქარიმ-ხან ზანდი სპარსეთსა შინა, მაშინ ლტოლვილი და დაცემული აზათ-ხან მოვიდა მეფისა წინაშე და ევედრა შეწევნასა, ხოლო ამან შეიპყრა და წარუგზავნა ქარიმ-ხანს, რომელმანცა ნაცვლად სამსახურისა ამის უძღვნა მეფესა მადლობაჲ საბოძვარითურთ.

ჟამსა ამას აღდგა ფათალი-ხან ავშარი, მოიკრიბნა მჴედრობანი ადრიბეჟანისანი და მოადგა შუშის და სთხოვა მეფესა შეწევნაჲ. ამან მიაშველა მჴედრობაჲ და ოდეს წარმოემართა ამათ ზედა ქარიმ-ხან, მაშინ არღარა წარჰყვნენ მჴედრობანი ქართველთანი და მოიქცენ უკანვე. და შავერდი-ხან, ხანი განჯისა, რომელიცა ჰყვა ფანას პყრობილად და განათავისუფლა ფათალი-ხანმან, იგი მოვიდა მეფისა წინაშე, რომელმანცა წარატანა მჴედრობანი ქართველთანი. აღიღეს კვალად განჯა და ჰყვეს ესე ხანად. გარნა განჯელმან მსახურმან უკუე შავერდი-ხანისამან მოკლა ხანი და გამოაძეს განჯელთა ძენი მისნი, რომელნიცა მოვიდნენ მეფისა ირაკლისა წინაშე, ხოლო ამან წარატანა მჴედრობანი, აღიღეს განჯა და ჰყვეს პირმშო ძეჲ შავერდი-ხანისა მაჰმადასან-ხან ხანად.

გარნა სძლო კუალად მეფემან ყარაიასა ზედა ლეკთა, რომელთაცა განერყვნათ გორისა გარემონი და დააყრევინა მუნ ყოველი ნატყვენავი. კუალად სძლო ახმეტას ლეკთა და მოსწყვიდნა ფრიად, რომელნიცა დაეცნენ ახმეტას. კუალად შეკრბენ შეყრილობანი ლეკთანი და სწადდათ ზედა დასხმაჲ სამაჩაბლოსა. სცნა მეფემან, შეუკრნა კეხვი და მოსწყვიდნა სრულიად.

კვალად მოვიდნენ შეყრილობანი ლეკთანი და დაეცნენ ბორჩალოს და მოსტყვენვეს აღმამადლი, გარნა იძლივნენ ფრიად ბორჩალოველთაგან. მუნ იყო მჴნედ თარხანი გიორგი, მოურავი ბორჩალოსი, რომელთაცა მოსწყვიტეს უმრავლესნი ლეკნი და წარვიდნენ სირცხვილეულნი.

ხოლო წელსა ჩღჲე, ქორონიკონს უნგ [1765], შეითქვნენ მეფესა ზედა თავადი ამილახვარის შვილი დიმიტრი, სახლთხუცესი, და ესე იყო მძახალი მეფისა, რამეთუ დაჲ მეფისა ელისაბედ ჰყვა ძესა მისსა გიორგის, და გლახა ციციშვილი და თაქთაქიშვილი ელისბარ. ამათ მისცეს პირობაა პაატას ბატონისშვილს, რომელიცა იყო ესე არარჯულიერი ძეი მეფისა ვახტანგისა, რომელიცა იმყოფებოდა მეფისა წინაშე დიდითა პატივითა, გარნა იყო კაცი ესე ფრიად მეცნიერ, რათამცა წარსწყმინდონ მეფე. სცნა რა ესე მეფემან, შეიპყრა ესენი. შეკრბენ ქართველნი და მოჰკვეთეს პაატას თავი და დაწვეს ცეცხლსა შინა თაქთაქიშვილი ელისბარ და დიმიტრი პატიმარ ჰყვეს და შეურაცხ-ჰყვეს აღჯდომითა მისითა კარაულსა ზედა, და მოჰკვეთეს ძესა მისსა ალექსანდრეს ცხვირი, და გლახა ციციშვილსაცა მოჰკვეთეს ენა.

მოიკრიბნა კვალად მეფემან მკედრობანი და დაეცა ქურთთა ერევნისათა, წარტჰყვენა და მოიქცნენ ქართველნი ალაფითა დიდითა. მაშინ ფამბაკი იყო რა ოკერ, გამოსთხოვა პირმშომან ძემან მისმან გიორგიმ და აღაშენა.

კვალად შეიყარნენ ფრიადნი ლეკნი, დაეცნენ თუშეთს, გარდაეშველნენ ფშაველნი, სძლეს და მოსწყვიტეს უმეტეს ორისა ათასისა და წარივლტნენ სირცხვილეულნი.

განძებულ იყო რა მეფე იმერთა სოლომონ იმერთაგან და ჩაიყვანეს რა მჴედრობანი თურქთანი იმერთა, რომელთაცა ჰყვეს თეიმურაზ ბიძაწული მისი მეფედ, თუმცაღა განსდევნა მეფემან სოლომონ თურქნი და შეიპყრა თეიმურაზ და შესვა ციხესა, რომელსაცა დაეცა მეხი და მოკუდა, გარნა კვალად თურქთავე ეპყრათ რაოდენნიმე ციხენი. და ვინაიდგან ერისთავი რაჭისა როსტომ არა ერნდა, რომლისა გამო მეფემან იმერთამან იხმო მჴედრობაჲ ლეკთანი და წარსტყვენა რაჭა და ალაფითა სავსენი ლეკნი უკუნ იქცნენ რა თვისად, მაშინ მცნობმან მეფემან ირაკლიმ შეუკრნა იორი, სადაცა მოსწყვიტნა სამასნი და მიუღო ყოველი ნატყვენავი.

ხოლო მეფე სოლომონ ევედრა კარსა რუსეთისასა, რათა მოსცენ მჴედრობაჲ შესაწევნელად. და მოვიდა გრაფ ტოტლებენი ექვსი ათასითა მჴედრობითა რუსთათა, წელსა ჩღჲთ, ქორონიკონს უნზ [1769]. სცნა რა მოსვლაჲ მათი მეფემან ირაკლიმ, მიეგება კოპს, შეითქვნენ მეფე და ტოტლებენი, რომელიცა არღარა წარვიდა იმერეთად, არამედ წარვიდენ ორნივე ახალციხესა ზედა. წარმოიშვა შორის მეფისა და გრაფისა სამდურავი, სადაცა აწყურით დაბრუნდა გრაფი, ხოლო იხილეს რა დაბრუნება რუსისა, ქართველთა იწყეს ლტოლვად, სადაცა გზასა ზედა შეემთხვა მეფესა მჴედრობაჲ დელუბაშებისა, რომელსაცა სძლო მეფემან, მოვიდა და დაიბანაკა ასპინძას. სცნეს თურქთა უკუნ ქცევაჲ ქართუელთა და რუსთა, ჰგონეს თურქთა, რეცა ქართველნი შიშისაგან ივლტიან და შეუდგნენ უკანა მრავალნი მჴედრობანი ლეკთანი და თურქთანი. ჟამსა იმას მრავალნი ლეკნი იმყოფებოდენ ახალციხესა. ღამესა მას გამოვიდნენ უკუე ნახევარნი ჴიდსა ასპინძისასა და ნახევარიცა ლამოდნენ მეორესა დღესა გამოსვლად. ხოლო ღამესა მას წარგზავნა მეფემან ერისთავის შვილი აღაბაბა, სვიმონ მუხრანბატონისშვილი ნასაღჩიბაში და ხუდია ბორჩალოელი, ჩინებული და მამაცი ყოვლისა საქართუელოსა შინა და ამცნო მათ, რათა აჰყარონ ჴიდი ასპინძისა და მათ სრულ ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მეფისა. დღესა მეორესა, იქმნა რა ბრძოლა, იძლივნენ ლეკნი და თათარნი. ჰგონეს მათ ჴიდისა მის კუალად გებაჲ, რომელნიცა მიივლტნენ მუნ, ესრეთ უკუე იყუნენ შიშნეულ, რომელ ერთი მეორესა ჰყრიდა ჴიდისაგან ისრებით მტკვარსა შინა. დღესა მას მოკლა მეფემან ირაკლი ჴელითა თჳსითა კოხტა ბელადი, რომელიცა იყო ჩინებული მძღვანი ლეკთა და მოიშუთვნენ უმეტეს წყალთა შინა ორისა ათასისა ლეკნი და თათარნი და მოიქცნენ ქართუელნი ალაფითა სავსენი სახლად თვისადვე.

შთავიდა რა გრაფი სურამსა, გარდავლო მთაჲ საფიჩხიისა და შთავიდა იმერეთს, მოეგება მეფე იმერთა სოლომონ, მიუძღუა და აღიღეს ციხე ცუცხვათისა, შორაპანისა და ქუთაისისა, რომელიცა ეპყრა თურქთა. ხოლო ჟამსა ამას იქმნა საშინელი მომსრველი ჟამი საქართუელოსა შინა, და მოადგილედ მოვიდა ამა გრაფისა წილ მუნ ღენერალი სუხატინი, და გრაფი წარვიდა როსიად, ხოლო სუხატინი შთავიდა ფოთს, გარნა ოდეს ვერ უძლო დაპყრობაჲ, უკ-მოიქცა.

ხოლო ჟამსა ამას წარვიდა კვალად მეფე ირაკლი ქურთთა ზედა, მოარბივნნა იგინი და მოვიდნენ ქართველნი ფრიადითა ალაფითა. ხოლო რუსნიცა უკუნ იქცნენ რუსეთადვე წელსა ჩღობ, ქორონიკონს უჲ [1772], რომლისა გამო მეფემან წარგზავნა რუსეთად ძეჲ თჳსი ლევან და კათალიკოზი ანტონი, ძე მეფისა იესესი.

მოვიდნენ კვალად შეყრილობანი ლეკთანი ქართლში. მაშინ ქართლისა და კახეთისა მჴედრობანი იყვნენ შეყრილ, გარნა იკუეთნენ უფლისციხეს. იძლივნენ ქართველნი და მოსწყდნენ მრავალნი. განვიდნენ ლეკნი გორის ბოლოს ლიახვსა და წარვიდენ ახალციხეს. განივლტო ხიდირბეგისშვილი როსტომ ახალციხესა და მოუხდა ლეკისა შეყრილობითა და შევიდა კრცხინვალს, მოაოჴრა გარე ციხისა და მრავალნი ტყვენი წარასხნა. ხოლო იყვნენ თურქნი განძვინებულ საქართველოსა ზედა და იყოფოდენ ლეკნი მრავალნიცა ახალციხესა შინა და სტყვენვიდიან ქართლსა. გარნა ჩვენნიცა მარადის უჴდებოდიან და აოჴრებდიან ჯავახეთსა ესრეთ, რომელ ძეთა მელიქისათა გიორგიმ და ავთანდილ შეიპყრეს უმეტეს ხუთასისა ორასითა კაცითა მდევარნი თურქთანი. კვალად უჴდებოდის და აოჴრებდის ჯავახეთს და ზედა დასხმასა უყოფდის ლეკთა ხუდია და სხვანი ბორჩალოელნი და სხვანი ელნი ჩვენნი, რომელთაცა მოიყვანეს კერძოჲ ახალციხისა და ყარსისა ძრწოლასა.

ხოლო შეკრბენ ყაზახნი, ბორჩალოველნი და ფამბაკელნი, მოსტყვენვეს ნახჩევანი და სძლეს ხანსა მუნებურსა შუქურლას, რომელიცა ეწივა მდევრად და მოიქცნენ ალაფითა დიდითა.

შემთხვევასა ამას ექმნა ორგულ ფაშასა ახალციხისასა სულეიმანს ათაბაგსა იბრეიმ-ბეგ ჴერთვისელი, რომელმანცა მოსცა ციხე მეფესა, და ვინადგან შეაყენა მუნ მეფემან მცირენი ტალანი, კვალად მიუღეს ციხე თურქთა, და ტალათა მათთაგანი რომელნიმე ტყვე ჰყვეს და რომელნიმე განივლტნენ, რომლისათვის მეფემან მოუწოდა მეფესა იმერთასა სოლომონს და შემოიკრიბეს ორთავე მეფეთა მჴედრობანი ქართველთა და იმერთა, მივიდნენ ახალქალაქს და მოერტყნენ გარს იქმნა უძლებ მუნ მეფე იმერთა სოლომონ, რომლისა გამო უკ-მოიქცნენ, გარნა ქართველთა მოსტყვენვეს ჯავახეთი; მუნით წარმოსრულნი, შთამოვიდა მეფე ირაკლი კრცხინვალს. ოდეს ჯდა სადილად მეფე, მოვიდა ფრიადი შეყრილობანი ლეკთანი და დაესხნეს ხვითებს.

აღმჴედრდა თვით მეფე ამალითა თვისითა და სძლო ფრიად და მოსწყვიდნეს მრავალნი. მუნ იყო მჴნედ ქიზიყის მოურავის პაპუას შვილი იესე ენდრონიკოვი, რომელმანცა მოკლა ოთხი ლეკი, ხოლო აბაშიძესა იოანეს მოსწყვიტა თითი ლეკმა ჴლმითა. განვრცნა რა ჴდომვაჲ შორის ქართლისა და ახალციხისა და იქმნენ ორნივე კერძონი შემჭირვებულ ფრიად, ამად ზავ ჰყვეს ურთიერთარს და წარგზავნა მეფემან ირაკლიმ კარსა ზედა სულტანისასა სტანბოლს დესპანი თვისი ორგზის მირზა გურგინაჲ ენაკოლოფაშვილი რომელსაცა მოერთვა სულთანისაგან აჰმადისა ორგზისვე ქურქი, ჴმალი, აღკაზმული ოქროჲთა ჰუნეჲ და უმეტეს ათორმეტი ათასისა ოქროი, ხოლო ვეზირისაგან საათი ძვირფასი მოვაჭვილი.

ხოლო ახალქალაქსა ყოფასა მეფისასა მოვიდნენ ლეკნი ჭარისა კერძოით და წარსტყვენვეს სოფელი ფხოველი და წარიყვანეს ტყვედ მოურავის შვილის პაატას მეუღლე, რომელიცა შეირთო უსეინ-ხანმან შაქისამან.

კვალად შეიყარა ხუნძახის ბატონმან ნურსალი ბეგმან მჴედრობაჲ დიდი ლეკთა და შთავიდა შაქი-შირვანისა კერძო, მუნით უეცრად წარმოვიდა და დაესხა ბოდბეს და იავარჰყო რაოდენიმე უბანი. მაშინ მხნედ იყუნენ ბაღაანი, რომელთაცა სიმხნითა თვისითა დაიცვეს ბოდბე. ამოვიდა სიღნაღით მოურავი რევაზ ენდრონიკასშვილი მაღაროს, სადაცა შემოკრბნენ ჴიზიყელნი, სძლეს და მოსწყვიტეს უმეტეს ათასისა ლეკნი, და მუნ ლეკმან ერთმან ჰყო ტყვედ დიაცი ერთი, სწადდა რა დამდაბლება მისი, წააძრო ხანჯალი და მოკლა ლეკი იგი დიაცმან მან და ესრეთ განერა დიაცი იგი. და წარვიდა ნურსალ სირცხჳლეული.

კვალად შთამოვიდა ნურსალ-ბეგ და წარვიდა შამახიას, რომელსაცა ესტუმრა ფათალი-ხან ყუბელმა, უღალატა და მოკლა იგი. ჟამსა ამას მოვიდა ფათალი-ხან დარბანდისა უსეინ-ხან შაქელსა ზედა. ესე ევედრა შეწევნისათჳს მეფესა, ამან მიაშველა მჴედრობანი თჳსნი და განარინა უსეინ-ხან.

იქმნა კვალად საკვირველი შემთხვევა ჟამსა ამას, რომელ ბირებითა ეშმაკისათა განივლტო დავით-გარეჯისა მონასტერით მონოზონი დაყუდებული ლეკთა შინა, მოუძღვა ლეკთა და ვინადგან ციხის კარნი იყვნენ დახშულ, მუნ ვერა შესრულმან აღმოიყვანნა ლეკნი წმიდისა ნიკოლაოზისა ეკალესიისა ხვრელისა დაფარულისა გზით და წარსტყუენეს წმინდა ესე მონასტერი.

ხოლო შეითქვნენ მეფე ირაკლი და შუშის ხანი იბრაიმ და წელსა 1778, ქორონიკონს უჲვ, აიღეს განჯა და შეიპყრეს მამად-ხან განჯისა სახლეულითურთ, რომელიცა წარიყვანა იბრეიმ-ხანმა შუშისამან ტყუედ, და დაადგინნეს ორთავე განმგენი თჳსნი განჯასა შინა. ხოლო ჟამსა ამას ქართლით მომავალს ქისიყის მოურავის ასულს მეფის სძალს ქეთავანს, მეუღლესა პირმშოსა მეფის ძის გიორგისასა, დაუხვდნენ ლეკნი ღართის-კარს ვიდრე ხუთასადმდე, და მეფის სძალსა ქეთავანს არა ჰყვა თანა უმეტეს სამასისა მხედრობანი მორიგედ წოდებულნი, რომელნიცა თანგამყოლად ახლდენ მას, და არცა ვინ ჰყვა თვისთანა მეცნიერი ბრძოლისა, მაშინ თვით იქმნა თავ მჴედრობისა თჳსისა და განამხნო მორიგენი, ეწყო და იძლივნენ ლეკნი და მოსწყვიდნეს მორიგეთა მათ უმრავლესნი ლეკთანი. ხოლო სცნა რა მეფემან ირაკლი ესევითარი სიმხნეჲ სძლისა თჳსისა, მხიარულ-ქმნილმან შეიყვანა ტფილისს დიდებითა დიდითა და ზარბაზნის სროლითა, და ღამესა მას ყოველსა ქალაქსა იყო ჩირაღდანი.

ჟამსა ამას უკუ უდგა ყულარაღასი გიორგი, ერისთავი ქსნისა; ამას ზედა წარგზავნა მეფემან ძეი თვისი გიორგი და ლევან, რომელიცა შეიპყრეს და შთამოიყვანეს პყრობილად, თუმცაღა მეფემან მიუტევა შეცოდებაჲ, გარნა მიუღო ქსანი და მოუბოძა ძესა თვისსა გიორგის და ლიახვი იულონს.

ვინაჲთგან ლეკნი მარად აოხრებდენ ქართლსა, იღონისძია მეფემან და განაწესა ყოველთა სახლთაგან კაცის თავს ერთი, რაოდენიცა იყუნენ სახლსა მას შინა, რათა მსახურონ თვითოსა თვესა მამულსა, მორიგედ წოდებული, და ეგრეთვე განაწყო თოფხანა, მებრ რუსეთისა კანონითა და განასწავლა თოფჩები, რომელიცა განაწყო ესენი ქიზიყის მოურავის შვილმან პაატა, ესე განსწავლილ იყო მოსკოვს, და თვითცა მეფეი ძეებითურთ თჳსით დაეწერა მორიგედ და იხდიდა თვითოსა თვესა; უკეთუ გლეხთა დაიყოვნიან, მაშინ იგინი წკეპლასა შინა განივლიდიან რაოდენსა დღესაც დაიყოვნიან, ეგოდენ გზის, და უკეთუ თავადთა და აზნაურთა დაიყოვნიან, ეგოდენ დღე პატიმარ იქმნებოდიან. ხოლო ესე ექმნა ქართლსა სარგებელ ფრიად ამით, რამეთუ თვით მეფემან რაოდენმე გზის აოტნა ლეკნი, ეგრეთვე მეფის ძემ გიორგიმ რაოდენმე ღართის-კარსა შინა, ეგრეთვე იორსა ზედა, და ლევანმაცა მისაქციელსა და ქიზიყსა შეიმოსა ფრიადი ძლევა ლეკთა ზედა და მსგავსადვე თვით მორიგენიცა აოტებდიან მარადის გამომსვლელთა ლეკთა; ესრეთ იქმნენ შიშვნეულ ლეკნი, რომელ ვერღარასადა იკადრეს გამოსვლაჲ და ესრეთ დამშვიდდა ქართლი, რომელ ღართის-კარსა შინა დიაცნი თვინიერ მამაკაცისა ვიდოდიან.

წელსა ჩღოთ, ქორონიკონს უჲზ [1779], არღარა ინება ხანმან ერევნისამან უსეინ-ყული ხარკისა მოცემად ქართველთა, რომლისა გამო წარვიდა მეფე მას ზედა. იქმნა მუნ ბრძოლა, სადაცა მუნ მჴნედ აღმოჩნდა მეფის ძე გიორგი. მუნ სძლო მეფემან ერევნელთა მჴედრობასა, მოხარკე ჰყო და მსწრაფლ უკ-მოიქცა ამად, ვინადგან იყო სამდურავი მეფესა შორის ირაკლისა და მეფისა შორის იმერთასა სოლომონისა, და ამან სოლომონ მოიყვანა ძეი ბაქარისა და ძის ძეჲ მეფისა ვახტანგისა ალექსანდრე შირაზით. ურჩ ექმნ უკუე ძეი თვისი მეფესა იმერთასა სოლომონს, რომელსაცა ეწოდა ალექსანდრე და რომლისა კიდე არა უვიდოდა სხვა ძეი, და მოვიდა მეფისა ირაკლისა წინაშე. ამან შეიწყნარა, პატივსცა და დააგო კვალად მამასა, რომლისა გამო ზამ ჰყვეს და მეფემანცა სოლომონ განუტევა ძეჲ ბაქარისა ალექსანდრე წელსა ჩღპა, ქორონიკონს უჲთ [1781].

ჟამსა ამას მოვიდა თავრიზით მცბიერი ვინმე. ამან იჩემა გაკეთება ქიმიისა, რომლისა გამო უწოდეს შაზადად. და ოდეს ვერარაი აღმოაჩინა მოქმედება თვისი და სცნეს სიცბილი მისი, ამად შეჭამა თრიაქი და წარიწყმიდა თავი თვისი.

შეედვა მწუხარებაჲ სახლსა მეფისასა სიკვდილისა გამო მეფის ძის ლევანისა.

წელსა ჩღპდ, ქორონიკონს უობ [1784] გარდაიცვალა მეფე იმერთა სოლომონ და ჰყვეს მეფედ დავით ძეი გიორგისა, ბიძაწული მეფისა სოლომონისა.

და მოკვდა ხანი ერევნისა უსეინ-ყული და ჰყვეს ხანად ძეი მისი ყულამალი. ვინადგან ესე იყო გონება-მსუბუქ, მოკლეს ესე ერევნელთა, სადაცა იძულებულმან მეფემან წარგზავნა მირზა გურგინა ენაკოლოფაშვილი და ჰყვეს უმრწემესი ძეი უსეინ-ალი-ხანისა მაჰმად-ხან ხანად, და განამტკიცეს ესე ბრძანებითა მეფისათა ხანად ერევანს.

წელსა ჩღპგ, ქორონიკონს უოა [1783], შევიდა მეფე ირაკლი საფარველსა ქვეშე რუსეთისასა, რომელსაცა წარმოუგზავნა იმპერატრიცა ეკატირინამ ნიშანნი სამეფონი, გრამმატა და ორი ბატალიონი მჴედრობაჲ, რომელნიც შეიკრნენ უცვალებელითა პირობითა და წარგზავნა კარსა რუსეთისასა ორნი ძენი თვისნი ანტონი და მირიან.

ამას ზედა განძვინდა ფაშა ახალციხისა სულეიმან ათაბაგი, აღუწოდა ლეკთა და იყო ოჴრება ქართლისა. ჟამსა ამას მოვიდა ღიარანალ-პორუჩიკი პოტემკინი. ამან დაუტევა მეფესა თანა ღიარანალმაიორი სამაილოვი და თვით წარვიდა რუსეთადვე. შეითქვნენ უკუე ესენი ჭარსა ზედა და წარვიდნენ საქართველოსა და რუსთა მჴედრებითა. მიიწივნენ რა ურდოს, მუნ შეემთხვათ მცირედნი მჴედრობანი ლეკთანი, სადაცა უქმნეს მათ მჴედრობათა ქართველთა და რუსთასა მცირედ რამ ვნებაჲ და მოკლეს პრინცი ღესსენ რეინჶელსისა პოდპოლკოვნიკი და მუნით ვინადგან ვერღარა განვიდნენ მდინარესა ალაზნისასა სიდიდისა გამო, უკმოიქცნენ და წარვიდა სამაილოვიცა რუსეთად.

განვრცნა უკუე ტყვენვაჲ ახალციხით ლეკთაგან, სადაცა კვალად შეკრბენ უმეტეს ორი ათასისა მჴედრობისა. მოვიდნენ და აღიღეს საქაშეთი და ტყუე ჰყვეს სახლეული დიასამიძისა. სცნეს სურამს მყოფთა რუსთა და ქართველთა მყოფთა მორიგეთა, მოეგებნენ ჭალას, იქმნა მუნ ბრძოლა, მჴნედ ბრძვეს ქართველთა, იძლივნენ ლეკნი და ესრეთ შიშვნეულ იქმნენ, რომელ მტკვართა შიგან შესრულნი მოიშთვნენ უმეტეს ათასისა კაცისა. მუნ დიაცმან ერთმან ტყვეთაგანმან ქართველმან შეიპყრა შემპყრობი თვისი ლეკი და მოიყვანა მჴედრობასა შინა ქართველთასა.

კვალად შეკრბენ ლეკნი და თათარნი და მოვიდნენ ფხვენისს და ვინადგან მუნ ვერარაჲ ჰყვეს, უკუნ იქცნენ, სადაცა მოხისს შეემთხვათ რუსნი და ქართველნი და ძლევა შეიმოსეს ფრიად მათ ზედა და უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი.

წელსა ჩღპე, ქორონიკონს უოგ [1785] გამოვიდა ომარ-ხან ავარელი, ძეი ნურსალ-ბეგისა, გამოვლო იორი და ყარაია, განვიდა მტკვარს, მივიდა და აღიღო ახტალა და მივიდა ახალციხეს. მუნით შთამოვიდა, აღიღო ვახანი და ტყუე ჰყო სახლეულნი აბაშიძისანი.

ჟამსა ამას უკუდგა განჯაცა და გამოყარნეს მოურნენი მეფისა და იბრეიმ-ხანისანი, განივლტო შუშით ძეჲ შავერდი ხანისა რაიმ-ხან, რომელიცა მაშინ ჰყუა იბრეიმ-ხანს პყრობილად, მივიდა და იქმნა ხანად განჯასა შინა, ხოლო მოსრულმან იბრეიმ-ხან განჯასა ზედა სთხოვა შემწეი მეფესა, აღიღეს კვალად განჯა და ჰყვეს ძეი შავერდი ხანისა ჯამად-ხან ხანად, რომელიცა მაშინ ჰყუა მას პყრობილად; ხოლო ომარ-ხანმანცა განვლო გოგჩა, მივიდა მოაოჴრა შამქორი და წარვიდა.

წელსა ჩღპვ, ქორონიკონს უოდ [1786] მაშინ ნახჩევნელთა ჰყუეს შფოთი და გამოაძეს ნახჩევანთა ხანი თვისი ქალბალი, იგი მივიდა და ევედრა ხანსა ერევნისასა მაჰმადს, და მამად-ხან ევედრა მეფესა, რათა შემწე ექმნას. მაშინ მეფემან წარავლინა მუხრანის ბატონი იოანე მჴედრებითა და ზარბაზნებითა, შეერთდენ ესენი ერევნელთა თანა, მივიდნენ ნახჩევანს და იკვეთნენ, იძლივნენ ნახჩევნელნი და ევედრნენ მხედრობასა ქართუელთასა უკეთუ უკუნ-იქცევიან ნახჩევნით, კვალად ჰყოფენ ნახჩევნელნი ხანად თვისად თაზა ქალბალის, და პირობითა ამით მოიქცნენ ერევანსა და ერევნით ქართლადვე ძლევაშემოსილნი.

აიყარა სრულიად ყაზახი და წარვიდა შუშას და შამშადილი განჯას. შემდგომად ერთისა წლისა წარვიდა მეფე ირაკლი მხედრებითა რუსთა და ქართუელთათა, რათა აჰყაროს ელნი თჳსნი და სომხისა მელიქნიცა, რომელთაცა აქვნდათ პირობა მეფისა თანა. მიიწია რა განჯას, წარგზავნნა მჴედრებითა ძეი თჳსი იულონ. მიიწივნენ რა ზეიბას, შეემთხვათ მათ მხედრობანი ყარაბაღელთანი. იძლივნენ ყარაბაღელნი და მოსწყვიდნეს უმრავლესნი ყარაბაღელნი ქართველთა. შემთხუევასა ამას მოვიდა ჩაფარი განჯას რუსეთით, სადაცა იხმეს მხედრობანი რუსთანი, არამედ უკუნ იქცა რა რუსი, არღარა რაცხა მეფემან წარსვლა ყარაბაღსა ზედა და უკმოიქცა მეფეცა განჯით, და დაშთა ელნი აუყრელნი და წარვიდა რუსი წელსა ჩღპზ, ქორონიკონს უოე [1787].

წელსავე ამას მოკუდა კათალიკოზი ანტონი, ძეი იასე მეფისა ხოლო მოვიდა რუსეთით ძე ირაკლი მეფისა ანტონი, რომელიცა ჰყვეს მუნ როსიას ეპისკოპოსად, ესე უკუე გამოირჩიეს და ჰყვეს კათალიკოზად.

წელსა 1789 ქორონიკონს უოზ წარგზავნნა მხედრობანი თვისნი განჯასა ზედა მეფემან. მივიდენ შამქორს, მოარბივეს ჩინგილი და აჰყარეს შამშადილი და მოიყვანეს. უკანასკნელ მეფეცა შთავიდა შამქორს. მუნ მოვიდა ფათალი-ხანი დარუბანდისა და მაჰმად-ხან შაქისა, დაასკუნეს წარსლუაჲ სამთავე ყარაბაღსა ზედა ამად, ვინადგან დაივიწყა იბრეიმ-ხანმან კეთილობაჲ მეფისა ირაკლისა, რაოდენ გზის განარინა იგი ჴელისაგან ფათალი-ხანისა და ანუ ვითარ შემწე ექმნა, ოდეს დაიპყრა მან ყარადაღი და გილანი. ამათ შეიერთეს ჯავათ-ხანცა, რომელსაცა ეპყრა კერძოი იბრეიმ-ხანისა, გარნა ეგანრეზომა განზრახვასა მათსა უძლებ-ყოფაჲ ფათალი-ხანისა და უკუნ იქცნენ თვის-თვისად.

გარნა ძეი არჩილისა, ძმისწული მეფისა სოლომონისა დავით, იპოებოდა მაშინ გამოდევნილი მეფისა დავითისაგან, და იზრდებოდა სახლსა შინა მეფისასა, ვინადგან იყო ასულის წული მისი, იქმნა უკვე სამდურავი ორთავე მეფეთა შორის და შორის მეფისა დავითისა და დადიანისა გრიგოლისა იქმნა შური, და განვიდა მეფე დავით და მოსწვა ოდიში. შემთხვევასა ამას წარატანა მეფემან ირაკლი ძის ძესა თჳსსა, ძესა გიორგისასა დავითს ძეი არჩილისა დავით, რათა წარგზავნოს იგი ოდიშს, და მან წარგზავნა. იხილეს რა ოდიშართა ძეი არჩილისა, შეკრბენ მასთანა. სცნა რა ესე მეფემან დავით, ამანცა შეიკრიბნა მხედრობანი იმერთანი და მივიდა ხუნწს. მაშინ ძის ძემანცა დავით ჰყო მოძრაობაჲ სამძღვართა ზედა, ზემო იმერთა ჰგონეს ვითარმედ ქართუელთა რეცა სწადთ გარდასლუაჲ მუნ. ჟამსა ამას შინა სახლიცა წერეთლისა იყო ორგულ მეფისა დავითისა. იკვეთნენ ხუნწს, იძლივა მეფე დავით და განივლტო ახალციხეს. შემდგომად ძეი არჩილისა ჰყვეს იმერთა მეფედ და უწოდეს სახელად სოლომონ მეორეი. და მეფე დავით მოვიდა მეფისა ირაკლისა წინაშე და ამან დააგო მეფისა იმერეთისა წინაშე და ჰყვეს ზავ.

კვალად მოვიდნენ ახალციხით შეყრილობანი ლეკთანი და დაეცნენ ძევერას, გარნა მეფის ძის ძემ დავითმან სძლო მათ დია განაბნივნა.

იყო უკუე ხდომვა ლეკთაგან ახალციხით და რყვნიდიან ქართლსა და სომხითსა მით, რამეთუ აღვიდნენ ძენი ერისთვისანი ახალციხეს და ზაქარია ციციშვილი, სალთხუცესი დედოფლისა, მოვიდნენ და დაეცნენ ჴელთუბანს და წარტყვენვეს იგი.

კვალად მოუხდნენ ჴიზიყს ჭარელნი, სძლეს ჴიზიყის მოურავს ზაქარიას და მოსწყვიტნეს უმეტეს სამასისა ჴიზიყელნი.

მაშინ შეყრილობანი ლეკთანი ფრიადნი მოვიდნენ და დაეცნენ ყარაღაჯს, სადაცა გორს მყოფნი მეფის ძენი იულონ ირაკლისა და ძის ძეი მეფისა იოანე გიორგისა განვიდნენ, იქმნა უკუე ბრძოლა ზედაველას. მუნ მჴნედ იყო მეფის ძის ძე იოანე, იძლივნენ ლეკნი და წარვიდნენ სირცხვილეულნი, რომელნიცა იყუნენ მოყუანილ ერისთვის ძის მიხაილისაგან.

კვალად მოიყვანა არღუთაშვილმან მიქელამ ლეკნი, მოუძღუა და წარიღეს კრწანისი, თუმცაღა განვიდნენ მდევარნი ქალაქით, არამედ ვერღარა ეწივნენ. კვალად მოუძღუა არღუთაშვილი მიქელა და მოსტყუენვეს ყალაჩა, სადაცა წარიყუანეს უმეტეს ორასისა ტყუენი სომეხთანი.

კვალად შეკრბა ლეკთა და თათართა მჴედრობა, მოვიდა და აღიღო რუსთავი და მეფე იძულებული წარვიდა მათ ზედა, სადაცა წარგზავნა ძის ძეი თვისი დავით, რათა უყოს ზედა დასხმა ჯავახეთს, ხოლო მან წარგზავნა გატეხილს ჴიდ ზევით შეყრილობა თათართა და მოარბივეს ჯავახეთი და მოვიდნენ გამარჯვებულნი ალაფითა დიდითა, და ლეკთა მათ განვლეს ტყით და წარვიდნენ მშვიდობით ახალციხეს, მით რამეთუ მეფემან არღარა ამჯობინა მისვლა ტყეთა შინა ლეკთა ზედა.

წელსავე ამას 1789 ბრძანებითა მეფისათა მიუჴდა მეფის ძის ძე დავით ყარსს ათასითა კაცითა და მოსტყვენა ინჯადარა, ფალდერევანი და ჯომუშლი და აიალაფეს უმეტეს ათასისა ტყუვისა, მაშინ მოეწივათ უკანა მჴედრობაჲ დიდი თურქთა მძღვანელობითა ალიბეგისა და მამად-ბეგისა ძეთა ხათუნისათა. მუნ თვით მეფის ძის ძე დავით იყო ფრიად მჴნეთ, რომელმანცა ჴელითა თვისითა მოკლა თიქნისელი ხანი თოფითა, რჩეული მჴედარი თურქთა შორის. უკანასკნელ მოვიდა მას ზედა იშიყ-ბეგ, გამოჩენილი მჴედარი ყოველსა ყარსსა და ქურთსა ზედან, სადაცა მეფის ძესა სცა მან შვიდი ჴრმალი, გარნა დაიცუა იგი ჯაჭუმან, ვინადგან აქუნდა დაფარვით ტანსა ჯაჭვი, უკანასკნელ მოკუდა ესეცა ჴელითა მეფის ძისათა. ესე იყო საკვირველ, რომელ ყრმაჲ წლისა ოცდა სამისა და გამოუცდელი ბრძოლისა ესრეთ იყო დღესა მას მჴნედ, რომელ განაკვირვნა ვითარცა ქართველნი და ეგრეთვე თურქნი. გარნა ბრძოლასა მას დაეფლა ლიასა ცხენი და გარდმოვარდა, გაექცა ცხენი, რომელიცა შეიპყრა და მოართვა გულმაჰმადა სარვანმან, ძემან შარიფისამან, და აღჯდა კვალად. მუნ მოსწყდნენ ბრძოლასა წინაშე მისსა ორნი ყრმანი ბებურისშვილები, რომელნიცა იყუნენ მჴნენი, მამაცნი.

კვალად მოუძღუა არღუთაშვილი მიქელა ახალციხით ლეკთა, მოსტყვენვა გიაურარხი, სადაცა ეკუეთა საბარათიანოსა მჴედრებითა სარდალი დავით ორბელიანი დურნუკს. მუნ იძლივა სარდალი და მოკუდა უმეტეს ასისა და შეპყრობილ იქმნენ უმეტეს ასისავე.

გარნა შემოვიდნენ საგურამოსა შინა ლეკნი კვალად უმეტეს ათასისა კაცისა, რომელნიცა გაიყუნენ ორად: ნახევარმან წარიღო პირუტყვი მახლობელ ქალაქით, სადაცა ქიზიყს მყოფმან მეფის ძემან იულონ შეუკრა იორი, განაბნინა ლეკნი იგი და მიუღო მათ ნატყვენავი მათი. და ნახევარმან აღიღო ფრეზეთი და წარვიდა საგურამოით დაღისტნად. მაშინ მეფის ძის ძემან დავითმან, მყოფმან მატანსა შინა, მოიკრიბნა ახმეტელნი ვიდრე ასს კაცამდე, შეუკრნა გზანი ჭინჭარისა, სძლო მათ და მიუღო ყოველივე ნატყუენავი და ტყვენი, ესრეთ შიშუნეულ იქმნენ ლეკნი, რომელ ოდეს იწყეს რა ლტოლვაჲ, ერთი-მეორესა ჰყრიდიან ფლატესა ზედა ილტოსასა, ვინ წინა უსწრას ურთიერთარს, რომელნიცა იყუნენ უმეტეს ხუთასისა. სისხლმან მათ ლეკთა დაჴოცილთამან სრულიად შეღება წყალი იგი ილტოსი წითლად.

იქმნა კვალად სამდურავი მეფისა სოლომონისა და დავითისა. მაშინ დავითმან შემოიკრიბნა მცირედნი ლეკნი ახალციხით წელსა ჩღჟ, ქორონიკონს უოჱ [1790], სძლო მეფესა სოლომონს და დაიპყრა კვალად იმერეთი. შემოკრბენ ამასთანა ოდიშარნი და აფხაზნი, მით რამეთუ მანუჩარს დადიანის ძესა აქვნდა ამასთანა შეკრულებაჲ და ორგულ იყო ვითარცა ძმისა თვისისა დადიანის გრიგოლისა, ეგრეთვე მეფისა სოლომონისა. მხილველმან ამისმან მეფემან ირაკლიმ მიაშველა ძის ძეი თვისი იოანე მეფესა სოლომონს. მაშინ მეფე სოლომონ დამაგრებულ იყო სახლსა წერეთლისასა, ვინადგან, წერეთელი პაპუნა და ზურაბ იყო ორგულ მეფისა დავითისა. იქმნა ლოსიათ-ხევს ბრძოლა, იძლივა მუნ მეფის ძის ძისა იოანესაგან მეფე დავით, რომელსაცა ჰყუანდა უმეტეს ათი ათასისა იმერნი. აფხაზნი და ოდიშარნი, და ქართველნი არა იყუნენ უმეტეს ხუთასისა, მით რამეთუ ზარბაზანმან დასცა მათ ზარი.

ამავე წელსა მეფის ძემან დავით შემოიკრიბნა ჴიზიყელნი, მიუჴდა ბაიამათლოს და ფადარს და მოსტყუენვა. დღესა მას სამჯერ სძლო გამოსრულთა ლეკთა მდევართა და მოვიდა გამარჯვებული და ალაფითა სავსე.

ხოლო ვინადგან აქვნდა შური ხანსა განჯისასა ჯავადს ალისულთანისა შამშადილისა ზედა, რომელიცა არა მორჩილებდა და ძმასა მისსა მაჰმად-ხანს უკუუდგა პირველ ხანობასა მისსა, აჰყარა შამშადილი და მოიყვანა შულავერს. ხოლო მუნით მისრულსა შამშადილადვე, დაესხა მაჰმად-ხან მჴედრებითა, გარნა სძლო მან მაჰადხანს და გარდა ამისსა მრავალგზის იძლივა ვითარცა ხანი, ეგრეთვე განჯელნი ალი-სულთანისაგან.

თუმცაღა მრავალგზის უკუ უბრუნა და მისცა მეფემან განჯელთა შამშადილი, გარნა არ ემონენ. ამად დაიცა დრო და მოუჴდა ჯავად-ხან განჯურითა მელიქებისა მჴედრებითა და მოსტყვენა შანშადილი, რომელსაცა ჰყვა უმეტეს სამი ათასისა მჴედრობანი. მაშინ გარდეშველნენ ყაზახნი, სადაცა შეკრბნენ ყაზახნი და შამშადინელნი უმეტეს არა სამასისა, სძლეს ჯამად-ხანს და შეიპყრეს უმეტეს რვაასისა განჯელნი და დაუშთა ჯამად-ხანს თვისი ყოველივე ბარგი, ჯორი და აქლემი და განივლტო სირცხვილეული. კვალიდ მიუჴდა ბაიამათლოველთავე მეფის ძე ალექსანდრე და მოსტყვენვა იგინი.

ხოლო გარდაიცვალა რა ქარიმ-ხან სპარსეთს და ზაქი-ხანცა, ძმაი მისი, მოკლეს სპარსთა ბარბაროზებისა და ტირანობისათვის, რომლისა შემდგომად დაიპყრა სპარსეთი ალი-მურად-ხან ზანდმან. და ოდეს გარდაიცვალა ესე, მაშინ გამოჩნდა აღა-მამად-ხანად წოდებული ძეი მაჰმად-ასან-ხანისა, გვარით ყაჯარი, რომელიცა ჰყო საჭურისად ადილშამ, ძმისწულმან ნადირისამან. ამან სძლო ჯაფარ-ხანს ზანდსა და დაიპყრა არაყი და მოვიდა ადრიბეჟანს, მუშკანბარსა ზედა, მუნით აბირა მეფე ირაკლის მეგობრობასა თვისსა ზედა და უკუნ იქცა შირაზად ამად, ვინადგან შირაზსა შინა იპოებოდა მაშინ ლუთვალი-ხან, ძეი ჯაფარ-ხანისა; ესე გამოვიდა პირისპირ ამისა. იქმნა ამბოხი შორის მჴედრობასა ამისსა, რომლისა გამო განიბნივნენ მჴედრობანი ლუთვალი-ხანისანი და მივიდა ქირმანს, განვლო ხოჯამან, აღიღო შირაზი. წარვიდა და მოადგა ქირმანს და დაიპყრა იგი. განივლტო მუნით ლუთვალი-ხან, რომელმანცა განარღვივა ერთი კერძოი მჴედრებისა ხოჯასი, ვინაიდგან იყო ესე ლუთვალი-ხან ჟამსა ამას ესრეთი მჴედარი და მჴნე, რომელ მსგავსი მისი ყოველსა შინა სპარსეთსა არა იპოვებოდა. ხოლო მისრული ბამს, შეიპყრეს ესე ბამელთა და მოიყვანეს ხოჯასა წინაშე, რომელსაცა აღმოხადნა თვალნი.

მოიცალა რა ხოჯამ საქმისაგან სპარსეთისა, მოვიდა და მოადგა შუშის, მით რამეთუ არა ერჩდა მას ხანი შუშისა იბრეიმ, გარნა ვერა აღიღო ციხე ესე და მოვიდნენ ელნიცა ქართლისანი განლტოლვილნი ძველნი და ახალნი და სხვაცა მრავალნი ყარაბაღისა მცხოვრებთაგანი შიშისაგან ხოჯასა. მაშინ ძენი მეფისანი იულონ და ალექსანდრე მიუხდნენ განჯას და მოსტყვენვეს, რომლისა გამო განძვინებული ხოჯა წარმოემართა ტფილისსა ზედა. ჟამსა მას ძეი არჩილისა მეფე იმერთა სოლომონ იმყოფებოდა ტფილისს შემწედ პაპისა თვისისა.

პირველსა დღესა იკვეთნენ ველსა კრწანისისასა მეწინავენი სპარსთა და ქართველთანი, სადაცა მეწინავეთა შორის იმყოფებოდა მეფისა ძის ძე დავით, წერეთელი ზურაბ, მუხრანის ბატონი იოანე, მოურავი ქიზიყისა ზაქარია და ამილახვარი ოთარ. დღესა მას იყუნენ მჴნედ ქართველნი, რომელთა ძლით იძლივნენ სპარსნი, ხოლო დღესა მეორესა, ვინათგან იმერთა იწყეს ტყვენვა აყრილთა მათ მცხოვრებთა ტფილისისათა, არღარა უვიდოდათ ორთავე მეფეთა მჴედრობაჲ უმეტეს ათას ხუთასისა კაცისა.

იქმნა ბრძოლა ველსა ზედა კრწანისისასა, იძლივნენ ქართველნი და იმერნი, განივლტნენ მეფენი და აღიღეს ტფილისი წელსა ჩღჟე, ქორონიკონს უპგ [1795], სეკდენბრის ია. და მიუღეს ყოველივე თოფხანაჲ მეფესა. დღესა ამას იყო მჴნედ მეფის ძის ძე იოანე, ესრეთ, უკეთუ იგი არა იპოებოდა მუნ, შეიპყრესმცა მეფე ირაკლი. ხოლო მეფის ძემ დავითმა შთაყარა ჴევსა შინა საგუბრისათა ზარბაზანნი იგი, რომელიცა აქვნდა მას თაბორისა კერძო, რათა არა დაუშთეს სპარსთა, და ესრეთ განარინა; აღიღეს ტფილისი და მოწვეს, და თვით მეფე განივლტო მთიულეთს. დაჰყო უკუე ხოჯამან რვა დღეი სოღალუხს. მუნით აღიყარა და შთავიდა მუღანსა და მუნით წარვიდა ხორასანს ზედა.

მაშინ მოვიდა შემწედ ორი ბატალიონი რუსეთისა მჴედრობათაგანი. იხილეს რა ლეკთა უძლურებაჲ ქართველთა, შეკრბენ უმეტეს ათასხუთასისა, მივიდნენ ნორიოს, გარნა იძლივნენ ფრიად მოურავისაგან მათისა ზაალ ენდრონიკაშვილისაგან, რომელიცა იყო სიმხნითა აღმოჩენილ ყოველსა საქართუელოსა შინა, მუნით განვლეს დიღომი, ავლეს დიდგორი და მივიდნენ კოთელიას, მუნით წარმოსულნი მივიდნენ და დაეცნენ იედიბოლუქსა ზედან დემურჩიასანს. მაშინ მეფის ძის ძე დავით იმყოფებოდა ბორჩალოსა შინა. სცნა რა მან, მოიკრიბნა ბორჩალოველნი ვიდრე ასს კაცადმდე, ეწია იედიბოლუქს, სძლო მათ და მიუღო ყოველივე ნატყუენავი. ესრეთ შიშუნეულ იქმნენ ლეკნი, რომელ მოიშთვნენ მტკუარსა შინა უმეტეს სამასისა. და დღესა მეორესა შემოვიდა ტფილისად გამარჯვებული, რომელმანცა შემოიტანა ჯორთა ზედან აღკიდებული საპალნითა თავნი ლეკთანი. ამას ზედა განმხდნენ ტფილისელნი და დაიწყეს კვალად აოჴრებულისა ქალაქისა შენებად. და იბრეიმ-ხან შუშისა მოვიდა განჯასა ზედა. ვინადგან ხანი განჯისა იყო მიზეზ აოჴრებისა ყარაბაღისა და ტფილისისა, სთხოვა მეფესა ირაკლის შემწეჲ, რომელმანცა წარუვლინა ძე თვისი ალექსანდრე და ძის ძეი დავით. მივიდნენ ესენი განჯასა ზედა, აღიღეს ქალაქი და მოსწვეს და რაოდენ გზის გამოვიდოდიან ციხით განჯელნი, ეგოდენ იძლეოდიან, სადაცა ფიცხელად ბრძოდიან ქართველნი, რომელ სიმჴნესა მათსა განკვირვებულ იყვნენ ყარაბაღელნი და ლეკნი. უკანასკნელ შთავიდა თვით მეფე ირაკლიცა გამოართვა ყოველნი ტყვენი საქართველოსანი, დროსა ხოჯაისასა ტყვედ ქმნილნი, უმეტეს ათასისა, ზავჰყო განჯელთა თანა და უკუნ იქცა.

ჟამსა ამას მოვიდა მჴედრობაჲ რუსთა მძღვანელობითა უვალერიანე გრაფ ზუბოვისათა. ამათ დაიპყრეს დარბანდი, შამახია, ბაქო და სალიანი წელსა ჩღჟვ ქორონიკონს უპდ [1796]. მაშინ აღა-მამად-ხან ხოჯა იპყრობდა ხორასანს, დაპყრობისათვის მისისა რომელმანცა აღიღო მაშათი, ტყვე ჰყო ძის ძეჲ ნადირისა შარუხ და მიუღო უმრავლესნი ნაქონები. უკანასკნელ მოიკლა ესეცა.

ხოლო ზუბოვმანცა წარმოგზავნა მჴედრებითა ღენარალ-მაიორი კორსიკოვი. ამან დაიპყრა გონჯა, მუნ დაუტევა მცირედი მჴედრობა და მოვიდა თვით ტფილისს მჴედრობითა.

წელსა ამას გარდაიცვალა ეკატირინა იმპერატრიცა და იქმნა ძე მისი ჴელმწიფედ პავლე. ამან უკუნ აქცივნა ყოველნი მჴედრობანი რუსთანი რუსეთადვე. ოდეს მოიცალა აღა-მამად-ხან საქმისაგან ხორასანისა, წარმოემართა და მოვიდა შუშის. სცნა რა იბრეიმ-ხანმან მომავალობა მისი, განივლტო სახლეულითურთ თვისით ბელაქანად და აღა-მამად-ხანმან დაიპყრა ციხე. მუნ მოიკლა ესე მონათა თვისთაგან წელსა ჩღზ, ქორონიკონს უპე [1797] და უკუნ იქცნენ სპარსნი თვისთვისად.

წელსა ამას იქმნა მეფე ირაკლი უძლებ წყლისა მანკიერებითა. ჟამსა ამას შთამოვიდა ომარ-ხან, მოწვა ველისციხე და მუკუზანი და უკუნ იქცა და შთავიდა შაქად:

და მეფეცა ირაკლი გარდაიცვალა წელსა ჩღჟჱ, იანვრისა კა, ქორონიკონს უპე [1798] და იქმნა მეფედ ძე მისი გიორგი.

ჟამსა ამას მოვიდნენ კვალად შეყრილობანი ლეკთანი და დაეცნენ კრცხინვალს და ვერა რაიმე ჰყვეს, გარნა უკუნქცეულთა შეემთხვა მეფის გიორგის ძე იოანე დირბს და იძლივნენ მათგან. მუნ მოიკლა ბრძოლასა შინა წინამძღვანი ლეკთა ჩინებული ალი ფოლადად წოდებული.

წარმოიშვა კვალად სამდურავი შორის ქართლისა და ყარსისა. მაშინ წარგზავნა მეფემან გიორგიმ ძენი თვისნი დავით და იოანე, მიუხდნენ ყარსს, მოსტყვენვეს გარემონი ყიზილჩახჩახისანი, გარნა გამოვიდა მჴედრობითა დიდითა ალი-ბეგ და იძლივა ქართველთაგან ოსმალნი ესრეთ, რომელ უმეტეს ორისა აღაჯისა სდევნეს ქართველთა ოსმალნი ჴოცითა და ჭერითა. და შემოიქცნენ ქართველნი ალაფითა დიდითა მძლეველნი თურქთანი.

ჟამსა ამას იყო ყაენად ბაბა-ხან, ძმისწული აღა-მამად-ხანისა და ვინადგან ესე აწვევდა მეფესა გიორგის მონებასა, ამად იძულებულმან შეიტანა თავი თვისი მონებასა ქვეშე იმპერატორისა პავლე პეტროვიჩისასა. ხოლო ამან წარმოუგზავნა დესპანი და სამეფონი ნიშანნი და ერთი პოლკი იეგირისა და შემდგომად მოვიდა ერთი პოლკიცა მუშკატრისა.

კვალად შთამოვიდა ომარ-ხან ავარელი ბირებითა იბრეიმ-ხანისათა და დაიბანაკა კიდესა ალაზნისასა. მუნ მივიდა მეფის ძე ალექსანდრე, ვინაიდგან იყო ურჩი მეფისა. წარმოვიდნენ და მოვიდნენ პირისპირ ნიახურისა. მუნ ეკუეთა მეფის ძე იოანე და ბაგრატ კახეთისა მჴედრებითა და ექვსასისა რუსითა და რაოდენ იყო თვით მჴნედ ეგრეთვე მჴედრობანი კახთანი. იძლივნენ ლეკნი და მოსწყდნენ უმრავლესნი, რომელიცა შეყრილობა ესე იყო ვიდრე ათი ათასისა კაცადმდე და უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი, შთავლეს იორი, მიუჴდნენ განჯას, გარნა მუნცა იძლივნენ. და მეფე გიორგიცა გარდაიცვალა წელსა ჩყ დეკემბრის კჱ, ქორონიკონს უპჱ [1800]. და დაფლეს მცხეთას სამარხოსა მეფეთასა.

ხოლო შემდგომად მისსა ჰყვეს განმგედ და მმართებლად ქართლისა პირმშოი ძეჲ მისი დავით ბრძანებითა იმპერატორისათა, ვინაიდგან ჯერ იყო მებრ ტრაკტატითა, ესე იგი აღთქმისა პირობათასა, დადებულითა შორის ეკატერინა იმპერატრიცისა და მეფის ირაკლისათა, რათა ბრძანებითა რუსეთისა კარისათა დაიდგინებოდეს მეფე. ამან იწყო მართვად ქართლისა ფრიად გონიერად, ვინადგან იყო ესე აღზრდილ მეცნიერებასა შინა ვითარცა საღმრთოთა და ფილასოფიათა, ეგრეთვე სამჴედროსაცა შინა, ვინადგან უწყოდა მან ვითარცა კანონი სამოქალაქო და სამჴედრო აზიისა, ეგრეთვე ევროპისა.

ამან ანიჭა კვალად ძეთა ქსნის ერისთვისათა მამულივე მათი სრულიად მიღებული მეფისა ირაკლისაგან, ერთგულებისა გამო მათისა, მით რამეთუ აქვნდათ ფრიადი შეკრულება მის თანა და ერთგულება, და მოელოდა მეფობისა დამტკიცებასა როსსიით. ამან განაახლა შუა თვალი გატეხილისა ხიდისა, რომელიცა შთასჭრა აღამამად-ხანმან მოსლვასა თჳსსა ტფილისს.

გარნა გარდაიცვალა მყის პავლე პეტრეს ძე წელსა ჩყა, ქორონიკონს უპთ [1801] და ვერღარა სრულ იქმნა საწადელი მისი, ვინადგან იმპერატორმან ალექსანდრე, ძემან პავლესმან, წარმოგზავნა ღენარალ-ლეიტენანტი კნორინგი. მაშინ მჴედრობანიცა რუსთანი უმეტეს ათისა ათასისა შემოსრულ იყუნენ ქართლში. მოვიდა იგი. მაშინ ორგულ ექმნენ მეფის ძეს დავითს რაოდენნიმე მახლობელნი თვისნი ბირებითა კნორინგისათა, რომელმანცა აღუთქვა მათ სასყიდელი დიდი. ჵი სიკვირველი, რომელ თვით მათ იწყეს უკანასკნელ სარჩელად რუსთა ზედა და ხადოდენ თავსა თვისსა ახლად იუდად, ვინადგან შესცდნენ იგინი ვეცხლისათვის, გარნა ვერარაჲმე მიიღეს სასყიდელი და იქმნენ საკიცხველ ყოველთაგან. მან განაწესა მებრ კანონისა მათისა ვითარცა მას სწადდა ყოველივე კანონი სამოქალაქოჲ და უკუნ იქცა რუსეთად, ხოლო წელსა მეორესა მოვიდა კვალად კნორინგი. ამან აფუცა ერნი ერთგულებასა ზედა როსსისასა, რომელთა შეკრებილთა სიონსა შინა შემოახვივა მჴედრობა და ქართველთა შიშვნეულთა ჰყვეს ფიცი მსწრაფლ. და მოასვენა ჯვარი იგი წმინდისა ნინასი წელსა ჩყბ, ქორონიკონს უჟ [1802], რომელიცა პირველ მოიპარა და წარიღო არშას ციხით რუსეთად მთავარ-ეპისკოპოსმან რომანოზ, არაგვის ერისთვის ძემან. ხოლო აწ კვალად მოსცა იმპერატორმან ალექსანდრე ქართველთა. დაუტევა მუნ კავალინცკი განმგედ და თჳთ უკუნ იქცა რუსეთადვე.

კვალად აღდგნენ ლეკნი და იწყეს ტყუჱნვა ქართლისა, დაესხნენ ორგზის ქარელსა და მოსწყჳდნეს მრავალნი მუნებურნი. კვალად მიუჴდნენ და წარტყუენეს ყელქცეული, ეგრეთვე ქენფერი; მსგავსისავე სახითა კახეთიცა, წარიღეს მელაანი. კვალად შეკრბენ ჭარელნი, მოვიდნენ და წარიღეს ივრით ცხოვარი თუშთა ვიდრე ოცდა ათი ათასამდე, რომლისა გამო გამოსცუალნეს კნორინღი, და ნაცულად მისსა განაწესეს ღენარალ-ლეიტენანტი ციციშვილი პავლე დიმიტრის ძეი, რომლისა მამა დროსა ვახტანგ მეფისა გარდასრულ იყო რუსეთად. კაცი ესე იყო გონება-ვნებულ და ცნობა-მიხდილ, ვინადგან გუართა მათ შორის ზოგად არა იშვიათ არს ესე სენი. ესე მოვიდა წელსა ჩყგ, ქორონიკონს უჟა [1803], იანვრის ვ, ტფილისს.

ჟამსა ამას იყუნენ ძენი ქართველთ მეფისანი მოწოდებულნი როსიად. იწყეს რა მათ მზადება წარსლვისათჳს რუსეთად, ციციშვილმან არღარა აცადა მათ მომზადებაჲ, არამედ დაესხა ღამე ვითარცა ავაზაკთა ზედა და წარგზავნნა რუსეთად. შემდგომად ამისა შეუსივა მჴედრობანი ღენერალ-მაიორის ლაზაროვითურთ დედუფალსა, ციციშვილის ასულსა მარიამს, მეუღლესა მეფისა გიორგისასა, რათა იძულებით და გამოთრევით წარგზავნოს რუსეთად. იქმნა მუნ შფოთი, სადაცა რუსთა დაკოდეს ფრიად ჴრმლითა ორსა ადგილსა მკლავსა შინა დედოფალი მარიამ და ამა შფოთსა შინა მოკუდა ღენარალ-მაიორი ლაზარევი ხანჯლითა, რომელ არა სადა ცხად იქმნა მკულელი მისი, და დედოფალი დაკოდილი ბრალეულ-ჰყვეს, რეცა მან მოკლა იგი და შვილებითურთ თჳსით წარიყუანეს რუსეთად, რომლისა ჭურეტა მჭურეტელთათჳს იყო საზარო და დააპატიმრეს მონასტერსა შინა ბელოღოროდისასა, ვინადგან ციცისშვილმან დასწამა სიკუდილი მისი მას. ხოლო დედოფალი დარეჯან, დადიანის ასული, მეუღლე მეფის ირაკლისა, დაშთა უძლებობისა გამო ტფილისს.

ხოლო ამან ციციშვილმან წარგზავნა მჴედრობაჲ ბელაქანსა ზედა და მოწვეს ბელაქანი, გარნა მაშინ ვერ აღვირ-ასხა ლეკთა კადნიერებასა, მით რამეთუ მოვიდენ ქარელს და მოსწყვიტნეს რუსნი უმეტეს ასისა, ეგრეთვე წარიღეს ჩივაძიანთა კარი და წარასხეს უმეტეს ასისა ტყვისა. კვალად ბელაქანის მახლობელ წარიღეს რუსთა ცხენნი, უმეტეს ხუთასისა, და ეგრეთვე მახლობელ ქალაქისა წარიღეს უმეტეს ოთხასი ცხენი, და იყო მრავალი ვნება ლეკთაგან; კვალად სიფიცხითა და ბოროტებითა ციცისშვილისათა ვნებულ იქმნენ უმრავლესნი თავადნი და აზნაურნი კახეთისანი და წარივლტნენ სპარსეთად, ეგრეთვე მეფის გიორგის ძე თეიმურაზცა, ვნებული ციცისშვილისაგან, წარვიდა სპარსეთად.

და ჟამსა ამას იქმნა მომსრველი სენი ყოველსა საქართველოსა შინა რომლისა გამო შეედვათ ფრიადი სრვაჲ; ხოლო დედოფალი დარეჯანცა წარიყვანეს როსიად. და ოდეს ლეკთაგან იყო ოჴრებაჲ ქართლისა, მის გამო ჯეროვნად რაცხა ციცისშვილმან შენებაჲ წალკისა, რათა ამით აღვირ ასხას ლეკთა, და დაასახლა მუნ რაოდენნიმე მოსახლენი; ხოლო მოვიდნენ ლეკნი და წარასხეს ტყვეთ ყოველნივე. ამაზედ განრისხებულმან ციციშვილმან წარგზავნა მათ ზედან მხედრობაჲ საკირეს, სადაცა იდგნენ ლეკნი. იქმნა ბრძოლა მათ შორის, სადაცა იძლივნენ რუსნი და მოსწყდნენ მრავალნი და დანაშთნი მოვიდენ თბილისად.

კვალად მოვიდენ ლეკნი და წარტყუენეს ნიჩბისი, კვალად მოვიდნენ სოღანლუხს და წარიყვანეს ტყვე უმეტეს ორასისა, რუსნი. ხოლო არა ოდეს მოიხსენების და ვერცა დაიტევს ისტორიაჲ ესე, თუ ვითარი ოხრება იყო ლეკთაგან საქართუელოსა შინა.

და წელსა 1804, ქორონიკონსა უჟბ შეიკრიბნა ამან მხედრობანი და მოადგა განჯას. ვერ წინა აღუდგა ხანი განჯისა ჯავად, ამად, რომელ არღარა იპოვებოდა მუნ უმეტეს ხუთასისა მეთოფე მომსვრელისა გამო სენისა, ვინაიდგან მათცა შეედვათ სენი და აღწყვიტნა მრავალნი მუნ მცხოვრებელნი ჭირმან. ამის გამო აღიღეს უკვე მიტევებითა განჯისა ციხეჲ რუსთა, სადაცა მიტევებასა ზედან მოსწყდენ უმეტეს ხუთასისა სალდათნი. განძჳნებულთა სალდათთა და ტკივნეულთა ქართუელთა განჯელთაგან, რაჲცა უსამართლოებაჲ იხმარეს თჳსთა მეზობელთა ზედა ჟამსა მოსლჳსა აღა-მაჰმად-ხანისასა, მოსწყვიდნეს უმრავლესნი მცხოვრებნი განჯელთანი, მოსრნეს დედა-წულნი და იავარჰყვეს ნაქონები მათი. ეჰა უუსჯულოესი, რომელ ტირანმან ციცისშვილმან ჰსცა ნებაჲ მხედრობათა შებილწებისათჳს ტყვეთასა, ხოლო თჳთ ექმნა მაგალით უსჯულოსა ამის განზრახჳსა მით, რამეთუ პირველად მან შეაბილწნა სახლეულნი ხანისანი.

ხოლო ამავე წელსა წარგზავნა იარანალი გულაკოვი დასასჯელად ჭარელთა. მიიწია რა ზაქათალას, იძლივა გულაკოვი ჭარელთაგან, რომელიცა თჳთ დასჩეხეს ხრმლითა და მოსწყდნენ უუმრავლესნი მხედრობანი მისნი და ესრეთ შიშნეულ იქმნენ, რომელ უმეტეს ხუთასისა რუსნი გადასცჳვდენ კლდესა ზაქათალისასა და მოსწყდენ, გარნა ეგო უვნოდ იარანალი ყაფლანისშვილი დიმიტრი, მეორე მძღვანი ამა რუსთანი შემდგომად გულაკოვისა, რომელ იგიცა გარდავარდა კლდესა მას.

ხოლო გაზაფხულსა წელსა ამასვე წარვიდა ციციშვილი ერევანსა ზედა დასაპყრობლად ქალაქისა მის. მიიწია რა ეჩმიაძინს, მუნ შეემთხვა ძე ყაენისა აბაზ, მცირედითა მხედრებითა, თუმცაღა წარმოიშუა მათ შორის მცირერე ბრძოლა, გარნა უძალო ქმნილნი სპარსნი გაეცალნენ და მივიდნენ გარნისს, ხოლო ციციშვილიცა განვიდა ზანგის მდინარესა, და მიადგა ციხესა ერევნისასა. მცნობმან ამისმან ყაენმან ბაბა-ხან მოირთო ძალი, მოვიდა გარნისსა ზედა. ჟამსა ამას დაემშა მხედრობა ციციშვილს, წარგზავნა მან მანტრეზორი მაიორი ორასითა მხედრობითა და ერთითა ზარბაზნითა ბანბაკად, რათა მოართვას მან მუნით აზუღაი. სცნა რა ყაენმა, შეუყენა უკანა მეფის ძენი ალექსანდრე და თეიმურაზ ათასითა მხედრებითა სპარსთათა, რომელიცა ეწია მას მახლობელ დარბაზისა და მოსწყვიტნეს სრულიად მანტრეზორ მაიორითურთ, მიუღეს ზარბაზანნი და მივიდეს წინაშე ყაენისა. ამად პატივ სცა მას ყაენმან და ანიჭა საბოძვარი დიდ-დიდნი. შემდგომად რაოდენისამე დღისა წარმოიშუა ბრძოლაჲ შორის ციცისშვილისა და ბაბა-ხანისა, იძლივა ციცისშვილი ესრეთ, რომელ გამოიპარა ღამით მცირედითა მით მხედრებითა, რომელიცა გარდაურჩნენ სპარსთა ჴელთაგან ბრძოლასა მას. ხოლო ამათ არაღარა შეუდგა უკანა ბაბა-ხან, ვინადგან სცნა ორგულებაჲ სპასპეტისა თჳსისა სულეიმანისაგან, რომელსაცა ჰსწადდა სიკუდილი მისი იდუმალ, და წარვიდა ყაენი თეირანად. ხოლო ციცისშვილიცა მოვიდა თბილისს. მაშინ ძეი მეფისა იულონ, ლტოლვილი რუსთაგან, შეიპყრეს ულევს, და ფარნაოზიცა კახეთით მისრული ყაზახად შეიპყრეს ყაზახელთა და მიიყვანეს წინაშე ციცისშვილისა, და მან წარგზავნა იგინი როსიად. პირველი უკვე დააყენეს ტულს, ხოლო მეორე ვარონიშს, და შემდგომად თჳთ ციციშვილიცა შთავიდა განჯას.

ხოლო წელსა 1805, ქორონიკონს უჟგ მოვიდა ბაბა-ხან არდაველს. შიშნეული მისგან ხანი შუშისა იბრაიმ შევიდა საფარველსა ქვეშე რუსეთისასა, სთხოვა ციცისშვილს მხედრობა დასაცველად ციხისა თვისისა, რომელნიცა მისცნა ხუთასნი მხედრობანი რუსთანი. მოვიდა ბაბა-ხანცა არმიასა ზედა, მუნით წარმოგზავნა ძე თვისი აბაზ საქართუელოსა ზედან, არა ძლიერითა მხედრობითა. მოიწივნენ რა თართარს, წარგზავნნა ციცისშვილმან ათასნი უკვე რუსნი კარაგინისა პოლკოვნიკის მძღვანველობითა. შეიმთხჳვნენ ქურაგს, იძლია კარაგინი, რომელ კნიღა გარდაურჩა ოცდაათითა სალდათითა და თვითცა დაჰკოდეს კარაგინი. ჰსცნა რა ესე ციციშვილმან, წარვიდა ოთხი ათასითა მხედრობითა მას ზედან, გარნა სპარსთა გარდავლეს ზემოი გზაჲ და რუსნი დაუტევეს ქვემოსა გზასა ზედან. მოვიდნენ განჯას და გარდაასახლეს მუნით მცხოვრებნი განჯელნი მახმედიანნი, რომელიცა წარგზავნა თავრიზად, ხოლო თჳთ მიიწია შამშადილს, თუმცაღა სწადდა მისლვა თბილისსა ზედან, გარნა არა იქმნა სრულ საწადელი მისი მით, რამეთუ მოერთო ბაბა-ხანისაგან მამისა თჳსისა ბრძანებაჲ უკუნქცევისათჳს. შევლო მან აღსტაფაჲ ვიწროსა მას კალთასა მთისასა, დახუდა მუნ ყაზახნი და ფრიადი ვნება მისცეს სპარსთა, ხოლო ბაბა-ხან უკუნ იქცა გილანად, ამად, რომელ რუსთა მხედრობანი განვიდნენ გილანად მძღუანველობითა ღენარალ ზავალიშინისათა, გარნა მისლვამდე ბაბა-ხანისა, მუნ იძლივნენ გილანელთაგან რუსნი და ლტოლვილნი მუნით ნავითა მივიდნენ მახლობლად ბაქოჲსა.

ხოლო წელსა [1806], ქორონიკონსა უჟდ, განვიდა ციცისშვილი მტკვარსა მხედრობითა, ჩავლო შირვანი და მივიდა ბაქოს. საწადელი მისი იყო ესრეთ, რათა დაიპყრას ბაქუი და მუნით გამოიტანოს აზუღა ასტრახანით შესაწევნელად საქართუელოსა შინა მყოფთა მხედრობათათჳს, ვინადგან ვერ კმა უყვეს აზუღისა მიცემითა ქართველთა რუსნი. და მისრულმან მახლობელ ბაქოჲსა დაიბანაკა ერთსა ფარსანგსა და მიუწერა ხანსა ბაქოსასა ჰუსეინს, რათა მან მოართვას კლიტეჲ ქალაქისა, რაოდენ ევედრა ხანი, რათა არა დასდოს ესეთარი სირცხვილი, რომელიცა სირცხვილად აღუჩნდა ხანსა მორთმევა ჴელითა თჳსითა კლიტისა, და არა თანახმა ექმნა ციცისშვილი; და უკანასკნელ მიუწერა ხანმან: "ვინაიდგან ვიშიშვიო და არა ძალმიძს მოსვლად მხედრობასა თქუენსა, ამად გთხოვ მოვედ შენ ორითა უკვე კაცითა მახლობელ ციხისა და მეცა მოვალ ორითა მონითა ჩემითა და შემთხუევასა ურთიერთისასა მოგართმევ კლიტესა". ვერ ჰსცნა უგუნურმან მცბიერობაჲ ხანისა და მსწრაფლ წარვიდა ორითა ყაზახითა ხანისა კერძ, ხოლო ხანიცა მოვიდა ორითა მონითა, გარდახდნენ ორნივე ცხენითა, უამბორეს ურთიერთას, მოართვა რა ხანმან კლიტეჲ, მაშინ მათ ორთა მონათა სტყორცეს თოფი ციცისშვილს და მოკლეს, და წარჰკუეთეს თავი და წარუგზავნეს ბაბა-ხანს. ხოლო მხედრობანი რუსთანი, რომელნიცა იყვნენ ბაქოსა, განვიდენ ყიზლარად ზღვით. და შემდგომად ნაცვლად ციცისშვილისა წარგზავნეს საქართუელოსა მართებლად გრაფ ივან ვასილიჩი ღუდოვიჩი, ღენარალ-ფერთმაშალი.

ვინათგან შორის რუსთა და თურქთა იყო ბრძოლაჲ, ამად გრაფ გუდოვიჩმა მოკრიფა სრულიად რუსთა და ქართველთა მხედრობაჲ, მივიდა და მოადგა ჯავახეთს ციხესა ახალქალაქისასა. მიუდგეს რუსთა კიბენი და ლამოდნენ გარდასლუასა ციხესა შინა. განმხნდნენ თურქნი, აოტნეს რუსნი მეციხოვნეთა და მოსწყვიდნეს ვიდრე ხუთასადმდე და ოდეს ვერ-უძლო დაპყრობაჲ ციხისა გუდოვიჩმან, უკუმიქცეული მოვიდა ალგეთად.

და ამავე წელსა, 1807, მოერთვა ამბავი ნესვეტაევისა ღენერალ-მაიორისაგან ყარსით, რომელიცა წარეგზავნა გუდოვიჩს ოთხი ათასისა მხედრებითა ყარსსა ზედან, ვითარმედ იძლივა იგი უსუფ-ფაშისაგან და ძლეული მისგან შეივლტო მცირედით გარდარჩომილითა მხედრობითა ციხესა გუმრისასა და სთხოვა შეწევნაჲ. წარვიდა გუდოვიჩი, მიიწია რა არფა-ჩაის, მუნ წარმოიშუა ბრძოლა შორის თურქთა და რუსთა, იძლივნენ თურქნი და უსუფ-ფაშა და მივიდნენ ყარსს, ხოლო გუდოვიჩი მივიდა ტფილისს, თუმცაღა თურქთა სწადდათ კვალად ბრძოლაჲ, მაგრამ მოერთვა უკუე ამბავი უსუფ-ფაშასა აღრეულებისათჳს კონსტანტინეპოლეს იენგიჩართაგან, რომელთაცა მოკლეს სულთან სელიმ მესამე და ნაცულად მისსა ჰყვეს სულთნად ბიძაწული მისი მუსტაფა, ძეი ჰამიდისა და შემდგომად ექუსისა თჳსა მოკლეს იგიცა და ჰყვეს სულთნად მაჰმუდ.

და წელსა 1808 გუდოვიჩმან მოკრიბნა მხედრობანი რუსთანი და ქართველთანი და წარვიდა და მოადგა ციხესა ერევნისასა, მიუდგა კიბენი და უბრძანა სალდათთა, რათამცა აღვიდენ, ხოლო სალდათნი რა აღვიდენ კიბეთა ზედან, იწყეს ყიზილბაშთა წარმოებად მათ ზედან ფიცხელად თოფითა და ზარბაზნითა, იძლივნენ რუსნი და მოსწყდნენ უმეტეს ორისა ათასისა და ვინადგან გუდოვიჩი ვერღარა დადგა მუნ, წარმოვიდა აბარანისა გზით და ოდეს ყინული იყო მძაფრი, უმეტეს ათასისა სალდათთა მოსძრათ ჴელი და ფერხი, ეწივნენ სპარსნი და მიუღეს ყოველი ურმები და ავადმყოფნიცა მრავალნი ტყვეთ შეიპყრეს. გამოსცვალეს ამად გუდოვიჩი და ჰყვეს ნაცულად მისსა იარანალ-შეფი ტორმასოვი, ხოლო მანცა დაიწყო მართვაჲ ვითარცა მოსაყდრეთა თჳსთა, გარნა მანცა ვერა ძალ-იდვა აღვირსხმად მტაცებლობასა ლეკთასა, რომელნიცა მარადის რყვნიდიან დაბნებსა და სოფლებსა საქართველოსასა და მარადის სტაცებდიან რუსთა და მათთა ყაზახთა ცხენთა პოლკებთასა და იყო ფრიადი განუსვენებლობა და ოხრება მათგან, თუმცაღა ზოგად რუსნიცა ამარცხებდიან, მაგრამ იგინი არაოდეს განეყენებოდიან ჩვეულებათა თჳსთა, ვითარცა მგელნი მტაცებლობისაგან ცხოვართასა. ესე ვითარსა უბედურსა შემთხვევასა ზედა დაერთო ესეცა, რომელ წელსა 1810, ქორონიკონსა უჟჱ, მოვიდა ძეი ყაენისა ბაბა-ხანისა მაჰმად-ალიხან. ამან გარდაასახლა სრულიად ფანბაკი ერევნად, მუნით მოვიდა აღჯაყალას, მოსტყვენა დმანისადმდე და კოდადმდე და უკუნ იქცა, თუმცაღა რუსთა მხედრობა იდგა გატეხილსა ხიდისა თანა, გარნა არა წარმოიშუა მათ შორის ბრძოლაჲ მით, რამეთუ სპარსთა ვერა იკდრეს რუსთა ქვევითთა ბრძოლაჲ და ეგრეთვე რუსთაცა შიშითა სპარსთათა ვერ წარგზავნეს მათ ზედა ცხენოსანი თჳსნი მით, რამეთუ ფრიად არიან უხმარ ცხენოსანნი რუსთანი.

წელსავე ამას მოინდო ფიცითა ტორმასოვმან მეფე იმერთა სოლომონ, რომელიცა შეიპყრა და რეცა ბრალეულ ჰყო მან ესე ვითარითა ოღალოობითა, ოდეს აიღეს რუსთა ფოთის ციხე, მაშინ რუსთა მიაქუნდათ ფოთს მხედრობისათვის ტყვია-წამალი და მცირედი ხაზინა, მიიწივნენ რა ლეღოანსა, დახვდათ მათ გზასა ზედან მცირედითა ლეკთა მხედრობითა აბაშიძე ლეონ, რომელიცა განლტოლვილი იყო ახალციხეს მით, რამეთუ მოკლა მან ბიძაწული თჳსი დავით და კიკნაძენიცა იყვნენ მონაწილენი მათნი; მათ მოსრნეს უმეტეს ორასისა რუსნი და წარიღეს რაჲცა აქუნდათ რუსთა, ამას ზედა ბრალეულ ჰყვეს მეფე, რეცა ნებითა მისითა ქმნეს მათ იგი და სწადდა რუსეთად წარგზავნაჲ მეფისა, რომელიცა ჰყუა პატიმრად სახლსა მეითრიანთასა ტფილისს, გარნა განივლტო შემწეობითა იმერლისა ვისმე წერეთლის ყმისაგან, რომელიცა იყო ტფილისს კერკეტონად და იყო იგი მიჩნეულ ტოლმაჩად მეფისა, რომელმანცა უწყოდა ენა რუსული: მან შთააცვა მას ტანისამოსი თჳსი ღამე და რუსთა დარაჯთა ჰგონეს იგი კერკეტონად მით, რამეთუ ჟამსა მას ტფილისს ყოველნივე კერკეტონნი იყუნენ იმერთაგანნი.

ხოლო კერკეტონმან მან ჴელოვნებითა ამით ღამე გაიყვანა ტფილისით მეფე და ავიდა ახალციხესა. ჟამსა მას ტორმაზოვი არა იმყოფებოდა ტფილისს, არამედ წარსულ იყო ყარაბაღად ზავ-ყოფისათვის სპარსთა თანა, გარნა სპარსეთისა კერძოით მოვიდა მასთანა ყაენისაგან ნებითა სრულითა მირზა ბუზურგ, შეიმთხვნენ მუნ, მაგრა არა მოუხდათ მათ ზავ-ყოფა, მირზა უკუნ იქცა სპარსეთადვე, ხოლო ტორმაზოვი მოვიდა ტფილისად. სცნა რა მან ლტოლვაჲ მეფისა ტორმაზოვმან, განძჳნდა ფრიად, ვინადგან კაცი ესე იყო მძვინვარე, ამპარტავან და უწყალო. ამან დაახურეტინა თოფითა ოთხნი კენკეტონნი, კაცნი უბრალონი, ამად რომელ, ვინადგან იგინი იყვნენ დღისა მორიგენი ქალაქისანი ჭვრეტისათვის კარგისა რიგისა ჩუქათა შინა, რეცა დაუდვა მათ ბრალად, რომელ თანამდებობა იყო მათი ჭურეტაცა მეფისა. კვალად მოაშთნო რაოდენნიმე უბრალონი ოვსნი. რომელნიცა ერისთვიანთა შეასმინეს, ვინადგან სწადდათ გახრეკაჲ ოვსთა მათ მსგავსად ჩვეულებისა მათისა. და კვალად მოაშთო რაოდენნიმე თათარნი კაცნი უბრალონი, რომელთაცა შესწამეს არა მართლად ქურდობაჲ. კვალად შეიპყრა ამან ჯავახიშვილი და თარხნისშვილები და წარმოგზავნა პყრობილად როსიასა შინა, რომელნიცა ესენი შემჭირვებულნი რუსთა ბეგართაგან განივლტვნენ უცხოთა ქვეყანათა, გარნა შეინანეს და უკ მოიქცნენ მამულადვე თჳსად, დარწმუნებულნი ფიცითა რუსთაგან არა რაჲსა საყვედურობისათვის.

ხოლო ჟამსა ამას შარიფ-ფაშამან მოიკრიბნა უმეტეს სამი ათასისა კაცისა, შთამოვლო ბედენი, მოვიდა და მოადგა ბორბალას. მუნ გაუმაგრდნენ სოლაღაანი და მხნედ ბრძოლეს, მაგრა სცნა რა ფაშამან ტფილისით მიშველება რუსთა, აიყარა მუნით და უკუნ იქცა.

სცნეს რა იმერთა მეფისა აღსლვა ახალციხეს, შეიქმნა მათ შორის აღრეულობაჲ და ადგილ-ადგილ ამბოხი, უმეტეს ზემო მხარსა შინა, რომლისა ამბოხისა თავ იქმნა ქაქუჩელა აბაშიძე, საქარელი. მაშინ სიმონოვიჩმან იარანალმან, ვინადგან იგი მართებდა იმერეთსა შემდგომად შეპყრობისა იმერთა მეფისა, წარმოგზავნა მას ზედა მაიორი კალატოზისშვილი ორასითა მხედრებით, მოვიდა იგი საქარას, მუნ წარმოიშუა შორის მათსა ბრძოლაჲ, იძლივნენ რუსნი და მოკლეს მაიორი იგი. მას ჟამსა შინა მეფემანცა სოლომონ მოიკრიბნა რაოდენნიმე ახალციხესა მყოფნი ლეკნი და შთავიდა იმერეთს დვალიშვილებში. მუნ მოერთვნენ სრულიად იმერნი და განძლიერდა შფოთი, იარანალი სიმონოვიჩი, შიშნეული იმერთაგან, დამაგრდა ქუთაისს და იხმო შემწედ თჳსსა დადიანი ლეონ, მით რამეთუ დადიანსა და მეფესა შორის იყო ფრიადი მტერობაჲ ამად, რომელ მეფემან უწინარეს რუსთა შთასლჳსა, მოწვა სრულიად ოდიში და ჰსწადდა აღწყვედაჲ დადიანთა სახლისა, რომლისა გამო იძულებული და შიშნეული სახლი დადიანისა შევიდა საფარველსა ქვეშე რუსეთისა. სცნა რა ესე ტორმაზოვმან, წარგზავნა საშველად სიმონოვიჩისა ღენერალ მაიორი დიმიტრი ყაფლანიშვილი. ავიდა რა სურამს, მუნ განჰყო მჴედრობაჲ თჳსი, ნახევარი წარგზავნა კორტოხის მთისა კერძ საშველად წერეთლისა ზურაბ, უპირველესისა გვამისა იმერთასა და სახლთუხუცისა მეფისასა, რომელიცა ესე ზურაბ ორგულ ექმნა მეფესა და მივიდა რუსთა თანა, და თვით დიმიტრი ყაფლანიშვილი მივიდა ზედუბანს. ხოლო ნახევარნი ესე, მივიდნენ რა კორტოხს, დახვდა მუნ ანდრონიკაშვილი მელქისედეკ, სიძე მეფისა და წერეთელი როსტომ, ძეი პაპუნასი, იმერთა მხედრებითა. იქმნა მუნ ბრძოლაჲ ძლიერი, იძლივნენ რუსნი და მოსწყდნენ უმეტეს ხუთასისა რუსნი და დანაშთნი დამაგრდნენ სიმაგრეთა შინა, და მოადგნენ გარს იმერნი. სცნა რა ყაფლანისშვილმან, წარვიდა ზედაუბნით საშველად მათდა და, მივიდა რა, გაეცალნენ იმერნი; მოიკრიბნა ყაფლანიშვილმან დანაშთნი მხედრობანი რუსთანი, მოვიდა სურამს და მუნით წარვიდა საფიჩხეს გზით. იმერთა უკვე ჩაეხერგათ საფიჩხე, განვლო სროლითა და მივიდა ნებოსძირს, მუნით აიყარა, შთავლო სროლით და მივიდა ზედუბანს. მუნ სცნა იმერთაგან გარმოდგომაჲ ჩხერის ციხისა, მაშინ რომელიცა ეპყრათ რუსთა, ვინადგან მეფესა ჟამსა პატიმრობისასა გამოართვეს ყოველნი ციხენი. წარვიდა საშველად მათდა წითელ-კლდის გზით, ჩავლო დიდისა გაჭირვებითა, ვინადგან იმერნი მარადის ბრძოდიან, და მივიდა ჩხერს. მუნ მოვიდა ბარონ როზენი, ღენერალ-ლეიტენანტი, მთავრად დიმიტრისა მხედრობასა ზედან მით, რამეთუ დიმიტრი ყაფლანიშვილი, ვინადგან იყო კაცი უმეცარი და მსგავსი პირუტყუთა, და ვერა უძღოდა მხედრობასა მას კარგითა მძღუანველობითა. იქმნა მახლობელ ჩხერისა ომი ფრიადი, იძლივნენ იმერნი, მუნ მოკლეს მძღუანი იმერთა დიმიტრი აბაშიძე, რომელიცა იყო განლტოლვილ მით, რამეთუ მოკლა მან ძმითურთ თჳსით ლეონით, ბიძაწულნი თჳსნი დავით და იოსებ. ბარონმა მუნ მოიბირნა რაოდენნიმე კიკნაძენი და მოვიდა მუნით ლომსიათ-ხევადვე, გზასა ზედან დასწვეს რუსთა ჩხეიძენი, მუნით ჩავლეს ზესთაფონს და მივიდნენ ცხრაწყაროს მუნცა იქმნა ბრძოლა, და ოდეს რუსთა ვერღარა იშოვეს გზა მისასვლელად ქუთაისს, მივიდნენ მუნით ბურღნალს და მუნით ჭიშურას. იქმნა მუნ ბრძოლა ძლიერი, გარნა იძლივნენ იმერნი. მაშინ მეფე იმყოფებოდა ვაკეში და იდგა მაღლაკს, პირისპირ დადიანისა, ვინადგან იგი მოვიდოდა შველად რუსთა. ხოლო დადიანიცა მოვიდა ჯიხაიშს, მუნ მოერთვა აფხაზთა მხედრობა და მუნით მოვიდა კუსას-წყალსა და მუნით ნამაშევს. მუნ შთავიდა დადიანისა თანა ხუთასი რუსი პირისპირ მეფისა, წარმოიშვა მუნ ბრძოლა შორის იმერთა და ოდიშართა, მუნ იძლივნენ ოდიშარნი. მუნით დადიანი და წერეთელი ამოვიდენ ქუთაისს; მუნ მივიდა ბარონცა სიმონოვიჩთან, მაშინ წარუძღვა დადიანი და წერეთელი რუსთა მეფესა ზედან. სცნა რა მეფემან, უღონო ქმნილი, ვინადგან ვერ ძალ ედვა ბრძოლაჲ, წარვიდა ხანის მთით ახალციხედ, ხოლო ოდიშართა მოსწვეს სრულიად ვაკეჲ და მოსტყუენნეს, და სახლიცა აგიაშვილთა დასწუეს. მაშინ დედოფალი მარიამ, ასული დადიანისა და ცოლი მეფე სოლომონისა, ხანით ვინადგან ვერ ძალ-ედვა წარსლვაჲ ახალციხეს, მივიდა სახლთა დადიანისათა. მაშინ ტორმასოვმან წარგზავნა ბრძანება და გარდაიყვანეს ტფილისს დითურთ მეფისა მარიამით, რომელიცა ესე მეუღლე იყო მელქისედეკ ენდრონიკაშვილისა და მუნით ორნივე წარგზავნნეს რუსეთად და დააყენეს ქალაქსა შინა ვარონიჟს.

ხოლო ოდეს მეფე შთავიდა იმერეთს, თანა შთაიყვანა მეფის ძის იულონის ძეი ლეონ, და შეგზავნა რაჭით მთათა ლიახვისათა, რათა მან აღძრას ოვსნი პირისპირ რუსთა. ესე აღვიდა და შემოიყარნა ოვსნი და მოვიდა მახლობელ ცხინვალისა. სცნა რა ესე ახვერდოვმან, გუბერნატორმა ქართლისამან, აღვიდა ცხინვალს რუსთა მხედრებითა და ოდეს ვერ უძლო ბრძოლა ოვსთა, დამაგრდა ციხესა ცხინვალისასა; მაშინ ოვსთა მოწვეს და მოარბიეს გარემონი ცხინვალისანი და თჳთ ცხინვალი და უკუნ იქცნენ. მაშინ ტორმასოვმან შეგზავნა ჭვრივს ფრიადი მხედრობა რუსთა და მათ მოწვეს ჭვრივი და ვერღარა დადგა ლეონ კოშკს და აღვიდა ნარას. ნარელთა სცეს მათ პატივი, ვითარცა პატრონსა თჳსსა.

შემდგომად შეიპყრეს რუსთა მაჩაბელი ლუარსაბ და ბაადურ ბორტიშვილი. მაჩაბელი ლუარსაბ წარგზავნეს პყრობილად რუსეთსა შინა და ბაადურ მოკუდა ციხესა ტფილისისა პყრობილად, და შთამოართვეს თავიანთი კერძი ყმა და მამული და დადვეს სახელმწიფოდ, ვითარცა ჯავახიშვილს და თარხნიშვილებს, ძეთა დემეტრესთა.

ხოლო ლეონ, ვინადგან ვერღარა დადგა ოვსეთს, წარვიდა ახალციხეს. მიიწია რა ხეობას, მოკლეს ლეკებთა მომავალთა ქართლს სადავლაოდ, მინდობით. სცნა რა ფაშამან ახალციხისამან შარიფ, მოაშთვნა ლეკნი იგი.

და ამავე წელსა 1810, წარმოვიდა სპარსეთით მთავარი ერევნისა ჰუსეინ ორი ათასითა მხედრებითა სპარსთათა და მოვიდა ახალქალაქს, ჯავახეთს. მუნ მოელოდა ფაშასა ახალციხისასა შარიფს მხედრობითა თჳსითა და მეფის ძესაცა ალექსანდრეს, და სწადდათ ზედა დასხმა სომხითისა. წარვიდა ტორმასოვი რუსთა მხედრობითა და მივიდა წალკას, მუნით წარგზავნა იტალიელი იარანალი მარკიზად სახელდებული, რომელიცა ჰყვა მას დეჟურნად იარანალად ათასითა სალდათითა და ხუთასითა ქართველითა. მივიდნენ ღამით და დაეცნენ ახალქალაქს ღამე თავსა და განაბნივნეს სპარსნი. მხილველი ამისი ფაშა ვერღარა მოვიდა სარდალსა თანა, და სარდალიცა უკუნ იქცა ერევნადვე. მაშინ ძეი ყაენისა იდგა გარნისს, მუნით განივლტო მეფის ძეი თეიმურაზ, რომელიცა იმყოფებოდა ძესა ყეენისასა აბაზ-მირზასთანა დიდითა პატივითა, თავად რვა ათასითა მხედრობითა რეგულთა ზედან სპარსთასა და მივიდა ტორმასოვთანა, რომელსაცა იდუმლად ტორმასოვი ეზრახვოდა, რათა დასტოვოს სპარსეთი და მივიდეს მასთანა და მივიდა რა ტფილისს წარგზავნა მან იგიცა როსიად.

ხოლო წელსა 1811 მოიკრიფნა ტორმასოვმან ამერ-იმერნი და მხედრობანი რუსთანი თვესა ნოემბერსა, აღვიდა და მოადგა ახალციხეს, გარმოდგომილ-ჰყო იგი თვე ერთ ოდენ და აწარმოეს ციხეთა ზედან ყუმბარის სროლაჲ, განმხნდნენ თურქნი და იძლივნენ რუსნი და ამერ-იმერნი და მიუღეს თურქთა ორი ზარბაზანი და ბავრაყი დავით აღმაშენებელისა, რომელიცა თანა აქუნდათ იმერთა მით, რამეთუ კერძოსა ძლით იმერთასა იძლივნენ რუსნი. უკმოქცეულთა რუსთა ვერღარა დევნა უყვეს თურქთა. მაშინ ქართველნი რუისით და ქარელით და სხვით წარსრულ იყუნენ ასაყრელად კოთელიისა, ვინადგან კოთელიელთა სწადდათ გარდმოსახლებაჲ ქართლად. სცნეს რა მათ უკუნქცევაჲ ტორმასოვისა, დაუტევეს კოთელია და უკ-მოიქცნენ, ამცნეს კოთელიელთა ფაშას უკუნქცევაჲ მუნ მყოფთა ქართველთა მიზეზითა ამით, რათამცა განიმართლონ თავნი თჳსნი თურქთა წინაშე, ბრძანა ფაშამან შედგომა უკანა, ეწივნენ მათ თურქნი და მოსრნეს სრულიად ვიდრე სამას კაცადმდე ქართველნი, ხოლო თავნი მათნი და რუსთა მხედრობათაცა თავნი, რაოდენიცა მოსრნეს ახალციხეს, ბრძანა ფაშამან გატენა მათ თავთა ბზითა და წარუგზავნა სულთანსა. ხოლო ტორმასოვმან ძლევა თვისი თურქთგან მიაწერა ჭირსა და შემდგომად ტორმასოვისა სხვათაცა მიიღეს თქმაობა ესე ნანდვილად, რომელ ჩვეულებითი საოფლეა, რომელიცა არს ჩვენსა ქვეყანასა და რომელიცა იყო, არს და იქმნების, შერაცხეს ნანდვილად მომსვრელ სენად.

და წელსა 1812 გამოსცვალეს ტორმასოვი და წარგზავნეს ნაცულად მისსა ზემოხსენებული მარკიზი პავლუჩი, კაცი ელამი რაგვარადაც თვალითა, ეგრეთვე სულითა და მოქმედებითა, ვინადგან აქუნდა მას სული იტალიური, რამეთუ კაცი ესე იყო აღგებული ბოროტად ბუნებისაგან. და იწყო ამან მართვაჲ საქართუელოჲსა. ამან წარგზავნა მხედრობანი რუსთანი ზამთარს ახალქალაქსა ზედა და თანა წაიღეს კიბენი. გორით მიეპარნენ ახალქალაქსა, მიუდგეს კიბენი და აიღეს ციხეჲ ახალქალაქისა, ვინადგან ზამთრისა გამო დაყმინებულ იყუნენ თურქნი და შეაყენეს მხედრობა თჳსი ციხესა მას. შემდგომად აღებისა ახალქალაქისა მარკიზი ეზრახა იდუმალ ბეგლარბეგსა ერევნისასა ჰუსეინს, რომელსაცა რწმუნებდა ერევანისა მიცემასა ჰუსეინისათვის ყმად, რათა მისცეს ციხეჲ, აღუთქვა უსეინ მიცემაჲ, ხოლო ვერა სცნა უგუნურმან იტალიელმან სიცბილი მისი და წარგზავნა იარანალ მაიორი ლისანოვიჩი ორი ათასითა მხედრებითა. მაშინ უსეინ მოიკრიბა მუნ გარემოისა მხედრობა და დამალა ეჩმიაძინს. მიიწივნენ რა რუსნი, ეკვეთნენ სპარსნი და აოტნეს რუსნი და სირცხვილეულ იქმნა მარკიზი ესევითარის უგუნურისა შეცთომისათჳს.

გარნა იყო ფრიად შემჭირვებაჲ რუსთაგან ესრეთ, რომელ ძვირადღა დაშთა ჴარი საქართველოსა შინა რუსის ბეგარის ზიდვისა ძლით, და მსგავსად ხარკითაცა იქმნენ დამძიმებულ და ოდეს აზუხასა მოიყიდვიდენ, ნაცულად კოდისა ერთისა იწონდიან კოდნახევარსა, და ფასს აძლევდიან კოდში ხუთ აბაზს, ოდეს კოდი იყო ექვს მინალთუნად, მით რამეთუ წელსა 1812 იქმნა ფრიად სიყმილი საქართველოსა შინა და ჭირიცა ფრიად განძლიერებულ იყო, რომელიცა ტორმასოვმან შთამოიტანა ახალციხით. და ოდეს არღარა აქუნდათ პური მცხოვრებთა და ვერ ძალ იდვეს მისყიდვად, ნაცვლად პურისა ევედრებოდენ მცხოვრებნი რათა მიიღონ წულნი მათნი; მაშინ ტირანმან მარკიზმან ჩაუყენა ყოველსა სოფელსა ეკზეკუცია ესე იგი იასაულად სალდათნი, და იყო ჭირვება და ვაება ერთა ზედან. თვით წარვიდა ყარაბაღს და რა მივიდა, მუნ მოეგება მეჰთი-ხანი მუნებური, და მიართვა ძღვენი დიდი, ვინადგან ყარაბაღიცა ეპყრა რუსთა და ჰმართებდა თავისივე ხანი. ხოლო ბირებითა მეჰთისათა შეიპყრა მარკიზმან ძმისწული მისი, ძეი მაჰმად-ასანისა ჯაფარ-ყული-აღა, ვინათგან ბიძაი მისი იყო მისა მტერ, ოდეს იგი ცდილობდა მემკვიდრეობასა ზედან, ვინადგან იყო იგი უფროსისა ძმისა შვილი, ხოლო იგი განივლტო საპყრობილით და მივიდა წინაშე აბაზ-მირზისა თავრიზს, და მარკიზიცა განვიდა მტკვარს მოსახილველად შაქისა, შირვანისა, დარბანდისა და ბაქოისა მით, რამეთუ დაეპყრათ ყოველი ესე ადგილნი რუსთა.

მაშინ მახლობელ შუშისა იდგა, ასკარან წოდებულსა ადგილსა, რვაასი რუსი, დასაცველად ყარაბაღისა. წარმოუძღვა აბაზ-მირზასა ზემოხსენებული ჯაფარ-ყული. მოვიდა აბაზ და დაესხა თავს რუსთა. იქმნა მუნ ბრძოლა, იძლივნენ რუსნი სპარსთა რეგულთა სალდათთაგან, სარბასტად სპარსებრ წოდებულად, რომელიცა თანა ჰყვა აბაზ-მირზასა მით, რამეთუ შემოიღეს სპარსთა განსწავლება ფრანგთა მსგავსად მხედრობისა. მუნ იძლივნენ რუსნი, ოთხასნი უკვე მოსწყვიდნეს, ხოლო ოთხასნი შეიპყრნეს ტყვედ და წარიყვანეს თავრიზად და ჰყვეს თვისად სალდათად, მით რამეთუ სხვაცა მრავალი ჰყვა აბაზ-მირზასა რუსნი, რომელნიცა მარადის განივლტოდიან ქართლით და მივიდოდიან წინაშე მისსა, რომელიცა ფრიადსა პატივსა უყოფდა მათ.

ხოლო მისლვადმდე მარკიზისა ყუბას წარმოიშვა მცირედი ბრძოლაჲ შორის ხანბუთაისა, ფათალი-ხანის შვილის შიხალისა -- დარბანდის ხანისა, და რუსთა. ხოლო ესე შიხალი იყო ხანი დარბანდისა, რომელსაცა რუსთა მიუღეს ყოველივე ადგილნი, გარნა იძლივნენ მცირედრე რუსნი და იგინიცა უკუნ იქცნენ დაღისტანადმდე.

მაშინ იყო შემჭირვება დიდი ქართველთა ზედან მარკიზისაგან. ესრეთ ართმევდიან ხშირად ურემთა და ჴართა სახმარად მხედრებისა, რომელ კნინღა დაშთა ჴარი სოფელთა შინა; ეგრეთვე სადაც განივლიდიან რუსნი, ამჭირვებდიან სოფელთა ცემითა, ტაცებითა და რთმევითა თჳნიერ თეთრისა და იყო ესრეთიცა სიყმილი, რომელ კოდი პური იყო ექვს მინალთუნად თეთრ ფულად; მაშინ მარკიზმან უბრძანა წარსულისა ორისა წლისა პურისა მოკრეფა სურსათისა კახთაგან, ვინადგან სიმცირისა გამო მოსავლისა ვერ ძალ-ედვათ მიცემაჲ, და ბრძანა ყოველსა სოფელსა ეგზეკუციისა შთაყენებაჲ (ესე იგი იასაულთა), ორასისა და სამასისა თჳთოეულთა სოფელთა, და სადაცა მოვიდოდიან, იყო ვაება მათ ზედა მით, რამეთუ სცემდიან დედაკაცთაცა, და ჴელითა ჰკიდიან და ართმევდიან პურთა ძალით, თუმცაღა კახნი ევედრებოდიან რომელ მიიღონ ნაცვლად პურისა ექვსი მინალთუნი კოდში და რომელთაცა არა აქუნდათ თეთრი, მაშინ ძეთა და ასულთა თჳსთა აძლევდიან, გარნა უქმ იყვის ვედრებაჲ მათი, და იყო ვალალება ერთა შორის. გარნა სხვათაცა ბოროტმოქმედებათა შორის ესეცა ქმნეს, რომელ თიანეთს მთვრალთა აფიცართა შეიპყრეს დედაკაცი და საშოსა შთაასხეს ძაბრითა ღვინოჲ. ვერღარა მოითმინეს თიანელთა ესევითარი სირცხვილი და იქმნა შფოთი შორის რუსთა და ქართველთა. ხოლო პირველად მისცეს მიზეზი შფოთისა რუსთა მით, რამეთუ დაკოდეს თიანეთს ამბოხსა მას თიანელნი რაოდენნიმე. იხილეს რა ესე თიანელთა, მოსწყვიდნეს ყოველნივე რუსნი, ვიდრე ასორმეოცდაათამდე და მუნით შთავიდნენ მატანს. მაშინ არაგვისპირმანცა აღადგინა შფოთი პირისპირ რუსთა. შთაეხმარნენ ფშაველნი და მოსწყვიდნეს ყოველნი მუნ მყოფნი რუსნი ფასანაურს და ანანურს და კამენდატი ანანურისა გამაგრდა ციხეთა შინა. მაშინ ბარონ კლოტმა იარანალმან, რომელიცა იყო მოადგილე მარკიზისა ტფილისს, ვინადგან მარკიზი ჟამსა მას იმყოფებოდა ბაქუს, წარავლინა არაგვიანთა ზედა პოლკოვნიკი უშაკოვი ათასითა მხედრებითა და მუხრანბატონისშვილი კონსტატინე წარატანა თანა, რამეთუ ესე კოსტანტინე იყო ფრიადი ერთგული რუსთა და არა კეთილობისა მოსურნე საპყართა ქართუელთა, და მოვიდა კობიანთ-კარსა და დაესხა კობიანთ თავსა. იქმნა მუნ ბრძოლა, იძლივნენ რუსნი და მოკლეს რუსთ ასორმოცდაათი კაცი და სიღამემან განჰყარნა. მაშინ კონსტანტინემ დაუწყო ტკბილი საუბარი, მოიტყუა ფიცით სამოცდაათნი კაცნი არაგვსპირისანი. ჵი, უსჯულო სვინიდისი, მოასვრევინა იგინი რუსთა და მოწვა კობიანთ-კარი და დუშეთი. მუნით გარდავიდა რუსთა მხედრობითა, მოწვა ანანური, პავლეური და ციხისძირი. ჟამსა ამას მოვიდა ბულაჩაურზედ სხვა ახალი სამასი კაცი რუსთა მხედრობა. იქმნა მუნ ბრძოლა, იძლივნენ რუსნი ბულაჩაულერთაგან, მოკლეს წინამძღვარი მათი მაღალაშვილი სოლომონ და დაჰკოდეს კაპიტანი საგინაშვილი ზურაბ. სცნა რა კოსტანტინემან, გარდაუძღვა ანანურით რუსთა და მოაწვევინა ბულაჩაური სრულიად.

ხოლო ოდეს შთავიდნენ თიანელნი მატანს, შემოეყარნენ მათ მატანელნი და ახმეტელნი და მოსწყვიდნეს სრულიად მუნ მყოფნი რუსნი და რაოდენნიმე ტუსისშვილებიცა დახოცეს მით, რამეთუ ეპყრათ მათ კერძო რუსთა. სცნეს რა ესე ყოველივე კახთა, აღდგა შფოთი დიდი სრულიად კახეთსა შინა და იწყეს სრვა ყოველთა სოფელთა რუსთ, რომელიცა იდგა მათ შორის იასაულად, ეგზეკუცია წოდებულად; მივიდნენ და მოადგნენ თელავს. მაშინ გარდაიყვანეს მეფის ძის იოანეს შვილი გრიგოლ ქართლით კახთა და მოკრბენ ლეკნიცა ვიდრე ოთხიათასადმდე შველად კახთა და ჰყვეს თჳს ზედან კახთა თავათ ქობულოვი ოთარ. სცნა რა ესე პორტნეგინმა იარანალმან, რომელიცა იმყოფებოდა საგარეჯოს, გარდააშველა თელავს მყოფთ რუსთ სამასი სალდათი. მივიდნენ რა რუის-პირას, იქმნა მუნ ბრძოლა, მოისრნენ რუსნი კახთაგან და რუსთა მძღვანიცა მაიორი ესიპოვი მოკლეს და ერთი სხვა მაიორი და ორი აფიცარნი და მცირედნი დანაშთნი შევიდნენ ციხესა თელავისასა.

მაშინ ქიზიყელთაცა მოსწყვიდნეს რუსნი და დანაშთნი დამაგრდნენ ციხესა სიღნაღისასა ორდღე. შემდგომად ორისა დღისა აიღეს სიღნაღიცა, მოკლეს კამენდატი და სუდიები (ესე იგი მდივანბეგი რუსთანი) და ისპრავნიკი, აიკლეს ხაზინა რუსთა, ტყვია-წამალი და პური, რომელიცა აქუნდათ ამბართა მხედრობისათჳს. მუნით შთავიდნენ ყარახაჩს მძღვანელობითა მამაცისა სვიმონ ბებურისშვილისათა და მოადგნენ ყარახაჩს და ლამოდნენ გამოყვანასა მათსა, გარნა მოუსწრო ყაფლანმა ყაფლანისშვილმა, მაიორმან, ვაკით ათასითა მხედრებითა, დაუწყო ტკბილი საუბარი და ვედრებაჲ, და ვედრებითა მისითა განერა ყარახაჩს მყოფნი რუსნი, მუნ მოკლეს სიმონ ბებურიშვილი.

ჟამსა მას გარდავიდნენ კახნი საგარეჯოს, მოკრბენ საგარეჯოელნი, ჰბრძვეს პორტნეგინს. იძლივა პორტნეგინი და მივიდა ხაშმს; და კახთა მოსწვეს სადგურნი და თივანი რუსთანი და მიუხდნენ ხაშმზედ. იქმნა მუნ ბრძოლა შორის მიშველებულთა მხედრობათა რუსთასა, რომელსაცა მიაშველა პორტნეგინსა ირანალ კლოტმან ხუთასნი უკვე მხედრობანი რუსთანი. მაშინ იძლივნენ რუსნი და მოსწყდნენ მრავალნი და დანაშთნი წარვიდნენ ტფილისად და კახნიცა აღვიდნენ სამებას.

მაშინ მარკიზი მოსრულ იყო ტფილისს ბაქოით. სცნა რა ესე, მოიკრიფნა ყოვლის ადგილით რუსნი, წარემართა და მივიდა ხაშმს, შეესივა ხაშმსა და მოასრვევინნა უბრალონი ქრისტიანენი მარკიზმან ვიდრე ასადმდე ჩჩვილითურთ, მსგავსად იროდისა. და მუნ მოკლეს ხიშტითა მონოზონი აბაშიძის ასული მარიამ, ოთხმეოცისა წლისა დედაკაცი.

სცნეს რა კახთა, სამებას მყოფთა, ძალისა მორთვა მარკიზისა, გარდავიდნენ მთასა და მიიქცენ თვის-თვისად და მარკიზი მივიდა პატარძეულს, მოერთვა პატარძეული. გარდავიდა საგარეჯოს - მოერთვა საგარეჯო, მანავი და კაკაბეთი. მუნით შთავიდა ქიზიყს წინამძღვანველობითა ანდრონიკაანთათა, ვინადგან მათ ეპყრა კერძოი რუსთა და ონანაანთაცა ეპყრათ კერძოჲ რუსთა, ვინადგან გლეხთა სცნეს რა სიცბილი თავადთა, მოსწვეს სახლი სიმონ ანდრონიკაშვილისა და მოკლეს ონანაშვილი ოთარცა და მოსტყვენეს სახლი სოლომონ ანდრონიკაშვილისა. მუნ მოერთვნენ ქიზიყელნი და წარვიდა კახეთისა კერძ. მივიდა რა ჩუმლაყს, იქმნა ბრძოლა, იძლივნენ რუსნი, მუნ მოკლეს კახთა ყაფლანიშვილი ვახტანგ, სიძეჲ მეფის ირაკლისა, და დასჭრეს მუხლსა მამუჩიშვილი ალექსანდრე, ძე გარსევანისა, ვინადგან მათ ეპყრათ კერძოი რუსთა და პირისპირ მამულისა თჳსისა იყუნენ მტერ.

მაშინ დაჭმუნდა ამას ზედან მარკიზი. წარდგა ზურაბიშვილი ნინია და უთხრა მარკიზს: "გიჩვენო მე გზაჲ ვაკე, უკეთუ მომცე ნიჭი რაიმეო". ამაზედან მხიარულ იქმნა მარკიზი, გაუძღვა მინდვრის გზით და მიიყვანა ჩუმლაყს. მივიდა რა ჩუმლაყს, მუნ სოფელსა შინა შეიპყრნა კაცნი ხუთნი და გამოჰკიდა ხეთა ზედან. იხილეს რა კახთა ტირანული საქმე ესე, შეიპყრეს მათცა ხუთი სალდათი და ერთი აფიცარი და მათცა მოჰკიდეს ძელსა ზედან, პირისპირ მარკიზისა, რომელსაცა სჭვრეტდა თვით თვალითა თვისითა. მაშინ ზაზაცა, ძმაი ნინიასი, შეუჩინეს გრიგოლს და გრიგოლ მოცთუნა ზაზამ ანდრონიკაშვილმან და მივიდა მარკიზის წინაშე. იხილეს რა გლეხთა ღალატი თავადთაგან, განრისხდნენ და დაეცნენ თავსა რუსთა ჩუმლაყის ბოლოს. კვალად იძლივა მარკიზი, ხოლო გლეხნი შეეცალნენ ჩუმლაყისა სოფელსა. დღესა მეორესა მივიდა მარკიზი ჩუმლაყს. იქმნა სოფელსა შინა ბრძოლა ძლიერი და მოწვეს რუსთა ჩუმლაყი. გარნა იხილა რა მარკიზმან, ვინადგან ვერ ძალუძს პირისპირობაჲ კახთა, ევედრა ზავსა და აღუთქვა კახთა, რომელ მოგგვრიო მეფის ძეთა თქვენთა რუსეთით. ამას ზედან მხიარულ იქმნენ კახნი და ჰყვეს ზავ და მოჰგვარეს გაღმა-მხრელთ უმეტეს სამასისა სალდათნი შეპყრობილნი აფიცრებითურთ, რომელნიცა შეიპყრეს ამბოხსა მას, აღპარსულნი თმათანი, მით რამეთუ კახთა აღპარსნეს პყრობილთა მათ თავნი კიცხევისათჳს, ვინადგან გრძელისა თმისა ქონება რუსთა ჩუეულება არს, და მოყვანასა ზედა მეფის ძეთასა არწმუნა რა გული მარკიზმან კახთა, და დამყუდროვდნენ კახნი, მომლოდნელნი აღთქმისა მისისანი, რომელ განერებიან ჴელთაგან მოსამართლეთა და კაპიტან-ისპარავნიკთა რუსთასა. ჟამსა ამას გამოსცვალეს მარკიზი და ნაცულად მისსა წარგზავნეს ღერანალ-ლეიტენანტი რტიშჩევი და მას თანა წარატანეს შემწედ ღენარალ-მაიორი ახვერდოვი. პირველ ყოფილი ტფილისის ღუბერნატორად, გვარით პუპულაშვილი, ტფილისელი სომეხი.

ოდეს მოვიდა ღენერალი რტიშჩევი ტფილისს, აღდგა კვალად შფოთი კახეთსა შინა. ხოლო მიზეზი შფოთისა იყო ვერაგობა მაიასი, გარსევან ეშიკაღაბაშის მამუჩიშვილის ცოლისა, ამად რომელ ვინათგან მარკიზმან დააყენა ძმაჲ მისი სოლომონ კახეთსა შინამმართებლად, ხოლო კაცი ესე იყო სულელი და ჴელი, რომელიცა გამოსცვალა რტიშჩევმა მმართებლობისაგან და დედაკაცმან ამან პირუელად ამისათჳს დაიდვა ძჳრი გულსა და მეორე ამად, რომელ ვინათგან ქმარი მისი გარსევან მოიყიდეს რუსთა, და აღუთქვეს ორი ათასი სული ყმაჲ, ოდესაც ხელთ უგდოს ქართლი რუსთა და გარსევან ჟამსა ელჩობისა თვისისასა როსიად ორგულ ექმნა მეფესა გიორგის და მიაგო სახლსა მეფისას ნაცულად კეთილისა ბოროტი მით, რამეთუ მეფემან ირაკლი აღადგინა სახლი მისი, მისცა ეშიკაღაბაშობა, და ნაფარეული, ყმად მუღანნი და ყაზახის მოურავობა და ჰყვანდა ვეზირად, წარგზავნილი ელჩად როსიად, გარნა კაცი ესე იდუმალ იყო ორგულ მეფისა და ქვეყნისა, ეგრეთვე შემდგომად მეფისა ირაკლისა მეფემან გიორგიმ აღამაღლა, განადიდა და განამდიდრა და ნაცულად სამსახურისა შეუდგა კუალსა იუდასსა და მსგავსად მისსა განჰყიდა საქართუელოჲ თჳნიერ ვერცხლისა ვითარცა მან მოძღუარი თჳსი და შემდგომად სიკუდილისა მეფის გიორგისა, ოდეს ჴელთ იგდეს რუსთა საქართველოჲ, არღარა აღუსრულეს აღთქმაჲ, ჰყვანდათ პეტერბუღს გოზ-ტუსაღად, ამად რომელ რუსთაცა ორგულ ექმნა ჟამსა ერევანს ბრძოლასა რუსთა და ყიზილბაშთასა.

ხოლო დედაკაცმან ამან მოიბირნა თავადნი და იხმია ორღანოდ რაფაილ არაგვის ერისთავის შთამომავლობათაგან და იოანე ჯორჯაძე ენისელთ მოურავი და ქვემო კახეთში ნინია ზაალის ძე ანდრონიკაშვილი, ამათ მოიმხრეს თავადნი კახთანი - ჩოლოყაშვილი დიმიტრი ძითურთ, ომან მაყაშვილი და სხუანი რაოდენნიმე კეთილშობილნი. ამათ შეიწივნეს დიდონი და ანწუხელნი რიცხვით ხუთ ათასამდე, გარნა ქისიყელნი ვერა მიიზიდნეს თვის კერძო; მხედრობა რუსთა არა მრავალი იყო მას ჟამსა მუნ და წინამძღუარიცა მათი არა დია გამოჩენილ. წარგზავნნეს თელავით ორასადმდე ქვეითნი ზარბაზნებითა მეშფოთეთა მათ ზედა დასასხმელად, რომელნიცა ჟამსა მას იმყოფებოდეს ლალის-ყურსა შინა.

პირველად იძლივნენ რუსნი და შემდგომად მიაშველნეს ახალი მჴედრობაჲ რუსთა ზარბაზნებითურთ და შევიდნენ რუსნი ხსენებულსა ამა სოფელსა და განჰყარნეს მუნით კახნი და ლეკნი.

გარნა შემდგომად არ დამცუელნი კანონისა კახნი განფანტულ იქმნენ სასმელად, რომელიცა აქუსთ ჩვეულებად ესე ვნება, რომელთაცა მოაკლდათ მაშინ მათ ორმეოცდაათადმდე კეთილშობილნი თჳნიერ ომისა და კვალად დანაშთთა სძლეს რუსთა ნაფარეულსა შინა. ვნებამან ამან რუსთამან განამხნო კახნი, რომელთა განიგულეს წარვლენად უწყებითა ამით მეფის ძის ალექსანდრესადმი ერევნად თავადი მაყაშვილი ომან და ანდრონიკაშვილი იოსებ ერთად ყოველთა მათგან ჴელმოწერილითა წერილითა, რომლითაცა ულოცჳდენ მას კეთილ წარმართებასა და აწვევდნენ მოსლვად მისთჳს განმზადებულსა ქვეყანასა შინა.

მაშინ წარავლინა ღენერალმა რტიშჩევმა ღენერალ შტალი ათას ორასითა მხედრობითა ქიზიყით კერძო და შემდგომად თავადი ორბელიანი დიმიტრი გომბორით კერძო.

ხოლო ღენარალმან შტალმან თანა წარიყვანნა ქისიყით კერძონი თავადნი დასამშვიდებლად მეშფოთართა მათ თავადთა გარდუხდევნებლობისა აღთქმითა სახელითა მთავარმმართებელისათა. ესე წინამიღება ღენარალსა მას კეთილად წარემართა და შემოიზავნა თავადნი ვითარცა აღთქმითა, ეგრეთუე თეთრითა და მოიყვანნა იგინი თელავად, სადაცა გომბორით შემდგომად მცირისა ომისა გარდმოსრულ იყო თავადი ღენერალი ორბელიანი დიმიტრი, ძე ზაალისა, და მუნ აღასრულებინესცა მათ კვალად ერთგზის ფიცი. (აჰა დასრულდა შფოთი იგი).

ხოლო წარგზავნილნი იგი ზემოხსენებულთა კახთაგანნი მიიწივნენ რა მეფის ძის ალექსანდრესადმი ერევანს, მყისვე სპარსნი შეუდგნენ მღჳძარედ პოლეტიკებრსა მოქმედებასა ზავისა დასამტკიცებლად, მიიწვიეს ღენერალი რტიშჩევი არეზის კიდედ. რათა განაშორონ იგი მხედრობითურთ საქართველოსა და ესე მოქმედება წარემართაცა მათ კეთილად, მიხედვისამებრ დაწყობილებისა მათისა და შემოუშვეს ალექსანდრე მეფის ძე კახთესა შინა თჳნიერ ჯარისა და ხაზინისა, რომელმანცა გარდმოვლო თრიალეთი და განვიდა კოწახურას და მივიდა თიანეთს.

ესე მივიდა რა თიანეთს, პირველთა შინა რიცხვთა სეკდემბრისათა შეკრიბნა მუნ სპანი ფშავთა, ხევსურთა, თუშთა და ვლიდა იგი სოფლითი სოფლად, რომელთაცა მცხოვრებნი განამრავლებდიან რიცხუსა სპათა მისთასა. გარდა მათსა, მოუწოდა ლეკთა და მივიდა ალი სკანტი, ნათესავი ომარ-ხან ავარელისა, სამი ათასის კაცითა და შეეყარნენ იგინი ალექსანდრეს და შემდგომად ერთისა კვირისა ბრძოლა უყვეს მისრულს პოლკოვნიკს ტიხანოვსკის და დამარცხდა ტიხანოვსკი ყვარელში.

მერმე კვალად მივიდა კახეთს ქისიყით კერძო ღენერალი ორბელიანი დიმიტრი ჯარითა, ხოლო რუსნი და კახნი შეიბნენ მხნედ ერთ-გზის შილდას და შემდგომად - ველისციხეს, ოდესმე რუსნი იძლევოდიან და ოდესმე კახნი.

შემდგომად შეიბნენ ფაფრის მინდორს. მუნ ვერა რომელმანმე სძლო ურთიერთას და უკანასკნელ შთავიდა ალექსანდრე ქიზიყს. შეიბნენ ნუკრიანში და გამოყარეს რუსნი, კვალად სიღნახის ბაზარსა შინა მოსწყვიტნეს დანაშთნი რუსნი და მუნ ორგულ ექმნენ ქისიყელნი ალექსანდრეს და კახთა ამად, რომელ იოსებ ენდრონიკაშვილი და ნინია ერასტისშვილი მოიყიდა რტიშჩევმან თეთრითა და იოსებს მისცა მოურაობა ქისიყისა. მუნით მოვიდა ალექსანდრე ქოდალას. მუნ შეიბნენ რუსნი და კახნი და იძლივნენ რუსნი.

ჟამსა ამას მოიბირნა რტიშჩევმან ყაზახთა ელნი საშუალობითა სომხისა ბუბუთაშვილის იოსებ მისკარბაშისათა, რომელიცა იყო მუნ მოურავად და წარსწყვიტნეს ამათა გარე კახეთი. ამან მოაკლო დიადი ძალი კახთა და მხნური ესე მოძრავობა მათი იწარმოვა ვიდრე ახლორე მანავისა, სადაცა ღენერალი სვიმონოვიჩი მოვიდა შესაწევნელად შესვენებულითა ჯარითა თვისითა, და მუნ იქმნა ბრძოლა ძლიერი, სადაცა იძლივნენ ქართველ-ლეკნი, ხოლო მიზეზი ძლევისა კახლეკთასა იყო ესე, მით რამეთუ ელევთერი, წინამძღვარი კარისა, ზუკაკისშვილი შეუჩინა რტიშჩევმან ყვარელელთა და შილდელთ და გააცალა ამან იგინი და ალექსანდრე მაყაშვილმან, მეფის გიორგის ეშიკაღაბაშმან ძემან სჳმონისამან, კაცმან მამულისა ორგულმან.

ხოლო ლეკთა განვლეს იორი და მეფის ძე ალექსანდრე გარდავიდა და სწრაფით თიანეთად წარვიდა, მუნით ფშავად და მუნით ხევსურად და აწ იმყოფება ანწუხსა შინა.

ოდეს მიიწია რტიშჩევი არეზად, მუნით წარგზავნა ღენერალი კიტლარევცკი ძლიერითა მხედრობითა შაჰზადა აბაზ-მირზასა ზედა, მუნ დაესხა კიტლარევცკი ღამით უეცრად სპარსთა ასლანდუზ მყოფთა და სძლო მათ, ვინადგან სპარსნი დანდობილ იყვნენ ლაპარაკსა რტიშჩევის შერიგებისას, და მუნით წარგზავნა ლანქარანსა ზედა. მუნ იყო სანგარი, სადაცა იდგა მცირე მხედრობა სპარსთა, რომელიც შეებნენ და მოუხდათ ომი და დაიკოდა თჳთონ იარანალი კიტლარევცკი პირში საშინლად და ოცდაათამდი აფიცარი მოკუდა და დაიკოდა და ათასი სალდათი მოკუდა, გარნა უკანასკნელ აღიღეს რუსთა სანგარი იგი. შემდგომად ჰყვეს პაემანითა ზავი რუსთა და სპარსთა და წარუგზავნეს სპარსთა რუსეთისა კარსა ელჩი თვისი აბულ-ასან-ხან შირაზელი.

ოდეს წავიდა რა ალექსანდრე ფშავსა, უკანა გაეკიდნენ ღენერალნი სიმონოვიჩი და სტალი ძლიერითა მხედრობითა, აღვიდნენ ფშავს, მით რამეთუ ფშავნი არა წინა აღუდგნენ და თუშებითურთ გარდაუძვღნენ მხედრობათა რუსთასა ხევსურეთს და წარატყვენვინეს ვიდრე კისტანადმდე. ხევსურთა ვერა იკადრეს ბრძოლა მათი, ვინათგან სოფელთა და სოფელთა აქუნდათ ურთიერთარს მტერობაჲ. ოდეს დაბრუნდა მუნით რუსთა მხედრობა, მოასწრეს წყალ-წყულში ხევსურთა, იძლივნენ რუსნი და მოკუდა უმრავლეს ხუთასისა და დასჭრეს მუნ ყაფლანიშვილი ყაფლან, მაიორი.

მოიწია რა რტიშჩევი ტფილისად, მოინდო ფიცით კახნი თავადნი და გლეხნი და მოენდვნენ, ვინათგან რტიშჩევი ჩემობდა მლოცაობასა და ესე ვერა სცნეს ცუდმორწმუნეთა მათ, რომელ მგელი ესე მოსილ იყო ტყავითა ცხოვართათა და აღსავსე ყოვლითა სიდრკუითა და სიცრუითა.

შეიპყრნა მან მრავალნი თავადნი, აზნაურნი, სამღუდელონი და გლეხნი და წარგზავნნა ციმბირად, და ვიეთნიმე უბრალონიცა მრავალნი მოკლნა მით, რამეთუ წინადღეს ყანდაარელი გოგია მოაკვლევინა წკეპლითა და მეორესა დღესა, ოდეს სცნა უბრალოება მისი, მიუტევა დანაშაული თვისი; და მოკლედ ვსთქვა, კაცი ესე იყო ფრიად მოქრთამე - ვინცა მისცემდის ქრთამსა, გაუშვებდის, და ვინცა არა - წარგზავნიდის ციბირსა; და გარდა ამისსა იყო შტერცა.

გაგზავნა ამან, მეორემან შაჰ-აბაზ, იანარალი ყაფლანიშვილი დიმიტრი კახეთს და გარდააწვევინა კახეთი და მრავალი აღიღო ჯარიმა, თუმცა ჴელმწიფემან მოიღო მოწყალება და უკანვე მიცემა ბრძანა წანართმევისა, გარნა რტიშჩევმან ამან, სიმონოვიჩმა და დიმიტრი ყაფლანიშვილმან გაიყვეს წანართმევი ესე თეთრი და არწმუნეს კარსა რუსეთისასა უკუნ ზღუევა წანართმევისა სიცრუით.

გამოსცვალეს რტიშჩევი და წარგზავნეს იარანალი ერმალოვი. კაცი ესე არა იყო უგუნურ, არამედ იყო ქუეგან მხილველ, ქუებუდან, მცბიერ და ფიცხელ; ესე წარვიდა რუსეთისა კარისაგან ელჩად ყაენისა ბაბა-ხანისა წინაშე და მუნით მოვიდა რა ტფილისს, შემოარღვია ამან ზღუდენი ტფილისისანი, და რაოდენნი ნაწილნი ციხენიცა დააქცია და გარდა ამისა, მოჰყვა ნგრევასა ტფილისისასა, რათა აღაშენოს მან პლანითა. ამას ზედა ფრიად ურვეულ იქმნენ და შეჭირვებულ ტფილისსა შინა მცხოვრებნი.

ამან წარგზავნა მაღლა მდოვლეთსა ზედა ერისთავის შვილი გიორგი ირანალი სამასითა რუსითა, ერთითა ზარბაზნითა და ათასადმდე ქართველითა. მიიწივნენ რა ტბასა მაღლა მდოვლეთისასა, ეკუეთნენ მუნ ოსნი, იძლივნენ მუნ რუს-ქართველნი და მოკუდა მუნ უმეტეს ას ორმეოცისა რუსი და სამასადმდე ქართველნი და მიუღეს ოვსთა ზარბაზანი, რომელიცა დაახსნევინეს უკანვე სამოც თუმნად თეთრს ფულად.

გამოსცვალეს რუსთა ექსარხოზი ვარლაამ ერისთვის ძე, რომელიცა ნაცვლად კათალიკოზის ანტონისა წარეგზავნათ განკარგვისათვის ეკლესიურთა საქმეთასა, გარნა იხილეს რა რუსთა უღვწელობაჲ და უვარგებლობა მისი ყოველსა შინა საქმესა, გამოსცვალეს იგი და მიიყვანეს როსიად და ნაცვლად მისსა წარგზავნეს არხიეპისკოპოსი რეზანისა თეოჶილაკტე, კაცი მეცნიერ და ჶილოსოფოსი და გამოჩენილი სწავლასა და სიბრძნესა შინა ყოველსა ევროპასა.

ხოლო წელსა ჩყუჱ-სა [1818], იარანალი ერმოლოვი შევიდა ჩაჩანსა შინა ქერა ვერა რაჲ ჰყო მუნ, მით რამეთუ შეებნენ ჩაჩნელნი მჴნედ და მოკლეს მრავალნი კაცნი და მუნით გამოსულმან აღაშენა საზღვარსა ზედა მათსა ციხეჲ მცირე და უწოდა საჴელად გროზნა ესე იგი მემუქარე.

და ვინათგან სწადდათ ლეკთა გამოდევნა შამხალისა ამისთვის წარვიდა საშველად, მივიდა ანდრიას და თარღუს, დაჰყო რა მუნ მცირედი ჟამი, წარემართა დაღისტანზედ და შევიდა მამულთა სულთან აჰმად-ხანისათა და მოწვა რაოდენი სოფელნი ლეკთანი თვინიერ ყოვლისა საგანისა. მას ჟამსა შეკრბენ ლეკნი, უყვეს მას ბრძოლა, იძლივნენ რუსნი და დაჰკარგეს უმეტეს ათასისა კაცისა და წამოვიდა ერმოლოვი უკან და გადავიდა თვით ტფილისს.

ამავე წელსა წარავლინეს სპარსთა ევროპასა შინა კარსა კეისრისასა ფრანცუზისა და ლონდონისასა, სპარსი მირზა აბულ-ასლან-ხან და კარსა რუსეთისასა მამად-ასან-ხან ავშარი. ამა უკანასკნელსა წარატანა ყაენმან რუსეთის იმპერატორისათვის რაოდენნიმე შვენიერნი ცხენნი და სთხოვა რუსეთის კარსა, რათა მემკვიდრედ სპარსეთისა შემდგომად ბაბა-ხანისა აღსარებულ იქმნეს მემკვიდრედ ძე მისი აბაზ.

ხოლო ვინათგან კაცთა საქართველოსა იწყეს ლტოლვა ციბირით და განივლტნენ შამშადილის აღალარნი ალი-ყული-ბეგ, ალაიარ-ბეგ და სხვანი ბუხარადმდე და მუნით სპარსეთად, ამისათვის რუსთა განუტევეს სიბირით ყოველნი ქართველნი თავეთთა სახლთა შინა, გარნა რომელნიმე დაშთეს მუნვე.