თუშის ქალს ალავერდობაში

თუშის ქალს ალავერდობაში
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ერთიც დაჰკივლე თუშურად,
ქარს შეუერთდი ქარშივე,
ფრთაგატყორცნილი არწივი
ფრენაში გაიკავშირე.
პირანთებული ჰშვენოდი,
გადაქნეული ხმალივით,
შავთმაჩაშლილი ქალწული
მოჰქროდი ქარიშხალივით.
ქვაბების ნაორთქლარ ნისლში
ღრეობდა თუშთა ყრილობა,
ქუსლამოკრული ქურანი
მიჰქროდა ნიავქარული;
შენი მხედრობა მიყვარდა
და შენი თავდახრილობა,
შენი მოხედვა, ხოხობო,
და სიკისკასე ქალური.
ხვალ ყველა დაგაშაირებს
ალვანს, ბახტრიონს, თიანეთს,
ერთმუხლად გამოშვებული
ცხენი რომ გააფრთიანე.
და თითქოს მოსწყდი მიწიდან,
ჰქროდი ხმელეთის გარესა,
სიგრძე და განი სად იყო,
სულ იქროლებდი ზღვათამდე;
გინდოდა ცხენის ქროლაში
გასწრება ნიავქარისა,
ვარსკვლავიანი ღრუბლები
თითქოს შენს სახეს ჰხატავდნენ...
შორს შავარდენი მოგდევდა,
შენი გმირობის მაყარი,
შენი კბილივით ელავდნენ
მთები რთვილგადანაყარი.
ვისკენ მიჰქროდი, საითკენ,
სივრცეში შეუხედარი,
ვის მისძახოდა შენი ხმა,
ვინ იყო შენი მხედარი? ―
შენს სიყრმის დილას მისდევდი,
შენს ტურფა ყმაწვილქალობას,
შენს დაშუქებულ მომავალს,
ხვედრით რომ დაიმსახურე
და ხმოვანებით ციური,
ვით იდუმალი გალობა,
ჯირითის ქარში, მესმოდა,
ჟღეროდა შენი საყურე.
ჩემს სიჭაბუკეს მიჰგავდი,
ჩემს აღტაცებულ ოცნებას,
ჩემს ღელვას ჰგვანდა გაქროლვა
და შენი დაცხენოსნება!
გავა დრო, განა შემხვდება
კიდევ მე შენი ყურება?
სხვა გაზაფხულის წვიმები
მწვერვალებს დაეწურება.
სხვა იჯირითებს, სხვა იმღერს
სხვა მზეში ნაზიარები...
ისევ დარეკავს მთებიდან
მიმინოს ოქროს ზარები...

რესურსები ინტერნეტში

edit