ივანე ჯავახიშვილისადმი

ივანე ჯავახიშვილისადმი
ავტორი: ლადო ასათიანი
1941 წელი


როცა წარსულის სიღრმისაკენ ეტრატით ხელში
შებრუნდებოდი და შუქს ჰფენდი, როგორც მთოვარე,
მაგონდებოდა მე მშვენება ვახტანგ მეექვსის,
სამეფო კვერთხით სამეუფო ტახტზე მჯდომარე.
როგორც მლოცველი, მზედალეულ ლანდთა მხილველი,
ძველს ქართულს სიტყვას მოუხმობდი, აბატონებდი,
და ნათლდებოდნენ შენს თვალებში გასაკვირვებლად
ქართლის ცხოვრების ფერწასული კაბადონები.
ფოთლისა გვარად ცახცახებდა ფურცელი ძველი,
რომ გაცოცხლება შენს ბაგეთა შიგან ეღირსა:
ხან პატივაყრილ ქრისტეანთა ცრემლები მწველი
და ხან ჭიხვინი გამხეცებულ თემურლენგისა.
ვით ჯადოკაცი, უხსოვარი დროის უბეში
შეიჭრებოდი, რომ იქიდან გამოგეტანა
პერგამენტივით დახვეული ფიქრის ღრუბელი
და შემდეგ მაინც „კი მაგრამა“ გეთქვა ნეტარად.
დახავსებული პალატები ერთხმად ამღერდნენ,
ოდეს უტყვ სულში ჩასწვდათ შენი ხმა უვნებელი,
ნათელო კაცო, სიკვდილის ფრთა ვერ დაგაბნელებს,
შენ საქართველოს ისტორიის ხარ რჯულმდებელი!
ნათელო კაცო, თუმც განხვედი და განისვენე,
შენი ჭაღარა ძველებურად ისევ კაშკაშებს,
ისევ კაშკაშებს და წიგნისკენ უხმობს ისევე
შავულვაშიან და შავგვრემან ქართველ ვაჟკაცებს.
როცა წარსულის სიღრმისაკენ ეტრატით ხელში
შებრუნდებოდი და შუქს ჰფენდი, როგორც მთოვარე,
მაგონდებოდა მე მშვენება ვახტანგ მეექვსის,
სამეფო კვერთხით სამეუფო ტახტზე მჯდომარე.