იმღერე, მუზავ, გევედრები, კიდევ იმღერე
იმღერე, მუზავ, გევედრები, კიდევ იმღერე ავტორი: ნოე ჩხიკვაძე |
იმღერე, მუზავ, გევედრები, კიდევ იმღერე
ჩემის ბედის და უბედობის საგალობელი,
ამ წუთისოფლად ერთი მყავხარ შენ მწყალობელი, -
შენ ჩემს სევდაში დაიბადე და დაიფერე.
ბედნიერება, ნეტარება ჩვენ არ ვიცოდით,
მხოლოდ გვეჭირა სინათლისკენ გზა სისწორისა,
გულს გვიმხნევებდა ხმა-მედგარი ჩანგი ბრძოლისა
და მხნე ლექსებით, მამაც რწმენით მარად ვიბრძოდით!
დღეს-კი დავსუსტდი, ბედთან ბრძოლა არ შემიძლია,
თითქოს მეტია ამ ცრუ სოფლად რაც გამიძლია,
ისე ვარ ახლა უნუგეშო, სასომიხდილი;
ვატყობ: ილევა გულში სევდა, სულში ნაღველი, -
იმღერე რამე!.. აღსასრულის გამომსახველი.
ჟანგიან ცელით მიკაკუნებს კარზე სიკვდილი!